მინური აბულაძე: მე არც ერთი პარტიის კუთვნილება არ ვყოფილვარ

მინური აბულაძე მაღალმთიან აჭარაში, 73-ე ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლმენტში. ის დეპუტატობის კანდიდატად პაატა ბურჭულაძის პარტიამ – „სახელმწიფო ხალხისთვის“ დაასახელა.

ბატონო მინური, რა პოლიტიკური გამოცდილებით მოდიხართ?

წლების განმავლობაში სხვადასხვა უწყებაში ვმუშაობდი, ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა კი სოციალური მომსახურების სააგენტოში მუშაობა იყო, ვიყავი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

სოციალურ სააგენტოში მუშაობისას, როდესაც ადამიანები შიმშილსა და სიღარიბეს ებრძოდნენ, მათი საკითხი გადამიწყვეტია. ასევე იყო ჯანმრთელობის პრობლემები, ბევრს სიცოცხლე შევუნარჩუნეთ. ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებდი. დღესაც მზად ვარ კვალიფიციური მომსახურება გავუწიო მათ, ამიტომაც გადავწყვიტე ვიყო ამ ხალხის რჩეული მაღალმთიან აჭარაში და მათი ხმა საქართველოს პარლამენტში?

თავის დროზე უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით შეხვედით. რატომ შეიცვალეთ პოლიტიკური არჩევანი და როგორ მოხვდით ამ პარტიაში?

მე არც ერთი პარტიის კუთვნილება არ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. წლების განმავლობაში მე მსიამოვნებდა გუნდთან და კარგ ხალხთან ერთად მეკეთებინა კარგი საქმე და ზუსტად პაატა ბურჭულაძის პარტია არის კომპეტენტური, საქმეზე ორიენტირებული და პროფესიონალური ერთობა, სწორედ ეს გუნდი მოუტანს საქართველოს განვითარებასა და პროგრესს, მე ამ გუნდის წევრი ვარ.

რა პრობლემებს ხედავთ მაღალმთიანეთში და რის მოგვარებას ჰპირდებით მოსახლეობას?

მაღალმთიან აჭარაში მყოფ ადამიანების გასაჭირზე რომ ვისაუბროთ, დრო არ გვეყოფა. სახელმწიფოში ყველაზე დიდი ფასეულობა ადამიანია და მისი როლის იგნორირება იყო წინა და მოქმედი ხელისუფლების საქმე – არავინ ზრუნავდა ხალხზე, ეს განსაკუთრებით მთაში ჩანს, მივიწყებულია მათი სიდუხჭირე, ავადმყოფობა, სოფლის გზები… სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ გზას ბოლო 30 წლის განმავლობაში საშველი არ დაადგა…

ჩვენ შევძლებთ ეკომიგრანტების პრობლემის მოგვარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ტურიზმის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა და როლი აქვს კურორტ ბეშუმს, ასევე მწვანე ტბაზე შესაძლებელია თანამედროვე კურორტის გაკეთება. ამ სამკუთხედში შესაძლებელია ბევრი სამუშაო ადგილის შექმნა, ტურისტული ინფრასტრუქტურული ობიექტების განთავსება, საოჯახო სასტუმროების მოწყობა, რაც მთაში მცხოვრებ მოსახლეობა საარსებო საშუალება გაუჩენს. მთაში, სადაც ამდენი წყალია, სასმელი წყლის პრობლემები გვხდება, სტუდენტები, რომლებმაც ზაფხულში უნდა დაისვენონ, თხილისა და ჩაის საკრეფად მიდიან თურქეთში და ოჯახებს ეხმარებიან. და, სამწუხაროდ, სწავლას რომ დაამთავრებენ, უმუშევრობისთვის არიან განწირული.

ჩვენი გუნდის ამოსავალი წერტილია ბიზნესის მხარდაჭერა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ჩვენი პროგრამის ფარგლებში ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომლესაც სურვილი ექნება სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელოს, ექნება 100%-იანი დაფინასება.

რა საკანონმდებლო ინიციატივებზე იმუშავებთ პარლამენტში?

მე სადაც მიმუშავია, ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა – ჯანდაცვისა და სოციალური საკითხები, შესაბამის პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტში ვიმუშავებ და მაქსიმუმს გავაკეთებ.

მაღალმთინ რეგიონებში განსაკუთრებული პრობლემაა ეკომიგრანტების საკითხი. პირველად ამ საკითხებზე ვიუშავებ, ეკომიგრანტების შესახებ კანონის მიღებაში აქტიურ წვლილს შევიტან.

როგორ წარმოგიდგენიათ ამ პრობლემის გადაჭრა?

ეკომიგრნტების პრობლემა ვერც მოქმედმა და ვერც წინა ხელისუფლებამ ვერ გადაჭრა, ვერ შეძლო მათთვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობები შეექმნა. იმ ეკომიგრანტ ოჯხებს, ვის წინაშეც სახელმწიფოს არანაირი ვალდებულება არ შეუსრულებია, საცხოვრებელი ფართით დავაკმაყოფილებთ. იმ შემთხვევაში, თუ სასწრაფოდ ესაჭიროება საცხოვრებელი ფართი და სურვილს გამოთქვამს ფართის ნაცვლად კომპენსაცია მიიღოს, კომპენსაციას მივცემთ.

ხულოსა და შუახევის მოსახლეობამ არაერთი აქცია გამართა გვირაბის მშენებლობის შესაჩერებლად. ჰესის მშენებლობა დაგეგმილია ქედაშიც. რას გააკეთებთ მოსახლეობის ინტერესების დასაცავად?

ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის ვიზრუნებთა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ადამიანების ხარჯზე. თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაშინ მოსახლეობამ  ღირსეული კომპენსაცია უნდა მიიღოს, სამარცხვინო კომპენსაცის სთავაზობენ, რასაც ჩვენ ვერ დავეთანხმებით. ეს იცოდეს ყველამ, ვინც ფიქრობს, რომ აქ ბიზნესი უნდა აკეთოს, ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბიზნეს, მაგრამ ყველაზე მთავარი – იმ ადამიანებმა, ვინც აქ არიან, ღირსეული კომპენსაცია უნდა მიიღონ.

რას ფიქრობთ მთის კანონზე, ხომ არ საჭიროებს ცვლილებას?

ძალიან ბევრი პრობლემა და ხარვეზია, სამედიცინო ბრიგადა, რომელიც მთიან აჭარაში გადაადგილდება და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, სექტემბრიდან დაემატათ ხელფასი ექიმებს, მედდებს და არ დაემატათ ამ ადამიანების გადამყვან მძღოლებს, სკოლაში დირექტორს და ადმინისტრაციულ ნაწილს არ უხდის დანამატს, არის შეღავათები ბიზნესის განვითარებისთვის, ქონების მოგების გადასახადზე, მაგრამ  თუ სოფელში გზა არ იქნება, ბიზნესის საკეთებლად იქ ვინ ავა? არ შეიძლება იღებდე კანონს და კარგად არ მუშაობდეს, ხარვეზების გამოსწორებას უფრო მეტი დრო სჭირდება.

წლების განმავლობაში სოციალურ სააგენტოში მუშაობდით. თქვენი აზრით, დღეს მოქმედი სოციალური პაკეტი რამდენად მოქნილია?

სააგენტომ 2006 წლიდან დაიწყო საარსებო შემწეობის შესწავლა სარეიტინგო ქულებით და ეს იყო იმ მომენტისთვის ერთ-ერთი სიახლე, რითაც შესაძლებელი იყო გადაგვერჩინა შიმშილს ზღვარს მყოფი ადამიანები და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის როგორმე გვემკურნალა, 2008 წლის იანვარისთვის აჭარაში 100 000 ადამიანს სამედიცინო დაზღვევის პოლისი ჰქონდა. 2011 წელს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 12 000 იყო, დღეს 9 000. ვერავინ მეტყვის, რომ ეს 3 000 ოჯახი გამდიდრდა, მათი მდგომარეობა არ შეცვლილა.

სათითაოდ უნდა გაიარო თითოეული ოჯახის პრობლემა და, შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა შეეცადო სამართლიანად მიიღოს ოჯახმა  სახელმწიფოსგან ეს თანხა და არავის გაუჩნდეს განცდა ისეთ ოჯახს ეხმარებიან, ვისაც არ ეკუთვნის.

ჩვენ გვინდა 125 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახს მივცეთ საარსებო შემწეობა.

ანუ  საარსებო შემწეობის გასაცემად  სარეიტინგო ქულა 70 000-დან 125 000-მდე გაიზრდება? გარდა ამისა, თქვენ და თქვენი გუნდი სოციალურად დაუცველ სტუდეტებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის 100%-იან დაფინანსებას ჰპირდებით. როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოს ამის ფინასური რესურსი გააჩნია?

ჩვენ ციფრებს ისე არ ვამბობთ, ამის რესურსი არის.

მაჟორიტარი კანდიდატი: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები განსაკუთრებულად უნდა იყოს დაცული

გია აბულაძე მაჟორიტარი კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, „ნაციონალური მოძრაობიდან“. ყოფილი განათლების მინისტრი, თანამდებობის დატოვების შემდეგ მუშაობდა სამშენებლო კომპანიებში. ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ გახდა.

ბატონო გია, რას ჰპირდებით ამომრჩეველს, რის გამო უნდა მოგცეთ ხმა?

პირველ რიგში იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე ძლიერი და კომპეტენტური გუნდი ჰყავს, რომელსაც არა მარტო თეორიული ცოდნა, გამოცდილებაც აქვს. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს რეგიონში განხორციელებული, გარდა ამისა ჩვენს პარტიას აქვს სათანადო პროგრამა.

კონკრეტულად ვისაუბროთ, რადგან ამომრჩეველს აინტერესებს კონკრეტული თემები, რა იქნება თქვენი პრიორიტეტები უმაღლეს საბჭოში მოხვედრის შემთხვევაში?

ეს იქნება გადასახადების შემცირება, გაჩერებული პროექტების ამუშავება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა…

გადასახადებს  შეამცირებს უმაღლესი საბჭო?

მე ვამბობ პარტიის საერთო პროგრამაზე.

თქვენი პარტია ან შევა უმრავლესობით ან ვერა, ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს თქვენი, როგორც ერთი კონკრეტული კანდიდატის ინიციატივები რა იქნება?

მე ვფიქრობ, ორი მთავარი ფუქნცია აქვს უმაღლეს საბჭოს, ეს არის აჭარის მთავრობის დაკომპლექტება და ბიუჯეტისა და პროგრამების კონტროლი, რომელსაც აჭარის მთავრობა განახორციელებს. ამ ორივე მიმართულებით ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ შეიქმნას 15 ათასი ადგილი რეგიონში, სოციალური სახლების მშენებლობა 2 800 ოჯახისთვის, სადაც იცხოვრებენ ეკომიგრანტები, ბარაკებში მაცხოვრებელი ოჯახები და „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლები.

ეს პროექტები რაზეც თქვენ საუბრობთ, შესაძლებელია მაშინ განახორციელოთ თუ ისევ იქნებით ხელისუფლებაში, ამიტომ, რა იქნება თქვენი პირადი ინიციატივები, იქნება ამაზე ვისაუბროთ.

ესენი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ვთქვი. სამუშაო ადგილების შექმნა, სოციალური გარემოს გაუმჯობესება. უმაღლესმა საბჭომ უნდა შექმნას ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო და მთავრობის პოლიტიკა უნდა იყოს მოქნილი.

თქვენი აზრით, როგორია ეს „მოქნილი გარემო“, რას ვერ აკეთებს დღეს აჭარის მთავრობა ამისთვის და თქვენ რას გააკეთებთ?

როცა ბიზნესმენი მოდის კონკრეტული პროექტით და პასუხს ეუბნები ერთი წლის შემდეგ, ვფიქრობ, არაეფექტურია. მთავრობა უნდა იყოს ორიენტირებული მოისმინოს ბევრი ბიზნეს-პროექტი, გავიდეს და მოიზიდოს ინვესტიციები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ეს არის მთავრობის  ფუნქცია. მაგალითად, ოთხი წლის განმავლობაში შესაძლებელი იყო, რომ დასრულებულიყო ბათუმი-გოდერძის უღელტეხილის გზის მშენებლობა და ჩვენს მიერ დაწყებული ზამთრის კურორტი უფრო მეტად ყოფილიყო განვითარებული. ამ გზის გაკეთებით შესაძლებელი იყო კერძო ინვესტიციების მოზიდვა და განვითარება, რაც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი. უმაღლესი საბჭო ამტკიცებს ბიუჯეტს და პრიორიტეტები უნდა შეერჩია სწორად და ისეთი ბიუჯეტი დაემტკიცებია, რომელიც ხალხის საჭიროებებს მოერგებოდა.

თქვენი აზრით, რა სფეროშია საკანონმდებლო ცვლილებებლი საჭირო და კონკრეტულად რა?

ჩვენ დავიწყეთ სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა და დავასრულებთ. სკოლები აღჭურვილი იქნება მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ასევე დავიწყეთ მასწავლებელთა სახლების პროექტი და დაგეგმილი იყო მაღალმთიან აჭარაშიც გაკეთება, მაგრამ, სამწუხაროდ, აღარ გაკეთებულა. ასევე, აჭარის სტუდენტებისთვის გავაკეთეთ საგრანტო პროგრამა და გავზრდით ამ პროგრამის ბიუჯეტს და სტუდენტს სწავლა დაუფინანსდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. ეს იქნება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხებზე. ასევე ჩვენ გვექნება საკანონმდებლო ინიციატივების უფლება პარლამენტში და ვფიქრობთ შევიტანთ ინიციატივას, რომ შეიცვალოს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა.

რა არ მოგწონთ ამ სქემაში?

მაგალითად ის, რომ მასწავლებელმა უნდა ჩაატაროს ვიდეო გაკვეთილები და შემდეგ ეს უნდა შეაფასოს სხვამ. ჯერ შეუძლებელია ამდენი გაკვეთილის ჩატარება და ატვირთვა და მით უმეტეს ამ ფორმით პედაგოგის შეფასება.

ვიდეო გაკვეთილების  ჩასატარებლად პედაგოგებს ჰქონდათ საკმაოდ დიდი დრო. დაახლოებით 3-4 წლის განმავლობაში ევალებოდათ რამდენიმე გაკვეთილის გაკეთება, თუმცა ახალმა მინისტრმა თქვა, რომ ესეც აღარ იქნება სავალდებულო.

3-4 წელიწადში არ იყო. ეს არის ბიუროკრატია და ასეთი საკითხები უნდა განვიხილოთ.

ზოგიერთი კანდიდატი საუბრობს იმაზე, რომ უნდა გაიზარდოს უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება. თქვენც ასე ფიქრობთ?

კი. ჩვენ გვაქვს პროგრამაში, რომ  ცენტრალურ ხელისუფლებას დაქვემდებარებული სამსახურები  რომელიც არის აჭარაში, მათი ხელმძღვანელები დაინიშნონ ან აჭარის მთავრობის, ან უმაღლესი საბჭოს ჩართულობით.

რატომ აქვს ამას მნიშვნელობა?

პოლიციის ხელმძღვანელი, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ან თუნდაც დასახლებების მიხედვით პოლიციის განყოფილებების ხელმძღვანელები ჩამოჰყავთ თბილისიდან და ნიშნავენ. ეს ადამიანები რეალურად არ იცნობენ ქალაქს და  გეოგრაფიულადაც არ იციან განლაგება. სანამ ის ქალაქს შეისწავლის და ეფექტურ საქმიანობას განახორციელებს, ორი-სამი წელი გადის. ჩვენ გვყავს  პროფესიონალი კადრები, რომლებსაც შეუძლიათ უფრო ეფექტურად იმუშაონ.

ბატონო გია, თქვენ განათლების მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, აღარ იყავით ჩართული საზოგადოებრივად აქტიური. არ ჩანდით არც კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად გამართულ საპროტესტო აქციებზე და არ გამოგიხატავთ თქვენი პოზიცია როგორც ამ მიმართულებით, არც ქალაქისთვის სხვა  მნიშვნელოვან საკითხებზე, რატომ?

რაც შეეხება კულტურის ძეგლებს, როცა მე დავინიშნე მინისტრად, სულ რამდენიმე თვეში მოვამზადე პროექტი კულტურული მემკვიდრეობასთან დაკავშირებით და ლევან ვარშალომიძეს წარვუდგინე. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მომხდარიყო გარკვეული უფლებების დელეგირება, რაც საშუალებას მოგვცემდა, რომ ადგილობრივ დონეზე განხორციელებულიყო ძეგლებზე კონტროლი და ეს განვახორციელეთ.

თუმცა წინა ხელისუფლების დროს დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე უხეში ჩარევა. მაშინ რატომ დაუშვით ეს?

რა თქმა უნდა, იყო შეცდომები დაშვებული. ამიტომ, ახლა გავწერეთ პროგრამაში, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები უნდა იყოს განსაკუთრებულად დაცული. რაც ვერ მოვასწარით ის იყო, რომ მოგვემზადებინა ნორმატიული აქტი, სადაც მკაცრად იქნებოდა გაწერილი ნებართვის გაცემის და ასევე კონტროლის განხორციელების წესი. ახლა კი გვაქვს გაწერილი პროგრამაში, რომ უნდა მომზადდეს არასამთავრობოების და მოსახლეობის ჩართულობით, რომ გვქონდეს მკაცრად გაწერილი წესი ნებართვის გაცემაზე და როგორ უნდა მოხდეს ძეგლის რეაბილიტაცია ან კონსერვაცია. გია აბულაძე იქნება თუ სხვა თანამდებობის პირი, თავის უფლებებში შეზღუდული იქნება.

 

რეკლამის ფესტივალი – Ad Black Sea ბათუმის მერიამ აღარ დააფინანსა

შავი ზღვის საერთაშოროსო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea ბათუმში ხვალ დაიხურება. ფესტივალში საქართველოს გარდა, კიდევ რამდენიმე  პოსტ-საბჭოთა ქვეყანა მონაწილეობს.

ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვატო ქავთარაძის თქმით, წელს ფესტივალს პომპეზური სახე არ ჰქონია, თუმცა მონაწილეთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა.

„პომპეზური იმიტომ არ იყო რომ ფინანსური მხარდაჭერა აღარ გვქონდა მერიის მხრიდან და თითქმის ჩაშლის პირას იყო, მაგრამ მაინც გამოვიდა. რაც შევძელით იმით გავაკეთეთ, ბოლოს საქართველოს ეკონომიის სამინისტრო დაგვეხმარა“-გვეუბნება ის. ვატო ქავთარაძე ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხების მოცულობას არ აკონკრეტებს, თუმცა დასძენს რომ იმაზე გაცილებიც ნაკლებია, რაც შარშან ბათუმის მერიამ გამოყო.

ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი AD Black Sea, მიმდინარეობს
ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი AD Black Sea, მიმდინარეობს

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ თქვა მერიამ ფინანსურ მხარდაჭერა უარი? ვატო ქავთარაძე ამბობს: „რაღაც სირთულეები იყო კანონმდებლობასთან და თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით, საარჩევნო წელია და არ გამოდიოდა ბევრი რაღაც“.

სარეკლამო ფესტივალს წერლს რამდენიმე მხარდამჭერი ჰყავს, მათ შორის „თი ბი სი“ ბანკი.  ფესტივალში 20-მდე ქვეყანა მონაწილეობს და საკონკურსოდ, 700-ზე მეტი სარეკლამო ნამუშევარია წარმოდგენილი.

გამარჯვებული ნამუშევრები ხვალ, 20:00 საათზე გამოვლინდება. დაჯილდოების ცერემონია სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართება. ჟიურის წევრები ევროპული  ქვეყნებიდან არიან მოწვეული.

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალში 13 ქვეყნა მონაწილეობს.
რეკლამის საერთაშორისო ფესტივალში 13 ქვეყნა მონაწილეობს.

რეკლამის ფესტივალი შარშან პირველად ჩატარდა ბათუმში, რისთვისაც მერიამ 400 ათასი ლარი გამოყო ბიუჯეტიდან. რეკლამის საბიუჯეტო თანხების დაფინანსებას კრიტიკული გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან, თუმცა როგორც მერიის, ასევე რეკლამის ფესტივალის ორგანიზატორებოს პოზიცია იყო, რომ ფესტივალის ჩატარება რეგიონის ცნობადობას და ტურისტულ პოტენციალს გაზრდიდა.

ახალგაზრდა ფოტოგრაფების და მხატვრების გამოფენა მოხალისეობის მხარდასაჭერად

დღეს 24 სექტემბერს, აჭარის რეგიონის მოხალისეები გამართავენ  გამოფენას, სახელწოდებით  „მე მოხალისე – აქტიური მოქალაქე“, რომელიც მიზნად ისახავს მოხალისეობის, როგორც საქმიანობის და სფეროს პოპულარიზებას.

ღონისძიება ხორციელდება „საქართველოს მოხალისე“-ს პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, ხოლო რეგიონში პროექტის პარტნიორია „თანამშრომლობის და განვითარების რეგიონალური ქსელი“.

აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლის, ასლან ართმელაძის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ აჭარიაში მცხოვრები შემოქმედი და ხელოვანი ახალგაზრდები. ახალგაზრდები. „გამოიფინება 10-ზე მეტი ფოტოფრაფისა და მხატვარის ნამუშევრები. გამოფენის შემდეგ კი გაიმართება კონცერტი, რომელშიც ასევე აჭარის რეგიონში მცხოვრები ხელოვანი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას“.

გამოფენა გაიმართება ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში.

ფოტოგრაფების და მხატვრების გამოფენა, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში
ფოტოგრაფების და მხატვრების გამოფენა, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში

ბათუმის ცირკში საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს

აჭარის ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაციამ, ვასილ გაროზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეორე საერთაშორისო ტურნირი გამართა, ქართულ ჭიდაობაში.

ტურნირში  ქართველი მოჭიდავეების გარდა მონაწილეობენ თურქეთის, აზერბაიჯანისა და ირანის  სპორტსმენები.

ტურნირი დღეს, 24 სექტემბერს, ბათუმის ცირკში საზეიმოდ გაიხსნა. ფინალური შეხვედრები კი ხვალ გაიმართება.

აჭარიდან ხუთივე მუნიციპალიტეტიდან 25-მდე სპორტსმენი მიიღებს ტურნირში მონაწილეობას, უცხო ქვეყნებიდან კი 90-მდე სპორტსმენი იასპარეზებს.

ტურნირის ორგანიზატორთა ინფორმაციით, ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებიან, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ფედერაციის გენერალური სამდივნოს წარმომადგენლები, ირანისა და აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტები, ასევე,  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელები, ბათუმის მერიის და საკრებულოს პირველი პირები.

გოდერძის უღელტეხილზე პირველი თოვლი მოვიდა

გოდერძის უღელტეზილზე პირველი თოვლი მოვიდა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, თოვა გუშინ გვიან ღამით დაიწყო, თუმცა თოვლის საფარი დიდი არ არის.

როგორც გამგებელი ბესიკ  ბაუჩაძე გვეუბნება,  რამდენიმე ოჯახის გარდა, მთებიდან თითქმის ყველა მოიალაღე  დაბრუნდა.

პირველი თოვლი გოდერძის უღელტეხილზე ფოტო: გოდერძი ლომიას
პირველი თოვლი გოდერძის უღელტეხილზე
ფოტო: გოდერძი ლომიას

„ბეშუმში ვიყავი და იქ რამდემიმე ოჯახი იყო დარჩენილი, თუმცა ისინიც აპირებდნენ წამოსვლას. გუშინ გვიან ღამით წამოთოვა, თუმცა თოვლის საფარი არ არის იმხელა რომ გადაადგილება შეფერხდეს. ადგილზე არიან გამგეობის წარმომადგენლებიც, რადგან ბეშუმში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ვახორციელებთ და თუ რაიმე პრობლემა შეიქმენა, დავეხმარებით“.

პირველი თოვლი გოდერძის უღელტეხილზე ფოტო: გოდერძი ლომიას
პირველი თოვლი გოდერძის უღელტეხილზე
ფოტო: გოდერძი ლომიას

გამგებლის თქმით, პრობლემები არც წვიმებს შეუქმნია. „არ ყოფილა ჩვენს მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმა, ყველა სოფელს მიეწოდება ელექტროენერგია და შტაბიც მუშაობს“.

გოდერძის უღელტეხილი. ფოტო: ხულოს მუნიციპალიტერტის გამგეობის.
გოდერძის უღელტეხილი.
ფოტო: ხულოს მუნიციპალიტერტის გამგეობის.

„მინდა წარმატებული მეცნიერი ვიყო“

ბათუმელი სტუდენტი სან დიეგოს უნივერსიტეტში

ანა თავართქილაძე ერთ-ერთია იმ შვიდ ბათუმელს შორის, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგად წელს თბილისში, სან დიეგოს უნივერსიტეტში ისწავლიან. მისით მას შემდეგ დაინტერესდნენ, როცა საგნობრივ ოლიმპიადაში, ქიმიაში პირველი ადგილი აიღო. ამ წარმატების შემდეგ ანუ მე-12 კლასში სწავლის დროს, ანას დაუკავშირდნენ და სან დიეგოს უნივერსიტეტში ჩაბარება შესთავაზეს. აბიტურიენტებს, რომლებიც სან დიეგოს უნივერსიტეტში გადაწყვეტენ სწავლის გაგრძელებას, უნივერსიტეტი ინგლისური ენის გაუმჯობესების მიზნით, მე-12 კლასელებს უფასო კურსებს სთავაზობს. ანა შეთავაზებას  დათანხმდა – ამბობს, რომ გეგმავს ქიმია-ბიოტექნოლოგიის მიმართულებით წარმატებული მეცნიერი გახდეს.

თბილისში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა, ქართული რეალობიდან გამომდინარე, ერთი შეხედვით, საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ უნივერსიტეტის პოლიტიკა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მინიმალური თანხით, ფაქტობრივად, უფასოდ შეიძლება დაამთავრო ამერიკული უნივერსიტეტი საქართველოში. ასე მოხდა ბათუმელი ანა თავართქილაძის შემთხვევაშიც: ეროვნული გამოცდების გზით მან 50-პროცენტიანი გრანტი მოიპოვა, თავად უნივერსიტეტმა კი მისი სწავლება 6 500 დოლარით დააფინანსა. „შესაბამისად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ანას მხოლოდ 500 დოლარის გადახდა მოუწევს“.

„ოლიმპიადაში გამარჯვების შემდეგ, უნივერსიტეტიდან დამირეკეს და შემომთავაზეს, რომ მათი სტუდენტი გავმხდარიყავი… ასე გავხდი წელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოქიმიის სტუდენტი, რა თქმა უნდა, ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ“, – იხსენებს ანა.

სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებამდე ანას სხვა გეგმები ჰქონდა. სწავლის გაგრძელებას სამედიცინო უნივერსიტეტში აპირებდა, „მაგრამ როცა უნივერსიტეტის [სან დიეგოს] პირობებსა და შემოთავაზებებს გადავხედე, გადავწყვიტე ამერიკულ უნივერსიტეტში ჩამებარებინა“, – გვიყვება ანა.

ანას აზრით, შემოთავაზება მიმზიდველი იყო, რადგან ამ უნივერსიტეტში საქართველოდან გაუსვლელად შეგიძლია მიიღო ამერიკული განათლება და დიპლომი:

„გარდა იმისა, რომ ხარისხიან განათლებას მივიღებ და კონკურენტუნარიანი ვიქნები, მექნება ორი დიპლომი, როგორც ქართული, ასევე ამერიკული. ბიოქიმია ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სპეციალობაა, თანაც ამ მიმართულებით სპეციალისტები ნაკლებია ჩვენს ქვეყანაში და მოთხოვნადი პროფესიაა.“

ანა თავართქილაძე მე-11 კლასამდე ბათუმის მე-5 საჯარო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი მე-4 სკოლაში გადავიდა სასწავლებლად. ანა გვეუბნება, რომ ქიმიას სკოლაში კარგად სწავლობდა. „კარგი მასწავლებელი მყავდა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლებში არ არის იმის ტექნიკური შესაძლებლობა, რომ ცდები ჩაატარო და ხშირი შეხება გქონდეს პრაქტიკასთან, ჩემი მასწავლებელი – ლია კუპრაძე მაინც ახერხებდა, რომ კარგად ესწავლებინა. რეპეტიტორთანაც დავდიოდიორი ორი წელი.“

„ბათუმელების“ კითხვაზე, შეძლებდა თუ ვერა რეპეტიტორის დახმარების გარეშე წარმატების მიღწევას? ანა გვეუბნება, რომ დამატებითი მეცადინეობა მაინც საჭიროა. მისი აზრით, სკოლებში უნდა გაუმჯობესდეს ქიმიის სწავლება, რადგან მოსწავლეების უმეტესობა ამ საგანს რთულად იმიტომ მიიჩნევს, რომ სათანადოდ არ ისწავლება.

„რეალურად, არც თუ ისე რთული საგანია. თუ კარგად და ნათლად ასწავლიან, დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი ბავშვი გაყვება ამ სპეციალობას. უფრო საინტერესო უნდა გახდეს გაკვეთილები. სკოლებში კი არის ლაბორატორიები, მაგრამ ხშირად არ გვქონდა ქიმიური მასალები, გაკვეთილები ცდების დახმარებით რომ ჩაგვეტარებინა“.

ანას თქმით, ასეთ შემთხვევაში კარგია ონლაინრესურსების გამოყენება: „ექსპერიმენტებს ვუყურებდი ინგლისურენოვან საიტებზე, უცხო ენაზე კარგი რესურსებია, ქართულად – ნაკლები. ონლაინექსპერიმენტები კარგად არის გაკეთებული და სწავლის სტიმულს გაძლევს“.

კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო განათლების სტიმულირებისთვის, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? – ანას მოსაზრებაა, რომ ყველაფრის საფუძველი სკოლაშია და თუ გაკვეთილები საინტერესო იქნება, შემდეგ მოსწავლეები თვითონ გაიკვლევენ გზას. „პედაგოგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მეც იმიტომ ვისწავლე კარგად, რომ პედაგოგი მყავდა კარგი“.

ანას სამეცნიერო მუშაობა აინტერესებს და ფიქრობს, რომ ეს სფერო საქართველოში დროთა განმავლობაში განვითარდება: „სან დიეგოს უნივერსიტეტში სტუდენტების 43 პროცენტი გოგონაა. ქალები მეცნიერებაშიც ცოტანი ვართ და ამ მხრივაც საინტერესოა. მინდა, რომ ბევრი ქალი ხედავდეს თავის ადგილს მეცნიერებაში.“

ანა ამბობს, რომ ერთი წელი შეიძლება აშშ-შიც ისწავლოს.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში მეორე წელია ფუნქციონირებს. ასევე ორი წელია ფუნქციონირებს ინგლისური ენის აკადემია, რომელიც იმ მეთორმეტეკლასელებს, რომლებიც კარგად სწავლობენ საბუნებისმეტყველო საგნებს, ასევე მათემატიკას და გადაწყვეტილი აქვთ ჩააბარონ, ვთქვათ, სან დიეგოს უნივერსიტეტში ელექტრონული ან თუნდაც კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით, ინგლისური ენის უნარების გაუმჯობესებაში უფასოდ ეხმარება. მსგავსი სასწავლო ცენტრი მოქმედებს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ბათუმში ეს ცენტრი რუსთაველის უნივერსიტეტის შენობაშია განთავსებული.

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 600-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის, სულ 611 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის 470 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 81 – ნიშანში დგომისთვის, 26 – ტროტუარზე დგომის გამო,  17 – ტაქსის და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, კიდევ 17 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის.

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” ქალაქის მერის იმპიჩმენტს ითხოვს

ბიუჯეტის გაფლანგვა, პრიორიტეტების არასწორი განაწილება, განუხორციელებელი და შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები, საარჩევნო კოდექსის დარღვევა, ხელოვნურად გაზრდილი შტატები, ბიუროკრატია მერიაში, ქალაქის იმიჯის შელახვა და ა.შ. ეს მოკლე ჩამონათვალია იმ ბრალდებებისა, რომელსაც გიორგი ერმაკოვს უყენებენ  საკრებულოს წევრები “ნაციონალური მოძრაობიდან” და მის გადაყენებას მოითხოვენ.

“მისი მერის თანამდებობაზე დარჩენა ქალაქში ახალი პრობლემების შექმნისა და ადამიანებისთვის გართულებული ცხოვრების კიდევ უფრო დამძიმების რეალურ საფრთხელს ქმნის” – ვკითხულობთ განცხადებაში. ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე განმარტავს, იმისთვის რომ საკითხი საკრებულოს სხდომაზე განიხილონ ცხრა დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო, ჯერ–ჯერობით კი მხოლოდ სამი დეპუტატი – ჯუმბერ კახიძე, გიორგი კირთაძე და ნოდარ დუმბაძე – აწერს ხელს მიმართვას.

გიორგი კირთაძის ვარაუდით, რადგან საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების რაოდენობა სჭარბობს მმართველი პარტიის წარმომადგენლების რაოდენობას, მათი წინადადება მხარდაჭერას მოიპოვებს: “დიდი იმედი მაქვს რომ ჩემი კოლეგები, რომლებიც ჩვენსავით აკრიტიკებენ მთავრობას და მათ ეძახიან უუნაროს, არაფრისმკეთებელს და მათ შორის, ხშირად, კორუმპირებულსაც, შემოუერთდებიან ამ ხელწერილს.”

კითხვაზე, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წინადადებას სხვა პარტიის წარმომადგენლებმა ან საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრებმა, გიორგი კირთაძე გვპასუხობს: “მე მგონია  მხარდაჭერა უნდა მივიღოთ სხვა დეპუტატებისგანაც,  სხვა შემთხვევაში გამოვა, რომ ყველანი ვთამაშობთ ერმაკოვის თამაშებს. ვისაც არ მოსწონს რაც ხდება ამ ქალაქში და ამ ყველაფერს აბრალებს ბათუმის მერს, მე მგონია რომ უნდა მოაწეროს ხელი ამ მიმართვას და გადავაყენოთ ქალაქის მერი თანამდებობიდან.”

საქართველოს თვითმართველობის შესახებ კოდექსის მიხედვით, “გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიციირების საფუძველია მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის წერილობითი ინიციატივა გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ.”

დეპუტატობის კანდიდატი პატრიოტთა ალიანსიდან: ბათუმში მეჩეთი უნდა აშენდეს

მადონა ბოლქვაძე-სოლომონიძე მაღალმთიან აჭარაში, 73-ე ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლამენტში. ის დეპუტატობის კანდიდატად პარტია „პატრიოტთა ალიანსმა“ დაასახელა.

ქალბატონო მადონა, თქვენ ერთ-ერთი ქალი მაჟორიტარი კანდიდატი ხართ საქართველოს პარლამენტში აჭარის მთიდან. რატომ დაგასახელათ პარტიამ კანდიდატად და როგორ მოხვდით ამ პარტიაში?

მინდოდა იმ პარტიაში შევსულიყავი, რომელშიც ჩემი აზრები იქნებოდა გათვალისწინებული. ამ პარტიის გეგმები, იდეები წავიკითხე, მომეწონა, პარტიამ შემომთავაზა მაჟორიტარი კანდიდატი ვყოფილიყავი. რაც შეეხება დამსახურებას – დაზარალებულ ხალხთან დაკავშირებით გამართულ აქციებზე ხალხის გვერდით ვიდექი და იმისთვის ვიბრძოდი დაზარალებულებს დახმარება რომ მიეღოთ. „ოცნებაშიც“ ვიყავი, „ოცნების“ მოსვლისთვისაც ვიბრძოდი და მას ვუჭერდი მხარს, მაგრამ როცა დავინახე შენელებული ტემპით მიდიოდ… ყველაზე მეტად კი იმან გამაღიზიანა,  რომ ოცნებამ ჩვენთან „ნაციონალების“ დეპუტატი დასახელა მაჟორიტარ კანდიდატად.

რა პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ?

განათლებით პედაგოგი ვარ, ხალხთან ურთიერთობა არ მიჭირს, პოლიტიკური გამოცდილება… არც ერთი აქცია არ დამიტოვებია, ვინც ნორმალური პატრიოტული გრძნობით იყო მოსული.

რატომ გინდათ პარლამენტში შესვლა?

ჩემს ხალხს აკლია გვერდში მდგომი, თუნდაც ამბის მიმტანი ხელისუფლბამდე, ხალხი გასაცოდავებულია. მე ძალას და ენერგიას არ დავიშურებ, რომ ხიდი ვიყო პარლამენტსა და ხალხს შორის. მინდა დავეხმარო ჩემს ხალხს, ჩემს ამომრჩეველს, რა პრობლემაც და გაჭირვებაც აქვს ხელისუფლებამდე მივიტანო.

რა საკანონმდებლო ინიციატივებზე იმუშავებთ?

ვითომ მაღალმთიანი კანონი რომ მივიღეთ და ხალხი ზარზეიმით ხვდება ამ კანონს, ცვლილებებია შესატანია. ხალხს გზა არ აქვს…შრომისა და დამსახურების მიხედვით უნდა მიიღოს ადამიანმა პენსია.

რა პრობლემებს ხედავთ მაღალმთიანეთში და რის მოგვარებას ჰპირდებით მოსახლეობას?

უამრავი პრობლემაა, დავიწყოთ გზით, სოფელს გზა არ აქვს, დღეს რომ გაწვიმდა მიკროავტობუსი სახლამდე ვეღარ მივიდა. ჩვენთან ჰიდროელექტრო სადგურები შენდება, რამაც კიდევ ერთხელ შეუშალა ხელი იქ მცხოვრებ მოსახლეობას, სახლები დაიშალა, ხეხილი გახმა, მოსავალი შემცირდა, წყალი აღარც დასალევია და აღარც სარწყავი. აქ კარტოფილი და ბოსტნეული მოდის სხვა არაფერი, ისეთი მიწებია თუ არ მორწყე, მოსავალი არ მოვა. აქ მცხოვრებ მოსახლეობას გმირობა უნდა მიანიჭო რამე კი არ უნდა შეუწყვიტო.

პირველ რიგში დაზარალებულ მოსახლეობას, რომლებსაც სახლები აქვთ დანგრეული, წყლები დაუკარგეს და კომპენსაციებს არ აძლევენ, ამის მოგვარებას ვპირდები. უკეთესი გზები იქნება, მოსახლეობას სასმელი და სარწყავი წყალი ექნება.

ხულოსა და შუახევის მოსახლეობამ არაერთი აქცია გამართა გვირაბის მშენებლობის შესაჩერებლად. ჰესის მშენებლობა დაგაგმილია ქედაშიც. რას გააკეთებთ მოსახლეობის ინტერესების დასაცავად?

ამ ინფორმაციას არ ვფლობ, საქმის ყურში არ ვარ, გავესაუბრები ხალხს და დადებითი რაც იქნება, იმ კუთხეს დავადგები მე.

მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისთვის დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება ეკომიგრანტების საკითხი. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ამ პრობლემის გადაჭრა?

აუცილებელია გვერდში დავუდგეთ ეკომიგრანტებს. ჩვენი პროგრამა ასეთი საქმისთვის ბიუჯეტიდან 4%-ის გამოყოფას ითვალისწინებს, რითაც აშენდება სახლები, მივცემთ 40-წლიანი განვადებით მოსახლეობას და თვეში 15-200 ლარამდე გადასახადი ექნებათ.

თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა გენდერული კუთხით საკანონმდებლო ცვლილებები გატარდეს?

ჩვენს პარტიას გენდერული კუთხით პრობლემა არ აქვს, ჩვენს პროგრამებში დაბალანსებულია ეს, ამ წუთში ამ პრობლემას ვერ ვხედავ.

როგორ ფიქრობთ ბათუმში მეჩეთი უნდა აშენდეს?

ბათუმში მეჩეთი, რა თქმა უნდა, უნდა აშენდეს, მაგრამ საქართველოს ბიუჯეტიდან, ქართველი ხალხის ფულით და არა თურქული ფულით. ეს არ უნდა იყოს თურქი ხალხის სიხარული და ოვაციები, ეს უნდა იყოს ჩვენი, ქართველი მუსლიმის მოთხოვნა.

მადონა ბოლქვაძე-სოლომონიძე დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალისტია, 18 წელი სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიაკონიძეებში ცხოვრობს და ბათუმში  სამეწარმეო საქმიანობას ეწევა.

რომის პაპთან შესახვედრად თბილისში ბათუმელი კათოლიკეებიც ჩავლენ

1 ოქტომბერს მ. მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა მესაზე დასასწრებად, რომელსაც რომის პაპი ფრანცისკე აღავლენს, კათოლიკეები თბილისში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდანაც ჩადიან.

ბათუმის კათოლიკურ ეკლესიაში უკვე დაიწყეს მზადება თბილისში გასამგზავრებლად. როგორც კათოლიკური ეკლესიის კატეხისტი ნანა გეგენავა ამბობს, 50–ზე მეტი ადამიანისთვის უკვე აქვს დასტური მიღებული წირვაზე დასასწრებად.

“ჩვენ დავუკავშირდით სხვა რელიგიურ კონფსიებსაც და ვიზრუნეთ იმაზე, რომ ხალხს ამ მოვლენის შესახებ გაეგო. 25 სექტემბრამდე ველოდებით მათგან დასტურს, წამოვლენ თუ არა ჩვენთან ერთად. ვფიქრობ, კვირის ბოლოს ეს რიცხვი გაიზრდება. 30 სექტემბერს გვიან ღამით ვაპირებთ ბათუმიდან გასვლას, დილით უკვე თბილისში უნდა ვიყოთ. 10:00 საათზე დაიწყება წირვა.”

ელენე ზოიძე ერთ–ერთია იმათგან, ვინც ბათუმიდან რომის პაპის დასახვედრად და წირვაზე დასასწრებად თბილისში აპირებს წასვლას. მისი თქმით ამ მოვლენას ვერ გამოაკლდება:  „რომის პაპის ჩამოსვლა საქართველოში არის უდიდესი მოვლენა“ – ამბობს ის.

ბათუმის კათოლიკური ეკლესიის დიაკვანის, თენგიზ პარმაქსაზიშვილის ინფორმაციით,  მესაზე დასწრება ნებისმიერ ადამინას შეუძლია: “წირვაზე დასწრება შეზღუდული არ არის, მხოლოდ ბილეთების აღებაა საჭირო. კათოლიკურ ეკლესიებში, ყველა მოძღვარს აქვს ბილეთები. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაეწეროს სიაში და აიღოს ბილეთი.”

თენგიზ პარმაქსაზიშვილის ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებზე ამ ფაქტის მიმართ: “ჩემს ირგვლივ, პირად საუბრებში,  ყველა დადებითი განწყობით ხვდება. მაგრამ, გულსაკლავია, რომ ხშირად სოციალურ ქსელებში გვხვდება ძალიან უხამსი და მიუღებელი დამოკიდებულება. მე არ ვიცი რას მივაწერო ეს. მათთან პაექრობას არც ვაპირებ და არც ყურადღებას ვაქცევ. საბედნიეროდ ეს ერთეული შემთხვევებია.”

„ძალიან მწყის, რომ აგრესია მოდის მართლმადიდებლების მხრიდანაც. ჩვენ ვართ ერთი ეკლესია. ქრისტე არ ყოფილა მართლმადიდებელი და არ ყოფილა კათოლიკე. ერთი პიროვნება იყო“ – ამბობს ნანა გეგენავა.

რომის პაპი ფრანცისკე თბილისში 30 სექტემბერს ჩამოფრინდება. პაპ ფრანცისკემდე საქართველოში მისი წინამორბედი, პაპი იოანე პავლე II სტუმრობდა.

 

 

 

 

 

პაატა ბურჭულაძე აჭარაში შეხვედრებს გამართავს

2016 წლის 25 და 26 სექტემბერს პაატა ბურჭულაძე,
მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“
აჭარაში შეხვედრებს გამართავს.

პარტიის ლიდერი პაატა ბურჭულაძე და მაჟორიტარი დეპუტატატობის კანდიდატები ხალხს ქვეყნის განვითარების გეგმას დეტალურად გააცნობენ, მოისმენენ ადგილობრივი მოსახლეობის კითხვებს და პროგრამის ფარგლებში პასუხებს გასცემენ.

14138668_508024502734441_8531838680823399624_o

შეხვედრების განრიგი:

  •  25 სექტემბერი; 17:00 სთ – ქობულეთი,  ქობულეთის პარკი – ამფითეატრი;
  •  25 სექტემბერი; 19:00 სთ – ბათუმი,  საზაფხულო თეატრი;
  •  26 სექტემბერი; 11:00 სთ – ხელვაჩაური,  სოფელ ერგეს კლუბი;
  •  26 სექტემბერი; 13:00 სთ – ქედა, 9 აპრილის სკვერი;
  •  26 სექტემბერი; 15:00 სთ – შუახევი, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია;
  •  26 სექტემბერი; 17:00 სთ – ხულო, ხულოს სახელმწიფო
    დრამატული თეატრი.

14361358_514021525468072_8883567605620618883_o

ვის შეუძლია „თავისუფალი გაკვეთილის“ ჩატარება

„თავისუფალი გაკვეთილების“  იდეა განათლების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას ეკუთვნის. მისი თქმით, პროექტი, რომლის განხორციელებაც ორ თვეში დაიწყება,  ორი მილიონი ლარის ღირებულებისაა. მინისტრის განცხადებით, პედაგოგები, ვინც საჯარო სკოლებში „თავისუფალი გაკვეთილები“ უნდა ჩაატარონ, კონკურსის წესით, მათ მიერ წარმოდგენილი პროექტების მიხედვით შეირჩევიან. როგორია თავისუფალი გაკვეთილების ფორმატი და კრიტერიუმები, დეტალებზე „ბათუმელებს“  ალექსანდრე ჯეჯელავა ესაუბრა.

ბატონო ალექსანდრე, იქნებ განმარტოთ, როგორი იქნება თავისუფალი გაკვეთილებისფორმატი და რა პროცესი მიმდინარეობს პროექტთან დაკავშირებით?

პროექტი ჯერ არ არის ბოლომდე დამუშავებული, რაც ვიცით გეტყვით. ანუ ვქმნით ფონდს და კომისიას, რომელიც შემოსულ პროექტებს შეაფასებს. საჯარო სკოლის ნებისმიერ მასწავლებელს შემოაქვს პროექტი. ეს პროექტი არის სამთვიანი, რაც გულისხმობს იმას, რომ სამი თვის განმავლობაში მან კვირაში ორჯერ მაინც უნდა ჩაატაროს „თავისუფალი გაკვეთილი“. გაკვეთილზე დასწრება თავისუფალია და დაძალება არ შეიძლება. გაკვეთილზე არ შეიძლება საშინაო დავალებები, რადგან ყველაფერს აკეთებენ კლასში და ნიშნები აკრძალულია და არჩევითია.

 ანუ, ეს იქნება სტანდარტული გაკვეთილის გაგრძელება, განსხვავებულ ფორმატში?

ფაქტობრივად, გახანგრძლივებულში რაც ხდება, იმის ანალოგია. ეს გაკვეთილი შეიძლება მასწავლებელმა ჩაატაროს თავის საგანში ან სხვა თემაზე. შეიძლება ისტორიის მასწავლებელმა ჩაატაროს ისტორიის თავისუფალი გაკვეთილი და შეიძლება ჩაატაროს ბათუმის ისტორიის ან ჯაზის თავისუფალი გაკვეთილი. ეს არის წრეს პრინციპი და პირდაპირ მასწავლებლის საგანზე არ არის მიბმული. თუმცა, საგრანტო კომისია იხილავს რამდენად შეუძლია ამ ადამიანს ამ გაკვეთილის კარგად გაკეთება.

თუ ენიჭება მნიშვნელობა იმას, რა კატეგორიის მასწავლებელს შემოაქვს პროექტი, წამყვანია, ტრენერია თუ პრაქტიკოსი?

არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, პროექტის შემოტანა ყველას შეუძლია, თუმცა უპირატესობა მიენიჭება მასწავლებლის დონეს. თუ ორ მასწავლებელს მოუნდება რაღაცის გაკეთება და ერთი პრაქტიკოსია, მეორე კი მენტორი, ჩვენ ალბათ მენტორს მივანიჭებთ უპირატესობას, თუმცა ეს კომისიამ უნდა გადაწყვიტოს.

ვინ იქნება შესარჩევ კომისიაში?

კომისიის წევრები არ იქნებიან მხოლოდ განათლების სამინისტროს წარმომადგენლები. გვინდა, რომ იყოს ხალხი მედიიდანაც, ენჯეოდანაც. კომისია იქნება თავისუფალი და მის მუშაობაში თანხას არ გადავიხდით – თუ სურვილი ექნებათ, რომ დაგვეხმარონ ამ საქმეში, მოვიწვევთ მოხალისეებს.

პროექტში დეტალურად უნდა იყოს გაწერილი რას გააკეთებს მასწავლებელი ამ გაკვეთილზე?

გეგმა უნდა იყოს გაწერილი, უნდა იყოს ინფორმაციაც გაწერილი მასწავლებლის შესახებ, სად ჩაატარებს, როგორ ჩაატარებს. ოთახი სჭირდება თუ დარბაზი და ასევე გაწერილი უნდა იყოს მოთხოვნა, რისთვის რა ხარჯები სჭირდება.

 თავდაპირველად ითქვა, რომ ერთი გაკვეთილი 3 ათასი ლარით დაფინანსდებოდა. ანუ ეს ინფორმაცია არ არის სწორი?

სამი ათასი ლარი გამოდის სამი თვე ამ გაკვეთილების ჩატარება. სამი თვის ფასია ეგ. ამ თანხის ერთი მესამედი მიდის სკოლაში, ერთი მესამედი  –  მასწავლებელთან და დანარჩენი მაქსიმუმ ხარჯებზე. სამი თვის განმავლობაში მასწავლებელი კვირაში ორჯერ ან სამჯერ ატარებს თავისუფალ გაკვეთილს, ეს დეტალი დასაზუსტებელი გვაქვს. ეს იქნება 24 ან 36 გაკვეთილი.

წლის განმავლობაში რამდენი პროექტი უნდა შეირჩეს და ერთ პედაგოგს რამდენი პროექტის შემოტანა შეუძლია წელიწადში?

ვფიქრობთ, წელს გვექნება 100 გრანტი, შემდეგ კი წლებთან ერთად მოიმატებს გრანტების რაოდენობაც, როცა ფონდი გაგვეზრდება. ამასობაში ვისწავლით კიდევ რომელი უფრო მოსწონთ, რომელი არ მოსწონთ. საპილოტე პროექტია და გზადაგზა წესებს დავხვეწთ.

 ასი გრანტის დაფინანსება 300 ათასი ლარი გამოდის. ეს თანხა არსებობს 2016 წლის ბიუჯეტში  თუ  აწი აპირებთ მოძიებას?

კი, ბატონო. ოღონდ, რახან ჯერ წესები არ არის დამტკიცებული, ჯერ ვერ გამოცხადდება კონკურსი. მიუხედავად იმისა, რომ თანხა არის, სანამ კომისია არ არის და წესები არ არის გაწერილი, პროექტების მიღება დაწყებული არ არის.

წლის ბოლომდე გამოცხადდება კონკურსი?

ვფიქრობ, თვე-ნახევრის ამბავია, რადგან პარლამენტის ნებართვა დაგვჭირდება, ამიტომ მოგვიწევს დაველოდოთ ახალ პარლამენტს.

როგორ ფიქრობთ, ახალი პარლამენტი დაუჭერს მხარს ამ პროექტს? ხომ არ გაჩნდება კითხვები პროექტის ბიუჯეტთან დაკავშირებით, რადგან საკმაოდ სოლიდურ თანხაზეა საუბარი, როგორი იქნება დასაბუთება?

დასაბუთება არის ის, რომ გვინდა ჩვენი ბავშვებისთვის სკოლა გახდეს უფრო საინტერესო. ვფიქრობთ, ბავშვებს თავისუფალი გაკვეთილების გამო სკოლა უფრო შეუყვარდებათ.

ფინანსური მოტივაცია ამ პროექტში საკმაოდ მაღალია პედაგოგისთვის, ხომ არ მოხდება ისე, რომ პედაგოგები თავისუფალი გაკვეთილებით უფრო დაინტერესდებიან, ვიდრე სტანდარტული გაკვეთილებით?

აქ კონკურენციაა, ეს უნდა გავითვალისწინოთ. ყველა მასწავლებელი ვერ მიიღებს გრანტს, მიიღებენ მხოლოდ საუკეთესოები.

ხომ არ გამოვა ისე, რომ რომელიღაც სკოლის მოსწავლე პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება და ექნება თავისუფალ გაკვეთილზე დასწრების შესაძლებლობა და ზოგიერთი სკოლა კი საერთოდ ვერ მიიღებს გრანტს?

სულ გვაქვს 2 100 სკოლა, ანუ ყველა სკოლას თითო თავისუფალი გაკვეთილი მაინც რომ მოუწიოს, წელიწადში 20 მილიონი ლარი გვჭირდება. ამ ბიუჯეტზე მალე ვერ გავალთ, მომავალ წელს ვერა, მაგრამ ეტაპობრივად გავზრდით.

მთლიანობაში ამ პროექტისთვის ძალიან დიდი ფინანსური რესურსი შეიძლება დაიხარჯოს, მაშინ როცა არ ვიცით, როგორი იქნება შედეგი. ხომ არ ჯობდა, რომ ეს ფინანსური რესურსი, ვთქვათ, სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვას მოხმარებოდა. ამ პრობლემაზე ხშირად საუბრობენ სკოლებში. 

მაგას ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენ შარშანდელი და წლევანდელი ბიუჯეტი გვაქვს 900 მილიონი და ამ პროგრამის ჩათვლით 2017 წელს ამ ბიუჯეტს გავზრდით, სადღაც მილიარდზე იქნება საუბარი, შეიძლება ცოტა უფრო მეტიც.

ალექსანდრე ჯეჯელავა ფოტო: თორნიკე თავაძე „ბათუმელები“
ალექსანდრე ჯეჯელავა
ფოტო: თორნიკე თავაძე
„ბათუმელები“

ირაკლი ჩავლეიშვილი: „რესპუბლიკური პარტია“ ნამდვილად არ ფიქრობს უმრავლესობით მოსვლაზე

სამგზის ბათუმის საკრებულოს წევრი, ყოფილი თავმჯდომარე და ამ მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი „რესპუბლიკურმა პარტიამ” საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ბათუმის 68-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა. „ბათუმელები“ დაინტერსდა ამომრჩევლისთვის რა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას არ აღმოჩნდა საკმარისი საკრებულოს წევრის კომპეტენცია და რა საკითხების ლობირებას გეგმავს ის პარლამენტში არჩევის შემთხვევაში.

ბატონო ირაკლი, რა საკითხების გადაწყვეტის მცდელობისას არ გეყოთ საკრებულოს წევრის კომპეტენცია, რომ შეგესრულებინათ დაპირებები, რაც წინა არჩევნებზე მიეცით ამომრჩეველს?

არის რიგი საკანონმდებლო საკითხებისა, რისი ინიცირებაც პარლამენტში უნდა მოხდეს, რისი უფლებაც აქვს პარლამენტის წევრს და ეს კანონები უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, რა პრობლემებია ქალაქში, როდესაც თვითმმართველობა ვერ წყვეტს ამ პრობლემას იმის გამო, რომ არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა. ეს არის გასათვალისწინებელი პირველ რიგში და, რა თქმა უნდა, შემდგომში აღსრულება გაუადვილდება თვითმმართველობას. იმ კანონების ფარგლებში იმოქმედებს თვითმმართველობა, რასაც მიიღებს პარლამენტი.

რა პრობლემებია ოლქში, სადაც კენჭს იყრით, რის გადაწყვეტასაც საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება?

უჩვეულო ოლქი წარმოჩნდა, ფაქტობრივად, გაერთიანდა სოფელი და ქალაქი. სოფელს თავისი პრობლემა აქვს, დაბას – თავისი. ამიტომ ეს პრობლემები ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ. მთავარი, რასაც მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ვაწყდებით, მაინც საკუთრების პრობლემაა. მიწის დაკანონების საკითხი გადაუწყვეტელია და მისი წამოწევა ისევ პარლამენტში აუცილებელია, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში. ადამიანებმა არ იციან რა გააკეთონ, რადგან ბევრს მიწა დაკანონებული არა აქვს – არ იციან რა ტიპის კულტურა მოიწიონ, რომელ კულტურას მიყონ ხელი, ადრე მოგეხსენებათ მონოკულტურა იყო ჩაი და ციტრუსი, ახლა ახალი კულტურები შემოდის, რომელიც სარფიანია გლეხისთვის, მაგრამ ვერ ახერხებს ამ პრობლემების მოგვარებას და წინგანჭვრეტას იმიტომ, რომ მიწა, ფაქტობრივად, მას არ ეკუთვნის. ჰქონდა სარგებლობაში, მუშაობდა მეურნეობაში და ახლა კერძო საკუთრებაში დარეგისტრირებული არ აქვს, ეს არის პრობლემა.

მე ვიყავი პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი 25 წლის განმავლობაში და ვიცი იქაური პრობლემები. ეს არის კულტურული მემკვიდრეობა და ტურიზმი, რითაც იქაური მოსახლეობა მეტ-ნაკლებად დასაქმებული იყო, შემდეგ ეს ყველაფერი მოკვდა. ახლა ნელ-ნელა იწყებს აღორძინებას, მაგრამ სისტემური მიდგომაა საჭირო. პეტრას ციხე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის მარგალიტი. ძეგლი, სადაც დაიწყო სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები, ეს უნდა იყოს მიმზიდველი ადგილი ტურისტებისთვის. აქ უნდა დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა. იცით რომ იქ, ციხისძირისკენ გზაზე, ზოგი ყვავილებს ყიდის, ზოგი – ნაკეთობებს, როდესაც ახალი ტრასა გავა, ეს ადგილი არ უნდა იყოს მივიწყებული და უნდა გახდეს ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი. გზის რეაბილიტაცია შემდგომშიც უნდა გაგრძელდეს, ახლა საინტერესო პროექტებზე ვმუშაობთ, მეც ვარ ამ კომისიის წევრი, აქ მოსახლეობის ინტერესებიც უნდა იყოს დაცული და უფრო სისტემური სახე უნდა მიეცეს იქ ადამიანების დასაქმებას.

ეს ხომ აღმასრულებელი ორგანოების გასაკეთებელი საქმეებია?

ჰო, მაგრამ მე ვილაპარაკე მიწაზე, ვილაპარაკე იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც უნდა გაკეთდეს, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ იხეიროს. პრიორიტეტები უნდა გამოიკვეთოს თავისთავად. შემდგომი საკითხი არის ბონი, ბარცხანა, გარადოკი და ჩაქვი, ვითარდება ეს სადაბო ცენტრები, როდესაც, ჩვენი აზრით, გენერალური გეგმის შემუშავება უნდა იყოს გათვალისწინებული. ქალაქი გაიზარდა სამჯერ. ბათუმი უკვე არის მეგაქალაქი, ის ხდება მეორე ქალაქი საქართველოში და სხვა საკანონმდებლო უფლებამოსილება უნდა მიეცეს ბათუმს, უფრო მაღალი სტატუსი, რადგან ავტონომიური რესპუბლიკის პირველი ქალაქია. სადაბო ცენტრები უნდა იქცეს, როგორც პატარა სადაბო ცენტრებად თავისი განაშენიანებით, ინფრასტრუქტურით, მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ ისინი ცხოვრობენ ქალაქში. ქალაქური ცხოვრების წესით უნდა იცხოვრონ ადამიანებმა, რომლებიც სოფლური წესით ცხოვრობენ – ის ყველა სიკეთე უნდა ჰქონდეთ, რაც ქალაქის ცენტრში მცხოვრებლებს აქვთ. ჩემი მთავარი პრიორიტეტი, როგორც პარლამენტის წევრის, ეს იქნება – იმ საკითხების, პროექტების ლობირება, რაც მე საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს დავიწყე და, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ მოქმედებს, ეს არის დეპოსა და სარკინიგზო კვანძის გადატანა ქალაქის ამ ნაწილიდან და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა. ახალი ქალაქური ტიპის დასახლების ეკოლოგიურად სუფთა დასახლების ტიპის შექმნა. დაახლოებით 14 ჰექტარი მიწა გამოთავისუფლდება ძალიან საინტერესო სივრცეში. ეკოლოგიურად დაბინძურებული ამ საწარმოების გადატანა მოხდება ბენზეში.

ბენზესაც თავის პრობლემები აქვს ამ კუთხით…

ამიტომ საკანონმდებლო სტანდარტები უნდა იყოს მაღალი. შესაძლებელია იქ საწარმოები გაიხსნას. საწარმოები, რომლებიც დღეს იქ მუშაობენ, გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებენ ადგილობრივ მოსახლეობას. ეს საკანონმდებლო სტანდარტები უნდა იყოს აწეული და მოსახლეობამ უნდა იცხოვროს სუფთა ეკოლოგიურ გარემოში. ეს არის მთავარი პრიორიტეტები და არის, რა თქმა უნდა, სხვა პრობლემებიც. მაგალითად, წყლის, კანალიზაციისა და სანიაღვრე არხების სამუშაოები გრძელდება, მესამე ფაზა მიმდინარეობს და მომავალ წელს აუცილებლად დასრულდება. უნდა ავწიოთ ის სტანდარტები, რომ არ მოხდეს მდინარეების დაბინძურება, ამიტომ ეკოლოგიის საკითხები არის ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემა, რაც მოსახლეობას აწუხებს წლების განმავლობაში. არის გაუსაძლისი სუნი, რასაც ის ფარმაცევტული ფაბრიკა და საწარმოები მავნე ნივთიერების სახით გამოყოფენ. აქ სტანდარტები უნდა აიწიოს და უფრო მკაცრი უნდა გახდეს საკანონმდებლო დონე.

თქვენი პარტიის წარმომადგენლები საუბრობენ უფლებამოსილების გაზრდისა და ადგილზე საკითხების გადაწყვეტილების აუცილებლობაზე, პირადად თქვენ ამ მიმართულებით შეგქმნიათ პრობლემები?

დიახ, მე როგორც საკრებულოს წევრი, თავმჯდომარე და მოადგილე ძალიან ბევრ ისეთ საკანონმდებლო პრობლემას ვხედავ, რომელიც ადგილზე ვერ გვარდება. არის პარლამენტის დონეზე გადასაწყვეტი, მაგალითად, რეგულაციები. სიტყვაზე ავიღოთ ფოიერვერკების ხმაური, რაც აწუხებს მოსახლეობას. ამას არა აქვს საკანონმდებლო ბაზა და თვითმმართველობა ასეთ კითხვებს ვერ წყვეტს, – ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე უნდა მოგვარდეს პარლამენტში. ტაქსების პრობლემაც გვაქვს, რაც ასევე უნდა მოგვარდეს საკანონმდებლო დონეზე, ეს თითქოსდა მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტია, მაგრამ საკანონმდებლო ბაზა არ არის იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა ეს საკითხები გადაჭრას. პარლამენტის წევრი, რომელიც იქნება წარმოდგენილი ქალაქიდან, უნდა ზრუნავდეს ისეთი პრობლემების გადაწყვეტაზე და ისეთი კანონმდებლობის ინიცირებაზე, რომელიც მორგებული იქნება მასზე, როგორც მაჟორიტარზე და მას ეცოდინება ის პრობლემები, რომლებიც სინამდვილეში ქალაქში არსებობს. ვეჭვობ, ბევრი ჩემი კოლეგა, რომელიც იყრის კენჭს, გათვიცნობიერებული იყოს იმ პრობლემებში, რაც დღეს ქალაქს სჭირდება, საკანონმდებლო პრობლემების გადაჭრის მხრივ.

თქვენი იყავით ინიციატორი ქალქში მშენებლობის რეგულაციების გამკაცრების, თუმცა ამ რეგულაციებზე გავერდის ავლა ხერხდებოდა და ხერხდება…

დიახ, იმიტომ, რომ საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს. როცა შემოვიტანეთ რეგულაციები, ეს იყო პრევენცია წესიერი მოქალაქეებისთვის. ჩვენ ამით წესიერი მოქალაქეები გავაფრთხილეთ, რომ ღამის საათებში არ შეიძლება სიმყუდროვე დაურღვიო მოქალაქეებს, მაგრამ ამ პრობლემების ადმინისტრირების მექანიზმები არ არსებობდა, რადგან არ არსებობდა საკანონმდებლო ბაზა. ასე ვთქვათ, ლაფსუსთან გვაქვს ხშირ შემთხვევაში საქმე . როდესაც ადგილზე გვინდა რაღაც პრობლემები გადავწყვიტოთ, არ არსებობს ამის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც რეალიზაციაში მოაქცევს ინიციატივას.

ამ პარლამენტშიც გყავთ მნიშვნელოვანი აქტივი, რატომ მანამდე არ წარადგინეთ ეს საკითხები პარტიის იმ წევრების დახმარებით, რომლებიც ამ მოწვევის პარლამენტის წევრები არიან?

პარლამენტი თავის დღის წესრიგით მუშაობს, კანონმდებლები რიგს იცავენ და მნიშვნელობის მიხედვით ხდება საკითხების გამოტანა თუ რა მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ კანონს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვყავდა ათკაციანი ფრაქცია და ისეთი კანონების ლობირება მიმდინარებდა, რომლებიც აუცილებელი იყო ქვეყნის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. ეს იყო მოსმენებზე, ქალთა უფლებებზე და ასე შემდეგ. ამიტომ უამრავი კანონი არის შესაცველი. ამიტომ უნდა იყოს ის ისეთი მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც დაიცავს თავისი ქალაქის ინტერესებს და ლობირებას გაუწევს ასეთ კანონებს. სამწუხაროდ, ასეთი კანონების ლობირება არ ხდებოდა პარლამენტში და გვაქვს ის მდგომარეობა, რაც გვაქვს.

უმრავლესობით მოსვლას არც ახლა ვგეგმავთო, ამბობთ „რესპუბლიკელები“. ოთხი წლის შემდეგ ხომ არ იტყვით ისევ, ბევრი არ ვიყავით,  გადაწყვეტილება რომ მიგვეღოო…

ჩვენ ილუზიებით არ ვცხოვრობთ და ჩვენ ვიცით ჩვენი შესაძლებლობები, „რესპუბლიკური“ პარტია ნამდვილად არ ფიქრობს უმრავლესობით მოსვლაზე და ღიმილის მომგვრელია, როდესაც ზოგიერთი პარტიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უნდა უმრავლესობით მოსვლა. ჩვენი პარლამენტი უნდა იყოს ჭრელი, უნდა იყოს სხვა პარტიების წარმომამდენლობა, უნდა იყოს წარმოდგენილი პარტიები, რომლებიც გადალახავენ ბარიერს და ეყოლებათ თავიანთი ფრაქციები. ერთპარტიულ სისტემას ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ დავემშვიდობეთ და თუ ვინმეს უნდა, რომ დაგვაბრუონოს, ეს ძალიან ცუდი წამოწყებაა. რაც შეეხება ჩემს შემთხვევაში, მე უნდა ვიყო, რა თქმა უნდა, იმ ძირითადი საკითხების მხარდამჭერი, რომელიც აუცილებელი იქნება საქართველოს პარლამენტში. შემდგომში უნდა ვიზრუნო იმაზე, რომ გავიტანო ისეთი ტიპის კანონები, რომლებიც იქნება სასარგებლო ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე და უნდა ვიყო იმ კანონების და ქვემდებარე აქტების ინიციატორი, რომლებიც აუცილებელი იქნება ჩვენი ქალაქის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.

ენმ-ს წევრები აჭარის მთავრობას მიწის ნაკვეთების აუქციონის გარეშე გასხვისებაში ადანაშაულებენ

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარმა კანდიდატებმა აჭარის მთავრობის სახლთან ბრიფინგი გამართეს, ისინი მთავრობის თავმჯდომარეს მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისებაში ადანაშაულებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი კანდიდატის მირდატ ქამადაძის განმარტებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 14 სექტემბერს, აუქციონის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული თავისუფალი მიწის ნაკვეთები, კერძოდ – დელფინარიუმის წინ არსებული მიწის ნაკვეთი, ყოფილი პანსიონატის „მზიურის“ ტერიტორია და მახინჯაურში არსებული აბანოს ტერიტორიები.

„ჩვენ მიგვაჩნია რომ აქ არის კორუფციის ნიშნები. წაგებისთვის განწირული მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობა ასწრებს ზოგადად, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მიწები გაასხვისონ, ამისთვის მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას. ჩვენ ასევე მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს რათა, დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და დაიწყონ გამოძიება,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე კომენტარს აღნიშნულ თემაზე მოგვიანებით გააკეთებენ.

ტერიტორია, სადაც ადრე სანატორიუმი „მზიური“ იყო, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ორჯერ გაიტანა აუქციონზე, თუმცა ქონება არ გაიყიდა. არშემდგარი აუქციონებიდან პირველი, მიმდინარე წლის 17 ივნისს დასრულდა, ხოლო მეორე – 14 ივლისს.

დაახლოებით ერთი თვის წინ დაფუძნებული კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთს“ ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობასა და 50-მილიონიანი ინვესტიციის განხორციებას გეგმავს.

30 სექტემბერს Critical Mass Batumi-ის შემოდგომის მსვლელობა მოეწყობა

30 სექტემბერს Critical Mass Batumi-ის შემოდგომის მსვლელობა მოეწყობა. შეკრების მიზანი კვლავ რჩება ავტომანქანების მფლობელებისთვის იმის შეხსენება, რომ უსაფრთხო სივრცე ველოსიპედისტებსაც სჭირდებათ და რომ მათი მოძრაობის დროს, დამატებითი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

ველომოყვარულები ანბანის კოშკთან 18 საათსა და 30 წუთზე შეიკრიბებიან, ქალაქის ქუჩებში ორგანიზებული ველომსვლელობა კი 19:00ს საათზე დაიწყება.

Critical Mass Batumi-ს ძირითადი წესებია – ველოსიპედისტები არ ასწრებენ ერთმანეთს, არ იფანტებიან და ყველანი გადაადგილდებიან ჯგუფურად – 15 კმ/სიჩქარით, ჩერდებიან გზაჯვარედინებზე და ელოდებიან ერთმანეთს, რათა უკან არ ჩამორჩეს არავინ – “ვიჭერთ მარჯვენა ზოლს რათა გავატაროდ ავტომობილები მარცხენა ზოლიდან. მსვლელობა უნდა იყოს უსაფრთხო, რადგან ბევრი გამოუცდელი ველომოყვარულია თავი დავიზღვიოთ ყველანაირი შემთხვევებისაგან. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი სხვის არასწორ ქმედებაზე. შეგიძლიათ წამოიღოთ ფერადი ფანრები, საყვირები და ა.შ. ჩაიცვათ ფერადი ტანისამოსი რათა გამორჩეულად გამოიყურებოდეთ)) წვიმის შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ საწვიმარის წამოღება. უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს საპატრულო პოლიცია” – წერია Critical Mass Batumi-ს ფეისბუქ ივენთის განმარტებაში.

შეგახსენებთ, რომ Critical Mass არის ყოველთვიური ველომსვლელობა ქალაქის ქუჩებში, როგორც წესი იმართება მსოფლიოს 300-მდე ქალაქში.

 

ბათუმში რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საწვრთნელი ვარჯიში ჩატარდა

ბათუმში, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების უწყებასთან და გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკისა და კლიმატური ცვლილების დეპარტამენტთან თანამშრომლობით – ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის 3 დღიანი საწვრთვნელი ვარჯიში ჩაატარა. წვრთნები 22 სექტემბერს დასრულდა.

“იმის გამო, რომ შავი ზღვის რეგიონში არსებობს უსაფრთხოების მზარდი რისკები, ვფიქრობ ეს წვრთნები იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დროული. ეს ვარჯიში აჩვენებს, რომ თქვენს ქვეყანას აქვს კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ მოახდინოს პრევენცია, აღმოაჩინოს და საპასუხო რეაგირება მოახდინოს ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევებზე” – თქვა შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების უწყების საერთაშორისო პროექტების მენეჯერმა ვივიანა სანდბერგმა.

საწვრთვნელი ვარჯიშები სარფის საკონტროლო–გამტარ პუნქტზე, ბათუმის პორტში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტსა და ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე გაიმართა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების მიზანი საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ბირთვული და რადიაციული ნივთიერებების აღმოჩენა, საფრთხეზე დროული რეაგირება და შესაბამისი დანაყოფების სტანდარტული სამოქმედო პროცედურების (SOP) ზუსტი დაცვა იყო.

საწვრთნელ ვარჯიშში ჩართული იყვნენ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტები.

ღონისძიებას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გოგა რაზმაძე, შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების უწყების საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ვივიანა სანდბერგი, აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცველები ესწრებოდნენ.

 

მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანია მედიის გარეშე

მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს ძირითადად საღამოს, 7 ან 8 საათზე მართავენ. საარჩევნო კამპანიაში ისევ აქტიურად არიან ჩართული ბავშვები და მოზარდები. კანდიდატები მათთან ერთად იღებენ ფოტოებს და სოციალურ ქსელში ავრცელებენ. შეხვედრების დიდი ნაწილი, მედიის გარეშე, პარტიული კამერების თანდასწრებით იმართება.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტებს არ აწვდიან. მათ შორის არის პარლამენტარი ფატი ხალვაშიც, რომელიც ჟურნალისტებთან კომუნიკაციით არც მანამდე გამოირჩეოდა და არც საარჩევნო პროცესში გამოირჩევა ღიაობით. ის საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარ კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ მეორედ წარადგინა.

„ბათუმელებს“ თავისი შეხვედრების შესახებ ინფორმაცია არც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვახტანგ წულაძემ მიაწოდა, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში იყრის კენჭს.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები, ფატი ხალვაში და ვახტანგ წულაძე
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები, ფატი ხალვაში და ვახტანგ წულაძე

„დაუკავშირდით პიარს ოლქში და ის გეტყვით“, – გვითხრა მან. თუმცა, ვინ იყო პარტიის პიარი, ამის გასარკვევად კიდევ ბევრი დრო და რამდენიმე პარტიულ პირთან კომუნიკაცია დასჭირდა „ბათუმელებს“.

სახელისუფლო კანდიდატები, რომლებიც მედიის გარეშე ამჯობინებენ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას, თავიანთ საარჩევნო დაპირებებს, ძირითადად, სოციალური ქსელებით ავრცელებენ. მაგალითად, პუშკინის, ლუკა ასათიანის, მაიაკოვსკისა და ტბეთის ქუჩებზე მცხოვრებ მოქალაქეებს ფატი ხალვაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა. „პირველი შეხვედრა პუშკინისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში გაიმართა, სადაც მთლიანად მოეწყო სანიაღვრე სისტემა, გაკეთდა ტროტუარები, დაიგო ფილები, აღდგა განათება“, – გვატყობინებს შეხვედრის დეტალებს ფატი ხალვაში ფეისბუქგვერდიდან. თუმცა არსად საუბრობს თავის პრიორიტეტებზე, თუ რას გააკეთებს პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში და რა ღირებულებებს დაიცავს. სამაგიეროდ, კანდიდატი საუბრობს იმაზე, რომ „სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით ხორციელდება“.

ვახტანგ წულაძეც მოსახლეობასთან შეხვედრის დეტალებს, ფეისბუქით ავრცელებს, სადაც ფოტო უფრო მეტი დევს, ვიდრე საარჩევნო გზავნილები ან პროგრამის დეტალები. ისევე როგორც ფატი ხალვაშის, ვახტანგ წულაძის საარჩევნო აგიტაციაშიც მონაწილეობენ ბავშვები.

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ლადო მგალობლიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაშია.
განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ლადო მგალობლიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაშია.

ჩაქვსა და ბენზეში, აფხაზეთის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრის დროს, აგიტაციაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარიც მონაწილეობდა. შეხვედრაზე არა კანდიდატები, არამედ მინისტრი საუბრობდა იმაზე, რომ „უახლოეს მომავალში დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართობები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად დაუკანონდებათ“.

როგორი იყო მაჟორიტარი კანდიდატების გზავნილები მოსახლეობასთან და რას გააკეთებენ ისინი საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შემთხვევაში, ამის ნაცვლად კანდიდატები საუბრობენ იმაზე, რომელ სპორტულ მოედანს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და სად დაიგო კორდი.

„დამონტაჟდება სავარჯიშო ტრენაჟორები და საბავშვო ატრაქციონები… ვისაუბრეთ 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე“, – წერს სოციალურ ქსელში ვახტანგ წულაძე.

„ბათუმელებმა“ არაერთი მცდელობის შემდეგ შეძლო მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების შეხვედრის გრაფიკის მოპოვება. ელექტრონულ მონაცემებში იყო დაუზუსტებელი მისამართები. მაგალითად, ასლან აბაშიძის ქუჩის ნაცვლად მითითებული იყო მემედ აბაშიძის ქუჩა.

მმართველი პარტიის საარჩევნო შეხვედრებს მოსახლეობასთან, პარტიული კამერებით იღებენ.
მმართველი პარტიის საარჩევნო შეხვედრებს მოსახლეობასთან, პარტიული კამერებით იღებენ.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ძირითადად საუბრობენ იმაზე, რა გააკეთა მმართველმა პარტიამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ნაკლებად იმაზე, რას გააკეთებენ ისინი პარლამენტში ან უმაღლეს საბჭოში არჩევის შემთხვევაში. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რის გაკეთებას აპირებს თავად პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში? ლევან [ნუკრი] ბეჟანიძემ განაცხადა, რომ ამაზე საუბარს არ აპირებს. „კითხვები თუ გაქვთ, ცალკე ვისაუბროთ, მოსახლეობას იმაზე ვესაუბრები, რა გააკეთა ხელისუფლებამ“, –  გვეუბნება ის.

იმავეს ამბობს აჭარის პროფკავშირების ყოფილი ხელმძღვანელი ილია ვერძაძეც, რომელიც უმაღლეს საბჭოში იყრის კენჭს: „ამ შეხვედრებს იმიტომ ვატარებთ, რომ ბათუმელების პრობლემებს კარგად შევისწავლი და კონკრეტული ინიციატივები მექნება“.

მისი თქმით, რისი გაგებაც შეძლო, არის ის, რომ „ბათუმელებს უხვი წვიმა და პარკინგი აწუხებთ. ეს უკვე გამოიკვეთა და კიდევ ბევრ ინიციატივაზე ვიმუშავებთ“.

მოსახლეობასთან კანდიდატების შეხვედრას არ ესწრებოდა მედია. ე.წ. იტალიურ ეზოში მაჟორიტარებისა და მოსახლეობის საუბარს მხოლოდ რამდენიმე პარტიული ვიდეოკამერა იღებდა. ერთ-ერთი კამერა კანდიდატების ვარაუდით, „ნაციონალური მოძრაობის“ იყო.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების შეხვედრა ბათუმში, ქუთაისის ქუჩის მაცხოვრებლებთან. ფოტო: ლელა დუმბაძე
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების შეხვედრა ბათუმში, ქუთაისის ქუჩის მაცხოვრებლებთან.
ფოტო: ლელა დუმბაძე

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატია პარლამენტში სპორტსმენი, მუხრან ვახტანგაძეც, რომელიც ტაბიძის 13-ში მცხოვრებ ამომრჩეველს პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ჰპირდება.

შეხვედრის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ნუგზარ სურმანიძეც, რომელიც უმაღლეს საბჭოშია წარდგენილი კანდიდატად. ყოფილი მინისტრი ამომრჩეველს შეჰპირდა, რომ საკანონმდებლო ორგანოდან საკანალიზაციო სისტემებს მოაწესრიგებდა, ანუ პრობლემებს გააცნობს საკრებულოს წევრებს.

 

ბსუ-ს აკადემიურ პერსონალს ახალი საბაკალავრო პროგრამისთვის გადაამზადებენ

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის 6-7 სექტემბერს, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ვორქშოფებსა და სემინარებს გამართავენ:

6 ოქტომბერი, “ადამიანი და კულტურის სამყარო”:

  • ლუდვიგ ზიპი, მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი; თემა –  ადამიანი და კულტურის სამყარო”;
  • გიორგი მაისურაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; თემა –  „სამეცნიერო ტექნიკური მოდერნულობა და ფილოსოფიური ეთიკა”.

7 ოქტომბერი,  პანელ-დისკუსია “რელიგია და კულტურის სამყარო”: 

  • მამუკა ბერიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; თემა – „კულტურული სამყაროს დაფუძნება რელიგიის მიერ”;
  • გიორგი მაისურაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; თემა – „რას ნიშნავს კულტურული ნაცია?”;
  • თათა ცოფურაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; თემა – „რეფორმაციის ისტორიული, კულტურული და ფილოსოფიური კონტექსტები”;
  • მარიამ ხაზარაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი; თემა – “კულტურული სამყაროს დაფუძნება კანტის „ადამიანთა ისტორიის სავარაუდო დასაწყისის მიხედვით”“.

ვორქშოფები ახალი საბაკალავრო პროგრამის მოსამზადებლად გაიმართება პროექტის ფარგლებში – „მედია და კულტუროლოგიის მეცნიერების მიმათულების განვითარება“. პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს ახალი საბაკალავრო პროგრამის მომზადებას და შესაბამისი კურიკულიუმების ჩამოყალიბება-განვითარებას.

„მიმართულების  ევროპული სტანდარტებით ჩამოყალიბებისთვის დაგეგმილია შესაბამის უცხოურ უნივერსიტეტებთან აქტიური თანამშრომლობა, როგორც საგანმანათლებლო პროგრამის, ასევე საზაფხულო სკოლების, სემინარებისა და ვორქშოფების ფარგლებში“, – ვკითხულობთ ბსუ-ს პრესსამსახურის წერილში. მათივე ინფორმაციით, ამავე პროგრამის ფარგლებში  ითარგმნება მედიისა და კულტუროლოგიის მეცნიერების საბაზისო ლიტერატურა, სახელმძღვანელოები, გზამკვლევი, ჩამოყალიბდება სასწავლო პროგრამა და სატელევიზიო სტუდია.

პროექტი მოიცავს მიმდინარე წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდს:

„ეს ვორქშოფები და სემინარები, ძირითადად, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის პროგრამის მოსამზადებლადაა, თუმცა სტუდენტებსაც ექნებათ საშუალება მსმენელების სახით დაესწრონ“, – უთხრა “ბათუმელებს” ბსუ-ს პრესსამსახურში.

შეხვედრებზე დასწრება შეუძლიათ მედიის წარმომადგენლებსაც.

პროექტი დაფინანსებულია პრეზიდნტის ფონდის მიერ.

 

 

 

უფასო ონლაინკურსები თვითგანვითარებისთვის

დღეს, 22 სექტემბერს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა [CSI] სტუდენტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა პროგრამის – „ონლაინ კურსები თვითგანვითარებისათვის“   შესახებ.

პროგრამა 6 სალექციო კურსისგან შედგება: სოციალური კვლევის მეთოდები, საჯარო პოლიტიკის ანალიზი, ადვოკატირება და ლობირება, საჯარო ფინანსები, ეკონომიკის საფუძვლები და საზოგადოებასთან ურთიერთობა. პროგრამა არის დისტანციური და შესაბამისად ნებისმიერი ლექცია დიალოგი ან ტესტის შემოწმება ხდება ონლაინ რეჟიმში, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, სტუდენტებს და თვითმმართველობის წარმომადგენლებს.

ონლაინ სასწავლო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და ეს კურსები უკვე გაიარა 633-მა მსმენელმა.

CSI-ს წარმომადგენლის, თემო ჯალიაშვილის განმარტებით, სტუდენტს რომელიც წარმატებით გაივლის მინიმუმ სამ კურსს, ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა 6-თვიანი ფასიანი სტაჟირების პროგრამაში: „ჩვენ გვაქვს ასევე მცირე გრანტის პროგრამაც, რომელიც ითვალისწინებს 9 პროექტის დაფინანსებას, და თითოეულ პროექტისთვის გამოყოფილია გრანტის სახით „10 ათასი ევრო“.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 26 სექტემბერია. აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.civilin.org.

ხათუნა სამნიძე: ქალი ამომრჩეველი ხაზს უსვამს იმას, რომ ქალი ვარ და მათ უფლებებს უფრო დავიცავ

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე და მაჟორიტარობის კანდიდატი ხათუნა სამნიძე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ბათუმში საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად. ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ბათუმის #69-ე საარჩენო ოლქში.

ხათუნა, რატომ გადაწყვიტეთ, თქვენ, როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს კენჭი გეყარათ ბათუმში, ეს მხოლოდ იმითი იყო განპირობებული, რომ ბათუმელი ხართ თუ სხვა სტრატეგიაც აქვს პარტიას?

ჩვენ ვიყავით პირველი პარტია, რომელმაც ხაზი გაუსვა უმაღლესი საბჭოს არჩევნებს და გამოაცხადა აჭარა, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონი, სადაც ორი არჩევნები ერთდროულად უნდა გამართულიყო. თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვისაც მიგვექცია ისეთივე ყურადღება, როგორც საპარლამენტო არჩევნებისთვის და ამიტომ უმაღლესი საბჭოს სიის პირველ ნომრად დავასახელეთ პარტიის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი, პარტიის პოლიტიკური მდივანი დათო ბერძენიშვილი. როდესაც საპარლამენტო არჩევნებზე დავიწყეთ ფიქრი, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი კანდიდატი ვინ იქნებოდა ბათუმში, სადაც დაიწყო რესპუბლიკური პარტიის გაძლიერება. ჩემი გადაწყვეტილება გამომდინარეობდა იქედან, რომ დიდი ყურადღება მივაქციეთ აჭარას, რეგიონს, სადაც ორი არჩევნები ერთდროულად ტარდებოდა. გარდა იმისა, რომ ჩემი პირველი ნაბიჯები პოლიტიკაში სწორედ ბათუმიდან დაიწყო, მე როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ბათუმელმა, გადავწყვიტე ბათუმში მეყარა კენჭი და მიუხედავად იმისა, რომ სიაში ვარ მეორე ნომერი, მებრძოლა ასევე მაჟორიტარობისთვის, ანუ ბათუმელების სახელით, ბათუმელების ხმით გავხდე პარლამენტის წევრი.

ხართ თუ არა ამომრჩევლისთვის ბათუმური სახე, თუ აღიქმებით როგორც თბილისიდან გამოგზავნილი. ეს საკითხი ამ არჩევნებზე აქტუალური თავად პოლიტიკურმა პარტიებმა გახადეს…

მე მოლოდინი მქონდა, მაგრამ იმაზე მეტად აქცევენ მაგას ყურადღებას, ვიდრე მეგონა და განსაკუთრებით უსვამენ კიდეც ხაზს. როდესაც კარდაკარ დავდივარ, ხშირად ამბობენ, რომ აი, ჩვენიანი, ჩვენი გოგო მოვიდა [თუ ასაკიანი ადამიანია], ანუ მეტად უსვამენ ხაზს, რომ მე ვარ მათიანი.

თქვენ და თქვენი პარტია აქტიურობს ქალთა უფლებების კუთხით. ამომრჩეველთან შეხვედრის დროს რა ჩანს – სმენიათ ბათუმელ ქალებს თქვენს იდეებზე ქალთა უფლებების შესახებ?

აქტიურმა ადამიანებმა, რომლებიც თვალს ადევნებენ პოლიტიკურ პროცესებს, იციან ჩემს შესახებ, მეუბნებიან, რომ მე და ჩემი კოლეგები – თამუნა კორძაია, თამარ ხიდაშელი, თინა ხიდაშელი ვმუშაობთ ქალთა უფლებებზე. ალბათ იმის გამოც იციან, რომ უფასო საარჩევნო კლიპშიც ქალთა უფლებებზე ვლაპარაკობთ, ამიტომ მათთვის ეს თემა უცხო არ არის.

არასამთავრო ორგანიზაციების კვლევების მიხედვით, საქართველოში ქალების ჩაგვრაში გარკვეულ როლს თავად ქალები ასრულებენ. ქალებს, ვისაც ხვდებით თქვენ, როგორი განწყობა აქვთ, ხედავენ თქვენში, მაგალითად, ტრადიციების საფრთხეს თუ უფრო მათ ხმად განგიხილავენ?

რა თქმა უნდა, ქალი ამომრჩეველ ხაზს უსვამს იმას, რომ ქალი ვარ და მათ უფლებებს უფრო დავიცავ. ნამდვილად აქვთ მსგავსი მოლოდინი, რომ ქალები უფრო დაიცავენ ქალთა უფლებებს. სხვა მხრივ სრულიად შეცვლილი სურათი გვაქვს – დამსხვრეულია ის სტერეოტიპი, რომ მაჟორიტარული ბრძოლა არის კაცების ბრძოლა. რა თქმა უნდა, ეს განწყობა კიდევ არსებობს, თუმცა უფრო პარტიებში, ვიდრე ამომრჩეველში. ისინი ზუსტად ისე განიხილავენ ქალ კანდიდატს, როგორც მამაკაცს. ახლა უფრო გვეკითხებიან პროგრამულ საკითხებზე, ფასეულობებზე, წარსულზე, განვლილ გზაზე. ეს არის მათთვის უფრო მნიშვნელოვანი.

თქვენ როგორ ფიქრობთ, გეყოლებათ ამის გამო უფრო მეტი  ქალი ამომრჩეველი?

რთულია ამის თქმა კვლევის გარეშე, მაგრამ განწყობებით თუ ვიმსჯელებთ, ვფიქრობ, ბევრი ქალი ამომრჩეველი დამიჭერს მხარს. შეხვედრებით და განწყობებით ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.

თქვენ დაბრუნდით ბათუმში 5-წლიანი პაუზის შემდეგ. რას ფიქრობთ, არის სამი თვე იმისთვის საკმარისი, რომ სრულყოფილი კამპანია ჩაატაროთ?

მე 2010 წლიდან გადავედი თბილსიში, 2013 წლიდან პარტიის თავმჯდომარე ვარ, მაგრამ ბათუმში ყოფნა, რა თქმა უნდა, ხშირად მიწევდა. კამპანიას რაც შეხება, სამი თვეა უკვე ბათუმში ვარ, ვხვდები ადამიანებს და არ მაქვს განცდა, რომ დრო არის ცოტა, რადგან ეს გარემო ჩემთვის უცხო არ არის. შეიძლება  ცოტა მეტი ძალისხმევა დამჭრდეს, რომ ადამიანებს შევახსენო, მაგალითად, უმაღლეს საბჭოში ჩემი აქტიურობის შესახებ – მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და დიდი დროც გავიდა, მაგრამ ის, რომ პარტიის თავმჯდომარე ვარ, ის რომ ეთერში ხშირად მიწევს კონკრეტულ საკითხებზე საუბარი და ახლა პირადადაც ვხვდები, ეს ყველაფერი უწყობს ხელს იმას, რომ ეს დრო საკმარისი იყოს.

თქვენს პარტიასთან მიმართებაში პოლიტკური ოპონენტები სალანძღავ სიტყვად ძალიან ხშირად იყენებენ ტერმინს „ლიბერალები“. ამომრჩეველშიც არის ეს განწყობა, ანუ გიწევთ პასუხების გაცემა ლიბერალური ღირებულებების გამო?

შეხვედრები მქონდა ეზოებში, კარდაკარ ვაკაუნებთ და ველაპარაკებით ადამიანებს, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მართლა არც ერთ ადამიანს არ დაუსვამს ამ მიმართულებით კითხვა.  არის შემთხვევა, როცა პირდაპირ მეუბნებია, რომ არ არის ჩვენი ამომრჩეველი, მაგრამ ნაკლებად მართლმადიდებლური, ნაკლებად ეროვნულები – აი ამ მიმართულებით კითხვა არავის დაუსვამს და ეს არ არის მხოლოდ ბათუმში. ჩვენი სხვა კანდიდატებიც ამბობენ, რომ ზოგიერთ გაზეთში დაწერილი მითები, ლეგენდები თუ ბრალდებები, – მახინჯი სტერეოტიპები, რაც  ჩვენზე არსებობს, არასოდეს უკითხავთ.

ანუ შეგიძლიათ თქვათ, რომ საზოგადოება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იმდენად  გაიზარდა, რომ პოლიტიკური პარტიები ამ თემით მანიპულირებას ვეღარ ახერხებენ?

საზოგადოება კარგად ხედავს, რა არის მანიპულაცია და რა არის სინამდვილი. ადამიანები ამის იდენტიფიცირებას ახდენენ. ახლა უფრო იმას გვეკითხებიან, კოალიციაში 4 წლის მანძილზე რა იყო პრობლემა, რას მივაღწიეთ, რა შეიძლება გავაკეთოთ მომავალში, როგორი შანსები გვაქვს. ისინი ხშირად ლაპარაკობენ კომპრომისებზე, რისი გაკეთებაც რესპუბლიკურ პარტიას კოალიციაში ყოფნის დროს მოუხდა. ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მივაღწიეთ თვითმმართველობაში ნაბიჯების წინ გადადგმას, მაგრამ არის შეფერხება. როგორ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რა მნიშვნელობა აქვს ამას იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციისკენ გადავდგათ ნაბიჯები და როგორი წარმატება გვაქვს ამ მიმართულებით, ჯარში სავალდებულო გაწვევაზე ვუხსნით, რატომ მიიღო ეს თინამ [თინა ხიდაშელი, თავდავის ყოფილი მინისტრი] ბრძანებით და არა კანონმდებლობით, რადგან პარტნიორებმა მხარი არ დაგვიჭირეს. ვლაპარაკობთ ფემიციდზე და იმაზე, რატომ არ დაგვიჭირეს მხარი პარტნიორებმა და როგორ ვერ გავაგებინეთ მათ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა ამ ქვეყანაში და გვჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები. და, რა თქმა უნდა, საკითხები ეხება ადგილობრივ პრობლემებს, ისეთს, რაც წესით უნდა მოაგვაროს თვითმმართველობამ. ამაზე ჩვენ ღიად და გულწრფელად ვეუბნებით, რომ ეს არის თვითმმართველობის პრობლემა და ჩვენ როგორც კანონმდებლებმა უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ თვითმმართველობის კოდექსი იყოს  მორგებული ადამიანზე, ადამიანი უნდა იყოს ცენტრალური ფიგურა ნებისმიერი პოლიტიკის განსაზღვრის დროს. ანუ ძირითადად გვეკითხებიან თვითმმართველობის პრობლემებზე და მეორე საკითხი არის რესპუბლიკური პარტიის როლი ამ ოთხი წლის მანძილზე და იმაზე თუ ახლა ცალკე რატომ გამოვედით, ან სამომავლოდ რატომ უნდა მოგვცენ ხმა. ეს არის ძირითადი კითხვები და არა ის მითები, რასაც ვკითხულობთ ასავალ-დასავალის ტიპის გაზეთებში, სადაც უამრავი წარმოუდგენელი რამ წერია. მე ამით ბედნიერი ვარ.

ბათუმის, აჭარის მაჟორიტარები, როგორც ამ მოწვევის, ისე წინა მოწვევების პარლამენტში, როგორც წესი, არ გამოირჩეოდენ აქტიურობით, თითქმის არც ერთს არ აქვს არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი განიხილავდა და დაამტკიცებდა. თუმცა ამ ქალაქს, რეგიონს აქვს ისეთი პრობლემები, როგორიცაა მიწის რეფორმა, იგივე ეკომიგრანტების საკითხი, ანუ ის თემები, რაც მართლაც პარლამენტის გადასაწყვეტია. თუ აგირჩიეს, რა იქნება თქვენი პირველი ინიციატივა, რაც დაადასტურებს, რომ ნამდვილად აქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებიდან ამოდიხართ?

მე დარწმუნებული ვარ, ამ პრობლემებზე საკანონმდებლო მუშაობა იქნება შესაძლებელი, თუ პარლამენტში იქნება რესპუბლიკელების  ძლიერი  ფრაქცია და პარლამეტში არ ვიქნები მარტო. მე ბათუმის მაჟორიტარ ვიქნები და, რა თქმა უნდა, აქცენტი მექნება იმაზე, რომ უნდა განვითარდეს რეგიონი, ქალაქი. აქ არსებული ბიურო, რომელიც ყველა მაჟორიტარს აქვს, შესაძლებლობას მომცემს სისტემატურად ვიყო აქ და ვეცნობოდე აქაურ პრობლემებს. ადამიანებთან საუბარს, მათი პრობლემების მიტანას შესაბამის ორგანოებთან აქვს დიდი მნიშვნელობა. ანუ მკაფიოდ ვხედავ შუამავლის როლს, თუ არსებობს ნება, მონდომება დეპუტატის მხრიდან. დარწმუნებული ვარ შევძლებ ამ მიმართულებით მუშაობს, რადგან, როდესაც გვერდში გიდგას პარტია, ზურგს გიმაგრებენ ამ მიმართულებით პროფესიონალები, შენი პრინციპების ერთგული ადამიანები, შეიძლება რეალური იყოს ამა თუ იმ კანონპროექტის შეთავაზება თუ არსებულ კანონებში ცვლილებების შეტანა. აქ არსებული პრობლემები, რაც გვაქვს, მაგალითად, ნაპირგამაგრება, ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი, ამას სჭირდება საკანონმდებლო დონეზე აქტუალიზება; კულტურული მემკვიდრეობის საკითხი დასახვეწია სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე, რაც პირდაპირ აისახება ბათუმზე. ჩვენ ვერ ვხედავთ პოლიტიკურ ნებას, ვერც თვითმმართველობებიდან, ვერც აჭარის მთავრობიდან, რომ დაცული იყოს კულტურული მემკვიდრეობა და მასთან ერთად ადამიანები, რომლებიც ცხოვრობებ შენობებში – მათი უფლებებიც დასაცავია, აუცილებელია არსებობდეს კულტურული მემკვიდრეობის ჯანსაღი პოლიტიკა. ასევე დასახვეწი და გასაძლიერებელია თვითმმართველობის კოდექსი, რადგან ჩვენ გვაქვს თვითმმართველობა არჩეული მერით, მაგრამ არსებობს ფინანსური დამოკიდებულება და, შესაბამისად, ისინი ანგარიშვალდებულებად არ თვლიან თავს მოქალაქეების მიმართ. ეს არის პრობლემა და ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, სამუშაო იქნება პარლამენტში. მე დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით მთელი რესპუბლიკური პარტია იმუშავებს – ეს ყოველთვის იყო ჩვენი პრიორიტეტი.

თქვენი, როგორც პარტიის ლიდერის ხედვა მაინტერესებს, მაგალითად, მიწის რეფორმაზე,  ეკონიგრანტების პრობლემაზე. ეს რეგიონისთვის ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

სამწუხაროდ, ეკომიგრანტებისა თუ მიწის რეფორმის თემა ყოველთვის იყო მანიპულაციის საგანი. წინა ხელისუფლება, გვახსოვს გასცემდა ნებართვებს საარჩევნოდ, ანუ  ხდებოდა ამ ადამიანების მანიპულირება საარჩევნოდ და მერე ამ უფლებების ჩამორთმევა, რაც მე არაერთხელ გამიპროტესტებია. საკითხის დარეგულირება მოქმედ ხელისუფლებასაც გაუჭირდა. საქმე გვაქვს პოლიტიკურ ნებასთან, მე ამაშიდარწმუნებული ვარ, რადგან ეს იმდენწლიანი პრობლემაა, რომ შეიძლებოდა დასკვნების გაკეთება, სწორი სტატისტიკის მოძიება და ასე მოგვარება მიწის რეფორმის.

რაც შეეხება ეკომიგრანტებს, აქაც გვაქვს იგივე ვითარება, არასდროს არ ყოფილა ეს საკითხი პრიორიტეტული რეგიონული მთავრობისთვის. არ მახსოვს არც ერთი ბიუჯეტი, რომელშიც ეკომიგრანტების საკითხის სისტემურად გადაწყვეტულების შესაძლებლობა გაჩენილიყო. როდესაც პრობლემა წარმოიქმნება, მის ჩაცხრობაზე ვფიქრობთ და არა სისტემურ მიდგომაზე – გამოკვლევაა საჭირო,  სტატისტიკის დამუშავება და სწორი სახელმწიფო პოლიტიკა, მათ შორის პრევენციული თვალსაზრისით, რადგან ამ კუთხით არაფერი არ კეთდება. როცა გვყავს ისეთი ადამიანები, ვისზეც ზრუნვა აუცილებელია და გასახლებაზე ვლაპარაკობთ, ამ ადამიანებს უნდა მიყვეს სახელმწიფო, რომ მათი უფლებები იყოს დაცული და მათი ცხოვრება გადაადგილების გამო არ გაუარესდეს.

ის განწყობა, რომ რესპუბლიკურ პარტიას აქვს დაბალი რეიტინგი, რასაც ექსპრემიერიც ხშირად იმეორებს, აზარალებს თუ არა პარტიას და რა შანსები გაქვთ თქვენი გადასახედიდან?

ძალიან დამაზარალებელი და სახიფათოა ქვეყნისთვის, როდესაც კეთდება განცხადებები, რომ მე 100 მანდატს მივიღებ ჩემი პარტიისთვის, ის არის 1-პროცენტიან პარტია… ეს არის დაკვეთები და მოწოდებები, რასაც ისმენენ ის ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან საარჩევნო პროცესში და პასუხისმგებელი არიან პროცესზე. ამიტომაც გვესმის მართველი გუნდისგან, როგორ პროვოკაციას ელიან, როგორ მიიღებენ 100 მანდატს. ეს დამაზარალებელია მთელი ქვეყნისთვის.

წინა მთავრობის დროსაც ვისმენდით მსგავს განცხადებებს, მაგრამ მაშინ ხელისუფლებამ არჩევნები ვერ მოიგო. ამის გათვალისწინებით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს განცხადებები ოპოზიციას აზარალებს?

ჩვენ გვინდა შევქმნათ თავისუფალი გარემო იმისათვის, რომ ყველა პარტიას ჰქონდეს ურთიერთობა საკუთარ ამომრჩეველთან და  მივიღოთ მრავალპარტიული პარლამენტი. როდესაც „ქართული ოცნებისგან“ ან რომელი მის მთავარი აგიტატორისგან პერმანენტულად ისმის, რომ ჩვენ 100 მანდატს ავიღებთ, რა თქმა უნდა, ეს ქვეყანას აზარალებს და არა რომელიმე პარტიას. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ პარლამენტი იქნება მრავალპარტიული. სხვა საკითხია ვენდობით თუ არა ამ კვლევებს, მაგრამ მათ ერთი რამ ახასიათებთ, 50-60%-მდე ამომრჩეველი ამბობს, რომ არ აქვთ არჩევანი გაკეთებული და ადევნებენ თვალყურს პოლიტიკოსებს. ასეთ ვითარებაში პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. მე  ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტი იქნება მრავალპარტიული. ვითარება იცვლება ყოველ დღეს, იცვლება განწყობები, ჯერ დარჩენილია საკმაო დრო და ამ დროში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკოსებსა და პოლიტიკური პარტიების აქტივობაზე. იმედი მაქვს,  პროცესი იქნება მშვიდი და ყველა პარტია წარმოაჩენს საკუთარ პოზიციას ამომრჩევლისთვის.

წინასაარჩევნო გარემო როგორია თქვენი გადასახედიდან?

2012 წელთან შედარებას თუ გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, შედარება არ არის – გარემო არის თავისუფალი, ადამიანებზე ზეწოლასა თუ დაშინებას მე ვერ ვხედავ. ჩანს მცირე მავნებლობები, მაგალითად პლაკატების დახევა. ამაზე საჩივარი დავწერეთ და ასევე საჩივარი დავწერეთ იმაზე, რომ ბათუმის ცენტრში კულტურულ მემკვიდრეობაზე აკრძალულია პლაკატების გაკვრა და „ქართული ოცნება“ ამ წესს არ ითვალისწინებს – ყველა შენობაზე პლაკატები აქვთ გაკრული. სამწუხაროდ, კანონსაც არღვევენ და არც ქალაქზე ფიქრობენ.

ის თუ, როგორ თანასწორ სიტუაციაში არიან პოლიტიკოსები, ჩანს ბილბორდებზე, რადგან ბილბორდები ასევე, ძირითადად, მართველი გუნდისაა. საკმაოდ ძვირია ბილბორდების განთავსებას, რასაც მხოლოდ ისინი ახერხებენ. აუდიტის სამსახური აქვეყნებს და კარგად ჩანს, რამდენად თანასწორ ვითარებაში არიან ფინანსური თავლსაზრისთი პარტიები, ვხედავთ, რომ ერთ პარტიას თუ 5 მილიონი აქვს თვეში, მეორეს, ჩვენი პარტიის მაგალითზე, რამდენიმე ათასი. ესეც, რა თქმა უნდა, იმაზე მეტყველებს თუ როგორი გარემოა. მე მესმის რამდენიმე ადამიანისგან, რომ საჯაროდ მხარდაჭერის გამოხატვას შიშობენ, ისინი ფიქრობენ, რომ ამის გამო პრობლემები შეექმნებათ. შეექმნებათ თუ არ შეექმნებათ რთულია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ცალკეულ ადამიანში ასეთი განწყობები არსებობს. ზეწოლას მე ვერ ვხედავ, მაგრამ ის, რომ სპეცსამსახურები ერევა პოლიტიკურ პროცესში, ამაში დარწმუნებული ვარ, რაინოებიდანაც მაქვს ინფორმაცია, რომ არის ჩარევები, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ ფონზე, რასაც ჩვენ 2012 წელს ვხედავდით, ახლა ასეთი ვითარება არ გვაქვს…

იმედი მაქვს, „ქართული ოცნებ“ შეწყვეტს განცხადებებს, თუ როგორ ელიან პროვოკაციებს, შესაბამისი სამსახურები დაკავდებიან ამის პრევენციით, თუ ასეთი რამ არსებობს და შეეშვებიან მოსახლეობის დაშინება-დაძაბვას, რომ ახლა, სადღაც იარაღიანი ხალხი შემოვარდება.

ოფიციალური მიღება სომხეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

21 სექტემბერს, ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის კონსულმა, სომხეთის ეროვნულ დღესასწაულთან – დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით ოფიციალური მიღება გამართა.

მიღებაზე მიწვეულნი იყვნენ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და სხვა ოფიციალური პირები.

სომხეთის რესპუბლიკამ  1991 წლის 21 სექტემბერს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

სკოლები ყველაზე მეტი პირველკლასელით

ბათუმის თორმეტმა სკოლამ 2016-2017 სასწავლო წლის დაწყებამდე პედაგოგის 33 ვაკანსია გამოაცხადა. ვაკანსიები, ძირითადად, დაწყებითი განათლების საფეხურზეა, რაც პირველკლასელთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყო განპირობებული. რომელ სკოლებს ჰყავთ ყველაზე მეტი პირველკლასელი, ვინ რამდენი მასწავლებელი აიყვანა ახალი სასწავლო წლისთვის და როგორ მიმდინარეობდა პედაგოგთა შესარჩევი კონკურსი?

„პირველკლასელთა ნაკადის ზრდის გამო სკოლებმა დაწყებითი კლასების პედაგოგებზე კონკურსი გამოაცხადეს. სამწუხაროდ, იმდენი სერტიფიცირებული პედაგოგი არ გამოჩნდა, რამდენიც მოთხოვნა იყო, ამიტომ რიგმა სკოლებმა ჩვენთან შეთანხმებით, დროებით ხელშეკრულებით აიყვანეს არასერთიფიცირებული პედაგოგებიც“, – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის განათლების მინისტრის მოადგილემ სულიკო თებიძემ.

ერთ-ერთი ასეთი ბათუმის 22-ე საჯარო სკოლაა. როგორც სკოლის დირექტორი, გიორგი რუხაძე ამბობს, თავდაპირველად სკოლას 150 ადგილზე ჰქონდა მიღება გამოცხადებული:

„ბოლო რამდენიმე წელია დაწყებით კლასში – 25, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი მაქსიმუმ 29 მოსწავლე უნდა იყოს. ჩვენ ექვსი კლასის გახსნას ვგეგმავდით, მაგრამ ეს 150 ადგილი მალევე შეივსო, მოთხოვნა იყო მაღალი და სამინისტროსთან შეთანხმებით ორჯერ დავამტეთ 25-25 ადგილი. სულ 200 მოსწავლის მიღება შეგვიძლია პირველკლასში. ამ ეტაპზე 190 მოსწავლე გვყავს“, – გიორგი რუხაძე ასევე დასძენს, რომ ამის გამო სკოლა ორცვლიან რეჟიმზე გადავიდა. ასევე გაჩნდა პედაგოგების დამატების საჭიროებაც და დაწყებითი კლასის ოთხ პედაგოგზე გამოცხადდა ვაკანსია, რომელიც www.pedagogi.ge-ზე განთავსდა. როგორც 22-ე სკოლის დირექტორი გვიხსნის, კანონის მოთხოვნაა, რომ პედაგოგი იყოს სერტიფიცირებული ან საგნის გამოცდა ჰქონდეს ჩაბარებული შესაბამის საფეხურზე. განცხადების მიღების ამოწურვის შემდეგ კი აღმოჩნდა, ამ კრიტერიუმებს მხოლოდ ორი პედაგოგი აკმაყოფილებდა.

„ორი პედაგოგის ვაკანსია კვლავ გვქონდა და თავიდან გამოვაქვეყნეთ განცხადება. პირობებიც უფრო შევამსუბუქეთ, უკვე ბაკალავრიც შეიძლებოდა და მოთხოვნებში, 1-6 კლასებში რაც ისწავლება, მათგან ნებისმირი საგნის ჩაბარება დამაკმაყოფილებლად ჩავსვით“, – ყვება 22-ე საჯარო სკოლის დირექტორი. თუმცა, სასწავლო წლის დაწყებამდე სამი დღით ადრეც რომ აღარ გამოჩნდა კანდიდატი, გიორგი რუხაძის თქმით, სამინისტროსთან შეთანხმებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად აიყვანეს ისეთი კადრი, რომელიც არ აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს.

„პრობლემა უფრო დაწყებითის პედაგოგებზეა. აი, ახლა კვლავ გამოვაცხადეთ ვაკანსია მაღალ კლასებში ინგლისური ენის პედაგოგზე. დღეს იყო ბოლო ვადა და შემოსული რვა განცხადებიდან შვიდი სერტიფიცირებულია. ასე რომ, კონკურენცია იქნება მაღალი და კომისია გასაუბრების საფუძველზე შეარჩევს საუკეთესოს“, – ამბობს გიორგი რუხაძე.

კვლავ ორი ცვლის რეჟიმში აგრძელებს სასწავლო პროცესს ბათუმის პირველი საჯარო სკოლა. ბათუმის სხვა სკოლების მსგავსად, კვოტები აქაც გაზარდეს – გამოცხადებული 150-დან 175-მდე. თუმცა, როგორც სკოლის დირექტორი მედეა გვენეტაძე ამბობს, მოთხოვნა გაცილებით მაღალია.

„ყველას აქ უნდა ბავშვის მოყვანა, მაგრამ ფიზიკურად ვერ მივიღებთ ამდენს. ახალი კორპუსის აშენების შემდეგაც ორ ცვლაში გვიწევს მუშაობა“, – ამბობს მედეა გვენეტაძე. ამ სკოლაში მხოლოდ ორი ვაკანსია იყო გამოცხადებული, თუმცა ერთი ვაკანსია ჩავარდა.

„დაწყებითში ავიყვანეთ სერტიფიცირებული, გამოცდილი მასწავლებელი. მეორე ვაკანსია ფიზიკის მასწავლებელზე გვქონდა, მაგრამ ჩაგვივარდა. 13 საათის მიცემა მინდოდა ახალი მასწავლებლისთვის, რადგან მოქმედ მასწავლებელს ძალიან ბევრი ჰქონდა და არ შეეძლო იმდენის ჩატარება, მაგრამ მათ, ვინც სურვილი გამოთქვეს, ამდენი საათის აღება არ უნდოდათ და ჩვენ ორ მასწავლებელს 13 საათზე ვერ ავიყვანდით, ამიტომ ისევ ძველ მასწავლებელს დავუტოვეთ“, – ამბობს პირველი სკოლის დირექტორი, ხოლო კონკურსთან დაკავშირებით გვიხსნის, რომ ჯერ არ ჰქონიათ შემთხვევა, როდესაც გამოცხადებულ ვაკანსიაზე ერთზე მეტი ისეთი კანდიდატის განცხადება მიიღეს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებდნენ პირობებს. მსგავს შემთხვევაში, მედეა გვენეტაძე ამბობს, რომ საკონკურსო მეთოდად საჩვენებელ გაკვეთილს გამოიყენებს, რადგან ყველაზე კარგად გაკვეთილზე ჩანს მასწავლებლის შესაძლებლობები.

ახალი სასწავლო წლისთვის ახალი პედაგოგი არ აუყვანიათ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში, აქ თავისუფალი საათები შიდა რესურსით შეავსეს:

„როდესაც მზადდება ხელშეკრულებები შიგნით და დირექტორსა და კათედრებზეა დამოკიდებული [სექტემბერში], ვის რამდენი საათი ექნება, ჩვენ შიდა კონკურსს არ ვატარებთ. ანუ ჯერ კიდევ შემუშავების სტადიაშია სკოლის ტარიფიკაცია და ამიტომ კათედრებზე [პრინციპში კონკურსის გარეშე, მაგრამ კათედრებთან კონსულტაციებით] ვანაწილებთ საათებს. ჩვენს შემთხვევაში ასე იყო. დაწყებითების მასწავლებელი წავიდა სკოლიდან და საათები გამოჩნდა, მაგრამ თანამშრომლებმა კათედრის სხდომაზე გადაინაწილეს ეს საათები და სწორედ ამის საფუძველზე დაიდო ხელშეკრულებები“, – გვიხსნის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია. სასწავლო პროცესი ამ სკოლაშიც ორ ცვლად მიმდინარეობს. სკოლის დირექტორი მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდით გამოწვეულ შესაძლო პრობლემაზეც საუბრობს:

„თავდაპირველად გამოცხადებული გვქონდა 75 მოსწავლის მიღება, შემდეგ მოგვიწია 25 ადგილის დამატება. ახლა გვყავს 94 პირველკლასელი. მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად თანაბრად გადავინაწილებთ, მაგრამ კარგად რომ აღიქვათ მდგომარეობა, წარმოიდგინეთ, ვთქვათ, სამ კლასში მყავს 25-25 მოსწავლე, მეოთხეს ვხსნი 19 ბავშვისთვის. ამ კლასის პედაგოგს იგივე ხელფასი უნდა გადავუხადო, სკოლას კი 19 მოსწავლის ვაუჩერი დაერიცხება“.

აჭარის განათლების სამინისტროს მონაცემებით, წელს საჯარო სკოლებში – 2 743, ხოლო კერძო სკოლებში – 803, სულ 3 546 პირველკლასელია რეგისტრირებული. ყველაზე მეტი – 200 მოსწავლე მიიღო ბათუმის მე-8 საჯარო სკოლამ, რამაც სამი დამატებითი ვაკანსია გააჩინა სკოლაში. მასწავლებელთა ვაკანსიების სიმრავლით პირველ ადგილზე ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაა, რომელმაც ახალი სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის ხუთ პედაგოგზე გამოაცხადა ვაკანსია. ამ სკოლაში წელს 142 პირველკლასელი მიიღეს.

შედეგები საბოლოო არ არის და სკოლებს შორის მობილობის პროცესში, შესაძლოა, პირველკლასელთა რაოდენობა შეიცვალოს.

მერია 100-მდე გონიოელს მიწას საიდუმლოდ აძლევს

მერიამ 98 გონიოელს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება აღუდინა. ამის შესახებ იმ გადაწყვეტილებაში წერია, რომელიც მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მიიღო. კომისიის სხდომა 16 სექტემბერს ჩატარდა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ამ სხდომის და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მერიას საზოგადოებისთვის არაფერი უცნობებია. სხდომის ოქმი ასევე არ იძებნება ბათუმის მერიის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე.

კომისიის გადაწყვეტილებით, მიწის საკუთრება იმ გონიოელებს აღუდგათ, რომლებსაც თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული მიწის ნაკვეთები, მათ შესახებ არ უმსჯელია სასამართლოს და მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის დაცვის ზონაში.

“ახალი არაფერი მიგვიღია. ცნობილია, რომ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება 27 ივნისს. ამჯერად უბრალოდ იდენტიფიცირება მოხდა იმ ადამიანების, ვისაც კომისიის წინა გადაწყვეტილებით უნდა აღუდგეს მიწის საკუთრება,” – უთხრა „ბათუმელებს“ მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ბოლქვაძემ. მისი თქმით, სია საჯარო რეესტრს უკვე გადაეგზავნა, თუმცა ჯერ უცნობია, დაურეგისტრირდა თუ არა რომელიმე მათგანს საკუთრება: „შეიძლება ხარვეზით უკან დაგვიბუნდეს რომელიმე შემთხვევა. ჯერ რეესტრისგან არაფერი მიგვიღია“.

კითხვაზე, რატომ არ აღუდგათ საკუთრება იმ მოქალაქეებს, ვისზეც სასამართლომ უკვე იმსჯელა და საკითხის გადაწყვეტა თვითმმართველობის შესაბამის კომისიას დაავალა, ირაკლი ბოლქვაძემ ვერ გვიპასუხა. გვითხრა, რომ ამის შესახებ წინა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და კომისიას ამ კუთხით არ უმსჯელია [იგულისხმება საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისია, რომელიც ახალი “თვითმმართველობის კოდექსის” შესაბამისად მიმდინარე წლის აგვისტოში მერიის სტრუქტურის ნაწილი გახდა].

საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 27 ივნისის გადაწყვეტილების შემდეგაც უცნობი დარჩა, რატომ არ უნდა აღდგენოდა საკუთრება იმ მოქალაქეებს, რომელთა შემთხვევებიც სასამართლომ განიხილა. მაშინ კომისიის თავმჯდომარე, ლევან კინწურაშვილი მედიასთან ამბობდა, რომ კომისიამ ინდივიდუალურად უნდა შეისწავლოს ყველა შემთხვევა. 27 ივნისის გადაწყვეტილებით კომისიამ ბათილად მიიჩნია ხელვაჩაურის კომისიის ის დადგენილება, რომლის მიხედვითაც გონიოში 271 ოჯახს მიწის საკუთრება ჩამოერთვა.

25 ივლისს 61-მა გონიოელმა ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. გონიოელების ინტერესს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავს. ამ ორგანიზაციაში გვითხრეს, რომ საკრებულოს 16 სექტემბრის გადაწყვეტილების შესახებ მათთვის ცნობილი გუშინ გახდა.

„მერიას მინიმუმ იმ ადამიანებისთვის უნდა ეცნობებია ამ გადაწყვეტილების შესახებ, ვისაც ეხება იგი უშუალოდ. ჩვენ ვისთანაც გვაქვს კომუნიკაცია, მათ ჩვენგან გაიგეს ამის შესახებ,” – ამბობს ნინო სიორიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი. რა იცვლება კომისიის ახალი გადაწყვეტილებით – ამის შესახებ  ამ ორგანიზაციაში საჯარო რეესტრისგან პასუხის მიღებამდე კომენტარს არ აკეთებენ.

ბათუმელი პარასპორტსმენი: მინდა, არავინ ჩაიკეტოს სახლში

27 წლის ზვიად დუმბაძე ბათუმელი პარასპორტსმენია მშვილდოსნობაში. მან ათი წლის ასაკში უბედური შემთხვევის გამო მარჯვენა ფეხი დაკარგა. ამ სპორტს უკვე მეოთხე წელია მისდევს. ყოველდღიურად სამიდან ოთხ საათამდე ვარჯიშობს, რომ მომდევნო პარაოლიმპიადის – „ტოკიო 2020“ საგზური მოიპოვოს. მისი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონობაა.

„ფეხი 1998 წელს დავკარგე, მანქანაში ვიჯექი, რომელიც აფეთქდა… ახლა პროთეზს ვატარებ… ეს ისეთი ასაკი იყო, რომ კარგად ვერც ვაცნობიერებდი, რა მჭირდა. ალბათ ამიტომაც არ ჩავიკეტე“, – იხსენებს ბათუმელი პარასპორტსმენი და გვიყვება, რომ ბავშვობიდანვე აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა აქტივობაში, თამაშობდა ქუჩის ფეხბურთს, მოზარდობის ასაკშიც ცდილობდა დახმარებოდა საკუთარ თავს და არ ჩაკეტილიყო.

დაამთავრა ბათუმის მეხუთე საჯარო სკოლა [ყოფილი გოროდოკის გიმნაზია]. ამბობს, რომ ყველაზე მეტად საზოგადოების დამოკიდებულება აწუხებდა: „ყველაზე მეტად სიბრალულით რომ მიყურებდნენ, ეს მთრგუნავდა… როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი გამოდის გარეთ და საზოგადოება ამას ფიზიკურად ხედავს, ეცოდება მერე ის…“, – თუმცა სულ ცდილობდა ეს დაეძლია. მოგვიანებით ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაშიც მუშაობდა, რის შემდეგაც ოთხი წელი იმუშავა ტელევიზიაში.

„რაღაც ეტაპზე უმნიშვნელო პრობლემები მქონდა, სამსახურიდანაც წამოვედი, სახლში ვიჯექი და არაფერს ვაკეთებდი… მაშინ გამოჩნდა თამაზ ფუტკარაძე, რომელსაც მანამდეც დიდი ხანია ვიცნობდი, მაგრამ მაშინ შემომთავაზა მშვილდოსნობაში ბედი მეცადა და ერთხელ რომ ვცადე, მას შემდეგ ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. ახლა არც ვმუშაობ, ყველაფერს მშვილდოსნობაში ვდებ“, – ამბობს ზვიადი. თამაზ ფუტკარაძე მისი ტრენერი და როგორც ზვიადი ამბობს, ყველაზე დიდი გულშემატკივარია.
თითქმის ერთი წელია ზვიადი ფეხბურთს დაუბრუნდა და ამპუტანტთა საფეხბურთო ლიგაში თამაშობს, თუმცა ამბობს, რომ ეს მისთვის ჰობივითაა: „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მშვილდოსნობაა. მომავალი წლიდან უკვე ჩემპიონატები და საკვალიფიკაციო შეხვედრები იწყება და მთელი ძალები და დრო ამას უნდა დავუთმო“.

როგორც თავად ყვება, „რიო 2016-ზეც“ ელოდა საგზურის აღებას – „საფრანგეთში საკვალიფიკაციო შეჯიბრებაში მაღალი შედეგი ვაჩვენე, მეცხრე ადგილზე გავედი… თუმცა საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ის სპორტსმენი წავიდა, ვისაც ჩემზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა. ის ჩემი მეგობარია და არ გამიპროტესტებია… უბრალოდ, მწვრთნელის გამო გული დამწყდა, ჩვენ დიდი შრომა ჩავდეთ და ახლა კიდევ თავიდან ვცდით“.
წვრთნებს ანგისის სპორტულ ბაზაზე გადის. როგორც ამბობს, პირობები აკმაყოფილებს, მიუხედავად იმისა, რომ წვიმიან ამინდში დარბაზში ვარჯიშობს, სადაც მხოლოდ 18- მეტრიან დისტანციაზეა შესაძლებელი ვარჯიში. მზიან ამინდში კი მოედანზე, 70- მეტრიან დისტანციაზე ემზადება შეჯიბრებებისთვის.
ყველაზე დიდი მოტივატორი და მისაბაძი მაგალითი მშვილდოსნობაში ბათუმელი პარასპორტსმენისთვის საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ხათუნა ნარიმანიძეა. „როცა ასეთი სპორტსმენის გვერდით გიწევს ხოლმე ვარჯიში, მოტივაცია გაქვს, რომ მაქსიმალური გააკეთო. ის ყველა სპორტსმენისთვის მაგალითია“, – ამბობს ზვიადი. ხათუნა ნარიმანიძე საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად არის დასახელებული.

ზვიადი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვან დროს, ახლა უკვე მისმა ტრენერმა, თამაზ ფუტკარაძემ აჩვენა გზა, სადაც საკუთარი თავი და საყვარელი საქმე იპოვა. არ დარჩა სახლში და არ დანებდა. დღეს კი უკვე თვითონ ცდილობს სხვებს დაეხმაროს.

„მინდა, არავინ ჩაიკეტოს სახლში რაიმე შეზღუდულობის გამო. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტმა გაიგოს პარასპორტის შესახებ. აი, თუნდაც ფეხბურთი არის შესანიშნავი, პროფესიონალურად თუ არა, გასართობად მაინც. ძალიან გამიხარდება, თუ ვინმესთვის მაგალითი ვიქნები, ამისთვის თავს არ დავზოგავ“, – ამბობს ზვიად დუმბაძე, საქართველოს ორგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირების მონაწილე მშვილდოსნობაში.

249 ათასი ლარი ქედის სოფელ ნამლისევის ბაღის მშენებლობისთვის

დღეს, 22 სექტემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამლისევში საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა.

50 აღსაზრდელზე გათვლილ ბაღში ორი ჯგუფი იქნება. საბავშვო ბაღში 11 ადგილობრივი დასაქმდა და ამ დროისთვის 25 აღსაზრდელი დადის.

ნამლისევის ბაღის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 249 000 ლარი იყო გამოყოფილი. საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის კი ქედაში წელს 600 ათასი ლარი დაიხარჯა.

,,ეს ბაღი ნამლისევის, მილისის, უჩხითისა და ქოსოფლის მოსახლეობას მოემსახურება… იმედია, სამომავლოდ დემოგრაფიული მდგომარეობა გაუმჯობესდება და ბაღი ბავშვებით შეივსება“, – ამბობს ქედის გამგებელი დავით დუმბაძე. მისივე თქმით, ბაღი ევროსტანდარტის შესაბამისად მოეწყო და აქვს იატაკქვეშა გათბობის სისტემა.

ამ დროისთვის ქედაში 14 საბავშვო ბაგა-ბაღია. წლის ბოლომდე მათ რიცხვს რიგით მე-15 ბაღი შეემატება [სოფელ ოქტომბრის ბაღი].

კინოფესტივალის აფიშა: „როცა დედამიწა მსუბუქია“ და კრისტიან მუნჯუს ახალი ფილმი

დღეს, 22 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე  შემდეგ ფილმებს ნახავთ:

12:00 საათზე: „ჩიხი“. რეჟისორი არუთინ ხაჩატრიანი. სომხეთი

ფილმი სომხური დიასპორისადმი მიძღვნილი ხუთსერიანი დოკუმენტური ფილმის მეორე ნაწილია. ამერიკული მწვანე ბარათის მოგების შემდეგ ლეონი აშშ-ში მიდის, თუმცა მის ამერიკულ ოცნებას ახდენა არ უწერია.

14:00 საათზე:  ბათუმელი რეჟისორების მოკლემენტრაჟიანი ფილმების კოლექცია “ბათუმის ტალღა” 

„ბათუმის ტალღა“ შემოქმედებითი ერთობაა, რომელიც ბათუმელმა კინემატოგრაფისტებმა დააფუძნეს. ეს არის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ალმანახი, რომელიც რეჟისორებმა საგანგებოს ბათუმის კინოფესტივალისთვის გადაიღეს.

16:00 საათზე: „როცა დედამიწა მსუბუქია“. რეჟისორი სალომე მაჩაიძე/ თამუნა ქარუმიძე/ დავით მესხი

ეს არის პოეტური დოკუმეტური ფილმი თანამედროვე ახალგაზრდებზე პოსტსაბჭოთა საქართველოში.

18:00  საათზე: „მასწავლებელი“. რეჟისორი იან ჰრებეიკი, სლოვაკეთი/ჩეხეთი

სკოლის დირექტორი მშობელთა კრებას მას შემდეგ იწვევს, როცა ბავშვები ერთ-ერთ მასწავლებელს უჩივიან და მის გათავისუფლებას ითხოვენ. ფილმი ჩეხოსლოვაკიის დაშლისშემდგომ პრობლემებს ეხება.

20:00 საათზე: „აღსარებანი“. რეჟისორი რობერტო ანდო, იტალია/საფრანგეთი

რობერტო ბერია, მას ბალტიის სანაპიროზე მდებარე მდიდრულ სასტუმროში დიდი რვიანის მინისტრთა შეხვედრაზე მიიწვევენ.

22:30 საათზე: “კურსდამთავრებული”, კრისტიან მუნჯუ, რუმინეთი / ბელგია / საფრანგეთი

49 წლის ექიმი ტრანსილვანიის პატარა ქალაქში ცხოვრობს. მას უნდა რომ 18 წლის ქალიშვილი საზღვარგარეთ გაგზავნოს სასწავლებლად, თუმცა გოგონა თავდასხმის მსხვერპლი ხდება.

კინოსეანსებზე დასწრება/ბილეთები – ყველა სეანსზე დასწრება უფასოა. დასწრებისთვის აუცილებელია წინასწარ უფასო ბილეთების (რაც კონტროლის და ადგილების დაჯავშნის მექანიზმია) აღება კინოთეატრ “აპოლოში“.

ინტერნეტით დაჯავშნა – კინოთეატრ “აპოლოს” კინოსეანსებზე შესაძლებელია ადგილების დაჯავშნა ინტერნეტით. ამისათვის საჭიროა კინოფესტივალის საიტზე მოცემული ბმულის გამოყენება – BIAFF RESERVATION.


ფოტოზე: კადრი ფილმიდან „როცა დედამიწა მსუბუქია“

როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველ წელიწადს მსოფლიოს მასშტაბით 800 000 ადამიანი იღუპება სუიციდით. ეს მაჩვენებელი მაღალია ჩვენს ქვეყანაშიც. მიუხედავად ამისა, საქართველოში სუიციდის პრევენციის პროგრამა 2014 წლიდან მხოლოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მუშაობს. ფსიქოლოგ მაია ცირამუას თქმით, წინასაარჩევნოდ ფსიქიკური ჯანმრთელობა ისევ ვერ მოხვდა პრიორიტეტებში. როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა შეიძლება გავაკეთოთ პრევენციისთვის, ამ თემაზე „ბათუმელები“ მაია ცირამუას ესაუბრა.

ზოგჯერ ადამიანებს ყურადღებიდან რჩებათ ის ნიშნები, რაც შესაძლოა ადამიანის სუიციდისკენ მიდრეკილებაზე მიუთითებდეს. რა რისკ-ფაქტორები შეიძლება გამოვყოთ ამ შემთხვევაში, ვინ შეიძლება იყოს რისკ-ჯგუფში, ვის მიმართაც სასურველია, რომ ახლობლებმა მეტი ყურადღება გამოიჩინონ? 

შესაძლოა ადამიანს ცხოვრებაში ჰქონდეს ბევრი სირთულე, ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის პრობლემა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ მიდის საქმე სუიციდამდე. განსაკუთრებით საყურადღებოა მომენტები, როცა ადამიანი დიდ სულიერ ტრავმას გადაიტანს, კარგავს ახლობელს ან აქვს რაიმე სხვა სერიოზული დანაკარგი ცხოვრებაში, ასეთ დროს ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ ადამიანების მიმართ. სიფრთხილეა საჭირო, თუ მის საახლობლოში [და განსაკუთრებით თუ ის მოზარდია] იყო სუიციდის შემთხვევა.

რა ქცევებმა შეიძლება მიგვანიშნოს, რომ ადამიანი სუიციდზე ფიქრობს?

ადამიანებთან, რომელთაც დიდი ტრავმა და სტრესი გადაიტანეს, საყურადღებოა ქცევის უეცარი ცვლილება, დაწეული გუნება-განწყობა, ასევე, როცა ადამიანი ინტერესს კარგავს იმ საქმის მიმართ, რაც ადრე სასიამოვნო იყო მისთვის და ხალისით აკეთებდა. ასევე, როცა ადამიანი ნელ-ნელა იკეტება საკუთარ თავში და მისი სამეგობრო თუ საახლობლო წრე სულ უფრო და უფრო პატარავდება. შესაძლოა ეს ყველაფერი თანდათანობით შეამჩნიოთ მის ქცევაში, მაგალითად, ბოლო ორი ან სამი თვის მანძილზე. უპირველეს ყოვლისა, როდესაც ადამიანი ღიად ამბობს, რომ დაკარგა ყველაფრისადმი ინტერესი, როდესაც ვერბალიზებას ახდენს იმისას, რომ ამის გაკეთებას ფიქრობს – ყოველთვის ჯობს მოვუსმინოთ და მივცეთ საშუალება, რომ გაგვიზიაროს ის, რაც აწუხებს. ეს აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ შესაძლოა არ გვრჩებოდეს შთაბეჭდილება, რომ სერიოზულად ამბობს ამას. პირველი დახმარება ამ შემთხვევაში არის სწორედ ის, რომ კომუნიკაცია შედგეს – ეს არის საშველად გაწვდილი ხელი, ამ ადამიანის გადარჩენის შანსი, რომელიც შეიძლება ხელიდან გავუშვათ, თუ მასთან ყურადღებით არ ვიქნებით.

როგორ უნდა მოვიქცეთ, რისი გაკეთება ღირს და რისი გაკეთება არ ღირს ამ დროს? 

არ არის სწორი, როდესაც ადამიანი სუიციდზე ლაპარაკობს და შენ ცდილობ ყველაფერი ხუმრობაში გადაიტანო. ისეთი ფრაზებით, როგორიცაა – „რა სისულელეა, ეს რა მოგიფიქრებია…“ ხდება იმ ყველაფრის გაუბრალოება, რაც ვიღაცისთვის ტრაგედიაა. როცა ადამიანი გიზიარებს თავის ტრაგედიას, ამ ნათქვამისთვის მნიშვნელობის დაკარგვა, მისი იუმორში გადატანა არ არის სწორი სტრატეგია. ამით მას უჩნდება განცდა, რომ მისი არ ესმით, რაც კიდევ უფრო უღრმავებს სევდას. ჩვენი მხრიდან ყოველთვის უნდა იყოს მზაობა, რომ გვერდში დავუდგეთ, რაღაც ალტერნატივები დავანახოთ, ესაა მთავარი და არა განსჯითი დამოკიდებულება. იმ შემთხვევაში თუ ადამიანი დისტანცირდება ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან, არ არის გახსნილი, მისი ხასიათის ცვლილება უკვე თვალშისაცემია, ნებისმიერ შემთხვევაში საყურადღებოა და საჭიროა დავითანხმოთ ეს ადამიანი სპეციალისტთან მისვლაზე.

იგივე ეხება თუ არა იმ ადამიანებს, რომლებიც თვითმკვლელობაზე სტატუსებს სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ? 

არსებობს სუიციდის სხვადასხვა ფორმა, ზოგიერთი შესაძლოა არ იყოს შედეგზე ორიენტირებული, არამედ იყოს მანიპულირების მიზნით, მაგრამ, როცა სასოწარკვეთილი ადამიანი რაღაცას ამბობს, ნებისმიერ შემთხვევაში ჯობს, რომ მას დაველაპარაკოთ. არ დალაპარაკებით შეიძლება საქმე უფრო გავაფუჭოთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი სოციალურ ქსელშია თუ პირადად ველაპარაკებით – ნებისმიერ დროს, როცა ადამიანი გამოხატავს სევდასა და წუხილს და იკითხება ნებისმიერი ნიშანი იმისა, რომ მას აღარ უნდა ჩვენ შორის ყოფნა – თანადგომა შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს მისთვის.

საზღვარგარეთ არსებობს საინტერესო პრაქტიკა, სოციალურ ქსელებში არსებობს ე.წ. „წითელი ღილაკის“ პროგრამა, როდესაც ადამიანი დააფიქსირებს სუიციდის რისკის შემცველ ტექსტს სოციალურ ქსელში, შენ აკეთებ შეტყობინებას ამ ღილაკის მეშვეობით. შეტყობინება კეთდება ადამიანთა გარკვეულ ჯგუფთან და როცა ეს ჯგუფი იღებს შეტყობინებას, ისინი უმალვე იწყებენ მოქმედებას. აქ შედის შეტყობინებები, როგორც სუიციდის რისკების შესახებ, ისე ძალადობის რისკების შესახებაც. ეს არის კარგად გამართული სტრუქტურა, რაც ეხმარება თვითონ მოქალაქეს, რომ აქტიურად იყოს ამ პროცესში ჩართული.

რა შეიძლება მოვიმოქმედოთ მაშინ, როცა ქუჩაში ან სხვა სივრცეში ვაწყდებით სუიციდის მცდელობას, რა შეიძლება ვუთხრათ იმ წამს უცხო ადამიანს? 

ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და არ არსებობს რაიმე რეცეპტი, თუმცა ყველაფერი ჯობს უმოქმედობას, იქნება ეს ფიზიკურად მისი მოშორება საფრთხისგან [თუ ამის ძალა და შესაძლებლობა გვაქვს], თუ მისთვის იმის თქმა, რომ „ცხოვრება გრძელდება“, რომ „იქნებ კიდევ დაფიქრდეს, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამს“ და ა.შ. თუმცა წინასწარ განსაზღვრა წარმოუდგენელია, ვისთან გაჭრის და ვისთან – არა. აქ მეორე დიდი პრობლემა წარმოიშვება – ვთქვათ მე, როგორც მოქალაქემ, ეს ადამიანი დავიხსენი, დაველაპარაკე და მოვაბრუნე, მაგრამ ამის შემდეგ რას ვაკეთებ, ვის მივმართავ – არ ვიცი. თუ გადახტა, იცი, რომ 112-ში უნდა დარეკო, მაგრამ თუ მცდელობა იყო და გადაარჩინე, რას აკეთებ – მექანიზმი, სისტემა, ვისაც შეიძლება პრევენციისთვის, კრიზისული ჩარევებისთვის და რეაბილიტაციისთვის მიმართო, ქვეყანაში არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა წინასაარჩევნო პერიოდია, არც ერთი პოლიტიკოსის გამოსვლაში ან პარტიის პროგრამაში არ გამიგია, რომ მისთვის პრიორიტეტულია ფსიქიკური ჯანმრთელობა და რაღაცის გაუმჯობესებას აპირებენ ამ მხრივ.

„სუიციდის ტალღა“ რამდენად რეალური მოვლენაა და რა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს მედიამ თუ საზოგადოებამ თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას? 

არსებობს „ქოფიქათის“ პრინციპი, როცა არა მხოლოდ სუიციდის, არამედ ძალადობის შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მედიით გავრცელების შემდეგ, თითქოს ამ ქცევის კოპირებას ახდენენ ის ადამიანები, რომლებიც გარკვეული ტიპის მოწყვლადობით ხასიათდებიან ამ თვალსაზრისით. ამ ტალღაში განსაკუთრებით აქტიურად ებმებიან ახალგაზრდები. მედიის საშუალებებით სუიციდის შესახებ ინფორმაციის მასიურად გავრცელების შემდეგ სუიციდის შემთხვევები მატულობს. ჩვენს ქვეყანაშიც იყო ასეთი შემთხვევები, თუმცა ეს არ იყო მხოლოდ სუიციდთან მიმართებაში. მაგალითად, ძალიან საინტერესო შემთხვევა იყო, როდესაც თითქოს ტენდენციად იქცა, ახალგაზრდების მიერ ლეღვის ნახარშით დამწვრობის მიღება. როგორც კი დაიწყო მედიამ ამაზე საუბარი, თითქოს გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა ამ შემთხვევათა რაოდენობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სუიციდის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას არც ერთ შემთხვევაში არ გვქონდეს განსჯითი დამოკიდებულება, არ უნდა შევაფასოთ ეს მოვლენა დრამატულად, მით უმეტეს, არ უნდა მოხდეს მისი რომანტიზება. ეს უნდა იყოს მშრალი ფაქტი, ყოველგვარი მიმანიშნებლების გარეშე, თუ როგორ მოხდა, რა იქნა გამოყენებული ამისთვის და როგორი იყო ახლობლებისა თუ საზოგადოების რეაქცია.

ერთი წლის წინ ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტო, რომელიც სუიციდის შემთხვევას აშუქებდა, წერდა სუიციდით გარდაცვლილი თინეიჯერის დედის რეაქციაზე და იმას, რომ დედა თავს იდანაშაულებდა შვილის სუიციდში – ძალიან სახიფათოა ასეთი აქცენტი! ისევე, როგორც არასწორი იყო, როცა ერთ-ერთი სკოლის პედაგოგმა ინტერნეტ-სივრცეში გამოსათხოვარი წერილი მისწერა ყოფილ მოსწავლეს, რომელმაც ასევე სუიციდი ჩაიდინა. ეს წერილი ზუსტად რამდენიმე საათში ძალიან პოპულარული გახდა – არ შეიძლება ასეთი მოვლენების ასეთი დრამატიზება, სუიციდის ჩამდენის ჰეროიზაცია და ფაქტის რომანტიზება. ეს შეიძლება ვიღაცისთვის მიმზიდველი აღმოჩნდეს.

სუიციდის შესახებ ინფორმაცია არ უნდა იყოს ტოპ-ნიუსი, უნდა შეიცავდეს მაქსიმალურად მშრალ ინფორმაციას და იყოს ემოციურად ნეიტრალური. ეს, ცხადია არ ნიშნავს, რომ მედიამ გვერდი უნდა აუაროს ამ თემას, პირიქით კარგია თუ ბევრს ვისაუბრებთ სუიციდის პრევენციაზე, ზოგადად ადამიანებზე, მათ პრობლემებზე და გამოსავალზე.

ბათუმის მერია ბინას ყიდის

ბათუმის მერია, რომლისგანაც 2 ათასამდე უბინაო მოქალაქე საცხოვრებელ ფართობს ითხოვს, ახალაშენებულ კორპუსში ბინას ყიდის. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 46 კვ/მ ფართობის ბინა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, კომპლექს „ბათუსის“ მოპირდაპირედ მდებარეობს. ბინა შავი კარკასის მდგომარეობაშია. „ბათუმელები“ შეეცადა გაეგო, თუ რატომ გადაწყვიტა ბათუმის მერიამ საბინაო ფონდიდან ქონების გასხვისება.

„ეს არის ახალი ბინა და ის მერიის საბინაო ფონდში არ ირიცხებოდა. თუ რის საფუძველზე აქვს ეს ბინა მერიას საკუთრებაში, შეგიძლიათ ნახოთ რეესტრის ამონაწერში. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ხშირად ყიდის მერია საცხოვრებელ ფართობებს – ეს სტატისტიკა მე არ მაქვს, შეგიძლიათ მერიისგან ოფიციალურად გამოითხოვოთ“, – გვითხრა რუსუდან ჟოჟაძემ. ელექტრონული აუქციონის შესაბამის გვერდზე სწორედ მისი საკონტაქტოა მითითებული იმათთვის, ვისაც გასაყიდი ბინის შესახებ დამატებითი ინფორმაცია აინტერესებს.

რეესტრის ამონაწერის მიხედვით, აღნიშნული ბინა 2014 წლიდანაა რეგისტრირებული ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.

არსებული კანონმდებლობით, თუ ვინმე დაინტერესდება მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით [რისი გასხვისებაც კანონითაა დაშვებული], მას შეუძლია მიმართოს მერიას, რომელიც გადაწყვეტს, თუ რა ფორმით გაასხვისოს ქონება ან საერთოდ უარი თქვას გასხვისებაზე.

binaaaaaaa
ბინა, რომელსაც ბათუმის მერია ყიდის / ფოტო ელ.აუქციონის გვერდიდან

ამ შემთხვევაში, ბინის აუქციონზე გატანის საფუძვლად ბათუმის მერია საქართველოს მთავრობის 2014 წლის შესაბამის დადგენილებას უთითებს. ამ დადგენილების მიხედვით, ელექტრონული აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეობის მსურველთა შესახებ [მათ შორის მონაწილეობის მსურველთა რაოდენობაზე] კონფიდენციალურია. შესაბამისად, გაურკვეველია თუ ვინ არის დაინტერესებული ამ ბინის შეძენით. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ასეთი დაინტერესება არსებობს.

მერია ასევე უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს, ამ ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანის მიზნით, მოსთხოვოს ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ის ოდენობის საგარანტიო თანხა ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად.

ბათუმის მერიამ აღნიშნული ბინა აუქციონზე 49 ათას 700 ლარად გაიტანა, ბიჯი 2000 ლარია, ანუ ქონება მინიმუმ 51 700 ლარად მაინც გაიყიდება, თუ აუქციონი შედგა [ანუ დაახლოებით 1124 ლარად 1 კვ/მ. არადა, ამ უბანში 1 კვ/მ სულ ცოტა 700 აშშ დოლარი ღირს]. საგარანტიო თანხა 14 910 ლარია.

ელექტრონული აუქციონი 23 სექტემბერს დასრულდება. თუ ბინის შეძენით დაინტერესებული პირი აუქციონში მონაწილედ არ დარეგისტრირდება, მაგრამ ელექტრონული აუქციონი მაინც შედგება, ამ პირს მის მიერ წარდგენილი საგარანტიო თანხა უკან დაუბრუნდება, მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში.

ხიმშიაშვილის ქუჩა #1
ბათუმი, ხიმშიაშვილის ქუჩა #1

ბინის გაყიდვით მიღებული თანხა ჩაირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, როგორც შემოსავალი ქონების პრივატიზებიდან.
მერიის ბინებით „ბათუმელები“ გასულ წელსაც დაინტერესდა. მაშინ შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა #1-ში, „ბათუსის“ მოპირდაპირე კორპუსში, სადაც მერია დღეს ბინას ყიდის, მუნიციპალიტეტს 27 ბინა ჰქონდა საკუთრებაში. მერიის ინფორმაციით, ამ კორპუსში ბინები 2014 წლის ივლისიდან გადავიდა ქალაქის ბალანსზე.

გასული წლის მონაცემებით, ბათუმში 1700-მდე უსახლკარო ოჯახი ცხოვრობდა [2012 წლის არჩევნებამდე მერიისგან ბინას ქალაქში მცხოვრები 1650 ოჯახი ითხოვდა]. რატომ არ იყენებს ბინებს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების უზრუნველყოფისთვის მერია? – ამ კითხვის პასუხად მერიიდან გამოგზავნილ წერილში განმარტებული იყო, რომ საცხოვრებელი ფართობები ბათუმის მერიას ესაჭიროება „ცალკეული ფიზიკური პირების ბინებით დაკმაყოფილების თაობაზე საგარანტიო ხელშეკრულებიდან და სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისათვის“.

საბინაო ფონდი მერიას ასევე ესაჭიროება იმ პირთა ბინებით დაკმაყოფილებისათვის, რომელთა საკუთრებაში არსებული ფართობი საჭიროა საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი საავტომობილო გზების მშენებლობისა თუ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის. ბათუმის მერია ბინებს ასევე გადასცემს ოჯახებს, ვისაც შვიდი და მეტი შვილი ჰყავს.

არის თუ არა მერიაში მონაცემები [სტატისტიკა] იმ ოჯახებისა, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ბინები? და რას ჰპირდება მერია ასეთ ოჯახებს? – ამ კითხვებზე პასუხი მერიიდან ვერ მივიღეთ.

„კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში” – ბათუმელი მაგისტრანტებისთვის

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ აცხადებს მიღებას სეზონურ სკოლაში – „კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში”.

„რა არის კრიტიკული აზროვნება?“ „რატომ ვიქცევით ისე, როგორც სხვები?“ „სექსუალობა, გენეტიკა და კულტურა“ – ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რაზეც მაგისტრატურის სტუდენტებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი და ფსიქოლოგი, თავისუფალი უნივერსიტეტის სრული პროფესორი გიორგი ნიჟარაძე ესაუბრებიან.

პროექტის ფარგლებში ლექციები გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერისტეტში 2016 წლის 28-31 ოქტომბერს. კურსის სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

პროექტის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის რეგიონში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განათლების,ჰუმანიტარულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა  ელექტრონული აპლიკაცია 2016 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გადაგზავნონ შემდეგ მისამართზე:  https://form.jotform.me/62553478714463

აპლიკაციას თან უნდა ერთვოდეს ცნობა 2016-2017 სასწავლო წელს მაგისტრატურაზე სწავლის შესახებ და  ესე 400-დან – 800 სიტყვამდე.

ასევე, დაინტერესებულმა პირებმა  ქვემოთ მოცემული ორი თემიდან უნდა შეარჩიონ ერთ-ერთი:

  1. როგორ გესმით კრიტიკული აზროვნება? რამდენად იყენებთ კრიტიკულ მიდგომებს თქვენს სპეციალობაში?
  2. მაგისტრანტს შეუძლია დაწეროს ესე ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას აინტერესებს და რომელიც მეტ–ნაკლებად ეხება პროგრამაში მოცემული თემებიდან  რომელიმეს.

აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი ესე  შეფასდება 100 ქულიან სკალაზე შემდეგი 3 კრიტერიუმის მიხედვით: 1 .ინფორმირებულობა; საკითხის ცოდნა  – 40 ქულა; 2. ანალიტიკური აზროვნება  – 40 ქულა; 3. წერის აკადემიური სტილი – 20 ქულა.

პროექტის მიზანია სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების განვითარება, რაც გულისხმობს სკეპტიციზმის გამომუშავებას და საკითხის კრიტიკული შეფასებისა და მასზე რეფლექსიის სტიმულირებას. ამავე დროს  სალექციო კურსის ორგანიზება „კრიტიკულ აზროვნებაში“, წაახალისებს სტუდენტებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და სოციალური რეალობის რეფორმირებისკენ.

პროექტი ხორციელდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

ოსიკო კონცელიძე – მობ: +995 598 802 108

ელფოსტა: kritikuliazrovneba16@gmail.com

 

გამჭვირვალობა: მუნიციპალური SMS-ები მმართველი პარტიის სამსახურში

„საერთაშორის გამჭვირავალობა – საქართველო“ [TI] მუნიციპალიტეტების შესრულებული სამუშაოების შესახებ, მოქალაქეებისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას განცხადებით გამოეხმაურა. TI-ს შეფასებით, ვინაიდან არჩევნებამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი, ეს ქმედება შესაძლოა აღქმული იქნას, როგორც მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩეველზე პირდაპირი გავლენის მცდელობა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტებს არ განუმარტავთ, რა წყაროებით მოიპოვეს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებული პირების პირადი სატელეფონო ნომრები.

TI მოუწოდებს:

  • მუნიციპალიტეტებს – არ გამოიყენონ მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების პირადი მონაცემები იმგვარად, რომ ამან შეიძლება გააჩინოს ეჭვები საარჩევნო მიზნით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და პერსონალური მონაცემების დაუცველობასთან დაკავშირებით;
  • პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს -გამოიკვლიოს, როგორ მოიპოვეს მუნიციპალიტეტებმა, მოქალაქეთა სახელზე რეგისტრირებული სატელეფონო ნომრები.

ბოლო რამდენიმე დღეა ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში მოქალაქეები მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით იღებენ ინფორმაციას განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ. ამასთან დაკავშირებით ბათუმის საკრებულოს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს რომ შეტყობინებებს ბათუმის საკრებულო არ აგზვნის. ბათუმის მერიამ კი კომენტარი არ გააკეთა.

მერი ბიუჯეტის ცვლილებებს მოითხოვს, ოპოზიცია – მერის იმპიჩმენტს

“ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი ცდილობს ამომრჩევლის მოსყიდვას. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას,” – ამბობს გიორგი კირთაძე. ის ბათუმის საკრებულოს წევრია და ასევე 69-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა ბიუჯეტში ცვლილების შეტანის მოთხოვნით. „ერმაკოვი აცხადებს, რომ ფორსმაჟორული სიტუაცია აქვს და სტიქიის გამო ინფრასტრუქტურული სამუშაოებია გასაკეთებელი. ამისთვის ის 2 მილიონ 225 ათას ლარს ითხოვს. რეალურად წინა წლის სამუშაოებია გაწერილი, რომლის გაკეთების აუცილებლობაც თითქოს ახლა გაჩნდა. ფორსმაჟორობაზე ამოფარებით ცდილობს ხელისუფლება ამომრჩევლის მოსყიდვას,“ – უთხრა გიორგი კირთაძემ „ბათუმელებს“.

გიორგი კირთაძემ დღეს საკრებულოს ბიუროს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რის შემდეგაც სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. კირთაძე საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე მერის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ითხოვს, რასაც საკრებულოს 9 წევრის ხელმოწერა სჭირდება: „ჩვენ სამნი ვართ, „ნაციონალები“, მაგრამ ოპოზიციური ფრაქცია ბევრია საკრებულოში. ვნახოთ, როგორ მოიქცევიან ისინი ხვალ…”.

კითხვაზე, როგორ მოახერხებს ამ სვლით მმართველი პარტია ამომრჩევლის მოსყიდვას, როცა პროექტების განხორციელებას ტენდერის გამოცხადება და შესაბამისი დრო სჭირდება, გიორგი კირთაძემ გვითხრა, რომ ეჭვი ერმაკოვის კორუფციულ გარიგებებზეც აქვს: „დიდი ალბათობით გამოცხადდება პირდაპირი შესყიდვები, რადგან ფორსმაჟორზე საუბრობს ერმაკოვი და ამით იგი თავისი მეგობარი ბიზნესმენების გულსაც მოიგებს”.

ბათუმის მერიაში ამომრჩევლის მოსყიდვას გამორიცხავენ. აქ გვითხრეს, რომ მერია რუსთაველის ქუჩაზე, სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ მიწის ნაკვეთის პრივატიზაციის შედეგად შემოსავალს ელიან, რითაც სხვადასხვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას შეძლებენ: “წლის განმავლობაში არაერთი პრობლემა დაგროვდა სტიქიის შედეგად. ჩვენ წერილებით მივმართავდით და ფინანსურ დახმარებას ვთხოვდით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. მოვითხოვდით დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან საკმაოდ სოლიდურ ხარჯებთანაა ეს სამუშაოები დაკავშირებული. რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი, რომ ბათუმს უკვე ჰქონდა ახალი ფინანსური შემოსავალი და შესაბამისად დაფინანსების გამოყოფის საჭიროება აღარ არსებობდა,” – ამბობს არჩილ ვანაძე, ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე.

არჩილ ვანაძე არ გამორიცხავს, რომ სამუშაოების ნაწილი შესაძლოა პირდაპირი შესყიდვის გზით განხორციელდეს: „ასეთი იქნება სულ რამდენიმე შემთხვევა, სადაც გადაუდებელი სიტუაციაა. ყველა ასეთი პროექტი შეთანხმებული იქნება საკრებულოსთან“.

საკითხის შესწავლას აპირებს „სამართლიანი არჩევნები“. აქ გვითხრეს, რომ ფორსმაჟორს ნამდვილად ცნობს საარჩევნო კანონმდებლობა, მაგრამ გასარკვევია, რამდენად არის ბიუჯეტის ცვლილების მოთხოვნა ამ შემთხვევაში კანონთან შესაბამისი.

მაჟორიტარი კანდიდატი: ჩვენი მთავარი გზავნილია, უკეთესი ცხოვრება

არმაზ ბახტაძე „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. განათლებით ეკონომისტია. 2007 წლიდან მუშაობდა საბანკო სისტემაში, შემდეგ მომსახურების სფეროში. კითხულობს ლექციებს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო ინსტიტუტში და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  2012 წლიდან არის „თავისუფალი დემოკრატების“ და შუახევის საკრებულოს წევრი ამ პარტიიდან.

ბატონო არმაზ, რა არის თქვენი მთავარი გზავნილი ამომრჩეველთან?

ჩვენი მთავარი გზავნილია, უკეთესი ცხოვრება, უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი საპენსიო სისტემა, დასაქმებული ადამიანები და კარგი ანაზღაურება,  საათში სამი ლარი, მინიმუმ 500 ლარი ხელფასი თვეში…

ეს დაპირებები დეკლარირებულია თქვენი პარტიის მიერ, ამიტომ როგორც მაჟორიტარი კანდიდატის დაპირებები რა არის?

მე როგორც შუახევის საკრებულოს წევრი, ორი წელი საკრებულოში ვარ და ის რიგი საკითხები, რომლის გადაწყვეტის სურვილი და უნარი გვაქვს, თვითმმართველობას მაინც არ შეუძლია. ახალი კანონით თითქოს გაძლიერდა თვითმმართველობა, მაგრამ მაინც დაბალი დონეა. ქუჩის დაგებაზეც კი ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა შეუთანხმდე. ამიტომ, ჩემი მთავარი მიზანი იქნება უმაღლეს საბჭოში, თუ ჩვენ გვაქვს ავტონომია, ავტონომიას უფრო მეტი სტატუსი მიეცეს, გაძლიერდეს და რიგი საკითხები, რომელიც აჭარაში არის პრობლემატური, თვითონ აჭარაში გადაწყდეს.

შეგიძლიათ ჩამოთვალოთ ის „რიგი პრობლემები“, რაზეც საუბრობთ და უმაღლესი საბჭოს კომპეტენციიდან როგორ წარმოგიდგენიათ მათი მოგვარება?

თუნდაც ის, რომ ქუჩაზე სახელის გადარქმევას, საკრებულოს გადაწყვეტილების შემდეგ ცენტრალური ხელისუფლებიდან დასტური სჭირდება.

როდის იყო მსგავსი შემთხვევა?

ბათუმის და ყველა საკრებულოში თუ შევიდა მოქალაქეების განცხადება რომ კონკრეტულ ქუჩას შეეცვალოს სახელი, კომისიაზე განხილვის შემდეგ, საკრებულოს სხდომაზე გატანამდე, საკრებულოს სახელით განცხადება კომისიაში, რომელიც ფუნქციონირებს  რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტქრუქტურის სამინისტრიში და ის რეკომენდაციას აძლევს საკრებულოს, გაიტანოს თუ არა საკითხი სხდომაზე.

ასევე, ბიუჯეტში თანხების განკარგვის დროს მოდის დირექტივა თუ სად უნდა დაიხარჯოს, რას უნდა მოხმარდეს, კონკრეტულად ინფრსტრუქტურულ ღონისძიებებს. სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ტრანსფერები როცა ირიცხება, კონკრეტული მითითებები მოდის, რაში უნდა დაიხარჯოს.  მერიასთან დაახლოებული ტიპები ტენდერებში მონაწილეობენ ფარულად, მამიდაშვილები, ბიძაშვილები არიან დარეგისტრირებულები და ტენდერებში მონაწილეობენ.

კონკრეტული ფაქტები შეგიძლიათ თქვათ?

შუახევის, ხელვაჩაურის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, როცა კონკრეტული მითითება იყო, რომ უნდა გაკეთებულიყო გარე განათება. ჯერ გზა უნდა გაკეთდეს და მერე უნდა გაკეთდეს გარე განათება. ორმოები გავანათოთ? არასწორად არის პრიორიტეტები გადანაწილებული.

როცა სამინისტროდან რეკავს ჩვეულებრივი სპეციალისტი და გამგებელი ამბობს, რომ სამინისტროდან დარეკილი ზარია და „რა ვქნა, რა მოვახერხო“, მაშინ რაში გვჭირდება თვითმმართველობის კანონები.

თქვენ საუბრობთ თვითმმართველობის კოდექსზე, საკრებულოების ფუნქციებზე, რომელიც არ არის უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია, თვითმმართველობის ფუნქციებში ჩაერევა უმაღლესი საბჭო?

ამიტომ არის საჭირო ფუნქციების გაზრდა.

რას გულისხმობთ, იქნებ დააკონკრეტოთ?

გამგეობის წარმომადგენლებს, მერიის წარმომადგენლებს, მიკრორაიონები სადაც არის, … ადამიანი, რომელიც სოფელში ცხოვრობს და შეექმნა პრობლემა პირუტყვთან დაკავშირებით, ავად გაუხდა და დასაკლავია, თუ არ მიიყვანე ძროხა ლაბორატორიაში, საბუთს ვერ უწერ… მოსახლეობას ეუბნები, თუ მოიყვანე მოიყვანე, თუ არა მოკვდესო.

უმაღლეს საბჭოსთან რა კავშირშია ეს პრობლემა, ეს საკითხი სურსათის უვნებლობის სამსახურს ხომ ეხება?

ასეთი პრობლემების წინაშეა ზემო აჭარა, რიგი პრობლემები აქვს ბათუმზე შემოერთებულ ტერიტორიებს, მშობელი, რომელიც სწავლის საფასურს უხდის შვილს, 2 400 ლარს, … მე, მაგალითად, ვერ გადავიხადე და ორი წელი შეჩერებული მქონდა სტუდენტის სტატუსი. სტუდენტი ამდენ თანხას იხდის და შემდეგ მამიდაშვილებით და ბიძაშვილებით აკომპლექტებენ სამსახურებს.

ჩვენ უნდა მივცეთ ახალგაზრდებს იმის მოტივაცია, რომ მათი სწავლა და მათი გამოცდილება იყოს გამოყენებული და მივცეთ მათ დასაქმების მეტი საშუალება. თუ ავტონომია გვაქვს, ეს ავტონომია უნდა გამოვიყენოთ ისე, რომ ამ პრობლემების მოგვარება შეგევძლოს. უმაღლესი საბჭო კი დღემდე ნოტარიუსად არის ქცეული.

უმაღლესი საბჭოდან როგორ შეძლებთ დაეხმაროთ, ვთქვათ, სტატუსშეჩერებულ  სტუდენტებს?

როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ „თავისუფალი დემოკრატები“, მეტ ინვესტიციებს მოვიზიდავთ, ასევე წავახალისებთ შიდა ბიზნესს, ეკონომიკის განვითარებაა ძირითადი  პრიორიტეტი.

თქვენ საუბრობთ პარტიაზე, თუ მოვა უმრავლესობაში, მაგრამ თუ ვერ მოხვედით უმრავლესობაში, მაგრამ თქვენ ერთი კონკრეტული პირი მოხვდით უმაღლეს საბჭოში, მაშინ რა შეგიძლიათ გააკეთოთ?

დარწმუნებული ვარ, მოვალთ იმ დოზით, რომ პრობლემების მოგვარება შევძლოთ, მაგრამ ერთი დეპუტატიც რომ ვიყო „თავისუფალი დემოკრატებიდან“, შევეცდები ამ პრობლემების წინააღმდეგ ვიბრძოლო.

თქვენ რამდენი წელი იყავით საკრებულოში?

მეორე წელია.

შეგიძლიათ დამისახელოთ თქვენი კონკრეტული ინიციატივა, რომელიც გქონდათ საკრებულოში და რა ინიციატივა იყო?

ფრაქციის სახელით გვქონდა წარდგენილი ინიციატივა, რომელიც ეხებოდა იმას, რომ მაღალმთიანეთში ვინც ცხოვრობს და ჩააბარა მაგისტრატურაში, სწავლის 50 პროცენტი გამგეობის ბიუჯეტს დაეფინანსებინა.

მიიღო საკრებულომ ეს ინიციატივა?

არა, უმრავლესობის ხმები იყო საჭირო და არ მოხერხდა. ამის შესაძლებლობა შუახევის ბიუჯეტში არის, რადგან მილიონ ნახევარი ლარი უკან დააბრუნა გასულ წელს გამგეობამ, რადგან ბიუჯეტი არ შესრულდა. კიდევ მქონდა ინიციატივა, რომელიც სოფელ წაბლანაში საბავშვო ბაღის მშენებლობას ეხებოდა, მაგრამ არ ააშენეს. ამ სოფელში 22 ბავშვი ცხოვრობს და კანონი ითვალისწინებდა, რომ ყოფილიყო საბავშვო ბაღი ამ სოფელში. გამგებელმა მაინც არ მიიღო ეს ინიციატივა და ბაღი ააშენეს სოფელ შუბანში, სადაც 4 ბავშვი იყო. ეს იმიტომ, რომ გამგებელიც შუბნიდან არის.

 

მიიღეს თუ არა “შეღავათიანი კრედიტი” „იპოთეკით დაზარალებულებმა“

“არაფერიც არ მიგვიღია. ჩვენ ისევ საპროტესტო აქციებზე ვართ,” – გვითხრა ნარგიზ დოლიძემ. ის ერთ-ერთ ე.წ. იპოთეკით დაზარალებულებს შორის, ვინც ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს და “შეღავათიანი კრედიტის” მიღებას ცდილობს.

გუშინ, 20 სექტემბერს “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა კანდიდატმა ქობულეთში, “ბათუმელებთან” თქვა, რომ 64 პრობლემური ოჯახიდან 18-მა მიიღო გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხი: “გეუბნებით ორი-სამი დღის ამბავს. მათ მიეცემათ გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხი, როგორც ითხოვდნენ. ამ დღეებში ამათთან დაიდება ხელშეკრულებები”. კითხვაზე, როგორ შეარჩიეს ეს ოჯახები, რატომ  18 ოჯახი და რა როლი შეასრულა მთავრობამ, კობა ნაკაიძემ გვიპასუხა, რომ აჭარის მთავრობაში სპეციალური კომისია მუშაობს ამ თემაზე და ის მოგვაწვდიდა ინფორმაციას.

“აჭარის მთავრობაში ასეთი კომისია არ მუშაობს,” – გვითხრეს აჭარის მთავრობის აპარატის პრესცენტრში. განგვიმარტეს, რომ ამ ოჯახებზე მუდმივად მუშაობს მთავრობა და 18 ოჯახსაც რეკომენდაცია ბანკთან აჭარის მთავრობამ ახლახანს გაუწია: “ეს ხორციელდება იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც მცირე ბიზნესის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ეს 18 ოჯახი თავად მოსახლეობამ შეარჩია და სია მოგვაწოდა,” – ამბობს სოფო გუჯაბიძე, აჭარის მთავრობის პრესსამსახურის უფროსი.

დაპირების მიუხედავად, სოფო გუჯაბიძემ დღის ბოლომდე ვერ გამოგვიგზავნა ინფორმაცია ამ 18 ოჯახის შესახებ. ასევე ვერ დაგვალაპარაკა კონკრეტულ პასუხისმგებელ პირს, ვინც გვეტყოდა, რა კრიტერიუმებით შეირჩა 18 ოჯახი, ვინც მთავრობის და კობა ნაკაიძის ინფორმაციით, დაბალპროცენტიან და გრძელვადიან სესხს მიიღებს.

მოქალაქე ნარგიზ დოლიძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ მან ასეთი ოჯახების შესახებ არაფერი იცის: “ჩვენ ყველა ერთად ვდგავართ, ვინმეს რომ მიეღო, როგორ ვერ გავიგებდით. მუმდივად გვპირდებიან და არაფერი კონკრეტული. ამ ტყუილით არ ვიცი, რის მიღწევა უნდათ”.

“იპოთეკით დაზარალებულებთან” მუშაობს ორგანიზაცია “ჩვენი უფლებებისთვის”. თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ მთავრობამ რეკომენდაცია მხოლოდ წინა წლებში გაუწია ოცამდე ოჯახს: “მისცეს კრედიტი ისეთ ოჯახებს, ვისაც ისედაც მისცემდა ნებისმიერი ბანკი სესხს, რადგან მათ საბანკო უზრუნველყოფა ჰქონდათ და არ იყო პრობლემური შემთხვევები. მათ მთავრობის დახმარება ისედაც არ სჭირდებოდათ. სხვა ოჯახებს, ვისაც წლების განმავლობაში აქვთ პრობლემა, არაფერი მიუღიათ ჩემი ინფორმაციით”.

მაჟორიტარი კანდიდატი: ხალხთა მეგობრობა არ არსებობს

მაჟორიტარი კანდიდატების უმეტესობა, როგორც საჯარო სივრცეში ამომრჩეველთან საუბრისას, ასევე ჟურნალისტის კითხვებზე პასუხებისას უმეტესწილად ჯერ იმაზე იწყებს საუბარს, რა ვერ გააკეთა „ოცნების“ ხელისუფლებამ. მხოლოდ ამის შემდეგ გადადიან თემაზე – „რას გავაკეთებთ ჩვენ“. ამ კანდიდატებს შორისაა პაატა ცივაძეც, რომელიც დისკრიმინაციულ ლექსიკას და სიძულვილის ენას იყენებს. ის ბათუმის 68-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად „პაატრიოტთა ალიანსმა“ წარადგინა.

თქვენს ოლქში, იმ პრობლემების გადასაჭრელად, რაც ამომრჩეველს აწუხებს, რა ინიციატივებით შეხვალთ პარლამენტში, სად ხედავთ საკანონმდებლო ხარვეზებს?

ყველაფერს შევძლებთ თუ ბევრნი ვიქნებით და სწორად ვიმოქმედებთ. ყბადაღებული თემაა სამუშაო ადგილები და ა.შ. მაგაზე აღარ ვილაპარაკებ, იცით ისედაც. პირველი, რა დაპირებითაც „პარტიოტთა ალიანსი“ შედის პარლამენტში, ეს არის სამართლიანობის აღდგენა.

2012 წლის არჩევნებზე ყველამ ერთად დავამარცხეთ “ნაციონალური მოძრაობა”, მთავარი მესიჯი იყო დანაშაულებრივი რეჟიმის დასჯა. მაგრამ რა მივიღეთ? – „ოცნებამ“ გააფორმა კოჰაბიტაცია. ამ არჩევნების შემდეგ ჩვენ საშიშროება გვიდგას, რომ მივიღოთ კოჰაბიტაციური თანაცხოვრების ნაყოფი. რას ვგულისხმობ? – ეს ნაყოფი არის ის, რომ ანზორ ბოლქვაძე [„ქართული ოცნების“ ქედა, შუახევი, ხულოს ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი] და მისნაირი კანდიდატები, პორტირებული „ნაციონალები“ დღეს “ოცნების” სახით მოგვევლინენ. უნდა დავამარცხოთ მანკიერი პრაქტიკა, როდესაც მაჟორიტარი დეპუტატი ნდობის მანდატის მიღების შემდეგ ფიქრობს და მოღვაწეობს მხოლოდ თავისი ოჯახის ინტერესებით. ისეთი მაჟოროტარები, რომლებიც მთელი ოთხი წლის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ გამოვლენ პარლამენტის სხდომებზე და თავისი ოჯახის წევრის ინტერესებს დაიცავენ და საერთოდ არც ერთი კანონპროექტის ინიცირებით არ დაგვამახსოვრობენ თავს, აღარ გვინდა.

აჭარის მოსახლეობა დაიღალა იმედგაცრუებით და არაფრის მაქნისი მაჟორიტარი დეპუტატებით, რომელებიც წლების მანძილზე იყვნენ აჭარის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენი გამარჯვების შემდეგ, პირველი, რასაც დავაყენებთ საკანონმდებლო ორგანოში, არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აიკრძალოს როგორც პოლიტიკური ძალა. ამის შემდეგ მოხდება სამართლიანობის აღდგენა კი არა, სამართლიანობის დადგენა, რომელიც “ოცნებამ” ვერ მოახერხა. დადგინდება სამართალი და მერე აღდგება ეს სამართალი. შემდგომ, ყველა კანონპროექტი, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, პირველი და უმთავრესი იქნება მიწის კანონი, რომ აჭარელ გლეხს ჰქონდეს საკუთრების უფლება, ჰქონდეს თავისი მიწა და ამ მიწის ბატონ-პატრონი იყოს თვითონ … ართმევს კაცურ კაცს მის მიწას მთავრობა და თითო-თითო ლარად ურიგებს სხვა ქვეყნის გადამთიელებს. ეს არის კონკრეტული კანონპროექტის ინიცირება, რომ მიწის კანონი იქნება მიღებული და ინიცირებული.

ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ პროფესიონალიზმზე და საქმის ცოდნაზე. ჩვენ შორს ვართ პოპულისტური განცხადებებიდან და ჩვენი დეპუტატობის კანდიდატები არიან კონკრეტული საქმის სპეციალისტიტები.

ასევე აუცილებლად იქნება გადახედილი კანონის დონეზე ხელფასებისა და დანამატების, შავი ჯიპების ყიდვის პოლიტიკა… მინისტრს აკრძალული უნდა ქონდეს 30 ათას ლარზე ძვირიანი მანქანის ყიდვა, რიგით ჩინოვნიკს კი აკრძალული უნდა ჰქონდეს სამსახურეობრივი მანქანის უფლება. ნეპოტიზმი აი აქედან მოდის. ადამიანი მიაღწევს რაღაც თანამდებობას, მერე ის პრივილეგიები, რაც შეუძლია მას თავის ნათესავებს გადაუნაწილოს და დაასაქმოს, ეს უნდა იყოს კანონის დონეზე აკრძალული. იმიტომ რომ, ჩვენს ქართველ ჩინოვნიკებს იმდენი ნამუსი არ აქვთ, რომ ეს ღირსებიდან გამომდინარე არ გააკეთონ.

კონკრეტულად, 68-ე ოლქის ამომრჩეველს სოციალური კუთხით რომ წაადგეს, ამ მიმართულებით რა ინიციატივები გექნებათ?

68-ე ოლქი მოიცავს დიდ ტერიტორიას. მანკიერი კანონი, რომლითაც შემოუერთეს ბათუმის მიმდებარე სოფლები და დაბები, რომ მიწის გაყიდვის დროს ფასი უფრო აეწიათ და მყიდველისთვის ეთქვათ აი, ბათუმის მიწებს ვყიდითო. ამ ოლქში „ბერეგზე“, ბარცხანაში, „გარადოკში“ მოსახლეობას დიამეტრიულად განსხვავებული პრობლემები აქვს, ვიდრე მაგალითად ჩაქვში, ციხისძირში, მახინჯაურში, აჭყვაში… ბათუმში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ დაუსაქმებლობის პრობლემა. ბათუმის პრობლემებია ასევე გზები, წყალი, კანალიზაცია, საცხოვრებელი პირობები, სოციალური დახმარებები. დღევანდელი მთავრობა ეუბნება ამომრჩეველს, ჩვენ თუ არ მოგვცემთ ხმას შეგიწყვეტთ სოციალურ დახმარებასო. ამის არაერთი მაგალითია როცა დაზარალებულები მიდიან ჩვენს აქტივისტებთან და უყვებიან ამის შესახებ. ჩვენ არ ვართ იმაზე ორიენტირებული, როგორც ბურჭულაძემ თქვა ,რომ 500 ათასი კაცის მაგივრად მილიონს გავხდითო. პირიქით, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ჩვენი მოსახლეობა სოცილაურ დახმარებაზე კი არ ცხოვრობდეს, არამედ თავისი სამუშაო ადგილები ჰქონდეს. შორს ვართ იმისგან, როცა იძახიან – მილიონი სამუშაო ადგილი, 100 სამრეწველო ქარხანა – ეს არის ტყუილი, პოპულიზმი, არჩევნების წინ მოგონილი.

ჩვენს პროგრამაში გაწერილია, რომ ყველა რაიონულ ცენტრში, დაბაში აშენდება მცირე საწარმოები. მცირე საწარმოები არის ჩვენი ხსნა. შეთანხმებული და შესწავლილია მსოფლიო დონის ეკონომისტების მიერ, რომ ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც ვართ ჩვენ, დიდი, ინდუსტრიული ობიექტების მშენებლობა არის ტყუილი, არის პოპულიზმი. წარმოიდგინეთ, მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ 2–3 ათასი მცირე ზომის საწარმო გავაკეთოთ: გადამამუშავებელი, დასაფასოებელი … ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქცია არის ხილი, მწვანილები … პრობლემა გვაქვს ამის გადამუშავების და დაფასოების. ასევე, სამაცივრე მეურნეობები, სადაც 5, 10, 15 კაცი იქნება დასაქმებული. საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი მცირეა. ჩვენთან არიან მდიდრები და ღარიბები. არ აწყობს ჩვენს მთავრობას, რომ საშუალო ფენა შეიქმნას, ვინაიდან საშუალო ფენის კონტროლი, დამოუკიდებელი ადამიანის კონტროლი არის რთული. ამიტომ, ყველა მთავრობას აწყობს ჰყავდეს გაჭირვებულები, სოცილურად დამოკიდებული მოსახლეობა. ამას ჩვენ დავამთავრებთ. ჩვენი პარტიის მოღვაწეობის პერიოდში მთავარი ამომავალი წერტილი არის ადამიანი, ადამიანის კეთილდღეობა და თითოეული ჩვენი პარტიის წევრი თავისი საქმიანობით, დაუნდობელი საქმიანობით ისეთი წყობილებების წინაშე როგორიც იყო “ნაციონალური მოძრაობა” და თუნდაც, დღეს, “ქართული ოცნება”. ყოველთვის ვიბრძით ადამიანის უფლებების დაცვაზე, ჩვენ ვიბრძვით ღირსების და პატივის აღდგენაზე, რომელიც ფეხქვეშ არის გათელილი. ეს არის ჩვენი უმთავრესი მესიჯი ჩვენი ამომრჩევლის მიმართ.

ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მინდა გკითხოთ…

მე, როგორც ამ საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, გამოვალ ინიციატივით, რომ ყველა ასაშენებელი სახლის პროექტი, რომელსაც ქალაქის მერია გასცემს, იყოს აუცილებად ფართო ფენების განხილვის საკითხი. ჩამოვართვათ მიკერძოებულ ჩინოვნიკებს უფლება, რომლებმაც არ იციან არც ქალაქის ურბანული განვითარება, არც სტრატეგია არ გააჩნიათ და მხოლოდ ნაცნობ–ახლობლობით გასცემენ მშენებლობის ნებართვებს. დღეს, ქუდი რომ გადააგდო, შეიძლება მშენებელს დაეცეს, მაგრამ ისინი მშენებლები არ არიან. როდესაც ქალაქში არ არსებობს ურბანული განვითარების და სტრატეგიული დაგეგმარების არანაირი საბუთი, როდესაც სიფრიფანა ქაღალდებს აფრიალებენ, მაღალსართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვას გასცემენ და არ არის გათვალისწინებული რეკრეაციული ზონის მოწყობა, ავტომანქანების პარკინგის მოწყობა სარდაფებში, არ შეიძლება ამ ნებართვების გაცემა. გარდა ამისა. საერთოდ რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც უამრავი ტურისტი დადის, სურათს იღებს და საათი არ მუშაობს. ქალაქს მერი ჰყვს? ქალაქს პატრონი ჰყვავს?

თვითმმართველი ქალაქის აღმასრულებელი ორგანოების მუშაობის კონტროლის საჭიროებას ხედავთ?

მუშაობით არავინ მუშაობს. ისინი მხოლოდ იღებენ ხელფასს, რომელიც ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით არის გაცემული. ნებისმიერ საკითხზე რომ მიმართო თვითმმართველობებს, გამგეობებს, რაიონულ ორგანიზაციებს, ვერავინ გცემს პასუხს ან გპასუხობენ ერთი და იგივეს – მე არავინ არაფერს არ მეკითხება, მე ვერ გადავწყვეტ ამ საკითხსო. თუ ვერ წყვეტენ, რად გვინდა მერია? რად გვინდა აჭარის მინისტრთა საბჭო. უნდა იყვნენ მცოდნეები. უნდა იცოდნენ კანონით რა ევალებათ, რა არ ევალებათ. იციან მარტო თვის ბოლოს ხელფასის აღება, დანამატების დამატება და პრემიების გამოწერა, მაგრამ არანაირი კვალიფიცერებული პასუხი მაგათ არ ხელეწიფებათ.

როგორი იქნება თქვენი გეგმა „ოცნების ქალქში“ მცხოვრები ადამიანების მიმართ და, ზოგადად, როგორი უნდა იყოს „ოცნების“ პოლიტიკა ამ მხვრივ?

ჩვენს პროგრამაში გაწერილია, რომ ქვეყნის ბიუჯეტის ორი პროცენტი იყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, ასევე ოთხი პროცენტი არის გამოყოფილი საყოფაცხოვრებო პროლემების მოსაგვარებლად. ეს ოთხი პროცენტი საკმარისია იმისთვის, რომ ყველა ადამიანს ,ვისაც გააჩნია მინიმალური ანაზაღურების მქონე სამსახური, ასევე ახალგაზრდა წყვილები, რომლებიც დაოჯახდებიან, მთელ მსოფლიოშია ამის პრაქტიკა… ყველა ადამიანს აქვს საშუალება გამოიტანოს გრძელვადიანი სესხები, შეიძინონ უძრავი ქონება და ნელ-ნელა გადაიხადონ – ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანს ექნება თავისი კერა. გარდა ამისა, საჭიროა მუნიციპალური მშენებლობების აღდგენა, ყველა ნებართვაში, რომელიც გაცემული იქნება, აუცილებლად ჩადებული იქნება პირობა, რომ საყოფაცხოვრებო ფართი უნდა გადეცეს მუნიციპალიტეტს.

უმცირესობების უფლებებზეც მინდა გკითხოთ.

თვითონ სიტყვა უმცირესობა დამამცირებელია. უმცირესობა ნიშნავს რაღაცა მცირე ოდენობას. ჩვენთან აჭარაში ტრადიციული რელიგიები, ისეთი როგორიც არის მართლმადიდებლობა, როგორიც არის მაჰმადიანობა, კათოლიციზმი და გრიგორიანელობა შეიძლება რაოდენობა მათი იყოს ზოგის მეტი, ზოგის ნაკლები, მაგრამ რელიგიური აღმსარებლობა არ უნდა იყოს დიფერენცირებული უმცირესობებზე და უმრავლესობაზე. ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგები ვართ რამენაირი დისკრიმინაციის, სექტებზე არა მაქვს საუბარი. ტრადიციული რელიგიის მიხედვით ღმერთის გზა ერთია, მასთან მისასვლელი გზები არის სხვადასხვა. დიახ ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით თურქეთის და მის უკან კიდევ არაბული და არავინ რომ არ იცის და ჩვენი სამართალდამცავი ორგანიები საერთოდ რომ არ მუშაოებენ რა ფულის ექსპანსია უნდა შემოდინებულიყო აჭარაში და აშენებულიყო აზიზიეს და სულთანის სახელობის მეჩეთი. ჩვენ ამის წინააღმდეგ გამოვედით. ჩვენი პარტიის მთელი აქტივი ამის წინააღმდეგი იყო და ჩვენ ვიყავით ერთადერთი პარტია, რომელიც ამას წინ აღუდგა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აჭარელ მაჰმადიანს თავისი შემოსავლების ნაწილით თუ უნდა რომ ააშენოს მეჩეთი, საქართველოში ჩვენ ამის წინააღმდეგ ნამდვილად არ წავალთ.

ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2“- ს ეთერში თქვა თქვენმა ლიდერმა, რომ თურქეთი არის მტერი…

პოლიტიკაში მეგობრობა და ძმაკაცობა არ არსებობს, იქ იყო საუბარი მოყვრობაზე და მტრობაზე. ლევან ვარშალომიძე გამოვიდა და თქვა თურქები და ჩვენ ერთნი ვართო . გეოპოლიტიკაში არის პარტნიორობა, რომელიც შეიძლება იმ სახელმწიფოს აწყობდეს. ძმაკაცობა არის სახლში, ოჯახში. კომუნისტების პერიოდში იყო ხალხთა მეგობრობა, ხალხთა მეგობრობა არ არსებობს. რაც შეეხება იმას, რომ თურქეთი არის ჩვენ მტერი – ყველა ჩვენი მტერია, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ სწორი თანმიმდევრული პოლიტიკით. საქართველოს ინტერესების პოლიტიკით, თურქეთთანაც, ირანთანაც, სასომხეთთანაც, აზერბაიჯანთანაც და ასე შემდეგ. ყველა ქვეყნის მიმართ საქართველოს პოლიტიკოსები, რომლებსაც მართვა აბარიათ აგრესიული რიტორიკით კი არ უნდა გამოდიოდნენ. გახსოვთ ალბათ 2008 წელს სადამდე მიგვიყვანა აგრესიულმა რიტორიკამ. რაც შეეხება თურქეთს, დღევანდელი ჩვენი დამოკიდებულება თურქეთის მიმართ არ არის ნამდვილად თანაბარი. ჩვენ თურქეთი გვიყურებს, როგორც პატარა ქვეყანას, მათი საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლებით არაერთხელ უთქვამთ, რომ ეს არის ჩვენი სამშობლოო. ჩვენ თურქეთი გვიყურებს, როგროც თავისი ქვეყნის ერთ-ერთ ვილაიეთს.

რუსეთი როგორ გვიყურებს?

როგორც თავისი ქვეყნის გუბერნიას. ამიტომ ჩვენი მესიჯი არის ის, რომ თურქეთში, რუსეთში, ვაშინგტონში თუ ტოკიოში, ყველგან საქართველოს ინტერესები უნდა გავატაროთ.

მაჟორიტარი კანდიდატი: ქობულეთს უნდა ჰყავდეს თავისი არჩეული მერი

გიორგი რომანაძე ქობულეთის 71-ე სარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში, პარტიიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. საბანკო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ ის პირდაპირ ქობულეთის გამგებლად დაინიშნა. ამბობს, რომ ეს თანამდებობა მისმა მეგობარმა, არჩილ ხაბაძემ შესთავაზა. 2014 წლიდან  გიორგი რომანაძე აჭარის გზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. „გზა ისევ მთავარი პრობლემაა ქობულეთში,“ – ამბობს მმართველი პარტიის კანდიდატი.

პოლიტიკური გამოცდილება არ მაქვს ნამდვილად. ვერ ვიტყვი, რომ ეს პლიუსია. ვერც იმას ვიტყვი, რომ ძალიან დიდი მინუსია. მხოლოდ პოლიტიკა არ არის რეალურად მთავარი. რისი გამკეთებელი ხარ, ეს აინტერესებს ხალხს. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ის უფროა მნიშვნელოვანი, როცა პოლიტიკით მოწამლული არ ხარ. ვთვლი, რომ პოლიტიკასაც აქვს თავისი წესები, რომლებსაც თანდათან ვეცნობი და ვსწავლობ.

2013 წელს პარტია „ქართული ოცნების“ წევრიც გახდით და გამგებელიც. აქედან ჩანს, რომ თქვენ პარტიამ მიგიზიდათ თავისი იდეოლოგიით, თუ ასე მოხდა იმიტომ, რომ არჩილ ხაბაძის მეგობარი იყავით?

არჩილ ხაბაძე ახლაც ჩემი მეგობარია… არჩილი მიცნობდა ბანკიდან. იცოდა რეალურად, რის გამკეთებელიც ვიყავი. იმ პერიოდში იყო ვაკანსია ქობულეთში გამგებლის პოზიციაზე და გამიშვა. იმ გუნდის წევრი ვიყავი, წარმადგინეს გამგებლად და სავალდებულოდ ჩავთვალე, რომ გავმხდარიყავი პარტიის წევრიც. არავის დაუვალებია, შემოდი პარტიაშიო. თითქმის ნახევარ წელიწადზე მეტი ხანი ვიყავი გამგებლად, როცა პარტიაში შევედი. ამით დავადასტურე, რომ ვიყავი ამ გუნდის წევრი. ეს რომ არ გამეზიარებია, ვინ მამუშავებდა გამგებლად? გამგებელი როცა ხარ, გამოდის, რომ იზიარებ კიდეც მმართველი პარტიის შეხედულებებს.

ფიქრობთ, რომ გამგბელი აუცილებლად პარტიული უნდა იყოს?

როდესაც გუნდის წევრი ხარ, რაღაც ეტაპზე იზიარებ კიდეც მათ შეხედულებებს, მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ გაიზიარო…

კონკრეტულად რა პრობლემის გააქტიურებას აპირებთ, თუკი მოხვდებით უმაღლეს საბჭოში?

მაქსიმალური ჩართულობაა საჭირო, მაგალითად, ნაპირსამაგრ სამუშაოებზე, რომელიც ძირითადად აწუხებს ფიჭვნარის დასახლებას… სოფლებში ყველაზე დიდი პრობლემაა გაზი, წყალი და გზა. საუბედუროდ, 21-ე საუკუნეში ეს პრობლემებია ისევ 80 პროცენტი. მხოლოდ რამდენიმე სოფელი იყო ისეთი, სადაც პრობლემად ინტერნეტის არქონა დამისახელეს. საბავშვო ბაღებიც პრობლემაა. ბაღები რომ უფასო გახდა, მოთხოვნა გაიზარდა გეომეტრიული პროგრესიით. მინიმალური იყო გადასახადი – 25 ლარი, მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც პრობლემა ყოფილა.

კონკრეტული ფინანსური გათვლები თუ გაქვთ, რა რესურსით შეიძლება მოგვარდეს ესა თუ ის პრობლემა?

მე ვეუბნები ხალხს, რომ მაქსიმალურად ჩავერთვები ბიუჯეტის შედგენის დროს. ვიცი, როგორ ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა, მედიატორობას ვთავაზობ ხალხს. როცა ადამიანი მეუბნება, რომ არ მაქვს გზა, ვპირდები, რომ მაქსიმალურად ვეცდები პრობლემა უახლოეს პერიოდში მოვუგვარო.

რატომ უნდა დაიჯეროს ამ სახის დაპირება ამომრჩეველმა?

ვეუბნები, რომ არჩევენებამდე საკმაოდ ბევრი დრო არის და მოიკითხე, ვარ თუ არა გამკეთებელი-მეთქი… ამომრჩეველს ვეუბნები იმასაც, რომ 100 პროცენტით ჩემზე არაა დამოკიდებული დაფინანსდება თუ არა, მაგალითად, გზის დაგება. მე უნდა დავარწმუნო საბჭოს სხვა წევრებიც, რომ, მაგალითად, სოფელ ჯიხანჯურში გზის გაკეთება აუცილებელია…

საკანონმდებლო დონეზე რა შეიძლება შეცვალოთ, რაც პოზიტიურად აისახება ქობულეთზე?

ქობულეთს უნდა ჰქონდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. მნიშვნელოვანია ეგ, რომ ქალაქის და სოფლების ბიუჯეტები იყო გამიჯნული. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი აძლევს მუნიციპალიტეტს რეგულაციებს, რაც განავითარებს ქალაქს… ქობულეთს უნდა ჰყავდეს თავისი არჩეული მერი, რომელიც უშუალოდ მიხედავს ქალაქს.

კონკრეტულად საკანონმდებლო სივრცეში რა შეიძლება შეცვალოთ, როგორც კანონმდებელმა?

სიმართლე გითხრა, ამ ეტაპზე მაგაზე არ მიფიქრია. სხვა მიმართულებით ვმუშაობთ. იქნება დრო, რომ მაგაზეც ვიფიქრებთ.

P.S. გიორგი რომანაძეს დამთავრებული აქვს ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსები და ბანკების სპეციალობა. 1997 წლიდან ის საბანკო სექტორში მუშაობდა, იყო რამდენიმე ბანკის მმართველი. 2013 წლის 24 აგვისტოს გიორგი რომანაძე ქობულეთის გამგებლად დაინიშნა. 2014 წლიდან იგი აჭარის გზების სახელმწიფო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

Exit mobile version