სიახლეები

გია ნოდია: რატომ უნდა აღმოვჩნდეთ რუსეთთან ერთად?! – აი, ეს იწვევს ჩემს შეშფოთებას

14.06.2016 • 1511
გია ნოდია: რატომ უნდა აღმოვჩნდეთ რუსეთთან ერთად?! – აი, ეს იწვევს ჩემს შეშფოთებას

10 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკლესიის დელეგაცია მართლმადიდებელ ეკლესიათა მსოფლიო კრებას არ დაესწრება.

„ის, რომ კრეტაზე არ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანმა ეკლესიამ და მათ შორის რუსეთმა, არის მართლმადიდებლური სამყაროს შიგნით სქიზმის ანუ გაყოფის საფრთხე. სწორედ ამ საფრთხის და ფაქტობრივი გაყოფის ფონზე, ჩვენ რატომ უნდა აღმოვჩნდეთ რუსეთთან ერთად?! – აი, ეს იწვევს ჩემს შეშფოთებას“ – ამბობს მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე, გია ნოდია. მან 14 ივნისს „ბათუმელების“ შეკითხვას უპასუხა სინოდის გადაწყვეტილების შესახებ.

„მე ნამდვილად არ ვარ ეკლესიოლოგიის სპეციალისტი, მე ვიცი ის, რომ საუკუნეების შემდეგ არის საეკლესიო კრების მოწვევის და მართლმადიდებლურ სამყაროში დაგროვილი საკითხების გადაწყვეტის მცდელობა. ვიცი, რომ ეს კრება, შეიძლება ფორმალურად არ ჩაიშალა [შეიძლება მაინც ჩატარდეს], მაგრამ რეალურად ჩაიშალა იმ თვალსაზრისით, რომ გამაერთიანებელი გადაწყვეტილება დაგროვილი განსხვავებების ნიველირება თუ გაუქმება/გადაწყვეტა არ შედგება. ეს თავისთავად ნეგატიურია მართლმადიდებლური სამყაროსთვის.

მეორე, რაც შეიძლება საეკლესიო გეო-პოლიტიკად მოვნათლოთ და რასაც ყველაზე მეტად მიექცა ყურადღება, არის ის, რომ საქართველოს ეკლესია აღმოჩნდა, არა უბრალოდ იმ ეკლესიათა შორის, რომლებმაც რაღაც მიზეზით გადაწყვიტეს არ წასულიყვნენ კრეტაზე, არამედ ის აღმოჩნდა რაღაც ჯგუფში, რომლის დეფაქტო ხელმძღვანელიც არის რუსეთის ეკლესია, რაც ჩემი აზრით არ არის არანაირად გამართლებული.

რუსეთის ეკლესიას რომ ჰქონდა კრეტის კრების ჩაშლის მოტივაცია, ეს გასაგებია – მას აქვს მესამე რომად ქცევის პრეტენზია და ამბიცია. ამიტომ რუსეთის ეკლესიას არ მოსწონს, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი იწვევს კრებას და ის არის, ასე ვთქცათ, მართლმადიდებლური სამყაროს, თუ ლიდერი არა, ყოველ შემთხვევაში წინამძღოლი. რუსეთს უნდა, რომ ეს ინიციატივა თავის თავზე აიღოს და ის იქცეს მართლმადიდებლური სამყაროს წინამძღოლად. რუსეთის ეს პოზიცია გასაგებია, მაგრამ ჩვენი ეკლესიის მოტივაცია გაუგებარია – რატომ უნდა აღმოჩნდეს ჩვენი ეკლესია იმ ჯგუფში, რომლის ფაქტობრივი ხელმძღვანელი არის რუსეთის ეკლესია?! სწორედ ეს არის შემაშფოთებელი საქართველოს ეკლესიის მოტივაციის და პოზიციის ახსნისას“ – განაცხადა გია ნოდიამ „ბათუმელებთან.“

თეოლოგებმა, 9 ივნისს, გაავრცელეს ღია წერილი, სადაც მართმადიდებელი ეკლესიის სინოდს მიმართეს, რომ დასწრებოდნენ წმინდა და დიდ კრებას, რომელიც 16-27 ივნისს კუნძულ კრეტაზე, საბერძნეთში უნდა გაიმართოს

გადაბეჭდვის წესი