მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერის მოადგილის გამოხმაურება: „ქორეოგრაფიული ჯგუფი რუსეთში არ მიდის“

24.03.2017
ბათუმის მერის მოადგილის გამოხმაურება: „ქორეოგრაფიული ჯგუფი რუსეთში არ მიდის“

ბათუმის მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილი გამოეხმაურა „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მერიის ქორეოგრაფიული ანსამბლის რუსეთში დაგეგმილ გასტროლთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ გასტროლი დაგეგმილი არ ყოფილა. „ბათუმელებმა“ ინფორმაცია დღეს მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ბიუჯეტის ცვლილებების პროექტზე საკრებულომ იმსჯელა და დაამტკიცა.

„…როდესაც აიპი კულტურის ცენტრის რომელიმე შემოქმედებითი კოლექტივი გადაადგილდება საზღვარგარეთ, ამისთვის საჭიროა მერის ან მერიის რომელიმე კურატორის წერილობითი თანხმობა, რომელიც არ ყოფილა. შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ იქედან გამომდინარე როგორი დამოკიდებულებაც გვაქვს ჩვენს „კეთილ“ მეზობელთან, რომელსაც ტერიტორიების ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული, ვიმსჯელეთ ბატონ გიორგი ერმაკოვთან და ერთხმად მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ჯგუფი რუსეთში არ მიდის. ეს გამგზავრება არც იგეგმებოდა.“

მერიამ გასტროლების შესახებ ბიუჯეტის ცვლილებების დღეს დამტკიცებულ პროექტში ჩაწერა რუსეთში გასტროლების შესახებ, რაზეც ალექსანდრე მითაიშვილი ამბობს: „ეს მხოლოდ პროცედურული საკითხია. ასეთ გადაწყვეტილებას სჭირდება მერიის წერილობითი თანხმობა ქორეოგრაფიული ჯგუფის გასტროლზე რუსეთში“.

მერის მოადგილემ განმარტა, რომ ბიუჯეტში ღონისძიების ასახვა და თანხის გათვალისწინება არ ნიშნავს იმას, რომ ეს ღონისძიება ნამდვილად შედგება. მერის მოადგილე არ გამორიცხავს იმასაც, რომ მისი ასახვა ბიუჯეტში მერთან შეთანხმებული არ ყოფილა.

ამონარიდი ბიუჯეტის პროექტიდან, სადაც შეტანილია ინფორმაცია დაგეგმილი გასტროლის შესახებ რუსეთში. ბიუჯეტი საკრებულომ დღეს დაამტკიცა.

ამონარიდი ბიუჯეტის პროექტიდან, სადაც შეტანილია ინფორმაცია დაგეგმილი გასტროლის შესახებ რუსეთში. ბიუჯეტი საკრებულომ დღეს დაამტკიცა.

ალექსანდრე მითაიშვილმა დღეს ისიც აღნიშნა, რომ კულტურის ცენტრის შემოქმედებით ხელმძღვანელს ანა სიხარულიძეს უფლებამოსილება არ ჰქონდა „ბათუმელების“ კითხვებზე ეპასუხა. მას ჩვენ მას შემდეგ მივმართეთ, რაც კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ჯონი საბაშვილმა ტელეფონს არ უპასუხა.

ანა სიხარულიძემ „ბათუმელების“ კითხვებს ოპერატიულად უპასუხა. ვიცე-მერი თვლის, რომ ანა სიხარულიძემ თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა. სწორედ ამიტომ „ბათუმელებმა“ ჰკითხა ვიცე-მერს დაეზუსტებინა, კომენტარის გაკეთების გამო ანა სიხარულიძეს პრობლემები ხომ არ შეექმნება სამსახურში, რაზეც ვიცე-მერმა განაცხადა, რომ – არა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: