როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 ივნისის 21 საათიდან 30 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის წვიმა;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 3-4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 1-ელ ივლისს უმეტესად უნალექო, 3 და 4 ივლისს კი, უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 018 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220]
  • ტანკი – 10 976 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 22 915 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 29 689 ერთეული [+24]
  • MLRS – 1 425 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 189 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 420 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 42 624 ერთეული [+147]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 394 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 53 508 ერთეული [+93]
  • სპეცტექნიკა – 3 921 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 66 160 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 612 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 079 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 26 765 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 37 447 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ვუერთდები ელენე ხოშტარიას და მეც ვაცხადებ შიმშილობას“ – ბათუმელი მედროშე

„საზღვარგარეთიდან ვუერთდები ელენე ხოშტარიას მიერ რუსთაველის გამზირზე დაწყებულ პროტესტის უკიდურეს ფორმას და მეც ვაცხადებ შიმშილობას!“ – მოგვწერა ბათუმელმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ.

ელენე ხოშტარიამ  – კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა შიმშილობა პარლამენტთან 27 ივნისს დაიწყო. მისი თქმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან ბრძოლის გზა ქუჩაში პროტესტი და რევოლუციაა. დღეს, 28 ივნისს, ელენე ხოშტარიასთან ერთად შიმშილობა გამოაცხადა პარტია „ახლის“ ლიდერმა გედევან ფოფხაძემ და კიდევ სამმა აქტივისტმა: ვასილ ელიავამ, გიორგი სტეპანოვმა და ბაჩო კუციამ.

„გულანთებულო მამულიშვილებო, თანამებრძოლეებო! საზღვარგარეთიდან ვუერთდები ელენე ხოშტარიას მიერ რუსთაველის გამზირზე დაწყებულ პროტესტის უკიდურეს ფორმას და მეც ვაცხადებ შიმშილობას! ყველა მოშიმშილესადმი გამოვხატავ ჩემს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას! ჩვენი სამშობლოს გადარჩენისთვის ამ რთული ბრძოლის უკვე ბოლო ფაზაში შესული ვართ.

ჩვენი ძალა ახლა თუ ვერ ვაჩვენეთ, შესაძლებელია ხვალ და ზეგ, ამის შესაძლებლობა აღარ გვქონდეს! ამიტომაც დღეს თქვენთან ერთადერთი თხოვნა მაქვს: ხვალ ჩვენი ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საქმეები გადავდოთ და ყველამ გავიდეთ რუსთაველზე.

29 ივნისს ერთხელ კიდევ და საბოლოოდ ვაჩვენოთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს და მსოფლიოს ის, რომ ჩვენ საქართველოსა და თავისუფლებისთვის ყველაფერს გავრისკავთ, ჩვენ ამ ისტორიულ ბრძოლაში, სადაც არ უნდა ვიყოთ: ციხეში თუ ქუჩაში, ქალაქში თუ სოფელში, ქვეყანაში თუ საზღვარგარეთ, ახალგაზრდა თუ მოხუცი, შეძლებისდაგვარად ჩვენს ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე და გამარჯვებამდე, მშვიდობიანი პროტესტის ყველა ფორმით და საჭირო დროს ქუჩაში გასვლითა თუ შიმშილობით! ძალა ჩვენშია!

ახლა ზუსტად ის დროა, როდესაც ყველა ერთად უნდა გავიდეთ ქუჩაში და დავასრულოთ ეს დიქტატურა – კოშმარი სამუდამოდ!“ – წერს თემურ ქათამაძე.

„ბათუმელი მედროშე” თემურ ქათამაძე – სტამბოლი, თურქეთი

ქართველი მუჰაჯირების შთამომავალი – თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] „ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოდან 11 ივნისს გააძევა. ბათუმელი მედროშე მას შემდეგ გახდა „ოცნების“ სამიზნე, როცა ის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა.

თემურ ქათამაძე ამჯერად თურქეთშია, სტამბულში. მან შიმშილობა დღეს, 28 ივნისს, სტამბოლში დაიწყო. „ოცნების“ რეჟიმის უსამართლო გადაწყვეტილებებს თემურ ქათამაძე შსს-ს მიგრაციის სამსახურის დროებითი განთავსების ცენტრში 48 დღე შიმშილობით აპროტესტებდა. რეჟიმის სხვადასხვა მსხვერპლის სოლიდარობის ნიშნად, სიმბოლურად მან კიდევ რამდენიმე დღით იშიმშილა, ვიდრე საქართველოდან გააძევებდნენ.

————

თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია და ბოლო წლებია ბათუმში ცხოვრობდა. იმის მიუხედავად, რომ თემურ ქათამაძე სრულფასოვნად საუბრობს ქართულ ენაზე, უმაღლეს ქულებზე ჩააბარა კანონით დადგენილი გამოცდები ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიაში, მას არც საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს, არც ბინადრობა მისცეს და ლტოლვილის სტატუსზეც უარი უთხრეს.

ALDE-ს სხდომაზე წაიკითხეს ზურაბ ჯაფარიძის წერილი ციხიდან: „და მაინც ქართველი ხალხი არ ნებდება“

ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) საბჭოს სხდომაზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის რუსთავის ციხიდან გაგზავნილი წერილი წაიკითხეს. ინფორმაციას პარტია „გირჩი მეტი თავისუფლება ავრცელებს“.

„ვწუხვარ, რომ წლევანდელ ALDE საბჭოზე პირადად არ ვარ, რუსთავის ციხიდან მოგმართავთ, სადაც პოლიტიკური პატიმრის სტატუსით მაკავებს რუსეთის მხარეს დამდგარი ქართული ოცნების რეჟიმი.

ჩემი „დანაშაული“? – უარი ვთქვი წავსულიყავი პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც თითქოს წინა მთავრობის „დანაშაულებს“ იკვლევს — მაშინ, როდესაც მე იმ მთავრობაში არანაირი როლი არ მეკავა. ეს აბსურდი ნათლად აჩვენებს, რომ კომისია მხოლოდ ერთი მიზნისთვის შეიქმნა — პოლიტიკური დევნისთვის და განსხვავებული აზრის ჩასახშობად.

მაგრამ მარტო არ ვარ. 60-ზე მეტი აქტივისტი, ჟურნალისტი და პოლიტიკური ლიდერი იმყოფება ციხეში მტკიცებულებებისა და კანონიერი სასამართლოს გარეშე — მხოლოდ იმიტომ, რომ იცავდნენ საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენს ევროპულ არჩევანს. მათ შორის არიან „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე — ALDE-ს წევრი პარტიების წარმომადგენლები.

„ქართული ოცნების“ რეჟიმმა რუსული ტიპის კანონებით სასტიკი შეტევა დაიწყო სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, პოლიტიკურ პარტიებსა და აკადემიურ თავისუფლებაზე. სახელმწიფო ინსტიტუტები გადაიქცა რეპრესიების იარაღად. პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენ, მშვიდობიან დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდებიან, ჟურნალისტებს თავს ესხმიან და აპატიმრებენ, კრიტიკოსებს უვრცელებენ ცილისმწამებლურ კამპანიებს, ხოლო სიტყვის თავისუფლება მწვავედ იზღუდება.

და მაინც, ქართველი ხალხი არ ნებდება.

უკვე 212 დღეა, მოქალაქეები ყოველდღიურად მშვიდობიანად აპროტესტებენ ამ რეჟიმს, მიუხედავად ძალადობისა, დაკავებებისა და ადმინისტრაციული დევნისა. არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია გახდნენ რეპრესიული კანონების სამიზნე — მათ მტრებად აცხადებენ და ფინანსურ გზებს უკეტავენ. პროტესტის მონაწილეებს ყოველდღიურად აჯარიმებენ იმის გამო, რომ იმყოფებიან ქვეყნის დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ბევრი მათგან დააკავეს და სასამართლო დევნა დაიწყეს საჯარო განცხადებებისა და სოციალურ ქსელებში გამოხატული მათი პროტესტის გამო.

ამ დევნის მიზანია წინააღმდეგობის გატეხვა — მაგრამ დევნამ მხოლოდ გაგვაძლიერა.

ეს მხოლოდ ჩვენი ბრძოლა არ არის. ეს ბრძოლა რუსთაველის გამზირზე განსაზღვრავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთის მომავალსაც. ეს განსაზღვრავს შავი ზღვის უსაფრთხოებას, ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური კავშირების მომავალს და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას.

ამიტომ გვჭირდება ერთობლივი ბრძოლა. გვჭირდება ევროკავშირის მკაფიო და მტკიცე მოქმედება: ქართულ ოცნების რეჟიმის მიმართ მკაფიო პოლიტიკა და მისი ხელშემწყობების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციები. ამ კრიზისს ვერ მოაგვარებს ცარიელი დიალოგი. მისი გადაჭრა მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით და ყველა პოლიტპატიმრის უპირობო გათავისუფლებით არის შესაძლებელი.

მადლობას ვუხდი ALDE-ს ქართული დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით მადლობელი ვარ იულიან ბულაის, იევჰენია კრავჩუკის, მარია ბიგდაის, დან ბარნას, უილიამ თაუნსენდის, ენდრიუ ბარჯესის, ლენარტ სალემინკის, ჯეიმს მაკკლერის და ბენედიქტე როვიკის უდიდესი სოლიდარობისთვის ამ რთულ დღეებში.

იქნება ეს ციხიდან თუ ქუჩიდან — ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას. ჩვენ გავაგრძელებთ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლას. და ვიცით, რომ ბოლოს მაინც თავისუფლება გაიმარჯვებს“— მისწერა ზურა ჯაფარიძემ ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსს (ALDE).

ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი (ALDE) 2025 წლის 25 ივნისს გამოეხმურა საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერების აპატიმრებას. ისინი ამას პოლიტიკურ რეპრესიებად აფასებენ.

ამ თემაზე:

“ეს არის ნამდვილი პოლიტიკური რეპრესიები” – ALDE ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებაზე

 

 

შიმშილობა დაიწყო გედევან ფოფხაძემაც და სამმა აქტივისტმა: „დღეს ეს არის ბრძოლის სწორი ფორმა“

„მეც, დღეიდან, ვიწყებ შიმშილობას. აბსოლუტურად ვეთანხმები ელენეს იმაში, რომ შეუძლებელია დღეს, ამ რეჟიმთა რაიმე ფორმის თანამშრომლობა,“ – აღნიშნა დღეს, 28 ივნისს გედევან ფოფხაძემ, პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა. მან შიმშილობა დაიწყო.

გუშინ, 27 ივნისს შიმშილობა დაიწყო „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. მისი თქმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან ბრძოლის გზა ქუჩაში პროტესტი და რევოლუციაა.

ელენე ხოშტარიასა და გედევან ფოფხაძესთან ერთად შიმშილობას იწყებენ აქტივისტები – ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვი და ბაჩო კუცია.

„ფაქტობრივად, შექმნილია უკანონო, რეპრესიული სისტემა ადამიანების დევნის, არის არალეგიტიმური სახელმწიფო სისტემა, რომელიც, უბრალოდ, ემსახურება ერთი ადამიანის კერძო ინტერესს და ამ ფონზე, თუ არ დავუპირისპირდით ჩვენ ჩვენი თავგანწირვით, ჩვენი პრინციპული პოზიციით და რაიმე ელემენტი დავტოვეთ მათთან შესაძლო თანამშრომლობის ჩვენ ამით ვღალატობთ იმ ხალხსაც, ვინც ციხეში უკანონოდ ზის, იმ საზოგადოებასაც, რომელსაც კიდევ აქვს იმედი საქართველოს დემოკრატიული, სამართლებრივი, ევროპული მომავლის.

ამიტომ, მგონია, რომ ეს არის სწორი ფორმა დღეს ბრძოლის. შიმშილობით და ბევრი ისეთი ფორმით, რა ფორმითაც უნდა გაპროტესტდეს დღეს ეს რეჟიმი, ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ საზოგადოებას, რომ გვჯერა ჩვენი პოზიციის და მზად ვართ, თავი გავწიროთ ამ პოზიციისათვის”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

საქართველოში ოპოზიციური ლიდერების და აქტივისტების დაკავებას ეხმაურებიან ნიდერლანდების, ლიეტუვას და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროები.

———-

“ქართული ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საფუძლით 8 ოპოზიციონერი ლიდერია დაკავებული. პროკურატურა მათ ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევას, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. ოპოზიცინერი ლიდერები აცხადებენ, რომ არ ცნობენ პარლამენტის ლეგიტიმურობას. შესაბამისად, არ მივიდნენ იქ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე.

ამ დროისთვის დაკავებულია:

  • “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე – მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 23 ივნისს მიუსაჯა 7-თვიანი პატიმრობა;
  • “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე – მოსამართლე ზვიად შარაძემ 23 ივნისს მიუსაჯა 8-თვიანი პატიმრობა;
  • “ძლიერი საქართველოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე – მოსამართლე ზვიად შარაძემ 23 ივნისს მიუსაჯა 8-თვიანი პატიმრობა;
  • “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე – მოსამართლე ნინო გალუსტაშილმა 24 ივნისს მიუსაჯა 7-თვიანი პატიმრობა;
  • “კოლაიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა მელია – მოსამართლე ნინო გალუსტაშილმა 27 ივნისს მიუსაჯა 8-თვიანი პატიმრობა;
  • “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი ლიდერი, გივი თარგამაძე – მოსამართლე ნინო გალუსტაშილმა 27 ივნისს მიუსაჯა 7-თვიანი პატიმრობა;

ამავე მუხლით დაკავებულია კიდევ ორი ოპოზიცინერი პოლიტიკოსი – “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია და ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი. მათ საქმეზე განაჩენი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

ნიდერლანდები საგარეო: ოპოზიციის ლიდერების დაკავება ქვეყნის დემოკრატიას უდიდეს დარტყმას აყენებს

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოში აქტივისტებისა და პოლიტიკოსების დაკავებებს.

„ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ ოპოზიციის ლიდერების დაკავება და გასამართლება, სამოქალაქო საზოგადოების დევნა ქვეყნის დემოკრატიას უდიდეს დარტყმას აყენებს. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, შეასრულოს დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის მიმართ ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები,“ – აღნიშნულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის კასპარ ველდკამპის მიერ დღეს, 28 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში ოპოზიციური ლიდერების და აქტივისტების დაკავებას ასევე ეხმაურებიან ლიეტუვას და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროები.

27 ივნისის მდგომარეობით, წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო დაპატიმრებულია 8 პოლიტიკოსი – ნიკა მელია, ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, გივი თარგამაძე, ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე.

——————
2025 წლის 5 თებერვალს „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებულ პარლამენტში შეიქმნა „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“. მოგვიანებით, კომისიას გაეზარდა უფლებამოსილება და რამდენჯერმე გაეზარდა მუშაობის ვადა.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის სანქცია გათვალისწინებულია, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ისე სისხლის სამართლის კოდექსში.

კერძოდ,  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1733-ე მუხლის მიხედვით – „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათი მინიმალური ოდენობით“.

ანალოგიური შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლიც, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ, ერთი და იგივე ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც სამართალდარღვევად, ისე დანაშაულად.

იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი არ განსაზღვრავს, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებში იდენტური ჩანაწერების არსებობის შემთხვევაში რომელს ენიჭება უპირატესობა, მნიშვნელოვანია საკითხის შეფასება მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნეს ის ნორმა, რომელიც ნაკლებად ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას [In dubio pro libertate].

საქალაქო ავტობუსები ღამის 12 საათამდე იმუშავებს – ბათუმის ავტოტრანსპორტი

პირველი ივლისიდან ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე იმოძრავებს.

ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, გრაფიკის ცვლილება [სამუშაო დროის გაზრდა] ზაფხულის სეზონს უკავშირდება:

„1-ლი ივლისიდან, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, იზრდება მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო დრო – საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს ყოველდღიურად 07:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურება.“

გასული, 2024 წლის ზაფხულში, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების სამუშაო დრო 17 ივნისიდან გაიზარდა.

 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 017 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000]
  • ტანკი – 10 970 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 22 908 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 29 665 ერთეული [+35]
  • MLRS – 1 425 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 189 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 420 ერთეული [+4]
  • ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 42 477 ერთეული [+237]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 394 ერთეული [+6]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 53 415 ერთეული [+131]
  • სპეცტექნიკა – 3 921 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 66 058 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 612 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 069 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 26 719 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 37 392 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფოფმაციას “ბათუმელებს” ოზთურქის ერთ-ერთი ადვოკატი უდასტურებს.

გალიფ ოზთურქი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.

გალიფ ოზთურქი ნარკოდანაშაულისთვის გაასამართლეს. მას 2023 წელს ბათუმის საქალაქი სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეფა შეუფარდა.

გალიფ ოზთურქი თურქეთის და საქართველოს მოქალაქეა.

ამ თემაზე:

ოზთურქის ბინიდან „კოკაინი“ ხელთათმანების გარეშე ამოიღეს – რა თქვა ექსპერტმა 

 

 

„გორკის იქეთ ქართულად ვერ დაილაპარაკებ, უცხოეთია“ – გამოკითხვა ბათუმში მოსახლეობის ზრდაზე

„გორკის იქეთ საერთოდ უცხოეთია, ქართულად ვერ დაილაპარაკებ“ - გამოკითხვა ბათუმში მოსახლეობის ზრდაზე

 

“რევოლუცია და გარეთ, ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა” – ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო

„ახლა, როდესაც რეჟიმი ახალ შეტევაზე გადმოვიდა და პრაქტიკულად, ყველა პოლიტიკოსი დაიჭირა, მე მინდა ბრძოლის ახალი ფორმა გამოვაცხადო. ეს არ არის ემოციური ფორმა. ეს გამარჯვებაზე ორიენტირებული პროტესტია, მე ვიწყებ შიმშილობას აქ, არ მოვიცვლი ფეხს რუსთაველიდან. ეს შიმშილობა არ არის თავგანწირული, სასოწარკვეთილი ნაბიჯი, ძალიან მტკიცე გადაწყვეტილებაა,“ – ეს განცხადება „კოალიცია ცვლილებისთვის“
ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დღეს, 27 ივნისს გააკეთა და რუსთაველზე შიმშილობა დაიწყო.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ შიმშილობის დაწყება არა სასოწარკვეთილი ნაბიჯი, არამედ მისი მხრიდან აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილებაა.

„რუსთაველზე გადავწყვიტე მოსვლა, რადგან ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი ქვეყნის მთავარი ბრძოლა იმართება. ეს ბრძოლა რუსეთთან ბრძოლაა. ეს არ არის „ქართულ ოცნებასთან“ და პატარა პარტიებთან ბრძოლა – რუსეთთან ბრძოლაა. ამ ბრძოლაში ჩვენ ბევრი ეტაპი გავიარეთ. იყო ეტაპი, როდესაც ვამაყობდით, რომ 300 000 ადამიანი იყო გარეთ და ვართ ძლიერები… მძიმე და საამაყო ეტაპები გავიარეთ. გავიარეთ ეტაპი, როდესაც პოლიტიკოსებს იჭერენ, როდესაც პოლიტპატიმრებს დედები და მამები უკვდებათ და ამ დროს ისინი ციხეში არიან…

თუ თქვენ ვერ ხედავთ სიცოცხლის ფასს, ვერ ხედავთ თავისუფლების ფასს, თუ თქვენთვის გიორგი ახობაძის დედის სიკვდილი, ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალება არაფერს ნიშნავს, აგერ არის ჩემი სიცოცხლეც, ჩემი თავისუფლებაც და მაინც ვერ მოგვერევით. ეს არის ჩემი განაცხადი „ქართული ოცნებისთვის“.

ხალხისთვის ვამბობ – რევოლუცია და გარეთ, ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა. მე ვერავის ვასწავლი, როდის გამოვიდეს ქუჩაში. ვერავის მოვუწოდებ, რომ ან იშიმშილოს, ან ციხეში ჩაჯდეს. საკუთარ მაგალითზე ვამბობ, ვარ მზად, თავი შევწირო ამ რეჟიმს და შევწირავ,“ – თქვა ელენე ხოშტარიამ.

ხალხი რომ არ შეიჭრას, თვეში 27 ათას ლარს ხარჯავენ – უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობას იარაღით იცავენ

ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობის მოსახლეობის შეჭრისგან დასაცავად აჭარის ბიუჯეტიდან მომდევნო ოთხ თვეში, ჯამში, 111 ათასი ლარი დაიხარჯება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ [ვინაიდან ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია] სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა, რათა შენობის და მიწის ნაკვეთის დასაცავად ხელშეკრულება გააფორმოს შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან.

„დასახელებული ქონების მოქალაქეების მიერ მასიურად თვითნებურად დაკავების საშიშროების არსებობიდან გამომდინარე საჭიროა დაცვის მომსახურების შესყიდვა“, – წერენ აჭარის სამინისტროდან სააგენტოს.

აღსანიშნავია, რომ დაცვის სამსახურმა 24 საათის განმავლობაში უნდა დაიცვას ობიექტები [მიწის ნაკვეთი, შენობა] კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. „დაცვა“ პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე, არ უნდა დაუშვას უცხო პირების შესვლა, რის გამოც მიზანშეწონილია ობიექტების სათანადო დაცვა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.

დაცვის მომსახურების ღირებულება ერთი თვის განმავლობაში შეადგენს 27 756 ლარს თვეში“, – აღნიშნულია აჭარის სამინისტროდან შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ წერილში.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჩაქვიდან ბათუმში 2020 წელს გადაიტანეს. საბჭო ბათუმში იმ შენობაში განთავსდა, სადაც მანამდე ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, მანამდე კი – ქალაქის N1 საავადმყოფო იყო. ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

2019 წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე აცხადებდა, რომ განიხილებოდა „ჩაქვის შენობის“ გასხვისებაც და გრძელვადიანი იჯარაც. თუმცა, მეხუთე წელია სამინისტრო ამ შენობას მხოლოდ „მოქალაქეების მიერ მასიურად თვითნებურად დაკავების საშიშროებისგან“ იცავს.

ამ თემაზე:

განიხილება გასხვისებაც და იჯარაც – ჯაბა ფუტკარაძე უმაღლესი საბჭოს შენობაზე ჩაქვში

„ბოლო აღწერის სტატისტიკა გაყალბებულია“ – ეკონომისტი

„ქვეყნის მოსახლეობა 200 ათასი კაცით რომ გაზრდილიყო, საიდანღაც უნდა შემოსულიყო 449 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აქ დარჩებოდა საცხოვრებლად ემიგრანტის სტატუსით. ეს თუ მართლაც ასეა, ძალიან საგანგაშოა, თუმცა სტატისტიკურად ეს არ დასტურდება,“ – სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე საქართველოში 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგებს ეხმაურება.

ეკონომისტის თქმით, მონაცემთა ანალიზი მიუთითებს, რომ „ბოლო  აღწერის სტატისტიკა გაყალბებულია“.

„საქართველოში 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგები ან ძალიან არაზუსტია ან კატასტროფულია.

შესაძლოა 2014 წლის აღწერაც ცუდად იყო ჩატარებული და ამიტომაც არის ბოლო აღწერის შედეგები ასეთი უცნაური. ფაქტია, საოცარ დემოგრაფიულ სურათთან გვაქვს საქმე,“ – ამბობს რომან გოცირიძე.

ეკონომისტი მონაცემს, რომლის მიხედვითაც, აღწერიდან აღწერამდე ათწლიან პერიოდში, 2014-2024 წლებში საქართველოს მოსახლეობა თურმე 200 ათასით გაზრდილა, ეჭვქვეშ აყენებს.

„ეს შეუძლებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

  • 2015-2024 წლებში ქვეყანა დატოვა და ემიგრანტის სტატუსით უცხოეთში დარჩა 244 ათასი საქართველოს მოქალაქე [სხვაობა წასულებსა და დაბრუნებულებს შორის].
  • ბუნებრივი მატება ამ პერიოდში იყო უარყოფითი, ანუ გარდაცვლილთა რიცხოვნება 4158-ით აღემატებოდა დაბადებულთა რაოდენობას.
  • აქედან ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობა ამ პერიოდში შემცირდა 249 ათასი კაცით.
  • ქვეყნის მოსახლეობა 200 ათასი კაცით რომ გაზრდილიყო, საიდანღაც უნდა შემოსულიყო 449 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აქ დარჩებოდა საცხოვრებლად ემიგრანტის სტატუსით. ეს თუ მართლაც ასეა, ძალიან საგანგაშოა, თუმცა სტატისტიკურად ეს არ დასტურდება,“ – ამბობს რომან გოცირიძე.

ეკონომისტი ეყრდნობა ოფიციალურ სტატისტიკას. ამ სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში შემოსული და აქ ემიგრანტის სტატუსით დარჩენილი უცხო ქვეყნების მოქალაქეების რაოდენობამ შეადგინა 230 ათასი კაცი.

„გამოდის, რომ მიუხედავად საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის კლებისა – მიგრაციისა და ბუნებრივი კლების გამო და უცხოეთის მოქალაქეების რაოდენობის ზრდისა, ქვეყნის მოსახლეობა ვერ გაიზრდებდა ორასი ათასი კაცით. აცდენა რეალურ მონაცემებსა და აღწერის შედეგებს შორის არის 219 ათასი კაცი.

შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში მოსახლეობის ბოლო აღწერის სტატისტიკა გაყალბებულია. ზოგადად, სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაცია არასანდოა და ხშირ შემთხვევაში მანიპულირებული. ეს ეხება სხვა სტატისტიკურ მაჩვენებლებსაც,“ – განმარტავს რომან გოცირიძე.

2012-2024 წლების მიგრაციის ოფიციალურ სტატისტიკა

„ამ ცხრილში მოცემულია 2012-2024 წლების მიგრაციის ოფიციალური სტატისტიკა, გაანგარიშებული საქართველოს მოქალაქეებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიხედვით. იგი აჩვენებს, თუ რამდენად არაზუსტია აღწერის შედეგები.

საქსტატის მონაცემებით, გამოდის 449 ათასი უცხოეთის მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში ემიგრანტის სტატუსით [12 თვეზე მეტი ხნით]. მიგრაციის ოფიციალურ სტატისტიკის ცხრილში კი სულ სხვა რამ წერია.

აღწერის შედეგები ან მცდარია ან კატასტროფული. თითქმის ნახევარი მილიონი უცხოელი აქ თუ დასახლდა ამ ათ წელიწადში, ეს რას ნიშნავს, კარგად ვიცით ყველამ,“ – ამბობს რომან გოცირიძე.

ამავე თემაზე:

რატომ მიდიან ქართველები ქვეყნიდან და რატომ მოდიან რუსები საქართველოში – ეს სახიფათოა?

„ადრე თუ გვიან შეიძლება დაგიჭირონ, თუ გაქვს ღირსება“ – ზვიად რატიანის დაკავებაზე

პოეტი ზვიად რატიანი, რომელიც არაერთხელ გახდა სისტემის მხრიდან ფიზიკური თუ სხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლი, შესაძლოა 7 წლით ჩასვან ციხეში. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

რატომ გაარტყა პოეტმა სილა პოლიციელს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სცენარისტ ქეთი დევდარიანს და პოეტ პაატა შამუგიას ესაუბრა.

ქეთი დევდარიანი მიიჩნევს, რომ ზვიად რატიანის დაკავება ნიშნავს ადამიანის გასამართლებას ღირსებისთვის.

ზვიად რატიანი

„მე ვფიქრობ, ეს სილაც ზვიადის მხრიდან იყო საპროტესტო აქტი.

უბრალოდ, ისეთი რეალობა დადგა საქართველოში, რომ ზვიადისნაირი ადამიანები და, ზოგადად, პატრიოტი ადამიანები თავს გარეთ ვერ გრძნობენ კომფორტულად: თუ რაღაცას აკეთებ ამ ქვეყნისთვის, რუსეთს ებრძვი, სისტემას ან ამ მდგომარეობას, ავტომატურად ნიშნავს, რომ უნდა იყო ციხეში, დევნილი, რეპრესირებული და დასჯილი ხელისუფლებისგან. ალბათ ეს აქტი იყო, ჩემი აზრით.

მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ უნდა იჯდეს – ის ციხეშიც თავისუფალი იქნება, ასე თვლის, ალბათ, თავად.

რეჟიმთან შეწინააღმდეგების ფორმები ძალიან ბევრია მაგრამ მთავარია, როგორია რეჟიმის მოწინააღმდეგეების სტრატეგიული შეთანხმება. ეს არის ერთიანობა, ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა, ერთმანეთის გატანა და, ზოგადად, სიმყარე საკუთარ გადაწყვეტილებებში, რომ არ ვეგუებით რუსულ რეჟიმს.

რაშიც დღეს ვართ, ეს დიქტატურაა და წყალი არ გაუვა. ეს არ არის გადაჭარბება და თუკი ამაში შარშან, შარშანწინ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი ნიშნები სახეზე იყო, ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვცხოვრობთ სრულფასოვან რუსულ დიქტატურაში.

ამიტომ, თუ გაქვს ღირსება, ეს ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან შეიძლება დაგიჭირონ“, – ამბობს ქეთი დევდარიანი.

მისი აზრით, ცხადია, ყველას ვერ დაიჭერენ და ყველა ციხეში ვერ წავა, თუმცა რეჟიმი შეეცდება, სინდისის პატიმრებისთვის ციხეში ადგილები გამოათავისუფლოს.

„თუკი ვინმეს შიში აქვს რაღაცის, ეს შიშიც ბუნებრივია. გასაგებია, რომ კრიმინალებს გარეთ უშვებენ და ათავისუფლებენ ადგილებს და ვის იწყალებენ – ვის იჭერენ, უკვე ამის გარკვევაც კი შეუძლებელია. ვინც მკვლელობაზეა დაჭერილი, გამოუშვებენ და ვინც გარუსების წინააღმდეგაა, დაიჭერენ. მაგრამ მთელ საქართველოს მაინც ვერ დაიჭერენ.

ის, რომ ჩვენთან ჩამოყალიბებული დიქტატურაა, მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა გავუფორმოთ ჩვენი შიშით ან ჩვენი დათრგუნვით ან ხელების ჩამოყრით, რადგან ჩვენი ეს ბრძოლა არ არის დასრულებული.

კი, ყველა მათი ქმედება მიმართულია იქითკენ, რომ საბოლოო ჯამში გავრუსდეთ, დავმშვიდდეთ და ვიცხოვროთ ამაში, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ბრძოლა დასრულებული არ არის და ქართველებისგან ვერ ვხედავთ ჩვენ ამ ამბავთან შეგუებას.

ზვიად რატიანი სასამართლო პროცესზე.

ციხეში ახლა ხალხია – მზია ამაღლობელი, ნინო დათაშვილი, ჩვენი ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც აქციების დროს დაიჭირეს, პოლიტიკოსები, ზვიადი – ყველა, ამათ ციხეში ყოფნასთან შეგუება შეუძლებელია, რადგან ყველა ეს ადამიანი არის დიქტატურის მძევალი.

და ჩვენი, როგორც მოქალაქეების ვალია, მათი მძევლობიდან დახსნა. საქართველოსი და პოლიტპატიმრების ტყვეობიდან გათავისუფლება.

ამიტომ, უბრალოდ არ გვაქვს უფლება ვთქვათ – „რა ვქნათ, დიქტატურაა“ და მორჩა“, – ამბობს ქეთი დევდარიანი.

მისი თქმით, ზოგადად, არ ახსოვს კაცობრიობის ისტორიას ის, რომ დიქტატურაში სიჩუმეს ვინმე გადაერჩინოს.

„დიქტატურის, ავტოკრატიის ლოგიკაა ეს. გაჩუმება არის ფაზა და გაჩუმება არ შველის.

არათუ გაჩუმება, მათ მხარეზე ყოფნაც კი არ შველის ხშირად. რეპრესიის ბუნება ისეთია, რომ ის, რაღაც დროს ავტოკრატიიდან ტოტალიტარიზმში გადასვლის პერიოდში ივიწყებს ვინ არის ჩუმად.

შეიძლება ჩუმად იყო, მაგრამ მოეჩვენოს, რომ გამომეტყველება გაქვს ოპოზიციური. ან თავისი ბიძაშვილის ჩანაცვლება მოუნდეს გაჩუმებული მასწავლებლის ადგილას და მაინც რეპრესიებში მოჰყვე. გაჩუმება არაფრისგან გიცავს და ამის უამრავი მაგალითი გვაქვს მსოფლიოში, რომ გაჩუმება ადამიანს არ იცავს საფრთხისგან. იმიტომ, რომ ეს არის მტაცებელი ცხოველი, მაინც შეგჭამს, რაც არ უნდა უღიმო და უთხრა „ბაბაია“. ამას რომელი საზოგადოებაც ვერ მიხვდა, ყველა შეჭამა ამ მტაცებელმა.

ამ შემთხვევაში რეჟიმმა, ოკუპაციურმა რუსეთმა, დიქტატურამ, ავტოკრატიამ.

ტოტალიტარულ სისტემაში გაჩუმებულსაც მიადგებიან და ეტყვიან, „გაჩუმებული კი ნუ ხარ, დაწერე ჩემი საქებარი სიტყვები“ და ეს ყველაფერი, ყოველდღე უფრო და უფრო აუტანელი ხდება.

ჩვენ ეს უნდა ჩაგვეხშო, როცა საწყისი ნიშნები გამოჩნდა. მაგრამ შეგვეშალა. როგორც ერთხელ შეგვეშალა, რომ რუსული ხელისუფლება არ უნდა მოგვეყვანა. ახლაც შეგვეშალა, რადგან როცა სუსტები იყვნენ და დაიწყეს ეს პროცესი – ქვეყნის დიქტატურიზაციის, მაშინ უნდა გამოგვეჩინა ალბათ სხვა ტიპის წინააღმდეგობა.

არის შეცდომები, რომელიც ხდება საბედისწერო.

გვაქვს თუ არა გამოსწორების შანსი? – შანსი ყოველთვის გაქვს. როგორც კი დავიჯერებთ, რომ შანსი არ გვაქვს, აი, მანდ მოიგებს დიქტატურა.

დილით გავიღვიძებთ თუ არა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი დღეს დატყვევებულია. ვისაც ეს ქვეყანა უნდა ექცია დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნად, ყველა პროფესიის, ყველა ასაკის პატრიოტი ადამიანი, დღეს არის ციხეში, ესენი არიან ჩვენი მუდმივი სადარდებელი და საზრუნავი, რომ მართლა 7-7 წელი არ ჩარჩნენ იქ“, – ამბობს ქეთი.

„ზვიადი ყოველთვის წუხდა იმის გამო, რომ ამდენი ადამიანი იყო ციხეში, თვითონ კი ვერაფერს ახერხებდა ციხის გარეთ. შეიძლება ესეც ყოფილიყო ერთ-ერთი მოტივაცია ამ სილის“, – ამბობს პოეტი პაატა შამუგია.

მისი თქმით, პოეტი, რომელიც წლების განმავლობაში განიცდიდა სისტემის მხრიდან ძალადობას, ამ სისტემაზე უბრალო რეაქციის გამო, შესაძლოა 7 წელი გამოკეტონ ციხეში.

„მე მაინც მგონია, რომ ზვიადი, რომელსაც წლების განმავლობაში მართლა ტანჯავდა ეს სისტემა და დაინახა ადამიანი, რომელიც ამ სისტემას წარმოადგენდა, დიდი შანსია, რომ მას ძველი ტრავმები გაღვიძებოდა და სწორედ ამის გამო ჰქონოდა ტრავმული რეაქცია ამ ყველაფერზე.

მე ასე წარმომიდგენია, თუმცა ზვიადმა იცის ყველაზე კარგად, რას გრძნობდა იმ წუთას.

ფაქტია, რომ ადამიანს, რომელსაც წლების განმავლობაში სცემდა, აწამებდა, ოჯახში უვარდებოდა სისტემა, ამ სისტემაზე ერთი პატარა რეაქციაც კი აი, ასე ძვირად უჯდება.

პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ სილის გარტყმის გამო 7 წლით უშვებ ადამიანს. ეს სად წერია, როგორ წერია და რაში წერია საერთოდ.

ზვიადი ყოველთვის წუხდა იმის გამო, რომ ამდენი ადამიანი იყო ციხეში და თვითონ ვერაფერს ახერხებდა ციხის გარეთ. შეიძლება ესეც ყოფილიყო ერთ-ერთი მოტივაცია ამ სილის გარტყმის.

ყოველ შემთხვევაში, მას მუდმივად ჰქონდა სინდისის ქენჯნა ამის გამო, რომ ახალგაზრდები იყვნენ ციხეში და ის პრაქტიკულად ვერაფერს აკეთებდა მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

ხვალ შესაძლოა ყველა აღმოვჩნდეთ ციხეში. ვინც წესიერი ადამიანია, ვინც პროფესიონალია და მალე ალბათ ციხეში საუკეთესო კულტურული გარემო იქნება. მაგრამ ამის არავის ეშინია და ეს დროებითია, რაც მთავარია. ეს არ იქნება დიდხანს, უბრალოდ ვერ გაგრძელდება ასე, რადგან ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება. ასე, რომ ახდება – „ცეცხლი ოლიგარქიას!“

გვიზღუდავენ სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ ეს შეზღუდვები გაიძულებს დაწერო კიდევ უფრო რადიკალურად. არავინ აპირებს, მათ კანონებს დაემორჩილოს. ყოველ შემთხვევაში, მწერლებთან, ვისთანაც ვილაპარაკე, ამ აზრზე არიან, რომ არცერთი ჩვენგანი არ ვაპირებთ ოდნავ მაინც შევარბილოთ ტონი. სულ პირიქით“, – ამბობს პაატა შამუგია.

ნიკა მელიას 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და 25 ათასი ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრეს

ნიკა მელიას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს, 27 ივნისს გამოაცხადა.

მსგავსად სხვა პოლიტიკოსებისა, „კოალიცია ცვლილებებისათვის“ ერთ-ერთ ლიდერს აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება.

გარდა ამისა, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გაგადწყვეტილებით, ნიკა მელიას დაეკისრა ჯარიმა – 25 ათასი ლარის გადახდა.

საქმე ეხება 2019 წლის განაჩენს, როდესაც ნიკა მელია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში იყო ბრლადებული და დამნაშავედ სცნეს.

ნიკა მელიას პროცესამდე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 7 თვიანი პატიმრობა შეუფარდა გივი თარგამაძესაც.

27 ივნისის მდგომარეობით, წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო დაპატიმრებულია 8 პოლიტიკოსი – ნიკა მელია, ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, გივი თარგამაძე, ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე.

ნიკა მელია დაბარებული იყო „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე.

2025 წლის 5 თებერვალს „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებულ პარლამენტში შეიქმნა „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“. მოგვიანებით, კომისიას გაეზარდა უფლებამოსილება და რამდენჯერმე გაეზარდა მუშაობის ვადა.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის სანქცია გათვალისწინებულია, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ისე სისხლის სამართლის კოდექსში.

კერძოდ,  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1733-ე მუხლის მიხედვით – „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათი მინიმალური ოდენობით“.

ანალოგიური შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლიც, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ, ერთი და იგივე ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც სამართალდარღვევად, ისე დანაშაულად.

იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი არ განსაზღვრავს, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებში იდენტური ჩანაწერების არსებობის შემთხვევაში რომელს ენიჭება უპირატესობა, მნიშვნელოვანია საკითხის შეფასება მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნეს ის ნორმა, რომელიც ნაკლებად ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას [In dubio pro libertate].

 

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ 500 000 ლარის ზარალი აუნაზღაურა „მოდუსს“

წელს ადრე გაზაფხულზე მოსულმა თოვლმა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, აჭარაში, გურიასა და იმერეთში უპრეცედენტოდ დიდი მატერიალური და ფინანსური ზიანი მიაყენა როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურასა და სახელმწიფო ქონებას, ასევე, მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს.

ბიზნესს ინფრასტრუქტურას დიდი ზიანი მიდგა – ჩამოინგრა შენობების სახურავები, განადგურდა მანქანა – დანადგარები, საწყობებში არსებული საქონელი და მარაგები.

კომპანიებმა, რომელთა ქონება „ჯიპიაი ჰოლდინგში“ იყო დაზღვეული, ზარალის კომპენსაცია უკვე მიიღეს.

„ჯიპიაიში“ ამბობენ, რომ ზარალის მასშტაბები ძალიან დიდი იყო, განურჩევლად იმისა, მსხვილი ბიზნესი იყო, საშუალო თუ მცირე და რომ არა დაზღვევა, მათი ნაწილი საქმიანობის გაგრძელებასაც კი ვერ შეძლებდა.“

აჭარაში ბევრი ბიზნესკომპანია თანამშრომლობს „ჯიპიაი ჰოლდინგთან“. ამ კომპანიების ნაწილი მნიშვნელოვნად დააზარალა წლევანდელმა დიდთოვლობამ. მათგან ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზარალი კომპანია „მოდუსმა“ მიიღო, რომლის პროდუქციის საწყობები და მარაგები იყო „ჯიპიაიში“ დაზღვეული.


ჰიპერმარკეტი „მოდუსი“

„დიდთოვლობამ გარკვეული ზიანი მიაყენა ჩვენს კომპანიას. კერძოდ, დაზიანდა ჩვენი საწყობი და შესაბამისად, საწყობში არსებული პროდუქციის ნაწილიც.

ამ შემთხვევამ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის ქონების დაზღვევა, გამომდინარე იქიდან, რომ მოულოდნელი ხარჯები დაზღვევამ აგვინაზღაურა და დაგვეხმარა საქმიანობის გაგრძელებაში“ – ამბობს თამთა დარჩიძე, „მოდუსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

თამთა დარჩიძე მიიჩნევს, რომ დაუზღვეველი საქმიანობის შემთხვევაში, პრობლემას, ძირითადად, წარმოადგენს ის, რომ საქმე ეხება მოულოდნელ, გაუთვალისწინებელ ხარჯებს და გარდა ამისა, შეიძლება ამან მუშაობის პროცესის შენელება და რიგ შემთხვევაში გაჩერებაც კი გამოიწვიოს.

ჰიპერმარკეტი „მოდუსი“

კომპანია „მოდუსი“ სამშენებლო და სარემონტო მასალების ერთ-ერთი უდიდესი ჰიპერმარკეტია საქართველოში. კომპანიას ბათუმსა და თბილისში განთავსებულ 6 ფილიალში დასაქმებული ჰყავს 1500-ზე მეტი თანამშრომელი.

გარდა ფიზიკური ჰიპერმარკეტებისა, კომპანია ფლობს ელექტრონული გაყიდვების პლატფორმა modus.ge-ს და შეძენილ პროდუქციას მთელ საქართველოში აწოდებს მომხმარებელს. „მოდუსი“ მომხმარებელს სთავაზობს როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე ექსპორტირებულ პროდუქციას ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: ესპანეთი, გერმანია, თურქეთი, ჩინეთი და ა.შ.

„მოდუსი“ ისეთი ბრენდების ოფიციალური შემომტანია ქართულ ბაზარზე, როგორიც არის: Betek, Vievo, Panasonic, Roca, Firat, Dell, Nippon და მრავალი სხვა. კომპანია 25 წელზე მეტია მუშაობს ქართულ ბაზარზე. 

„მოდუსი“

კომპანია ასევე აქვს საკუთარი საწარმოო ხაზი – „დარკაპიტალი“, რომელიც აქვე, საქართველოში ევროპული სტანდარტების დაცვით შექმნილ ქარხანაში ამზადებს პრემიუმ ხარისხის პროდუქციას ქართველი და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის.

„ჯიპიაისთან ვთანამშრომლობთ 10 წელზე მეტია. ამ შემთხვევაში, ზარალი აგვინაზღაურეს 500 000 ლარის ოდენობით.

აქამდე მსგავსი მასშტაბის ზარალი არ გვქონია. ჩვენ ვთვლით, რომ ქონების დაზღვევა არის მექანიზმი, რომელიც აუცილებელია კომპანიისთვის, ვინაიდან, როგორ აღვნიშნე, გვეხმარება გაუთვალისწინებელი ზარალის ანაზღაურებასა და ასევე, მუშაობის შეუფერხებლად გაგრძელებაში“- ამბობს თამთა დარჩიძე. 

„მოდუსი“

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ქონების დაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია და ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

კომპანია დაზღვევის მსურველებს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებს სთავაზობს, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა. დაზღვევის პოლისი სრულად ითვალისწინებს ქართული კომპანიების ბიზნეს-საჭიროებებს და ყველა იმ ფინანსურ რისკს ფარავს, რომელიც ბიზნესს შეიძლება საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე დაუდგეს.

დიმიტრი ძირტკბილაშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის საოპერაციო დირექტორი:

6 მილიონი ლარი ავნაზღაურეთ ქართულ ბიზნესს და ამით ძალიან ვამაყობთ. ნამდვილად ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ქართული სადაზღვევო სექტორისთვის ნდობის ამაღლების კუთხით.

ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ და აშკარად დაგვანახა, რომ ქონების დაზღვევა არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი ყველა ბიზნესის გამართულად ფუნქციონირებისთვის. რისკებისგან დაცვა სჭირდება როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ბიზნესსაც.

ჩვენი დაზღვეულები, მიუხედავად უდიდესი ზარალისა, შეუფერხებლად განაგრძობენ ფუნქციონირებას, რადგან ფინანსურ ხარჯებზე დაზღვევამ იზრუნა. მათ არ უწევთ თანხის მოძიება დანგრეულის და განადგურებულის აღსადგენად, მილიონობით ლარის ანაზღაურება მიიღეს პოლისისთვის, რომელშიც თვეში არც ისე დიდ თანხას იხდიან.

გვინდა ეს ამბავი მაგალითი გახდეს ყველა სხვა ბიზნესისთვის, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ქონების და ბიზნესის დაზღვევა არც ისე პოპულარული პროდუქტია.

ბიზნესი რისკების გარეშე არ არსებობს, დაზღვევა კი ფინანსური რისკებისგან დაცვის ყველაზე მყარი და უტყუარი გარანტიაა. რაც არ უნდა მოხდეს, იცი, რომ მიყენებულ ზარალს აგინაზღაურებენ და შენ მშვიდად შეგიძლია განაგრძო საქმიანობა“.


მოდუსის ერთ-ერთი საწყობი

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობისგან დაზარალებულ ბიზნესებს წელს ჯამში 6 მილიონი ლარის ზარალი აუნაზღაურა. „ჯიპიაისგან“ ანაზღაურება 79-მა ბიზნეს კომპანიამ მიიღო.

ბიზნესის ქონებრივი რისკების დაზღვევა მოიცავს როგორც უძრავ და მოძრავ ქონებას, მარაგების ჩათვლით, ისე – მანქანა-დანადგარების, პასუხისმგებლობისა და საქმიანობის შეფერხების (მიუღებელი მოგება) დაზღვევასაც.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროდუქტი ხელმისაწვდომია და ფასი ინდივიდუალურად, ბიზნესის საჭიროებებიდან და ზომიდან გამომდინარე ითვლება.

„ჯიპიაის ჰოლდინგის“ ქონების დაზღვევით საქართველოში 5000-ზე მეტი კომპანია სარგებლობს.

“ჩვენ თუ გვკლავთ, მოგვკალით, მშობლებს რაღას ერჩით” – რეზო კიკნაძე ციხიდან

„სისტემამ მოკლა ონისეს მამა, სრულიად ჯანმრთელი ადამიანი. ნერვიულობისგან საკუთარი სახლის ჭიშკართან დაარტყა და ჩაიკეცა,“ – სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე ტელეკომპანია „პირველს“ ციხიდან ტელეფონით ჩაერთო და ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა.

„არ მყავდა ნანახი, მაგრამ ონისე იმდენ რამეს გვიყვებოდა, უნახავად ვიცნობდით.

ტიპური იმერელი, უთბილესი, უსაყვარლესი, უმაღლესი იუმორის მქონე, შვილებზე გიჟურად შეყვარებული ადამიანი. მარტო მამაშვილური კი არა, ძმაკაცური ურთიერთობა რომ ჰქონდათ. დედასთან ყოველი დარეკვისას მაშინვე რომ წაართმევდა ხოლმე ტელეფონს და იქიდან ამხნევებდა შვილს, როგორც შეეძლო.

ვერ წარმოიდგენთ, როგორი დარტყმა იყო. იმ დღეს ჩვენც მოვკვდით, გავტყდით, ერთი ვაი-ვიში გვქონდა, მაგრამ გათენდა მეორე დღე და ახლიდან გავცოცხლდით…. ახლა აღარაფერი გვაქვს. წარმოიდგინეთ, რას გიზამთ ყველას, ვისაც წვლილი მიგიძღვით ამაში.

ჩვენ თუ გვკლავთ, მოგვკალით, მშობლებს რაღას ერჩით, თან რისთვის? აქციაზე დაჭერილებიდან უკვე მესამეს მოუკვდა მშობელი ამ რამდენიმე თვეში. გასკდა გული, აღარ დაგვრჩა ადგილი, სადაც არ დავჭრილვართ.

აწი მართლა გეშინოდეთ ჩვენი. უსირცხვილო მოსამართლე კი დარბაზიდან გაძევებით გვემუქრება, თავისი ეგო რომ დაიკმაყოფილოს და მშობლების ნახვის ერთ-ერთ წყაროსაც გვიკეტავს“, – თქვა რეზო კიკნაძემ სატელეფონო ზარისას, რომელსაც „ტვ პირველი“ ავრცელებს.

სინდისის პატიმრის, ონისე ცხადაძის მამა, გუშინ, 26 ივნისს იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ონისე ცხადაძის და კიდევ სხვა 10 პოლიტპატიმრის [ანდრო ჭიჭინაძე, ირაკლი ქერაშვილი, გიორგი ტერიშვილი, სერგი კუხარჩუკი, რუსლან სივაკოვი, ჯანო არჩაია, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი და რევაზ კიკნაძე]  სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა.

კანონში ცვლილებები გამორიცხავს სასამართლოს ანგარიშვალდებულებას საზოგადოებასთან – არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში „ოცნების პარლამენტის“ მიერ შეტანილ ცვლილებებს კიდევ ერთხელ ეხმაურებიან და ამჯერად სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების უგულებელყოფაზე ამახვილებენ ყურადღებას.

„ვეხმიანებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში  განხორციელებულ ცვლილებებს.  ჩვენი შეფასებით, ეს ცვლილებები არსებითად აფართოებს და ამარტივებს მოსამართლეთა დასჯის მექანიზმებს, რითაც კიდევ უფრო მეტად ძლიერდება სასამართლო კლანის ძალაუფლება. ამასთანავე, ცვლილებები გაუარესებული ფორმით აბრუნებს 2007-2013 წლების რეალობას და ფაქტობრივად სრულად კრძალავს სასამართლო პროცესების შესახებ საზოგადოებისთვის დოკუმენტირებული ინფორმაციის მიწოდებას.“

2025 წლის 26 ივნისს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად:

  • იზრდება სისტემის შიგნით ძალაუფლების კონსოლიდაციის ხარისხი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების რაოდენობა 9-დან 12-მდე იქნება, უქმდება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური და მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებას საბჭოს მდივანი გაუძღვება, იზრდება სასამართლოს თავმჯდომარეების, კოლეგიების/პალატების თავმჯდომარეების უფლებამოსილების ვადები და უფლებამოსილებები, ბრუნდება სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა; უქმდება რომელიმე 6-თვიან პერიოდში საბჭოს 4-ზე მეტი წევრის არჩევის აკრძალვა.

  • არსებითად მარტივდება მოსამართლის დევნაშევიწროება თანამდებობიდან გათავისუფლება

დისციპლინურ გადაცდომად ბრუნდება „მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება“ და უქმდება მოსამართლის მიერ დისციპლინური პროცესის გასაჯაროვების მოთხოვნის უფლება, იზრდება დისციპლინური სახდელისთვის გათვალისწინებული ზომა, კერძოდ, ხელფასის 10%-დან 50%-მდე დაქვითვა; ჯამში 5 წლამდე იზრდება მოსამართლის მივლინების ვადები; მოსამართლე ექცევა სრულ პროფესიულ იზოლაციაში. ცვლილებები კრძალავს მოსამართლესთან ფაქტობრივად ნებისმიერ პროფესიულ კომუნიკაციას მოსამართლის კონკრეტულ ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

  • მართლმსაჯულება იხურება მედიისა და საზოგადოებისათვის

სასამართლოს შენობაში, მათ შორის, სასამართლოს ეზოში ფოტო-ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია აიკრძალება და მისი ექსკლუზივი მხოლოდ სასამართლოს და მის მიერ ავტორიზებულ პირებს ექნებათ. მედიას და ჟურნალისტებს მიეცემათ სხდომის ვიდეო გადაღების შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში თუ ამას იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტს. ჟურნალისტების მიერ ფოტოგადაღება სრულად იკრძალება. სასამართლო აქტები საჯარო გახდება შესაბამის საქმეზე მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; უქმდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული მთელი რიგი გადაწყვეტილებების საჯაროობის ვალდებულება.

  • არსებითად იზრდება მოსამართლეთა ხელფასები

მოსამართლის ხელფასი დანამატების გარეშე მერყეობდა 4000-დან 7000 ლარამდე. ცვლილებებით, ხელფასი 10 512-დან 14 600 ლარამდე შუალედში გაიზრდება. [ციფრები მითითებულია დანამატების გარეშე]. შეიცვალა ანაზღაურების პრინციპი და მოსამართლის ხელფასი შესაბამისი წლის ბიუჯეტის საბაზისო თანამდებობრივ სარგოს დაუკავშირდა.[7.2-10 კოეფიციენტებით].

ორგანიზაციების შეფასებით განხილული ცვლილებებით სასამართლო სისტემაში ძალაუფლების სრული კონსოლიდაცია მიიღწა ინსტიტუციურ დონეზე. კერძოდ, ერთი მხრივ, კიდევ უფრო გაიზარდა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მყოფი პირების უფლებამოსილებები, მეორე მხრივ, კი შემცირდა ინდივიდუალური მოსამართლეების ისედაც მყიფე დამოუკიდებლობის გარანტიები:

„ამასთან, ანგარიშვალდებულების საბაზისო მექანიზმების შემცირებით, საზოგადოების მეთვალყურეობის მიღმა რჩება ძალაუფლების კონსოლიდაციის შემდგომი პროცესები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ღია სხდომაზე საქმის განხილვის უფლების ირიბი გაუქმება, სასამართლოს მთელს ტერიტორიაზე ვიდეო/ფოტო გადაღების აკრძალვით.

ეს განსაკუთრებით დააზიანებს „ქართული ოცნების“ რეპრესიების მსხვერპლ პირთა სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და მათი სასამართლო პროცესების შესახებ, საზოგადოების ინფორმირებულობას.

მიზანშეწონილია აღინიშნოს, რომ დაჩქარებულად მიღებული ცვლილებებით, ევროპული ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში, სხვადასხვა დროს განხორციელებული პოზიტიური რეგულირებები „ქართულმა ოცნებამ“ დემონსტრაციულად გააუქმა.

მესამე მოსმენით მხარდაჭერილი ცვლილებები არსებითად აუარესებს სასამართლოს ინსტიტუციურ მოწყობას, არღვევს ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს, ისევე როგორც მოსამართლის დამოუკიდებლობის კონსტიტუციურ გარანტიებს.

ამავე დროს, ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან და საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ რეპრესიების მსხვერპლ პირებს ირიბად ართმევს მათი საქმის საჯარო განხილვის უფლებას.“

განცხადებას ხელს აწერენ:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
უფლებები საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
ადამიანის უფლებათა ცენტრი

ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება

უკვე რამდენიმე წელია, ქართულ ბაზარზე „ტენე“ გამოჩნდა — კომპანია „ჯინვენტორის“ მიერ შექმნილი „მწვანე“ USB კაბელი. ამოსავალი წერტილი კი ის იყო, რომ ხარისხიანი მიკროელექტრონიკის პროდუქცია მიეწოდებინათ მომხმარებლებისთვის. თავდაპირველად, იმპორტს ეყრდნობოდნენ, მაგრამ მალე გადაწყვიტეს, უშუალოდ წარმოებაც დაეწყოთ.

იდეის რეალობად ქცევას საკმაოდ დიდი შრომა და სფეროში ცოდნის გაღრმავება სჭირდებოდა. როგორც „ტენეს“ დამფუძნებელი, ალექსანდრე ლილუაშვილი აღნიშნავს, როდესაც წარმოებაზე ფიქრობდა, ისეთი პროდუქციის შექმნა არ სურდა, რომელიც გარემოს ზიანს მოუტანდა.

„ბევრი ძიებისა და ექსპერიმენტის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ ბოთლის თავსახურების გამოყენებით შეგვეძლო კაბელების შექმნა. საწყის ეტაპზე, საკმაოდ რთული იყო ტექნოლოგიურ მხარეში ბოლომდე გარკვევა და დიდი დრო დაგვჭირდა იმ ხარისხამდე მოსასვლელად, რაც ახლა გვაქვს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საჭირო გამოცდილება მოვაგროვეთ, განვვითარდით და კარგი რეპუტაციაც მოვიპოვეთ.

დღეისათვის „ტენეს“ ტექნოლოგიური განვითარება საკმაოდ მოწინავე პოზიციაზეა, როგორც ეფექტიანობის, ისე გამძლეობის თვალსაზრისით. თავის მხრივ, ამაში უდიდესი როლი ითამაშა ინოვაციურმა მიდგომებმა და მკაფიო ხედვამ, არასდროს გადაეხვიათ ეკოლოგიური გზიდან; კერძოდ, წარმოებაში მეორად მასალებს იყენებენ — მათ შორის, ზემოხსენებულ ბოთლის თავსახურებს.

საგულისხმოა, რომ „ტენეს“ სოციალური საწარმო აქვს, რომელშიც 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები არიან დასაქმებულები. უშუალოდ წარმოების პროცესში კი მხოლოდ განახლებად ენერგიას ეყრდნობიან, რათა CO₂-ის ემისიებით მავნე გავლენა არ იქონიონ გარემოზე.

ცხადია, საწყის ეტაპზე, გარდა ტექნოლოგიური განვითარებისა, აუცილებელი იყო თვალსაჩინოებაც — კერძოდ, რამდენად ცნობადი გახდებოდა ბრენდი მომხმარებლებში. ამ თვალსაზრისით, ალექსანდრე თიბისის როლს გამოყოფს: „თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობა და გამარჯვება, დიდ ფინანსურ დახმარებასთან ერთად, პოპულარობის მომტანიც აღმოჩნდა. რეალურად, ეს იყო ერთგვარი რეკლამა, რომელმაც ბევრ გარიგებას და აღიარებას დაუდო სათავე“.

ამავდროულად, უნდა გამოვყოთ „ტენესა“ და თიბისის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც, მობილურის საკიდები შეიქმნა. მეორადი, გაფუჭებული კაბელებისგან დაამზადეს პრაქტიკული აქსესუარი — ეს არის ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებული მასალებისგან შექმნილი პროდუქტი. „ეს ინიციატივა თიბისისგან წამოვიდა — საშუალება მოგვცეს, ჩვენს პროდუქტად გვექცია და ამ კუთხითაც გვეცადა ბედი. თანაც, ძალიან კარგი კამპანია აწარმოეს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩვენი ცნობადობა და ბევრ კომპანიას გაუჩნდა ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი“.

აღსანიშნავია, რომ ამჯერად ეს პროექტი კიდევ უფრო პრაქტიკული გზით გრძელდება — საკიდი მობილურის დამუხტვის ფუნქციასაც შეასრულებს, რაც ყველასათვის საკმაოდ გავრცელებულ და შემაწუხებელ პრობლემას მოხსნის.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 ივნისის 21 საათიდან 28 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 29 ივნისს დღისით და მომდევნო 2 დღეს [30 ივნისს და პირველ ივლისს] მოსალოდნელია დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის
წვიმა.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის კონცხი, 26.06.2025

 

„აქამდე არ მითქვამს, მე ვარ ომის გამოძიებაზე ჰააგის სასამართლოს მოწმე“ – გივი თარგამაძე  

გივი თარგამაძეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა თეა წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო. გარდა ამისა, თარგამაძეს 2 წლით აეკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება.

განაჩენი დღეს, 27 ივნისს გამოაცხადეს. სასამართლო სხდომას გივი თარგამაძე არ ესწრებოდა.

გივი თარგამაძე მეცხრე პოლიტიკოსია, რომელიც „ქართული ოცნების“ სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა.

გივი თარგამაძე განაჩენის გამოცხადებას სახლში ელოდებოდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, თარგამაძე თავისი ფეხით მივიდა პოლიციის განყოფილებაში.

პოლიციაში წასვლამდე პოლიტიკოსმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან.

„ახლა გადავალ, რაც ახლოსაა, ვაკის პოლიციაში და იქიდან წამიყვანენ. განაჩენები რით ისაზღვრება და როგორ ისაზღვრება, კაცმა არ იცის. დაცული იქნება თუ არა ჩემი უსაფრთხოება, მიფიქრია ამ საკითხზე, რა თქმა უნდა. მაგის გამო თავის არიდება ამ სიტუაციებიდან… მაშინაც ვნახეთ, რომ თუ გადაწყვიტეს, ასრულებენ, მე მაინც გადავრჩი და კიდევ გადავრჩები. უნდოდათ აფეთქება? – ამაფეთქეს. მაგის შიშით რაღაცების არ კეთება, ეგრე არ გამოვა…“ – თქვა გივი თარგამაძემ.

გივი თარგამაძე იყო ჰააგის სასამართლოში მთავარი მოწმე და მისი ჩვენების შედეგად, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველმა წინასასამართლო პალატამ საქართველოს საქმეზე დაკავების ორდერები გასცა.

“მე ვარ ომის გამოძიებაზე ჰააგის სასამართლოს მოწმე და ჩემი პირადი ჩვენების საფუძველზე გაიცა ის 5 ორდერი, რომელიც გასცა ამ სასამართლომ – ეს იყო გენერალ ბორისოვზე, ჩოჩიევზე, მაშინ პრემიერი ერქვა, მერე შინაგან საქმეთა მინისტრზე, რომელიც რუსი იყო, პირდაპირ, იმ იზოლატორის უფროსზე, რომელმაც იქ ტანჯა ჩვენი ამდენი მოქალაქე ამდენ ხანს და ე.წ. ომბუდსმენზე, რომელიც ამ ყველაფრის ნაწილი იყო. ამჟამად მე მაქვს მოწმის სტატუსი ჰააგის სასამართლოში.

იცით, აქამდე მე არ მითქვამს ამის შესახებ, ვუფრთხილდებოდი, ზოგადად ეტიკეტსაც ვიცავდი, რაღაც ურთიერთობებსაც, მაგრამ ახლა უკვე იმდენად მორღვეულია ეს მთავრობა ცივილიზებული სამყაროსგან, რომ ამის დამალვასაც აზრი აღარ აქვს. მთავარი კაზუსი და ირონია ისაა, რომ მაშინ წულუკიანი იყო იუსტიციის მინისტრი, ეს ჰააგაში გამარჯვება გამოაცხადა „ქოცური“ მთავრობის და თავის პირად გამარჯვებად და მერე დამიბარა ამ თავის კომისიაში, სადაც იძახდა, რომ ეს ყველაფერი იყო პირიქით და ამის გამო უნდა დავეჭირე“, – თქვა გივი თარგამაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში დაპატიმრებამდე ერთი დღით ადრე.

დღეს, 27 ივნისს, გაკეთებულ კომენტარში, გივი თარგამაძემ დააზუსტა, რომ შესაძლოა საქართველოს მთავრობას ჰქონდა რუსეთიდან საგამოძიებო სტრუქტურების შემოშვების სურვილი, თუმცა ეს ამ დრომდე ვერ გააკეთა.

„მაგის სურვილი ჰქონდა თავის დროზე სოზარ სუბარს. ის ამბობდა, რომ სამწუხაროდ ვერ გადავცემთ [გივი თარგამაძეს რუს სამართალდამცავებს] იმიტომ, რომ საკონსტიტუციო ჩანაწერი არსებობს, რომელიც უკრძალავს საქართველოს სხვა ქვეყნისთვის ადამიანის გადაცემას, მაგრამ იქნებ შემოვუშვათ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ჯგუფი და აქ დაკითხონო. მგონია, რომ რუსეთის დაკვეთაა. ამაფეთქეს რუსებმა… მაქვს უფლება, რომ მეგონოს.

ცინიზმია, რომ ჰააგაში გამარჯვება წულუკიანმა, როგორც იუსტიციის მინისტრმა, თავის გამარჯვებად გამოაცხადა და ახლა აქეთ მაწვებიან“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

გივი თარგამაძე მერვე პოლიტიკოსია, რომელიც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საბაბით ჰყავთ დაკავებული.

ამ დრომდე დაკავებულები არიან ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე.

გივი თარგამაძე 2016 წელს საკუთარ მანქანაში ააფეთქეს მძღოლთან ერთად. აფეთქება თბილისის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას მოხდა. ასაფეთქებელი ნივთიერება მანქანაში წინასწარ იყო მოთავსებული და ის მოძრაობისას აფეთქდა.

პოლიტიკოსმა და მისმა მძღოლმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 016 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970]
  • ტანკი – 10 969 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 22 896 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 29 630 ერთეული [+13]
  • MLRS – 1 425 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 188 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 42 240 ერთეული [+87]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 388 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 53 284 ერთეული [+89]
  • სპეცტექნიკა – 3 921 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 65 677 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 612 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 050 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 26 646 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 37 320 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

დნიპროში 18-მდე გაიზარდა რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

პარანოიდულ სისტემაში სამიზნეა ყველა, გამონაკლისის გარეშე – გიორგი მაისურაძე

„სამიზნე ვინ არის? – ყველა, აბსოლუტურად ყველა, აქ გამონაკლისი არ არსებობს, ჩემი და შენი არ არსებობს ამ მომენტში“ – ასე გვიპასუხა ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ კითხვაზე – როგორ და რატომ ხდება, რომ „ოცნების“ ხელისუფლება მსახიობს, პოეტს, პედაგოგს, სცენარისტს, სტუდენტს იჭერს და სჯის. „ოცნება“ სჯის ადამიანებს, რომელთა სახელთანაც, ამ დრომდე, მხოლოდ წარმატებული როლის, ჯილდოს, განათლებისა და სასარგებლო საქმეების ასოციაცია ჩნდებოდა და არაფერი დანაშაულებრივი „მათ საქმეში“ არ ფიქსირდებოდა.

როგორ აქციეს კეთილსინდისიერი მოქალაქეები ისეთ „დამნაშავეებად“, რომ მათ რამდენიმე წლით პატიმრობა ემუქრებათ? – ამ თემაზე „ბათუმელებს“ მოსაზრებები ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ გაუზიარა.

  • ბატონო გიორგი, გასული წლის ნოემბრის შემდეგ, უწყვეტი პროტესტის ფონზე დააკავეს და უმკაცრესად დასაჯეს ან სასჯელის მოლოდინში არიან სტუდენტი, მსახიობი, ექიმი, სცენარისტი, ინფლუენსერი, მასწავლებელი, ჟურნალისტი, პოეტი ზვიად რატიანი, რომელსაც ასევე უმკაცრესი სასჯელით, 4-დან 7 წლამდე უპირებენ დაპატიმრებას… მათ შორის ბევრი წარმატებული, ცნობილი ადამიანი, თავისი საქმის მცოდნე და პროფესიონალია. რას გვაჩვენებს ეს, ვინ ამოიღო რეჟიმმა მიზანში?

ძალიან ძნელია თქვა, რა პრინციპით არჩევენ, რომ ყველა სფეროს წარმომადგენელი ჰყავდეთ: ცნობილი ჟურნალისტი, მსახიობი, პოეტი და ასე შემდეგ, ყველა კატეგორიის ადამიანი, ახალგაზრდები…

ავტორიტარული რეჟიმი გვაქვს, ვერ ვიტყვით, რომ შენდება და დგება, პროცესში ვიმყოფებით, სახეზეა უკვე ავტორიტარიზმი, დემოკრატიული უფლებები, თავისუფლებები მაქსიმალურად იზღუდება, ყოველდღიურად იღებს მმართველი პარტია ახალ კანონებს, რომელიც უკვე დემოკრატიაში კი არა მიმსგავსებულშიც აღარ ჯდება, ეს არის ტიპური დიქტატურა, დიქტატურისკენ სვლა.

სამიზნე ალბათ არის ყველა ის ადამიანი, ვინც მათ უპირისპირდება, არ ემორჩილება, არ იზიარებს მათ შეხედულებებს. რა შეხედულებების გაზიარებაზეა აქ ლაპარაკი, ძნელია, იმიტომ, რომ ეს არ არის რაღაც ღირებულებითი ერთობა, რაც აერთიანებს ავტორიტარულ რეჟიმს დღევანდელ საქართველოში, ეს არის მათ მიერ შეთხზული შეთქმულების თეორია.

ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს იდეოლოგიური გაერთიანებაა და მათ დიდი მიზნები აქვთ, სამომავლო მიზნები, იქნება კომუნიზმის აშენება თუ არიული რასის გაბატონება და ასე შემდეგ. ეს არის ახლახან შეთხზული შეთქმულების თეორიები, რომლის მიზანია მოახდინონ როგორც შიდა ინტეგრაცია, ასევე განეიტრალება, ლიკვიდაცია ყველა იმ ადამიანის, ვინც მათ არ ემორჩილება, ან რაღაც ფორმით წინააღმდეგობას უწევს.

აქ მნიშვნელოვანი მგონია ერთი ასპექტი, რომ რეალურად დიქტატურა და ავტორიტარიზმი ყველას წინააღმდეგ არის მიმართული, მათ შორის თავად მათ წინააღმდეგაც.

შიდა ტერორი, შიდა წმენდები არის დიქტატურის შიდა განზომილება. ის ხალხი, ვინც დღეს ყველაზე აქტიურად გამოდის რეპრესიების მომხრედ, მათივე სისტემის მიერ აუცილებლად იქცევიან თვითონ დამნაშავეებად და არა ის, რომ დემოკრატია რომ გაიმარჯვებს, მერე მოხდება მათი გასამართლება… თვითონვე დაერევიან, ჩვენ ამ სიმპტომებს ვხედავთ. 

ადამიანებს, რომლებსაც აქებდნენ, ადიდებდნენ და ზეცაში აჰყავდათ, დღეს თვითონ აცხადებენ მტრებად, დამნაშავეებად და იწყებენ მათ დევნას.

საბოლოო ჯამში, ყველა დიქტატურა საკუთარ თავს ჭამს, არ გვაქვს სხვანაირი შემთხვევა.

ნუ მოიტანენ მაინც და მაინც ჩრდილო კორეას მაგალითად, ცალკე სამყაროებს, რომელიც მართლაც რაღაც ისტორიულ კურიოზებს წარმოადგენს.

ასე რომ, სამიზნე ვინ არის? – აბსოლუტურად ყველა, აქ გამონაკლისი არ არსებობს, ჩემი და შენი არ არსებობს.

აი, დღეს, ვთქვათ, რომელიღაცა კომისიის თავმჯდომარე არის მათიანი, ზუსტად ის კომისიის თავმჯდომარე, რომელიც იდეალურად შეასრულებს დავალებებს, ხვალ თვითონ დაჯდება ბრალდებულის სკამზე, მათ მიერვე, ამას არ სჭირდება რეჟიმის შეცვლა, ეს არის ავტორიტარიზმის და დიქტატურების შიდა სტრუქტურა და ამას ვერ შეცვლი.

  •  და ეს შიდა წმენდის პროცესი, თუ სიმპტომებს მართლაც უკვე ვხედავთ, დიქტატურისკენ სვლას რატომ არ აფერხებს?

დიქტატურას სჭირდება მუდმივი პროცესი შიდა წმენდების, არა იმიტომ, რომ ვიღაცას გონება გადაუბრუნდა და შეიცვალა რამე, არა.

როდესაც ჩვენ ვქმნით პარანოიდულ სისტემას, შეთქმულებებზე, მოჩვენებებსა და ბოდვებზე აგებულს, ამის სამიზნე ხდება ყველა, გამონაკლისების გარეშე. აქ ერთგული და არაერთგული არ არსებობს, ბოლო-ბოლო საბჭოთა კავშირიდან მოვდივართ. ახლო წარსულია. ხალხი, ვინც ამას მოესწრო, ჯერ კიდევ ცოცხალია, გავიხსენოთ როგორ ხდება – იქ კარგი და ცუდი, ჩემიანი და სხვისიანი არ არსებობს.

გავიხსენოთ, იაგოდა [სსრკ-ს სახალხო კომისარი, დახვრიტეს 1938 წელს] იქნება თუ ეჟოვი [სსრკ-ის სახალხო კომისარი, დახვრიტეს 1940 წელს]. ეჟოვისნაირი ერთგული შემსრულებელი ვერც წულუკიანი იქნება და ვერც კობახიძე. შემდგომში ყველა ხდება სამიზნე, მსხვეპლი საკუთარივე ხელით შექმნილი სისტემების, ეს არის დიქტატურების, ავტორიტარიზმების არსი.

  • დიქტატურაზე ვსაუბრობთ, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ. მაგალითად, პედაგოგი რამდენად საშიში შეიძლება იყოს, რომ მას 7 წლამდე პატიმრობა დაემუქროს და ეს მაშინ, როცა მკვლელებს გირაოთი უშვებენ? ეს ემსახურება პროტესტის ჩახშობას, დაშინებას თუ ორივეს ერთად?

თუ ჩვენ პროტესტის ნიმუშად ავიღებთ ქუჩაში გამოსვლა იქნება ეს თუ მანიფესტაციებში მონაწილეობა, ეს ისეთი ფორმებია, რომელიც მაინც და მაინც პერმანენტული ვერ იქნება… განწყობა ხომ არ შეცვლილა?! ის ასობით ათასი ადამიანი და მეტიც, არ გამქრალა და არც პოზიცია შეუცვლია.

ვიღაც წავიდა, ვიღაც დააპატიმრეს, დაასუსტეს, მაგრამ პოზიციები არ შეცვლილა.

ვხედავთ რაც ხდება, ვხედავთ რა ფატალური ნგრევის კურსზე არიან თვითონაც.

აუცილებელი პირობაა ნებისმიერი ავტორიტარიზმის და დიქტატორის – როდესაც ვქმნით პარანოიდულ სისტემას, ის საკუთარ მსხვერპლებს, საკუთარ მტრებს ქმნის, აუცილებლად მუდმივი მტრების გარემოცვაშია… პარანოია ამას ნიშნავს – ირგვლივ ყველა მტერია, მუდამ შეთქმულებაში იმყოფებიან, შესაბამისად თავის თავს დაერევიან, ეს არ დამთავრდება არასდროს, სანამ ეს რეჟიმი იარსებებს, ისინი მუდამ იქნებიან თვითნგრევასა და განადგურებაში.

არ ვიცი რამდენად გაუძლებს ეს პატარა, სუსტი ქვეყანა ასეთ ნგრევას.

  • „ოცნება“ აღარ ფრთხილობს, არ განიხილავს, რომ შეიძლება ერთ დღესაც ხალხი უფრო მეტად გაბრაზდეს ძალადობის, ჩაგვრის გამო?

ერთ წელზე მეტია არანაირი უკან გადადგმული ნაბიჯი არ მინახავს.

ხომ არის – ვაიმე, რას ვაკეთებო – ადამიანი რომ გაჩერდება, დაფიქრდება. აქ უკვე მანქანა მუშაობს, ეს არის განსხვავება.

პარანოიდული მდგომარეობიდან უკან დასახევი აღარ არსებობს, ეს არის მანქანა, რომელიც ანადგურებს ყველაფერს და საკუთარ თავს. ანუ ყველა მტერია, მათ შორის ისინი, ვინც დღეს მთავარი ჯალათები არიან და ბრწყინვალედ ასრულებენ დიქტატურის დაკვეთებს. ისინი არიან პოტენციური მტრები თავად ამავე სისტემის.

წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც ირგვლივ მხოლოდ შეთქმულებას და მტრებს ხედავს. ეს ხომ არ დამთავრდება არასდროს, მისთვის სიცოცხლის ბოლომდე ყველა პოტენციური მტერია.

ეს ვიცით ისტორიიდანაც და არაფერ განსაკუთრებულს და ორიგინალურს არ გვთავაზობს ეს ძალა. ეს რეჟიმი იმეორებს ავტორიტარიზმის და დიქტატურების მოდელებს.

ნუ წარმოვიდგენთ, რომ აქ ვიღაც „ზე ბრძენი ადამიანები“ სხედან, რომელთა გონებაც ისეთი მაღალია, რომ ადამიანურ ნორმებს სცილდება. ეს არის ავტო დესტრუქციის გზაზე მყოფი სისტემა, რომელიც აუცილებლად საკუთარ თავს ჭამს.

კიდევ ვიმეორებ, ეჟოვისნაირი საუკეთესო ჯალათი სტალინს არ ჰყოლია, ბერიაც, რამდენ ხანს იყო – დაახოცვინა 3 მილიონი ადამიანი და მერე დახვრიტა. დღეს რომელიღაც კომისია, რომელიც წარმატებით სჯის ხალხს, იჭერს, პოტენციურად უკვე მზად არის იმისთვის, რომ შემდეგი დასასჯელი თვითონ გახდეს.

  • რამდენად შორს წავლენ?

რასაც ვხედავთ, ეს არის მუდმივი გრადაცია, მატება, მატება, უარესი, უარესი, არაფერი ოდნავ უმჯობესობისკენ არ გამოჩენილა და ჩვენ ამაში ვიმყოფებით წელიწად-ნახევარია უკვე, აი, ამ დაჩქარებული ტემპით გაუარესებაში.

  • გარე ფაქტორებზე მინდა გკითხოთ, ბევრი საუბრობს მეთოდებზე, ანალოგებზე… „ოცნება“ რუსული დირექტივებით მოქმედებს?

თუ ფატები არ გვაქვს ხელში, ძნელია რამის თქმა. ფაქტია, რომ დღეს ამის დიდოსტატი მსოფლიოში, წამყვანი და ნიმუშის მიმცემი, არის რუსეთი, მაგრამ რამდენად მათი დირექტივებია, ამას ალბათ ოდესმე ისტორიკოსები თუ გამოიძიებენ, ისინი თუ აღმოაჩენენ და დაგვიდასტურებენ ამ ყველაფერს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამათ არ გამოუგონიათ დიქტატურა და ავტორიტარიზმი არსებულის ნიმუშით. ეს გვაქვს ბელარუსში, აზერბაიჯანში, ირანში და რუსეთია, რა თქმა უნდა, მთავარი წყარო ავტორიტარიზმის.

ბუნებრივია, რომ ვიღაცის მიბაძვით ხდება. დღევანდელი ანალოგიები რომ ავიღოთ, ისინიც თვითონ იღებენ სხვა ანალოგიებს ახლო ისტორიიდან, ამას შორს წასვლა არ სჭირდება, თუმცა ერთი ერთზე, იგივე საბჭოთა რეჟიმთან შედარება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ანალოგიაც შეიძლება ვნახოთ… იქ არსებობდა რაღაც რწმენა, ძლიერი იდეოლოგია, მე სტალინის პერიოდს ვგულისხმობ, კომუნიზმის მშენებლობა იქნება თუ ასე შემდეგ… ანუ, რაღაც მიზნები არსებობდა.

აქ კი არანაირი მიზანი არ არსებობს.

  • თქვენი აზრით, პოეტ ზვიად რატიანის სილა სოლიდარობის აქტი იყო? 

ზვიად რატიანი არის ჩემთვის ძვირფასი, ახლობელი ადამიანი. მე მის მიმართ, რა თქმა უნდა, ვარ ძალიან სუბიექტური პიროვნულ დონეზეც და მეორე მხრივ, ჩემი აზრით, ის არის საუკეთესო ქართველი პოეტი, უზარმაზარი ლიტერატურის შემქმნელი, მთარგმნელი, გამორჩეული ადამიანია, რომლის დევნაც 2019 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობს. შეურაცხყოფები, წამებები, დაკავებები… დოკუმენტური კადრია გადაღებული, როგორი ხდება მისი დაკავება, როგორ ურტყამს მთელი რაზმი პოლიციელების, როგორ უსწორდებიან და ძალადობენ…

რამდენჯერ დახვდნენ ტიტუშკები… როგორც ჩანს, რაღაცნაირად ხდება გამოკვეთა სამიზნის, ვისზეც უნდა იძალადო, ძალიან ძნელია აქ რაღაცა რაციონალური მიზეზის მოძებნა, რატომ მაინც და მაინც ეს ადამიანი ამოიჩემეს, გაუგებარია.

ანდრო ჭიჭინაძე, რომ იტყვიან, ბუზს არ ააფრენსო, ისეთი ადამიანია, გამორჩეული თავისი ჰუმანურობით, კეთილშობილებით და ასე შემდეგ. აი, რაღა მაინც და მაინც ის, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ლოგიკას… ხომ შეიძლებოდა ვიღაც „ძველი ბიჭი“ დაეჭირათ, ბუნებრივად რომ არის ადამიანში რაღაც აგრესიის პოტენციალი, მაგრამ ზუსტად საპირისპიროს რომ არჩევ და მას აბრალებ ძალადობას, ძალადობრივი ჯგუფის შექმნას და არ გაქვს არანაირი არგუმენტი, არანაირი მტკიცება, ვერავინ ვერ ასახელებს რა ჩაიდინა…

  • ასეთ დროს რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ?

საზოგადოებამ მაქსიმალურად უნდა დაიცვას თავისი პოზიცია. საზოგადოება ამას აკეთებს. მთავარი რაც არ უნდა გააკეთოს, მე მგონია, არის ის, რომ თვითონ არ უნდა გახდეს ისეთი, რის მაგალითსაც იძლევა მმართველი ძალა.

როგორ გაიზარდა 200 ათასით მოსახლეობა, როცა ხალხი ემიგრაციაში მიდის?

„მნიშვნელოვანი აცდენა დაფიქსირდა – საყოველთაო აღწერას მოსახლეობის რაოდენობის ზრდა არ უნდა ეჩვენებინა არცერთ ვარიანტში“, – მიიჩნევს სტატისტიკური მონაცემების ანალიტიკოსი, გოგა თუშურაშვილი, რომელსაც მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ახალ შედეგებზე ვკითხეთ: რა ლოგიკით გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა 200 ათასი კაცით, როცა ბოლო 10 წელია საქართველოში შობადობა იკლებს და დემოგრაფიული კრიზისია, ქართველები კი, საქართველოს მასობრივად ტოვებენ?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 მილიონ 914 ათასია. „ოცნების“ მტკიცებით, საქართველოდან ადამიანები კი არ გარბიან, პირიქით, თითქოს იმდენად კარგი მდგომარეობაა, რომ მოსახლეობის რაოდენობა, 2014 წლის საყოველთაო აღწერასთან შედარებით, 200 ათასით გაზრდილა, ბათუმში კი, რეკორდული მაჩვენებელია და მოსახლეობა ბოლო 10 წელში 53 %-ით გაიზარდა – 152 ათასიდან 235 ათასამდე.

ანალიტიკოსებს დასაბუთებული ვარაუდი აქვთ, რომ სინამდვილეში მოსახლეობამ კი არ იხარა და იმრავლა – რუსები ჩამოვიდნენ და დამკვიდრდნენ. „ოცნების“ მთავრობა კი, წლების განმავლობაში მალავდა რეალურ მონაცემებს რუსეთის და სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში რეალური შემოდინების შესახებ.

„შესაძლებელია რაღაც გარკვეული ცდომილება იყო, ეს არ არის ცა და დედამიწა“, – ცდომილებას მოსახლეობის ზრდის სტატისტიკურ მაჩვენებელში „ბათუმელებთან“ ადასტურებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილე, პაატა შავიშვილი. მან ისიც დაგვიდასტურა, რომ მოსახლეობის რაოდენობის ზრდაზე მართლაც აისახება მიგრაციის მაჩვენებელი.

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე არ აქვთ ზუსტი მონაცემი: უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს დღეს საქართველოში.

2026 წელს გამოაქვეყნებენ დაზუსტებულ მონაცემებს, სადაც დეტალურად გამოჩნდება – რომელი ქვეყნის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში ბუნებრივი მატება იკლებდა – პირიქით უარყოფითი სალდო გვქონდა და დაახლოებით 4 ათასით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. მიგრაციაშიც გვქონდა უარყოფითი სალდო – კლება იყო დაახლოებით 250 ათასი ადამიანი; ფიქსირდებოდა ისიც, რომ 16 წლამდე ბავშვებიც გადიოდნენ ქვეყნიდან, ანუ ოჯახებით ტოვებდნენ საქართველოს,“ – ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ანალიტიკოსი გოგა თუშურაშვილი ტყუილში ამხელს „ოცნებას“, მოსახლეობის აღწერის მონაცემებშიც.

გოგა თუშურაშვილი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის [IDFI]“ კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელია.

გოგა თუშურაშვილი

„გამოდის, რომ დაახლოებით 460 ათასი ადამიანის შესახებ არ ვიცით ზუსტი მონაცემები – ამხელა ცდომილება უცნაურია… თუ ამხელაა ცდომილება, მაშინ ეს აღწერა ფაქტობრივად შეფასებით მონაცემებში ვეღარ გამოდგება. არ მგონია, საქმე გვქონდეს რაიმე სახის მეთოდოლოგიურ უზუსტობასთან,“ – ამბობს გოგა თუშურაშვილი.

საიდან 450 ათასი, რა ციფრზეა ლაპარაკი? – ანალიტიკოსი განმარტავს, რომ 250 ათასი მიგრაციის უარყოფითი სალდოა, რასაც 200 ათასი ემატება – რაოდენობა, რომლითაც საქართველოს მოსახლეობა ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით გაიზარდა.

„მიგრაციის უარყოფითი სალდო გამოხატავს, რამდენი ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა. მაგალითად, თუ ქვეყანა დატოვა 20 ათასმა ადამიანმა, მაგრამ შემოვიდა 15 ათასი, უარყოფითი სალდო იქნება 5 ათასი.

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში გვაქვს უარყოფითი მიგრაციის სალდო უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩათვლით – 250 ათასი. აქედან დაახლოებით 13 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ამ დროს პირიქით, მოსახლეობის რაოდენობა 200 ათასით იზრდება. გაზრდა სავარაუდოდ უკავშირდება უცხო ქვეყნებიდან მოქალაქეების შემოსვლას, ეს იქნება რუსეთი, ინდოეთი, ირანი და ასე შემდეგ,“ – მიიჩნევს გოგა თუშურაშვილი.

რამდენად სწორია ვარაუდი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოში მართლაც რუსები შემოვიდნენ? – ვეკითხებით ანალიტიკოსს და რამდენიმე დღის წინ საქართველოდან გაძევებულ „ბათუმელ მედროშეს“, თურქეთის მოქალაქეს – თემურ ქათამაძეს ვახსენებთ. იმის მიუხედავად, რომ თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, სრულფასოვნად საუბრობს ქართულ ენაზე, გამოცდების უმაღლესი ქულებით ჩააბარა ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიაში, ასევე ბოლო რამდენიმე წელია ბათუმში ცხოვრობს, მას არც საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს, არც დროებითი თავშესაფარი და ლტოლვილის სტატუსი.

აჩვენებს თუ არა ეს დამოკიდებულება იმას, რომ რუსეთისგან განსხვავებით სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიმართ „ოცნების“ ხელისუფლების დამოკიდებულება განსხვავებულია?

„თემურ ქათამაძე აღმოჩნდა რეპრესიების მსხვერპლი, რომელსაც სახელმწიფო დაუპირისპირდა,“ – მიიჩნევს გოგა თუშურაშვილი. დასძენს, როცა მსგავსი სტატისტიკა მოსახლეობაში ნდობას არ იწვევს და ხელისუფლება ციფრებით მანიპულირებაში გამოჭერილია: „ადამიანები საკუთარ თვალებს უფრო ენდობიან, საკუთარი თვალით ნანახს და ყურით მოსმენილს, ვიდრე სტატისტიკას,“ – დასძენს გოგა თუშურაშვილი.

რა აჩვენა „ბათუმის რეკორდმა?“

„მოსახლეობის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბათუმში დაფიქსირდა, სადაც იგრძნობა რუსეთის მოქალაქეების სიმრავლე. „ოცნების“ ხელისუფლებას არ უნდოდა იმის ჩვენება, რომ რუსეთის მოქალაქეები ამ მასშტაბით შემოდიოდნენ საქართველოში, რომ ამ მონაცემების გამჟღავნებას არ გამოეწვია მოსახლეობის უკმაყოფილება.

ამით ხელისუფლება ცდილობდა დემოგრაფიული კრიზისის გადაფარვასაც, რაც რეალურად არსებობს.

თუ დამალვაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, [„ქართული ოცნების“ მთავრობის] მოტივაცია იქნებოდა ის, რომ დამალონ ისეთი ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა ქვეყანაში და დაფუძნება, რაც საქართველოში მოსახლეობის უარყოფით შეფასებას იწვევს. ეს ვარაუდია, რომლის გადამოწმების საშუალება სამწუხაროდ არ გვაქვს,“ – აღნიშნა გოგა თუშურაშვილმა „ბათუმელებთან“.

ანალიტიკოსს ეჭვი აქვს სტატისტიკური მონაცემების ნამდვილობაზე, რომელსაც მიგრანტების შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური შსს-ზე დაყრდნობით გასულ წლებში აქვეყნებდა.

„ხომ არ გვიმალავდა რეალურ მაჩვენებლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათ შორის, უცხო ქვეყნის და განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქეების შესახებ?“ – კითხულობს გოგა თუშურაშვილი.

„გამორიცხეთ ასეთი რამ! უბრალოდ ეს არის სტატისტიკური მოვლენა, ზუსტდება მოსახლეობის რაოდენობა. თქვენ საუბრობთ მიმდინარე მონაცემებზე, ათვლის წერტილი არის აღწერა, აღწერიდან აღწერამდე ხდება მონაცემების შეფასება და შესაძლებელია რაღაც გარკვეული ცდომილება იყოს,“ – კატეგორიულია პაატა შავიშვილი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, თუმცა ის არც იმას გამორიცხავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს და შსს-ც ადმინისტრაციული ორგანოა, შესაძლოა, ყველა მონაცემი მოწესრიგებული არ ჰქონდეთ.

„ყველაფერი ადმინისტრაციულ წყაროები რომ იყოს მოწესრიგებული, მაშინ აღწერა საერთოდ არ ჩატარდებოდა – პირდაპირ ადმინისტრაციულ წყაროებს დავეყრდნობოდით.

ევროპულ ქვეყანასაც რომ დაადოთ ხელი, აღწერას ატარებენ და შემდგომში აზუსტებს მონაცემებს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა – ერთ წელში დავინახავთ, როგორი არის ზუსტად მოსახლეობის სტრუქტურა და სად იყო მატება,“ – გვითხრა პაატა შავიშვილმა.

პაატა შავიშვილი

თუ შობადობამ იკლო და მოსახლეობა ემიგრაციაში წავიდა – რა ლოგიკით შეიძლება გაზრდილიყო მოსახლეობის რაოდენობა, თუ საქმე არ გვაქვს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის შესახებ გაყალბებულ მონაცემთან?

„ვერ გეტყვით, მოდით დაველოდოთ…

შობადობა ვერ ახდენს იმდენად გავლენას, მიგრაცია – ახდენს. ძალიან მცირე კლება იყო, ჯერ ერთი. მე ერთი შემიძლია ვთქვა ამ ეტაპზე, რომ ციფრი, რომელიც გამოვაქვეყნეთ, არის ძალიან ზუსტი.

ყველა ადმინისტრაციული წყარო იმის საფუძველს იძლევა, რომ იზრდება გარკვეულ კატეგორიაში მოსახლეობის რაოდენობა, მაგალითად, როცა ვადარებთ ამ მონაცემებს 2014 წელს: პენსიონერთა რაოდენობა არის 160 ათასით გაზრდილი, მოსწავლეთა რაოდენობა იყო 550 ათასი, ახლა არის – 641 ათასი, სტუდენტების რაოდენობა იყო 125 ათასი, 190 ათასია ახლა,“ – გვიპასუხა პაატა შავიშვილმა საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ.

მხოლოდ 2023 წელს საქართველო 163 480-მა ადამიანმა დატოვა. ამავე წელს, საქართველოში რუსეთიდან 52 627 ადამიანი შემოვიდა. ეს საქართველოდან ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის თითქმის მესამედია. საქართველოში მიგრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის კი, ლიდერი ოკუპანტი რუსეთია.

2024 წელსაც საქართველოში რუსეთის 23 574 მოქალაქე შემოვიდა, საქართველო დატოვა საქართველოს 64 594-მა მოქალაქემ.

მთავარი ფოტო: რუსეთის მოქალაქეები საქართველოში გადმოდიან 2022 წელს, როცა რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს იწყებს.

ამ თემაზე:

რატომ მიდიან ქართველები ქვეყნიდან და რატომ მოდიან რუსები საქართველოში – ეს სახიფათოა?

 

 

 

 

ბათუმში ხელოვნური კუნძულისთვის ჭოროხიდან ხრეშს დამატებით ამოიღებენ – ახალი განკარგულება

ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოწყობის მიზნით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ „ქართული ოცნების“ მთავრობამ ამჯერად ულიცენზიოდ 469 200 კუბური მეტრი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება მისცა.

კომპანია ამ ოდენობის ქვიშა-ხრეშს ხელვაჩაურის სოფელ თხილნარის მიმდებარედ, ჭოროხის კალაპოტიდან ამოიღებს.

მთავრობის შესაბამის განკარგულებას „ოცნების მთავრობის“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 3 ივნისს მოაწერა, თუმცა, ის მთავრობის პორტალზე ხელმოწერიდან დაახლოებით სამი კვირის შემდეგ გამოაქვეყნეს.

ხელოვნური კუნძულის მშენებლობა ბათუმში / 25.06.2025

„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 12 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 469 200 მ3 სასარგებლო წიაღისეული [ქვიშა-ხრეში] ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, თხილნარის ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარე ტერიტორიაზე“ – აღნიშნულია განკარგულებაში.

ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში „ამბასადორმა“, ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტში 612 000 ლარი უნდა გადაიხადოს.

„ამბასადორი“ ამ ეტაპზე ხელოვნურ ნახევარკუნძულებს აშენებს, სადაც ცათამბჯენების მშენებლობის დაწყებასაც გეგმავს. ხელოვნურად მოწყობილ ნახევარკუნძულზე დამხმარე ნაგებობების მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. 25.06.2025

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ამბასადორს“ სხვადასხვა ადგილებიდან [მათ შორის ჭოროხის კალაპოტიდან] სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან ათავისუფლებენ.

ამ თემაზე: კუნძულისთვის ხრეშს ჭოროხიდანაც ამოიღებენ – მთავრობამ „ამბასადორს“ ადგილი 3 წლით გადასცა

ხელოვნურად მოწყობილი ნახევარკუნძული / 25.06.2025
ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა „ბათუმი ცენტრალის“ მიმდებარედ / 25.06.2025

„ამბასადორი“ ახალი განკარგულების მიხედვით 469 200 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშს ჭოროხის კალაპოტში სამ უბანზე ამოიღებს. ამ ტერიტორიების საერთო ფართობი კი ჯამში 23,5 ჰექტარია.

განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ამბასადორი“ ვალდებულია:

  • უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსების ეროვნული სააგენტოს გეოსაინფორმაციო პაკეტით, ასევე „სოკარ ჯორჯია გაზის“, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის შესაბამისი წერილებით განსაზღვრული პირობების შესრულება.
  • ამასთან, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის.
ჭოროხის დელტა, ხედი სოფელ თხილნარიდან / 24.06.2025

აღსანიშნავია, რომ მდინარე ჭოროხიდან ზღვაში ნატანის შეტანის შემცირებამ სანაპირო ზოლის წარეცხვა გამოიწვია.

ზღვამ არაერთხელ დაანგრია და წარეცხა ბათუმის, აეროპორტის მიმდებარედ და ახალი ბულვარის გასწვრივ, სანაპირო. ამ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ბათუმის სანაპიროზე პლაჟის შესანარჩუნებლად და ნაპირის დასაცავად ყოველწლიურად ზღვის ხელოვნური კვებაა აუცილებელი, რაშიც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება და უნდა დაიხარჯოს მომავალშიც.

ბათუმის სანაპიროს დასაცავად კი ხრეში სწორედ მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან შეაქვთ ზღვაში.

სპეციალისტების მიერ არაერთხელ ითქვა, რომ რეკომენდებულია მდინარის [განსაკუთრებით ჭოროხის დელტასა და მის მიმდებარედ არსებული] ნატანი მასალა [ქვიშა/ხრეში] აუცილებლად იქნას გამოყენებული მხოლოდ სანაპირო ზოლისა და პლაჟების შესანარჩუნებლად.

ზღვის ხელოვნურ კვებასთან ერთად სპეციალისტების აზრით შესამუშავებელია ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგიაც, რომლის გარეშე ბათუმის სანაპირო ზოლში კატასტროფა გარდაუვალია.

ამ თემაზე: ბათუმში კატასტროფა გარდაუვალია ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგიის გარეშე – კვლევა

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ მთავრობის 6 მაისის განკარგულებით ულიცენზიოდ 1,5 მილიონ კუბურ მეტრ სასარგებლო წიაღისეულს მოიპოვებს ასევე ქობულეთის სოფელ კვირიკეს მიმდებარე ტერიტორიაზეც.

ამ თემაზე:

ხელოვნური კუნძულისთვის ხრეშს „ამბასადორი“ ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის განკარგულება

„ზვიად რატიანის ქმედების მიზანი არ ყოფილა პოლიციელისთვის ზიანის მიყენება“ – „პენ საქართველო“

„პენ საქართველო“ განცხადებას ავრცელებს პოეტ ზვიად რატიანის დაკავებასთან დაკავშირებით.

„პენ საქართველო, საქართველოს წიგნის ასოციაცია, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანები, შეშფოთებას გამოვთქვამთ ცნობილი ქართველი პოეტის, ზვიად რატიანის დაკავების გამო.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ზვიად რატიანი დაკავებულია სისხლის სამართლის წესით და წარდგენილი ბრალდებით მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საგანგაშოა ის პრაქტიკა, რაც ბოლო თვეებში ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა – პროტესტის მონაწილეთა დაკავება და მათ წინააღმდეგ აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლო პროცესების წარმართვა.

ზვიად რატიანის ქმედების მიზანი არ ყოფილა პოლიციელისთვის ზიანის მიყენება და ეს კარგად ჩანს ვიდეოშიც. პოლიციელი არ დაშავებულა, თავად ზვიად რატიანი კი 2017 წლიდან დღემდე არაერთხელ იყო პოლიციელების მხრიდან ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი.

2024 წლის ნოემბერში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ათეულმა თანამშრომელმა სასტიკად იძალადა ზვიად რატიანზე, მაშინ, როცა ის ხელებაწეული იდგა და წინააღმდეგობასაც არ უწევდა თავდამსხმელებს, რაც შესანიშნავად ჩანს ვიდეოში. ძალადობის იმ ეპიზოდს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ გამოხმაურებია, არცერთ პოლიციელს, პროკურორს, მოსამართლეს კომენტარი არ გაუკეთებია სამართალდამცავი ორგანოების მიერ წაქცეული ადამიანის სახეში წიხლებით ცემაზე.

სამაგიეროდ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა ერთხმად დაგმეს ზვიად რატიანის ქცევა, როდესაც მან სისტემურ ძალადობაზე სათქმელი იმ ფორმით გამოხატა, რომელიც კანონსაწინააღმდეგოა, მაგრამ სასჯელი ამ ქმედებისთვის მხოლოდ ჯარიმას შეიძლება ითვალისწინებდეს.

მოვუწოდებთ მართლმსაჯულების ორგანოებს, იხელმძღვანელონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ჰუმანიზმის სტანდარტებით, იმოქმედონ კეთილგონიერების, პროპორციულობის პრინციპით.

როგორც ეს 25 ივნისს სასამართლოზე თქვეს ზვიად რატიანმა და მისმა ადვოკატმა, არ არსებობს მის მიერ დანაშაულის ჩადენის ან ქვეყნიდან მიმალვის არანაირი საფრთხე ან გონივრული ეჭვი, ამრიგად, გაუმართლებელია 14 აგვისტომდე ზვიად რატიანის პატიმრობაში დატოვება. შესაბამისად, ვითხოვთ დაკავებულის გირაოთი გათავისუფლებას სასამართლო პროცესამდე, ადვოკატის მოთხოვნის თანახმად.

ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ზვიად რატიანის მიმართ გამოყენებულ ყველა ღონისძიებას, ბოლომდე დავიცავთ მის უფლებებს ჩვენ ხელთ არსებული მშვიდობიანი და კანონიერი საშუალებებით, უზრუნველვყოფთ საქმის მიმართ საერთაშორისო ყურადღების მობილიზებასა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ჩართულობას“ – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს 64-ზე მეტი მწერალი, მთარგმნელი და გამომცემელი აწერს. ხელმოწერები განახლებადია.

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იმავე მუხლითაა დაკავებული მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით.

ამავე თემაზე: 

სილა რეჟიმს, რომელიც გვგუდავს – ზვიად რატიანი მზია ამაღლობელზე

 

საბერძნეთში დააკავეს ქართველი, რომელიც კუნძულზე ხანძრის გაჩენაშია ეჭვმიტანილი

მედიის ცნობით, საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელიც ეჭვმიტანილია კუნძულ ხიოსზე [ქიოსი] ხანძრის გაჩენაში.

ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულ ხიოსზე ხანძარი 22 ივნისს გაჩნდა და 40-ზე მეტი კვადრატული კილომეტრი, ძირითადად ბუჩქნარი და საძოვრები გაანადგურა.

ქართველი ქალი სამშაბათს ღამით დააკავეს.

მედიის ცნობით, 35 წლამდე ასაკის ქალი დამხმარედ მუშაობდა ოჯახში და მან აღიარა, რომ გზაზე ანთებული სიგარეტი გადააგდო. ეს, სავარაუდოდ, კუნძულზე ხანძრის ერთ-ერთი კერის გაჩენის მიზეზი გახდა. ერთ-ერთი წყაროს თქმით, თვითმხილველებმა ნახეს, როგორ დააგდო მან სიგარეტი.

ბერძნული მედიაგამოცემა „ტო ვიმას“ ცნობით, ქართველ ქალს ბრალი წაუყენეს გაუფრთხილებლობით ცეცხლის წაკიდებაში.

„ჩამოდიან და ყიდულობენ დოშირაკს, ასეთი ტურისტები არ გვჭირდება“ – სკანდალი აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო კვირაა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული თემა ე.წ. „დოშირაკის“ სკანდალია.

20 ივნისს, თვითგამოცხადებული რესპუბლიკაში ტურიზმის პრობლემებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდასთან ტურიზმის სამინისტროს ლიცენზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კრისტინა ლაკერბაიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში არ სჭირდებათ ღარიბი ტურისტები, რომლებიც „დოშირაკს“ [სწრაფი მომზადების სუპი] ყიდულობენ.

„ის ტურისტი, რომელიც ჩამოდის 300 მანეთით, გარწმუნებთ, რომ არაფერს არ იყიდის. ის ჩადგება ჭიქა წვენის და წყლის რიგში, რასაც სასტუმროში აძლევენ, მაგრამ ქუჩაში არაფერს იყიდის.

ისინი ჩამოდიან, ყიდულობენ „დოშირაკს“, მაპატიეთ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ისინი ყიდულობდნენ სუვენირებს, ჩვენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას და ასე შემდეგ.

ჩვენ ასეთი ტურისტი, ჩემი აზრით, არ გვჭირდება“ – თქვა ლაკერბაიამ.

ლაკერბაიას ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და რუსების გაღიზიანება გამოიწვია. რუსეთის მოქალაქეები სოციალურ ქსელებში მწვავედ გამოეხმაურნენ ლაკერბაიას და აფხაზეთში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ისაუბრეს. ბევრმა მათგანმა განაცხადა, რომ ისინი აღარ განიხილავენ აფხაზეთს დასასვენებლად.

საბოლოოდ ლაკერბაია თანამდებობიდან გაათავისუფლეს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუმბამ კი განაცხადა,  სტუმართმოყვარეობა საუკუნეების განმავლობაში აფხაზი ხალხის გამორჩეული თვისება იყო.

_____________

ფოტოზე: კრისტინა ლაკერბაია, კადრი ვიდეოდან

სასამართლო სხდომების გადაღება, ფაქტობრივად, აიკრძალა – „ოცნებამ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

„ქართულმა ოცნებამ“ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ავტორებიც არიან „ქართული ოცნების“ წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 2 დღეში მიიღო.

ცვლილებების შედეგად, იცვლება მოსამართლეთა დანიშვნის წესი და იზრდება მათი ხელფასები, იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი, ფართოვდება დაინტერესებული პირის ცნება, იზღუდება სასამართლო სხდომების გაშუქება და სხვა.

კერძოდ, კანონში შესული ცვლილებების თანახმად, „ქართული ოცნება“ სასამართლო სხდომების გადაღებას, ფაქტობრივად, კრძალავს.

ახლა არა მხოლოდ სასამართლო სხდომის დარბაზში, არამედ მთლიანად სასამართლოს შენობაში და მის ეზოშიც ფოტო-ვიდეოგადაღება იკრძალება. გამონაკლისები იქნებიან სასამართლოს თანამშრომლები ან სასამართლოს უფლებამოსილი პირები – მათთვის გადაღება დაშვებული იქნება.

რაც შეეხება სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიოჩაწერას, ეს დაიშვება იქნება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით.

კანონიდან ამოიღეს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობდა სასამართლო პროცესის გადაღების უფლებამოსილებით, ამ უფლებით სარგებლობა შეეძლო სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. კანონში აქამდე ეწერა, რომ თუ ასეთი განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევდა წილისყრის საფუძველზე.

კანონში შესული ცვლილებებით, სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, ვიდეო და აუდიოჩაწერა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეძლება. ანუ თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი პროცესის გადაღებას არ მოინდომებს, სხვა მედიასაშუალება ამას ფიზიკურად ვერ გააკეთებს. სხვა მედიებს, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა, ამის უფლება აღარ ექნება.

გარდა ამისა, კანონიდან ამოიღეს კიდევ ერთ პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „დაუშვებელი იყო სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა“. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, სასამართლოში შესული პირებისთვის პირადი ნივთების ჩამორთმევა შესაძლებელი გახდება.

გარდა ამისა, ცვლილების თანახმად, სასამართლო აქტები საჯარო ინფორმაციის სახით ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის მხოლოდ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ დადგება, ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებას ვეღარავინ გამოითხოვს.

ბათუმში გაიმართება უფასო კონსულტაციები სმენის დაზიანების მქონე პირებისთვის

ბათუმში სმენის არმქონე პირებისთვის 26-28 ივნისს კონსულტაციები ჩატარდება.

ასევე, მათთვის, ვისაც აქვს სმენის დაზიანება ან აქვს კითხვები სმენის ტექნოლოგიებზე, ბათუმში 26-28 ივნისს, ღონისძიება გაიმართება.

სმენის სახლი, ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი და შშმ ქალთა ალიანსი ამ თემით დაინტერესებულ ადამიანებს უფასო კონსულტაციებზე იწვევს.

ღონისძიების ფარგლებში სმენის დაზიანების მქონე ან დაინტერესებული პირები მიიღებენ ინფორმაციას სასმენი აპარატების შერჩევა-მოსინჯვაზე, კონსულტაციას კოხლეარული იმპლანტის შესახებ, მოხდება ბავშვების პროგრესის შეფასება და რეკომენდაციები, ასევე მშობლებისა და ზრდასრულების ინდივიდუალური კონსულტაციები.

ღონისძიება გაიმართება ბათუმში, ლერმონტოვის 67 ნომერში.

იმისათვის, რომ გაიგოთ, რომელი დროა თქვენთვის ხელსაყრელი კონსულტაციაზე მისასვლელად, უნდა გადახვიდეთ ბმულზე, მონიშნოთ კონკრეტული დრო და ასევე, შეავსოთ დაჯავშნის ფორმა.

„სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო“ – ნონა ქურდოვანიძე

სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო – ამის შესახებ დღეს, 26 ივნისს განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს სტრასბურგის სასამართლოში.

გვინდა გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლე მზია ამაღლობელის საქმის შესახებ, რომელიც ჩვენთვის გუშინ გახდა ცნობილი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აცნობა, რომ მზია ამაღლობელის საქმეზე დაწყებულია განხილვა და ასევე, წერილში მითითებულია, რომ ეს შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსის მქონე საქმე.

გასათვალისწინებელია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო ძალიან მოკლე ვადებში, ორი თვის წინ გავაგზავნეთ საქმე სტრასბურგის სასამართლოში და საქმე უკვე გადავიდა შემდგომ ეტაპზე, როდესაც უკვე არსებითად იხილება იმ დარღვევებთან დაკავშირებით საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ საჩივარში ვდავობდით.

როგორ საზოგადოებისათვის არის ცნობილი, მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა: თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, რაც კონვენციის მეხუთე მუხლითაა გარანტირებული; ასევე, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება – კონვენციის მეექვსე მუხლი; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება – კონვენციის მერვე მუხლი; გამოხატვის თავისუფლება – კონვენციის მეათე მუხლი; კონვენციის მეცამეტე მუხლი მერვე და მეათე მუხლებთან ერთობლიობაში და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქმე შეეხება კონვენციის მე-18 მუხლსაც, რომელიც უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლებს ეხება.

ყველა ამ დარღვევასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადავიდა განხილვის შემდგომ ეტაპზე.

ყველა მუხლთან დაკავშირებით დაწყებულია კომუნიკაცია საქართველოსთან. კერძოდ, საჩივარში მითითებულ დარღვევებთან დაკავშირებით საქართველოს მიეცა შესაბამისი დრო, რომ მან უპასუხოს ამ საქმიდან გამომდინარე კითხვებს, რაც ამ ეტაპზე სასამართლოს აინტერესებს.

გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ მზია ამაღლობელი რჩება უკანონო პატიმრობაში და სწორედ აქედან გამომდინარე დარღვევებს ეხება ეს საქმე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, მზია ამაღლობელის მიმართ სხვა, პარალელური საქმეებიც მიმდინარეობს, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობიდან  გამომდინარე, და, ასევე, სისხლის სამართლის ბრალდების საქმე, ყველა ამ საქმესთან დაკავშირებით, თუ აქ, ეროვნულ დონეზე ვერ მოხდება შესაბამისად უფლებების დაცვა, ჩვენ, რა თქმა უნდა, დამატებით გამოვიყენებთ საერთაშორისო მექანიზმებს“ – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

 

 

„რეჟიმი დგას ტყუილზე. მთავარი ტყუილია, რომ ისინი არიან უმრავლესობა“ – ზურა ჯაფარიძის წერილი

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან. წერილში, რომელიც მისი ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა და 25 ივნისით თარიღდება, ზურა ჯაფარიძე წერს საქართველოში მიმდინარე პროტესტისა და წინააღმდეგობის ეფექტურად გაგრძელების საკუთარ ხედვაზე.

„ისევ იმის თქმით დავიწყებ, რომ მე მხოლოდ TV-ს ვუყურებ, ნული წვდომა მაქვს სოცქსელებთან და პრაქტიკულად ნული კომუნიკაცია პოლიტიკოსებთან.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ესაა რასაც ვფიქრობ:

1. ეს გლოვა, „ვაიმე პოლიტიკოსები დაიჭირეს“, უნდა დასრულდეს.

არაფერი მოულოდნელი არ ხდება აქ და ახლა, ისევე როგორც, არაფერი ისეთი არ ხდება, რაც აქამდე არ მომხდარა ბევრგან, ბევრჯერ კაცობრიობის ისტორიაში.

მითუმეტეს, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის ფსკერი, უარესები გველის მანამ, სანამ ყველაფერი კარგად არ იქნება.

2. ბიძინა და ეს რეჟიმი 1 დღეში არ გამხდარა არც დიქტატორი და არც რუსი.

ამიტომ რეჟიმისთვის რეჟიმის დაძახება, მისი დელეგიტიმაცია, მასთან ტყუილში არ თანამონაწილეობა თუ ახლა სწორი სტრატეგიაა, ეს სწორი სტრატეგია იყო 1 წლის წინაც და 5 წლის წინაც.
ყველაფერი, რასაც ამის საპირისპიროს ვაკეთებდით – იყო შეცდომა.

ყველა, ვინც ამათ რუსს და ამათ მმართველობას რეჟიმს ეძახდა – იყო მართალი თავიდანვე.

ვინც არ უნდა იყოს ეს ხალხი.

ეს არ ნიშნავს, რომ ვინც ცდებოდა, გასარიყია.

ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ვინც არ ცდება, იმათ მეტად დაუგდეთ ყური.

3. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლა ხდება, არის ის, რომ ყველა ერთობის აუცილებლობაზე ლაპარაკობს.

ერთობა არ არის მოგების გარანტია, მაგრამ აუცილებელი წინაპირობაა. ოღონდ ახლა ვუყურებ და ისე ჩანს, თითქოს ყველა ყოველთვის ერთობის მომხრე იყო.

ტყუილია ეს და სიყალბით არაფერი გამოვა.

ზოგს არ სჯეროდა, რომ გამოვიდოდა და ამიტომ ამბობდა ერთობაზე უარს, ზოგს კვლევები სხვა რამეს ეუბნებოდა, ზოგი „ნაცებთან ერთად“ არ დგებოდა და ზოგი „ქოცებთან“.

აქ მთავარი ის კი არაა, ვინ რა პოზიციაზე იყო ადრე, მთავარი ისაა, რომ დღეს სჩადის სიყალბეს და რისთვისაა ეს სიყალბე საჭირო? რომ გამოჩნდეს, თითქოს სულ სწორ პოზიციაზე იყავი და პირადი თუ პარტიული ქულები ჩაიწერო?

აი, აქ გვენძრევა.

დღეს რომ კიდევ პირად და პარტიულ ქულაზე ფიქრობ და არა სიმართლეზე, ეგ გვასუსტებს ყველას ერთად.

ნუ შვრებით მაგას.

არც პარტიული თუ კოალიციური ნომრების პიარია სწორი.

ჩემი პროზაიკული ნიჭი არ ეყოფა იმის აღწერას, რამდენად სასაცილოდ ჩანს ეგ ამბავი აქედან.

4. არც ისეთი „ცუდები“ აღმოჩნდნენ ეს პოლიტიკოსები კრიტიკაც მოსულა და ლანძღვაც. მაგრამ ეს „იმათთან შეკრულია“ უნდა დასრულდეს.

არაფერი ისე არ გვასუსტებს, როგორც უნდობლობა.

უნდა გამოვიდეთ 90-იანებიდან, როცა ყველას ყველა სუკის აგენტი ეგონა.

არ არსებობს გარიგება, რომლის გამოც ადამიანი აქ ჩაჯდება, მითუმეტეს, რომ არავინ იცის აქედან ვინ როდის გავა გარეთ.

5. ბოლო შეხვედრებზე

აქტივისტებთან, პროტესტანტებთან, დაჭერილების ოჯახის წევრებთან, სადაც პარტიების კრიტიკა ისმოდა, ყველას ვეკითხებოდი, რა ხდება მაშინ, თუ ჩვენ ყველას გვიჭერენ? მაშინ რას აკეთებთ?

ამას ნიშნის მოგებით არ ვაკეთებდი. მართლა მაინტერესებდა და მათთვისაც მითქვამს, რომ ეგ რეალობა დადგებოდა და როცა ვამბობდით: „დღეს ყველანი პოლიტიკოსები ხართ“, ეს არ იყო ლამაზი სიტყვები.

ის, რომ კენჭი არ გიყრიათ, პარტიაში არ ყოფილხართ და პოლიტიკოსს არასოდეს გეძახდნენ, არაფერს ნიშნავს.

ყველას მოგიწევთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, საჯაროდ ლაპარაკი, შეცდომების დაშვება და ამის გამო, ლანძღვის ატანა.

ყველას წამოგცდებათ სისულელე და დაგცინებენ.

ყველას მოგიწევთ ფასის გადახდა საკუთარი დროით, ნერვებით.

ყველას მოგიწევთ ათასნაირ ადამიანთან ურთიერთობა, ათასი სისულელის მოსმენა, მოგიწევთ რთული გადაწყვეტილებების მიღება.

მოგიწევთ პირადი ცხოვრების ნაწილზე ან სრულად უარის თქმა.

სხვანაირად ვერ მოვიგებთ.

და პოლიტიკოსობა სხვა არაფერია იმ რეალობაში, რა რეალობაშიც ვართ. მეტიც, ამას ემატება ჯარიმები, ფიზიკური ანგარიშსწორება, პროპაგანდით გაშავება და შეიძლება ციხეც.

საბოლოო ჯამში, ამ ბრძოლაში გამარჯვება დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ადამიანია ამაზე წამსვლელი ამ ქვეყანაში.

რამდენი ადამიანია, ვინც სიმართლისთვის ბრძოლას გაბედავს. რამდენი ადამიანია პოლიტიკოსობისთვის მზად.

ბიძინას და რუსებს ჰგონიათ, რომ ცოტა.

მე მგონია, რომ არც იცნობს ქართველს, არ წაუკითხავს ვეფხისტყაოსანი, არ იცის, რას წერდა ვაჟა-ფშაველა, და შესაბამისად, დროებით წარმატებით გაბრუებული, ვერც ხვდება, რას დაეჯახა.

6. ერთობის ამბავს დავუბრუნდები.

70 წელი დედამო%&ნულმა საბჭოთა კავშირმა და მანამდე 1 საუკუნე რუსეთის იმპერიამ ვერ დააჯერა ქართველს, რომ ქალის ცემა სწორია, რომ ათის მიერ ერთის ცემა სწორია, რომ „პაგონებს“ ამოფარებული ბლატაობა ვაჟკაცობაა, რომ სახეში ქალი რომ ხელს გაგარტყამს, პოლიციაში უნდა გაიქცე, რომ ფეხმძიმე ქალთან დილის 8ზე ბინაში შევარდნა მოსულა, რომ ნარკოტიკების ჩადებით შეიძლება რაღაც დიადი მიზნისთვის იბრძოლო და ა.შ და ვის გჯერათ, რომ ბიძინა შეძლებს ამას?

აქედან ისე ჩანს (შეიძლება ვცდები, მაგრამ მეეჭვება) თითქოს ერთობის აუცილებლობაზე კონსენსუსია. მაგრამ გაუგებარია, ერთად რა უნდა გავაკეთოთ.

და რადგან ეს გაუგებარია, ამიტომ ნაწილი ფიქრობს ე.წ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მობილიზაციაზე (ეგ მეტ-ნაკლებად გასაგები პროცესი ჩანს და მაგის კეთების გამოცდილება არსებობს), რატომაა ეს არასწორი, აღარ დავწერ, მომბეზრდა გამეორება.

რისი გაკეთება მგონია სწორი, მაგას დავწერ:

ა. რეჟიმი დგას ტყუილზე. ბევრ ტყუილზე და მთავარი ტყუილი, რომელზეც დგანან არ არის არც „დიპსტეიტთან“ ბრძოლა და არც ბიძინას კეთილშობილება, მთავარი ტყუილი არის ის, რომ ისინი არიან უმრავლესობა!

მთელი მათი პროპაგანდა ემსახურება უმრავლესობის დახატვის მიზანს.

ყველა „გორბის“ კვლევა იგივე ამბავია. ათასობით ტროლ-ბოტი იგივეა. მიტინგებზე ძალით და ფულით მოყვანილი ხალხი – იგივეა.

არჩევნების გაყალბება – იგივეა.

რეჟიმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დახატოს სურათი, რომ უმრავლესობა მას უჭერს მხარს.

ამიტომ ლაპარაკობენ მუდმივად ხალხის სახელით.

ამიტომ ძალადობენ, რადგან ისე აგებენ, რადგან ისე ხვდებიან, რომ ვერანაირი პროპაგანდა და ვერანაირი დაშინება ვერ ზრდის მათი მომხრეების რიცხვს.

არავინ ისე ზუსტად არ იცის რომ უმცირესობაში არიან, როგორც თავად მათ.

ბ. სწორედ იმიტომ, რომ ისინი დგანან ამ მთავარ ტყუილზე, ჩვენ არ უნდა შევიდეთ არცერთ ისეთ თამაშში, სადაც ისინი ითვლიან! ყველა ასეთი მცდელობა განწირულია კრახისთვის და შემდგომი აპათიისთვის.

გ. ჩვენ უნდა შევქმნათ ერთად ისეთი თამაში, პოლიტიკური პროცესი, რომელიც დროში განვრცობადად (და არა ერთი საღამოს შეკრებით) აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა (2x-ჯერ მეტნი ვართ) და ვიბრძვით რეჟიმის წინააღმდეგ.

დ. ეს შეიძლება შეუძლებელი ყოფილიყო წლების წინ, მაგრამ დღეს შესაძლებელია – ონლაინ პლატფორმა, სადაც დარეგისტრირდება ყველა, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ითხოვს რეჟიმის ცვლილებას და საქართველოს დაბრუნებას მის ისტორიულ გზაზე, ევროპისკენ.

ამ იდეაზე სხვადასხვა ფორმით უკვე ლაპარაკობს ბევრი. ეს გააცოცხლებს პოლიტიკურ პროცესს. ეს აიძულებს ყველას, აკეთოს ის, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია – დააძლევინოს შიში გარშემომყოფებს და დაარწმუნოს პლატფორმაზე რეგისტრაციის აუცილებლობაში. ეგაა დღეს პოლიტიკა, სხვა პოლიტიკა არ არსებობს.

ან ყველა საჯაროდ გამოვდივართ და ვაფიქსირებთ, რომ რუსებმა უნდა გაა%ვან, ან ვერ ვიგებთ. ჩირგვებში ყოფნის დრო დამთავრდა. ონლაინ პლატფორმა არის ჩირგვებიდან გამოსვლა.

რასაც ვწერ, ეს არ არის ბიბლია, შეიძლება სხვანაირად გაკეთდეს, მაგრამ პრინციპი რომ სწორია, თავს დავდებ.

ე. ეს არის პირველი ეტაპი, რომ დავინახოთ ერთმანეთი, დავძლიოთ შიში, ვირწმუნოთ, რომ დიდი უმრავლესობა ვართ და ვირწმუნოთ გამარჯვების.

ეს რუსებმაც უნდა დაინახონ. უნდა დარწმუნდნენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩაიდინეს, რაც დახარჯეს, რაც დრო დაკარგეს, ჩვენ დავრჩით ქართველებად და უმრავლესობა არ შევშინდით, არც გავიყიდეთ.

როცა რეჟიმში ბზარებზე ვლაპარაკობთ, ვერაფერი სხვა ვერ გააჩენს ისეთ ბზარებს, როგორც ჩვენი სიმრავლის მუდმივი დემონსტრირება.

ვ. ეს ეტაპი გასავლელია, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვება მოვა მხოლოდ ქუჩაში.

როცა ყველა დავინახავთ და დავიჯერებთ, რომ გაცილებით მეტნი ვართ, როცა ისინიც დაინახავენ, რომ არ გვეშინია, ამის მერე თუ რამდენიმე რუსი ნაბიჭვარი ისევ ცდილობს ძალაუფლების უზურპირებას, მერე მშვიდობიანად ალეწავ თავ-ყბას.

თუ ამას არ შვრები, მონა ხარ“ – წერს ზურა გირჩი ჯაფარიძე.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ზურა გირჩი ჯაფარიძე თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება. იგი 22 მაისს დააკავეს და 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო.

ამავე მიზეზით, „ოცნების“ სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ოპოზიციის სხვა ლიდერებსაც.

 

„სადაა ტურისტი?“ – პარაშუტის, შეზლონგისა და კატერის ფასები ბათუმის სანაპიროზე

„სადაა ტურისტი?“ – ბათუმის სანაპიროზე, ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული ადამიანები ფასებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს ასე პასუხობენ.

შეზლონგის გამქირავებელი, პარაშუტის თუ კვადროციკლის – ყველა მიუთითებს იმაზე, რომ ამ სეზონზე ტურისტების განსაკუთრებული სიმცირეა.

მცირე ბიზნესით დაკავებული მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ტურისტების მკვეთრად შემცირება ისრაელი-ირანის ომს უკავშირდება.

იმის მიუხედავად, რომ ტურისტული სეზონი „ოცნების“ არალეგიტიმურმა მთავრობამ უკვე გახსნა, ძველ თუ ახალ ბულვარში სხვადასხვა ობიექტზე სამუშაოები გრძელდება.

ბათუმის სანაპიროზე წელს შეზლონგის ფასი ისევ 5 ლარია, ქოლგაც – 5 ლარია მთელი დღით, თუმცა ძველი ბათუმის ჩაყოლებაზე შეზლონგში 10 ლარის გადახდა მოგიწევთ – ბადიანი შეზლონგი ასე ღირს, კომფორტულია წამოსაწოლადო – ირწმუნებიან შეზლონგის გამქირავებლები.

ცხადია, ქვაზე გაწოლას ვერავინ შეგიზღუდავთ, თუმცა ეგ წელსაა შესაძლებელი ან ჯერჯერობით – ტურისტების რაოდენობა აშკარად მცირეა და შეზლონგების დიდი ნაწილი გამქირავებლებს სრულად არ ჩაუმწკრივებიათ სანაპიროზე. წინა წლებში დამსვენებლები იმაზე ჩიოდანენ, რომ შეზლონგებს შორის თავისუფლად გასაწოლი ადგილი აღარ რჩებოდა.

ან კიდევ დამსვენებელს, რომელიც შეზლონგს არ იღებდა, ეჩხუბებოდნენ – ზღვასთან ახლოს შეზლონგების ადგილია, აქ ვერ დაწვებითო.

ამ შეზლონგების ფასი 10 ლარია, პლასტმასის შეზლონგის ფასი კი – ისევ ხუთი ლარი
ბათუმი, სანაპირო

შეზლონგებს და სერფინგის დაფას ბათუმის სანაპიროზე უკვე რუსებიც აქირავებენ.

„მე ნიკიტა სმირნოვი ვარ სანქტ-პეტერბურგიდან, რუსეთიდან სამი წლის წინ ჩამოვედი, როცა ომი დაიწყო, ომი საშინელებაა… მეტს რუსეთის შესახებ ვერაფერს გეტყვი,“ – მეუბნება ნიკიტა და მიხსნის,  სერფინგის დაფის საფასური საათში 30 ლარია, 3 ათასი დოლარი გადავიხადე, ამ ადგილზე რომ მემუშავა, მაგრამ ტურისტები არ არიანო.

ნიკიტა სანკტ-პეტერბურგიდან ბათუმში საპებს აქირავებს

„სიმინდი, ცხელი სიმინდი“ – მწველ სიცხეში დიდი ვედროთი სიმინდს დაატარებს ისევ ნათელა. მთხოვს, ფოტოს ნუ გადამიღებ, წამებაა ეს, ცხოვრება კი არაო.

„სიმინდს ისევ 5 ლარად ვყიდი, ყვითელი სიმინდი 7 ლარია, ცხოვრება გაძვირდა, რამე ღირს იგივე ფასი, რაც შარშან იყო? ჩვენ ისევ იმავე ფასებში ვმუშაობთ, რომ მშიერი არ დამრჩეს შვილიშვილები,“ – მწველ სიცხეში ქვიშიან სანაპიროს მიუყვება ქალი.

ბათუმი, სანაპირო

„არც მე გამომაჩინოთ, 65 წლის კაცი რა გამოსაჩენი ვარ?… 65 წელი სიბერეა ჩვენს ქვეყანაში, აბა, არა? ძნელია ცხოვრება“ – ამბობს ფენოვანების გამყიდველი კაცი. მისი თქმით, ფენოვანების ფასიც იგივეა – 5 ლარი.

აქვეა პლაჟის ის ნაწილი, რომელიც „ივერია ბიჩს“ აქვს იჯარით აღებული – აქ შეზლონგი ისევ ყველაზე ძვირია – წყვილი შეზლონგის აღება ქოლგით და პირსახოცით 60 ლარი ღირს. გადახურული და ფარდებიანი შეზლონგის აღება კი, მთელი დღით, 300 ლარი ღირს.

300-ლარიანი შეზლონგი ბათუმის სანაპიროზე
პლაჟის ამ ნაწილში შეზლონგები იმდენად ახლო-ახლოა ჩამწკრივებული, რომ მოქალაქე შეზლონგის გარეშე წამოწოლას ვერ შეძლებს.

პლაჟის ამ ნაწილში შეზლონგები იმდენად ახლო-ახლოა ჩამწკრივებული, რომ მოქალაქე შეზლონგის გარეშე წამოწოლას ვერ შეძლებს. ამას გვიდასტურებენ კიდეც „ივერია ბიჩის“ დაცვის თანამშრომლები, არც უნდა დაწვეს მერე ვინმე შეზლონგის გარეშე – 60 ლარს რომ კაცი შეზლონგში იხდის, იმას ხელი არ უნდა შეუშალოსო.

პლაჟის დროებით სარგებლობაში გადაცემა კანონით არ შეიძლება იმ ფორმით, რომ მოქალაქეს შეუზღუდონ პლაჟით სარგებლობა.

გადახურულ და შედარებით დაბალბიუჯეტიან შეზლონგებს პლაჟის სხვა მონაკვეთებში შეხვდებით: 80 ან 60 ლარად. ამ შემთხვევაში დიდი ქოლგის ქვეშ, რომელიც პლაჟზე მყარადაა გამაგრებული, ორი შეზლონგი და სკამებიც დაგხვდებათ.

ამ კომბინაციით ქოლგის და ორი შეზლონგის დაქირავება 80 ლარი ღირს.

„მერვე წელია პლაჟზე ვმუშაობ და ასე ცოტა ტურისტი, რასაც წელს ვუყურებ, პირველადაა,“ – ამბობს ჯუმბერ გაგულია.

ველოსიპედების და კვადროციკლების ფასი არ შეცვლილა. ველოსიპედის დაქირავება ნახევარი საათით 5 ლარად შეიძლება, ოთხბორბლიანი ველოსიპედის – 20 ლარად, კვადროციკლების ფასი კი, საათში საშუალოდ 40-50 ლარია.

„ცხოვრება გაძვირდა, მაგრამ სადაა ტურისტი? რა ფასიც გვაქვს, იმაზეც გვევაჭრებიან,“ – გვითხრა მალხაზ ფუტკარაძემ. ის ბათუმის ბულვარში ველოსიპედებს აქირავებს.

ბათუმი, სანაპირო, 2025 წლის ივნისი
ზღვაში ცურვის სეზონი ბათუმში მაისიდან გაიხსნა. ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია

„ეს სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ ახლა კატასტროფა ხდება – დარწმუნებული ვარ, ეს უკავშირდება ომის დაწყებას ირანში. თუ ეს ომი დამთავრდება, სეზონიც გვექნება,“ – გვეუბნება კაცი, რომელიც სანაპიროზე პარაშუტებს და კატერებს აქირავებს. მისი თქმით, კატერებით და პარაშუტებით განსაკუთრებით ისრაელელი და არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები სარგებლობენ.

ბათუმის სანაპიროზე გვითხრეს, რომ ტურისტების შემცირება განსაკუთრებით პარაშუტების გაქირავებას დაეტყო, დღეში რამდენიმე კაცი თუ აფრინდებაო, გვითხრეს აქ, თუმცა პარაშუტით აფრენის საფასური ისევ 150 ლარია, საქართველოს მოქალაქეებისთვის – 100 ლარი.

გემით ბათუმის სანაპიროზე გასეირნება ნახევარი საათით 20 ლარია
ბათუმი, სანაპირო, 2025 წლის ივნისი

გემით გასეირნების ფასი ნახევარი საათით წელსაც 20 ლარია. კატერების ფასი კი, როგორც აქ განგვიმარტეს, კატერის ტექნიკურ მონაცემებზეა დამოკიდებული. მაგალითად, Jet Car-ით ღია ზღვაში გასვლა 15 წუთით 200 ლარია, Jet Sky-ით გასეირნება კი 10 წუთით 100 ლარი ღირს.

სკუტერის საფასური 10 წუთით 100 ლარია.

რა შეიცვალა უსაფრთხოების კუთხით? – ვკითხეთ კატერების და პარაშუტის გამქირავებლებს და შევახსენეთ შემთხვევები, როცა კატერმა ზღვაში მცურავ კაცს გადაურა, ერთ შემთხვევაში კი, კატერს ცეცხლი გაუჩნდა.

„მოდიან სანაპირო დაცვიდან და ამოწმებენ,“ – მოკლედ გვიპასუხეს კატერების გამქირავებლებმა. მათ დეტალებზე საუბარი არ ისურვეს.

ძველ ბულვარში რამდენიმე დღის წინ დაგებულ ფილებს ხელახლა აგებენ

ძველ ბათუმში ამ სეზონის გახსნამდე დაგებულ ფილებს „ბათუმის ბულვარის“ თანამშრომლები ხელახლა აგებენ. ბულვარის თანამშრომლების თქმით, გზაზე სავარაუდოდ მძიმე ტექნიკამ გაიარა და ბილიკი დეფორმირდა. არ ვიცით, ჩვენ თუ შევძლებთ ამის გამოსწორებას, გამოგვიშვესო, გვითხრეს „ბულვარის“ თანამშრომლებმა.

ეს არაა ერთადერთი ადგილი, სადაც კეთილმოწყობის სამუშაოებია – ახალ ბულვარში ნახევრად შემოღობილ სივრცეში ჯერ კიდევ არ მოუწყვიათ ახალი ტრენაჟორები.

სეზონის გახსნის მიუხედავად ბულვარში სამუშაოები დასრულებული არ არის

ახალ ბულვარში პრობლემად რჩება რამდენიმე ღია სანიაღვრე არხი, სადაც განსაკუთრებულად მძაფრად იგრძნობა კანალიზაციის სუნი. აქ მცხოვრები მოქალაქეების ვერსიით, ამავე ტერიტორიაზე ტურისტული სერვისების გაყიდვას ცდილობენ  – სანიაღვრე არხებზე კანალიზაციაა მიერთებული. „ოცნების“ შეუსრულებელი დაპირებების გამო ქალაქის ამ ნაწილში – ზღვასთან ახლოს და ახალი ბულვარის მიმდებარედ კანალიზაციის სისტემა ისევ არ არსებობს და მოსახლეობა კორპუსების ეზოებში მოწყობილი შამბოებით სარგებლობს.

კერძო სახლებში მცხოვრებ მოქალაქეებს ეჭვი აქვთ, რომ დიდი კორპუსების ეზოებში შამბოებს ტექნიკა კი არ წმენდს – რაც საკმაოდ ძვირი ჯდება – არამედ მას ხშირად სწორედ სანიაღვრე არხებს აერთებენ.

ერთ-ერთი სანიაღვრე არხი ბათუმის ახალ ბულვარში, სადაც განსაკუთრებულად იგრძნობა კანალიზაციის მძაფრი სუნი

მოუწესრიგებელი გარემოს მიუხედავად, შეზლონგები ამ ნაწილშიც დაგხვდებათ. შეზლონგის საფასური აქაც 5 ლარია.

პლაჟზე ჩასასვლელი ახალ ბულვარში
ახალ ბულვარში არემონტებენ შადრევანს ღია ამფითეატრთან. როგორც ხელოსნებმა გვითხრეს, ჯერ უცნობია, როდის ამუშავდება შადრევანი
ახალ ბულვარის ნაწილში მოუწესრიგებელია პლაჟის ინფრასტრუქტურაც
ახალ ბულვარში ახალ საგუშაგო კოშკებსაც აწყობენ მაშველებისთვის – ხელოსნებს ავტომანქანებით პლაჟზე კონსტრუქცია შეაქვთ

ვისაც მზით გახურებულ დიდ ლოდებზე უყვარს წამოწოლა და სიმშვიდე, ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია აეროპორტის დასახლების პლაჟზე. აქ არც შეზლონგები დაგხვდებათ და არც სხვა სერვისი, რაც ძველი ბათუმის პლაჟზეა.

დამსვენებლები აეროპორტის დასახლების პლაჟზე

კაცი დაჭრა პოლიციელმა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო

პროკურატურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში კაცის დაჭრის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაკავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ბ.გ.

ამ ეტაპზე გამოძიებისთვის ცნობილია,რომ პატრულ-ინსპექტორმა დანაშაული არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში.

პროკურატურის ცნობით დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაწყებულია სსკ 19-108 მუხლით, გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური აწარმოებეს.

საბერძნეთში გამოცდის გარეშეა შესაძლებელი ქართული მართვის მოწმობის გადაცვლა

საქართველოსა და საბერძნეთს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის თაობაზე შეთანხმება ამოქმედდა.

შს სამინისტროს ცნობით, შეთანხმება მიმდინარე წლის 21 ივნისიდან ამოქმედდა.

შესაბამისად, მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ, თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.

შეთანხმებით განსაზღვრულია, რომ დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდგომ, თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე, გადაცვლას დაექვემდებარება მართვის მოწმობის AM“, „A“,„A1“, „A2“, „B“, „B1“, „C“, „D“, „C1“, „D1“, „BE“, „CE“, „DE“,„C1E“, „D1E“კატეგორიები/ქვეკატეგორიები.

მსგავსი ტიპის შეთანხმება საქართველოს გაფორმებული აქვს ესპანეთის სამეფოსთან და ირლანდიასთან, სადაც ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა უკვე შესაძლებელია. განიხილება შეთანხმება იტალიასთან.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 015 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100]
  • ტანკი – 10 968 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 22 892 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 29 617 ერთეული [+48]
  • MLRS – 1 425 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 188 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 416 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 337 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 42 153 ერთეული [+107]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 388 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 53 195 ერთეული [+111]
  • სპეცტექნიკა – 3 921 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 65 472 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 612 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 038 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 572 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 26 599 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 37 271 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

დნიპროში 18-მდე გაიზარდა რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Exit mobile version