სიახლეები

აჭარის პოლიციის უფროსის გუნდი და ძალადობის შემთხვევები რეგიონში

09.10.2015 • 3565
აჭარის პოლიციის უფროსის გუნდი და ძალადობის შემთხვევები რეგიონში

შემთხვევა პირველი

29 სექტემბერს სოციალურ ქსელ ფეისბუქში ადვოკატმა პაატა შავაძემ, როგორც თავად წერდა, გაავრცელა ახალგაზრდა მამაკაცის, დ.ზ-ს ფოტოსურათები.

ერთ-ერთ ფოტოზე აღბეჭდილ მამაკაცს შუბლზე ღია ჭრილობა ჰქონდა, ხოლო სახე – სისხლით მოსვრილი, მეორე ფოტოზე მამაკაცს ზურგის არეში აღენიშნებოდა შეწითლებები. პაატა შავაძის მიერ ფოტოზე გაკეთებული კომენტარის თანახმად, მას დ.ზ.-მ უთხრა, რომ „საპატრულო პოლიციის მუშაკებმა დაკავებისას სცემეს“.

ფოტოს გამოქვეყნებიდან ნახევარ საათში ადვოკატის ფეისბუქგვერდზე არც ფოტო იძებნებოდა და არც კომენტარი.

შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, „დაკავებული მანქანას მართავდა არაფხიზელ მდგომარეობაში. მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციამ პირის მიმართ გამოწერა ჯარიმა, მძღოლმა დაიწყო პატრულის მისამართით გინება. ეს ყველაფერი გადაღებულია საპატრულო ეკიპაჟის ვიდეოკამერით“.

რაც შეეხება შუბლზე ჭრილობას, ამასთან დაკავშირებით სამინისტროში განმარტეს, რომ საპატრულო პოლიციის ოფისში, „დ.ზ. გაიქცა, თავით დაეჯახა მეტალოპლასტმასის ფანჯარას და ჩაამსხვრია ფანჯრის შუშა“. შესაბამისად, დაკავებული არამხოლოდ სიმთვრალის გამო, არამედ შუშის ჩამტვრევის გამოც დააჯარიმეს.

მეორე დღეს დაკავებულმა სასამართლოში ჩადენილი დანაშაული აღიარა. ის იმავე დღეს დაუკავშირდა „ბათუმელებს“ და ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფოტოსურათების წაშლა ითხოვა. მართლა თქვენ თვითონ დაეჯახეთ ფანჯარას თავით? – „ბათუმელებმა“ გარდა ამისა კიდევ რამდენიმე კითხვის დასმა მოახერხა ზარის ავტორთან. მან თქვა, რომ ის „მართლაც მთვრალი იყო“, რომ „გაბერეს ცემაში“, რომ „თავი იმდენ ხანს არახუნებინეს შუშაზე, სანამ შუშა არ ჩაიმსხვრა“ და რომ ორი შვილი ჰყავს და სულელი ხომ არ იყო სიმთვრალისთვის განსაზღვრული ჯარიმის გამო თავი მოეკლა~.

ინციდენტის მონაწილე პირმა განაცხადა, რომ კატეგორიული წინააღმდეგია ამ ყველაფერზე ღიად ისაუბროს, რადგან თავს დაუცველად გრძნობს.

შემთხვევა მეორე

29 სექტემბერს პოლიციამ ერთ-ერთი მცირე სასტუმროს მეპატრონე პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავა. ისტორია იდენტურია – სცემეს სასტუმროს მეპატრონეს და შენობაში მყოფ კიდევ ერთ პირს.

ინციდენტის მონაწილის ახლობლის თქმით, სასტუმროს მეპატრონის მიმართ დევნა, სავარაუდოდ, მას შემდეგ შეწყდა, რაც „საქმეში ჩაერია აჭარის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი“.

მხარემ ინფორმაციის გასაჯაროება სწორედ ამის შემდეგ აღარ მოინდომა.

“ინციდენტი თითქოს ჩემი ნათესავის გაფრთხილებით ამოიწურა – უთხრეს, რომ სასტუმროს რემონტს როცა დაამთავრებს, შეუძლია გააქირაოს, მაგრამ თვითონ ვერ იმუშავებს. ეს უფრო „ბორდელების კრიშასთან“ დაკავშირებული საქმის გარჩევას ჰგავდა“, – უთხრა „ბათუმელებს“ დაკავებულის ახლობელმა, რომელიც ამბობს, რომ დანამდვილებით ვერ იტყვის, შეწყდა თუ არა აღნიშნული საქმის ძიება და თუ შეწყდა, რის საფუძველზე. მან დაზუსტებით მხოლოდ ერთი რამ იცის: ვიდრე თანამდებობის პირი დარეკავდა პოლიციის იმ განყოფილების უფროსთან, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა, მისი ახლობელი უკვე დაკითხული ჰყავდათ, ანუ გარკვეული დოკუმენტაცია პოლიციაში უნდა არსებობდეს.

შემთხვევა მესამე

თავდაპირველად შედგენილი დოკუმენტის შეცვლა პოლიციაში პრობლემას რომ არ წარმოადგენს, ამას 30 სექტემბერს ქობულეთში მომხდარი ინციდენტი ადასტურებს. ამ დღეს აჭარის ტელევიზიაზე მიკუთვნებული ავტომანქანა ქობულეთში გაიტაცეს და დაამტვრიეს, ხოლო დაზარალებულმა პოლიციას მიმართა.

ამ ისტორიაში მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქობულეთის პოლიციის უფროსი ზაქარია გურჩიანი დაზარალებულ მხარეს, ამ შემთხვევაში ჟურნალისტს, ურჩევს უკვე მიცემული ჩვენება შეცვალოს. ჟურნალისტმა პოლიციის უფროსთან საუბარი ფარულად ჩაწერა და შემდეგ გამოაქვეყნა. ამ ფაქტს თუ განვაზოგადებთ, გამოდის, რომ თუ პოლიციის უფროსი მოინდომებს, ოფიციალურად მიცემული ჩვენების შეცვლა შესაძლებელია, ანუ ამ გზით შეიძლება ნებისმიერი დანაშაული მიიჩქმალოს.

გარდა ამ ფაქტებისა, „ბათუმელების“ ჟურნალისტმა საკუთარი თვალით ნახა კიდევ ერთი პირი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა მძიმე დაზიანება. ის ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე დააკავეს. დაკავებულმა თქვა, რომ პოლიციაში აწამეს, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე ეხება ოზურგეთის პოლიციას – დაკავების შემდეგ ის სწორედ ოზურგეთში გადაიყვანეს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აჭა¬რაში სამი ფაქტი დაფიქსირდა, რაც პოლიციის მხრიდან მოქალაქეების მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით აჩენს კითხვებს. ამ კითხვებზე პასუხები, ჯერჯერობით, არ არსებობს.

თანამდებობაზე მყოფი პოლიციელები აჭარაში

დღეიდან, რეფორმის თანახმად, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოს ეწოდება აჭარის პოლიციის დეპარტამენტი, ხოლო მის ხელმძღვანელს – დეპარტამენტის დირექტორი. ამ უწყებაში დირექტორად კვლავაც 30 წლის ბესიკ ამირანაშვილი რჩება. ბესიკ ამირანაშვილი წინამორბედებისგან იმით გამოირჩევა, რომ მან თავის დაქვემდებარებაში მყოფი თითქმის ყველა უწყების პირველი პირი გამოცვალა. ბესიკ ამირანაშვილი ბათუმამდე კახეთში მუშაობდა – ის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო 2014 წელს.

 

ბესიკ ამირანაშვილი
ბესიკ ამირანაშვილი

ვინ

არიან ბესიკ ამირანაშვილის გუნდის წევრები?

აჭარის პოლიციის დეპარტამენტში ადმინისტრაციის უფროსად დავით მჭედლიძე ცოტა ხნის წინ დაინიშნა. მანამდე ის შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქურთას რაიონული სამმართველოს უფროსი იყო.

დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე, გიგლა მოსიძე ჯერ კიდევ ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების უფროსად მუშაობდა, როდესაც ის საია-ს აჭარის ოფისმა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფირის გაქრობაში დაადანაშაულა. საქმე ეხება 2013 წელს აჭარის სამმართველოს მაშინდელი უფროსის, ვალერი თელიასა და საიას თანამშრომელს შორის მომხდარ ქუჩის ინციდენტს, როცა ვალერი თელიამ საიას თანამშრომლის მიმართ ანთებული სიგარეტი ისროლა და პერანგი შემოახია. ინციდენტის ადგილზე დამონტაჟებული ორი კამერიდან ერთ-ერთზე დაფიქსირებული კადრები წაიშალა. თვითმხილველმა ჟურნალისტმა მაშინ თქვა, რომ კადრები გიგლა მოსიძემ ამოიღო.

დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილის – მირიან თოფურიას სახელი და გვარი კი მას შემდეგ არის ცნობილი, როცა “ნაციონალურმა მოძრაობამ” განაცხადა, რომ მათ თანაპარტიელ თენგიზ გუნავას (სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი) ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს. ეს შემთხვევა 2013 წელს მოხდა. გენერალური ინსპექციის მაშინდელი დადგენილებით, თენგიზ გუნავას დაკავება-ჩხრეკა უკანონოდ ჩატარდა, მაგრამ მისთვის იარაღისა და ნარკოტიკის ჩადება არ დადასტურდა. იმავე მასალებით, მირიან თოფურია გუნავას დაკავებაში მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა მან შეადგინა პატაკი, რომლის თანახმადაც გუნავას უნდა ჰქონოდა იარაღი და ნარკოტიკი.

ბათუმში გადმოყვანამდე მირიან თოფურია კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე-დეტექტივების სამმართველოს უფროსი იყო.

მირიან თოფურიასთან ერთად უბნის ინსპექტორების ახალი უფროსი მიხეილ ბარნოვი ამ წლის აგვისტოში ერთ-ერთმა ადვოკატმა იმაში დაადანაშაულა, რომ მათ დაკავებულს იძულებით დაალევინეს წყალი, რომელშიც შერეული იყო ნარკოტიკული ნივთიერება. დაკავებულები მაშინ ამბობდნენ, რომ ისინი არ არიან ნარკოტიკის მომხმარებლები და მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის – ლავასოღლის ახლობლები არიან.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივებს ანუ გამოძიებას გიორგი რევაზიშვილი ხელმძღვანელობს. სწორედ ამ პოლიციელის ქმედების გამოძიების თხოვნით მიმართა სახალხო დამცველმა პროკურატურას 2013 წელს. „საგარეჯოს პოლიციის უფროსის მოადგილემ, გიორგი რევაზიშვილმა სახალხო დამცველის რწმუნებულები პოლიციის შენობიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაყარა. გიორგი რევაზიშვილის საქციელი სცდება დისციპლინური და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებს და შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც. სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა მინისტრის პარალელურად, მივმართე მთავარ პროკურორსაც, წინასწარი გამოძიება ჩაეტარებინა ზემოაღნიშნულ ფაქტებზე“, – აცხადებდა მაშინ სახალხო დამცველი.

უცნობია, რა დაადგინა სამინისტრომ ან პროკურატურამ სახალხო დამცველის ამ მიმართვაზე. საყურადღებოა ისიც, რომ არსებობს გიორგი რევაზიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები.

გიორგი რევაზიშვილი 2013 წელს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ – დეტექტივების განყოფილების უფროსად მუშაობდა.

ბათუმის სამმართველოს ახალი უფროსი, ლაშა გოგნიაშვილიც ბესიკ ამირანაშვილის კადრია. ამ პოლიციელთან დაკავშირებით 2012 წელს გაცილებით მძიმე ბრალდება გაჩნდა, ვიდრე გიორგი რევაზიშვილის მიმართ – 2012 წლის 24 სექტემბერს „ქართული ოცნების” ქარელის ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა გიორგი ბერუაშვილმა განაცხადა, რომ ქარელის პოლიციის უფროსი ლაშა გოგნიაშვილი, სამ თანმხლებ პირთან ერთად, ქუჩაში დახვდა და მისთვის იარაღის ჩადებას ცდილობდა. გიორგი ბერუაშვილი მაშინ ყვებოდა, რომ ლაშა გოგინაშვილი „დღისით-მზისით გაეკიდა, იარაღი დაუმიზნა და სროლით დაემუქრა“.

უცნობია, გენერალურმა ინსპექციამ რა დაადგინა ლაშა გოგინაშვილთან დაკავშირებით.

გასულ კვირას ქობულეთში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო მუნიციპალიტეტის პოლიციის უფროსის ზაქარია გურჩიანის მიმართაც. ის თანამდებობას ჯერ კიდევ ინარჩუნებს. საქმის შესახებ გენინსპექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი, მაგრამ რამდენად იქნება ეს საჯაროდ ხელმისაწვდომი, უცნობია.

ბათუმის სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე დეტექტივების ხელმძღვანელს, თემურ მახარაძეს გასულ კვირას მაიზერ ხვარეშია ჩაენაცვლა. მანამდე მაიზერ ხვარეშია ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილებას ხელმძღვანელობდა, რამდენიმე თვის განმავლობაში. თავად თემურ მახარაძე კი მე-6 განყოფილების (ბულვარის პოლიცია) უფროსად დაინიშნა.

გასულ კვირას ცვლილებები შეეხო ქალაქის პოლიციის განყოფილებებსაც, მაგალითად, ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილებაში უფროსად დაინიშნა იაგო დავითაძე, რომელიც აქამდე პოლიციის მე-5 განყოფილების უფროსი იყო. იაგო დავითაძეს ჩაენაცვლა ირაკლი კიკალიშვილი, რომელიც მე-5 განყოფილების ხელმძღვანელად დაწინაურებამდე, სულ რამდენიმე თვის განმავლობაში, აჭარის მთავარ სამმართველოში ოპერ-მუშაკად მუშაობდა.

მე-7 განყოფილების უფროსის მოადგილედ დაინიშნა თორნიკე ონიანი, რომელიც აქამდე, ერთი თვის განმავლობაში, აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივი იყო.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უფროსის პოსტს მამუკა კბილცეცხლაშვილი ინარჩუნებს. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, 2014 წელს, ის კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თელავის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: