მთავარი,სიახლეები

განიხილება გასხვისებაც და იჯარაც – ჯაბა ფუტკარაძე უმაღლესი საბჭოს შენობაზე ჩაქვში

11.09.2019
განიხილება გასხვისებაც და იჯარაც – ჯაბა ფუტკარაძე უმაღლესი საბჭოს შენობაზე ჩაქვში

„ჩაქვში მდებარე შენობასთან დაკავშირებით რაც იქნება რაციონალური და ოპტიმალური, ყველა ვარიანტს განვიხილავთ. მიდის საუბრები. კონკრეტული და დეტალური, საინვესტიციო პოტენციალის თვალსაზრისით, ჯერ არ არის, თუმცა ინტერესი არის. განიხილება ქონების გასხვისებაც, გრძელვადიანი იჯარაც, გააჩნია რა ტიპის შემოთავაზება იქნება. მთავარია სექტორი, ინვესტიციის მოცულობა, დასაქმებულთა რაოდენობა. ამ ჭრილში რა შემოთავაზებაც იქნება, შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, რომ  ყველა კარგი ვარიანტი განვიხილოთ“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით.

ჩაქვში, მიგინეიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობა აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა დატოვოს. რეგიონის საკანონმდებლო ორგანო მუშაობას ბათუმში, იმ შენობაში გააგრძელებს, სადაც ამ დრომდე ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი იყო განთავსებული. ეს არის ბათუმის ყოფილი N1 საავადმყოფოს შენობა ლუკა ასათიანის, გორგასლისა და თავდადებულის ქუჩებს შორის, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ამ შენობის რემონტში, ექვსი წლის წინ, 6.4 მილიონი ლარი დაიხარჯა. დღეს კი, შეიძლება ითქვას, შენობა სავალალო მდგომარეობაშია – თითქმის ყველა მხრიდან ჩადის წყალი, ამორტიზებულია კედლები და იატაკი. დაზიანებულია მინის კარები.

კონკრეტულად როდის დაიწყებენ ახალ შენობაში მუშაობას, უმაღლეს საბჭოში არ იციან. ინფორმაცია არ აქვთ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროშიც.

„ჩვენ ჩავერთვებით ქონების განკარგვაში მას  შემდეგ, როცა გამოთავისუფლდება შენობა [ჩაქვში]. პროცედურულად როდის უნდა გადმოვიდნენ, ინფორმაცია არ გვაქვს“, – გვითხრა ჯაბა ფუტკარაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია ჩაქვში მდებარე 2 540 კვ/მ შენობა, სადაც ჯერჯერობით უმაღლესი საბჭოა განთავსებული. ამ შენობაზე 13 154 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთია მიმაგრებული, რომელიც ასევე აჭარის საკუთრებაა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: