მთავარი,სიახლეები

ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის საქმე

05.04.2016 • 1523
ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის საქმე

„თურქი ხარ, თათრის შვილიო. ამოვიღე პასპორტი და ვაჩვენე, წერია თუ არა აქ, რომ ქართველი ვარ-მეთქი. არაო, მასე საქართველოს პასპორტი ბევრს აქვსო“, – თქვა მოწმე დავით ცეცხლაძემ, რომელიც მუსლიმთა თემის წარმომადგენელია და იქვე, სასამართლო დარბაზში მყოფ პირებზეც მიუთითა სასამართლოს – ესენი გვავიწროვებდნენო. მოწმე დღევანდელ სხდომაზე დეტალურად მოუყვა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს 2014 წლის სექტემბრის დღეებზე, როცა დაპირისპირების შემდეგ მუსლიმთა პანსიონზე ღორის თავი მიაჭედეს.

„პანსიონთან ბარიკადები მოაწყვეს, საბურავები და რაღაც სამშენებლო მასალები იყო. მორიგეობაც დააწესეს: დღისით ქალები მორიგეობდნენ, ღამე – კაცები. პირობა ასეთი იყო, სამი კაცის მეტი შენობაში არ უნდა გაჩერებულიყო. მათი თქმით, ბავშვები არ უნდა შეგვეპარებია შენობაში, ვისთვისაც ეს პანსიონი გაკეთდა. შენობიდან მარტო მე გამოვდიოდი, რომ საკვები მიმეტანა დანარჩენებისთვის. ერთ საღამოს, როცა კარები გამოვიხურე, ვიღაც უკან გამომყვა. მაღაზიაში რომ შევედი, მხარზე ხელი დამკრა და მითხრა, „თქვენ, თურქებს, აქ საერთოდ არაფრის ყიდვის უფლება არ გაქვთო“. არაფერი მიპასუხია, მოვერიდე სიტუაციის გართულებას. მეორე მაღაზიაში ვიყიდე საჭმელი და ის კაცი ისევ მიმყვა პანსიონთან, „თქვენ აქ სამზე მეტნი ხართო“. ვუთხარი, შემოდი და ნახეთ-მეთქი. როცა დარწმუნდა, რომ მართლა სამი ვიყავით, გავიდა“.

მოწმის ჩვენების მიხედვით, პოლიცია ამ პროცესს შორიდან ადევნებდა თვალს, მათ შორის, ბარიკადების მოწყობას და მორიგეობასაც. „პოლიცია ყოველთვის იყო, მაგრამ მოშორებით იდგნენ, ახლოს არასდროს მოსულან. ვინც მორიგეობდა და ჩვენ გვაკონტროლებდა, იმათ ელაპარაკებოდნენ პოლიციელები, მათთან ერთად ჭამდნენ, ხან ლუდს სვამდნენ. პოლიცია არც მაშინ მოსულა, როცა ხელით მიბიძგეს და თათარი ხარო, მეძახდნენ“, – ამბობს დავით ცეცხლაძე.

მოწმის ამ ნაწილს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესების დამცველი გამოეხმაურა: „თქვენ აღნიშნეთ, რომ პოლიცია მოშორებით იყო, თან იმდენად, რომ თქვენ ვერ გაარჩიეთ, რამდენი პოლიციელი იმყოფებოდა. იქნებოდა პოლიციისთვის ასეთი მანძილიდან აღსაქმელი დაპირისპირება?“  შეკითხვას დავით ცეცხლაძემ  კითხვითვე უპასუხა: „რისთვის იყო აბა პოლიცია იქ?“

ამ საქმეზე „ქართველ მუსლიმთა ერთობა“ ქობულეთში მცხოვრები სამი ფიზიკური პირის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ედავება. სარჩელის მოთხოვნა დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრა და მორალური ზიანის ანაზღაურებაა. მუსლიმი მოსწავლეების პანსიონის ინტერესებს სასამართლოში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს.

დღევანდელ სხდომაზე მოწმემ ასევე თქვა, რომ ისინი დღმდე ვერ ახერხებენ პანსიონის ამოქმედებას და დაპირისპირებას ერიდებიან: „2014 წლის 15 სექტემბერს უნდა გახსნილიყო ეს პანსიონი. ქობულეთში კიდევ არის ერთი პანსიონი, რომელიც 10 ბავშვზეა გათვლილი და იქ 30 მოსწავლე რჩება. ეს პანსიონი რომ ამოქმედებულიყო, 50 სკოლის მოსწავლის მიღებას მოვახერხებდით. სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როცა გაიგეს, რომ ჩვენ პანსიონს ბავშვების მისაღებად ვამზადებდით. მაშინვე გვითხრეს, სისხლს დავღვრით და აქ პანსიონს ვერ გახსნითო“.

საქმის განხილვა ივნისამდე იმ მიზეზით გადაიდო, რომ მოპასუხე მხარეებს შორის ერთ-ერთმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოუცლელობა მოიმიზეზა. მორიგ სხდომაზე სასამართლოს ჩვენება ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ უნდა მისცეს, რომელიც დღეს ასევე მოუცლელობის მიზეზით ვერ გამოცხადდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: