Batumelebi | ყველაზე ძვირადღირებული ფესტივალი ბათუმში ყველაზე ძვირადღირებული ფესტივალი ბათუმში – Batumelebi
RU | GE  

ყველაზე ძვირადღირებული ფესტივალი ბათუმში

 

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში წელს პირველად იმართება. მისი ბიუჯეტი ბათუმში აქამდე გამართულ ყველა ფესტივალს აღემატება. ფესტივალს, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სხვადასხვა დამფინანსებელი ჰყავს, თუმცა ფესტივალისთვის ყველაზე მეტი თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ბათუმის საკრებულომ ფესტივალი 400 ათასი ლარით დააფინანსა, თანხა გამოყოფილია საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდანაც. ფესტივალის მთლიანი ღირებულება ოთხასი ათასი დოლარია. საია და ბათუმის საკრებულოს მრჩეველთა საბჭო ფესტივალისათვის ამ ოდენობის ბიუჯეტის დამტკიცებას ნეგატიურად აფასებენ.
 

 

ბერლინის კრეატიული სკოლის იდეების პრეზიდენტი მაიკლ კონრადი ბათუმში ჩამოვა

 

 

ფესტივალის ფარგლებში ბათუმში 300-ზე მეტი მონაწილე ჩამოვა. დაგეგმილია რეკლამისა და მარკეტინგის სფეროში მომუშავე მსოფლიოში ცნობილი ტრენერების ჩამოყვანა. ამ დროისთვის არც ჟიურის წევრების ზუსტი რაოდენობაა დაზუსტებული, თუმცა გაწერილია მათი დაბინავების, ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯები:

 

„ჟიურის წევრების სასტუმროში განთავსებისთვის ბიუჯეტში 94 200 ლარია გათვალისწინებული, ტრანსპორტირებისთვის – 80 ათასი ლარი, კვებაზე კი – 24 300 ლარი“, – განაცხადა მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ლამზირა ბოლქვაძემ.

 

საორიენტაციოდ გაწერილი ბიუჯეტის ნაწილი ასე გამოიყურება: სარეკლამო-საბეჭდი მასალების დამუშავება – 25 ათასი ლარი; ფესტივალის პრიზები – 6 500 ლარი; ფესტივალის ჟიურის საჩუქრების იდეების შემუშავება-შესყიდვა – 9 280 ლარი; ფოტო-ვიდეოგადაღების ორგანიზება – 6 400 ლარი; კონფერენციების, სემინარების ჩატარება – 12 ათასი ლარი, კულტურული საღამოს პროგრამები – 29 120 ლარი; საღამოს ყველა პროგრამის მენიუ – 55 ათასი ლარი. ბიუჯეტით გათვალისწინებულია ნინო ქათამაძის კონცერტიც.

 

„გარდა ბათუმის მერიისა, ფესტივალს საქართველოს მთავრობაც აფინანსებს“, – ამბობს ფესტივალის პრეზიდენტი ვატო ქავთარაძე. თუმცა, არ აზუსტებს ფესტივალის კონკრეტულად რა ნაწილს მოხმარდება საქართველოს მთავრობის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.

 

მერიის ბიუჯეტიდან რეკლამის ფესტივალისთვის თანხის გამოყოფა ნეგატიურად შეაფასეს საიამ და საკრებულოსთან არსებულმა მრჩეველთა საბჭომ. მათი განცხადებით, ფესტივალისთვის ბიუჯეტის დამტკიცება „ცალსახად ნეგატიური ფაქტია“. ისინი ნეგატიურად შეფასების საფუძვლად სამ სამართლებრივ პუნქტს ასახლებენ. პირველი პუნქტის მიხედვით, საკრებულოს სხდომაზე არ იყო წარმოდგენილი ფესტივალის დეტალური აღწერილობა, არამედ „ზოგადი ხასიათის დოკუმენტაცია. სადაც არ არის გაწერილი ფესტივალის მოსალოდნელი შედეგები და ის, თუ რა კრიტერიუმებით გეგმავენ ღონისძიების შეფასებას“.

 

შემდეგი შენიშვნა ფორსმაჟორულ გადაწყვეტილებას შეეხება. „არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფესტივალი სხვა ქალაქში უნდა ჩატარებულიყო, რომ ეს ღონისძიება ინიცირებულია ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას და არღვევს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 65-ე მუხლს ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების საბიუჯეტო დამოუკიდებლობის შესახებ, ასევე დოკუმენტში არ არის დასაბუთებული ფესტივალის დაფინანსების აუცილებლობა“, – ნათქვამია საიას და მრჩეველთა საბჭოს ერთობლივ განცხადებაში.

 

ბათუმის მერია ყოველწლიურად ოთხ ფესტივალს აფინანსებს ბიუჯეტიდან, რისთვისაც მთლიანობაში 290 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. თუმცა, რეკლამის ფესტივალი ყველაზე ძვირადღირებულია. მაგალითად, ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის ბიუჯეტი მთლიანობაში 193 500 ლარია, აქედან მერიის წილი 120 ათასი ლარია.

 

რეკლამის ფესტივალის ბიუჯეტი აღემატება ისეთი ღონისძიებების ბიუჯეტსაც, როგორიც იყო, მაგალითად, ევროპის ჩემპოინატი ჭადრაკში, რომელშიც 98 ადამიანი მონაწილეობდა და 200 ათას ლარამდე დაჯდა; ასევე, ნატოს სამიტი ბათუმში დაახლოებით 700 ათასი ლარი დაჯდა, ხოლო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით 27-28 ივნისს თბილისსა და ბათუმში გამართული ღონისძიებებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 998 ათასი ლარი დაიხარჯა.

 

ვატო ქავთარაძე მიიჩნევს, რომ ფესტივალისთვის გამოყოფილი თანხა ადეკვატურია: „ამ მასშტაბის ფესტივალები გაცილებით ძვირი ჯდება ხოლმე. მაგალითად, კანის ლომების ფესტივალი 50 მილიონი დოლარია. ფესტივალისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო თანხა 650 ათასი ლარია, რეალურად, ფესტივალი სადღაც 400 ათასი დოლარი ჯდება.“ – ამბობს ის.

 

ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის ჩატარების იდეა კომპანია Ad Black Sea-ის ეკუთვნის, რომლის პარტნიორები უკრაინელები არიან.
ფესტივალის პრეზიდენტის ვატო ქავთარაძის განცხადებით, რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის მზადება რამდენიმე წელია მიმდინარეობს და საქართველოს მთავრობამ ფესტივალის დაფინანსების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ მიიღო, „მოლაპარაკებები გვქონდა ბათუმის მერიასთანაც.“

 

ვატო ქავთარაძე მიიჩნევს, რომ რეკლამის ფესტივალი ბათუმისთვის მომგებიანი იქნება და ის ქალაქის ცნობადობას გაზრდის: „თავდაპირველად ფესტივალის თბილისში ჩატარება იგეგმებოდა, თუმცა საბოლოო არჩევანი ბათუმზე გაკეთდა. ყველა შევჯერდით იმაზე, რომ ბათუმი უფრო ოპტიმალური ლოკაციაა ამისთვის, იმიტომ, რომ ის გარკვეულწილად იმეორებს კანის ფესტივალის მოდელს, რომელიც ერთგვარი კანონმდებელია სარეკლამო ფესტივალების. ზღვას, მზეს თავისი ხიბლი აქვს და ბათუმიც ზუსტად კარგად ჩაჯდა ამ კონტექსტში“, – ამბობს ის.
ფესტივალის მხარდაჭერის მოტივს ბათუმის მერიაშიც ქალაქის ცნობადობის გაზრდით ხსნიან.

 

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალში ძირითადად შავი ზღვის რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მონაწილეობენ.
რეკლამის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა კონკურსანტებისთვის ფასიანია, 60-90 ევრო ღირს. უფასოდ მონაწილეობას მხოლოდ ქართველი კონკურსანტები მიიღებენ. ვატო ქავთარაძის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ამ დროისთვის რეგისტრაცია სამასამდე კონკურსანტმა გაიარა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე