„საზღვარგარეთიდან ვუერთდები ელენე ხოშტარიას მიერ რუსთაველის გამზირზე დაწყებულ პროტესტის უკიდურეს ფორმას და მეც ვაცხადებ შიმშილობას!“ – მოგვწერა ბათუმელმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ.
ელენე ხოშტარიამ – კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა შიმშილობა პარლამენტთან 27 ივნისს დაიწყო. მისი თქმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან ბრძოლის გზა ქუჩაში პროტესტი და რევოლუციაა. დღეს, 28 ივნისს, ელენე ხოშტარიასთან ერთად შიმშილობა გამოაცხადა პარტია „ახლის“ ლიდერმა გედევან ფოფხაძემ და კიდევ სამმა აქტივისტმა: ვასილ ელიავამ, გიორგი სტეპანოვმა და ბაჩო კუციამ.

„გულანთებულო მამულიშვილებო, თანამებრძოლეებო! საზღვარგარეთიდან ვუერთდები ელენე ხოშტარიას მიერ რუსთაველის გამზირზე დაწყებულ პროტესტის უკიდურეს ფორმას და მეც ვაცხადებ შიმშილობას! ყველა მოშიმშილესადმი გამოვხატავ ჩემს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას! ჩვენი სამშობლოს გადარჩენისთვის ამ რთული ბრძოლის უკვე ბოლო ფაზაში შესული ვართ.
ჩვენი ძალა ახლა თუ ვერ ვაჩვენეთ, შესაძლებელია ხვალ და ზეგ, ამის შესაძლებლობა აღარ გვქონდეს! ამიტომაც დღეს თქვენთან ერთადერთი თხოვნა მაქვს: ხვალ ჩვენი ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საქმეები გადავდოთ და ყველამ გავიდეთ რუსთაველზე.
29 ივნისს ერთხელ კიდევ და საბოლოოდ ვაჩვენოთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს და მსოფლიოს ის, რომ ჩვენ საქართველოსა და თავისუფლებისთვის ყველაფერს გავრისკავთ, ჩვენ ამ ისტორიულ ბრძოლაში, სადაც არ უნდა ვიყოთ: ციხეში თუ ქუჩაში, ქალაქში თუ სოფელში, ქვეყანაში თუ საზღვარგარეთ, ახალგაზრდა თუ მოხუცი, შეძლებისდაგვარად ჩვენს ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე და გამარჯვებამდე, მშვიდობიანი პროტესტის ყველა ფორმით და საჭირო დროს ქუჩაში გასვლითა თუ შიმშილობით! ძალა ჩვენშია!
ახლა ზუსტად ის დროა, როდესაც ყველა ერთად უნდა გავიდეთ ქუჩაში და დავასრულოთ ეს დიქტატურა – კოშმარი სამუდამოდ!“ – წერს თემურ ქათამაძე.
„ბათუმელი მედროშე” თემურ ქათამაძე – სტამბოლი, თურქეთი
ქართველი მუჰაჯირების შთამომავალი – თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] „ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოდან 11 ივნისს გააძევა. ბათუმელი მედროშე მას შემდეგ გახდა „ოცნების“ სამიზნე, როცა ის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა.
თემურ ქათამაძე ამჯერად თურქეთშია, სტამბულში. მან შიმშილობა დღეს, 28 ივნისს, სტამბოლში დაიწყო. „ოცნების“ რეჟიმის უსამართლო გადაწყვეტილებებს თემურ ქათამაძე შსს-ს მიგრაციის სამსახურის დროებითი განთავსების ცენტრში 48 დღე შიმშილობით აპროტესტებდა. რეჟიმის სხვადასხვა მსხვერპლის სოლიდარობის ნიშნად, სიმბოლურად მან კიდევ რამდენიმე დღით იშიმშილა, ვიდრე საქართველოდან გააძევებდნენ.
————
თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია და ბოლო წლებია ბათუმში ცხოვრობდა. იმის მიუხედავად, რომ თემურ ქათამაძე სრულფასოვნად საუბრობს ქართულ ენაზე, უმაღლეს ქულებზე ჩააბარა კანონით დადგენილი გამოცდები ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიაში, მას არც საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს, არც ბინადრობა მისცეს და ლტოლვილის სტატუსზეც უარი უთხრეს.






