მახუნცეთში მდინარეში ჩავარდნილ ტურისტს ეძებენ

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში მდინარეში ჩავარდნილ ტურისტს ეძებენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს.

„დაკარგული ტურისტი სავარაუდოდ ჰოლანდიელია, დაკარგულის შესახებ ინფორმაცია სამის ნახევარზე შემოვიდა, ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ბათუმიდანაც ამოვიდა ბრიგადა ნავებით“ – აცხადებენ ქედის სამაშველო სამსახურში

ამ წუთებში მიმდინარეობს სამძებრო სამაშველო სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მუნიციპალიტეტებში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში წვიმს, რის გამოც ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესებიც განვითარდა.

მთავრობის ინფორმაციით, რაოდენობრივად ყველაზე მეტ ადგილას მეწყერი და ნიაღვარი სწორედ ქედის მუნიციპალიტეტში განვითარდა.

 

ამავე თემაზე: მთავრობა: სტიქიამ განსაკუთრებით ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტები დააზარალა.

მთავრობა: სტიქიამ განსაკუთრებით ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტები დააზარალა

დღეს მთავრობის სახლში, ბოლო დღეებში გადაუღებელი წვიმების შედეგად, მაღალმთიან აჭარაში გააქტიურებული სტიქიური პროცესების შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა.

მთავრობის ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველა ცენტრალური მნიშვნელობის გზა გაწმენდილია და მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდა, განვითარებულ მეწყრულ პროცესებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტი, გეოლოგიური სამსახურები და მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები.

მტავრობა მოუწოდებს მუნიციპალიტეტების მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ხაზის ნომერზე: 27 20 01 ან მიმართონ 112.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის კახა შაშიკაძის ინფორმაციით, სტიქიურმა პროცესებმა განსაკუთრებით ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტები დააზარალა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები წუხელ ღამით 6 სოფელში განვითარდა, ამჟამად გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სარფში, კერძოდ კალენდერეს დასახლებაში, ასევე  ზედა ჯოჭოს, ახალშენის, კიბესა და ორთაბათუმის ტერიტორიებზე.

შუახევის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები 7 ობიექტზე გააქტიურდა, ასევე სოფელ ტაკიძეების ორ უბანში. რამდენიმე ლოკაციაზე დაზიანდა საავტომობილო გზები, მიწის მასა ჩამოიშალა სოფელ ჭვანაში, ჭვანა-წყალსაყრის გზის დასაწყისში  და სოფლების – ნიგაზეულის, ნენიის და წაბლანის გზებზე. აღნიშნულ მონაკვეთებზე მოზრაობა არ შეფფერხებულა,

კახა შაშიკაძის თქმით, გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ქედის სხვადასხვა თემში 7  მიმართულებით და გამოდარებისთანავე დაიწყება მუშაობა ხარაულაში, ჯალაბაშვილებსა და ჯაიმელაში, სადაც 6 – 6 ოჯახია უგზოდ დარჩენილი. გაწმენდიტი სამუშაოები მიმდინარეობს ზედა მახუნცეთში, ბელტაურისა და დავითაძეების მიმართულებითაც.

მთავრობა ზარალს ითვლის.

როგორ გავუმარტივოთ პირველკლასელებს სკოლასთან შეგუება

ბაღიდან სკოლაში გადასვლა ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. როგორ გაუმკლავდებიან ისინი ამ პროცესს, დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორი მხარდაჭერა ექნებათ მათ უფროსებისგან. ფსიქოლოგების შეფასებით, ბავშვის პიროვნული ჩამოყალიბების პირველი ბაზა სწორედ სკოლასა და სასწავლო პროცესს უკავშირდება, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპის სწორი დასაწყისი. იმის შესახებ, თუ როგორ გავუმარტივოთ პატარებს სკოლასთან და სასწავლო პროცესთან ადაპტაცია, „ბათუმელებს“ ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე ესაუბრა.

ირმა კვაჭაძე, ფსიქოლოგი

პირველ კლასში წასვლას ზოგიერთი ბავშვი დიდი სიხარულით ხვდება, ზოგიერთი პირიქით – კატეგორიულად აპროტესტებს. რა ხდება ამ დროს ბავშვის ფსიქიკაში?

პირველი განსხვავება, რაც სკოლას აქვს ბაღისგან, არის უფრო დირექტიული რეჟიმი, უფრო მკაცრი ჩარჩოები – ბავშვს პირველად თავის ცხოვრებაში, 45 წუთის განმავლობაში, ანუ დროის რაღაც ფიქსირებულ მონაკვეთში – უწევს ჯდომა ერთ ადგილას.

ბავშვს უჭირს გადართვა იმაზე, რომ მას არ შეუძლია ნებისმიერ დროს ადგეს და გაიაროს ისე, როგორც მას მოესურვება. საამისოდ იგი კონკრეტულ სიგნალს უნდა დაელოდოს, როცა აქამდე ის სრულიად თავისუფალი იყო ამ მხრივ – სწორედ ამ ნიუანსებთან შეგუება უჭირთ მათ პირველ ეტაპზე. კარგი იქნება, თუ ჯერ კიდევ ბაღის სისტემაში უფრო აქტიურად დაინერგება დროში გაწერილი აქტივობები, რადგან სკოლამდე ბავშვები არ არიან მოქცეული ჩარჩოებში და რაღაც კონკრეტული თარიღის მერე უწევთ ქცევის შეცვლა. ზოგან უკვე შემოიღეს 45-წუთიანი თუ არა 20-წუთიანი გაკვეთილის ფორმატის აქტივობები, ეს უადვილებს ბავშვებს ბაღიდან სკოლაზე გადაწყობას, სკოლის რეჟიმთან შეგუებას.

რაც შეეხება პირველ კლასში წასვლის სიხარულს, ბავშვს ზოგადად, უხარია სიახლე _ ახალი ჩანთა, ახალი ტანსაცმელი, აქვს გარკვეული მოლოდინები, რეალურად კი, იმის ადეკვატურად გაცნობიერება, თუ რას ნიშნავს შინაარსობრივად სკოლა, რა შეზღუდვები და წესები ვრცელდება იქ – არ შეუძლია. ამიტომაც არის, რომ ეს პირველი სიხარული ხშირად იმ დღესვე მთავრება ცრემლებით ან უხასიათობით.

ხშირია შემთხვევა, როცა პირველ კვირაში ბავშვს არ აქვს სკოლაში წასვლაზე გართულება, მაგრამ შემდეგ იჩენს თავს უხასიათობა. შესაძლოა ეს მომენტი ერთი თვის შემდეგაც გაუჩნდეს, როცა უკვე ბეზრდება ახალი რეჟიმი. საუკეთესო შემთხვევაში, სკოლასთან ადაპტაციას ათი დღიდან ორ კვირამდე სჭირდება.

არის თუ არა სკოლასთან შეგუების მხრივ უფრო მეტი წინააღმდეგობა იმ ბავშვებში, ვისაც ბაღში არ უვლია?

კი, მათ ნამდვილად უფრო უჭირთ სკოლასთან ადაპტაცია. მაშინ, როცა მშობელი ბაღზე უარს ამბობს ბავშვის პროტესტის გამო, ამ ქცევას ის სხვა დროს და მათ შორის, სკოლაში წასვლაზეც გამოიყენებს. ისტერიკა მანიპულაციური ქცევაა იმისთვის, რომ მშობელმა შეუსრულოს ის, რაც მას უნდა. თუ ბაღში იტირებს და ამის გამო ბაღიდან წამოვიყვანთ, ასეთი ქცევა მას გაუმყარდება და შეეცდება სხვა დროსაც გამოიყენოს მშობლის სამართავად. როცა სკოლაში ეს მეთოდი არ ჭრის, ბავშვი გაუგებრობაშია, ჭირვეულობას უმატებს და შესაძლოა ისტერიაშიც გადაიზაროს მისი პროტესტი. საჭიროა თავიდანვე დაადგინოს მშობელმა, რის გამო უჭირს ბავშვს ბაღთან ადაპტაცია, რომ წლების შემდეგაც ანალოგიური არ განმეორდეს. თუმცა სავალდებულო არ არის ბაღში დადიოდეს ბავშვი, თანატოლებთან ურთიერთობისა და გუნდური მუშაობის გამოცდილება შესაძლოა სხვადასხვა საბავშვო წრეზე სიარულის დროსაც მოაგროვოს, რასაც შემდგომში სკოლასთან ადაპტაციაზე დადებითი გავლენა ექნება.

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს სკოლასთან და სასწავლო პროცესთან შეგუებაში?

სკოლასთან ადაპტაცია გაუადვილდებათ ბავშვებს, თუ მათ წინასწარ მოვამზადებთ ამისთვის. მაგალითად, პირველ დღეს, როცა ბავშვი მიდის სკოლაში, იქ ხვდება ხალხმრავლობა, კლასელები, მასწავლებლები, ამდენი უცხო სახე ბავშვისთვის ძალიან დამღლელია და შფოთვის დონეც მაღალია. ამიტომ სასურველია, ბავშვის პირველი ვიზიტი სკოლაში არ ემთხვეოდეს სკოლის დაწყების პირველ დღეს. პირველი ვიზიტი სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს მშვიდ გარემოში, სწავლის დაწყებამდე, ერთი-ერთზე მასწავლებელთან, რაც ბავშვს მისცემს უფრო დაცულობისა და ინფორმირებულობის განცდას. მისცემს მას დამოკიდებულების შეგრძნებას, რომ მასწავლებელი ეკონტაქტება მას, რაც პირველ დღეს ჭირს ხოლმე, რაც არ უნდა მცირერიცხოვანი იყოს კლასი, ყველა ბავშვთან ინდივიდუალურად კომუნიკაციას ძნელად თუ ახერხებს მასწავლებელი. თუ ბავშვი სწავლის დაწყებამდე გაეცნობა სკოლის ინტერიერს, ნახავს, სად არის იქ საპირფარეშო, სპორტული დარბაზი და ა.შ. გაურკვევლობა იქნება მინიმუმამდე დაყვანილი.

გარდა ამისა, სკოლასთან შესაგუებლად მნიშვნელოვანია ბავშვის რეჟიმში ჩასმა სკოლის გარეთაც, ანუ იმისთვის, რომ სკოლა ბავშვისთვის არ იყოს `სადამსჯელო დაწესებულება~, სადაც მისვლისთანავე, თავისუფლებას ტოვებს გარეთ, საჭიროა მას არასასკოლო დროსაც ჰქონდეს დროის ჩარჩოები კონკრეტულ აქტივობებზე, მაგალითად, 40 წუთი კითხვა, 1 საათი თამაში, 10 წუთი ვარჯიში და ა.შ. არასასკოლო აქტივობები გაწერილი დროის გარკვეულ მონაკვეთებში, უმარტივებს ბავშვს სკოლის რეჟიმთან შეგუებას. არასწორია მშობლების დამოკიდებულება მაშინ, როცა ეუბნებიან ბავშვს, რომ ცოტაც გაუძლოს და მალე შაბათი-კვირა მოვა – ამიტომაც აქვთ მათ სახლში წამოსვლის სურვილი ისე გამძაფრებულად, ფიქრობენ, რომ სკოლიდან გამოვალ და მორჩა. ამიტომ, ის სკოლის გარეთაც რიტმში უნდა იჯდეს.

სასწავლო პროცესთან ადაპტაციას უმარტივებს ბავშვს სკოლაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაც. მაგალითად, როცა იგი მათემატიკაში ისწავლის კონკრეტულ რიცხვებსა და მოქმედებებს, ვთხოვოთ მას მოგვაწოდოს ორი ცალი ლურსმანი ან სამი ვაშლი და ა.შ. მშობლები უნდა შეეცადონ დაუკავშირონ სკოლა სახლს, რადგან იგი არ იყოს განცალკევებული და უცხო დაწესებულება. ბავშვს, განსაკუთრებით პირველკლასელს, ყველაფერი უადვილდება როცა ხედავს, რომ მშობელი ჩართულია იმ სიახლეში, რაც მის ცხოვრებაში ხდება. ეს არ ნიშნავს, რომ მშობლები მხოლოდ ამ პროცესზე უნდა იყვნენ გადართული, უბრალოდ, ის ცოდნა, რაც სკოლაში მიიღო ბავშვმა, უნდა დააკავშირონ ყოველდღიურ ცხოვრებასთან.

სხვა რა მიზეზები შეიძლება აბრკოლებდეს ბავშვის სკოლასთან ადაპტაციას?

ნებისმიერი სხვა მიზეზის დადგენაში მშობელს უნდა დაეხმაროს მასწავლებელი.

ზოგჯერ ათვისების პრობლემებიც იჩენს თავს, რის გამოც ბავშვს თვითშეფასება უდაბლდება, შესაძლოა კლასელებთან კომუნიკაცია უჭირდეს, ან ერთ კონკრეტულ ბავშვთან დაეძაბოს ურთიერთობა.

ხშირად მარტივი მიზეზების გამო აპროტესტებენ სკოლაში წასვლას, მაგალითად, როცა ღამით ძილის ნაცვლად პირველამდე-ორამდე სხვადასხვა გაჯეტებით თამაშობენ, დილით კი, ცხადია, უჭირთ გაღვიძება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური რეჟიმი და ის, რომ ბავშვები 9 საათზე დაწვნენ დასაძინებლად (ბავშვებს ამ ასაკში 10-11-საათიანი ძილი ესაჭიროებათ).

როცა ბავშვისთვის სკოლის პირველი წელი არ არის, მაგრამ ის მაინც ჭირვეულობს სკოლაში დაბრუნებაზე, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პირველი მარკერი, როცა ვხვდებით, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, ეს არის ბავშვის ქცევის და მისი ემოციური მდგომარეობის ცვლილება. თუ ვატყობთ, რომ ბავშვი ჩვეულებრივზე მეტად ღიზიანდება რაღაცაზე, უფრო ემოციური გახდა, ან პირიქით, ჩაიკეტა – მშობლისთვის ეს უნდა იყოს განგაშის ღილაკი. შესაძლოა ბავშვისგან პასუხი ვერ მივიღოთ, თუ რა ხდება მის თავს, რადგან სხვადასხვა მიზეზის გამო მათ არ სურთ ამ თემებზე საუბარი, ამიტომაც მშობელი ყურადღებით უნდა იყოს და შეეცადოს დაადგინოს მიზეზი, ეს, უბრალოდ, ამინდის ბრალია, თუ ბავშვი ბულინგის მსხვერპლია სკოლაში. შესაძლოა ბავშვის ნეგატიური განწყობა სკოლისადმი სახლში მიღებული სტრესების ბრალი იყოს. გარდა ამისა, მესამე კლასში ბავშვისთვის აქტუალური ხდება თვითშეფასების თემა, მათ სურვილი უჩნდებათ პირველობის, მაგრამ, როცა ვერ ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას – იკეტებიან. აქ არის მშობლის და მასწავლებლის ერთობლივი კომუნიკაციის საკითხი, ისინი უნდა იყვნენ მუდმივ კომუნიკაციაში, რათა არც ერთს გამორჩეს ყურადღებიდან პრობლემა. ყველა დამაბრკოლებელ ფაქტორს აქვს მიზეზი, საჭიროა დროულად ვიპოვოთ ის.

______________

მთავარ ფოტოზე: პირველი დღე სკოლაში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

გამომძიებლები საშუალო განათლებით და იურისტის კვალიფიკაციის გარეშე

რა არის საჭირო იმისთვის, რომ გამომძიებელი გახდე – მხოლოდ საშუალო სკოლის ატესტატი. პოლიციის შესახებ კანონი მხოლოდ ასაკობრივ შეზღუდვას აწესებს – გამომძიებელი მინიმუმ 18 წლის უნდა იყოს. აქვე აღნიშნულია, რომ გამომძიებელი ამ პოზიციისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს. უმაღლესი განათლება და იურისტის კვალიფიკაცია სავალდებულო არ არის.

„იმდენად არეულ-დარეული იყო დაკავების ოქმი, მართლა ვერაფერი გავიგე, რას ედავებოდნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს… პასუხი მოგვიანებით სასამართლოში მივიღე, როცა მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა თქვეს, რომ მათ მხოლოდ საშუალო განათლება ჰქონდათ,“ – გვიყვება ადვოკატი ლავრენტი სუხიშვილი. ის ქურდობაში ბრალდებულის, ნოდარ ტატუნაშვილის ინტერესებს იცავდა, ვისზეც სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

ადვოკატის მონაყოლის მიხედვით, გამომძიებლებმა, მათ შორის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა საქმეში არაერთი უზუსტობა დაუშვეს: „დაკავების დროს ოქმებში, როგორც წესი, აღინიშნება სხვადასხვა დრო, მაგალითად, პირის დაკავების, გამოკითხვის, ჩხრეკის, პოლიციის შენობაში მიყვანის, პოლიციის ხელმძღვანელი პირისგან ვიზირების გაცემის დრო. ეს დროები ისე იყო არეული, რომ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა… როცა მოწმის სახით მისცეს ჩვენება გამომძიებლებმა სასამართლოს, აღმოჩნდა, რომ 4 გამომძიებლიდან სამი მხოლოდ საშუალო განათლებით მუშაობდა“.

გამოირიცხებოდა იგივე უზუსტობები, ამ გამომძიებლებს რომ პროფესიული განათლება ჰქონოდათ? – ადვოკატი ფიქრობს, რომ არა, მაგრამ, როცა გამომძიებელი მხოლოდ საშუალო განათლებით მუშაობს, იმის რისკი, რომ უდანაშაულო ადამიანის უფლება დაარღვიონ, იზრდება.

გამომძიებლებს რომ უმაღლესი განათლება და იურისტის კვალიფიკაცია არ მოეთხოვებათ, დაგვიდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. გვითხრეს, რომ კონკურსის დროს, ვაკანტურ პოზიციაზე უპირატესობა იმ კონკურსანტს ენიჭება, ვისაც იურიდიული განათლება აქვს. რამდენი გამომძიებელი მუშაობს ამჟამად სისტემაში უმაღლესი განათლების გარეშე და უტარდებათ თუ არა სპეციალური კურსები? – დეტალებზე კომენტარის მიღება სამინისტროსგან არ მოხერხდა.

„ყველა მეორე საქართველოში იურისტია. ისინი მუშაობენ ტაქსისტებად, სუპერმარკეტებში კონსულტანტებად… რატომ უნდა მუშაობდეს გამომძიებლად ადამიანი საშუალო განათლებით?“ – კითხულობს ზაზა ხატიაშვილი, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი. ის მიიჩნევს, რომ გამომძიებლისთვის აუცილებელია იურიდიული განათლება, რადგან მათ აქვთ პირველადი შეხება დანაშაულის სავარაუდო ჩამდენთან, ან უდანაშაულო პირთან: „ეს არის სისტემური მიდგომა, სახელმწიფოს არ სურს პროფესიონალი კადრები სამართალდამცავ უწყებებში. თუკი ხელისუფლება ორიენტირებულია კანონისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე, რატომ უნდა ასაქმებდე გამომძიებელს საშუალო სკოლის ატესტატით. იმას ხომ ვერ იტყვის ვინმე, რომ იურისტები არ გვყავს“.

იურიდიული განათლების აუცილებლობას გამომძიებლობის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს – მიუკერძოებლობას უკავშირებს ადვოკატი ედიშერ მახარაძე. მას მიაჩნია, რომ ადამიანი ვერ იქნება მიუკერძოებელი, თუ მას სათანადო კომპეტენცია არ აქვს: „არ ვიცი, საერთოდ თუ უნდა ახსნას ვინმემ ის, რომ გამომძიებელს სჭირდება იურიდიული ცოდნა. არ ვიცი, რა ინტერესი აქვს ხელისუფლებას, როცა სისტემას არაკვალიფიციური გამომძიებლებისთვის ღიას ტოვებს. ფაქტია, რომ გამომძიებლის ინსტიტუტი წაშლილია და ის ასრულებს მხოლოდ პროკურორის დავალებებს“.

„ბათუმელები“ ყოფილ გამომძიებლებსაც ესაუბრა. სისტემაში რამდენი გამომძიებელი მუშაობდა, ვისაც იურიდიული განათლება არ ჰქონდა და ქმნიდა თუ არა პრობლემას კვალიფიკაციის უქონლობა – საგამოძიებო უწყების ყოფილმა თანამშრომლებმა ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავეს. მაგალითად, არჩილ ჯორთმენაძემ და უშანგი მიქელაძემ გვითხრეს, რომ ვისთანაც ჰქონდათ კომუნიკაცია, უმრავლესობას იურიდიული განათლება ჰქონდა და გამომძიებლებს ასევე უტარებდნენ გადამზადების კურსებს. უშანგი მიქელაძე: „მე პირადად მაქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და გამომძიებლად დანიშვნამდე გავიარე ერთთვიანი მოსამზადებელი კურსი პოლიციის აკადემიაში, რომლის შედეგადაც გამოცდა ჩავაბარე. დადებითი ქულების მიღების გარეშე, გამომძიებლად არ დამნიშნავდნენ“.

„როდესაც სახელმწიფო პოლიტიკა არ არის ორიენტირებული პოლიციელების უმაღლეს განათლებაზე, ეს არის დამღუპველი,“ _ ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. ამ თემაზე საუბრის დროს ის სხვადასხვა შემთხვევას იხსნებს, როცა გამომძიებლისთვის უწევდა იმის ახსნა, რაც მის სამსახურებრივ მოვალეობას წარმოადგენს და რაც კანონში წერია: „გამომძიებელი არის სახელმწიფო ბიუროკრატიის ის წარმომადგენელი, ვისაც ყველაზე მეტად აქვს შეხება ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან. მართალია, ისინი გარკვეულ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ სამუშაო პრაქტიკის შემდეგ, მაგრამ ვფიქრობ, აღნიშნული მაინც არ არის საკმარისი, ვინაიდან ადამიანის უფლებები არ არის მხოლოდ პრაქტიკული სფერო, იგი მოიცავს ბევრ თეორიულ ასპექტს, სადაც საჭიროა ცოდნა და გამოცდილება.“ გიორგი ხიმშიაშვილისთვის გამონაკლისი მაშინაა მისაღები, თუ რეგიონებში კადრების მოძიება არის პრობლემა.

სომხეთის კონსული ბათუმში: მე მივეკუთვნები იმ თაობას, რომელიც ოცნებობდა თავისუფლებაზე

აჭარაში ჩამოსული ტურისტების ნაკადის მხრივ წლებია სომხეთი პირველ ხუთეულშია, 2016 წლის აგვისტოში, ისევე როგორც გასული წლის ამავე პერიოდში, აჭარაში ყველაზე მეტი ტურისტი სწორედ სომხეთიდან შემოვიდა. სომხეთი აჭარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ციტრუსის რეალიზაციის მხრივაც. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს აჭარიდან სომხეთში 785 ტონა სტანდარტული მანდარინი გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 3,06%-ია. რამდენად მჭიდრო ბიზნესთანამშრომლობა აკავშირებს სომხეთსა და აჭარის რეგიონს და რა პერსპექტივები აქვს ორ მხარეს ტურიზმის განვითარების მხრივ – ამ და სხვა თემებზე „ბათუმელები“ სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ეღიშე სარგსიანს ესაუბრა.

ბატონო ეღიშე, აჭარას, განსაკუთრებით ქობულეთსა და ბათუმს, საკმაოდ ხშირად ირჩევენ სომეხი ტურისტები დასასვენებლად. როგორც ვიცით, თქვენი და აჭარის მეთაურის შეხვედრისას სომხეთიდან აჭარის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაზეც ისაუბრეთ. სხვა რა ერთობლივი გეგმები გაქვთ ტურიზმის მიმართულებით?

ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ სურვილი ორივე მხრიდან, სურვილი იმისა, რომ გაგრძელდეს ტურიზმის განვითარება სომხეთიდან აჭარაში, კერძოდ ბათუმში და შეძლებისდაგვარად – პირიქითაც, ანუ შესაძლოა აჭარისა და მთლიანად საქართველოს მოსახლეობა დაინტერესდეს სომხური ტბისპირა ან სხვა საინტერესო ადგილებზე არსებული კურორტების მონახულებით. ჩვენ განვიხილეთ შესაძლო ვარიანტები, მაგრამ ამაზე „გეგმის“ დარქმევა ჯერ ადრეა, მით უმეტეს, თუ საუბარია პირდაპირ ავიარეისებზე. ორივე მხარე მივიჩნევთ, რომ კარგი იქნებოდა ასეთი ავიარეისების არსებობა, განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე, თუმცა სომხეთშიც და საქართველოშიც ავიაკომპანიები კერძოა და ისინი უნდა იყვნენ დაინტერესებული ამით. ჩვენ უკვე გამოვთქვით ჩვენი სურვილი ამის შესახებ, პრესაშიც გაჟღერდა ეს ინფორმაცია… ეტაპობრივად, ვიმუშავებთ იმ კომპანიებთანაც, რომლებიც შესაძლოა დაინტერესებული იყვნენ ასეთი რეისების განხორციელებით.

არის საქართველოდან, კერძოდ აჭარიდან სომხეთისკენ საპასუხო ინტერესი ტურიზმის სფეროში?

იმის თქმა, რომ აქტიური ინტერესი არსებობს, არ იქნებოდა სწორი. ჩვენ ვისურვებდით, რომ ქართველი ტურისტებიც ჩამოდიოდნენ სომხეთში, თუმცა ინტერესი ჯერ მხოლოდ ცალმხრივია.

როგორი სავაჭრო ურთიერთობები აქვს აჭარის რეგიონს სომხეთთან? როგორც ვიცით, ყოველწლიურად აჭარიდან რამდენიმე ტონა ციტრუსი გააქვთ სომხეთში, სხვა რაში გამოიხატება ეს ურთიერთობა?

იმდენად, რამდენადაც ცალკეული სტატისტიკა არ წარმოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან კონკრეტულად რა მოცულობის რა პროდუქცია გადის სომხეთის ბაზარზე, ზუსტი რიცხვების დასახელება გამიჭირდება. მაგრამ იმაზე, რომ სეზონზე აჭარიდან ბევრი ციტრუსი გადის სომხეთში, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრების დროსაც გვისაუბრია. ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი იმას, რომ ეს მაჩვენებელი ყოველ წელს გაუმჯობესდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც აჭარისთვის, ისე სომხეთისთვისაც, რადგან ჩვენი მომხმარებელი ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს მეგობარი საქართველოსა და კერძოდ აჭარის ციტრუსს. სომხური მხრიდან ყველაზე ხშირად გარგარი შემოდის საქართველოში, ასევე, ზოგჯერ კარტოფილიც.

რამდენად დაინტერესებული არიან სომეხი ბიზნესმენები აჭარაში ინვესტირებით და თქვენი შეფასებით, რამდენად ხელსაყრელი პირობებია აქ მათთვის?

ინტერესი ნამდვილად არის და ბიზნესინვესტირებისთვის ხელსაყრელი გარემოს მხრივ (მათ შორის საერთაშორისო ნორმებითაც) საქართველო საკმაოდ მოწინავე ადგილზეა. ასევე აჭარაში, აქაც არიან მეწარმეები [სომეხი], ძირითადად რესტორნებისა და სასტუმროების ბიზნესში.

საკონსულოს საქმიანობაზე მინდა გკითხოთ, კონკრეტულად რა მიმართულებით მუშაობს სომხეთის საკონსულო, რა ტიპის დახმარებისთვის მოგმართავენ სომხეთის მოქალაქეები საქართველოში?

არდადეგების დროს, როგორც იცით, ათასობით სომეხი ტურისტი მოდის საქართველოში. მატარებელი ერევანსა და ბათუმს შორის სექტემბრის ბოლომდე ფუნქციონირებს. შესაბამისად, ხალხის სიმრავლესთან ერთად ამ დროს პრობლემებიც ჩნდება, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ეს სერიოზული პრობლემებია. ძირითადად ეს პასპორტთან დაკავშირებული საკითხებია – ვიღაც ჩამოვიდა და შუა შვებულების დროს აღმოაჩინა, რომ პასპორტს ვადა გასდის, ასევე ჩნდება ტექნიკური საკითხები დაკავშირებული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევსთან, არასწორ პარკირებასთან და ა.შ. მართალია, ეს წვრილმანი პრობლემებია, რომლებიც მალევე გვარდება, მაგრამ მათი დროული მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ ადამიანმა პასპორტი დაკარგა, უკან ვერ დაბრუნდება. სხვა მხრივ აჭარაში დამსვენებლებისთვის კარგი პირობებია და საჩივრებს პრაქტიკულად არ ვიღებთ.

21 სექტემბერს აღინიშნა სომხეთის დამოუკიდებლობის 25 წლისთავი. თქვენ, როგორც სომხეთის მოქალაქე, კონსული, რას მიიჩნევთ ამ ხნის მანძილზე სომხეთის სახელმწიფოს ყველაზე დიდ მიღწევად?

სამწუხაროდ, დიდი ხნის განმავლობაში ჩვენმა ხალხმა დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, კერძოდ კი მას შემდეგ, რაც 1920 წელს აღმოჩნდა საბჭოთა მმართველობაში და დაერქვა სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. მე მივეკუთვნები იმ თაობას, რომელიც ოცნებობდა თავისუფლებაზე და ზოგჯერ წარმოდგენაც კი ჭირდა იმისა, რომ ოდესმე ეს დრო დადგებოდა. ყველა ერის ოცნებაა, იყოს დამოუკიდებელი, თუმცა ამავდროულად დამოუკიდებლობა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, პირველ რიგში იგი უნდა მოიპოვო, შემდეგ კი დამოუკიდებლად არსებობისთვის შესაბამისი რესურსი უნდა გაგაჩნდეს. საბედნიეროდ ჩვენ ეს შევძელით, ეს შეძლო საქართველომაც.

მართალია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი პრობლემა გაჩნდა, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ადამიანების თავისუფლება და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. მე საბჭოთა პერიოდშიც ვმუშაობდი დიპლომატიაში, სულ ვფიქრობდი, დადგებოდა თუ არა ისეთი დრო, როცა ჩვენს საკითხებს გადავწყვეტდით ჩვენით, მოსკოვში დარეკვისა და ტელეგრამის გაგზავნის გარეშე. საბედნიეროდ მოვიდა ეს დროც და სწორედ ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ამ წლების მანძილზე. ზოგი ამბობს, რომ დამოუკიდებლობა შეფარდებითი ცნებაა, რაღაც მხრივ ასეცაა – არც ერთი ქვეყანა, ყველაზე ძლიერებიც კი, არც მთლად დამოუკიდებელი არიან, რადგან მსოფლიო საქმეები ერთმანეთთან კავშირშია. 25 წლის შემდეგ ჩვენ უკვე გვყავს მთელი თაობა, რომლებიც არიან თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქეები.

რა მიგაჩნიათ თქვენი ქვეყნის ყველაზე დიდ გამოწვევად?

ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც ჩვენ წინაშე დგას – ყარაბაღის საკითხია. ეს საკმაოდ ძველი პრობლემაა და სომხური მხარე, ახლაც, ისევე როგორც ადრე, ამბობს, რომ მომხრე ვართ პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა, რომ პრობლემა მოგვარდეს საერთაშორისო ნორმების საფუძველზე მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით. ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი, როგორც სომხეთისთვის, ისე მეზობლებისთვის და, ზოგადად, კავკასიის რეგიონისთვის.

ზოგადად როგორ აფასებთ დიპლომატიურ ურთიერთობებს საქართველოსა და სომხეთს შორის? ურთიერთობების ეს დონე საკმარისია, თუ კიდევ მეტია საჭირო რაღაც მიმართულებებით?

ურთიერთობა სომხეთსა და საქართველოს შორის თავიდანვე მეგობრული იყო. მე 1991 წლიდან ვმუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროში და ვმონაწილეობდი, ვესწრებოდი ურთიერთობის განვითარებას საქართევლოსა და სომხეთს შორის. ეს ნამდვილი მეგობრების ურთიერთობაა, ეს იგრძნობოდა როგორც ცალკეული ხელმძღვანელების, დელეგაციების ცალკეული წევრებისა თუ მოქალაქეების ურთიერთობაში. მე მქონდა საშუალება ყველა რეგიონში ვხლებოდი ჩვენი ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლებს, ასეთი მაღალი დონის მეგობრული ურთიერთობა, რომელიც დამოუკიდებლობის მთელი ამ 25 წლის მანძილზე გრძელდება – ბევრს შეშურდება. თუმცა, უშუალოდ ჩვენი მეთაურები თვითონვე აღნიშნავენ, რომ კარგი იქნებოდა ეკონომიკურმა ურთიერთობამაც (რომელიც ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს), მიაღწიოს ასეთივე მაღალ დონეს. ჩვენ კულტურული ურთიერთობაც კარგ დონეზე გვაქვს, მაგრამ შეიძლებოდა კიდევ უფრო მეტი გვეურთიერთობა სხვადასხვა პლატფორმაზე, მეტი ერთობლივი კონცერტი, მეტი ერთობლივი ღონისძიება. ეს კეთდება კიდეც… თუნდაც ერთობლივი სატელევიზიო გადაცემები, მინახავს, თუ როგორი ინტერესით ელოდებიან ადამიანები გადაცემებს, სადაც სომხეთისა და საქართველოს წარმომადგენლები ერთად მღერიან თუ ცეკვავენ. ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ბევრი მემორანდუმი გაფორმდა სახელმწიფოებრივ დონეზე, სამინისტროებს შორის, უწყებებს შორის… მთავარია, ეს ხელმოწერილი მიზნები განვახორციელოთ ცხოვრებაში, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ეს უკვე გაკეთებულია.

ხელვაჩაურის ექვს სოფელში მეწყერი განვითარდა

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, უამინდობის გამო წუხელ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი განვითარდა.  „მიწის მასა ჩამოწვა სოფელ ხეღრუში საავტომობილო გზასთან, თუმცა გადაადგილების პრობლემა არც ავტომობილებს და არც ქვეითად მოასიარულეებს არ შექმნიათ. ადგილზე ვითარება უკვე შეისწავლეს გამგეობის სპეციალისტებმა. სამუშაოები უკვე დაწყებულია,“-ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

წვიმის შედეგად, ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში მეწყერი განვითარდა
წვიმის შედეგად ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში მეწყერი განვითარდა.

ამავე წყაროს ცნობით,  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 10-მდე მონაკვეთზე საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. „სტიქიის შედეგად დაზიანებულ კერებზე სამუშაოები დილის 7  საათიდან დაიწყო. ამჟამად ტექნიკის საშუალებით მიწის მასისგან იწმინდება სოფელ სარფში კალენდერეს დასახლება, ზედა ჯოჭოს, ახალშენის, კიბესა და ორთაბათუმის ტერიტორიები“.

მთავრობის ინფორმაციით, პარალელურად ზარალის ოდენობის დათვლაც მიმდინარეობს. სოფლებში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი მუშაობს.

მეწყერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში
მეწყერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

საჭადრაკო კლუბი „ნონა“ საქართველოს ჩემპიონია

ბათუმის საჭადრაკო კლუბმა “ნონამ” საქართველოს საკლუბო ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვა.  იგი ფინალურ შეხვედრაში თბილისის ,,თბილისს“ შეხვდა და მატჩი ფრედ დაასრულა, თუმცა წინა თამაშებში მოპოვებული ქულებით ჩემპიონი გახდა.

ტურნირმა სტარტი 22 სექტემბერს აიღო და 28 სექტემბერს დასრულდა. მასში საქართველოს 8 რეგიონალურმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირი წრიული სისტემით 7 ტურად გაიმართა. თითოეული გუნდი 6 მოჭადრაკისგან იყო დაკომპლექტებული, ტურნირის საპრიზო ფონდმა 30 000 ლარი შეადგინა.

ბათუმის მერია ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს

ბათუმის მერია ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიატთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს.

ამ ქვეპროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაცვით, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  50 სტუდენტი, რომელთა საშუალო შეწონილი ქულა არის 91 და მეტი, მიიღებს ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიას 200 ლარის ოდენობით.

სტიპენდია გაიცემა იმ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის შემდეგ საგანმანათლებლო მიმართულებებზე: ინჟინერია, არქიტექტურა, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკოლოგია, გარემოსმცოდნეობა, საზღვაოსნო მეცნიერებები (საზღვაო ნავიგაცია, გემის მექანიკა, გემის ელექტრომექანიკა), განათლების მეცნიერებები და მასწავლებლის განათლება, ბიოლოგია, კულტურული მემკვიდრეობა, ხელოვნება, ხელოვნებათმცოდნეობა, რესტავრაცია, კონსერვაცია და არქეოლოგია.

კონკურსანტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მომენტისთვის რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

განაცხადების მიღება 26 სექტემბერს დაიწყო და 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.


სტიპენდიის მისაღებად საჭიროა მერიაში წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: სტუდენტის განცხადება, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი, 2 ფერადი ფოტოსურათი (3X4), მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის, ფაკულტეტის, სპეციალობისა და კურსის მითითებით, ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის წინა სემესტრის შედეგების შესახებ, ინფორმაცია სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების შესახებ თუ განმცხადებელი ბაკალავრია და ინფორმაცია საერთო სამაგისტრო პროგრამებზე მისაღებ გამოცდაზე სპეციალობაში მიღებული შეფასების შესახებ – თუ განმცხადებელი მაგისტრატია.

 

 

საინფორმაციო შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე ქედის მცხოვრებლებისათვის ბათუმში

დღეს, 29 სექტემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საარჩეvნო საკითხებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ქედის  მუნიციპალიტეტში ქედის საარჩეvნო ადმინისტრაციის თანამშრომლები, ახალგაზრდები, ქედაში მოქმედი ადგილობრივი დამკვირვებლები და საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები.  მათ ორგანიზატორებმა ინფორმაცია მიაწოდეს საარჩევნო სიახლეებსა და პროცედურების შესახებ.

შეხვედრაზე იყო საუბარი შემდეგ საკითხებზე:

  • არჩევნების უფლება;
  • საქართველოს საარჩევნო გამოცდილება;
  • არჩევნების პროცესი საქართველოში;
  • საარჩევნო პროცედურები;

ასევე მოხდა არჩევნების დღის სიმულირება. მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია საარჩევნო პროცესებში ადგილობრივი თვითმმართველობის როლის, ადგილობრივი რესურსების, თანამდებობრივი ან/და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხებსა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობაზე.

ბიზნეს ფორუმი – „ტურიზმის ინდუსტრია 2016“ აჭარაში

დღეს, 29 სექტემბერს, კომპანია Business Georgia-მ ბიზნესფორუმს – „ტურიზმის ინდუსტრია 2016“ უმასპინძლა. ფორუმი ციხისძირში მდებარე სასტუმრო-გამაჯანსაღებელ კომპლექს „კასტელო მარეში“ ჩატარდა.

ფორუმზე განხილული იქნა თემა – „საქართველოს ტურიზმის წარსული, აწმყო და მომავალი“. ღონისძიების მთავარ მიზანს მონაწილეებისათვის ტურიზმის მნიშვნეობის ხაზგასმა და იმის წარმოჩენა წარმოადგენდა, თუ როგორ შეუძლია ტურიზმს კერძო სექტორის განვითარება.

ღონისძიებას, ტურიზმის სფეროს, 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს ლიდერი დაესწრო. მათ შორის იყვნენ მაღალი დონის პოლიტიკოსები, ექსპერტები და სპეციალისტები კერძო სექტორიდან, აკადემიკოსები და მედია წარმომადგენლები, რომლებმაც ტურიზმის განვითარების მიზნით გაცვალეს და გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი იდეები, ცოდნა და გამოცდილება.

ბიზნესფორუმი

Business Georgia-ს გენერალური დირექტორის, ანა გოგიშვილის განცხადებით, „ტურიზმის ინდუსტრია 2016“ ყველაზე საინტერესო და შედეგის მომცემი ტურისტული ფორუმი იყო, რომლის მეშვეობითაც ქართველ და საერთაშორისო სტუმრებს კომპანიამ გაუზიარა საქართველოს ტურიზმის  წარმატების ისტორია, მიმდინარე ამოცანები, გადაწყვეტის გზები და პრაქტიკული მაგალითები.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც Business Georgia ბიზნესფორუმს ტურიზმის ინდუსტრიის თემაზე ულამაზეს, ტურისტულად აქტიურ რეგიონ – აჭარაში მასპინძლობს.  მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაეცნოთ და გაეზიარებინათ ერთმანეთის გამოცდილება კულტურულად და ისტორიულად მდიდარ გარემოში. განსახილველი თემები შერჩეული იყო ისე, რომ გაჩენილიყო მოსაზრებები, რომელებიც გაზიარებადი და  პრაქტიკაში გამოყენებადია, მაგალითად თუ როგორ უნდა დავიპყროთ ტურისტის გული კონკურენტულ და გამოწვევებით სავსე გარემოში“, – განაცხადა ანა გოგიშვილმა.

ბიზნესფორუმი

ფორუმს გაუძღვა Business Georgia-ს მთავარი რედაქტორი, სანდრო ვეფხვაძე. ბიზნესფორუმი შედგებოდა ორი სესიისაგან, რომელშიც მონაწილეობდნენ ტურიზმის სექტორის ყველაზე გამორჩეული და წარმატებული ადამიანები. პირველ სესიაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრეზენტაცია წარმოადგინა და მიმოიხილა ქართული ტურისტული ინდუსტრია. სესიაზე ასევე წარდგა, სულხან ხალვაში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას აჭარის რეგიონის წარმატების ისტორია გაუზიარა.

ბიზნეს ფორუმი „ტურიზმის ინდუსტრია 2016“  თითქმის ყველა ტურისტულ მიმართულებას შეეხო: ეკოტურიზმი, ისტორიული და კულტურული ტურიზმი, რეკრეაციული, სათავგადასავლო და სპორტული, ასევე ზამთრის, სათამაშო, მასპინძლობითი და გამაჯანსაღებელი ტურიზმი. ასევე მოეწყო სადისკუსიო პანელი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს იმ ორგანიზაციებმა და სახელმწიფო ინსტიტუტებმა,  რომლებიც საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერისთვის განკუთვნილ სხავდასხვა პროგრამების განხორციელებაში არიან ჩართულნი.

ბიზნესფორუმი

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელმა, ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის, საპარტნიორო ფონდის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოს ტურიზმის უპირატესობები, სამიზნე ბაზრები, ბარიერები და სირთულეები. პანელის ბოლოს კი გამოიკვეთა სამომავლო გეგმები ტურიზმის მიმართულებით.

ენმ „ოცნების“ მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარმა კანდიდატმა და საარჩევნო სიის მეორე ნომერმა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პეტრე ზამბახიძემ, დღეს, 29 სექტემბერს, ბრიფინგი გამართა. პეტრე ზამბახიძის თქმით, 28 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ქობულეთში ყოფნისას საარჩევნო შეხვედრაზე ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნების იძულებით მიყვანასა და პედაგოგებზე ზეწოლის ფაქტს.

მისივე ინფორმაციით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მატულობს ადგილობრივი ხელისუფლების როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე სხვადასხვა ფაქტი, რაც კანონმდებლობით არის აკრძალული:  „გუშინ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს იყო მობილიზებული ადგილობრივი თვითმმართველობა, ასევე სხვადასხვა უწყების თანამშრომლები. გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეებიც კი ჰყავდათ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საარჩევნო ფორმატის იყო, რაც დარღვევა და არასწორი ნაბიჯია.“

პეტრე ზამბახიძემ ასევე განაცხადა: „გვაქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს სკოლის დირექტორებზე და პდაგოგებზე მუშაობა იმისათვის, რომ მოაგროვონ სიები და მხრდამჭერები მიიყვანონ არჩევნებზე ხმის მისაცემად, “ქართული ოცნების” სასარგებლოდ.“

კითხვაზე, აქვს თუ არა რომელიმე კონკრეტული დირექტორის ან პედაგოგის სახელი და გვარი, პეტრე ზამბახიძემ განაცხადა, რომ „არსებობს ბევრი ფაქტი, თუმცა ეშინიათ გამოაშკარავების“.

„განათლების სამინისტროში ასეთი ტიპის ინფორმაცია არ შემოსულა. ასევე არც განათლების სამინისტროდან და რესურსცენტრიდან  არ ყოფილა არანაირი მითითება, რომ გაკვეთილებიდან ბავშვები გაეშვათ. დარწმუნებული ვარ, სკოლის დირექტორიც არ გაუშვებდა მოსწავლეებს ორი გაკვეთილით ადრე“, – განაცხადა აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა თეა ვადაჭკორიამ. მისივე განმარტებით, ამ საკითხზე ის დაუკავშირდა სკოლების დირექტორებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ყველა სკოლაში ჩატარდა სრული საგაკვეთილო პროგრამა.

„ოცნების ქალაქში“ 400-მდე ოჯახი შესაძლოა უშუქოდ დარჩეს

დღეს, 29 სექტემბერს, ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე შესახლებულებმა ელექტროენერგიის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განმარტებით, ამჟამად მიეწოდებათ ელექტროენერგია, თუმცა რამდენიმე დღეში შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ, რადგან საცხოვრებელი სახლი, საიდანაც ელექტროენერგია აქვთ გაყვანილი, კერძო მესაკუთრისაა და ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების მიზნით მიმდინარე სამუშაოების გამო, მოხდა აღებაში.

აქციის ერთ ერთი მონაწილე ნუგზარ ფუტკარაძე აცხადებს: „ ოთხი წელია, რაც შუქს ვიღებთ კერძო პირისგან, ვიხდით  27 თეთრს, არც ერთი თვის დავალიანების გადასახადზე პრობლემა არ შეგვიქმნია, მიუხედავად ჩვენი გაჭირვებისა. ამ კერძო პირის სახლი, რომელიც მდებარეობს ჩვენი ტერიტორიიდან დაახლოებით ასი მეტრის მოშორებით, ინგრევა იმის გამო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გაჰყავთ მთავარი ძაბვის ხაზები, ამის შემდეგ ჩვენ,  400 ოჯახი, ვრჩებით ელექტროენერგიის გარეშე“.

აქციაზე ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელმა თამაზ ბაკურიძემ განაცხადა, რომ აჭარის მთავრობამ მოსახლეობას უნდა უშუამდგომლოს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ და უახლოეს დღეებში ჩაურთოს ელექტროენერგია: „თუ მთავრობა არ უშუამდგომლებს და ამ მოსახლეობას დენს არ ჩაურთავენ, ჩვენ ორშაბათიდან ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებით გადავინაცვლებთ აჭარის მთავრობის სახლთან“.

აღნიშნულთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატრაძემ დღეს სტუდენტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა: „ჩვენი სპეციალისტები უკვე გასულები არიან, აწარმოებენ მოლაპარაკებას „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ და უახლოეს პერიოდში გვექნება ზუსტი პასუხი. მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა ძალიან მალე და სწრაფად უნდა გადაწყდეს და გადაწყდება კიდევაც“.

მარიხუანას მოხმარებაზე საკონსტიტუციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილება მიიღო

დღეს, 29 სექტემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც „მარიხუანას მოხმარება არაერთგზის“  სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ სადავო ნორმა არსებითი განხილვის გარეშე შეაფასა ანტიკონსტიტუციურად, რადგან მიიჩნია, რომ ბექა წიქარიშვილის საქმეზე უკვე გამოტანილია იდენტური გადაწყვეტილება. 2015 წლის 24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ ქიქარიშვილის საქმეზე ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რაც პირადი მოხმარების მიზნისთვის მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისთვის ითვალისწინებდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას.

გადაწყვეტილების გამოცხადების დროს სასამართლომ აღნიშნა, რომ: „პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე მარიხუანას შენახვა თავისთავად მიუთითებს მისი განმეორებით, ან თუნდაც რუტინულად მოხმარების რეალურობაზე და ამ პირობებშიც უკვე დადგენილია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაჰუმანური ხასიათი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მარიხუანას განმეორებით, ან არაერთგზის მოხმარებას არ წარმოადგენს იმაზე მეტი საფრთხის შემცველ ქმედებას, ვიდრე მისი  70 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შენახვა”.

სადავო ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს, კონსტიტუციური წარდგინებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიმართა.

 

 

ზურაბ პატარაძე ბსუ-ს სტუდენტებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა

„სანამ მე გადავალ კონკრეტულად უნივერსიტეტის თემებზე, დაფინანსებაზე და იმ საკითხებზე, რაც თქვენ გაწუხებთ კონკრეტულად და რა თემებიც გვაქვს გასავლელი – მე  მზად ვარ, ამ თემებზე ვისაუბრო, თქვენთან ერთად. თუმცაღა, პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი რეგიონი ვითარდება“, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე და საუბარი დაიწყო რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ, სოფლის მეურნეობის და სხვა ტიპის პროექტებზე, რასაც გამოსვლის დიდი ნაწილი დაუთმო.

შეხვედრა სტუდენტებთან დღეს, 29 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რასაც მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, აჭარის განათლების მინისტრი გია თავამაიშვილი და ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში ესწრებოდნენ.

პატარიძე ხალვაში თავამაიშვილი

მთავრობის თავმჯდომარემ უნივერსიტეტის საკითხებზე საუბრისას უნივერსიტეტისთვის აჭარის განათლების სამინისტროს მიერ გაზრდილი ბიუჯეტი და რამდენიმე პროგრამა [საზღვარგარეთ სწავლება, სოციალური გრანტები] გამოყო.

„ჩვენი პრიორიტეტია განათლება, განათლებული ახალგაზრდობა“, – მიმართა სტუდენტებს ზურაბ პატარაძემ და ასევე აღნიშნა, რომ რექტორთან მოლაპარაკებების საფუძველზე იგი მზადაა ლექციები წაიკითხოს ბსუ-ს სტუდენტებისთვის.

„მე ჩემი დიპლომატიური კარიერა, გამოცდილება და განათლება მაძლევს საშუალებას, რომ გაგიზიაროთ ეს ყველაფერი, რაც ალბათ შესაძლებელი იქნება უკვე ოქტომბრის მეორე ნახევრიდან, არჩევნების შემდეგ“, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მან იქვე დადო პირობა, რომ შეასრულებს მედიატორის ფუნქციას უნივერსიტეტსა და კომპანიებს შორის სტაჟირების პროგრამების გასაძლიერებლად.

მერაბ ხალვაშის განცხადებით, აჭარის განათლების სამინისტრომ 2016-2017 სასწავლო წელი ბსუ-ს ორასზე მეტ წარმატებულ სტუდენტს დაუფინანსა სოციალური გრანტების ფარგლებში. მისივე თქმით, შეხვედრას სწორედ დაფინანსებულ სტუდენტთა ნაწილი ესწრებოდა. მოგვიანებით „ბათუმელებთან“ ბსუ-ს პრესსამსახურმაც დაადასტურა, რომ შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტები.

სასწავლო პროცესი ბსუ-ში სამი ოქტომბრიდან იწყება და ამ დროისათვის არ მიმდინარეობს. ვინ მოიწვია სტუდენტები შეხვედრაზე? – ამასთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ პრესსამსახურში განუმარტეს, რომ უნივერსიტეტში არსებული „სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახური“ ფლობს სოციალური გრანტების პროგრამაში ჩართული სტუდენტების სიას და საკონტაქტო ინფორმაციას. სწორედ ამ სამსახურის პრეროგატივა იყო სტუდენტებისათვის მიეწოდებინათ ინფორმაცია დაფინანსების შესახებ და მათვე მოიწვიეს სტუდენტები შეხვედრაზე.

„ჩვენ გვტკივა, რომ პედაგოგები არ გვყავს, დაგვიბერდა სკოლა. ასაკოვნები არიან… მე პატივს ვცემ, რა თქმა უნდა მათ, მაგრამ სკოლა უნდა გაახალგაზრდავდეს, ამიტომ ზოგიერთები სწორედ იმ დროს ნატრობს, როდესაც პედაგოგიური ინსტიტუტი იყო და ამზადებდა პირდაპირ პედაგოგებს“, – აღნიშნა გია თავამაიშვილმა და დასძინა, რომ ამ და სხვა დეფიციტური პროფესიების განვითარებისთვის სამინისტრო ცდილობს, იმ სტუდენტებს დაუფინანსოს საზღვარგარეთ სწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება, რომლებიც რეგიონში დაბრუნდებიან და იმუშავებენ.

პატარიძე თავამაიშვილი ხალვაში

კიდევ ერთი საკითხი, რასაც აჭარის განათლების მინისტრი შეეხო, სტუდენტების დაფინანსებაა გრანტის ფარგლებში. მისი თქმით, საქართველოს განათლების სამინისტრო გრანტის გაცემის პროგრამის ცვლილებას დიდი ხანია განიხილავს:

„უმაღლესი განათლება საქართველოს განათლების სამინისტროს პრეროგატივაა. მე შემიძლია გითხრათ, რომ სამინისტროში დიდი ხანია გაჩნდა იდეა საგრანტო პროგრამის ცვლილებაზე. შესაძლოა სტუდენტმა ეროვნულ გამოცდაზე მოიპოვოს დაფინანსება [რაც ამ ეტაპზე მთელი ოთხი წელი ვრცელდება], მაგრამ შემდეგ მისი აკადემიური მოსწრება სულაც არ იყოს მაღალი, ამიტომ უკვე ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება შეიცვალოს და გრანტების გაცემისას სხვა კომპონენტიც ჩაიდოს, ვთქვათ, აღარ იყოს ოთხწლიანი და მნიშვნელობა მიენიჭოს სწავლის პროცესში სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას“.

გამოსვლების ბოლოს დაგეგმილი იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი, თუმცა დამსწრეთაგან კითხვის დასმის სურვილი არავის გამოუხატავს.

სტუდენტები შეხვედრის ბოლოს სპეციალურ სიებში ხელმოწერით ადასტურებდნენ, რომ ესწრებოდნენ შეხვედრას. როგორც „ბათუმელებს“, მოგვიანებით უნივერსიტეტის პრესსამსახურში განუმარტეს, სტუდენტები ხელს აწერდნენ იმის დასადასტურებლად, რომ მიიღეს ინფორმაცია დაფიანანსების შესახებ.

„როდესაც სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახური ინფორმაციას აწვდის სტუდენტებს დაფინანსების მიღების შესახებ, შემდეგ მათ ამ ინფორმაციის მიღება უნდა დაადასტურონ ხელმოწერით, სწორედ ამ ხელმოწერას აკეთებდნენ სტუდენტები და ეს არ იყო დასწრების აღრიცხვა, ვინც შეხვედრას არ ესწრებოდა, სხვა დროს მივა და მოაწერს ხელს“, – განაცხადეს პრესსამსახურში. აქვე აღსანიშნავია, რომ ხელმოწერები, არა კაბინეტში არამედ შეხვედრის ჩატარების ადგილზე ჰოლში მიმდინარეობდა.

სტუდენტბს პატარიძის შეხვედრის შემდეგ ხელი მოაწერინეს

“პატრიოტთა ალიანსის” მონაცემები საქართველოში თურქეთის მოქალაქეთა რაოდენობაზე არასწორია

„პატრიოტთა ალიანსი“ წინაასაარჩევნოდ მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას საქართველოში მცხოვრები ეთნიკური თურქების რაოდენობის შესახებ, თუმცა ეს მონაცემები არასწორია და რამდენჯერმე აღემატება რეალურ ციფრს.

კერძოდ, „პატრიოტთა ალიანსის” მიერ გამოცემულ საარჩევნო გაზეთში, რომელიც 100 ათასი ტირაჟითაა დაბეჭდილი, წერია: “ახლა თვითონ [თურქები] აცხადებენ, რომ უკვე 40 ათასზე მეტ თურქს აქვს საქართველოს მოქალაქეობა და ისინი ბათუმში და მთლიანად აჭარაში ცხოვრობენ. თურქეთის ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად ბევრი თურქი დასაქმდეს აჭარაში და დემოგრაფიული სურათი შეიცვალოს”.

ამ ციფრებზე დაყრდნობით, დავით თარხან-მოურავი, პატრიოთა ალიანსის პროპორციული სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე [რომელიც საპარლამენტო არჩევნებთან ერთად 8 ოქტომბერს გაიმართება], აცხადებს, რომ  “თურქეთს აჭარის და აფხაზეთის მიტაცების ინტერესი აქვს”.

თუმცა, იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, 2005 წლიდან დღემდე  საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა:

  • სულ: 5802 თურქეთის მოქალაქეს.
  • აქედან 3 606-ს აქვს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა;
  • ხოლო 2196-ს აქვს ორმაგი მოქალაქეობა – საქართველოს და თურქეთის.

საქართველოში მცხოვრები ორმაგი [საქართველო-თურქეთი] მოქალაქეობის მქონე 2196 პირიდან, უშუალოდ ბათუმში რეგისტრირებულია და ცხოვრობს 1 252 ადამიანი.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „პატრიოტთა ალიანსს“, რათა ეკითხა, თუ რა მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას საქართველოში მცხოვრები თურქების შესახებ, მაშინ როცა ოფიციალური მონაცემები ბევრად მცირეა,  თუმცა, ჯერჯერობით, ამ და სხვა კითხვებზე პარტიისგან პასუხი ვერ მივიღეთ.

„პატრიოტთა ალიანსი” გამოირჩევა ანტითურქული და პრორუსული განწყობების გავრცელებით. მათი ლიდერების ორგანიზებით ჩატარდა არაერთი აქცია აჭარაში. მაგალითად, მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ, ასევე, თურქეთთან საზღვარზე.

ინგლისურის მასწავლებლის ლილიების ბიზნესი

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში მცხოვრები თამარ ბალაძე მცირე ბიზნესს რამდენიმე წელია ეწევა. მას საცხოვრებელ სახლთან ახლოს ბაღში სპეციალურად მოწყობილ სათბურებში ლილიები გამოჰყავს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.

თამარი პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგია, ათი წლის განმავლობაში მოსწავლეებს ინგლისურ ენას ბათუმისა და ქედის საჯარო კოლებში ასწავლიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ყვავილების გამოყვანით დაინტერესდა, პედაგოგობას თავი დაანება და ყვავილების მოშენება დაიწყო. ეზოში გაშენებული ჰოლანდიური ლილიები თამარისთვის შემოსავლის წყაროდ ოთხი წლის წინ იქცა.

„ექვსი წლის წინ ლილიები ნათესავმა ჰოლანდიიდან ჩამომიტანა და ეზოში სილამაზისთვის დავრგე. დროთა განმავლობაში ლილიები გამრავლდა და ბაღში გადავიტანეთ, რადგანაც ყვავილი ბევრი იყო, დედაჩემმა გადაწყვიტა გაეყიდა, ასე დაიწყო ჩვენი ყვავილების ბიზნესი.

ორი წლის განმავლობაში ლილიები ბაღში სახლთან ახლოს ღია ტერიტორიზე გვქონდა გაშენებული, შემდეგ გადავწყვიტეთ სათბური შეგვეძინა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში 50 კვადრატი სათბური შევიძინეთ თანადაფინანსებით და ლილიები სათბურში გადავიტანეთ, სადაც ყვავილები მალე გამოვიდა, რაც უფრო მალე გამოიყვან ყვავილს, მით უფრო მოგებული ხარ. გადავწყვიტეთ, ლილიების ის ნაწილიც, რაც ღია სივრცეში გვქონდა, სათბურში მოგვექცია, მამაჩემმა კი არსებული სათბურის კონსტრუქციის მიხედვით იმავე ფართობის სათბური თვითონ გააკეთა, ეზოში დარგული ლილიებით დროთა განმავლობაში ორი სათბური მოვიცავით“, – გვიყვება თამარი.

ის წლების განმავლობაში ლილიების გამოყვანის ტექნოლოგიებსაც დაეუფლა, ყვავილების გამოყვანასთან დაკავშირებით სიახლეებს ყოველდღიურად ინტერნეტით ეცნობა, საკუთარ მეურნეობაში ნერგავს და მოსავლითაც კმაყოფილია. ამბობს, რომ ყვავილების მოვლა მოსწონს, განსაკუთრებით ლილიების, რადგანა, როგორც გვიხსნის, ყვავილის ეს სახეობა ადვილად გამოსაყვანია.

„კარგად მესმის ყვავილების, ვიცი როდის რა სჭირდებათ, რა არის ყვავილისთვის კარგი და რა ცუდი. ვერ ვიტყვი ლილიებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება-მეთქი, მაგრამ მოვლის გარეშე არაფერი ხარობს.

ლილიები ბოლქვით მრავლდება. არ სჭირდება სიღრმეში დარგვა, მთავარია, ის დაცილება ჰქონდეს ბოლქვებს, რაც საჭიროა. დარგვიდან სამ თვეში ლილიები ყვავილს იღებს, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ყვავილობს, ყვავილის გახსნა ნიშნავს, რომ მოსავალი მოვიდა. მორწყვა და გასუფთავება პერიოდულად სჭირდება, ამბობენ, ყვავილს მატლი უჩნდება და ანადგურებსო, მაგრამ ჩემს ლილიებს ჯერ არ გაჩენია და არც შემიწამლია.

ყვავილობის დასრულებისთანავე თუ ამოიღებ ბოლქვს, გამრავლებას ვერ მოასწრებს, თუ დატოვებ მიწაში – ერთი ძირი 7-8 ბოლქვს გაიკეთებს. უკეთესია ყველა წელს არ მოხდეს ბოლქვების განაწილება, რადგან ყვავილი უფრო ჯანსაღი იქნება და ბევრ ნაყოფსაც იძლევა, მაგრამ თუ ბოლქვების განაწილებას გადაწყვეტს ვინმე, ვურჩევ, ახალი შემოაცალოს და ძველი დატოვოს“.

თამარი დათვლილ და დაფასოებულ ლილიებს მუყაოს ყუთში ათავსებს და ბათუმში გადამყიდველებს ბითუმად აბარებს. ამბობს, რომ, ძირითადად, მაღაზიების შეკვეთებზე მუშაობს.

„ყვითელი, თეთრი, სტაფილოსფერი, შინდისფერი და ღია შინდისფერი ლილიები გამომყავს. ყველა ფერის ლილია მოთხოვნადია, რეალიზაციის პრობლემა არასდროს მქონია, რადგანაც ჰოლანდიური ლილიები ერთ თვეს ძლებს და ეს ხელს გამყიდველებსაც უწყობს. ზოგჯერ 50, ზოგჯერ 100 ცალს ვკრეფ, მაქსიმუმი დღეში 200 ცალი დამიკრეფია, მაგრამ იშვიათად.“

თამარს ლილიებთან ერთად, სამომავლოდ, ხვიარა და ჰოლანდიური ვარდების გამოყვანაც აქვს დაგეგმილი. მან 300 ძირი ხვიარა და 500 ძირი ჰოლანდიური ვარდი საზღვარგარეთ რამდენიმე დღის წინ შეუკვეთა. პირველ ეტაპზე შეკვეთილი ლილიების გაშენებას გეგმავს, სამომავლოდ კი კალმით აპირებს ვარდების გამრავლებას. მიუხედავად იმისა, რომ ხვიარა ვარდები ამ დროისთვის საქართველოში არავის გამოჰყავს და ყველაზე ძვირადღირებულია, ფიქრობს, რომ მისი რეალიზება არ გაუჭირდება.

როგორც თამარი ამბობს, „ხვიარა ვარდები საქართველოში არავის გამოჰყავს, მისი გამოყვანის იდეა ჩემს ნაცნობ ყვავილების დიზაინერსა და მე ერთად გაგვიჩნდა. ის ხვიარა ვარდებისგან დეკორაციებს სადღესასწაულოდ აკეთებს, შეკვეთებს არამარტო საქართველოში, საზღვარგარეთიდანაც იღებს, რისთვისაც ხვიარა ვარდებს საზღვარგარეთიდან იწერს. გადავწყვიტეთ, რომ მე ხვიარა ვარდებს გამოვიყვან, მას მივაწოდებ, არც მას მოუწევს ვარდების საზღვარგარეთიდან ჩამოტანა და არც მე შემექმნება რეალიზაციის პრობლემა.“

თამარს სურს მისი გამოყვანილი ყვავილები მაღაზიაში თავად გაყიდოს, რისთვისაც ბათუმში მაღაზიას აშენებს. ფიქრობს, სამომავლოდ სპეციალური მაცივრებიც შეიძინოს, რაც ხელს შეუწყობს წლის ნებისმიერ სეზონზე ლილიების გამოყვანას:

„თუ ზაფხულში ერთი ლილია 5 ლარი ღირს, ზამთარში 10 ლარად ფასობს. მინდა ყველა სეზონზე გამოვიყვანო, მაგრამ ამისთვის სპეციალური მაცივარი მჭირდება. არის სპეციალური ყვავილის მაცივრები, რომელიც ბოლქვს არ ყინავს და ერთ ტემპერატურაზე ინახავს, ეს ბოლქვის გაღივების პროცესს აჩერებს და შეგიძლია მაშინ დარგო, როცა გინდა. აი, მაგალითად, თუ ზამთარში გინდა გამოიყვანო, ზამთრამდე სამი თვით ადრე უნდა დარგო“.

ბიზნესის გაფართოების იდეა აქვს, მაგრამ განსახორციელებლად თანხა სჭირდება. სურს მოაწყოს წვეთოვანი სარწყავი სისტემები, სპეციალური გამათბობლები, მაცივრები, განსაკუთრებით კი სათბური სჭირდება, სადაც ჰოლანდიურ ვარდს დარგავს. ფიქრობს, რომ სხვა დანარჩენს დროთა განმავლობაში მოაწესრიგებს და იმ საქმეს, რასაც თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ასრულებს, საკუთარი შრომით გააგრძელებს ისევ.

ბიზნესის გასაფართოებლად ბიზნესიდეა „აწარმოე საქართველოსთვის~ პროგრამის ფარგლებში წარადგინა და სახელმწიფოსგან 5 000 ლარით დაფინანსება მოითხოვა. თუ სახელმწიფო მას იდეის განხორციელებაში ფინანსურად დაეხმარება, დამატებით სათბურის ყიდვა აქვს გაწერილი, სადაც ჰოლანდიური ვარდები უნდა დარგოს. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესიდეას დაუწუნებენ, იძულებულია თანხა ბანკიდან გამოიტანოს. იდეების კონკურსში მ მეორე ტური გადალახა. გაიმარჯვებს თუ არა იდეების კონკურსში ქედელი მეწარმე, ეს მესამე ტურის შემდეგ გახდება ცნობილი.

„თუ იდეების კონკურსში გავიმარჯვებ და ჩემს მოთხოვნილ 5 000 ლარს მომცემენ, ეს ძალიან დამეხმარება ბიზნესის გაფართოებაში. ამ თანხით სათბურს შევიძენ და ჰოლანდიურ ვარდებს სათბურში დავრგავ. ხვიარა ვარდები ყინვაგამძლეა და ღია ნიადაგზე დავრგავ, არ გაუჭირდება, მაგრამ ჰოლანდიური ვარდები სათუთია, განსაკუთრებული მოვლა სჭირდება“.

თამარს ყვავილების მოვლაში მშობლები ეხმარებიან, მაგრამ თუ მეურნეობის გაფართოება გეგმის მიხედვით შეძლო, დამხმარეებიც დასჭირდება. „ამ დროისთვის ძირითად საქმეებში დედაჩემი მეხმარება, მაგრამ თუ ისე აეწყო, როგორც დავგეგმე, ვფიქრობ, დამხმარეები დამჭირდება და ავიყვან კიდეც. წარმატებული ბიზნესმენი ქალი თუ არა, წარმატებული ფერმერი მაინც ვიქნები~.

ჩაქვში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა

 28 სექტემბერს დაბა ჩაქვში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ქვეგანყოფილების ახალი შენობა გაიხსნა, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა. ასევე, შეკეთდა შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა. შენობაში 14 მეხანძრე-მაშველი იმუშავებს.

„მჯერა, რომ ახალი, კეთილმოწყობილი შენობა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება და ისინი კიდევ უფრო ეფექტურად შეასრულებენ მათზე დაკისრებულ, ურთულეს მოვალეობებს. სამინისტროს თანამშრომლებისთვის სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად გაგრძელდება ახალი შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება“,- განაცხადა გახსნის დროს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, 2015 წლის იანვრიდან დღემდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეაბილიტირებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 21 შენობა. გარდა ამისა, აშენდა 5 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო-სამაშველო შენობა, რომლებიც უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა. მათივე ცნობით, ახლო მომავალში კიდევ 2 ახალაშენებული და 1 რეაბილიტირებული შენობა გაიხსნება. 2017 წლისთვის კი დაგეგმილია 12 ახალი შენობის აშენება და 4-ის რეაბილიტაცია.

“ბავშვებს დაუცინიათ, გახეული ფეხსაცმელი გაცვიაო“ – დედა ხუთ შვილთან ერთად ერთ ოთახში

33 წლის მაია [სახელი შეცვლილია] წელიწადზე მეტია ხუთ შვილს მარტო ზრდის. 14 წლის გუგა, 12 წლის ლანა, 10 წლის მარი, 8 წლის დათა და 3 წლის ლიზა [სახელები შეცვლილია] მამამ დაახლოებით ერთი წლის წინ მიატოვა დედასთან ერთად და საზღვარგარეთ წავიდა. 25 კვ/მეტრი ოთახი, სადაც ისინი ცხოვრობენ, კერძო სახლის მეორე სართულზე მდებარეობს და ბავშვების ბიძას ეკუთვნის.

ირმა დიმიტრაძის ფოტო

ოჯახს ბავშვების მამა ფინანსურად არ ეხმარება, მაგრამ არც ოფიციალურად განქორწინებულა. ბავშვები კი ცხოვრობენ ოთახში, სადაც კედლებზე გახუნებული შპალერია გაკრული, რომლის დიდი ნაწილი ჩამოხეულია. ოთახი პირობითად ორ ნაწილადაა გაყოფილი. შესასვლელში ძველი დივანი და მაგიდა დგას, გვერით – გაზის ლურჯი ბალონი. ოთახში ორი ჩატეხილი საწოლი და ერთი ძველი გასაშლელი დივანია. საწოლსა და დივანს შორის პატარა შეშის ღუმელი დგას, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ოჯახი ზამთარში გაათბოს, თუკი ოჯახს შეშის ვაუჩერი მოუწევს. კედლებს შორის თოკებია გაბმული და ბავშვების ტანსაცმელი შრება. ერთ-ერთი საწოლის გვერდით პატარა ვინტილიატორი დგას: ამ საწოლზე მარისა და ლანას სძინავთ. ვინტილიატორი მარისთვისაა. ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და უჰაერობა ხშირად აწუხებს. დედამ ეს გამოსავალი იპოვა.

მარის თავის ტვინის მარცხენა ჰაიმორის წიაღში მუკოიდური კისტა აქვს. ასევე აწუხებს ბრონქები, თუმცა უსახსრობის გამო ამ დრომდე ოპერაციის გაკეთება ვერ მოხერხდა. ბავშვი აპრილში საავადმყოფოშიც გადაიყვანეს:

„სახლში არ ვიყავი, რომ დამირეკეს“ მეზობელი ამოსულა, თურმე იმდენად სტკიოდა, ხმამაღლა ყვიროდა და დახტოდა, კრუნჩხვებში ჩავარდა და გაითიშა. სასწრაფოთი გადავიყვანეთ. ფული არაფერში გადაგვახდევინეს, მაგრამ გამოგვწერეს – ოპერაცია სრულწლოვანობამდე არ შეიძლებაო. შემდეგ ვეღარ მივიყვანე გამოკვლევებზე. ხშირად ტკივა თავი“, – ყვება ხუთი შვილის დედა. მისივე თქმით, მარი გამოკვლევებზე რომ მიიყვანოს და ეს დაზღვევამ აანაზღაუროს, მაშინ ბავშვის დაწვენა მოუწევს, შესაბამისად, დანარჩენებს ვერ მიაქცევს ყურადღებას.

„საავადმყოფოში რომ დავაწვინეთ, შემდეგ გავიგე, თურმე მარი მანამდე სკოლაში გათიშულა. ხომ იცით, მასწავლებელი ბავშვს ყველგან ვერ გაყვება… ბავშვებს დაუცინიათ, გახეული ფეხსაცმელი გაცვიაო, მაშინ გათიშულა პირველად, მაგრამ არ მითხრა“, – იხსენებს მაია.

გუგა, ლანა და მარი სკოლაში ფრენბურთზე დადიან. მაია ამბობს, რომ მარი იღლება და ცუდად ხდება, მაგრამ სპორტს თავს არ ანებებს. მისივე თქმით, ოთახში, სადაც ხის ფანჯრებიდან ზამთარში ქარი უბერავს, ბავშვები ხშირად ცივდებიან და ავადმყოფობენ.

მაია არ მუშაობს. ხანდახან სარფში გადააქვს სიგარეტი, თუ ვინმე დაურეკავს და სთხოვს… მაქსიმუმ კვირაში ერთხელ ახერხებს ამას. ამბობს, რომ ერთ გადასვლაზე ათ ლარს უხდიან.

მაია ფიქრობს, რომ სადმე დამლაგებლად თუ იმუშავებს, მაქსიმუმ 200 ლარს გადაუხდიან, მაგრამ შიშობს, რომ აუცილებლად მოუხსნიან სოციალურ დახმარებას, რაც თვეში 400 ლარია:

„ამ ფულს ბავშვების წამლებზე, ტანსაცმელზე, კომუნალურებსა და სხვა წვრილმან ხარჯებზე ვანაწილებ. საჭმელი სასადილოდან მომაქვს. სამუშაოდ რომ გავიდე, ბავშვებს არავინ ეყოლებათ სახლში. უმცროსი სამი წლისაა, ბაღში დამყავს, მაგრამ როცა შინ მოდის, მიხედვა უნდა. თანაც 200 ლარად თავს ვერ ვირჩენთ. რომ ვიცოდე დახმარება არ შემიწყდება, ვიმუშავებდი და ბავშვებს მეტს შევთავაზებდი“, – ამბობს მაია. მისი თქმით, ბათუმის მერიას მიმართა საცხოვრებლით დაკმაყოფილების თხოვნით, მაგრამ უთხრეს, რომ მსგავსი პროექტი მერიაში არ აქვთ.

ახლა ოჯახს ყველაზე მეტად თავშესაფრის საკითხი აწუხებს. მართალია, ერთ ოთახში, სამ საწოლზე სძინავთ, მაგრამ ის, რომ შეიძლება ამის დატოვებაც მალე მოუხდეთ, ყველაზე მეტად ანერვიულებთ.

რვა წლის დათა სკოლიდან ყველაზე ადრე მოვიდა. ამბობს, რომ ხელოვნებაში ათი ქულა მიიღო და დედას ნახატს აჩვენებს. მეორე კლასშია და უნდა, რომ ექიმი გამოვიდეს: „ყველას ვუმკურნალებ, ჩემს და-ძმებსაც და ყველას“, – ამბობს დათა.

შეკითხვაზე, რა უნდა ყველაზე მეტად, დათა დაუფიქრებლად გვპასუხობს: „სახლი!“, – და რამდენიმე წამში დასძენს: „ოთახებიანი სახლი მინდა! ჩემს ოთახში რომ ვიკითხო. მაგრამ ცალკე ოთახში არ ვიცხოვრებ, ბიჭები ერთად ვიყოთ, გოგოები – ერთად “.

ისინი საწოლებში სწორედ ასე არიან გადანაწილებული: დათასა და გუგას დივანზე სძინავთ, ლანასა და მარის დივანის მოპირდაპირედ საწოლზე, ხოლო მაიასა და ლიზას – შესასვლელში საწოლზე.

ირმა დიმიტრაძის ფოტო
ირმა დიმიტრაძის ფოტო

„ქობულეთის პანსიონის საქმეზე“ სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელისუფლება არ იმჩნევს

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე დარბაზიდან გავიდა თუ არა, დისკრიმინაციაში მხილებულმა ჟუჟუნა და ზურაბ რუხაძეებმა, ასევე ანგელინა ყურშუბაძემ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ქობულეთში მუსლიმური პანსიონი მაინც ვერ გაიხსნება. როგორ აპირებს ხელისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და უზრუნველყოფს თუ არა იგი მუსლიმური პანსიონის ფუნქციონირებას ხელშეშლის გარეშე – „ბათუმელებმა“ შეკითხვაზე პასუხი აჭარის მთავრობისგან ვერ მიიღო.

ქობულეთის პანსიონი ისევ დაკეტილია. მუსლიმი თემი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას ელოდება. თუკი დისკრიმინაციაში მხილებული ფიზიკური პირები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებენ, „ქართველ მუსლიმთა ერთობა“ პანსიონის გახსნას გეგმავს.

უნდა გაიხსნას თუ არა მუსლიმური პანსიონი და რა ღონისძიების გატარებას გეგმავს მთავრობა – აჭარის მთავრობა ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირებას თავს არიდებს.

ზურაბ პატარაძე, აჭარისმთავრობის თავმჯდომარე ჯერ კითხვაზე პასუხის გაცემას და თანამშრომლობას დაგვპირდა, თუმცა შემდეგ `ბათუმელების~ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა. მთავრობის პოზიცია ასევე ვერ მოგვაწოდა აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა. აჭარის მთავრობას პოზიციის დაფიქსირება ამ საკითხზე „ბათუმელებმა“ გასული კვირის ხუთშაბათს სთხოვა. კითხვა უპასუხოდ დატოვეს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაშიც“.

თუკი დისკრიმინაციაში მხილებულები განაგრძობენ დისკრიმინაციულ მოპყრობას, გამოვა, რომ ისინი არ ასრულებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია,“ – ამბობს თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი.

ეს ორგანიზაცია სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს იცავს. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 200 საათამდე, ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

რა სამართლებრივი ბერკეტები არსებობს იმ შემთხვევაში, თუკი დისკრიმინაციულ მოპყრობას დისკრიმინაციაში მხილებულების ნაცვლად სხვა ადამიანები ჩაიდენენ – მაგალითად, ანგელინა ყურშუბაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ თუკი პანსიონი მაინც გაიხსნება, თავად აღარ გამოჩნდება, მაგრამ „არის ხალხი, ვინც ამას ხელს შეუშლის“. ჟუჟუნა რუხაძემ კი, სასამართლოს გადაწყვეტილება მოისმინა თუ არა, განაცხადა: „არა, ბატონო, პანსიონი არ გაიხსნება, წინააღმდეგი ვარ. სადაც უნდათ იქ ილოცონ, ჩვენ თავი დაგვანებონ… ქართველები არ ხართ? რა კითხვებს მისვამთ“.

თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ თუკი დისკრიმინაციულ ქმედებას სხვა პირები ჩაიდენენ, დიდი ალბათობით სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობა მათაც დაეკისრებათ: „გააჩნია, რას დაწერს მოსამართლე გადაწყვეტილების დასაბუთებაში, რომელიც ჯერ არ ჩაგვბარებია. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ეხება უშუალო მონაწილე პირებს, მაგრამ კოდექსის იგივე მუხლი ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისთვის ხელის შეშლას. ხელშეშლაში სწორედ მესამე პირები იგულისმხებიან“.

ეკა ჭითანავას, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ დირექტორს მოლოდინი აქვს, რომ პანსიონის გახსნას და ფუნქციონირებას ისევ შეეშლება ხელი და დარღვევებზე სამართალდამცველებს ადეკვატური რეაგირება ისევ არ ექნებათ: „პოლიციელების მხრიდან ნამდვილად არ გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი შეძლებენ მუსლიმი თემის უფლებების დაცვას, მაგრამ ყველა მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ ეფექტური რეაგირებისთვის. მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველი და მესამე სექტორის ჩართულობა ამ პროცესში ისევ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“.

„ქობულეთის პანსიონის საქმეზე“ მონიტორინგს განაგრძობს სახალხო დამცველის აპარატი. აქ გვითხრეს, რომ მთავარი აქცენტი ამჯერად პრევენციაზე უნდა გაკეთდეს. სახალხო დამცველის მოადგილის, ეკა სხილაძის აზრით, პრევენციულ ღონისძიებებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა უნდა იფიქროს ადგილობრივმა ხელისუფლებამაც: „ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია შეხვდეს მოსახლეობას და ესაუბროს ამ თემაზე, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. გამგეობის და საკრებულოს წევრებმა მედიატორის როლი უნდა შეასრულონ. ასევე მნიშვნელოვანია, უბნის ინსპექტორები. ისინი ყველაზე კარგად იცნობენ ადგილობრივ პრობლემებს და მოსახლეობას. ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ მოხდეს ამ უმნიშვნელოვანესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და თავიდან იქნას აცილებული ყველა ის შემთხვევა, რომელიც ხელს შეუშლის ამ გადაწყვეტილების აღსრულებას. ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამართალდამცველებს, როგორც პრევენციის, ასევე სიტუაციის მართვის და დროული რეაგირების კუთხით.“

ქობულეთის გამგებელმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ პრევენცია შს სამინისტრომ უნდა გააკეთოს, შსს-ში კი  პრევენციის საჭიროებას ვერ ხედავენ. „ეს პანსიონი ჯერ არ ფუნქციონირებს. როცა გაიხსნება, თუ საჭიროება გაჩნდება, განვახორციელებთ ყველა საჭირო პრევენციულ ღონისძიებას,“ – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. ქობულეთის გამგებელი, სულხან ევგენიძე კი მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: „პრევენციულ ღონისძიებას ჩვენ რას გავატარებთ. ძალოვანი სტრუქტურა თუ იზამს, ესაა. როგორც აქამდე ვიყავით ჩართული, ისევ ისე ჩავერთვებით… ვეცდებით, ორივე მხარის ინტერესი იყოს დაცული“.

ამ თემაზე საუბარს თავი აარიდა „რესპუბლიკურმა პარტიამ“. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „თავისუფალ დემოკრატებში“ კი გვითხრეს, რომ თუკი სამართლებრივი პრობლემა არ არსებობს, პანსიონი უნდა გაიხსნას და მუსლიმი თემის ინტერესების დაცვა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.

ხელისუფლებისგან მედიატორის როლის შესრულებას მოითხოვს კობა ჩხეიძე „თავისუფალი დემოკრატებიდან“. ის მიიჩნევს, რომ დისკრიმინაციისგან პრევენციას მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილება და სამართალდამცველების რეაგირება ვერ უზრუნველყოფს: „პირველ რიგში, დიალოგი უნდა დაიწყოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის და ეს უნდა გამართოს ხელისუფლებამ. ეს უფრო გაუცხოვებით გამოწვეული შიშია, ვიდრე რეალური პრობლემა.“

„პანსიონი უნდა გაიხსნას მხოლოდ მაშინ, თუკი მას მუსლიმთა სამუფთო სამმართველო გახსნის. თურქმა არ უნდა გახსნას,“ – გვითხრა მერაბ ბლადაძემ „პატრიოტთა ალიანსიდან“. დეპუტატობის კანდიდატს ვუთხარით, რომ მისი განცხადებაც იყო დისკრიმინაციული და თურქოფობიური. „ეს თქვენი აზრია, ნუ უტრირებთ… კი, ბატონო, ვიქნები დისკრიმინანტი თურქების მიმართ, მაგათ შემოაქვთ შუღლი და დაძაბულობა. როცა ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, შევცვლით კანონს და თურქს, სპარსს და ეგვიპტელს სასწავლებლის გახსნა აღარ შეეძლება“.

რა როლს ასრულებს ამ პროცესში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელიც პრემიერ-მინისტრის აპარატს დაქვემდებარებული უწყებაა – თამთა მიქელაძის შეფასებით, სააგენტოს აქამდეც შეეძლო მედიატორის როლი შეესრულებინა, რადგან მათ დეკლარირებული აქვთ დაპირისპირებულ რელიგიურ ჯგუფებთან მუშაობა. რელიგიის სააგენტოში „ბათუმელების“ კითხვებს მხოლოდ წერილობით უპასუხეს და აღნიშნეს, რომ „ამ დაპირისპირებაში ნამდვილად არის რელიგიური ნიშანი, თუმცა ეს ორ რელიგიურ თემს შორის დაპირისპირებად ვერ შეფასდება“.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ვერ ხედავს საკუთარ როლს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში: „სააგენტო ახორციელებს ცალკეულ პროექტებს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით რელიგიურ შემწყნარებლობასთან დაკავშირებით. სააგენტო ვერ ჩაერევა ვერც სასამართლო წარმოებაში და ვერც სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში“, – მოგვწერა არჩილ მეტრეველმა. ის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსია.
„ქართველ მუსლიმთა ერთობა“ არ გამორიცხავს მიმართოს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს, თუკი პანსიონის ფუნქციონირების უზრუნველყოფას სახელმწიფო ვერ შეძლებს.

ამავე თემაზე: 

“დღეს თუ ღორის თავი მიაჭედეს, ხვალ რომელიმე სხვა უწმინდურის თავს მიაჭედებენ”

ქობულეთში ბავშვთა პანსიონი დაიხურა

ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის საქმე

ქობულეთის პანსიონის პრობლემებს სასამართლო ადგილზე შეისწავლის

ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ხულიგნობის ბრალდებით ბათუმში სამი პირი დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე [საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის, მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი].

შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, ვკითხულობთ, რომ ამავე ფაქტზე ბრალი კიდევ სამ პირს წარედგინა. ერთ-ერთი მათგანი კი ამჟამად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

რა მიუთითა პროკურატურას მოსამართლემ – ადვოკატს მტკიცებულების განადგურება არ დაუდასტურდა

ადვოკატი ირაკლი ზაქარიაძე მტკიცებულების განადგურების ნაწილში მოსამართლე დავით მამისეიშვილმა უდანაშაულოდ სცნო. ადვოკატს გამოძიება ნარკოშემოწმების დროს ბიოლოგიური მასალის, შარდის განადგურებას ედავებოდა. ირაკლი ზაქარიაძემ ივნისში აჩვენა “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დასტურდება, რომ მას ნარკოტესტირების ჩაბარების პერიოდში, ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა მიღებული. ადვოკატის ცემის ფაქტზე გამოძიება დღემდე არ დაწყებულა.

გამოძიების დაწყების ნაცვლად, პროკურატურამ საქმე სასამართლოში შეიტანა. საქმის მასალებში წერია, რომ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევის მიმდინარეობის დროს, ირაკლი ზაქარიაძემ ხელის დარტყმის გზით გაანადგურა ბიოლოგიური მასალა, რის გამოც საექსპერტო კვლევა ვერ ჩატარდა. ბრალდებულმა ადვოკატმა მოსამართლეს უთხრა, რომ შარდის ანალიზი ჩატარდა და ექსპერტმა ირაკლი თედორაძემ გააღიზიანა, რომელმაც უთხრა, რომ ბიოლოგიური მასალა თბილისში უნდა გადაიგზავნოს.

ირაკლი ზაქარიაძეს ნარკოტესტირების გავლა სამართალდამცველებმა მას შემდეგ მოსთხოვეს, როცა ის ქუჩაში ქალის ცემის გამო დააკავეს. მოსამართლე დავით მამისეიშვილის ხელმოწერილ განაჩენში კი ვკითხულობთ: “სასამართლო პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ ბიოლოგიური მასალა – შარდი არცერთ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებად მოხსენებულიც კი არ არის…”

მოსამართლე ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარემ ნარკოლოგიური შემოწმება დანიშნა ქალის ცემის ფაქტზე, ხოლო ნარკოლოგიური თრობის დადგენა ვერაფერს შეცვლიდა: “საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარე საქმეზე ნარკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი ან/და უარყოფითი შედეგის მქონე დასკვნას არავითარი მტკიცებულებითი მნიშვნელობა არ გააჩნდა.”

განაჩენში მითითებულია დადგენილ გარემოებად, რომ ბიოლოგიური მასალის ანალიზი მართლაც ჩატარდა და “ირაკლი ზაქარიაძე არ იმყოფებოდა ნარკოლოგიური თრობის ქვეშ”.

ამავე საქმეში პროკურატურა ირაკლი ზაქარიაძეს მაღაზიის ვიტრინის გატეხვას ედავებოდა, რაც არ დადასტურდა. მთავარი მოწმის ჩვენება სასამართლოში იმისგან განსხვავებული აღმოჩნდა, რაც მან გამომძიებლებს უთხრა. მოსამართლემ მხოლოდ ქალის ცემის ფაქტზე შეუფარდა ირაკლი ზაქარიაძეს 4000-ლარიანი ჯარიმა.

სასამართლომ გაითვალისწინა გარემოება, რომ ადვოკატი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა და სასჯელი 3500 ლარით შეუმცირა. საბოლოოდ ირაკლი ზაქარიაძემ ბიუჯეტის სასარგებლოდ 500 ლარი გადაიხადა.

“გამოჩნდა, რომ ვიყავი უკანონო პატიმრობაში და ვაპირებ დავას ამ კუთხით. ასევე დღემდე არ დაწყებულა გამოძიება უშუალოდ ჩემი ცემის ფაქტზე, რაც თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს ექპერტიზამ დაადასტურა,” – უთხრა “ბათუმელებს” ირაკლი ზაქარიაძემ.

ურთიერთბრალდებები სააგიტაციო პლაკატების დაზიანების ფაქტზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის მეორე ნომერი, პეტრე ზამბახიძე „ქართულ ოცნებას“ და სხვა პოლიტიკურ პარტიებს სარეკლამო პლაკატების „ნაციონალური მოძრაობის“ პლაკატებზე გადაკვრასა და დაზიანებაში ადანაშაულებს.

პეტრე ზამბახიძის განმარტებით, კონკრეტულად „ქობულეთსა და ციხისძირში, სადაც გაკრული იყო პარტიის საარჩევნო პლაკატები, „თავისუფალი დემოკრატების“, „ქართული ოცნების“, „პატრიოტთა ალიანსის“ და ნინო ბურჯანაძის პარტიის პლაკატებია გადაკრული:

„ისე, რომ ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ ჩანს ჩვენი პლაკატი, ან მხოლოდ მისი ნაწილი ჩანს, ეს ითვლება საარჩევნო კანონდარღვევად. ჩვენ, რა თქმა უნდა, სამართლებრივად გავაგრძელებთ დავას, მაგრამ მე მინდა მოვუწოდო ამ პარტიების წარმომადგენლებს, პოლიტიკაში ითამაშონ იმ წესებით, რა წესებიც არის კანონმდებლობით დადგენილი“, – ამბობს ის.

„ბათუმელები“ ბრალდების ადრესატებს დაუკავშირდა:

„პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმის შტაბის ხელმძღვანელი დავით ქარცივაძე ამბობს, რომ ფაქტს გმობს, თუმცა მას კონკურენტ პარტიასთან იმავე შინაარსის ბრალდება და კითხვები აქვს: „ის, რომ ქალაქში ჩვენს პლაკატებზე წითელი კრასკით 5 ნომრები მიაწერა ვიღაცამ, რატომ არაფერს ამბობენ? – გაფრთხილებული გვყავს ყველა აქტივისტი, რომ არ უნდა გადააკრან და არ უნდა დააზიანონ სხვა საარჩევნო სუბიექტების პლაკატები. ამის მიუხედავად, თუ არსებობს ასეთი ფაქტები, ჩვენ კანონის შესაბამისად პასუხს ვაგებთ.“

„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ჩხეიძე ამბობს, რომ ყველა აქტივისტი იყო გაფრთხილებული, რომ არ უნდა გადაეკრათ და არ უნდა დაეზიანებინათ სხვა სუბიექტების პლაკატები:

„მაგრამ შესაძლოა ჩვენი პლაკატი იყო “სკოჩით” გაკრული, შემდეგ აღმოჩნდა ვიღაცის ხელში და პროვოკაციის მიზნით გააკრა “ნაციონალური მოძრაობის” პლაკატზე“, – ამბობს კობა ჩხეიძე. მისივე თქმით, კარგი იქნებოდა ამ საკითხზე კონკურენტი პარტია ბრიფინგის მოწყობამდე „თავისუფალ დემოკრატებს“ დაკავშირებოდა:

„თუ ფიქსირდება ჩვენი პარტიის მხრიდან ასეთი ფაქტები, შეეძლოთ სანამ საჯარო გახდებოდა, ჩვენთვის გაეზიარებინათ. თუ არ ვიმოქმედებდით, შეეძლოთ მაშინ საჯარო გაეხადათ.“

კობა ჩხეიძე ასევე განმარტავს, რომ ქობულეთში ბევრ ადგილას დაფიქსირდა “თავისუფალი დემოკრატების” პლაკატებზე გადაკრული „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების” პლაკატები. “თუმცა, არ გავასაჯაროვეთ“.

ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელმა დიმიტრი ჭეიშვილმა განაცხადა, რომ პარტია ამ ფაქტზე კომენტარს ხვალ გააკეთებს.

„ქართულ ოცნებაში“ კომენტარს არ აკეთებენ.

ფოტო „ბათუმელებს“ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიაწოდა.
ფოტო: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

 

ავტორი: რიონ გუნდაძე

 

 

მაჟორიტარი კანდიდატი: მთავრობამ უნდა დაავალოს ბიზნესმენებს, რომ გაიტანონ ციტრუსი

დავით მანელიშვილი ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია მოძრაობიდან „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“. ბოლო 16 წლის განმავლობაში ის სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირია. სოციალური შემწეობის სისტემას ღიად მას შემდეგ აკრიტიკებს, როცა დეპუტატის მანდატისთვის დაიწყო ბრძოლა. მემარჯვენე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი სახელმწიფო სახსრებით მაცივრების შეძენის დაპირებასაც აძლევს მეციტრუსეებს. დავით მანელიშვილი ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსად მუშაობდა. 2007-2011 წლებში კი, აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.

ბატონო დავით, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა და რატომ პაატა ბურჭულაძის მოძრაობა?

სააგენტოდან გასული წლის ბოლოს გამოგვიშვეს, პრეტენზია არ მქონია. მე სულ ყველა პარტიისგან მქონდა შემოთავაზება. რატომღაც ჩავთვალე, რომ პაატა ბურჭულაძე და მისი გუნდი სუფთა ხელებით მოდიან… ყველა პარტიის პროგრამას რომ გავეცანი, უფრო ამას დავუჭირე მხარი პაატას ფაქტორის გამო. შემოქმედი კაცია, მსოფლიო ბრენდი. მას რომ შეხვდი და დაველაპარაკე, ნამდვილად სულ სხვა აზრზე მოვედი…. პოლიტიკურად შეიძლება იმდენად ვერ არის, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი რიგზე იქნება. მთავარია, რომ არის სუფთა და არაა გასვრილი არაფერში. მის გვერდით არიან ეკონომისტები, ძალიან დიდი გუნდი ჰყავს.

ანუ პაატა ბურჭულაძე იყო მთავარი ფაქტორი?

ყველანაირი ღირებულება არის აქ, მათი დაპირება, ყველანაირი მოქმედება. რაა იცით, არავის არაფერს ვპირდებით ისეთს, რის გაკეთებაც არ შეგვიძლია. სიცრუის ქვეშ რომ გვაცხოვრებდნენ, ესაა პრობლემა.

თქვენ რას ჰპირდებით ქობულეთს?

ვიყავი მეცნიერებაში და ვიცი, განათლების საკითხები კარგად. ვიყავი დაგვის საკრებულოს თავმჯდომარე და სოფლის მეურნეობაც ძალიან კარგად ვიცი. ასევე ვიცი სოციალური მომსახურების სისტემა და ამის ირგვლივ ვესაუბრები მოსახლეობას. ჩემთვის რაც გადასაწყვეტი იქნება, კანონმდებლობის სახით, მაგას ყველაფერს გავაკეთებ.

კონკრეტულად გვითხარით, მაგალითად, სოფლის მეურნეობის კუთხით რას გეგმავთ?

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მიწები უნდა განაწილდეს. გლეხს უნდა მივცეთ უფლება, რის მოყვანის საშუალებაც აქვს, ის მოიყვანოს. ერთი გოჯა მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი. ამას როგორ ვაპირებ, ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტია.

თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ რატომ უნდა დაგიჯეროთ ამომრჩეველმა, რომ ამას შეძლებთ? მიწის რეფორმა არაერთი პარტიის წინასაარჩევნო დაპირება იყო.

მაქვს მოდელზე ნაფიქრი, მაგრამ ახლა არ ვიტყვი ამას. ამას ძალიან დიდი პროგრამა აქვს, მე და ჩემი მეგობრები დავჯექით და გადავწყვიტეთ ყველაფერი.

ამომრჩეველს რას ეუბნებით ამ დროს, მოვიფიქრე და თქვენ უბრალოდ მიიღეოთ? იქნებ არ იზიარებს ხალხს თქვენს მოდელს.

ეს არის ხელისუფლების კეთილ ნებაზე დამოკიდებული. თუ იქნება ნება, ერთი თვის ამბავია ამის გადაწყვეტა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს ეს თემა. მოუგვარებელი აქ არაფერი არ არის. მით უმეტეს, თითქმის ყველამ იცის საკუთრი მიწის ნაკვეთი რომელია და თითქმის ეს ყველაფერი გაკეთებულია, ოღონდ კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს ეს.

სოფლის მეურნეობაზე რა ხედვა გაქვთ?

მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მიღებული პროდუქციის გასაღება. ამაზე მაქვს ნაფიქრი. გლეხმა უნდა უზრუნველყოს მანდარინის, მოცვის, თხილის თუ ყურძნის მოყვანა, ხოლო გატანა საზღვრებს გარეთ, ამას გლეხი ხომ ვერ შეძლებს? … მთავრობამ უნდა დაავალოს, ცუდად რომ ვთქვათ, ბიზნესმენებს და ვიღაც-ვიღაცებს, რომ გაიტანონ პროდუქცია…

ამას თავისუფალ ბიზნესზე ზეწოლა არ ჰქვია?

ხალხმა, აბა, სული არ უნდა მოითქვას? ვიღაცამ ხომ უნდა წაიღოს ეს მანდარინი და გაყიდოს? იძულება არაფრით არ იქნება, მაგრამ შავით თეთრზე დავწერთ, რომ აი, მაგალითად, ამ გლეხს უნდა დავეხმაროთ მანდარინის გასაღებაში, ამაში ცუდი რა არის? გლეხს უნდა დაეხმარო, დააკვალიანო, იქ მაცივრებია საჭირო მანდარინის შენახვისთვის და ასე შემდეგ.

მაგალითად, მაცივრები ვინ უნდა შეიძინოს?

რა თქმა უნდა, მაცივრები მთავრობამ უნდა შეიძინოს, მან უნდა უხელმძღვანელოს და უპატრონოს საცოდავ გლეხებს.

თქვენ მემარჯვენე ძალა ხართ, რომელიც ორიენტირებულია თავისუფალ ბაზარზე და ბიუროკრატიის შემცირებაზე…

ეს უბრალო ლაპარაკია, ყველას მოსწყინდა უკვე… რა გინდათ ჩემგან გაიგოთ, ვერ გავიგე. ბიზნესმენებს უნდა ვთხოვოთ, რომ შეიძინონ ციტრუსი, აბა, მეტი რა გითხრათ?

რა რესურსით უნდა შეიძინოთ მაცივრები?

ჩვენი ეკონომისტები მუშაობენ ამაზე. პატარ-პატარა პრემიები არ უნდა გამოიწერონ და ყველაფერი იქნება, არაფერი პრობლემა არაა…

მთავრობა თუკი შეიძენს მაცივრებს მანდარინისთვის, ეს ჯდება თქვენს პოლიტიკიურ პლატფორმაში?

ჩემი პლატფორმა არის ის, რომ მანდარინს რომ მოკრეფს გლეხი, ის უნდა გაყიდოს…

სხვა საკანონმდებლო ინიციატივა გაქვთ?

თუ ამირჩევს ხალხი და ჩემი მუშაობა არ მოეწონება, ხალხს უნდა ჰქონდეს ჩემი გამოწვევის უფლება.. კიდევ რა გითხრათ, ქობულეთს უნდა მიენიჭოს აუცილებლად სტატუსი. როცა მიენიჭა 15 ქალაქს სტატუსი და იმ ჩამონათვალში ქობულეთი ვერ ვნახე, გული კინაღამ გამისკდა.

თქვენ 16 წელი მუშაობდით სოციალური მომსახურების სააგენტოში. ამ კუთხით გეგმავთ თუ არა საკანონმდებლო ცვლილებას?

ძალიან ცუდი პროგრამაა ეს შემწეობის პროგრამა… წლების განმავლობაში ხელმძღვანელი ვიყავი. ორ ოჯახს სხვადასხვა ქულები რომ მოსდის და მეზობლები ერთმანეთს ექიშპებიან, ეს პროგრამის ბრალია. უვახშმოდ ადამიანები აღარ უნდა იძინებდნენ და დანიშნულ დახმარებას არ უნდა უხსნიდნენ ადამიანს იმის გამო, რომ საჩუქარი მიიღო ვიღაცისგან.

რა უნდა შეიცვალოს?

დიდ ბოდიშს გიხდით თქვენ, ჯერ ვერ გეტყვით ამას. სხვა შეკითხვა გაქვთ?

რამდენად დამაჯერებელი იქნება თქვენი ეს დაპირება, როცა სოციალური შემწეობის მოდელს მხოლოდ მას შემდეგ აკრიტიკებთ საჯაროდ, როცა პოლიტიკურად გააქტიურდით?

ეს უკვე ავანტურისტული შეკითხვაა. თქვენ არასდროს არ დაგიძახიათ ჩემთვის და არ გიკითხავთ, რას ვფიქრობდი სისტემაზე…

ბოლოს ქობულეთის პანსიონზე მინდა გკითხოთ, უნდა ფუნქციონირებდეს თუ არა ქობულეთში მუსლიმური პანსიონი, სადაც სასამართლომ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა?

რა თქმა უნდა, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ხელი არ შეეშალოთ ადამიანებს ლოცვაში. ჩემი პრინციპი ესაა – კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა, იქ ოლოცე.

 

ბათუმის მერიამ ბინა 51 700 ლარად გაყიდა

ბათუმის მერიამ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 46 კვ/მ ფართობის ბინა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, N1-ში, უპირობო აუქციონზე 51 700 ლარად გაყიდა. ბინა კომპლექს „ბათუსის“ მოპირდაპირედ, „მაკდონალდსის“ გვერდით არსებულ კორპუსში მდებარეობს.

ბათუმის მერიამ ბინა აუქციონზე 49 ათას 700 ლარად გაიტანა, ბიჯით – 2000 ლარი. აუქციონი შედგა და ქონება ერთი ბიჯით, 51 700 ლარად გაიყიდა.

ვინ შეიძინა მერიის ბინა, ჯერ უცნობია. ამ დროისთვის გაყიდული ბინა რეესტრის ამონაწერის მიხედვით კვლავ ბათუმის მერიის საკუთრებაშია.

ამავე თემაზე:

მთავრობის დაკეტილი ბინები

ბურჭულაძის პარტიის დახეული საარჩევნო ბანერი და დაზიანებული ძეგლი

28 სექტემბერს, გვიან ღამით, ბენზეს დასახლებაში, ბლოკ – “პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ ოფისი დააზიანეს.

ბათუმის 68-ე ოლქში ბლოკის მაჟორიტარობის კანდიდატის, ამირან ბერიძის განმარტებით, გვიან ღამით, დაახლოებით სამი საათის შემდეგ, უცნობმა პირებმა დააზიანეს ოფისი და საარჩევნო ბანერი.

ამირან ბერიძე ფაქტს პოლიტიკურ შეკვეთად აფასებს. „ ეს ფაქტი უკავშირდება პაატა ბურჭულაძის აჭარაში ჩამოსვლას და წარმატებულ შეხვედრებს მხარდამჭერებთან“, – ამბობს ის.

შსს- ს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება 187 – ე მუხლით მიმდინარეობს.

ბლოკის ოფისი თბილისის გზატკეცილზე, #11- შია განთავსებული.  შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია [ყოფილი რესტორანი მახინჯაურში] და მასზე პლაკატების განთავსება საკრებულოს დადგენილებით იკრძალება.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის, მირანდა ჩარკვიანის თქმით, სააგენტო ამ ფაქტზე რაგირებას უახლოეს დღეებში მოახდენს.

ფოტო „ბათუმელებს“ საარჩევნო ბლოკის პრესსამსახურმა მიაწოდა.
ფოტო „ბათუმელებს“ საარჩევნო ბლოკის პრესსამსახურმა მიაწოდა.

14488877_1195074090565782_965164815_o

გიორგი კირთაძე „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომებსა და გეგმებზე

გიორგი კირთაძე არის ბოლო მოწვევის ბათუმის საკრებულოს წევრი, იყო წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე. ის არის „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი საქართველოს პარლამენტში. კენჭს იყრის #69 საარჩევნო ოლქში.

ბატონო გიორგი, თქვენს საარჩევნო პროგრამაში საუბარია ისეთ პროექტებზე, რომლებიც, წესით, დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. რამდენით გაიზრდება ბიუჯეტი იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში მოხვალთ და როგორ აპირებთ ბიუჯეტის გაზრდას?

თუ ვსაუბრობთ პროგრამაზე, მე მგონი ყველაზე დიდი ბიუჯეტი სჭირდება სოციალური სახლების მშენებლობას. ჯამში 120 მილიონია ბიუჯეტი და გადანაწილებულია წლების მიხედვით – 2800 ბინა ოთხი წლის მანძილზე უნდა აშენდეს. ბუნებრივია, ეს ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან.

როგორც მახსოვს, ნაშთებიც აქვთ ძალიან ბევრი, მათ შორის არის აჭარის მთავრობის გაუწერელი ნაშთი, რომლიდანაც უსწრაფესად შეიძლება ამ პროგრამის დაწყება.

თქვენი პროგრამით ძალოვანი სტრუქტურების, საბაჟო, საგადასახადო ორგანოების, აჭარის პროკურორის, გარემოს დაცვის, სურსათის უვნებლობის სამსახურების ხელმძღვანელები უნდა დაინიშნონ აჭარის უმაღლეს საბჭოს სავალდებულო ჩართულობით. ეს კომპეტენციები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლამდე ჰქონდა რეგიონს და თქვენი ხელისუფლების პირობებში შეიზღუდა. რატომ მიიჩნევს ახლა პარტია საჭიროდ უფლებამოსილების გაზრდას?

არასწორია შედარება იმასთან, რასაც ასლანი [აბაშიძე] აკეთებდა, რადგან მას თავისი თავდაცვის მინისტრი და გენშტაბი ჰყავდა. შს მინისტრი ჰყავდა, რომელიც მხოლოდ მას ექვემდებარებოდა. ეგ იყო წმინდა წყლის სეპარატიზმი და არაფერი აქვს საერთო იმ ჩანაწერთან, რაც ჩვენ გვაქვს პროგრამაში. ლაპარაკია უფლებამოსილების იმ დონით ზრდაზე, რომელიც რეალურად გააუმჯობესებს ვითარებას, უფრო ეფექტურს გახდის მუშაობას. მაგალითად, მე როგორც მახსოვს, აუდიტის სამსახურის უფროსი ინიშნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თანხმობით. თუ შეიძლება, რომ ამ სამსახურის ხელმძღვანელი დაინიშნოს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თანხმობით, რატომ არ შეიძლება იგივე გავრცელდეს, პირობითად, პროკურორთან მიმართებაში?

რას შეცვლის ეს?

მგონია, რომ ნდობის უფრო მაღალი ხარისხი იქნება.  უმაღლესი საბჭოს და, ზოგადად, ავტონომიის ხელისუფლების ჩართულობა ბევრად მეტი იქნება. რატომ ირჩევს პროკურორს თუ ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი? – ალბათ იმიტომ, რომ ბევრად მეტი ჩართულობა ჰქონდეს პარლამენტს, რაც მის საჯაროობას, ნორმალურ მუშაობას ხელს შეუწყობს. პროკურორს არ ნიშნავს არც ერთი კაცი, არც პრეზიდენტი, არც არავინ. ვფიქრობ, ეს სწორია. თუმცა, უმაღლესი საბჭოს თანხმობით უნდა დაინიშნონ თუ რამე სხვა ფორმით, ეს არის სამსჯელო თემა.

ეს ამომრჩევლისთვის იგივე განცხადება ხომ არ იქნება, რაც პაატა ბურჭულაძემ თქვა ადგილობრივი კადრების დანიშვნა-არდანიშვნასთან დაკავშირებით?

არა. პაატა ბურჭულაძეს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაც ჰქონდა. ჩემი აზრით, ის ადგილობრივ კადრებს არ გულისხმობდა. ძალიან ვიწრო, სეპარატისტულ განცხადებაში გადაუვიდა, როცა თქვა, რატომ უნდა იყოს ჭეიშვილი [ირაკლი] და ერმაკოვი [გიორგი] ქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე. ისინი დაიბადნენ, გაიზარდნენ ბათუმში და, რა თქმა უნდა, კარგად იცნობენ ამ ქალაქს. ეს ის არ არის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ.

რატომ არ გააკეთეთ ეს მაშინ, როცა ხელისუფლებაში იყავით?

არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მაგრამ ამ საკითხს სულ აყენებდა ლევან ვარშალომიძე.

და მაშინ რატომ ვერ მოხერხდა?

ვერ მოხერხდა სამწუხაროდ. კიდევ ერთხელ ვამბობ – მაშინაც ვფიქრობდით ჩვენი გუნდი, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უფლებამოსილება უნდა ყოფილიყო უფრო მეტი, რაღაც საკითხებში უნდა შემცირებულიყო ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობა.

საარჩევნო პროგრამაში გიწერიათ, რომ ეკონომიკური დანაშაული უნდა იყოს დეკრიმინალიზებული, ხოლო წინასწარი პატიმრობა ეკონომიკური დანაშაულის შემთხვევაში საერთოდ უნდა გაუქმდეს. ასევე წერია ფინანსური პოლიციის გაუქმებაზე. წინასწარი პატიმრობა ეკონომიკური დანაშაულის შემთხვევაში სწორედ თქვენი ხელისუფლების დროს  დაინერგა ფართოდ. ეს ჩანაწერი ნიშნავს იმას, რომ რაღაც ტიპის შეცდომებს აღიარებთ?

აბსოლუტურად სწორი დასკვნაა, რაღაც ტიპის შეცდომები იქნა დაშვებული, რაც გააზრებული გვაქვს. ის, რომ უნდა მოხდეს ფინანსური ამნისტია, ის, რომ ამ ტიპის დარღვევებზე არ არის აუცილებელი ადამიანები ისხდნენ ციხეში, შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომებზე გააზრებული პასუხი.

ფინანსური პოლიციის გაუქმება  ნიშნავს იმას, რომ კონტროლი აღარ უნდა განხორციელდეს?

ნამდვილად არ ნიშნავს ამას. ჩვენ ვცხოვრობდით სახელმწიფოში, სადაც გადასახადს არავინ იხდიდა, არც საბაჟოზე იკრიბებოდა თანხა და არც არსად, ვგულისხმობ 2004 წლის საქართველოს. რაღაც პერიოდის განმავლობაში  სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო ბიუჯეტში შესულიყო თანხა, სახელმწიფოს თავისი დანიშნულება რომ შეესრულებინა. რაღაც ეტაპზე ეს შეიძლება იყო საჭირო, თუმცა რაღაც ეტაპზე, როცა საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ გადასახადი უნდა გადაიხადოს, ფინანსური პოლიცია, როგორც სადამსჯელო ინსტრუმენტი იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არის, აღარ უნდა არსებობდეს. ამის საჭიროება იდგა 2004 წელს, ამის საჭიროება დღეს აღარ დგას.

ქობულეთში აეროპორტის მშენებლობაზე მინდა გკითხოთ, რა გათვლები არსებობს ამ პროექტთან დაკავშირებით?

თუ ჩვენ ვაშენებთ ქალაქს, რომელშიც უფრო მეტი ადამიანი უნდა ჩამოვიდეს, ვიდრე ბათუმის აეროპორტს ამის მიღების საშუალება აქვს, აეროპორტის აშენება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს პროექტი პირდაპირ კავშირში არ არის ინდუსტრიულ ზონასთან, მაგრამ  ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ აჭარას, კონკრეტულად ბათუმს, აქვს პოტენციალი მოიზიდოს მრავალი ინვესტორი იმისთვის, რომ ინდუსტრიული ზონები გაჩნდეს. სახელმწიფოს ხელშეწყობა ამ საქმეს სჭირდება – ვგულისხმობ კომუნიკაციების მიყვანას, რეგულაციების დაწესებას და ასე შემდეგ. ის, რომ რეგიონი და ქალაქი ამისთვის მზად არის, ამაში ვარ დარწმუნებული. მაგალითად, როცა „შერატონი“ შენდებოდა, უამრავი კვლევა ტარდებოდა, მაგრამ, როგორც კი ის აშენდა, სხვა ბრენდებიც მარტივად შემოვიდა ქალაქში. ამიტომ მგონია, რომ ჩვენი ქალაქი არის მზად, ბევრი ინვესტორის მოსაზიდად.

გადასახადებს ამცირეთ 10 პროცენტამდე. ამ მიმართულებით დიდი კონკურენციაა პარტიებს შორის გაჩაღებული. ეს რამდენად რეალისტური გეგმაა?

გადასახადების შემცირების პოლიტიკით არ ვგავართ სხვა პარტიებს. ზოგიერთი პარტია პირდაპირ ამცირებს გადასახადებს, ზოგიერთი საერთოდ გაუქმებას ითხოვს. ჩვენ გვგონია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდამდე ლარია დახარჯული სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში ფუფუნების ხარჯებზე, მივლინებაზე… ჩვენ მიგვაჩნია, რომ თანხის გამოთავისუფლება და ბიზნესისთვის დატოვება რეალურია.

გადასახადების  შემცირებაზე როცა ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე შემოსავლები აკლდება ბიუჯეტს, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ გზა არ გაკეთდება, სოციალური პროგრამები გაჩერდება… თავდაცვასა და შს სამინისტროსთვის ხარჯების მოკლების გარეშე შეიძლება მეტი ფულის დატოვება ბიზნესისთვის, რომელიც განვითარდება და მეტ სამუშაო ადგილს შექმნის.

ხომ არ გაუარესდება იმ ადამიანების პირობები, რომლებიც საჯარო სამსახურებში მუშაობენ?

მე არ ვგულისხმობ, რომ ხელფასები უნდა შევამციროთ, პირიქით, შესაძლებელია, ხელფასები გაიზარდოს. აქ საუბარია უაზრო დანამატებსა და პრემიებზე, რომელიც რაღაც უწყებებში გაიცემა. იმ ადამიანებს, რომლებიც საქმეს აკეთებენ დღეს და, ჩემი აზრით, იმაზე დაბალ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე მათ ეკუთვნით, რა თქმა უნდა, ეს მათ არ შეეხება – პირიქით, მათი ხელფასი შესაძლებელია კიდევ გაიზარდოს. საუბარია იმ ტიპის ხარჯებზე, რომლის ამოღებაც არ დაარტყამს სახელმწიფოს ყველა მნიშვნელოვან ფუნქციას, რასაც ის უნდა ასრულებდეს. ეს არის წარმომადგენლობის ხარჯები, ფუფუნების ხარჯები…

პროგრამაში გიწერიათ აჭარის ზღვისპირა ზოლის ნაპირგამაგრებაზეც. ეს არის დიდი გამოწვევა ყველა ხელისუფლებისთვის, მოსახლეობისთვის. როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას?

ალბათ საჭირო იქნება იმ პროექტის ხელახალი გადათვლა, რომელიც მზად იყო და თუ არ ვცდები 55 მილიონი ლარი სჭირდებოდა. ეს პროექტი მოწონებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ, გარემოს დაცვის სამინისტროსთან იყო შეთანხმებული, მუნიციპალური განვითარების ფონდი ღებულობდა სესხს აზიის განვითარების ბანკიდან და ტარდებოდა ნაპირსამაგრი სამუშაოები. ეგრეთ წოდებული ოქროს ქვიშების პროექტი იყო ნაპირგამაგრებითი სამუშაოს ერთ-ერთი კომპონენტი. საუბარი იყო პიშევიკებიდან „სანრემოს“ ხიდამდე შესაბამისი ქვიშის დაყრაზე, რომელიც ჩვენს ქალაქში ტურიზმის პოტენციალს გაზრდიდა. ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობდით ამ პროექტს, გონიოს ხიდის მშენებლობის პროექტს, მაგრამ ორივეზე საზეიმოდ ითქვა უარი. მესამე იყო სტადიონი.

თუმცა, მაშინ თქვა ხელისუფლებამ, რომ ამ პროექტების განსახორციელებლად სათანადო კვლევები არ იყო ჩატარებული.

სიტყვების მიღმა მე დოკუმენტი არ მინახია. გვეუბნებოდნენ, რომ იქ ჩიტების გადაფრენას თუ ნავიგაციას უშლიდა ხელს. ვერც ერთი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, რატომ არ აშენდა სტადიონი იქ, სადაც ბათუმის მერიას ბიუჯეტიდან უკვე გადახდილი ჰქონდა თანხა… ეს პროექტები მომავალი წლისთვის არის დაწყებადი და ასევე სწრაფად დასრულებადი.

2012 წელს მოქმედი ხელისუფლება ამბობდა პენსიების გაზრდაზე. მერე თქვეს, რომ პენსიები გაიზრდებოდა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. თქვენ პროგრამაშიც გიწერიათ, რომ პენსია გაიზრდება 50 ლარით. ეს რას ნიშნავს?

გაიზრდება ნოემბრიდან.

და დარჩება შემდეგი ოთხი წელი?

გაიზრდება ყოველწლიურად.

ადგილობრივი მეთევზეებისთვის გამარტივებული წესით ლიცენზიის მოპოვებაზე გიწერიათ. თუმცა ეს უფლებაც თავის დროზე სწორედ თქვენი ხელისუფლების მიერ იყო გაუქმებული. ასე ხაზგასმით რატომ შეიტანეთ მეთევზეების საკითხი პროგრამაში?

ეს არის აქტუალური საკითხი და ძალიან აწუხებს ჩვენს თანამოქალაქეებს. ადგილობრივი მეთევზეებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაც იგეგმება ნაპირგამაგრებითი პროექტის ფარგლებში. მეთევზეებისთვის სპეციალური ღონისძიების გატარება იგეგმება, მათ შორის ლიცენზიის მოპოვებაც გამარტივდება.

თქვენ გიწერიათ, რომ სასკოლო ვაუჩერის ღირებულება გაიზრდება 50 პროცენტით, ხოლო მასწავლებლის ხელფასი იქნება მინიმუმ 650 ლარი. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ მასწავლებლის საშუალო ხელფასი ახალი წლიდან იქნება 800 ლარი.

ასევე გვახსოვს, ჩვენ 230-ლარიანი პენსიები, ახლა გამოვიდნენ და გვითხრეს, რომ 70 თეთრად ჩაიბარებენ მანდარინს. რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, არ გვაქვს სწორება ამისკენ. ამ შემთხვევაში საუბარია მინიმალურ ხელფასზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, იქნებიან პედაგოგები, რომლებსაც უფრო მეტი ექნებათ.

ეგრეთ წოდებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის ფოტო გაქვთ საარჩევნო ბუკლეტში გამოყენებული. ეს შენობა თავის დროზე აშენდა კანონის სრული უგულებელყოფით და ძეგლის, ანუ ბათუმის ბულვარის ხელყოფით. როცა ამ შენობას ბეჭდავთ საარჩევნო ბუკლეტში, ეს ხომ არ უნდა გავიგოთ ისე, როგორც მესიჯი, რომ იმავე პოლიტიკას გაატარებთ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში?

მესმის თქვენი დამოკიდებულება ამ შენობისადმი, ისე როგორც ბევრი ბათუმელის. თუკი რამე გვქონდა ჩვენ აჭარაში მართვის პროცესში, მთავარი შეცდომა იყო ის, რომ საქმეები კეთდებოდა უფრო სწრაფად, ვიდრე მოქალაქეთა ჩართულობა მიყვებოდა მას. ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი იყო ეს შენობა, რომელიც, ჩემი აზრით, უნდა ყოფილიყო ჩვენი თანაქალაქელებისთვის ყველაზე საყვარელი შენობა თავისი მნიშვნელობით, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე ვერ ვაქციეთ.

აღარ ვიდავოთ იმაზე, იყო ძეგლი თუ არ იყო, ბულვარს ეხებოდა ეგ ტერიტორია თუ არ ეხებოდა, რა იდგა ადრე ამ ადგილას, როგორი ტიპის განაშენება უნდა ყოფილიყო და ასე შემდეგ. ამ ტიპის გადაწყვეტილებები იყო ჩვენი შეცდომა, რასაც ვაღიარებ და რის გამოსწორებასაც ვისურვებდი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. თუ გვინდა, რომ ბათუმში ავაშენოთ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ან სხვა კარგი საქმე გავაკეთოთ, ჯერ უნდა ვკითხოთ ხალხს და მათთან ერთად დავიწყოთ ამ ყველაფრის კეთება და არა ისე, რომ ჯერ გავაკეთოთ და მერე ავუხსნათ, რატომ არის ეს შენობა ძალიან მნიშვნელოვანი.

მაგ შენობაში უნდა განთავსებულიყო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლის როლი ჩვენი ქალაქის სამომავლო ცხოვრებაში იქნებოდა ძალიან დიდი. საერთოდ, ბათუმის საუნივერსიტეტო ქალაქად გადაქცევა არამხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ ჩვენს რეგიონში, ძალიან მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცუდი რაც გვქონდა თავის დროზე, ყველაზე ნათელ მაგალითს მივაგენით – ეს შენობა ჩემთვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტია, თქვენთვის და ბევრისთვის ობიექტური გაბრაზების მიზეზი მთავრობაზე. ვისურვები, რომ ასე აღარ მოხდეს. თუმცა თქვენგან განსხვავები, ის ადამიანები, ვინც ამ შენობას აპროტესტებდა, მერე აღარ აპროტესტებდნენ იქვე ერთი იმხელა შენობის მიდგმას… სამწუხაროდ, გულწრფელი პროტესტი ალბათ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა მაშინ ქალაქში.

თქვენი ხელისუფლება, რამდენიმე ადამიანის გამოკლებით, რიგი მედიისთვის იყო ხაზგასმით ხელმიუწვდომელი. მაგალითად, არასოდეს გვეძლეოდა აჭარის მთავრობის სხდომების გაშუქების შესაძლებლობა, იყო ჟურნალისტების იძულებითი გამოძევების ფაქტები, ვთქვათ, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობიდან. მაშინ, როცა დღეს ეს ძალიან მარტივია. ჩვენ ახლაც ვცადეთ თქვენი პარტიის ლიდერის, ლევან ვარშალომიძის ჩაწერა, მაგრამ ეს ისევ შეუძლებელი აღმოჩნდა. თუ ვარშალომიძე გახდება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, უნდა ველოდოთ, რომ მედიისთვის ისევ დაიხურება მთავრობის ადმინისტრაციული შენობების კარები?

დავიწყებ იმით, რომ ვერ დაგეთანხმებით ბოლომდე შეფასებებში. მე მგონია, რომ არ იყო ასე რთულად საქმე, თუმცა რაღაც სირთულეები იყო. ძალიან რთულია ილაპარაკო სხვის ნაცვლად, რატომ არ ურთიერთობს ჟურნალისტებთან ლევან ვარშალომიძე. მე მგონია,  რომ ის ჟურნალისტებთან ურთიერთობს. შესაბამისად, არ ვიცი, რატომ ვერ მოახერხეთ მასთან ინტერვიუს ჩაწერა. ცუდია, თუ ვერ მოახერხეთ და მზად ვარ გიშუამდგომლოთ. თუმცა, ვფიქრობ, რომ არ უნდა გჭირდებოდეთ ჩემი შუამდგომლობა, გეთანხმებით ამაში.

ლევან ვარშალომიძე, თუ არ ვცდები, დღეს ხულოშია, საღამოს ქობულეთში, ზეგ ხელვაჩაურშია, აქტიურ საარჩევნო რეჟიმშია. თუმცა, ალბათ, ამ მიმართულებითაც არსებობდა პრობლემები.

როცა მე ჩართულობაზე ვლაპარაკობდი, სამწუხადოდ, როგორც ჩანს, მედიასთანაც იგივე პრობლემები იყო, არამასშტაბური, მაგრამ ალბათ იყო. ვიმედოვნებ, მედიასთან მჭიდრო ურთიერთობას იქონიებენ საჯარო მოხელეები, მთავრობის თავმჯდომარით დაწყებული, დამთავრებული ნებისმიერი მოხელით. თუ არ იქნება ასე, მაშინ ვიქნებით იგივე პრობლემის წინაშე, რა პრობლემის წინაშეც დავდექით – ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებდით, მაგრამ მერე ვერ ვხსნიდით ამ კარგ საქმეებს.

რას ელოდებით არჩევნებისგან?

დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვებთ და ამას ვლაპარაკობ იმ განწყობიდან, რაც მომყვება მაგალითად, ქუთაისის ქუჩიდან, ჭაობიდან, გორგილაძიდან… ყველა ჩემს მეგობარს, რომელსაც ხანდახან ეჭვი ეპარება „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებაში, ვეუბნები მისთვის სასურველ ფორმაში, მისთვის სასურველ ქუჩაზე ჩავატაროთ კარდაკარი… ხალხი ძალიან კარგად გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ოთხი წელი „ქართული ოცნებას“ მეტი არაფერი უკეთებია, რომ სიძულვილის დათესვას ცდილობდა საზოგადოებაში, ფაქტია, რომ აქაც კრახი განიცადეს. მათი ტყუილების კასკადი არ მუშაობს. ვფიქრობ,  არ გვყავს ცუდი კანდიდატები არც მაჟორიტარებში, არც სიაში, მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი კი გვყავს მაღალრეიტინუგული.

აჭარის მთავრობა კვლავაც არ ცვლის პოლიტიკას და არ აკეთებს კომენტარს გასულ კვირას სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რაც ქობულეთში მუსლიმურ პანსიონთა მიმართებაში დისკრიმინაციის აღმოფხვრას გულისხმობს. უნდა მიიღოს თუ არა ხელისუფლებამ მონაწილეობა ამ საკითხის გადაჭრაში და თუ კი, როგორი შეიძლება იყოს მისი როლი?

ზოგადად გეტყვით: ჩვენ ქალაქს ყველაზე კარგად ეტყობა, რომ ეს არის  ხელოვნურად შექმნილი პრობლემები. აქ ერთ კვარტალშია განთავსებულია სხვადასხვა სამლოცველო და სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები ძალიან კარგად თანაცხოვრობენ. 2012 წლის არჩევნებისთვის, „ქართული ოცნება“ იყო ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც გაბედა და ამ თემაზე სპეკულირება დაიწყო. ამის გაგრძელება იყო ის ყველაფერი, რაც მოხდა ქობულეთში, ჭელაში, ჯუმათშიც და სხვაგან. ამ ყველაფერს ემატება „ქართული ოცნების“ მნიშვნელოვანი დანამატის – თარხან მოურავის იმ ტიპის განცხადებები, რასაც ეგენ აკეთებენ და სწორედ ამის გამო ვიღებთ იმ შედეგებს, რასაც ვიღებთ.

კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ, რადგან გადაწყვეტილებას არ ვიცნობ, მაგრამ ერთი რამე შემიძლია ვთქვა, პოლიტიკა საერთოდ უნდა დავაშოროთ ამ თემებს და ყველაფერი იქნება კარგად.

ქობულეთის საკრებულოს წევრი გამგეობას დარღვევებში ადანაშულებს

საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მერაბ ცინცაბაძე ქობულეთის გამგეობას ფინანსურ დარღვევებში ადანაშულებს, ბრალდებების დასადასტურებლად კი სახელმწიფო აუდიტის 2014 წლის ანგარიში მოჰყავს.

აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ 2014 წელს ქობულეთის გამგეობამ არამიზნობრივად დახარჯა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 19 000 ლარი.

2013 წელს საქართველოს მთავრობამ „ციტრუსის სეზონის მოსავლის აღების ღონისძიებათა ხელშეწყობის და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით“, 2013 წლის 26 დეკემბრის N2174 განკარგულების შესაბამისად, სარეზერვო ფონდიდან, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გამოეყო 12 000 000 ლარი. ამ თანხიდან, აჭარის მთვარობის განკარგულებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყო 5 445 800 ლარი. [2013 წლის 31 დეკემბრის N262]

სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის დანიშნულებით ხარჯვის უზრუნველსაყოფად, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს დაევალათ, ციტრუსის შემსყიდველი ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე [მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს ციტრუსის ჩამბარებელი ფიზიკური პირის, ციტრუსის შემსყიდველი პირისა და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლის მიერ და ექსპორტის დამადასტურებელი საბაჟო დეკლარაცია], შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ციტრუსის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე, მათ მიერ ჩაბარებულ ყოველ 1 კილოგრამ სტანდარტულ ციტრუსზე, დამატებით 0,15 ლარის გაცემა.

აუდიტორის დასკვის მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ, თანხის მიღების მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებით დადგენილია, რომ 8 შემთხვევაში, ექსპორტირებული ციტრუსის რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის მიზნით, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ფიზიკური პირის მიერ ერთი და იგივე საბაჟო დეკლარაციების წარდგენის ფაქტებს. შედეგად, ექსპორტირებულად ნაჩვენებია საბაჟო დეკლარაციებით განსაზღვრულ რაოდენობაზე 79 100 კილოგრამით მეტი ციტრუსი და, შესაბამისად, ადგილი აქვს 11 900 ლარის არამიზნობრივად ხარჯვას.

მერაბ ცინცაბაძემ დასკვნის სხვა თავზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც ნათქვამია, რომ ქობულეთის გამგეობამ, ფაქტობრივი, დანახარჯების წარმოუდგენლობის პირობებში, მიმწოდებელს 124 582 ლარი გადაურიცხა.
აუდიტორი წერს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2014 წელს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გაფორმებულია 13 ხელშეკრულება. ხელშეკრულებათა ჯამური ღირებულება 701 900 ლარს, ხოლო გადახდილი თანხა 656 000 ლარი. მუნიციპალიტეტის მიერ ანგარიშსწორება განხორციელებულია იმ პირობებში, როდესაც მიმწოდებლების მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ, რითაც დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი – სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ მე-3 პუნქტი.

აუდიტის ჯგუფის მიერ, გარე დადასტურების ფორმით, მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ, თუმცა მიმწოდებლების უმრავლესობას შესაბამისი ინფორმაცია არ წარმოუდგენია, ხოლო წარმოდგენილი ინფორმაცია არ იძლევა დანახარჯების იდენტიფიცირების საშუალებას.

ქობულეთის გამგებლის მოადგილე ირაკლი ცეცხლაძე მიიჩნევს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და ისეთი პოზიტიური დასკვნა, როგორიც 2014 წლის ფინანსური შესაბამისობის შემოწმების შემდეგ დაიდო, აუდიტორს ქობულეთის გამგეობის მუშაობაზე არასდროს დაუწერია.

„ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული დასკვნა, სადაც მუნიციპალიტეტის საქმიანობა არის დადებითად შეფასებული. მე ამ დასკვნას ზეპირად ვიცნობ, რადგან ფინანსები და ინფრასტრუქტურა ჩემი სფეროა.
ამ დასკვნაში აუდიტორი შემოიფარგლება მხოლოდ რეკომენტაციებით და არსებითი სახის დარღვევაზე საუბარი არ არის. გარდა ციტრუსისა, რომელზეც თქვენ საუბრობთ… რაც შეეხება დანახარჯების გარეშე თანხის ჩარიცხვას, ეს არსებითი ხასიათის დარღვევა არ არის და მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა. ჩვენ ამაზე მივწერეთ აუდიტორს, რომ ჩვენ ფაქტიური დათვლის მიხედვით გვაქვს გაკეთებული საანგარიშო გადარიცხვა და ეს არის საკითხი, რომელიც ბიუჯეტს ზიანს აყენებს ან ვინმეს პასუხიმგებლობის საკითხი დადგება.

ეს ყველაზე გამორჩეული წელი იყო, ასეთი დასკვნა არ დადებულა ქობულეთში. ამას აუდიტორებიც აღნიშნავდნენ. ფაქტობრივი დათვლა რას ნიშნავს? – ეს არის მექანიზმი, როცა პირდაპირ შესყიდვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი, ანაზღაურება უნდა მოხდეს ფაქტობრივი მეთოდით.

ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს ბუღალტერია, ყველა ზედნადები და გაწეული ხარჯი, რომელიც იქნება დოკუმენტურად დადასტურებული. ამ დოკუმენტებზე საუბრობდა აუდიტორი, როგორც ჩანს. ჩვენ დავაფინანსებთ ფორმა 2-ის და შესრულებული სამუშაოს მიხედვით. ამასთან დაკავშირებით არაერთგავროვანია თვითონ აუდიტორების დამოკიდებულებაც. ერთი აუდიტორი ამბობს, რომ ფაქტობრივი დანახარჯი უნდა შეამოწმო, მეორე ამბობს, რომ ბუღალტერია უნდა შეუმოწმო. ამაზე ჩამოყალიბებული აზრი არ არსებობს. რაც შეეხება ციტრუსს, აქ დოკუმენტების გადამოწმებაზე ჩვენ არ ვიყავით პასუხისმგებელი და ამ კუთხით მუშაობდა სამთავრობო კომისია.“

 

„პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი: მე ძალიან არ მიყვარს სიტყვა ოკუპანტი

ია მესხიძე ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატია „პატრიოტთა ალიანსიდან“. ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა პოლიტიკაში მოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა დაინახა, რომ მის ხედვებს ეს პოლიტიკური ძალა აჟღერებდა. ის სრულად იზიარებს დავით-თარხან მოურავის თურქოფობიურ პათოსს… ია მესხიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტისა და საგადასახადო საქმის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

ქალბატონო ია, რის გამო გადაწყვიტეთ გამხდარიყავით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი?

აქამდე პოლიტიკაში არასდროს ვყოფილვარ. ჩემი ხედვები ძალიან ბევრ საკითხში ემთხვეოდა ამ პოლიტიკური ძალის ხედვას. შესაბამისად, შემოთავაზების დროს ბევრი აღარ მიფიქრია… პირდაპირ პოლიტიკური ღირებულებებით არ მომხდარა ჩვენი დაახლოვება. ჩვენ „ობიექტივში“ ვმუშაობდით და რამდენიმე გადაცემა გავაკეთეთ სოფლის მეურნეობის საკითხებზე, მათ შორის, იმ პროექტებზე, რომლებსაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აფინანსებს. თანაწამყვანი ვიყავი, ასე გამოდის, მაგრამ სტუმრის სტატუსით ვიყავი. მე გახლავართ აგრობიზნესის მართვის აკადემიური დოქტორი და ამიტომ დამიკავშირდნენ „ობიექტივიდან“ და მთხოვეს, მესაუბრა ამ თემებზე.

რაში დაემთხვა თქვენი და ალიანსის ხედვები ერთმანეთს?

მაგალითად იმაში, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ხელისუფლება იღებს, უნდა იყოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ და არა იმაზე, რომ რომელიმე მეზობელი ქვეყანა არ გავანაწყენოთ…

მეზობელში თურქეთს გულისხმობთ, რომელზეც თქვენი პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ოკუპანტია?

ოკუპანტია ქვეყანა, რომელსაც მიტაცებული აქვს სხვა ქვეყნის გარკვეული ნაწილი… თურქეთი ფლობს საქართველოს ტერიტორიის 25 პროცენტს. ასე რომ, ვერ ვიტყვით, რომ არ არის ოკუპანტი. თქვენთვის არ არის ოკუპანტი?

საერთაშორისო სამართლის მიხედვით არ არის ოკუპანტი, თანაც უკვე აღიარებულია საზღვრები და დღეს თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. არ ფიქრობთ, რომ თქვენი ეს განაცხადი არის თურქოფობიური და არის საფრთხის შემცველი?

იცით, მე ძალიან არ მიყვარს სიტყვა ოკუპანტი და ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა მე ვთქვი ეს თქვენთან და ვაკეთებ განმარტებას: თურქეთი არის ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკჯური პარტნიორი. არც ერთ ქვეყანასთან და მათ შორის თურქეთთან, ურთიერთობის გაფუჭება არ მოუტანს სარგებელს საქართველოს. მე არ ვიძახი, რომ ურთიერთობა უნდა გავწყვიტოთ მეზობელთან, მაგრამ ვამბობ, რომ აუცილებლად უნდა გადაიხედოს ეს ურთიერთობები. ვფიქრობ, რომ სწორი სამეზობლო პოლიტიკა უნდა წარიმართოს. აი, მაგალითად, თურქული სკოლის გახსნა, რომელიც არ არის დიპლომატიური და არ ექვემდებარება განათლების სამინსიტროს, ეს მიუღებელია

კანონდარღვევაა?

დიახ, ეს არის კანონდარღვევა

რომელი კანონი დაირღვა?

უცხოური სკოლა, რომელიც იხსნება ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიაზე, გნებავთ რუსული იყოს, გნებავთ – უკრაინული, უნდა ექვემდებარებოდეს განათლების სამინისტროს… ეს არღვევს კანონს განათლების შესახებ, რომელ მუხლს, ასე კონკრეტულად არ მახსოვს…

არ არის ასეთი ჩანაწერიკანონში…

მე გეკითხებით, როგორც ქართველ კაცს, მიგაჩნიათ სწორად ამ სკოლის გახსნა ბათუმში?… სწორი გადაწყვეტილება იყო ასეთ პირობებში სკოლის გახსნა, როცა სამინისტრო ამბობს, რომ ჩვენ არ ვიყავით საქმის კურსშიო? ეს იყო ძალიან ცუდი შემთხვევა, რიომელმაც ნებისმიერი ქართველის თავმოყვარეობაზე იმოქმედა ძალიან ცუდად.

როცა ამბობთ, რომ თურქეთს აქვს აჭარის მიტაცების სურვილი, არ ფიქრობთ, რომ ამით აღვივებთ ეროვნულ შუღლს?

იცით, რა არის? ქვეყნებს შორის ურთიერთობის მოგვარება არ უნდა იწყებოდეს შუღლის გაღვივებით და საჯარო გამოსვლების არასწორი ინტერპრეტაციებით…მე ვეთანხმები დავით თარხან-მოურავს იმ საკითხში, რომ აუცილებლად უნდა გადაიხედოს სამეზობლო პოლიტიკა თურქეთთან. ჩვენ უნდა ვიყოთ კეთილგანწყობილი მეზობლები, რომლებიც ერთმანეთის უფლებებს არ ლახავენ, ამას ამბობს თარხან-მოურავი.

ის ამბობს და ეს თქვენი პარტიის გაზეთში წერია, რომ სპეციალურად აძლევენ ფულს თურქ ბიზნესმენებს, რომ მათ ბათუმში წამგებიანი ბიზნესიც ჰქონდეთ

ქუთაისის ქუჩა შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის თურქული დასახლება, ასევე ხულოს ქუჩაზე ქართველი თითქმის აღარ ცხოვრობს. 9 ათას მოქალაქეს მარტო 24 საათის განმავლობაში მიანიჭეს მოქალაქეობა მიხელ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. ასე თუ გაგრძლედება ტენდენცია, მალე შესაძლოა რეფერენდუმიც ჩაატარონ ბათუმში თურქებმა. ორმაგი მოქალაქეობა აქვს 24 ათასს თურქს.

საიდან გაქვთ ეს მონაცემები, რას ეყრდნობით? თქვენს გაზეთში წერია, რომ 40 ათასი თურქია ბათუმში.

ჩემი ინფორმაციით, არის 24 ათასი… ეს არ არის სტასტიტიკური წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია. ეს არის სხვადასხავა პოლიტიკური წყარობისგან მიღებული. ძალიან ცუდია, რომ საქართველო არის იმპორტდამოკიდებული სახელმწიფო და იმპორტის დიდი ნაწილი შემოდის სწორედ თურქეთიდან. ასევე საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი იმყოფება თურქეთში და იქ არალეგალურად მუშაობს. ესეც არის ალბათ ერთ-ერთი მიზეზთაგანი, რომლის გამოც ალბათ საქართველოს ხელისუფლება თავს იკავებს დააყენოს მწვავედ ეს საკითხი და კეთილმოზბელური პოლიტიკა მოითხოვოს თურქეთისგან.

რაში გამოხატა, რომ თურქეთი არ არის კეთილმეზობლური? იქნებ კონკრეტულად გვითხრათ.

თუნდაც ის, რომ თურქეთის მოქალაქეებს აქვთ ძალიან დიდი ხელშეწყობა, რომ ჰქონდეთ ბიზნესი ბათუმში. ჩამოიარეთ ქუთაისის ქუჩაზე და ნახავთ, რამდენი წამგებიანი კვების ობიექტია გახსნილი.

საიდან დაასკვენით, რომ წამგებიანია?

მე ვფიქრობ, რომ წამგებიანია და მაინც მუშაობს… ამ ობიექტებს ემსახურებიან ბუღალტრები, არის იქ ქართველი პერსონალი და ინფორმაციას ჩვენ სანდო წყაროებისგან ვფლობთ… ეს ინფორმაცია არაბუნებრივი ძალებისგან ნამდვილად არ მაქვს. ძალიან მარტივია ურთიერთობის გაგრძელება მეზობელთან, როცა შენ ხარ ეკონომიკურად ძლიერი. აუცილებლად, როცა საქართველო მიაღწევს ეკონომიკურ ეფექტს, როცა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობა შემცირდება, მაშინ ბევრად უფრო მარტივად შეძლებს ამ ურთიერთობის მოგვარებას სახელმწიფო.

რა ურთიერთობა უნდა დალაგდეს, რაზე უნდა იმუშავოს სახელმწიფომ?

მესმის, რომ თქვენ ერთი და იგივე შეკითხვას მიტრიალებთ, მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა მკითხოთ, მე მაქვს ჩემი პოზიცია – ეს პოლიტიკა არასწორია თურქეთთან და ის აუცილებლად უნდა გადაიხედოს.

ურთიერთობის დალაგებას რატომ არ მოითხოვთ რუსეთთან, რომელიც დღემდე განაგრძობს საქართველოს ოკუპაციას?

როცა „პატრიოტთა ალიანსი“ მოვა სათავეში, ნახავთ, რომ ეს ურთიერთობები გადაიხედება რუსეთთანაც.

საიდან გავიგოთ რას აპირებთ. რუსეთის მხრიდან ოკუპაციაზე არაფერს ამბობთ, არც პარტიის წინასაარჩევნო გაზეთშია ნათქვამი რამე რუსეთზე.

რუსეთთანაც უნდა გადაიხედოს ურიერთობა. მეტს ახლა ვერაფერს გეტყვით…

პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, რა იქნება თქვენი საკანონმდებლო ინიციატივა?

პირველი იქნება ქობულეთისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭება… გვაქვს ნაგავსაყრელის, სანდასუფთავების პრობლემა, სოციალურ დაუცველთა საკითხი. ქრონოლოგიურად ჩამოწერილი გვაქვს პრობლემები და თანდათანობით მივყვები.

რომელიმე მიმართულებით გვითხარით თქვენს ხედვაზე.

ნამდვილა მაქვს იდეა, რომ შევიდეს ცვლილება კანონში და დავიცვათ მსესხებელთა უფლებები. იპოთეკარებს შორის მართლა ბევრია ისეთი, ვინც ნამდვილად დაზარალდა. სესხის გაცემის დროს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს საბანკო უზრუნველყოფის პირობას და გადახდისუნარიანობას. უნდა შეიცვალოს ასევე უძრავი ქონების შეფასების პირობები. აუცილებეელია ონლაინ სესხებთან დაკავშირებული ცვლილებები. ვფიქრიბ, რომ მისი გაუქმებაც არ იქნება ურიგო.

ქობულეთის მუსლიმურ პანსიონზეც მინდა გკითხოთ. სასამართლომ იქ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. თქვენ რას ფიქრობთ, უნდა გაიხსნას თუ არა ეს პანსიონი და როგორ უნდა მოხდეს მუსლიმი მრევლის უფლებების დაცვა?

პანსიონი და ნებისმიერი სასწავლებელი უნდა გაიხსნას მხოლოდ ქართული ფულით. მე ამ აზრს ვიზიარებ, როგორც მუსლიმანი საზოგადოების, ასევე ქრისტიანების შემთხვევაში… ჩემი ინფორმაციით, ეს პანსიონი შენდება არაქართული ფულით და ის არ უნდა გაიხსნას.

როცა კანონმდებლობა არ კრძალავს მსგავსი პასნიონის ფუნქციონირებას, არ ფიქრობთ, რომ თქვენი მიდგომაც არის დისკრიმინაციული?

მესმის, რომ კანონით შეზღუდული არაა, მაგრამ ჩემს შეხედულებებს ეწინააღმდეეგება. მე ვარ მართლამდიდებელი ქრისტიანი. ქრისტიანის და ნებისმიერი სხვა აღმსარებლობის ადამიანის სალოცავი უნდა შენდებოდეს მხოლოდ ქართული ფულით.

 

მაჟორიტარი კანდიდატი: მეტი უფლება უნდა ჰქონდეს აჭარის ავტონომიას

გიორგი რუხაძე ხელვაჩაურის 72-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის კანდიდატად პოლიტკურმა პარტიამ – „დავით უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“  წარადგინა. იგი ამავდროულად ბათუმის 22-ე საჯარო სკოლის დირექტორია. 

ბატონო გიორგი, რესპუბლიკურმა პარტიამ დაგასახელათ ხელვაჩაურის 72- ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევენებზე. რა პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ ?

1998 წლიდან ჩართული ვიყავი პარტიულ საქმიანობაში. 2010 წლის არჩევნებამდე  გახლდით “მრეწველთა” პარტიის თავმჯდომარე ხელვაჩაურში. შემდეგ, გარკვეული მიზეზების გამო, დავტოვე ეს პარტია და უკვე ექვსი წელია “რესპუბლიკურ პარტიაში” ვარ. გავითავისე ყველა ის უფლებები და მითუმეტეს ის, რომ პრიორიტეტი ჩვენი პარტიისა არის ადამიანი, ადამიანისთვის კეთდება ყველაფერი.

კოალიციაში ყოფნის პერიოდშიც ერთობლივად ვთანამშრომლობდით, როგორც პარტიული მუშაობით, ასევე ნებისმიერი იმ საქმით, რასაც იტყოდა პარტია და საქმე. კიდეც გავიმარჯვეთ თვითმმართველობის არჩევნებში… ამა თუ იმ არჩევნებში… კარგად ვიცნობ საარჩევნო ბატალიებს და, რა თქმა უნდა, ამ გამოცდილებით პარტიამ ჩათვალა საჭიროდ, რომ მე დავესახელებინე ხელვაჩაურის 72-ე ოლქში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად.  შემოთავაზებაზე უარი არ განვაცხადე, რამეთუ ჩემი მრწამსი ის არის, რომ თუ ხარ სადმე, უნდა აკეთო ის საქმე, რითაც ხარ დაკავებული და ეს იქნებოდა ღალატი პარტიისა, იმ აზრისა და იმის, რის გამოც ადამიანი პარტიულ ჯგუფში ერთიანდება. ამიტომ გადავწყვიტე მე კენჭი მეყარა “რესპუბლიკური პარტიიდან”.

რა დაპირებები გაქვთ ამომრჩევლისთვის, რას გააკეთებთ თუ კი მოხვდებით უმაღლეს საბჭოში?

თუკი გავიმარჯვებ, პირველი აუცილებელი პირობა ის არის, რომ უნდა მოხდეს თვითმმართველობის კანონის რეფორმის დამთავრება და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უნდა მიეცეს რეალური თვითმმართველობა. ამისთვის უნდა შეიცვალოს აჭარის კონსტიტუცია, რომლითაც, ფაქტობრივად, აჭარა არ არის თვითმმართველი. უნდა იყოს გამიჯნული რესპუბლიკურ და ავტონომიურ უფლებამოსილებას შორის და მეტი უფლება უნდა ჰქონდეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ე.ი. აჭარის თვითმმართველობას. ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, მონაწილეობა მივიღო კონსტიტუციის ცვლილებაში და კანონმდებლობის ცვლილებაში, რაც მეტ უფლებას მისცემს ჩვენს ავტონომიას.

მეორე ის, რომ ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. მოგეხსენებათ უმაღლესი საბჭო არის საკანონმდებლო ორგანო და არა აღმასრულებელი. საკანონმდებლო ორგანოში უნდა შეიცვალოს კანონები, მორგებული ადამიანზე, უნდა გათანაბრდეს უფლებები მცირე და საშუალო ბიზნესსა და დიდ მეწარმეებს შორის.

სოფლის მეურნეობა რომ განვითარდეს, ეკონომიკის სამინისტროს აუცილებლად უნდა დავავალდებულოთ, თვითმმართველ მუნიციპალიტეტებს გადაეცეს მიწის ნაკვეთები – ეს იქნება საკარმიდამო ნაკვეთი თუ სახნავ-სათესი თუ რა, რომ გლეხს მიეცეს მეტი უფლება, მეტი საშუალება, რათა დაამუშაოს მიწა, მოიყვანოს მოსავალი და თავისი ოჯახი არჩინოს, არ მიატოვოს თავისი საკარმიდამო… და ქალაქში არ ეძებოს ესა სამუშაო… ერთ-ერთია ეს კანონმდებლობა, მეტი თვითმმართველობა, მეტი უფლებები მუნიციპალიტეტებს.

ანუ თქვენ გულისხმობთ, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ თავის საკუთრებაში არსებული მიწები უნდა გადასცეს

მიწები უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტებს სარგებლობაში. მუნიციპალიტეტებს უნდა მიეცეს მეტი უფლებები, თავისი ბიუჯეტით თავისი ყველაფრით და არ უნდა იყოს მართული ზემოდან, უნდა იყოს მართული ქვემოდან ყველაფერი.

და, რა თქმა უნდა, არის გადასაჭრელი სოციალური პრობლემები, რადგან რიგ სოფლებში, მაგალითად, ხელვაჩაურში არის სოფლები, სადაც მილები გაყვანილია, მაგრამ წყალი არ გადის. მოსახლეობას ხშირ შემთხვევაში არ აქვს სასმელი წყალი – ეს მოსაგვარებელია. არის კიდევ ურბანიზაციისა და ეკოლოგიის პრობლემები. არის სოფლები, სადაც მეწყერსაშიში ზონებია და ამას შესწავლა უნდა, კანონმდებლობაც უნდა შეიცვალოს. მოსაგვარებელია ხე-ტყის საქმე და აი, რიგი საქმეები, რომლებიც უნდა მოვაგვაროთ კანონმდებლობიდან გამომდინარე, უნდა შევქმნათ მობილური კანონმდებლობა, რათა ყველაფერი ხალხზე მორგებული იყოს და ხალხმა შვება იგრძნოს, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიღოს სარგებელი.

თუ მუნიციპალიტეტს არ ექნება უფლება და ამ უფლებას წაართმევს ვთქვათ ცენტრალიზებული ორგანოები, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტს ხელ-ფეხი შეკრული აქვს და ვერაფერს გააკეთებს.

ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს პრობლემები მოგვარდება მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტს გაეზრდება უფლებები და აქამდე პრობლემა მხოლოდ იმაში იყო, რომ შეზღუდული აქვთ უფლებები?

მაგალითად ბიუჯეტირებაზე ვთქვათ, მუნიციპალიტეტს უნდა თავისი შემოსავლებიდან განსაზღვროს რაღაც ნაწილი თანხისა, თუ ეს ნაწილი თანხა ცენტრალიზებულად არ წამოვიდა და არ მიეცა მას უფლება, ავტომატურად ვერ განახორციელებს პირობებს და აი ამ ყველაფერს.

თქვენ ხართ ბათუმის ერთერთი საჯარო სკოლის დირექტორი, თუ კი არჩეული იქნებით, შემდეგ როგორ ხედავთ საკუთარ თავს?

ჩემი მისწრაფება არის სკოლა, ეს სფერო ჩემი უსაყვარლესი სფერო. მე არ შემიძლია მოსწავლის გარეშე. მე არ შემიძლია ბავშვის გარეშე. პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი უკვე 22 წელია და ჩემთვის თითოეული დღე არის ბედნიერების დღეს ბავშვებთან ურთიერთობაში, პედაგოგებთან ურთიერთობაში და მე სკოლის გარეშე არ შემიძლია. რა თქმა უნდა, თუ უმაღლეს საბჭოში ვიქნები არჩეული დეპუტატად, ამავდროულად მე არ მექნება უფლება დირექტორად ვიმუშაო, მაგრამ მექნება უფლება ისევ სკოლაში ვიმუშაო, როგორც პედაგოგმა და ის საქმიანობა გავაგრძელო, რაც მე ძალიან მიყვარს.

შეიძლება დავთმო უმაღლესი საბჭო, მაგრამ ვერ დავთმობ სკოლას.

განათლების საკითხებზე რას ფიქრობთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ უმაღლესი საბჭოდან?

განათლების საკითხებზე ძალიან დიდი პრობლემებია, რა თქმა უნდა სკოლებშიც, მაგრამ ეგეც… ხო გეუბნებით 1,8% არის განათლების დაფინანსება საერთო შემოსავლებიდან, უნდა გაიზარდოს დაფინანსება განათლებაში, რათა თითოეული პროექტი მეტად ეფექტური იყოს, მეტად მოხდეს მოსწავლეზე აგებული თითოეული რამ… აუცილებელია ისევ მეტი გადამზადება მასწავლებლებისა, ბავშვებზე მეტი ზრუნვა და მეტი პირობების შექმნა, აი ეგ არის ძირითადი. კიდევ გეუბნებით, თუ მოვედი უმაღლეს საბჭოში, მეტი უფლება უნდა შევუქმნათ თვითმმართველობებს, რათა აი ეს სახსრები მიზნობრივად გადმოვიდეს განათლების სისტემაზეც. რაც მეტი თანხა არის შემოსავლებიდან, რაც მეტი ინვესტიცია არის, მით მეტი იქნება ხარისხი თითოეული საქმის გაუმჯებესების.

თქვენს ოლქში ვის განიხილავთ კონკურენტად და როგორ აფასებთ თქვენს შანსებს?

მე ვთვლი, რომ ერთადერთი კონკურენტი არის ბატონი მერაბ კარანაძე, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ, პიროვნულად. განათლების სფეროშიც გვიმოღვაწია ერთად… მეტი სხვას რეალურად ვერ ვხედავ. გამარჯვების შანსი ასეთია – რა თქმა უნდა, მეორე ტური და მეორე ტური გვაჩვენებს – 50/50. მეორე ტური გარდუვალია.

პოლიციელი, რომელმაც მანქანით ქალი გაიტანა, ისევ საპატრულოში მუშაობს

ბათუმში, გურამიშვილისა და ჯაფარიძის ქუჩების კვეთაში მდებარე სახლის ქვის ღობე ახლაც მონგრეულია. აქ ყველას ახსოვს 26 აგვისტოს საღამო, როცა პოლიციელმა მანქანით 52 წლის ტურისტი ქალი გაიტანა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. პოლიციის თანამშრომელი ისევ პოლიციაში მუშაობს.

„გარეთ გახედვა ვერ მოვასწარი, ისე უცებ ჩამოიქროლა მანქანამ… როცა გამოვედი, მამიდაჩემი მონგრეულ ღობესთან იწვა… აღარ სუნთქავდა. შავი მერსედესით იყო ვიღაც. არც კი გაუჩერებია, გაიქცა,“ – გვიყვება გარდაცვლილი ქალის ძმისშვილი, ხატია ხაშიბიძე.

გარდაცვლილი ქალი, უკრაინაში მცხოვრები ვარდო ბელაძე იყო. ის სასწრაფო დახმარების სამსახურს რეფერალურ საავადმყოფოში გადაუყვანია. აქაც ახსოვთ ეს შემთხვევა და იხსენებენ, რომ დაზარალებულის გადაყვანა არ ღირდა, მაგრამ საავადმყოფოში მაინც მიიყვანეს. ვარდოს ცხედარი იმავე საღამოს მორგში გადაუსვენებიათ.

„აქ არ დავიტირეთ… ერთადერთი შვილი ჰყავს, ისიც უკრაინაშია. მას დავურეკეთ და სამი დღის შემდეგ გადაასვენა,“ – ამბობს ხატია ხაშიბაძე.

ის ცრემლმორეული იხსენებს, როგორ ენატრებოდა მამიდას ბათუმი: „ასირიელები ვართ. მამიდა აქ გაიზარდა და 25 წელი არ იყო საქართველოში ნამყოფი… წელს ჩამოვიდა. მანამდე სულ მირეკავდა, ბათუმის ზღვა მენატრებაო. ჩამოვიდა და ასე მოხდა…“

დაისაჯა თუ არა პირი, ვინც ქუჩაში ქალი გაიტანა – ხატია ხაშიბიძის ოჯახში ასე იციან, რომ დამნაშავე უკვე ციხეშია: „იუსტიციის სახლში მიმიყვანეს, ყველაფერი მოვუყევი გამომძიებელს, რაც ვნახე… გახსენება აღარ მინდა მაგ ამბის. აღარც მომიკითხავს მერე, რა გამოიძიეს. როგორც გავიგე, ვინც დაეჯახა მამიდას, პოლიციელი იყო. იმ დღეს მიიმალა, მერე თავისით ჩაბარებია პოლიციას და ახლა დაკავებულია, სასჯელს იხდის, ასე ვიცით ჩვენ… მამიდაშვილი კომპენსაციას ითხოვდა, მაგრამ უარი უთხრეს. ღობეც არავის გაუკეთებია, არავინ გამოჩენილა…“

 შემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი

„ვადასტურებთ, რომ მოხდა მსგავსი შემთხვევა, მაგრამ პოლიციის თანამშრომელი იმ დღეს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და შემთხვევის ადგილას არ იმყოფებოდა სამსახურებრივი მანქანით,“ – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. მიმდინარეობს თუ არა გამოძიება, რა გამოიკვეთა ძიების შედეგად და მიეცა თუ არა პასუხისგებაში სამართალდამცველი? – კითხვებს შსს-ში არ უპასუხეს იმ მოტივით, რომ საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს.

მთავარი პროკურატურის პრესცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. „ამ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს და შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, არც ბრალი აქვს წარდგენილი ვინმეს,“ –  გვითხრა პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა.
პროკურატურისგან პასუხის მიღების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ პოლიციელი, ვინც ამ საქმეში ფიგურირებს, ისევ აჭარის საპატრულო პოლიციაში მუშაობს. ძიების დასრულებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საჭიროებას უწყებაში ვერ ხედავენ.

რა დრო სჭირდება ავტოავარიის შემთხვევის გამოძიებას, როცა ის ადამიანის გარდაცვალებით სრულდება? – ადვოკატებმა გვითხრეს, რომ ამ ტიპის საქმის გამოძიებას მაქსიმუმ რამდენიმე დღე სჭირდება.

„მაქვს ავტოავარიის საქმე, მაგრამ იქ მსხვერპლი არ გარდაცვლილა და რამდენიმე თვეა მიმდინარეობს ძიება. გამოძიება ელოდება დაზარალებულის გამოჯანმრთელებას. მისი გამოკითხვა აუცილებელია, რომ შემდეგ ექსპერტიზა სრულყოფილად ჩატარდეს. როცა გარდაცვალებით სრულდება შემთხვევა, იოლია გამოძიება. შემთხვევის ადგილას რა მონახაზიც კეთდება, იმის მიხედვით ტარდება ექსპერტიზა. ამ დროს ექსპერტიზა რას უნდა დაელოდოს, გაუგებარია,“ – გვიყვება ადვოკატი ზაზა პაპიძე.

კიდევ ერთი ადვოკატი, პაატა ბოლქვაძე ამბობს, რომ ახლახან დაასრულა ანალოგიური საქმე – აგვისტოში მომხდარი რიგითი მოქალაქის ავტოავარიის შედეგად მსხვერპლი ადგილზე გარდაცვლილა. პოლიციელის შემთხვევისგან განსხვავებით, აქ ბიოლოგიურ და ავტოტექნიკურ ექსპერტიზას სულ 48 საათი დასჭირვებია. ამ საქმის განხილვა სასამართლომ უკვე დაასრულა საპროცესო გარიგებით. „48 საათში მივიღეთ ექსპერტიზის დასკვნა. როცა ავტოავარია პირის გარდაცვალებით სრულდება, ამ შემთხვევას, ზოგადად, უპირატესობა ენიჭება და დასკვნას მალე დებენ. ვისაც ვიცავდი, საპროცესო გაუფორმეს, რადგან მხარე არ ედავებოდა და ზიანი აანაზღაურა.“

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პირი, ვინც ავტოავარიის შედეგად ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, ბათუმის საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.

 ადგილი, სადაც ავტოავარია მოხდა. ავარიის შედეგად დაზიანებული ღობე ჯერ კიდევ არ აღუდგენიათ. ჯაბა ანანიძის ფოტო
ადგილი, სადაც ავტოავარია მოხდა. ავარიის შედეგად დაზიანებული ღობე ჯერ კიდევ არ აღუდგენიათ. ჯაბა ანანიძის ფოტო

დეპუტატობის კანდიდატი: 2014 წელს „ოცნებას“ დაბის მაჟორიტარული არჩევნები მოვუგე

ხულოს მუნიციპალიტეტის მოქმედი საკრებულოს წევრი ირაკლი ჯორბენაძე მაღალმთიან აჭარაში, 73-ე ოლქის მაჟორიტარია საქართველოს პარლმენტში. ის დეპუტატობის კანდიდატად პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“  დაასახელა.

ბატონო ირაკლი, რატომ უნდა მოგცეთ ხმა ამომრჩეველმა?

პირველ რიგში იმიტომ, რომ გამოცდილ გუნდს წარმოვადგენ. ალბათ ბევრს ახსოვს ჩვენ რა ქვეყანა ჩავიბარეთ და რა გადავაბარეთ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“. მინდა შევახსენო ბევრს – 2003 წელში საქართველოში ბიუჯეტი არ არსებობდა და 2012 წელს ჩვენ 9-მილიარდიანი ბიუჯეტი დავუტოვეთ. სრულიად ახალი ქალაქები გავაშენეთ და ახალი ინსტიტუტები შევქმენით: პატრული, ჯარი, იუსტიციის სახლები, ეს ყველაფერი ქვეყნის მასშტაბით ინოვაცია იყო. სწორედ ამიტომ უნდა გვენდოს ამომრჩეველი, რომ ჩვენ გვაქვს გამოცდილება და რესურსი.

თქვენ, ძირითადად, წინა ხელისუფლების მიღწევებზე საუბრობთ. თქვენზე, როგორც ერთ, კონკრეტულ მაჟორიტარ კანდიდატზე გვითხარით…

მე იმიტომ უნდა ამირჩიონ, რომ ჩემს გუნდთან ერთად დასახული მაქვს კონკრეტულად მუნიციპალიტეტებს რაც სჭირდება, მაგალითად, ხულოს რაც სჭირდება ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი გზაა. ეს იქნება ჩემი ინიციატივა. ჩვენ ვაპირებთ ჯანდაცვის ახალი სისტემის ჩამოყალიბებას, ონკოლოგიური თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები დაფინანსდება აჭარაში, ვაპირებთ პენსიების გაზრდას.

რა პრობლემებს ხედავთ საარჩევნო ოლქში, სადაც კენჭს იყრით?

სოციალური და ჯანდაცვის პრობლემებია, შეწყვეტილი სოციალური დახმარებები, მარტო ხულოს მუნიციპალიტეტში 2012 წელს 2500 ბენეფიციარი იყო და დღეს მათი რაოდენობა თითქმის განახევრდა. 2012 წლიდან დღემდე უსამართლოდ შეწყვეტილი ყველა შემწეობის აღდგენას ვაპირებთ. ვაპირებთ სოციალური შემწეობის მისაღებად კრიტერიუმის გამარტივებას, ანუ ის, რომ დღეს მოქალაქეს მაცივარი, ტელევიზორი ან უთო აქვს და ამის გამო უწყდება დახმარება, ან არ ენიშნება, ასე აღარ იქნება. ჯანდაცვის სისტემის სერიოზულ რეორგანიზაციას ვგეგმავთ. დღევანდელი ჯანდაცვის სისტემა ვერც ერთ გამოწვევას ვერ პასუხობს. ჩვენ ვგეგმავთ მოხდეს დიფერენცირება გაჭირვებულსა და შეძლებულ ადამიანს შორის. დღეს მინისტრი, მინისტრის მოადგილე, გამგებელი თუ საკრებულოს თავმჯდომარე და გლეხი ერთნაირად არის დაზღვეული ამ სისტემით. ეს არის სირცხვილი და ბიუჯეტიდან თანხების ფლანგვა.

გამგებელს, რომელსაც თვეში 2650 ლარი ხელფასი აქვს, ამდენივე პრემია და დანამატი, სახელმწიფო ვალდებული არ არის დაზღვევის თანხას უხდიდეს.

დაგეგმილი გვაქვს 70 000 ქულამდე მოქალაქეებისთვის 600-ლარიანი ვაუჩერი, რომლითაც მათ საშუალება ექნებათ მედიკამენტები შეიძინონ.

მე არ ვსაუბრობ უგზოობაზე, რომელიც ჯანდაცვასთან შედარებით მეორეხარისხოვანია. პირველ რიგში, ადამიანს საარსებო პირობები უნდა გააჩნდეს, უნდა იკვებებოდეს.

თუ თქვენ მოხვდებით საქართველოს პარლამენტში, რა საკითხებზე იმუშავებთ?

პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის წახალისებასა და  „მთის კანონის“ შეცვლაზე.  დანამატს უნდა იღებდეს ყველა მედდა და ექიმი, ასევე სასწრაფოზე დასაქმებული მძღოლიც. ის, რომ კანონი არჩევს ვის უნდა დაეხმაროს და ვის არა, ეს არის ადამიანების დისკრიმინაცია…

ზემო აჭარაში მოყვანილი კულტურების სუბსიდირება უნდა ხდებოდეს, იმისთვის, რომ აქ მცხოვრებს გაუჩნდეს სურვილი, რომელიმე კულტურა გამოიყვანოს. დღეს ხულოში კარტოფილის ფასი 25 თეთრია, რაც სამარცხვინოა. მისი გამოყვანა გლეხს რეალურად თვითღირებულებას ვეღარ უფარავს. ეს იქნება ჩემი პირველი სიტყვა საკანონმდებლო ორგანოში.

ის, რომ „მთის კანონით“ სახელფასო დანამატს მედპერსონალი და პედაგოგები იღებენ, თქვენი აზრით, დისკრიმინაციაა?

ეს არის ხალხის კატეგორიებად დაყოფა. რატომ არ უნდა იღებდეს დანამატს სასწრაფოს მძღოლი?  ის, რომ სოფლის გამგებლის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ენიშნება სტატუსი პიროვნებას, ესეც არაკანონიერია. კრიტერიუმები უნდა დაიხვეწოს. სოციალურ შემწეობებშიც არსებული პრობლემები კანონით რეგულირდება. მე ისეთ საკითხებზე ვსაუბრობ, რაც პარლამენტის პრეროგატივაა და თვითმმართველობის დონეზე ვერ გადაწყდება.

თქვენ ხულოში მოქმედი საკრებულოს წევრი ხართ, რა ინიციატივები გქონიათ?

არაერთი ინიციატივა მქონდა. მათ შორის პირველი ინიციატივა მაშინ შევიტანეთ, როდესაც შევამჩნიეთ, რომ დაახლოებით მილიონ 800 000 ლარს ვერ ხარჯავდა აღმასრულებელი ხელისუფლება. ჩვენ დავსვით საკითხი და წარვადგინეთ მიზნობრივი პროგრამა, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ასაკით პენსიონერებზე 10 ლარით დანამატს ითვალისწინებდა. ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამა გვქონდა, ერთჯერადი მატერიალური მიზნობრივი პროგრამა.

მიიღო თქვენი ინიციატივა  საკრებულომ?

არა, საკრებულომ ჩააგდო ჩვენი ინიციატივები.

ხულოს საკრებულოში უმცირესობას წარმოადგენდით. თუ პარლამენტშიც უმცირესობით მოხვდებით, თქვენი ინიციატივები ისევ ხომ დაიბლოკება?

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი ინიციატივები საკანონმდებლო დონეზე გავიდეს, მე უმცირესობაში ვარ საკრებულოში და ყველანაირად ვცდილობ მოსახლეობის კეთილდღეობისთვის გადავდგა ნაბიჯები. 2014 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებში იყო, მე დაბის მაჟორიტარული არჩევნები მოვიგე და დღესაც დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებს მოვიგებ, პარლამენტში უმრავლესობით ვიქნებით წარმოდგენილი.

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების დაპირებების შესრულება შეძელით თუ ვერა?  

მე დავპირდი მოსახლეობას და ახლაც ვპირდები, რომ მე ვიქნები ის, ვინც ყველა დონეზე ხალხის გასაჭირს დააყენებს, ეს იქნება საკრებულოს ტრიბუნა, უმაღლესი საბჭოს თუ პარლამენტის. თუ მმართველ გუნდში ვიქნებით, ეს პრობლემები გადაჭრილი იქნება და თუ არ ვიქნებით, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი ხალხის ხმა ყველას მივაწვდინო.

საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელს ხომ არ გიშლიან?

ირიბი ხელშეშლები მრავლადაა. ჩვენს მხარდამჭერებს სოციალური დახმარების მოხსნითა და სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება, რომ ბიზნესმენებს მოუწოდებს ხმა ამოიღონ და მხარში დაუდგნენ, გულისხმობს, რომ მმართველი ძალა უკვე სერიოზულ გასაჭირშია და ყველა ბერკეტს ებღაუჭება, მათ შორის არაკანონიერსაც.

სკოლიდან პირდაპირ ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში

გოგა სარანდიტი ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პირველკურსელია. გერმანულის გარდა, ის ინგლისურ და რუსულ ენებსაც ფლობს. რითი განსხვავდება გერმანული და ქართული საგანმანათლებლო სისტემა, რატომ უხარია უნივერსიტეტში წასვლა და რამ გააოცა ის გერმანიაში პირველად ყოფნის დროს. თავის მიზნებსა და გერმანულ შთაბეჭდილებებზე გოგა სარანდიტი „ბათუმელებთან“ საუბრობს.

გოგა, როდის გაგიჩნდა ბერლინის უნივერსიტეტში სწავლის სურვილი და რამდენად რთული იყო გზა, რომელიც აქამდე გაიარე?

ბათუმში კერძო სკოლა „ევრო-2000“ დავამთავრე. ამ სკოლაში გერმანული გაძლიერებულად ისწავლება. მე რუსულ სექტორზე ვსწავლობდი, მაგრამ ქართულიც კარგად ვიცი და ინგლისურიც. „შპრახ დიპლომი“ რომ ამეღო, რომელიც გერმანულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების საშუალებას იძლევა, მხოლოდ ბოლო ერთი წელი ვიმეცადინე დამატებით. გერმანიით მე-9 კლასის შემდეგ დავინტერესდი. ინტერნეტში ფილოსოფიაზე, ფიზიკაზე ინფორმაციებს როცა ვეძებდი, სულ გერმანელი მეცნიერების სახელებს იძიებდა, სკოლაშიც რასაც გავდივარ, იქაც სულ გერმანელი მეცნიერების აღმოჩენებზეა საუბარი, ასე რომ ამ ქვეყნით თანდათან უფრო მეტად დავინტერესდი.

როგორი იყო პირველი შთაბეჭდილება, როცა უშუალოდ გქონდა შეხება ამ ქვეყანასთან?

პირველად მაშინ გავოცდი მეტროში პოლიციელმა ბოდიში რომ მომიხადა, ფეხზე დავაბიჯე შემთხვევით, მაგრამ ბოდიში მაინც მან მოიხადა, მითხრა „ვერ დაგინახეო“. მეორედ მაშინ იყო, როცა მეგობარს ჩემს ჯგუფში უნდოდა მოხვედრა, თუმცა ჯგუფი დაკომპლექტებული იყო და ვეღარ ახერხებდა. ლექტორმა რომ გაიგო რა უნდოდა, წავიდა სამდივნოში, რაღაცები გაიკითხა და აუდიტორიაში როცა შემოვიდა, ყველა სტუდენტს ჰკითხა, უნდოდათ თუ არა ჯგუფში მე-19 სტუდენტიც დაეშვათ, რადგან წესი მხოლოდ 18 სტუდენტის ყოფნას ითვალისწინებდა. როცა ყველამ თქვა „კი“, მხოლოდ ამის შემდეგ დაუშვეს ჩემი მეგობარი. მომეწონა დემოკრატიის პრინციპი – ყველას აზრი და უფლება იყო დაცული.

სტუდენტობამდე გერმანიაში რამდენჯერმე ვიყავი სკოლიდან. შესაძლებლობა მქონდა ორი კვირით ზონენბერგში ჩემს კლასთან ერთად წავსულიყავი და იქაურ ოჯახებში მეცხოვრა, შემდეგ ვიყავით ჰამბურგთან ახლოს, ერთ-ერთ დასახლებაში.

გერმანული წესრიგი ყველგან თვალშისაცემია. ქალაქები ძალიან ლამაზი და მოვლილია. უცხო ქალაქშიც კი არ დაიკარგები, რადგან ყველგან – მეტროში, შენობებზე, ყველაფერი მინიშნებულია: მისამართები, მიმართულებები. ასე რომ, ძალიან შთამბეჭდავი ქვეყანაა.

 საქართველოში რთულია ხარისხიანი განათლების მიღება. შენ იყავი გერმანულ სკოლებშიც და ახლა სტუდენტი ხარ. რა არის ყველაზე თვალშისაცემი განსხვავება ქართულ და გერმანულ განათლების სისტემებს შორის?

ყველაზე შთამბეჭდავი მასწავლებლებისა და სტუდენტების ურთიერთობაა. ჩვენთან დიდი დისტანციაა მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის, აქ კი მასწავლებელი შეიძლება შენი მეგობარიც იყოს. გაკვეთილზე თუ იხუმრე, „ორიანს დაგიწერ“, –  გეტყვიან. გერმანელი პედაგოგები კი უფრო თავისუფალი, უშუალოები არიან. არ ბრაზდებიან შენიშვნაზე, რასაც ვერ იტანენ ქართველი პედაგოგები. ჩვენთან მასწავლებელი სადღაც ზემოთ დგას, თითქოს ადამიანი არ არის. გერმანიაში კი, ფიზიკის მასწავლებელი გაკვეთილზე რომ შემოვიდა, მაშინვე გვითხრა, თუ გინდათ შენობით მომმართეთ, თუ გინდათ თქვენობით, მნიშვნელობა არ აქვსო.

აქ სკოლაში არ ხარ, როგორც ციხეში, სადაც წიგნებში შეფარული უნდა იჯდე და „ზედმეტი“ სიტყვა არ უნდა დაგცდეს. ნიშნებსაც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, შეიძლება დაგიწეროს ორი კვირის შემდეგ და არც გითხრას. არც ჩვენ ვართ ამაზე ორიენტირებული, მთავარია ის ვაკეთოთ, რაც მოგვწონს და გვინდა.

როგორ ფიქრობ, ხარისხს როგორ აღწევენ განათლებაში?

ალბათ იმით, რომ სისტემა აქ ძალიან დალაგებულია. გერმანიაშიც და საქართველოშიც რვა გაკვეთილი მქონდა დღეში, მაგრამ აქ, მაგალითად, I-II გაკვეთილი ისტორია იყო, II-III, ვთქვათ, მათემატიკა და IV-V ბიოლოგია. ანუ ერთ საგანს ორი საათი ეთმობოდა. შესაბამისად, არც მოტივაცია გიქვეითდება და აღარც გააზრება გიჭირს. სამშაბათს მეოთხე ბლოკი როცა გვქონდა ქიმია, მასწავლებელმა დავალება პარასკევისთვის მოგვცა, დაიღლებოდით და ხვალისთვის ვერ მოასწრებთო.

გერმანულ სისტემაში მოსწავლის შეფასების 2/3 საკონტროლო წერის ნიშანზეა დამოკიდებული. ქართულ სკოლებში კი საბოლოო ნიშანს განსაზღვრავს ყოფაქცევის ნიშანი, კლასში აქტიურობა და საშინაო დავალებაც კი. ანუ საკონტროლო წერის 2-იანი და ყოფაქცევის 2-იანი ერთი და იგივეა. ამიტომ არ არის აღიარებული ჩვენი განათლება ევროპაში.

არ ვიცი, როგორ ახერხებენ, მაგრამ აქ სულ გინდა, რომ მასწავლებელს რაღაც ჰკითხო, დაელაპარაკო, გიჩნდება სურვილი, რომ ისწავლო და არ გაქვს იმის განცდა, „ვაიმე ეს როდის უნდა მოვასწრო“, „ეს როდის უნდა გავაკეთო“. მასწავლებელი ხელს გიწყობს ამაში. ყველაფერი დალაგებულია და ნერვებზე აღარ მოქმედებს.

სპეციალობაზეც მინდა გკითხო, რატომ აირჩიე საინჟინრო?

ინჟინერ-მშენებელის სპეციალობა ავირჩიე. აქ გავიგე ინჟინერიას რამდენი მიმართულება ჰქონია. ინჟინერ-ეკონომისტი, ქიმიკოს-ინჟინერი და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ მშენებელ-ინჟინერი ვიქნები. როცა სპეციალობას ვირჩევდი, ისიც განვსაზღვრე რა იყო პრიორიტეტული გერმანიისთვის.

ანუ შენს მომავალს გერმანიაში ხედავ, საქართველოში არ გინდა დაბრუნდე?

თუ შემომთავაზებს რამეს საქართველო, რა თქმა უნდა, დავბრუნდები, რადგან სახლი მაინც სახლია. მაგრამ თუ საქართველოში ყველაფერი ისე მონოპოლიზებული იქნება, როგორც დღეს არის, ერთ დღეს მექნება სამუშაო, ხვალ არა, ასე არ გამოვა. აქ თავისუფალი ადამიანი ხარ და შესაძლებლობაც მეტი გეძლევა.

 სამშენებლო მიმართულებით საქართველოს ალბათ სჭირდება სპეციალისტები. გიფიქრია იმაზე  რას შეცვლიდი საქართველოში?

ვიცი, რომ საქართველოში ყველგან ირღვევა მშენებლობის სტანდარტები, როგორც ვიზუალურად, ასევე დაბალია სამშენებლო მასალების ხარისხი. არ არის დაცული ადამიანის უფლებები და ისეთ სახლებს აშენებენ, მზეც კი არ შედის. გერმანიაში დაცულია სტანდარტები. პირველ რიგში, ხარისხს უნდა მიექცეს ყურადღება.

ამ სპეციალობის შესწავლა როდის გადაწყვიტე და რატომ?

ჯერ იურისტობა მინდოდა, მერე – პილოტობა. სახლში მეუბნებოდნენ, რად გინდა ეს გერმანია, წახვალ და აღარ დაბრუნდები, საზღვაოში ჩააბარეო. მე ვთქვი, რომ „არა“. რაღაც ახალი მინდა, ახალი ცხოვრება, აქ დავიღალე. ბოლოს დავფიქრდი და მივხვდი, რომ მინდა რაღაც ავაშენო. ამიტომ ავირჩიე ინჟინრობა.

შენ გარდა ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში სხვა ქართველები სწავლობენ?

ბათუმიდან ჩააბარა ერთმა გოგომ, საოცარი ნაბიჯი გადადგა წინ, რადგან მე-11 და მე-12 კლასები ექსტერნად ჩააბარა და „შპრახ დიპლომიც“ ექსტერნად აიღო. ამ უნივერსიტეტში ძალიან დიდი კონკურენცია იყო, 1000 კაცი იყო კონკურსზე მარტო განვითარებადი ქვეყნებიდან, ძალიან ძნელი იყო ჩაბარება.

გოგა სარანტიდი, ბერლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტი
გოგა სარანტიდი, ბერლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტი

ISFED-ი ბათუმის ბიუჯეტის 2 მილიონით ზრდას ეხმაურება

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2 მილიონით გაზრდას ეხმაურება. ბათუმის მერიამ ქალაქის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელების მოთხოვნით საკრებულოს მიმართა და სტიქიის გამო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებისთვის ბიუჯეტის ამ ნაწილის 2 მილიონ 225 ათასი ლარით გაზრდა მოითხოვა.

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის #35 დადგენილებში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტში აღნიშნულია, რომ თვითმმართველობის წინაშე გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს ბათუმის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად საცხოვრებელ სახლებზე, შენობებზე, მიმდინარე ტერიტორიებსა და ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება. ბათუმის მერიას აღნიშნული ხარჯების დაფარვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიაჩნია მიზანშეწონილად.

პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ბიუჯეტის ხარჯების ზრდა შემოდგომისა და მომავალი ზამთრის სეზონზე მოსალოდნელი ნალექების ინტენსივობის და სტიქიური მოვლენების რისკებს ითვალისწინებს და მიმართულია შესაბამის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ ბათუმის მერიის აღნიშნული ინიციატივა არღვევს საარჩევნო კოდექსით დადგენილ აკრძალვებს და მიმართულია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისკენ.

საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, არჩევნების დღემდემე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით, აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტები/პროგრამები ფინანსდება არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე შესაბამისი ბიუჯეტის სათანადო პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ან/და ამ ასიგნებებიდან გამოყოფილი სახსრებით, აგრეთვე დონორების მიერ გამოყოფილი სახსრებით.

შესაბამისად, ორგანიზაცია მოუწოდებს ბათუმის მერიასა და საკრებულოს დაიცვან საარჩევნო კოდექსის იმპერატიული მოთხოვნა წინასაარჩევნოდ ბიუჯეტის ხარჯების ზრდის აკრძალვასთან დაკავშირებით და საჭიროებისამებრ, აღნიშნული ცვლილებათა პროექტი არჩევნების საბოლოო გამოცხადების შემდეგ განახორციელონ.

ქედის სოფელ ჭინკაძეებში საცხოვრებელ სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში მდებარე საცხოვრებელ სახლს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება მიმდინარე წლის 26 სექტემბრიდან ამოქმედდა.

სააგენტომ ჩათვალა, რომ სოფელ ჭინკაძეებში მდებარე საცხოვრებელი სახლი მნიშვნელოვანია არქიტექტურული და ეთნოგრაფიული თვალსაზრისით. სახლის აგების თარიღია XIX-XX საუკუნეების მიჯნა.

რამდენიმე დღით ადრე სააგენტომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 7 ობიექტს მიანიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

დეპუტატობის კანდიდატი: ივანიშვილის ლანძღვამ ჩვენთვის სასარგებლო ეფექტი მოახდინა

ტრისტან ჯინჭარაძე ქობულეთის 71-ა საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია „რესპუბლიკური პარტიიდან“. 1977 წლიდან ქობულეთში აღარ უცხოვრია. ამის მიუხედავად ქობულეთელებისგან პარლამენტის მანდატის მიღების მოლოდინი აქვს. ამჟამად არის საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და თბილისის საკრებულოს წევრი.

პოლიტიკურ პროცესებში 2007 წლის შემდეგ ჩავერთე, ცნობილი მოვლენების შემდეგ. მანამდე 90-იან წლებში ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი. 2007-ში ჩავთვალე, რომ აღარ შეიძლებოდა მოვლენებისთვის გვერდიდან მეყურებია და უნდა გამომეხატა ჩემი აზრი. „რესპუბლიკელები“ მივიჩნიე ყველაზე ახლოს მდგომად ჩემს ღირებულებებთან… მე ფინანსისტ-ეკონომისტი ვარ და ყველაზე მეტად ლიბერალური ეკონომიკის პრინციპი მომწონს. მომწონს პიროვნული თავისუფლების გაგებაც ამ პარტიაში – ჯერ ადამიანი და შემდეგ პარტია.

კონკრეტულად ქობულეთელებს რას ჰპირდებით ლიბერალური ეკონომიკით, სად უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები?

ძირითადად, ინვესტიციები აქამდე მიმართული იყო მსხვილ პროექტებზე, რაც კარგია, მაგრამ ეს არ ქმნიდა სამუშაო ადგილებს. მაგალითად, აშენდა ჰიდროელექტრო სადგური. ამას მშენებლობის დროს მოყვება ბევრი უცხოელი, ვისაც ასაქმებენ და პროექტის დასრულების შემდეგ, სულ რამდენიმე კაცია დასაქმებული ასეთ ორგანიზაციაში. სახელმწიფომ ძირითადი აქცენტი უნდა გააკეთოს წვრილ და საშუალო ბიზნესზე. განსაკუთრებით რეგიონებს ეს სჭირდებათ დღეს.

პარლამენტის დონეზე რა შეიძლება შეცვალოთ ამ კუთხით?

ეს უნდა იყოს სახელმწიფოს პროგრამა. აუცილებელია ასევე გარკვეული ფონდების შექმნა. ცალსახად უნდა მოხდეს სტიმულირება „სტარტაპების“. მოქმედი ბიზნესებისთვის, ვფიქრობ, ცალკე უნდა შეიქმნას ფონდები, რაც წაახალისებს და ხელს შეუწყობს წვრილი ბიზნესის გამსხვილებას და მის საშუალო ბიზნესად გადაქცევას.

ცნობილია, რომ „სტარტაპის“, ანუ დამწყები ბიზნესის ეტაპზე რისკი ძალიან ბევრია. ამის გამო იკავებენ თავს ფინანსების გაცემაზე ბანკები და იგივე „საპარტნიორო ფონდიც“, რომელიც სახელმწიფომ შექმნა… ფიქრობთ, რომ ეს რისკები სახელმწიფოსთვის არ არის ანგარიშგასაწევი?

ჩვენი მიზანია, ყოველწლიურად ბიუჯეტიდან გამოიყოს 60 მილიონი ლარი და უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, სადაც იქნებიან კვალიფიციური ადამიანები, ფინანსიტები და ეკონომისტები. კომისიამ უნდა შეარჩის პროექტები, სადაც მეტნაკლებად გათვლილი იქნება რისკები. რისკი, მით უმეტესს ამ სფეროში, არის ძალიან დიდი, მაგრამ ვფიქრობ, სახელმწიფოსთვის ეს უნდა იყოს პრიორიტეტი. სახელმწიფომ ეს რისკი უნდა აიღოს საკუთარ თავზე, თუკი მას სურს რეგიონების ფეხზე დაყენება და საშუალო ბიზნესის განვითარება… ჩემმა მაგისტრანტებმა მოამზადეს, სხვათა შორის, ძალიან კარგი პროექტი. მცირე საწარმოს შექმნა უნდოდათ და ველოსიპედის წარმოება. ვერ მოიძიეს ფული და არც ის ვიცი, რა არგუმენტებით უთხრეს უარი. რეალურად, დამწყებ ბიზნესს კარს უხურავენ ყველგან…

შესაძლოა, გაჩნდეს კითხვა, საიდან გაჩნდება ეს ფული ბიუჯეტშიც, მაგრამ 60 მილიონი არ არის ის ფული, რაც ტვირთად დააწვება ქვეყანას. სამაგიეროდ, წერტილოვანი მიმართულებით თუ ვიმუშავებთ და წარმატებულ მოდელებს შევქმნით. ამან შესაძლოა პრობლემა არ გადაჭრას, მაგრამ მნიშვნელოვნად შეიცვლება რეალობა.

ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც იგივე სასოფლო კოოპერატივებმა ვერ მიიღეს დაფინანსება, სახელდება ფერმერების კომპეტენცია…

გეთანხმებით სრულად… ამ მიმართულებითაც საჭიროა მუშაობა. საგანმანათლებლო პროგრამები უნდა არსებობდეს, გლეხებს უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია, რომელ ბაზარზე რა ხდება, რომელ კულტურებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და ასე შემდეგ. მაგალითად, ქობულეთში მოსახლეობის დიდი ნაწილი ისევ მონო კულტურაზეა დამოკიდებული და მანდარინზე ფიქრობს, წარსულში კრეფდა 25 ტონა მანდარინს და კარგი შემოსავალი ჰქონდა. რამდენიმე წარმატებულ გლეხთან ვიყავი და ვხედავ, რომ ადამიანები, ვისაც აქვთ მრავალფეროვანი კულტურები, მაგალითად, თხილი, წაბლი, მანდარინი, ბოსტნეული, კარგად ყიდიან მოსავალს. ჩვენ არ გვაქვს სტაბილური გასაღების ბაზრები. გარდა ამისა, ციტრუსის შემთხვევაშიც გაჩნდა საადრეო ჯიში, რომლის ნერგებსაც ბევრი არ რგავს. აქცენტი უნდა გაკეთდეს მრავალფეროვან კუტურაზე – ერთის ჩავარდნის შემთხვევაში, მეორე იმუშავებს.

მაგრამ მრავალფეროვან კულტურას სჭირდება შესაბამისი რესურსი, თუნდაც საკმარისი მიწა, ადამიანური რესურსი…

გეთანხმებით, მცირემიწიანობა არის ქობულეთის პრობლემაც, მაგრამ ვფიქრობ, რაც არის მიწის ფართობები, მისი ოპტიმალურად გამოყენება არ ხდება…

რა ინიციატივა გაქვთ საკანონმდებლო დონეზე, რამაც შესაძლოა ქობულეთელებს სარგებელი მოუტანოს?

თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ნამდვილად უნდა ჰქონდეს ქობულეთს. როცა ქალაქს ჰყავს საკუთარი თვითმმართველობა და ბიუჯეტი, უკეთესი შედეგი ექნება. საერთოდ, პატარა თვითმმართველობებს უფრო ეფექტური შედეგები აქვთ ხოლმე… ეს სტატუსი არ უნდა აღიქმებოდეს ავტომატურად ბიუროკრატიის გაბერვად. ქობულეთის საკრებულოსა და გამგეობაში ახლაც იმდენი საშტატო ერთეულია, ხუთ თვითმმართველობას ეყოფა.

ამ სტატუსის მინიჭებას ჰპირდება აბსოლიტურად ყველა კანდიდატი ქობულეთს. სხვა საკანონმდებლო ინიციატივა გაქვთ?

პრინციპში პარლამენტში უნდა ვიყო, თუ ამირჩევენ და ქვეყნისთვის რაც იქნება, ეს იქნება აქცენტირებული. მართალი გითხრათ, ამ წუთას კონკრეტულად ქობულეთისთვის ასე არ მიფიქრია… უნდა შეიცვალოს მოსმენების შესახებ კანონი, მონოპოლიები ეკონომიკაში და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის შეცვლა, ბუნებრივია, ქობულეთზეც პოზიტიურად აისახება.

ამომრჩევლი ალბათ გახსენებთ იმას, რომ იყავით ხელისუფლებაში და ახლაც ხართ თბილისის საკრებულოს წევრი.

ვფიქრობ, ძალიან კარგად გამოიყენა თბილისის საკრებულოს ტრიბუნა ჩვენმა ფრაქციამ. ჩვენ ადრეც ღიად ვახმოვანებდით იმას, რაც არ მოგვწინდა. მაგალითად, მხარი არ დავუჭირეთ „პანორამას“ პროექტს…

სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლებმა, როცა ის მიზანმიმართულად გვლანძღავს რესპუბლიკელებს, მოახდინა უკუეფექტი, ჩვენთვის სასარგებლო ეფექტი მოახდინა… ხალხმა დაინახა, რომ ჩვენ არ ვიყავით უმრავლესობის ბრმად მორჩილი წევრები. ჩვენ საკმაოდ ბევრს ვკამათობდით შიგნით, კოალიციაში, მაგრამ ეს არ ჩანდა. ბატონი ბიძინას კრიტიკამ ეს გამოაჩინა.

ათეული წლების განმავლობაში თქვენ არ გიცხოვრიათ ქობულეთში. ფიქრობთ თუ არა, რომ ეს არის პრობლემა, როცა ქობულეთში გსურთ არჩევნების მოგება?

გარკვეული პრობლემა არის, კი, რომ მე ამ პერიოდში არ ვტრიალბედი ქობულეთში და ნაკლები ცნობადობა მაქვს. თუმცა, უკვე აღარ ვგრძნობ ამას. რეალურად ახლა უკვე დიდმა ნაწილმა იცის, ვინ ვარ, რა მიკეთებია აქამდე. 1977 წლიდან ქობულეთში აღარ ვცხოვრობ, მაგრამ ზაფხულში, ერთი თვით ყოველთვის ჩავდიდოდი ქობუელთში და კომუნიკაცია არ დამიკარგავს.

ზაურ ახვლედიანი: უნდა გავთავისუფლდეთ არაფორმალური ჩარევებისგან

რისგან უნდა გათავისუფლდეს ბათუმის საკრებულო, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ან უმაღლესი საბჭო, რომ ყველაფერი უფრო კარგად იყოს, ვიდრე დღეს არის? – ამ კითხვებზე „ბათუმელებს“ ბათუმის 68-ე ოლქში „რესპუბლიკელების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა ზაურ ახვლედიანმა უპასუხა. მას ზემოთ ნახსენებ ორ სტრუქტურაში გადაწყვეტილების მიღებისას მონაწილეობის მიღება ამ დრომდეც შეეძლო, მესამე სტრუქტურაში შესასვლელად კი ახლა იბრძვის. „გავთავისუფლდეთ“ პარტიის მთავარი ლოზუნგია.

ბატონო ზაურ, რისგან უნდა გათავისუფლდეს უმაღლესი საბჭო ?

უნდა გათავისუფლდეს არაპროფესიონალებისგან, რამდენიც ყავთ და შევიდნენ პროფესიონალები. ამომრჩეველი რამდენს აირჩევს და როგორ ამას ოქტომბერში ვნახავთ. ის, რომ „ოცნების“ სიის ათეულში რამდენიმე პროფესიონალია, კარგია, მაჟორიტარებზე ვერაფერს ვიტყვი. მათ არ ვიცნობ და არც მსმენია მათი პოლიტიკური აქტიურობის შესახებ. უმაღლესი საბჭო უნდა გათავისუფლდეს სიზარმაცისგან, უმუშევრობისგან და მათ უნდა დაეტყოთ, რომ ისინი არიან კანონშემოქმედი ხალხი.

საიდან უნდა დაიწყოს სიზარმაცისგან გათავისუფლება, რა კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები უნდა განხორციელდეს?

დასაწყებია აჭარის კონსტიტუციაზე ცვლილების მუშაობა, აჭარა უნდა იყოს სამხარეო თვითმმართველობის საუკეთესო ნიმუში. არის რიგი ხარვეზები კონსტიტუციაში, რისი გამოსწორებაც საჭიროდ მიგვაჩნია, თუმცაღა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უმრავლესობა ვინც იქნება იმასთან არის შეთანხმება საჭირო, რომ კანონპროექტზე ტყუილად არ დაგვრჩეს მუშაობა. საჭიროა მიწის რეფორმა, რაც არ დასრულებულა. არის ამ კუთხით რიგი ცვლილებები კანონებში შესატანი, რომ გაუიოლდეს გლეხს საკუთრების აღიარება. არის რიგი სხვა კანონპროექტებისა, რომლებიც უნდა წარედგინოს პარლამენტს. ამ კანონპროექტებს სჭირდება პროფესიონალი ადამიანის მიერ წარდგენა პარლამენტში, რომ ის იქნეს მხარდაჭერილი.

ამ დრომდე, რამდენადაც სტატისტიკა ჩემთვის ცნობილია, არც ერთი პროექტი პარლამენტს არ დაუმტკიცებია ამ მოწვევის უმაღლესი საბჭოსთვის. ეს არის დისკომუნიკაცია, ეს არის ურთიერთობის პრობლემა და ეს არის არაპროფესიონალიზმი – სწორედ ამისგან უნდა გავთავისუფლდეთ.

წინა უმაღლესი საბჭოც არ მოგწონდათ, არც იმის წინა. ახლაც ამბობთ, რომ უმრავლესობათან იქნება ინიციატივები შესათანხმებელი – რისთვის არის ის საჭირო თუ რეალურად ვერაფერ სარგებელს იღებს მისგან ამომრჩევლი?

ჯერ, რა თქმა უნდა, გააჩნია ამომრჩეველი ვის აირჩევს, თუ კი ისევ ისეთი არჩევანი გააკეთა და ზარმაცები და არაპროფესიონალები აიყვანა – რა თქმა უნდა, არც არაფერი გაკეთდება. ის, რომ უმაღლესი საბჭო შეიძლება არ ჰქონდეს აჭარას, ეს ამ ეტაპზე, ვფიქრობ, გამორიცხულია, ვინაიდან ავტონომიაა და უფრო მეტი თვითმმართველობა სჭირდება მისი სტატუსიდან გამომდინარე, ვიდრე აქვს. ამორჩეველზეა ყველაფერი დამოკიდებული – არ უნდა დასჯერდეს მხოლოდ იმას, რომ ვიღაცა ხელფასს უხდის, ადმინისტრაციულ რესურსს წარმოადგენს და რადიკალურ ცვლილებებს სჯობს ისევ ის მთავრობა დარჩეს და ა.შ. ვიცით, რომ არავის არ მოსწონდა უმაღლესი საბჭოს მუშაობა, მათ შორის „ოცნების“ ბევრ წარმომადგენელსაც საჯარო სამსახურებში თუ თვითმმართველობაში. თუმცა, რატომღაც თვითდინებით არის ასე, რომ ვინც მთავრობაში იყო ოთხი წელი, კიდევ უნდა იყოს. თუ ამომრჩეველი აირჩევს პროფესიონალებს, უმაღლესი საბჭო უფრო პროფესიონალური იქნება. მიმაჩნია, მოსახლეობა დაძლევს იმ სტერეოტიპებს, რომ უმაღლესი საბჭო არაფრის მაქნისია. ეს დამოკიდებულია მხოლოდ ამომრჩეველზე და არა უმაღლეს საბჭოზე.

უმაღლესმა საბჭომ, როგორც მაკონტროლებელმა ორგანომ შეძლო თავისი როლის შესრულება?

პირველ რიგში, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი უნდა იდგეს თავის სიმაღლეზე – როდესაც კანონი აძლევს ამის საშუალებას, დაიბაროს მთავრობის წარმომადგენელი. ის თითის ქნევით არ უნდა ესაუბრებოდეს უმაღლეს საბჭოს, მე როცა მომინდება მაშინ მოვალ, მაშინ ჩაგაბარებ ანგარიშს და ასე შემდეგ… უმაღლეს საბჭოს, ისევე როგორც პარლამენტის დეპუტატებს, ვალდებულება აქვთ ექვს თვეში ერთხელ ამომრჩეველს ანგარიში ჩააბარონ, რაც, ჯერჯერობით, როგორც ვიცი, არავის არ გაუკეთებია.

თუ ახალ უმაღლს საბჭოსაც დაუქნევს მინისტრი თითს, როგორც თქვენ ამბობთ და თქვენ ამ დროს იქნებით უმაღლესი საბჭოს წევრი, როგორ მოიქცევით?

აი, მაშინ გააჩნია უმაღლესი საბჭოს შემადგენლობას. ასეთი მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, თუმცა საკრებულოს პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენ როდესაც დაგვიბარებია მერი ან მერის წარმომადგენელი ამა ათუ იმ საკითხზე, ან როცა მოსულან და რიგი საკითხები დაგვისვამს მათ წინაშე, რა თქმა უნდა, არ გადაწყვეტილა. ამ შემთხვევაში ხარ უმცირესობაში, რომ ვინმეს პასუხი აგებინო. შესაბამისად, ბათუმის მერი იქცევა ისე, როგორც იმსახურებს უმრავლესობა საკრებულოში. უამრავი შეკითხვაა პასუხგაუცემელი. გარკევეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ჯიბეში ჰყავს მთავრობას. მაშინ, როცა პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი მეექვსე ნომრად არის „ოცნების“ სიაში, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღო საკრებულოში ან უმაღლეს საბჭოში.

ჭრელი პარლამენტი გინდათ და უმრავლესობით მოსვლას არ გეგმავთ. გადაწყვეტილებებზე გავლენების მოხდენა როგორ წარმოგიდგენიათ ჭრელ პრლამენტში?

თუ უმაღლეს საბჭოში გარკვეული რაოდენობით შევალთ ან პარლამენტში, „ოცნების“ სიაში და სხვათა სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არ იქნებიან მთავრობის მორჩილი და იქნებიან თავისუფალი თავიანთ გადაწყვეტილებებში. ასეთს რამდენიმეს ვიცნობ და ახლა სახელსა და გვარს არ დავასახელებ „რესპპუბლიკელობა“ რომ არ მიაწერონ, მაგრამ ამის იმედი მაქვს. თუ კი იმედი არ გამართლდება, მაშინ გამოდის, რომ მომავალი 4 წელი ისევ ფუჭად ჩაივლის და ისევ ისე მონობაში იქნებიან, მაგრამ აი 2020 წლის არჩევნები როგორი იქნება ეს უკვე დამოკიდებული იქნება ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოზე, თუ როგორ იმუშავებს და რა ბერკეტები ექნება, რომ აირჩიოს და გააკონტროლოს მთავრობა.

გულისხმობთ უმაღლეს საბჭოში შევლენ პირები სხვა პარტიებიდანაც, რომელთა მხარდაჭერაც გექნებათ რიგ საკითხებთან დაკავშირებით?

კი, ვფიქრობ ასე იქნება. იქნება რიგი გადაწყვეტილებები, სადაც დაგვჭირდება სხვათა თანხმობა და ასეთი პიროვნებები მე მათ სიაში მეგულება.

68-ე ოლქის ამომრჩეველს რას ჰპირდებით?

ჩემი სამაჟორიტარო ოლქი არის საკმაოდ საინტერესო და ფუნქციურად დატვირტული, ძველი ბათუმი, ბაქოს ქუჩა, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები 2012 წლამდე იქნა განმადგურებული და ფასადურად შერემონტებული. მათში მაცხოვრებთა პირობები არ გაუმჯობესებულა, ისევე როგორც მაქაცარიას ქუჩაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგელბი. პორტთან გადასასვლელი პანდუსი, რომლის არ ქონაც წლებია პრობლემებს უქმნის მოსახლეობას, თუნდაც სამსახურში და სკოლაში დროულად მისვლის მხრივ, იმიტომ რომ იქ მატარებლის პრობლემებია… ვერც ერთმა მერმა [ასლან აბაშიძის შემდეგ როცა დაინგრა] ვერ მოახერხა ამ პანდუსის მშენებლობა, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, არის სანაპირო გამაგრების პრობლემები, თამარის დასახლებაში სანაპიროზე მცხოვრებთან მისვლის პრობლემა, იქ დაწყებული მაღლივი კორპუსების მშენებლობა, თამარის ციხის მოპირდაპირედ, რაც დაუშვებლად მიმაჩნია, თუმცა შენდება, სანაპიროზე მისასვლელი არავის ექნება. განაშენიანების გეგმაა შესაქმნელი, როგორც ბაქოს ქუჩაზე და ე.წ. მანთაშევის გადასასვლელზე – იქ „ლეო გრნდის“ მშენებლობის შემდეგ ურბანული დაგეგმარება აბსოლუტურად შეიცვალა, აღარ არის იქ მხოლოდ დაბალსართულიანი სახლები.
მახინჯაური, მწვანე კონცხი, ჩაქვის ლანდშაფტური დაგეგმარებაა საჭირო, რათა გამწვანება არ მოისპოს და დაგეგმილი ინვესტიციები ამ ტერიტორიაზე არ წავიდეს ისე, რომ მხოლოდ ზღვის პირას ფარდისებურად ჩამოეფაროს, ბეტონის ქალაქი გახდეს და აშენდეს მხოლოდ მაღალი კორპუსები, რის შემდეგაც მთელი ლანდშაფტი, რაც აქვს მახინჯაურსა და მწვანე კონცხს დაიკარგება ინვესტორისათვისაც და მოსახლეობისთვისაც. პეტრას ციხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ორი წელია, პეტრას ციხის მიმდებარედ მოსახლეობას გაუჩნდა სურვილი საოჯახო სასტუმროები გააკეთოს, მაგრამ იქაც ინვესტორების მადა საკმაოდ დიდია და სასწრაფოდაა გასაკეთებელი განაშენიანების გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს მშენებლობა.

ეს ისეთი თემებია, სადაც თვითმმართველობის კომპეტენცია არის, მაგრამ ის, რომ ქალაქის მერი და ქობულეთის გამგებელი არ არიან დამოუკიდებელი და არიან კონტროლირებადი, განაშენიანების გეგმა ბათუმს არ აქვს. ვფიქრობ, უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს შესაბამისი დოკუმენტი და პარლამენტმა სამშენებლო რეგულაციების კოტროლი გაამკაცროს.

არის ეკოლოგიური პრობლემები, რომელიც აქვს თამარის დასახლებას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან დაკავშირებით, ბარცხანის მოსახლეობას აქვს ეკოლოგიური პრობლემები ზეთს ქარხანასთან დაკავშირებით. მკაცრი რეგულაციებია მისაღები, არის რეგულაციები პრინციპში, მაგრამ არ სრულდება, რადგან ზედამხედველობის ფუნქციები რაღაც დონით წყდება და ჯარიმის იქით ვერ მიდიან.

მინდა გკითხოთ სააგენტოზე, სადაც მნიშვნელოვანი პოზიცია გიკავიათ. სააგენტო რისგან უნდა გათავისუფლდეს?

მიმაჩნია, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭო უნდა დაკომპლექტდეს პროფესიონალი ადამიანებისგან და არა ჩვენგან – თაბნამდებობის პირებისგან. სააგენტოს უნდა ჰქონდეს დოკუმენტი, რითაც იხელმძღვანელებს. ეს არ არის მხოლოდ კანონი, რასაც მივყვებით მუხლობრივად, არამედ სახელმწიფომ უნდა შექმნას კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკა და სამომავლო დოკუმენტი თუ რა არის მისთვის მნიშვნელოვანი – ძეგლების გადარჩენა მომავალი თაობისთვის, რომელიც უფრო მეტ დივიდენდს მოიტანს, თუ მშენებლობა, რომელსაც დროებითი სამუშაო ადგილები მოაქვს. ეს პოლიტიკა აუცილებლად უნდა განისაზღვროს ერონულ დონეზე და არა მხოლოდ თვითმმართველობის დონეზე. ვფიქრობ, ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ვიხელმძღვანელოთ ამ დოკუმენტით და ვიყოთ უფრო ქმედუნარიანი.

მე ვარ ჯარიმაზე უფლებამოსილი პირი, რამდენიმე ობიექტზე, რომელიც დავაჯარიმე, მათ შორის ვააჟა ფშაველას 13, პროკურატურაში შევიტანე დოკუმნტაცია, არის თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული – ძეგლი აღარ არის, თუმცა პროკურატურა ამბობს, რომ მან არ იცოდა, რომ ძეგლი იყო. ჩვენ ვუმტკიცებთ, რომ მან იცოდა, მაგრამ არ ცოდნა თუ დანაშაული არ არის, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ფაქტი, რომ ტრაქტორი ანადგურებდა ძეგლს, გადაღებულია და პროკურატურაშია. პროკურატურ ამბობს, რომ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს ის შემთხვევაა, როცა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო უძლურია, მას აქვს მხოლოდ ჯარიმისა და მონიტორინგის ფუნქცია. პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები ვალდებული არიან აღასრულონ კანონი, მაგრამ იქ, სადაც მშენებლობაში ვიღაც-ვიღაცების ინტრერესები იკვეთება, ვფიქრობ, ამისაგან უნდა გავთავისუფლდეთ. უნდა გავთავსუფლდეთ არაფორმალური ჩარევებისგან და სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნები უნდა გათავისუფლდნენ მშენებლობებისგან და მიხედონ ქვეყნის მშენებლობას.

თქვენ სად უფრო „გათავისუფლებულად“ გრძნობთ თავს?

„რესპუბლიკელებში“, ვიდრე სამსახურებში, რადგან გადაწყვეტილებების მიღებაში ვარ თავისუფალი.

სააგენტოში?

სხვათა შორის, სააგენტოშიც ყოფილა ასეთი ფაქტი იმიტომ, რომ … არის რიგი საკითხები, მაგალითად, ზონალურ საბჭოზე, სადაც გამოდის მაგალითად მშენებლობის საკითხები ძეგლის მიმდებარედ, იქ უკვე ჩემი პროფესიონალური თვალსაზრისი და სამსახურეობრივი განსხვავდება. როგორც იურისტის გადაწყვეტილება მშენებლობის ნაწილში, როგორც არქიტექტორის არის სხვა. ის, რომ არქიტექტორი იტყვის და დაამტკიცებს – ესაა თუ ის შენობა არ მოსწონს ვიზუალურად ან არქიტექტურულად, ამას ვერ იტყვის იურისტი. ვყოფილიყავი არქიტექტორი უფრო მეტად დავამტკიცებდი ჩემს უარს, მაგრამ როგროც იურისტი, რომელსაც გეუბენებიან, რომ სიმაღლის განსაზღვრა აქ არის კანონით დასაშვები, ამ შემთხვევაში, თავისუფალი, რა თქმა უნდა, ვერ იქნები გადაწყვეტილებაში.

Exit mobile version