სიახლეები

ვარდიჭალა მარადიდია თუ კირნათი?

14.06.2016 • 2988
ვარდიჭალა მარადიდია თუ კირნათი?

ავტორი: იაშა დიასამიძე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი

სოფელი მარადიდი, ძველი ისტორიული სოფელი, მდებარეობს ჭოროხის ხეობის მარცხენა სანაპიროზე, ქალაქ ბათუმიდან ოცდაექვსი კილომეტრის დაშორებით. ამ სოფლის ნახევარი ზედა მარადიდი მურათლის სახელწოდებით თურქეთის შემადგენლობაშია. ზედა მარადიდს ეკვრის დაბლობი, რომელიც ვარდიჭალის სახელს ატარებს. ქვედა მარადიდი ვარდიჭალის 15 ჰექტარ  მიწასთან ერთად საქართველოს შემადგენლობაშია. წინათ ვარდიჭალის  დაახლოებით  15 ჰექტარი მიწის ფართობი ჭოროხის კალა­პოტს წარმოადგენდა და ითვლებოდა ნეიტრალურ ზონად. ნეიტრალურ ზონაში შესვლა და გადაადგილება საზოგადოდ, აკრძალული იყო. ამ ზონაში მოხვედრა შეიძლებოდა მხოლოდ სპეციალური ნებართვით, ისიც სასაზღვრო დაცვის ჯარისკაცის თანხლებით. მაის-ივნისის თვეში თოვლის დნობით ადიდებული მდინარე ჭოროხი ვარდიჭალის დასახელებულ მიწის ნაკვეთს ხშირად წყლით  ფარავდა.

გასული საუკუნის 70-იან წლებში ზედა მარადიდში, ე.ი. თურქეთის ტერიტორიაზე, მდინარე ჭოროხზე დამბების მშე­ნებ­ლო­ბის გამო მდინარემ ძველი კალაპოტი შეიცვალა, გადანაცვლდა უფრო მარჯვენა მხარეს და მისი კალაპოტით შექმნა დაახლოებით 15 ჰექტარი მიწა. მიწის ეს ნაკვეთი იქცა ქვედა მარადიდისა და ზედა მარადიდის შემაერთებელ დაბლობად. მასზე თვითნებურად აღმო­ცენდა მურყანის ტყე და 25-30 წლის  განმავლობაში ბუნებრივად იზრდებოდა. რადგან ეს ტყე  ხეების სიმაღლით და ხეების  სიმსხოთი ერთი ზომისა იყო, ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. ამიტომაც მისი ნახვა თვალს, სულსა და გულს ყოველთვის ახარებდა. ქვედა მარადიდის დაბლობში მცხოვრებლები მიწის ამ ნაკვეთს ძროხების საძოვრად იყენებდნენ და ახლაც იყენებენ. ეს ტერიტორია კვლავ ნეიტრა­ლურ ზონად რჩება და ამიტომაც მიწის ამ ნაკვეთზე თავისუფალი მიმოს­ვლა ახლაც გარკვეულნაირად იზღუდება. ხშირად საქონელი ამ ტყეში საბალახოდ კვირაობითაც რჩე­ბა. იყო შემთხვე­ვები, როცა ზედა მარადიდლებს ქვედა მარადიდლები ტელე­ფონით უკავშირდე­ბოდნენ და თხოვდნენ საქონელის ქვედა მარადი­დი­საკენ გადმორეკვას. ისინი ქვედა მარადიდლების ამ თხოვნას ყოველთვის ასრულებ­დნენ. არასოდეს ყოფილა  საქონლის დაკარ­გვის შემთხვევა.

ჰესი, რომელსაც აჭარენერჯი აშენებს. ფოთო: იაშა დიასამიძე

ჰესი, რომელსაც აჭარენერჯი აშენებს. ფოტო: იაშა დიასამიძე

საქართველოსა და თურქეთის მთავრობათა შეთანხმებით მარადიდის ტერი­ტო­რი­აზე თურქულმა ფირმამ აჭარენერჯიმ დაიწო 50 მეგავატის სიმძლავრის ჰესის მშენებლობა. ბოლო შეთანხმებით გადა­წყვეტილია 15 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობა (ადრე სიმაღლე იყო 11 მეტრი).  უნდა შეიქმნას წყალსაცავი რომელიც ტბორავს ქვედა მარადიდის თითქმის მთელ დაბ­ლობს და ვარდი­ჭალის 15 ჰექტარ მიწის ფართობსაც. მარადიდელთა ძველი სასაფლაოდან გადა­სა­ტანია 200-მდე საფლავი (აღვნიშნავ, რომ მარტო დიასამიძეთა საგვარეულოს  11 საფლავია გადასა­ტანი). დაბლობში მცხოვრებ ბევრ მარადიდელს უწევს საკუთარი სახლების დატოვება დაბლობის დატ­ბორ­ვის გამო.

გამოდის, რომ ყველაზე დიდი ზიანი ადგება ძველ ისტორიულ სოფელ მარადიდს და მის მაცხოვ­რებლებს. იწყება სოფლის დაცარიელება, რადგან ბევრმა მისმა მაცხოვრებელმა, მიწების კომპენსაციის თანხებით, უკვე  ხელვაჩაურში ან კიდევ ბათუმში შეიძინა მიწები და ბინები. აუტანელი ხდება ისედაც ნესტიან სოფელში ცხოვრება, სინესტის მატების გამო. კერძოდ, როცა ჭოროხის წყალი გადაკეტილია, განსაკუთ­რებით დილ­დილაობით ხეობაში ჩამოწოლილია ნისლი და ჭოროხის ხეობასთან ახლომდე­ბარე სახ­ლები ნისლი­თაა დაფარული.  სოფელს ორჯერ გადაუარა ქარბორბალამ და რამდენიმე სახლს სახურა­ვიც გადახადა.

კომპენსაციის მიღების მიზნით, რამდენიმე კირნათელმა, სხვადასხვა გზით, სასწრაფოდ შეძლო საჯარო რეესტრში ვარდიჭალის 13 ჰექტრზე მეტი ახლად წარმოქმნილი მიწის ფართის საკუთარ მფლობე­ლობა­ში გაფორ­მება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რამდენიმე მარადიდელსაც ხვდა წილად  ბედნი­ერება საჯარო რეესტრში საკუთარ მფლობელობაში დაერეგისტრირებინა 1 ჰექტარზე ცოტა მეტი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი.

აჭარენერჯის ხელმძღვანელობის მიერ შეტანილი სასარჩელო მოთხოვნის შემდეგ ვარდიჭალაში მიწის ყველა ახალ მფლობელებს მიწის საკუთრება გაუუქმდათ. ვარდიჭალაში მიწის ახალმა მფლო­ბელებმა, მიწის მათ საკუთრებაში ყოფნის დროს, მოასწრეს მურყნის ტყის მთლიანად გაჩეხვა.

სოფელ მარადიდის მაცხოვრებლები, იმ მცირე გამონაკლისის გარდა, რომელთაც ადრე დარეგის­ტრი­რებული ჰქონდათ მიწის ნაკვეთები ვარდიჭალაში, რომელთა ეს საკუთრება ახლა გაუქმებულია, თვლიან: რადგან აღნიშნული მიწა იყო მდინარე ჭოროხის კალა­პოტი და ჰესის მშენებლობის გამო ზიანდება მხოლოდ სოფელი მარადიდის მაცხოვრებლები, ამიტომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის კომპენსაცია თანაბრად უნდა გაიცეს მხოლოდ მარადიდის მაცხოვრებ­ლებზე.

ამ სახლების ნაწილი უნდა დაიტბოროს. აქვეა სასაფლაოებიც. ფორო: იაშა დიასამიძე

ამ სახლების ნაწილი უნდა დაიტბოროს. აქვეა სასაფლაოებიც. ფოტო: იაშა დიასამიძე

ხალხში მუსირებს აზრი, რომ აჭარენერჯის ხელმძღვანელობაც იზიარებს აზრს, მარადიდის მაცხოვ­რებელებზე კომპენსაციის თანაბრად განაწილების შესახებ. არ მალავენ იმ აზრსაც, რომ მანამდე არ დათანხმდებიან მათი წინაპრების საფლავების გადატანას, სანამ ბოლომდე სამართლიანად არ გადაწყდება კომპენსაციის გაცემაის პრობლემა.

ჩვენ, სოფელ მარადიდის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად, შევხდით ხელვაჩა­ურის რაი­ონის გამგებელს თხოვნით, მხარი არ დაეჭირა კირნათლებზე კომპენსაციის უკანონო გაცემაზე. მიუხე­დავად იმისა, რომ ხელვაჩა­ურის რაიონის გამგებელი, ფლობდა ინფორ­მაციას ვარდიჭალის ყველა მიწისმფლო­ბელთა საკუთრების გაუქმე­ბის შესახებ, რატომ­ღაც, მან ცალსახად დაუჭირა მხარი კომპენ­საციის გაცემას ვარდიჭალაში მიწის ფართის უკანონო მფლობე­ლებზე. შეხვედრის დროს პირიქით, ჩვენ დაგვისვა შეკითხვა „რატომ თქვენ არ გინდათ ზოგიერთები გამდიდრდესო?“ ხომ საინტერესო მიდგომაა! არაფერში დაზარალებულებს, ყველფერი, ნამდვილ დაზარა­ლე­ბულებს კი მიზერული. ისმის კითხვა: რითაა მისი ეს ქმედება გამოწვეული? ალბათ მას ამაზე სწორი და სამართლიანი პასუხი აქვს და შეძლებს მის სამართლიან მიდგომაში იმ პირთა დარწმუნებას, რომელთაც მისგან განსხვა­ვებული აზრი გააჩნიათ.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარადიდიდის წარმომაგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ისინი საკითხს ისე გადაწყვეტენ, როგორც ამას მარადიდის მაცხოვრებლები მოითხოვენ. ისმის კითხვა: ეს შემთვევით საარჩევნო დაპირება ხომ არაა? თუ ეს ასე არ არის! საკითხი სწრაფად  უნდა მოგვარდეს, რათა დროუ­ლად ბოლო მოეღოს ჰესის მშენებლობის ადგილას ვარდიჭალაში მიწის ძველი მფლო­ბელების მიერ მოწყო­ბი­ლი აქციებს.

და ბოლოს, ისმის კითხვა: რატომ მარადიდის ტერიტორიაზე მშენებარე ჰესს ჰქვია კირნათის ჰესი? მარადიდლებს მიაჩნიათ, რომ მშენებარე ჰესის სახელის ასეთი შერჩევა გაკეთებულია ან დაუფიქ­რებლად ან მიზან­მიმართულად. კერძოდ მარადიდის დაცარიელების შემთხვევაში, ისტორიიდან და რუკიდანაც უნდა გაქრეს ისტორიული სოფელი მარადიდის სახელი. ზედა მარადიდს ხომ ჰქვია მურათლი, იქნებ ქვედა მარადიდსაც ვუწოდოთ მურათლი? მაშინ ხომ არავინ გაიხსენებს, რომ სოფელ მარადიდში 130 წლის წინათ, 1886 წელს გაიხსნა პირველი ქართული სკოლა!

ბევრი მარადიდელი ფიქრობს, რომ იგი არ დათანხმდება მათი საგვარეულო საფლავების გადა­ტანას მანამდე, სანამ მარადიდის ტერიტორიაზე აშენებულ ჰესს არ დაერქმევა ისტორიული სოფელის მარადიდის სახელი. რანაირადაც ძნელი არ უნდა იყოს მშენებარე ჰესისათვის სახელის გადარქმევა, მთავრობამ უნდა იზრუნოს ჰესის სახელის შეცვლაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აჭარენერჯის კომპა­ნიას შეიძლება შეექმნას პრობლემები ჰესის მშენებ­ლობის საქმეში.

გადაბეჭდვის წესი