მთავარი,სიახლეები

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულები გაამართლეს

27.06.2016
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულები გაამართლეს

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უდანაშაულოდ სცნო პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ორი პირი. წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბრალდებულები შიმშილობდნენ. მათ ქობულეთში, წყალსაცავის სახელმწიფო დაცვის პოლიციის თანამშრომლის დანით დაჭრაში ედებოდათ ბრალი.

გამოძიების საქმის მასალების მიხედვით, დაპირისპირება წყალსაცავის მიმდებარედ არსებულ კაკლის ბაღში მოხდა, სადაც ბრალდებულები კაკლის მოპარვას ცდილობდნენ. პოლიციელმა თემურ მოწყობილმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში თქვა, რომ მას გულ-მკერდის არეში, მარცხენა მხარეს დანით ჭრილობა მიაყენეს.

ადვოკატი რამინ პაპიძე ამ საქმეში ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ პოლიციელებმა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს სასამართლოს: „გამოძიება ამბობს, რომ ამოცნობა ჩავატარეო, მაგრამ დაზარალებულად ცნობილმა თემურ მოწყობილმა თქვა, რომ ამოცნობა ხუცუბნის პოლიციის შენობაში შედგა, გამომძიებელმა მამუკა ღვინიანიძემ კი გამორიცხა ხუცუბანი და თქვა, რომ ამოცნობა ქობულეთის პოლიციის შენობაში შედგა.“

ადვოკატები ასევე ეჭვობენ, რომ სისხლის ლაქებით დასვრილი მაისური, რომელიც საქმის მასალებში დევს, პოლიციელს არ ეკუთვნის: „გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა სისხლის ლაქა ჭრილობის ზემოთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ დაცვის პოლიციელი მათთან სამოქალაქო ფორმაში მივიდა და ეჩხუბა, თქვენ არ გეკუთვნით კაკალიო. ბრალდებულებმა ექსპერტიზის ჩატარებაც მოითხოვეს, რაც დაადასტურებდა, რომ პირიქით, ამ პოლიციელმა სცემა ბრალდებულები. ექსპერტიზის ჩატარებაზე პროკურატურამ საერთოდ რეაგირება არ მოახდინა, როცა  ბრალდებულმა ს.ჩ.-მ თქვა, რომ მას არ აქვს ექსპერიტიზის ჩატარების ხარჯი და იქნებ ეს გამოძიებას დაეფინანსებია“ – ამბობდა „ბათუმელებთან“ ადვოკატი მერი ცინარიძე.

ადვოკატები დადებითად მიიჩნევენ სასმართლოს გადაწყვეტილებას, რადგან ბოლო პერიოდში გააქტიურდა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და თავდასხმის ბრალდებით გამოძიების დაწყება. ერთ-ერთ ასეთ საქმეში, ასევე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ტყუილში გამოიჭირა პოლიციის მაღალჩინოსნები პოლიციისვე გადაღბეული ვიდეოკადრებით. ეს სამართალდამცველები პოლიციის სისტემაში დღემდე განაგრძობენ მუშაობას.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: