ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი გარდაიცვალა

დღეს, 14 ივლისს, ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, 42-43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, მძღოლი შეუძლოდ გახდა, მანქანა გააჩერა [მახვილაურის გადასახვევთან] და ძირს ჩავიდა. მგზავრებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ ადგილზე მისულ ბრიგადას მძღოლი გარდაცვლილი დახვდა. თვითმხილველების თქმით, გზაზე, მაშინ როცა მძღოლი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, სხვა სასწარაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ ჩამოიარა, მოქალაქეებმა მისი გაჩერება სცადეს, თუმცა აღნიშნულმა ბრიგადამ მძღოლს იმ მიზეზით არ გაუწია დახმარება, რომ სხვა გამოძახებაზე მიდიოდა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში ადასტურებენ, რომ გამოძახებული ბრიგადის მისვლამდე, შემთხვევის ადგილზე სხვა ბრიგადამ ჩაიარა:

„სასწრაფოს ბრიგადა ამ გამოძახებაზე გამოსული იყო ქალაქ ბათუმიდან. ამ გზაზე მეორე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მიდიოდა სოფელ სატეხიაში, მშობიარესთან, რომელსაც სანაყოფე წყლები დაღვრილი ჰქონდა და რა თქმა უნდა გარბოდნენ. შემდეგ ოპერატორმა რაციით გამოიძახა თავისუფალი და უახლოესი ბრიგადა, რომელიც იყო სწორედ ეს ქალაქიდან გასული ბრიგადა. მივიდა ზუსტად ექვს  წუთში გამოძახებიდან, მაგრამ სამწუხაროდ სამარშრუტო ტაქსის მძღოლი გარდაცვლილი დახვდათ“, – განაცხადეს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში. მათივე თქმით, გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის.

„ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში ისიც უთხრეს, რომ გამოძახებაზე გასულმა ბრიგადამ, რომელიც გზად რაიმე უბედურ შემთხვევას ან ავარიას შეხვდება, უნდა გააჩეროს და დახმარება გაუწიოს საჭიროების მქონე პირებს. ხოლო თავისი გამოძახება გადასცეს სხვა ბრიგადას: „თუმცა, შესაძლებელია, შეუმჩნეველი დარჩეს ექიმისთვის და მძღოლისთვის ქუჩაში პიროვნების ცუდად გახდომის ფაქტი, რის გამოც არ გაუჩეროს მანქანა“.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 115-ე მუხლით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით.

სად ისვენებენ ქართველები უცხოეთში – რჩევები დამწყები მოგზაურებისათვის

თურქეთი, ეგვიპტე, ჩეხეთი, უნგრეთი, ესპანეთი – „ბათუმელების“ მიერ გამოკითხული ტურისტული სააგენტოების ინფორმაციით, ყველაზე ხშირად ქართველი დამსვენებლები ამ ქვეყნებს ანიჭებენ უპირატესობას. არჩევანს ძირითადად ფასი და შედარებით ლიბერალური სავიზო რეჟიმი განაპირობებს. ამ სეზონზე ერთ-ერთი ყველაზე იაფი და პოპულარული კურორტი ანტალიაა, სადაც დასვენების ფასი საშუალოდ 300 დოლარიდან იწყება. თუმცა ბოლო დროს საქართველოს ბევრი მოქალაქე, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ტურისტული სააგენტოების გარეშეც გეგმავენ საზღვარგარეთ მოგზაურობას.

24 წლის ნათია დემეტრაშვილი ქართველი ბლოგერია, რომელსაც ძალიან უყვარს მოგზაურობა და მოგზაურობის შესახებ საკუთარ ბლოგზეც ხშირად წერს. როგორც მან „ბათუმელებს“ უთხრა, პირველად საზღვარგარეთ სამოგზაუროდ თურქეთში იმყოფებოდა: „ახლოსაა, იაფი ჯდება და უფრო მეტად ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა“, თუმცა შემდეგ ევროპისკენ აიღო გეზი და ცდილობს მაქსიმალურად ბევრი ქვეყანა და ადგილი მოინახულოს.

როგორც სხვადასხვა ტურისტული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, ნათიას მსგავსად ქართველი დამსვენებლების უმრავლესობა თურქეთს ირჩევს. როგორც ტურისტულ სააგენტო „ევრო ტურში“ ამბობენ, მათი მომხმარებლების უმეტესობა საზაფხულო კურორტებს შორის ანტალიას ნიჭებს უპირატესობას მომსხურების მაღალი ხარისხისა და დაბალი ფასის გამო: „ჩვენთან შედარებით ცა და დედამიწაა“, – აღნიშნავენ განსხვავების შესახებ „ევრო ტურში“. გარდა ამისა, ტურისტულ სააგენტოებში ამბობენ, რომ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა თურქეთს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ქართველი დამსვენებლებისთვის.

შემდეგი ქვეყანა, რომელსაც ქართველი დამსვენებლები ყველაზე ხშირად ირჩევენ – ეგვიპტეა. ტურები ეგვიპტეშიც შედარებით დაბალი ფასებით გამოირჩევა. ტურისტულ სააგნეტო „კალიფსო ტურში“ ამბობენ, რომ ეგვიპტე ზამთრის სეზონზეც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა, თუმცა ახლა, როდესაც ტემპერატურა ძალიან მაღალია ეგვიპტეში, მსურველები არჩევანს ძირითადად მაინც ანტალიაზე ან თურქეთის სხვა რეგიონებზე აკეთებენ.

კიდევ ერთი ტურისტული სააგნეტო – „აი ემ ჯორჯიაში“ კი ამბობენ, რომ ეგვიპტე, მართალია, კვლავ ტოპმოთხოვნად უცხოურ ტურებშია, მაგრამ ბოლო წლებში უფრო ნაკლები დამსვენებელი ირჩევს მას, „ეგვიპტეში განვითარებული მოვლენების გამო, მოგეხსენებათ ხალხს მაინც ეშინია უკვე იქ წასვლა“, – ამბობენ „აი ემ ჯორჯიაში“.

ნათია დემეტრაშვილი ამბობს, რომ მათთვის, ვისაც ზღვის სანაპიროზე ურჩევნია დასვენება, ცოტა უფრო მეტის გადახდა და ევროპაში წასვლა საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა: „ბარსელონაში, მაგალითად. მშვენიერი ადგილია ზღვისთვის, გასართობად და პლუს ამას იაფიცაა. ცოტათი ძვირი დაჯდება ანტალიაზე, თუმცა, ზღვის გარდა არქიტექტურის შედევრებს იხილავენ“.

ტურისტულ სააგენტოებში ადასტურებენ, რომ სწორედ ესპანეთის სანაპიროებს ერგოთ მესამე ადგილი ზაფხულის მოთხოვნად ტურებს შორის საქართველოში. სახელდება ასევე საბერძნეთი და იტალიაც.

ნათია, რომელიც თავის ტურებს ყოველთვის თავად გეგმავს, ევროპაში მოგზაურობის მსურველებს რამდენიმე რჩევას აძლევს. მისი თქმით ვიდრე მოგზაურობას დაიწყებდა, თავადაც მიიჩნევდა, რომ მოგზაურობა ფუფუნება იყო, სინამდვილეში კი კარგი დაგეგმვის შემთხვევაში საშუალო შემოსავლის საქართველოს მოქალაქე შეძლებს წელიწადში ერთხელ მაინც მოუწყოს საკუთარ თავს ტური საზღვარგარეთ:

„ევროპაში ორჯერ ვიყავი. პირველ ჯერზე ოთხი ქვეყანა: ჰოლანდია, ჩეხეთი, გერმანია და ლატვია ვნახე, მეორე ჯერზე ორი ქვეყანა – ესპანეთი და იტალია. დაახლოებით ერთი და იგივე თანხა დამიჯდა – 1000 ევრო,“ – ამბობს ნათია. მისი თქმით, მოგზაურობისას ძირითადად ჰოსტელში ჩერდება ან „ეარბიენბიზე“ [airbnm.com – ვებგვერდი, სადაც ოთახის/ბინის პოვნა და დაჯავშნა შეიძლება მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ ქალაქში] დაჯავშნულ ბინაში ან ოთახში და არა სასტუმროში, რადგან სწორედ ასეთი ადგილებია იაფი, ხალხმრავალი და ახალგაზრდა მოგზაურისთვის მოსახერხებელი. ის ამბობს, რომ ჰოსტელში ცხოვრება პატარა, დამოუკიდებელი თავგადასავალია. კვების მხრივაც უპირატესობას მაღაზიებში შეძენილ პროდუქტებს ან „ფასთფუდს“ ანიჭებს – „გაცილებით იაფი ჯდება“.

„მოგზაურობას ყოველთვის თავად ვგეგმავ რამდენიმე თვით [3-4 თვით] ადრე. ვეძებ ყველაზე იაფიან ბილეთებს, ჰოსტელებს, შიდა გადაადგილებისთვის ტრანსპორტს. თავად ვჯავშნი ბილეთებსაც და ჰოსტელსაც. თავად ვავსებ სავიზო განაცხადს და ა.შ. ტურისტული სააგენტოსთვის არც ერთხელ არ მიმიმართავს. სრულიად შესაძლებელია წელიწადში ერთხელ მოგზაურობა მოუწყო საკუთარ თავს, მთავარია, სწორად შეარჩიო სამოგზაურო პერიოდი, შეისწავლო ავიაკომპანიებში ბილეთების ფასები, დაელოდო აქციებს და ნორმალურ ფასად შეძლებ ბილეთების შეძენას. და კიდევ საშუალოშემოსავლიან ადამიანს თუ არ ექნება პრეტენზია ხუთვარსკვლავიან სასტუმროზე და ასევე საშუალოშემოსავლიანით დაკმაყოფილდება – ყველაფერი გამოუვა“, – ამბობს ნათია.

ქართველ დამსვენებლებს ნათიას რჩევები შემოდგომა-ზამთრისთვის გამოადგებათ, რადგან როგორც ტურისტულ სააგენტოებში ამბობენ, სწორედ ამ სეზონებზეა ევროპის მიმართულებით ტურებზე მაღალი მოთხოვნა. თითქმის ყველა სააგენტოში, რომლებსაც „ბათუმელები“ დაუკავშირდა, ერთხმად აღნიშნეს, რომ ჩეხეთი ევროპულ ტურებში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. სააგენტოებში ამის მიზეზადაც ფასს ასახელებენ: „მაგალითად, 350 ევროდ ერთ ადამიანს შეუძლია სამი ქალაქი: პრაღა, ვენა და ბუდაპეშტი მოინახულოს ზამთარში“, – ამბობენ „ბლუ ბირდ თრეველში“.

ზამთარში ასევე დიდია მოთხოვნა უნგრეთისა და ავსტრიის მიმართულებითაც. როგორც ერთ-ერთ სააგენტოში თქვეს, ზამთარში ევროპის მიმართულებებზე ფასი იკლებს და სწორედ ამიტომ მოთხოვნა იზრდება. სამაგიეროდ, დუბაიში მოგზაურობა დამსვენებელს ყველაზე ძვირი დაუჯდება ზამთარშიც, თუმცა როგორც „ევრო ტურში“ ამბობენ, ქართველი დამსვენებლების დიდი ნაწილს ეს მაინც არ აშინებს.

რაც შეეხება იმ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებს, რომელსაც ევროპელები ირჩევენ, ონლაინგამოცემა europeanbestdesinations.com-ის მონაცემებით, ამ მიმართულებებში პირველ ხუთეულს ზადარი [სიდიდით მეხუთე ქალაქი ხორვატიაში], ათენი [საბერძნეთის დედაქალაქი], პლოვდივი [სიდიდით მეორე ქალაქი ბულგარეთში], ნანტი [ქალაქი საფრანგეთში] და აზორის კუნძულები [პორტუგალია, არქიპელაგი ატლანტის ოკეანეში] იკავებენ.

პოპულარული ინგლისურენოვანმა გამოცემა The Guardian-მა კი წლის დასაწყისში გამოაქვეყნა იმ ადგილების სია, სადაც მკითხველს მოგზაურობას ურჩევს. ამ სიის მიხედვით პირველ ხუთეულში ავსტრალიის რიფები, ბორდო [ქალაქი საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში], დუბლინი, რიო დე ჟანეირო და ინდოეთია. აღსანიშნავია რომ „გარდიანის“ 40 მიმართულებას შორის საქართველოც მოხვდა.

უსკომ კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი აირჩია

დღეს, 14 ივლისს, აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ კენჭი უყარა კომისიის მდივნობის მსურველ კანდიდატებს. თუმცა უსკოს ოფიციალურ ფესიბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელი, ექვსი ხმით, ზურაბ გოლიაძე აირჩია:

„უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივნის თანამდებობაზე კომისიის მუდმივმოქმედი სამი წევრი – ზურაბ გოლიაძე, სოფიო კახაძე და თორნიკე მჟავანაძე დასახელდა. კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი 6 ხმით ზურაბ გოლიაძე გახდა. სოფიო კახაძემ 5 ხმა მიიღო, თორნიკე მჟავანაძემ კი – 4. უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივნის ასარჩევად უსკოს 7 წევრის ხმაა საჭირო“, – ვკითხულობთ უსკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უსკოს რეგლამენტის თანახმად, კომისიის მდივანი:

  • ანაწილებს უსკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და უსკოს სახელზე შესულ კორესპონდენციას;
  • რეგისტრაციაში ატარებს უმაღლესი საბჭოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;
  • რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის/საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ უსკოში დანიშნულ დამკვირვებლებს, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა მიერ წარგზავნილ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;
  • განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;
  • უზრუნველყოფს კომისიის სხდომის მომზადებას;
  • ხელს აწერს კომისიის დადგენილებებსა და განკარგულებებს;
  • ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს;
  • ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდება.

პრეზიდენტმა უმაღლეს საბჭოს ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარუდგინა

დღეს, 14 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ზურაბ პატარაძე რწმუნებულად დანიშნა.

პრეზიდენტის განცხადებით, რწმუნებულის დანიშვნისთავანავე დაიწყო უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციები და ზურაბ პატარაძის კანდიდატურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დასამტკიცებლად უკვე წარდგენილია უმაღლეს საბჭოში.

ხაბაძის წასვლა განპირობებული იყო ინტენსიური საარჩევნო კამპანიით, რომელშიც არჩილ ხაბაძე აპირებს ჩაბმას. გუშინ მომმართეს განცხადებით, რომელიც მე დავაკმაყოფილე  და კონსტიტუციის შესაბამისად, აჭარაში მთავრობასთან კონსულტაციით, დავნიშნე პრეზიდენტის რწმუნებული“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღეს, 14 ივლისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში, პრეზიდენტთან კონსულტაციების შემდეგ, შეიკრიბა ბიუროს სხდომა და მთავრობის თავმჯდომარეობის  კანდიდატურა განსახილველად გადაეცა კომისიებსა და ფრაქციებს.

მერაბ ხალვაში თუ ანთაზ ქიქავა – რას გადაწყვეტს აკადემიური საბჭო

ორშაბათს, 18 ივლისს, გახდება ცნობილი ვინ დაიკავებს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორის პოსტს.

წელს რექტორის არჩევნებში  მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობს. გასულ წელს რექტორობის სურვილი 8 კანდიდატს ჰქონდა, თუმცა არჩევნები ვერ შედგა, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო აკადემიური საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობა, ამიტომ, გასულ წელსვე, მაისში, ბსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ჩატარდა, სადაც 5 კანდიდატი მონაწილეობდა, სწორედ ამ არჩევნების შედეგად აირჩია უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მერაბ ხალვაში.

წელს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ არჩევანი ან მერაბ ხალვაშზე უნდა შეაჩეროს, ან ანთაზ ქიქავაზე.

ანთაზ ქიქავა უნივერსიტეტში გეოგრაფიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. იგი 2004 წლიდან მუშაობს ბსუ-ში, მანამდე კი, ასლან აბაშიძის მმართველობის დროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე იყო.

მერაბ ხალვაში ამჟამად რექტორის მოვალეობის შემსრულებელია, გასულ წლებში იგი უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ბსუ-ს დოქტორანტურის, მაგისტრატურისა და რეზიდენტურის სამსახურის ხელმძღვანელი და ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

კენჭისყრა ფარულია. ხმას აკადემიური საბჭოს 11 წევრი აძლევს. გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც ხმათა უმრავლესობას მიიღებს. გამარჯვებული კანდიდატი ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იქნება ოთხი წლის მანძილზე.

თავად აკადემიური საბჭოს ის წევრები, რომლებიც რექტორს ირჩევენ, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტების მიერ არიან არჩეულნი.

აკადემიური საბჭოს წევრები არიან: მარინა აროშიძე [ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი], გურამ ჩაგანავა [სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი], ვაჟა ვერულიძე [ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი], მალხაზ ნაკაშიძე [იურიდიული ფაკულტეტი], რუსუდან ხუხუნაიშვილი [საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი], გული შერვაშიძე [განათლების ფაკულტეტი], თეიმურაზ ქიქავა [ტექნოლოგიური ფაკულტეტი], ანზორ დევაძე [ტურიზმის ფაკულტეტი], ზურაბ მიქელაძე [აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი], ზოია სიხარულიძე [ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი], თამილა ლომთათიძე [ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი].

აკადემიური საბჭოს წევრების უმრავლესობა ამბობს, რომ ჯერჯერობით კანდიდატების სამოქმედო გეგმებს ეცნობიან და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

აკადემიური საბჭოს წევრი რუსუდან ხუხუნაიშვილი კითხვაზე, გადაწყვეტილების მიღების დროს პროგრამის შინაარსს დაეყრდნობა თუ ამ ადამიანების გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს, ამბობს, რომ ჯამში ყველაფერი თამაშობს თავის როლს: „რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღებისას გავითვალისწინებთ ის უნარებს, რაც აქვთ ამ ადამიანებს,“ – ამბობს ის.

აკადემიური საბჭოს წევრი მარინა აროშიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, თუმცა წინასწარ ამაზე ვერ ისაუბრებს. იგი რექტორობის კანდიდატთა სამოქმედო გეგმაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ერთი კანდიდატის სამუშაო გეგმა არის ძალიან მოკლე, არ არის დაკონკრეტებული, ძალიან ზოგად ხასიათს ატარებს, მეორე არის საკმაოდ ვრცელი, მრავალმხრივ გაანალიზებულია საკითხები, არის „სვოტ ანალიზის“ პრინციპზე აგებული, ნაჩვენებია ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები… არა მხოლოდ მიზნებია ჩამოთვლილი – რას უნდა მივაღწიოთ, არამედ გზებიც არის, რა გზით უნდა მივაღწიოთ გაუმჯობესებას.“
მარინა აროშიძე ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მერაბ ხალვაშმა ერთი წლის წინ აკადემიური პერსონალის მხარდაჭერა მოიპოვა და ისე გახდა რექტორის მოვალეობის შემსრულებელი [რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში ხმა უნივერსიტეტის 300-მდე თანამშრომელმა, აკადემიურმა პერსონალმა მისცა].

„ჩემი აზრით საკმაოდ მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ დღეს ვინც ასრულებს რექტორის მოვალეობას, ამ პიროვნებას, ჩემი თვალსაზრისით, ერთი დიდი პლუსი აქვს, ის არა მარტო აკადემიური საბჭოს წევრების მიერაა დელეგირებული, არამედ, თავის დროზე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მთელი აკადემიური პერსონალი იყო ჩართული. ჩემი აზრით, გარკვეულწილად ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხალხი ენდობა ამ პიროვნებას და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი მომენტია, თუმცა ყველა კანდიდატს ჰყავს მისი მომხრეები,“ – ამბობს მარინა აროშიძე.

აკადემიური საბჭოს წევრი გურამ ჩაგანავა, რომელიც საბჭოში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს წარმოადგენს, ამბობს, რომ კანდიდატების სამოქმედო გეგმას ჯერ არ გაცნობია და რექტორობის კანდიდატებზე ვერ ისაუბრებს.

აკადემიურ საბჭოში განათლების ფაკულტეტის წარმომადგენელი გულიკო შერვაშიძეა. კითხვაზე, მისი აზრით, რატომ შემცირდა უნივერსიტეტის რექტორობის მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში, იგი ასე პასუხობს: „ახლა ვინც მართავს [უნივერსიტეტს] მოვალეობის შემსრულებელია, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში, როცა შეხედეს [რექტორობის მსურველებმა], რომ ბევრი რამ გაკეთდა, ვისაც სურვილი ჰქონდა რექტორობის, გაუქრა. ეს არის ჩემი მოსაზრება.“

გულიკო შერვაშიძე ამბობს, რომ ამ ერთ წელიწადში უნივერსიტეტს ბევრი მიღწევა ჰქონდა: „ბევრ რამეს მივაღწიეთ და სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი მიზნები გვაქვს.“

აკადემიურ საბჭოში აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის წარმომადგენელი ზურაბ მიქელაძე ამბობს, რომ ორივე კანდიდატის პროგრამას უკვე გაეცნო და რექტორობის კანდიდატებსაც კარგად იცნობს, კითხვაზე, მიღებული აქვს თუ არა გადაწყვეტილება, ვის მისცემს ხმას, ზურაბ მიქელაძე პასუხობს, რომ ამას თანამშრომლებთან ერთად გადაწყვეტს. „ასე ვარ განწყობილი, მათ შევეკითხები. რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩემი აზრი, მაგრამ მათი აზრი მნიშვნელოვანია“.

ზოია სიხარულიძე, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენელი აკადემიურ საბჭოში ამბობს, რომ კანდიდატების სამოქმედო გეგმას ახლა ეცნობა: „გუშინ მივიღე ორივე კანდიდატის გეგმა, გავეცნობი და ისე მივიღებ გადაწყვეტილებას. ვერ გეტყვით, რატომ იღებს არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ორი კადიდატი. ვიღაცამ ჩათვალა საჭიროდ, რომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ბატონმა ქიქავამ ჩათვალა, რომ მიიღოს მონაწილეობა და ალბათ თვლის, რომ აქვს შანსები, ტყუილად ხომ იღებს მონაწილეობას. ჩვენ ქობულეთში ვართ, ახლა შევუერთდით უნივერსიტეტს, ძალიან ახლოს არც ერთ კანდიდატს არ ვიცნობ. შევხედავ პროგრამებს. ქაღალდი დღეს ყველაფერს იტანს, თუმცა, იმედია, ტყუილს არ დაწერენ.“

აკადემიური საბჭოს წევრმა, მალხაზ ნაკაშიძემ, რომელიც საბჭოში იურიდიულ ფაკულტეტს წარმოადგენს, ამ ეტაპზე კომენტარისაგან თავი შეიკავა. მისი თქმით, იგი მოგვიანებით დააფიქსირებს თავის პოზიციას.

რექტორობის კანდიდატს გამარჯვებისთვის მინიმუმ 6 ხმა დასჭირდება.


ამავე თემაზე:

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატის, მერაბ ხალვაშის სამოქმედო გეგმა

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატის, ანთაზ ქიქავას სამოქმედო გეგმა

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი: ოქტომბრის დასაწყისში ვიზალიბერალიზაცია იქნება

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ კონფერენცია – „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა და იოჰანეს ჰანმა პრესისთვის განცხადებები გააკეთეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა  ევროპის სამეზობლო პოლიტიკას, აღმოსავლეთ პარტნიორობასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებს. როგორც იოჰანეს ჰანმა განაცხადა, საქართველო შემოდგომაზე მიიღებს ვიზალიბერალიზაციას: „მე ვარ ძალიან დარწმუნებული, რომ ყველაზე გვიან, ოქტომბრის დასაწყისში ვიზალიბერალიზაცია იქნება შესაძლებელი და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ უფრო მალე მოხდეს ეს“.

მან ასევე ისაუბრა ეკონომიკური განვითარებისა და პარტნიორობის საკითხებზე. მისი თქმით, ევროკავშირი სქართველოს სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის განვითარებისათვის გამოყოფს სოლიდურ თანხას. 

„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებულად მივყვებით გზას და ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომისარმა ჰანმა, თავის გამოსვლაში, ხაზი გაუსვა რაოდენ მნიშვნელოვანია ეკონომიკური პარტნიორობა ევროკავშირის ქვეყნებთან, ვინაიდან ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური პარტნიორობის განვითარება ქმნის უფრო მეტ სტაბილურობას რეგიონში და ეს არის ასახული ევროპის ახალ სამეზობლო პოლიტიკაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ბათუმის  მე-13 საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველოს ევროპული გზა“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება.

კონფერენცია დღეს, 14 ივნისს, გაიხსნა და ორდღიანია.  15 ივლისს გაიმართება დისკუსია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძის მხარდაჭერა გვთხოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი 14 ივლისს აჭარაში თავის რწმუნებულად ზურაბ პატარაძე დანიშნა. პარალელურად პრეზიდენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებს შეხვდა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის ზურაბ პატარაძის მხარდაჭერა სთხოვა. „ბათუმელები“ უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი ფრაქციის, „დემოკრატიული აჭარის“ თავმჯდომარეს  სულხან ღლონტს ესაუბრა. მისი განცხადებით, ფრაქციაში მოლაპარაკების შედეგად შეთანხმდნენ, რომ  სულხან ღლონტი და მისი ფრაქციის ორი წევრი – ჯემალ ფუტკარაძე და თემურ კახიძე, ზურაბ პატარაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ.

„პრეზიდენტმა გვთხოვა კანდიდატის მხარდაჭერა და იმ არგუმენტებს, რაც პრეზიდენტს აქვს, ჩვენი ფრაქციაც იზიარებს, რადგან არჩევნების, ტურისტული სეზონის და ციტრუსის სეზონის წინ, როცა უნდა დაიწყოს ახალი ბაზრების მოძიება და პროდუქციის დროული ექსპორტირება, როცა რეგიონი არის საზღვრისპირა და სტრატეგიული, არ შეიძლება დარჩეს არჩევნების წინ ლეგიტიმური ხელისუფლების გარეშე. ეს არგუმენტი არის მყარი და ჩვენი ფრაქციაც იზიარებს ამ არგუმენტს“.

სულხან ღლონტის თქმით, პრეზიდენტი შვიდივე ფრაქციას ინდივიდუალურად შეხვდა.  „ბათუმელების“ კითხვაზე, „ქართული ოცნების“ წევრების ხმებთან ერთად იქნება თუ არა მისი ფრაქციის წევრების ხმები საკმარისი იმისათვის, რომ ზურაბ პატარაძე არჩეული იყოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, სულხან ღლონტი ამბობს, რომ  მისი აზრით, კრიზისი დაძლეული იქნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ინტერესში შედის, რომ მთავრობის თავმჯდომარე არ იქნას არჩეული და შეეცდებიან კრიზისი შექმნან რეგიონში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კრიზისი არ შეიქმნება, გადაილახება და აჭარას ეყოლება სრული ლეგიტიმაციის მქონე მთავრობა,“ – ამბობს სულხან ღლონტი.

კანონმდებლობის მიხედვით,  მთავრობის თავმჯდომარის ასარჩევად უმაღლესი საბჭოს წევრების მინიმუმ 11 ხმაა საჭირო.

ამავე თემაზე: ზურაბ პატარაძის მომხრეები და მოწინააღმდეგეები უმაღლეს საბჭოში

საქველმოქმედო ორგანიზაცია: მერიისგან ოფიციალურ პასუხს ვერ ვიღებთ

თიკო აბაშიძე, საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანის“ ხელმძღვანელი

მოქმედ ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებენ მოქალაქეებთან კომუნიკაციის არქონის გამო. საჯარო სამსახურებისა და სახელმწიფო უწყებებისგან პრობლემაა ინფორმაციის მოპოვება, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის გაცემის ვადები კანონითაა დადგენილი.

 
ინფორმაციის გაუცემლობის მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ბათუმის მერია. მოქალაქეები ხშირად ამბობენ, რომ მათთვის საინტერესო ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ ის საჯაროა, არ არის ხელმისაწვდომი. ჩვენი ორგანიზაციაც არაერთხელ წააწყდა აღნიშნულ პრობლემას.

 
უკვე ერთი წელია რაც ჩვენი საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანი“ უშედეგოდ ცდილობს ბათუმის მერიასთან თანამშრომლობას. ყველა ჩვენი წერილი, წინადადება თუ პროექტი უყურადღებოდ რჩება და არის შემთხვევა, როცა უარის მოსაწერადაც კი ხვეწნა გვიწევს. ზოგჯერ გვეუბნებიან, რომ ვერ პოულობენ ჩვენს განცხადებას და რამდენიმე დღე გვჭირდება იმის გასარკვევად, თუ სად გადაიგზავნა ჩვენი წერილი.

 
ბოლო ერთ წელიწადში ბათუმის მერიას 12 ოფიციალური წერილი გავუგზავნეთ, 5 წერილი კანცელარიაში ჩავაბარეთ, 7 წერილი კი – ელექტრონულად. მიუხედავად იმისა, რომ წერილებს ოფიციალურად იბარებდნენ, ოფიციალურ პასუხს მაინც ვერ ვიღებდით კანონით დადგენილ ვადებში.

 
ქალაქის ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებთან ორი წლის განმავლობაში კომუნიკაციას ვერ ამყარებს, ფაქტობრივად, უცხო წარმონაქმნია.
ხელისუფლება ანგარიშვალდებულია საკუთარი ამომრჩევლის წინაშე და არა პარტიული ლიდერების წინაშე, თუმცა, ამ ქალაქში საპირისპირო ხდება.

აჭარის მთავრობა გადაყენებულია – პრეზიდენტმა აჭარაში რწმუნებული დანიშნა

დღეს, 14 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ზურაბ პატარაძე რწმუნებულად დანიშნა. ინფორმაციას ადასტურებს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, თემურ კახიძე.

ბატონო  თემურ, როდის მოხდა ოფიციალურად ზურაბ პატარაძის რწმუნებულად დანიშვნა?

აჭარის კონსტიტუციაში არის  მუხლი, რომელიც  იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობასთან შეთანხმებით დანიშნოს თავისი რწმუნებული რეგიონში, როცა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილების მიღმა რჩება. აქედან გამომდინარე, გამოყენებულია მუხლი, რომელიც ითვალისწინებს არა მარტო რწმუნებულის, არამედ მისი აპარატის დანიშვნასაც და ამასთანავე გადაყენებულია მთავრობაც.

დღეს, 14 ივლისს, დაინიშნა იურიდიულად პატარაძე?

მე როგორც ვიცი, დღეს წარადგინა დოკუმენტაცია პრეზიდენტმა.

ვის წარედგინა ეს დოკუმენტაცია, უმაღლეს საბჭოს თუ მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარეს?

უმაღლეს საბჭოს. ჩვენ ვიყავით კონსულტაციაზე სადაც დაგვიდასტურა რომ დანიშნულია რწმუნებულად და გადაყენებულია მთავრობაც.

თუ უკვე დანიშნულია ზურაბ პატარაძე, მაშინ რაში სჭირდება უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერა? როგორც ვიცით დღეს პრეზიდენტი ფრაქციებს შეხვდა და პატარაძის მხარდაჭერა სთხოვა.

ამის პარალელურად იწყება პროცედურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, რომელსაც კენჭი უნდა ეყაროს უმაღლეს საბჭოში. ეს უკვე მეორე პროცედურაა რწმუნებულის დანიშვნის შემდეგ.

თუ უმაღლესმა საბჭომ არ დაუჭირა მხარი მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, პატარაძე რჩება რწმუნებულად არჩევნებამდე?

რა თქმა უნდა. რწმუნებული ორი თვის ვადით არის დანიშნული. ამ დროში უნდა მოხდეს პოლიტიკური შეთანხმება, ან უნდა აირჩიონ ახალი მთავრობა ან უმაღლესი საბჭო იქნება დათხოვნილი და გამოცხადდება საპრეზიდენტო საბჭო. აქედან გამომდინარე, რწმუნებული მიიყვანს არჩევნებამდე პროცესს და ამის შემდეგ თავისთავად გაირკვევა ვინ იქნება ახალ მთავრობაში.

საქართველოს პრეზიდენტი, აჭარაში თავისი რწმუნებულის დანიშვნის შესახებ განცხადებას, რამდენიმე წუთში გააკეთებს.

ბათუმში კონფერენცია – „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა

დღეს, 14 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ კონფერენცია – „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა.

კონფერენციას ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე,  ესწრება.

მოგვიანებით კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტიც შეუერთდება. გიორგი მარგველაშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქციების ხელმძღვანელებთან დღეს დილიდან კონსულტაციებს მართავს.

პატრულის რამდენი ეკიპაჟი ემსახურება ბათუმს

მას შემდეგ, რაც ბათუმის საზღვრები გაფართოვდა და მას ხელვაჩაურის ნაწილი შეუერთეს, მხოლოდ სამი საპატრულო ეკიპაჟი დაემატა ქალაქის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. პატრულის ზოგიერთი თანამშრომლის თქმით, ზოგჯერ გამოძახებაზე დროულად რეაგირება შეუძლებელია, ეკიპაჟების არასაკმარისი რაოდენობის გამო.

„ვერ გეტყვით, რომ ხშირად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ავტოსაგზაო თუ სხვა შემთხვევის გამო ადგილზე მისვლა გვიანდება“,- გვითხრა პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ბათუმში მუშაობს და ვინაობის გამხელა არ სურს. „ეს მაშინ ხდება, როცა დღის განმავლობაში რამდენიმე დარღვევა ფიქსირდება. მოსახლეობასაც არაერთხელ გამოუხატავს უკმაყოფილება იმის გამო, რომ დაგვიანებით მივსულვართ. სამსახურში გვისაუბრია ამ პრობლემაზე, მაგრამ რეაგირება არ ხდება. ხელმძღვანელობაც ხედავს, რომ პრობლემაა, გვპირდებიან, მალე დაგვემატება ეკიპაჟებიო, მაგრამ უფრო პირიქით მოხდა – ამას წინათ ჩემს კოლეგას გამოუცხადეს საყვედური დაგვიანებისთვის“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას პატრულის თანამშრომლისთვის საყვედურის გამოცხადებაზე იმის გამო, რომ მან შემთხვევის ადგილზე მისვლა დააგვიანა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მონაცემებით, ბათუმში შსს საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე ყოველდღიურად პატრულირებს 13 საპატრულო ეკიპაჟი, აქედან 3 ეკიპაჟი დაემატა ბათუმის საზღვრების გაფართოების შემდეგ“, – აღნიშნულია შსს-დან გამოგზავნილ წერილში.

შსს-ს მონაცემებით, პატრულის ეკიპაჟის რაოდენობის გაზრდის აუცილებლობა მხოლოდ ზაფხულში, ზღვის სეზონის პერიოდში არსებობს. ამ დროისთვის ყოველდღიურად 20 საპატრულო ეკიპაჟი მუშაობს, 2 მოტო-პატრული, 2 ელექტრომობილი ორ-ორი წევრით და 10 ქვეითი პატრული.
პატრულის ამ შემადგენლობას საკმარისად მიიჩნევენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ კითხვის საპასუხოდ შემთხვევების დასახელება მოგვთხოვა: „თუ თქვენ დამისახელებთ 10 ან 8 შემთხვევას მაინც ბათუმში, როცა ავტოსაგზაო ან სხვა შემთხვევის დროს პატრულმა დაიგვიანა და არ გამოცხადნენ დროულად, მაშინ ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ეს მონაცემები.“

ბათუმის საზღვრები 2011 წელს დაახლოებით ორჯერ გაიზარდა. სტატისტიკის სამსახურის ბოლო მონაცემით, ბათუმში 154 600 ადამიანი ცხოვრობს. 2010 წელს კი ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 123 500 იყო.

___

ამავე თემაზე:

ბათუმის ახალი საზღვრები

საკვების უვნებლობა და 133 დაჯარიმებული ობიექტი აჭარაში

გასულ კვირას ბათუმში, კაფე `შემოიხედეში~ სტუმრობის შემდეგ 7 ადამიანი მოიწამლა. მოწამვლის მიზეზებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადგენს. რა ნორმები დაარღვიეს საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა, რამდენი ობიექტი დაჯარიმდა და როგორ ხორციელდება კვების ობიექტების მონიტორინგი აჭარაში? – “ბათუმელების“ კითხვებს სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის ბიუროს მთავარმა სპეციალისტმა, ბიძინა ჯიბლაძემ უპასუხა.

ბატონო ბიძინა, რა დადგინდა `შემოიხედეს~ შემოწმების შედეგად, რამ გამოიწვია მოქალაქეების მოწამვლა?

ამ საკითხზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მუშაობდა და როგორც ვიცი, ეჭვი მიიტანეს სალათ „ცეზარზე“. ჩვენს სააგენტოს რაც შეეხება, განხორციელდა ინსპექტირება, რის შედეგადაც გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ეს არის ისეთი შეუსაბამობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან, რომლის აღმოფხვრაც საჭიროებს ობიექტის საწარმოო პროცესის შეჩერებას.

ბიძინა ჯიბლაძე
ბიძინა ჯიბლაძე
შეგიძლიათ კონკრეტულად განმარტოთ, რა ტიპის დარღვევაზეა საუბარი?

კრიტიკული იყო ის, რომ ერთ-ერთ მაცივარში დარღვეული იყო ტემპერატურული რეჟიმი უხეშად, ასევე, კაფეში დაბინძურებული იყო გამწოვი ზონდები ნადებით, რაც გარკვეულწილად სურსათის დაბინძურების საფრთხეს ქმნის. ამ შეუსაბამობების საფუძველზე მოხდა საწარმოო პროცესის შეჩერება სიტუაციის გამოსწორებამდე და ადმინისტრაციული ზემოქმედების წესით, აღნიშნული ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით. ჩვენ ავიღეთ და ლაბორატორიაში გადავაგზავნეთ თერმულად დამუშავებული ფრინველის ხორცის ნიმუშები, რაც `ცეზარისთვის~ გამოიყენებოდა და ხორცის ფარში, მაგრამ ჯერ პასუხები არ არის.

კაფე „შემოიხედე“ უკვე ფუნქციონირებს, ანუ გამოასწორა ის დარღვევები, რაც ინსპექტირებით გამოვლინდა?

საწარმოო პროცესის შეჩერება არ ნიშნავს იმას, რომ კაფეს ლუქი ედება. კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორების ღონისძიებები ტარდება და „შემოიხედეში“ ჩატარდა დეზინფექცია, გაწმინდეს გამწოვი ზონდები ნადებისგან და გამოასწორეს ტემპერატურული რეჟიმი. ამის შემდეგ მოგვმართეს ჩვენ განცხადებით, რის საფუძველზეც ადგილზე გავედით და ვნახეთ გამოასწორა თუ არა ეს კრიტიკული შეუსაბამობები საწარმომ.

კვების სხვა ობიექტები თუ გადაამოწმეთ ამ სეზონზე და კიდევ რამდენი ობიექტი აღმოჩნდა მსგავს ვითარებაში ბათუმში ან სხვაგან?

აჭარის მასშტაბით ინსპექტირება ჩაუტარდა 396 ობიექტს, 153 ობიექტიდან მოხდა ნიმუშის აღება, ადმინისტრაციული ჯარიმა კი 133 ობიექტს დაეკისრა. პირველი ინსპექტირების დროს კვების ობიექტი ათასი ლარით ჯარიმდება, იმ შემთხვევაში, თუკი არ გამოასწორებს შეუსაბამობებს, 1200-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

რამდენი ადამიანი ახორციელებს ინსპექტირებას?

ადრე იყო სურსათის სპეციალისტი და ინსპექტორი, ახლა ყველა ინსპექტორი ვართ და ერთნაირი უფლებამოსილება გვაქვს. სულ 12 ინსპექტორი ვართ და შემოწმებაზე ორი გავდივართ.

რამდენი ობიექტი უნდა შემოწმდეს და რა ვადებში, ეს წლის განმავლობაშია გაწერილი? ტურისტული სეზონის დროს თუ იცვლება მონიტორინგის გრაფიკი?

მონიტორინგის გეგმა არის წლიური, სადაც გაწერილია, თუ რამდენი და რა სახის ნიმუში უნდა ავიღოთ დამტკიცებული პროგრამით. ბოლოს ავიღეთ ხორცის სახეობრივ იდენტიფიკაციაზე ნიმუშები და თბილისში გავგზავნეთ ლაბორატორიაში, ასევე სასმელი წყლის სინჯები ავიღეთ როგორც კვების ობიექტებში, ასევე მოხმარების ადგილებში. გარდა გეგმიურისა, შემოწმება ხდება კონკრეტული შემთხვევებიდან გამომდინარე, ანუ არაგეგმიური ინსპექტირება. ტურისტულ სეზონზე, რა თქმა უნდა, უფრო ინტენსიურად მოწმდება სეზონური ობიექტები, სწრაფი კვების ობიექტები, მარკეტები და აგრარული ბაზარი განსაკუთრებულ კონტროლზეა, რადგან რისკი იზრდება.

შარშანდელთან შედარებით, როგორია დაჯარიმების სტატისტიკა წელს?

კონტროლის სფეროც გაიზარდა და ჯარიმები ბევრად არ შემცირებულა, თუმცა იმ ობიექტებში, რომლებშიც განხორციელდა სახელმწიფო კონტროლი, ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. უბრალოდ იზრდება კონტროლის სფერო და ახალ რეგულაციებზე მოდის ჯარიმები.

გარდა ბათუმისა, აჭარის სხვა რეგიონში იყო კანონდარღვევები?

საერთოდ, მონიტორინგს აჭარის მასშტაბით ვახორციელებთ. გუშინ ხულოსა და შუახევში გვქონდა ინსპექტირება, ქობულეთშიც იყო დაჯარიმების შემთხვევები.

პრეზიდენტი აჭარის უმაღლეს საბჭოში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში ჩაქვში, აჭარის უმაღლეს საბჭოში იმყოფება. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი უმაღლესი საბჭოს ფრაქციების ხელმძღვანელებს ხვდება. კონსულტაციები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას უკავშირდება. პრეზიდენტი ფრაქციის ხელმძღვანელებს ინდივიდუალურად, დახურულ კარს მიღმა ხვდება.

წარადგენს თუ არა დღეს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, ამის შესახებ განცხადება ცოტა მოგვიანებით გაკეთდება.

პრეზიდენტი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, ზურაბ პატარაძის კანდიდატურას წარადგენს.

ზურაბ პატარაძე საქართველოს ელჩია ყაზახეთში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 6 ივლისს დატოვა.

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატის, ანთაზ ქიქავას სამოქმედო გეგმა

„დაგეგმე-შეასრულე-შეაფასე-დაგეგმე“ – უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი, ანთაზ ქიქავა სამოქმედო გეგმაში წერს, რომ მისი რექტორად მუშაობის მთავარი პრინციპი ეს იქნება. კანდიდატის სამოქმედო გეგმის ამოცანების ჩამონათვალიც ამით იწყება.

ეს პრინციპი ძალიან ჰგავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის თვითშფასების დოკუმენტში 5.1 პუნქტს, სადაც ვკითხულობთ: „მოქმედებს საჯაროდ ხელმისაწვდომობის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც ითვალისწინებს „დაგეგმე-განახორციელე-შეამოწმე-განავითარეს ციკლს“.

„ბათუმელებს“ რექტორობის კანდიდატთან ანთაზ ქიქავასთან მისი სამოქმედო გეგმის და გეოგრაფიის დეპარტამენტის მუშაობის შესახებ ჰქონდა კითხვები. ანთაზ ქიქავა ამჟამად სწორედ გეოგრაფიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, სადაც 60-მდე სტუდენტი სწავლობს. როგორც დეპატამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, მხოლოდ 4 სტუდენტია პირველკურსელი, მეორე კურსზე კი სულ 14 სტუდენტი სწავლობს.

თუმცა „ბათუმელებს“ რექტორობის კანდიდატთან ინტერვიუს საშუალება არ მიეცა. ანთაზ ქიქავამ „ბათუმელებთან“ საუბარი არ ისურვა. მისი თქმით, უარის ერთ-ერთი მიზეზი „ბათუმელების“ 2015 წელს გამოქვეყნებული სტატიაა – რექტორობის კანდიდატი, რომელმაც აბაშიძის დროს აჭარაში კომენდანტის საათი გამოაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ ქიქავა ასლან აბაშიძის დროს სენატის თავმჯდომარე იყო და მას ეკუთვნის სიტყვები: „…ხელისუფლება ამზადებს შეიარაღებულ დაჯგუფებას აჭარაში შემოსაყვანად, რიგდება იარაღი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ამის გამო ვაცხადებთ საგანგებო მდგომარეობას და კომენდანტის საათს, რათა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა“.

ანთაზ ქიქავა სამოქმედო პროგრამაში ხაზს უსვამს იმას, რომ 35 წელია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობს და პროცესების უშუალო მონაწილეა. დაპირებების გრაფაში  ანთაზ ქიქავა ყველაზე დიდ ნაწილს უნივერსიტეტის მირ უკვე შემუშავებული სტრატეგიული გეგმის კრიტიკას უთმობს. მისი აზრით, გეგმა დაუსრულებელი დოკუმენტის შთაბეჭდილებას ტოვებს, ზედმეტად დეტალიზებულია და გაფერმკრთალებულია ტავტოლოგიებით:

„უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმაში ჩამოყალიბებული მიზნები ზედმეტად დეტალიზებულია და გადატვირთულია ტექსტობრივად. ამის გამო, ხშირად ძირითადი აზრი იკარგება მეორეხარისხოვან ნიუანსებში. გეგმა, რომელიც უნდა განსაზღვრავდეს განვითარების ძირითად კონცეფციას, ფერმკრთალდება ტერმინოლოგიური ტავტოლოგიებით. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს უნივერსიტეტში მიმდინარე ყველა პროცესი, მიუხედავად მისი სტატუსისა და მნიშვნელობისა, ერთიანად აისახა ერთ დოკუმენტში. გარდა ამისა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არსებული სტრატეგიული გეგმა ტოვებს დაუსრულებელი დოკუმენტის შთაბეჭდილებას. მასში არ არის ასახული დოკუმენტის შემუშავების ნორმატიული წინაპირობები, სტრატეგიული მიზნების განხორციელების ვადები და შესრულების ინდიკატორები. სტრატეგიული გეგმა დარჩება ქაღალდზე დაბეჭდილ ლამაზ დეკლარაციად, თუ მას თან არ დაერთო სტრატეგიული მიზნების მიღწევის სამოქმედო გეგმა, რომელშიც მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული მიზნების განხორციელების გასატარებელი აქტივობები, რეალისტურად შეფასებული მოსალოდნელი ფინანსური დანახარჯები, მოსალოდნელი შედეგების ინდიკატორები და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები“, – ნათქვამია ანთაზ ქიქავას სამოქმედო პროგრამაში.

ცხრაგვერდიან სამოქმედო გეგმაში ანთაზ ქიქავა პრობლემების გადაჭრის გზებზეც საუბრობს. ის მართვის პროცესში აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების, ასევე თვითმმართველობის აქტიურად ჩართვას გვპირდება. რექტორობის კანდიდატი მართვის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ციფრული საინფორმაციო საშუალებების გამოყენებას აპირებს. კონკრეტულად როგორ და რა ფორმით, ამის შესახებ პროგრამაში არაფერია ნათქვამი.

კონკრეტიკა არ ახლავს კიდევ ერთ დაპირებას – როგორ გაგრძელდება უნივერსიტეტში დაწყებული უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა. დაზუსტებული არც ისაა, რა რესურსით გეგმავს რექტორობის კანდიდატი უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის გაზრდას.

ანთაზ ქიქავა მიიჩნევს, რომ „პუბლიკაციების რაოდენობის გასაზრდელად არარეფერირებად გამოცემებში ნაშრომების გამოქვეყნების ტენდენციამ მიიღო შემაშფოთებელი მასშტაბები“. რექტორობის კანდიდატი კონკრეტულ გამოსავალს პროგრამაში ვერ ასახელებს და რექტორად არჩევის შემთხვევაში, აკადემიურ საბჭოს სამეცნიერო ნაშრომების შეფასების მექანიზმის პროექტს წარუდგენს.

ანთაზ ქიქავა მონაწილეობდა 2015 წლის 16 მარტის ბსუ-ს რექტორის არჩევნებში. მაშინ აკადემიურმა საბჭომ რექტორის არჩევა ვერ მოახერხა და არჩევნები გადაიდო.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კიდევ ერთი კანდიდატი მერაბ ხალვაშია, რომელიც ამჟამად რექტორის მოვალეობას ასრულებს.

ბსუ-ს რექტორის არჩევნები 2016 წლის 18 ივლისს, 15 საათზე ჩატარდება.

[ფოტო: TV ერა]

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატის, მერაბ ხალვაშის სამოქმედო გეგმა

„განათლების ხარისხი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს და არსებობს ერთგვარი წყვეტა – უნივერსიტეტსა და შრომის ბაზარს შორის“ – მიიჩნევს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი, მერაბ ხალვაში. მისი სამოქმედო გეგმა პრობლემებზე აქცენტირებით იწყება. მერაბ ხალვაში ბოლო ერთი წელია ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

სამოქმედო გეგმის დასაწყისში მერაბ ხალვაში 8 კონკრეტულ პრობლემას ასახელებს და ჩამონათვალს  უნივერსიტეტის სოციალური როლით იწყებს: „უნივერსიტეტი სრულფასოვნად არ წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი აქტიურობის ცენტრს“, – აღნიშნულია სამოქმედო გეგმაში. კანდიდატს კონკრეტული ამოცანა აქვს – საზოგადოებრივ, ინსტიტუციურ და ეროვნულ პროცესებში აქტიურად ჩართვა.

რატომ მიიჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად უნივერსიტეტის სოციალური როლი მერაბ ხალვაშმა და როგორ წარმოუდგენია ამ კუთხით ნდობის გაზრდა? – „ბათუმელების“ შეკითხვას მერაბ ხალვაშმა უპასუხა: „უნივერსიტეტმა უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი სოციალური როლი რეგიონის და ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. უნივერსიტეტი უნდა აკვირდებოდეს მაჯისცემას და ეხმაურებოდეს ყველა მნიშვნელოვან პროცესს. უნივერსიტეტის პროფესორების აზრი უნდა იყოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამ დონეს“.

რექტორობის კანდიდატის მიერ ჩამოთვლილ 8 პრობლემაში მოხვდა პროფესორების მიერ ჩატარებული კვლევები, რასაც მერაბ ხალვაში „კვლევას კვლევისთვის“ უწოდებს. „ეს კვლევები ნაკლებად რეზონანსულია საზოგადოებასა და ბიზნეს წრეებში“, – ნათქვამია სამოქმედო გეგმაში. მერაბ ხალვაშის შეფასებით, ასევე დაბალია უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხარისხი, უნივერსიტეტს არ ჰყავს სტრატეგიული „მეგობრები“, ხოლო სტუდენტებსა და პროფესორებს შორის კავშირი სუსტია. მერაბ ხალვაშის სამოქმედო გეგმაში ჩამონათვალის ბოლოშია მოქცეული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და მმართველობითი პროცესის განახლება.

„ძალიან მინდა, მივიღოთ ისეთი უნივერსიტეტი, რომლის კურსდამთავრებული პირდაპირ ნიშნავს დასაქმებულს. ამას სერიოზული მუშაობა სჭირდება. ვფიქრობ, ჩემი ეს სამოქმედო გეგმა აქეთკენ წაიყვანს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მთავარი გზავნილი ჩემი სამოქმედო გეგმიდან არის ის, რომ სწავლება უნდა გახდეს თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირებული, ხოლო სამეცნიერო კვლევები ფუნდამენტური და რაც მთავარია, გამოყენებითი“, – ამბობს მერაბ ხალვაში „ბათუმელებთან“.

პრობლემების დასახელების შემდეგ რექტორობის კანდიდატი კონკრეტულ ამოცანებს ასახელებს, რომლითაც შესაძლებელია მათი მოგვარება.  ის ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზით აჩვენებს, რა რესურსი აქვს უნივერსიტეტს სხვადასხვა მიმართულებით განვითარებისთვის.

მერაბ ხალვაში სხვადასხვა პროგრამის ამოქმედებასაც აანონსებს. მათ შორის ერთ-ერთია – „არა პლაგიატს“. ამ პროგრამის საშუალებით უნდა გამოვლიდეს პლაგიატის შემთხვევები, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებში. „პლაგიატის აღმოფხვრა უპირველესი მიზანია. ამას აკეთებს რამდენიმე წამყვანი უნივერსიტეტი საქართველოში და ჩვენთანაც შესაძლებელია, თუ მოვინდომებთ“ – ამბობს მერაბ ხალვაში.

მერაბ ხალვაში ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მას შემდეგ აირჩიეს, რაც მისმა წინამორბედმა – ყოფილმა რექტორმა, ალეკო ბაკურიძემ ვადაზე ადრე დატოვა თანამდებობა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კიდევ ერთი კანდიდატი უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ანთაზ ქიქავაა.

ბსუ-ს რექტორის არჩევნები 2016 წლის 18 ივლისს, 15 საათზე ჩატარდება.

ბათუმიდან ხვალ კენჭს მოსამართლეობის ხუთ კანდიდატს უყრიან

ხვალ,  14 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც საერთო სასამართლოების 125 მოსამართლეს უყრიან კენჭს. იუსტიციის საბჭოს ძირითადად ის მოქმედი მოსამართლეები მიმართავენ, ვისაც უფლებამოსილების, ან გამოსაცდელი ვადა ეწურება. მოსამართლეები 2013 წლიდან მხოლოდ გამოსაცდელი, სამწლიანი ვადით ინიშნებიან.

ფარულად კენჭს უყრიან ბათუმის საქალაქო სასამართლოს ხუთ მოსამართლესაც, მათ შორის არის სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე – დავით მამისეიშვილი. მას საკონკურსო გრაფაში ისევ ბათუმის საქალაქო სასამართლო აქვს მითითებული. 2013 წლიდან დღემდე, ის ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავდა, თუმცა ამჯერად, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სურს დასაქმება, სადაც ამ დროისთვის ერთი ვაკანსია არსებობს.

დავით მამისეიშვილი ბათუმის სასამართლომდე ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარედ მუშაობდა, მანამდე – ქედის სასამართლოში. ის მოსამართლედ 2008 წლიდან მუშაობს. თუკი დავით მამისეიშვილმა ხვალ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერა ვერ მიიღო, ის მოსამართლეობას 2018 წლამდე განაგრძობს, ხოლო მხარდაჭერის შემთხვევაში, სამწლიანი გამოსაცდელი ვადით ხელახლა დაინიშნება. საქმე იმაშია, რომ 2013 წლამდე მოსამართლეები 10 წლის ვადით ინიშნებოდნენ. სწორედ ეს 10-წლიანი ვადა იწურება დავით მამისეიშვილის შემთხვევაში 2018 წელს. საბჭოს მხარდაჭერის შემთხვევაში კი ის მინიმუმ 1 წლით გაიხანგრძლივებს მოსამართლეობის ვადას.

მოსამართლეების ხანგრძლივი ვადით [ან უვადოდ] დანიშვნა-არდანიშვნის საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა, მიმდინარე სასამართლო რეფორმის დასრულებაზეა დამოკიდებული.

ამ დროისთვის, ვისაც უფლებამოსილების ვადა გასდის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძეა. ის 2013 წელს დაინიშნა მოსამართლედ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით. მომავალ წელს უსრულდება უფლებამოსილების ვადა და კენჭისყრას გაივლის ხვალ – ლაშა თავართქილაძეც. ის 2014 წელს დაინიშნა მოსამართლედ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოდან კიდევ ორი მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე [ის 2009 წლიდან მუშაობს მოსამართლედ] და გიორგი გრატიაშვილი [მოსამართლეა 2016 წლიდან] გაივლის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრას. არც ერთ მათგანს სამომავლო დასაქმების ადგილად ბათუმის საქალაქო სასამართლო მითითებული არ აქვს.

ბათუმის სასამართლოში ამ დროისთვის სულ 13 მოსამართლე მუშაობს.

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „სუბოქსინი“ ამოიღო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ალექსანდრე კ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 21 აბი და 1 აბის ნატეხი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,1747 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულის ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ალექსანდრე კ. ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მათივე ცნობით ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება ტაქსის მძღოლებისთვის

ტაქსის მძღოლები ავტომანქანის გაჩერებას პარკირების ადგილებზე შეძლებენ. საკრებულოს ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ ამოქმედდება, როცა ბათუმის მერია არსებულ რეგულაციებში შეიტანს შესაბამის ცვლილებას. ცვლილების შემთხვევაში, ტაქსის მძღოლი პარკირებისთვის განკუთვნილ წლიურ 40 ლარს გადაიხდის და შეძლებს ისარგებლოს როგორც ტაქსისთვის განკუთვნილი, ასევე, ზოგადად, პარკირების ადგილებით.

დღევანდელი რეგულაციით, ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის გაჩერება მხოლოდ ტაქსისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებში შეუძლიათ. ამისთვის ისინი ყოველდღიურად ერთ ლარს იხდიან. ამ ცვლილების ინიციატორი კობა ჩხეიძე, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ამბობს, რომ ქალაქში დაახლოებით 3 ათასამდე ტაქსი მოძრაობს და მათთვის გამოყოფილი სპეციალური ადგილები საკმარისი არ არის.

„ხშირად ტაქსები ჩერდებიან პარკირების მოპირდაპირე მხარეს და ქმნიან  საცობებს. ისინი ჯარიმდებიან, როცა პარკირებისთვის განკუთვნილი ადგილით სარგებლობენ და არა სპეციალურად ტაქსისთვის განკუთვნილი ადგილით. ეს იწვევდა დაპირისპირებებს მძღოლებს შორის. ამ გადაწყვეტილებით, გაიზრდება შემოსავლებიც ქალაქის ბიუჯეტში, რადგან ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ერთ ლარს, უმეტეს შემთხვევაში, ტაქსის მძღოლები არ იხდიდნენ, მაინც ვერ ვსარგებლობთო – ასეთი იყო მათი არგუმენტი”, – უთხრა კობა ჩხეიძემ “ბათუმელებს”.

საკრებულოში ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესს ბათუმის მერი არ დასწრებია. ჯერჯერობით უცნობია, გაიზიარებს თუ არა გიორგი ერმაკოვი საკრებულოს პოზიციას.

ტურიზმის დეპარტამენტი: აჭარაში ტურისტების 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაისში აჭარაში ტურისტების 18,69 %-იანი ზრდა დაფიქსირდა. მაისის განმავლობაში რეგიონს 44, 567 ტურისტი, მათ შორის 28 884 უცხოელი და 15 683 შიდა ტურისტი სტუმრობდა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, 5 თვის განმავლობაში [იანვარი-მაისი] აჭარაში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,50 % -თაა გაზრდილი, რაც 79 431 უცხოელ, ხოლო 42 837 შიდა ტურისტს გულისხმობს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სტატისტიკა მხოლოდ აჭარაში რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

საზღვრის მონაცემების მიხედვით კი ვიზიტორთა ზრდის დადებითი ტენდენცია შეინიშნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ორი კვარტლის მონაცემებით (იანვარ-ივნისი) საჰაერო ტრანსპორტით აჭარაში 42 268 მგზავრი ჩამოფრინდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 74,29%-იან ზრდას გულისხმობს. ქვეყნების მხრივ ვიზიტორების განსაკუთრებული ზრდა კი ისრაელიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან, ბელარუსიიდან და ლიტვადან შეინიშნება. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან აჭარაში 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14-ჯერ გაიზარდა ისრაელის მოქალაქეების და 5,5-ჯერ ყაზახი ვიზიტორების, ხოლო 78,4%-ით ბელარუსი, 57,56%-ით რუსი და 13,56% -ით ლიტველი ვიზიტორების რაოდენობა.

რაც შეეხება სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტს, აქ პირველი ორი კვარტლის მონაცემებით ვიზიტორთა 17,82 %-იანი მატება შეინიშნება. განსაკუთრებული ზრდა კი ირანიდან და ყაზახეთიდან შემოსულ ვიზიტორებზე ფიქსირდება. სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან რეგიონში შემოსული ირანელი ვიზიტორების რაოდენობა 7-ჯერ, ყაზახი ვიზიტორებისა კი 30,43% -ით გაიზარდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის წყარო არის რეგიონში არსებული რეგისტრირებული განთავსების ობიექტებია.

თამარის დასახლებას წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება

ბათუმის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 13 ივლისს, 12:00 სთ-ზე წყლის მიწოდება შეუწყდება თამარის დასახლებას. წყალმომარაგება 16:00 სთ-ზე აღდგება. გავრცელებული ინფორმაციით, წყლის მიწოდების შეწყვეტა გეგმურ სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

პატიმარმა სასამართლო დარბაზში უვადო შიმშილობა გამოაცხადა

საპროტესტო აქციას აჭარის პროკურატურასთან ცეცხლსასროლი ირაღის და ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ბრალდებულების ახლობლებმა გამართეს. ბრალდებულები გიორგი პაპიძე და კარლო სურგულაძე არიან. აქციის მონაწილეების თქმით, ბრალდებულებს ნარკოტიკი და ცეცხლსასროლი იაღარი ჩაუდეს ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში.

„ეს დაფიქსირებული აქვს იქვე მდებარე „VTB ბანკის“, ასევე „პოლიგრაფ სერვისის“ ვიდეოკამერებს, მაგრამ ჩანაწერები პოლიციელებმა ამოიღეს და წაშალეს. ჩვენ ეს ორგანიზაციები გვპასუხობენ, რომ ჩანაწერს არ ინახავენ, რაც დაუჯერებელია,“ – ამბობს ადვოკატი პაატა ბოლქვაძე.

აქციის მონაწილეებს დღეს აჭარის მთავარი პროკურორის მოადგილე ანზორ უსტიაძე შეხვდა. იგი შეკრებილებს მთავარ პროკურორთან შეხვედრას ხვალისთვის დაპირდა. აქციის მონაწილეები ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავენ, თუკი მათ ხვალ პროკურორი არ შეხვდებათ.

პროკურატურასთან მისვლამდე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დიდ დარბაზში ბრალდებულმა გიორგი პაპიძემ უვადო შიმშილობა გამოაცხადა. „მოვითხოვ იმ პოლიციელების დასჯას, ვინც იარაღი ჩამიდო. ვიდრე საქმის განხილვა არ დასრულდება, შიმშილობას არ შევწყვეტ“, – მიმართა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს ბრალდებულმა გიორგი პაპიძემ. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ამ საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული კარლო სურგულაძეა. მას გამოძიება ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავება. კარლო სურგულაძე სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული დღევანდელ პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო. ამ მიზეზით დღეს საქმის არსებითი განხილვა 20 ივლისისთვის გადაიდო. კარლო სურგულაძე დაკავებიდან, ანუ 27 მაისიდან გასული თვის ბოლომდე შიმშილობდა, როცა მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

ბრალდებულ გიორგი პაპიძეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა დღევანდელ პროცესზე ბრალი გააცნო, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც, მას თავისუფლების აღკვეთა ემუქრება 4-დან 6 წლამდე. მოსამართლემ ასევე განმრტა, რომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლი ალტერნატიულ სასჯელს არ ითვალისწინებს.

სასამართლო პროცესის დასრულებამდე ბრალდებულმა მოსამართლის შეკითხვაზე – სცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ, უარყოფითი პასუხი გასცა.

აქცია აჭარის პროკურატურასთან / ფოტო: როინ გუნდაძე
აქცია აჭარის პროკურატურასთან / ფოტო: როინ გუნდაძე

დავით ბერძენიშვილი: ჩვენ გვაქვს „ოქროს ხმა” აჭარაში

დატოვებს თუ არა აჭარის განათლებისა და კულტურის „რესპუბლიკელი“ მინისტრი პოსტს, ან რის სანაცვლოდ შეძლებს გიორგი თავამაიშვილი პოსტის შენარჩუნებას? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ კომენტარი საქართველოს პარლამენტის წევრმა „რესპუბლიკელმა“ დავით ბერძენიშვილმა გააკეთა.

„თუ გიორგი კვირიკაშვილი კოალიციურობას შესაძლებლად მიიჩნევს აჭარაში  და იერარქიულად, რასაც ზემოდან ერტყვიან ისე არ მოიქცევა, ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი პოზიციები. ჩვენ ძალიან ჩამოკიდებული რომ ვიყოთ მაგ პოსტს, გვაქვს ინსტრუმენტები, რომ ეს პოსტი დავიცვათ, იმიტომ რომ გია მასალკინის ხმის გარეშე ვერავინ ვერ გახდება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ამიტომ, ჩვენ აჭარაში გვაქვს  „ოქროს ხმა“. ამის მიუხედავად, ჩვენ არ ვვაჭრობთ ამ ხმით.“

დავით ბერძენიშვილის თქმით, ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ „რესპუბლიკური პარტია“ აჭარის განათლების მინისტრის პოსტთან დაკავშირებით:

„ერთი რამ შემიძლია მკაფიოდ გითხრათ, რომ გია თავამაიშვილი 25 წელია „რესპუბლიკური პარტიის“ წევრია, ჩემი მეგობარია და მოიქცევა რესპუბლიკური პარტიის შესაბამისად. ამიტომ, პარტია და მისი მინისტრი აჭარაში, ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუ ცენტრისგან განსხვავებით, აჭარაში შესაძლებელი იქნება „ქართული ოცნების“ და „რესპუბლიკელების“ კოალიციური მთავრობა, თუ გია თავამაიშვილზე შეთავაზებული იქნება კვლავ მინისტრობა, ამაზე რესპუბლიკური პარტია თავამაიშვილთან ერთად იმსჯელებს. ოთხიდან ერთი მინისტრია მხოლოდ პარტიული და თუ აჭარაშიც მინისტრს თანამდებობის გამო პარტიის დატოვებას მოსთხოვენ, მაშინ  მთავრობის ახალ თავმჯდომარეს შეიძლება დავუყენოთ პირობა ან არ დავუყენოთ, რადგან ზურაბ პატარაძე ვერ გახდება მთავრობის თავმჯდომარე თუ ჩვენ ხმას არ მივცემთ. გია თავამაიშვილი პარტიას და მთელ მის სამეგობროოს მინისტრობის გამო არ დატოვებს“ – ამბობს დავით ბერძენიშვილი.

მისი თქმით, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, „რესპუბლიკელი“ გიორგი მასალკინი აწარმოებს მოლაპარაკებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატთან, ზურაბ პატარაძესთან.

„ჯერ ეს არის პროცესი. ვნახოთ როგორი იქნება მათი დამოკიდებულება. პატარაძე არ არის მთავრობის თავმჯდომარე და როდის იქნება, ესეც არ ვიცით. სანამ მთავრობის თავმჯომარე არ გაჩნდება, მანამდე ეს საკითხი არც კი განიხილება. მე ვაპირებ საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელობას აჭარის უმაღლეს საბჭოში. ვარშალომიძე ჩამობრძანებულა, ხაბაძეც მანდ არის, ძალიანაც მინდა [ისინი] ვიხილო „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში და კონკურენტებად აჭარის უმაღლეს საბჭოში. ასე, რომ ქალაქის ცენტრში კენჭს თუ იყრიან ჩემთან ერთად, მე მგონი ეს ძალიან გაახალისებს პოლიტიკურ ცხოვრებას ბათუმში და მთელ ქვეყანაში“ – ამბობს დავით ბერძენიშვილი.

სტიქია აჭარაში – 3 მილიონამდე ზარალი თვენახევარში

სოფელ უჩამბაში მდინარის ადიდების შედეგად წყალმა 320 ოჯახთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. ალტერნატიული გზის გაწმენდა სტიქიის შემდეგ დროულად მოხერხდა, დღეს კი უკვე ხიდის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.  მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, „აღნიშნულ ადგილებში ინტენსიურად მიმდინარეობს დაზიანებული წყლის მილების აღდგენა-გაყვანა. სამუშაოების დასრულებისთანავე სოფლებს აღუდგებათ სასმელი წყლის მიწოდება, ასევე შუახევის დაბაში აღდგება 24 საათიანი წყლის მიწოდების გრაფიკი. შუახევის მუნიციპალიტეტში ხელმეორედ გააქტიურებული მეწყრული შემთხვევებით მიყენებული ზარალი სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა. ამ დროისათვის ივნისი-ივლისის სტიქიური მოვლენების შედეგად ზარალი დაახლოებით 108 ათას ლარს შეადგენს“.

აჭარის მთავრობის მონაცემებით, სულ აჭარაში ივნისი-ივლისის სტიქიური მოვლენების შედეგად ზარალი დაახლოებით 2 მილიონ 772 ათას ლარს შეადგენს. დღეს აჭარის მთავრობის წარმომადგენლები შუახევშიც ჩავიდნენ.

უჩამბის ხიდი / ფოტო: აჭარის მთავრობის პრესსამსახური
უჩამბის ხიდი / ფოტო: აჭარის მთავრობის პრესსამსახური

 

განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი: როგორც გადაწყვეტს პარტია, ისე მოვიქცევი

დღეს 12 ივლისს, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ განცხადება გააკეთა, რომ „რესპუბლიკელი“ მინისტრები თანამდებობას დატოვებენ. ეს გადაწყვეტილება მინისტრებმა „ქართული ოცნების“ მოთხოვნით მიიღეს.

აჭარაში მინისტრის პოსტი მხოლოდ ერთ „რესპუბლიკელს“, გიორგი თავამაიშვილს უკავია.  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადა, რომ თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ეს პარტიული მოთხოვნა იქნება.

„ყოველ შემთხვევაში, თვითგვემას ვერ მივეცემი. მინისტრად მე „რესპუბლიკური პარტიის“  წარდგინებით ვიყავი და როგორც გადაწყვეტს პარტია, ისე მოვიქცევი“- გვეუბნება ის.

გიორგი თავამაიშვილი ამბობს, რომ თანამდებობის დატოვების მოთხოვნით ჯერ პარტიიდან არავინ დაკავშირებია: „მე მაქვს არჩევანის უფლება, რომ გავაგრძელო საარჩევნო პერიოდამდე მუშაობა, მაგრამ რასაკვირველია, პარტიის დატოვებას და ამის კვალობაზე რაღაცის მიღება, ჩემთვის მიუღებელია“.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის მიერ გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ – მიმდინარე წლის 6 ივლისიდან – აჭარის ოთხივე მინისტრი ავტომატურად მოვალეობის შემსრულებლები არიან.

 

აქცია შუქის მოთხოვნით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან დღეს, ბათუმში, თამარის დასახლებაში [ტბეთის ქუჩა 12-ში] უნებართვოდ შესახლებული ოჯახების წევრები შეიკრიბნენ. ისინი სამინისტროსგან ითხოვენ თანხმობას, რათა შეძლონ დარეგისტრირდნენ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებად.

აღნიშნულ მისამართზე უძრავი ქონება – მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, სადაც ეს ოჯახები ცხოვრობენ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა. ამ დროისთვის აქ 20-მდე ოჯახი, ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს.

13647200_1116117831794742_1266339783_o
აქცია სამინისტროსთან / როინ გუნდაძის ფოტო

2014 წლის დეკემბერში სამინისტრო თანახმა იყო უნებართვოდ შესახლებული ოჯახები დარეგისტრირებულიყვნენ ზემოაღნიშნულ მისამართზე ელექტროენერგიის მომხმარებლებად. ამის შესახებ იმ წერილშია აღნიშნული, რომელიც სამინისტრომ დღევანდელი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს გაუგზავნა. თუმცა, მიმდინარე წლის 27 ივნისის წერილში აღნიშნულია, რომ სამინისტრო, ამჯერად ამ ოჯახების აბონენტად დარეგისტრირების წინააღმდეგია.

რამაზ ბოლქვაძე
რამაზ ბოლქვაძე

მოსახლეობა ამბობს, რომ ამ დრომდე აბონენტებად დარეგისტრირება იმიტომ ვერ შეძლეს, რომ შესაბამისი ფინანსები არ გააჩნდათ. მათი თქმით, „ენერგო-პრო ჯორჯია“ მთლიანობაში 7 ათას ლარს ითხოვს.

როგორც აქციის მონაწილეებმა „ბათუმელებს“ აცნობეს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რამაზ ბოლქვაძე, მათ დაპირდა, რომ ამჯერად თანხმობის წერილს სამინისტროსგან უახლოეს დღეებში მიიღებენ.

აჭარის მთავრობა: ქედის მუნიციპალიტეტი 86 ათასი ლარით დაზარალდა

აჭარის მთავრობის პრესსამსახიურის ინფორმაციით, აჭარაში, სტიქიით დაზარალებულ ზონებში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაბაშვილებში დამეწყირილი გზა გაწმენდილია. დამატებით ჩატარდება ფერდსამაგრი სამუშაოები, რომელიც საბოლოოდ გაამაგრებს გზის მეწყერსაშიშ მონაკვეთს. აღდგენითი სამუშაოების პარალელურად, დღესვე ქედის მუნიციპალიტეტის ხარაულა-ჯალაბაშვილების მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარი და მიმდინარეობს სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოები. უახლოეს პერიოდში ჩატარდება გეოლოგიური კვლევა მეწყერსაშიშ ზონებში მცხოვრები ოჯახებისთვის. საბოლოო მონაცემებით, სტიქიის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტი 86 ათას ლარით დაზარალდა.“ – აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  დღეს ქედაში, სოფელ ჯალაბაშვილებში, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნუგზარ სურმანიძე იმყოფებოდა.

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ქირავდება 47 კვ/მ ევრორემონტით უზრუნველყოფილი ბინა დღიურად

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ქირავდება 47 კვ/მ ევრორემონტით უზრუნველყოფილი ბინა დღიურად. ფასი: 100 აშშ დოლარი.

samaklero.ge

5.

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ქირავდება ბინა დღიურად

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე   ქირავდება 33 კვ/მ ევრორემონტით უზრუნველყოფილი ბინა   დღიურად. ფასი: 150 ლარი.

samaklero.ge

4.

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ქირავდება 37 კვ/მ ბინა დღიურად

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე   ქირავდება 37 კვ/მ ევრორემონტით უზრუნველყოფილი ბინა დღიურად. ფასი: 100 ლარი.

samaklero.ge

3.

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ქირავდება 36 კვ/მ ევრორემონტით უზრუნველყოფილი ბინა დღიურად

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე   ქირავდება 36 კვ/მ ევრორემონტით უზრუნველყოფილი ბინა   დღიურად. ფასი: 70 აშშ დოლარი.

samaklero.ge

2.

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, ქირავდება ევრორემონტით უზრუნველყოფილი ბინა დღიურად

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, N4 ში  ქირავდება  30 კვ/მ ევრორემონტით უზრუნველყოფილი ბინა დღიურად. ფასი: 50 აშშ დოლარი.

samaklero.ge

1.

ბათუმში საინფორმაციო კონფერენცია – „რელიგიის თავისუფლება“ მიმდინარეობს

ამ წუთებში ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორდღიანი საინფორმაციო კონფერენცია – „რელიგიის თავისუფლება“ მიმდინარეობს.

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის [EMC] სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორის, თამთა მიქელაძის თქმით, შეხვედრები განკუთვნილია რელიგიური ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირებისათვის და შეეხება რელიგიის თავისუფლების, სეკულარიზმის საკითხებს, მუსლიმი თემის უფლებრივ მდგომარეობას და იმ პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ კონტექსტებს, რომლებიც აჭარაში მუსლიმ თემთან დაკავშირებით არსებობს.

„დღეს მოხსენებებს წაიკითხავენ მალხაზ სონღულაშვილი [ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღოლი, რომელიც მუსლიმი თემის აქტიური მხარდამჭერი და გულშემატკივარია]  და მკვლევარები: თამთა ხალვაში და სოფიო ზვიადაძე. ხვალინდელი შეხვედრა მთლიანად ადამიანის უფლებებს და იმ გამოწვევებს დაეთმობა, რომლებიც სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებს აქვთ“, – ამბობს თამთა მიქელაძე და აღნიშნავს, რომ რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დამსწრეები არიან, არამარტო მუსლიმი თემის წარმომადგენლები, არამედ კათოლიკური ეკლესიის, სომხური ეკლესიის და პროტესტანტული დენომინაციები.

შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე აღნიშნავს, რომ შეხვედრები ხელს შეუწყობს მუსლიმ და ქრისტიანულ თემებს შორის ურთიერთობების პოზიტიურ და ნეგატიურ ელემენტებზე მსჯელობას და „დაეხმარება როგორც ქრისტიან, ასევე მუსლიმ საზოგადოებას, გაიაზროს თუ რა მდგომარეობაში ვართ, რატომ ვაწყდებით პრობლემებს ამ ურთიერთობებში, საიდან არის ნასაზრდოვები ის შიშები, სტერეოტიპები თუ შეთქმულების თეორიები, რომლებიც ასე უხვად გვაწევს თავზე“.

როგორც თამთა მიქელაძე ამბობს, შესაძლოა ის პრობელმები რაც ამ შეხვედრების ფარგლებში გამოიკვეთება,  კიდევ ერთხელ გახდეს EMC-ის მხრიდან სამართლებრივი რეაგირების ან ადვოკატირების საკითხი და დაიგეგმოს, თუ როგორ შეიძლება ორგანიზაციამ მხარი დაუჭიროს კონკრეტული პრობლეების გადაწყვეტას.

კონფერენცია ხვალ, 13 ივლისს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის დასრულდება.

უნიკალური, ლიზენცირებული, საგვარეულო მალამო და ექიმი, რომელიც პაციენტებს კურნავს

ბათუმში, „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში“, ტაბიძის ქუჩა #2-ში, თბილისიდან მოწვეული მანუალური თერაპევტი ნიკა თაბუნიძე რამდენიმე თვეა იღებს პაციენტებს. იგი ოპერაციის გარეშე, საგვარეულო მალამოს და საჭიროების შემთხვევაში ტრადიციული მედიცინის გამოყენებით მკურნალობს.

ნიკა თაბუნიძე
ნიკა თაბუნიძე

ბატონი ნიკა თაბუნიძე საგვარეულო მეთოდების უბადლო მცოდნეა. თაბუნიძე ძველი, მესხური გვარია, თაბუნიძის საგვარეულო მეთოდით მკურნალობა კი რამდენიმე საუკუნეს ითვლის. ნიკა თაბუნიძე წარმატებით კურნავს იმ ადამიანებს, რომელთაც წელის ტკივილი და ქრონიკული დაავადებები ტანჯავს: რადიკულიტი, დისკოზი, პროლაპსი, პროთრუზია, დისკოპათია, ართროზი, იშიაზი, მარილების დაგროვება, ნერვის ანთება. იგი იყენებს საგვარეულო რეცეპტით დამზადებულ წამლებს, რომლებიც რამდენიმე ასეული ბალახისგან მზადდება. ყველა ეს წამალი სერტიფიცირებული და ლიცენზირებულია.

ნიკა თაბუნიძემ საგვარეულო წამლებსა და მათ უნიკალურობაზე რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.

ბატონო ნიკა, ჩვენი საუკუნის დაავადებებია ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ნერვოზის სხვადასხვა ფორმა, სულიერი და ფიზიკური ტრავმები, გაციება… ამას ემატება ექიმთან დროულად არ მისვლა… რა მოსდევს ყოველივე ამას?

ძირითადად, გვხვდება სახსრების ანთება, ამ დროს სინოვიალური სითხე ნელ-ნელა შრება, დამცავი შემაერთებელი რბილი ქსოვილი, რომლითაც დაფარულია მალები და სახსრის ზედაპირი, იწყებს გარქოვანებას. დროთა განმავლობაში მალებს შორის არსებული ნაპრალი და სივრცე ამოივსება ძვლოვანი წანაზარდებით _ ოსტეოპიტებით. ეს ყველაფერი იწვევს სახსრების დეფორმაციას და ინვალიდობას. ვწუხვარ, რომ ძალიან გავრცელდა სახსრებისა და ხერხემლის დაავადება. ამ სნეულებას ხშირად მიაწერენ მარილების დაგროვებას, ართრიტებს, ართროზებს და სხვა დაავადებებს, შესაბამისად, არასწორი მკურნალობა უკუშედეგს იძლევა.

თქვენს საგვარეულო წამალს აქვს გავლილი ფარმაკოლოგიური შემოწმება, თუ გქონიათ პრაქტიკაში უკუჩვენება?

ჩვენი სამკურნალწამლო საშუალებები 90-95% ბალახოვანი მცენარეებისგანაა დამზადებული, თუმცა ნაწილობრივ მესხეთში არსებულ სამკურნალო ქანებსაც შეიცავს. ამ ყველაფერს ემატება ირმის რქა და სხვა ცხოველური კომპონენტები. ნაყენი, ძირითადად, სახსრების დაავადებას კურნავს: ოსტეოქონდროზს, მარილების დაგროვებას, წელის, გულ-მკერდის, კისრის და დისკოგენურ რადიკულიტს. ასევე, მკურნალობას ექვემდებარება ყველანაირი ნერვის ანთება, გარდა სახის ნერვის ანთებისა, ასევე იკურნება ინფექციური და რევმატული ართრიტი და ართროზები, იშიაზი, სქოლიოზი, პლექსიტი, კუჭის, თირკმლის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის დაავადებები.

მკურნალობას კომპლექსური და კომბინირებული მეთოდით ვატარებ: წამლის შინაგანი მიღებით ორგანიზმი მდიდრდება და მარაგდება ბუნებრივი მინერალებით, ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით და პარალელურად ვატარებ მანუალურ თერაპიას, იგივე წამლის შეზელვას. თუ საჭიროა, ტრადიციულ მედიცინასაც მივმართავ.

ჩემი წამლები სამი სახისაა: დასალევი, ანუ შინაგანი, სხეულზე წასასმელი სითხე და ასევე წასასმელი მალამო. ყველა წამალი სერტიფიცირებული და ლიცენზირებულია. ოპერაციის გარეშე ვმკურნალობ დისკოზს, პროლაპსს, პროთრუზიას, დისკოპათიას. მამაჩემი ნუგზარ თაბუნიძე 42 წელია ამ საქმეს ემსახურება და უკუჩვენება ჩვენ წამლებს არასდროს არ ჰქონია.

დღეს საქართველოში, სხვადასხვა ადგილას შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ვითომ მკურნალობენ ნუგზარ თაბუნიძის სამკურნალო საშუალებებით, იყენებენ გამახურებელ, შხამიან მცენარეებსა და ძირებს, ატყუებენ ადამიანებს – აი, ეს არის თაბუნიძის მალომოო, მაგრამ შხამიანი მცენარე სხვაა და სამკურნალო სხვა.

სწორედ ნუგზარ თაბუნიძის და მისი შვილის, ნიკა თაბუნიძის მალამოა ერთადერთი „თაბუნიძის მალამო“, რომელსაც უკვე 26 საუკუნეა იყენებენ და რომლის მომზადების რეცეპტი მამიდან შვილზე გადადის. თვითმარქვიები ვერასდროს შეძლებენ მსგავსი მალამოს დამზადებას.
ექიმ ნიკა თაბუნიძეს შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ მისამართზე:

ბათუმი, ტაბიძის ქუჩა #2.
ჩასაწერად დარეკეთ წინასწარ მობილურზე: 568 03 11 03

ექიმ ნუგზარ თაბუნიძეს შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ მისამართზე:

თბილისი, ვაკე, წყნეთის ქუჩა, მესამე კორპუსი. მობილური: 599 22 11 66

გონიოში იყიდება აგარაკი

გონიოში იყიდება აგარაკი (ორი სართული), 3 ოთახი (2 საძინებელი), საცხოვრებელი ფართობი: 78 კვ/მ, ეზო: 200 კვ/მ, უზრუნველყოფილი ევრორემონტით, ავეჯით, სველი წერტილით, პარკინგის ადგილით, საუკეთესო ხედებით.სახლი აშენებულია 4 წლის წინ, მდებარეობს ფერდობზე, ტყესთან ახლოს, ზღვიდან 700 მეტრში.

ფასი.: 68 ათასი აშშ დოლარი.

მობ.: 592 07 12 12.

ganc2 (2)ganc3ganc2 (1)

„შუახევიჰესისთვის“ აგებული გვირაბების სიგრძე 37 კილომეტრია

საქართველოში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის – „შუახევიჰესის“ სამუშაოების 80 პროცენტზე მეტი უკვე დასრულებულია. განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 416 მილიონი დოლარია. მსგავსი მასშტაბის პროექტი საქართველოში, ენგურის შემდგომ, ბოლო 35 წელია არ განხორციელებულა. მშენებლობას კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ახორციელებს, რომელიც აჭარისწყლისა და მისი შენაკადების ჰიდრორესურსების ათვისების მიზნით შეიქმნა.

„შუახევიჰესზე“ ამჟამად ორივე დამბის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და დათქმულ ვადებში სრულდება. უკვე დასრულებულია მიმყვანი გვირაბის ექსკავაცია, ხოლო გვირაბების მშენებლობა სხალთიდან დიდაჭარამდე და ჩირუხისწყლიდან სხალთამდე – დასასრულს უახლოვდება.

ეს გვირაბები პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მათი სიგრძე, ჯამში, 37,2 კილომეტრია. შენდება სამი ძირითადი გვირაბი: მიმყვანი გვირაბი ჩირუხისწყლიდან სხალთამდე – სხალთის ელექტროსადგურის ელექტრომომმარაგებელი, გადამყვანი გვირაბი – სხალთიდან დიდაჭარამდე და მთავარი მიმყვანი გვირაბი – შუახევის ელექტროსადგურის ელექტრომომმარაგებელი.

გვირაბების გაყვანა ბურღვა-აფეთქებითი მეთოდით ხორციელდება, ვიბრაციის მზომავი სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით. „შუახევიჰესზე“ აღნიშნავენ, რომ გვირაბის გაყვანისას ყოველდღიურ რეჟიმში მოწმდება ვიბრაციის სიმძლავრე.

„შუახევიჰესი“
„შუახევიჰესი“
„შუახევიჰესი“
„შუახევიჰესი“

„შუახევიჰესი“ ელექტროენერგიის წარმოებას განახორციელებს წყლის ბუნებრივი დინებით. წყალი ჩირუხისწყლიდან სხალთის დამბაზე ჩამოედინება, დაემატება მდინარე სხალთის წყალი და სხლათა-დიდაჭარის გვირაბის გავლით ჩაედინება დიდაჭარის რეზერვუარში, სადაც დაემატება წყალი მდინარე აჭარისწყლიდან და ღორჯომიდან. დაგროვილი მასა მიმყვანი გვირაბის საშუალებით მიეწოდება შუახევის ელექტროსადგურს.
ელექტროსადგურში წყალი აამოქმედებს ტურბინებს (თითოეულზე 2), რომლებიც დააბრუნებენ ელექტროენერგიის გენერატორების როტორებს.

წყლის მაქსიმალური ოდენობა მოსალოდნელია გაზაფხულზე, თოვლის დნობისას, მარტში, აპრილსა და მაისში. რეზერვუარში წყლის ჭარბი რაოდენობით დაგროვების დროს წყალი, რომელიც ვერ იქნება გამოყენებული ელექტროენერგიის წარმოებისთვის, გაივლის დამბის ავლით, თითოეულ დამბაზე არსებული წყალსაგდების გზით. ელექტროსადგურის ოპერირებისთვის წყლის მინიმალური დონე სავარაუდოდ მოსალოდნელია ზაფხულის თვეებში. რეზერვუარის ავსებას მეტი დრო დასჭირდება და ენერგიის წარმოება შემცირდება. მაგალითისთვის, ოპერირების მინიმალური დონე დიდაჭარის დამბისთვის არის 770 El.

რაც შეეხება რეზერვუარებს, სხალთის რეზერვუარის ზედაპირის მოცულობა დაახლოებით 12 ჰექტარია მაქსიმალური მიწოდების დონეზე, 0,75 მმ3 ტევადობით. დიდაჭარის რეზერვუარის ზედაპირის მოცულობა დაახლოებით 15 ჰექტარია მაქსიმალური მიწოდების დონეზე – 1.2 მმ3 ტევადობით.
შუახევიჰესის მშენებლობა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. მდგრადობისთვის გამოიყენება ბეტონის თანამედროვე დანამატები და უახლესი მოდელის ტურბინები დამცავი საფარით, რათა შემცირდეს ცვეთა და დაცული იყოს უსაფრთხოების ზომების თანამედროვე სტანდარტი. უსაფრთხოება პროექტის ყველა ნაწილში მშენებლობის მთავარი პრიორიტეტია.

„შუახევიჰესის“ მშენებლობას „აჭარისწყალი ჯორჯიას“ კონტრაქტორი კომპანია „აგე ბათუმი“ ახორციელებს. მათ მიერ განხორციელებული ყოველდღიური სამუშაოს მეთვალყურეობისთვის ადგილზე მუშაობს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მფლობელების მიერ დაქირავებული ბრიტანული საინჟინრო კომპანია Mott MacDonald-ი, რომლის თანამშრომლებიც მონიტორინგს უწევენ სამშენებლო სამუშაოებს. ასევე პროექტის დამფინანსებლები და დამოუკიდებელი ინჟინერი კვარტალურად ამოწმებს პროექტის სათანადო ხარისხს, ღირებულებას და გრაფიკს. ამავდროულად კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ თანამშრომლები უზრუნველყოფენ პროექტის დაგეგმარებასა და სპეციფიკასთან შესაბამისობას.
პროექტის განხორციელებას სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოც უწევს ზედამხედველობას, მათ შორის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო.

„შუახევიჰესის“ მშენებლობა 2016 წელს დასრულდება, ხოლო ჰესის ექსპლუატაციაში გაშვება იგეგმება 2017 წლიდან.

ამჟამად „შუახევიჰესში“ უკვე მიმდინარეობს თანამშრომლების შერჩევა. კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ცდილობს გამოავლინოს და ტრენინგი ჩაუტაროს რაც შეიძლება ბევრ ქართველ თანამშრომელს. ექსპლუატაციისა და ტექნიკური უზრუნველყოფის გუნდი იქნება ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან შემდგარი.

„შუახევიჰესში“ ამბობენ, რომ პროექტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს და განსაკუთრებით დიდ როლს შეასრულებს მომავალში რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესში. მეტიც, შესაძლოა ეს უნიკალური მშენებლობა, რომლის მსგავსი მასშტაბის პროექტი საქართველოში 35-ზე მეტი წელი არ განხორციელებულა, ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვან კერადაც იქცეს მაღალმთიან აჭარაში.

„შუახევიჰესი“
„შუახევიჰესი“
„შუახევიჰესი“
„შუახევიჰესი“
„შუახევიჰესი“
„შუახევიჰესი“
Exit mobile version