უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ სამი ფრაქციის გარდა აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ პაატა ჯალაღონიას არჩევას ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებიც“ დაუჭერს მხარს. ამ ფრაქციის თითოეული წევრი სატელეფონო საუბარში ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და უსკოს თავმჯდომარედ პაატა ჯალაღონიას კანდიდატურას მხარს უჭერს. პაატა ჯალაღონიას სასარგებლოდ ხმის მიცემას გეგმავს „რესპუბლიკელი“ გიორგი მასალკინიც.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრი ფარული კენჭისყრისას ჯალაღონიას წინააღმდეგ არ მისცემს ხმას, პაატა ჯალაღონია უსკოს თავმჯდომარის პოსტზე ასარჩევად საჭიროზე მეტ ხმას მიიღებს.
გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, უარყოფითი პოზიცია ექნება „ ნაციონალური მოძრაობიდან“ ექვს და ფრაქცია „თანასწორობიდან“ ორ წევრს. ამავე ფრაქციის მესამე წევრი მედეა ვასაძე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს ამბობს.
პროფესიით იურისტი პაატა ჯალაღონია აჭარის მთავრობის აპარატში უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს, მანამდე ის მთავრობის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
სამთავრობო სტრუქტურაში დასაქმებადე პაატა ჯალაღონია არასამთავრობო სექტორში მუშაობდა:
2010 -2012 წლებში ის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე, 2009-2010 წლებში კი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროგრამების კოორდინატორი იყო. 2007 -2009 წლებში პაატა ჯალაღონია აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის რწმუნებული იყო ბათუმში. მანამდე სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელობდა ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონალურ ცენტრს, იყო საიას იურისტი და ეწეოდა პედაგოგიურ საქიმიანობასაც.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს ზურაბ პატარაძე ჩაანაცვლებს. ის ამ დრომდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია ყაზახეთის რესპუბლიკაში. ინფორმაცია „ბათუმელებს“ რამდენიმე სამთავრობო წყარომ დაუდასტურა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მასთან შეხვედრა უკვე ჰქონდათ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულ ოცნების“ წევრებს. ეს ინფორმაცია ფრაქციის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩიტივილმა დაადასტურა: „ჩვენ მას შევხვდით ბათუმში, რადგან გვაინტერესებდა ყაზახური ინვესტიციები. ეს იყო მეგობრული შეხვედრა და მეტი არაფერი. აჭარას ჰყავს მოქმედი თავმჯდომარე და მე არ მაქვს ინფრომაცია, რომ ის მინიმუმ, არჩევნებამდე რაიმეს ელოდება“.
მთავრობის თავმჯდომარის პრესსამსახურში არ ადასტურებენ ინფორმაციას არჩილ ხაბაძის შესაძლო წასვლის შესახებ.
ხაბაძის იმპიჩმენტის უკვე დაანონსსებული პროცედურის დაწყებას უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია ითხოვს. უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი დეპუტატის ინფორმაციით, ხაბაძე იმპიჩმენტის პროცედურით არა, მაგრამ ამ პროცედურის შემდეგ საკუთარი განცხადებით წავა.
ზურაბ პატარაძე ბათუმელია. მას აქვს სახლი ქობულეთში. ორი ბინა თბილისში, მათ შორის ერთი 2013 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით იპოთეკითაა დატვირთული.
არჩილ ხაბაძის შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი, ლევან ვარშალომიძე საქართველოში ბრუნდება და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. 2013 წელს ზურაბ პატარაძე იყო საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში.
დაბა ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე არსებული გზა უნდა გაფართოვდეს, რის გამოც რამდენიმე ოჯახი შესაძლოა აასახლონ. დეტალური პროექტი ჯერ არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს განსახლების გეგმაც. ხულო-გოდერძის მონაკვეთის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის მიერ შემოთავაზებული სესხით დაფინანსდება.
ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე [აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრამდე] არსებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მონაკვეთი [დაახლოებით 29 კმ] ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გაკეთდება.
„გზის აღნიშნული მონაკვეთის პროექტირებაზე უნდა გამოცხადდეს ტენდერი, რისი მოსამზადებელი სამუშაოებიც ამჟამად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სხვა დეტალების შესახებ ვერ ვისაუბრებთ. როცა პროექტი გაკეთდება და გაირკვევა დაფინანსების საკითხიც, სამუშაოებზე, შემდეგ, ცალკე ტენდერი გამოცხადდება,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ზუსტ ვადას, როდის გამოცხადდება ტენდერი პროექტირებაზე, ვერ ასახელებენ. „რაც შეიძლება მალე“ – გვითხრეს დეპარტამენტში.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაბა ხულოდან გოდერძის მიმართულებით, სოფლების გზისპირას მცხოვრებ ოჯახებს აუცილებლად მოუწევთ ასახლება ან მიწის ნაკვეთების ნაწილის დათმობა. მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმირებული არ არის და არც განსახლების გეგმაზე მომუშავე ჯგუფი ჩასულა ჯერ ხულოში.
ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის პროექტის [ლოტი 1: ხულო-გოდერძის მონაკვეთი] დასაფინანსებლად, სესხის მისაღებად, არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდთან მოლაპარაკებებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ორი სამინისტრო – ფინანსთა და ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები – მართავს. შესაბამისად, სესხის მოცულობა და პირობები, ხელშეკრულების გაფორმების დროს დაზუსტდება.
გზა ხულოს მუნიციპალიტეტში. თედო ჯორბენაძის ფოტო
ხულოს მუნიციპალიტეტში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ზამლეთი-ხიხაძირის გზის სხალთა-კვატიის მონაკვეთის რეაბილიტაციაც იგეგმება. საერთაშორისო ტენდერი, რომელიც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა წელს, 16 თებერვალს გამოაცხადა, 15 მარტს დასრულდა. ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა, გამარჯვებულად კი 28 მარტს კომპანია „ბლექ სი გრუპი“ დასახელდა. თუმცა შესყიდვების გვერდზე ხელშეკრულების ტექსტი ატვირთული დღემდე არ არის და არც სამუშაოებია დაწყებული.
„გიდასტურებთ, რომ ვართ ტენდერში გამარჯვებული და ჩვენი მხრიდან შესაბამის ხელშეკრულებაზეც ხელი მოწერილია,“ – მხოლოდ ეს გვიპასუხეს „ბლექ სი გრუპში“ კითხვაზე – თუ რატომ გაჭიანურდა ხელშეკრულების გაფორმება და როდის დაიწყებოდა სამუშაოები. კომპანიამ გზის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია დეპარტამენტს 4 799 999 ლარად შესთავაზა.
„ხელშეკრულება გაფორმებულია კომპანიასთან. მას კიდევ სხვა ობიექტები აქვს აღებული, ამ დღეებში მოახდენს შესაბამისი ტექნიკის მობილიზებას ადგილზე და მალე ინტენსიურად დაიწყებს სხალთა-კვატიას მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს,“ – გვიპასუხეს გზების დეპარტამენტში.
დეპარტამენტში „ბათუმელებს“ გასულ წელს ისიც განუცხადეს, რომ მათი დაკვეთით ხულო-ადიგენის გზის მონაკვეთზე გერმანულ-ქართულმა საპროექტო ორგანიზაციამ შეადგინა რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაო-ტექნიური დოკუმენტაცია. პარალელურად, დაფინანსების მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა აზიის განვითარების ბანკთან. პროექტი მრავალმილიონიანია. სხვა დეტალები დეპარტამენტში არც მაშინ და არც ახლა არ დააკონკრეტეს.
რაც შეეხება ბათუმი-ახალციხის შიდასახელმწიფოებრივი გზის აჭარის მონაკვეთს [ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე], მაგისტრალი მნიშვნელოვნად ზიანდება მძიმეტონიანი ავტომანქანების გადაადგილების შედეგად, რომლებიც ჰესების მშენებლობას ემსახურებიან. გზაზე პასუხისმგებელი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტია. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს, აჭარის საავტომობილო გზების დირექციის დირექტორის, ზურაბ სიხარულიძის განცხადებით, ვიდრე ჰესების მშენებლობა არ დასრულდება, ამ მაგისტრალის კაპიტალური შეკეთება არ იგეგმება:
„შესაძლოა მომავალი წლის ბიუჯეტში ჩაიდოს თანხა ამ მიზნით, მანამდე კი, ეტაპობრივად, საკუთარი ხარჯებით და ტექნიკით ვახდენთ დაზიანებული ადგილების დროებით შეკეთებას. ამჟამად, ორმული შეკეთება მიმდინარეობს ხულოს ტერიტორიაზე. რამდენიმე დღეში კი დაბა შუახევში გზის არა ორმულ, არამედ უშუალოდ რეაბილიტაციას დავიწყებთ. შეკეთდება დამცავი კედლებიც“.
„საინტერესო შემთხვევაა, არ გვინდა მორიგება. უმჯობესია საკითხი სასამართლომ განიხილოს“, – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ნოდარ ბოლქვაძემ. ის გონიოში მდებარე რესტორან „აიდერის“ ინტერესებს იცავს. „საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაცია“ თურქული რესტორნისთვის ლიცენზიის პირობის დარღვევისთვის 3140 ლარის, ასევე პირგასამტეხლოს – 295 ლარის დაკისრებას ითხოვს. მოსარჩელეს მოპასუხემ, ანუ რესტორნის მფლობელმა, სარჩელითვე უპასუხა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე განიხილავს.
„გონიოს ცენტრში მდებარე რესტორნის ხელმძღვანელთან გასული წლის ივნისში გავაფორმე ხელშეკრულება. იქ იყვნენ მუსიკოსებიც, მაგრამ ჩემი მისვლის დროს ფონოგრამა იყო ჩართული, კონკრეტულად რუსული მუსიკა. მათ რეპერტუარში იყო ის მუსიკა, რომელიც არის ჩვენს ბაზაში [„ბაზაში“ იგულისხმება მუსიკალური ნაწარმოები, რომლის ავტორთან ან მის წარმომადგენელთან, როგორც თვითონ აცხადებს, აქვს შეთანხმება ასოციაციას. ავტ.] შევთანხმდით, რომ ყოველთვიურად რესტორანი ჩვენს ანგარიშზე ჯამში 407 ლარს გადაიხდიდა, მაგრამ მან ეს პირობა დაარღვია“, – უთხრა სასამართლოს მოწმის სახით დაბარებულმა მინურ პაქსაძემ. ის საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის რეგიონული წარმომადგენელია აჭარაში.
რესტორნის მფლობელმა სარჩელის ავტორს, ასოციაციას სასამართლოში საპასუხო სიტყვის ნაცვლად შეგებებული სარჩელი დაახვედრა. მოპასუხე დადებულ ხელშეკრულებას კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს და მის ბათილად ცნობას მოითხოვს. „ჩემი მარწმუნებელი მოატყუეს“, – ამბობს ნოდარ ბოლქვაძე: „ის თურქულენოვანია და ისე მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, არც კი იცოდა პირობები. მაჩვენეთ, გყავდათ თუ არა მიყვანილი თარჯიმანი, როცა სალიცენზიო პირობებზე ხელშეკრულება გაფორმდა. მაჩვენეთ ასევე მტკიცებულება, რითაც დასტურდება, რომ რესტორანში ქართულ ან ინგლისურ ენაზე სრულდებოდა სიმღერა“.
„თუკი სალიცენზიო შეთანხმების შეწყვეტა გსურთ, ამას სასამართლო არ სჭირდება. უბრალოდ, ასეთ შემთხვევაში, თქვენ საერთოდ არ გექნებათ მუსიკალური ნაწარმოების გაჟღერების უფლება რესტორანში“, – მიმართა ადვოკატს ასოციაციის წარმომადგენელმა, სოფო ნემსაძემ. ის ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რესტორნის თურქი ეროვნების მფლობელმა ქართული ენა არ იცის: „თუ მან ქართული არ იცის, თქვენ, მის წარმომადგენელს, ამავე ენაზე როგორ გაგიფორმათ მინდობილობა? საქმეში დევს ეს მინდობილობა.“
რესტორნის ადვოკატის მტკიცებით, რესტორანში მხოლოდ თურქული სიმღერები სრულდება, რაც ასოციაციის ბაზაში არ არის და მათ გაჟღერებას კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია არ სჭირდება. ასოციაციის იურისტის, სოფო ნემსაძის თქმით კი, რესტორანში დღემდე ჟღერს ქართული და უცხოენოვანი მუსიკაც, როგორც ცოცხალი შესრულებით, ასევე ფონოგრამით.
მოსამართლის მოწოდების მიუხედავად, მორიგება ამ ეტაპზე ვერ შედგა: რესტორანი მხოლოდ 1000 ლარის გადახდაზეა თანახმა, ასოციაცია კი მარტო პირგასამტეხლოზე ამბობს უარს. სასამართლოს შემდეგ სხდომაზე მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე რესტორნის ადმინისტრაციის თანამშრომელს მოუსმენს, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების პროცესში იყო ჩართული. მან უნდა თქვას, გასაგები იყო თუ არა სალიცენზიო ხელშეკრულების პირობები მისი დირექტორისთვის.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ“ საკითხი პირველია დღის წესრიგში, რომლითაც დღეს, 28 ივნისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ უნდა იმუშაოს.
ბიურომ ასევე უნდა განიხილოს საკითხები – აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი პარმენ ჯალაღონიას კანდიდატურისა და უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი სოფიო კახაძისა და მზიური შავაძის კანდიდატურების შესახებ.
სამთავე საკითხზე მომხსენებელი ალექსანდრე ჩიტიშვილია – საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
ბიურო, სხვა საკითხებსაც განიხილავს. სხდომა დღეს, 12 საათისთვისაა ჩანიშნული.
აჭარის უმაღლეს საბჭოში, სამმა ფრაქციამ – „თანასწორობა“, „მაჟორიტარები“ და „ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მთავრობის იმჩიპმენტის პროცედურა გასულ თვეში დაიწყო. რის შესახებაც განცხადება აჭარის უმაღლეს საბჭოში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ზამბახიძემ გააკეთა. დეპუტატის განცხადებით მთავრობის იმპიჩმენტის საკითხი 16 ივნისის სხდომაზე უნდა გასულიყო, თუმცა საკითხის საგაზაფხულო სესიაზე გატანა ვერ მოხერხდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სამინისტრო 2016 წელს საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის აცხადებს კონკურსს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც:
2013, 2014 და 2015 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე;
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;
ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71 % -სა.
დაფინანსება გაიცემა შემდეგი კატეგორიის სტუდენტებზე:
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები და ქვეპროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა წარადგინონ სამინისტროში 2016 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით. შემდეგ მისამართზე: ქალაქი ბათუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა N4; ტელ – 24 53 78. ბმულის საშუალებით იხილეთ განცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, ასევე იხილეთ ქვეპროგრამის აღწერილობა.
„წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-ბათუმი“ ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პროგრამას – დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაცია.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება:
სოციალური პროექტების დაფინანსება
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადება
ნუგზარ თაბუნიძე და მისი შთამომავლობა მჭიდროდ უკავშირდება ხალხურ მედიცინას, რომელსაც ათასობით ადამიანი ემადლიერება. ნუგზარ თაბუნიძე და მისი ვაჟი, ნიკა თაბუნიძე პროფესიით ექიმები არიან და საგვარეულო რეცეპტით მკურნალობენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: რადიკულიტი, დისკოზი, პროლაფსი, პროტრუზიო, დისკოპათია, ართროზი, იშიაზი, მარილების დაგროვება, ნერვის ანთება და სხვა. თუ ეს დაავადებები გაწუხებთ, ნიკა თაბუნიძის მალამო გესაჭიროებათ.
თაბუნიძეების ოჯახში ორი მკურნალია. უფროსი, ექიმი ნუგზარ თაბუნიძე 50 წელზე მეტია თბილისში ცხოვრობს, მისი ვაჟი, ნიკა თაბუნიძე კი უკვე ბათუმშიც შეგიძლიათ ნახოთ, მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში, ტაბიძის #2-ში. მან უკვე დაიმსახურა პაციენტების პატივისცემა და სიყვარული.
ნიკა თაბუნიძის კაბინეტთან ნახავთ ხელჯოხიანებს და წელში მოხრილ, წლობით ტკივილით გაწამებულ, დაღლილ ადამიანებს, რომლებიც წლობით მკურნალობდნენ უშედეგოდ საქართველოში თუ საზღვარგარეთ, მაგრამ უკან ისევ იმ პრობლემით, საშინელი ტკივილით და იმედგაცრუებულები ბრუნდებოდნენ. ნიკა თაბუნიძე უბრუნებს მათ ჯანმრთელობასა და იმედს. მის კაბინეტთან ასევე ნახავთ იმ ადამიანებს, რომლებიც ნიკა თაბუნიძის მკურნალობის შემდეგ ეწვიენ ექიმს მადლობის სათქმელად.
ნიკა თაბუნიძე ოპერაციის გარეშე მკურნალობს: ოსტეოქონდროზს, ართრიტს, ნერვის ანთებას, პროტრეზიას, ხერხემლის თიაქარს, პროლაფს, რადიკულიტს, სახსრებისა და ხერხემლის დაავადებებს.
აი, რას ამბობს ერთ-ერთი კლინიკის მთავარი ექიმი თ. ნაცვლიშვილი, რომელიც ნუგზარ თაბუნიძის ყოფილი პაციენტია: „ნუგზარ თაბუნიძე, `ოქროს ხელია~, რომელიც შველის უამრავ გაჭირვებულ, დაავადებულ ადამიანს. ის მოკლე ხანში აღწევს შედეგებს, რომლის შედარება არ შეიძლება იმ მეთოდებთან, რომლებიც გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში, ესაა: მედიკამენტოზური, ფიზიო-ბალნეო, მექანო-თერაპია, სამკურნალო ფიზკულტურა თუ სხვა მეთოდები. მე პირადად სისტემატურად ვიტარებდი მკურნალობას ყველა ამ მეთოდით, მაგრამ სასურველ შედეგს მაიც ვერ მივაღწიე. ნუგზარ თაბუნიძესთან მკურნალობის მხოლოდ ერთი კურსის ჩატარების შემდეგ ვიგრძენი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, მომეხსნა ტკივილები წელისა და ფეხის არეში, გამითავისუფლდა მოძრაობა მუხლის სახსარში, სადაც მქონდა გონართროზი. დიდ მადლობას ვუხდი ნუგზარს ამ კეთილშობილურ საქმეში. მე დავრწმუნდი და ჩემი თვალით ვნახე, როგორ ამარცხებს ის პროთრეზიას, დისკოპათიას, პროლაფს, ნერვის ანთებას, სინდრომებს და სხვა.“
თაბუნიძე მესხური გვარია, რომლის წარმომადგენლები თავიანთი საგვარეულო მეთოდით, საუკუნეებია მკურნალობენ ადამიანებს. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, `თაბუნი~ არაბული წარმოშობის სიტყვაა. „თაბუნი ნახეთ აქიმი“, – ამბობს საბა და განმარტავს, რომ „აქიმი“ იგივე „ექიმია“. ასე რომ „თაბუნობა“ ყოფილა ექიმის პროფესია, რომელიც გვარითა და მემკვიდრეობით გადადიოდა საუკუნეების მანძილზე. თაბუნიძეების გვარის ისტორიას უკავშირდება გადმოცემა და ისტორიული ცნობები იმის შესახებ, რომ თაბუნიძეები ბაგრატიონთა სამეფო გვარის მკურნალები იყვნენ.
„ნიკა თაბუნიძის მკურნალობის ეფექტურობის ყველაზე აშკარა ნიშანი ისაა, რომ არ დარჩენილა ძველი თუ ახალი თაობის, მთავრობის, პარლამენტის, სასულიერო ფენის წარმომადგენელი, რომ არ ემკურნალათ ნიკა თაბუნიძესთან. მკურნალობენ: მოხუცები, ახალგაზრდები, ქალები, ბავშვები, მამაკაცები, მწერლები, კომპოზიტორები, სპორტსმენები – მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები. მკურნალობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც მოიარეს მოწინავე განვითარებული ქვეყნები და რომ ვერ ეშველათ, მოდიან აქ,“ – ამბობს კიდევ ერთი მადლიერი პაციენტი, უკვე დღეს, თანამედროვე საქართველოში.
ნუგზარ თაბუნიძეს მიწვევა აქვს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში, მაგრამ საქართველოდან არ მიდის. ამბობს, რომ მისი ყოფნა ქვეყანაში ხალხს სჭირდება.
ექიმ ნიკა თაბუნიძეს შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ მისამართზე:
ბათუმი, ტაბიძის ქუჩა #2.
ჩასაწერად დარეკეთ წინასწარ მობილურზე: 568 03 11 03
ექიმ ნუგზარ თაბუნიძეს შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ მისამართზე:
თბილისი, ვაკე, წყნეთის ქუჩა, მესამე კორპუსი. მობილური: 599 22 11 66
„დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის – „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში ბათუმის საკრებულოში მოქალაქეთა მიერ ინიცირებული 7 პეტიციის განხილვა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართა.
„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილე ბათუმის საკრებულოს წევრებმა მზადყოფნა გამოთქვეს ითანამშრომლონ გარკვეული საკითხების გადაწყვეტის თაობაზე, საკრებულოს კომპეტენციის ფარგლებში. არასამთავრობო ორგანიზაციები კი მზად არიან ერთობლივი თანამშრომლობით ხელი შეუწყონ სამოქალაქო აქტივობის გაძლიერებას.
ბათუმის საკრებულოში ინიცირებული პეტიციებია:
გარე ვაჭრობის ფორმით ქ. ბათუმის ტერიტორიაზე აიკრძალოს პიროტექნიკის რეალიზაცია. ბოლო წლებში გახშირდა პიროტექნიკით გამოწვეული ადამიანთა ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევები.
გონიოს დასახლებაში, სვიმონ კანანელის ქუჩაზე მდებარე 30-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის არსებულ მონაკვეთზე მოეწყოს ქვეითთა ბილიკი, ან ტროტუარი. ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტული მიზნით მყოფ მოქალაქეებს ხშირად უხდებათ ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ გზაზე ფეხით გადაადგილება, რაც ერთის მხრივ, ხელს უშლის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობას და მეორეს მხრივ, საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებს.
ურეხის უსახლკაროთა თავშესაფრის შენობის ბაზაზე მოეწყოს ხანდაზმულთა თავშესაფარი. გაიზარდა უსახლკარო ხანდაზმულთა რაოდენობა. მოქმედ თავშესაფარში კი არ არის თავისუფალი ადგილები.
ადლიის დასახლების მთავარი შესასვლელისა და აეროპორტის გზატკეცილის კვეთაში მოეწყოს ქვეითთა ფეხით გადასასვლელი, ან შუქნიშანი. ინტენსიური საავტომობილო მოძრაობის გამო მნიშვნელოვნად გაზრდილია ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა.
ქუჩებსა და საკვანძო ადგილებზე მოეწყოს ავტომანქანის მოძრაობის სისწრაფის განმსაზღვრელი რადარები და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები. ახალ ქუჩებზე არ არის სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები და რადარები, რის გამოც ხშირია ავტოავარიების შემთხვევები
ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასასრულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე (აეროპორტის ასაფრენი ზოლის პარალელურად მდებარე) არსებული გზის მონაკვეთს მიენიჭოს ქუჩის სტატუსი და დაერქვას სახელი. გამომდინარე იქედან, რომ ეს ადგილი გამორჩეულია ოფიციალური დელეგაციების სტუმრობით და ამავდროულად არის ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის გაგრძელება, სასურველია დაერქვას „ევროპის ქუჩა“.
ქალაქში ცენტრალური ქუჩების გზაჯვარედინებზე მოეწყოს სასმელი წყლის შადრევნები.
ოთხ ვაკანსიაზე კონკურსს ბათუმის საქალაქო სასამართლო აცხადებს. სასამართლოში შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია გასაუბრების ფორმით შეარჩევს სასამართლოს თავმჯდომარის პირად მდივანს [თანამდებობრივი სარგო 605 ლარი], 2 სპეციალიტს კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღების განყოფილებისთვის [თანამდებობრივი სარგო 570 ლარი] და კურიერს [თანამდებობრივი სარგო 485 ლარი]
გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ისინი, ვისაც კომისია აპლიკაციების საფუძველზე შეარჩევს. სამივე საკონკურსო პოზიციაზე უცხო ენის ცოდნა და სამუშაო გამოცდილება მხოლოდ სასურველია, იურიდიული განათლება მხოლოდ თავმჯდომარის მდივნისთვის არის აუცილებელი, კურიერი კი შესაძლოა პირი საშუალო განათლებითაც გახდეს 21 წლის ასაკიდან.
საკონსკურსო-საატესტაციო კომისიას ბათუმის საქალაქო სასამართლოში თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი ხელმძღვანელობს, მოადგილე – მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეა. კომისიის წევრები არიან მოსამართლეები: ჯუმბერ ბეჟანიძე, გოჩა ფუტკარაძე, ლაშა თავართქილაძე. კომისიამ ასევე მოიწვია სპეციალისტი, ბსუ-ს პროფესორი ადამ მახარაძე და დამოუკიდებელი სპეციალისტი, ადვოკატი, თეონა ჭუმბურიძე.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უდანაშაულოდ სცნო პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ორი პირი. წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბრალდებულები შიმშილობდნენ. მათ ქობულეთში, წყალსაცავის სახელმწიფო დაცვის პოლიციის თანამშრომლის დანით დაჭრაში ედებოდათ ბრალი.
გამოძიების საქმის მასალების მიხედვით, დაპირისპირება წყალსაცავის მიმდებარედ არსებულ კაკლის ბაღში მოხდა, სადაც ბრალდებულები კაკლის მოპარვას ცდილობდნენ. პოლიციელმა თემურ მოწყობილმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში თქვა, რომ მას გულ-მკერდის არეში, მარცხენა მხარეს დანით ჭრილობა მიაყენეს.
ადვოკატი რამინ პაპიძე ამ საქმეში ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ პოლიციელებმა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს სასამართლოს: „გამოძიება ამბობს, რომ ამოცნობა ჩავატარეო, მაგრამ დაზარალებულად ცნობილმა თემურ მოწყობილმა თქვა, რომ ამოცნობა ხუცუბნის პოლიციის შენობაში შედგა, გამომძიებელმა მამუკა ღვინიანიძემ კი გამორიცხა ხუცუბანი და თქვა, რომ ამოცნობა ქობულეთის პოლიციის შენობაში შედგა.“
ადვოკატები ასევე ეჭვობენ, რომ სისხლის ლაქებით დასვრილი მაისური, რომელიც საქმის მასალებში დევს, პოლიციელს არ ეკუთვნის: „გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა სისხლის ლაქა ჭრილობის ზემოთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ დაცვის პოლიციელი მათთან სამოქალაქო ფორმაში მივიდა და ეჩხუბა, თქვენ არ გეკუთვნით კაკალიო. ბრალდებულებმა ექსპერტიზის ჩატარებაც მოითხოვეს, რაც დაადასტურებდა, რომ პირიქით, ამ პოლიციელმა სცემა ბრალდებულები. ექსპერტიზის ჩატარებაზე პროკურატურამ საერთოდ რეაგირება არ მოახდინა, როცა ბრალდებულმა ს.ჩ.-მ თქვა, რომ მას არ აქვს ექსპერიტიზის ჩატარების ხარჯი და იქნებ ეს გამოძიებას დაეფინანსებია“ – ამბობდა „ბათუმელებთან“ ადვოკატი მერი ცინარიძე.
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელი პოლიგონის სამშენებლო სამუშაოების პროექტის მართვისა და ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე“ გამოცხადებულ გამარტივებულ ტენდერში წინადადებების მიღება დასრულებულია.
ტენდერში, რომელიც კომპანია „ჰიგიენა 2009“-მ გამოაცხადა, ორი კომპანია მონაწილეობდა: „გზამშენპროექტი“, რომლის საბოლოო შეთავაზებაა 300 ათასი ლარი და შპს ფორმა 2-ის ფილიალი საქართველოში, რომლის შეთავაზება 1 ლარით ნაკლებია კონკურენტზე, ანუ 299 999 ლარი. გამარჯვებულს სატენდერო კომისია გამოავლენს.
ტენდერის გამოცხადებისას მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 400 ათასი ლარი იყო.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი EBRD-ის და SIDA-ს მხარდაჭერით ხორციელდება: „საერთო ინვესტიციაა – 7 მილიონი ევრო. პროექტი ითვალისწინებს: ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი პოლიგონისა და მისასვლელი გზის მშენებლობას 2016 წლის ბოლოსათვის, რაშიც დაიხარჯება საგრანტო 4 მლნ. ევრო და ბათუმისა და ქობულეთის (ორი) არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას 2017-2018წლებში, რასაც მოხმარდება 3 მლნ. ევრო“.
„საარსებო გარემოს აღდგენისა და განსახლების ჩარჩო დოკუმენტის“ მიხედვით, კომპენსაციისთვის გათვალისწინებული მთლიანი ბიუჯეტი 2,5 მილიონი ლარია [დაახლოებით 1 მილიონი ევრო]. ეს მოიცავს 20% გაუთვალისწინებელ ხარჯებს [დაახლოებით 413 ათას ლარს], რომელიც განკუთვნილია ისეთი ხარჯებისთვის, როგორიცაა, ვთქვათ, იმ თანამშრომლების შემოსავალი, რომლებიც იმუშავებენ განსახლების გეგმის შესრულებაზე.
აღნიშნული თანხიდან 1,56 მილიონი ლარი გათვალისწინებულია როგორც ფულადი კომპენსაცია ადგილმდებარეობის მონაცვლეობისთვის [მიწის დაკარგვა მიწის მესაკუთრეებისთვის/რეგისტრებული მოსარგებლეებისთვის/მიტაცებული მიწებისთვის – 80-მდე ნაკვეთი, ჯამში 20 ჰექტარი]; მიწის გადაცემისა და რეგისტრაციის ასანაზღაურებლად საჭირო დახმარებისთვის – 5 ათასი ლარი, ხოლო ფულადი კომპენსაცია სახლის და სხვა ნაგებობების ღირებულების შესაბამისად – 210 ათასი ლარი. პროექტით, სულ ცეცხლაურში მიწის შესყიდვისათვის 2 068 500 ლარი იქნება საჭირო.
ბათუმის საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების მუდმივმოქმედმა კომისიამ ბათილად გამოაცხადა ხელვაჩაურის საკუთრების კომისიის ის ოქმი, რომლის მიხედვითაც, გონიოში 271 ოჯახს მიწის საკუთრების უფლება 2010 წელს ჩამოართვეს.
„კომისიამ მიიჩნია, რომ საკუთრების ჩამორთმევა მოხდა არა კანონმდებლობით გამყარებული საფუძვლებით, არამედ ხელოვნურად გამოგონილი მიზეზებით” – აღნიშნა დღევანდელ ბრიფინგზე საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი ჭეიშვილმა.
„გილოცავთ ყველას, ჩვენი მოთხოვნა შესრულებულია“ – უთხრა შეხვედრიდან გამოსულმა გონიოელმა ენვერ ირემაძემ აქციის მონაწილეებს. მიწის საკუთრების დაბრუნების მოთხოვნით აქცია ბათუმის საკრებულოსთან 14 ივნისიდან დღემდე გრძელდებოდა.
კანონმდებლობის მიხედვით, თითოეულმა გონიოელმა ინდივიდიალურად უნდა მიმართოს საკუთრების აღიარების კომისიას: „მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაბამისად, მათ აღუდგებათ საკუთრება“ – აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი. ის არ აკონკრეტებს, რამდენია ასეთი ოჯახი, ვისი მიწის საკუთრების აღიარებისთვის საკმარისი პირობა არსებობს.
„ეს დადებითი გადაწყვეტილებაა და იგი მოქალაქეებს გაუადვილებს სასურველი გადაწყვეტილების მიღების პროცესს. კომისიას სამთვიანი ვადა ექნება იმისთვის, რომ ხელახლა შეისწავლოს თითოეული შემთხვევა. თუკი კომისია რომელიმე მოქალაქეს საკუთრებაზე უარს ეტყვის, მას ექნება საფუძველი, მიმართოს სასამართლოს“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნინო სიორიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი.
დღევანდელ ბრიფინგზე განმარტებები გააკეთა ლევან კინწურაშვილმაც, ბათუმის საკრებულოს მიწის საკურების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ: „თავდაპირველად რეესტრი დაადგენს ზედდებას, რადგან ეს მიწები ამჟამად სახელმწიფო საკუთრებაა. ზედდების კომისიის შემდეგ განაგრძობს მუშაობას ჩვენი კომისია“.
„რატომ გაუჭირდა კომისიას გადაწყვეტილების მიღება დღემდე და გაირა თუ არა კონსულტაციები კომისიამ მთავრობის ეკონომიკურ საბჭოსთან?“ – „ბათუმელების“ ამ შეკითხვაზე ლევან კინწურაშვილმა უპასუხა, რომ კომისიას ბევრი რამ ჰქონდა დასაზუსტებელი და კონსულტაციებიც გაიარა, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების საბჭოსთან. კინწურაშვილის მტკიცებით, კომისიის კონსულტაციები მხოლოდ იმ ნაწილს შეეხებოდა, რომ ამ მიწებთან ახლოს მდებარეობს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვდირეობის ძეგლი – გონიო-აფსაროსის ციხე.
გონიოს ციხეს კანონმდებლობა იცავს, რომლის მიხედვითაც, ძეგლიდან 500 მეტრის რადიუსში აკრძალულია ყოველგვარი სამშენებლო სამუშაოები.
ბათუმში, აბაშიძის №48-ში სახლი ფასადით გამოდის ქუჩაზე, შიდა ეზოში კი რამდენიმე შენობა მდებარეობს. სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი არ აქვს, თუმცა შენობა ბათუმის ერთ-ერთ უძველეს ქუჩაზე, რომელსაც მე-20 საუკუნის დასაწყისში მარიას გამზირს უწოდებდნენ, ისტორიულია.
საზოგადოება „ბათომის” დამფუძნებელი, რეჟისორი შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ ამ სახლს საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი სახელები უკავშირდება: საქართველოს ეროვნული საბჭოს, სტალინისა და გალაკტიონ ტაბიძის.
აბაშიძის №48-ში ამჟამად რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. აქვე მდებარეობს გაზეთ „ბათუმელების“ რედაქციის ოფისი და სტუდია „იალონი”, სადაც საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძე მუშაობს.
შოთა ამბობს, რომ აბაშიძის №48-ის შესახებ ჩანიშვნას ჯერ გალაკტიონ ტაბიძის ჩანაწერებში წააწყდა შემთხვევით, ძიების პროცესში კი უკვე სხვა ამბებიც გამოჩნდა, რომელიც, ასევე, ამ სახლს უკავშირდება.
შოთა გუჯაბიძე
„ლიტერატურის მუზეუმმა გააკეთა ვებგვერდი გალაკტიონზე, სადაც ყველა ინფორმაციაა გამოქვეყნებული, მისი ჩანაწერები, წიგნაკები…
ამ ვებგვერდის დათვალიერებისას შემთხვევით ვიპოვე გალაკტიონის ჩანაწერი: „ბათუმი, სტალინის №48, თამარი“.
ბუნებრივია, გამიჩნდა ინტერესი, რას უკავშირდებოდა ეს ჩანაწერი და დავიწყე თამარის ძებნა იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ. გალაკტიონს ჩანაწერი გაკეთებული აქვს 1957 წელს, აღმოჩნდა, რომ ამ მისამართზე მაშინ ცხოვრობდა 27 ოჯახი და მათ შორს იყო მხოლოდ ერთი თამარი, მაშინდელი „დომკომი“.
მქონდა იმედი, რომ ეს ჩანაწერი: თამარი, ბათუმი, ზღვა, გალაკტიონი… რაღაც რომანტიკულ ისტორიასთან იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არც მთლად ასე იყო საქმე“, – ამბობს შოთა. იგი ვარაუდობს, რომ გალაკტიონს აბაშიძის №48-ში სახლმმართველი თამარი შესაძლოა საბინაო საკითხის მოსაწესრიგებლად დასჭირვებოდა, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.
„გალაკტიონს, რომელიც ამ დროს უკვე პოეტი აკადემიკოსი იყო, შეიძლება „ინტურისტშიც“ ეცხოვრა, ამიტომაც ეს ჩანაწერი მაინც ბუნდოვანია, მაგრამ აქ ჩნდება კიდევ ერთი ადამიანი, გაბრიელ ივანეს ჩანგიშვილი, უბნის მეამბოხე და სკანდალისტი. იმავე გვერდზე აქვს ჩანიშნული გალაკტიონს მისი სახელი და გვარიც.
ამ ამბავში იმასაც აქვს მნიშვნელობა, რომ აბაშიძის №48 საჯარო ბიბლიოთეკის წინ მდებარეობს, სადაც გალაკტიონს მოუწყობდნენ შეხვედრებს“, – ამბობს შოთა.
ბათუმი, მემედ აბაშიძის №48
ბათუმში, აბაშიძის №48-ში გალაკტიონის კვალის ძიებისას შოთამ ამ სახლში იმ ადამიანის კვალიც იპოვა, რომლის სახელსაც ატარებდა მაშინ მემედ აბაშიძის გამზირი.
№48-ში მდებარე სახლი იოსებ სტალინზეც ინახავს მოგონებას. 1901 წელს ქარხნის მუშა იოსებ ჯუღაშვილი სწორედ ამ შენობაში მართავდა არალეგალურ შეხვედრებს.
„თამარის ძებნისას გავიგე ეს ამბავიც. თამარის შვილმა მიამბო დედამისის მონათხრობი იმის შესახებ, თუ როგორ დააკაკუნეს ერთ დღეს მათ კარზე. კართან ხანდაზმული ადამიანი იდგა, რომელსაც შემოსვლა და ოთახის დათვალიერება უთხოვია. მიზეზი რომ ჰკითხეს, ამ ადამიანს უთქვამს, რომ 1901 წელს სწორედ ამ ოთახში ესწრებოდა არალეგალურ შეხვედრებს, რომელსაც სტალინი მართავდა.
ბათუმში, ზოგადად, ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობს, რომ აი, იქ იმალებოდა სტალინი, იმან გაქცია… ტყუილისა და სიმართლის გარჩევა ჭირს ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში გვაქვს ადამიანის მონათხრობი, რომელსაც არ გვაქვს უფლება, რომ არ ვენდოთ“, – ამბობს შოთა.
კიდევ ერთი სახელი, რომელიც აბაშიძის №48-თანაა კავშირში, საქართველოში ისეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციას უკავშირდება, როგორიცაა საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
„ეს ამბავი იმით დაიწყო, რომ ხელში ჩამივარდა დოკუმენტი, რომელსაც აწერია: ბათომი, ეროვნული საბჭო.
ირაკლი ხვადაგიანის დახმარებით, რომელიც არის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წევრი და მკვლევარი, ვიპოვეთ მისამართი, სადაც მდებარეობდა ბათუმში ეროვნული საბჭო და ეს იყო სწორედ აბაშიძის, მაშინ მარიას გამზირის №48. ეს ამბავიც ამდიდრებს ამ სახლის ისტორიას“, – ამბობს შოთა.
შოთა ფიქრობს, რომ შესაძლოა აბაშიძის №48-ის ამბავი ამით არც დასრულდეს.
„ძებნა ისეთი პროცესია, რომ ყოველთვის სადღაც მიჰყავხარ, სხვა რაღაცებს აღმოგაჩენინებს. მე მხიბლავს ეს პროცესი. გადაწყვეტილი მაქვს, აბრა გავაკეთო და სახლზე გავაკრა გალაკტიონის ხელით დაწერილი ეს მისამართი: „ბათუმი, სტალინის №48. თამარი.“
შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული მამუკა ქ. ბათუმში დააკავეს.
„სამართალდამცველებმა, მამუკა ქ.-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, ქარხნული წესით დამზადებული, უცხოური წარმოების, “NORINCO MODEL 213” -ის მოდელის პისტოლეტი და 2 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს“ – აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით].
„სოკარ ჯორჯია გაზი“ თავის აბონენტებს აფრთხილებს, რომ ხვალ, 27 ივნისიდან დაიწყება ბუნებრივი აირის მიწოდება, რის გამოც მოსახლეობამ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე და ყურადღება მიაქციოს გაზის დანადგარებს.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე, „ბათუმელების“ შეკითხვას, რომელი საათიდან დაიწყება გაზის მიწოდება, პასუხობენ, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაციას არ ფლობენ: „ხვალიდან დაიწყება, რომელ საათზე ვერ გეტყვით. რაც შეეხება, გაზის მიწოდების სრულად აღდგენას 29 ივნისს დასრულდება“.
ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის აბონენტებს, გაზის მიწოდება 24 ივნისს შეუწყდათ.
25 ივნისს, საღამოს 12 საათზე, გორგილაძის ქუჩაზე ფეხით მოსიარულე მამაკაცს მოპედი დაეჯახა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, 55 წლამდე ასაკის მამაკაცი საკმაოდ მძიმე დაზიანებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „ბათუმელებს“ რეფერალური საავადმყოფოს პრესსამსახურში უთხრეს, მამაკაცს ამ დროისათვის სხვადასხვა სახის ოპერაცია უტარდება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოპედის მძღოლიც გადაყვანილია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.
ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოდან ამ დროისათვის მოპედის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ვერ გვაწვდიან. „ექიმები საოპერაციოში არიან, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ოპერაციები და ამ დროისთვის სხვა პაციენტზე ინფორმაციას ვერ ვარკვევთ“, – უთხრეს „ბათუმელებს“ რეფერალური საავადმყოფოს პრესსამსახურში.
ბათუმის რესურსცენტრის უფროსის, გოჩა დავითაძის ინფორმაციით, წელს ბათუმის კერძო და საჯარო სკოლებმამედალოსნობის 118 კანდიდატი წარადგინეს. აქედან 77 მოსწავლე ოქროს მედალზეა წარდგენილი, ხოლო 44 – ვერცხლის მედალზე.
როგორც გოჩა დავითაძე განმარტავს, ოქროს მედალის კანდიდატი მოსწავლის წლიური შეფასება X, XI და XII კლასებში, ყველა საგანში უნდა იყოს 10. ვერცხლის მედლის კი – 9.9 ან 9.8 ქულა.
„სკოლების მიერ წარმოდგენილი კანდიდატების მოსწრება ჟურნალებში გადავამოწმეთ, შენიშვნები თუ გვქონდა სადმე, მივუთითეთ და ანგარიში განათლების სამინისტროს გადავუგზავნეთ. მედალოსანთა სიის დამტკიცება მათი პრეროგავტივაა“, – ამბობს ბათუმის რესურსცენტრის უფროსი.
გასული სასწავლო წლის მონაცემებით, ბათუმში მედალოსნობის კანდიდატთა წარდგენილი სია სრულად დაკმაყოფილდა და 94-მა მოსწავლემ მიიღო მედალი [56 ოქროს მედალი და 38 – ვერცხლის].
საქართველოს განათლების სამინისტროში რესურსცენტრებისგან მედალოსნობის კანდიდატთა სიების მიღება არ დასრულებულა. გასული წლის მონაცემებით კი, საქართველოში სულ 2129 მედალოსანი იყო, მათგან 1292 _ ოქროს, ხოლო 837 ვერცხლის მედალოსანი.
ხულოს რესურსცენტრში წელს მედალოსნობის 48 [37 ოქრო და 11 ვერცხლი] კანდიდატია წარდგენილი. გასულ წელს სულ 37 მედალოსანი იყო, მათგან 26 ოქროს და 11 ვერცხლის მფოლობელი გახდა.
ქობულეთში წელს მედალოსნობის 23 კანდიდატი ფიქსირდება [7 – ოქრო; 16 – ვერცხლი]. ეს მონაცემები გაზრდილია წინა წელთან შედარებით – გასულ წელს სულ 21-მა მოსწავლემ მიიღო მედალი [15 – ოქრო; 8 – ვერცხლი].
ხელვაჩაურის რესურსცენტრის მონაცემებით, წელს წარდგენილია 26 კანდიდატი [18 – ოქრო, 8 – ვერცხლი]. გასულ წელს ხელვაჩაურში ოცმა მოსწავლემ მიიღო მედალი [18 – ოქრო, 2 – ვერცხლი].
შუახევის სკოლებმა წელს მედალოსნობის 36 კანდიდატი წარმოადგინეს, მათგან 21 ოქროს მედალზე, 15 კი _ ვერცხლზე. გასულ წელს შუახევში 29 ოქროს და 17 ვერცხლის, სულ 46 მედალი გაიცა.
ქედის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში წარდგენილ კანდიდატთა ზუსტ რიცხვს პასუხისმგებელი პირის მივლინებაში ყოფნის მიზეზით ვერ ასახელებენ. თუმცა დაახლოებით ამბობენ, რომ 14 კანდიდატია წარდგენილი, და თითქმის თანაბრად ნაწილდება ვერცხლსა და ოქროზე.
10 ივნისს აჭარის საჯარო სკოლებში სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი რგოლის – სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა. საჯარო სკოლებში სამწლიანი ვადით აირჩიეს მშობლები და პედაგოგები, რომლებიც მოსწავლეთა თვითმმართველობიდან არჩეულ ერთ წევრთან ერთად იმუშავებენ სკოლისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ბიუჯეტი, დირექტორის არჩევა, დირექტორის მიერ წარდგენილი წლიური ანგარიშები, შინაგანაწესი, წლის დამამთავრებელი გამოცდები, ფინანსების ხარჯვა და ა.შ.
2005 წლიდან „საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ“ საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების სახით ქმნის დირექციის მაკონტროლებელ ბერკეტს, რომელიც ასევე წარმოადგენს ავტონომიურობის ერთგვარ გარანტს. სკოლების ავტონომიურობა და მონაწილეობით მართვის პრინციპზე გადაყვანა დღემდე პროცესშია და ხშირად სხვადასხვა პრობლემის წინაშე დგება.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის რამდენიმე სკოლის დირექტორს, სამეურვეო საბჭოს ახლადარჩეულ, ძველ და განმეორებით არჩეულ წევრებს. მათი შეფასებით სამეურვეო საბჭოს საქმიანობის განსაზღვრული უფლებამოსილებები, სკოლის მართვის ლეგიტიმაციას აძლევს.
მე-15 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი თამარ ხუნდაძე ორი ვადით [6 წელი] მონაწილეობდა სამეურვეო საბჭოში. მისი თქმით, საკითხები ყოველთვის კონსესუსის პრინციპით წყდებოდა და საბჭოში დაყენებულ სადავო საკითხს ვერ იხსენებს: „ჩვენ ყოველთვის კარგად ვთანამშრომლობდით დირექტორთან. ბიუჯეტის დამტკიცება იქნებოდა ეს თუ სხვა სასკოლო ყოველდღიური საკითხები“. მისივე თქმით, რაიმე სახის პრობლემა ან ნაკლოვანება სამეურვო საბჭოს მიერ სკოლის მართვის საქმიანობაში, რომელსაც დახვეწა და განვითარება სჭირდება, აქამდე არ გამოკვეთილა. ამბობს, რომ სამეურვეო საბჭოში ჩართული მოსწავლეები უმეტესად ატიურად მონაწილეობდნენ საბჭოს საქმიანობაში, თუმცა ეს მაინც ინდივიდუალურია. რაც შეეხება დამატებით პასუხისმგებლობასა და აუნაზღაურებელ შრომას, ამ ენთუზიამს სკოლისა და პედაგოგიური საქმიანობის სიყვარულით ხსნის. სწორედ ამ მიზეზებით იყო სამეურვეო საბჭოს წევრი მაქსიმალური ვადით.
ამავე სკოლის პედაგოგი, ირმა მახარაძე ახალჩამოყალიბებული სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრია. მისი თქმით, სამეურვეო საბჭოს, რიგ შემთხვევებში, უფლებათა გაზრდით უკეთესად შეეძლებოდა საქმიანობის წარმართვა.
„ბევრი გეგმა და იდეა მაქვს. მინდა მუზეუმიც გავხსნათ, თავად ეს სკოლა დავამთავრე. ასევე მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდისთვის გავატაროთ რიგი ღონისძიებები. ბიუჯეტის ფორმირების პროცესი განსაკუთრებით საინტერესოა, აქ უფლება გვეძლევა გარკვეული საკითხები ჩავსვათ, რასაც სკოლისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება“, – ამბობს ბათუმის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი, სამეურვეო საბჭოს ახლადარჩეული წევრი ელზა ზაქარეიშვილი. ის წელს პირველად მოხვდა სამეურვეო საბჭოში. როგორც ელზა ზაქარეიშვილი „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, წინასაარჩევნოდ რამდენიმე კათედრის წარმომადგენლებს ესაუბრა და საკუთარი ხედვები წარუდგინა.
ბათუმის მე-9 საჯარო სკოლის დირექტორი, ნუგზარ სურმანიძე ამბობს, რომ მისი ამ სკოლის დირექტორობის პერიოდში მეოთხე სამეურვე საბჭო ჩამოყალიბდა.
„თანამშრომლობის პრობლემა არასდროს გვქონია. რამდენიმე ინიციატივაც ჰქონდათ, მაგალითად, ფორმიანობის, გახანგრძლივებული კლასების და სხვა საკითხების შესახებ და ერთობლივად ვახორციელებდით“, – ამბობს ნუგზარ სურმანიძე.
ანა გათენაძე ბათუმის მეორე საჯარო სკოლის თვითმმართველობის წევრია საშუალო საფეხურზე. ის მესამე წელია, რაც მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობაშია ჩართული. როგორც ანა ამბობს, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე ავტომატურად ირჩევა სამეურვეო საბჭოს წევრად.
„წელს ნაკლებაქტიურად ვიყავი ჩართული. მანამდე აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას შეხვედრებში. იდეებს ჩამოვთვლიდით, მერე ვიღებდით გადაწყვეტილებას რომელი იყო საუკეთესო, პროექტის სახით ვამუშავებდით და თავმჯდომარეს გაჰქონდა სამეუვეო საბჭოს სხდომაზე“, _ ამბობს ანა და ორ პროექტს იხსენებს: „პროექტი გვქონდა, „ორატორი“ ერქვა _ საჯარო გამოსვლების პრინციპზე. მაშინ სამეურვეო საბჭომ გამოგვიყო ფინანსები. ასევე იყო სილამაზის კონკურსიც. თუმცა სხვა ყველა აქტივობაც ძირითადად მათთან იყო შეთანხმებული“.
სამეურვეო საბჭოს საქმიანობის შესახებ სხვა ინფორმაციას ანა არ ფლობს. ამბობს, რომ ამ საკითხში არ არის კარგად ჩახედული.
მშობლის სტატუსით ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოში მოხვდა მაია დუმბაძე. მისი შვილი მეორე კლასში გადავიდა. როგორც მაია ამბობს, მისთვის უცხო არ არის სასკოლო საქმიანობა, თუმცა სამეურვეო საბჭო ნამდვილად ახალი გამოწვევაა: „სკოლის ცხოვრებაში ჩართული ვარ, ექსკურსიები იქნება თუ სხვა საკითხების გადაწყვეტა. კარგი გარემოა, კომფორტული. ჩავთვალე, რომ შემეძლო მის მართვაში მონაწილეობა მიმეღო. გარდა ამისა, ბუნებითაც აქტიური ვარ და მინდა სკოლისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის რაც შემეძლება, გავაკეთო“, – აღნიშნავს სამეურვეო საბჭოს ახალარჩეული წევრი და იქვე ამატებს, რომ სასურველია, თუ მეტად დაინტერესდება ყველა მშობელი და უფრო აქტიურად ჩაერთვება სკოლის საქმიანობაში. მაიას სჯერა, რომ რეალური ცვლილებების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა საჯარო სკოლების უმაღლესი თვითმმართველი ორგანო – სამეურვეო საბჭო.
სამეურვეო საბჭოს ყოველ სამ წელიწადში ირჩევენ. საბჭოში წევრთა რაოდენობას სკოლის კონტინგენტი განსაზღვრავს – შეიძლება იყოს არანაკლებ ექვსი და არაუმეტეს თორმეტი წევრი. სამეურვე საბჭოში პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეთა მშობლები [სამივე საფეხურზე თითო წარმომადგენელი] ირჩევენ თანაბარი რაოდენობის წევრებს, ასევე 1 წევრი წარდგენილია მოსწავლეთა თვითმმართველობიდან, თითო წევრის დანიშვნის უფლება კი განათლების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აქვთ. წევრების არჩევა ზედიზედ მხოლოდ ორჯერ არის შესაძლებელი.
ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მუშა, რომელიც 24 ივნისს, Real Palace-ის სამშენებლო ობიექტის მე-10 სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა.
„პაციენტი ჩვენთან უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, იგი დღეს დილით გარდაიცვალა“, – უთხრეს “ბათუმელებს” ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს პრესსამსახურში.
აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.
კომპანია Real Palace-ს დირექტორმა, ედნარ ხიმშიაშვილმა გუშინ, 25 ივნისს „ბათუმელებთან“ არ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული. მან ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად მუშა მას შემდეგ ჩამოვარდა, რაც ფეხქვეშ ფიცარი ჩაუტყდა.
ბათუმში გასულ თვეშიც გარდაიცვალა კიდევ ერთი ადამიანი მშენებლობიდან ჩამოვარდნის გზით.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც არდაგანის ტბისა და მასში მდებარე ე.წ. მოცეკვავე შადრევნების გაწმენდითი სამუშაოების გამო, შადრევნები 29 ივნისამდე გათიშული იქნება.
„წყალკანალი ახორციელებს ტბის წყლის პროცედურულ გაწმენდას, ჩვენ კი – შადრევნის რეზერვუარისას. შადრევნების ლაზერული შოუ 29 ივნისს განაახლებს ფუნქციონირებას“, – ამბობენ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
“ბათუმელების” კითხვას, ტურისტული სეზონის ძალაში შესვლამდე, რატომ არ იზრუნეს ტბის გაწმენდაზე? – პრესსამსახურში პასუხობენ, რომ ეს “პროცედურული გაწმენდაა”. თუმცა, სპეციალისტი აცხადებს, რომ არდაგანის ტბაზე საკმაოდ მძიმე ვითარებაა.
დღეს, 25 ივნისს, ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი “კასტელო მარე” ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. სასტუმრო რუსეთის მოქალაქეს, მოსკოვის ყოფილ ვიცე-მერს სოსო ორჯონიკიძეს ეკუთვნის. სასტუმროს გახსნაზე თავად სოსო ორჯონიკიძეც იმყოფებოდა.
„კასტელო მარეს“ გახსნის ცერემონიალი
სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი “კასტელო მარე” შედგება 8 სხვადასხვა კატეგორიის 90 ნომრისგან. იგი მოიცავს შიდა და გარე საცურაო აუზს, სპა ცენტრს, რესტორანს, ღია ბარს ტერასაზე და სანაპიროზე. კორპორატიული ღონისძიებებისთვის სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს 200 ადამიანზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზს. კომპლექსში განთავსებულია ფიტნეს ცენტრი, ჩოგბურთის მოედანი, საბილიარდო, 4-ბილიკიანი ბოულინგი, ლაზერული ტირი და დაივინგის სკოლა. დამსვენებელი სანაპიროზე მოხვდება უახლესი თაობის დახრილი ლიფტების მეშვეობით.
ცერემონიალზე ითქვა, რომ ციხისძირში 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. სასტუმროს გახსნის ცერემონიალი ხანგრძლივი ფოიერვერკით დასრულდა.
„კასტელო მარეს“ გახსნის ცერემონიალი„კასტელო მარეს“ გახსნის ცერემონიალი„კასტელო მარეს“ გახსნის ცერემონიალი„კასტელო მარეს“ გახსნის ცერემონიალი„კასტელო მარეს“ გახსნის ცერემონიალი„კასტელო მარეს“ გახსნის ცერემონიალი„კასტელო მარეს“ გახსნის ცერემონიალი„კასტელო მარეს“ გახსნის ცერემონიალი„კასტელო მარეს“ გახსნის ცერემონიალი„კასტელო მარეს“ გახსნის ცერემონიალი
„არ ვიცი გადარჩება თუ არა – სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები ვერაფერს მეუბნებიან, არ მეუბნებიან რომ გადარჩება, არც იმას მეუბნებიან, რომ ვერ გადარჩება. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია“, – უთხრა „ბათუმელებს“ ედნარ ხიმშიაშვილმა, კომპანია Real Palace დირექტორმა. სწორედ ამ კომპანიის სამშენებლო ობიექტის მე-10 სართულიდან გადავრადა გუშინ, 24 ივნისს, მუშა.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული, უფრო ზუსტად კი მუშა შედგა ფიცარზე, რომელიც სიძველის გამო ჩატყდა, ედნარ ხიმშიაშვილი არ ადასტურებს: „ვინ გითხრათ ეგ ქალბატონო, უსაფრთხოების ნორმები დაცულია ჩვენთან. უბედური შემთხვევა გაგიგიათ?“
კომპანია Real Palace-ის დირექტორის თქმით, მისთვის უცნობია უბედური შემთხვევა რისგან იყო გამოწვეული: „გამოძიებას დაუკავშირდით და გეტყვიან. წუხელ მთელი ღამე გამოძიება მყავდა, მათ უფრო ეცოდინებათ ვიდრე მე. იმათ დაურეკეთ და გეტყვიან“.
გასულ თვეში ბათუმში კომპანია „შველას“ მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშა იმ დღესვე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, 24 ივნისს, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო ობიექტიდან მამაკაცის გადმოვარდნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.
„მუშამ ფეხი ხის მორზე დადგა, რომელიც ჩატყდა და ჩამოვარდა“, – უთხრეს „ბათუმელებს“ შსს-ს პრესსამსახურში. მათი ინფორმაციით, მუშა მე-10 სართულიდან გადმოვარდა.
მშენებლობაზე მუშის გარდაცვალების ბოლო შემთხვევა, ბათუმში 4 მაისს დაფიქსირდა – ლუკა ასათიანის ქუჩაზე, კომპანია „შველას“ მშენებარე კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა იმ დღესვე გარდაიცვალა.
ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სახლის მე-9 სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცი, როგორც „ბათუმელებს“, რეფერალურ საავადმყოფოში უთხრეს, რეანიმაციულ განყოფილებაში, ამ დრომდე უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. შემთხვევა ბათუმში გუშინ, 24 ივნისს, დღის პირველ საათზე მოხდა.
ბათუმის სასწარაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი მე-9 სართულიდან გადმოვარდა და მეორე სართულზე დაეცა. იგი პოლიტრამვით, უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.
დღეს, 25 ივნისს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე გაიხსნა ბათუმის საზღავაო აკადემიის ორი ახალი აუდიტორია. ადუდიტორიები იაპონური კომპანია ,,FURUNO”-ს მიერ წარმოებული მოწყობილობებითაა აღჭურვილი. პროექტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა.
საზღვაო აკადემიაში
„საქართველოში 9 ათასამდე მეზღვაურია და მათი 95% სწორედ აჭარის მკვიდრია. ეს კი ნიშნავს, რომ ამ სფეროს განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკურ წინსვლასა და კეთილდღეობასთან, მითუმეტეს დღეს, როცა ცნობილი „აბრეშუმის გზის“ აღდგენის პროექტში საზღვაო მიმართულებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება“- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
საზღვაო აკადემიაში შეკრებილ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და ვეტერან მეზღვაურებს დღესასწაული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმაც მიულოცა.
ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და ლუკა ასათიანის ქუჩებს შორის შესაძლოა გაიჭრას ახალი ქუჩის მონაკვეთი, რომლითაც ახვლედიანის [ყოფილი ჯინჭარაძის] ქუჩა გაგრძელდება ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობამდე. საუბარია ბათუმის სინაგოგას მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ქუჩის გაჭრა მთლიანად შეცვლის ქალაქის გეგმარებას ამ კვარტალში.
ყოფილი ჯინჭარაძის ქუჩა, სავარაუდოდ, გაივლის სინაგოგას გვერდით, ასათიანის ქუჩამდე, აქედან კი მერიის შენობის გვერდით [სადაც მერიის ავტოპარკინგია] და მუსიკალურ სასწავლებელთან შეუერთდება თავდადებულის ქუჩასქუჩის გაგრძელების თუ ახალი მონაკვეთის გაჭრის საკითხებს ბათუმის მუნიციპალიტეტი წყვეტს, თუმცა ახვლედიანის [ყოფილი ჯინჭარაძის] ქუჩის გაგრძელების საკითხზე მუშაობას ბათუმის მერიაში უარყოფენ.
„კეთილმოწყობის სამსახურში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი პროექტი ქუჩის გაჭრასთან დაკავშირებით – არ არის. შეიძლება კერძო ინვესტორს რაღაც სურვილი ჰქონდეს, საუბარი იყოს, მაგრამ მერიის დონეზე მსგავსი რამ არ განიხილება,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში.
„რამდენადაც ვიცი, არიან ინვესტორები, ვისაც სურთ აქ მშენებლობა, სახლის აშენება და არის მათი იდეა – გაიჭრას გზა და აღდგეს 100-120 წლის წინანდელი რეალობა. როგორც მითხრეს, არის ძველი რუკები, რომლებიც მე არ მინახავს, სადაც თითქოს დატანილია ქუჩა არათუ ასათიანის, არამედ ამჟამინდელი თავდადებულის ქუჩამდეც კი. თუმცა, გზის გაჭრაზე რაიმე მუშა ან მზა პროექტი არ არსებობს,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა, პროფესიით არქიტექტორმა დათო ზოიძემ.
საზოგადოება „ბათომის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, შოთა გუჯაბიძის თქმით, იმ ძველი რუკების მიხედვით, რაც მას გააჩნია, „არ დასტურდება, რომ ახლანდელი ახვლედიანის ქუჩა თითქოს გრძელდებოდა თავდადებულის ქუჩამდე. მაშინდელი გურიის ქუჩა [შემდგომში ჯინჭარაძის] 1888 წლისთვის მხოლოდ ერთი კვარტალია, 1898 წლისთვის კი ორივე კვარტალი ჩამოყალიბებულია და ამის შემდეგ აღარ გაგრძელებულა. 1917 წლის ფოტოზე ჩანს, რომ დღევანდელ კონსერვატორიასთან გადის პატარა შუკა, მაგრამ ისეთი უმნიშვნელო, რომ არც ერთ რუკაზე დატანის ღირსად არ ჩათვალეს, ან სულაც ეზოში შესასვლელი ბილიკი შეიძლება იყოს.“
შოთა გუჯაბიძის თქმით, არანაირი საფუძველი ახალი ქუჩის გაჭრის არ არსებობს, არც ისტორიული და არც დღევანდელობით გამოწვეული: „ქალაქის ცენტრში ახალი ქუჩის გაჩენას მხოლოდ კომერციული ინტერესი შეიძლება ჰქონდეს, ააშენებენ მრავალსართულიან კორპუსებს, რომელიც ფასადით ახალ ქუჩაზე გამოვა და შესაბამისად, მისი გასაყიდი ფასიც უფრო მაღალი იქნება. არსებული მდგომარეობა კი ამდენის საშუალებას არ იძლევა. ეს არის მტრული დამოკიდებულება ქალაქისადმი“.
ვაჟა-ფშაველას 31 [ხედი ყოფილი ჯინჭარაძის ქუჩიდან]ტერიტორია, სადაც თითქოს ქუჩა უნდა გაიჭრას, მთლიანადაა მოქცეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ზონაში. ეს ძეგლებია: ვაჟა-ფშაველას N27-ში მდებარე ბელეტაჟი, ბათუმის სინაგოგა, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა. გარდა ამისა, ლუკა ასათიანის N28-ში მდებარეობს სახლი, რომელსაც, სავარაუდოდ, „ახალი გზა“ ჩაუვლის და რომელსაც „გეოგრაფიკის“ რეკომენდაციით, სასურველია მიენიჭოს ძეგლის სტატუსი.
ასათიანისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე მდებარე ნაკვეთები და შენობები კერძო საკუთრებაშია. ინვესტორთა ინტერესი კი, ბუნებრივია, ამ ადგილზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა იქნება. რამდენად მისაღებია ეს და მაქსიმუმ რამდენი სართული იქნება ძეგლთა დაცვის აღნიშნულ ზონაში?
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, მირანდა ჩარკვიანის თქმით, „სართულიანობას, ზოგადად, მერია არეგულირებს, მაგრამ მაქ რომ 15 და 20-სართულიანი სახლი არ აშენდება, მაგაზე ყველა თანხმდება. თუმცა, შეიძლება კომპანიამ მოიტანოს 5-სართულიანი სახლის პროექტი და არ ვარგოდეს, იმიტომ, რომ სინაგოგასთან იყოს შეუთავსებელი; მაგრამ შეიძლება მოიტანოს 7-სართულიანი და კარგი იყოს. მე ყველას ვეუბნები, რომ დომინანტური მაგ კვარტალში არის სინაგოგა და შემდეგ ვაჟა-ფშაველას 27-ში მდებარე შენობა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს გასათვალისწინებელია და არქიტექტურულად ისე უნდა დაბალანსდეს ყველაფერი, რომ არ ჩაგვიყლაპოს ძეგლები. შესაძლოა მაქ 2-3 სართულიანმაც კი გააფუჭოს ყველაფერი და არ გავცეთ ნებართვა“.
აღნიშნულ კვარტალში, მაგალითისთვის, 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთზე, 600 კვ/მ ის მოშენებაა შესაძლებელი, სადაც დღეს მოქმედი რეგულაციით, 5-სართულიანი კორპუსის აშენება შეიძლება, ცხადია, ეს დადგენილი კოეფიციენტის [კ2] მიხედვით, რომელიც ამ დროისთვის აქ 3,0-ის ტოლია. მაგრამ, მერიის ზონალურ კომისიას, თუ საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია ამ კოეფიციენტის გაზრდა 4,8-მდე. შესაბამისად, გაიზრდება ფართობიც [სართულიანობა]. კოეფიციენტი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შუამდგომლობითაც [ამ შემთხვევაში ულიმიტოდ], ოღონდ მერიის თანხმობით. წინა გამოცდილების მიხედვით, მერია ყველა ასეთ შუამდგომლობას თანხმდება.
„მაქ კერძო საკუთრებაა. ინვესტორი უნდა დაელაპარაკოს ათვისებაზე მესაკუთრეებს, დავუშვათ ქუჩის გაჭრაც… ეს რთული და შესაძლოა ხანგრძლივი პროცესიც კი იყოს. აჭარის მთავრობა ჩაერევა იმ შემთხვევაში, თუ კოეფიციენტი არ ჰყოფნის მშენებელს და მოგვმართავს. ასეთ შემთხვევაში განვიხილავთ საკითხს,“ – ამბობს დათო ზოიძე, არჩილ ხაბაძის მრჩეველი.
ყოფილი ჯინჭარაძის ქუჩა, იდეაში არა თუ ლუკა ასათიანის, არამედ შესაძლოა დემეტრე თავდადებულის ქუჩამდეც კი გაგრძელდეს. ასეთ შემთხვევაში ასათიანის მხრიდან ქუჩა გაივლის მერიის შენობის გვერდით, ეზოს [სადაც მერიის ავტოპარკინგია] და მუსიკალური სასწავლებლის გვერდით შეუერთდება თავდადებულის ქუჩას.
„შესაძლოა ჯერ ერთი ნახევარი გაკეთდეს [ასათიანის ქუჩამდე] და შემდეგ მეორე. თუ მერია, ვთქვათ, იმ გადაწყვეტილებამდე მივა, რომ იქ მართლაც გაკეთდეს ქუჩა, მაშინ უნდა გადაგეგმარდეს მთლიანი სივრცე, ყველაფერი ახალი გეგმარების საზღვრებში უნდა იყოს – სიმაღლეები და ა.შ. მთლიანობაში, ჩემი აზრით, ცუდი არ იქნება. სინაგოგა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, გვერდითა ხედიც გაიხსნება და საინტერესო გამოვა“, – ამბობს დათო ზოიძე.
ვაჟა-ფშაველას 27-თან დაკავშირებით, რომელსაც ადრე სახურავი გადახადეს, მირანდა ჩარკვიანი ამბობს, რომ „სააგენტოში ამხანაგობის მიერ შემოტანილია ამ ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი. იმავე ამხანაგობას [ამხანაგობა „რიშონი“ – ავტ.] ამ ძეგლსა და სინაგოგას შორის არსებული მომიჯნავე ნაკვეთებიც ეკუთვნის, რამდენადაც მე ვიცი და მაგ ტერიტორიაზე, რომელიც არ ეკუთვნის ძეგლებს, სურთ მშენებლობა. მიწის გამოყენებასთან დაკავშირებით ჩვენთანაც უნდა იყოს შემოსული [განცხადება], რომლებიც ჯერ არ განხილულა. სხვა მხრივ, რაიმე პროექტი მაგ ტერიტორიასთან დაკავშირებით არ შემოსულა. მერია ან ვინმე მანდ რას გეგმავს, ეს არ ვიცი“.
რაც შეეხება შენობას მერიის წინ, ასათიანის 28-ში, რომელზეც არის რეკომენდაცია ძეგლის სტატუსი მიენიჭოს, ჩარკვიანის თქმით, „საჯარო სამუშაო განხილვა გვქონდა – შესაბამისი განყოფილება ამუშავებს ყველა არგუმენტს და სააგენტო გადაწყვეტს სტატუსის მინიჭებისა თუ ზოგ ძეგლზე ამ სტატუსის მოხსნის საკითხს“.
თეთრი ხაზით აღნიშნულია სავარაუდო გზა, რომელიც უნდა გაიჭრას ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე ~ ფოტო: თორნიკე თავაძე
24 ივნისს, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის უმაღლეს საბჭოს კანდიდატურები წარუდგინა:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად – პარმენ ჯალაღონია;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობის დასაკავებლად – სოფიო კახაძე და მზიური შავაძე.
უსკოს თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობებზე კანდიდატთა შესარჩევმა კომისიამ, 2016 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს, უსკოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად ოთარ დავითაძისა და პარმენ ჯალაღონიას; ხოლო უსკოს წევრის თანამდებობის დასაკავებლად – სოფიო კახაძის, დავით ფარტენაძისა და მზიური შავაძის კანდიდატურები წარუდგინა.
ბათუმში, საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციის მე-5 საერთაშორისო კონგრესი იმართება. კონგრესში 25 ქვეყნის 1000-მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის 41 სპიკერი ევროპის, ამერიკის და აზიის ქვეყნებიდან.
კონგრესის თემატიკა რესპირაციული მედიცინის ყველა ასპექტს ეხება: ონკოლოგია და ქირურგია, კრიტიკული მედიცინა და ინფექციები, ტუბერკულოზი და ასთმა, ალერგია და ფილტვის ქრონიკული დააავადებები, პედიატრია და ნეონატოლოგია.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონგრესზე ყველა მოხსენება ორიენტირებული იქნება პირველადი ჯანდაცვის თუ სტაციონარის პრაქტიკოს ექიმზე, მის ყოველდღიურ საქმიანობაზე.
კონგრესი ბათუმის ხელოვნების ცენტრში გუშინ საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა. დელეგატებს სიტყვით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრა დავით სერგეენკომ, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ – „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სახის შეხვედრების ჩატარება, რადგან აქ გაჟღერდება ყველა ის სიახლე, რაც ბოლო წლებში მიღწეული იქნა მედიცინის ამ სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ სპიკერების გამორჩეული პროფესიული დონე საშუალებას მისცემს კონგრესის დელეგატებს წარმატებით გამოიყენონ კონგრესზე მიღებული ინფორმაცია სამედიცინო პრაქტიკაში“ – თქვა ნუგზარ სურამნიძემ.
კონგრესი 23 ივნისს გაიხსნა და ხვალ, 25 ივნისს დასრულდება.
22 ივნისს რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც აჭარის მკვიდრმა, საქართველოსა და აჭარის ნაკრების წევრმა რამაზ ზოიძემ 66 კგ. წონით კატეგორიაში უკრაინელი ათლეტი – ფარვიზ ნასიბოვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
რამაზ ზოიძე 2012 წლის ევროპის ჩემპიონია ჭაბუკებში და 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებში.
ბათუმში სკვერების განათების სისტემებს ამონტაჟებენ. მერიის ინფორმაციით, დეკორატიული გარე განათება ნიკო ფიროსმანის სახელობის სკვერში და ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში, გზაგამყოფ ზოლში არსებულ სკვერში უნდა მოეწყოს. ასევე გარე განათებას მახინჯაურის ცენტრში არსებული პალმის ირგვლივაც დაამონტაჟებენ.
მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება ფიროსმანის სკვერში, სადაც ელექტროსადენები გაჰყავთ და ე.წ. მიწის დიოდურ სანათებს ამონტაჟებენ. მათივე ცნობით, ხვალიდან სამუშაოები ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში არსებულ გზაგამყოფ ზოლში დაიწყება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,აჭარგანათება“ ასრულებს. აღნიშნულ ტერიტორიებზე გარე განათების მოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 44 ათას 600 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს.
ხვალ, 25 ივნისს, 12-დან 3 საათამდე, ევროპის მოედანზე საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება გურიაში, სოფელ გვიმბილაურში მცხოვრები ადეიშვილების ოჯახის დასახმარებლად, რომელთაც ცოტა ხნის წინ სახლი დაეწვათ და ახლა ხის პატარა ქოხში ათევენ ღამეს.
როგორც საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორები ამბობენ, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის წევრები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ვარდებიან ცუდ ამინდში, რადგან კედლები და ჭერი ვერც ქარისგან იცავს და ვერც წვიმისგან.
ამ ქოხში 9 წლის ნინი მამასთან, ბაბუასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს. ბებია მძიმე ავადმყოფია, მწოლიარე.
ადეიშვილების საცხოვრებლის აღდგენისთვის საჭირო თანხისა თუ მასალების შეგროვებას ლაშა ქამადაძე და ლევან დევაძე, ბათუმელი მუსიკოსებისა და უბრალო მოქალაქეების დახმარებით შეეცდებიან.
“გვინდა, რომ მათ სახლის აშენებაში დავეხმაროთ, ამიტომ ყველაზე მეტად სასურველია სამშენებლო მასალები. იმის გათვალისწინებით, რომ აქედან ტრანსპორტირება გართულდება, ალბათ თანხა ყველაზე სასურველია. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, როგორმე მაინც მივაწვდენთ, იქნება ეს ბლოკით ცემენტი თუ სხვა რამ. ცოტა ხნის წინ მათთან იყო აკა სინჯიკაშილი, რომელმაც გვითხრა, რომ საკვების მარაგი უკვე საკმარისად მოუგროვდათ, ამიტომ აქცენტი სამშენებლო მასალებზე გადავიტანეთ,” – ამბობს ლაშა ქამადაძე. ბიჭები მოუწოდებენ სამშენებლო კომპანიებს, საჩუქრად თუ არა, ხელმისაწვდომ ფასში მაინც მისცენ ნინის ოჯახს საშენი მასალა.
ლაშა ამბობს, რომ ნებისმიერი მოქალაქის წვლილი მნიშვნელოვანია ამ საქმეში, „შეიძლება სახლი ბოლომდე ვერ ავუშენოთ, მაგრამ ბიძგს მივცემთ, ერთი და ორი კედელი მაინც რომ ამოვაყვანინოთ, მაგალითი გახდება სხვა ადამიანებისთვის, რომ დანარჩენი ორი კედელი სხვამ ამოაყვანინოს და გადახურონ საბოლოოდ სახლი. ახლა ფაქტიურად მიწაზე სძინავთ,” – ამბობს ლაშა.
ხვალ, ევროპის მოედანზე, 9 წლის ნინისთვის სასკოლო ნივთების მიტანაც შეგიძლიათ.
საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი და მტვერია. ბოლო მონაცემებით საქართველოში ყველაზე მტვრიანი ქალაქი ქუთაისია. მტვერი დასაშვებ ნორმას აღემატება ბათუმშიც.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მაისის მონაცემებით, ბათუმში ჰაერში მტვრის მაქსიმალური ერთჯერადიკონცენტრაცია დასაშვებ ნორმაზე 1.4-ჯერ, ხოლო აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია 1.1-ჯერ მაღალია, ნახშირჟანგისა და გოგირდის დიოქსიდის ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაციები კი ნორმის ფარგლებშია. სადამკვირვებლო ჯიხურების მაისის მონაცემებით, ჰაერში მტვრის კონცენტრაცია ზღვარზე დაახლოებით 2-ჯერ მაღალია თბილისში, რუსთავში – 2.5-ჯერ, ზეტსაფონში – 1.2-ჯერ, ქუთაისში – 3,0-ჯერ.
საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი ექვს ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმსა და ჭიათურაში, ძირითადად სადამკვირვებლო ჯიხურების მეშვეობით ხდება. ასეთ ჯიხურებში დღის განმავლობაში ჰაერი სამჯერ იზომება.
თბილისში, ჭიათურასა და უკვე ბათუმშიც [ქათამაძის ქუჩაზე] ავტომატური სადგურები არსებობს, სადაც ჰაერის ხარისხზე მონიტორინგი 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, თუმცა ბათუმში ავტომატური სადგური ისევ სატესტო რეჟიმშია და მისი მონაცემები ჯერ არ ქვეყნდება. ბათუმში ჰაერის დაბინძურებაზე დაკვირვება წარმოებს აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებული სადამკვირვებლო ჯიხურის საშუალებით, სადაც ისაზღვრება შემდეგი მავნე ინგრედიენტები: მტვერი, გოგირდის დიოქსიდი, ნახშირჟანგი, აზოტის დიოქსიდი და ტყვია.
ჰაერის ხარისხის სადამკვირებლო პუნქტი ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა #1
სადამკვირვებლო ჯიხურების მონაცემები ეროვნული სტანდარტებით იზომება, რომლებიც UNECE-ს ანგარიშის თანახმად, კვლავ კონცენტრაციის მაქსიმალურ დასაშვებ ნორმებზეა დაფუძნებული და არ შეიძლება პირდაპირ იყოს შედარებული ჯანმოსა თუ გაეროს მიერ გამოყენებულ სტანდარტებზე.
როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა ბათუმში გამართულ გარემოსდაცვით მინისტერიალზე განაცხადა, ჰაერის მტვრით დაბინძურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მშენებლობებია, კერძოდ კი ის, რომ მშენებლობები არ არის შემოსაზღვრული სპეციალური დამცავი ბადეებით.
„ხშირად ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია დაკავშირებულია მშენებლობებთან. ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ მნიშვნელოვანი ინიციატივები გვაქვს განსახორციელებლი მშენებლობის პროცესებთან დაკავშირებით… ინტენსიური მშენებლობებია როგორც თბილისში, ისე ბათუმში“, – აღნიშნა მინისტრმა კონფერენციაზე.
გარემოს დაცვის სამმართველოს, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ მაღლაკელიძე ამბობს, რომ ჰაერში მტვრის შესამცირებლად ქალაქი სველი წესით უნდა იწმინდებოდეს, რაც დღეს არ კეთდება.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში გვითხრეს, 2016 წელს ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 614 ფაქტი გამოვლინდა, გასულ წელს კი – 1066. როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, სტატისტიკის შედგენისას, მონაცემები მათ დიფერენცირებულად არ გადმოაქვთ – ანუ ამ მონაცემებში ჰაერის დაბინძურებისთვის დაჯარიმებული შეიძლება იყოს როგორც სამშენებლო კომპანია, რომელიც დამცავ ბადეს არ აფარებს მშენებლობაზე, ისე ბლოკის დამამზადებელი ქარხანა, რომელიც მავნე ნივთიერებებს აფრქვევს ჰაერში.
თამარ მაღლაკელიძის თქმით, ყოველ კვარტალში ერთხელ ამ ქალაქებში ორკვირიანი ხანგრძლივობის ინდიკატორული გაზომვებიც ტარდება, რომლებიც ევროსტანდარტით ითვლება და მასში დაბინძურების მიხედვით, ოთხ გრადაციას გამოყოფენ: დაბალი, საშუალო, მაღალი და ძალიან მაღალი. „სპეციალური ინდიკატორული მილაკები იკიდება ქალაქის განსაზღვრულ წერტილებში. ისაზღვრება შემდეგი ინგრედიენტები: აზოტისა და გოგირდის დიოქსიდი, ოზონი და ბენზოლი. ორი კვირის შემდეგ ხსნიან ამ მილაკებს, აგზავნიან ინგლისში აკრედიტებულ ლაბორატორიაში, სადაც კეთდება ანალიზი და გვიგზავნიან პასუხებს“, – ამბობს ის.
ბოლო ასეთი გაზომვები მაისში ჩატარდა. ბათუმში ინდიკატორული მილაკები – ტერმინალთან, რუსთაველის ქუჩაზე – თეატრთან, ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სუფსა-ხელვაჩაურის გზაგამყოფზე და ხიმშიაშვილი-კობალაძის კვეთაში ბულვართან იყო განთავსებული, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ბულვართან ჩამოკიდებული ინდიკატორული მილაკი ვიღაცამ მოიპარა, ამიტომ ინგლისში ერთით ნაკლები სინჯი გაიგზავნა. ამ გაზომვების მიხედვით ბათუმში ოთხივე ადგილზე აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია არის საშუალო დონეზე, ხოლო დანარჩენი ინგრედიენტების კონცენტრაციები დაბალია.
ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა ამბობს, რომ რეალური სურათის მისაღებად ეს გასინჯვები არ არის საკმარისი:
„ჰაერის ხარისხს, ფაქტობრივად, არ აკონტროლებენ, მხოლოდ რამდენიმე ადგილასაა დაყენებული დანადგარები, ისიც ზოგჯერ მუშაობს, ზოგჯერ – არა. საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გამართული სისტემა არ არსებობს“, – ამბობს ის. მისივე განმარტებით, გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების დინამიკა ორი ძირითადი ფაქტორის გამო იზრდება: „გარდა იმისა, რომ იზრდება მოძრაობის ინტენსივობა, პატარა ქალაქებშიც კი მატულობს საცობები. გარდა ამისა, ძველი ტრანსპორტი კიდევ უფრო ძველდება, ძველი ავტომობილების შემოყვანაც უფრო იაფი ჯდება, არც ტექნიკური შემოწმება უტარდება ამ ავტომობილებს. მეორე ძირითადი ფაქტორი კი საწვავის ცუდი ხარისხია“.
გაეროს ანგარიშის მიხედვით, შესაბამისი რეგულაციების გარეშე და უსაფრთხოებაზე, გზაზე ვარგისობასა და გამონაბოლქვის შესახებ სავალდებულო ტესტის გარეშე, შეუძლებელი იქნება ყველაზე დამაბინძურებელი სატრანსპორტოს საშუალებების აკრძალვა გზებიდან. საქართველომ 2004 წელს თქვა უარი ავტოსატრანსპორტო საშუალებების იქამდე სავალდებულო, ყოველწლიურ შემოწმებაზე. მთავრობამ მხოლოდ 2015 წელს გადაწყვიტა მისი ხელახლა ამოქმედება, თუმცა პროცესისადმი საზოგადოების მოუმზადებლობის გამო ხელისუფლებამ სავალდებულო ტექშემოწმება კიდევ ორი წლით გადაავადა. რაც შეეხება საწვავის ხარისხს, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინ ბათუმში ჩატარებულ გარემოსდაცვით მინისტერიალზე დაადასტურა, ბენზინის ხარისხისთვის დადგენილი ნორმები ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი – 2017 წლიდან გახდება.
გელა კვაშილავა ამბობს, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად გაიაფდა ჰაერის ხარისხის საზომი თანამედროვე დანადგარები, რომელთა შეძენაც საქართველოში ჰაერის ხარისხის ზუსტ სურათს აჩვენებს და პრობლემებზე დროულად რეაგირების საშუალებასაც მისცემს სპეციალისტებს. “უკვე შემოვიდა სენსორები [Air Quality Egg], რომლებიც კიდევ უფრო დახვეწილია, ვიდრე აქამდე, ჩვენი პროექტის ფარგლებში შემოტანილი სენსორები. ეს სენსორები 24 საათის განმავლობაში ზომავს ჰაერში სხვადასხვა ინგრედიენტის კონცენტრაციას და ონლაინრეჟიმში ასახავს სპეციალურ რუკაზე ზუსტ მონაცმებს. ასეთი 20-25 რომ დაამონტაჟონ თითოეულ ქალაქში, მივიღებთ მთლიან სურათს ქვეყანაში – კონკრეტულად რა ტიპის დაბინძურებასთან გავქვს საქმე ამა თუ იმ ადგილზე”, – ამბობს გელა კვაშილავა. მისივე თქმით, არსებული სადგურები მხოლოდ რამდენიმე კომპონენტს ზომავენ, ეს დანადგარები კი გაცილებით უფრო მეტი კვლევის საშუალებას იძლევა.
„ჰაერის ცუდი ხარისხი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ევროპულ რეგიონში,“ – წერია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბოლო ანგარიშში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [ჯანმო] მონაცემებით, ყოველწლიურად მილიონი ადამიანის გარდაცვალება დაბინძურებულ ჰაერს უკავშირდება.
ჯანმოს მონაცემებით, 2010 წელს დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული სიკვდილიანობის, ეკონომიკური ზიანის ღირებულებამ საქართველოში 9 127 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ს) 35.2 პროცენტი იყო. ამავე პერიოდში ჰაერის დაბინძურება და მასთან დაკავშირებული გარდაცვალებების შემთხვევები თანხობრივად ყველაზე ძვირი რუსეთს დაუჯდა, კერძოდ, 285 467 მილიონი აშშ დოლარი, რამაც მათი მშპ-ს 9.8% შეადგინა. მართალია, ჯანმოს ევროპის რეგიონის 50 ქვეყანას შორის, უშუალოდ თანხის მონაკვეთში, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, მაგრამ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ამ თანხის მშპ-სთან მიმართებაში, ანუ გამოდის, რომ ევროპის რეგიონში საქართველოს ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები ყველაზე ძვირად დაუჯდა.
25 ივნისს, 19 საათზე, სასტუმრო “ჰილტონ ბათუმში”, ფონდი “ბილივის” საქველმოქმედო გალა საღამო ჩატარდება, რომელზეც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების 200-ზე მეტი წარმომადგენელია მიწვეული. გალა საღამოზე ჩატარდება საქველმოქმედო აუქციონი, რომელსაც კანადის საპატიო კონსული საქართველოში – კლიფ ისააკი გაუძღვება. ასევე გათამაშდება ლატარიის ბილეთები.
საღამოზე შესული თანხა, სრულად მოხმარდება სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდების მხარდაჭერას.
საღამოს მუსიკალურ ნაწილში მონაწილეონას მიიღებს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მონაწილე, თბილისის ბიგ-ბენდის სოლისტი – მარიკო ებრალიძე.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, აუქციონზე გასაყიდად თავიანთი ნამუშევრები შემოწირულობის სახით გაიღეს ქართველმა და უცხოელმა ხელოვანებმა, მათ შორის: ელენე გამგონიძემ, ნინო ჩაკვეტაძემ, გიგიშა პაჭკორიამ, ბექა ჯოხაძემ, თამარ გუგუნავამ, სოფი ეცადაშვილმა, თათია კინწურაშვილმა, გია ბარათაშვილმა, გრიგოლ ღვანიამ, დავით ბაძაღუა, კახაბერ ბარამიამ, ირაკლი კეკელიამ, ლაშა ბერაიამ, იულია სოროკინამ, გაბრიელა პროქშმა, გია მარკოზაშვილმა, ტიტე შეყილაძემ, ნათია ოჩიგავამ, ანია ვიშნევსაკაიამ, ასევე ქართველმა მორაგბეებმა დიმიტრი ბასილაიამ და ზურაბ ჟვანიამ.