მთავარი,სიახლეები

მერი ბიუჯეტის ცვლილებებს მოითხოვს, ოპოზიცია – მერის იმპიჩმენტს

21.09.2016 • 1490
მერი ბიუჯეტის ცვლილებებს მოითხოვს, ოპოზიცია – მერის იმპიჩმენტს

“ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი ცდილობს ამომრჩევლის მოსყიდვას. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას,” – ამბობს გიორგი კირთაძე. ის ბათუმის საკრებულოს წევრია და ასევე 69-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა ბიუჯეტში ცვლილების შეტანის მოთხოვნით. „ერმაკოვი აცხადებს, რომ ფორსმაჟორული სიტუაცია აქვს და სტიქიის გამო ინფრასტრუქტურული სამუშაოებია გასაკეთებელი. ამისთვის ის 2 მილიონ 225 ათას ლარს ითხოვს. რეალურად წინა წლის სამუშაოებია გაწერილი, რომლის გაკეთების აუცილებლობაც თითქოს ახლა გაჩნდა. ფორსმაჟორობაზე ამოფარებით ცდილობს ხელისუფლება ამომრჩევლის მოსყიდვას,“ – უთხრა გიორგი კირთაძემ „ბათუმელებს“.

გიორგი კირთაძემ დღეს საკრებულოს ბიუროს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რის შემდეგაც სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. კირთაძე საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე მერის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ითხოვს, რასაც საკრებულოს 9 წევრის ხელმოწერა სჭირდება: „ჩვენ სამნი ვართ, „ნაციონალები“, მაგრამ ოპოზიციური ფრაქცია ბევრია საკრებულოში. ვნახოთ, როგორ მოიქცევიან ისინი ხვალ…”.

კითხვაზე, როგორ მოახერხებს ამ სვლით მმართველი პარტია ამომრჩევლის მოსყიდვას, როცა პროექტების განხორციელებას ტენდერის გამოცხადება და შესაბამისი დრო სჭირდება, გიორგი კირთაძემ გვითხრა, რომ ეჭვი ერმაკოვის კორუფციულ გარიგებებზეც აქვს: „დიდი ალბათობით გამოცხადდება პირდაპირი შესყიდვები, რადგან ფორსმაჟორზე საუბრობს ერმაკოვი და ამით იგი თავისი მეგობარი ბიზნესმენების გულსაც მოიგებს”.

ბათუმის მერიაში ამომრჩევლის მოსყიდვას გამორიცხავენ. აქ გვითხრეს, რომ მერია რუსთაველის ქუჩაზე, სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ მიწის ნაკვეთის პრივატიზაციის შედეგად შემოსავალს ელიან, რითაც სხვადასხვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას შეძლებენ: “წლის განმავლობაში არაერთი პრობლემა დაგროვდა სტიქიის შედეგად. ჩვენ წერილებით მივმართავდით და ფინანსურ დახმარებას ვთხოვდით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. მოვითხოვდით დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან საკმაოდ სოლიდურ ხარჯებთანაა ეს სამუშაოები დაკავშირებული. რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი, რომ ბათუმს უკვე ჰქონდა ახალი ფინანსური შემოსავალი და შესაბამისად დაფინანსების გამოყოფის საჭიროება აღარ არსებობდა,” – ამბობს არჩილ ვანაძე, ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე.

არჩილ ვანაძე არ გამორიცხავს, რომ სამუშაოების ნაწილი შესაძლოა პირდაპირი შესყიდვის გზით განხორციელდეს: „ასეთი იქნება სულ რამდენიმე შემთხვევა, სადაც გადაუდებელი სიტუაციაა. ყველა ასეთი პროექტი შეთანხმებული იქნება საკრებულოსთან“.

საკითხის შესწავლას აპირებს „სამართლიანი არჩევნები“. აქ გვითხრეს, რომ ფორსმაჟორს ნამდვილად ცნობს საარჩევნო კანონმდებლობა, მაგრამ გასარკვევია, რამდენად არის ბიუჯეტის ცვლილების მოთხოვნა ამ შემთხვევაში კანონთან შესაბამისი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: