სიმონ ჯანაშია: თურქეთის საელჩოს მიერ სკოლის გახსნა კანონს არ ეწინააღმდეგება

დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთის საელჩომ ბათუმში გახსნა თურქული სკოლა. ამ ფაქტს, როგორც აჭარის განათლების, ისე საქართველოს განათლების მინისტრისგან მოჰყვა ერთგვარი კრიტიკა. ორივე მინისტრი აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ სკოლას არ აქვს ავტორიზაცია და სკოლის გახსნა მათთან არ არის შეთანხმებული. ფაქტს ბრიფინგით გამოეხმაურა „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და სკოლის დროებით შეჩერება მოითხოვა. დაარღვია თუ არა თურქეთის საელჩომ კანონი განათლების შესახებ? – საკითხზე კომენტარისთვის „ბათუმელებმა“ განათლების ექსპერტს სიმონ ჯანაშიას მიმართა.

ბატონო სიმონ, თურქეთის საელჩომ საქართველოს განათლების სამინისტროს გვერდის ავლით, ანუ აკრედიტაციის გარეშე გახსნა სკოლა. არის თუ არა ეს საქართველოს განათლების შესახებ კანონის დარღვევა?

სახელმწიფოსგან ლიცენზიის მისაღებად ავტორიზაცია არის მინიმალური, ანუ საგანმანათლებლო საქმიანობისთვის არ არის აუცილებელი დაწესებულება იყოს ავტორიზებული.  ავტორიზაცია საჭიროა იმისთვის, რომ სახელმწიფომ აღიაროს ამ სკოლის ატესტატი. თბილისში არსებობს ამერიკელების გაკეთებული სკოლა, რომელიც არ არის ავტორიზებული და ჩვენი სახელმწიფო არ აღიარებს ამ სკოლის დიპლომს.

ცხადია, ეს სხვა პრობლემაა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პრაქტიკა არსებობს საქართველოში. ეს იმას აჩვენებს, რომ სახელმწიფოს არ უნდა და არ შეუძლია, ეს ბავშვები მოახვედროს საკუთარ საგანმანათლებლო სივრცეში. ეს, ცხადია, ცუდია. ასეთ სკოლებში სწავლობენ საქართველოს მოქალაქეებიც. მაგალითად, თბილისის საერთაშორისო სკოლაში შეიძლება ქართველი ბავში ხარისხიან განათლებას იღებდეს, მაგრამ სახელმწიფო არ აღიარებს ამ ხარისხს. სხვა საკითხია, როგორ უნდა გაიხსნას ასეთი სკოლები, ვთქვათ, რაღაცა შეთანხმების საფუძვეზე…

ანუ ის, რომ თურქეთის საელჩომ გახსნა დაწესებულება ბათუმში, რომელსაც თვითონ უწოდებს თურქულ სკოლას, წინააღმდეგობაში მოდის განათლების შესახებ საქართველოს კანონთან თუ არა?

არა. ნებისმიერ ადამიანის შეუძლია გახსნას რაღაც და დაარქვას სკოლა, მაგალითად, ვთქვათ, ჩემი მეზობლის შვილებს საღამოს ხუთი საათიდან ვასწავლი რაღაცას და ამას ვუწოდებ სკოლას… როგორ შეიძლება ამაში სახელმწიფო ჩაერიოს, ვერაფერს ვერ გააკეთებს სახელმწიფო.

საქართველოს საელჩოებს თუ აქვთ ქართული სკოლები უცხოეთში, ქართველი ბავშვებისთვის?

თავის დროზე იყო მოსკოვში, ვითომ საქართველოს სახელმწიფოს დაფინანსებით და აქაურ ატესტატს გასცემდა. ამ წუთას მგონი არსად არ არის. ძირითადად არის  საკვირაო სკოლები, რომლებსაც ნაწილობრივ საქართველოს საკონსულოები ეხმარებიან, მაგრამ, ძირითადად, არის კერძო ინიციატივები.

საქართველოში გარდა ამერიკული სკოლისა, სხვა ქვეყნების საელჩოებს თუ აქვთ თავიანთი სკოლები?

ეს სკოლა არ არის ამერიკის სახელმწიფოს მიერ გახსნილი, ეს საერთაშორისო სკოლაა… ადრე სკოლა არსებობდა რუსეთის საელჩოს დაქვემდებარებაში, მაგრამ ეგ აღარ არსებობს. თუ არ ვცდები უნდა იყოს საფრაგეთის საელჩოს მიერ გახსნილი სკოლა თბილისის ცენტრში, მაგრამ მგონი იმათ აქვთ ავტორიზაცია გავლილი, ანუ ფრანგულ ატესტატსაც გასცემენ და ქართულსაც. ასევე უნდა ჰქონდეს გერმანიის საელჩოს სკოლა, მაგრამ ზუსტად არ ვიცი არის თუ არა ეს საელჩოს სკოლა. შეიძლება ეს იყოს გერმანიის სახელმწიფოსთან ერთად კერძო ინიციატივა. მასაც აქვს ავტორიზაცია. ეს სკოლები ატესტატებსაც იქაურს გასცემენ და პროგრამებიც იქაური აქვთ. გერმანულსა და ფრანგულში, თუ ზუსტად მახსოვს, ქართულის და საქართველოს ისტორიის პროგრამებიც უნდა იყოს.

საპროტესტო აქცია ყოფილი 25-ე ბატალიონის ტეროტორიაზე

საპროტესტო აქცია გამართეს დღეს ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა. ეს ტერიტორია ათეულობით ოჯახს თვითნებურად აქვთ დაკავებული. აქციის მონაწილეების თქმით, ორი დღის წინ შევიდა ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა და დაიწყო არსებული ელექტროგადამცემი ხაზებისა და ანძების დემონტაჟი. „აღნიშნულმა ფაქტმა ჩვენ ეჭვი გაგვიჩინა, რომ ქოხებსაც დაგვინგრევდნენ,” – გვითხრა აქციის მონაწილე მარინა ბერიძემ.
კომპანია “საქრუსენერგოს” დასავლეთ საქართველოს მენეჯერის, ანდრო ცხადაძის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ქოხების დემონტაჟს არ აპირებენ: “ჩვენ მხოლოდ ვაწარმოებთ აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ანძების დემონტაჟს და არანაირი კავშირი არ გვაქვს ქოხების დემონტაჟთან. არც ვგეგმავთ დემონტაჟს, ჩვენი საქმე არის ანძის გატანა, მოვრჩებით და წავალთ.“
batalioni 2

აუზში ბავშვისა და მამაკაცის დაშავების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

დღეს, 21 სექტემბერს, საცურაო აუზში დაშავებულების საქმეზე გამოძიება დაიწყო. შემთხვევა თამარის დასახლებაში დღეს დილით მოხდა – საცხოვრებელი კორპუსების ეზოში მდებარე საცურაო აუზში 3 წლის ბავშვსა და 35 წლის მამაკაცს დენმა დაარტყა.

სასწრაფო დახმარების სამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ მამაკაცი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო ბავშვი, რომელიც ბათუმში სტუმრად იმყოფებოდა, კონტაქტური იყო და ის ბავშვთა საავადმყოფოშია. “ბათუმელების” ინფორმაციით, ბავშვი უცხოეთის მოქალაქეა, ხოლო მამაკაცი მახინჯაურში ცხოვრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 229 პრიმა მუხლის მიხედვით, რაც ელექტრორესურსებით სარგებლობის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ქონების ჩამორთმევა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო აჭარაში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა. „ახალციხე-ბათუმის” ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ამჯერად ექსპროპრიაციას დაექვემდებარა შემდეგ მოქალაქეთა კერძო საკუთრება:

სულიკო გვიანიძის უძრავი ქონება, მისამართი: ქ. ბათუმი, ხიხანის №1ა [ყოფილი ქ. ბათუმი, ერგე-კაპანდიბი] [მთლიანი ფართობი 3089 კვ.მ, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო ფართობი 313 კვ.მ.];

ნაილე კახაბერიძის უძრავი ქონება, მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. ხერთვისი, [მთლიანი ფართობი 3903 კვ.მ, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო ფართობი 387 კვ.მ];

გელა შველიძისა და თამარ შველიძის უძრავი ქონება, მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი აჭარისწყალი, [მთლიანი ფართობი 2502. კვ.მ პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო ფართობი 7 კვ.მ].

როსტომ, ანნა, ზვიად თავდგირიძეებისა და მაია ქავთარაძის უძრავი ქონება, მისამართი: ქ. ბათუმი, ხელვაჩაურის დასახლება, [მთლიანი ფართობი 2502 კვ.მ პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო ფართობი 38 კვ.მ].

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯია” აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში, ერთობლივად ახორციელებენ ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების პროექტებს, რომლებიც წარმოადგენენ  ,,საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს.

ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD) 2014 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაფინანსებით ხორციელდება ახალციხე – ბათუმის 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რათა მოხდეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ახალი ჰესების [„შუახევის“ და „კორომხეთის“ ჰესები] მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი“.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ დასახელებულ პირებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წერილობით ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს“.

„საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება… საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგავარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ – აღნიშნულია ბრძანებაში, რომელსაც ხელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აწერს.

“რესპუბლიკელები” ბათუმში თურქული სკოლის გახსნაზე

“მოვითხოვთ, დროებით შეჩერდეს სკოლის ფუნქცინირება, ვიდრე კითხვებს არ გაეცემა პასუხი და საქართველოს კანონმდებლობა არ გავრცელდება ამ სკოლაზე,” – აცხადებს ხათუნა სამნიძე, “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე და ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი. დღეს, 21 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ხათუნა სამნიძე ბათუმში ორი დღის წინ თურქული სკოლის გახსნას გამოეხმაურა.

“თურქეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მასთან გვაკავშირებს თანამშრომლობა ბევრ სფეროში, მათ შორის, განათლების მიმართულებით, მაგრამ ეს კონკრეტული საკითხი საჭიროებს უსწრაფესად რეაგირებას. საქართველოს და თურქეთის მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმების გარეშე, მოულოდნელად გაიხსნა თურქული სკოლა. საქართველოს კანონმდებლობის იგნორირებით გაიხსნა სკოლა, რაც გამოიხატება იმაში, რომ სკოლას არ გაუვლია აკრედიტაცია, ავტორიზაცია. ამ სკოლის შესახებ სათანადო ინფორმაცია არ ჰქონდათ აჭარის განათლების სამინისტროში. ასევე საქართველოს განათლების მინისტრის განცხადებით გამოჩნდა, რომ ის უპასუხისმგებლოდ მოეკიდა ამ საკითხს. სკოლის გახსნას ესწრებოდნენ ოფიციალური პირები თურქეთის მხრიდან, მაგრამ არცერთი წარმომადგნელი შესაბამისი სამინისტროდან არ ესწრებოდა საქართველოს მხრიდან. ჩვენ ისიც არ ვიცით, რა პროგრამით ასწავლიან იქ ბავშვებს, როგორია სასწავლო გეგმა,” – უთხრა ხათუნა სამნიძემ “ბათუმელებს”.

საქართველოს განათლების სამინისტროს, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის დათო კერესელიძის განცხადებით, ბათუმში გახსნილ თურქულ სკოლას ავტორიზაცია არ აქვს გავლილი, თუმცა კანონმდებლობით ავტორიზაციის გავლა მაშინაა სავალდებულო, თუკი სკოლის ატესტატი საქართველომ უნდა აღიაროს.

თავის მხრივ, განათლების ექპსერტი, სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ თურქეთის საელჩოს მიერ სკოლის გახსნა საქართველოში კანონს არ ეწინააღმდეგება.

ხათუნა სამნიძე კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას: “ბათუმის მერიას არ გაუცია მშენებლობის ნებართვა და არაერთხელ დაჯარიმდა ეს სკოლა. არაა ამ სკოლის შენობა ჩაბარებული საბოლოოდ.”

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თურქული სკოლა ბათუმში რამდენჯერმე დააჯარიმა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა. “ამ საკითხზე, სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით,” – გვითხრა სამუშაო დღის ბოლოს მერიის პრესსამსახურის უფროსმა, თეკლა ჩიჩუამ. დილით ის დაგვპირდა კომენტარს კითხვებზე: არის თუ არა გაცემული მშენებლობის ნებართვა შენობაზე, სადაც თურქული სკოლაა განთავსებული? რომელი კომპანიაა დაჯარიმებული და ასე შემდეგ.

“დაჯარიმების საკითხი არის ტექნიკური საკითხი, რომელზეც ჩვენ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ჯობია ამ საკითხზე კომენტარისთვის მიმართოთ დამჯარიმებელს, ანუ ბათუმის მერიას,” – უთხრეს “ბათუმელებს” თურქეთის საელჩოში.

კინოფესტივალის აფიშა: „სიყვარულის შეერთებული შტატები“ და კიმ კი-დუკის ახალი ფილმი

დღეს, 21 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტვალზე  შემდეგ ფილმებს ნახავთ:

12:00 საათზე: „წელიწადის დროები ქუინსში: ჯონ ბერგერის ოთხი პორტრეტი“. დოკუმენტური ფილმი. რეჟისორები:  კოლინ მაკკეიბი, ტილდა სვინტონი, კრისტოფერ როთი, ბარტეკ დზიადოსცი. დიდი ბრიტანეთი.

ბრიტანელი მწერალი და მხატვარი ჯონ ბერგერი უკვე 40 წელია საფრანგეთის ალპებში ცხოვრობს. მას დროდადრო მეგობრები სტუმრობენ. მათი დიალოგები ხან ხან მდორე და მარტივია, ხან კი ფილოსოფიური.

14:00 საათზე: „მაკბეტი“. მხატვრული ფილმი. რეჟისორი რომან პოლანსკი. დიდი ბრიტანეთი/ ამერიკის შეერთებული შტატები.

რომან პოლანსკის მიერ ეკრანიზებული „მაკბეტი” კინოფესტივალზე შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლისთავთან დაკავშირებით იქნება ნაჩვენები.

17:00 საათზე: „ქალიშვილი“. მხატვრული ფილმი. რეჟისორი რეზა მირკარიმი, ირანი.

მკაცრი და ტრადიციების მიმდევარი აზიზი ირანში ცხოვრობს. მის ერთ-ერთ ქალიშვილს თეორანში უნდა წასვლა მეგობრის გასაცილებლად სწორედ იმ დღეს, როცა მისი დის ნიშნობა უნდა გაიმართოს. მამის წინააღმდეგობის მიუხედავად გოგონა მეგობრის გასაცილებლად მიდის, რაც ოჯახისთვის უამრავ თავსატეხს აჩენს.

19:00 საათზე: „სიყვარულის შეერთებული შტატები“, რეჟისორი ტომას ვასილევსკი, პოლონეთი/შვედეთი

ტომას ვასილევსკის ფილმი გასული საუკუნის 90-იან წლებში ოთხი სხვადასხვა ასაკის ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ცდილობენ ახალ ცხოვრებას აუწყონ ფეხი. ფილმის პრემიერა წელს „ბერლინალეზე“ შედგა, სადაც „სიყვარულის შეერთებულმა შტატებმა“ ვერცხლის დათვი მოიპოვა საუკეთესო სცენარისთვის.

21.30 საათზე: „შეჩერდი!“, რეჟისორი კიმ კი-დუკი, სამხრეთ კორეა / იაპონია

ცნობილი რეჟისორის, კიმ კი-დუკის 2016 წელს გადაღებული ფილმი ახალგაზრდა წყვილზე მოგვითხრობს, რომელიც მათ ქალაქში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ტოკიოში გადაწყვეტს საცხოვრებლად წასვლას.

კინოსეანსებზე დასწრება/ბილეთები – ყველა სეანსზე დასწრება უფასოა. დასწრებისთვის აუცილებელია წინასწარ უფასო ბილეთების (რაც კონტროლის და ადგილების დაჯავშნის მექანიზმია) აღება კინოთეატრ “აპოლოში“.

ინტერნეტით დაჯავშნა – კინოთეატრ “აპოლოს” კინოსეანსებზე შესაძლებელია ადგილების დაჯავშნა ინტერნეტით. ამისათვის საჭიროა კინოფესტივალის საიტზე მოცემული ბმულის გამოყენება – BIAFF RESERVATION.

ფოტოზე: კადრი კიმ კი-დუკის ფილმიდან „შეჩერდი!”

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი: კანონდარღვევად იქნება ის, თუ სკოლა მშობელს ეტყვის, რომ მის ატესტატს აღირებს საქართველო

საქართველოს განათლების სამინისტროს, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პიარსამსახურის ხელმძღვანელის დათო კერესელიძის განცხადებით, ბათუმში გახსნილ თურქულ სკოლას, ავტორიზაცია არ აქვს გავლილი.

„საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული, რომ იყოს ამ სკოლის ატესტატი, ყველა სკოლამ უნდა გაიაროს სპეციალური პროცედურები, მაგრამ ამ ეტაპისთვის განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრისთვის, ამ სკოლის ხელმძღვანელობას არ მოუმართავს“.

დავით კერესელიძის თქმით, იმ პროცედურებს, რომელიც  სკოლის ავტორიზაციის პროცესს შეეხება, ცენტრში არანაირი განცხადება არ შესულა. „რის საფუძველზე მოხდა ამ სკოლის დაარსება საქართველოში, ეს ინფორმაცია ჩვენთან არ არის. რაც შეეხება კანონდარღვევას, კანონდარღვევად ჩაითვლება ის, თუ სკოლის დირექცია შეცდომაში შეიყვანს მშობელს, ან მოსწავლეს და ეტყვის, რომ მის მიერ გაცემული ატესტატი იქნება აღირებული ქართული სახელმწიფოს მიერ.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ქართული კანონმდებლობით შეუძლია თუ არა უცხო ქვეყანას დაარსოს სკოლა საქართველოში ისე, რომ არ გაიაროს ავტორიზაცია? დავით კერესელიძე ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. „მე ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს, რადგან ჩვენთან რეესტრში მხოლოდ ავტორიზებული სასწავლებლებია რეგისტრირებული“.

 

თურქეთის საკონსულოს კომენტარი ბათუმში თურქულ სკოლასთან დაკავშირებით

„ეს სკოლა არის თბილისში თურქეთის საელჩის დაქვემდებარებაში, თბილისში ჩვენი საელჩო მუშაობდა ამ სკოლის გახსნის პროცესზე, საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად, ისინი თვალ-ყურს ადევნებდნენ ამ პროცესს. შესაბამისად, 19 სექტემბერს დაიწყო სწავლა ამ სკოლაში. სკოლა მოემსახურება თურქეთის მოქალაქეების ბავშვებს. უამრავ ქვეყანაშია მსგავსი სკოლები და ასეთივე გაიხსნა აქაც, საქართველოში“, –  განაცხადეს საკონსულოში.

„ბათუმელების“ კითხვაზე, აქვს თუ არა სკოლას ავტორიზაცია გავლილი, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს, საკონსულოში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე თურქეთის საელჩოს უნდა მივმართოთ.

„ჩვენ არ ვიყავით ამ პროცესში ჩართულები. ოფიციალური გახსნა არ ყოფილა და ეს იგეგმება უახლოეს მომავალში, რომელშიც მიიღებენ მონაწილეობას, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ასევე თურქეთის. ნებართვის ნაწილში ჩვენ ჩართულები არ ვყოფილვართ, დღეს გავიგეთ ამის შესახებ. ალბათ, ეს საკითხიც გაირკვევა შესაბამის უწყებებთან“, – აცხადებენ ბათუმში თურქეთის საკონსულოში.

ბათუმში თურქული სკოლის გახსნის შესახებ ინფორმაცია, ბათუმში თურქეთის საკონსულოს ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

ბათუმში თურქული სკოლის გახსნას წინ უძღოდა თურქეთის გენერალური კონსულის იასინ თემიზქანის განცხადება ბათუმში მდებარე სკოლა-ლიცეუმ „მეგობრობის“ შესახებ. კონსულმა მაშინ განაცხადა, რომ სკოლაში მომავალ ტერორისტებს ზრდიან და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა სკოლა დაეხურა. გენერალურმა კონსულმა ეს განცხადება თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას გააკეთა, რომელშიც თურქეთის ხელისუფლება ამერიკაში მცხოვრებ ყოფილ იმამს, მწერალსა და პოლიტიკოსს, ფეტულა გულენს ადანაშაულებს. კონსულის განცხადებით, სკოლა-ლიცეუმი „მეგობრობა“ ბათუმში ფეტულა გულენის მიმდევრებს ეკუთვნით.

კონსულის განცხადებას იმ დღესვე გამოეხმაურა აჭარის განათლების მინისტრი, რომელმაც განაცხადა, რომ სკოლა-ლიცეუმ „მეგობრობას“ გავლილი აქვს ყველა ის პროცედურა, რასაც მოითხოვს საქართველოს განათლების სამინისტრო და სკოლაში სწავლება ქართულ ენაზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

მოგვიანებით თურქეთის საელჩომ საქართველოში კონსულის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ კონსულის ციტატის არასწორი თარგმანის ინტერპრეტირება მოხდა  ჟურნალისტების მიერ, თუმცა კონსულთან ინტერვიუს ვიდეო ჩანაწერი მოწმობს, რომ თარგმანი შეესაბამებოდა ციტატას.

მეგობარ ქალზე ფიზიკური ძალადობის საქმე ბათუმის სასამართლოში

58 წლის გ.გ.-ს გამოძიება „გერლფრენდის“ ცემას ედავება. ოჯახში ძალადობის შემთხვევას მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს. „კი, ბატონო, თავს დამნაშავედ ვგრძნობ,“ – უპასუხა მოსამართლეს ბრალდებულმა. ის საქმეში წარმოდგენილ არც ერთ მტიცებულებას სადავოდ არ მიიჩნევს.

დაზარალებული ქალის ჩვენების გარდა საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნაა, რომლის მიხედვითაც ქალს სხეულზე, სხვადასხვა ადგილას დაზიანებები აქვს მიღებული. „საპროცესო შეთანხმება მიღწეული არ არის,“ – უთხრა სასამართლო პროცესზე მოსამართლეს პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ. სასამართლო პროცესს მხოლოდ ბრალდებული ესწრებოდა. მას ადვოკატი არ ჰყავს.

„იმ დღეს მასთან ვიყავი სტუმრად და ისევ ვიჩხუბეთ, ეჭვიანობდა… უკვე ოთხი თვის დაშორებული ვიყავით ერთმანეთთან და ამის გადატანა ვერ შეძლო,“ – მოგვიყვა დაზარალებული ქალი. ის ბრალდებულის თხოვნით მოვიდა სასამართლოსთან და გაგვესაუბრა.

„ვფიქრობ, რომ ეს კაცი არ არის მოძალადე და ამიტომ შემებრალა. არ მინდა, რომ დააპატიმრონ. ინციდენტის დროსაც პოლიციაში მეზობლებმა დარეკეს… ძალიან გამიკვირდა, როცა პოლიციელები რეალურად დაინტერესდნენ მომხდარით. მათთან არაფერი დამიმალავს… ვფიქრობ, რომ არ უნდა გაჩუმდე ასეთ დროს,“ _ მოგვიყვა ა.ფ. რომელსაც თვალზე ისევ აჩნდა ძალადობის კვალი.

„დასასჯელი ვარ, მაგრამ ამ ადამიანის დაკარგვა არ მინდოდა,“ – გვითხრა ბრალდებულმა. მოგვიყვა, რომ ცოლს დაახლოებით ხუთი წლის წინ დაშორდა, რომლის შემდეგაც საცხოვრებელი ბინის გაყიდვაც მოუხდა. ძალადობის შემთხვევამდე, ბრალდებული დაზარალებულ ქალთან ცხოვრობდა, ვისაც წინა ქორწინებიდან შვილი უკვე ჰყავდა.

გ.გ.-ს ბრალი „ოჯახში ძალადობის“ მუხლით აქვს წარდგენილი. კანონი „ოჯახის წევრად“ მიიჩნევს პირებს, რომლებიც „დროის გარკვეულ მონაკვეთში ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას“.

გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ბრალდებული დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 80-დან 150 საათამდე ან ერთწლიანი პატიმრობით.

17 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ხულოდან

17 წლის ლერი აბულაძე გასულ კვირას მსოფლიო ჩემპიონი გახდა ჭაბუკთა შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. იგი მეორე სპორტსმენია ხულოდან, რომელმაც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო მოიპოვა. პირველად ეს ტიტული შმაგი ბოლქვაძეს ერგო, რომელმაც წელს ოლიმპიური ბრინჯაო მოუტანა საქართველოს ნაკრებს.

 ლერი, როდის დაიწყეთ ჭიდაობა და როგორ დაინტერესდით სპორტის ამ სახეობით?

ჭიდაობა დავიწყე 2005 წელს. მამაჩემი, ავთანდილ აბულაძე ადრე ჭიდაობდა, შემდეგ ვარჯიშებზე დავყავდი, ვუყურებდი, სხვას რომ ავარჯიშებდა და თანდათან შემიყვარდა ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობა. მერე მეც შემიყვანა და გავყევი ამ სპორტს. ყველა ჭიდაობას მირჩევნია ამ სტილით ჭიდაობა.

ვინ იყო თქვენი პირველი მწვრთნელი, სად და რა პირობებში ვარჯიშობდით?

ლერი აბულაძე
ლერი აბულაძე

ჩემი პირველი მწვრთნელი მამა იყო. ის ახლაც ჩემი მწვრთნელია. უბრალოდ მეორე მწვრთნელიც მყავს თბილისში. თავიდან ძველ დარბაზში ვვარჯიშობდით, არ იყო კარგი პირობები, მაგრამ შემდეგ გარემონტდა და უკვე ნორმალური პირობებია, ყველანაირად ხელს გვიწყობენ.

 ეს დარბაზი სად მდებარეობს?

ხულოშია, მეც იქ ვცხოვრობ.

რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები?

2014 წელს, როდესაც პირველად წავედი მსოფლიო ჩემპიონატზე და საერთოდ, ასეთი დიდი მასშტაბის შეჯიბრზე მეორე ადგილი ავიღე და მომავალ წელს უკვე ევროპის ჩემპიონი გავხდი. მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი მაინც მსოფლიო ჩემპიონობაა.

 ვინ იყო თქვენი ყველაზე ძლიერი მეტოქე?

ყველაზე ძლიერი მაინც ალბათ წელს იყო, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. ფრე ვიჭიდავე სამი ტაიმი და ბოლო ქულით მოვიგე.

რა არის თქვენი მთავარი მიზანი სპორტულ კარიერაში?

მთავარი მიზანია გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი.

უახლოეს პერიოდში რა შეჯიბრისთვის ემზადებით?

აქამდე ვიყავი ჭაბუკთა შორის ეროვნულ ნაკრებში. 18 წლიდან ახალგაზრდულში გადავდივარ, იანვრიდან იწყება ახალი სეზონი და უკვე თავიდან უნდა მივიღო მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატში, რომ საქართველოს ნაკრებში მოვხვდე. შემდეგ იქნება ევროპის ჩემპიონატები, მსოფლიო და სხვა შეჯიბრებები 2019 წელს საკვალიფიკაციო „ტოკიო 2020“-ის ოლიმპიადისთვის. ასე, რომ ჯერ დიდი დროა და კარგად უნდა მოვემზადო.

 წინასწარ თუ გაქვთ რაიმე მოსამზადებელი ტრადიცია მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ?

არა, ასეთი არაფერი მაქვს, უბრალოდ წინა პერიოდში ვცდილობ, მშვიდად ვიყო, განწყობას ვიქმნი, რომ წყნარად გავიდე და ჩემი ჭიდაობა ვაჩვენო.

ვინ გახლავს ხოლმე შეჯიბრებებზე, ვინ არის მთავარი გულშემატკივარი?

მამაჩემი, როგორც ჩემი მწვრთნელი, შიდა ჩემპიონატებსა და შეჯიბრებებზე მახლავს. როდესაც საერთაშორისო ჩემპიონატებია და საქართველოს სახელით გამოვდივარ, იქ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი დამყვება. ჩემი გულშემატკივარი მთელი ოჯახია. ჩემი ძმაც ჭიდაობს, ისიც საქართველოს ჩემპიონია და მისი გვერდში დგომა მეხმარება ძალიან.

ელოდით მსოფლიო ჩემპიონობას?

გულწრფელად რომ გითხრათ, კი. მთელი წელი ვემზადებოდი, 12 შეკრება გავიარე საქართველოს ნაკრებთან ერთად და მზად ვიყავი. თან გამოცდილებაც მქონდა, მსოფლიოს ფინალი რომ წავაგე, იმის შემდეგ ისე ვიყავი მობილიზებული, რომ წელს აუცილებლად უნდა მომეგო. ახლა ასეთივე შემართებით ვემზადები ოლიმპიური ჩემპიონობისთვის.

 წელს თქვენმა თანაგუნდელმა შმაგი ბოლქვაძემაც წარმატებით იასპარეზა ოლიმპიადაზე. როგორც ვიცი, ერთი სპორტსკოლიდან მოდიხართ. მისმა ჭიდაობამ რა გავლენა მოახდინა თქვენზე?

ხულოში ერთად ვვარჯიშობდით, სამი-ოთხი წელი. თანაგუნდელი და მეგობარია. ძალიან დიდი ემოციები მქონდა, რომ ვუყურებდი, მომინდა გავმხდარიყავი ოლიმპიური ჩემპიონი.

ამ სპორტსკოლას უკვე ორი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. კიდევ რას უნდა ველოდეთ მისი ახალი თაობისგან?

არიან აქ კარგი მოჭიდავეები, უფრო პატარები, რომლებიც შმაგის და ახლა უკვე ჩემი გამარჯვების შემდეგ უფრო შეხალისდნენ და უფრო მეტი შემართებით ვარჯიშობენ.

რა ინტენსივობით ვარჯიშობ?

დღეში ერთხელ 5 საათზე ვახერხებ სავარჯიშოდ გასვლას, მანამდე სკოლაში დავდივარ. მე-11 კლასში ვარ. ვფიქრობ, რომ ექსტერნის გამოცდები ჩავაბარო და მერე ეროვნულებზეც გავიდე. პროფესია ჯერ არ მაქვს არჩეული.

სწავლას და ჭიდაობას ერთად როგორ ახერხებთ?

სკოლაშიც ცოტა ხელს მიწყობენ, როდესაც წასასვლელი ვარ და გაცდენა მიწევს. კარგადაც ვსწავლობ. თუ ძალიან დაღლილი ვარ და ვერ გავიგე რაღაც, მასწავლებლები მიხსნიან თავიდან და მეხმარებიან. აუცილებლად უნდა ვისწავლო, უნივერსიტეტშიც უნდა ჩავაბარო და თან ვარჯიშიც მოვახერხო.

აჭარის განათლების მინისტრი: თურქული სკოლის გახსნა ჩვენთან არ ყოფილა შეთანხმებული

ბათუმში თურქეთის საკონსულოს  ფეისბუკ გვერდზე  განთავსებულია ინფორმაცია, რომელიც იტყობინება, რომ ბათუმში ოფიციალური თურქული სკოლა გაიხსნა. „ოფიციალურ სასწავლებელში ბათუმის თურქულ სკოლაში პირველი ზარი დაირეკა. ბედნიერებისა და სიკეთის მომტანი ყოფილიყოს ბათუმში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ერისათვის“, – წერია ვებ-გვერდზე.  თუქრული  სკოლა ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზეა განთავსებული.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სკოლაში სწავლა  ბათუმში მცხოვრები თურქი ოჯახების შვილებს შეეძლებათ.

აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი, გია თავამაიშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ თურქული სკოლის გახსნის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.

„სკოლის, როგორც სახელის გამოყენება, უკვე წარმოშობს ავტორიზაციის ვალდებულებას. რომ იყოს ტრენინგ ცენტრი, ან სხვა რამ, კიდევ შეიძლება, მაგრამ კანონმდებლობაში წერია, რომ საგანმანათლებლო სახელების – „სკოლა“, „უნივერსიტეტი“, „კოლეჯი“ და ა.შ გამოყენებისას აუცილებელია ავტორიზაცია“, -აცხადებს მინისტრი.

თურქული სკოლის გახსნის ცერემონია ბათუმში. ფოტო: თურქეთის საკონსულო ბათუმში
თურქული სკოლის გახსნის ცერემონია ბათუმში.
ფოტო: თურქეთის საკონსულო ბათუმში

გია თავამაიშვილი ამბობს, რომ სკოლის გახსნაზე სამინისტროს წარმომადგენლები არ დაუპატიჟებიათ.

„სკოლის მიზანი არის ის, რომ მიიღოს მოსწავლემ განათლება და სკოლის ატესტატის საფუძველზე გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში. ამიტომ, ავტორიზაციის გავლის გარეშე სკოლას ეკრძალება საქმიანობა. ავტორიზაციის შემდეგ არის აკრედიტაცია, რომელიც ასევე აუცილებელია“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ სკოლა არ დაექვემდებარება საქართველოს განათლების სისტემას, რა ფორმით მოხდება მისი ფუნქციონირების შეჩერება? მინისტრი ამბობს, რომ თუკი თურქული სასწავლებელი, ხვდება იმ ჩამონათვალში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარება ავტორიზაცია-აკრედიტაციას, მაგრამ ის არ გაივლის, პირველ ეტაპზე დაჯარიმდება, შემდეგ კი ფუნქციონირებას შეწყვეტს.

„ეს არის სისხლის სამართლის 193-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული. თუ არ უნდა სკოლის სტატუსი, მაშინ სამართლებრივად შეთანხმდება ესეც ჩვენთან. ამიტომ, ჩვენ ვარკვევთ დეტალებს და მოგვიანებით დავაზუსტებთ ინფორმაციას“, – განაცხადა მინისტრმა.

ატარებს თუ არა ოფიციალურად სკოლის სტატუსს სასწავლებელი და მოხდა თუ არა მისი გახსნა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად? ამ კითხვაზე

საკონსულოს კომენტარი იხილეთ აქ.

თურქული სკოლის გახსნის ცერემონია ბათუმში. ფოტო: თურქეთის საკონსულო ბათუმში
თურქული სკოლის გახსნის ცერემონია ბათუმში.
ფოტო: თურქეთის საკონსულო ბათუმში

ბათუმში თურქული სკოლის გახსნას წინ უძღოდა თურქეთის გენერალური კონსულის იასინ თემიზქანის განცხადება ბათუმში მდებარე სკოლა-ლიცეუმ „მეგობრობის“ შესახებ. კონსულმა მაშინ განაცხადა, რომ სკოლაში მომავალ ტერორისტებს ზრდიან და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა სკოლა დაეხურა. გენერალურმა კონსულმა ეს განცხადება თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას გააკეთა, რომელშიც თურქეთის ხელისუფლება ამერიკაში მცხოვრებ ყოფილ იმამს, მწერალსა და პოლიტიკოსს, ფეტულა გულენს ადანაშაულებს. კონსულის განცხადებით, სკოლა-ლიცეუმი „მეგობრობა“ ბათუმში ფეტულა გულენის მიმდევრებს ეკუთვნით.

კონსულის განცხადებას იმ დღესვე გამოეხმაურა აჭარის განათლების მინისტრი, რომელმაც განაცხადა, რომ სკოლა-ლიცეუმ „მეგობრობას“ გავლილი აქვს ყველა ის პროცედურა, რასაც მოითხოვს საქართველოს განათლების სამინისტრო და სკოლაში სწავლება ქართულ ენაზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

მოგვიანებით თურქეთის საელჩომ საქართველოში კონსულის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ კონსულის ციტატის არასწორი თარგმანის ინტერპრეტირება მოხდა  ჟურნალისტების მიერ, თუმცა კონსულთან ინტერვიუს ვიდეო ჩანაწერი მოწმობს, რომ თარგმანი შეესაბამებოდა ციტატას.

მაჟორიტარი კანდიდატი: როგორ ფიქრობთ ახლა, მარტო ერთი კობა ნაკაიძე იმუშავებს ამ გლობალურ პროგრამაზე?

კობა ნაკაიძე ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია პარლამენტში პარტიიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. პროფესიით ექიმია. წლების განმავლობაში ის ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი იყო. არ გამორიცხავს, რომ მასზე არჩევანი მმართველმა პარტიამ მისი პროფესიის გამო გააკეთა. სხვა კანდიდატების მსგავსად, ისიც პირველი რიგის ამოცანად ქობულეთისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებას ასახელებს.

2012 წელს ფატი ხალვაშის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი ქობულეთში. მანამდეც ჩართული ვიყავი პოლიტიკაში. ქობულეთის საკრებულოს წევრი ვიყავი სამჯერ. 90-იან წლებში „ტრადიციონალისტებიდან“ გავედი, მერე დამოუკიდებელი დეპუტატი ვიყავი… ცხადია, მოსახლეობას ბევრი პრობლემა აწუხებს, რაც დაკავშირებულია სოციალურ საკითხებთან და ჩემი პროფესიის ადამიანის ყოფნა პარლამენტში მნიშვნელოვანია.

კონკრეტული პრობლემა რომ დაგვისახელოთ, რის გამოც გსურთ პარლამენტში შესვლა?

ქობულეთს უნდა ჰქონდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. ალბათ, გახსოვთ, რომ 2012 წლის მერე იყო საუბარი 18 ქალაქზე, მერე შეიკვეცა 6 ქალაქი და იმ შეკვეცილებს შორის მოხვდა ქობულეთი. ამით ქალაქი ძალიან დაზარალდა. მაშინ ახალი მოსული იყო ხელისუფლება და თავი შეიკავა, თუმცა ითქვა, რომ ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდებოდა.

მიიღეთ მაშინ თქვენივე პოლიტიკური გუნდისგან პასუხი, რატომ აღარ მიანიჭეს ქობულეთს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი და რატომ არის მნიშვნელოვანი ეს სტატუსი?

თვითმმართველ ქალაქს სჭირდება თავისი ბიუჯეტი, იმ ეტაპზე ეს შეჩერდა. პროცესი მიმდინარეობს… კარგია ეს სტატუსი იმიტომ, რომ რაიონი თავის პრობლემებს განსაზღვრავს, ქალაქი – თავის პრობლემაზე იზრუნებს. ახლა ისეა, რომ ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი სოფლის პრობლემებზე იხარჯება. ტურიზმის ხუთი მიმართულება არსებობს საერთო და ხუთივეს განვითარებისთვის საუკეთესო რესურსი აქვს ქობულეთს…

პარლამენტის დონეზე რა პრობლემას გაააქტიურებთ, რაც შესაძლოა პოზიტიურად აისახოს ქობულეთზე?

არის პრობლემები სოციალური, არის იგივე მისახედი იპოთეკარების თემა. აქ საჭიროა საკანონმდებლო კუთხით მუშაობა, რომ დარეგულირდეს ეს თემა.

წინა არჩევნებზეც აქტუალური იყო იპოთეკარების თემა. მაშინ ბიძინა ივანიშვილმა გაუჩინა ქობულეთელებს მოლოდინები ამ კუთხით. ეს ამომრჩეველმა არ შეგახსენათ?

არა. ჩვენ ვხვდებით, ვესაუბრებით იპოთეკით დაზარალებულებს. ისინი აბსოლუტურად თავიანთ უბედურებას აკისრებენ „ნაცინალურ მოძრაობას“… მარტივად გადასაწყვეტი თემა არ არის ეს. მთავრობას მუშაობა ამ მიმართულებით არ გაუჩერებია. სამთავრობო კომისია მუშაობს და შესწავლილია ყველა საკითხი. სახელმწიფოს ხომ არ გაუცია ეს კრედიტები?

სახელმწიფოს არ გაუცია, მაგრამ მოსახლეობამ მაშინ მიიღო დაპირება და არაფერი შეცვლილა. ახლა რატომ ჰპირდებით იმავეს?

თქვენ, ეტყობა, ინფორმაცია არ გაქვთ, რომ ქობულეთში 64 პრობლემური ოჯახიდან 18 შემთხვევაში პრაქტიკულად უკვე გადაწყდა პრობლემა. მე გეუბნებით ორი-სამი დღის ამბავს. მათ მიეცემათ გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხი, როგორც ითხოვდნენ. ამ დღებში ამათთან დაიდება ხელშეკრულებები.

როგორ შეარჩიეს ეს ოჯახები, რატომ ეს 18 ოჯახი და რა როლი შეასრულა მთავრობამ, თქვენ იყავით შუამავალი ბანკთან?

მე კი არ ვიყავი შუამავალი, მე ვარ კანდიდატი, ხელისუფლება მუშაობს ამაზე, კომისია არსებობს, მთავრობა მუშაობს და იმათ ჰკითხეთ. მე გეუბნებით ფაქტს. მთავრობის წევრი არ ვარ და არ მაქვს ინფორმაცია. გეუბნებით, რომ უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა, რომ მოწესრიგდეს რეგულაციები. დანარჩენს გავწერთ მერე.

ანუ კონკრეტულ ხედვას ამჯერად ვერ სთავაზობთ ამომრჩეველს…

როგორ ფიქრობთ ახლა, მარტო ერთი კობა ნაკაიძე იმუშავებს ამ გლობალურ პროგრამაზე? იქ, პარლამენტში, გუნდურად ვიმუშავებთ ამაზე და გადავწყვეტთ. თქვენ ძალიან მარტივად უყურებთ პრობლემებს… პარლამენტში უნდა ვიმუშაოთ, აბა, რატომ შევდივართ პარლამენტში? იმ კაბალური პირობებით, როგორც ახლა ხდება სესხების გაცემა, არ შეიძლება. არ ვამბობ, რომ ვინმე უნდა შეიზღუდოს, მაგრამ ის, რასაც აკეთებენ დღეს ბანკები, არ ხდება არც ერთ წარმატებულ ქვეყანაში.

დასაწყისში ახსენეთ, რომ როგორც ექიმი სოციალურ და ჯანდაცვის თემებზე იმუშავებთ. ამ კუთხით რას სთავაზობთ ქობულეთელებს?

სოციალურად დაუცველებისთვის ქულების მინიჭების კუთხით არის გასაკეთებელი გარკვეული ცვლილებები, რადგან ბევრი ადამიანი არის დაზარალებული ამ კუთხით, ბევრს მოეხსნა დახმარება. სოციალურ აგენტზე არ უნდა იყოს დამოკიდებილი, ადამიანს მოეხსნება თუ არა სოციალური დახმარება

ხელისუფლება, მათ შორის, მინისტრი დავით სერგეენკო ხშირად ამაყობს და ამბობს, რომ ეს სისტემა შეიცვალა და აგენტზე აღარაა დამოკიდებული, ვის რამდენი ქულა მიენიჭება. გამოდის, არასწორად ამბობდა ამას ხელისუფლება?

ხელისუფლება არასწორად ამბობდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ახლა იხვეწება ეს პროცესი, თქვენ ძალიან ჩქარობთ. სერგეენკო ამბობდა იმასაც, რომ ეს პროცესი საჭიროებს სრულყოფას…

თქვენ იყავით აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი სამი წლის განმავლობაში. რამდენი ადამიანის დასაქმება შეძელით და კონკრეტულად ქობულეთს სად ჰპირდებით სამუშაო ადგილების შექმნას?

ჩემი დირექტორობის დროს დავასაქმეთ დაახლოებით 4 ათასი ადამიანი და მინდა გითხრათ, რომ კიდევ უფრო მეტი ვაკანსია არსებობდა. მაშინ პოლონური გრანტით შრომის ბაზრის კვლევაც ჩავატარეთ და გამოჩნდა, რომ პრობლემაა კვალიფიციური კადრები. მე მაქვს დაპირება, რომ უნდა გაძლიერდეს პროფესიული განათლება და ამ კუთხით არსებული დეფიციტი აღმოიფხვრას… ქობულეთში დასაქმების ადგილი უნდა იყოს ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. ეს ტრადიციული დარგებია და სათანადო ყურადღების შემთხვევაში, შეიქმნება სამუშაო ადგილები. ის, რაც არის წამყვანი, ციტრუსი, თხილი, ისევ ეს უნდა იყოს. ბოლო ორი წლის განმავლობაში თქვენც ხედავთ, რომ ცუტრუსის გასაღების პრობლემა აღარ არსებობს…

მე იმასაც ვხედავ, რომ ქობულეთის სოფლებიდან ძალიან ბევრი ადამიანი გადადის მეზობელ თურქეთში სეზონური, მძიმე სამუშაოს შესასრულებლად…

თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოს სხვა რეგიონებში ეს პრობელემები მოგავრებულია?… გითხარით, რომ ტურიზმს აქვს ხუთი მიმართულება, ხუთივე უნდა განვითარდეს ქობულეთში. სამთო ტურიზმი უნდა განვითარდეს და ზღვის სეზონის შემდეგ სეზონმა უნდა გადაინაცვლოს მთაში. გარდა ამისა, ქობულეთში ძალიან ბევრი სამკურნალო წყალია. ტურიზტული სეზონი ქობულეთში 7 თვემდე უნდა გაიზარდოს. ტურიზმის გაძლიერება ავტომატურად გამოიწვევს სოფლის ჩართვას, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზეც მოთხოვნა გაიზრდება.

კობა ნაკაიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი. მუშაობდა ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს დირექტორად 1995-2005 წლებში. 2012 წლიდან 2015 წლამდე იყო აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორი. გასული წლიდან კანდიდატად წარდგენამდე კი ისგი აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ხელმძღვანელობდა. 

მანდარინის ფასი აჭარის პოლიტიკაში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის მაჟორიტარი კანდიდატი, მიშა ბოლქვაძე, „ქართულ ოცნებას“ და ზოგადად ხელისუფლებას, უუნარობაში ადანაშაულებს: „ციტრუსის პროგრამა ჩვენ ერთი თვის წინ წარვადგინეთ, რომელიც ითვალისწინებს კორპორაციის შექმნას… ძირითადი საკითხი, რაც მოიპარა „ქართულმა ოცნებამ“,  ესაა სტანდარტული მანდარინის ჩაბარების ფასი – 70 თეთრი, არასტანდარტული მანდარინის კი – 20 თეთრი. დღეს იმავე პროგრამის წარდგენა მოხდა „ქართული ოცნების“ მხრიდან“.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლაშა კომახიძე აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს: „ვერ გავიგე, რაშია იდეის მოპარვა. კალკულაციაში ჩვენ გვიდევს ციტრუსის ფასი 70 თეთრი და ეს ფასი არის ჩვენი ფერმერთათვის ძალიან კარგი და კომფორტული ფასი.  აქ არაფერ შუაში არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ იდეის მოპარვა.  მე მაქვს ერთი კითხვა – 75 თეთრი რომ გვეთქვა, აღარ იქნებოდა პრეტენზიები ჩვენ მიმართ? წარმომიდენია, 70 თეთრზე ნაკლები რომ გვეთქვა, რას იტყოდნენ.“

„ბათუმელების“ შეკითხვაზე, როგორ დადგინდა მანდარინის ფასი წინასწარ? – სამინისტროში გვიპასუხეს: „სიტუაცია ისე შეიფუთება, რომ 1 კგ. მანდარინი 70 თეთრი ეღირება“.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი და მთავრობის თავმჯდომარე, დღეს, მეციტრუსეებს აგროსერვისცენტრში შეხვდნენ. აჭარის მთავრობა აცხადებს, რომ „მიღება-გადამუშავება დაფასოებისათვის რეგიონში მოქმედი ციტრუსის საწარმოები და სამაცივრე მეურნეობები სრულ მზადყოფნაში არიან“, ხოლო „2016 წლის სეზონისთვის 1 კილოგრამი ციტრუსის მინიმალური ღირებულება 70 თეთრით განისაღვრა“.

გასულ წელს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, სუბსიდიის სახით,  1 კგ-ზე 10 თეთრს გასცემდა იმ კომპანიებზე, რომლებიც 2016 წლის პირველ თებერვლამდე ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ მანდარინს 20 თეთრად შეისყიდდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გასულ წელს მოსახლეობა ხარისხიან/სტანდარტულ მანდარინს 60-75 თეთრადაც კი ყიდდა. მანდარინის კრეფის აქტიური სეზონი აჭარაში, ძირითადად, ნოემბრის შუა რიცხვებში იწყება.

2016 წლის პირველი თებერვლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული იყო 26 579 ტონა სტანდარტული მანდარინი, ხოლო 9 252 ტონა კი გადამუშავებული.

SMS-ები ბათუმის მუნიციპალიტეტისგან წინასაარჩევნოდ

ბოლო რამდენიმე დღეა  ბათუმში მოქალაქეები Batumi info-სგან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს იღებენ. შეტყობინებები ძირითადად ინფორმაციული ხასიათისაა და ბათუმის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებს ეხება.

აგზავნიან თუ არა შეტყობინებებს მერიიდან? – ამ კითხვაზე ჯერჯერობით ბათუმის მერიისგან პასუხი ვერ მივიღეთ – „ვარკვევთ და გიპასუხებთ“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ზამბახიძე ამტკიცებს, რომ შეტყობინებები მერიას ეკუთვნის და ის წინასაარჩევნო აგიტაციაა: „არჩევნებამდე დარჩენილ რამდენიმე დღეში ასეთი ტიპის ინფორმაციების გაგზავნა თვითმმართველობის მხრიდან არის პირდაპირი მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში და პირდაპირი დახმარება სახელისუფლებო პარტიისთვის. ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში როცა იყვნენ, ასეთი რამ არ ყოფილა. რატომ არ აგზავნიდნენ შეტყობინებებს მაშინ, როდესაც ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უახლოეს დღეებში მივმართავთ უწყებათაშორის კომისიას“.

„სამართლიანი არჩევნების“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მადონა ბერიძის განმარტებით: „თუ კი მერიისგან ხდება აღნიშნული შეტყობინებების გაგზავნა, პირდაპირ აგიტაციის ტექსტს არ შეიცავს, მაგრამ, რამდენადაც ამ საარჩევნო პერიოდს ემთხვევა, გარკვეულწილად, რესურსის გამოყენების ნიშნები არის.“

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეტყობინებებს საკრებულო არ აგზავნის.

მოკლე ტექსტური შეტყობინებები Batumi info-სგან:

Screenshot_20160920-121437Screenshot_20160920-121414

საქველმოქმედო მარათონი ბათუმში [ანონსი]

ბათუმში ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების დასახმარებლად საქველმოქმედო მარათონი ტარდება. სარბენი მანძილი, საორიენტაციოდ, იქნება ანბანის კოშკიდან აეროპორტამდე. მარათონის დასაწყისი 9 ოქტომბერს, 09:00 საათზე.

სპეციალურად ამ მარათონისთვის ინტერნეტ სივრცეში განთავსებულია ვებ გვერდი: www.marathon.mh.com.ge  სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია რეგისტრაცია, ხოლო 20–22 სექტემბრიდან შესაძლებელი იქნება თანხის გადახდა მონაწილეობისთვის. ამის შემდეგ პიროვნებას მიენიჭება ნომერი, რითაც იასპარეზებს მარათონზე. მონაწილეობის საფასური 15–20 ლარი გასარბენი მანძილის მიხედვით.

მარათონი იმართება სააქციო საზოგადოება „საზღვაო ჰოსპიტალის“ ინიციატივით და „ევროპა დონას“ მხარდაჭერით. ჰოსპიტალის ინფორმაციით, შემოსული თანხა გადაირიცხება „ევროპა დონას“ ანგარიშზე.

კინოფესტივალის აფიშა: რა ფილმებს ნახავთ დღეს, 20 სექტემბერს

ბათუმში საავტორო კინოს XI საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. დღეს, 20 სექტემბერს, კინოთეატრ „აპოლოში“ აჩვენებენ:

12.00 საათზე:  „განათლებულთა მიწა“, დოკუმენტური ფილმი რეჟისორი პიტერ ჟან დე პუ [ბელგია/ირლანდია/ჰოლანდია/გერმანია.  2015; 87 წთ.]

14: 00 საათზე: „პროსპეროს წიგნები“. რეჟისორი პიტერ გრინევეი [დიდი ბრიტანეთი/ ჰოლანდია/ საფრანგეთი/ იტალია/ იაპონია, 1991; 124 წთ.]

ფილმი ნაჩვენები იქნება სექციის – „შექსპირი კინოში“ – ფარგლებში, რომელიც კინოფესტივალზე შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლისთავს აღნიშნავს.

16:30 საათზე: „მე – ოლგა ჰერპანოვა“. რეჟისორი პეტრ კაზდა/ტომას ვაინრები [ჩეხეთი/პოლონეთი/სლოვაკეთი/საფრანგეთი, 2016; 106 წთ.]

ოლგა მარტოსული ლესბოსელია, საზოგადოებისა და ოჯახისგან გარიყულს საკუთარი ადგილის პოვნა უჭირს.  პეტრ კაზდას და თომას ვაინრების ფილმი წელს რამდენიმე კინოფესტივალზე აჩვენეს, ფილმმა სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი მოიპოვა.

19.00 საათზე: „სმოლენკსი“. რეჟისორი ანტონი კრაუზე  [პოლონეთი, 2016 წ.]

ფილმი 2010 წელს სმოლენსკში მომხდარ ტრაგედიას ეძღვნება, როცა ავიაკატასტროფის შედეგად პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და ბორტზე მყოფი 96-ვე ადამიანი გარდაიცვალა. ფილმის მთავარი გმირი ჟურნალისტია, რომელიც სმოლენსკის ტრაგედიის მიზეზებს იძიებს.

21:30 საათზე: „ბედნიერების ღმერთი“, დიტო ცინცაძე [გერმანია, 2015; 90 წთ.]

უმუშევარი მსახიობი მოულოდნელად ხვდება თავის 15 წლის შვილს, რომელიც 10 წელია არ უნახავს. ის ამაოდ ცდილობს აჩვენოს შვილს, რომ წარმატებული და მდიდარი ადამიანია.

მთავარ ფოტოზე: კადრი დიტო ცინცაძის ფილმიდან „ბედნიერების ღმერთი“.

აჭარის მთავრობა: ციტრუსის სეზონისთვის სრული მზადყოფნაა

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში ციტრუსის სეზონის სამზადისთან დაკავშირებით, რეგიონის მეციტრუსეებთან შეხვედრა გაიმართა. ფერმერებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლაშა კომახიძე შეხვდნენ.

14361341_287167558336413_4618906123185892077_oაქვე გაიმართა სპეციალურად ციტრუსის სეზონისთვის ინგლისურ და რუსულ ენებზე შექმნილი ვებ-გვერდის პრეზენტაცია. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ორენოვანი სარეკლამო რგოლიც წარადგინა. რგოლი შეიქმნა იმ ქვეყნებში გასავრცელებლად, რომლებიც რეგიონის ციტრუსის გასაღების ბაზრებს წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში უკრაინის, ბელარუსიის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პარალელურად, წელს პირველად მოხვდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნებიც – აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში – ციტრუსოვანთა მოსავლის რეალიზაციის მაღალ დონეზე ორგანიზების, საბაჟო ტარიფების ოპტიმიზაციისა და რეგიონში წარმოებული ციტრუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობა შეხვედრებს უკვე მართავს უკრაინის, ბელარუსიისა და ყაზახეთის რესპუბლიკების წარმომადგენლებთან. სპეციალურ საინფორმაციო ვებ-გვერდზე https://citrus.moa.ge/ დაინტერესებულ უცხოელ ექსპორტიორებს შეეძლებათ გაიგონ დეტალური ინფორმაცია წარმოებული ციტრუსის და მისი ტრანსპორტირების თავისებურებებთან დაკავშირებით“.

მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონზე რეგიონში 55 – 60 ათასი ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. მიღება-გადამუშავება დაფასოებისათვის კი რეგიონში მოქმედი ციტრუსის საწარმოები და სამაცივრე მეურნეობები სრულ მზადყოფნაში არიან.

მთავრობისავე ინფორმაციით, „2016 წლის სეზონისთვის 1 კილოგრამი ციტრუსის მინიმალური ღირებულება 70 თეთრით განისაღვრა“.

14352386_287167555003080_4008956973534039382_o
შეხვედრა მეციტრუსეებთან / ფოტო: მთავრობის პრესსამსახური

დღეს – „სმოლენსკის“ პრემიერა ბათუმის კინოფესტივალზე

დღეს, 20 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე პოლონელი რეჟისორის, ენტონი კრაუზეს ფილმის ჩვენება შედგება. ფილმის პრემიერა სექტემბრის დასაწყისში შედგა ვარშავაში, შესაბამისად, BIAFF-ი პირველი კინოფესტივალია, სადაც ფილმს აჩვენებენ.

ფილმი 2010 წელს სმოლენსკში მომხდარ ტრაგედიას ეძღვნება, როცა ავიაკატასტროფის შედეგად პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და ბორტზე მყოფი 96-ვე ადამიანი გარდაიცვალა. ფილმის მთავარი გმირი ჟურნალისტია, რომელიც სმოლენსკის ტრაგედიის მიზეზებს იძიებს.

„სმოლენსკის“ პრემიერა კინოთეატრ „აპოლოში“ 19:00 საათზე გაიმართება. პრემიერისათვის ბათუმში საგანგებოდ ჩამოვიდნენ ფილმის პროდიუსერი მაციეი პავლიცკი და ლეხ კაჩინსკის როლის შემსრულებელი მსახიობი ლეხ ლოტოცკი.

 

119 ათასი ლარი სოციალური სახლების სოციალურად დაუცველებისგან იარაღით დასაცავად

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვაშლოვანში 72-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსისა და ბათუმში, თამარის დასახლების N29-ის მიმდებარედ 58-ბინიანი საცხოვრებელი სახლის ცეცხლსასროლი იარაღით დაცვაში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 119 410 ლარს გადაიხდის.

აღნიშნულ თანხას სამინისტრო სახელმწიფო დაცვის სამსახურს გადაუხდის. შესაბამისი თანხმობა შესყიდვების სააგენტოსგან სამინისტრომ მიმდინარე წლის 16 სექტემბერს მიიღო.

„დღეის მდგომარეობით, სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს შესრულებული სამუშაოების მიღების პროცესი, რის შემდგომაც საცხოვრებელი ბინების განაწილებამდე საჭიროა შენობების ადეკვატური დაცვით უზრუნველყოფა, ვინაიდან არსებობს საშიშროება შენობების გარეშე პირების მიერ უკანონოდ/უნებართვოდ დაკავებისა“ – აცხადებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

დაცვის სამსახურმა „მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე, 24 საათის განმავლობაში უნდა დაიცვას ობიექტები და მათში განთავსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა/ ქონება ქურდობის, ყაჩაღობის, განზრახ განადგურებისაგან ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. აგრეთვე „დაცვა“ პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე, არ უნდა დაუშვას დასაცავ ობიექტებზე უცხო პირების შესვლა“.

აღნიშნული სახლების მშენებლობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო „სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებდა.

10 ფილმი, რომელიც BIAFF-ზე უნდა ნახოთ

ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტვალი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ერთი კვირის მანძილზე, 40-მდე სრულმეტრაჟიანი, მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და მოკლემეტრაჟიანი ფილმები იქნება ნაჩვენები. “ბათუმელები” გთავაზობთ იმ ახალი ფილმების [2015-2016 წწ]  ჩამონათვალს, რომელთაც უკვე მიქციეს ყურადღება სხვადასხვა ფესტივალზე.

„სიყვარულის შეერთებული შტატები“ – მხატვრული ფილმი [საკონკურსო სექცია]

პოლონელი რეჟისორის, ტომას ვასილევსკის ფილმი გასული საუკუნის 90-იან წლებში ოთხი სხვადასხვა ასაკის ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ცდილობენ ახალ ცხოვრებას აუწყონ ფეხი. ფილმის პრემიერა წელს „ბერლინალეზე“ შედგა, სადაც „სიყვარულის შეერთებულმა შტატებმა“ ვერცხლის დათვი მოიპოვა საუკეთესო სცენარისთვის.

ფილმი ნაჩვენები იქნება 21 სექტემბერს, კინოთეატრ „აპოლოში“. დასაწყისი: 19:00 საათზე.

 „მოგონებათა უმანკოება“ – დოკუმენტური ფილმი [საკონკურსო სექცია]

ბრიტანელი რეჟისორის, გრანტ ჯის დოკუმენტური ფილმი სტამბულში მდებარე „უმანკოების მუზეუმის“ შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თურქმა მწერალმა, ორჰან ფამუქმა გახსნა მისი ამავე სახელწოდების რომანის გამოსვლის შემდეგ.

ფილმი ნაჩვენები იქნება 24 სექტემბერს, კინოთეატრ „აპოლოში“. დასაწყისი: 12:30 საათზე

 

„მე – ოლგა ჰერპანოვა“ – მხატვრული ფილმი [საკონკურსო სექცია]

ოლგა მარტოსული ლესბოსელია, საზოგადოებისა და ოჯახისგან გარიყულს საკუთარი ადგილის პოვნა უჭირს.  პეტრ კაზდას და თომას ვაინრების ფილმი წელს რამდენიმე კინოფესტივალზე აჩვენეს, ფილმმა სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი მოიპოვა.

ფილმი ნაჩვენები იქნება 20 სექტემბერს, კინოთეატრ „აპოლოში“. დასაწყისი: 16:30 საათზე.

„უღმერთო“ – მხატვრული ფილმი [საკონკურსო სექცია]

„უღმერთო“ ბულგარელი რეჟისორის, რალიცა პეტროვას სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია მედდაზე, რომელიც დემენციით დაავადებული პაციენტების საბუთებს იპარავს და შავ ბაზარზე ყიდის.

ფილმი წელს ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა და „ოქროს ლეოპარდი“ მოიპოვა, ლოკარნოს და სარაევოს კინოფესტივალებზე კი ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი, ირენა ივანოვა საუკეთესო მსახიობ ქალად დაასახელეს.

ფილმი ნაჩვენები იქნება 19 სექტემბერს, კინოთეატრ „აპოლოში“. დასაწყისი: 20.30 საათზე.

„სმოლენსკი“ – მხატვრული ფილმი [სექცია „დიდოსტატთა კოლექცია]

პოლონელი რეჟისორის, ენტონი კრაუზეს ფილმი 2010 წელს სმოლენსკში მომხდარ ტრაგედიას ეძღვნება, როცა ავიაკატასტროფის შედეგად პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და ბორტზე მყოფი 96-ვე ადამიანი გარდაიცვალა. ფილმის მთავარი გმირი ჟურნალისტია, რომელიც სმოლენსკის ტრაგედიის მიზეზებს იძიებს.

„სმოლენსკის“ პრემიერა 9 სექტემბერს შედგა ვარშავაში, 20 სექტემბერს კი ფილმს ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენებენ.

ფილმი ნაჩვენები იქნება 20 სექტემბერს, კინოთეატრ „აპოლოში“. დასაწყისი: 19:00 საათზე.

„სიკვდილი სარაევოში“ – მხატვრული ფილმი [საკონკურსო სექცია]

დანის ტანოვიჩის ფილმი ფრანგი ფილოსოფოსის, ჟურნალისტისა და მწერლის, ბერნარ-ჰენრი ლევის პიესის – „სასტუმრო ევროპა“ – მიხედვითაა გადაღებული.   ფილმი წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი გახდა.

ფილმი ნაჩვენები იქნება 24 სექტემბერს, კინოთეატრ „აპოლოში“. დასაწყისი: 16:00 საათზე.

„პატერსონი“ – მხატვრული ფილმი [სექცია „დიდოსტატთა კოლექცია”]

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის, ჯიმ ჯარმუშის ფილმის მთავარი გმირი ავტობუსის მძღოლია. მისი ცხოვრება რუტინულია, თუმცა პატერსონი პოეტია. ფილმი წელს კანის კინოფესტივალზე აჩვენეს.

ფილმი ნაჩვენები იქნება 24 სექტემბერს, კინოთეატრ „აპოლოში“. დასაწყისი: 21:00 საათზე.

„განათლებულთა მიწა“ – დოკუმენტური ფილმი [საკონკურსო სექცია]

ბელგიელი რეჟისორის, პიტერ-ჟან დე პიუს დოკუმენტური ფილმი ავღანეთზე მოგვითხრობს. ფილმში ასახულია ის პირობები, რომელიც ავღანელი ბავშვების რეალობაა.

„განათლებულთა მიწა“  წელს სანდენსის კინოფესტივალის პრიზიორი გახდა.

ფილმი ნაჩვენები იქნება 20 სექტემბერს, კინოთეატრ „აპოლოში“. დასაწყისი: 12:00 საათზე.

„დევნილი გემი ენგური“ – დოკუმენტური ფილმი [საკონკურსო სექცია]

a40288b

ქართველი რეჟისორის, ვახტანგ ვარაზის ფილმი ბათუმის პორტში მდგომ გემ „ენგურზე“ მოგვითხრობს, რომელსაც ორკაციანი ეკიპაჟი ჰყავს: კაპიტანი და ბოცმანი, ისინი „ენგურის“, ბოლო დევნილი გემის, ერთადერთი იმედი არიან.

ფილმი ნაჩვენები იქნება 23 სექტემბერს, კინოთეატრ „აპოლოში“. დასაწყისი: 12:00 საათზე.

„მე – დანიელ ბლეიკი“ –  მხატვრული ფილმი [სექცია „დიდოსტატთა კოლექცია]

ცნობილი ბრიტანელი რეჟისორის, კენ ლოუჩის ფილმი 59 წლის მამაკაცზეა, რომელიც ჯანმრთელობის გაუარესების გამო პირველად სთხოვს დახმარებას სახელმწიფოს. ფილმი კანისა და ლოკარნოს კინოფესტივალების პრიზიორია, კანში ფილმს  „ოქროს პალმის რტო“ გადაეცა.

ფილმი ნაჩვენები იქნება 24 სექტემბერს, კინოთეატრ „აპოლოში“. დასაწყისი: 21:00 საათზე.

 

არმაზ ახვლედიანის სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის სარჩელი მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. დამოუკიდებელმა კანდიდატმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა 9 სექტემბერს მისი ერთ-ერთი სააგიტაციო ბანერი ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში ჩამოხსნეს.

არმაზ ახვლედიანი ბათუმის საკრებულოს მიერ 6 ივლისს მიღებული განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობას ითხოვდა. ამ განკარგულების მიხედვით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია, პარტიული ოფისების შენობებისა და სამშენებლო ღობეების გარდა.

„საარჩევნო კოდექსის ნორმის მიზანია დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა, საკულტო ძეგლები, ასევე სახელმწიფო მმართველობის ორგანოებო. საჯარო ინტერესს შეუძლებელია ემსახურებოდეს ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთში ბილბორდზე ბანერის გაკვრა,“ – აღნიშნა თავის სიტყვაში არმაზ ახვლედიანის ადვოკატმა, სულხან ფალავანდიშვილმა.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საკრებულოს არ ჰქონდა უფლება, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სრულად აეკრძალა სააგიტაციო მასალის განთავსება და მიღებული განკარგულება ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს. საკრებულოს პოზიციით კი, საარჩევნო კოდექსი, გარდა იმისა, რომ განსაზღვრავს კონკრეტულ ობიექტებს, სადაც აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება, უფლებამოსილებას აძლევს თვითმმართველობას, რომ თავად დაამატონ კონკრეტული შენობა-ნაგებობები, რომლებზეც იგივე აკრძალვა გავრცელდება.

„საარჩევნო კოდექსმა, თუ ყველაფერი ზუსტად განსაზღვრა, მაშინ რატომღა მავალებს ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ განვსაზღვრო დამატებითი ადგილები?”- იკითხა საპაექრო სიტყვის დროს ვახტანგ გედენიძემ, ბათუმის საკრებულოს იურისტმა.

სასამართლო განხილვის დაწყებამდე მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ აღნიშნა, რომ ამ საქმეზე სასამართლოს და მხარეებს წერილობით მიაწოდა მოსაზრება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”. ამ ორგანიზაციაში თვლიან, რომ საკრებულოს განკარგულება სააგიტაციო მასალების განთავსების შესახებ ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს: „ნორმის სიტყვა-სიტყვით და ასევე კანონის მიზნიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ნათელია, რომ კანონმდებელი მიზნად ისახავს დაიცვას განსაკუთრებყლი ფუნქციის და ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის მატარებელი შენობა-ნაგეობებები და არა ყველა კატეგორიის შენობა… საარჩევნო კოდექსი არ ანიჭებს საკრებულოს უფლებას, სარეკლამო მასალის განთავსების აკრძალვის ზონაში მოაქციოს ქალაქის ცალკეული ქუჩები ან/და უბნები…” – ნათქვამია ორგანიზაციის წერილობით განმარტებაში.

მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი დღესვე გამოაცხადა. სასამართლო გადაწყვეტილებით, არმაზ ახვლედიანს ისევ შეეძლება საარჩევნო ბანერის განთავსება ჭავჭავაძის ქუჩაზე, რადგან სადავო ადგილი არ წარმოადგენდა შენობა-ნაგებობას.

როდის განათავსებს არმაზ ახვლედიანი ბანერს ჭავჭავაძის ქუჩაზე, არმაზ ახვლედიანის საარჩევნო შტაბის მენეჯერი, ირაკლი ჯიჯავაძე ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია იმ კერძო კომპანიაზე, რომელსაც სარეკლამო მასალის განთავსების უფლება აქვს შესყიდული: “გააჩნია, ეს კომპანია რამდენად გაუძლებს ზეწოლას”.

 

 

ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში შეიყვანა

„მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ ინფორმაციით, 2016 წლის 3 აგვისტოს, ბელგიამ  უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც საქართველოც მოხვდა.  საქართველოსთან ერთად უსაფრთხო ქვეყნების სიაშია ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, მაკედონია, კოსოვო, მონტენეგრო, სერბეთი და ინდოეთი.  ბელგიის გარდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჰყავთ შეყვანილი საფრთანგეთს, ბულგარეთსა და ავსტრიას. რას იმას ნიშნავს, რომ  საქართველოს მოქალაქეებს თითქმის აღარ რჩებათ შესაძლებლობა ამ ქვეყნებში თავშესაფარი მოითხოვონ.

„საქართველოს მოქალაქეებს არ ემუქრებათ საფუძვლიანი საფრთხე იმისა, რომ წარმოშობის ქვეყანაში მოხდება მათი დევნა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო“- ნათქვამია დოკუმენტში.

შესაბამისად, „მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით მოითხოვენ თავშესაფარს ბელგიაში, ან ზემოთ აღნიშნულ სამ ქვეყანაში, უმრავლეს შემთხვევაში მიიღებენ უარყოფით პასუხს“-გვეუბნებიან მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში.

ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წელს, ბელგიას თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 300-მდე მოქალაქემ მიმართა.

„მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, ბელგიაში თავშესაფრის მაძიებელთა 2,8 პროცენტი საქართველოდან იყო, რაც საკმაოდ მაღალია“-გვეუბნება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, ბათუმის მობილურობის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა პაპიაშვილი.

ლეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია“ საინფორმაციო კამპანიას ატარებს, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტებისთვის, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის გამოცხადებულია კონკურსი.

ჟურნალისტებისთვის კონკურსის თემაა – „უკანონო მიგრაცია საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მიზეზები და შედეგები“.

სტუდენტებმა და მოსწავლეებმა კი  საკონკურსოდ უნდა დაწერონ ესსე, – „ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გავლენა ჩვენს მომავალზე“. გამარჯვებულები მიიღებენ ფასიანი საჩუქრებს.

 

შეხვედრა „ამერიკულ კუთხეში“ FLEX-ით დაინტერესული პირებისთვის

22 სექტემბერს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში, FLEX პროგრამის კურსდამთავრებულები  პროგრამით დაინტერესებულ  მოსწავლეებს შეხვდებიან.

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) სკოლის (14-16 წლის) მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე.

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა  (FLEX) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამაა, რომელიც სრულად ფინანსდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. „FLEX პროგრამის უპირველესი მიზანია, ამ ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის გააღრმავოს ურთიერთგაგება, რაც საშულებას აძლევს ახალგაზრდებს დააკვირდნენ და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეისწავლონ აშშ–ს მთავრობის სისტემა, ამერიკული ცხოვრების სტილი, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და სხვა.

პროგრამას სრულად აფინანსებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო. FLEX და სხვა გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის გზით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ხელს უწყობს შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვა ხალხებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას“.

სასამართლომ სამი პირი დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

„სადაც უნდათ იქ ილოცონ, ჩვენ თავი დაგვანებონ… ქობულეთში პანსიონი მაინც არ გაიხსნება, წინააღმდეგი ვარ,“ – უთხრა სასამართლო დარბაზში ჟურნალისტებს ჟუჟუნა კაკალაძემ. ის და კიდევ ორი პიროვნება დღეს, 19 სექტემბერს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ დისკრიმინაციაში ამხილა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“  სამოქალაქო სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ. ამ უწყების წარმომადგენელი დღეს სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია. სამი ფიზიკური პირის მიმართ კი, დისკრიმინაცია დადგინდა და მათ მორალური კომპენსაციის სახით, ერთი ლარიც უნდა გადაიხადონ.

„სასამართლომ არ გაითვალისწინა ის არგუმენტები და მტკიცებულებები, რომელიც წარდგენილი გვქონდა და ადასტურებდა იმას, რომ პოლიცია ახორციელებდა არასათანადო პრევენციას ძალადობის აღსაკვეთათ… ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ეთერ გვრიტიშვილმა, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტმა. ეს ორგანიზაცია მუსლიმთა თემის ინტერესებს იცავდა სასამართლოში. „ქობულეთის პანსიონის საქმე“  ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2014 წლის დეკემბრიდან განიხილება.

ანგელინა ყურშუბაძეც ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სასამართლომ დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. ის მოსამართლეს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და თვლის, რომ დისკრიმინაციული მოპყრობა არ გამოუვლენია:  „კანონი არ აძლევს მოსამართლეს შესაძლებლობას სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღოს, კანონი არის უსამართლო… დისკირმინაცია უნდა ისჯებოდეს, მაგრამ გაზვიადებული იყო ჩვენგან დისკრიმინაცია. მე, პირადად, ვარ დედა, ბებია, შაირი რომ არ ენახათ, რა თქმა უნდა, წადით მშვიდობიანად-მეთქი, მარტო ამას ვებნებოდი. ეს თუ დისკრიმინაციაა, არ ვიცი. სამშვიდობო საქმე უნდა გავაკეთოთ. ჩვენს უკან ხალხი დგას, მე სულ არ გამოვჩნდები, მაგრამ ხალხი იქნება და ისინი შეუშლიან ხელს ამ პანსიონის ამოქმედებას“.

მოპასუხე ფიზიკური პირების ადვოკატი, როსტომ გუნთაიშვილი თვლის, რომ სასამართლო არასწორ პრაქტიკას ამკვიდრებს ამ გადაწყვეტილებით:  „ვფიქრობ, არასწორი პრაქტიკა ჩამოაყალიბა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ. არსებობს ბევრი გარემოება, რომელსაც დაეყრდნო მოსამართლე, არავითარი დისკრიმინაცია ამ საქმეში არ იყო.“

კითხვაზე, გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას მოპასუხე მხარე, როსტომ გუნთაიშვილმა გვითხრა, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეუთანხმდება მარწმუნებლებს საქმის გასაჩივრების შესახებ.

რამაზ კაკალაძე,  „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა“:  „მოლოდინი გვქონდა, რომ იქნებოდა ეს გადაწყვეტილება. მათ შორის, შსს-ს მიმართაც. მოსამართლემ მიიღო დემოკრატიული გადაწყვეტილება. პანსიონი აუცილებლად გაიხსენება, რადგან ჩვენც ვართ ამ ქვეყნის შვილები და უნდა გვქონდეს უფლება, რომ კანონის ფარგლებში ჩვენც ვიმოქმედოთ.“

IMG_0001

 

 

 

 

 

„ჭაჭის თაუერი ფუნქციის გარეშეა დარჩენილი“

ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა – მომავალი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა ლაშა ადამიამ, ბათუმში ჭაჭის თაუერთან ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ქალაქის ხელმძღვანელობა თაუერზე არ ზრუნავს.

„2014 წლის შემდეგ, ჭაჭის თაუერს ფაქტობრივად არ უფუნქციონირებია. ქალაქის მერს არაერთხელ შევახსენეთ რომ ჭაჭის კოშკისთვის დაებრუნებინა თავისი პროფილი, მაგრამ არაფერი შეცვლილა. შენობის გარე ფასადი დაზიანებულია და მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, ჭაჭის კოშკის განათებებში თუ შადრევნებში ნაგავია ჩაყრილი“.

ლაშა ადამიას თქმით, ჭაჭის თაუერი ერთ-ერთი საინტერესო ადგილია ტურისტული თვალსაზრისით და ქალაქის ხელმძღვანელობა მის განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს.

საპროტესტო აქცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან

დღეს, 19 სექტემბერს,  პატიმრობაში მყოფ გიორგი ანდღულაძის ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გამართეს.

გიორგი ანდღულაძეს შს სამინისტრო, ნარკოტკული ნივთიერების შენახვასა და იარაღის ტარებას ედავება. როგორც  გიორგი ანდღულაძის მეუღლე მარი შველიძე განმარტავს, 3 აგვისტოს ის გიორგისთან ერთად მიდიოდა ზღვიდან სახლში, რა დროსაც შეიარეს ერთ-ერთ კაფეში.

„გიორგი კაფედან ტელეფონის დამტენის მოსატანად გავიდა და აღარ დაბრუნებულა.  2 საათის შემდეგ გვაცნობეს რომ გიორგი უკვე დაჭერილი ყავდათ, ჩვენ დღეს აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ სანამ ექსპერტიზის პასუხი იქნება, გიორგი პატიმრობიდან გაათავისუფლონ“ – ამბობს გიორგი ანდღულაძის მეუღლე.

ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელის, თამაზ ბაკურიძის განმარტებით, იარაღისა და ნარკოტიკების ჩადება პოლიციის მხრიდან ტრადიციად იქცა: „ჩვენ წლების განმავლობაში ვებრძოდით და ვეწინააღმდეგებოდით ჩადების მეთოდებს, გვინდოდა ამ სისტემის დანგრევა, მაგრამ სამწუხაროდ არ დანგრეულა“.

აქვს თუ არა საქართველოს მოქალაქეობა „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს

პოლიტიკური პარტია „მურმან დუმბაძე-მედეა ვასაძე, ემსახურე საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, მედეა ვასაძემ დღეს, 19 სექტემბერს, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ პროპორციული სიის მეორე ნომერი, ზაზა ოქუაშვილი, სავარაუდოდ, არ არის საქართველოს მოქალაქე.

„18 სექტემბერს, ზაზა ოქუაშვილი ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში  დიდი ბრიტანეთის სიყვარულთან ერთად აღიარებს მის მოქალაქეობასაც. კანონი სხვა ქვეყნის მოქალაქეს უკრძალავს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას. ვითხოვთ, მოხდეს მოკვლევა და კანონით დადგენილ ვადებში ინფორმაციის გასაჯაროვებას“, – აცხადებს მედეა ვასაძე.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“  საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი ბარამიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ  ზაზა ოქუაშვილს საქართველოს მოქალაქეობა აქვს.

„ბრიტანეთში ცხოვრობს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობა ნამდვილად აქვს“, – გვეუბნება ის.

უსკოს საერთო სამსახურის უფროსი სულხან ჩოგაძე, ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ზაზა ოქუაშვილის მოქალაქეობის საკითხს მას შემდეგ მოიკვლევენ, როცა მედეა ვასაძის განცხადება ოფიციალურად დარეგისტრირდება.

„ზაზა ოქუაშვილს კანდიდატის სია და სააღრიცხვო ბარათი წარმოდგენილი აქვს უსკოში, წარმოდგენილი დოკუმენტაცია კანონით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა და გატარდა რეგისტრაციაშიც. რაც შეეხება მოკვლევას, როცა დარეგისტრირდება განცხადება, შემდეგ დაიწყება.“

„ბათუმელების“ კითხვაზე, წარმოადგინა თუ არა ზაზა ოქუაშვილმა რეგისტრაციის დროს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა, სულხან ჩოგაძე ამბობს:

„არ ევალებოდა, თუმცა მაინც წარმოადგინა. სააღრიცხვო ბარათში მითითებული აქვს, რომ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და, შესაბამისად, წარმოდგენილი აქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი“.

რა გადაწყვიტა სასამართლომ “ქობულეთის პანსიონის საქმეზე”

“ქართველ მუსლიმთა კავშირის” სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ფიზიკურ პირებს დაევალათ განგრძობადი დისკრიმინაციის აღმოფხვრა და მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 1 ლარის გადახდა.

კავშირი, ქობულეთში მცხოვრებ სამ პირს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, დისკრიმინაციაში სდებდა ბრალს. დავის საგანი მუსლიმური პანსიონია ქობულეთში, რომლის გახსნის საშუალება არ მიეცა მუსლიმ მრევლს ზუსტად ორი წლის წინ.

სასამართლომ შსს-ს მიმართ არ დააკმაყოფილა სარჩელი.

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ “ქობულეთის მედრესეს საქმეზე” გადაწყვეტილება დღეს, 19 სექტემბერს გამოაცხადა.

“პანსიონის საქმე” სასამართლოში 2014 წლის დეკემბრიდან განიხილება.

 

 

რას ნახავთ დღეს კინოფესტივალის ფარგლებში

ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის  BIAFF ფარგლებში, დღეს 19 სექტემბერს, კინოთეატრ „აპოლოში“ შეგიძლიათ ნახოთ შემდეგი ფილმები:

 

19 სექტემბერი

 

12.00 საათზე:

„ველური ქალები – ნაზი მხეცები“, ანკა შმიდი,

14.00 საათზე:

ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია

16.30 საათზე:

„კინომოგზაურები“, შირლი აბრაამი/ამით მანდეშია

20.30 საათზე:

„ზოოლოგია“, ივან ტვერდოვსკი

20.30 საათზე:

„მე – ოლგა ჰერპანოვა“, პეტრ კაზდა/ტომას ვაინრები

22.30 საათზე: „მოცეკვავის დრო“, ვადიმ აბდრაშიტოვი

ვინ როგორ დაასაქმებს – პარტიების ხედვები

ქვეყანაში დასაქმების ოფიციალური სტატისტიკა ეკონომიკურ ექსპერტებსა და ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს არათუ აეჭვებს, არამედ ისინი დარწმუნებით საუბრობენ, რომ საქსტატმა რეალობა უფრო ნათელ ფერებში აჩვენა, ვიდრე ის არის. სამაგიეროდ, პარტიები ეჯიბრებიან ერთმანეთს ამომრჩევლის დასარწმუნებლად, თუ ვისი ეკონომიკური გეგმა უფრო შეუწყობს ხელს ქვეყანაში სამუშაო ადგილების გაზრდას.

სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო პროგრამაში ცალკე თავი ეთმობა პარტიის ხედვებს იმაზე, თუ როგორ უზრუნველყოფს „ქართული ოცნება“ სამუშაო ადგილების გაზრდას ქვეყანაში. პროგრამის მიხედვით, რომელიც მმართველმა პარტიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოამზადა, ბიზნესის მხრივ მთავარი პრობლემა კვლავ კვალიფიციური სამუშაო ძალის ნაკლებობაა და ამის დასადასტურებლად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2015-2016 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში მოჰყავთ.

„ერთი მხრივ, არსებობს მოთხოვნა კერძო სექტორის მხრიდან, თუმცა, ეს მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება იმ სამუშაო ძალით, რომელიც შრომის ბაზარზეა წარმოდგენილი“, – ნათქვამია სახელისუფლებო გუნდის საარჩევნო პროგრამაში. ამ დისბალანსის აღმოსაფხვრელად „ოცნება“ ამომრჩეველს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას ჰპირდება. „ოცნების“ გეგმით პროფესიული განათლების სისტემა უნდა განვითარდეს დუალური (გერმანული) მოდელის შესაბამისად, რაც გულისხმობს დამსაქმებლის საგანმანათლებლო პროცესში ჩართვას. შედეგად, მომავალი დასაქმებულების შრომის ბაზრისთვის მზაობის ხარისხის გაზრდას ვარაუდობენ.

„ოცნება“ გეგმავს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესწავლას. „რის შემდეგაც უმაღლესი განათლება დაეფუძნება არა ასიმეტრიულ მოთხოვნას, რომელიც რამდენიმე დომინირებული პროფესიით შემოიფარგლება, არამედ რეალურ საჭიროებებს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.“ ეს არ შეეხება ფუნდამენტურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს. გარდა ამისა, „ოცნება“ ამომრჩეველს ჰპირდება, რომ შეიმუშავებს ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების დოკუმენტს, რაც ეკონომიკის ზრდის მხარდამჭერი ახალი პოლიტიკის შემუშავებას გულისხმობს. დოკუმენტი საფუძვლად უნდა დაედოს  ღონისძიებებს, რომლებიც სახელმწიფომ უნდა გაატაროს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით;  შემდგომი 4 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ჰპირდება ამომრჩეველს.

ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით [მას „ბათუმელებმა“ საარჩევნო პროგრამებში დასაქმებასთან დაკავშირებული ხედვების შეფასება სთხოვა], – „შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსი ვერ აღმოიფხვრება მანამ, სანამ უმაღლესი განათლების სისტემაში სახელმწიფო ინტერვენციები დომინირებს. გარდა ამისა, რეალურად არსებობს მოთხოვნა უფრო უმაღლესი განათლების დიპლომზე, ვიდრე უმაღლეს განათლებაზე და პროფესიის შერჩევისას მომავალი სტუდენტების დიდი ნაწილი უფრო მეტად ირჩევს ისეთ უმაღლეს სასწავლებელს ან/და პროფესიას, სადაც დიპლომის მიღება შედარებით მარტივია და სახელმწიფო ინტერვენციის შედეგად დამახინჯებული ფასიც – ხელმისაწვდომი“. ეკონომისტის განმარტებით, “ქართული ოცნება“, უმაღლესი განათლების რეფორმაში გულისხმობს სახელმწიფო სექტორის კიდევ უფრო მეტ გააქტიურებას, „მაგრამ ამ გეგმით შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსი კიდევ უფრო გაიზრდება. ხოლო ამ მიმართულებით განხორციელებული ინტერვენცია ვერ შეძლებს შრომის ბაზრის შესახებ ობიექტური სურათის გამოვლენას. ეს ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მიზნებისთვის მიმართული საბიუჯეტო სახსრები წყალში გადაიყრება: „ჯობს ეს სახსრები კერძო სექტორმა განკარგოს.“

„მოგების გადასახადის შემცირებით და დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღებით  რა რაოდენობის სამუშაო ადგილი შეიქმნება, ეს არავინ იცის. „ქართული ოცნების“ პროგრამაში მოტანილ ციფრებს არანაირი დასაბუთება არ აქვს. სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით სუბსიდირებულ დარგებში სამუშაო ადგილების შექმნა იქნება დროებითი მოვლენა, – როგორც საერთაშორისო გამოცდილებით დასტურდება, ხშირ შემთხვევაში იქმნება არაკონკურენტუნარიანი წარმოებები, რომლებიც არსებობენ მხოლოდ სახელმწიფო სუბსიდიების ხარჯზე. ეს იმას ნიშნავს, რომ შექმნილი სამუშაო ადგილების სანაცვლოდ, საზოგადოება იხდის მაღალ ფასს, რაც თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობას აუმჯობესებს უფრო ნაკლებად, ვიდრე ამას ექნებოდა ადგილი მაშინ, თუ ამ ტიპის სახელმწიფო პროგრამები არ იარსებებდა: `სჯობს ეს ფინანსური რესურსიც განკარგოს კერძო სექტორმა, რადგან ვართმევთ სწორედ მათ, ვინც ქმნის პროდუქტს.“

სამუშაო ადგილების შექმნის პროგნოზი უნდა დავუკავშიროთ სწორ ფაქტორებს. კერძოდ, მომავალში ეკონომიკური ზრდის ტემპს და შემოსული ინვესტიციების რაოდენობას. არსებულ მონაცემთა ანალიზის საფუძველზე უნდა დადგინდეს, თუ რა პროპორციით ზრდის 1%-იანი საინვესტიციო ან/და ეკონომიკური ზრდა სამუშაო ადგილების რაოდენობას. ეს პოლიტიკური პარტია ამას არ აკეთებს. შესაბამისად, 200,000 სამუშაო ადგილის შექმნის პროგნოზი ვერ დასტურდება პროგრამით.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მხარდაჭერის შემთხვევაში, ამომრჩეველს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში 45 000 სამუშაო ადგილის შექმნას ჰპირდება და ამ მიზნით პარტია გადასახადების, ბიუროკრატიას, მასზე გაწეული ხარჯების შემცირებასა და ასევე რეგულაციებზე უარის თქმას გეგმავს:

„2017 წელს ჩვენ შევამცირებთ საშემოსავლო გადასახადს 15%-მდე, ხოლო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში – 10%-მდე. შედეგად, ბიზნესს მეტი ფული დარჩება ინვესტირებისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად და უკვე დასაქმებულთათვის ხელფასის გასაზრდელად“, – ნათქვამია ენმ-ის საარჩევნო პროგრამაში.

აკაკი ცომაიას შეფასებით, ყველა ეს ნაბიჯი დადებითად უნდა აისახოს სამუშაო ადგილების შექმნის მაჩვენებელზე, რადგან ხელს შეუწყობს მეტი ინვესტიციის შემოდინებას. თუმცა, პროგრამაში არ ჩანს, თუ რატომ შეიქმნება 2017 წელსვე მინიმუმ 45 000 სამუშაო ადგილით მეტი.

„ჩამოყალიბებული გეგმის განხორციელების შემთხვევაში, საერთო ჯამში, უფრო მეტად უნდა გაიზარდოს ეკონომიკაც და ინვესტიციებიც, რაც გაზრდის სამუშაო ადგილებს. ეს სწორი მსჯელობაა, მაგრამ თუ არ არის კვლევები ჩატარებული, თუ როგორ კორელაციაშია სამუშაო ადგილების შექმნაზე მოქმედი ფაქტორები თავად სამუშაო ადგილებთან, ზედმეტად ამბიციური შეფასებაა, რომ მინიმუმ 45 000 სამუშაო ადგილით მეტი იქნება 2017-დან. სინამდვილეში, პროგრამის ნარატივის მიხედვით, ეს არავინ იცის და „ქართული ოცნების“ მსგავსად, ჰაერიდან მოტანილი ციფრია.“

„თავისუფალი დემოკრატები“ დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაზე საუბრისას აქცენტს განათლების სფეროში დაფინანსების გაზრდაზე აკეთებენ, რაც ეკონომისტ ცომაიას აზრით, თავისთავად არ ნიშნავს უფრო მაღალი კვალიფიკაციის კადრების მომზადებას: „ეს გამოიწვევს საბიუჯეტო სახსრების უყაირათო ხარჯვას, რაც სამუშაო ადგილების შექმნაზე უარყოფით გავლენას მოახდენს. თავისუფალ დემოკრატებს არა აქვთ კარგად გააზრებული, როგორ ვებრძოლოთ უმუშევრობას და რა შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი.“

„რესპუბლიკელები“ მიიჩნევენ, რომ დასაქმება მიიღწევა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით, ინვესტიციების მოზიდვით და წარმოების განვითარებით, სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობით, განათლებისა და კვალიფიკაციის ზრდით.

„ჩვენი ხედვაა ადამიანებს მივცეთ ანკესი და არა თევზი. პოსტსაბჭოთა ტიპის მთავრობები ანკესებს ხშირად ექსკლუზიურად ფლობენ და თევზის გადანაწილების არაეფექტური სისტემები აქვთ. ჩვენი ამოცანაა, ანკესი ხელმისაწვდომი გავხადოთ ადამიანებისთვის, ოღონდ მისი მათ ხელში აღმოჩენა დამოკიდებული იყოს მათ უნარებზე და არა ჩვენს „კეთილ ნებაზე“, რასაც საბოლოოდ ტოტალიტარულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ სისტემამდე მივყავართ ხოლმე“, – ნათქვამია პარტიის საარჩევნო პროგრამაში.

კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და ცივილიზებული შრომის ბაზრის ფორმირების მიზნით, „რესპუბლიკელები“ ამომრჩეველს ჰპირდებიან უმუშევართა აღრიცხვის საინფორმაციო ბანკის შექმნას, რათა შესაძლებელი გახდეს მათთვის ადეკვატური სამუშაოს შეთავაზება; ექსპერტ ცომაიას შეფასებით რესპუბლიკელების ხედვა დასაქმებაზე ჰგავს ენმ-ის ხედვას: „ზოგადად აქვთ სწორი წარმოდგენა იმაზე, თუ რა ქმნის სამუშაო ადგილებს. თუმცა მათი ხედვა, რომ შეძლებენ შრომის ბაზრის შესწავლასა და საბიუჯეტო სახსრების მიმართვის გზით შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების შექმნას, უტოპიურია. საბიუჯეტო რესურსების უყაირათო ხარჯვაა. აღნიშნული რესურსი შეიძლება უფრო ეფექტიანად გამოიყენოს კერძო ბიზნესმა და მოახმაროს სამუშაო ადგილების შექმნას.“

ღია საზოგადოება საქართველოსტატია ქვეყნდება პროექტის ფარგლებში „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამენტი“. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

ქალებისთვის ადგილი ისევ არ არის

ცნობილი რვა პარტიიდან სამს აჭარაში გენდერული კვოტირების პრინციპი – „ყველა მესამე ქალი“ – დარღვეული აქვს. მაგალითად, „პაატა ბურჭულაძეს – სახელმწიფო ხალხისთვის“ პირველ ათეულში ქალი საერთოდ არ ჰყავს. აქტიური ქალების ადგილი საარჩევნო სიებში ისევ არ აღმოჩნდა. პარტიების უმრავლესობას ქალების მისაზიდად თავი არ შეუწუხებია. აქტიური ქალები კი ამბობენ, რომ პოლიტიკა ვერ გახდა მათთვის მიმზიდველი.

ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა
ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

დარეჯან ალანია „შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტიის“ სიის მესამე ნომერია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში. ის ამბობს, რომ 20 წელია პარტიაშია, მაგრამ პოლიტიკურად გააქტიურება ოჯახის გამო აქამდე ვერ მოახერხა: „არ ვჩანდი, გეთანხმებით… ვიაქტიურე შვილების, შვილიშვილების გაზრდით.

ისე, ტელევიზიებსაც არ უაქტიურიათ, რომ გამოვჩენილიყავი სადმე. გვირჩევნია საქმე ვაკეთოთ, ვიდრე ვილაპარაკოთ. სხვა ქალები, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ, ცდილობენ იყვნენ ფინანსურად ძლიერ პარტიებში. ვისაც შალვა ნათელაშვილი და ჩვენი ღირებულებები მოსწონს, მოვიდოდა. აქ ვართ ოჯახში დარჩენილი ქალები, ვისაც სამშობლო უყვარს და ჭკუაგახსნილები ვართ. ქალისთვის ოჯახი უპირველესია, ხომ მეთანხმებით?“.

ამ პარტიას გენდერული ბალანსი დაცული აქვს. სიის პირველ ათეულში სამი ქალია. დარეჯან ალანიას შემდეგ, სიის მეექვსე ნომერს ნინო სურმანიძე იკავებს პარტიის ხულოს ორგანიზაციიდან. მეცხრე ნომერი კი ნანა ინასარიძეა ხელვაჩაურიდან.

„ქუჩა-ქუჩა არ დაგვიწყია ქალბატონების ძებნა,“ – გვითხრა საარჩევნო ბლოკ „ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა აჭარაში, დიმიტრი ჭეიშვილმა. აქცენტი აქ პარტიულ ერთგულებაზე გაუკეთებიათ და სიის პირველ ათეულში ის სამი ქალი მოხვდა, ვინც წინასაარჩევნო პერიოდამდე გახდა პარტიის წევრი. „რაც არ უნდა აქტიური ყოფილიყო ვინმე, გუშინ რომ მოსულიყო პარტიაში, არ ჩავსვამდით სიაში. დიდია რისკი, რომ გაურიგდეს რომელიმე სხვა პარტიას და უღალატოს ჩვენი პარტიის პრინციპებს,“ – ამბობს დიმიტრი ჭეიშვილი. კითხვაზე, რამ შეუშალა ხელი პარტიულ ქალბატონებს პოლიტიკურ, ან სამოქალაქო აქტივობაში? დიმიტრი გვპასუხობს: „კაცებიც არ ვჩანდით… უფრო შიდაპარტიულ საქმიანობაზე ვიყავით გადართულები და არა პიარზე“. ამ ბლოკში საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია ლიანა თაფლაძე. ის აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობდა 2008 წლამდე. მეექვსე – დალი მახარაძეა, ბსუ-ს პროფესორი, ხოლო მეცხრე – ლია კუნჭულია, შპს „ბათუმიტექსის“ ოპერატორი.

„ბოლომდე ვერ ამოვხსენი, რა სურთ ქალებს,“ – გვითხრა კობა ჩხეიძემ, „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა აჭარაში. მისთვის გაუგებარია, რატომ არ გამოჩნდნენ საზოგადოებრივად აქტიური ქალები პარტიის ღიად დატოვებულ კარში. „ქალბატონები, რომლებიც არიან აქტიურები და ამასთან, ჩვენი პარტიის წევრები, ისინი ჩავსვით სიაში… ჩვენ არაერთ საჯარო დისკუსიაზე შევთავაზეთ სხვა ქალბატონებს პარტიულად გააქტიურება, მაგრამ რატომღაც პასიურობენ. რატომ იკავებენ თავს პოლიტიკისგან, არ ვიცი. თუკი ვიბრძვით საერთო ღირებულებებისთვის, ის რატომ არ უნდა დავინახო?… პარტიაში მნიშვნელოვანია იდეოლოგიური კომპონენტი და ჩვენ აქედან ამოვედით.“ ამ პარტიის საარჩევნო სიის მეხუთე ნომერია ხათუნა ფაღავა, ის სამოქალაქო სექტორიდან მოდის. სიის მეექვსე ნომერია სალომე ზაქარიაძე პარტიის ქობულეთის ორგანიზაციიდან და მეათე ნომერია ნარგიზა ალასანია. ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორია.

შესთავაზეს თუ არა კანდიდატობა და რა მიზეზით თქვეს უარი აქტიურმა მოქალაქე ქალებმა პოლიტიკის კეთებაზე? – აქტიური მოქალაქე, საინიციატივო ჯგუფის – „დაიცავი ბათუმის ბულვარი“ ერთ-ერთი წევრი, ექიმი ზეინაბ დიასამიძე ამბობს, რომ შეთავაზება პარტიებისგან ჰქონდა, მაგრამ ყველა უარით გაისტუმრა:

„თუკი დავინახავ, რომ არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალა, ვისთვისაც აქტუალური თემები მნიშვნელოვანია და მოსულია ქართული საქმის საკეთებლად, არ გამოვრიცხავ პოლიტიკაში მოსვლას… არის კიდეც ასეთი რამდენიმე ძალა, მაგრამ მათ აქვთ შეცდომები და მინდა ჯერ ეს შეცდომები გამოასწორონ. მინდა, რომ პოლიტიკა აკეთონ პოლიტიკოსებმა. პოლიტიკოსების მხრიდან არც ის დამოკიდებულება მომწონს, რაც არსებობს, ზოგადად, ექიმების მიმართ…“

კონკრეტულად ვისგან მიიღეს შეთავაზება, არ ამხელენ, თუმცა დაგვიდასტურეს, რომ კანდიდატობა შესთავაზეს ნათია ზოიძეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“ ანალიტიკოსს, ასევე ციალა ქათამიძეს, სახალხო დამცველის წარმომადგენელს აჭარაში. ორივე მათგანი მიიჩნევს, რომ აქტიურობისთვის არაა საჭირო პოლიტიკაში წასვლა და სამოქალაქო სექტორში ყოფნა კარგი პლატფორმაა საზოგადოებრივი შედეგის მისაღწევად.

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიულ სიაში ათეულის ბოლო პოზიციებზე სამი ქალია. სიის მერვე ნომერია ნინო დავითაშვილი, ის მედიაკავშირ „ობიექტივის“ ბათუმის სტუდიის წამყვანია. მეცხე ნომერი ეთერ თავართქილაძეა, მეათე – ლამარა ქათამაძე, ის ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანებას ხელმძღვანელობდა.

„კარგი ქალები გვყავს ჩვენ. ნინო, გარდა იმისა, რომ წამყვანია, თოჯინების თეატრის მსახიობიცაა. ლამარა ქათამაძეს ყველა იცნობს ქობულეთში. ეთერის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს… ვინც ერთგულება გამოამჟღავნა პარტიის მიმართ, ის ჩავსვით. რომ შეგვეთავაზებია ვინმესთვის და უარი ეთქვას, ასეთი არ ყოფილა,“ – გვითხრა მერაბ ბლადაძემ, ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ბათუმში.

ერთადერთი პარტია, სადაც გვითხრეს, რომ წინასაარჩევნოდ აქტიური მოქალაქე ქალების დათანხმება სცადეს, „რესპუბლიკური პარტიაა“. ზაურ ახვლედიანს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ქალები იმ შემთხვევაში თანხმდებიან პოლიტიკაში მოსვლას, თუკი გამარჯვებაში დარწმუნდებიან: `ჩვენი მიდგომაა: რაც შეიძლება მეტი ქალი პოლიტიკაში. ძალიან ბევრ ქალს შევთავაზეთ გამხდარიყო ჩვენი კანდიდატი, მაგრამ უარი მივიღეთ. მიაჩნიათ, რომ წაგების ალბათობა იყო დიდი“.

„რესპუბლიკელების“ საარჩევნო სიის ათეულში სამი ქალია. სიის მესამე ნომერია ლარისა ანდღულაძე. ის ბსუ-ს პროფესორია. სიის მეექვსე ნომერი მარინა მახარაძე პარტიის შუახევის ორგანიზაციის ხელმძღვანელია 2014 წლიდან, ხოლო მეცხრე ნომერი ასმათ ცინცაძე პედაგოგია და პარტიის ხელვაჩაურის ორგანიზაციის წევრი.

„პარტიამ ასე გადაწყვიტა,“ – გვიპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეექვსე ნომრად დასახელებულმა ასმათ დიასამიძემ, როცა მას გენდერული ბალანსის დარღვევის შესახებ ვკითხეთ. ასმათ დიასამიძე ამბობს, რომ კონკრეტული მიზეზი პარტიის შიგნით არ დასახელებულა, რატომ დაუტოვეს ქალებს ათეულში მხოლოდ ორი ადგილი: „ველოდებით, რომ მოვალთ ხელისუფლებაში უმრავლესობით და გენდერული ბალანსი დაცული იქნება აღმასრულებელ ხელისუფლებაში… ვისურვებდი, რომ ყოფილიყო მეტი ქალი, მაგრამ ვერ ვხედავ რაღაც უსაშველობას… ამაზე პროტესტი არ გამოუთქვამს აქამდე ვინმეს“.

პარტიული სიის პირველ ათეულში ასმათ დიასამიძის გარდა, მეშვიდე ნომრად კიდევ ერთი ქალია დასახელებული – ნინო ჯინჭარაძე. მას სამთავრობო უწყებებში მუშაობის გამოცდილება აქვს. ასმათ დიასამიძის თქმით, პარტიაში ამჯობინეს ბალანსი ძველსა და ახალ სახეებს შორის დაეცვათ: „ამიტომაც გვყავს ახალი სახე, ძალიან პერსპექტიული ნინო. უნდა მოხდეს ესტაფეტის გადაცემა…“

მხოლოდ ორი ქალისთვის გამონახა ადგილი პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. სიის პირველ ათეულში მერვე ნომერია ნინო ჩხეტია. ის „აჭარის რადიოს“ პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანად მუშაობდა. სიის მეათე ნომერია –  ნატალია ზოიძე. ის ბათუმის დელფინარიუმის დირექტორი იყო და ახლა ბათუმის საკრებულოს წევრია.

„გაცხადებული პოზიცია აქვს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, რომ გენდერული ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია… მიუხედავად სერიოზული მცდელობისა, ძალიან ბევრია სამუშაო ცვლილების მისაღწევად. ცვლილებები უნდა იყოს რადიკალური და ამ კუთხით ჩვენ უნდა ვიმუშავოთ. უნდა შეიქმნას პარტიის ქალთა ორგანიზაციაც, სადაც პოლიტიკურად აქტიური ქალბატონები გამოიკვეთებიან. აქამდე ამ საკითხზე არაერთი დისკუსია მოგვისმენია, მაგრამ საკითხის გარშემო დისკუსია არ გახსნილა პარტიებში, მათ შორის, „ქართულ ოცნებაში“… მე პარტიის ახალი წევრი ვარ და იმედია, ამ კუთხით ცვლილების მიღწევას მოვახერხებ,“ – გვითხრა ნინო ჩხეტიამ.

არც ერთი ქალი საარჩევნო სიის პირველ ათეულში – ბლოკში „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“. აქ აქტიური ქალების შესარჩევად დრო არ ეყოთ. ამ ბლოკის მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმიდან ნინო ტავლალაშვილი დაგვეთანხმა, რომ გენდერული დისბალანსი პრობლემაა: „ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ახალი კადრების მოზიდვა დროის სიმცირის გამო ვერ მოვახერხეთ. გარდა ამისა, იყო ზაფხული. ამ დროს ბევრი ქალაქგარეთ გადის. პარტიის ხედვებისა და პროგრამის გაცნობის გარეშე კი, რთულია ადამიანს კანდიდატობა შესთავაზო“.

„თუკი მოხერხდა კაცების მოზიდვა, რატომ იყო შეუძლებელი ქალი კანდიდატების შერჩევა?“ – კითხვაზე ნინომ გვიპასუხა, რომ პრობლემად რჩება მენტალიტეტი, რომელიც ქალს პოლიტიკისგან დისტანცირებისკენ უბიძგებს: „რამდენიმე დღის წინ, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ერთმა კაცმა მკითხა, მეუღლე თუ გყავთო. დადებითი პასუხი რომ მიიღო, თქვა, რომ ჩემი მეუღლე ქართველი არ იქნებოდა. მისთვის რთული წარმოსადგენია, რომ ქართველი მამაკაცის მეუღლე მიდის პოლიტიკაში… შემოსაზღვრულია ეს წრე, რომლის იქით არ უნდა გახვიდე. თავად ქალია ამას შეგუებული და ამ სივრციდან გასვლა მისთვის რთული, ის ხდება კრიტიკის ობიექტი. კარგია, რომ სხვა პარტიები ამ კუთხით გვჯობნიან.“

ღია საზოგადოება საქართველოსტატია ქვეყნდება პროექტის ფარგლებში „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამენტი“. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

LADIES OPEN-ის პირველი ჩემპიონი ბათუმიდან

19 წლის შემდეგ პირველად, ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირის –  Ladies Open -ის გამარჯვებული ქართველი, 19 წლის მარიამ ბოლქვაძე გახდა.  ჩემპიონატში რვა ქვეყნის 40 სპორტსმენი მონაწილეობდა. როგორ ცხოვრობს და რა გეგმები აქვს ახალგაზრდა ჩემპიონს? მარიამ ბოლქვაძე „ბათუმელებს“ ესაუბრა.

მარიამი ბათუმელია, თუმცა ამჟამად ლონდონში ცხოვრობს და წვრთნებს ლონდონის ჩოგბურთის აკადემიაში გადის. მარიამს აკადემია აფინანსებს, როგორც პერსპექტიულ და წარმატებულ ჩოგბურთელს.

ჩოგბურთს 9 წლის ასაკიდან თამაშობს. სპორტის ეს სახეობა თავად აირჩია და ყველა დასახული მიზნის მიღწევას გეგმავს. 12 წლის ასაკში თბილისში გადავიდა და იქ ვარჯიშობდა, 15 წლიდან კი ლონდონში ცხოვრობს და იქ აგრძელებს საწვრთნელ ვარჯიშებს.

„ლონდონში ჩემი მეგობრის ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. გადატვირთული ვარ, რადგან ბევრს ვვარჯიშობ. სწავლის გაგრძელებას ჯერ არ ვგეგმავ, ჯერ სპორტში მინდა წარმატებებს მივაღწიო,“ – გვეუბნება მარიამი.

იმ შემთხვევაში, თუკი სწავლას უმაღლესში გააგრძელებს, სასწავლებლად ამერიკაში წავა. თუმცა, ვარჯიშს ლონდონის აკადემიაში ამჯობინებს და სხვაგან გადასვლას არ გეგმავს.

„მქონდა რამდენიმე შემოთავაზება ამერიკიდანაც, მაგრამ აქ ვაპირებ დარჩენას. მივეჩვიე ამ გარემოს, ჩემთვის აქ ვარჯიში კომფორტულია. თანაც უფასოდ ვვარჯიშობ. ეს აკადემიისთვის მოგებაა, რადგან პრინციპი ასეთია, როცა ჩემპიონი მასთან ვარჯიშობს, ეს სხვა სპორტსმენების მოზიდვას უწყობს ხელს.

ლონდონში 19 სექტემბერს ვაპირებ წასვლას, რამდენიმე ტურნირში ვგეგმავ მონაწილეობას. ზამთარში, ალბათ, მოსამზადებელი პერიოდი მექნება და შემდეგ ევროპის ტურნირებში მივიღებ მონაწილეობას“.

საერთაშორისო ტურნირის Ladies Open -ის გამარჯვებული ბათუმიდან
საერთაშორისო ტურნირის Ladies Open -ის გამარჯვებული ბათუმიდან

რამდენიმე დღის წინ მარიამმა თელავში გამართულ 25-ათასიან ტურნირში მიიღო მონაწილეობა. „პირველი შეხვედრა მოვიგე, მეორე კი წავაგე. ჩემთვის მთავარი ქულების დაგროვებაა. წელიწადში 16 საუკეთესო ტურნირი კარგ შედეგად ითვლება“.

მარიამისთვის  Batumi Ladies Open -ის ტურნირი არ ყოფილა პირველი გამარჯვება: მან წარმატებებს მიაღწია ეგვიპტეში, სადაც ცოტა ხნის წინ, შარმ ელ შეიხის 10-ათასიან ტურნირში მიიღო მონაწილეობა და პირველი ადგილი დაიკავა. მას სულ სამი ჩემპიონატი აქვს მოგებული.

რატომ ვერ შეძლეს ქართველმა სპორტსმენებმა 19 წლის მანძილზე საპრიზო ადგილის დაკავება? – მარიამის თქმით, ამას ტურნირის ბიუჯეტიც განაპირობებს –  რაც უფრო მაღალია ტურნირის დაფინანსება, მით უფრო მაღალია კონკურენცია.

„მანამდე, 25-ათასიანი ტურნირები ტარდებოდა და ბევრი მონაწილე ჰყავდა. საწყის ეტაპზე ბათუმში ვარჯიში საკმარისია, მაგრამ აქ იმდენი ტურნირი არ ტარდება, რომ მხოლოდ ბათუმის შესაძლებლობები გეყოს. სხვა ქვეყნებში აუცილებლად გიწევს გასვლა, ამისთვის კი აუცილებელია უფრო ინტენსიური და უფრო მაღალი დონის წვრთნები, ამიტომ გადავედი თბილისში, შემდეგ კი – ლონდონში“.

თავისუფალ დროს მარიამს პარკში მარტო სეირნობა უყვარს, რადგან ასე უფრო ახერხებს განტვირთვას. უყვარს ხატვა და კითხვაც, „უფრო მეტად გასართობ ლიტერატურას ვკითხულობ“. ჯერჯერობით, დრო არ ჰყოფნის მოგზაურობისთვის ან ქალაქში  ხეტიალისთვის, რადგან როგორც გვეუბნება, მთელ დროს ვარჯიშს უთმობს. მარიამის მთავარი მიზანი სპორტული წარმატებებია.

საერთაშორისო ტურნირის Ladies Open -დაჯილდოვებაზე
საერთაშორისო ტურნირის Ladies Open -დაჯილდოვებაზე

ზურაბ პატარაძის მეუღლე სოციალურ კაფეში მოხალისეობრივად იმუშავებს

აგვისტოში, ბათუმში, საინიციატივო ჯგუფმა “თავისუფალმა სივრცემ” სოციალური კაფე გახსნა, პირველი, სრულად ადაპტირებული ადგილი შეხვედრებისა და დისკუსიებისათვის. ეს განსაკუთრებული კაფეა იმ თვალსაზრისითაც, რომ აქ მომსახურე პერსონალი 2 ან მეტი საათით შეიძლება იყოს ნებისმიერი მსურველი. 19 სექტემბერს, 13:00-დან 15:00 საათამდე, ამ კაფეში სოფიო ბაკურიძე იმუშავებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეუღლე. ამის შესახებ ინფორმაცია „თავისუფალი სივრცის“ ფეისბუქგვერდზეა განთავსებული.

Screen shot 2016-09-19 at 12.37.32 AM

კაფე თავისუფალი სივრცე
კაფე თავისუფალი სივრცე

კაფეს მენეჯმენტისთვის ამ სახის ურთიერთობა ნებისმიერ მოქალაქისგან დიდ მხარდაჭერაა. „თავისუფალი სივრცის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა ნინო ჩხაიძემ 13 სექტემბერს შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

ჩემო ახლო და არაახლო მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ თავისუფალი სივრცე / Free Space უკვე ფლობს ყველა რესურს, რათა სოციალური კაფე ხარისხიანად ამუშავდეს (დიდი მადლობა ამ ყველაფრისათვის ერგულ და უანგარო მეგობრებს)!

ვდგავართ ერთი პრობლემისა თუ გამოწვევის წინაშე, რაც გამოიხატება ბარმენის ვერ პოვნაში… მოკლედ, ძალიან რთული აღმოჩნა მოხალისეობრივ საწყისებთან გათანაბრებული ახალგაზრდის ან არაახალგაზრდის პოვნა,რომელიც დასაწყისში “მინიმალური” ხელფასის სანაცვლოდ იმუშავებდა…

ამიტომ, გადავწყვიტეთ, ის, რაც მოხალისეობრივად შევქმენით, ბარემ მოხალისეობრივად დაიწყოს კაფემაც მუშაობა.

რა გვსურს თქვენგან?

არ აქვს მნიშვნელობა შენს სქესს, რელიგიურ აღმსარებლობას, პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის თანამდებობას, არც იმას, ხელოვანი ხარ ჟურნალისტი თუ ბათუმის მერი :)

…თუ შეგიძლიათ დღესში 1-2 საათი მოხვიდეთ ჩვენთან და ბარში მოხალისეობირვად იმუშაოთ, მომწერეთ.

შენი მოხალისეობრივი საქმიანობა ხელს შეუწყობს სამომავლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადაპტირებული გარემოს პოპულარიზაციას და ერთ-ერთი მთავარი “სიკეთის” – მოხალისეობის ჯანსაღი სახით დამკვიდრებას ჩვენს საზოგადოებაში”.

დათო ტრაპაიძე თავისუფალ სივრცეში
დათო ტრაპაიძე თავისუფალ სივრცეში

“თავისუფალი სივრცში” ერთ-ერთ პირველს, „პრაქტიკა“ უკვე ჰქონდა დათო ტრაპაიძეს, ბლოგერს, “აჭარის რადიოს” ჟურნალისტს.

ქარტია და TI აჭარის ტელევიზიის დირექტორის შერჩევის წესს აკრიტიკებენ

16 სექტემბერს „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მრჩეველთა საბჭომ, დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის [არჩევის] წესი დაამტკიცა და თანამდებობაზე ღია კონკურსიც გამოაცხადა – განცხადების მიღება 19 სექტემბრიდან იწარმოებს. თუმცა, მიღებულ დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ „საერთაშორისო გამჭვირავალობა – საქართველოსა“ და „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“.  

როგორც ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ნატა იმედაიშვილმა უთხრა “ბათუმელებს”, დოკუმენტის სამუშაო ვერსია რეკომენდაციებისა და შენიშვნებისთვის ქვეყანაში მოქმედ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას დაეგზავნა. პასუხები კი რეკომენდაციის სახით მრჩეველთა საბჭოს მიაწოდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ [TI] და „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“.

როგორც TI-ს რეგიონული ოფისების მენეჯერმა, მალხაზ ჭკადუამ უთხრა „ბათუმელებს“, მრჩეველთა საბჭომ მხოლოდ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული შენიშვნები გაითვალისწინა:

„რამდენიმე რეკომენდაცია ჩვენი გაგზავნილი წერილიდან ნამდვილად გაითვალისწინეს, მაგრამ ეს არ არის არსებითი“. ჭკადუას თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი შენიშვნა კონკურსანტებისთვის ტელევიზიის განვითარების სტრატეგიული გეგმისა და ხედვების წარმოდგენის ვალდებულებას უკავშირდებოდა.  

„მიღებული დოკუმენტის მიხედვით, არა თუ სავალდებულოდ, სასურველადაც არ არის აღნიშნული, კონკურსანტისთვის განვითარების სტრატეგიული გეგმის წარმოდგენის შესახებ. წარმოუდგენელია, როგორ უნდა გაიგოს მრჩეველთა საბჭომ რამდენიმე წუთიანი გასაუბრებით, კანდიდატის ხედვების შესახებ“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა და დასძენს, რომ თუ კი საზოგადოებას და დამკვირვებელ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებოდა ენახა მსგავსი გეგმა დოკუმენტის სახით, ეს პროცესებს უფრო გამჭვირვალეს გახდიდა. იგი ასევე საუბრობს მეორე მნიშვნელოვან საკითხზე, მიღებული დოკუმენტიდან:

„საქმე ეხება თავს, რომლითაც განისაზღვრება კონკურსის ჩაშლის პირობები. აქ ერთ-ერთ პირობად ვკითხულობთ, რომ თუ საბჭო შვიდი დღის ვადაში ვერ მოახერხებს გასაუბრებებს ან/და შეკრებას [ანუ არ შედგება კვორუმი] ჩაიშლება კონკურსი. პრაქტიკულად გამოდის, რომ საბჭოს წევრებმა თავი დაიზღვიეს, რომ თუ კონკურსი ჩაიშალა იმის გამო, რომ ვიღაცამ ვერ მოახერხა საპატიო ან არასაპატიო მიზეზით მისვლა სხდომაზე და აპლიკაციების ნახვა, გასაუბრება და კენჭისყრა, პასუხისმგებლობა არ დააკისრეს საკუთარ თავს. რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ საბჭოს წევრებიდან რომელიმემ ვერ შეძლოს საბჭოს სხდომაზე მისვლა ისე, რომ არ გააფრთხილოს საკუთარი კოლეგები“.

იგივე შენიშვნებზე საუბრობს „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილიც:

„წარმოუდგენელია შეარჩიო დირექტორი, წინასწარ თუ არ გეცოდინება, რა ხედვა აქვს მას ტელევიზიის განვითარების შესახებ, როგორ აპირებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას, რა პრიორიტეტები ექნება მას. მიმაჩნია, რომ ამ ინფორმაციის გარეშე წარმოუდგენელია დირექტორის დანიშვნა“, – ამბობს იგი და ქარტიის კიდევ ერთ გაუთვალისწინებელ რეკომენდაციაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ჩვენი შენიშვნა იყო ის, რომ დირექტორი უნდა არჩეულიყო არა სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, არამედ მთლიანი შემადგენლობის უმრავლესობით“.

ნატა ძველიშვილის თქმით, კონკურსის ჩაშლის პირობებთან დაკავშირებით მიღებული წესით, შესაძლოა პროცესები გაიწელოს და საბჭო შევიდეს ჩიხში:

„მგონია, რომ ამ წესის სწორად დადგენის შემთხვევაში, მრჩეველთა საბჭოს შეეძლო პროცესები ბევრად უფრო გამჭვირვალე გაეხადა და კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო. ის წესი, რაც ახლა მათ შეიმუშავეს, დასაწყისშივე აჩენს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს და შესაძლებელია გამოყენებული იყოს ამა თუ იმ ინტერესის შესაბამისად. სამწუხაროა, რომ არ გაითვალისწინეს შენიშვნები“.

ნატა იმედაიშვილმა „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში გაითვალისწინეს იურისტების რჩევა:

„იურისტებმა კვოტირებასთან დაკავშირებით გვირჩიეს, რომ, რადგან კვორუმთან დაკავშირებით იგივე წესით მუშაობს პარლამენტი, არც ჩვენ უნდა დაგვემძიმებინა კანონი. რაც შეეხება სამოქმედო გეგმის წარმოდგენას, თავდაპირველ სამუშაო დოკუმენტში გასაუბრების ნაწილი საერთოდ არ იყო, მიღებული დოკუმენტით კი საბჭო უფლებამოსილია კანდიდატთან გამართოს გასაუბრება“.

იმედაიშვილის თქმით, განხილვის პროცესში არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა TI-ს და ქარტიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც დოკუმენტის სახით უნდა წარმოედგინა კანდიდატს ტელევიზიის განვითარების სტრატეგიული გეგმა და ხედვები, თუმცა საბოლოოდ საბჭოს დამსწრეთა სრული უმრავლესობით იქნა მიღებული დოკუმენტი ამ სახით.

„ვადევნებ თვალს საზოგადოების გამოხმაურებას, დოკუმენტის ამ ნაწილთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვაპირებ სამუშაო შეხვედრაზე დავაყენო ეს საკითხი, რათა ჩაინიშნოს სხდომა ცვლილებების შეტანის განსახილველად“, – ამბობს ნატა იმედაიშვილი და აღნიშნავს, რომ იგი ამ ნაწილში ეთანხმება მიღებულ რეკომენდაციებს, შესაბამისად, აპირებს საკითხი განსახილველად კვლავ დააყენოს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში:

„თუ სამუშაო შეხვედრაზე ყველანი შევთანხმდით ამ საკითხის განხილვაზე, სხდომა სამ დღეში უნდა ჩაინიშნოს. ხოლო სამი დღის შემდეგ თუ ჩავამატებთ ამ მოთხოვნას, იმ აპლიკანტებისთვის, ვინც შერჩევის განსხვავებულ წესს იცნობდნენ, ეს მოულოდნელი იქნება. ასე რომ, ვნახოთ რას როგორ გადავწყვეტთ, კოლეგებთან ერთად“.

მალხაზ ჭკადუას ინფორმაციით, TI 19 სექტემბერს აპირებს ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება გააკეთოს და საზოგადოებრი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს დირექტორის დანიშვნის [არჩევის] წესში ცვლილებების შეტანისკენ მოუწოდოს.

მიწაზე საკუთრების რეგისტრაცია გამარტივდა

პირველი აგვისტოდან ძალაში მიწის რეგისტრაციის ახალი კანონი შევიდა, რეფორმა, რომლის ინიციატორი იუსტიციის სამინისტროა, უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.

ინიციატივამ მოქალაქეების მაღალი ინტერესი გამოიწვია, რაც პირველი თვის შედეგებითაც დასტურდება: პირველი აგვისტოდან დღემდე საჯარო რეესტრში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 45 575 განცხადება შევიდა. აქედან 12 164 შემთხვევაში საჯარო რეესტრმა თავად მოიძია საჭირო საბუთები და ყოველგვარი ბარიერის გარეშე მოქალაქეს მიწა წარმატებით დაურეგისტრირა. 25 743 შემთხვევაში საჯარო რეესტრმა მოქალაქის ნაცვლად თავად დაიწყო სხვადასხვა უწყებაში შესაბამისი საბუთების მოძიება და ამ განცხადებათა დიდი ოდენობა ასევე წარმატებით დასრულდება, 4 648 განცხადება კი შესწავლის პროცესშია.

„მინდა, ამ უპრეცედენტო და მოქალაქეზე ორიენტირებული რეფორმის წარმატებისათვის კვირაში 7-დღიანი და თავდადებული მუშაობისათვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საჯარო რეესტრის თითოეულ რეგისტრატორს, კადასტრისა თუ ახალი ტექნოლოგიების თითოეულ სპეციალისტს, იურისტს, არქივის, არქივირების და სკანერზე მომუშავე თანამშრომელს. როდესაც ჩვენ ამ რეფორმის კანონპროექტს ვწერდით, ვიცოდით, რომ მისი პრაქტიკაში განხორციელება დიდი გამოწვევა იქნებოდა საჯარო რეესტრისათვის. მიხარია, რომ დღეს თამამად შემიძლია, მადლობა ვუთხრა საჯარო რეესტრის თანამშრომლებს მოქალაქის ინტერესში წარმატებული მუშაობისათვის. ეს რეფორმა მთლიანად ცვლის საჯარო რეესტრს და მას მოქალაქის მეგობრად აქცევს“, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პროექტის ერთთვიანი შედეგების შეჯამებისას.

რეფორმის დაწყების მიზეზი მიწის რეგისტრაციის კუთხით არსებული პრობლემები გახდა. პირველი აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25% იყო რეგისტრირებული.

რეფორმას დადებითად აფასებს ექსპერტი დავით თამარაშვილი: ,,მიწის პატარა ფართობების მესაკუთრეებს კარგი შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ამ პროგრამით და საკუთრების რეგისტრაციის პროცესი დააჩქარონ. მიმაჩნია, რომ ეს პროცესი ცალსახად ხელს შეუწყობს ქვეყანაში მიწის ბაზრის განვითარებას, რაც აგროსექტორის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა. იმედი მაქვს, ეს პროცესი მოიცავს ქართულ მიწებს მთელი ქვეყნის, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიებიდან წამოსულ დევნილებს აქვთ მიწის ნაკვეთები და საკუთრების უფლება, რომელსაც შესაბამისი რეჟიმით სახელმწიფო რეგისტრაცია სჭირდება, რაც ქართულ სახელმწიფოს ადრე თუ გვიან მისცემს იურიდიული ბრძოლის წინაპირობებს, რადგან რაც ფაქტობრივადაა დათმობილი, ის იურიდიულად არ უნდა იქნეს აღიარებული“, – აცხადებს ის.

სიახლის შედეგად დოკუმენტებში არსებული უმნიშვნელო ხარვეზები [გვარის შეუსაბამობა, უზუსტობა ასოებში და ა.შ.], რის გამოც ზოგიერთი მოქალაქე მიწის რეგისტრაციას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა, ხელის შემშლელი გარემოება აღარ არის, რასაც ფერმერი თემურ მარგალიტაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს. „აქამდე ქაოტურად ხდებოდა მიწის რეგისტრაცია, ძალიან დიდი დრო მიჰქონდა ერთი დოკუმენტის მოწესრიგებას. მაგალითად, წინაპრების დანატოვარი მიწები დღეს ძალიან ბევრს ისევ არ აქვს დარეგისტრირებული. კარგი შანსია ჩვენთვის. ვაპირებ, გამოვიყენო და ყველა დოკუმენტი წესრიგში მოვიყვანო“, – ამბობს მარგალიტაშვილი.

საჯარო რეესტრი რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებს სხვადასხვა უწყებიდან მოქალაქეების ნაცვლად თავად იძიებს. ამასთან, სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაშიც ეხმარება. რეფორმის ფარგლებში მოქმედებს სანოტარო მედიაცია, რომელიც მოქალაქეებს წარმოქმნილი დავების მარტივად, სასამართლოს გარეშე მოგვარებას სთავაზობს.

ასევე, რეფორმის ფარგლებში მოქმედებს ფაქტების კონსტატაციაც: იმ შემთხვევაში, როდესაც საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტით მიწის ნაკვეთის მდებარეობა, საზღვრები და ა.შ. არ დგინდება ან სადავო სიტუაცია ჩნდება, საჯარო რეესტრი ფაქტების დასაზუსტებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავად მიმართავს და პროცესში ამ უწყების წარმომადგენელს რთავს.

პროექტის ფარგლებში უფასოდ ისარგებლებთ შემდეგი მომსახურებებით:

დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია; საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება [რაც გულისხმობს ელექტრონული ნახაზის გარეშე არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნით ცვლილების რეგისტრაციას უფასოდ]. საკუთრების უფლების დადგენის პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტი როგორც ადგილზე არსებული ინფორმაციის ყველაზე ეფექტური წყარო.

მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე:
2 405 405
ან ელექტრონული ფოსტით: info@napr.gov.ge

წყლის მონიტრინგის საერთაშორისო დღე

წყლის მონიტრინგის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს, 18 სექტემბერს, „ბათუმის წყალმა“ პრესტური მოაწყო. ტურს შპს „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ბედინაძე ხელმძღვანელობდა. ჟურნალისტებმა დაათვალიერეს ჩაისუბნის წყლის სათავე ნაგებობა, ინჯალოს წყლის რეზერვუარი და ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები.

ჩაისუბნის სათავე
ჩაისუბანი. წყლის სათავე ნაგებობა / ფოტო: როინ გუნდაძე

„აქ, ჩაისუბნის სათავე ნაგებობაზე, ხდება წყლის გაწმენდა და დაქლორვა. შუმდეგ  გაწმენდილი წყალი მიედინება სალიბაურში, სადაც ხდება მეორადი დაქლორვა და მხოლოდ ამის შემდეგ მიეწოდება მოსახლეობას“ – განაცხადა თეიმურაზ ბედინაძემ. მისივე განმარტებით, ბათუმში სასმელი წყალი არის სრულიად უსაფრთხო და მას არანაირი პრობლემა არ გააჩნია.

ჩაისუბანი. წყლის სათავე ნაგებობა / ფოტო: როინ გუნდაძე
ჩაისუბანი. წყლის სათავე ნაგებობა / ფოტო: როინ გუნდაძე

თეიმურაზ ბედინაძის განცხადებით, „ჩაისუბნის სათავე ნაგებობა აშენებულია გერმანიის რეკონსტრუქციის  და განვითარების ბანკის მიერ და აკმაყოფილებს ევრო სტანდარტებს. ამის გარდა არის კიდევ ჩაქვის წყალის სათავე ნაგებობა. ჩაქვის წყლის წარმადობა  არის 1050 ლიტრი წამში, მეჯინისწყლის ჭაბურღილების წყლის  წარმადობა –  250 ლიტრი წამში, ხოლო ჩაისუბნის წყლის სათავე ნაგებობის წყლის წარმადობა – 400 ლიტრი წამში. თუ წყალი გადააჭარბებს სიმღვრივის დაშვებულ  მაჩვენებელს, ხდება წყლის გადაკეტვა სათავეზე და შემდეგ ვრთავთ უკვე რეზერვუარებს, 48 საათის განმავლობაში შესაძლებელია რეზერვის წყლით მოსახლეობის მომარაგება“.

მეჯინისწყალი. წყლის ჭაბურღილები / ფოტო: როინ გუნდაძე
მეჯინისწყალი. წყლის ჭაბურღილები / ფოტო: როინ გუნდაძე
ინჯალო. წყლის სათავე ნაგებობა / ფოტო: როინ გუნდაძე
ინჯალო / ფოტო: როინ გუნდაძე

რაც შეეხება ადლიის წყალარინების  გამწმენდ ნაგებობებს, სატუმბი სადგურების უფროსის, მარიკა გვიანიძის განმარტებით, ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა 2012 წლის მარტიდან ფუნქციონირებს, მისი მშენებლობა დაფინანსებულია  ასევე გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ: „გამწმენდი ნაგებობა მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თვალსაზრისით. აქ ჩაედინება  ახალსოფლიდან, გონიოდან,  კვარიათიდან, სარფიდან და ქალაქის ტერიტორიიდან  საკანალიზაციო წყლები და ხდება მისი მექანიკური და ბიოლოგიური გაწმენდა. გამწმენდ ნაგებობას ზღვრული ნორმები დაწესებული აქვს ევროსტანდარტებით, აღნიშნული ნაგებობიდან გაწმენდილი წყალი 1090 მეტრი სიგრძის მილით ზღვის სიღრმეში -40 მეტრზე, ჩაედინება. დღის განმავლობაში ზღვაში ჩაედინება 60 ათასი კუბური მეტრი გაწმენდილი წყალი. ლაბორატორიაში მიმდინარეობს წყლის გაწმენდის ხარისხის კონტროლი და ხდება ზღვრული ნორმების შენარჩუნება.“

ადლია. წყლის გამწმენდი ნაგებობა / ფოტო: როინ გუნდაძე
ადლია. წყლის გამწმენდი ნაგებობა / ფოტო: როინ გუნდაძე

გამწმენდ ნაგებობაში ბათუმის მცირე ნაწილია ჩართული, ძირითადად ცენტრალური უბნები. ე.წ. ჭაობის უბანში, გოროდოკის, ბარცხანის, თამარის დასახლებასა და მახინჯაურში ცენტრალიზებული საკანალიზაციო სისტემა არ არსებოს. არ არსებობს ასეთი სისტემა არც ადლიასა და სხვა ქალაქსშემოერთებულ ტერიტორიებზე. სამუშაოები ახლა მიმდინარეობს ან ზოგან მხოლოდ დაგეგმილია.

Exit mobile version