2017 წლის ათი მთავარი ამბავი

2017 წელი საქართველოსთვის საკმაოდ რთული იყო. საზოგადოება და ხელისუფლება არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. „ბათუმელები“ ათი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ.

ევროპაში ვიზის გარეშე 

ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას 2017 წლის 2 თებერვალს დაუჭირა მხარი, 28 მარტიდან კი, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებით უვიზოდ მი­მოსვლის უფლება მიეცათ. 18 სექტემბრის მონაცემებით, ამ პერიოდში შენგენის ზონაში უვიზოდ საქართველოს 86 500 მოქალაქე შევიდა, ხოლო საზღვრიდან გამობრუნების 266 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც საერთო მონაცემის 0.3%-ია. ბოლო მონაცემები, წლის განმავლობაში რამდენმა ადამიანმა იმოგზაურა საქართველოდან შენგენის ზონაში უვიზოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გამოუქვეყნებია.

ფოტო: ევროპული პრესფოტო სააგენტო/EPA -FEDERICO GAMBARINI

ციანიდის სკანდალი საპატრიარქოში

2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა დეკანოზი გიორგი მამალაძე. მისი ბარგის ჩხრეკისას, პროკურატურის ცნობით, ამოღებულ იქნა ნატრიუმის ციანიდი. თავდაპირველად ხელისუფლების განცხადებაში მინიშნებული იყო, რომ იგეგმებოდა გერმანიაში სამკურნალოდ წასული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მკვლელობა, მოგვიანებით კი პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი აპირებდა პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას. მამალაძემ სასამართლო პროცესების დროს თქვა, რომ მისი მეშვეობით მკვლელობის მომზადებაში თანამონაწილეობის დაბრალებას ცდილობდნენ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილისთვის და პატრიარქის დაცვის უფროსის, იოსებ ოხანაშვილისთვის, რომელიც მიტროპოლიტ დიმიტრის სიძეა. მამალაძეს სასამართლომ ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს, სასამართლო სხდომები პროკურატურის მოთხოვნით დაიხურა.

ციანიდის საქმის შემდეგ დროებით შეწყდა იმაზე საუბარი, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი შესაძლოა დიმიტრი შიოლაშვილი გახდეს. ილია მეორემ 23 ნოემბერს თავისი ტახტის მესაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დანიშნა, რაც იმას ნიშნავს, რომ პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში მიტროპოლიტი შიო შეასრულებს მის მოვალეობას, სანამ სინოდი ახალ პატრიარქს აირჩევს.

ფოტო: ევროპული პრესფოტო სააგენტო/ EPA/ZURAB KURTSIKIDZE

პოლიციის წინააღმდეგმარტის  მოვლენები ბათუმში

აქცია ბათუმში 11 მარტს, საღამოს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „ბათუმი  პლაზასთან“ დაიწყო. აქციის მიზეზად დასახელდა ინციდენტი საპატრულო პოლიციასა და მოქალაქეს შორის. პატრულმა მოქალაქე ჯერ არასწორი პარკირებისთვის დააჯარიმა, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავა. დააკავეს მოქალაქის თანმხლები პირიც.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა აქცია თანდათან უმართავი გახდა. აქციის მონაწილეებმა დაიწყეს ქვების სროლა პოლიციელების მიმართულებით, დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციისა და სამოქალაქო პირების მანქანებს, დაამტვრიეს შუქნიშნები. აქციაზე დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი, პოლიციელები და აქციის მონაწილეები. 12 მარტს, დილით, პოლიციამ 40-მდე ადამიანი დააკავა. ბრალი ყველა  დაკავებულმა აღიარა, გარდა ერთისა.

პროკურატურა მიიჩნევს, რომ აქციის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული  ცენტრის“ ხელმძღვანელი, მერაბ ღოღობერიძე და ენმ-ეს ყოფილი წევრი ირაკლი ჩხვირკია. ისინი ბრალს არ აღიარებენ. სასამართლო განხილვა ჯერ კიდევ გრძელდება.

პოლიციის ეზოში მანქანები იწვის. ფოტო: „ბათუმელები“/ მანანა ქველიაშვილი

მუხთარლის გატაცება და ჩაბუქის საქმე

2017 წლის 24 მაისს საქართველოს სამართალდამცავებმა, თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. ჩაბუქი საქართველოში, „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებებში 2002 წლიდან მუშაობდა. თურქეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთულა გიულენთან დაკავშირებულ ორგანიზაცია „ფეტოსთან“ თანამშრომლობს. ერდოღანის მთავრობა „ფეტოს“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და ჩაბუქის ექსტრადაციას ითხოვს.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს თბილისიდან. ჟურნალისტი ოჯახთან ერთად პრეზიდენტ ალიევის რეჟიმს იყო გამორიდებული. თბილისიდან გატაცებული ჟურნალისტი სწორედ ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. მუხთარლიმ თქვა, რომ ის აზერბაიჯანულ მხარეს ქართულმა სამართალდამცავებმა გადასცეს. მუხთარლის გატაცების ფაქტზე საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო კრიტიკა დაიმსახურა. გამოძიებას ამ საქმეზე ჯერ კიდევ არაფერი დაუდგენია.

ჩაბუქისა და მუხთარლის საქმეები შეფასდა, როგორც მეზობელი სახელმწიფოების ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში.

საქართველოს პარლამენტი. ქართველი ჟურნალისტები თავზე ჩამოცმული შავი პარკებით აპროტესტებენ თბილისიდან აფგან მუხთარლის გატაცებას. ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

დეკრიმინალიზაციის მოთხოვნა

10 ივნისს თბილისში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს რეპპროექტ „ბირჟა მაფიის“ წევრები. დაკავებულების თქმით, რეალურად, დაკავების მიზეზი ვიდეოკლიპი იყო, რომლითაც მათ პოლიცია გააშარჟეს. რეპერების დაკავებას ხალხმრავალი აქცია მოჰყვა, სადაც რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს.

24 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო ს­ას­ამ­ა­რთლომ არა­კო­ნსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმა, რომელიც პი­რადი მოხმარების მი­ზნით მარიხუანას შეძენა/შენახვისათვის პა­ტიმრობას ითვალისწინებდა. სასამართლოს არ უმსჯელია მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე.

10 დეკემბერს კვლავ გაიმართა ხალხმრავალი აქცია სამი მოთხოვნით: 1. წლის ბოლომდე დაჩქარებულ რეჟიმში დამტკიცდეს დეკრიმინალიზაციის კანონპროექტი; 2. დაიწყოს პოლიციის რეფორმა და რეპრესიაზე ორ­ი­ენტირებული სისტემა ადამიანზე ორიენტირებული გახდეს; 3. სა­ქა­რთ­ველოს პრეზიდენტმა 2017 წლის დეკემბრის ბოლომდე შეიწყალოს ნარ­კოდ­ანაშაულში მსჯავრდებული პირები.

აქცია თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ტყეები ცეცხლის ალში

20 აგვისტოს, დაახლოებთ 14:30 საათზე, ბორჯომთან ახლოს, სოფელ დაბაში მთის ერთ ფერდობზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც მალევე დიდ ფართობზე გავრცელდა და რამდენიმე დღეში ცეცხლის კერები ბორჯომის ხეობის ტყეების დიდ ნაწილზე გავრცელდა. ხანძრის ჩაქრობაში მეხანძრეებთან ერთად ჯარიც ჩაერთო. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობდნენ ვერტმფრენები ბელორუსიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან.

20-24 აგვისტოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხანძრის 11 კერა გაჩნდა და დაახლოებით 133 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა.

ხანძარი ბორჯომის ხეობაში. ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო

ფაროსანას შემოსევა

მავნებელმა მწერმა, აზიურმა ფაროსანამ, წელს საქართველოს რეგიონები დააზარალა. მწერმა, რომელიც 300-მდე სასოფლო-სამეურნეო კულტურას ანადგურებს, შემოსავლის გარეშე დატოვა ათასობით ოჯახი, განსაკუთრებით იზარალეს მათ, ვისი შემოსავლის წყაროც თხილი და სიმინდია. სპეციალისტების შეფასებით, საქართველოს მთავრობამ ფაროსანასთან ბრძოლა პირველივე ეტაპზე დააგვიანა, რასაც  მწერის მასობრივი გავრცელება მოჰყვა, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში.

რა ზარალი მიაყენა მავნებელმა მწერმა საქართველოს, ჯერ ცნობილი არ არის.

2018 წელს ფაროსანასთან ბრძოლაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ფაროსანა მთავრობის კანცელარიაში. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თვითმმართველობის არჩევნები

2017 წლის 21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვი­თმ­მართველობის არჩევნები გაიმართა. ამომრჩეველმა 64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი აირჩია. ქუთაისში, ყაზბეგში, ბორჯომში, ოზურგეთში, მარტვილსა და ხაშურში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

წელს ქვეყნის მასშტაბით სახელისუფლო პარტიას ამომრჩევლის 55.81%-მა დაუჭირა მხარი. მერის არჩევნებზე ორმა დამ­ოუკიდებელმა კანდიდატმა – ოზურგეთსა და თიანეთში სახელისუფლო კანდიდატს მოუგო. გარდა ამისა, დამოუკიდებელმა კანდიდატებმა არჩევნები მოიგეს 22 მაჟორიტარულ ოლქში.

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამო­მ­რჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებზე 1 570 500 ამომრჩეველი მივიდა.

ფოტო: „ბათუმელები“/ მანანა ქველიაშვილი

ანტიტერორისტული სპეცოპერაცია თბილისში

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაცია 21 ნოემბერს, 20:00 საათზე დაიწყო და 22 ნოემბერს, 17:30 საათზე დასრულდა. სუს-ის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი და დააკავეს – ერთი. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაიჭრა – ოთხი. ოპერაციის შემდეგ მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოკლულებს შორის ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რაც რამდენიმე დღის შემდეგ სუს-მაც დაადასტურა. ჩატაევი ISIS-ის რუსულენოვანი ქვედანაყოფის, „იარმუკის ბატალიონის“ უფროსი, აშშ-ის მიერ საერთაშორისო ტერორისტთა სიაში იყო შეყვანილი. ახმედ ჩატაევის სახელი მედიაში პირველად 2012 წელს, ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ გამოჩნდა. ასევე ითქვა, რომ ის წინა ხელისუფლების დროს საქართველოს რეკრუტირებული აგენტი იყო. ლაფანყურის სპეცოპერაციის სასამართლო გამოძიებამ ჩატაევი პატიმრობიდან გაათავისუფლა. კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შესახებ საზოგადოება ამ დრომდე არ ფლობს ამომწურავ ინფორმაციას.

სპეცოპერაცია თბილისში. ფოტო: მიშა მეფარიშვილი

ხანძარი სასტუმროლეოგრანდში

24 ნოემბერს ბათუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, 21 კი საავადმყოფოში აღმოჩნდა.

ხანძრის შედეგებზე საუბრისას საქართველოს ხელისუფლებამ აღიარა, რომ უსაფრთხოების კუთხით (მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების), ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა. მთავრობამ განაცხადა, რომ სახანძრო უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის მექანიზმები არაეფექტურია და პირობა დადო, რომ კანონს გაამკაცრებს. გამოძიება ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, არ დასრულებულა.

სასტუმრო „ლეოგრანდის“ გაბზარული მინა ბათუმის ტრაგედიის სიმბოლო გახდა. ფოტო: ირაკლი მეტრეველი

მასალა გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“

დღეს რა ვჭამოთ?

ავტორი: თამარა მირიანაშვილი

ჩემთვის ბავშვობიდან რიტუალი იყო სასუსნავების მომზადება, თუნდაც ყველაზე მოკლე მანძილზე, სახლიდან ბაღჩაში გასვლა, იქ თამაში და შემდეგ შესვენებისას სუფრის გაშლა. არადა, სახლი ორ ნაბიჯში იყო. სადაც არ უნდა წავსულიყავი, სოფელში, ზოოპარკში თუ ვენახში, თან ყოველთვის მქონდა საგზალი. ყველაზე ტკბილად მახსენდება ის დრო, როდესაც ბაბო უმზადებდა პაპას ხურჯინს ვენახისთვის, არდადეგების დროს, როდესაც მეც სოფელში ვიყავი. მივყვებოდი ხოლმე პაპას ვენახში და ერთი სული მქონდა, როდის გავხსნიდი ჯადოსნურ ხურჯინს და იქიდან მწვანე მოლზე საოცრებებს გადმოვალაგებდი.

დიდი დრო გავიდა, ბევრი რამე შეიცვალა და განვითარდა. მიუხედავად იმისა, რომ არც იმდენი დრო აღარ მაქვს, ძველი რიტუალები ისევ შემომრჩა დღესაც, და ვცდილობ ამ პროცესით მიღებული სიამოვნება არ მოვიკლო ხოლმე.

დღესაც, როგორც კი სახლიდან გარეთ აღმოვჩნდებით, სამსახური იქნება, უნივერსიტეტი, ბიბლიოთეკა თუ სხვა რამ, ჩვენს დღის წესრიგში აუცილებლად შემოდის კითხვა – დღეს რა ვჭამოთ? ერთი შეხედვით მარტივი კითხვაა და თითქოს მარტივად მოსაგვარებელიც, თუმცა მთელი რიგი ნიუანსების გათვალისწინებით, საკითხი სულ უფრო და უფრო რთულდება.

სამსახურის შემთხვევაში შესვენება ერთი საათია, ზოგჯერ შეიძლება ამის ფუფუნებაც არ იყოს. არსებული რეალობის გათვალისწინებით კი, რამდენიმე ალტერნატივა გვაქვს:

[checklist]

  • ახლომდებარე კაფე/რესტორნები;
  • სამუშაო დაწესებულების
  • სამზარეულო/თვითმომსახურების სივრცე;
  • ადგილზე მოტანის სერვისი;
  • საოჯახო სამზარეულოები;
  • ლანჩბოქსი სახლიდან.

[/checklist]

ყოველდღე კაფეში გასვლა მნიშვნელოვან დანახარჯებთან არის დაკავშირებული, ამას დაუმატეთ დრო, რომელიც კაფეში მისასვლელად, უკან დასაბრუნებლად და შეკვეთის ლოდინისთვის გჭირდებათ. თუმცა გასვლას აქვს ერთი დადებითი მხარე, როდესაც მთელი დღე ოფისში, ერთსა და იმავე სივრცეში ხართ, გინდათ, რომ ეს ერთი საათი გამოიყენოთ, გახვიდეთ გარეთ, ჰაერზე და გარემო გამოიცვალოთ, რასაკვირველია, ცოტა ზედმეტი ხარჯის სანაცვლოდ.

ადგილზე მოტანის სერვისიც არანაკლებ პრობლემატურია. ასეთი სერვისების დიდი ნაწილი პირდაპირ დამოკიდებულია სხვადასხვა კაფე-რესტორნის მუშაობის სისწრაფესა და კერძების ხარისხზე, ანუ თუ იგვიანებს რესტორანი, იგვიანებს ადგილზე მიტანის სერვისიც, და თუ ეს ყველაფერი პიკის საათებს დაემთხვა, კიდევ დიდხანს მოგიწევთ ლოდინი და ნერვიულობა.

პირველ-ორ ვარიანტთან შედარებით, დროის და ფინანსების თვალსაზრისით, ადამიანები ახლომახლო მდებარე საოჯახო სამზარეულოებს ანიჭებენ უპირატესობას, სადაც სწრაფად აირჩევ უკვე მომზადებულ კერძს, რასაც შემდეგ ან ადგილზე მიირთმევ, ან სამსახურში.

თუმცა, როდესაც ჯანსაღად კვების სურვილი გაქვს, კაფე-რესტორნების მსგავსად, საოჯახო სამზარეულოებსაც მწირი არჩევანი აქვთ, რადგან აქ ათიდან ცხრა სალათი მაიონეზით არის მომზადებული, ზეთში მრავალგზის შემწვარი ხორცპროდუქტები და ცომეული შეგხვდებათ უფრო მეტად.

საუკეთესო გამოსავალი სახლიდან, ლამაზ ლანჩბოქსებში ჩაწიკწიკებული საკვები უნდა იყოს, მაგრამ აქაც ვაწყდებით გარკვეულ პრობლემებს.

პირველ რიგში, სახლიდან წამოღებული საკვები ჯერ კიდევ „ტეხავს“ მთელ რიგ წრეებში და უსახსრობის, დაბალი სოციალური სტატუსის მაჩვენებელია, ბევრისთვის წარმოუდგენელია უნივერსიტეტის კაფეტერიაში ან სამსახურის საერთო სასადილო სივრცეში საკუთარი საკვებით შესვლა. თუმცა ნელ-ნელა ყინულმა დნობა დაიწყო, მაღაზიის დახლებზე ლამაზი ლანჩბოქსები და ლანჩის ჩანთებიც კი გამოჩნდა, მაგრამ საწყისი ეტაპისთვის მიზეზად ჯერ კიდევ დიეტას ან/და სპეციალურ კვებას ასახელებენ.

ფილმებში, გადაცემებში თუ მოგზაურობის დროს გვინახავს, შესვენების დროს როგორ გამოდიან გარეთ სტუდენტები, თანამშრომლები და ღია სივრცეში, თუ კარგი ამინდია გარეთ მიირთმევენ საკვებს ერთად ან გადიან დაწესებულების საერთო კაფეტერიაში. საზღვარგარეთ ეს ძალიან მიღებული და გავრცელებული ფორმაა.

ჩვენ შემთხვევაში, პირველი პრობლემა, რასაც სამსახურში ვაწყდებით, შესაბამისი სივრცის არარსებობაა. თუ თქვენ რაიმე დიდ დაწესებულებაში, საერთაშორისო ორგანიზაციაში და ა.შ. არ მუშაობთ, სადაც დიდი სივრცის საშუალებაა, გამოყოფილია ცალკე სამზარეულო-სასადილო სივრცე, მაშინ განწირული ხართ იმისთვის, რომ ან მუდმივად გარეთ იაროთ საკვებად, თუ გაქვთ ამის დრო და ფული, ან პაწაწუნა ოფისში მიირთვათ თანამშრომლების და ხშირად კლიენტების თანდასწრებითაც კი.

მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდვააო, მეორე პრობლემად სწორედ ჭამის დროს პარტნიორის არარსებობა სახელდება. სავსებით შესაძლებელია, რომ ლანჩბოქსი სხვას არ მოჰქონდეს ოფისში ან არც გარეთ გასვლა მოუნდეს ვინმეს და ჭამაც მარტო გიწევდეთ, ამიტომ ხშირად დღე გადაგაქვთ რძის პროდუქტებით, სასუსნავებით და ცხელი სასმელებით, რაც გრძელვადიან რეჟიმში ჯანმრთელობისთვის მავნებელია.
კიდევ ერთი უხერხულობა, რაც საკვების სახლიდან წამოღებისას სახელდება, ეს არის საკუთარი ტრანსპორტის არ ქონა, რადგან ბევრისთვის ლანჩბოქსის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ტარება მოუხერხებელია, ასევე, თუ საღამოს სადმე „გაშრიალებას“ დააპირებთ, ლანჩბოქსი, უბრალოდ, საით მოისროლოთ არ იცით.

ვიღაცისთვის ჭამა ერთ-ერთი მორიგი ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა, ვიღაცისთვის კი – მთელი რიტუალი, რაზეც დიდხანს ფიქრობს, ემზადება და ყურადღებით ეკიდება. შესვენების დროს კაფეში გასვლის და შეკვეთის ლოდინის დრო გაქვთ? მე დარწმუნებული ვარ, რომ საღამოს, ნახევარ საათს აუცილებლად გამონახავთ ქორფა სალათის დასაჭრელად, ბოსტნეულის, ყველისა და ხორცის ბუტერბროდების, შემწვარი ან მოხარშული ხორცის (რომელიც სალათის მომზადების პარალელურად იხარშება ან იწვება) და ხილის ლანჩბოქსში ჩასაწყობად.

ყოველთვის, როდესაც მთელი დღის ოფისში გატარებას ვგეგმავ, აუცილებლად თან დამაქვს ლანჩბოქსი, ლანჩის ლამაზი ჩანთით. კაფე-რესტორნების მენიუ, ძირითადად, ერთნაირია, ერთნაირი სალათები, ცომეული, წვნიანები. ამიტომ, სახლში მომზადებით, ბოსტნეულისა და ხორცეულის გადათამაშებით უფრო მეტად გავანებივრებთ საკუთარ თავს. თუ სადმე გაიჭედეთ, ინტერნეტში უამრავ საინტერესო და რაც მთავარია, სწრაფად მომზადების იდეას წააწყდებით.

რამდენიმე იდეა ლანჩისთვის

 

[red_box]

სენდვიჩები

გახუხული პური, ყველი, შემწვარი კვერცხი, ლორი, კიტრის მწნილი ან ცოცხალი ბოსტნეული, ესეც, როგორც როლების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიირთვად ცივადაც და ცხლადაც.

[/red_box]

როლები

სომხურ ლავაშში გადაახვიეთ წვრილად დაჭრილი, შეკმაზული ბოსტნეული (თქვენი სურვილის მიხედვით), შეგიძლიათ შეურიოთ ყველი ან/და ხორცი, გაჭრათ ორ ნაწილად და მოათავსოთ კონტეინერში.
ასევე შეგიძლიათ მხოლოდ ხორცი ან/და ლორი და ყველი გადაახვიოთ და მიკროტალღურში შეაცხელოთ.

[red_box]

სოუსები

მწვანილით და სუნელებით შეკმაზული არაჟანი ან მაწონი;
ძმრის და ზეითუნის ზეთი ბაზილიკოთი (სალათებისთვის).

[/red_box]

პასტა/ბრინჯი

მოხარშულ პასტას ან ბრინჯს შეურიეთ ნებისმიერი მოშუშული ბოსტნეული, ყველი ან/და ხორცი, შეგიძლიათ მიირთვათ ცივად როგორც სალათა, თუ გაცხელების საშუალება არ გაქვთ.

ვინ შეინარჩუნებს და ვინ ვერა სამსახურს ბათუმის მერიაში

ბათუმის მერიას ცხრა სამსახური აქვს. ამ დროისთვის უფროსი აღარ ჰყავს ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურს. ამ სამსახურის უფროსის, ირაკლი ახალაძის მიერ გადადგომის შესახებ განცხადების დაწერის თაობაზე ინფორმაცია, დღეს დაადასტურეს ბათუმის მერიაში. ვაკანსია კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის პოზიციაზე კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამ სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი თენგიზ პეტრიძე ბათუმის ვიცე-მერად დაინიშნა.

ირაკლი ახალაძის მსგავსად ხომ არ აპირებენ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვონ სხვა სამსახურის ხელმძღვანელებმაც. ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, არჩილ ვანაძე აცხადებს, რომ მისი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ როგორი სტრუქტურა ჩამოყალიბდება ბათუმის მერიაში. „ჯერჯერობით ვმუშაობ, დაველოდები სტრუქტურის ჩამოყალიბებას“, – უთხრა „ბათუმელებს“ არჩილ ვანაძემ.

„ჩემთვის არაფერი უთქვამთ, ჯერჯერობით ვმუშაობ“, – აცხადებს მერაბ ქიძინიძეც, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელი.

ზაალ მამუჭაძე – ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კი ამბობს, რომ არ აპირებს გადადგომას. „ჯერჯერობით, ვმუშაობ ჩვეულ რეჟიმში“, – უთხრა მან „ბათუმელებს“. თუმცა, ბოლომდე  სიტუაციაში არც ზაალ მამუჭაძეა გარკვეული.

შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, მამუკა დარჩია ამბობს, რომ, ჯერჯერობით, სურვილი აქვს და მუშაობს. „მომავალში რა იქნება ვნახოთ“. კითხვაზე, რომ გთხოვონ წასვლაზე განცხადებას დაწერთ? – პასუხობს: „ყველაფერ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამის პროგნოზის საფუძველი არ მაქვს, რომ შეიძლება მოხდეს“.

რას აპირებს ბათუმის მერიის სამსახურების შორის ერთადერთი სამსახურის ქალი ხელმძღვანელი. შორის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი სოფო მიქელაძე ამბობს, რომ „ჩვეულებრივად აპირებს მუშაობის გაგრძელებას“.

ქონების მართვისა და ეკონომიური პოლიტიკის სამსახურის უფროსი, გოგა ლომაძე ერთადერთია, ვინც არც სატელეფონო ზარებს პასუხობს და არც სმს შეტყობინებებს. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე გოგა ლომაძეს თანამდებობა არ დაუტოვებია და მუშაობს.

წინასწარი ინფორმაციით, ბათუმის მერიაში არსებულ ვაკანსიები იანვრის ბოლოსთვის შეივსება.

იმ ფონზე, რაც ლაშა კომახიძემ რეორგანიზაცია დაანონსა, ბათუმის მერიის აპარატში თანამშრომლები, როგორც თვითონ აცხადებენ, გაურკვევლობასა და შემცირების მოლოდინში არიან.

ამ დროისთვის თანამდებობა უკვე დატოვა ბათუმის მერიის რამდენიმე აიპის ხელმძღვანელმა.

საბავშვო ლიტერატურის უფასო ციფრული ბიბლიოთეკა

ციფრული ბიბლიოთეკა UCLA 1800-ზე მეტ საბავშვო, ილუსტრირებულ წიგნსა და სასწავლო სახელმძღვანელოს გთავაზობთ უფასოდ. ბიბლიოთეკის არქივში ნახავთ წიგნებს კლასიკური საბავშვო ლიტერატურიდან, ასევე შეუზღუდავადაა შესაძლებელი თანამედროვე ინგლისურენოვანი საბავშვო ლიტერატურის როგორც ონლაინ კითხვა, ასევე გადმოწერა.

მე-17 საუკუნეში საბავშვო წიგნები თითქმის არ არსებობდა. ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ საგანმანათლებლო სახელმძღვანელოები, გრამატიკული თუ სხვა სახის აკადემიური ტექსტები, მაგრამ არა გასართობი ლიტერატურა. მხოლოდ მე-18 საუკუნის შუა წლებიდან ჩნდებიან გამომცემლები, ავტორები და ილუსტრატორები, რომლებიც საბავშვო ლიტერატურის, როგორც გასართობი და არა მხოლოდ საგანმანათლებლო დანიშნულების ტექსტებზე მუშაობენ.

უფასო ბიბლიოთეკაში განთავსებულია 1728-დან 1999 წლამდე გამოცემული ინგლისურენოვანი საბავშვო წიგნების უმრავლესობა.

კითხვის დასაწყებად საკმარისია გვერდზე გადასვლა და საძიებო ფილტრების საშუალებით ავტორის, სათაურის ან გამოცემის წლის მიხედვით ამა თუ იმ წიგნის პოვნა.

 

ბათუმის არქიტექტურის სამსახურის უფროსი გადადგა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახური უფროსი ირაკლი ახალაძე გადადგა. გადადგმის შესახებ განცხადება ირაკლი ახალაძეს გუშინ აქვს დაწერილი. ირაკლი ახალაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ მერიაშიც. „საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა“, – უთხრეს „ბათუმელებს“ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ბათუმის არჩეული მერის ლაშა კომახიძის გუნდში უკვე ვეღარ იმუშავებენ დავით ასამბაძე, ბათუმის „სანდასუფთავების“ სამსახურის  უფროსი. მას ამ თანამდებობაზე, ჯერჯერობით, ნარგიზ ფალავანდიშვილი ცვლის.

გადადგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნატალია ზაქარეიშვილი. მის ნაცვლად ამ თანამდებობაზე, ჯერჯერობით, მამუკა შამილიშვილი მუშაობს. ნატალია ზაქარეიშვილმა თქვა, რომ პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა.

 

 

 

როგორ აღნიშნავდნენ ახალ წელს საუკუნის წინ ნიუ-იორკში

შობა-ახალი წელი ნიუ-იორკელებისთვის ყოველთვის განსაკუთრებული დრო იყო. ქალაქი გუგუნებდა როკფელერ-ცენტრისკენ დაძრული ხალხის ხმაურისგან, აქ იდგა ქალაქის დიდი ნაძვის ხე, აქვე იმართებოდა საახალწლო ბაზრობაც.

მეოცე საუკუნის დასაწყისის ფოტოებიდან ჩანს, რომ ქალაქის რიტმი ასი წლის წინაც თავბრუდამხვევი იყო.

ნიუ-იორკში პირველი საჯარო ნაძვის ხე 1912 წელს მედისონ სკვერ გარდენში დადგეს. ნაძვის დადგმა საქველმოქმედო აქტად იქცა: მეცნიერი ქიმიკოსის მეუღლის, ემილი ლი ჰერშოფის სურვილი იყო დაედგათ ქალაქში საახალწლო ნაძვი, რომ სოციალური სტატუსის მიუხედავად, ყველას შესძლებოდა ნაძვის ხის საახალწლო მორთულობით ტკბობა.

1910 წლის კადრებიდან ჩანს, რომ ქველმოქმედება სადღესასწაულო პერიოდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. კადრებზე ჩანან ხსნის არმიის წევრები, რომლებიც სადღესასწაულო სადილისთვის აგროვებენ შემოწირულობას.

საჩუქრებით გადავსებული ვიტრინები და სათამაშოების გამყიდველებით სავსე ქუჩა დღესასწაულის კომერციულ ასპექტს უსვამს ხაზს.

ფოტოები კონგრესის ბიბლიოთეკის არქივის მხოლოდ ნაწილია და ამერიკის ერთ-ერთ პირველ სააგენტოს Bain News Service-ს ეკუთვნის, რომელიც ნიუ-იორკის ახალ ამბებსა და ყოველდღიურობას ასახავდა.

კადრები გვიჩვენებს, რომ ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ქალაქს, ნიუ-იორკს, საუკუნის წინაც არანაკლებად თავბრუდამხვევი რიტმი გამოარჩევდა დანარჩენი მსოფლიოსგან.

ფოტოები ამერიკის ახალი ამბების ერთ-ერთი პირველი სააგენტოს, Bain News Service-ის გადაღებულია და ამჯერად ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკას ეკუთვნის 

ნიუ-იორკი ამერიკაში იყო პირველი ქალაქი, სადაც 1912 წელს, მედისონ სკვერ გარდენზე საზოგადოებრივი საახალწლო ნაძვის ხე დადგეს 

ქველმოქმედება ნიუ-იორკში დღესასწაულის შემადგენელი აუცილებელი ნაწილი იყო. ამ დროს შეჭირვებული ოჯახების ბავშვებისთვის სათამაშოებსა და საახალწლო სადილის თანხას აგროვებდნენ.

როცა ახალ წელს ნიუ-იორკში მოხვდებით, აუცილებლად შეადარეთ რა შეიცვალა ქალაქში ასი წლის განმავლობაში

მშობლის სევდა

მეღვიძება, ღამეა, ბნელა, რატომ მაღვიძებენ, ჯერ ხომ არ გათენებულა, არადა მაღვიძებენ, გვერდით ოთახში მაღვიძარა რეკავს, ესე იგი, გათენდა. წამოვჯექი საწოლზე, ფარდას სწევს დედა, იასამნისფერი შუქი შემოდის ოთახში, თენდება, ნივთებს ვარჩევ, ჩემს ოთახში ვარ, დიდი ხანი არაა, რაც საკუთარი ოთახი მაქვს, პირადი სივრცე. ძალიან მიხარია, ამერიკელი თინეიჯერი მგონია თავი, შევიკეტები ოთახში და არ გამოვდივარ, მეგობრებსაც ოთახში ვიღებ.

სამზარეულოში გავდივარ. დღე დამოკლდა, ღამე დაგრძელდა, ამბობს დედა, ზამთარია რა უკვე, ამბობს მამა და თვალებს იფშვნეტს. ცივა, კბილების გამოხეხვა არ მინდა, წყალი ცივია. უნდა ჩავიცვა, მერე წიგნები ჩავალაგო ჩანთაში, ქიმია არ მისწავლია, იმედი მაქვს, არ გამომიძახებს მასწავლებელი. დღეს ის დამპალი კლასელი ისევ იტყვის რამე დამპლობას ჩემზე. მეზარება, მაგრამ ვიცი, რომ აუცილებლად უნდა წავიდე სკოლაში, რომ რამდენიმე წელი აუცილებლად უნდა ვიარო სკოლაში.

სკოლაში ის ნაცნობი სუნი, არ მიყვარს, ვერც ერთ სუნს ვერ ვამსგავსებ, შედიხარ თუ არა შენობაში, მაშინვე ცხვირში გეცემა, ყველა ოთახში ერთნაირი სუნია, სკოლის სუნი. პირველი 45 წუთი ნელა გადის, დანარჩენი ექვსი 45 წუთი _ უფრო ნელა. მესამე გაკვეთილზე ვჭამ. ქიმია არ მიძახებს დაფასთან, ახალ პარაგრაფს ხსნის, ბოლო კითხვაზე, გავიგეთ თუ არა, რაც ახსნა, ისევ არ ვიღებ ხმას, არადა, ვერაფერი გავიგე. არ მიყვარს ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია, მძულს, ვიზეპირებ, არ შემიძლია ეს დაზეპირებაც. ყოველ ჯერზე, როცა მოუმზადებელი ვარ, ვცდილობ ავხსნა, რომ სხვა გეგმები მაქვს ცხოვრებაში და არაფერში მჭირდება ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია, მაგრამ არ მისმენენ, მეუბნებიან: გჭირდება, ქიმია ძალიან მნიშვნელოვანია, ასე ნუ უყურებ. ბიოლოგიის მასწავლებელიც იმავეს ამბობს, ფიზიკისაც, გეოგრაფიისაც, ისტორიისაც, შენი წარსული თუ არ იცი, მომავალს როგორ შექმნი; გერმანულის მასწავლებელი ამბობს, რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარ; მარტო ინგლისური ხომ არ არის, რუსულის მასწავლებელი გვიმეორებს, რომ უნდა ვიცოდეთ მტრის ენა.

არ მინდა წარსულის ცოდნა, არც მომავლის შექმნა მინდა, მეცხრე კლასში ვარ, რა დროს ასეთებია, არც ბევრი ადამიანი მინდა ვიყო, ერთი სრულიად საკმარისია, არც მტერი მინდა მყავდეს, მე არავის ვემტერები, მითუმეტეს მტრის ენაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ არავინ გისმენს. ორი წუთიც და გამოვა ზარი, დატოვებ ამ შენობას, მხარზე გადაკიდებული ჩანთიდან წიგნს ამოიღებ და უკანა გზაზე ცოტას წაიკითხავ.

კითხვას ვიწყებ და ყველა პრობლემა ქრება, აღარ მცივა, არც მოკლე დღეზე და გრძელ ღამეზე ვფიქრობ, არც ქიმია, ბიოლოგია და ფიზიკა მაწუხებს, არც დამპალი კლასელის დამპალი წამოძახილი. ნაცნობ სამყაროში ვბრუნდები, იქ ყველაფერი კარგადაა, მომწონს იქაურობა, იქაური სკოლა, იქაური თინეიჯერები, იქაური ამბები. წიგნის პირველი ნაწილი ზაფხულში წავიკითხე, კურორტზე წავიღე და ორ ღამეში მოვუღე ბოლო. მეორე ნაწილიც მოვძებნე, მაგრამ ჯერ არ თარგმნილაო, მერე გამომცემლობის გვერდს ჩავუსაფრდი, ასე მითხრეს, რამდენიმე თვეში გამოვაო, ველოდი, ველოდი და ბოლოს, როგორც იქნა გამოვიდა, ვიყიდე და ნელ-ნელა ვკითხულობ.

ამბავი 16 წლის ბელა სვონზეა, რომელიც მამასთან გადადის საცხოვრებლად ფორკსში, ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქში და ხვდება 101 წლის ვამპირ ედვარს. ედვარდს და ბელას ერთმანეთი შეუყვარდებათ და იწყება დიდი, ძალიან დიდი ვამპირული თავგადასავალი. წიგნი 2005 წელს დაიწერა, რამდენიმე წელში ფილმიც გადაიღეს წიგნის მიხედვით, ავტორმა სულ ოთხი ნაწილი დაწერა და მსოფლიოში გაითქვა სახელი. „ბინდის“ სერია ძალიან პოპულარული გახდა თინეიჯერებში.

საქართველოშიც ძალიან მალე ავიტაცეთ, შეიქმნა „ბინდის“ ფანკლუბები, იყიდებოდა „ბინდის“ პოსტერები, ჩანთები, მაისურები, მოკლედ მთელი თინეიჯერობა შევიშალეთ ბელასა და ედვარდის სიყვარულის ისტორიაზე. წიგნები ხელიდან ხელში გადადიოდა, კითხულობდა მოსწავლე, მასწავლებელი, მასწავლებლის და, მშობელი, ყველა. ამბავი მარტივი იყო, თან დინამიკური, თან გასართობი, თან გაინტერესებდა, რა მოუვიდოდა ბედნიერ წყვილს.

„ბინდის“ წაკითხვის შემდეგ შევაღე კარი მოზარდების ლიტერატურის სამყაროში, სადაც ყველაფერი ძალიან მარტივად იყო და სადაც ყველა გვასწავლიდა, რომ სამყარო კეთილია, რომ ცხოვრება ლამაზია, თუ იბრძოლებ, თუ იცხოვრებ სამართლიანად, თუ გექნება სწორი ღირებულებები, თუ იქნები კეტნის ევერდინივით მამაცი, თუ იქნები ჰარი პოტერივით თავდადებული, თუ იქნები ჰერმიონა გრეინჯერივით ჭკვიანი და პიტა მელარკივით კეთილი.

და არაფერი, ყოველთვის, როცა ზამთარი გრძელი იყო, ყოველთვის, როცა ჩემს ქალაქში წვიმდა, ფეხები მისველდებოდა და არაფერი არ მიხაროდა, როცა მეგონა, რომ სულ 15 წლის ვიქნებოდი, რომ ცხოვრებაში არაფერი შეიცვლებოდა, რომ ჩემზე არც ერთი სკოლა არ იზრუნებდა, ერთადერთი ნუგეში ლიტერატურა იყო, მსუბუქი ლიტერატურა, მოზარდებისთვის გათვლილი წიგნები, სადაც ყველა გმირი, მართალია, ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ მაინც თავისებურად მაგრები არიან.

ჩემს მშობლებს არასდროს დაუშლიათ მეკითხა ის წიგნები, რომლებიც მე მომწონდა, პირიქით, ახარებდათ წიგნთან ნებისმიერი სახის კონტაქტი. იცოდნენ, რომ „ბინდით“ დაწყებული მკითხველის თავგადასავალი აუცილებლად გაგრძელდებოდა სხვა, უფრო ღირებული და დიდი ლიტერატურით. მართლებიც აღმოჩნდნენ, როცა მივხვდი, რომ მოზარდების ჟანრში ყველა წიგნი ერთმანეთს ჰგავს და ყველა გმირი თითქმის ერთნაირია, დავიწყე ახალ-ახალი წიგნების ძებნა, გამოჩნდნენ ახალი ავტორები, ახალი სათაურები, მერე წამოვიდა მასწავლებლების ნაკარნახევი დოსტოევსკი, ჰიუგო, ბალზაკი, ოთარ ჭილაძე, მერე და მერე დავუმეგობრდი „სამ მუშკეტერს“, ვიმოგზაურე „განძის კუნძულზე“, შევიყვარე შექსპირი და ღამეებს ვათენებდი ჟან ვალჟანთან ერთად.

მერე და მერე, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე და პირველი სამსახური დავიწყე წიგნის მაღაზიაში, ჩემმა უფროსმა მითხრა, ძირითადად თინეიჯერები დადიან ჩვენს მაღაზიაში და თინეიჯერების მშობლებიო. ვიფიქრე, ვახ, რა მაგარია, ახლა შემიძლია ის წიგნები ვურჩიო 15 წლის ბიჭებსა და გოგოებს, რომლებმაც ერთ დროს მე გადამარჩინეს, გადამატანინეს უამრავი დამცირება, შეურაცხყოფა, წიგნები, რომლებმაც შემაყვარეს ლიტერატურა და ცხოვრება-მეთქი.

შემოდის ქალი, ასაკი 40-45 წელი, მოზარდის მშობელია, უკვე ორი თვეა ვმუშაობ და ვცნობ, სახეზე აწერიათ, რა უნდათ, რისთვის შემოვიდნენ, იყიდიან თუ არა რამეს, სჭირდებათ თუ არა ჩემი დახმარება და ასე შემდეგ. წიგნს ეძებს გოგონასთვის, რომელიც არ არის მაინც და მაინც დიდი მკითხველი, მივდივარ მოზარდების თაროსთან, ჯერ ერთ წიგნს ვიღებ პერსი ჯეკსონზე, ანტიკური ღმერთის შვილზე, რომელიც ჩვენს საუკუნეში ცხოვრობს, უი, არა, აბა, რამე სხვაო, მერე ფენტეზის ჟანრიდან ვურჩევ წიგნს, უი, ფანტასტიკები და ეგეთები არ მინდა, მერე „გიკი გოგოს“ წიგნს ვაჩვენებ, ერთ-ორ სიტყვას ვეუბნები, უი, რამე უფრო სერიოზული, უფრო სერიოზულსაც ვაძლევ, კლასიკები საით გიდევთ, მეკითხება და ზურგს მაქცევს, თვითონ იქექება წიგნებში, ხლაფორთობს, ფასებს აკვირდება, წიგნებს ფურცლავს.

მეც სალაროსთან ვბრუნდები, ხელს აღარ ვუშლი, ვხვდები, რომ ჩემი ჩარევა საჭირო არ არის, რამდენიმე წუთში მოდის სალაროსთან, წინ წიგნს მიდებს, ამას ავიღებო, მაინ რიდის „უთავო მხედარი“, კარგი არჩევანია, ვეუბნები თავაზიანად, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ მოეწონება? იქნებ რამე უფრო მსუბუქით დაგვეწყო, ქალი არ მისმენს, სწრაფად იხდის ფულს და გადის მაღაზიიდან.

რამდენიმე დღეში ბრუნდება, თავს მახსენებს, ამჯერად უმცროსისთვის ვეძებ, სამი წლის არისო, აქაც იგივე, ვთავაზობ ბევრ ვარიანტს, მაგრამ არ მიჯერებს და ბოლოს ილუსტრირებულ ბიბლიას იღებს. ისევ გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ კითხვებს აღარ ვსვამ. სალაროსთან მოდის, ფულს იხდის და სწრაფად გადის, გასვლამდე მაინც ვეკითხები, მოეწონა გოგონას „უთავო მხედარი?“ ვერ წაიკითხა, მგონი ადრეა ჯერ, მოვიყვან მერე მას და ერთად შევარჩევთო.

გამარჯვებულის ღიმილით ვემშვიდობები, ზუსტად ვიცი, რომ არ მოიყვანს, იმდენი მშობელი მინახავს, იმდენი შვილი, აღარ მჯერა უკვე ეგეთების, ან თუ მოიყვანა, ისევ თვითონ შეარჩევს, ბავშვს აიძულებს, რომ თავი დაუქნიოს, ხშირად მესმის ფრაზა, კაი, რა დედა, ეს რად გვინდა, ნახე აგერ, „სამი მუშკეტერი“.

დღესაც, როცა უკვე აღარ ვმუშაობ წიგნების მაღაზიაში, როცა უკვე ნაკლებად მიწევს მშობლებისა და მოზარდებისთვის რჩევის მიცემა, სულ მინდა მოვყვე, რა მაგარია, როცა წიგნებს თვითონ არჩევ, რა მაგარია, როცა არავინ გტენის ხელებში იმას, რისი წაკითხვაც არ გინდა, რა მაგარია, როცა პატარა ხარ, გგონია, რომ მარტო ხარ და უცებ მეგობარს იპოვი წიგნის ფურცლებზე. მერე რა, რომ წიგნი ვერ არის მთლად დიდი ლიტერატურა, იქნებ კარგი დასაწყისია, დიდ ლიტერატურამდე რომ მივიდეთ.

სულ მინდა ჩამოვუსხდე მშობლებს და ვუთხრა, რომ ცხოვრება ასეთია, აზრი არ აქვს ბრძოლას, დრო იცვლება, იცვლება ლიტერატურა, იცვლებიან გმირები, იცვლება აქტუალური თემები, იცვლება ბავშვების გემოვნება, ადრე თუ დარტანიანი იყო ყველაზე მაგარი ბიჭი, დღეს ლაბირინთში მორბენალი პატარა ბიჭუნაა ყველაზე მაგარი. ვუთხრა, შვილის ყოლა რთულია, რომ რაღაცები, რაც ჩვენ გვიყვარდა ბავშვობაში, შეიძლება საერთოდ აღარ მოეწონოთ ჩვენს შვილებს.

სულ მინდა მოვყვე ზამთრის იმ მოკლე დღეებზე, ნაცრისფერ ქალაქებზე, სულ მინდა ვიპოვო 15 წლის ზურა და ვალაპარაკო, იქნებ იმან თქვას, რა სჭირდებათ მოზარდებს სწორი განვითარებისთვის, რელიგიაა ეს თუ სპორტი, ლიტერატურა თუ მეცნიერება. 15 წლის ზურა უკეთ იტყვის, როგორ უნდა ავარიდოთ თავი ხიფათს, რატომ არის დანით თამაში ცუდი, სულ მინდა, რომ 15 წლის ბიჭებმა და გოგოებმა შეარჩიონ წიგნები, 15 წლის მოზარდებმა თქვან ხმამაღლა რა სჭირდებათ, რა დაეხმარებათ, სად იპოვიან შვებას და როგორ აარიდებენ თავს დიდ ბოროტებას.

მშობლის სევდას რამე ეშველება.

გამოქვეყნდა ჟურნალ “ბათუმელებში“

ბათუმის საზღვაო აკადემიას საწვრთნელი გემი გადაეცა

ბათუმის საზღვაო აკადემიას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასწავლო-საწვრთნელი გემი უსასყიდლოდ გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

იგივე წყაროს ინფორმაციით, გემი „კადეტი“ აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების ყველა საჭირო სანაოსნო სისტემითა და ტექნიკური საშუალებით. 2018 წლიდან საზღვაო აკადემიის სტუდენტები საზღვაო პრაქტიკას უშუალოდ აღნიშნულ გემზე გაივლიან. სემესტრში 40-50 სტუდენტის საზღვაო პრაქტიკით უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი.

“საზღვაო აკადემიას უსასყიდლოდ გადაეცა საწვრთნელი გემი, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. კარგია, რომ ჩვენს სტუდენტებს მიეცემათ საშუალება ადგილზე გაიარონ პრაქტიკა და ამისთვის საზღვარგარეთ გამგზავრება აღარ დასჭირდებათ. ეს არის ერთობლივი, კომპლექსური მიდგომა, სწორი განვითარება, ვინაიდან საზღვაო დარგი ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მეზღვაურთა კონტრიბუცია ჩვენს ეკონომიკაში ძალიან დიდია. ჩვენი სტუდენტებისთვის სრულფასოვანი დიპლომი მომავალში მათი დიდი წარმატების გარანტი იქნება“, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას.

„გემი იყო გამზადებული გასაყიდად, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის სახელმწიფოში დარჩენილიყო, მომსახურებოდა სახელმწიფოს და ჩვენი სტუდენტებისთვის სამომავლო დასაქმების შესაძლებლობა მიეცა”, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც ასევე ესწრებოდა გემის გადაცემის ცერემონიალს.

ბათუმის საზღვაო აკადემიის 90-წლიანი ისტორიის მანძილზე სასწავლო-საწვრთნელი გემი არ გააჩნდა.

სასწრაფო სამედიცინო ცენტრი: მოსახლეობას ვურჩევთ თავი შეიკავონ გადაბმული სმისგან

ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო ახალი წლის დღეებში ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის გამოძახების 30 შემთხვევაზე მეტი იყო – უთხრა „ბათუმელებს“ მინდია კახიძემ, ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, მედიკოსებმა პაციენტებს ძირითადად ადგილზე  გაუწიეს გადაუდებელი დახმარება, თუმცა რამდენიმე შემთხვევაში პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანაც გახდა საჭირო.

„მძიმე მდგომარეობები, გართულებები არ ყოფილა საბედნიეროდ. მოსახლეობას ვურჩევ, ზომიერად მოიხმარონ ალკოჰოლი, თავი შეიკავონ გადაბმული სმისგან და მიიღონ ბევრი სითხე, ნატურალური წვენები და მინერალური წყლები“ – აღნიშნა მინდია კახიძემ.

მისი თქმით, ამ დღეებში მრავალფეროვანი სუფრა ასევე ართულებას მდგომარეობას ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევაში.

ტოქსიკოლოგის რეკომენდაცია ნაბახუსევის დროს ბევრი სითხის მიღებაა, ასევე, ნაბახუსევის დროს ადამიანი უნდა ერიდოს ფიზიკურ დატვირთვას.

საახალწლოდ გაყინული ნიაგარას ჩანჩქერი

წელსაც, ისევე როგორც ყოველთვის, ძალიან ცივა ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთით. ზამთრის ტურიზმის მოყვარული, მამაცი ტურისტების ინსტაგრამის ფოტოებზე ნიაგარას გაყინული ჩანჩქერი ჩანს.

როცა ტემპერატურა ნულზე დაბალია ყველაფერი იყინება და ნიაგარაზე ზამთრის ეს პერიოდი ყველაზე შთამბეჭდავია. ამიტომაც არ იგრძნობა ყინვაშიც კი უდიდეს ჩანჩქერზე ტურისტების ნაკლებობა. აქ ტემპერატურა -8 სა და -20 გრადუსს შორის მერყეობს, თუმცა მსგავს ყინვასაც კი არ შეუძლია წყლის უზარმაზარი ნაკადის სრულად შეჩერება: ყოველწამიერად ნიაგარაზე 3100 ტონა წყალი ეშვება 52 მეტრი სიმაღლიდან. გაყინულია ჩანჩქერის შედარებით ნელი დინებები, მცირე სიმაღლიდან დაშვებული წყლის ნაკადები და ყველაფერი, რაც უზარმაზარ შეუჩერებელ წყალვარდნილს აკრავს ირგვლივ.

ბათუმში მეცხრე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

3 იანვარს, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულის აივნიდან მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო – თვითმკვლელობამდე მიყვანა.

პოლიციამ ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღი და 150 ვაზნა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ზ.ს. ბათუმში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 150 ვაზნა ამოიღეს, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით, ცეცხლსასროლ იარაღთა და საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიეკუთვნება.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

როცა წერა ნევროზს ემსგავსება – ანა კორძაია-სამადაშვილის ბოლო წიგნი

სამუშაო დღეებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თუ ჩაივლით და ვერანდას ახედავთ, აუცილებლად დაინახავთ ქალს, რომელსაც სტუდენტები შემოუკრებია მაგიდის გარშემო და მაგარ, ძალიან მაგარ ამბებს უყვება. ეს ქალი ანა კორძაია-სამადაშვილია, რომელიც მალე მეხუთე წიგნს, ამჯერადაც რომანს შესთავაზებს ერთგულ მკითხველს. ანა ერთ-ერთი პირველი ქალი ავტორია, რომელმაც ფსევდონიმით, სოფიო კირვალიძის სახელით დაიწყო მოთხრობების გამოქვეყნება, მისი თქმით, ძალიან მაგარ გოგოებზე, ქალებზე, რომლებიც საუბრობენ თავიან სექსუალობაზე, სურვილზე, რომ ვიღაცას უყვარდეთ ან ვიღაც მაგრად უყვარდეთ. მოთხრობების კრებულის შემდეგ, რომელმაც პირველი „საბა“ დაიმსახურა საუკეთესო ლიტერატურული დებიუტისთვის 2003 წელს, ანა აქტიურად აგრძელებს წერას.

როგორც ვიცი, მუშაობ ახალ რომანზე, რა ეტაპზე ხარ ახლა?

ამ ეტაპს ჰქვია რომანი დამთავრდა, იწყება წვალება. ვფიქრობ, არ არის ავტორი, რომელსაც ეს ეტაპი გავლილი არ ჰქონდეს. პირველი წიგნი ძალიან ადვილი დასაწერი იყო, მეორე წიგნზე ცოტა ვიწვალე და ვიღელვე, მესამეზე ბევრი ვიწვალე და მაგრად ვიღელვე, მეოთხეზე უფრო მეტი ვიწვალე და ძალიან ვიღელვე, ამჯერად არ ვღელავ, უბრალოდ, ვწვალობ ძალიან – ეს არის ჩემთვის ყველაზე საპასუხისმგებლო წიგნი, რაც კი ოდესმე დამიწერია. თუ ნაწარმოები გარკვეულწილად არ არის ექსჰიბიციონისტური, ის არავის არაფერში სჭირდება. ოდნავ ქალწულები და შედარებით ორსულები არ არიან საინტერესოები. არის ერთი ამბავი, რომელიც მიჰყვება ყველა ჩემს მოთხრობას, ყველა ჩემს რომანს, ყველა ჩემს თარგმანსაც კი გარკვეულწილად, ეს არის ადგილი, რომელსაც ჰქვია ქალაქი თბილისი, კალინინის მოედანი ნომერი პირველი, მე იქ დავიბადე, იქ გავიზარდე და იქ ვიყავი ყველაზე ბედნიერი. ამ ადგილს ჰქონდა ერთი არაჩვეულებრივი თვისება, იქ არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ რა ხნისა იყო, ვის რა შეძლება ჰქონდა, ვინ რა სქესისა იყო და ვის როგორი გოგოები ან ბიჭები მოსწონდა. რევოლუციონერის მოედანი ნომერი პირველი იყო ადგილი, სადაც ყველა იყო თანატოლი და ჰქონდათ ერთი საარსებო გარემო, ერთი ეზო და იმის გათვალისწინებით, რომ ერთხელ დავთვალე და აღმოჩნდა, რომ შვიდი ეროვნების ადამიანი ვცხოვრობდით ერთად, სულ იყო ზეიმი, ვიღაცის დღესასწაული. შეიძლება იმიტომ ვფიქრობ ასე, რომ იქ ვიყავი პატარა, მაგრამ სწორედ ამით იწყება ჩემი გმირის ამბავი, ის ერთხელ იყო პატარა და იყო ძალიან ბედნიერი რევოლუციონერის მოედნის პირველ ნომერში.

რამდენიმე წლის წინ ვთარგმნე რიუდიგერ საფრანსკის წიგნი „ბოროტება, ანუ თავისუფლების დრამა“. საფრანსკიმ დაწერა ის, რასაც მე დიდი ხანია ვფიქრობ და ფიქრობს ყველა, რომ სამოთხიდან განდევნა ერთხელ მაინც გვაქვს გამოვლილი ყველას, ეს მოხდა იმ დღეს, როცა მივხვდით, რომ ჩვენი ბავშვობა დამთავრდა და მე ვეცადე ამ რომანში გამეკეთებინა ამბავი სამოთხისა და დამეწერა იმაზე, როგორი სიმწარეა, როცა სამოთხიდან გაძევებენ არა 4 წლისას, არა 10 წლისას, არამედ ორმოცს მიტანებულ ასაკში, როდესაც შენი ბავშვობა, შენი სამოთხე დამთავრდება მაშინ, როცა წესით, სხვების სამოთხეზე უნდა ზრუნავდე. ეს არის ბაბუის და შვილიშვილის უზარმაზარი სიყვარულის ამბავი.

რითი იქნება ეს ახალი რომანი სხვა შენი წიგნებისგან განსხვავებული?

ვფიქრობ, ეს იქნება ჩემი ბოლო რომანი, რადგან ჩემს გადასარევ, საყვარელ თავს მივეცი პირობა, რომ 50 წლის ასაკს როცა მივაღწევ, იმის მერე აღარაფერს გავაკეთებ, შევირგებ იმას, რაც ვაკეთე 50 წლამდე. რომანის წერა წვალება და დიდი შრომაა, მე ამ შრომის გაწევა აღარ მინდა.

შენ ხარ ერთ-ერთი პირველი ქართველი მწერალი ქალი, რომელიც თავისი ტექსტებით ალაპარაკდა ქალის სექსუალობაზე და შემოიყვანა სხვა ტიპის ქალი პერსონაჟები…

გულწრფელად რომ გითხრა, მე ბუნდოვანი წარმოდგენაც კი არ მაქვს, რატომ აღმოჩნდნენ ჩემი ქალი პერსონაჟები განხილვის საგანი, არა იმიტომ, რომ ახლა თავმდაბლობ, ან რაღაცას ვმასხარაობ. ასეთ ქალებს იცნობს ყველა, ჩვეულებრივი ქალები არიან, ესენი არიან გოგოები, რომლებიც იბრძვიან გადარჩენისთვის, რომლებსაც უყვართ, რომლებსაც ძალიან უნდათ, ვინმეს უყვარდეთ და თუ კი იმათაც არ შეიყვარეს, მაშინ ამ გოგოებსაც არ ეყვარებათ. ამ გოგოებს იცნობს ყველა ამ ქვეყანაზე, რატომ არ წერდნენ მათ შესახებ, არ ვიცი, შეიძლება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაღაც უფრო დიდზე ჰქონდათ საწერი.

მე დიდი თემები არასოდეს მაინტერესებდა. ვერასოდეს დავწერდი ომზე და მშვიდობაზე, ვერასოდეს დავწერდი გლობალურ დათბობაზე, ვერასოდეს დავწერდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის ტრაგედიაზე, იმიტომ, რომ მე ეს არ მეხება… შეიძლება მეხება, როგორც ადამიანს, მაგრამ მე ეს არ ვიცი, არ გამომივლია, მე არასოდეს ვმჯდარვარ სანგარში, ამიტომ ვერ გეტყვი, რას გრძნობს ახალგაზრდა ბიჭი, როდესაც ის სანგარშია და ზუსტად იცის, რომ მოკლავენ. არ ვიცი და ამაზე ინტერვიუს ვერავის ჩამოვართმევდი და ინტერვიუთი გაკეთებული ლიტერატურის არ მწამს. მე, უბრალოდ, ძალიან კარგად ვიცნობ გოგოებს, რომლებმაც დანამდვილებით იციან, რომ ყველაზე კარგი ბიჭი არის მისი ბიჭი და ამ ბიჭის გამო ცეცხლში შევლენ. კარგად ვიცნობ გოგოებს, რომლებმაც ზუსტად იციან – იმისთვის, რომ ვინმემ შეიყვაროს, ისინი გადაივლიან ცხრა მთას, ფეხშიშველები, გაგიჟებულები.

ყოფილა შემთხვევები, როცა მწე¬რლები წერდნენ იმაზე, რაც ნანახი არ ჰქონდათ საერთოდ?

ყოფილა და იმიტომ, რომ ისინი დიდი ადამიანები იყვნენ. ერთმა მაგარმა მწერალმა დაწერა, მე ვარ მადამ ბოვარიო. ეს რომ თქვა, ფლობერი უნდა იყო, მე არა ვარ ფლობერი, მე ანა კორძაია-სამადაშვილი ვარ. მე მამაკაცის მონოლოგი არ დამიწერია, თუ ის ზეპირად არ მახსოვს. ჩემი პერსონაჟების ყოველი სიტყვა ან ზეპირად ვიცი, ან დანამდვილებით ვიცი, როგორ ლაპარაკობენ ჩემი მეგობრები, ამიტომაცაა, რომ ჩემს მოთხრობებში თუ რომანებში მამაკაცები ცოტათი გაბლარული არსებები არიან. მე სინამდვილეში არ ვიცი, რას ფიქრობს მამაკაცი, ეს რომ ვიცოდე, მაშინ რა მიშავს. მე ვფიქრობ, რომ ადამიანი უნდა წერდეს იმაზე, რაც იცის კარგად.

ამბობენ, რომ ლიტერატურაში ყველაფერი დაიშვება, არა, ლიტერატურაში ტყუილი არ დაიშვება. შეიძლება დავუშვათ ფანტაზია, გამოგონება, მაგრამ ტყუილს ლიტერატურა ვერ იტანს. რეალურ ცხოვრებაში ადამიანები ბევრად იოლად იტანენ ტყუილს, ვიდრე ლიტერატურულ ნაწარმოებში. წიგნებს, რომლებშიც წერია ტყუილი, არ შემოინახავს საუკუნეები, ხოლო წიგნები, რომლებშიც წერია მაგარი გამოგონილი ამბები, როგორიცაა „ათას ერთი ღამე“, იქნება მანამ, სანამ დედამიწა იტრიალებს.

შენს შემოქმედებაში იყო ორი ეტაპი, პირველი, როცა მო¬თხრობებს წერდი და იყავი მოთხრობების ავტორი და მე¬ორე, როცა რომანების წერა და¬იწყე. შენ რომელს მიაკუთვნებ თა¬ვს, უფრო რომანების ავტორი ხარ თუ მოთხრობების?

რა თქმა უნდა, უფრო მოთხრობების ავტორი ვარ. ჩემი პირველი რომანი არის ერთი რომანის სცენარი, ჩაიკას შემთხვევაში, უბრალოდ, ვერ ჩავაკვეტებდი ყველაფერ იმას, რისი თქმაც მინდოდა ერთ მოთხრობაში. ამ ჩემს ბოლო წიგნში, ვფიქრობ, უნდა ყოფილიყო დიდი ციკლი – მე არ ვარ ჩალზ ბუკოვსკი, რომელსაც შეუძლია მრავალი პატარა მოთხრობა ერთ დიდ წიგნად შეკრას, ამიტომ ვინაიდან რომანის თეორიას ყველაზე მაგარი ბიჭი მასწავლიდა, ბატონი ბუბა ყარალაშვილი, ის მაინც ვიცი, როგორ უნდა ავაგო რომანი. როცა გამოვა ახალი რომანი, მიხვდებით, რომ ამ რომანის დაჩეხვა შეიძლებოდა სამი მოთხრობის კრებულად.

 რომანების წერას ითხოვს თანამედროვე სამყარო, მო¬თხ¬რობების კრებული არ აკმაყოფილებს მკითხველს. რა აზრის ხარ ამაზე?

აი, აქ რაღაცას ვიტყვი და თუ გინდათ მესროლეთ დიდი ქვა, რა ვქნა, მე მაინც დარწმუნებულზე მეტი ვარ, რომ სამყაროს რა უნდა – ეს არის სამყაროს პრობლემა და მე რა მინდა – ეს არის ჩემი პრობლემა. მე არ ვწერ რომანს იმიტომ, რომ ეს რომანი ბრწყინვალედ გაიყიდება, ნურას უკაცრავად, მე ვიცი, რამდენი ფულიც მომივა გაყიდული რომანიდან, ზუსტად იმდენივე, რამდენიც გაყიდული მოთხრობების კრებულიდან. ისიც ვიცი, რომ ალის მანრომ ნობელის პრემია მოთხრობების კრებულებში აიღო. ამას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს სინამდვილეში და ავტორი, რომელიც მიზნად ისახავს დააკმაყოფილოს მსოფლიო მკითხველის წარმოდგენები, იმაზე როგორი უნდა იყოს რომანი, მე ვფიქრობ, რომ ცოტათი ცოდოა. ვფიქრობ, როცა XX-XXI საუკუნის ქართული ლიტერატურა შევა ისტორიაში, იქ აუცილებლად იქნება კოტე ჯანდიერი, ამაში დარწმუნებული ვარ. კოტეს არასდროს დაუწერია რომანი, კოტე წერს მოთხრობებს და ვისაც მიაჩნია, რომ „დაპატიჟება კინოში“ რომელიმე ქართულ რომანზე ნაკლები ნაწარმოებია, პირველმა მესროლოს ქვა. ვისაც ჰგონია, რომ „ქელეხი ქარში“, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა, რომელიმე ტრილოგიაზე ნაკლებია, ახლავე მესროლოს ქვა. აუ, რამდენი ქვა მომხვდება მე საწყალს, მაგრამ მაინც, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს გარემოს დაკვეთას.

შენი წიგნებიდან რომელიმე თუ გიყვარს გამორჩეულად?

ყველაზე მეტად მიყვარს „შუშანიკის შვილები“ და შემიძლია ავხსნა რატომაც. „შუშანიკის შვილები“ დავწერე მაშინ, როცა ვიყავი ბედნიერი ქალი, უთავბოლოდ ბედნიერი. ძალიან მაგარია შეგრძნება იმისა, რომ წიგნი არის შენი ბედნიერების ნაყოფი.

თუ შეგიძლია გაიხსენო ყველაზე უსამართლო შეფასება შენი შემოქმედების მიმართ?

ძალიან მეწყინა-თქო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან უსამართლო შეფასებად მომეჩვენა ის, რომ, „ვინ მოკლა ჩაიკას“ პერსონაჟები უეცრად ჩათვალეს მარგინალებად. გამიკვირდა, ოღონდ მაშინ მივხვდი, რომ მე მარტო არ ვარ, ძალიან მაგარია, იგივე განცდები თავის დროზე ჰქონდა დავით კლდიაშვილს და იგივე განცდები ჰქონდა ჯონ სტაინბეკს, იმის მერე, რაც დაწერა „ტორტილა ფლეტი“. ჩემი გმირები არ არიან მარგინალები, ჩემი გმირები არიან რეალურები, ძალიან ორ ფეხზე მდგომი ადამიანები, რომლებიც საკუთარი შრომით, საკუთარი ძალისხმევით გადიან ფონს. ისინი არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ შეიძლება უფრო დიდი მორალური ფასეულობები, ვიდრე ვინმეს. ამ შეფასებას ალბათ იმით ავხსნი, რომ სათანადოდ ვერ დავწერე.

როგორ ფიქრობ, რით არის შენი ლიტერატურა გამორჩეული და მნიშვნელოვანი?

მე არ ვიცი, გამორჩეულია თუ მნიშვნელოვანი, ერთადერთი ვიცი, რომ აბსოლუტურად გულწრფელია. ოდესღაც, უხსოვარ დროს, ერთმა ძალიან მაგარმა ბიჭმა მიამბო, რატომ არის სრულიად გადასარევი როკენროლი, სანამ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს დაექვემდებარება. გადასარევი არის იმის გამო, რომ არის ძალიან გულწრფელი, ძალიან მარტივი და მიდის, როგორც იტყვიან, ქალაქ თბილისში, „სემიჩკასავით“ და თუ ხარ ამ განწყობაზე, აგაგდებს, თუ არა ხარ ამ განწყობაზე – არ აგაგდებს. ვფიქრობ, თუ რამეში ვარგა ჩემი ტექსტები, არის ის, რომ არის სრულიად გულწრფელი და თუ ვინმეს მოსწონს, მოსწონს, თუ არა, არავის არაფერს არ აძალებს ჩემი ტექსტი. მე არა მაქვს ფილოსოფიური წიაღსვლები, მე არა მაქვს განსჯების პასაჟები და სხვადასხვა. მე ჩემს აზრებს არავის ვახვევ თავს, რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩემი დამსახურება, ეს არის ჩემი დიდი მასწავლებლების დამსახურება, რომლებმაც მითხრეს, რომ თავის დროზე თავიანთი აზრი დედამიწას ძალიან დიდმა არსებებმა მოახვიეს და, შესაბამისად, მათი ჩრდილის ანარეკლს მე არ მეკადრება, რომ ვიკადრო და ვთქვა, რომ იცი რა, ბოროტება, აი, მაგარი ცუდია და სიკეთე მაგარი კარგია. მე, უბრალოდ, მინდოდა მომეყოლა, რომ ვიღაცას უნდა ვინმეს ძალიან უყვარდეს, ეს არის და ეს.

დღეს ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს შენი ლიტერატურა. რო¬¬გორ ფიქრობ, რა არის ამ ად¬ამიანების არსებობის მიზეზი?

ამის მიზეზი ალბათ არის ის, რომ ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ მათზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ ბევრი ბოროტება, არიან უზომოდ მოწყალენი და უზომოდ კეთილგანწყობილნი. მე ვარ გათამამებული მწერალი, რომელსაც ბევრად მეტ კარგს ეუბნებიან, ვიდრე ცუდს და ამისთვის მე ვარ ენით უთქმელად მადლობელი. მადლობელი ვარ ყოველი მკითხველის, რომელმაც ერთხელ მაინც ან მომწერა, ან ვიღაცისგან გავიგე, ან გულში გაიფიქრა და ამის გამო ჩემი დღე დღესასწაულად გადაიქცა და იფიქრა, რომ, ბიჭო, ეს ანა კორძაია-სამადაშვილი არ არის ცუდი გოგო, მე მგონი, კარგი გოგოა და მე ეს ძალიან მიხარია, უზომოდ. ყოველი მკითხველი, რომელიც გაქაჩავს და ჩემი წიგნის ორმოცდაათ გვერდს წაიკითხავს, ჩემი მარადიული მეგობარია.

შენ როგორი ლიტერატურა გიყვარს, რა ტიპის ავტორები?

მე გამოვედი იმ ასაკიდან, როდესაც ლიტერატურას კითხულობენ განათლების მისაღებად. მიმაჩნია, რომ ლიტერატურას განათლების გამო არ უნდა კითხულობდნენ. თუ არა გაქვს წაკითხული მარკესი, გაუნათლებელი ხარ – ჩემთვის არის სულელური სენტენცია. ვფიქრობ, წიგნის წინა ყდიდან უკანა ყდამდე არის სამყარო, რომელშიც თუ შეხვალ და გაგიხარდა იქ ყოფნა, მაგას რა სჯობია. მე ძალიან მიყვარს სათავგადასავლო ლიტერატურა, მიყვარს ფენტეზი, მე თავდავიწყებით მიყვარს დეტექტივები, ოღონდ მე მიყვარს კარგი დეტექტივები. საერთოდ, მე მიყვარს ლიტერატურა, რომელიც მეუბნება, რომ ცხოვრება მშვენიერია. ჰემინგუეი ამბობდა, რომ მოთხრობა უნდა იყოს საშინელი და ის იყო აბსოლუტურად მართალი. თუ ვინმე მკითხავს ლიტერატურულ სამყაროში რომელი ბიჭი გიყვარს ყველაზე მეტადო, მე ვეტყვი მიყვარს ჰემი, მაგაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ ამ საშინელი მოთხრობების ფონზე ის სულ მეუბნებოდა, რომ მზე ამოდის, იცი, ამოდის, ნათდება, ეგრე არ არის საქმე. მე ძალიან მიყვარს წიგნები, რომლებიც მეუბნებიან, იცი, ანა, შენ არა ხარ მარტო, არავინ არ არის მარტო, ჩვენ აქა ვართ, გოგოები და ბიჭები, ჩვენი ხმები ყოველთვის გაისმება, როგორც კი გადაშლი, აი, ამ ჯადოსნურ ერთ გარეკანს. მე მიყვარს სათავგადასავლო ლიტერატურა, და თუ ოდესმე გავიკეთებ სვირინგს, დავიწერ, „ნატვრამც აგხდენია ბილი ბოუნზს“, რადგან სამყაროში ყველაზე მაგარი წიგნი არის „განძის კუნძული“.

არის თუ არა რომელიმე წიგნი, რომლის ავტორიც სიამოვნებით იქნებოდი?

მე სულ მინდოდა ვყოფილიყავი მელვილი და დამეწერა „მობი დიკი“, დამეწერა არა მარტო იმისთვის, რომ ვყოფილიყავი დიდი მწერალი, არამედ იმიტომ, რომ დამეწერა ყველაზე დიდი ამბავი ვნებისა და სიყვარულისა. მე მაინც მგონია, რომ „მობი დიკი“ არის რომანების რომანი. ასევე მინდა ვიყო ჯორჯ რ. რ. მარტინი, მე მინდა სამი შვილი დრაკონი და ჩემი საყვარელი კაცი იყოს ჯონ სნოუ, აი, ეგ მინდა, მე მინდა, რომ ვიყო ჯორჯ მარტინი. თომას მანობა არ მინდა, ნერვი არა მაქვს.

შეგიძლია თუ არა ისაუბრო გავლენებზე, რომლებიც ან ახლა გაქვს, ან აქამდე გქონია და შენს წიგნებში თუ იგრძნობა ეს გავლენები?

აუცილებლად იგრძნობა. თუ არ იგრძნობა, ესე იგი, ვერ გავქაჩე. მე მაქვს დიდი გავლენა გერმანულენოვანი ლიტერატურის, მაქვს გავლენა ავსტრიელი მწერალი ქალებისა, ბახმანიდან დაწყებული, იელინეკით დამთავრებული და თუ მკითხველი ამას ვერ ხედავს, დავიღუპე. მე მაქვს გავლენა ყოველი ადამიანისა, რომელმაც მაგარი ისტორია მიამბო, ყოველი წიგნის, რომელიც წავიკითხე, ყოველი ადამიანის, რომელიც შემხვდა, ყოველი თავგადასავლის, რომელიც თავს გადამხდა და, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი გავლენა მაქვს ლიტერატურის. არის რაღაც მოთხრობები, რომლებიც არ მახსოვს ვინ დაწერა და როდის წავიკითხე, სადღაც, რა ვიცი, რუმინეთში, ჰოსტელში, მაგრამ მაქვს გავლენა და არ მახსოვს ავტორი. ბოდიში ავტორს, მაგრამ მეორეა, რომ გავლენების გარეშე არ გამოდის. თუ კი მავანი მეუბნება, რომ წიგნს არ კითხულობს იმის გამო, რომ გავლენა არ ჰქონდეს, მაშინ დახუჭოს თვალები, დაიცოს ყურები და დაწეროს იმის შესახებ, რაც ხდება მის კუჭ-ნაწლავში. კარგი არაფერი.

არის თუ არა რამე ისეთი თემა, რაზეც გინდა დაწერო, მაგრამ არაფრით გამოდის?

კი, რა თქმა უნდა. ძალიან მინდა, რომ დავწერო სასიყვარულო ისტორია „ჰეფი ენდით“, ოღონდ მე ამას ვერ დავწერ, ვერც აქამდე დავწერე და აწი არც ვეცდები. წარმოიდგინე, როცა ორი ადამიანი რჩება მარტო, ორი ადამიანი ერთმანეთს ეუბნება სისულელეებს, რომელიც რომ დაწერო, არის გულისამრევი. ჩემო ვარსკვლავო, ჩემო გოჭუნია, ჩემო თაფლო… ამიტომაც ჰქვია ამას ინტიმური ამბავი, რომელიც არავინ არასოდეს უნდა იცოდეს და ეს უნდა იცოდეს ორმა ადამიანმა. რომ ვიყო დიდი მწერალი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ამას გააკეთებს პირველად, მე თანახმა ვარ, რომ დავწერო, მეორე დღეს გადავტრიალდე და აღარ ვიყო. ამას ვერავინ გააკეთებს, რადგან ამისთვის საჭიროა დიდი სიყვარული იმის მიმართ, ვინც გეუბნება ამას და ვისაც ეუბნები. ეს დიდი საიდუმლოა, მე მინდა დავწერო რომანი სიყვარულის შესახებ, დიდი სიყვარულის შესახებ, როდესაც ისინი შეხვდნენ ერთმანეთს შეუყვარდათ, ყველაფერი კარგად იყო და ისინი მოკვდნენ ერთ დღეს. „შუშანიკის შვილები“ იყო ამის მცდელობა, მე მინდოდა დამეწერა ორი ადამიანის შესახებ, არა ქალისა და კაცის, არამედ ორი ადამიანის შესახებ, რომლებსაც თავდავიწყებით უყვართ ერთმანეთი და რომლებსაც ისე გაუმართლათ, რომ ერთ დღესაც ერთად მოკვდნენ, მაგრამ არ გამომივიდა. მითხრეს, რომ ტრაგიკული რომანია. ეს არის ჩემი ხინჯი, ვერ გავაკეთე, ამიტომ ამაზე ფიქრს თავს დავანებებ.

რატომ წერ?

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს ცოტას ვწერ, ცოტა ძნელი სათქმელია. წარმოიდგინე, რომ გკიდია დიდი ზურგჩანთა, რომელიც სავსეა ქვით, თითო-თითოდ ქვების ამოლაგებას აზრი არა აქვს, ამიტომ მაგარია, წიგნი გამოდის და ქვები აღარ არის. მართლა ასეა, ზუსტად ვიცი, რომ ბოლო წიგნს ვწერ, არა იმიტომ, რომ 50 წლის ასაკში ვაპირებ გადაპორჭიკებას, ან გარდაცვალებას, რას ლაპარაკობ, უბრალოდ, მეტი აღარ მინდა, ასეთი დიდი ამბები, როგორიც 50 წლის ასაკამდე იყო, მეტი აღარ იქნება და თუ იქნება, ჩემთვის შევინახავ.

რატომ მაინც და მაინც მწერლობა და არა რამე სხვა?

ათასი წელი, არ ვაპირებდი მწერლობას, არც უნივერსიტეტის პროფესორობას, არც ვთარგმნიდი, უბრალოდ, ასე მოხდა. სანამ წერას დავიწყებდი, მდივანი ვიყავი კინოსტუდიაში, ვიყავი მდივანი ჩინეთის სავაჭრო ეკონომიკის წარმომადგენლობაში, მე ვიცოდი, რომ ვიქნებოდი სლავისტიკის პროფესორი, დავიცავი დისერტაცია 27 წლის ასაკში, ვიცოდი, რომ ვიყავი რუსული ენის სპეციალისტი, ლინგვისტი და ასე შემდეგ, უბრალოდ, ცხოვრება ამოყირავდა და ყველაფერი სხვანაირად წავიდა. ყველაზე ძალიან რაც მინდოდა, რაც თავი მახსოვს, იყო პროფესია, რომელიც მე-19 საუკუნეში მოკვდა – მე მინდოდა ვყოფილიყავი მოგზაური. არ გამოვიდა. ძალიან მინდოდა ვყოფილიყავი ბალერინა, უბრალოდ, არაარტისტული ვარ. საშინლად მინდა დღემდე და მესიზმრება, რომ მაგრად ვმღერი, მე მინდოდა, რომ ვყოფილიყავი ნინა სიმონე, არა, არ გამოვიდა. რაღაცები, რაც მინდოდა, არ გამოვიდა. რაც გამომდის, ეს არის ენა, ამისთვის დიდი მადლობა ჩემს არაჩვეულებრივ ფოლკლორისტს და ენის მცოდნე მამას, რომელიც წითელი პასტით მისწორებდა გრამატიკულ შეცდომებს. არ ვიცი, ვისაც რა შეუძლია, იმას აკეთებს ალბათ.

ქართულ ლიტერატურაში თუ არის რამე ტენდენცია, რაც გაღიზიანებს?

კი. ეს არის მეინსტრიმული თემები. არ მომწონს ცვლილებები, რაც ხდება ქართულ ენაში, როდესაც მეუბნებიან, რომ ამა თუ იმ სიტყვის ხმარება არ შეიძლება იმიტომ, რომ ის არ არის კორექტული. ყოველი რეალია ასახულია რაღაც სიტყვით და ყოველ სიტყვას აქვს სრული უფლება იარსებოს. მე ვიცი, რომ თუ ადამიანი არის დეგენერატი, არ უნდა ვუწოდო დეგენერატი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მონათმფლობელობა საქართველოში არ ყოფილა, ჯიმი ზანგია, იცი, თუ გინდა მომკალი, ჰეკლბერი ფინის ჯიმი ზანგია, იგი არ არის აფროამერიკელი და მისი მთელი ტრაგედია არის იმაში, რომ ის ზანგია, ის რომ ზანგი არ ყოფილიყო და ყოფილიყო აფროამერიკელი, მას ტრაგედია არ ექნებოდა.

რომ გადავხედოთ შენს გზას მწერლობაში, რამეს თუ შეცვლიდი?

საერთოდ არ დავწერდი. არც ვაპირებდი წერას, უბრალოდ, როცა დავწერე პირველად ოთხი მოთხრობა კრებულისთვის, მივიღე პრემია „საბა“ და უცებ გადავწყვიტე, ვაუ, როგორ ასწორებს. ბევრი, ძალიან ბევრი წლის წინ ერთმა გადასარევმა ადამიანმა, ოთარ ყარალაშვილმა პასუხად ჩემს კითხვაზე – ნევროტიკია თუ არა ის პოეტი კაცი – მიპასუხა, რომ ნევროტიკია, სხვა შემთხვევაში რატომ დაწერდა. ბედნიერი ადამიანები არ წერენ, ეს ზუსტად ვიცი. როცა ადამიანი არის გლობალურად ბედნიერი, ყველაფრით კმაყოფილი, რატომ უნდა დაწეროს, ორი მიზეზი მითხარი. წარმოიდგინე, ყველაზე მაგარი კაცი მეუბნება, რომ ხვალ დილით მივდივართ ჩვენს სახლში, სოხუმში, სოხუმის ომი არ ყოფილა, არაფერი არ ყოფილა, გოეთეს აქვს ერთი ლექსი, იცი ის მხარე, სადაც ლიმონი ყვავის, აი, იმ მხარეში, ჩემს გადასარევ სოხუმში `მაიაკზე~ მივდივარ ხვალ. როგორ წარმოგიდგენია, დაძინებამდე გავქანდები და დავწერ „ჩაიკას~ ერთ თავს? წერა ნევროზია, არა ხარ კარგად, შეიძლება თავს იკატუნებ, რომ ყველაფერი კარგადაა და მაგრად ხარ, მაგრამ ესე იგი რაღაც გღრღნის, ამბიცია ან სურვილი იმისა, რომ ვიღაცას უთხრა, მარტო არა ხარ, მეც აქა ვარ, სურვილი იმისა, რომ ვიღაცას ჰკითხო, ხო მოგწონვარ, მე ხომ კარგი გოგო ვარ ან კარგი ბიჭი?! შეიძლება სადმე, დიდ ბრიტანეთში ვიღაც ამით ცოცხლობს და ცხოვრობს და დენის ჩაჭრის არ ეშინია და ისვენებს ბარბადოსზე, ჩვენ ვერა, ქართულ ლიტერატურაში ეს არ არის. წერა არ არის კარგად ყოფნის შედეგი, წერა არის შედეგი იმისა, რომ მე შემიძლია გიამბო იმაზე, რომ მე ცოტათი მომეხაზა და მოდი, ერთად ვიყოთ რა.

მუშაობ სტუდენტებთან, აკვირდები მათ, კითხულობ მათ ნაწერებს, რა განსხვავებაა შენს თაობასა და ახლანდელ ახალგაზრდებს შორის?

მე ვიყავი საბჭოთა ბავშვი, დავიბადე 1968 წელს, ანუ ის ხანა, რაც მათ აქვთ დღეს, მე მქონდა საბჭოთა კავშირის დროს. ჩვენ ბევრად ნაკლები კომპლექსი, ბევრად ნაკლები საკუთარ თავთან ჯაჯგური, ბევრად ნაკლები თავსმოხვეული იდიოტური ამბები გვქონდა, ვიდრე თანამედროვე ახალგაზრდებს. ჩვენ არ ვიყავით წარმატებაზე ორიენტირებული ბავშვები, დღევანდელი ახალგაზრდები ასეთები არიან და ეს ძალიან ცუდია. წარმატება არის ლურჯი ფრინველივით და კარგია თუ არა ეს, საერთოდ სხვა საკითხია. მათ, ვინც 80-იანებში დაამთავრეს უნივერსიტეტი, ჰქონდათ ერთი მიზანი, რომ ყოფილიყვნენ ბედნიერები. მათ, ვინც დღეს ჩემთან სწავლობენ, აქვთ მიზანი, რომ იყვნენ წარმატებულები. მე რატომღაც მგონია, რომ ბევრად უფრო კარგია იყო ბედნიერი, ვიდრე წარმატებული.

გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“

შემოდგომა ხევსურეთში

არ ვიცი, თქვენ რა ასოციაცია გიჩნდებათ, როდესაც სიტყვა „ხევსურეთს“ გაიგონებთ, მაგრამ მე იმწამსვე ჟანგისფერი ფიქალი ქვით ნაგები შატილის კონტურები წარმომიდგება, მერე ზურგჩანთის ჩალაგება და ხევსურეთისკენ წასვლა მინდება. როცა ბარში ზაფხული მთავრდება, მთაში უკვე გვიანი შემოდგომის ფერებია, დათვიჯვარზე კი – თოვლი და ძვლების გამყინავი სიცივე.

ხევსურული პეიზაჟი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

შატილში ჩვეულებრივი სამგზავრო „მარშრუტკით“ წავედი. ოქტომბერი იწყებოდა და მძღოლი ეჭვობდა, ვაითუ დათვიჯვრის უღელტეხილზე თოვლი იყოს და გადასვლა გაძნელდესო. „შარშან, 23 სექტემბერს ჩავრჩი შატილში, ადრე დაზამთრდაო“, – ამბობდა. თოვლი იყო, მაგრამ არა სავალ გზაზე, მხოლოდ მთებზე და გადაადგილებას ხელს არ უშლიდა. `მარშრუტკა“ სავსე იყო ფქვილის ტომრებითა და მაკარონის პოლიეთილენის პარკებით, მგზავრი კი, ჩემი ჩათვლით, სულ ექვსნი ვიყავით.

ჩემი ხევსურეთი ჩინთიდან იწყება. ჩინთი სოფელია არაგვისპირას, თბილისიდან მიმავალი ჟინვალს რომ გასცდები და გზაგამყოფს მიადგები, ყაზბეგისკენ მიმავალ ავტომაგისტრალს ზურგს უკან რომ მოიტოვებ და ფშავ-ხევსურეთისკენ მიმავალს დაადგები. აი, მაგ გზაზე პირველი სოფელია ჩინთი. სოფლის დასაწყისში გაჩერება და პატარა, ლურჯად შეღებილ მაღაზიაში „ჩინთის პურის“ ყიდვა ხევსურეთისკენ გზაზე პირველი, აუცილებელი რიტუალია. დათვისჯვრამდე უჩვეულო სიჩუმე იდგა „მარშრუტკაში“, აი, უღელტეხილს რომ გადავცდით, წინა სკამზე მჯდარ ხევსურს ლაპარაკის საღერღელი აეშალა.

ბევრი წლის წინ, დეკემბერში, კბილებაკაწკაწებულ მერვეკლასელს ფეხით მაქვს ეს გზა გავლილიო, გვითხრა.

„მერვეკლასში ვიყავი, იანვრის არდადეგები რომ დაიწყო, მეგობართან ერთად დილაადრიან ბარისახოს სკოლა-ინტერნატიდან გამოვიპარეთ. იმას ტყავის ჩექმა ეცვა, მე – კედები. თოვლში სასიარულოდ კედები უკეთესი აღმოჩნდა. უბეში გვქონდა ინტერნატიდან წამოღებული პური და როცა მოგვშივდებოდა, ვჭამდით. მოვდიოდით, გზას ბოლო არ უჩანდა, ახალგაზრდა რომ ხარ და დაუფიქრებელი, მარტო მაშინ შეიძლება გაბედო შუა ზამთარში დათვიჯვრის ფეხით გადმოვლა. გვიანი საღამო იყო, შატილში რომ ამოვედით. გაყინულები, ძალაგამოცლილები. ბარისახოს მაშინვე რადიოთი გადასცეს – ცოცხლები არიან და სოფელში მოვიდნენო. იმ ღამეს შატილში დავრჩი, მეორე დღეს კი ჩემს სოფელში წავედი“.

ხევსურს ირაკლი შეთეკაური ერქვა და იმერხეველი, სოფელ ხონისჭალის მკვიდრი იყო. დუშეთიდან შატილში ჰუმანიტარული დახმარება მიჰქონდა სტიქიით დაზარალებულთათვის. წელს, ივლისში ხევსურეთი სერიოზულად დააზარალა სტიქიამ, წყალმა წაიღო ხიდები და ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე დღით დატოვა ეს მხარე გზის გარეშე.

გეოგრაფიით თავს არ შეგაწყენთ, რადგან ვიცი, რომ იცით, ხევსურეთს ორ ნაწილად დათვიჯვრის უღელტეხილი რომ ჰყოფს და არაგვის ხეობის ხევსურეთს, ანუ პირაქეთას აკავშირებს არღუნის ხეობის ხევსურეთთან – პირიქითასთან.

დათვიჯვრის უღელტეხილი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

პირიქითასგან განსხვავებით, პირაქეთა ხევსურეთი იშვიათად რომ მოწყდეს გარესამყაროს. ზამთრობით, თუ სადმე ზვავი ჩამოვა, გზა ორ-სამ დღეში იწმინდებაო – ხევსურებმა.

ბარისახო ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

სად რა ვნახოთ

მე კი ვფიქრობ, რომ პირიქითაც და პირაქეთა ხევსურეთიც ყოველგვარ მიზეზს გარეშე უნდა ნახოთ, მაგრამ თუ ვინმეს მაინც ეჭვი გეპარებათ, ან არ ხართ დარწმუნებული, შევეცდები ქრონოლოგიურად მივყვე.

ბარისახო უნდა ნახოთ – დიდი ვერაფერი სანახავია, მაგრამ მაინც, მერე კორშა, ულამაზესი პატარა ხევსურული სოფელი, ზედ ცენტრალურ გზაზე მდგარ სოფლის მაღაზიაში უგემრიელესი ყავა უნდა დალიოთ. მერე გუდანი უნდა ნახოთ, როშკა და აბუდელაურის ტბებიც არ უნდა გამოტოვოთ. დათვიჯვრის უღელტეხილზე მანქანა უნდა გააჩეროთ და მანამდე უყუროთ სუნთქვის შემკვრელ ხედებს, სანამ არ მოგბეზრდებათ. დათვიჯვრიდან როცა პირიქითა ხევსურეთის გზას დაადგებით, პირველი ლებაისკარი შეგხვდებათ. ოდესღაც ადამიანები რომ ცხოვრობდნენ და ახლა ნასახლარია. ლებაისკარის კოშკი კი დგას ურყევად და მნახველს ელოდება, გაოცებისგან პირი რომ დააღებინოს. ლებაისკარის შემდეგ მალე კისტანი გამოჩნდება. სოფლის გზაზე მარჯვნივ მდგარმა ცარიელმა ჯიხურმა წარწერით – „თაფლი და ნატურალური პროდუქტები“ არ დაგაბნიოთ, მარცხნივ გაიხედეთ და ლურჯ ბრეზენტიან ქოხებს დაინახავთ, საჭირო პროდუქტებს იქ იპოვით. კისტანს თავზე ძველი ციხეები ადგას. მიატოვეთ ცოტახანს თქვენი მანქანა და აირბინეთ გორაზე, ნახეთ ციხე-კოშკები და მერე გზა განაგრძეთ. შატილამდე კიდევ ხალხისგან დაცლილი ორი სოფელია – გურო და გიორგიწმინდა. შატილში იმდენხანს უნდა დარჩეთ, რამდენიც დრო გექნებათ და სანამ იქ ყოფნა არ მოგბეზრდებათ. მერე მუცოსკენ მიმავალ გზას უნდა დაადგეთ და ანატორისთან შეისვენოთ.

სოფელი შატილი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ანატორი მკვდრების სოფელია და ზუსტად იქაა, სადაც მდინარე არღუნი და მუცოსწყალი ერთვის ერთმანეთს. ყველა ცნობაში, რომელიც ანატორის შესახებ იძებნება, წაიკითხავთ, რომ ორი საუკუნის წინ სოფელში რაღაც დაავადება გაჩენილა, რის გამოც ადამიანები იხოცებოდნენ. იმის გამო, რომ ავადმყოფობა ხეობაში არ გავრცელებულიყო, ანატორელი სპეციალურ აკლდამაში მიდიოდა და იქ ელოდებოდა სიკვდილს.

„სხედან სიკვდილშეყრილი ქალები, ქსოვენ და ჩუმად ბუტბუტებენ,“ – დაწერა რამდენიმე წლის წინ ხევსურმა პოეტმა გიორგი არაბულმა და ასე თითქოს უფრო მძაფრად შესაგრძნობი გახადა ხევსურთა ტრაგედია. უყურებ სამყაროს ანატორის აკლდამების ფანჯრებიდან და შენც იჯერებ, რომ მართლაც – „ამ წვრილ სარკმელში, ღმერთიც ვეღარ შემოეტევა“.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ანატორიდან გამოყოლილ სევდას ალბათ ისევ ხევსურეთის გზა თუ გაფანტავს და მერე მუცოს პეიზაჟი.

საერთოდაც, ფშავ-ხევსურეთის გზა სავსეა სამახსოვრო ქვა-ეპიტაფიებით, უმეტესად ასეთ ადგილებთან მთის წყაროა. სავალი გზის მარჯვნივ თუ მარცხნივ გაბნეულ ეპიტაფიებზე გზაზე დაღუპული ყველა ხევსურის სახელსა და გვარს ამოიკითხავთ. არავინ მკითხავს, მაგრამ ჩემთვის რომ ეკითხათ, ხევსურულ საფლავებს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიტანდი. ფიქალი ქვით ნაგები საფლავებით სავსე სასაფლაო ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და მისტიური ადგილია იმ ადგილებს შორის, რაც კი აქამდე მინახავს. შატილის სასაფლაო ნაქსოვი მავთულითაა შემოსაზღვრული და აწერია, რომ შესვლა აკრძალულია. ძველ საფლავებზე ხევსურებს მცირე ზომის კოშკები აუგიათ, ახალ საფლავებს კი, მხოლოდ ქვის ჯებირები აკრავს. თითოეულ საფლავს თავისი თეთრი ქვები აქვს შემოწყობილი. იქვე მდგარ პატარა გორაზე, ხატია. იქ ასვლა აკრძალულია.

ხევსურთა სასაფლაო შატილში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ის, რაც ხევსურეთმა კარგად და მკაცრად შემოინახა – ხატის რწმენა და პატივისცემაა. ხატის გვერდით შატილში ხარების სახელობის ეკლესია დგას. წარმართობისა და ქრისტიანობის სიმბიოზის არქიტექტურული გადაწყვეტა თუ გსურთ იხილოთ, აუცილებლად უნდა ახვიდეთ შატილში.

დაახლოებით ერთ ჰექტარზე აგებული შატილის ციხე-ქალაქი ისეა დაპროექტებული, ერთი სახლიდან მეორე სახლში შეგიძლია გადასვლა, ბანიდან ბანზე. მდინარე არღუნის პირიდან სოფლის თავამდე ისე ავიდოდა კაცი, ვერავინ თვალს ვერ მოკრავდაო. ახლა შატილში ერთი კოშკი დანგრეულია – სიძველისგან. როგორც ჩანს, ბუნებას ტურისტებიც მიეხმარნენ – დანგრეული კოშკი ნაგვითაა სავსე.

განსხვავებით წინა წლებისგან, შატილში ნელ-ნელა ტურისტული ინფრასტრუქტურა ვითარდება. დაახლოებით ათამდე საოჯახო სასტუმროა. მდინარე არღუნის მარცხენა მხარეს ერთ გიორგიწმინდელ კაცს ვაგონი შეუდგამს, სადაც ყოველდღე ცხვება პური. ციხე-ქალაქის თავზე სოფლის სასაფლაო, ეკლესია, სკოლა და სამედიცინო პუნქტია. შატილის სკოლაში სულ რვა ბავშვი სწავლობს.

კომუნისტებამდე, საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარებამდე, ხევსურეთში თემური წყობილება იყო. რუსეთი ხევსურეთს უყურებდა როგორც „ველურ კოლონიას“, რომელიც ვერა და ვერ მოათვინიერა.

ხევსურეთის მემატიანე, სერგი მაკალათია წერს, რომ მეფის რუსეთს, რომელმაც ვერ დაიმორჩილა ამ მხარის მკვიდრნი, ხევსურები მარტო მაშინ ახსენდებოდა, როცა დედაქალაქში დიდი მთავრები ან ახალი მეფისნაცვლები ჩამოდიოდნენ. აბჯარასხმული, ცხენებზე ამხედრებული ხევსურები საგანგებო აღლუმებს ამშვენებდნენ, როგორც „უცხო სანახაობა“ სტუმართათვის. რუსული კვალი ყველაზე მძიმედ და ცუდად შატილს ატყვია. მე-19 საუკუნის დასაწყისში რუსეთის მეფის არმიამ შატილი გადაწვა.

შატილიდან იმავე „მარშრუტკით“ დავბრუნდი, რომლითაც ავედი. სოფელ კისტანში ქალი დაგვხვდა. წინა დღით დუშეთიდან გამოტანებული ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი – ფქვილი და მაკარონი კისტანში დატოვეს. „ჩვენ მთავრობას გადაეცი მადლობა, რომ დახმარების სახით ჭიანი ფქვილი გამოგვიგზავნაო. წაიღეთ ეს ფქვილი, საიდანაც მოიტანეთო“, – ბრაზობდა. მძღოლმა, მე რა შუაში ვარო.

შატილი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

სად გავათიოთ ღამე

ხევსურეთში სამოგზაუროდ ზაფხული საუკეთესო დროა. თუმცა, თუ ფერადი ხევსურეთის ნახვა გსურთ, მაშინ აუცილებლად შემოდგომას უნდა დაელოდოთ. გირჩევთ წახვიდეთ კარვით და წაიღოთ საკვები. მეგობრებისგან გაფრთხილებული ვიყავი, ყველა აუცილებელი ნივთი და მათ შორის, საკვებიც წამეღო წასვლისას. შატილში, მდინარე არღუნის პირას, ერთადერთი მაღაზიაა, სადაც ზაფხულობით ლუდი, სიგარეტი და ტკბილეული იყიდება. თუ სასტუმროს მხოლოდ ღამისთევით აიღებთ ან კარვით ახვალთ შატილში და თან საკვებს არ წაიღებთ, დიდი ძალისხმევის გაღება მოგიწევთ დასანაყრებლად. რომელიმე საოჯახო სასტუმროს უნდა მიაკითხოთ და საკვები იყიდოთ.

შატილიდან წამოსული კორშაში დავრჩი. შეიძლება მუზეუმების დიდი მოყვარული არ იყოთ, მაგრამ კორშას ეთნოგრაფიული მუზეუმი მართლა აუცილებლად უნდა ნახოთ. მთელი ხევსურეთის ისტორიას იტევს, ყველა ნივთი ძველია და მთელს მხარეშია შეგროვილი.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

არანაირი სტატუსი არ აქვს ბარისახოს წითელ ავტობუსს, არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, არც სამუზეუმო ექსპონატი, უბრალოდ, წითელი ავტობუსია და პირაქეთა ხევსურეთთან ასოცირდება. ყოველ ცისმარე დღეს, ბარისახოდან გამოდის და თბილისისკენ მიემართება. მარტო კვირაობით ავტობუსი მიმართულებას იცვლის და ხევსურთა მუნიციპალურ ცენტრში, დუშეთში მიდის. ამ დღეს დუშეთში ბაზრობა იმართება. ხევსურული ყველისა და ნატურალური თაფლის შესაძენად კვირა დღე დუშეთის ბაზარში საუკეთესო დროა. შუადღისკენ, როცა ხევსურები გასაყიდს გაყიდიან და სახლისთვის საჭირო რამეებს იყიდიან, ყველაფერს ამ წითელ ავტობუსში ჩატვირთავენ, მერე თვითონაც ჩასხდებიან და ხევსურეთის გზას დაადგებიან.

რამდენიც არ უნდა ვწერო ხევსურეთზე, მაინც ვერასდროს აღვწერ ყველაფერს, რის გამოც უნდა ნახოთ ეს მხარე. მგონია, რომ ყველას თავისი წილი ხევსურეთი აქვს აღმოსაჩენი და მერე დასაწერი.

გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“

უწყვეტი მესხური ძაფები

ავტორი, ფოტო: თამარა მირიანაშვილი

ბოლო დროს ვცდილობ მოვხვდე საქართველოს იმ ნაწილში, სადაც ჯერ ფეხი არ დამიდგამს და რომლის შესახებაც მწირი ინფორმაცია მაქვს. ზოგადად, დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს კუთხეებში მოგზაურობა დავიწყეთ. თუ კონკრეტულ კუთხეში ჩვენი ან ვინმე ნათესავის სოფელი არ გვეგულებოდა, ისე ვერ მოვხვდებოდით. გვარიანი წყვეტა გამოვიდა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდა ინფრასტრუქტურა, აღდგა მიმოსვლა, ერთმანეთის, წეს-ჩვეულებების გაცნობა ახლიდან და ახლოდან, მათ შორის ადგილობრივი სამზარეულოსიც.

მორიგმა კულინარიულმა ექსპედიციამ გეზი სამცხე-ჯავახეთისკენ აგვაღებინა. პირველად მივდივარ, იოტისოდენა წარმოდგენა მაქვს, ვიცი, რომ ბევრი ტბა უნდა გავიაროთ, ბევრი მთა, კლდე, ციხე-კოშკი, შუაგულ ქალაქში ლამპიონებზე დაბუდებული ყარყატები. საჭესთან მე ვარ. გაკვირვებისა და გაოცებისგან ხან სად ვჩერდები ფოტოების გადასაღებად, ხან სად. მგონია, რომ საქართველოში არ ვარ. რაც უფრო წინ მივდივარ, მით უფრო მწვანდება გარემო, უფრო ხასხასა და ხალასი ფერები შემოდის, ჰაერიც უფრო მსუბუქი ხდება.

მასპინძელი ოჯახი სოფელ ჭობარეთში გველოდება, ზღვის დონიდან 1440 მეტრზე, ასპინძის რაიონში. გზა ჭობარეთამდე ვიწრო და მიხვეულ-მოხვეულია, ქოთანში ჩატენილი მესხური ყველის ძაფებივით.

კითხვა-კითხვით მივაკვლიეთ მასპინძლებს, მჭიდროდ დასახლებული სოფელია, ლამაზი მინდვრებით, დამუშავებული მიწით, ხის ტოტებით შემოღობილი ეზოებით და რაც მთავარია, გამოირჩევა შინაური პირუტყვის სიმრავლითა და მრავალფეროვნებით.

აქ ამზადებენ მესხურ ყველს, აი, იმ ყველს, ჩვენამდე, ბარში, ლამაზი, თავწაკრული თიხის ქოთნებით რომ ჩამოდის. აქ მოსვლამდე ჩემთვის ეს იყო, უბრალოდ, ყველი თიხის ქოთანში.

შევედით თუ არა ეზოში, დავინახეთ მესხი ქალები, რომლებიც ჰაერში ისეთ სიფრიფანა ცომს ატრიალებდნენ, ვერც მივხვდი, რა იყო. ცომი უზარმაზარი, გაშლილი აბრეშუმივით, მოცეკვავის კაბასავით ბზრიალებდა, შიგადაშიგ კი შრომისგან დაღლილი ქალების სახეებსა და მზის სხივებს ირეკლავდა. ეს სრულიად ჯადოსნური პროცესია. სასწაულია, როგორ არ ირღვევა ასეთი სიფრიფანა ცომის სტრუქტურა. შემდეგ ეს ჰაეროვანი ცომი სწრაფად, მზითევში გასაყოლებელი საკაბესავით, ოთხკუთხედად დაკეცეს, ყველიც ჩაატანეს და ფურნეში მიაბრძანეს. ესაა მესხური ქადა-ხაჭაპური.

მეორე ოთახიდან ჟივილ-ხივილი და წყლის ჭყაპაჭყუპი მესმის, დიდ დარბაზში რამდენიმე ქალი დგას, წინ უდგათ დიდი, ადუღებული წყლით სავსე ქვაბები და ქვაბებიდან გამალებით ამოაქვთ და ატრიალებენ ორივე ხელზე გადახვეულ ყველის მსხვილ რგოლებს. რგოლები უწყვეტია, ხელის მტევნებიც ახლო-ახლოა ერთმანეთთან და თითქმის ერთ მეტრომდე სიგრძის ყველის ხვეულს დაუჯერებელი სისწრაფით ატრიალებენ, შემდეგ ჰაერში ატკაცუნებენ მთელ ამ ჯგროს და ისევ ქვაბში აგრძელებენ. ეს ხვეულა უწვრილეს ძაფებად უნდა იქცეს და არ უნდა გაწყდეს. ძაფებს მაგიდაზე გასაშრობად შლიან, ქოთანში ჩატენვამდე ურევენ ნაღებში და ამგვარად ინახავენ.

ფოტო: თამარა მირიანაშვილი

ეს არ არის უბრალოდ ყველი თიხის ქოთანში, ეს არის ჯადოქრობა თიხის ქოთანში. შეუძლებელია ამ ადგილას სხვანაირი ყველი მზადდებოდეს, დიდი სიჯიუტე და გამძლეობაა საჭირო, იქვე ნებისყოფაც და არანორმალური ფიზიკური შრომა.

მესხური ყველი მხოლოდ ქალებს ამოჰყავთ.

ჭობარეთში არაჩვეულებრივად გვიმასპინძლეს, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ერთი დღის განმავლობაში მაქსიმალურად ბევრი რამ გაგვეგო მესხური სამზარეულოს შესახებ. იტრიალეს ქალებმა, გაგვიმზადეს ერიშტა, რომელიც იტალიის რომელიმე პატარა სოფელში, ოჯახში მომზადებულ პასტა ფეტუჩინის მოგაგონებთ, მესხური ჰალვა, ლუხუმი – ცხელ ზეთში შემწვარი ჰაეროვანი ცომის ბურთულები, რომლებიც შეგიძლიათ მიირთვათ ჯემთან, ყველეულთან ან, უბრალოდ, შაქარი მოაყაროთ, მესხური ტკბილი ქადა და ჯადოსნური მესხური ქადა-ხაჭაპური.

ეს ის მხარეა, სადაც აუცილებლად კიდევ დავბრუნდები, ბევრი მიზეზის გამო. საქართველოს ამ მრავალფეროვან მხარესთან გვქონდა წყვეტა, ძაფი ახლაც წვრილია, მაგრამ თუ მარჯვე ხელშია, არ გაწყდება.

ფოტო: თამარა მირიანაშვილი

გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“

უმაღლესი საბჭო რეგიონში ვერ ქმნის პოლიტიკურ ამინდს – მესამე სექტორი

გაისად ისევ 5 მილიონი დაიხარჯება აჭარის უმაღლესი საბჭოს არსებობისთვის. ამ ორგანოს ფუნქციაა საკანონმდებლო საქმიანობა და აჭარის მთავრობის კონტროლი. სამოქალაქო სექტორში ისევ უჭირთ იმის თქმა, თუ რეალურად რა არის უმაღლესი საბჭოს ფუნქცია. რა აჩვენა ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს ერთი წლის მუშაობამ? – უმრავლესობა ირწმუნება, რომ სამართლებრივი აქტები მიიღეს, მესამე სექტორში თვლიან, რომ „ხელშესახები კანონი“ ამ ორგანოს ისევ არ მიუღია. ოპოზიცია ამჩნევს ცვლილებას: – უარი უთხრეს მაცივრიან მანქანებს, სასაფლაოებზე სიარულს, ქოლგებს…

რატომ ვერ იღებს უმაღლესი საბჭო „ხელშესახებ“ კანონებს

„უმაღლესი საბჭოს“ მიერ მიღებული აქტები, თუ არ ჩავთვლით ბიუჯეტის შესახებ კანონს, არ არის ხელშესახები, რეალურ ცხოვრებაში მისი გამოყენების საჭიროება ან აუცილებლობა ადამიანებს არ აქვთ,“ – ასე აფასებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობის პირველ წლის საკანონმდებლო საქმიანობას.

გია აბულაძე, უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ამბობს, რომ უმაღლესი საბჭო ისევ ტექნიკური ხასიათის საკნონმდებლო აქტებს იღებს, „ან იმ ცვლილებებს, რაც ეროვნულ დონეზე კანონმდებლობაში განხორციელდა და აქ სავალდებულოა, რომ აისახოს. არსებითად ამით არაფერი იცვლება“.

არსებითად მნიშვნელოვან სამართლებრივ აქტს ვერც უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრმა, ნინო ჩხეტიამ დაგვისახელა. მისი თქმით, ვიდრე უმაღლეს საბჭოს გააკრიტიკებენ, უნდა გაითვალისწინონ უფლებამოსილება, რაც ამ ორგანოს აქვს.

„როცა ასეთი კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაცია შეფასებას აკეთებს, კარგი იქნება არსებული კონსტიტუციის შესაბამისად თუ შეგვხედავს და ისე მოგვთხოვს ხელშესახებ შედეგს,“ – გვითხრა ნინო ჩხეტიამ, იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ. მან კონკრეტული მაგალითიც დაგვისახელა, როცა უმრავლესობამ სცადა სოციალური მიმართულებით შეეცვალა კანონმდებლობა, მაგრამ შესაბამისი უფლებამოსილება უმაღლეს საბჭოს არ ჰქონდა და საკითხის განხილვა მომავალი წლისთვის გადაიდო, როცა უმაღლესი საბჭოს „აჭარის კონსტიტუციას“ შეცვლის.

იურიდიული კომისიის თავმჯდომარე გვაიმედებს, რომ მომავალ წელს უმაღლესი საბჭო გაცილებით მოქნილი და აქტიური იქნება საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით. ნინო ჩხეტია ამ წლის მნიშვნელოვან მოვლენად საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიჩნევს და კონსტიტუციურ კანონს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ.

„უფლებამოსილების ჩამონათვალი გაიზარდა და ეს იძლევა უფრო თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობას. ჩვენ გვექნება საშუალება ვიმუშაოთ იმ კუთხით, რაც პირდაპირ იქნება საზოგადოებაზე ორიენტირებული,“ – აღნიშნავს ნინო ჩხეტია.

ოპოზიციის წარმომადგენელი „ბათუმელებთან“ რამდენიმე კანონპროექტს ასახელებს, რომლის მიღების უფლებაც უმაღლეს საბჭოს არსებული უფლებამოსილების პირობებში ჰქონდა და არ მიიღო.

„ჩვენ გვქონდა ინიციატივა იმ კუთხით, რომ უმაღლესი საბჭოს წევრს საპატიმრო დაწესებულებაში ბარიერის გარეშე შეეძლოს შესვლა. ინიციატივა საგაზაფხულო სესიის ბოლოს დავაყენეთ და ამ დრომდე მისი განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას არ დაუსრულებია. მხოლოდ ერთხელ ჩატარდა კომისიის სხდომა და თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ მისი გადადება მოითხოვა, რაღაც საკითხი უნდა დაზუსტდესო. ჩემი აზრით, უნდათ, რომ პარლამენტს შეათანხმონ და ისე წარუდგინონ. ჩვენ გვქონდა ასევე თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით ინიციატივა, რომ აჭარის მთავრობას ჰქონდეს მუნიციპალიტეტებზე სამართლებრივი ზედამხედველობის უფლება. გვითხრეს, რომ ეს თვითმმართველობაში ჩარევაა, მაგრამ იგივე უფლება პრემიერ-მინისტრს აქვს და აჭარის მთავრობას რატომ არ უნდა ჰქონდეს? სხვა ინიციატივებიც გვქონდა, მაგრამ ასეთი წესი აქვს უმრავლესობას, რაც უნდა ჭკვიანურს ამბობდე, რადგან ოპოზიცია ხარ, შენს აზრს არ იზიარებენ,“ – გვიყვება გია აბულაძე, უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

მნიშვნელოვან საკანონმდებლო აქტებს შორის ნინო ჩხეტია ორ ცვლილებას ასახელებს კანონმდებლობაში. პირველი: აჭარის განათლების მინისტრს ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად აქვს უკვე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლება. მეორე: სამთავრობო დაწესებულებას აჭარაში დამოუკიდებლად შეუძლია მიიღოს გრანტი დონორი ორგანიზაციისგან.

ამ თემაზე კომენტარის გაკეთება ჩვენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს ვთხოვეთ. ის თავდაპირველად დაგვთანხმდა, თუმცა საბოლოოდ სატელეფონო კომენტარზე უარი გვითხრა.

როგორ აკონტროლებდა უმაღლესი საბჭოს აჭარის მთავრობას?

„ზაფხულში ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა,“ – გვიყვება უმაღლესი საბჭოს წევრი გია აბულაძე. – „ამ ცვლილებებზე მხოლოდ ორი დღე იმუშავა უმაღლესმა საბჭომ. სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ თქვა კიდეც, მგონი, თქვენ ბიუჯეტი წაკითხული არ გაქვთ, ისეთ შეკითხვებს მისვამთო. მართალი იყო და ამაში უმრავლესობის დეპუტატები იგულისხმებოდა. აბა, მე ზეპირად ვიცი უკვე… ამ პროცესმა კარგად გამოაჩინა, როგორ აკონტროლებს საბჭო მთავრობას. დეპუტატები ამბობენ, რომ აკონტროლებს, მაგრამ რაში გამოიხატა ეს კონტროლი, გაურკვეველია. ჩვენ რამდენჯერმე მოვითხოვეთ ეკონომიკის მინისტრის დაბარება, ასევ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, მაგრამ უმაღლესმა საბჭომ ეს ვერ გააკეთა. რატომ ხდება ასე მუდმივად არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ ისინი უფრო მეტად პოლიტიკური პარტიის წინაშე გრძნობენ ანგარიშვალდებულებას“.

ოპოზიციის წარმომადგენელს კატეგორიულად არ ეთანხმება ნინო ჩხეტია, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე. მისი თქმით, პრობლემას არ წარმოადგენს მთავრობის რომელიმე წარმომადგენლის მისვლა უმაღლეს საბჭოში.

„ლაშა კომახიძეც იყო მოსული, როცა სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო, განათლების მინისტრი და გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსი. მიმაჩნია, რომ ამ გამოწვევას სრულად პასუხობს უმაღლესი საბჭო და ამ კუთხით პრობლემა არ გვაქვს,“ – ამბობს ნინო ჩხეტია.

რა პრობლემა შეამჩნია უმაღლესმა საბჭომ გასული წლის განმავლობაში და რომელი უწყების ხელმძღვანელი დაიბარა პრობლემის მოგვარების მიზნით? – ნინო ჩხეტია ამ თემაზე საუბრის დროს ბათუმის სტადიონს ახსენებს, რომლის მშენებლობაც რამდენჯერმე გადაიდო.

„სტადიონი დიდ მოლოდინად იქცა ჩვენი ქალაქის. ეს პროცესი მეტნაკლებად არის დაძრული და იანვრიდან დაიწყება მშენებლობა… რეალურად წლიდან წლამდე გადადიოდა ბიუჯეტში, ეს იყო რაღაც ტიპის გაურკვევლობის მიზეზით. ეს იყო დამოკიდებული ექსპერტიზაზე და უსაფრთხოების კუთხით გარანტიების გარკვევაზე… ამის გარკვევამ წაიღო დიდი დრო“, – ამბობს დეპუტატი. თუკი ობიექტური მიზეზების გამო ვერ აშენდა სტადიონი ბათუმში, რა როლი ჰქონდა მაშინ ამ პროცესში უმაღლეს საბჭოს? ნინო ჩხეტიამ ასეთი პრობლემა ვერ დაგვისახელა. გვითხრა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ბიუჯეტია, რაზეც უმაღლესმა საბჭომ აქტიურად იმუშავა და დეპუტატებს შენიშვნებიც ჰქონდათ.

„შენიშვნების დიდი ნაწილი გათვალისწინებულია, მათ შორის, მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემ ტრანსფერებზე, რომლის ოდენობა ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტში შემცირებული იყო. მთავარია, რომ ბიუჯეტი იყო შესრულებული. ეს არის ინდიკატორი შეფასებისთვის, როგორ მუშაობს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება,“ – მიიჩნევს დეპუტატი.

„ყველაზე სუსტი არის კონტროლის შესრულება უმაღლესი საბჭოს მხრიდან. არსებითადაც არაფერი შეცვლილა ამ კუთხით. ანგარიშების მოსმენა, სხდომებზე დაბარება, ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლი, ეს არ არის ეფექტურად გამოყენებული. უმაღლეს საბჭოს, პირველ რიგში, მაკონტროლებლის ფუნქცია აქვს. ვფიქრობ, აქ უფრო პოლიტიკური ნების პრობლემაა და უმრავლესობა თავს არიდებს შეკითხვების დასმას. ეკომიგრაციიდან დაწყებული, „ოცნების ქალაქით“ გაგრძელებული, არაერთი პრობლემური თემაა, რაზეც არ გვინახავს პასუხის მოთხოვნა მთავრობის მისამართით,“ – ეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერის, მალხაზ ჭკადუას შეფასებაა.

რატომ ვერ ქმნის უმაღლესი საბჭო პოლიტიკურ ამინდს?

კიდევ ერთი სისუტე, რაზეც მესამე სექტორი საუბრობს, პოლიტიკური აქტივიზმია. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ უმაღლესი საბჭო ამ წელსაც არ გამოხმაურებია მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებს და დეპუტატებს პოლიტიკური ტრიბუნა აქტიურად არ გამოუყენებიათ. ამის ერთ-ერთ მაგალითად მალხაზ ჭკადუა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან“ ბათუმში შაჰინის სკოლის დახურვას ასახელებს.

„გასაგებია, რომ ეს იყო საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება, მაგრამ უმაღლეს საბჭოს შეეძლო პოზიციის გამოხატვა და მინიმუმ იმის გაკეთება, რომ მოსწავლეები, რომლებიც რამდენიმე თვეში სწავლას ასრულებდნენ, არ დარჩენილიყვნენ ქუჩაში. რამდენიმე შემთხვევაში, მაგალითად, მარტის მოვლენების დროს, დეპუტატების პოზიციები აქტიურად ჟღერდებოდა, მაგრამ ბევრია ისეთი მოვლენა, სადაც დეპუტატებს მკაფიო პოლიტიკური პოზიცია უნდა ჰქონოდათ და ეს ვერ მოვისმინეთ,“ – ამბობს ის.

უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრი, ნინო ჩხეტია განმარტავს, რომ შაჰინის სკოლის დახურვაზე მან საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია, თუმცა ოპოზიციას მოთხოვნას არ დაეთანხმა უმაღლეს საბჭოში აჭარის განათლების მინისტრის დაბარებაზე.

„ეს იყო საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება და ინგა შამილიშვილი ამოვიდოდა უმაღლეს საბჭოში თუ არა, ეს, გულწრფელად გეტყვით, არაფერს შეცვლიდა,“ – გვითხრა დეპუტატმა.

ნინო ჩხეტიას აზრით, პოლიტიკური აქტივობა ყველაზე დიდი გამოწვევა უმაღლესი საბჭოსთვის. ამ თემაზე საუბრის დროს ის ახსენებს წინა უმაღლეს საბჭოს და ფიქრობს, რომ სტანდარტი უნდა დამკვიდრდეს, რა შემთხვევაში და რა ფორმით უნდა ეხმაურებოდეს პოლიტიკურ პროცესებს საკანონმდებლო ორგანო.

„ჩვენ გვქონდა რაღაც ტიპის მემკვიდრეობა და საზოგადოების მხრიდან მსგავსი აქტივობები იყო დაწუნებული, თუმცა საბოლოო ჯამში წარმომადგენლობითმა ორგანომ რეგიონული პოლიტიკა უნდა განსაზღვროს და ამაზე უარის თქმა გამორიცხულია. ამ კუთხით რაღაც ტიპის სტანდარტი უნდა არსებობდეს…“ – აღნიშნავს ნინო ჩხეტია.

გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე: „წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოსთან შედარებით ამ საბჭოს მუშაობა ხარისხი გაცილებით გაუმჯობესებულია, მაგრამ თუ გადავხედავთ საკითხების ინიციატორთა წრეს, დავინახავთ, რომ დეპუტატების მცირე ჯგუფი აქტიურობს. ლოგიკურად ჩნდება კითხვა, სხვა დეპუტატები რატომ არ არიან აქტიურები? მხოლოდ სხდომებზე დასწრება არ არის სადეპუტატო საქმიანობა. იმ ფონზე, როდესაც თითოეული დეპუტატი საკუთარი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის იღებს საბიუჯეტო ხარჯებს, ვფიქრობ, მათ მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. საერთო ჯამში უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ეფექტურობას განსაზღვრავს ის სიკეთე, რომელიც საზოგადოებამ უნდა მიიღოს მის მიერ გადახდილი გადასახადების სანაცვლოდ. სამწუხაროდ, უმაღლესი საბჭო  რეგიონში ვერ ქმნის პოლიტიკურ ამინდს.“

რამდენად მიზნობრივია დეპუტატების მივლინებები საზღვარგარეთ?

მივლინებების მიმართ ყოველთვის არსებობს საზოგადოების ინტერესი, როცა დეპუტატები ევროპის ამა თუ იმ ქალაქში გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. მივლინებებისთვის 2017 წლის სამ კვარტალში 52 412 ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე წლის მაისში ორჯერ იყო მივლინებით საზღვარგარეთ განათლების კომისიის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი. მაისის დასაწყისში იგი გერმანიაში იმყოფებოდა და თანაშემწე – კაკო ძნელაძეც ახლდა [უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი]. მაისის ბოლოს კი ლადო მგალობლიშვილი ავსტრიაში იმყოფებოდა. გერმანიაში დეპუტატის ვიზიტი 1477 ლარი დაჯდა, ავსტრიაში – 2379.

ლადო მგალობლიშვილი: „გერმანიაში ვიმყოფებოდი ევროპის ფესტივალების ასოციაციის პლენარულ სხდომაზე. ამ ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია კაკო ძნელაძე. ამიტომ წამოვიდა ისიც გერმანიაში. იქ დავამყარეთ კონტაქტები და ევროკავშირის კულტურის მიმართულებით გრანტებზე ვაპირებთ მონაწილეობას. კონკრეტულად ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, რადგან პარტნიორს ვარჩევთ. პარტნიორის გარეშე საგრანტო განაცხადს ვერ წარადგენ.

რაც შეეხება ვენას, იქედან მომავალ წელს ჩამოვლენ ხელოვნების გამოცდილი მენეჯერები, რომლებიც უფასო სამუშაო შეხვედრებს გამართავენ ხელოვნების ქართველი მენეჯერებისთვის“.

ვინ დააფინანსებს ავსტრიელი მენეჯერების ჩამოყვანას საქართველოში? – დეპუტატი ირწმუნება, რომ „არავითარი ფულის გადახდა არ იქნება საჭირო“ და ისინი თვითონ დააფინანსებენ მგზავრობას, სასტუმროს და სხვა ხარჯებსაც. დეპუტატმა ამ მენეჯერების ვინაობა ვერ გაიხსენა. არც ხელშეკრულებაა გაფორმებული, რაც ამ შეთანხმებას დაადასტურებს. „ესენი სერიოზული ხალხია. მე ველაპარაკე მათ და დავაინტერესე საქართველოთი. ეს იქნება მათი მხრიდან მოხალისეობრივი საქმიანობა,“ – ამბობს დეპუტატი.

რით მიიქცია ჟურნალისტების ყურადღება ახალი მოწვევის უმაღლესმა საბჭომ 2017 წელს?

უმაღლესი საბჭო მედიის და მათ შორის გასართობის შოუების განხილვის თემა აღარ არის. ამის მიუხედავად 2017 წელს დეპუტატებმა რამდენიმე საინტერესო შემთხვევით დაამახსოვრეს თავი საზოგადოებას, მაგალითად, ივლისში, როცა უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერმა წევრმა, ზაზა ოქუაშვილმა ახალი ავტომანქანა BMW X1-ის მარკის ავტომობილი უმრავლესობის წევრს – ცოტნე ანანიძეს აჩუქა. 

კიდევ ერთი საინტერესო შემთხვევა უმრავლესობის წევრს – დავით თედორაძეს უკავშირდება. ის დეპუტატობის პარალელურად საბიუჯეტო ჟურნალის „ჭოროხის“ რედაქტორის მოადგილეა. დეპუტატობისთვის დავით თედორაძე 4 652 ლარს იღებს ხელფასს, რედაქტორის მოადგილის ჯამაგირი კი 554 ლარია. „ბათუმელებმა“ ამ შემთხვევის შესახებ 2017 წლის თებერვალში წერდა. მაშინ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ეს შეაფასა, როგორც კანონდარღვევა. ამავე სტატიაში უმრავლესობის წევრი ნინო ჩხეტია ამბობს, რომ საკითხის მოკვლევა მიმდინაროებს და დადგინდება, გვაქვს თუ არა საქმე ინტერესთა კონფლიქტთან.

„ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს,“ – ამბობს ნინო ჩხეტია წლის ბოლოს. მისი თქმით, კომისიამ იმუშავა და დავით თედორაძესთან „მწერალთა კავშირის“ მიერ გაფორმებული ხელშეკრულებაც ნახა. დეპუტატებმა დაადგინეს, რომ დავით თედორაძე არ ასრულებს ადმინისტრაციულ ფუნქციას, როცა იგი რედაქტორის მოადგილეა.

უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი დეპუტატი, ილია ვერძაძე პროფესიული კავშირების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს ინარჩუნებს. დეპუტატმა „ბათუმელებს“ არ უთხრა, იღებს თუ არა ანაზღაურებას, როგორც პროფკავშირის ხელმძღვანელი.

მესამე სექტორში ხედავენ პოზიტიურ ცვლილებებსაც, მაგალითად, მასმედიასთან ურთიერთობის, ასევე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების კუთხით. არასამთავრობო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზრდილია. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ თვლიან, რომ უმაღლესმა საბჭომ გარკვეული მიმართულებით პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

გიორგი ხიმშიაშვილი, საია: „ბიუროკრატიული მექანიზმი, რომელიც არსებობს უმაღლესი საბჭოს სახით, ვერ ამართლებს იმ ხარჯებს, რასაც საზოგადოება გასწევს. ვისურვებდი, უმაღლესმა საბჭომ აიღოს ინიციატივა გარკვეული საკითხების მიმართულებით და გადაწყვეტილების მიღების დროს იხელმძღვანელონ რეგიონის საჭიროებიდან გამომდინარე.“

მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“: „უნდა ვისაუბროთ მიღწევებზეც… მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილია ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება. ბიუჯეტზე შენიშვნებმაც გამოავლინა, რომ უმაღლესი საბჭო არის დამოუკიდებელი. მნიშვნელოვანია, რომ დეპუტატების ნაწილი აქტიურად ხვდება მოსახლეობას და უშუალოდ იგებენ საჭიროებების შესახებ…“

2018 წელს უმაღლესი საბჭოს არსებობისთვის ჯამში 4 მილიონ 846 ლარი დაიხარჯება.

ამერიკელი მკვლევარი: ბათუმში, ღამის კლუბში თანხა გამომძალეს

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ამბობს, რომ ბათუმში ერთ-ერთ ღამის კლუბში თანხა გამოსძალეს. რობი [სახელი შეცვლილია] კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორანტია და კონკრეტული თემის საკვლევად ერთი წლით ჩამოვიდა საქართველოში. რობიმ სამეცნიერო კვლევა ბათუმში შემოდგომაზე დაიწყო.

„23 ნოემბერს მეჩეთთან ახლოს თურქი ეროვნების კაცი გავეცანი. მითხრა, მურატი მქვიაო. შემომთავაზა ღამის კლუბში წავიდეთ, კარგად გავერთობითო, კლუბი ჩემია და ფულზე არ იდარდოო. მაინც უარი ვთქვი იმ დღეს კლუბში წასვლაზე, თუმცა ტელეფონის ნომრები გავუცვალეთ ერთმანეთს. მეორე დღეს მურატი ისევ შემეხმიანა ტელეფონით“, – გვიყვება რობი.

მან სატელეფონო ქსელში მურატის შეტყობინებები გვაჩვენა, მათ შორის, კლუბში გადაღებული ცეკვის ამსახველი ვიდეოები. 25 ნოემბერს, საღამოს 10 საათზე მურატი და რობი აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში ერთად მივიდნენ [„ბათუმელები“ კლუბის სახელს არ ასახელებს, რადგან კლუბის წარმომადგენლებთან დაკავშირება ამ დროისთვის ვერ მოვახერხეთ].

„კლუბში ხილი შევუკვეთე და ენერგეტიკული სასმელი, შემდეგ ერთი ბოთლი ლუდიც დავლიე. მურატი ჩემს გვერდით დაჯდა. მან ვისკი და თხილი შეუკვეთა. მურატიმ მითხრა, რომ მას საუკეთესო გოგონები ჰყავდა უკრაინიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან და აზეირბაიჯანიდან. მოცეკვავე გოგონა მაგიდებთან რიგ-რიგობით მოდიოდა და ცეკვავდა, ფულს მთხოვდა, მაგრამ არ მივეცი… ცოტა ხანში წამოსვლა გადავწყვიტე და ანგარიში ვითხოვე“, – გვიყვება რობი.

ანგარიშის ფურცელზე ეწერა, რომ რობის 450 ლარი ჰქონდა გადასახდელი. რობიმ მიმტან ბიჭს უთხრა, რომ ფასი შეუსაბამო იყო და ასევე ვისკი და თხილი მას არ შეუკვეთია. ამ დროს მურატი კლუბში აღარ ჩანდა. რობიმ თანხის გადახდაზე უარი თქვა თუ არა, მასთან ერთი კაცი მივიდა, რომელმაც უთხრა, რომ კლუბის მესაკუთრე ის იყო.

„მას ედვანი ერქვა, ირანელია. დაცვის თანამშრომლებიც შემოვიდნენ. მუქარა არ ყოფილა, მაგრამ ეს იყო დაშინება. კუნთმაგარი ბიჭები იყვნენ და საუბრის დროს ოდნავ მეხებოდნენ სხეულით, რომ მეგრძნო მათი ფიზიკური სიძლიერე. ისინი მხოლოდ კითხვას სვამდნენ და იმეორებდნენ: რა პრობლემაა, რა პრობლემაა?“ – იხსენებს რობი.

რობიმ საბანკო ამონაწერიც გვაჩვენა, რომლის მიხედვითაც მისი საკრედიტო ბარათიდან 25 ნოემბრის საღამოს 171 დოლარი და 96 ცენტია გადახდილი ამ კლუბის ანგარიშზე. თანხის გადახდის შემდეგ რობის კლუბი არ დაუტოვებია.

„მურატი დაიკარგა, მაგრამ ედვანმა სცადა ჩემთან დაახლოება. როცა დარწმუნდა, რომ ამერიკელი ვიყავი, მითხრა, იქნებ ჩამოვსხდეთ, გაერთე, ფულზე არ იდარდოო. მაგიდასთან დავსხედით, სადაც ისევ მოიტანეს ხილი, თხილი, სასმელი… მალე გავიფიქრე, რომ ამის გადახდაც მე მომიწევდა და წამოვედი. გარეთ დაცვის თანამშრომლებმა გამაჩერეს, გადაიხადე ყველაფერიო? ედვანი მოვიდა და თქვა, რომ ყველაფერი გადახდილი მაქვს და გამომიშვეს,“ – აღნიშნავს რობი.

რობის პოლიციისთვის არ მიუმართავს. ამბობს, რომ არ იცოდა, რამდენად ეფექტურად მუშაობს პოლიცია ამ ტიპის დანაშაულის გახსნაზე. მას თანხის დაბრუნებაზე მეტად სამართლიანობა აღელვებს და ამის გამო გადაწყვიტა თავისი ისტორიის მედიისთვის მოყოლა.

რობი ამბობს, რომ ბათუმში, ევროპის მოედანზე ორი დღის წინაც დაინახა მურატი.

ამავე თემაზე:

თანხის გამოძალვის ოთახი“ ღამის კლუბში

ასჯელი ღამის კლუბში თანხის გამოძალვისთვის

ტურისტები ომანიდან: ღამის კლუბში ფული გამოგვძალეს

საცობი ბაზართან და მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ ახალი წლის ღამეს

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ცენტრალურ ბაზართან, სადაც ჩვეულებრივ დღეებშიც გადატვირთულია მოძრაობა, წინასაახალწლო დღეებში კიდევ უფრო რთულდება ავტომანქანების მოძრაობა, არის საცობები.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, რაიმე დროებითი შეზღუდვა [თუნდაც ქუჩის ცალმხრივად გადაკეტვა] ტრანსპორტის მოძრაობაში არ იგეგმება.

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს, საღამოს ათი საათიდან დილის სამ საათამდე,  №1, №1ა, №4 და №11 მარშრუტებზე მგზავრობა უფასო იქნება.

ბათუმი, მაიაკოვსკის ქუჩა / 29.12.2017 / გურამ მურვანიძის ფოტოები

ორი დღე უფასოდ ბოტანიკურ ბაღში

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბოტანიკური ბაღი 1 და 2 იანვარს დამთვალიერებელს უფასოდ უმასპინძლებს. ბაღის ტერიტორიაზე შემოსვლა შესაძლებელი იქნება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

რა თანხა გადაიხადა საზმაუმ ფართობში, სადაც 1 მილიონ ლარად ბათუმის სტუდიას ააშენებს

ფართობში, რაზედაც ბათუმის სტუდიისთვის ერთი სართული უნდა დააშენოს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 88  596 აშშ დოლარი გადაიხადა. მაუწყებელი ამ თანხის ოდენობას არ ასაჯაროებდა. ამის მიუხედავად „ბათუმელებმა“ მოახერხა ნასყიდობის ხელშეკრულების მოპოვება.

შპს REAL PALACE-სა და სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის ხელშეკრულება 492,2 კვ/მ ფართობის შესყიდვაზე მიმდინარე წლის 10 აგვისტოსაა გაფორმებული. ხელშეკრულებას ხელს საზმაუს მხრიდან გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე აწერს. ხელშეკრულების მიხედვით 88 596 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღისთვის არსებული კურსით, მაუწყებელს კომპანიისთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 საბანკო დღის განმავლობაში უნდა გადაერიცხა.

ამ თანხაში, ხელშეკრულების მიხედვით, უნდა შესულიყო დასრულებული ფასადი, სახურავი და დამონტაჟებული ლიფტები. თავის მხრივ მაუწყებელმა არ უნდა დაარღვიოს ფასადების იერსახე. ამის მიუხედავად, მაუწყებელი ფასადსაც ცვლის [შენობის პროექტის ავტორისგან შესყიდული ახალი პროექტი, რაშიც 23 600 ლარი გადაიხადა] და სახურავსაც [ასევე გადააკეთებს ლიფტის ტექნიკურ სართულსაც].

„შენობა ექსპლუატაციაში მიღებულია რამდენიმე თვის უკან. 25-ე სართულის სახურავზე ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფისის დაშენება. სახურავზე ამოდის კიბის უჯრედი და ლიფტის ტექნიკური სართული,“ – აღნიშნულია პროექტში.

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე, 25-სართულიან შენობაზე 26-ე სართულის დაშენებისთვის საზმაუ დამატებით 1 მილიონ ლარამდე გადაიხდის.


„ბათუმის ოფისთან“ დაკავშირებით საზოგადოებრივ მაუწყებელს „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა დაუსვა, თუმცა მაუწყებელმა არც ერთ კითხვას პასუხი არ გასცა, მათ შორის:

  • იყო თუ არა შესაძლებელი და თუ არა რატომ, მაუწყებლის ოფისი განთავსებულიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარგებლობაში არსებულ შენობაში?
  • ხომ არ იგეგმება ბათუმში ახალშეძენილ ფართობში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განთავსება?

ამ კითხვებს ერთგვარი პასუხი აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (აჭარის ტელევიზიამ) გასცა, როცა მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს მიმართა ახალი შენობის გადაცემის თხოვნით.

„აჭარის ტელევიზია განთავსებულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ორსართულიან შენობაში. თანამშრომელთა უმეტესობას სამუშაო ადგილი არ გააჩნია. ოთახების დიდი ნაწილი ფანჯრების და სათანადო ვენტილაციის გარეშეა,“ – ასე ხნის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი შენობის საჭიროებას.

ამავე თემაზე:

საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის სტუდიის ასაშენებლად 1 მილიონ ლარს დახარჯავს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის ოფისის ყიდვისთვის დახარჯული თანხის ოდენობას ისევ მალავს

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბათუმში ოფისისთვის ფართობი იყიდა

რატომ გაჩნდა GPB-ის საიტზე გამოკითხვა – უნდა არსებობდეს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი?

 

 

ბათუმელი მწერლების შეფასება ზვიად რატიანის საქმეზე

პოეტ ზვიად რატიანის დაკავებას და პოლიციის მხრიდან მასზე ძალადობას ბათუმელი მწერლები აფასებენ, როგორც პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების და ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტს.

ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქტორი სანდრო ბერიძე: „პოლიცია მოიქცა არაადამიანურად. როგორ შეიძლება ადამიანს გინებისთვის ასე მოექცე. თუ გინებისთვის ერთს სჯი, მაშინ მეორეც უნდა დასაჯო და ამის მაგალითი იყო პრემიერის გინება. გარდა ამისა, პატრიარქი ღმერთი ხომ არ არის, პატივსაცემი პიროვნებაა, მაგრამ ხომ შეიძლება ადამიანს არ მოსწონდეს.

ამის გამო შეიძლება ადამიანს ქვები ესროლო და ჩაქოლო? მე იმ ადამიანების მიკვირს, ზვიადს რომ ამტყუნებენ. პოლიცია ისევ საბჭოთა მეთოდებით მუშაობს, ადამიანების მენტალობა თუ არ შეიცვალა, ისე არ ეშველება არაფერს. ნახევარი საქართველო ქურდული მენტალობის მატარებელია და ჩარჩენილი არიან ისევ სტალინის და ბერიას ეპოქაში.

სხვანაირი ღირებულებაა ევროპა, მსოფლიო კულტურის და ცივილიზაციის ცენტრი იყო ყოველთვის და ევროპული გზა რომელმა ქვეყანამაც აიღო, ყველა განვითარდა, მაგრამ ჩვენ რა გვემართება ვეღარ გავიგე. ვფიქრობ, სახელმწიფო უწყებებში ისეთი ღირებულებების მატარებელი ადამიანები უნდა იყვნენ, ვინც ჩახედულია ადამიანის უფლებებში და არა ნაცნობობამ და ნეპოტიზმმა წალეკოს ყველაფერი. არ შეიძლება არსებობდეს შერჩევითი სამართალი, რადგან ასე ვერ  ჩამოყალიბდება  სეკულარული სახელმწიფო და არც სამოქალაქო საზოგადოება“.

როინ აბუსელიძე, პოეტი: „ჩემს პრაქტიკაშიც მქონია შემთხვევა, როდესაც პოლიცია გაჩერებს და ძალიან ირონიული ტონით, დამცინავად გისვამს ისეთ კითხვებს, რაზეც ჩვეულებრივი პასუხიც კი უკვე პროვოკაციაა.

სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ შსს-ს მხრიდან ქვეყნდება ვიდეო მასალა, სადაც კონკრეტული ამბის არც თავი ჩანს და არც ბოლო. ეს, უბრალოდ, ხალხის შეურაცხყოფაა და მეტი არაფერი.

გვაჩვენებენ დაჩეხილ ვიდეომასალას, როდესაც მათ მიერ წყობიდან გამოყვანილი ადამიანი ბილწსიტყვაობს და ამით ამართლებენ იმ უგვანო საქციელს, რომელსაც უკვე წლებია ვერ გადაეჩვია ქართული პოლიცია.

ცხადია, ამ სტრუქტურაში პრობლემებია და სერიოზული ცვლილებებია ჩასატარებელი. აუცილებლად უნდა გახდეს იმ „პოლიციელების“ ვინაობა საჯარო, ვინც ზვიად რატიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. „შეურაცხყოფა“ ეს კიდევ რბილად არის ნათქვამი, რადგან ჩვენ ვხედავთ სხეულზე მიყენებულ დაზიანებებს“, – ამბობს როინ აბუსელიძე.

ბელა ქებურია, პოეტი: „მე წინააღმდეგი ვარ ძალადობის, არა მხოლოდ ზვიად რატიანის მიმართ, არამედ ნებისმიერი ძალადობის პოლიციის მხრიდან, მაგრამ ამავე დროს, წინააღმდეგი ვარ პროვოკაციის გამოწვევის პოლიციელის წინააღმდეგ.

ჩვენ ყველანი, პოლიციაც და საზოგადოებაც უნდა ვიცავდეთ იმ ოქროს შუალედს, რომელიც ურთიერთპატივისცემის ზღვარზე გადის. ადამიანის უფლება ყველაზე მაღალი უფლებაა და ის პოლიციელიც ადამიანია, ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს, მაგრამ ნებისმიერი გადაცდომა, როგორც ერთის მხრიდან, ასევე მეორეს მხრიდან არის მიუღებელი“.

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციამ 24 დეკემბერს დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა. თვითონ პოეტი კი სამართალდამცავებს ცემაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მას სამოქალაქო ფორმებში გადაცმულმა პირებმა ნარინჯისფერი ქურთუკის გამო სცემეს.

რატიანს სოლიდარობა გამოუცხადეს ქართველმა მწერლებმა და პოეტებმა, მათი განცხადებით, დღეს პოლიცია საბჭოთა მეთოდებით ებრძვის კრიმინალს და არღვევს ადამიანის უფლებებს.

რატი ამაღლობელის თქმით, ზვიად რატიანის საქმე უნდა იქცეს აქამდე საშინლად დაჩაგრული ყველა მოქალაქის გამამხნევებელ მაგალითად.

ზვიად რატიანს სასამართლომ 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

 

ყოველთვიურად 100 და დეპოზიტზე შესატანი 5000 ლარი – შინაპატიმრობის ახალი წესები

2018 წლის პირველ თებერვალს შინაპატიმრობის აღსრულების ახალი წესი ამოქმედდება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესი განსაზღვრავს: სასჯელის აღსრულების წესსა და პირობებს, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესს, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის ოდენობას, დეპოზიტზე თანხის განთავსების წესსა და პირობებს.

ახალი წესი ვრცელდება როგორც არასრულწლოვან, ასევე სრულწლოვან მსჯავრდებულებზე. შინაპატიმრობაში მყოფი პირი სპეციალური ელექტრომოწყობილობით გაკონტროლდება, რაც საშუალებას იძლევა, გაკონტროლდეს პერიმეტრი, რომელზეც ის მოძრაობს.

სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით განხორციელდება ოფიცრის საკონტროლო ვიზიტები მსჯავრდებულთან შინაპატიმრობის მოქმედების საათებში. სასჯელის აღსრულების ადგილზე თვეში არანაკლებ 6 გაუფრთხილებელი ვიზიტი უნდა განხორციელდეს.

შინაპატიმრობაში მყოფი პირი ვალდებულია მოსაკრებელი – 100 ლარი გადაიხადოს ყოველთვიურად. გადასახადისგან თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი პირები და არასრულწლოვნები.

კიდურზე დამაგრებული ელექტრომოწყობილობის გამიზნულად დაზიანების შემთხვევაში შინაპატიმრობაში მყოფი პირი ასევე ვალდებულია გადაიხადოს მოწყობილობის ღირებულება.

წესის მიხედვით, აპარატის დამაგრებიდან 7 დღის განმავლობაში მსჯავრდებულმა აპარატურის სრული ღირებულების შესაბამისი თანხა – 5000 ლარი უნდა განათავსოს სააგენტოს სპეციალურ სადეპოზიტო ანგარიშზე, რაც აპარატურის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტია იქნება.

არის თუ არა ხელმისაწვდომი ყველა სოციალური ფენისთვის შინაპატიმრობის აღსრულების ახალი წესი, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს მან ან რა ხარვეზები და ღირსება აქვს ახალ წესს. ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელებთან“ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ იურისტი, რამინ გვარიშვილი საუბრობს.

რამინ გვარიშვილი: „შინაპატიმრობა არის სასჯელის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც  შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ძირითად, ასევე დამატებით სასჯელად. ახალმა წესმა დაარეგულირა შინაპატიმრობის აღსრულების პროცედურა. ახალი წესის დადებითი მხარეა, რომ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ, სასჯელი მოიხადონ პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის გარეშე, შინ, ახლობლების გარემოცვაში.

თუ რისკებზე ვისაუბრებთ, ახალი წესი შეიძლება ხელსაყრელი იყოს დამნაშავისთვის, რომელსაც მატერიალურად არ უჭირს და ეადვილება ყოველთვიური მოსაკრებლის, 100 ლარის გადახდა. ამ სახის სასჯელით, ვფიქრობ, მხოლოდ მათ შეუძლიათ ისარგებლონ, ვისაც ფინანსური მხარე არ აბრკოლებთ.

მოსაკრებლისგან თავისუფლდებიან არასრულწლოვნები და სოციალურად დაუცველები. საშუალო ფენას კი, რომელსაც სახარბიელო ფინანსური მდგომარეობა აქვს, არც სოციალურად დაუცველთა სიაშია და არც არასრულწლოვანია, შესაძლოა მოსაკრებელი მძიმე ტვირთად დააწვეს.

შინაპატიმრობა, მოგეხსენებათ, სასჯელის სახლიდან გაუსვლელად მოხდას გულისხმობს. ამ ტიპის სასჯელზე დამატებითი მოსაკრებლის დაწესება, თან საშუალო ფენისთვის, რომლისთვისაც 100 ლარი შეიძლება პურის ფული იყოს, ვფიქრობ, საკამათო თემაა. თუ ადამიანი სახლიდან ვერ გადის, ვერ მუშაობს, როგორ უნდა შეძლოს ამ მოსაკრებლისთვის საჭირო თანხის გამომუშავება? არის რისკი იმისა, რომ პირმა დაარღვიოს შინაპატიმრობის წესები გადასახდელი მოსაკრებლის გამომუშავების მიზნით და, ბუნებრივია, ამის შემდეგ მას შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა.

თუნდაც ჰყავდეს მსჯავრდებულს ოჯახი, რომელიც 100 ლარს გადაუხდის, მაგრამ რამდენი ოჯახია, ვისთვისაც თანხის გადახდა შეიძლება კვებისთვის აუცილებელი სახსრების მოკლებას ნიშნავდეს. დიდი ტვირთი იქნება ეს თანხა ბევრი ოჯახისთვის.

თუ შინაპატიმრობაში მყოფი მარტო ცხოვრობს, მაშინ აღნიშვნაც არ სჭირდება იმას, რომ მოსაკრებლის გადახდა გართულდება. ჰაერიდან ხომ ვერ შემოუვა თანხა ადამიანს, სადღაც ხომ უნდა იშოვოს.

ამგვარად შინაპატიმრობის აღსრულების წესები რისკებსაც შეიცავს. როცა საჯელის აღსრულების წესი პრაქტიკაში დაინერგება, შეიძლება გამოჩნდეს სხვა საჭიროებები, რაც ჯერ გათვალისწინებული არ არის. აღსრულების დროს შესაძლოა ბევრი პუნქტი  გახდეს შესაცვლელი.

წინგადადგმული ნაბიჯია, რომ დაინერგა შინაპატიმრობა სასჯელის ერთ-ერთ სახედ. ადრე არ არსებობდა შინაპატიმრობის ზედამხედველობის წესები და კარგია, რომ ეს წესი უკვე განსაზღვრა მინისტრმა. მოსახერხებელია ასევე მეთვალყურეობის პროცესისთვის ელექტრონული სამაჯურების ტარების პრინციპიც, მაგრამ ზოგადი სოციალური ფონის გათვალისწინებით საფიქრებელია, როგორ იმუშავებს მოსაკრებლის გადახდის წესი.

სასჯელის ეს ფორმა მოსახერხებელი იქნება სოციალურად დაუცველებისთვის, არასრულწლოვნებისა და მდიდრებისთვის (და მსჯავრდებულთა შორის ასეთი ძალიან ცოტაა). მოუხერხებელი იქნება საშუალო ფენისთვის,“ – აცხადებს „დემოკრატიის ინსტიტუტის“ იურისტი.

სახალხო დამცველის აპარატსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ საკითხი სიღრმისეულადაა შესასწავლი და შინაპატიმრობის აღსრულების ახალი წესის შესახებ მათი პოზიციები და მოსაზრებები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ბსუ ბათუმში ახალ სასწავლო კორპუსს 2,9 მილიონ ლარად ააშენებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] ბათუმში, ლეონიძის ქუჩა N15-ში ახალ სასწავლო კორპუსს ააშენებს. სამშენებლო სამუშაოებს, რისთვისაც 2 მილიონ 957 ათასი ლარია გამოყოფილი, ბსუ ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. მშენებლობა 2018 წლის 21 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. საპროექტო ტერიტორია კი 65 982 კვ/მ-ია.

არსებული პროექტის მიხედვით, ახალი სასწავლო კორპუსი სამსართულიანი იქნება; შენობის ძირითადი სტრუქტურული სისტემა წარმოადგენს რკინა-ბეტონის კარკასულ შენობას; მასში 27 აუდიტორია, კაბინეტები და საკონფერენციო დარბაზი განთავსდება. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე, რომელშიც გათვალისწინებულია პანდუსი, სველი წერტილები, ლიფტი.

ტენდერში წინადადებების მიღება 17 იანვარს დაიწყება და 22 იანვარს დასრულდება.

ბსუ-ს ახალი კორპუსის ესკიზი / ბათუმი, ლეონიძის 15 / ფოტო პროექტიდან
ახალი სასწავლო კორპუსის ეზოს ღობის ესკიზი / ფოტო პროექტიდან

ბსუ ბათუმში, ლეონიძის 15-ში, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელსაც აშენებს, რისთვისაც ხელშკრულება შპს ვექტორთან 2 359 000 ლარზეა გაფორმებული; ბსუ-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის არ არის გადაწყვეტილი კონკრეტულად რომელი ფაკულტეტები განთავსდება ახალ კორპუსში. ლეონიძის 15-ში საუნივერსიტეტო კომპლექსი იქნება.

ქობულეთში კი, კაიკაციშვილის ქუჩის №1-ის მიმდებარედ, ბსუ-ს კვლევითი ინსტიტუტის შენობა აშენდება.

ციფრული ნამუშევრების გამოფენა ბათუმში

ხვალ 31 დეკემბერს, ბათუმში პირველად გაიმართება ექვსი ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც სპეციალურად საახალწლოდ შეიქმნა. ნამუშევრები 30 დღის განმავლობაში იქნება გამოფენილი ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში.

როგორც გამოფნის ორგანიზატორები ამბობენ, გამოფენების მიზანია ციფრული ხელოვნების (Digital Art – Print Art) პოპულარიზაციაა.

გამოფენილი იქნება Levanccio -ს, ბექა ბერიძის , თინა ჩერტოვას, ნინო ბოსიკაშვილის, მაკა ზედელაშვილისა და ლევან გელიაშვილის ნამუშევრები.

პროექტის გახორციელება ორგანიზაცია EREDELI’s Art -ის მიერ 2016 წლიდან, რომლის მხარდამჭერი იყო შვეიცარიის განვითარებისა და თანამაშრომლობის სააგენტო (SDC), Culture and Management Lab, კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია ​და აჭარის განათლები, კულტურისა და სპროტის სამინისტრო.

​„პროექტის ფარგლებში ბათუმის ცენტრალურ უბნებში  ცხრა „არტ – ბოქსი“ განთავსდა, ბათუმელ ახალგახრდებს გამოეყოთ სამუშაო სივრცე (სტუდია) უსასყიდლოდ და მოხდა ვებ გვერდის შემქნა სადაც ხელოვანები ნამუშევრებს გაყიდიან და გაავრცელებენ.

2016 წელს, პროექტის დასრულების შემდეგ სტუდია განვითარდა და დამოუკიდებლად შექმნა უფრო მაშტაბური პროექტი „ART UP“, რომლის ფარგლებშიც მთლიანად საქართველოში ყველა ტიპის ნამუშევრის გავრცელებისათვის არის მორგებული“-ნათქვამია პროექტის ისტორიაში.

მათივე ინფორმაციით, „არტ ბოქსები“ დამონტაჟდება თბილისშიც,  ვებ გვერდს სამომავლოდ დაემატება აუდიო და ციფრული ნამუშევრების ონლაინ გაყიდვის ფუნქცია.

სარფში თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, სარფში დაკავებულია 1972 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. „ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 90 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს“-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პოლიციის ინფორმაციით, მოქალაქეს პირადი ჩხრეკისას, 90 აბი სუბოქსინი აღმოაჩნდა. „გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს“.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმების წერილი პატარაძეს და მინისტრის განმარტება

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს წერილობით მიმართეს. ერთ-ერთი ექიმი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ისინი კატეგორიულად მოითხოვენ, არ გასხვისდეს საავადმყოფო, მათ შორის, მართვის უფლება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ „ბათუმელებთან“ 22 ნოემბერს აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება რესპუბლიკური საავადმყოფოს მართვის უფლების გასხვისებაზე.

ამ საავადმყოფოს 100-პროცენტიანი წილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეკუთვნის.

„სტატიის გამოქვეყნებამდე გვეუბნებოდნენ, რომ არაფერიც არ გასხვისდებოდა. ამიტომაც ჩვენ შევხვდით ზურაბ პატარაძეს და ვუთხარით, რომ ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. მივიღეთ დაპირება, რომ მართვის უფლების მთლიანად გადაცემა არ განიხილებოდა. ტექნიკის შესაძენად ისევ არაა თანხა გამოყოფილი და ბევრი კითხვა არსებობს. წერილს 350 ექიმი აწერს ხელს. ზურაბ პატარაძეს მივმართეთ იმისთვის, რომ ოფიციალურად წერილობით დასტურდებოდეს ის, რასაც ვაკეთებთ,“ – გვითხრა „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ერთ-ერთმა ექიმმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

„მოლაპარაკებები ისევ გრძელდება, სიახლე ამ ეტაპზე არ გვაქვს,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. მისი თქმით, ის ექიმებს შეხვდა და ესაუბრა მართვის წილის გასხვისების აუცილებლობაზე. მინისტრი ინფორმირებულია იმაზეც, რომ ექიმებმა წერილი ზურაბ პატარაძეს მიწერეს.

რას ფიქრობს რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისებასთან დაკავშირებით თავად ზურაბ პატარაძე. აჭარის მთავრობის პრესცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მთავრობის პოზიციას ჯანდაცვის მინისტრი დააფიქსირებდა. ზაალ მიქელაძემ კი შემდეგი განმარტა:

„როგორც ჩანს, მათ მაინც უნდათ, რომ პასუხი მიიღონ მთავრობის თავმჯდომარისგან. მე ავუხსენი, რომ რეალურად არის საჭირო ეს, რადგან ჩვენ გვჭირდება საავადმყოფოს მართვაში ორგანიზაცია, რომელსაც აქვს საუნივერსიტეტო კლინიკის მართვის გამოცდილება. რეალურად ეს არის პრობლემა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტსაც შეექმნება აკრედიტაციის პრობლემა 2021 წელს, თუკი მას არ ექნება საბაზისო კლინიკა. ამ კუთხით მიმდინარეობს მოლაპარაკება. მთლიანად მართვის უფლების გადაცემაზე არც ადრე იყო საუბარი. ექიმების დიდი ნაწილი მხარს უჭერს ამ იდეას, ვიღაც ამის წინააღმდეგია ისევ. რეალურად ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ ექიმები, როცა გასხვისებაას ახსენებენ“.

რატომ არ არის ისევ ახალი საავადმყოფოს ტექნიკის შეძენაზე თანხა გამოყოფილი? – აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჯერ კიდევ უნდა დაზუსტდეს, რის საჭიროება არსებობს.

„ჩვენ ველოდებით ამ მონაცემს კლინიკისგან. არსებული შპს ეკუთვნის სამინისტროს, მაგრამ ახალი „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მართვისთვის მომავალი წელს ახალი შპს უნდა შეიქმნას. ამჟამად ახალ „რესპუბლიკურ საავადმყოფოს“ შპს „ბათუმის სტადიონი“ მართავს, მაგრამ ამ შპს-ს დაქვემდებარებაში ხომ ვერ იქნება კლინიკა, როცა მშენებლობა საბოლოოდ დასრულდება? ჩვენ ვიცით, რომ ტექნიკას დაახლოებით 15-20 მილიონი ლარი დასჭირდება და ეს ფინანსური რესურსი არსებობს“.

 

 

დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე: მე ჩემს ოჯახში სულ მორჩილად ვარ

რას ლობირებს ხულოს, შუახევის და ქედის მაჟორიტარი ანზორ ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტში, როგორ აფასებს პრემიერის  ქცევას, როცა მან ანზორ ბოლქვაძის კოლეგას და ყოფილ თანაპარტიელს შეაგინა და როგორ მოიქცევა თუ პრემიერი მას შეურაცხყოფს? – ამ და სხვა კითხვებზე ანზორ ბოლქვაძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.

ბატონო ანზორ, ამ მოწვევის პარლამენტში რა საკითხებზე მუშაობთ?

ძირითადი სამუშაო იყო კონსტიტუცია, მეორე კი ბიუჯეტი ქვეყნისათვის და მთიან აჭარისთვის, სადაც მე ვარ მაჟორიტარი.  ჩემს სამაჟორიტარო მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტში რაღაც მუხლები იყო დასაცავი, რაზეც დავაყენე წინადადებები. დავაყენეთ წინადადებები სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის დასაფინანსებლად. მთიან აჭარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაფინანსება პირველ კვარტალში, რადგან ზამთარია. არის საკითხები, რომლებიც ითვალისწინებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ეს არის მოსახლეობის მოთხოვნები – ეს უკავშირდება გზას, წყალს და ასე შემდეგ. არის სოფლები, სადაც ითხოვენ ადმინისტრაციულ შენობას. აღარ ვილაპარაკებ იმ მუხლებზე, რომლებიც მთის კანონის დამტკიცების შემდეგ ამოქმედდა. დავსვი საკითხი, როგორც ბაგა-ბაღების ასევე აიპების თანამშრომლების ხელფასებზე, მათ ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ – პენსია შეიძლება უფრო მაღალია, ვიდრე მათი ხელფასები. ბიუჯეტში გათვალისწინებულია და ალბათ უახლოეს დღეებში განისაზღვრება რამდენი უნდა იყოს ნამატი. მინდა ეს საკითხი ჩემს სამაჟორიტარო მუნიციპალიტეტებში ყველგან ერთნაირად დარეგულირდეს.

ჩემი ძირითადი თემაა ასევე ის, რომ 15-20 წელია გასული, რაც ხე-ტყესთან დაკავშირებით მოსახლეობა დაჯარიმებულია და მინდა, რომ ამის ამნისტირება მოხდეს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, არა აქვთ პენსიის სრულად დაყადაღების უფლება, მაგრამ ნაწილობრივ დაყადაღების უფლება ხომ აქვთ, აღარ აქვს მოსახლეობას იმის უნარი, რომ ეს გადაიხადონ.

მე იმას არ ვამბობ, რომ კანონდამრღვევს ხელი შეეწყოს, მაგრამ კანონით უნდა იყოს გათვალისწინებული, ვის და როგორ შეიძლება ამნისტირება შეეხოს. ამას ყურადღების მიქცევა და საქმის ბოლომდე მიყვანა სჭირდება.

დიახ, მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებით შეიძლება ამის დარეგულირება.

თქვენ ხართ აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი პარლამენტში. რა ინტენსივობით ხვდებით მოსახლეობას, რა პრობლემებით მოგმართავენ?

როდესაც არ მიმდინარეობს სხდომები ყოველთვის ვხვდები მოსახლეობას, გუშინწინაც მქონდა შეხვედრა ქედაში. ეს არის მთა, თოვლი მოვა სტიქიაა, შრება – სტიქიაა. დღეს შეიძლება იქ არაფერი ხდება, მაგრამ ხვალ ისეთი თემა იყოს დასაგეგმი, რაზეც დღეს საერთოდ ვერ იფიქრებ.

ახლა ხულოს მერიასთან ერთად დაწყებული გვაქვს ბარაკების ათვისების საკითხი. ეს უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, ადამიანს ხულოშიც უნდა ჰქონდეს ნორმალური ცხოვრების პირობები. შეიძლება ყველაფერი ვერ აუწყო, მაგრამ უნდა ჰქონდეს ნორმალური სახურავი, შუქი და წყალი. ასევე ვმუშაობთ კოოპერატივების განვითარებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს მეცხოველეობას. მთიან აჭარაში ტურიზმი ვითარდება. მერიასთან ვისაუბრეთ ასევე პროფესიული სასწავლებლის გახსნაზე, რაც მოსახლეობის მოთხოვნაა.

რამდენია ხულოს ბიუჯეტი?

ხულოს ბიუჯეტია 8 900 000, მაგრამ შეიძლება წლის ბოლომდე 12 მილიონს მიაღწიოს. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ქონების გადასახადს და სხვა შემოსავლებიც არის. მაგალითად, ღორჯომის ხეობაში მილიონ 300 000 ჯდება ერთი პროექტი იმ ადგილის გასამაგრებლად, სადაც მეწყერი ვითარდება. ამ ტერიტორიაზე არესებული სახლებიც დაიმეწყრება. ხვალ-ზეგ უფრო ბევრი პრობლემა შეიქმნება, მზადაა პროექტი და ტენდერია გამოცხადებული. სტიქია, რომ განვითარდეს ყველა საქმეს გადაგადებინებს.

შუახევის უნივერსიტეტში კონტიგენტი იკლებსო, ხომ არ გაგიგიათ თქვენ ეს და ხომ არ დაინტერესებულხართ რატომ?

დიახ, ცუდია ეს თემა. მე ვიცი და შუახევში განათლების კომიტეტის თავმჯდომარეც იყო ჩამოსული მარიამ ჯაში. მეუფესთან გვქონდა შეხვედრა, პირობები არის იქ, მაგრამ ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ უნივერსიტეტს საერთო საცხოვრებელი არ აქვს. მით უმეტეს, რომ მოშორებულია ხულოდან და სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც. ყოველდღე „მარშრუტკით“ მოძრაობას სტუდენტი ვერ შეძლებს. კვება და ხელშეწყობა არის. ერთადერთი თემაა საერთო საცხოვრებელი.

ამას უნივერსიტეტის რექტორი ამბობს?

მე ყველასთან მაქვს შეხება, გამოკითხვებს ვატარებ – გზაზე მხვდებიან ახალგაზრდები, მანქანას ვუჩერებ ვეკითხები. მაინცა და მაინც დირექტორისგან გავიგო [ამბავი] ეს ჩემთვის არ არის მიზანშეწონილი. სხვა მხრიდან უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებ, ვიდრე ხელმძღვანელისგან. ბოდიში მომიხდია, სხვა მიმართულებით არ ვლაპარაკობ, მაგრამ მე რიგითებთან უფრო მირჩევნია შეხვედრა, ვიდრე დირექტორებთან.

როგორ შეაფასებთ პრემიერის ქცევას საქართველოს პარლამენტში, როცა მან თქვენს კოლეგას შეაგინა?

მოსაწონი შეიძლება არაფერი იყოს, მაგრამ… თვითონ პრემიერმა შეაფასა მისი სიტუაცია. გამობრძანდა და თქვა, რომ ეს აღელვების ნიადაგზე მოხდა და ბოდიშიც კი მომიხადა. მე იმაზე მეტი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თეთრზე თეთრი უნდა ვთქვა და შავზე შავი, ბევრი რამე შეიძლება მოსაწონი არ იყოს, კახელი კაცია, გაიხუმრა და რა მოხდა.

თქვენ რომ გაგიბედოთ მსგავსი რამ პრემიერმა, როგორ მოიქცევით?

მაგიდა და სკამი იმიტომ არსებობს, რომ უნდა დაილაპარაკო. ეს თემები არსებობდა იმისთვის, რომ რაღაცა მოხვედრილიყო. გამოეყვანა მდგომარეობიდან პრემიერი, რაც მისთვის მომგებიანი იქნებოდა. ეს იყო მიზანი თორემ კრიტიკული კითხვები დღესაც დავუსვი, მაგალითად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს. ხანდახან მოთმინებიდან შეიძლება ადამიანი გამოვიდეს, შეიძლება შენც დაგემართოს. მოზომილი და გაზომილი ყველაფერი არ არსებობს და მე იმედი მაქვს, რომ თავს ამის უფლებას არ მივცემ, პოზიცია იქნება თუ ოპოზიცია, უხერხულობაში ჩავაყენო და გინებით დავშორდეთ ერთმანეთს.

ვიცით, რომ პრემიერს აქვს თმენის ვალდებულება…

მე ვარ იმ გუნდის წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერი. რა განცხადებაც გააკეთა პრემიერმა, იმაზე მეტი რა უნდა გავაკეთოთ. ერთს გეტყვი ხუმრობით, ბიძაშვილი ჭიდაობდა, მალე დაბრუნდა და ვეკითხები, რატომ დაბრუნდი ასე მალე-მეთქი, ერთი მომიგეს ერთი წავაგეო, მიპასუხა. მერე დავფიქრდი, რომ თურმე ორივე წააგო, ჰოდა იგივე თემაა, ის წაგებული იყო თავიდან ბოლომდე, მაგრამ მისი მიზანი იყო, რომ დაესვა ყველა ისეთი შეკითხვა, რომელიც გააღიზიანებდა და ვიღაცა რაღაცას წამოიყვირებდა და ამას მოჰყვებოდა ჩოჩქოლი. ეს იყო ადრე დაგეგმილი თემა. არ მეშინია ამას ხმამაღლა ვიტყვი ყველგან. ჩხუბი თუ ატყდებოდა ის ქულას დაიწერდა. მთელმა საქართველომ იცის ეს და მაგაზე დროს ნუ დამაკარგვინებთ, სხვა რამე შემეკითხეთ.

ბატონო ანზორ, მთავრობის წევრების კომპანიები ხშირად იღებენ მაღალბიუჯეტიან დაკვეთებს სახელმწიფო სტრუქტურებიდან.  თქვენი აზრით, გარიგებასთან გვაქვს საქმე?

მე ვარ სპეციალობით მშენებელი, მესამე მოწვევის დეპუტატი ვარ, ჩემს სამშენებლო კომპანიას დაესვა წერტილი და გაჩერდა. შეიძლება ვიღაცა ამბობს ანზორ ბოლქვაძე რაღაცას აკეთებსო…

ვიღაცის  ნათქვამს არ გეუბნებით…

არ მაქვს ინფორმაცია მთავრობის წევრები რას აკეთებენ. მე ის ვიცი, რომ ქედა-შუახევ-ხულოში ეს თემა არ არსებობს. ვერ ვხედავ და რომ ვხედავდე არ დავმალავ, მივალ და ვეტყვი. მერი იქნება თუ საკრებულოს თავმჯდომარე ღიად ვეტყვი ამ თემაში თქვენ არ ბრძანდებით მართალი-მეთქი. არ მოვერიდები, მეტი რა გიპასუხო. რაც კანონიერია ის უნდა გაკეთდეს. უკანონობა თუ არსებობს, არსებობს მაგის სამსახურები და მიხედონ, აგებინონ პასუხი, გინდა მე ვიყო გინდა სხვა.

პარლამენტში ინიცირებული იყო კანონპროექტი იმასთან დაკავშირებით, რომ ქალების სექსუალური შევიწროვება სამსახურში, ქუჩაში… უნდა გახდეს დასჯადი, რას ფიქრობთ ამაზე?

არ დაწერ და საღამოს სახლში ხომ უნდა მიხვიდე, ქალბატონები ყოველთვის დაფასებულები არიან და მათ შევიწროვებაზე არავინ ფიქრობს. რაში გამოიხატება, რომ … მაგალითად ხულოში სოფლის წარმომადგენლები ძალიან ბევრი გვყავს ქალები, მზად არის მერი და საკრებულოც, რომ ხელი შეუწყონ. მე ვერ ვხედავ მათ შევიწროვებას, პირიქით.

ანუ მსგავსი პრობლემის შესახებ არ გსმენიათ?

ყურებზე ხელს ვერ ავიხვევ, მე ბევრი რამე მსმენია, მაგრამ ვხედავ რეალობა რაც არის და იმას ვლაპარაკობ. ვიმსჯელებთ მაგ პროექტზე, ჩვენ გვაქვს სხდომები და მივიღებთ ამ კანონპროექტს თუ ქვეყანას სჭირდება. რა პრობლემაა.

საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ სახლში კაცია უფროსი. თქვენ როგორ ფიქრობთ?

რა ვიცი, ბრძანება არ მინახავს ეგ სად წერია, რომ კაცია ოჯახში უფროსი. ბევრი ვიღაცა რაღაცას ამბობს მასე ხომ არაა. მე ჩემს ოჯახში სულ მორჩილად ვარ და ქალბატონები არიან უფროსები, სტუმარ-მასპინძლობაში და შვილების გაზრდაში პირველები არიან და უფროსობა მეტი რაა ოჯახში.

მარტო მასპინძლობა და შვილების გაზრდა შეუძლიათ?

არა, სამსახურში და პარლამენტშიც პირველები არიან.

გურამ კაშიაზე მინდა გკითხოთ, საფეხბურთო ნაკრების ლიდერზე, მან ცისარტყელას ფერების სამკლაურით ითამაშა, რასაც საქართველოში დიდი განხილვა მოყვა. თქვენთვის რას ფიქრობთ ჰომოფიბიის წინააღმდეგ აქციაში მის მონაწილეობაზე?

გურამ კაშიამ ფეხბურთი ითამაშოს, მკლავზე რას იზამს მე არ ვიცი და არც მაინტერესებს. მისი აზრია და მას ჰკითხეთ. ბურთი გაიტანოს მოწინააღმდეგის კარში და საქართველოს ღირსება დაიცვას. რა მიაბეს მკლავზე მაგას არც ვაკვირდები და არც მაინტერესებს. მაგაზე ვერ გიპასუხებთ, შეიძლება ტელეფონი გამეთიშოს სოფელში მივდივარ.

რას ეტყვით ამომრჩეველს, რომელიც ფიქრობს, რომ ევროპასთან ურთიერთობით ქართველობას დავკარგავთ?

ქართველი კაცი ქართველობას არასდროს არ დაკარგავს.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ შენობას ითხოვს

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (აჭარის ტელევიზია) საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს მიმართა ახალი შენობის თხოვნით. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

„აჭარის ტელევიზია განთავსებულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ორსართულიან შენობაში. თანამშრომელთა უმეტესობას სამუშაო ადგილი არ გააჩნია. ოთახების დიდი ნაწილი ფანჯრების და სათანადო ვენტილაციის გარეშეა,“ – ასე ხნის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი შენობის საჭიროებას.

როგორც მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ოფიციალურ წერილში საუბარია უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის აუცილებლობაზე და ასევე იმაზე, რომ „სტატუსის ცვლილების პროცესში მაუწყებელს ქონება არ გადაეცა. ორგანიზაციას არ გააჩნია საქმიანობასთან შესაბამისი ინფრასტრუქტურა. თითქმის შეუძლებელია სტუდიური გადაწყობა და მაყურებლისათვის საინტერესო გადაცემების ახალი ფორმატების შექმნა.“

შენობა მემედ აბაშიძის ქუჩაზე, რომელშიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელია განთავსებული, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ამჟამად 313 ადამიანი მუშაობს.

 

სმენის უნარის დარღვევის მქონე პირების საახალწლო კონცერტი ბათუმში

28 დეკემბერს ბათუმის ხელოვნების ცენტრში „ყრუთა კავშირმა“ საახალწლო ღონისძიება გამართა. აჭარაში მცხოვრებმა სმენის უნარის დარღვევის მქონე პირებმა ცეკვა „დაისი“, „აჭარული“, „რაჭული“ რამდენიმე სკეტჩი და სიმღერა წარმოადგინეს.

თითქოს უცნაური და დაუჯერებელია, როგორ უნდა აყვე ზუსტად ცეკვის რიტმს, როცა მუსიკა არ გესმის, მაგრამ საკონცერტო ნომრები დაგარწმუნებდათ, რომ ყველაფერი შესაძლებელია და მათ თვლითაც შეუძლიათ ზუსტად აყვნენ მელოდიას, სინადვილეში რომ არასდროს მოუსმენიათ.



„აჭარის ყრუთა კავშირი” ცალკე ორგანიზაციად არ არის დარეგისტრირებული და „საქართველოს ყრუთა კავშირში” შედის. აჭარიდან ორგანიზაციაში სულ სმენის უნარის დარღვევის მქონე 83 პირია რეგისტრირებული, მათმა უმრავლესობამ სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების არახელმისაწვდომობის გამო წერა-კითხვა არ იცის.

„ბავშვობიდან მინდოდა დავხმარებოდი ვინმეს, ვისაც ვჭირდებოდი. ამიტომ აღმოვჩნდი აქ. ძალიან ემოციური ნომრები იყო,უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ რეპეტიციებს. სიტყვების გარეშე გადმოცემული ემოციები ხანდახან ბევრად მეტია, ვიდრე სიტყვები. ბევრი პრობლემა აქვთ ამ ადამიანებს, ბევრ რამეში იზღუდებიან, საჭიროა მეტი თარჯიმანი, ჟესტური ენის მცოდნე და თან მოსაუბრე ადამიანები. მაგალითად როცა სმენის უნარის დარრვევის მქონეს სასწრაფო დახმარება სჭირდება პრობლემაა გამოძახებაც კი, უჭირთ აუხსნან ექიმებს რა სტკივათ და ასე შემდეგ.

ეს არის სცენაზე დგომის დებიუტი  ამ ახალგაზრდებისთვის. ძალიან ფრთხილობდნენ და შიშობდნენ, რამე რომ არ გამოსვლოდათ, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. „ბათუმის ყრუთა კავშირში” ყველა ასაკის 83 ადამიანია გაერთიანებული“-ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას „ყრუთა კავშირის“ დირექტორი, ირაკლი სირაძე.

ირაკლი სირაძე „ყრუთა კავშირის” დირექტორი

სულხან კახიძე კი „ყრუთა კავშირის“ თავმჯდომარეა, ჩვენ მას თარჯიმნის საშუალებით გავესაუბრეთ.

„აქამდე არ ტარდებოდა მსგავსი ღონისძიებები. „ყრუთა კავშირში” პრობლემები გვაქვს, მოლაპარაკე ადამიანებმა არ იციან ჩვენს შესახებ და ჩვენ მათ შესახებ არ ვიცით. მინდა თანაბარი უფლებები გვქონდეს მოლაპარაკეებსა და სმენის უნარის დარღვევის მქონეებს. მე თვითონაც ეს პრობლემა მაქვს, მაგრამ შემიძლია დავგეგმო ჩემი ცხოვრება, მინდა ყველას ჰქონდეს განათლების მიღების უფლება და თვითონ გეგმავდეს ყველაფერს, რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდება მოლაპარაკე ადამიანების დახმარება, მაგრამ არა ისე, რომ ისინი გვიგეგმავდნენ ცხოვრებას. ახლა ასე ხდება. მინდა იყოს მეტი ურთიერთობა, საგანმანათლებლო პროგრამები ყველასთვის, რომ ჩვენი ბენეფიციარებიც იყვნენ განათლებულები. ყველას უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად საკუთარი პრობლემების მოგვარება და ცხოვრების მართვა.

ახლაც, კონცერტზე არ გვყავდა ქორეოგრაფი, შიშველი ხელებით გავაკეთეთ ყველაფერი, საჭიროა ჟესტური ენის მეტად განვითარება, მეტი თარჯიმანი. არ გვაქვს ადგილობრივი ორგანიზაცია, „აჭარის ყრუთა კავშირი” ოფიციალურად დარეგისტრირებული ცალკე ორგანიზაციად არ არის, „საქართველოს ყრუთა კავშირს” ვეკუთვნით. ხშირად ხდება, რომ ზოგჯერ სმენის უნარის დარღვევის მქონეებით მანიპულირებენ და ეს ძალიან სამწუხაროა”.

სულხან კახაძე, „ყრუთა კავშირის თავმჯდომარე”

საახალწლო საღამოს ორგანიზატორები ამბობენ, რომ მომავალში კავშირის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ფართოდ გაშუქებაზე იზრუნებენ, რომ სხვა დროს დარბაზი იყოს უფრო სავსე და მოლაპარაკე ადამიანებმა მეტი შეიტყონ სმენის უნარის დარღვევის მქონე პირთა შესახებ.

ნატალია ზაქარეიშვილს მამუკა შამილიშვილი შეცვლის

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ნატალია ზაქარეიშვილმა, თანამდებობა დატოვა. „ბათუმელებთან“ საუბარში მან განაცხადა, რომ სამსახურიდან წასვლა მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციას უკავშირდება.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მუშაობას ისევ საჯარო სამსახურში გააგრძელებს: „მუშაობას გავაგრძელებ განათლების ან კულტურის მიმართულებით.“  თუმცა ის არ აკონკრეტებს, რომელ საჯარო უწყებაში დასაქმდება.

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის თანამდებობას კი მამუკა შამილიშვილი დაიკავებს, რომელიც ამავე სამსახურში მოადგილე იყო და ფინანსურ საკითხებს კურირებდა.

 

 

 

კონცერტი ბათუმის ბულვარში

დღეს, 29 დეკემბერს,  18:00 საათზე, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან, საახალწლო კონცერტი გაიმართება. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესრულდება ბავშვთა სამეჯლისო ცეკვები, ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები.

კონცერტში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ბათუმელი შემსრულებლები: გიორგი ბერიძე,  ირაკლი გოგიტიძე და  ადგილობრივი ბენდები. კონცერტის პარალელურად, კოლონადებთან ინდივიდუალური ავტორების მიერ შესრულებული საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი კომპოზიციები, ფოტოკუთხეები: „ზღვისპირა ბულვარში მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა საკონდიტრო კომპანიისა და პროფესიული კოლეჯების მიერ წარმოდგენილი მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროდუქცია დააგემოვნონ.

თოვლის ბაბუა ამ საოცარ ზღაპრულ გარემოში მარხილით შემობრძანდება და პატარებს საახალწლო ტკბილეულს გადასცემს საჩუქრად. საახალწლო ღონისძიება ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდება,“- ნათქვამია ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ბათუმის ბულვარი წელს ახალ წელს განსხვავებული სტილის ნაძვის ხითა და ახალი საახალწლო ილუმინაციებით ხვდება.

 

ოპოზიციის პროტესტის ფონზე ქედის ბიუჯეტი დამტკიცებულია

29 დეკემბერს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 17 ხმით დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 9 მილიონ 536 900 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა საკრებულოს ოპოზიციამ, რომელმაც არგუმენტად დაფინანსების გარეშე დარჩენილი სოფლის მეურნეობა დაასახელა.  ჯერ კიდევ საკითხის კენჭისყრამდე საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ორმა წევრმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

„2018 წლის ქედის ბიუჯეტი მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ არის ორიენტირებული. ბიუჯეტი მათ კომფორტზეა მორგებული, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი მოსახლეობა იჩაგრება, რა გააკეთა თვენახევარში ქედის საკრებულომ ისეთი, რომ პრემია მიეღო? 14 შენიშვნიდან არც ერთი არ გაითვალისწინეს, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ვითხოვდით უნიკალური ჯიშების –  ვაზის, სუბტროპიკული ხურმისა და თხილის ნერგების შეძენას მოსახლეობისთვის,“ – აცხადებს ვაჟა ბოლქვაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

„ხომ შეიძლებოდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით რომელიმე პროგრამა მაინც დაფინანსებულიყო? როგორ შეიძლება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა არ იყოს გაწერილი მაშინ, როდესაც ამ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მთავარი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა,“ – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე თემურ ავალიანმა, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა.

ქედის მერი, ლევან გორგილაძე აცხადებს, რომ ქედის მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის  საჭირო ფინანსური და მატერიალური რესურსი არ აქვს, რომ სოფლის მეურნეობის კუთხით მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს.

„სოფლის მეურნეობის პროექტები გლობალური საკითხია, თვითმმართველობის კოდექსიდან გამომდინარე ეს არ შედის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებში, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია მხოლოდ მისი დელეგირება ან აჭარის, ან  საქართველოს მთავრობიდან. ჩვენ ამჟამად არც ფინანსური და არც ადამიანური რესურსი არ გვაქვს იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. ჩვენ ეს ვინმეს საჩვენებლად რომ გავაკეთოთ, ეს შედეგს არ მოიტანს. ჩვენი ხედვა ასეთია, როდესაც სტრატეგიული გეგმა გაკეთდება და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შეიქმნება სოფლის მეურნეობის განვითარების გარკვეული პროგრამა, ჩვენ შეიძლება მივიღოთ მონაწილეობა როგორც შემსრულებელმა ორგანიზაციამ, თუ იქნება ამის დელეგირება ჩვენზე.“

საახალწლო ველომსვლელობა ბათუმში

დღეს, 29 დეკემბერს, ველომოყვარულები საახალწლოდ განათებული ველოსიპედებითა და საახალწლო კოსტიუმებით მსვლელობას მოაწყობენ.

„29 დეკემბერს, თვის და წლის ბოლო პარასკევს, ვიკრიბებით ტრადიციულად ანბანის კოშკთან“ – ნათქვამია Critical Mass Batumi-ს განცხადებაში, რომელიც ფეისბუქის მეშვეობით გავრცელდა.

„არ ვასწრებთ ერთმანეთს, არ ვიფანტებით და ყველანი გადავადგილდებით ერთად ჯგუფურად 10-15 კმ/ს-ით, ვჩერდებით გზაჯვარედინებზე და ველოდებით ერთმანეთს, რათა უკან არ ჩამოგვრჩეს არავინ, რათა ერთად ვიმოძრაოთ და სანახაობრივადაც ლამაზი გამოვიდეს.

ვიჭერთ მარჯვენა ზოლს, რათა გავატაროდ ავტომობილები მარცხენა ზოლიდან. მსვლელობა უნდა იყოს უსაფრთხო, რადგან ბევრი გამოუცდელი ველომოყვარულია, თავი დავიზღვიოთ ყველანაირი შემთხვევებისაგან. წვიმის შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ საწვიმარის წამოღება,“-ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

მსვლელობა საღამოს რვა საათზე ანბანის კოშკიდან  დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება.

„ნიუ დენტ XXI“-ის უპირატესობა

ექიმი-სტომატოლოგი თამარ შავაძე კლინიკა „ნიუ დენტ XXI“-ის თანადამფუძნებელია. მან განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, რეზიდენტურა სასწავლო-კვლევით ცენტრ „უნიდენტში“ გაიარა, გადამზადების კურსები კი – გერმანიაში, იტალიასა და უკრაინაში.

თამარი გერმანული წარმოების, უახლესი მოდელის მიკროსკოპით. ბათუმი, სტომატოლოგიური კლინიკა „ნიუ დენტ XXI.
თამარი გერმანული წარმოების, უახლესი მოდელის მიკროსკოპით. ბათუმი, სტომატოლოგიური კლინიკა „ნიუ დენტ XXI.

თამარის გამოცდილებასთან ერთად იზრდება იმ პაციენტების რიცხვი, რომლებსაც მხოლოდ მასთან სურთ მომსახურების მიღება. თამარს ხშირად კვირაში შვიდი დღე უწევს პაციენტების მიღება, თუმცა, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, იგი მუდმივად ცდილობს სტომატოლოგიაში სიახლეების შესახებ ინფორმირებული იყოს.

კლინიკის მისაღებში სამუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში ხალხმრავლობაა. თუ გსურთ, რომ ექიმის ლოდინში დიდი დრო არ გაატაროთ, უმჯობესია კონსულტაციაზე წინასწარ ჩაეწეროთ.

„ნიუ დენტ XXI“ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, #68-ში მდებარეობს. აქ, ერთ სივრცეში, კლინიკიდან გაუსვლელად შესაძლებელია ისარგებლოთ თერაპევტის, ორთოპედის, ორთოდონტის, ბავშვთა ექიმის, ყბა-სახის ქირურგისა და იმპლანტოლოგის უფასო კონსულტაციით; გერმანული წარმოების უახლესი მოდელის მიკროსკოპი იძლევა საშუალებას, საფუძვლიანად უმკურნალოთ კბილს, კისტებს; გამოიკვლიოთ კბილის ფესვი, რომ იდეალური სიზუსტით დაიმუშაოთ კბილები ორთოპედიული ვინირებისთვის, გვირგვინებისა და ჩანართებისთვის. კლინიკაში აქვთ აპარატი Cerec Premium-ი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რამდენიმე საათში დამზადდეს კერამიკული ვინირები, გვირგვინები, ხიდები, კერამიკული ჩანართები არაპირდაპირი რესტავრაციისთვის და ინდივიდუალური აბატმენტები იმპლანტაციის შემთხვევაში. აქვე შესაძლებელია ჩაიტაროთ კომპიუტერული გამოკვლევა 2D (ორთოპანტომოგრამა) და 3D (კომპიუტერული ტომოგრაფია), კლინიკაშივე ხდება იმპლანტაციის გეგმარება 3D ფორმატში.

თამარ შავაძე

თამარის შეფასებით, ყველაზე რთული პაციენტები ბავშვები არიან, რადგან მათი ნდობის მოპოვებას, მკურნალობაზე დაყოლიებას დიდი ძალისხმევა, დრო და ენერგია სჭირდება. თუმცა კლინიკაში ბავშვები განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობენ, სწორედ ამიტომ აჩერებს ბევრი მშობელი არჩევანს „ნიუ დენტ XXI“-ზე.

რა აქვს განსაკუთრებული კლინიკას, რატომ უნდა ავირჩიოთ მათი მომსახურება? თამარ შავაძე პასუხობს, რომ მათ წარმატებას ცოდნა, გამოცდილება და მუდმივად ახლის ძიება განაპირობებს:

„არასოდეს ვჩერდებით მიღწეულზე, ყოველთვის ვსწავლობთ რაღაც ახალს ჩვენს სფეროში. ამისათვის წელიწადში დაახლოებით 7-8 კონფერენციაში, ტრენინგსა თუ მასტერკლასში ვმონაწილეობთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც სტომატოლოგია მაღალ საფეხურზეა. ჩვენ ვზრუნავთ კლინიკაში დასაქმებული თანამშრომლების პროფესიონალიზმის გაზრდაზე. ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რაც განაპირობებს ჩვენს უპირატესობას, ტექნიკური უზრუნველყოფაა, რის გარეშეც წამოუდგენელია პაციენტის მაღალხარისხიანი მომსახურება. ამიტომაც არის განსაკუთრებული ხალხმრავლობა ჩვენს კლინიკაში.

დარეკეთ დღესვე!

მობილური: 577 21 00 04; 577 21 00 44

ბათუმი, 26 მაისის ქუჩა #68.

New Dent XXI – ღიმილის საამქრო

ჟურნალ „ბათუმელების“ დეკემბრის ნომერში შეგიძლიათ ნახოთ ფასდაკლების კუპონი, რომლის კლინკაში წარდგენის შემთხვევაში 8 იანვრიდან 30 იანვრამდე 10-პროცენტიან ფასდაკლებას მიირებთ ყველა სერვისზე. 

82 წლის ქალმა აჭარის პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო

ალექსანდრა ტერუნი აჭარის მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. მას სახლი საიათნოვას 4-ში [ჩაის სახლის შენობა] მეზობელმა აუჭედა. ალექსანდრას ბინა უკვე მეზობელს ეკუთვნის, თუმცა აღსრულების ეროვნულ სამსახურს გამოსახლების პროცედურა ჯერ არ დაუწყია.

ალექსანდრა ამბობს, რომ მას პირადი ნივთებიც არ გამოუტანია ბინიდან, ოთახში ასევე ჩაკეტილია მისი კატა. მოხუცი შიმშილობს, ვიდრე მთავარი პროკურორი მას არ შეხვდება და არ მიეცემა ბინაში დაბრუნების უფლება, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა.

ალექსანდრა ტერუნის გამოსახლების შესახებ უკვე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა გამოსახლების პროცედურა აღსრულების ეროვნულ ბიუროს ჯერ არ დაუწყია.

„ეს არის თვითნებურად გამოსახლება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. გამოსახლებისთვის ალექსანდრას აქვს დრო მიცემული 20 მარტამდე. მანამდე ჩვენ ვაპირებთ გავასაჩივროთ ბინის გასხვისება, რომელიც თაღლითური გზით განხორციელდა. იპოთეკით დატვირთული იყო რეალურად 17 კვადრატული მეტრი, ახალმა მესაკუთრემ კი, მთლიანი ბინა მიისაკუთრა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება ამ პერიოდში გამოსახლების პროცესის შეჩერება,“ – ამბობს ხანდაზმულის ინტერესების დამცველი, ლელა ბჟალავა.

 

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე: ხალხს აღარ აინტერესებს, „ნაცმოძრაობის“ წევრი რომ ვიყავი

„ჩვენ არ გვჭირდება საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ამბობს, რომ დანაშაულს სჩადიოდა და მსხვერპლი იყო,“ – აცხადებს ქობულეთის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი, ბონდო თედორაძე. ფრაქციამ დღეს, 29 დეკემბერს, ბრიფინგი გამართა და საკრებულოს თავმჯდომარის, დავით მჭედლიშვილის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა.

ბონდო თედორაძის თქმით, მან საკრებულოს თავმჯდომარეს გუშინდელ სხდომაზე „მადლიერების საღამოს“ შესახებ ჰკითხა. დავით მჭედლიშვილის ქობულეთის პროფესიული კოლეჯის დირექტორი იყო 22 წლის განმავლობაში. 26 დეკემბერს მის პატივსაცემად გამართული საღამოსთვის ქობულეთის მერიის დაქვემდებარებაში არსებულმა კულტურის სახლმა დარბაზი უფასოდ დათმო, საბიუჯეტო ვოკალურმა ანსამბლმა კი, საკრებულოს თავმჯდომარეს უფასოდ უმღერა.

„დავით მჭედლიშვილს საკრებულოს სხდომაზე ვკითხე „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიის შესახებ, გრძნობდა თუ არა თავს უხერხულად. მან „ნაცმოძრაობის“ ლანძღვა-გინება დაიწყო. თქვა, რომ პირსისხლიანები ვართ… მას შევახსენეთ, რომ ის ქობულეთის საკრებულოს წევრი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“. ამ რეპლიკაზე გვიპასუხა, რომ მსხვერპლი ვიყავიო. ასევე ვუთხარი, რომ ერთ-ერთ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო ქობულეთში და მეც მასთან ერთად ვმუშაობდი. რეჟიმი იყო და რა მექნაო… მიგვაჩნია, რომ მას მორალური უფლება არ აქვს, ეკავოს ეს თანამდებობა,“ – ამბობს ბონდო თედორაძე.

„დანაშაულს ხედავთ თქვენ იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიით ვიყავი ქობულეთის საკრებულოში?“ – შეკითხვითვე უპასუხა ჩვენს კითხვას ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ. მასთან დაზუსტება გვინდოდა, წარმოადგენდა თუ არა ადრე საკრებულოში„ნაციონალურ მოძრაობას“ ამჟამად მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე.

დავით მჭედლიშვილის განმარტებით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში იყო 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. თუმცა საკრებულოს წევრობა დაახლოებით ერთი თვით მოუწია – 2014 წელს. „მაშინ ერთი დეპუტატი გარდაიცვალა და სიაში შემდეგი მე ვიყავი. ერთ თვეში რა უნდა მომესწრო? ცილისწამებაა ეს,“ – ამბობს ის.

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მედია არ უნდა ინტერესებოდეს ვინ რომელ პარტიას წარმოადგენდა. „ეს ხალხს აღარ აინტერესებს, რეკომენდაციას მოგცემთ, რომ ასეა,“ – გვარწმუნებს დავით მჭედლიშვილი. მიაჩნია, რომ პარტიულ ცვლილებას არ აქვს მნიშვნელობა, თუკი ადამიანს საზოგადოებისთვის სიკეთის მოტანა სურს.

„მე ყოველთვის მინდოდა და ახლაც მინდა, რომ უკეთესი იყოს ჩემი რეგიონი, ჩემი ქალაქი… მასე ზვიად გამსახურდიას დროსაც აქტიური ვიყავი. არანაირ უხერხულობას არ ვგრძნობ ამის გამო,“ – აღნიშნა ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ.

დავით მჭედლიშვილი უხერხულობას არც იმის გამო გრძნობს, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციამ დარბაზი უფასოდ დაუთმო „მადლიერების საღამოსთვის“, ასევე საბიუჯეტო ვოკალურმა ანსამბლმა უფასოდ უმღერა:

„კულტურის სახლს და კოლეჯს შორის არსებობს მემორანდუმი. იქ დაკონკრეტებული არაა, რა საღამოს შეიძლება დაეთმოს დარბაზი. გამართულა მასწავლებლების საღამო. მეც მასწავლებელი ვარ და მადლიერება გამოხატეს. მადლიერებისა და დაფასების სურვილი არ უნდა წავართვათ არავის. მე საერთოდ არ ჩავრეულვარ ამაში და ორი თვე ვბლოკავდი ამ იდეას, თუ დამიჯერებთ. ამ განცხადებებით შეურაცხყოფა მიაყენეს კოლეჯის კოლექტივს, რომ თითქოს ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა ვინმე… ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ ყოფილა.“

 

Exit mobile version