ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოში აქტივისტებისა და პოლიტიკოსების დაკავებებს.
„ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ ოპოზიციის ლიდერების დაკავება და გასამართლება, სამოქალაქო საზოგადოების დევნა ქვეყნის დემოკრატიას უდიდეს დარტყმას აყენებს. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, შეასრულოს დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის მიმართ ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები,“ – აღნიშნულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის კასპარ ველდკამპის მიერ დღეს, 28 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში ოპოზიციური ლიდერების და აქტივისტების დაკავებას ასევე ეხმაურებიან ლიეტუვას და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროები.
27 ივნისის მდგომარეობით, წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო დაპატიმრებულია 8 პოლიტიკოსი – ნიკა მელია, ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, გივი თარგამაძე, ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის სანქცია გათვალისწინებულია, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ისე სისხლის სამართლის კოდექსში.
კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1733-ე მუხლის მიხედვით – „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათი მინიმალური ოდენობით“.
ანალოგიური შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლიც, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ, ერთი და იგივე ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც სამართალდარღვევად, ისე დანაშაულად.
იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი არ განსაზღვრავს, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებში იდენტური ჩანაწერების არსებობის შემთხვევაში რომელს ენიჭება უპირატესობა, მნიშვნელოვანია საკითხის შეფასება მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნეს ის ნორმა, რომელიც ნაკლებად ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას [In dubio pro libertate].