მთავარი,სიახლეები

ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები პეტრას ციხეზე

01.08.2017 • 5134
ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები პეტრას ციხეზე

ციხისძირის ისტორიული ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე უძველესი საყოფაცხოვრებო ნივთები, საბრძოლო და შრომის იარაღები – რკინის საბრძოლო ცულები, სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგისა და ფარის ნაშთები, მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაწარმი და განძი (95 ვერცხლის მონეტა) აღმოაჩინეს.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია  ადამიანის დამწვარი ძვლების ფრაგმენტები, „რაც იმაზე მეტყველებს, რომ მებრძოლები ციხის დაცვას შეეწირნენ. კოშკის დაწვისა და დანგრევის შემდეგ, მისი აღდგენა არავის უცდია. ამის გამო უცვლელად იქნა შემონახული პეტრას ციხეზე VI საუკუნეში წარმოებული ბრძოლის შედეგები.

პეტრას ციხეზე გათხრების შედეგად აღმოჩენილი ვერცხლის მონეტები

პეტრას ციხეზე გათხრების შედეგად აღმოჩენილი ვერცხლის მონეტები

არქეოლოგები ვარაუდობენ, კოშკი, რომლის არქეოლოგიური შესწავლა მოხდა, დაიწვა და დაინგრა ეგრისის სამეფოს ტერიტორიაზე წარმოებული ბრძოლის დროს, როცა ბიზანტია და ირანი ეგრისისათვის ერთმანეთს ეცილებოდნენ“-ნათქვამია პრესსრელიზში.

არქეოლოგიური გათხრები პეტრას ციხეზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და განათლებისა და კულტურისა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ოფიციალური ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა ასლანიშვილმა, მთავრობის თავმჯდომარეს პეტრას ციხე-ქალაქის ტერიტორიის განვითარების გეგმა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ციხის მიმდებარედ ვიზიტორთა ცენტრი და სხვა ტურისტული სივრცეები მოეწყობა.

პროექტი 2-მილიონიანია და ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. მიმდინარე წელს პროექტის ფარგლებში 400 ათასი ლარია გამოყოფილი.

ზურაბ პატარაძე პეტრას ციხეზე

ზურაბ პატარაძე პეტრას ციხეზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: