მთავარი,სიახლეები

უმაღლესი საბჭო რეგიონში ვერ ქმნის პოლიტიკურ ამინდს – მესამე სექტორი

30.12.2017 • 2731
უმაღლესი საბჭო რეგიონში ვერ ქმნის პოლიტიკურ ამინდს – მესამე სექტორი

გაისად ისევ 5 მილიონი დაიხარჯება აჭარის უმაღლესი საბჭოს არსებობისთვის. ამ ორგანოს ფუნქციაა საკანონმდებლო საქმიანობა და აჭარის მთავრობის კონტროლი. სამოქალაქო სექტორში ისევ უჭირთ იმის თქმა, თუ რეალურად რა არის უმაღლესი საბჭოს ფუნქცია. რა აჩვენა ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს ერთი წლის მუშაობამ? – უმრავლესობა ირწმუნება, რომ სამართლებრივი აქტები მიიღეს, მესამე სექტორში თვლიან, რომ „ხელშესახები კანონი“ ამ ორგანოს ისევ არ მიუღია. ოპოზიცია ამჩნევს ცვლილებას: – უარი უთხრეს მაცივრიან მანქანებს, სასაფლაოებზე სიარულს, ქოლგებს…

რატომ ვერ იღებს უმაღლესი საბჭო „ხელშესახებ“ კანონებს

„უმაღლესი საბჭოს“ მიერ მიღებული აქტები, თუ არ ჩავთვლით ბიუჯეტის შესახებ კანონს, არ არის ხელშესახები, რეალურ ცხოვრებაში მისი გამოყენების საჭიროება ან აუცილებლობა ადამიანებს არ აქვთ,“ – ასე აფასებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობის პირველ წლის საკანონმდებლო საქმიანობას.

გია აბულაძე, უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ამბობს, რომ უმაღლესი საბჭო ისევ ტექნიკური ხასიათის საკნონმდებლო აქტებს იღებს, „ან იმ ცვლილებებს, რაც ეროვნულ დონეზე კანონმდებლობაში განხორციელდა და აქ სავალდებულოა, რომ აისახოს. არსებითად ამით არაფერი იცვლება“.

არსებითად მნიშვნელოვან სამართლებრივ აქტს ვერც უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრმა, ნინო ჩხეტიამ დაგვისახელა. მისი თქმით, ვიდრე უმაღლეს საბჭოს გააკრიტიკებენ, უნდა გაითვალისწინონ უფლებამოსილება, რაც ამ ორგანოს აქვს.

„როცა ასეთი კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაცია შეფასებას აკეთებს, კარგი იქნება არსებული კონსტიტუციის შესაბამისად თუ შეგვხედავს და ისე მოგვთხოვს ხელშესახებ შედეგს,“ – გვითხრა ნინო ჩხეტიამ, იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ. მან კონკრეტული მაგალითიც დაგვისახელა, როცა უმრავლესობამ სცადა სოციალური მიმართულებით შეეცვალა კანონმდებლობა, მაგრამ შესაბამისი უფლებამოსილება უმაღლეს საბჭოს არ ჰქონდა და საკითხის განხილვა მომავალი წლისთვის გადაიდო, როცა უმაღლესი საბჭოს „აჭარის კონსტიტუციას“ შეცვლის.

იურიდიული კომისიის თავმჯდომარე გვაიმედებს, რომ მომავალ წელს უმაღლესი საბჭო გაცილებით მოქნილი და აქტიური იქნება საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით. ნინო ჩხეტია ამ წლის მნიშვნელოვან მოვლენად საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიჩნევს და კონსტიტუციურ კანონს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ.

„უფლებამოსილების ჩამონათვალი გაიზარდა და ეს იძლევა უფრო თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობას. ჩვენ გვექნება საშუალება ვიმუშაოთ იმ კუთხით, რაც პირდაპირ იქნება საზოგადოებაზე ორიენტირებული,“ – აღნიშნავს ნინო ჩხეტია.

ოპოზიციის წარმომადგენელი „ბათუმელებთან“ რამდენიმე კანონპროექტს ასახელებს, რომლის მიღების უფლებაც უმაღლეს საბჭოს არსებული უფლებამოსილების პირობებში ჰქონდა და არ მიიღო.

„ჩვენ გვქონდა ინიციატივა იმ კუთხით, რომ უმაღლესი საბჭოს წევრს საპატიმრო დაწესებულებაში ბარიერის გარეშე შეეძლოს შესვლა. ინიციატივა საგაზაფხულო სესიის ბოლოს დავაყენეთ და ამ დრომდე მისი განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას არ დაუსრულებია. მხოლოდ ერთხელ ჩატარდა კომისიის სხდომა და თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ მისი გადადება მოითხოვა, რაღაც საკითხი უნდა დაზუსტდესო. ჩემი აზრით, უნდათ, რომ პარლამენტს შეათანხმონ და ისე წარუდგინონ. ჩვენ გვქონდა ასევე თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით ინიციატივა, რომ აჭარის მთავრობას ჰქონდეს მუნიციპალიტეტებზე სამართლებრივი ზედამხედველობის უფლება. გვითხრეს, რომ ეს თვითმმართველობაში ჩარევაა, მაგრამ იგივე უფლება პრემიერ-მინისტრს აქვს და აჭარის მთავრობას რატომ არ უნდა ჰქონდეს? სხვა ინიციატივებიც გვქონდა, მაგრამ ასეთი წესი აქვს უმრავლესობას, რაც უნდა ჭკვიანურს ამბობდე, რადგან ოპოზიცია ხარ, შენს აზრს არ იზიარებენ,“ – გვიყვება გია აბულაძე, უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

მნიშვნელოვან საკანონმდებლო აქტებს შორის ნინო ჩხეტია ორ ცვლილებას ასახელებს კანონმდებლობაში. პირველი: აჭარის განათლების მინისტრს ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად აქვს უკვე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლება. მეორე: სამთავრობო დაწესებულებას აჭარაში დამოუკიდებლად შეუძლია მიიღოს გრანტი დონორი ორგანიზაციისგან.

ამ თემაზე კომენტარის გაკეთება ჩვენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს ვთხოვეთ. ის თავდაპირველად დაგვთანხმდა, თუმცა საბოლოოდ სატელეფონო კომენტარზე უარი გვითხრა.

როგორ აკონტროლებდა უმაღლესი საბჭოს აჭარის მთავრობას?

„ზაფხულში ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა,“ – გვიყვება უმაღლესი საბჭოს წევრი გია აბულაძე. – „ამ ცვლილებებზე მხოლოდ ორი დღე იმუშავა უმაღლესმა საბჭომ. სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ თქვა კიდეც, მგონი, თქვენ ბიუჯეტი წაკითხული არ გაქვთ, ისეთ შეკითხვებს მისვამთო. მართალი იყო და ამაში უმრავლესობის დეპუტატები იგულისხმებოდა. აბა, მე ზეპირად ვიცი უკვე… ამ პროცესმა კარგად გამოაჩინა, როგორ აკონტროლებს საბჭო მთავრობას. დეპუტატები ამბობენ, რომ აკონტროლებს, მაგრამ რაში გამოიხატა ეს კონტროლი, გაურკვეველია. ჩვენ რამდენჯერმე მოვითხოვეთ ეკონომიკის მინისტრის დაბარება, ასევ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, მაგრამ უმაღლესმა საბჭომ ეს ვერ გააკეთა. რატომ ხდება ასე მუდმივად არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ ისინი უფრო მეტად პოლიტიკური პარტიის წინაშე გრძნობენ ანგარიშვალდებულებას“.

ოპოზიციის წარმომადგენელს კატეგორიულად არ ეთანხმება ნინო ჩხეტია, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე. მისი თქმით, პრობლემას არ წარმოადგენს მთავრობის რომელიმე წარმომადგენლის მისვლა უმაღლეს საბჭოში.

„ლაშა კომახიძეც იყო მოსული, როცა სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო, განათლების მინისტრი და გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსი. მიმაჩნია, რომ ამ გამოწვევას სრულად პასუხობს უმაღლესი საბჭო და ამ კუთხით პრობლემა არ გვაქვს,“ – ამბობს ნინო ჩხეტია.

რა პრობლემა შეამჩნია უმაღლესმა საბჭომ გასული წლის განმავლობაში და რომელი უწყების ხელმძღვანელი დაიბარა პრობლემის მოგვარების მიზნით? – ნინო ჩხეტია ამ თემაზე საუბრის დროს ბათუმის სტადიონს ახსენებს, რომლის მშენებლობაც რამდენჯერმე გადაიდო.

„სტადიონი დიდ მოლოდინად იქცა ჩვენი ქალაქის. ეს პროცესი მეტნაკლებად არის დაძრული და იანვრიდან დაიწყება მშენებლობა… რეალურად წლიდან წლამდე გადადიოდა ბიუჯეტში, ეს იყო რაღაც ტიპის გაურკვევლობის მიზეზით. ეს იყო დამოკიდებული ექსპერტიზაზე და უსაფრთხოების კუთხით გარანტიების გარკვევაზე… ამის გარკვევამ წაიღო დიდი დრო“, – ამბობს დეპუტატი. თუკი ობიექტური მიზეზების გამო ვერ აშენდა სტადიონი ბათუმში, რა როლი ჰქონდა მაშინ ამ პროცესში უმაღლეს საბჭოს? ნინო ჩხეტიამ ასეთი პრობლემა ვერ დაგვისახელა. გვითხრა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ბიუჯეტია, რაზეც უმაღლესმა საბჭომ აქტიურად იმუშავა და დეპუტატებს შენიშვნებიც ჰქონდათ.

„შენიშვნების დიდი ნაწილი გათვალისწინებულია, მათ შორის, მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემ ტრანსფერებზე, რომლის ოდენობა ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტში შემცირებული იყო. მთავარია, რომ ბიუჯეტი იყო შესრულებული. ეს არის ინდიკატორი შეფასებისთვის, როგორ მუშაობს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება,“ – მიიჩნევს დეპუტატი.

„ყველაზე სუსტი არის კონტროლის შესრულება უმაღლესი საბჭოს მხრიდან. არსებითადაც არაფერი შეცვლილა ამ კუთხით. ანგარიშების მოსმენა, სხდომებზე დაბარება, ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლი, ეს არ არის ეფექტურად გამოყენებული. უმაღლეს საბჭოს, პირველ რიგში, მაკონტროლებლის ფუნქცია აქვს. ვფიქრობ, აქ უფრო პოლიტიკური ნების პრობლემაა და უმრავლესობა თავს არიდებს შეკითხვების დასმას. ეკომიგრაციიდან დაწყებული, „ოცნების ქალაქით“ გაგრძელებული, არაერთი პრობლემური თემაა, რაზეც არ გვინახავს პასუხის მოთხოვნა მთავრობის მისამართით,“ – ეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერის, მალხაზ ჭკადუას შეფასებაა.

რატომ ვერ ქმნის უმაღლესი საბჭო პოლიტიკურ ამინდს?

კიდევ ერთი სისუტე, რაზეც მესამე სექტორი საუბრობს, პოლიტიკური აქტივიზმია. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ უმაღლესი საბჭო ამ წელსაც არ გამოხმაურებია მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებს და დეპუტატებს პოლიტიკური ტრიბუნა აქტიურად არ გამოუყენებიათ. ამის ერთ-ერთ მაგალითად მალხაზ ჭკადუა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან“ ბათუმში შაჰინის სკოლის დახურვას ასახელებს.

„გასაგებია, რომ ეს იყო საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება, მაგრამ უმაღლეს საბჭოს შეეძლო პოზიციის გამოხატვა და მინიმუმ იმის გაკეთება, რომ მოსწავლეები, რომლებიც რამდენიმე თვეში სწავლას ასრულებდნენ, არ დარჩენილიყვნენ ქუჩაში. რამდენიმე შემთხვევაში, მაგალითად, მარტის მოვლენების დროს, დეპუტატების პოზიციები აქტიურად ჟღერდებოდა, მაგრამ ბევრია ისეთი მოვლენა, სადაც დეპუტატებს მკაფიო პოლიტიკური პოზიცია უნდა ჰქონოდათ და ეს ვერ მოვისმინეთ,“ – ამბობს ის.

უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრი, ნინო ჩხეტია განმარტავს, რომ შაჰინის სკოლის დახურვაზე მან საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია, თუმცა ოპოზიციას მოთხოვნას არ დაეთანხმა უმაღლეს საბჭოში აჭარის განათლების მინისტრის დაბარებაზე.

„ეს იყო საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება და ინგა შამილიშვილი ამოვიდოდა უმაღლეს საბჭოში თუ არა, ეს, გულწრფელად გეტყვით, არაფერს შეცვლიდა,“ – გვითხრა დეპუტატმა.

ნინო ჩხეტიას აზრით, პოლიტიკური აქტივობა ყველაზე დიდი გამოწვევა უმაღლესი საბჭოსთვის. ამ თემაზე საუბრის დროს ის ახსენებს წინა უმაღლეს საბჭოს და ფიქრობს, რომ სტანდარტი უნდა დამკვიდრდეს, რა შემთხვევაში და რა ფორმით უნდა ეხმაურებოდეს პოლიტიკურ პროცესებს საკანონმდებლო ორგანო.

„ჩვენ გვქონდა რაღაც ტიპის მემკვიდრეობა და საზოგადოების მხრიდან მსგავსი აქტივობები იყო დაწუნებული, თუმცა საბოლოო ჯამში წარმომადგენლობითმა ორგანომ რეგიონული პოლიტიკა უნდა განსაზღვროს და ამაზე უარის თქმა გამორიცხულია. ამ კუთხით რაღაც ტიპის სტანდარტი უნდა არსებობდეს…“ – აღნიშნავს ნინო ჩხეტია.

გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე: „წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოსთან შედარებით ამ საბჭოს მუშაობა ხარისხი გაცილებით გაუმჯობესებულია, მაგრამ თუ გადავხედავთ საკითხების ინიციატორთა წრეს, დავინახავთ, რომ დეპუტატების მცირე ჯგუფი აქტიურობს. ლოგიკურად ჩნდება კითხვა, სხვა დეპუტატები რატომ არ არიან აქტიურები? მხოლოდ სხდომებზე დასწრება არ არის სადეპუტატო საქმიანობა. იმ ფონზე, როდესაც თითოეული დეპუტატი საკუთარი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის იღებს საბიუჯეტო ხარჯებს, ვფიქრობ, მათ მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. საერთო ჯამში უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ეფექტურობას განსაზღვრავს ის სიკეთე, რომელიც საზოგადოებამ უნდა მიიღოს მის მიერ გადახდილი გადასახადების სანაცვლოდ. სამწუხაროდ, უმაღლესი საბჭო  რეგიონში ვერ ქმნის პოლიტიკურ ამინდს.“

რამდენად მიზნობრივია დეპუტატების მივლინებები საზღვარგარეთ?

მივლინებების მიმართ ყოველთვის არსებობს საზოგადოების ინტერესი, როცა დეპუტატები ევროპის ამა თუ იმ ქალაქში გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. მივლინებებისთვის 2017 წლის სამ კვარტალში 52 412 ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე წლის მაისში ორჯერ იყო მივლინებით საზღვარგარეთ განათლების კომისიის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი. მაისის დასაწყისში იგი გერმანიაში იმყოფებოდა და თანაშემწე – კაკო ძნელაძეც ახლდა [უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი]. მაისის ბოლოს კი ლადო მგალობლიშვილი ავსტრიაში იმყოფებოდა. გერმანიაში დეპუტატის ვიზიტი 1477 ლარი დაჯდა, ავსტრიაში – 2379.

ლადო მგალობლიშვილი: „გერმანიაში ვიმყოფებოდი ევროპის ფესტივალების ასოციაციის პლენარულ სხდომაზე. ამ ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია კაკო ძნელაძე. ამიტომ წამოვიდა ისიც გერმანიაში. იქ დავამყარეთ კონტაქტები და ევროკავშირის კულტურის მიმართულებით გრანტებზე ვაპირებთ მონაწილეობას. კონკრეტულად ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, რადგან პარტნიორს ვარჩევთ. პარტნიორის გარეშე საგრანტო განაცხადს ვერ წარადგენ.

რაც შეეხება ვენას, იქედან მომავალ წელს ჩამოვლენ ხელოვნების გამოცდილი მენეჯერები, რომლებიც უფასო სამუშაო შეხვედრებს გამართავენ ხელოვნების ქართველი მენეჯერებისთვის“.

ვინ დააფინანსებს ავსტრიელი მენეჯერების ჩამოყვანას საქართველოში? – დეპუტატი ირწმუნება, რომ „არავითარი ფულის გადახდა არ იქნება საჭირო“ და ისინი თვითონ დააფინანსებენ მგზავრობას, სასტუმროს და სხვა ხარჯებსაც. დეპუტატმა ამ მენეჯერების ვინაობა ვერ გაიხსენა. არც ხელშეკრულებაა გაფორმებული, რაც ამ შეთანხმებას დაადასტურებს. „ესენი სერიოზული ხალხია. მე ველაპარაკე მათ და დავაინტერესე საქართველოთი. ეს იქნება მათი მხრიდან მოხალისეობრივი საქმიანობა,“ – ამბობს დეპუტატი.

რით მიიქცია ჟურნალისტების ყურადღება ახალი მოწვევის უმაღლესმა საბჭომ 2017 წელს?

უმაღლესი საბჭო მედიის და მათ შორის გასართობის შოუების განხილვის თემა აღარ არის. ამის მიუხედავად 2017 წელს დეპუტატებმა რამდენიმე საინტერესო შემთხვევით დაამახსოვრეს თავი საზოგადოებას, მაგალითად, ივლისში, როცა უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერმა წევრმა, ზაზა ოქუაშვილმა ახალი ავტომანქანა BMW X1-ის მარკის ავტომობილი უმრავლესობის წევრს – ცოტნე ანანიძეს აჩუქა. 

კიდევ ერთი საინტერესო შემთხვევა უმრავლესობის წევრს – დავით თედორაძეს უკავშირდება. ის დეპუტატობის პარალელურად საბიუჯეტო ჟურნალის „ჭოროხის“ რედაქტორის მოადგილეა. დეპუტატობისთვის დავით თედორაძე 4 652 ლარს იღებს ხელფასს, რედაქტორის მოადგილის ჯამაგირი კი 554 ლარია. „ბათუმელებმა“ ამ შემთხვევის შესახებ 2017 წლის თებერვალში წერდა. მაშინ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ეს შეაფასა, როგორც კანონდარღვევა. ამავე სტატიაში უმრავლესობის წევრი ნინო ჩხეტია ამბობს, რომ საკითხის მოკვლევა მიმდინაროებს და დადგინდება, გვაქვს თუ არა საქმე ინტერესთა კონფლიქტთან.

„ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს,“ – ამბობს ნინო ჩხეტია წლის ბოლოს. მისი თქმით, კომისიამ იმუშავა და დავით თედორაძესთან „მწერალთა კავშირის“ მიერ გაფორმებული ხელშეკრულებაც ნახა. დეპუტატებმა დაადგინეს, რომ დავით თედორაძე არ ასრულებს ადმინისტრაციულ ფუნქციას, როცა იგი რედაქტორის მოადგილეა.

უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი დეპუტატი, ილია ვერძაძე პროფესიული კავშირების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს ინარჩუნებს. დეპუტატმა „ბათუმელებს“ არ უთხრა, იღებს თუ არა ანაზღაურებას, როგორც პროფკავშირის ხელმძღვანელი.

მესამე სექტორში ხედავენ პოზიტიურ ცვლილებებსაც, მაგალითად, მასმედიასთან ურთიერთობის, ასევე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების კუთხით. არასამთავრობო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზრდილია. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ თვლიან, რომ უმაღლესმა საბჭომ გარკვეული მიმართულებით პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

გიორგი ხიმშიაშვილი, საია: „ბიუროკრატიული მექანიზმი, რომელიც არსებობს უმაღლესი საბჭოს სახით, ვერ ამართლებს იმ ხარჯებს, რასაც საზოგადოება გასწევს. ვისურვებდი, უმაღლესმა საბჭომ აიღოს ინიციატივა გარკვეული საკითხების მიმართულებით და გადაწყვეტილების მიღების დროს იხელმძღვანელონ რეგიონის საჭიროებიდან გამომდინარე.“

მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“: „უნდა ვისაუბროთ მიღწევებზეც… მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილია ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება. ბიუჯეტზე შენიშვნებმაც გამოავლინა, რომ უმაღლესი საბჭო არის დამოუკიდებელი. მნიშვნელოვანია, რომ დეპუტატების ნაწილი აქტიურად ხვდება მოსახლეობას და უშუალოდ იგებენ საჭიროებების შესახებ…“

2018 წელს უმაღლესი საბჭოს არსებობისთვის ჯამში 4 მილიონ 846 ლარი დაიხარჯება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: