ნეტგაზეთი • RU

პირველი აგვისტოდან საშემოდგომო გაწვევა დაიწყო

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2017 წლის საშემოდგომო გაწვევა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, პირველი აგვისტოდან დაიწყო და 2017 წლის 29 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია:

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1500-ით.
  • საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1225-ით.
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1280-ით.
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 20-ით.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გაწვევას ექვემდებარება 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

„18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.

მოქალაქეთა მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის გამწვევი კომისიის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კოორდინაცია გაუწიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს“ – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

მთავარი ფოტო: „ღირსეული პარტნიორი 2017-ის“ გახსნა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com