კვირის ამბები,მთავარი

უწყვეტი მესხური ძაფები

31.12.2017 • 5099
უწყვეტი მესხური ძაფები

ავტორი, ფოტო: თამარა მირიანაშვილი

ბოლო დროს ვცდილობ მოვხვდე საქართველოს იმ ნაწილში, სადაც ჯერ ფეხი არ დამიდგამს და რომლის შესახებაც მწირი ინფორმაცია მაქვს. ზოგადად, დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს კუთხეებში მოგზაურობა დავიწყეთ. თუ კონკრეტულ კუთხეში ჩვენი ან ვინმე ნათესავის სოფელი არ გვეგულებოდა, ისე ვერ მოვხვდებოდით. გვარიანი წყვეტა გამოვიდა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდა ინფრასტრუქტურა, აღდგა მიმოსვლა, ერთმანეთის, წეს-ჩვეულებების გაცნობა ახლიდან და ახლოდან, მათ შორის ადგილობრივი სამზარეულოსიც.

მორიგმა კულინარიულმა ექსპედიციამ გეზი სამცხე-ჯავახეთისკენ აგვაღებინა. პირველად მივდივარ, იოტისოდენა წარმოდგენა მაქვს, ვიცი, რომ ბევრი ტბა უნდა გავიაროთ, ბევრი მთა, კლდე, ციხე-კოშკი, შუაგულ ქალაქში ლამპიონებზე დაბუდებული ყარყატები. საჭესთან მე ვარ. გაკვირვებისა და გაოცებისგან ხან სად ვჩერდები ფოტოების გადასაღებად, ხან სად. მგონია, რომ საქართველოში არ ვარ. რაც უფრო წინ მივდივარ, მით უფრო მწვანდება გარემო, უფრო ხასხასა და ხალასი ფერები შემოდის, ჰაერიც უფრო მსუბუქი ხდება.

მასპინძელი ოჯახი სოფელ ჭობარეთში გველოდება, ზღვის დონიდან 1440 მეტრზე, ასპინძის რაიონში. გზა ჭობარეთამდე ვიწრო და მიხვეულ-მოხვეულია, ქოთანში ჩატენილი მესხური ყველის ძაფებივით.

კითხვა-კითხვით მივაკვლიეთ მასპინძლებს, მჭიდროდ დასახლებული სოფელია, ლამაზი მინდვრებით, დამუშავებული მიწით, ხის ტოტებით შემოღობილი ეზოებით და რაც მთავარია, გამოირჩევა შინაური პირუტყვის სიმრავლითა და მრავალფეროვნებით.

აქ ამზადებენ მესხურ ყველს, აი, იმ ყველს, ჩვენამდე, ბარში, ლამაზი, თავწაკრული თიხის ქოთნებით რომ ჩამოდის. აქ მოსვლამდე ჩემთვის ეს იყო, უბრალოდ, ყველი თიხის ქოთანში.

შევედით თუ არა ეზოში, დავინახეთ მესხი ქალები, რომლებიც ჰაერში ისეთ სიფრიფანა ცომს ატრიალებდნენ, ვერც მივხვდი, რა იყო. ცომი უზარმაზარი, გაშლილი აბრეშუმივით, მოცეკვავის კაბასავით ბზრიალებდა, შიგადაშიგ კი შრომისგან დაღლილი ქალების სახეებსა და მზის სხივებს ირეკლავდა. ეს სრულიად ჯადოსნური პროცესია. სასწაულია, როგორ არ ირღვევა ასეთი სიფრიფანა ცომის სტრუქტურა. შემდეგ ეს ჰაეროვანი ცომი სწრაფად, მზითევში გასაყოლებელი საკაბესავით, ოთხკუთხედად დაკეცეს, ყველიც ჩაატანეს და ფურნეში მიაბრძანეს. ესაა მესხური ქადა-ხაჭაპური.

მეორე ოთახიდან ჟივილ-ხივილი და წყლის ჭყაპაჭყუპი მესმის, დიდ დარბაზში რამდენიმე ქალი დგას, წინ უდგათ დიდი, ადუღებული წყლით სავსე ქვაბები და ქვაბებიდან გამალებით ამოაქვთ და ატრიალებენ ორივე ხელზე გადახვეულ ყველის მსხვილ რგოლებს. რგოლები უწყვეტია, ხელის მტევნებიც ახლო-ახლოა ერთმანეთთან და თითქმის ერთ მეტრომდე სიგრძის ყველის ხვეულს დაუჯერებელი სისწრაფით ატრიალებენ, შემდეგ ჰაერში ატკაცუნებენ მთელ ამ ჯგროს და ისევ ქვაბში აგრძელებენ. ეს ხვეულა უწვრილეს ძაფებად უნდა იქცეს და არ უნდა გაწყდეს. ძაფებს მაგიდაზე გასაშრობად შლიან, ქოთანში ჩატენვამდე ურევენ ნაღებში და ამგვარად ინახავენ.

ფოტო: თამარა მირიანაშვილი

ეს არ არის უბრალოდ ყველი თიხის ქოთანში, ეს არის ჯადოქრობა თიხის ქოთანში. შეუძლებელია ამ ადგილას სხვანაირი ყველი მზადდებოდეს, დიდი სიჯიუტე და გამძლეობაა საჭირო, იქვე ნებისყოფაც და არანორმალური ფიზიკური შრომა.

მესხური ყველი მხოლოდ ქალებს ამოჰყავთ.

ჭობარეთში არაჩვეულებრივად გვიმასპინძლეს, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ერთი დღის განმავლობაში მაქსიმალურად ბევრი რამ გაგვეგო მესხური სამზარეულოს შესახებ. იტრიალეს ქალებმა, გაგვიმზადეს ერიშტა, რომელიც იტალიის რომელიმე პატარა სოფელში, ოჯახში მომზადებულ პასტა ფეტუჩინის მოგაგონებთ, მესხური ჰალვა, ლუხუმი – ცხელ ზეთში შემწვარი ჰაეროვანი ცომის ბურთულები, რომლებიც შეგიძლიათ მიირთვათ ჯემთან, ყველეულთან ან, უბრალოდ, შაქარი მოაყაროთ, მესხური ტკბილი ქადა და ჯადოსნური მესხური ქადა-ხაჭაპური.

ეს ის მხარეა, სადაც აუცილებლად კიდევ დავბრუნდები, ბევრი მიზეზის გამო. საქართველოს ამ მრავალფეროვან მხარესთან გვქონდა წყვეტა, ძაფი ახლაც წვრილია, მაგრამ თუ მარჯვე ხელშია, არ გაწყდება.

ფოტო: თამარა მირიანაშვილი

გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: