სულიკო თებიძის გადაწყვეტილებით ენმ-ს წევრებს ბათუმის საკრებულოში კაბინეტი დაკეტილი დახვდათ

ბათუმის საკრებულო ენმ-ის წევრმა, მირდატ ქამადაძემ, ახლახან პოლიცია გამოიძახა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ბათუმის საკრებულოში თავიანთი ფრაქციის კაბინეტი დაკეტილი დახვდათ. მათი კაბინეტის კარებზე ამ დროისთვის ახალი აბრაა გამოკრული, რომ კაბინეტი ეკუთვნის „ქართული ოცნებას“.

როგორც საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. მან თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს სხვა კაბინეტს საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე, რომელიც ოთხ ადამიანზეა მორგებული. „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი დეპუტატი ჰყავს და მათ სჭირდებათ დიდი კაბინეტი.“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ თავიანთი პირადი ნივთებიც კი ჩაკეტილ კაბინეტშია. მირდატ ქამადაძე, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, აცხადებს, რომ მიღება-ჩაბარებაც კი არ გაუკეთებიათ.

 [ენმ] და [ქართული ოცნება] დაკეტილი კაბინეტის კარებთან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სამსახურში მისულ მირდატ ქამადაძეს ენმ-ს კაბინეტზე „ქართული ოცნების“ აბრა დახვდა

ბათუმის ახალი საკრებულოს პირველი სხდომა გუშინ, 20 ნოემბერს ჩატარდა.

 

 

ქედის საკრებულოში სამი კომისიის თავმჯდომარედ ყოფილი თავმჯდომარეები აირჩიეს

ქედის ახალარჩეულ საკრებულოში ხუთი კომისიიდან სამს [სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურისა და საფინანსო საბიუჯეტო საკითხთა] წინა მოწვევის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეები უხელმძღვანელებენ.

ქედის საკრებულოში სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ფარული კენჭისყრით ამირან დევაძე მეორედ გახდა, გოჩა გორგილაძე კი ისევ სივრცით – ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის ხელმძღვანელი იქნება, ხოლო რეზო თურმანიძე წინა მოწვევის საკრებულოს მსგავსად, საფინანსო საბიუჯეტო საკითხთა კომისიას უხელმძღვანელებს.

საკრებულოს პირველ სხდომაზე აირჩიეს სოციალური და ქონების მართვის და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიების თავმჯდომარეები:  სოციალური კომისიის თავმჯდომარედ დანდალოს თემის მაჟორიტარი – ოთარ ხარაძე, ხოლო  ქონების მართვის და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – სილოვან ბერიძე.

ქედის ახალარჩეულ საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად გამართულ ფარულ კენჭისყრაში საკრებულოს 24 წევრიდან მონაწილეობა 18-მა დეპუტატმა მიიღო, ყველა მათგანმა კი საკრებულოს თანამდებობის პირები ერთხმად, 18 ხმით აირჩია.

ქედის საკრებულოს ახალარჩეული თავმჯდომარე, შუქრი თურმანიძე აცხადებს, რომ 2017 წლის მოწვევის საკრებულო ოპოზიციონერი წევრების რჩევებსა და რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

„ყველა ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ წარმოდგენილ საკითხს, ეს იქნება ინიცირება თუ მხოლოდ განცხადება, გავითვალისწინებთ, მაგრამ საკითხი მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა იყოს გათვლილი და არ პიარზე, პოპულისტური.

რაც შეეხება თანამდებობის პირების არჩევას, კითხვითი ნიშანი ვიღაცას შეიძლება გაუჩნდეს, რადგან კენჭისყრაში მონაწილე 18 დეპუტატიდან ყველამ ერთხმად მისცა ხმა, მაგრამ მე კითხვითი ნიშანი არ გამიჩნდებოდა“.

შს სამინისტროს განმარტება პატრულის მიერ შშმ პირისთვის „ინვალიდის“ ჩაწერასა და დაჯარიმებაზე

 

მოქალაქე ჯემალ ჭელიძემ აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორია ახლახან დატოვა. მან რამდენიმე საათის წინ „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ შიმშილობას იწყებდა, რადგან საპატრულო პოლიციამ დღეს ის უსამართლოდ დააჯარიმა, ხოლო  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მოიხსენია, როგორც „ინვალიდი“, რადგან ის ეტლით მოსარგებლეა.

ჯემალ ჭელიძე ამბობდა, რომ დღეს, მას შემდეგ, რაც თავისი ავტომანქანით ავარიაში მოყვა ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომელიც ადგილზე დაგვიანებით მივიდა. იმ მოტივით, რომ საავტომობილო მოძრაობა არ შეეფერხებინა, პატრულის მოსვლამდე ის იძულებული გახდა თავისი ავტომანქანისთვის ადგილი 5 მეტრით მოენაცვლებინა. ჯემალ ჭელიძის თქმით, საპატრულო პოლიციამ ის 250 ლარით სწორედ ამის გამო დააჯარიმა, ხოლო ოქმში მას ჩაუწერეს „ინვალიდი“.

ფაქტთან დაკავშირებით „ბათუმელები“ დაუკავშირდა შს სამინისტროს პრესცენტრს, სადაც შემდეგი განმარტეს: „ადმინისტრაციული შეჯახება იყო, პოლიცია ძალიან სწრაფად მივიდა შემთხვევის ადგილზე, ორივე მძღოლს ჰქონდა შემთხვევის ადგილი დატოვებული. ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები და ორივე მანქანის მძღოლი დაჯარიმდა ადმინისტრაციულად. რაც შეეხება ამ კაცს [ჯემალ ჭელიძეს] თვითონ საჭესთან არ იჯდა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში თვითონ საერთოდ არ ფიგურირებს. სხვა ადამიანი იჯდა საჭესთან და დაჯარიმებულიც ის სხვა არის“.

„ბათუმელების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან აჭარის პოლიციის დეპარტამენტიდან მივიდნენ, ჯემალ ჭელიძემ მთავრობის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია დატოვა.

 

 

გომის მთაზე ხანძარია

გომის მთაზე ხანძარია. კურორტზე ხანძარი ამ საღამოს გაჩნდა.

სამაშველო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ადგილზე ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრეებთან და მაშველებთან ერთად მეტყევეებიც ცდილობენ. პროცესში ამ დროისთვის ვერტმფრენები ჩართული არ არიან.

სამაშველო სამსახურის ცნობით, ხანძარი მიწის მცირე ფართობზეა გაჩენილი.

 

შშმ პირი, რომელიც მთავრობის სახლთან შიმშილობს: პატრულმა ინვალიდი მიწოდა

მოქალაქე ჯემალ ჭელიძე აჭარის მთავრობის სახლთან შიმშილობს. ის შეზღუდული შესაძლებლობის პირია და პატრულის მოქმედებას აპროტესტებს, რიმელმაც ადმინისტრაციული სამართადარღვევის ოქმში მოიხსენია, როგორც “ინვალიდი”.

ჯემალ ჭელიძე ხულოში ცხოვრობს, სოფელ ტუნაძეებში და ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება. გვიყვება, რომ დღეს დილით ხულოდან ავტომანქანით მოდიოდა ბათუმისკენ, როცა ხიჭაურის დასახლებასთან ახლოს სხვა ავტომანქანა დაეჯახა.

“მძღოლმა გააჩერა, მაგრამ მალე წავიდა, არ მოგვაქცია ყურადღება. დავრეკე 112-ში და პატრული გამოვიძახე. ვიდრე პატრული მოვიდოდა, უკნიდან მანქანებმა საყვირები ჩართეს და გზის გათავისუფლებას გვთხოვდნენ. ვიცი, რომ მანქანის გადაადგილება ამ დროს არ შეიძლება, მაგრამ მძღოლს ვუთხარი, 5 მეტრით გვერდით გავიწიოთ, იქნებ ვინმეს სასწრაფოდ გზა სჭირდება-მეთქი. მოვიდა პატრული და ჩვენ დაგვაჯარიმა 250 ლარით, რატომ შეუცვალეთ მანქანას ადგილიო”, – ამბობს ჯემალ ჭელიძე.

მოქალაქე ამბობს, რომ პატრულის თანამშრომლებმა იგი შემთხვევის ადგილას დაახლოებით 6 საათი გააჩერეს და მაშინ მისცეს წასვლის უფლება, როცა სასწრაფო სამსახურის ბრიგადამ მოითხოვა ჯემალ ჭელიძის სტაციონარში გადაყვანა.

“ჯერ ერთი ოქმში ჩამიწერეს ინვალიდი, რომ თითქოს მე საკუთარ თავს ვუწოდე ინვალიდი… მერე აღარ გამოგვიშვეს, გამოძიება დაიწყეს. დიაბეტიკი ვარ და ცუდად რომ გავხდი, ბოლოს სასწრაფომ წამომიყვანა. ახლა მთავრობის სახლიდან არსად წავალ, ვიდრე დასასჯელი არ დაისჯება. მე რომ მაჯარიმებენ, თავის თავს რატომ არ აჯარიმებენ? ასევე მოვითხოვ გამგეობებში გააკეთონ ადაპტირებული შესასვლელი, რომ იქ შესვლა შევძლო”, – აღნიშნავს ჯემალ ჭელიძე.

მოქალაქეს უკვე შეხვდა აჭარის მთავრიბის აპარატის წარმომადგენელი. საქმისწარმოება დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმა.

 

ბათუმის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება საკრებულოში ორი ფრაქციის – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციის შესახებ.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციას ნატალია ზოიძე უხელმძღვანელებს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე იქნება.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე სხდომაზე ბიუროს წევრებმა დაამტკიცეს 21 ნოემბრის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი, რომლის თანახმადაც, ხვალინდელ სხდომაზე განხილულ იქნება საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების შემადგენლობების დამტკიცების საკითხი.

ბიუროს სხდომას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე უძღვებოდა.

პარიზის „ჰაშიშის მომხმარებელთა კლუბი”

კლინიკური ფსიქოფარმაკოლოგიის ფუძემდებელმა, დოქტორმა მორო დე ტურმა, 1844 წელს პარიზში „ჰაშიშის მომხმარებელთა კლუბი“ (Club des Haschischins) დაარსა.

კლუბის მიზანი მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების უკეთ შესწავლა იყო.

ჯგუფის ძირითადი წევრები: შარლ ბოდლერი, ეჟენ დელაკრუა, თეოფილ გოტიე, ჟერარ დე ნერვალი, ალექსანდრე დიუმა და სხვები ექსპერიმენტებში დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულები.

დოქტორი დე მორო განსაკუთრებით ჰაშიშის ეფექტითა და ზემოქმედებით იყო დაინტერესებული. ექსპერიმენტზე მუშაობისას დოქტორი რეგულარულად მოიხმარდა მსუბუქ ნარკოტიკს და აზიაში, ეგვიპტესა და სირიაში მოგზაურობდა. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ კი „ჰაშიშის მომხმარებელთა კლუბი“ გახსნა და პირველი მეცნიერი იყო, რომელმაც ნარკოტიკებთან დაკავშირებული, ცდებით გამყარებული კვლევა  „ჰაშიში და სულიერი აშლილობა“ (Du haschich et de l’aliénation mentale) გამოაქვეყნა.

დოქტორ მორო დე ტურის წიგნი „ჰაშიში და სულიერი აშლილობა”

კლუბი ნარკოტიკების ექსპერიმენტულ სეანსებს ილ სენ-ლუიზე მდებარე სასტუმრო  „l’Hôtel de Lauzun“-ში ატარებდა, რომელსაც არაოფიციალურად „ფანტაზიას“ უწოდებდნენ. კლუბის წევრებს შორის ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკული საშუალება მომწვანო ჯემის მსგავსი დავამესკი იყო, რომელსაც კანაფის, ფსტის,  თაფლის, შაქრის, მიხაკისა და დარიჩინისგან ამზადებდნენ.

კლუბის წევრებს ნივთიერება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიეღოთ, რათა მას ნარკოტიკის ზემოქმედებასა და ეფექტზე დაკვირვების საშუალება ჰქონოდა. დოქტორი მორო დე ტური განსაზღვრავდა ასევე დოზას, რომელიც მკაცრად კონტროლდებოდა გართულებების თავიდან ასაცილებლად.

სასტუმრო „Hôtel de Lauzun”-ი

თეოფილ გოტიე კლუბის ერთ-ერთი პირველი წევრი იყო, რომელმაც შარლ ბოდლერს გაუზიარა მიღებული გამოცდილება. გოტიე მოგვიანებით ბოდლერის „ბოროტების ყვავილების“  შესავალს დაწერს. ბოდლერის მსგავსად თეოფილ გოტიეც იმ სასტუმროში გადადის საცხოვრებლად, სადაც კლუბის შეხვედრები ტარდებოდა. კლუბის სტუმრები ხშირად იყვნენ გუსტავ ფლობერი და ონორე დე ბალზაკიც.

თეოფილ გოტიე

რამდენიმეწლიანი ექსპერიმენტების შემდეგ თეოფილ გოტიემ შეწყვიტა სეანსებზე სიარული და ხსნიდა კიდეც ღიად ამ ფაქტს: ,,უარს ვამბობთ გამაბრუებელ საშუალებებზე არა იმიტომ, რომ ჩვენზე ცუდ ფიზიკურ ზემოქმედებას ახდენს ყველაფერი, უბრალოდ, ნამდვილ მწერალს სჭირდება ბუნებრივი წარმოსახვები და არა ვინმეს მიერ გაკონტროლებული ხელოვნური ჩარევა“.

თავის მხრივ, შარლ ბოდლერმა ნარკოტიკის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ „ხელოვნური სამოთხეები“ (Les paradis    artificiels) დაწერა.

შარლ ბოდლერი

წყარო the guardianpariszigzag 

 

 

 

 

ცირა ელისაშვილის საჯარო ლექცია ბათუმსა და მარადიდში

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“.

24 -25 ნოემბერს მარადიდის  საჯარო სკოლასა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი წაიკითხავს.

ლექციის თემა: კულტურული მემკვიდრეობის საერო და სასულიერო ასპექტები

24 ნოემბერი, სოფელი მარადიდი,  მარადიდის საჯარო სკოლა.

დისკუსიის დაწყების დრო: 14:00 საათი

25 ნოემბერი, ბათუმი –  ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დისკუსიის დაწყების დრო: 13:00  საათი. მისამართი: ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა #37

პროექტი „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“ ხოციელდება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ვიცე-მერად დაინიშნა

რამდენიმე წუთის წინ, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ  მერის მოადგილე და ვიცე მერი წარადგინა. მერის მოადგილედ ლელა სურმანიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, ვიცე-მერად კი ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი თენგიზ პეტრიძე დაინიშნა.

თენგიზ პეტრიძე ინფრასტრუქტურის სფეროს გაუწევს კურირებას, ლელა სურმანიძე კი ჯანდაცვას.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია ვინ დაიკავებს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თანამდებობას.

ლელა სურმანიძე

 

მოქალაქის და მერის რწმუნებულის უერთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია

სოფელ ჭარნალში მცხოვრებმა ბაგრატ ცეცხლაძემ „ბათუმელებს“ მიმართა. მოქალაქე ამბობს, რომ საქართველოს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მის საკუთრებაში, სახლთან ახლოს ხეების მოჭრა სურს. მოქალაქე ვარაუდობს, რომ ხეები ახალ ელექტროგაყვანილობას უშლის ხელს. თუმცა არ უარყოფს იმასაც, რომ ხეებზე დენი გადადის და, შესაბამისად, ის შეიძლება საშიშიც იყოს. ბაგრატ ცეცხლაძის ინფორმაციით, მის ეზოში ხეები იგივე მიზეზით ადრეც მოუჭრიათ:

„რამდენიმე წლის წინ, სახლში არ ვიყავით, შემოვიდნენ და უნებართვოდ მოჭრეს ხეები. ახლა ისევ მოვიდნენ და ბლის ორი ხის, ხურმის ორი და ორი თხმელის ხის მოჭრა უნდათ. თხმელები პირდაპირ მეწყერსაშიშ ზონაშია. ამ ხეების მოჭრამ მეწყერი რომ გააქტიუროს, ვინ აიღებს პასუხიმგებლობას?“ – სვამს კითხვას ბაგრატ ცეცხლაძე.

მოქალაქის თქმით, შესაბამისი დოკუმენტით დადასტურებულია, რომ მისი სახლი მეწყერსაშიშ ზონაშია.

„ბათუმელები“ „ენერგო პრო ჯორჯიას“ დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ სამუშაოებს ადგილზე საქართველოს ენერგოსისტემა აწარმოებს და თავად „არაფერ შუაში არიან“, ეს უკავშირდება ახალი სისტემის მონტაჟს, რომელმაც ელექტროენერგიის თურქეთში ექსპორტირებისთვის გამოიყენებენ.

სახვა ინფორმაცია აქვს ხელვაჩაურის მერის წარმომადგენელს ჭარნალში. ის ამბობს, რომ ხეების მოჭრა არ იგეგმება და საუბარია მხოლოდ ერთი ხის გადაბელვაზე, რაც მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის არის  საჭირო:

„ … წლებია იქ დგას ანძა. შემდეგ გაიზარდა რამდენიმე ხე, საუბარია ერთი ხის გადაბელვაზე – სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ხეზე დენი გადადის და უსაფრთხოების მიზნით უნდა ჩატარდეს ეს სამუშაო. მე თვითონ ვახლდი ელექტროსისტემის წარმომადგენლებს ბაგრატ ცეცხლაძესთან. მსგავსი პრობლემა იყო კიდევ რამდენიმე ოჯახში და ყველა დათანხმდა ხეების გადაბელვაზე“, – ამბობს ხელვაჩაურის მერის რწმუნებული ნუგზარ აბაშიძე.

 

ივანიშვილს მთავრობამ ციხისძირში 1 კვადრატული მეტრი მიწა 60 ლარად და უპირობოდ მიჰყიდა

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, ჯამში 18 136 კვ/მ მიწის ნაკვეთები, აუქციონზე ყოველგვარი პირობის გარეშე გაყიდეს. უძრავი ქონება სახელმწიფოსგან ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ „ბიზნეს დეველოპმენტმა“ 1 მილიონ 99 ათას ლარად, ანუ 1 კვ/მ მიწის ნაკვეთი – 60 ლარად და 60 თეთრად შეიძინა.

ბოლო მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილმა აჭარის ზღვისპირა ზოლში 74 127 კვ/მ  მეტრი მიწა იყიდა.

მიწის ნაკვეთები, ზღვის ხედით ტურისტულ ზონაში, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალის გასწვრივ მდებარეობს. სააგენტომ 1კვ/მ 60 ლარად და 20 თეთრად შეაფასა, აჭარის ფინანსთა სამინისტრომ – 60 ლარად და 13 თეთრად. სააგენტომ და სამინისტრომ აუქციონები გასული წლის ნოემბერში გამოაცხადეს.

როგორც „ბათუმელებს“ ციხისძირში ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა, უშუალოდ ზღვის პირას 1 კვ/მ მიწის გასაყიდი ფასი 100 აშშ დოლარიდან იწყება, ზღვისგან ცოტა მოშორებით, მაგისტრალთან კი – 70-80 აშშ დოლარიდან, რაც სულ ცოტა 180 ლარია.

დღემდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ყველა ნაკვეთზე, რომლებიც აჭარაში „ბიზნეს დეველოპმენტს“ მიჰყიდეს, კომპანიას აქვს საინვესტიციო ვალდებულებები. თუმცა, ციხისძირში ივანიშვილს მიწა ყოველგვარი ვალდებულების გარეშე მიჰყიდეს. რატომ გაყიდა მიწის ნაკვეთი [1530 კვ.მ] სამინისტრომ უპირობოდ და როგორ დაადგინეს გასაყიდი ფასი?

„აღნიშნული საინვესტიციო მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო ღირებულება დამოუკიდებელი აუდიტის მიერ შეფასდა, რის შემდეგაც კანონით დადგენილი წესით ქონება გამოტანილი იქნა გასაყიდად უპირობო ელექტრონულ აუქციონზე, რომელშიც მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

იყო თუ არა „ბიზნეს დეველოპმენტი“ ამ ნაკვეთით დაინტერესებული აუქციონის გამოცხადებამდე? – ამ კითხვაზე პასუხად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ დაინტერესება კერძო პირისგან იყო.

კომპანიის მიერ შესყიდულ ნაკვეთებს ერთი მხრიდან ავტომაგისტრალი ესაზღვრება, დანარჩენი სამი მხრიდან კი აკრავს ტერიტორია, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

საქართველოს კანონმდებლობით, საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონაში [გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს] საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად აკრძალულია ნებისმიერი სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოთა წარმოება.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მათ მიმართა ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ წერილით, რომ „ბიზნეს დეველოპმენტს“ სურს ამ ადგილზე გზის რეაბილიტაცია, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის გზას [ამ შემთხვევაში ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალს] უერთდება.

„დეპარტამენტის მხრიდან მომზადებულია საპასუხო წერილი, რომ კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საპროექტო დოკუმენტაცია/პროექტი. პასუხი კომპანიას 10 დღის შიგნით გადაეგზავნება“, – გვითხრეს გზების დეპარტამენტში. 

„ბიზნეს დეველოპმენტის“ 100% წილს შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“ ფლობს, ეს ფონდი კი, როგორც ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდში“ განაცხადეს, მათი შვილობილი კომპანიაა.

რა პროექტის განხორციელებას გეგმავს კომპანია ციხისძირში? – პასუხს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდიდან“ ველოდებით.

„ბიზნეს დეველოპმენტის“ მიერ შესყიდული ტერიტორიიდან ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი პარკისთვის რამდენიმე მრავალწლოვანი ხე გადაიტანეს. აუქციონზე გაყიდულ ტერიტორიასთან ახლოსაა ასევე ის ადგილი, საიდანაც ბიძინა ივანიშვილმა პირველად გაიტანა მრავალწლოვანი ტიტას ხე.

„ბიზნეს დეველოპმენტი“ მწვანე კონცხზე ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ პროექტს ახორციელებს. „საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური პარტნიორობით კი ბათუმში „სილქ თაუერის“ მშენებლობაა დაგეგმილი.

„ბიზნეს დეველოპმენტის“ მიერ ნაყიდი ტერიტორია ავტომაგისტრალთან ახლოს მდებარეობს / თედო ჯორბენაძის ფოტოები „ბათუმელების“ არქივიდან
ხედი აუქციონზე გაყიდული ტერიტორიიდან / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
გაყიდული ტერიტორიიდან მიმდინარე წელს ეს მაგნოლიები ამოთხარეს და ერთ-ერთი შეკვეთილში გადაიტანეს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
გაყიდული ტერიტორია, ხეების გადატანის შემდეგ / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
გაყიდული ტერიტორია, ხეების გადატანის შემდეგ / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

 

 

სტატისტიკის მიხედვით თვითმკვლელობების რაოდენობა გაიზარდა

გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით 161-მა ადამიანმა მოიკლა თავი, მათ შორის, 11 არასრულწლოვანი იყო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს თვითმკვლელობათა რაოდენობა 2006 წელთან შედარებით ქალებში 2.8, ხოლო კაცებში 2.3 პროცენტით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს 15 წლამდე ასაკის ერთმა გოგომ მოიკლა თავი, 15-დან 19 წლამდე – 3 ქალმა და 7 კაცმა. 20 წლის ზემოთ – 27-მა ქალმა და 123-მა კაცმა.

ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი სუიციდის შემთხვევების მატებას ცხოვრების აჩქარებულ რიტმს უკავშირებს და სტრესების მატებას. იგი მიიჩნევს, რომ ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ერთმანეთს, რადგან „შესაძლებელია მხოლოდ მოსმენამ თუნდაც შეფასების გარეშე ბევრი რამ შეცვალოს“.

ფსიქოლოგი განსაკუთრებულ აქცენტს მოზარდებზე აკეთებს და თვლის, რომ მშობლებმა, ასევე პედაგოგებმა დროულად უნდა მიმართონ ფსიქოლოგს, თუკი მოზარდს განმარტოებისკენ ილტვის და დეპრესიული მდგომარეობა აღენიშნებათ.

„ძირითადად ამ დროს ადამიანი მიდრეკილია განმარტოებიკენ, ჩაკეტილობისკენ და არაფერის მოსმენა არ უნდა. მოზარდობის ხანაში ზოგჯერ რთულია ამ ნიშნებს ამოცნობა,“ – გვიყვება ირმა ფეიქრიშვილი. – „მე მქონდა პრაქტიკაში შემთხვევა, როცა სკოლის ფსიქოლოგად მუშაობის დროს, ვესაუბრე ერთ მოსწავლეს სასწავლო მასალის ათვისების მეთოდებზე, არაფერი აღენიშნებოდა, პირიქით, ძალიან მოტივირებული ჩანდა. ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში მან თავი მოიკლა. ცოტა უფრო დიდხნიანი ურთიერთობა რომ მქონოდა, შესაძლებელია რაღაც დაფიქსირებულიყო. მოზარდებმა ასევე შეიძლება თქვან, რომ თავს მოიკლავენ, მაგრამ ამას ყურადღების მიქცევის გამო აკეთებენ. არც ისაა მართებული ამ დროს, რომ მთლიანად დავაიგნოროთ მისი ეს სიტყვები. განსაკუთრებით მოზარდის ფსიქიკას სჭირდება დასვენება და განტვირთვა. ხშირად ისე ხდება, რომ მოსწავლე კომპიუტერით ერთობა და თავზე ათენდება. ეს იწვევს ტვინის გადაღლილობას, როცა ადამიანს საღად გადაწყვეტილების მიღება უჭირს“.

 

 

ხულოში და ქედაში საკრებულოს ახალი თავმჯდომარეები აირჩიეს

დღეს 20 ნოემბერს, ქედის საკრებულომ თავმჯდომარედ შუქრი თურმანიძე 18 ხმით აირჩია. თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობა ოპოზიციამ არ მიიღო. „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ბოლქვაძემ, ბაქარ ბარამიძემ, რამინ ბერიძემ, „ევროპული საქართველოდან“ – თემურ ავალიანმა, „პატრიოტთა ალიანსიდან“ გენადი არძენაძემ. ქედის ახალარჩეულ საკრებულოს 24 წევრიდან პირველ სხდომას ერთი წევრი, „პატრიოტთა ალიანსიდან“ გოჩა გათენაძე არ ესწრებოდა.
ქედის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე
საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს ხულოშიც. 19 ხმით ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე გახდა აგარის მაჟორიტარი ჯუმბერ დიმიტრაძე. მოადგილედ 18 ხმით კი ყოფილი გამგებლის მოადგილე, თამაზ აბაშიძე აირჩიეს. თავმჯდომარისა და მოადგილის ფარული კენჭისყრით არჩევაში 28 წევრიდან 9 წევრმა მონაწილეობა არ მიიღო. კენჭისყრაზე უარი თქვეს „ნაციონალური მოძრაობიოს“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა.
ხულოს საკრებულოს თავმჯდომარედ ჯუმბერ დიმიტრაძე აირჩიეს

შუახევის საკრებულომ თავმჯდომარე ვერ აირჩია – კანდიდატი „ოცნების“ მაჟორიტარია

დღეს, 20 ნოემბერს, შუახევის ახალარჩეული საკრებულო შეიკრიბა. „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ კანდიდატს, გიორგი დავითაძე, რომელიც დაბის მაჟორიტარია, საკრებულოს 23 წევრიდან მხოლოდ 12-მა დაუჭირა მხარი. თავმჯდომარის არჩევისთვის 13 ხმა საკმარისი იყო.

შუახევის საკრებულოში 24 წევრიდან 19 „ქართული ოცნებიდანაა“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა საკრებულოს ერთმა წევრმა „ევროპული საქართველოდან“ მირზა თურმანიძემ.

სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც საკრებულოს წევრებმა რეგისტრაცია ხელახლა გაიარეს, თუმცა ქვორუმი არ შედგა.

„ბათუმელები“ საკრებულოს რამდენიმე წევრს დაუკავშირდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ სხდომა შეჩერებულია.

ნოდარ ქარცივაძემ, რომელსაც სხდომა მიჰყავდა, როგორც უხუცეს წევრს, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ შესაძლოა სხდომა განახლდეს.

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ სულიკო თებიძე აირჩიეს

დღეს 20 ნოემბერს, ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე, სხდომა საკრებულოს უხუცესმა წევრმა ანზორ დევაძემ გახსნა. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატურა იყო დასახელებული. „ქართულმა ოცნებამ“ სულიკო თებიძის კანდიდატურა დაასახელა.

საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა არ მიიღო საკრებულოს ოპოზიციამ. სულიკო თებიძე „ქართულმა ოცნებამ“ თავმჯდომარედ  19 ხმით აირჩია.  მან თავმჯდომარის მოადგილეების პოსტზე, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე და თამაზ სალუქვაძე დაასახელა. თავმჯდომარის მოადგილეებიც, „ქართულმა ოცნებამ“ 19 ხმით აირჩია.

ახალი მოწვევის საკრებულოში სულ 25 წევრია. აქედამ 19 „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია, ოთხი „ნაციონალური მოძრაობის“, ერთი „ევროპული საქართველოს“ და ერთი „პატრიოტთა ალიანსის. პირველ სხდომას არ ესწრებოდა  გიორგი კუნჭულია, ნაციონალური მოძრაობის მეოთხე წარმომადგენელი საკრებულოში.

საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ მადლობა გადაუხადა საკრებულოს წევრებს და განაცხადა, რომ „ასეთი დემოკრატიული არჩევნები ჩვენს ისტორიაში არ ჩატარებულა. ჩვენი გუნდი მზადაა ითანამშრომლოს  კონსტრუქციულ ოპოზიციასთან, არასამთავრობო სექტორთან და მედიასთან. ჩვენ საკრებულოს გუნდთან, მერთან ერთად ბევრ  სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ ქალაქისთვის“-განაცხადა მან.

საკრებულოს პირველ სხდომას ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძეც ესწრებოდა.

დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეებიც უნდა აირჩიონ.

ბათუმის 2017 წლის ახლადარჩეული საკრებულო
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ბარცხანაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი იპოვეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინება  14:40 წუთზე მიიღეს. „ჩვენ როცა გავედით კარი უკვე გაღებული ჰქონდა სამაშველო სამსახურს, გარდაცვლილი ქალი დაახლოებით 24 წლის იქნება.  დაახლოებით 3-4 საათის გარდაცვლილია“-გვეუბებიან სასწრაფო დახმარების სამსახურში.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ლაშა კომახიძე მერიის ანსამბლის რუსეთში გასტროლების დაფინანსებაზე

გასულ წელს ბათუმის მერიის ქორეოგრაფიული ანსამბლის შესაძლო გასტროლზე რუსეთის ქალაქებში საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოყვა. მერიაში განმარტეს, რომ ღონისძიების შესახებ, რომელიც საკრებულოსთვის განსახილველად გადაგზავნილ ბიუჯეტის პროექტში  იყო ჩაწერილი, მერთან შეთანხმებული არ ყოფილა. ვიზიტი ჩაიშალა.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რას გადაწყვეტს ბათუმის ახალარჩეული მერი თუ მერიის რომელიმე ორგანიზაცია რუსეთში მიწვევას ისევ მიიღებს:

დააფინანსებთ თუ არა მუნიციპალური ანსამბლების რუსეთში ვიზიტს გასტროლით მიწვევის შემთხვევაში? – ამ კითხვის პასუხად ლაშა კომახიძემ „ბათუმელებს“ უთხრა:

„თქვენ ალბათ ხაზს უსვამთ პოლიტიკურ მომენტს საქართველოს და რუსეთს შორის. მე ამაზე არ მინდა გავაკეთო კომენტარი შეგნებულად, ზოგადად მე იმ პოზიციაზე ვდგავარ, რომ კულტურა და განათლება ეს ისეთი სფეროებია, რომლებიც ნებისმიერ პოლიტიკაზე მაღლა დგას. თუმცა მე ამ ეტაპზე ამას არც თანხმობის ნიშნად და არც უარყოფის ნიშნად არ გეუბნებით, სპორტული ღონისძიებები, კულტურული ღონისძიებები ტარდება იმ სახელმწიფოებს შორისაც კი, მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლებიც ერთმანეთს მტრობენ და რომელთა შორისაც მიმდინარე პერიოდშიც, პირდაპირი მნიშვნელობით, ომია  გაჩაღებული. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მგრძნობიარე თემაა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კულტურა და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან და შევეცადოთ, რომ მივცეთ შემოქმედებით ჯგუფებს, შემოქმედებით მიმართულებას განვითარების საშუალება და გაძლიერების საშუალება“.

 

ლაშა კომახიძის ხედვა მერიის ბიუჯეტიდან ვახშმების დაფინანსებაზე

რა დამოკიდებულება აქვს ბათუმის ახალარჩეულ მერს ისეთი ღონისძიებების დაფინანსებაზე, როცა ღონისძიების მთავარი ნაწილი ვახშამია, როგორიც იყო, მაგალითად, „პაემანი ბათუმთან“. ან ისეთი კომერციული ღონისძიებების დაფინანსებაზე, როგორიც იყო „აჭარა ფეშენ ვიკი“ და „მისტერ პლანეტა“.  ამ თემებზე ლაშა კომახიძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. ამ ღონისძიებების ბიუჯეტიდან დაფინანსების გადაწყვეტილებას წინა წლებში არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ და არამიზნობრივ ხარჯად აფასებდნენ.

ბატონო ლაშა, იყო შემთხვევები, როცა ვახშმები დაფინანსდა ბათუმის ბიუჯეტიდან. ალბათ თქვენთანაც შემოვა მსგავსი ინიციატივები. როგორია თქვენი დამოკიდებულება და რა გადაწყვეტილებას მიიღებთ?

მიჭირს კონკრეტულ ღონისძიებებზე საუბარი. მოგეხსენებათ სულ ოთხი დღე გავიდა, რაც მერის კაბინეტში ვარ შემოსული, ჯერ მაგ ღონისძიებებამდე ნამდვილად ვერ მივედი. ძირითადად დაკავებული ვარ ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობითი საქმით. ბიუჯეტიდან ვახშმების დაფინანსება ასე ცალკე აღებული, რა თქმა უნდა, არ ჟღერს კარგად, არ არის კარგი პრაქტიკა. თუმცა შესაძლებელია ზოგჯერ ვახშამი იყოს რაღაც ღონისძიების განუყოფელი ნაწილი.

ამ შემთხვევაში გეკითხებით ღონისძიებებზე, რომლის ძირითადი ნაწილი იყო ვახშამი და არა შემადგენელი ნაწილი ან როცა ხშირად ვახშამი უფრო გრანდიოზულია, ვიდრე ღონისძიება.

ჩემთვის ამოსავალი წერტილი იქნება, პირველ რიგში, ღონისძიება. არაერთხელ გამიკეთებია განმარტება, რომ კულტურის მიმართულებით ქალაქს უნდა ჰქონდეს კულტურული ცხოვრების განვითარების პოლიტიკა. თითოეული ღონისძიება, რომელსაც ქალაქი დააფინანსებს, უნდა პასუხობდეს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც ამ პოლიტიკაში იქნება ჩადებული. ეს არის დროში გაწერილი იმ მიზნების მიღწევის გზა, რომელსაც გვინდა გარკვეულ დროში მივაღწიოთ, მაგალითად, 2021 ან 2025 წლისთვის. თითოეული ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ამ მიზნების მიღწევას, თითოეული თეთრი, რომელსაც ის გაიღებს, უნდა იყოს კონკრეტულად ამ მიზნების მიღწევისთვის. ეს არის ჩემი ხედვა არამარტო კულტურის განვითარების თვალსაზრისით, არამედ განათლების კუთხით, იგივე ჯანდაცვის, სოციალური მიმართულებებით.

ჩემს თანამშრომლებთან მერიაში უკვე მქონდა საუბარი ამაზე. ეს არ არის ადვილი, თუმცა რამდენიმე თვეში მოგვარებადი პროცესია.

შესაბამის დოკუმენტებზე მუშაობა სამსახურებმა უკვე დაიწყეს. იმისათვის, რომ მივიღოთ კარგი, გამჭვირვალე დოკუმენტები, ისინი უნდა შევათანხმოთ საზოგადოებას, აუცილებლად პროფესიულ და არასამთავრობო წრეებს. დოკუმენტი უნდა იყოს საჯარო, ყველამ რომ იცოდეს რა არის ჩვენი ხედვა, საითკენ ვაპირებთ წასვლას უახლოესი პერიოდის განმავლობაში. ეს პოლიტიკური დოკუმენტი იქნება, როგორც მოსახლეობისთვის ძალიან კარგი შესაფასებელი, დაგვიდებენ წინ ჩვენივე დოკუმენტს და გვეტყვიან ესა თუ ის ღონისძიება, მათი აზრით, პასუხობს თუ არა ამ მიზნების მიღწევას. ასევე ეს იქნება ჩემი სახელმძღვანელო დოკუმენტი. ეს არის ჩემი მიდგომა.

რა თქმა უნდა, ცალკე აღებული ვახშმები, რომელსაც არავითარი სხვა დატვირთვა არ გააჩნია, არ შეიძლება და ვერ დაფინანსდება. მაგრამ, თუ ვახშამი არის რაღაც პროგრამის ნაწილი და პროგრამაზე უნდა იყოს ძირითადი აქცენტი და არა ვახშამზე, ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ.

თქვენ ამბობთ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ შეითანხმოს ღონისძიებები. არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვებიც, ამომრჩეველი ამბობდა, რომ ამ ტიპის ღონისძიებები ბიუჯეტიდან არ უნდა დაფინანსდეს  – მერია კი ამბობდა, რომ ეს ტურიზმს უწყობს ხელს, მაგრამ  არასოდეს წარუდგენია საზოგადოებისთვის ანალიზი, ციფრები, თუ როგორ აისახა ეს ტურიზმის განვითარებაზე ბათუმში. ამ საკითხს თქვენ როგორ მიუდგებით?

ზუსტად ეს არის, პირველ რიგში უნდა იყოს მიზნები და კრიტერიუმები – საითკენ მივდივართ და რისი მიღწევა გვინდა და შემდეგ თითოეულ ღონისძიებას აუცილებლად უნდა ახლდეს განმარტება, თუ რამდენად აკმაყოფილებს ეს ღონისძიება მიზნების მიღწევას. ეს არის მუშაობის ადვილი და ძალიან ეფექტური ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეული თეთრი დაიხარჯება მიზნობრივად. არის ასევე ცალკეული ღონისძიებები, რომელებიც დღე დღეზე იწყება, რომლებიც მე მემკვიდრეობით დამხვდა, სადაც უკვე გადაწყვეტილება მიღებულია და დაფინანსებულია. ეს ღონისძიებები ჩატარდება ასე თუ ისე, მაგრამ 2018 წლიდან ვიღებ  ძირითად ათვლას, ჩემი მონაწილეობით შემუშავებული პროგრამების და ჩემი უშუალოდ შემუშავებული ღონისძიებების. პირველი იანვრიდან ჩვენ ძალიან გულისყურით, ზედმიწევნით მივადევნებთ თვალს, რომ ყველაფერი იყოს აი ამ ფერხულში ჩართული.

 

ნინო ინაიშვილი: უნდა დაისაჯოს კომპანია, რომელმაც ქვევრი გაანადგურა

ბათუმში,  თამარის დასახლებაში, საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ქვევრის განადგურებასთან დაკავშირებით არქეოლოგი, საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარე, ნინო ინაიშვილი ამბობს: „საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ  სახელმწიფო იცავს კულტურულ მემკვიდრეობას და ყოველი მისი მოქალაქე ვალდებულია დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა. აქედან გამომდინარე, ეს არის ყველა მოქალაქის ვალდებულება.

თუ მოქალაქეა, კანონიც უნდა იცოდეს. მეორეა ის, რომ კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, ავალდებულებს კომპანიებს მიწისქვეშა სამუშაოების დროს, აგრარული იქნება თუ სამშენებლო, არქეოლოგიური მასალების აღმოჩენის შემთხვევაში შეტყობინებას. ასეთ დროს უნდა შეჩერდეს სამუშაოები და მოხდეს მასალის შესწავლა“.

ნინო ინაიშვილის თქმით, აღნიშნულ კომპანიას მაშინვე უნდა ეცნობებინა შესაბამისი უწყებებისთვის, რომ აღმოაჩინეს არქეოლოგიური მასალა. რადგან მასალა გაანადგურეს, კომპანია ამის გამო უნდა დაისაჯოს. ასევე მოქალაქეები, რომლებმაც ეს გააკეთეს და ისიც, ვინც ეს კადრები გადაიღო. დაანგრიეს, გახეტეს მთელი ქვევრი, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული,“-ამბობს ნინო ინაიშვილი.

მისი თქმით, ადრე არსებობდა კანონში ნორმა, რომელიც ითვალისწინებდა არქეოლოგების ნებართვას მიწიქვეშა გათხრების დროს. „იქ იყო პირობა, რომ არქეოლოგიური მასალის აღმოჩენის შემთხვევაში უნდა ეცნობებინათ მათთვის, ეს ნორმა დღეს აღარ მოქმედებს. თუმცა კანონში წერია, რომ არქეოლოგიური მასალის აღმოჩენის შემთხვევაში 7 დღის განმავლობაში უნდა მოახდინოს აღმომჩენმა რეაგირება, რომ შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ ნივთი და შემდეგ აქვს  სამუშაოების გაგრძელების უფლება.

ნივთის დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში კი, პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება“.

ავალდებულებს თუ არა მერია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს, მსგავს სიტუაციებში შეტყობინების გაკეთებას? როგორც ჯაბა ტუღუში ამბობს, ბათუმის მერის მრჩეველი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებში, კომპანია ვალდებულია კანონით დადგენილი ნორმით იმოქმედოს.

„ეს სტანდარტული ფორმაა და რა თქმა უნდა, უნდა აცნობოს შესაბამის უწყებებს, თუკი მოხდება რაიმე არქეოლოგიური მასალის აღმოჩენა. ხელშეკრულებაში წერია, რომ კომპანიამ უნდა იმოქმედოს ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რაც ითვალისწინებს ამ მხარესაც,“-ამბობს ჯაბა ტუღუში.

ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი განადგურებული ნივთის არქეოლოგიური მნიშვნელობა დადგინდება, კომპანია  დაჯარიმდება.

საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოებს თამარის დასახლებაში კომპანია „ფაიფერი და გზა“ აწარმოებს.

თამარის დასახლებაში მიწისქვეშა ფენებში მუშებმა ქვევრი ძმები ნობელების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე 19 ნოემბერს აღმოაჩინეს. ქვევრის აღმოჩენის ამსახველი ვიდეო თამარის დასახლებაში მცხოვრებმა პირმა ფეისბუქით გაავრცელა.

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 600 ათას ლარად ჩაის პლანტაციას აშენებს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2018 წელს 20 ჰექტარზე ჩაის პლანტაციის გაშენებას აპირებს. აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მამუკა თურმანიძის განმარტებით, ჩაის გაშენება მსოფლიო ბაზარზე ჩაიზე მოთხოვნის ზრდის გამო გადაწყვიტეს.

„აჭარაში არსებობს ცალკეული მიკროკლიმატური ზონები, სადაც ყველაზე ოპტიმალური ჩაის კულტურის განვითარებაა, რადგან ნიადაგური საფარველისა და სხვა კლიმატური პარამეტრების გამო სხვა კულტურების განვითარება შეუძლებელია.

გარდა ამისა, ბოლო კვლევებით, ჩაის პროდუქციაზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით იზრდება, შესაბამისად, წარმოებაც იზრდება და ეს მიმართულება რეგიონისთვის საინტერესოა. ამიტომ მისი ხელყოფა და უარის თქმა შეუძლებელია“.

მამუკა თურმანიძის თქმით, სამინისტროს მიაჩნია, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, სადაც ჩაი გაშენდება, შენარჩუნებული იქნება სამეცნიერო მიღწევები და ტრადიციები, რაც სელექციური თვალსაზრისით იქნა მიღწეული ახალი ჯიშების გამოყვანის მიმართულებით.

„ეს ჯიშები რომ არ დაიკარგოს, ისინი მოხვდება ამ კონკრეტულ ლოკაციებზე,“ – გვეუბნება ის.

მამუკა თურმანიძის თქმით, იყო დრო, როცა საქართველოს მსოფლიო ბაზარზე მეხუთე და მეექვსე პოზიცია ეჭირა ჩაის წარმოებაში.

ჩაის პლანტაცია, თურმანიძის თქმით, სავარაუდოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაშენდება. ის ტერიტორიები, სადაც წლების განმავლობაში იყო ჩაის კულტურა გაშენებული, თურმანიძის თქმით, ახალი ჯიშების გასაშენებლად გამოუსადეგარია, რადგან ბევრჯერ გადაიწვა ეს ტერიტორიები, ამიტომ ეს პლანტაციები აღდგენას არ ექვემდებარება.

მომდევნო სამი წლის განმავლობაში პლანტაცია იქნება სახელმწიფოს მართვაში, შემდეგ კი სამინისტრო კონკურსის წესით გასცემს პლანტაციას მოიჯარეებზე. „შეირჩევა სასოფლო-სამეუნეო კოოპერატივები, რომლებზეც მოხდება შესაბამისი კრიტერიუმებით პლანტაციის გადაცემა. ან შესაძლებელია ფრაგმენტებად დაიყოს და ისე გადაეცეს კოოპერატივებს. შორეულ პერსპექტივაში გვინდა, რომ ამ ნაკვეთს მიებას ჩაის გადამამუშავებელი პატარა ფაბრიკაც. ეს იდეის დონეზეა  და 2019 წლისთვის ზუსტად გვეცოდინება ამ ფაბრიკას სახელმწიფო გააკეთებს, დონორი თუ კოოპერატივები,“ – გვეუბნება მამუკა თურმანიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ აღმოჩნდება ისე, რომ სახელმწიფო ამაში ფულს დახარჯავს, შემდეგ კი ამ ბიზნესის განვითარების მსურველი არ აღმოჩნდება? – მამუკა თურმანიძე ამბობს: „სოფლის მეურნეობა არის გრძელვადიანი პროცესი, იმისათვის, რომ დღეს განახორციელოს ნებისმიერმა კოოპერატივმა თუ ბიზნესსუბიექტმა ინვესტივია, ის მოგებას რამდენიმე წელი უნდა ელოდოს. შესაბამისად, ეს მათთვის მიმზიდველი არ არის. გამომდინარე იქედან, რომ მსოფლიო დინამიკა აჩვენებს ჩაიზე მოთხოვნას, ჩვენი მთავარი მიზანია დარგს ბიძგი მივცეთ“.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები, ძირითადად, თანადაფინანსებით ხორციელდება, „მოცვი, კაკალი, ციტრუსი, ხეხილი, თხილი მათ შორის არის თანადაფინანსებით. ჩაიც დაემატება ამ პროგრამას. თუ გვაქვს ბაღების გაშენების ხელშეწყობა ფერმერულ მეურნეობებში, ესეც არის მეჩაიეობის განვითარების ხელშეწყობა.

ჩაის ნერგს ვერ დავარიგებთ, რადგან მისი გაშენება და მექანიზაციის ქვეშ მოყვანა სპეციფიკურ განათლებას და უნარებს მოითხოვს“.

მამუკა თურმანიძის თქმით, მთავარი ორიენტირი ხარისხიანი ჩაის მიღება იქნება, „1 კილოგრამი გადამუშავენული პროდუქცია 40-50 ლარი რომ ღირდეს, ისეთი და სრული ტექნოლოგიების დაცვით მოხდება მისი მოყვანა“.

2018 წლის ბიუჯეტში ჩაის პლანტაციის გაშენებისთვის 600 ათასი ლარი გამოიყოფა.

ვუდი ალენის ფილმის პრემიერა ნიუ-იორკში

ნიუ იორკის კინოფესტივალზე ვუდი ალენის ახალი ფილმის Wonder Wheel-ის პრემიერა გაიმართა. ფილმის სიუჟეტი 50-იანი წლების ნიუ იორკში, ლონგ-აილენდზე ვითარდება. გასართობი პარკის კარუსელების მფლობელის ცოლი, ჯინი, კაფეს ოფიციანტად მუშაობს. მისი ოცნება – კინომსახიობად იქცეს, დიდი ხნის დასამარებულია. ბეზრდება მეუღლე, შვილი და ოფიციანტის ყოველდღიური რუტინა. ჯინის საიდუმლო კავშირი აქვს მიკისთან, ახალგაზრდა მაშველთან, რამელიც მალევე უყვარდება. ყველაფერი რთულდება, როცა ჯინის მეუღლის ქალიშვილი, ბანდიტი ქმრისგან გამოქცეული კაროლინი ნიუ იორკში ჩადის და მიკისთან იწყებს ფლირტს.

ფილმში მთავარ როლებს ქეით უინსლეტი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ჯუნო ტემპლი და ჯეიმს ბელუში ასრულებენ. ფილმის ბიუჯეტი 25 მილიონი დოლარია. 82 წლის ვუდი ალენის ახალი კინოსურათი მის დაბადების დღეს, 1-ელ დეკემბერს გამოვა მსოფლიო კინოეკრანებზე.

ფოტოები: woodyallenpages.com

 

ხვალ ღამით ამინდი მკვეთრად გაუარესდება

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ ღამით ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა და გაწვიმდება. ამინდის პროგნოზის მიხედვით, 21 ნოემბრიდან მომდევნო ორი დღის განმავლობაში აჭარის სანაპირო ზოლში იწვიმებს, დროგამოშვებით იქნება ძლიერი წვიმა, მთაში – ითოვებს.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში 10-12 გრადუსი იქნება, მთაში -5, + 5 გრადუსი. გაძლიერდება სამხრეთ-დასავლეთის ქარი 18-22 მეტრი წამში. 21 ნოემბრის ღამეს მოსალოდნელია ასევე ზღვაში შტორმი – 4-5 ბალი.

ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში გვითხრეს, რომ 25 ნოემბრიდან აჭარაში ისევ გამოიდარებს, თუმცა შენარჩუნდება ჰაერის  დაბალი ტემპერატურა.

დღეს, 20 ნოემბერს, ბათუმში 18 -22 გრადუსი სითბოა.

ბესიკ ამირანაშვილი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბესიკ ამირანაშვილი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.

2016-2017 წლებში ბესიკ ამირანაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ის ამ თანამდებობიდან 2017 წლის 9 ივნისს კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ბესიკ ამირანაშვილის კადრების განკარგულებაში გადასვლას წინ უძღოდა საერთაშორისო სკანდალი, – 29 მაისს, თბილისიდან გაუჩინარდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც ბაქოში იპოვეს დაკავებული. აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”.

ბესიკ ამირანაშვილი 2015-2016 წლებში შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. მანამდე კი შსს-ს კახეთისა და  შემდეგ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოების უფროსად მუშაობდა.


ბესიკ ამირანაშვილი მიმდინარე წლის ივნისში კადრების განკარგულებაში ისე გადაიყვანეს, რომ ამის შესახებ  შს სამინისტროს განმარტება არ გაუკეთებია. ბესიკ ამირანაშვილი შს სამინისტროს ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი იყო, ვინც ბათუმში იმყოფებოდა 11-12 მარტის აქციის ღამეს. იმ ღამეს ქალაქში დაიწვა 6 ავტომანქანა და სხვა სახის სისხლის სამართლის დანაშაულიც მოხდა, მაგრამ პოლიცია, მათ შორის ამირანაშვილი ამ ყველაფერს რამდენიმე საათის განმავლობაში თვალყურს უმოქმედოდ ადევნებდა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ბესიკ ამირანაშვილის შემდეგ ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა, რომელიც დღემდე ამ თანამდებობაზეა. ლაშა გოგნიაშვილი ბესიკ ამირანაშვილის კადრია. ისინი 2015 წელს ერთად ჩამოვიდნენ ბათუმში სამუშაოდ.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტში საკადრო ცვლილებებზე ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ. ამ დროისთვის აჭარაში შსს-ს ხელვაჩაურის, შუახევისა და ხულოს პოლიციის სამმართველოების უფროსების თანამდებობები ვაკანტურია.

„ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი ახორციელებს პროექტს „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“, რომელიც მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობისა და საქსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვას, კონკრეტულ შემთხვევებზე დროულ და ადექვატურ რეაგირებას, ძალადობის პრევენციას, ხელს უწყობს საქართველოში  ბავშვთა და ახალგაზრდების კეთილდღეობის და დაცვის სისტემის გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების სამი ცენტრი – თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში. ცენტრები სექსუალური ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, ახალგაზრდებსა და მათ ოჯახის წევრებს ემსახურება. ცენტრების ფუნქციაში ასევე შედის რისკის ჯგუფების იდენტიფიცირება და ძალადობის პირველადი და მეორეული პრევენცია. ახალგაზრდებსა და ბავშვებს საკუთარ პრობლემებზე სასაუბროდ და მათ გადასაჭრელად შეუძლიათ დარეკონ ბავშვთა დახმარების ხაზზე: 116 111. ხაზი ასევე ემსახურება პროფესიონალებს,  ბავშვების და ახალგაზრდების საკითხებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც პრობლემებზე საუბარი სურს.

პროექტს აჭარაში ახორციელებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სთეფ ფორვარდი” ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი  პროექტის ასოცირებული პარტნიორია.

როგორც სთეფ ფორვარდის ხელმძღვანელი მანანა ინაიშვილი აღნიშნავს, „ბსუ ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრი“ შეიქმნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური კლინიკის ბაზაზე, რაც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ სტუდენტებსა და მაგისტრებს ჩაერთონ ბავშვთა პრობლემების კვლევის საკითხებში, მეტი გაიგონ ძალადობის გამოვლენის საშუალებებსა და სწრაფ რეაგირებაზე.

პროექტის კოორდინატორი, მანანა ინაიშვილი პროექტის მნიშვნელობასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდზე საუბრობს:

„საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი, რომლის ძალისხმევითაც ხორციელდება მოცემული პროექტი, ბავშვთა ძალადობის საკითხებზე მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ძველი ორგანიზაციაა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდს აუცილებლად მიმართავენ ყველა გახმაურებული შემთხვევისას. ძალადობისგან ბავშვთა დაცვის თემასთან დაკავშირებულია სოციალური დაცვის, სამართალდამცავი, ჯანდაცვის, განათლების და სხვა სისტემები და მათი მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მულტისექტორული თანამშრომლობის გაძლიერებაში, მათ შორის იმ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაში, რომელიც ბავშვის კეთილდღეობის დასაცავად ამ ტიპის თანამშრომლობას უფრო ეფექტურს ხდის. მულტისექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. პროექტით გათვალისწინებულია სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და გადაწყვეტილების მიმღები სხვა დაინტერესებული პირების ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება, რათა მათ დაიცვან და მხარი დაუჭირონ ძალადობრივ, კრიზისულ სიტუაციაში მყოფ ახალგაზრდებსა და ბავშვებს. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით იგეგმება ძალადობის საკითხების შესახებ არაერთი ღონისძიება და სემინარი.“

ბავშვზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება სოციალური მომსახურების სააგენტოს მოვალეობაა.  „ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრი“ თანამშრომლობს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და ცენტრის ამოქმედება, სადაც ფსიქოლოგების ხანგრძლივი, აუჩქარებელი მუშაობაა შესაძლებელი ბავშვებთან, ახალგაზრდებსა და მშობლებთან, პრობლემების ძირეული აღმოფხვრისა და  ძალადობის შემთხვევების კლების საწინდარია. ძალადობის მხვერპლი ბავშვის უფლებების დასაცავად ცენტრი თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პროკურატურასთან.

გვესაუბრება „ბსუ ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრის“ სერვისის მენეჯერი რატი ცინცაძე:

„ცენტრი 2017 წლის მარტში დაარსდა და საკმაოდ ბევრი დაინტერებული პირი მოგვმართავს. თავდაპირველად  ბავშვსა და მშობელს ვესაუბრებით მე და ფსიქოლოგი. თუ გამოვლინდა, რომ ჩვენი ჩარევა და მუშაობაა საჭირო, ვაფორმებთ ხელშეკრულებას. მშობლის თანხმობის შემდეგ კი ფსიქოლოგი აგრძელებს მუშაობას ბავშვთან, მშობელთან ან ორივესთან ერთად – საჭიროების შესაბამისად.

დავდივართ სკოლებში, ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების მიზნით ვატარებთ შეხვედრებს. ცენტრის სრულიად უფასო მომსახურებით სარგებლობენ ბავშვები, 21 წლამდე ახალგაზრდები და მშობლები. ფსიქოლოგის დახმარება ახალდამკვიდრებული კულტურაა საქართველოში და ხანდახან შეიძლება უფროსებს ერცხვინებათ მათთან მისვლა, მაგრამ როცა ბავშვის ფსიქოლოგიურ დახმარებას ეხება საქმე, უფრო თამამად მოგვმართავენ ხოლმე. ხანდახან ხვდება მშობელი, რომ თვითონაა პრობლემის მიზეზი, ვერ აკონტროლებს შვილის მიმართ აგრესიას და დასახმარებლად მოგვმართავს, აღიარებს, რომ ხშირად სცემს ბავშვს და  დამდგარ შედეგს ვეღარ უმკლავდება“.

ფსიქოლოგი, რუსუდან კეჭეყმაძე „ბსუ ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრში“ მიღებულ გამოცდილებას გვიზიარებს: ჩვენთან მოჰყავთ რთული ქცევის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები.

ყველაზე ხშირად მოგვმართავენ განქორწინებული მშობლები, რათა დიაგნოსტიკის საფუძველზე დავადგინოთ რა ხარისხისაა ბავშვის სტრესი. ხშირად განქორწინებული დედა მიიჩნევს, რომ მამა ბავშვს მის წინააღმდეგ განაწყობს, ან პირიქით. ამ დროსაც დიაგნოსტიკის საშუალებით ირკვევა, არის თუ არა ბავშვი რომელიმე მშობლის წაქეზებისა და უარყოფითი გავლენის მსხვერპლი.

ასევე მოგვმართავენ სწავლასთან დაკავშირებული პრობლემების დროს, როცა ბავშვი ცუდად ან საერთოდ არ სწავლობს. მსგავს შემთხვევებში ხშირად მიზეზი მშობლებისგან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობაა. ხანდახან ვერ წარმოუდგენიათ, რომ თავში წამორტყმა, სიტყვიერი ლანძღვა და თმის მოქაჩვა შეიძლება ბავშვზე უარყოფით გავლენას ახდენდეს. ძალადობის ფორმაა არა მხოლოდ ცემა, არამედ მუდმივი კონტროლი და ყოველდღიურად წნეხი, რომელიც ბავშვს თრგუნავს და ეს აუცილებლად იმოქმედებს მის ქცევასა და აკადემიურ მოსწრებაზე.

რაც შეეხება მომართვიანობას, ხშირად თავად მოჰყავთ მშობლებს ბავშვები ან სოციალური მომსახურების სააგენტო გზავნის; ერთხელ ნათესავმაც მოიყვანა ძალადონის მსხვეპლი ბავშვი, შეიძლება სულაც მეზობელი იყოს ძალადობის აღმომჩენი.

ბავშვზე ძალადობის შედეგები სხვადასხვაგვარია. არის შედეგი რომელიც მალე დგება და შედეგი, რომელიც წლების შემდეგ იჩენს თავს. ისეთი ფიზიკური ძალადობის შედეგი, როგორიცაა, ცემა, ბწკენა, დალურჯება და ა.შ. ცხადია, უმალ შესამჩნევია. მუდმივი კონტროლი, ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ყოფნა კი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დონეზე წლების შემდეგაც კი შეიძლება იყოს უამრავი დაავადების წარმომშობი.

კვლევების საფუძველზე ძალადობის მსხვერპლი ბავშვები უფრო მეტი დაავადების მატარებლები არიან, ვიდრე ჯანსაღ გარემოში გაზრდილები.

ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ამოცნობა სხვადასხვა ნიშნითაა შესაძლებელი. უკიდურესი  კონფლიქტურობა ან ზედმეტი, გადაჭარბებული მორჩილება ბავშვებში ხშირადაა ძალადობის მიმანიშნებელი. თუმცა, ეს არ უნდა აგვერიოს ბავშვის ტემპერამენტში, ზოგიერთი ბუნებით არის მშვიდი, წყნარი და მელანქოლიკი ან პირიქით.

სტატისტიკა გვეუბნება, რომ სამწუხაროდ, ძალადობრივ ოჯახში გაზრდილი ბავშვები თვითონაც მოძალადეები ხდებიან და ოჯახის შექმნისას ძალადობრივ მოდელს იყენებენ გაუცნობიერებლად, რადგან სხვა მაგალითი და გამოცდილება არ აქვთ. თითქოს პირიქით უნდა ხდებოდეს, ადამიანმა უნდა გააცნობიეროს უარყოფითი წარსული და ასცდეს არასასურველ, ნაცნობ სიტუაციაში დაბრუნებას, მაგრამ ბევრი ამას ვერ ახერხებს.

ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა მშობლებს ვასწავლოთ აღზრდის პოზიტიური სტილი. რაც გულისხმობს ბავშვის მოსმენას, მის ემოციებზე დაკვირვებას და ყველაფრის გულდასმით, მოთმინებით ახსნას, ბავშვის მოლოდინების ცოდნას.

ყველაზე მთავარი კი, რაც მშობელმა შვილისთვის უნდა გაიღოს, არის უპირობო და დიდი სიყვარული, რომელიც ყველა პრობლემას აგვარებს“.

“ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრი” თბილისში მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ხელმძღვანელობით, ხოლო ამავე სახელწოდების ცენტრის მუშაობას ზუგდიდში წარმართავს პროექტის პარტნიორი – რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“. ადვოკატირების ცენტრები თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში მჭიდროდ თანამშრომლობენ – გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ინოვაციური მიდგომების დანერგვის პროცესში.

პროექტის “ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად” განხორციელების პროცესში ჩართულია ორი, ბავშვთა დაცვის სფეროში დიდი გამოცდილების მქონე  საერთაშორისო ორგანიზაცია – პროექტის პარტნიორი საერთაშორისო ბავშვთა კათოლიკური ბიურო („International Child Catholic Bureau“ (BICE)  და ასოცირებული პარტნიორი „Child Helpline International“-ი. მათი მონაწილეობა პროექტის განხორციელების პროცესში უზრუნველყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და წარმატებული პრაქტიკის დანერგვას საქართველოში.


სტატია მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ .

მასში გამოთქმულ მოსაზრებებზე პასუხისმგებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი და ის შესაძლოა არ გამოხატავდეს ევროკავშირის ოფიციალურ თვალსაზრისს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

20 ნოემბერს ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება

ქალაქ ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 20 ნოემბერს, 15 საათზე, გაიმართება.

საკრებულოს პირველი სხდომა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე წარიმართება შემდეგი დღის წესრიგით:

[checklist]

  • საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;
  • დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა;
  • საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა.

[/checklist]

საკრებულოს მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ საკრებულოს სხდომაზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით:

[checklist]

  • საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;
  • საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა;
  • საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.

[/checklist]


ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ვალერი ბერიძის ინფორმაციით, ორშაბათს, 20 ნოემბერს, პირველ სხდომას გამართავს აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულო. პირველივე სხდომაზე საკრებულოები აირჩევენ თავმჯდომარეებს, მოადგილეებსა და კომისიების თავმჯდომარეებს.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი, სულიკო თებიძე განიხილება, ამის შესახებ „ბათუმელებს“ თავად დაუდასტურა.

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე გახდება ასევე მმართველი პარტიის პროპორციული სიის პირველი ნომერი, ხელვაჩაურის ყოფილი გამგებელი, ნადიმ ვარშანიძე.

ქედაში საკრებულოს თავმჯდომარედ, სავარაუდოდ, ისევ წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეს, ამირან ცინცაძეს აირჩევენ, ისიც პროპორციულ სიაში პირველ ნომრად იყო.

შუახევში სიის პირველინომერი წინა მოწვევის საკრებულოს იურისტი მირიან აბაშიძე იყო, ხულოში კი – თამაზ აბაშიძე, ხულოს გამგებლის ყოფილი მოადგილე.

როგორ შეიძლება გადანაწილდეს თანამდებობები ბათუმის საკრებულოში, იხილეთ ამ ბმულზე.

ამავე თემაზე:

ვინ არიან ბათუმის საკრებულოს ახალი წევრები

მიწის ნაკვეთები კურორტ „გოდერძიზე“ დროებითი ობიექტების მოსაწყობად – პირობებიანი აუქციონი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კურორტ „გოდერძიზე“ მიწის 11 ნაკვეთს პირობებიანი აუქციონის წესით, იჯარით გასცემს. მიწის ნაკვეთებით სარგებლობის პერიოდი 2018 წლის მაისამდეა, აუქციონის საწყისი ფასი კი 150-200 ლარი თითოეულ ნაკვეთზე.

მოიჯარეებმა 2017 წლის 10 დეკემბრამდე სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე უნდა განათავსონ თხილამურების გასაქირავებელი [4 ცალი] და  სწრაფი კვების ობიექტის შესაბამისი [4 ცალი] მსუბუქი კონსტრუქციები, ხოლო მიწის სამ ნაკვეთზე თოვლმავალის გასაქირავებელი პუნქტები.

დროებითი ობიექტები სამინისტროს მიერ შეთავაზებული ესკიზების მსგავსი კონსტრუქციის მიხედვით უნდა მოეწყოს.

თხილამურების გასაქირავებელი და  სწრაფი კვების ობიექტების განთავსებისთვის იჯარით აღებული ნაკვეთის გადასახადის საწყისი [აუქციონის] ფასი 200 ლარია, ხოლო თოვლმავალის გასაქირავებელი პუნქტისთვის გათვალისინებულ ნაკვეთზე საიჯარო საწყისი ფასი – 150 ლარი.

აუქციონში გამარჯვებულმა ნაკვეთით სარგებლობისთვის მის მიერ დასახელებული თანხა ხელშეკრულების დადებიდან ერთ თვეში უნდა გადაიხადოს. ნაკვეთით კი 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით ისარგებლებს.

მოიჯარეს ევალება:

[checklist]

  • ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობაში გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და დასუფთავება, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთის თავისუფალ, პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება;
  • იჯარის საგნის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯის [მათ შორის კომუნალური გადასახადი] გაწევის უზრუნველყოფა.

[/checklist]

საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმად განსაზღვრულია მაქსიმალური საფასურის დაფიქსირებარომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებული საწყის სარგებლობის საფასურს დამატებული არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობა.

კურორტ „გოდერძიზე“ მიწის ნაკვეთების იჯარით გაცემაზე გამოცხადებული აუქციონები ხვალ, 20 ნოემბერს დასრულდება.

ესკიზი
ესკიზი
კურორტი გოდერძი / ფოტო ელექტრონული აუქციონის ვებგვერდიდან

 

აჭარის პოლიციას ავტომანქანების ტექმომსახურებისთვის 2,2 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს, თავის ბალანსზე რიცხული სხვადასხვა მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისთვის 2 276 815 ლარი აქვს გათვალისწინებული.

შესაბამის ტენდერში გამარჯვებული, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად უნდა მოემსახუროს დეპარტამენტს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ჩამონათვალში 17 ავტომობილი და ერთი კვადროციკლია, რომლებსაც შესაძლოა დასჭირდეს ტექნიკური მომსახურება, თუ შეკეთება.

ავტომობილების მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ. ამასთან, მომსახურების ვადა არ უნდა აღემატებოდეს:

[checklist]

  • სავალი ნაწილებისათვის – არაუმეტეს 2 კალენდარულ დღეს;
  • ელექტროობისათვის – არაუმეტეს 3 კალენდარულ დღეს;
  • აგრეგატებისათვის – არაუმეტეს 8 კალენდარულ დღეს;
  • სათუნუქე სამღებრო სამუშაოებისათვის – არაუმეტეს 10 კალენდარულ დღეს;
  • ხანგრძლივი მომსახურების (ძრავის, სიჩქარეთა კოლოფის) გაწევის დრო – არაუმეტეს 15 კალენდარულ დღეს;
  • დეფიციტური სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისას – არაუმეტეს 20 კალენდარულ დღეს;
  • სხვა დანარჩენ შემთხვევებში – შემსყიდველის მიერ მითითებულ გონივრულ ვადას.

[/checklist]

მომსახურების გაწევის ადგილი: ქალაქი ბათუმი, ხელვაჩაური ან/და ქობულეთი. სატენდერო პირობების თანახმად „პრეტენდენტის ყველა სერვისცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს დიაგნოსტიკის აპარატით, ზეთის შემცვლელი ბალონით, განშლადობის გასასწორებელი დანადგარით, ვულკანიზაციის დანადგარით, ძრავის ამოსაღები ამწეებით, ავტო ამწეებით და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით“.

ამავე თემაზე: 

აჭარის პოლიციის ავტომანქანები ტექნიკური მომსახურების გარეშე

თავარი ფოტო: პოლიციის ავტომანქანები „მათემოტორსის“ სერვისცენტრში / 18.03.2017 / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

ჩაქვისწყლის სათავე ნაგებობაზე 187 450 ლარად დამცავ კედელს მოაწყობენ

სოფელ ხალაში, მდინარე ჩაქვისწყლის სასმელი წყლის ნაგებობის მიმდებარედ მდინარის სანაპიროს გამაგრებისთვის „ბათუმის წყალი“ 187 450 ლარს ტენდერის გარეშე გადაიხდის. შესაბამისი ნებართვა კომპანიას აქვს. ნაპირგამაგრებისთვის მონოლითური რკინა-ბეტონის ჯებირი მოეწყობა. ამ სათავე ნაგებობიდან ხდება ქალაქ ბათუმისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების სასმელი წყლით უზრუნველყოფა.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში მოსულმა ნალექმა დააზიანა სასმელი წყლის სათავე ნაგებობაზე წყალმიმღებ კაშხალთან მისასვლელი გზა და დამცავი ზღუდე, რის გამოც ვერ ხერხდება მდინარის მიერ კაშხალთან ჩამოტანილი ქვა-ღორღის გატანა. კომპანიის განცხადებით კაშხალი დროულად უნდა გაიწმინდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში წყალმიმღები მდინარის ნატანით გაივსება, რამაც შესაძლოა საერთოდ მოშალოს კაშხალი და საფრთხე შეუქმნას ბათუმის სასმელი წყლით მომარაგებას.

სათავე ნაგებობაზე საყრდენი კედლის მოწყობასა და წყალმიმღებ კაშხალთან მისასვლელი გზის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაში „ბათუმის წყალმა“ ცალკე, 3 000 ლარი გადაიხადა.

„აჭარა გამოირჩევა უხვი ნალექიანობით, რის გამოც არსებობს საფრთხე, რომ სრულიად მოიშალოს წყალმიმღებზე მისასვლელი გზა, რომელიც გამოიყენება კაშხალზე მდინარის მიერ მოტანილი ქვა-ღორღის გასატანად და მძიმე ტექნიკის მისასვლელად… აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით აუცილებელია დროულად მოხდეს საყრდენი კედლის მოწყობა რკინა-ბეტონის კონსტრუქციით და მისასვლელ გზის აღდგენა ბეტონის საფარით. აღნიშნული სამუშაოების დასრულება უნდა მოხდეს ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში, რაც ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში შეუძლებელია. [აღნიშნული სამუშაოებისთვის] გეგმით გათვალისწინებული გვაქვს 640 000 ლარი“ – აცხადებს „ბათუმის წყალი“.

შპს „ბათუმის წყალი“-ს 100% წილის მფლობელი ბათუმის მერიაა.

ჩაქვის სათავე ნაგებობა / ფოტო: „ბათუმის წყალი“

სარფში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, 1979 წელს დაბადებული ნ.ქ. ნარკოდანაშაულისთვის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 97 აბი და 3 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“ – აცხადებს შსს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ზვიად ქორიძე: რატომ მივდივართ დასავლეთში

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ACCESS-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“. პროექტის ფარგლებში იმართება  დისკუსიათა ციკლი „საუბრები ევროპაზე“. 14-15 ნოემბერს ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ თხილნარის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე – „რატომ მივდივართ დასავლეთში“.

გთავაზობთ ლექციის ნაწყვეტს, რომელიც ევროპულ ღირებულებებს ეხება.

ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი:

„მთავარი ევროპული ღირებულება ეს არის თანასწორობა. დღეს, 21-ე საუკუნეში, შეიძლება გაგვიჩნდეს დილემა – არის კი ყველა ადამიანი თანასწორი? ვიღაცა ვიღაცაზე უპირატესია, ვიღაცა ვიღაცაზე წარჩინებულია. ეს უკვე თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ამ მთავარ ქართულ კონცეპტს, ჩვენ ვშორდებით.

ჩვენ ვამბობთ, რომ „გვაქვს უთვალავი ფერითა“ – ეს არის ჩვენი სიმდიდრე. ჩვენ ვამბობთ, რომ არა, ამ ფერებში არის ზოგი ფერი, რომელიც არის ჩვენთვის მიუღებელი. მაშინ, რატომ არ თქვა შოთამ ასე? და ამ კონცეპტით ხომ არ არის ზუსტადაც ის ევროპული რენესანსის სრულუფლებიანი წევრი? მერე ამაზე, თანასწორობასა და სრულყოფილებაზე დაეფუძნა, მთელი იტალიური რენესანსი. ნახეთ  ლეონარდო და ვინჩი, ნახეთ ტიციანი და თქვენ ზუსტად ნახავთ – აქ მთავარი სწორედ თანასწორობის იდეაა.

როცა არის თანასწორობის იდეა ამოსავალი წერტილი, როცა ყველანი ვართ თანასწორი ჩვენს უფლებებში, როცა ყველანი ვართ თანასწორნი ჩვენს საწყის პოზიციებზე, მერე, რა თქმა უნდა, ზოგი მივაღწევთ მეტ წარმატებას, ზოგი ნაკლებს. ზოგი მეტად გამოაჩენს თავის უნარებს, ზოგი ნაკლებად. მთავარია, სასტარტო პირობები იყოს თანასწორი. თანასწორობა უზრუნველყოფილია ღვთისგან. ჩვენ უზრუნველყოფთ მერე, ვინ უფრო ძლიერები ვართ, ვინ უფრო წარმატებული და ვინმეს ხომ არ აქვს წართმეული უფლება იზრუნოს და მიისწრაფოდეს ბედნიერებისკენ. აი, ეს არის მთავარი ამოცანა, ეს უფლება არ წაგვართვას არავინ. თორემ შეიძლება ვიღაცამ მიაღწიოს ამ ბედნიერებას და ვიღაცამ შეიძლება ვერ. ან შეიძლება ჩათვალოს, რომ რასაც მიაღწია, ესაა ბედნიერება.

მეორე ევროპული კონცეპტი თანასწორობასთან ერთად ეს არის კონკურენცია. ჩვენ ყველანი ვართ ერთმანეთთან კონკურენციაში. ჩვენ ადამიანები ერთმანეთს ვეჯიბრებით. ჩვენ ვეჯიბრებით ერთმანეთს ცოდნის მიღებაში, ვეჯიბრებით შრომის უნარებში, ვეჯიბრებით ერთმანეთს სმაში, წიგნის კითხვაში, სიმაღლეზე ხტომაში, ყველაფერში ვეჯიბრებით. გამომდინარე იქიდან, რომ ვართ ადამიანები, ჩვენი სწრაფვა არის მიზნისკენ, რომელიც არის ბედნიერება და ნებისმიერი თქვენგანი მიისწრაფვის ბედნიერებისკენ.

მთავარი ევროპული, მთავარი დასავლური ღირებულება არის რა – რისთვის დაიბადა ადამიანი? რატომ გაჩნდა? იმიტომ, რომ მან იპოვოს გზა ბედნიერებისკენ. ჩაკეტილობის მომხრეები, საქართველოშიც და საქართველოს გარეთაც, ბევრგან, გვეუბნებიან – შენ რომ დაიბადე უკვე ეს არის ბედნიერება და ამით დაკმაყოფილდი.

არ ვახდენ სრულ საკრალიზაციას რუსთაველის, მაგრამ ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი ქართული ტექსტი და იქ ბედნიერებისკენ სწრაფვას ყველაფერს ანაცვალებენ. ყველა მატერიალიზებული, არამატერიალიზებული ღირებულება დასთმო ავთანდილმა იმიტომ, რომ მას თავისი პერსონალური ბედნიერება ეპოვა. ამას ყველა ვერ დათმობს. ამ ადამიანმა ეს დათმო და ჩვენ გვეუბნება რუსთაველი, რომ ამისთვის უნდა იყო ადამიანი მზად. შეიძლება ვიღაცისთვის ბედნიერების საზომია დღეში სამჯერადი კვება, ვიღაცისთვის ბედნიერების საზომია კარგი ლიტერატურის წაკითხვა, ვიღაცისთვის, უბრალოდ, სეირნობა ღამის ქალაქში. მაგრამ შენ რასაც აკეთებ, რისი გაკეთებაც გინდა, რაც შენ სიამოვნებას განიჭებს და რაც შენ სოციალურ მდგრადობას უზრუნველყოფს, ეს არის ბედნიერებისკენ სწრაფვა.

კონკურენცია თანამედროვე ბიზნეს გაგებით, ხშირ შემთხვევაში არ აღიქმება ფილოსოფიურ ღირებულებად. ბევრი ასპექტია – განვითარება, წინსვლა, ეკონომიკური აღმავლობა, კეთილდღეობა. აი, ის არის ტერმინები, რომელზეც გვახსენდება ევროპა. კონკურენცია არის ის სივრცე, ის რეჟიმი, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვეჯიბრებით უკეთესი მომავლისთვის. როცა კონკურენცია არის განათლებაში, როდესაც ერთმანეთს ვეჯიბრებით ცოდნის მიღებაში, ხვალ ერთმანეთს შევეჯიბრებით ბიზნესის კეთებაში. ოღონდ ჩვენ კონკურენტულ გარემოში ვებრძვით ერთმანეთს.

კონკურენციის პირობის საპირწონედ საქართველოში ასახელებენ პატრონს. თუ პატრონი არ გყავს, ვერ მიაღწევ ვერაფერსო – ამბობენ. ეს არის სწორედ მთავარი პარადიგმა, რომელზეც უნდა ვიფიქროთ. აი, სად ვართ. ზღვარზე ვართ ევროპულ სივრცეში თუ არ ვართ ევროპულ სივრცეში. „პატრონის ყოლა“ – ეს არის შუა საუკუნეობრივი გადმონაშთი. ეს არის ის განზომილება, რომელიც არსებობს მაშინ, როდესაც რაღაცა ჯგუფი ადამიანების არის უუფლებო. ბუნებრივია, შენ ეძებ პატრონს იმისათვის, რომ კი არ ისწავლო, არამედ დაამთავრო უმაღლესი. შენ ეძებ პატრონს იმისათვის, რომ იმუშაო. კი არ იმუშაო, ეძებ პატრონს იმისათვის, რომ დასაქმდე. მუშაობა და დასაქმება არის სხვადასხვა რამ. სამუშაოს უფლება არის უფლება და მე  ეს უფლება უნდა განვახორციელო, აღვასრულო. დასაქმება არ არის უფლება. დასაქმება არის ნება ვიღაცის.

ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ დისკურსშიც არსებობს. პოლიტიკოსი მოდის და გეუბნება არჩევნებზე – მომეცი ხმა და დაგასაქმებ. მე რა მჭირს შენი დასასაქმებელი. თუ შენ ავითარებ კონკურენციას განათლებაში, ბიზნესში, მერე ეს ავტომატურად წარმოშობს კონკურენციას პოლიტიკაში. ჩვენ რატომ არ გვაქვს კონკურენტული პოლიტიკური სივრცე? იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური სივრცეც არის მონოპოლიზირებული პატრონების მიერ. პატრონს ეძებს პოლიტიკური სივრცე. ერთს ნუ გამოვყოფთ პერსონალურად. ბოლო ოთხი ფორმაცია ჩვენი მთავრობისა – არის პატრონის ძიება. როგორც კი დავკარგეთ ერთი პატრონი – საბჭოთა კავშირის სახით, მას მერე ვეძებთ სულ პატრონს. ეს თუ არა ვინ? – ეს კითხვა ისმოდა გამსახურდიას დროს, შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროსაც და ახლაც ეს კითხვა ისმის.

ეს კონკურენცია ვიღაცის მოწოდება კი არ არის, რომ ასე იცხოვრო. ეს არის ჩვენი ნება, რომ განვავითაროთ შეჯიბრებითობა და ამასობაში თვითონ ჩვენ განვვითარდეთ. ვიდრე იყო კონკურენცია ჩვენში, ვითარდებოდა ეკონომიკა, ვითარდებოდა პოლიტიკა.

როგორც კი ეს შეიზღუდა, მოისპო – ჩვენ ისევ აღმოვჩნდით პატრონის ძიების პირობებში. ეს ისევ მოირღვა და ვართ დამოკიდებული იმაზე, რას იტყვის პატრონო. როდესაც ჩვენ ვართ დამოკიდებული პატრონზე, როდესაც ჩვენი კეთილდღეობა არის დამოკიდებული რას იტყვის პატრონი, მაშინ ჩემი უფლებებიც იკარგება. რაღა ფასი აქვს ჩემს უფლებას, პატრონმა თუ უნდა გადაწყვიტოს ჩემი მომავალი. და აქ ვშორდებით ჩვენ ევროპას. აქ გვაქვს ყველაზე სერიოზული პრობლემა, როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ და ქართულ ღირებულებებზე და ვამბობთ, რომ ამათ შორის ტოლობის ნიშანი არ არის. ამ დროს აბსოლუტურად ტოლობის ნიშანია  ჩვენს ღირებულებებს შორის. 

ის, ვინც ევროპაში დაუშვა ეს კაზუსი და ეძება პატრონი, მანაც შექმნა ძალიან სერიოზული პრობლემა, თავისთვისაც და მთელი ევროპული ცივილიზაციისთვის. ევროპა ეს არის ცივილიზაცია და ჩვენ ამ ცივილიზაციის  სრულფასოვანი ნაწილი ვართ. რაც ევროპულმა ცივილიზაციამ შეცდომა დაუშვა და მიიღო ჰიტლერი, მიიღო მუსოლინი, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაცაა. ისევე როგორც გერმანელის, ფრანგის პასუხისმგებლობაცაა, რომ ევროპულ სივრცეში არსებობდა სტალინი. ეს ზოგადი პრობლემაა – მთელი ცივილიზაცია სადღაც უშვებს შეცდომას, როდესაც ამბობს უარს თანასწორობის იდეალებზე და უარს კონკურენციის იდეაზე და იღებს პატრონს“.

 

 

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავტომანქანების მრეცხავს ეძებს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ავტომანქანების მრეცხავის პოზიციაზე გამარტივებული კონკურსი გამოაცხადა, საკონკურსო განაცხადის მიხედვით შერჩეული კანდიდატი დასაქმდება სრულ განაკვეთზე, ხოლო მისი ანაზღაურება 625 ლარი იქნება.

განაცხადის მიხედვით დასაქმების მსურველი უნდა იყოს პუნქტუალური, კომუნიკაბელური, ორგანიზებული და მას უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

კონკურსი ორეტაპიანია. პირველი ეტაპზე განაცხადებს გადაარჩევენ, შემდეგი ეტაპი კი გასაუბრება იქნება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქვს საკუთარი ავტოფარეხი და სამრეცხაო, სამინისტროს ბალანსზე ირიცხება 23 ავტომანქანა, რომლითაც სამინისტროს თანამდებობის პირები გადაადგილდებიან.

2016 წელს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე სამინისტრომ 51 892 ლარი დახარჯა,  გარდა ამისა გასულ წელს სამინისტრომ 52 959 ლარის ღირებულების 37,8 ტონა საწვავი შეისყიდა.

საიუბილეო-საქველმოქმედო კონცერტი ბათუმში

23 ნოემბერს, 19 საათზე ბათუმის მუსიკალურ ცენტრში აჭარის ტელევიზიის საიუბილეო კონცერტია დაგეგმილი, კონცერტი ამავდროულად საქველმოქმედოა და შემოსული თანხა „ბერი ანდრიას ფონდში“ გადაირიცხება. ბილეთის ფასი 10 ლარია.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნიკოლოზ რაჭველი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და კაპელა, ნინო ქათამაძე, ზვიად ბოლქვაძე, ეკა მამალაძე, ვაჟა ტუღუში, სოფო ხალვაში და ნიკო ბერიძე.

ორდღიანი ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში ტრაპიზონის გუბერნიაში სტუმრობით დასრულდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში ორდღიანი ვიზიტი სტრაპიზონის გუბერნიაში სტუმრობით დაასრულა.

აჭარის დელეგაციის წევრებმა  შეხვედრები გამართეს ართვინისა და რიზეს რეგიონების გუბერნატორებთან და მერებთან, ასევე სავაჭრო-სამრეწველო პალატების და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან. ზურაბ პატარაძე ტრაპიზონის გუბერნატორს იუჯელ იავუზს და ტრაპიზონის მერს ორჰან ფევზი გუმრუქჩუოღლუს შეხვდა. ბათუმსა და ტრაპიზონს შორის დამეგობრებას ხელი 2000 წელს მოეწერა. მას შემდეგ ორ რეგიონსა და ორ ქალაქს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობა  მიმდინარეობს. შეხვედრებზე საუბარი შეეხო აჭარისა რეგიონსა და ტრაპიზონის გუბერნიას შორის ერთობლივი პროექტების განხორციელებას ტურიზმისა და ეკონომიკის, ასევე კულტურულ-ჰუმანიტარულ და საგანმამათლებლო სფეროებში.

ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ტრაპიზონის გუბერნატორს იუჯელ იავუზის  და მის მოადგილეს 16 ივლისს ქ. გირესუნთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლის წევრებისთვის  გაწეული დახმარებისათვის.

შეხვედრა ტრაპიზონის მერთან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის საკრუიზო პოტენციალზე და აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება შავი ზღვისპირა ქალაქებზე ერთიანი საკრუიზო მარშრუტის შემოღება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი რეგიონისა და ორ ქვეყნის ტურიზმის განვითარებას.

აჭარის დელეგაციის თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მიზანს საქართველოსა და თურქეთის მეზობელ რეგიონებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს.

შეხვედრა ტრაპიზონის მერთან
შეხვედრები ართვინის და ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატებში

თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია ხოფის და ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს სტუმრობდა. მეზობელი გუბერნიების ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე სიტყვით გამოვიდა დელეგაციის ხელმძღვანელი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. თურქეთის რესპუბლიკის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს ზურაბ პატარაძემ საქართველოში შექმნილი საინვესტიციო კლიმატისა და აჭარის რეგიონში მიმდინარე წარმატებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრები სავაჭრო-სამრეწველო პალატებში

“საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით, აჭარის რეგიონი მართლაც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა. აქ ყველა ის პირობაა შექმნილი,რომელიც საჭიროა ბიზნესის წარმოებისთვის: სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა, უსაფრთხოების მაღალი დონე, ბიზნესის კეთების სიმარტივე (მსოფლიოში მე-9 ადგილი), ეფექტური საჯარო სამსახურები, ლიბერალური კანონმდებლობა. ევროპასთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან და სხვა გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები საშუალებას იძლევა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია საბაჟო მოსაკრებლების გარეშე გავიდეს 900 მილიონიან მომხმარებლიან ბაზარზე. ეს თავის მხრივ დიდ პოტენციალს უჩენს საქართველოს, როგორც სავაჭრო ჰაბს” – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ და იმედი გამოთქვა, რომ მეზობელ რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ეფექტური და ნაყოფიერი იქნება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძე, რომელმაც მეზობელ რეგიონებში სტუმრობა დადებითად შეაფასა.  მისი თქმით, ხოფის და ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატები საზღვართან სიახლოვის გამო საქართველოსთვის მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრებს წარმოადგენენ, მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ასევე ამ რეგიონებიდან ბიზნეს-წრეების დაინტერესებისა და ინვესტიციების განხორციელების.

ორდღიანი ვიზიტის დასასრულს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეზობელი რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები დადებითად შეაფასა. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ჩვენი რეგიონისათვის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული.

„ორი დღის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გავმართეთ სავაწრო-ეკონომიკური, ასევე, კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებებით. პირველ რიგში ვისაუბრეთ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე. ართვინის გუბერნატორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება გაიმართოს  პერმანენტული ორმხრივი შეხვედრები, სადაც საბაჟოზე არსებული მდგომარეობა იქნება განხილული. ერთ-ერთი მთავარი თემა, ეს არის საკრუიზო ტურიზმი. ჩვენ შევთახმდით პორტის ხელმძღვანელობასთან, რომ გავმართავთ საქმიან შეხვედრას, სადაც განვიხილავთ ახალ საკრუიზო მარშუტის შექმნის საკითხს. ჩვენი სურვილია შავ ზღვაში შემოსულ ლაინერებს შევთავაზოთ ტრაპიზონი, შევთავაზოთ ბათუმი. ამ საკითხზე ჩვენ გვექნება მსჯელობა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან,  საუბარია ბულგარეთზე, უკრაინასა და რუმინეთზე, რომლებიც ასევე ჩაერთვებიან ამ ტურისტულ მარშრუტში“- აცხადებს ზურაბ პატარაძე.

აჭარის მთავრობის პრესსამსახური

ბათუმში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმას გეგმავენ

ბათუმში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმის ინიციატივით ბათუმის საკრებულოს ნუგზარ ჩხაიძემ მიმართა. ბათუმის მოქმედი საკრებულოს განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარის ნინო ბერაძის განმარტებით, კომისიაში ამ საკითხზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ ბათუმში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძეგლი უნდა დაიდგას, თუმცა შესაბამისი განკარგულება არ მოუმზადებიათ.

ინიციატორი მიიჩნევს, რომ ძეგლი მემედ აბაშიძის, ზვიად გამსახურდიასა და რუსთაველის ქუჩებს შორის არსებულ სკვერში უნდა დაიდგას.

მდებარეობასთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ მერიის არქიტექტურის სამსახურს, რომ წარმოადგინონ მათი ხედვა“ – ამბობს ნინო ბერაძე.

მემედ აბაშიძის, ზვიად გამსახურდიასა და რუსთაველის ქუჩებს შორის არსებულ გამწვანებულ ტერიტორიაზე ბათუმის მერიის საკუთრებაშია 761 კვ/მ – „გმირთა სკვერი“, სადაც დაღუპული იუნკერების  საფლავია და სადაც ეკლესიის მესვეურთა ინიციატივით ჯვარია აღმართული. ამ ადგილს სკვერის სტატუსი მიენიჭა 2011 წლის დეკემბერში. აღნიშნული ტერიტორიის დარჩენილი ნაწილის [„გმირთა სკვერის“ გამოკლებით] მესაკუთრე კი საჯარო რეესტრში მითითებული არ არის.

ნუგზარ ჩხაიძე აჭარის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატი იყო ბლოკიდან „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართელო“. ის იყო ასევე ბათუმის მერობის კანდიდატი „ლეიბორისტული პარტიიდან“ 2014 წლის არჩევნებში.

20 ნოემბერს ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომაა დაგეგმილი, შესაბამისად, ზვიად გამსახურდიას ძეგლის ბათუმში განთავსების საკითხსაც ახალი საკრებულო გადაწყვეტს.

აჭარის დელეგაცია ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება 

16 ნოემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დელეგაციასთან ერთად ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ქ.ბათუმის მერი ლაშა კომახიძე; აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე მეგრელიშვილი; აჭარის ა/რ სავაჭრო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძე;

ვიზიტის მიზანს, აჭარასა და თურქეთის გუბერნიებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს. ვიზიტი ართვინის გუბერნიაში ოფიციალური დახვედრით დაიწყო, რის შემდეგაც აჭარის დელეგაციას ართვინის გუბერნატორმა, ომერ დოღანაიმ უმასპინძლა.

ზურაბ პატარაძეს ართვინის გუბერნატორმა ომარ დოღანაიმ უმასპინძლა

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურისტულ სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ტემპებზე, რეგიონში მზარდ თურქული ინვესტიციებზე. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია, ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, გაზრდილია ტურიზმის სტატისტიკის მაჩვენებლები.

შეხვედრა ართვინის გუბერნატორთან

,,აღსანიშნავია, რომ თურქეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დასაფასებელია თურქეთის მთავრობის მიერ გაწეული დახმარება სექტემბრის თვეში, შავნაბადას მთაზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

შეხვედრა ართვინის გუბერნატორთან

სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ორი სასაზღვრო რეგიონის აქტიურ თანამშრომლობას საბაჟო სფეროში, რასაც ხელს შეუწყობს განახლებული „სარფის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნაც, რომელიც 2018 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი“,   -აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ და ართვინის გუბერნატორთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება 25 სექტემბერს სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტთან მიმართებაში მომხდარ ინციდენტზე გაამახვილა. როგორც ართვინის გუბერნატორმა განაცხადა, მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რომლის ფარგლებშიც, ინციდენტის მონაწილე თანამშრომლების ნაწილი გაათავისუფლეს თანამდებობებიდან, ხოლო ნაწილი – სხვა ლოკაციაზეა გადაიყვანეს.

მისასალმებელ და მნიშვნელოვან ფაქტად შეაფასა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა ეთნიკური უმცირესობების მიმართ, რომლის ფარგლებში, 2015 წლიდან ართვინის გუბერნიის, მურღულის რაიონის საშუალო სკოლაში ქართული ენის შემსწავლელი კლასი მოქმედებს. შეხვედრაზე ართვინისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

შეხვედრა ართვინის მერიაში

ართვინის მერთან შეხვედრაზე, მეზობელ რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ასევე კულტურის, განათლებისა და გარემოს დაცვის სფეროებში უკვე არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მხარეებს შორის განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ტურიზმისა და ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე და ამ მხრივ, ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

შეხვედრა ართვინის მერთან

დელეგაციის წევრებს მეზობელი რეგიონის ხელმძღვანელებმა გააცნეს ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურების მუშაობის სპეციფიკა, ართვინის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და უკვე განხორციელებული სამუშაოები.

შეხვედრა ართვინის მერთან

ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა მეზობელი რეგიონის ხელმძღვანელ პირებს თბილი და მეგობრული მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ კეთილმეზობლური თანამშრომლობის ტრადიციები მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრები რიზეს გუბერნატორთან და მერთან

რიზეს გუბერნატორთან ერდოღან ბექთაშთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, რაც მნიშვნელოვანია მეზობელ სახელმწიფოთა შორის სავაჭრო-ეკონომიკური თუ კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შეხვედრა რიზეს გუბერნატორთან

თავის მხრივ, რიზეს გუბერნატორმა ერდოღან ბექთაშმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის.

შეხვედრა რიზეს გუბერნატორთან

აჭარის დელეგაცია რიზეში ასევე, ქალაქის მერს რეშათ ქასაფს და მერიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა რიზეს მერთან

შეხვედრებზე განიხილეს მეზობელ რეგიონებსა და ქალაქებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები. საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით უკვე დაწყებულ და მიმდინარე პროექტებს.

რიზეს უნივერსიტეტში ქართული კულტურის საღამო გაიმართა

აჭარის დელეგაციის წევრები რიზეს რეჯებ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტს ეწვივნენ. დელეგაციას უნივერსიტეტის რექტორმა უმასპინძლა.

შეხვედრა რიზეს უნივერსიტეტში
შეხვედრა რიზეს უნივერსიტეტში
შეხვედრა რიზეს უნივერსიტეტში

 

 

 

 

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვედრები გამართა ქართული ენის ფაკულტეტის სტუდენტებთან, ასევე იმ ქართველ ახალგაზრდებთან, რომლებიც უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტებზე სწავლობენ.

რიზეს უნივერსიტეტში უკვე რამდენიმე წელია არსებობს ქართული ენის განყოფილება. ეს არის თურქეთის რესპუბლიკაში მე-4 უნივერსიტეტი, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა ისწავლება. ამ ეტაპზე უნივერსიტეტში ქართულს პირველი და მეორე კურსელი 30 სტუდენტი ეუფლება.

შეხვედრა რიზეს უნივერსიტეტში

ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, რიზეს უნივერსიტეტში ქართული სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა და კონცერტი გაიმართა, რომელშიც სახელმწიფო ანსამბლები “ბათუმი” და “ხორუმი” მონაწილეობდნენ.

შეხვედრა რიზეს უნივერსიტეტში
შეხვედრა რიზეს უნივერსიტეტში

 

 

 

 

 

შეხვედრა რიზეს უნივერსიტეტში
აჭარის მთავრობის პრესსამსახური

 

„ნატახტარისა“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ ადვოკატირების კამპანია


დღეს, 17 ნოემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა-დისკუსია გაიმართა სადაც ,,ფონდმა ნატახტარმა“ და „კოალიციამ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ აჭარის რეგიონის დაინტერესებულ მხარეებს: არასამთავრობო ორგანიზაციებს, თვითმმართველობის ორგანოებს, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებს ერთობლივი პროგრამა წარუდგინა.

თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია „ნატახტარსა’’ და  „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ შორის 2017 წლის ივლისში გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანი სახელმწიფო ზრუნვის სისტემის მიღმა დარჩენილი ახალგაზრდების მხარდაჭერაა.

,,ფონდი ნატახტარი“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“  რეგიონებში ადვოკატირების კამპანიას აგრძელებს.

პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სახელმწიფო სტრუქტურები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია. პროგრამა რამდენიმე თავისგან შედგება, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციართა დამხმარე სახელმძღვანელოს წარმოადგენს.

მცირე საოჯახო ტიპის სახლების მოზარდებთან „ფონდი ნატახტარი“ 2011 წლიდან მუშაობს. ექვსი წლის განმავლობაში 757 864 ლარი შეგროვდა და სულ 307 ბენეფიციარს გაუწიეს მომსახურება.

ფონდის სამოქმედო პროგრამა ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს:

ფსიქოლოგიური დახმარება

განათლება, პროფესიული საქმიანობის შესწავლის უზრუნველყოფა

სტიპენდია

დასაქმება

ფონდ „ნატახტარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნინო სურმავა გვიხსნის, როგორ მუშაობს  პროგრამა პრაქტიკაში:

„ლიმონათი ნატახტარის გაყიდული ბოთლებიდან 1, 5 და 3 თეთრი ირიცხება ფონდში (ლიმონათის დიდი, პატარა და საშუალო ბოთლების ღირებულებიდან). ამ თანხას განკარგავს ასოციაცია „ჩვენი სახლი საქართველო“ და მცირე საოჯახო ტიპის აღსაზრდელებს 15 წლიდან ეხმარება. პირველ ეტაპზე ბენეფიციარებთან მუშაობენ ფსიქოლოგები, რომლებიც მოზარდის უნარებს, საჭიროებებს განსაზღვრავენ და შეიმუშავებენ ინდივიდუალურ გეგმას ახალგაზრდების დასახმარებლად. შემდეგ ეტაპზეა განათლება. ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს ჩავარდნები სკოლაში და ვეხმარებით სირთულეების დაძლევაში, ვისაც უმაღლესი განათლების მიღება სურს, უზრუნველვყოფთ მათ რეპეტიტორებთან გადამზადებას. თუ პროფესიულ მიმართულებას ირჩევენ, მათთვის გვაქვს საშუალება კოლეჯებში გააგრძელონ სწავლა ან ვპოულობთ ხელოსანს, რომელმაც იცის ესა თუ ის კონკრეტული საქმე.

სტიპენდიაში იგულისხმება ბენეფიციარებისთვის გადარიცხული თანხა, რომლებმაც დატოვეს მცირე საოჯახო ტიპის სახლები და ჯერ არ აქვთ სამსახური, თავშესაფარი. სტიპენდია ფარავს ბინის ქირის, კომუნალური გადასახადებისა და სამგზავრო ხარჯებს. შემდეგ, ცხადია, ფსიქოლოგი ჩართულია აქტიურად, რომ ბენეფიციარებმა იპოვონ სამსახური, განივითარონ უნარები და არ იყვნენ მუდმივად მხოლოდ სტიპენდიის მოლოდინში. ბენეფიციართა დახმარება-გააქტიურების პროგრამა უზრუნველყოფს იმას, რომ სახელმწიფოს მიერ ამ ადამიანების 18 წლის ასაკამდე გაღებული ხარჯები ფუჭად არ ჩაივლის, ისინი აქტიურ, საზოგადოებისთვის სარგებლის მომტან მოქალაქეებად ჩამოყალიბდებიან და არ დარჩებიან მუდმივად  სტიპენდიის მომლოდინე ბენეფიციარებად“.

ნინო სურმავა. „ნატახტარის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი”

ფონდი ადგილობრივ თვითმმართველობებს საქმიანობაში ჩართვას სთავაზობს. თანამშრომლობის საფუძველზე იგეგმება სახელმწიფოს ზრუნვის სისტემიდან გასული 18 დან 24-წლამდე ახალგაზრდების საჭიროებების შესწავლა, მონიტორინგისა და ინტერვენციის დაგეგმვა. ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობა შეიძლება გამოიხატოს საცხოვრებლის დაქირავებით, კომუნალური გადასახადების და სამგზავრო შეღავათების დაწესებით.

9 და 16 ნოემბერს შეხვედრა-დისკუსიები გორის, ახალციხის, თელავის, რუსთავის, ქუთაისისა და ოზურგეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბიზნესწარმომადგენლებთან მოეწყო. გაიმართა დისკუსია მზრუნველობის სისტემის მიღმა დარჩენილი ახალგაზრდების მხარდაჭერის საკითხებზე. მოეწყო ახალი პროგრამის პრეზენტაცია და განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება.

ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა-დისკუსიები 18 ნოემბერს, ზუგდიდში დასრულდება.

 

Exit mobile version