იქნება თუ არა დაცული თქვენი საკუთრება ბახმაროში – ახალი გენგეგმის პირობები

ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარე ბახმაროში ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი გაჩნდება, რომელიც იქნება „მასშტაბში შემცირებული დაბა ბაკურიანი, კურორტ გოდერძის მსგავსი უხვი ნალექითა და მეტეო-პირობებით, ბაკურიანზე და გოდერძიზე მეტად დახრილი მთის ფერდებით და შეუდარებელი ხედებით.“

საქართველოს მთავრობამ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა გასული წლის ივლისში დაამტკიცა.

ბახმაროს გენერალურ გეგმაზე „არტსტუდიო პროექტმა“ იმუშავა. ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით შეისწავლეს გეოგრაფიული, ტოპოგრაფიული და კლიმატური პირობები. გაკეთდა ინფრასტრუქტურის და საკუთრების ანალიზი; შეაფასეს მოსალოდნელი საფრთხეები და კურორტის სათხილამურო პოტენციალი.

„პირველი ამოცანა არის ზაფხულის სეზონი გაიზარდოს. თვენახევრითაც რომ მოხდეს ეს, რეგიონის შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც გაიზრდება. სამომავლო პერსპექტივა არის ის, რომ ამას დაემატება ზამთრის სეზონი. საბოლოოდ მივიღებთ 4-სეზონიან აქტიური დასვენების ადგილს, რომელსაც შეეძლება ერთ პიკურ დღეს, 10 ათასი ადამიანი დაიტიოს, დამსვენებლების და მომსახურე პერსონალის ჩათვლით,“ – უთხრა „ბათუმელებს“„არტსტუდიო პროექტის“ არქიტექტორმა შიო დემეტრაშვილმა

იმისთვის, რომ კურორტზე ოთხი სეზონისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა გაჩნდეს, ეტაპობრივად იგეგმება ელექტროენერგიის, კანალიზაციის, გაზისა და წყლის შეყვანა.

„ბახმაროს აქვს ელექტროგაყვანილობის სისტემა, მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია იყო მიწაში ჩაედოთ გაყვანილობა და არ ყოფილიყო გარეთ. საკმაოდ დიდი ნალექი მოდის ზამთარში, 4-5 მეტრს აღწევს თოვლი, პრობლემაა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების მოვლა. ამიტომ მუნიციპალური განვითარების ფონდი საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ გაყვანილობა ჩადოს მიწაში და ყველა სახლთან მიიყვანოს ინდივიდუალური მრიცხველი,“ – გვეუბნება შიო დემეტრაშვილი დაგეგმილ პროექტებზე.

ბახმაროში სასრიალო ტრასების მოწყობა ფაფარას ქედზე იგეგმება. სასრიალო ტრასა იქნება მთა ლაშის ფერის და მთა საყორნიას შორის არეალზეც. ფოტო: არტსტუდიო პროექტი

ბახმაროში სათხილამურო ტრასებს მთის კურორტების მართვის კომპანია მოაწყობს. აღნიშნული კომპანია უკვე მართავს სამთო სათხილამურო კურორტებს – გუდაურსა და ბაკურიანს.

„ეს გეგმა მოიცავს ზონირებას. ზონირება არის საფუძველი ნებართვის გაცემისთვის, სადაც დგინდება კოეფიციენტი, სიმაღლე, განაშენიანების სიმჭიდროვე და სხვა პარამეტრები. ასევე გეგმავს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარებას – გზები, წყალი, კანალიზაცია. ასევე გვაქვს სარეკომენდაციო არქიტექტურული პროექტები, რომელიც უფასოდ გავრცელდება,“ – უთხრა „ბათუმელებს“„არტსტუდიო პროექტის“ არქიტექტორმა  შიო დემეტრაშვილმა.

მისი თქმით, გენგეგმის ფარგლებში შემუშავდა ხუთი ტიპის საცხოვრებელი და მცირე ზომის (10 საწოლამდე) სასტუმრო/დასასვენებელი სახლების არქიტექტურული პროექტები. 5 მზა პროექტიდან  სამი პროექტი (ესკიზი) სასტუმროს ტიპის ნაგებობისთვისაა, ორი კი კერძო საცხოვრებელი სახლის. მისი გამოყენება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. პირს, რომელიც ამ პროექტების მიხედვით დაიწყებს მშენებლობას, პროცესში ექნება საშუალება თავისი სურვილისამებრ გადააკეთოს შენობა.

საცხოვრებელი სახლებისა და მცირე ზომის სასტუმროების არქიტექტურული პროექტები

მთავარი კითხვა, რომელიც ყველა იმ ადამიანს აწუხებს, ვინც საკუთრებას ფლობს ბახმაროში, ის არის, თუ რა მოხდება მას შემდეგ, რაც იქ სამთო-სათხილამურო კურორტად გადაქცევისთვის სამუშაოების ჩატარება დაიწყება. გენერალურ გეგმაში ყველაფერი დეტალურადაა გაწერილი.

„საკუთრება პრობლემური იყო. არის მცირე ნაკვეთები, რომელიც ტყის ან მდინარის დაცვის ზონაშია, ასევე ზოგი ნაკვეთი ზვავსაშიშ ადგილებშია. ჩვენ მოვამზადეთ სარეკომენდაციო ნაწილი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ნაკვეთების გადაცვლა.

საკუთრების გეგმა არის ორიენტირებული მომავალ განვითარებაზე. თუ ვიღაცას აქვს ისეთი ნაგებობა, რომელიც შეუთავსებელია განვითარებასთან [ტყის დაცვის ზონაში ან ზვავსაშიშ ადგილასაა],  შეუძლია ჰქონდეს იქ საკუთრება, არავინ არ წაართმევს და არავინ დაუნგრევს. მაგრამ თუ ის სამომავლოდ გადაწყვეტს, რომ ეს სახლი დაანგრიოს და მის ადგილას ახალი სახლი ააშენოს, მშენებლობის ნებართვას ვეღარ მიიღებს. მესაკუთრეს სახელმწიფო სთავაზობს გადაუცვალოს საკუთრება იმ ადგილას, სადაც მას [სახელმწიფოს] რესურსი აქვს და სადაც შესაძლებელია მშენებლობა. მსგავსი სქემა, მაგალითად, ბაკურიანში შეუძლებელია, რადგან  იქ უკვე ყველაფერი გასხვისებულია. ბახმაროში შეიძლება,“ – ამბობს შიო დემეტრაშვილი.

ბახმაროში არსებული საცხოვრებელი სახლების უმეტესობა ხისგან არის აგებული და ის მხოლოდ ზაფხულში გამოყენებისთვისაა გათვალისწინებული.

გენგეგმის მიხედვით, ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის განვითრებისთვის აუცილებელია ისეთი შენობების აგება, რომლებიც საცხოვრებლად  მთელი წლის განმავლობაში იქნება გამოსადეგი. დაცული იქნება სათანადო სანიტარული ნორმები და სხვა გეგმარებითი ფაქტორები. გენგეგმაში არსებული მონაცემებით, სარეკრეაციო ტერიტორიაზე, უშუალოდ საკურორტო დასახლებაში, დაახლოებით 2 300-მდე შენობაა, რომელთა 48%-ი არ არის რეგისტრირებული.

ტურისტები ბახმაროში ფოტო: Dirk Wagener

მთავარი ფოტო:  Corinna Frey

 

111 დაშავებული და არც ერთი რეგულაცია – „რას ველოდებით?“

წელს შვიდი წლის ბიჭისთვის ბათუმში ახალი წელი ჩვეულებრივ მხიარული არ ყოფილა. დღესასწაულის წინა დღეებში მას ხელში საახალწლო პიროტექნიკა აუფეთქდა და სამი თითის ამპუტაცია დასჭირდა. ბავშვის დედის თქმით, ბავშვის თითები ისე იყო აფეთქებისგან დაფლეთილი, რომ ექიმებმა მისი მიკერება ვერ შეძლეს.

ეს საახალწლო პიროტექნიკით დაზიანების ერთადერთი შემთხვევა არ არის. წელს, საახალწლო პიროტექნიკით, საქართველოში 111 ადამიანი დაშავდა, მიღებული დაზიანებების გამო 45 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, მათგან 21 ბავშვი იყო.

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ბოლო ათი წელია საქართველოში შემოტანილი პიროტექნიკური ნაწარმის რაოდენობა იზრდება. საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში 4 მილიონ 21 ათასი ლარის პიროტექნიკური ნაწარმი შემოვიდა, მათ შორის ფეიერვერკები, სასიგნალო შუშხუნები და სხვა. ეს ბოლო წლებში იმპორტირებული პიროტექნიკური ნაწარმის ყველაზე დიდი რაოდენობაა, 2013 წლის შემდეგ, როცა ქართულ ბაზარზე 4 მილიონ 145 ათასი ლარის ღირებულების პიროტექნიკა შემოვიდა.

საქართველოში არც ერთი უწყება არ არის პასუხისმგებელი შემოტანილი პიროტექნიკის ხარისხზე, არ არსებობს რეგულაცია, რომელიც შეზღუდავდა პიროტექნიკის გაყიდვის ადგილს ან მყიდველთა ასაკს.  ე.წ. „მაშხალების“, „ხლაპუშკების“ და „ბომბაჩკების“ ყიდვა შეიძლება ყველგან, მათ შორის სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან. ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია და შეძენა შეუძლიათ ბავშვებსაც.

პიროტექნიკით დაშავებულთა რაოდენობამ დააფიქრა თუ არა ვინმე საქართველოს მთავრობაში ან პარლამენტში რეგულაციების საჭიროებაზე? საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში გვითხრეს, რომ ამ დროისათვის მსგავს ინიციატივას არ განიხილავენ.

მუნიციპალიტეტის დონეზე საკითხის დასმა გასულ წელს სცადა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტმა“. ორგანიზაციამ ბათუმის საკრებულოს პეტიციით მიმართა, შეეზღუდათ ქალაქის ტერიტორიაზე პიროტექნიკის გაყიდვის ადგილები.

იურისტი არჩილ ხახუტაიშვილი, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, რომ ინიციატივამ ბათუმის საკრებულოს ყურადღება ვერ მიიქცია.

„ჩვენ არ ვითხოვდით საახალწლო პიროტექნიკის გაყიდვის აკრძალვას, ამას მუნიციპალიტეტი ვერ აკრძალავს, არ არის მისი კომპეტენცია. საუბარი იყო გარევაჭრობის ადგილების შეზღუდვაზე, მუნიციპალიტეტის მზაობაზე, მის ნებაზე, რომ ხელი შეეწყო თუნდაც არასრულწლოვნების წვდომის შეზღუდვაზე, რომ არ შეიძლებოდეს პიროტექნიკის გაყიდვა ყველგან ისე, როგორც არ შეიძლება ყველგან გაყიდო ყველი, ხორცი და ბევრი სხვა პროდუქტი, თუ არ არის დაცული რაღაც წესები. ეს მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე გავრცელდებოდა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი იყო,“ – ამბობს არჩილ ხახუტაიშვილი.

არჩილ ხახუტაიშვილი
არჩილ ხახუტაიშვილი

იგი მიიჩნევს, რომ ასე, გარკვეულწილად, შეიძლებოდა რეალიზაციის რისკების შემცირება, თუმცა მუნიციპალიტეტი მოკლე პასუხით შემოიფარგლა – რეგულაციების დაწესება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

„დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საახალწლო შუშხუნები არ არის აკრძალული, როგორც სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი. არ არის დაწესებული შეზღუდვა, როგორც მის შემოტანაზე, ასევე გაყიდვის არეალზეც. არ არის შეზღუდვა ასაკთან მიმართებაშიც, ანუ არის თავისუფალი მიმოქცევის ობიექტი, როგორც პური, მარილი, ხორცი და ასე შემდეგ. მეტიც, ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტს უფრო მეტი რეგულაცია ეხება, ვიდრე სადღესასწაულო პიროტექნიკას.

ერთი შეხედვით, აღნიშნული ასაფეთქებელი ნივთიერებები პრაქტიკაში ქმნის პრობლემას იმიტომ, რომ მოქალაქეების მიერ არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. მაშინ არც დანა უნდა იყიდებოდეს და არც რაიმე სხვა საგანი ან ნივთიერება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანს – ესაა არგუმენტი… მაგრამ ფაქტია, რომ გვაქვს პრობლემა, ფაქტია, რომ ამას აქვს ცუდი შედეგები. კანონმდებლობა ხომ არ არის რაღაც უძრავი სისტემა?! კანონმდებლობა ადაპტირდება საზოგადობრივი პრიორიტეტების მიხედვით,“ – ამბობს არჩილ ხახუტაიშვილი.

იგი ამბობს, რომ ამ საკითხის გააქტიურება მუნიციპალიტეტის დონეზე ისევ საჭიროა.

„არ ვიცი, რას ველოდებით, იმას, რომ შემთხვევები გახშირდება და სიკვდილს გამოიწვევს?! საჭიროა პრევენციაზე მუშაობა მანამ, სანამ ეს მოხდება. მანამდე კი მოქალაქეს რჩება მხოლოდ ერთი რამ – საკუთარ თავზე ზრუნვა და სიფრთხილე.

მე მაინც იმ აზრზე ვრჩები, რომ გარევაჭრობის დონეზე მაინც უნდა შეიზღუდოს. თუ ვინმე იტყვის, რომ ასე ბიზნესი შეიზღუდება, დიახ, სჯობს შეიზღუდოს ბიზნესი, დაწესდეს რეგულაციები, ვიდრე ყოველ ახალ წელს ვისმენდეთ, რომ ვიღაცას თვალი დაუზიანდა ან ხელის ამპუტაცია დასჭირდა, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ბავშვებს.“

საახალწლო შუშხუნა. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

არის თუ არა შეზღუდვები საახალწლო პიროტექნიკის გაყიდვაზე ევროკავშირის ქვეყნებში? „ბათუმელები“ მაკა გოგიბერიძეს ესაუბრა, რომელიც 20 წელია გერმანიაში, დიუსელდორფში ცხოვრობს.

მაკა ამბობს, რომ გერმანიაში საახალწლო პიროტექნიკა იყიდება, ოღონდ კატეგორიების მიხედვით და რეგულაციების დაცვით:

„მაგალითად, არასაშიში შუშხუნები, ხმის გარეშე, რომელსაც დაბადების დღეებზე და ახალ წელსაც იყენებენ, იყიდება მთელი წლის მანძილზე. ამ შუშხუნების ყიდვა შეუძლიათ ბავშვებსაც, მხოლოდ 12 წლის ასაკის შემდეგ.

მეორე კატეგორიის – საახალწლო შუშხუნები, რომლებმაც შესაძლოა რაღაც საფრთხე შეუქმნას ადამიანს, იყიდება მხოლოდ საახალწლოდ და გარკვეულ მაღაზიებს აქვთ მისი გაყიდვის უფლება. მათი ყიდვა შეუძლიათ 18 წლის ადამიანებს. ასეთი შუშხუნის შეძენისას აუცილებლად მოგთხოვენ მაღაზიაში პირადობის მოწმობას, თუ ეეჭვებათ, რომ 18 წლის არ ხარ“.

მაკა ამბობს, რომ ახალი წლის ღამეს გერმანიაშიც ისევე ისვრიან შუშხუნებს, როგორც საქართველოში, თუმცა წესების დაცვით. აკრძალულია აივნიდან ან სახლიდან ფეირვერკის მოწყობა. გარემო, სადაც შუშხუნას ისვრიან, უნდა იყოს თავისუფალი, რომ ირგვლივ არაფერი დაზიანდეს.

მიუხედავად რეგულაციებისა, საახალწლო პიროტექნიკასთან დაკავშირებული უბედური შემთხვევები გერმანიაშიც ხდება. მაკა ყვება, რომ გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წელს გერმანიაში 57 ადამიანი დაშავდა და ორი დაიღუპა საახალწლო პიროტექნიკით მიღებული დაზიანებების გამო. ძირითადად, ეს არალეგალურად შეძენილი ან კუსტარულად დამზადებული პიროტექნიკური ნაწარმი იყო, რომელსაც არ ჰქონდა გავლილი შემოწმება.

ერთ-ერთი გზა, თუ როგორ შეუძლიათ საქართველოში მოქალაქეებს მთავრობას საკითხის განხილვა მოსთხოვონ, ელექტრონული პეტიციაა. „მოითხოვე ცვლილებები“ – პროექტია, რომლის ვებგვერდზეც ელექტრონული პეტიციის განთავსებაა შესაძლებელია. პეტიცია პიროტექნიკის კონტროლის შესახებ ვებგვერდზე უკვე რეგისტრირებულია, თუმცა ამ დროისათვის მას მხოლოდ 45 ხელმომწერი ჰყავს. იმ შემთხვევაში, თუ პეტიციას 26 თებერვლამდე 10 000 ხელმომწერი ეყოლება, პეტიციაში დაყენებულ საკითხს მთავრობა განიხილავს.

გამომძიებელი კასრში აღმოჩენილი ასაფეთქებლების საქმეზე: არ ვიცი, ვინ გადაიღო ვიდეო

შეკითხვა, რომელიც პროკურატურის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა დღეს უპასუხოდ დატოვეს, ვიდეოკადრებს შეეხებოდა. საუბარია ქობულეთში, სამალავში ჩამარხულ კასრში აღმოჩენილ საბრძოლო მასალის საქმეზე. პროკურატურის ვერსიით, თურქეთის მოქალაქე ფემბე ოლუნი ხელყუმბარას, კალაშნიკოვის ავტომატს და 115 ვაზნას სხვადასხვა ადგილზე ინახავდა. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო.

ფემბე ოლუნი სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კადრები გაავრცელა, როგორ იპოვეს პოლიციელებმა ქობულეთში, მდინარის პირას კასრი, საიდანაც საბრძოლო მასალას იღებენ.

“ჩვენ მხოლოდ დასურათება მოვახდინეთ. ვიდეოგადაღების აუცილებლობა არ ყოფილა,” – თქვა დეტექტივ-გამომძიებელმა, გიორგი გამყრელიძემ. ის ამ სპეცოპერაციის დროს საგამოძიებო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. გამომძიებელს თავად ბრალდებულმა ჰკითხა, რატომ არ გადაიღეს ვიდეო, როგორ იპოვეს იარაღით სავსე კასრი.

“საიდან გაჩნდა მაშინ ვიდეოკადრები ტელევიზიებში? ყველა ტელევიზიას ჰქონდა ეს კადრები…”- იკითხა ადვოკატმა, ლევან მამულაძემ. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქმეში ვიდეომტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, ხოლო ფოტოსურათები ნაწილობრივ ასახავს საბრძოლო მასალის კასრიდან ამოღების პროცესს.

“მე არ მომიწვევია მასობრივი ინფორმაციის საშუალებები… ვინ რა გადაიღო, არ ვიცი”, – დასძინა გამომძიებელმა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ფემბე ოლუნი კასრიდან იარაღის ამოღებამდე დააკავეს. ოქმების მიხედვით, ფემბე ოლუნი 17:16 საათზე დააკავეს. კასრიდან იარაღის ამოღების პროცესი კი 19:27 საათზე დაიწყო.

ფემბე ოლუნის დაკავებამდე დაკითხული არ იყო ამ საქმის მთავარი მოწმე, ნუკრი მეგრელიშვილი. გამომძიებლებს სწორედ მან მიუთითა მდინარის სანაპიროზე კონკრეტული ადგილი, სადაც კასრი იყო ჩამარხული.

“ჩვენ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ვმოქმედებდით, რომელიც დღის 2 საათზე მივიღეთ,” – აღნიშნა კიდევ ერთმა დეტექტივ-გამომძიებელმა, მალხაზ დიასამიძემ.

“რატომ არ მიაღებინეთ იარაღის ამოღებაში მონაწილეობა ფემბე ოლუნს? თან როცა ცნობილი იყო თქვენთვის, რომ მის წინააღმდეგ აგროვებდით მტკიცებულებებს?”, – იკითხა ადვოკატმა, ლევან მამულაძემ.

“მან უარი გვითხრა ნებისმიერი სახის საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზე,” – უპასუხა ადვოკატს გამომძიებელმა, გიორგი გამყრელიძემ.

“ამას არაფერი ადასტურებს, რომ უარი თქვა,” – შენიშნა ადვოკატმა.

სხდომის დასასრულს ბრალდებულმა კითხვა მოსამართლეს დაუსვა.

“არსებობს რამე სისტემა, რომლითაც დადგინდება, რომელი პოლიციელი სად იყო? ეს პოლიციელები იტყუებიან,” – თქვა ფემბე ოლუნმა.

მოსამართლე ლევან გელოვანი: “ეს შეკითხვა კონსულტაციური ხასიათისაა. თქვენ გყავთ კვალიფიციური ადვოკატი და ის გაგიწევთ დახმარებას”.

ამ თემაზე: კასრში აღმოჩენილი ასაფეთქებლების საქმე ექსპერტიზის გარეშე – დაკავებული ბრალს არ აღიარებს

ჯარიმა სომხეთში 300 დოლარად აღებული ყალბი მართვის მოწმობისთვის 

ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობის შეძენისა და გამოყენებისთვის მოსამართლე ლევან გელოვანმა ოთარ დიასამიძე 500 ლარით დააჯარიმა. მსჯავრდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

„საერთაშორისო მართვის მოწმობაზეა საუბარი. ბოლოს რამდენიმე ასეთი შემთხვევა იყო. ძირითადად უკრაინაში ყიდულობენ და სომხეთში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა სომხეთში შეიძინა 300 დოლარად,“ – ამბობს ადვოკატი მზია დიასამიძე. მისი თქმით, მსჯავრდებული სომხეთში ერთ-ერთ კერძო კომპანიას დაუკავშირდა და თანხის გადახდის შემდეგ მართვის მოწმობა მიიღო.

როგორ ხდება ყალბი მართვის მოწმობების შეძენა? – „ბათუმელების“ ამ შეკითხვას ოთარ დიასამიძემ არ უპასუხა.

გაყალბებული ოფიციალური დოკუმენტების შეძენა ან გამოყენება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ისჯება ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

გამოიცანი საკვები და გაიგე როგორი მზარეული იქნებოდი

რამდენად კარგად იცნობ პროდუქტების სტრუქტურას? შეგიძლია იდეალურ, ერთი ზომის კუბებად დაჭრილ პროდუქტებში ლიმონი ფორთოხლისგან გაარჩიო ან დაინახო განსხვავება საქონლისა და ღორის ხორცის კუბებს შორის? მონიშნე სწორი პასუხი ფოტოზე და გაიგე როგორი მზარეული იქნებოდი.

წყარო:  www.playbuzz.com

ასევე ნახეთ: ეთამაშე მინისტრს – ტესტი

ცოლზე ძალადობაში ბრალდებულის მამა: არავინ სვამს კითხვას, რატომ ჩაიდინა ეს

„აგერაა ჩემი ცოლი, დარბაზში ზის. მას არავითარი პრეტენზია არ აქვს,“ – მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილს ბრალდებულმა რუსლან გ.-მ. მას ოჯახში ძალადობას ედავება გამოძიება. რუსლან გ. პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. იგი გასულ წელს ისევ ცოლის არაერთგზის ცემის გამო გაასამართლეს. გამოძიების ვერსიით, ამჯერად ბრალდებულმა საკუთარ ცოლს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ახალი წლის საღამოს სცემა.

„ძნელია, ჩაწვდე ადამიანის შინაგან სამყაროს…“ – ასე იწყება წერილი, რომელიც ბრალდებულმა ციხეში დაწერა და მოსამართლეს გადასცა. „კარგი კალიგრაფია გქონიათ,“ – ჩაურთო რეპლიკა მოსამართლემ. რუსლან გ.-მ მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ დანაშაული ჩაიდინა, რასაც ნანობს და ახლა გათავისუფლება უნდა. ბრალდებულმა რამდენჯერმე მიუთითა მოსამართლეს ცოლზე, რომელიც სასამართლოს დარბაზში მდუმარედ იჯდა.

„დაზარალებულმა ანუ ბრალდებულის მეუღლემ დაწერა წერილობით განცხადება, რომ მას რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია და შეურიგდა ბრალდებულს,“ – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა ნუგზარ მიქელაძემ. ეს წერილი მოსამართლემ არ ჩაიბარა, რადგან კანონის მიხედვით მხარეებმა ერთმანეთს მტკიცებულებები წინასასამართლო პროცესამდე 5 დღით ადრე უნდა ჩააბარონ. ადვოკატმა ბრალდებულის გათავისუფლებაც მოითხოვა, 2 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ.

„მან სამჯერ განახორციელა ძალადობა ცოლზე. თქვენი აზრით, რა არის დამაბრკოლებელი გარემოება, რაც შეიძლება იყოს შემაფერხებელი ბრალდებულისთვის, რომ მან ისევ არ იძალადოს?“ – იკითხა მოსამართლემ.

„გამოცდილება მიიღო. იცის უკვე, რაც არის დანაშაული,“ – აღნიშნა ადვოკატმა.

„ჩემთვის არაა ცნობილი, რომ დაზარალებულს აღარ აქვს პრეტენზია. მას სურს, რომ დაისაჯოს დამნაშავე,“ – თქვა პროკურორმა, შოთა ქემაშვილმა.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბრალდებულის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებაზე უარი თქვა. დაცვის მხარემ სადავოდ გახადა ყველა მტკიცებულება, რაც პროკურატურამ წარმოადგინა, მათ შორის, დაზარალებულის ჩვენება. დაზარალებულ ქალს გამოძიებისთვის მიცემული აქვს ჩვენება, სადაც წერია, რომ ქმრისგან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი რამდენჯერმე გახდა, საბოლოოდ კი, პოლიციას ახალი წლის საღამოს მიმართა. დაცვის მხარე მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნას არ ასაჩივრებს, სადაც დადასტურებულია ფიზიკური ძალადობის კვალი.

სხდომის ბოლოს მოსამართლემ ვრცელი განმარტება გააკეთა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მუშაობის საჭიროებაზე. „კაცმა ქალზე არ უნდა იბატონოს,“ – ამ სიტყვებით დაასრულა მოსამართლემ თავისი სიტყვა და დარბაზი დატოვა.

„არაფრის თქმა არ მინდა,“ – გვითხრა ბრალდებულის ცოლმა ნინო გ.-მ. „ბათუმელებთან“ გასაუბრების სურვილი იქვე მყოფმა ბრალდებულის მამამ გამოთქვა.

„მე ჩამწერეთ. მაგას დღეს დაბადების დღეს აქვს… ეგონა, რომ მეუღლეს სახლში წაიყვანდა, მაგრამ არ გამოვიდა,“ – დაიწყო შოთა გ.-მ. ბრალდებულის მამა ფიქრობს, რომ სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ოჯახის სოციალური მდგომარეობა და ასევე დასვას შეკითხვა: რატომ იძალადა ქმარმა ცოლზე?

„რუსლანი ავად არის, სოციალურად დაუცველები ვართ, ყველაზე მაღალი ქულა უბანში ჩვენ მივიღეთ. მამა უნდა იყოს შვილებთან. ის რომ სახლში არ იყოს, ესენი მშივრები დაიხოცებიან. პატარა ბავშვი სამი წლისაა, უფროსი – მესამე კლასში. ჩემი მეუღლე თურქეთშია, იქ მუშაობს. რუსლანი მუშაობდა მტვირთავად… მე სულ ვაჩერებდი, ხელით ნუ ეხები, არ გინდა, ბოლო-ბოლო ქალია-მეთქი, მაგრამ… ახლა ისეა, რომ ქალია ყველაფერში უპირატესი. უპირატესობა რა არის და ის, რომ პოლიციას ურეკავს. ქალს ეგონა, დაკითხავენ პოლიციაში და გამოუშვებენო. ჯერ ურეკავს პოლიციას, მერე ურიგდება, მაშინ აღარ უნდა შეურიგდეს. რატომ არ სვამს არავინ შეკითხვას, რატომ ჩაიდინა ეს?… ნასვამი როცა არის ჩემი შვილი, მაშინ ჩხუბობს, ეჭვიანობს. სულ ასე, დღესასწაულებზე ხდება. სხვა დღეებში რატომ არ ხდება?“ – კითხულობს ბრალდებულის მამა.

„ანუ როცა დალევს, უნდა იძალადოს?“ – ჩაერთო საუბარში ბრალდებულის ცოლი – ნინო გ. ის სასამართლოს ფოიეში ისმენდა საუბარს.

„არ უნდა იძალადოს, მაგრამ პატარა კონფლიქტს შეიძლება ამხელა ამბავი მოჰყვეს?“ – ჩაეკითხა რძალს მამამთილი.

„რა იცი, რომ პატარა კონფლიქტი იყო? საიდან იცი? მე მოფიქრების დრო მაქვს. შენ თუ მასე დაიწყებ საუბარს, მე ვიცი, რასაც ვიზამ,“ – თქვა დაზარალებულმა ქალმა ხმამაღლა.

„მე ჯერ არ შევრიგებულვარ,“ – თქვა ბოლოს სასამართლოს შენობა დატოვა.

 

 

 

რომელ უბნებში ჩაირთვება ბუნებრივი აირი დღეს – კომპანიის განმარტება

დღეს, 6 თებერვალს, 15:00 საათიდან ბუნებრივი აირის მიწოდება აჭარის რეგიონში მხოლოდ ძველ ბათუმსა და ქობულეთს აღუდგება. დღის ბოლომდე ჩაირთვება ბონი-ბარცხანის დასახლება. ქალაქის სხვა უბნებს – ე.წ. ჭაობის დასახლების ნაწილს შესაძლებელია ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს აღუდგეს, დანარჩენი უბნები კი ხვალ დილის ცხრა საათისთვის ჩაირთვება ქსელში.

ხვალ დილიდან განახლდება ბუნებრივი აირის მიწოდება სარფსა და ხელვაჩაურშიც.

როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი ბუნებრივი აირის გამორთვის ან ჩართვის შემთხვევაში? – როგორც „სოკარ გაზში“ განმარტავენ, საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ბუნებრივი აირის გამორთვის შემდეგ მომხმარებელმა ყველა ონკანი ჩაკეტილ მდგომარეობაში უნდა დატოვოს.

„აუცილებელია, რომ ონკანები თავად შეამოწმონ ადამიანებმა ჩართვის წინ, გამოიჩინონ ზედმეტი სიფხიზლე და ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, გაზის გაჟონვასთან დაკავშირებით, დარეკონ ცხელ ხაზზე“, – აცხადებენ „სოკარ გაზის“ პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან ბუნებრივი აირი არ მიეწოდება აჭარასა და გურიას, მთლიანობაში დაახლოებით 80 ათას აბონენტს.

ყოფილი გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები დასაქმების მოლოდინში

საჯარო სამსახურებში ხელფასის დანამატით შევსებისა და დამატებით პრემიების გაცემის აუცილებლობაზე საუბრისას, მუნიციპალიტეტების ყოფილი ხელმძღვანელი პირები ამტკიცებდნენ, რომ მაღალი ანაზღაურების არქონის შემთხვევაში  პროფესიონალები, გამოცდილი კადრები საჯარო სამსახურებიდან წავიდოდნენ. მაშინ ისინი შიშობდნენ, რომ დაბალი ხელფასი გამოიწვევდა მათი თანამშრომლების კერძო სექტორში გადინებას, სადაც, როგორც მათ მიაჩნდათ, მაღალი ხელფასებია.

მიუხედავად ასეთი თვითშეფასებისა, ყოფილი მერები, გამგებლები და საკრებულოების თავმჯდომარეები, რომლებიც მუნიციპალიტეტების რამდენიმემილიონიანი ბიუჯეტის მართვასა და ეფექტური მენეჯმენტის განხორციელებაზე იყვნენ პასუხისმგებლები, თვითმმართველობის არჩევნებიდან ხუთი თვის შემდეგ დასაქმებას ისევ მმართველი პარტიის – „ქართული ოცნებისგან“ ელიან. აჭარის მუნიციპალიტეტების ყოფილ თანამდებობის პირთაგან კერძო სექტორში არც ერთი არ დასაქმებულა.

რატომ არ ინტერესდება კერძო სექტორი „გამოცდილი კადრებით“, როგორადაც საკუთარი თავი მიაჩნდათ ყოფილ თანამდებობის პირებს? – ამ კითხვაზე პასუხი მათ არ აქვთ.

ბათუმის ყოფილი მერი ჯერ არ დაუსაქმებიათ, „ოცნებიდან“ შეთავაზებას გიორგი ერმაკოვი ისევ ელოდება. „როგორც კი შეიცვლება რაიმე ამ კუთხით, გაიგებთ,“ – უპასუხა გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელებს“ კითხვაზე – ჰქონდა თუ არა შეთავაზება კერძო სექტორიდან.

ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ლაშა სირაბიძე კი ახლა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.

ჯერჯერობით არ დასაქმებულა სულხან ევგენიძე, ქობულეთის ყოფილი გამგებელი. თვითმმართველობის არჩევნებიდან ცოტა ხნის შემდეგ მას ეს თემა ხუმრობის ხასიათზე აყენებდა: „წყალქვეშა სახანძროში ვაპირებ მუშაობას“. მიუხედავად იმისა, რომ გამგებლად მუშაობის პერიოდში ხელფასების გაზრდის აუცილებლობას გამოცდილ კადრებზე მოთხოვნით ხსნიდა, თვითონ შეთავაზებას ისევ საჯარო სექტორიდან ელოდება.

შეთავაზებას მთავრობიდან ელოდება სულხან ოქროპირიძეც, ქობულეთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე.

გაუმართლა ხელვაჩაურის გამგებელს – ნადიმ ვარშანიძე „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე პროპორციული სიის პირველ ნომრად ჩაწერა და საკრებულოს თავმჯდომარედაც აირჩია. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ჯუმბერ ვარდმანიძე კი, ხელვაჩაურის მერი გახდა.

ჯერჯერობით შეთავაზება არ ჰქონია ხულოს ყოფილ გამგებელს ბესიკ ბაუჩაძეს, არც კერძო სექტორიდან: „ კერძო სექტორში მე არ მომიძებნია, ისე, მთავრობიდან ველოდები შეთავაზებას, ვნახოთ.“

უმუშევარია შუახევის ყოფილი გამგებელი, ტარიელ ებრალიძეც. ის გამგებლობის პარალელურად ლექციებს კითხულობდა ხიჭაურის უნივერსიტეტში, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ეს საკმარისი არ არის: „ ერთი დღე მაქვს მხოლოდ ლექციები, შაბათობით.“ ყოფილი გამგებელი ამბობს, რომ ჯერ არაფერი შეუთავაზებიათ, მაგრამ ელოდება: „ისევ საჯარო სამსახურში, არის რაღაც კონსულტაციები, ჯერ ვერ დაგისახელებთ, ველოდები, ჯერ გადაწყვეტილი არ არის“.

უკვე პრაქტიკაა ის, რომ პარტიული ნიშნით არჩეული პირების უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ მმართველი ძალა იღებს პასუხისმგებლობას იმ პირების დასაქმებაზე, რომლებიც საარჩევნო სიებში ვეღარ მოხვდნენ. მათთვის სამთავრობო სტრუქტურებში ისევ პოულობენ ადგილებს.

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას შეფასებით, ეს პრაქტიკა, პირველ რიგში, იმაზე მიუთითებს, რომ მტკიცება იმის შესახებ, რომ მათ იმდენად უნიკალური გამოცდილება აქვთ, რომ კერძო სექტორი ინადირებს მათზე, არ დასტურდება:

„მათ უჭირთ პოლიტიკის მიღმა საკუთარი ცხოვრების მოწყობა, გამომდინარე იქედან, რომ არც სხვა უნარ-ჩვევები და გამოცდილება აქვთ და არც სხვა ალტერნატივები, ისინი დამოკიდებულები არიან საკუთარ პარტიასა და იმ გავლენებზე, რომლებიც მათ ამ პოლიტიკური ძალის მეშვეობით გააჩნდათ, უფრო კლიენტურისტული დამოკიდებულება იკვეთება მმართველი ხელისუფლებისადმი. რაც ყველაზე მთავარია, ეს ადამიანები ვერ სთავაზობენ ახალ ალტერნატივას, თუნდაც საკუთარი პარტიის წევრებს. ყოველთვის გამგებელი ვერავინ იქნება, მაგრამ შეიძლება ჰქონდეთ ახალი იდეები, ხედვები, სხვადასხვა სფეროში, ან ერთ-ერთ სფეროში, სადაც შეძლებენ თვითრეალიზებას. როგორც ჩანს, ამის გაკეთება მათ უჭირთ და ელოდებიან იმას, თუ რა როლს შესთავაზებს მათ მმართველი პარტია. არადა, პირიქით უნდა იყოს – მათი გამოცდილებიდან გამომდინარე უნდა ჰქონდეთ შეთავაზება.“

მსოფლიოს ყველაზე მახინჯი შენობები

აღქმა ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს განსაკუთრებულად ლამაზი და მახინჯი შენობები, რაზეც ადამიანების უმრევლესობას ერთი აზრი აქვს. იშვიათად შეხვდებით ვინმეს, ვინც გეტყვით, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი უშნოა, თუმცა არც ასეთის არსებობაა გამორიცხული. ასევე იშვიათად იპოვით ვინმეს, ვისაც ქვემოთ მოცემულ რომელიმე შენობას მოაწონებთ და ათქმევინებთ, რომ ლამაზია. ვნახოთ როგორია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყველაზე უშნო და უგემოვნო შენობები.

წყარო: telegraph.co.uk 

გერმანელი მკვლევარი კანონიერ ქურდებსა და კანონის გამკაცრებაზე

ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრება შინაგან საქმეთა მინისტრმა უკვე დააანონსა. კანონპროექტი პარლამენტში ჯერ დარეგისტრირებული არ არის და იგი არც მთავრობას გაუსაჯაროვებია. შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დასჯადი გახდება ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა და ქურდული შეკრების ორგანიზება, მასში მონაწილეობა და ამ სამყაროს პასიური წევრობა.

„გამიკვირდა, რომ ხელისუფლება ისევ კანონის გამკაცრებაზე საუბრობს,“ – ამბობს გერმანელი მკვლევარი, იან კიოლერი ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტიდან. ის საქართველოში 90-იან წლებში ქურდული სამყაროს ინსტიტუტს სწავლობდა.

ანთროპოლოგი იან კიოლერი ახლაც საქართველოშია და ლოკალურ კონფლიქტებს სწავლობს.

ქურდული სამყაროს შესახებ გერმანელ მკვლევარს რამდენიმე კითხვა დავუსვით.

ბატონო იან, თქვენი დაკვირვებით, რა განაპირობებს ქურდული მენტალიტეტის არსებობას საქართველოში? 

თავდაპირველად ჩემი კვლევა არ იყო ქურდული სამყაროს წევრობასთან დაკავშირებული. მე ვსწავლობდი ანთროპოლოგიას და აქ ჩამოვედი 1992 წელს. ჩემი კვლევის საგანი იყო ძალადობა იმ პირობებში, როცა ერთი სახელმწიფო მთლიანად ქრება და მეორე სახელმწიფოს ფორმირება ხდება.

საქართველოში მე თვითონ მოვხვდი იმ გარემოში, რომელიც იყო სპეციფიკური  – ახალგაზრდები, რომლებიც ქუჩური ცხოვრებით ცხოვრობდნენ, უბანი და ბირჟა, სადაც ახალგაზრდები იკრიბებოდნენ და ცდილობდნენ ურთიერთობების გარკვევას, ისინი ამა თუ იმ ადამიანს გარკვეულწილად აფასებდნენ. შემდეგ მე შევხდი რამდენიმე ისეთ ადამიანს – ისინი იყვნენ ყოფილი პატიმრები და ე.წ. ავტორიტეტებს წარმოადგენდნენ. მათ ამიხსნეს, რაში იყო საქმე.

ამ საუბრებიდან ჩანდა, რომ სახელმწიფოს არარსებობა აძლევდა ახალგაზრდებს ურთიერთობების მოგვარების შესაძლებლობას. სახელმწიფოს არარსებობამ მისცა ამ სისტემას გავრცელების დიდი შესაძლებლობა. მეორე მხრივ, ძალადობას სჭირდება რეგულირება. უკანონობის გარდა, ქურდული გაგება, თავის მხრივ, იყო ძალადობის შეზღუდვის მცდელობაც. ამიტომ გადაიქცა ის ყოფით მოვლენად და, ფაქტობრივად, ალტერნატიულ სამართლად. სახელმწიფო ვერ ასრულებდა თავის ფუნქციას და გაძლიერდა ეს ინსტიტუტი.

თქვენი კვლევა სრულდებოდა ამგვარად: „ქუჩის სკოლამ დაკარგა თავისი, სოციალურად მიღებული ღირებულება და ცოტა ხნის წინ რომანტიზირებული ქურდული სამყარო გადაიქცა სოციალური ქსოვილიდან სულ უფრო „ამოვარდნილ“ მაფიად“. დღეს სკოლის მოსწავლეები ქალაქებში ღიად საუბრობენ, რომ ქურდული სამყარო ალტერნატიული სამართალია, ისინი დადიან ქუჩურ გარჩევებზე… 

ფაქტია, რომ საქართველოში გარკვეული ცოდნა და გამოცდილება არსებობს ამ ინსტიტუტის, რომელიც ერთბაშად ვერ გაქრებოდა. მთავარი ფაქტორი, რის გამოც ის გაჩნდა საბჭოთა კავშირში, იყო სამართლის არარსებობა. ეს მაშინ საჭირო ინსტიტუტი გახდა.

მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც გარკვეული ნაბიჯები აჩენდა უსამართლობის განცდას.

როგორც ჩანს, დღევანდელი ხელისუფლებაც ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის შეგრძნებას მოქალაქეებში და, ასე ვთქვათ, „თანაბარი თამაშის პრინციპებს“, რომელიც ადამიანებს მისცემდა შესაძლებლობას, ალტერნატიული სამართალი რომ ეძებონ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოში კატასტროფა ხდება, ან კრიზისია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტულ საკითხების ისე არ არის, როგორც უნდა იყოს.

ხელისუფლება აპირებს კანონის გამკაცრებას ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. თქვენი აზრით, როგორ იმუშავებს ეს? 

როცა მიხეილ სააკაშვილი თავის დროზე ამკაცრებდა კანონს ამ კუთხით, მახსოვს, მაშინაც იყო კრიტიკული შეფასებები, მათ შორის, ევროპაში. ამბობდნენ, რომ ამ გზით შესაძლოა ხელოვნურად შეიზღუდოს ადამიანის თავისუფლება, რადგან რეალურად რთული დასადგენია, ვინ უნდა მიიჩნიო ქურდული სამყაროს წევრად. ფაქტია, რომ ამ კანონმა საქართველოში იმუშავა და თავისი გავლენა მოახდინა.

ახლა, როცა გავიგე, რომ ხელისუფლება ისევ კანონის გამკაცრებაზე საუბრობს, გამიკვირდა. გამიკვირდა ის, რომ ეს ისევ საჭირო დარჩა. ფაქტია, რომ ქურდული სამყარო იმ სახით, რაც იყო 90-იან წლებში, ვეღარ დაბრუნდება. ეს შესაძლოა იყოს იმ სახით, როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანაში – ორგანიზებული დანაშაულის სახით.

საინტერესოა, როგორ ისჯება ქურდული სამყაროს წევრობა თქვენს ქვეყანაში, გერმანიაში? 

გერმანიაში ისჯება ორგანიზებული დანაშაული და მკაფიოდ არის გაწერილი, რა არის ეს დანაშაული. მე იურისტი ვარ, მაგრამ, ჩემი აზრით, საჭიროა კონკრეტული გარემოებების გაწერა, რითაც დამნაშავის იდენტიფიცირება იქნება შესაძლებელი. მთავარია, კანონში არ იყოს ჩანაწერი კონკრეტიზაციის გარეშე. სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის ზედმეტად გამოყენება ვერ უნდა მოხდეს. კანონის ჩანაწერი ფართოდ ინტერპრეტაციის შესაძლებლობას არ უნდა იძლეოდეს.

 

ამ თემაზე:

ქურდული სამყაროს აჩრდილები

ბათუმის მერია ხანძრისგან დაზარალებულებს სასტუმროში გადაიყვანს

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მერია დღეს, 5 თებერვალს, ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სასტუმროში გადაიყვანს. ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში ბარაკული ტიპის სახლი დაიწვა.

მერიის ინფორმაციით, დაზარალებულია ექვსი ოჯახი.

ცეცხლი ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლს მოედო

შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსი 32 მუნიციპალიტეტს მოემსახურება

5 – 27 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – გადასახადის გადამხდელებს 32 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. ქედაში (ქედის ცენტრში) მოძრავი სერვისცენტრი დღეს 17 საათამდე მუშაობდა, შუახევში შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსი  6 თებერვალს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს. რაც შეეხება ხულოს, აქ მოძრავი სერვისცენტრი 7 თებერვალს გამგეობის შენობის წინ განთავსდება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, RS CAR-ი (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.

RS CAR-ი (მიკროავტობუსი), ქედის, შუახევისა და ხულოს გარდა, გურჯაანს, ყვარელს, ახმეტას, ლანჩხუთს, სართიჭალას,  ცაგერს, დმანისს, ხონს, დუშეთს,  ლენტეხს, გუდაურს, ბაღდათს, თეთრიწყაროს, ვანს, ქარელს, ხობს, კასპს, ჩხოროწყუს, ბაკურიანს, წალენჯიხას, ადიგენს, თერჯოლას, ნინოწმინდას, ტყიბულის, ასპინძას, ხარაგაულს, საჩხერეს, აბაშასა და მარტვილს მოემსახურება.

სასწრაფოდ ქირავდება ბინა გორგილაძის ქუჩაზე

ბათუმში, გორგილაძის ქუჩა N114-ში, მე-18 სართულზე, მაკდონალდსთან, მაისის ბოლომდე, ქირავდება 40-მ2 ფართობი ევრორემონტით უზრუნველყოფილი ბინა.

ფასი:400 ლარი.

მობ: 593840707

ბათუმელი სტუდენტი, რომელიც ევროპაში დემოკრატიულ მმართველობას სწავლობს

ბათუმელი გიორგი სიხარულიძე ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში, იოჰან სკაიტეს პოლიტიკის ინსტიტუტში სამაგისტრო პროგრამაზე – დემოკრატია და მმართველობა სწავლობს.

თბილისში, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 2017 წლის თებერვალში, გიორგიმ სასწავლო გრანტი მიიღო. ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში კი ის გაცვლითი პროგრამით ესტონეთში და ბულგარეთში იმყოფებოდა. გიორგის თქმით, ევროპაში განათლების მიღების ორი მოტივი აქვს, ისწავლოს დემოკრატიული მმართველობა და კონფლიქტები.

„ევროპული და ქართული განათლების სისტემა ძალიან განსხვავებულია. ქართული უნივერსიტეტები თეორიაზეა გადართული, ევროპულ უნივერსიტეტებში კი დიდი ყურადღება ექცევა კვლევას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი [კვლევები], რომელიც შენს  ქვეყანასთან ან უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული,“ – გვეუბნება გიორგი.

გიორგის დაკვირვებით, ქართული უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, ურთიერთობები სტუდენტებსა და ლექტორებს შორის ევროპაში არის უშუალო და ღია. სტუდენტს განსაკუთრებით ის მოსწონს, რომ ნაკლებად იგრძნობა ბარიერები და არ „გჭირდება ლექტორს ხელის აწევით ესაუბრო“.

„ეს გაძლევს კომფორტულად მუშაობის შესაძლებლობას“, – ამბობს გიორგი. თავისუფალ დროს  სადისკუსიო წრეზე დადის, სადაც სტუდენტები თავიანთ ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე  მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. „ეს ინტერაქცია კი ძალიან კარგია.“

სასწავლო მოდელის მიხედვით, სტუდენტები ყოველ კვირაში იღებენ დავალებებს, რის შესახებაც თავიანთ აზრს აფიქსირებენ და უგზავნიან ლექტორს. თემაზე მუშაობის დროს მნიშვნელოვანია დებატები და ცალკეული შემთხვევების ანალიზი. „საბოლოოდ, თითქმის ყველა საგანს აქვს კვლევითი ნაშრომი,“ – გვიყვება გიორგი.

რა არის თქვენი კვლევის თემა და რაზე აკეთებენ აქცენტს სტუდენტები ევროპაში? – გიორგის თქმით, ევროპელი სტუდენტების კვლევის თემა პოლიტიკაში მემარჯვენე პარტიების გააქტიურებაა:

„ეს პარტიები ძალიან მომძლავრდნენ ევროპაში. როგორ აგროვებენ ისინი ხმებს და როგორ მოქმედებს ელექტორატი. აი, ამაზე მიდის  კვლევა და დისკუსია“.

გიორგის თქმით, დასავლეთ ევროპის ქვეყნების სტუდენტებს სამოქალაქო აქტივიზმის შესწავლა ნაკლებად აინტერესებთ, რადგან ეს მათთან არაპოპულარული, მოძველებული თემაა.

„სამოქალაქო აქტივიზმი ევროპული საზოგადოების ბუნებრივი მდგომარეობაა და ალბათ ამიტომ. ეს თემები ნაკლებად დემოკრატიულ ან დემოკრატიის გზაზე ახალშემდგარ სახელმწიფოებს უფრო აინტერესებთ. მაგალითად, უკრაინა, მოლდოვა, ბულგარეთი, საქართველო და ასეთი ტიპის ქვეყნები უფრო ინტერესდებიან ამით,“ – გვეუბნება ის.

გიორგი ამბობს, რომ კონფლიქტოლოგიის შესწავლის შემდეგ უფრო კარგად ეცოდინება, სად და რა მიმართულებით იმუშავებს საქართველოში.

„კონფლიქტოლოგიის მიმართულება საქართველოში საერთოდ არ არის განვითარებული, მაშინ როცა ორი კონფლიქტური რეგიონი აქვს ქვეყანას და მის მოსაგვარებლად შემრიგებლური ნაბიჯებია გადასადგმელი. სწორედ ამიტომ მინდა კონფლიქტოლოგიის შესწავლა, რომ შემდეგ სწორი პარალელები გავაკეთო ქართულ კონფლიქტებთან მიმართებაში,“ – გვეუბნება გიორგი.

რაც შეეხება პოლიტიკას, გიორგი სიხარულიძის თქმით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს იდეოლოგიური შტრიხები აკლია. შესაბამისად, ელექტორატი არ არის ჩამოყალიბებული, თუ ვის და რატომ აძლევს ხმას. „პოლიტიკური აპათიაა მოსახლეობაში, რადგან ვეღარ ხვდებიან, ვის რატომ უნდა მისცენ ხმა“.

 

 

 

ხანძრით დაზარალებულების შესახებ ბათუმის მერია ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს

ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში ბარაკული ტიპის სახლი დაიწვა. დაზარალებულების ინფორმაციით, დაიწვა ოთხი ოჯახის საკუთრება. როგორ დაეხმარება მერია დაზარალებულებს, სად გაათევენ ისინი ღამეს და დაზუსტებულია თუ არა ინფორმაცია დაზარალებულთა რაოდენობის შესახებ? – ამ თემაზე ბათუმის მერიაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. „ გასულია ადგილზე ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, რომელიც აზუსტებს დეტალებს და კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებთ,“ – განაცხადეს მერიის პრესსამსახურში.

ადგილზე შევნიშნეთ ორი პირი, რომლებიც დაზარალებულების შესახებ იწერდნენ ინფორმაციას და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოებსაც იღებდნენ. მათ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პოლიციელები არიან.

ერთ-ერთი დაზარალებული პოლიციისგან ითხოვდა იმის დადგენას, თუ რის გამო გაჩნდა ცეცხლი. გვერდით კორპუსში მცხოვრებთა თქმით, ბარაკული ტიპის დასახლებაში, სადაც დღეს ხანძარი გაჩნდა, ბუნებრივი აირი შეყვანილი არ იყო და შეშის ღუმელით ათბობდნენ ოთახებს. თავად ერთ-ერთი დაზარალებული, ვარდო ბერიძეც ვარაუდობს, რომ ხანძარი შეშის ღუმელმა გამოიწვია.

ქართველი მინისტრი, რომელიც „ინსტაგრამზე“ თავის ფოტოებს ასპონსორებს

1 339 მიმდევარი ინსტაგრამზე და დასპონსორებული პოსტები – ასეთია საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ანგარიში ინსტაგრამზე. ფინანსთა მინისტრს ინსტაგრამზე ანგარიში 2018 წლის 12 იანვარს აქვს გახსნილი და დღემდე მხოლოდ 8 ფოტო უდევს. თითოეული ფოტოს ლაიქების ოდენობით თუ ვიმსჯელებთ, მინისტრი საკმაო თანხას ხარჯავს პოსტების რეკლამირებისათვის.

გარდა ინსტაგრამისა, მინისტრი პოსტებს ასპონსორებს ფეისბუქზეც. რა თანხა დახარჯა გასულ წელს და რა თანხას დახარჯავს 2018 წელს მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელებში რეკლამირებისთვის? – ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვა.

სამინისტროდან გვაცნობეს რომ 2017 წელს საქართველოს ფინანსთა მინისტრის სოციალური ქსელების რეკლამისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან თანხები არ დახარჯულა. ამასთან მსგავსი ხარჯი არც 2018 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.
“ბათუმელებისთვის” უცნობი დარჩა რა თანხა დახარჯა მამუკა ბახტაძემ ფეისბუქსა და ინსტაგრამზე პირადი პროფილების რეკლამირებისათვის.

 

ფინანსთა მინისტრის დასპონსორებული ფოტო ინსტაგრამზე
ფინანსთა მინისტრის დასპონსორებული გვერდი ფეისბუქზე

 

შეზღუდვები ბათუმის წყალმომარაგებაში

სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეწყვეტილია ბათუმში, ნონეშვილისა და ბაქრაძის ქუჩებზე. “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, ჩაისუბნის სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგების მიწოდება დროებით არის შეზღუდული და იგი დღის ბოლომდე აღდგება.

აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით: (0422) 242222 და 1152

წყალმომარაგების მილზე გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო წყალი გუშინ ღამით შეწყდა მაიაკოვსკის ქუჩაზე, ბარცხანაში, მერკვილაძის, კანდელაკისa და მაქაცარიას ქუჩებზე, ასევე, ბაქოს ქუჩაზე, იმედაშვილიდან შავშეთამდე.

 

რეგიონული მედიის მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და საზმაუს სამეურვეო საბჭოს

საქართველოს რეგიონებში მოქმედი დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები ვეხმაურებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გიორგი იაკობაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას.

იაკობაშვილი უხამსი სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, მის წევრებს და ამ კონტექსტში ხაზს უსვამს, რომ ქარტიის დამფუძნებელთა უმრავლესობა რეგიონებიდან არის. იგი უსაფუძვლო ბრალდებებით ცდილობს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების დისკრედიტაციას, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას.

გიორგი იაკობაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით 2-ის წინააღმდეგ, 2017 წლის ივნისში აირჩია. წევრობის უფლება მას 2020 წლამდე აქვს. გიორგი იაკობაშვილის ყოველთვიური ხელფასი 3800 ლარია და ის ამ ანაზღაურებას მაუწყებლის ბიუჯეტიდან იღებს.

გიორგი იაკობაშვილი ასევე შეურაცხყოფს და აკნინებს არასამთავრობო ორგანიზაციების იდეას და როლს, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ ნდობის შესუსტებას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელმძღვანელობს სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტებით. საბჭოს წევრები ირჩევენ მაუწყებლის გენერალურ დირექტორს. საბჭოში ამ მისწრაფებების პირის წევრობა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მისი მონაწილეობა, საეჭვოს ხდის საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან საზოგადოების პატივისცემაზე, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული მისიის შესრულებას.

ჩვენთვის, რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებისთვის, ეს კატეგორიულად მიუღებელი, უფრო მეტიც, შემაშფოთებელი გამოვლინებაა, რადგან გიორგი იაკობაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად საქართველოს პარლამენტის მმართველი პარტიის სრული მხარდაჭერით არის არჩეული.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებს, საჯაროდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია და გაემიჯნონ მათ მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არჩეული პირის განცხადებას, რომელიც შეურაცხყოფს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებს, ამცირებს მათ საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის, ასევე ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების საჯაროდ აღიარების და ერთგულების გამო.

მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს, გაემიჯნონ გიორგი იაკობაშვილის განცხადებას.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი;

„გაზეთი ბათუმელები“;

„სამხრეთის კარიბჭე“ (სამცხე-ჯავახეთი);

პანკისის სათემო რადიო;

მარნეულის სათემო რადიო;

ნინოწმინდის სათემო რადიო NOR;

„ახალი გაზეთი“ (იმერეთი);

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი;

სამაუწყებლო კომპანია TV25 (აჭარა);

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ (ქუთაისი);

„გურია ნიუსი“;

გაზეთი „კახეთის ხმა“;

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი;

ინტერნეტგამოცემა „ქუთაისი პოსტი“;

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB);

ლაივპრესი

10 ფილმი ბულინგზე სკოლაში

ყოფილხართ ოდესმე სკოლაში ბულინგის მსხვერპლი? შეიძლება „ძალადობა” გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დაცინვა, კონტაქტის გაწყვეტა, ათვალწუნებაც კი, როგორც ირიბი ჩაგვრის ფორმა – ბულინგია, გაგახსენდებათ, რომ რაღაც ფორმით ეს თქვენც შეგხებიათ. ძალადობა სკოლაში მთელი მსოფლიოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის აქტუალური თემაა, გირჩევთ ბულინგზე გადაღებულ ათ ყველაზე რეიტინგულ ფილმს.

ხანძარი ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე [ვიდეო]

ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში, ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი უკიდია. ადგილზე იმყოფება სახანძრო  და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის შედეგად ოთხი ოჯახი დაზარალდა. სახლი, სადაც ხანძარი გაჩნდა, ვარდო ბერიძეს ეკუთვნის. „ბათუმელებთან“ საუბარში ის ამბობს, რომ ცეცხლი სავარაუდოდ დამწვარი შეშისგან გაჩნდა, რომელიც მეზობლის ღუმლიდან გადმოვარდა. „ჩემი სახლი მთლიანად დამწვარია,“-ამბობს ის.

ცეცხლი ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლს მოედო

ფინკა ბანკმა დეპოზიტების კამპანია დაიწყო

2018 წლის თებერვლიდან ფინკა ბანკში დეპოზიტების კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში ბანკი მომხმარებელს 6 ტიპის ანაბარზე საინტერესო პირობებს სთავაზობს.

„ჩვენი კამპანიის მიზანია მომხმარებლებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ თანხის დაზოგვა და დეპოზიტზე განთავსება სარგებლიანია. ბევრს მიაჩნია, რომ ვერ გამოიმუშავებს იმდენ ფულს, რომ შეძლოს შეგროვება, მთელი შემოსავალი კი მიმდინარე ხარჯებში მიდის, ან ჰგონიათ, რომ თანხის შეგროვება აუცილებლად დიდი თანხით უნდა დაიწყონ. თანხის დაზოგვა მინიმალური თანხით შეიძლება დაიწყოთ. შეარჩიეთ პარტნიორი ბანკი, სადაც თანხას განათავსებთ, ხოლო, გარდა იმისა, რომ დანაზოგის ბანკში განთავსება უსაფრთხოა, ანაბარზე განთავსებულ თანხას საპროცენტო სარგებელი ერიცხება და აუცილებლად უნდა ისარგებლოთ ამ ე.წ. „უხილავი შემოსავალითაც“  – ამბობს ფინკა ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ესებუა.

ფინკა ბანკი მომხმარებელს ყველა სახის დეპოზიტზე მაღალ საპროცენტო სარგებელს და მოქნილ პირობებს სთავაზობს. განსაკუთრებული შეთავაზება საბავშვო ანაბარზეც ვრცელდება. საბავშვო ანაბარზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ლარში განთავსებულ თანხაზე 11,5%-ია (დოლარში 5.5%, ხოლო ევროში 3.5%), ანაბრის გახსნა 10 ლარითაც არის შესაძლებელი და ყოველთვიურად თანხის შეტანა სავალდებულო არ არის.

ფინკა ბანკში ანაბრის გახსნა შესაძლებელია როგორც ინტერნეტ ბანკის, ისე სერვის ცენტრში მისვლით.

ფინკა ბანკი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის FINCA Impact Finance წარმომადგენელია საქართველოში. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი წარმოდგენილია მსოფლიოს 20 ქვეყანაში, ჰყავს საერთაშორისო აქციონერები და პარტნიორები, რაც უზრუნველყოფს მის წარმატებულ და სტაბილურ საქმიანობას. ფინკა ბანკი წელს საქართველოში მუშაობის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს და მომხმარებლებს საიუბილეო წელთან დაკავშირებით მრავალს სიახლეს შესთავაზებს.

საზმაუს ბორდის წევრი რეგიონულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეურაცხყოფს

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ არის ერთი ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია (ასო), რომელსაც ყავს 311 წევრი-ხელმომწერი… არანაირი წონა და ავტორიტეტი სერიოზულ, ნორმალურ ჟურნალისტებს შორის არ გააჩნია. ამ 311 ხელმომწერიდან უმრავლესობა არის რეგიონიდან… ბოლომდე დაიკიდეთ ეს მესამე სექტორად წოდებული მეხუთე კოლონა… “

ამ ფრაზებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, გიორგი იაკობაშვილმა  სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეურაცხყო.

რატომ მიიჩნევს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, რომ რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს „წონა და ავტორიტეტი“ არ აქვთ? – „ბათუმელებმა“ ეს გიორგი იაკობაშვილს ჰკითხა.

„რასაც ვფიქრობდი, მე ის უკვე ვთქვი… ალბათ უპრიანი იქნება, იმ ჟურნალისტებს ჰკითხოთ, ვინც არ არიან ხელმომწერები, რატომ არ არიან და მერე დამისვათ კითხვები. ათჯერ და თხუთმეტჯერ მეტი მოქმედი ჟურნალისტია და რატომ არ აწერენ ისინი ხელს? მე ვფიქრობ, რომ ერთი ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ იგი არის ჭეშმარიტების საბოლოო ინსტანცია, როცა საქმე ეხება ჟურნალისტურ ეთიკას. უნდა გითხრათ, რომ ეს ასე არ არის“, – გვითხრა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა გიორგი იაკობაშვილმა.

რა იგულისხმება „წონასა და ავტორიტეტში“, რაზეც საზოგადობრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ფეისბუქსტატუსში საუბრობს – გიორგი იაკობაშვილმა ამის საპასუხოდ გაგვაფრთხილა, რომ ის კიდევ ერთ სტატუსს მიუძღვნის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას.

„ამ ქარტიის შექმნის ისტორია ვიცი, მოვიცლი და მაგაზეც დავწერ. მე სრულიად შემთხვევით გავიგე, როცა იქმნებოდა ეს ქარტია. ჟურნალისტებმა არ იცოდნენ თბილისში ამის შესახებ. ბოლოს ია ანთაძეს დავურეკე. მითხრა, რომ რეგიონებში დავდიოდითო. მე რა, რეგიონის ჟურნალისტებს მივაყენე შეურაცხყოფა? რეგიონიდან არის ზუსტად ქარტიაში უმრავლესი ჟურნალისტი და, სამწუხაროდ, რეგიონული პრესა არის ძალიან მიტოვებული და მიგდებული. ისინი სულს ღაფავენ და იძულებული არიან, გრანტებზე იყვნენ დამოკიდებული,“ – ამბობს ის.

რა ინფორმაციაზე დაყრდნობით წერთ, რომ რეგიონული მედია რუსული ფონდებიდან ფინანსდება? – გიორგი იაკობაშვილმა გვითხრა, რომ ვერ გვიპასუხებდა. „შეხვედრაზე შევდივარ“, – თქვა მან და ტელეფონი გამორთო.

ეთანხმება თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო მისი წევრის ამ შეფასებას?

გრიგოლ გოგელია, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: „არ გავცნობივარ ამ ფეისბუქსტატუსს, არ ვარ ფეისბუქის მომხმარებელი… ვინმეს განცხადებაზე მე ვერ გავაკეთებ კომენტარს. თუ შეურაცხყოფას აყენებს ვინმეს, რა უნდა გააკეთოს ბორდმა? კუთხეში უნდა დააყენოს, ჯარიმა უნდა გამოუწეროს თუ რა უნდა გააკეთოს სამართლებრივად?“

გიორგი იაკობაშვილი საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს აირჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად. ის სამთავრობო პარტიის – „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხარდაჭერით მოხვდა მაუწყებელში. მას პარლამენტმა 84 ხმით დაუჭირა მხარი. გიორგი იაკობაშვილს საზოგადოებრივ მაუწყებელში უფლებამოსილების ვადა 2020 წლამდე აქვს განსაზღვრული.

გიორგი იაკობაშვილი ყოველთვიურად 3 800 ლარს იღებს ხელფასის სახით.

გიორგი იაკობაშვილის პოსტი ფეისბუქში

 

ხვალ აჭარას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

ხვალ, 6 თებერვალს, აჭარაში ბუნებრივი აირი გაითიშება. ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ოზურგეთსა და სოფელ ნასაკირალსაც. „სოკარის“  ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გამორთვის მიზეზი საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებაა.

ბუნებრივი აირი 6 თებერვალს 07:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შეწყვეტილი. „აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ,“ -აცხადებენ სოკარში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის” ცხელ ხაზზე: 16 114.

ენმ: პოლიციელებს შარშანდელი პერანგები და შარვლები აცვიათ

ენმ-ს წევრი გია ხალვაშმა დღეს, 5 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სამსახურებრივ ავტომანქანებს საკუთარი ხარჯით არემონტებენ. პოლიციელებს არ ეძლევათ უნიფორმები – მათ შარშანდელი პერანგები და შარვლები აცვიათ. გია ხალვაშის თქმით, სახელმწიფო პოლიციელების დემორალიზაციას ეწევა.

„მე წლების განმავლობაში ვმუშაობდი ამ სტრუქტურაში და მსგავსი ვითარება არასდროს ყოფილა. 2013 წლის შემდეგ პოლიციელები დემორალიზებულ გარემოში მუშაობენ. ფორმებს არ ურიგებენ. ადრე კვარტალში ერთხელ გვაძლევდნენ რამდენიმე წყვილ ტანსაცმელს, ახლა კი პოლიციელებს შარშანდელი პერანგები და შარვლები აცვით.

გარდა ამისა, არ ანახლებენ ავტოპარკს – პოლიციელები მწყობრიდან გამოსული და დამტვრეული მანქანებით გადაადგილდებიან. განსაკუთრებით კრიმინალურ პოლიციას ეხება ეს,“ – ამბობს ხალვაში.

მან ბრიფინგზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ფოტო წარმოადგინა. მისი თქმით, მწყობრიდან გამოსული ავტომანქანები დაბალი რანგის პოლიციელების ხარჯზე რემონტდება. „საკუთარი ჯიბიდან იხდიან ფულს. აგროვებენ და ისე აკეთებენ. კრიმინალური პოლიციის ავტომანქანები დაზღვეული არ არის, ისინი გადაჰყავთ თბილისში სერვისცენტრში და იქ მიტოვებული ავტომანქანების ნაწილებით არემონტებენ,“ – ამბობს ის.

გია ხალვაშის თქმით, მწყობრიდან არის გამოსული ვიდეოკამერებიც, რომლებსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ატარებენ. „კამერებს არ უცვლიან, შესაბამისად არც პატაკის დაწერა ხდება, რომ ახალი მისცენ“.

გია ხალვაშის განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შარშანდელი ფორმები აცვიათ, მწყობრიდან არის გამოსული პოლიციის ავტომანქანებიც.

 

როგორი ამინდია მოსალოდნელი ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ბათუმში და ზოგადად, აჭარაში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.

„დღეს შენარჩუნდება ღრუბლიანი ამინდი, დღის პირველ ნახევარში წვიმა, მთაში – თოვა. დღის მეორე ნახევარში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ტემპერატურა სანაპირო რაიონებში დღისით იქნება  8-13 გრადუსი სითბო, ღამით – 2-7 გრადუსი.

მთაში მოსალოდნელია დღისით 0-5 სითბო, ღამით 2-7 გრადუსი ყინვა,“ – აცხადებენ  აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.

მომდევნო ორი დღის განმავლობაში აჭარაში  მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა ამ დროისათვის 8 გრადუსია.

„რეკან გრუპ ჯორჯია“ სამ მაღალსართულიან შენობას პლაჟთან ახლოს აშენებს [ფოტო]

„საზიზღრობა“, „რომანტიკაა, ზღვაა პარკინგის ქვეშ“, „პარკინგიდან ლიფტამდე, რომ მიცურავ“, „… გაქირავებისას კარგად დავასათაურებ – ბინა ზღვაში“, „ყველაზე დაშიარებადი ლაივები შტორმის დროს“, „სულ გაგიჟდა ეს ხალხი“, – ასე გამოეხაურენ სოციალურ ქსელში ბათუმში „რეკან გრუპ ჯორჯიას“ მშენებარე პროექტის ფოტოს. სამი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ბათუმის ახალ ბულვარში პლაჟთან ახლოს, პირდაპირ ველობილიკის გასწვრივ მიმდინარეობს.


მშენებლობაზე „რეკან გრუპ ჯორჯიას დაკვეთით“ კომპანია „ანაგი“ მუშაობს.

აჭარის მთავრობასთან 2015 წელს დადებული შეთანხმებით, შპს „რეკან გრუპ ჯორჯია“ ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. შეთანხმების თანახმად, კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის დასრულება და ექსპლუატაციაში შეყვანა, შენობა-ნაგებობის არანაკლებ 7700 კვ.მ ფართობში სასტუმრო კომპლექსის განთავსება, არანაკლებ 39 000 კვ.მ. ფართობში აპარტამენტების განთავსება, არანაკლებ 5000 კვ.მ-ში კომერციული ფართობის განთავსება და არანაკლებ 13400 კვ.მ-ზე  400 ავტომანქანაზე გათვლილი, დახურული ტიპის ავტოპარკინგის მოწყობა უნდა დაასრულოს.

პროექტი, თუ როგორი იქნება კომპლექსი სანაპიროზე

კომპანიამ მთავრობასთან დადებული ხელშეკრულება რამდენჯერმე დაარღვია, თუმცა ვადები გადაუვადეს ისე, რომ არ დაუჯარიმებიათ. ბოლოს ამ საკითხზე აჭარის მთავრობის სხდომაზე 2016 წლის აგვისტოში იმსჯელეს და კომპანიისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტში არანაკლებ 50 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

მშენებლობა
მიმდინარე მშენებლობა. ობიექტს კომპანია ანაგი აშენებს
სამშენებლო ობიექტი

პლაჟთან მსგავს სიახლოვეს მძიმე კონტრუქციის მშენებლობას არამხოლოდ ამ კონკრეტულ შემთვევაში, არამედ, ზოგადად, დაუშვებლად მიიჩნევენ გარემოს დამცველები.„ბათუმელებმა“ კომპანიის წარმომადგნლებთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანია საქართველოში 2014 წელს თურქეთის მოქალაქემ დააფუძნა. ამჟამად კი მას ერაყის სამი მოქალაქე ფლობს.

 

 

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ძველი ბათუმის ტურიზმის სტრატეგიაზე მუშაობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ძველი ბათუმის ტურიზმის სტრატეგიას მოამზადებს, ამის შესახებ დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა, ბათუმის მერთან შეხვედრაზე ისაუბრა. ამ შეხვედრაზე ლაშა კომახიძემ საზოგადოებას წარუდგინა პროექტი ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონის დამტკიცების შესახებ.

ამ დრომდე  ტურიზმის დეპარტამენტს ძველი ბათუმის მიმართულება არ ჰქონია და ბათუმში მდებარე ისტორიული სახლები, რომლებსაც განსაკუთრებული არქიტექტურა და ისტორია აქვს, ბათუმის ტურისტული ობიექტების ნუსხაში შეტანილი არ ყოფილა.

დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ კაიკაციშვილის ინფორმაციით, ძველი ბათუმის ტურიზმის სტრატეგია იქნება რეგიონის ტურისტული განვითარების სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, რომლის მოსამზადებლადაც დეპარტამენტი უახლოეს მომავალში ელექტრონული ტენდერის გამოცხადებას გეგმავს.

ამ დროისთვის დეპარტამენტი სატენდერო წინადადებას ამუშავებს. შესყიდვის ღირებულება დაახლოებით 150 000 ლარი იქნება.

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ბათუმში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში 1964 წელს დაბადებული რ.შ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ამხილეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებული პირი დროებით მფლობელობაში არსებულ კაფე-ბარსა და სასტუმროში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის ფართობს უთმობდა.

სამართალდამცველებმა კაფე- ბარსა და სასტუმროში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

შსს 111 ტონა შოკოლადსა და კარამელიან კამფეტს მილიონ ლარად ყიდულობს 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შოკოლადისა და კარამელიანი კამფეტის შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვისთვისთვის მილიონ 94 245 ლარი გაითვალისწინეს, თუმცა ეს თანხა შპს „კვება 2015“-მა  ელექტრონულ ვაჭრობაზე 993 816 ლარამდე დაწია.

როგორც სატენდერო დოკუმენტებშია მითითებული, შსს შოკოლადს და კარამელიან კამფეტს სამინისტროს დანაყოფების ტკბილეულით უზრუნველყოფის მიზნით ყიდულობს.

შსს -ს ლოჯისტიკის დეპარტამენტი წელს 75 000  შოკოლადითა და 110 კილოგრამი კარამელიანი კამფეტით იქნება უზრუნველყოფილი, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი 6 600 კილოგრამ შოკოლადსა და 18 კილოგრამ კარამელიან კამფეტს, ხოლო საქართველოს სასაზღვრო პოლიცია 30 000 კილოგრამ შოკოლადს მიიღებს.

საერთო ჯამში კი შსს 111 ტონა შოკოლადს და კარამელიან კამფეტს ყიდულობს.

შოკოლადის ერთობლივად ყიდვის გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრს მიუღია და შესაბამისი ბრძანებაც გამოუცია [ 2017 წლის 12 დეკემბერი #586].

სამინისტროს მოთხოვნით შოკოლადი უნდა იყოს:

„ბატონის ტიპის, რძიანი შოკოლადის საფარი არანაკლებ 25%–სა, ნატეხი არაქისის, კარამელის ან/და ნუგის შიგთავსით, ცილა 4–9%, ნახშირწყლები 55–65%, ცხიმიანობა 25–40%, ენერგეტიკული ღირებულება 100გრ. პროდუქტზე არანაკლებ 450კკალ. კონსისტენცია მკვრივი. ფერი, სუნი და გემო მახასიათებელი შესაბამისი ნიმუშისთვის. შესაბამისი მარკირებით. ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს პროდუქციის შემადგენლობა. ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ ჰიგიენური მაჩვენებლებით პარამეტრების მნიშვნელობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. შეფუთვა და ეტიკეტირება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის № 441 დადგენილების ტექნიკური რეგლამენტის ,,სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მოთხოვნებს. მოწოდებული საქონლის შენახვის ვადა უნდა იყოს არანაკლებ საერთო ვადის 70%. მოსაწოდებელი პროდუქტი მწარმოებელმა უნდა აწარმოოს საერთაშორისო სტანდარტების (ISO-22000) დაცვით.“

სამინისტრო ითხოვს შოკოლადის თითოეულ პარტიას თან ახლდეს წარმოშობის, ან ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატი, ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.

მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგინოს საქართველოში აკრედიტირებული ლაბორატორიის დასკვნა პროდუქტის ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შესახებ. ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იყოს ტემპერატურული რეჟიმი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და პირობები.

შპს „კვება 2015“ 2015 წელს დაფუძნებული კომანიაა და მისი მფლობელი ალექსანდრე ბარბაქაძეა.

„კვება 2015“ – ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ტენდერში მონაწილეობდა. ამ ეტაპზე კომპანიასთან ხელშეკრულება დადებული არ არის, მიმდინარეობს შერჩევა-შეფასება, რა დროსაც შემსყიდველმა  ტენდერში მონაწილე კომპანიის მიერ ატვირთული დოკუმენტები უნდა გადაამოწმოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით  სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერს საფუძვლად უდევს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც დამტკიცებულია საყაზარმე კვებაზე არსებული საჯარისო ნაწილების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები, იმ კალორიულობის მიხედვით, რაც აუცილებელია საჯარისო ნაწილებში არსებული სასწავლო წვრთებისა და ვარჯიშების დატვირთვებიდან გამომდინარე. შოკოლადი ეძლევა მხოლოდ საყაზარმე კვებაზე მყოფ დანაყოფებს გდდ, სპეცრაზმს, ობიექტების დაცვასა, მილსადენების დაცვას და სასაზღვრო პოლიციას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შოკოლადი გასულ წელსაც იყიდა, თუმცა მიმწოდებელმა სამინისტროს ობიანი შოკოლადი მიაწოდა, რის გამოც შს სამინისტრომ 104 ტონაზე მეტ შოკოლადსა და 125 კილოგრამ კარამელის კანფეტის შესყიდვაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა.

ბათუმელი ბიჭები საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ – შოთა გუჯაბიძის ახალი დოკუმენტური ფილმი

„ახალგაზრდა საქართველო“ – ასე ჰქვია რეჟისორ შოთა გუჯაბიძის ახალ, სატელევიზიო, დოკუმენტურ ფილმს, რომელიც საარქივო მასალებზე დაყრდნობითაა მომზადებული. ფილმი 1955 წელს ბათუმელი სკოლის მოსწავლეების მიერ ჩამოყალიბებულ ანტისაბჭოთა ორგანიზაციაზე გვიამბობს, რის შესახებაც დახურული, გრიფით – „საიდუმლო“ საქმე აქამდე უშიშროების არქივში იყო დაცული.

„1955 წლის მაისში ბათუმელმა ბიჭებმა: გია სოსელიამ, იური გიგინეიშვილმა, ძმებმა – გივი და ბადრი ახვლედიანებმა შექმნეს ანტისაბჭოთა ორგანიზაცია და „ახალგაზრდა საქართველო“ დაარქვეს. 15-16 წლის იყვნენ, ერთი მათგანი იყო მხოლოდ 17 წლის, როგორც მახოვს. ორგანიზაციას თავისი მიზნები ჰქონდა, იარაღი უნდა შეეძინათ, რუსების წინააღმდეგ ებრძოლათ, პროკლამაციები დაებეჭდათ… მოახერხეს ის, რომ პროკლამაციები მართლაც გააკრეს, რამდენიმე თვის შემდეგ კი ისინი უშიშროებამ დააპატიმრა. გაიმართა სასამართლო, სხვადასხვა სასჯელი მისცეს“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

დაკავებულებს ციხეში ყოფნა ცოტა ხანი მოუწიათ, მაგრამ, როგორც ფილმის რეჟისორი ამბობს, „აქ მთავარი სხვა რამეა – აღმოჩნდა, რომ ახალი ეროვნული მოძრაობა საქართველოში, 20-იანი წლების აჯანყებებისა და საბჭოთა რეპრესიების შემდეგ, სწორედ ამ წელს, ამ ფაქტით იწყება და არა თუნდაც 1956 წლის მარტის მოვლენებით, როცა გამოსვლა იყო თბილისში და იქ ეროვნული მოტივებიც აშკარად ისმოდა. სხვათა შორის, ანალოგიური პროცესი იმ დროს, 56 წელს, ბათუმშიც ხდებოდა და ფილმში ამასაც ეთმობა ადგილი“.

ამბავი ბათუმელი ბიჭების ანტისაბჭოთა ამბოხის შესახებ აქამდე გახმაურებული არ ყოფილა. შოთა ამბობს, რომ მას ამბის შესახებ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა, ისტორიკოსმა, დათო ჯიშკარიანმა უამბო:

„მკვლევარმა დათო ჯიშკარიანმა იპოვა არქივებში წერილი: ინაური, უშიშროების პირველი პირი წერს მჟავანაძეს, რომ ბათუმში შექმნილია ანტისაბჭოთა, ტერორისტული ორგანიზაცია. ამის საფუძველზე დაიწყო ძებნა დათო ჯიშკარიანმა, იპოვა რაღაც ცნობები, დამიკავშირდა და მე უკვე ბათუმში გავაგრძელე ძებნა. ვიპოვე რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებოდნენ ამ ფაქტს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანი გარდაცვლილია. ვიპოვე მათი ოჯახის წევრები, მათი შვილები, ფოტოები, დოკუმენტები, სახლები… საარქივო თხრობასთან ერთად ადამიანური ამბებიც არის ამ ფილმში.“

ამ ისტორიის შესახებ მასალებს შოთა გუჯაბიძე დაახლოებით ერთი წლის მანძილზე იკვლევდა, უშუალოდ ფილმს კი ორ თვეს იღებდა. ფილმის ქრონომეტრაჟი საათი და 8 წუთია.

„ახალგაზრდა საქართველო“ კვირას, 4 თებერვალს, 22 საათსა და 45 წუთზე იქნება ნაჩვენები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე. 

აჭარაში ამოთხრილი გიგანტური ხეების ახალი პარტია შეკვეთილში [ფოტო]

შეკვეთილში გიგანტური ხეები საქართველოს ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ბაღისთვის უკვე ჩატანილია. წელს აჭარის მთავრობამ ცრუ ქაფურის ექვს ხე 19 500 ლარად კომპანია „ზიმოს“ მიჰყიდა, ეს კომპანია, სხვა საქმიანობასთან ერთად ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირებითაა დაკავებული. ხეებს ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოსგან და კერძო პირებისგან საკუთარი ბაღისთვის ყიდულობს. ივანიშვილი შეკვეთილში  260 497 კვ/მ მიწის ფართობს ფლობს. ყოფილ პრემიერ-მინისტრს აქ რეზიდენცია აქვს. სწორედ შეკვეთილში აკეთებს ივანიშვილი ე.წ. დენდროპარკს, რისთვისაც სხვადასხვა რეგიონიდან გიგანტური ხეები მიაქვს.

ამოთხრილი ხეები შეკვეთილში. 3 თებერვალი, 2018. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე
ამოთხრილი ხეები შეკვეთილში. 3 თებერვალი, 2018. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე
ამოთხრილი ხეები შეკვეთილში. 3 თებერვალი, 2018. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე
ამოთხრილი ხეები შეკვეთილში. 3 თებერვალი, 2018. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე
ამოთხრილი ხეები შეკვეთილში. 3 თებერვალი, 2018. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე

წაიკითხეთ ამ თემაზე: ივანიშვილის დანატოვარი 

ქობულეთის გამწვანების სამსახური: ხის გადატანასთან კავშირი არ გვაქვს, ჩვენს საქმეს ვაკეთებთ

ციხისძირსა და ქობულეთში მიმდინარე სამუშაოები გეგმიურია და ხეების გადატანასთან კავშირი არ აქვს – აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურში. დღეს, 3 თებერვალს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ციხისძირში ქობულეთის გამწვანების სამსახურის სამუშაოები გააპროტესტა.

ქობულეთის საკრებულოს წევრის, ბონდო თედორაძის თქმით, ციხისძირის აღმართთან გამწვანების სამსახურმა ხეების გასხვლა არა უსაფრთხოების, არამედ იმ მიზნით დაიწყო, რომ ამ ტერიტორიიდან ბიძინა ივანიშვილის ბაღისთვის სამი ხის ტრანსპორტირებას შეუწყოს ხელი.

„ეს სწორი არ არის“, – აცხადებს „ბათუმელებთან“ ზვიად რომანაძე, გამწვანების სამსახურის წარმომადგენელი. „- ჩვენ არანაირ ხეების გადატანაში არ ვართ ჩართული, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, რომელიც გამწვანების სამსახურს ევალება. ხდება გეგმიური გადაბელვა და შესაბამისი ნებართვაც არსებობს. გამწვანების სამსახური წლების განმავლობაში ახორციელებს ასეთ სამუშაოებს ქალაქ ქობულეთში და მუნიციპალიტეტში ყველგან, სადაც მანქანები მოძრაობენ, რადგან გამოწეული ტოტები მანქანებს უშლის ხელს. ესაა მსუბუქი გადაბელვა“.

იგი უარყოფს ქობულეთის საკრებულოს წევრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხდება ასწლოვანი ფიჭვების გადაბელვა.

„ბათუმელების“ კითხვაზე, არის თუ არა შაბათი სამუშაო დღე ქობულეთის გამწვანების სამსახურში, ზვიად რომანაძის თქმით, დებულების მიხედვით, მათ შეუძლიათ იმუშაონ შაბათსაც.

ხეების გადატანა ივანიშვილის ბაღისთვის 2016 წლის ბოლოს დაიწყეს. გასულ, 2017 წელს, სწორედ თებერვალში ამოთხარეს ხეები და ქობულეთიდან შეკვეთილში გადაიტანეს.

წაიკითხეთ ამ თემაზე: ივანიშვილის ხის გამო ავტომაგისტრალზე განათების ბოძები და საგზაო ნიშნები ამოთხარეს [ფოტო]

ამოთხრილი ხეების გატანა აჭარიდან ახლაც მიმდინარეობს.  ეს ფოტო დღეს, 3 თებერვალსაა გადაღებული შეკვეთილში.

შეკვეთილი, 3 თებერვალი. თედო ჯორბენაძის ფოტო

ამავე თემაზე: უკან მიდევნებული ბრძანება – ივანიშვილმა ხეები ჯერ ამოთხარა, შემდეგ დაუკანონეს

საკრებულოს წევრი: ხეებს სხლავენ, რომ ივანიშვილის ბაღში სამი ხის ტრანსპორტირება შეძლონ

„ნაციონალური მოძრაობა“ ციხისძირში ქობულეთის გამწვანების სამსახურის საქმიანობას აპროტესტებს. ქობულეთის საკრებულოს წევრის, ბონდო თედორაძის თქმით, ციხისძირის აღმართთან გამწვანების სამსახურმა ხეების გასხვლა არა უსაფრთხოების, არამედ იმ მიზნით დაიწყო, რომ ამ ტერიტორიიდან ბიძინა ივანიშვილის ბაღისთვის სამი ხის ტრანსპორტირებას შეუწყოს ხელი.

ფოტო: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

„დღეს, შაბათ დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სამსახური, გამწვანების სამსახური, გამოვიდა და არაფრისმომცემი ნებართვების საფუძველზე სხლავენ და ჭრიან ხეებს, თან ისეთი ხეებს, როგორიცაა, მაგალითად ასწლოვანი ფიჭვები, რომლებიც გასხლვის შედეგად კარგავენ სიცოცხლისუნარიანობას. ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ აქედან სამი ხის ტრანსპორტირებას აპირებენ ახლო მომავალში და ტრანსპორტირებაში ეშლებათ ხელი.

ჩვენ დროებით შევაჩერეთ აქ სამუშაოები, გადავაყვანინეთ ტექნიკა, რომელსაც ჩაკეტილი ჰქონდა გზის სავალი ნაწილი სანახევროდ  და საცობი იყო შექმნილი, მაგრამ აქ ხომ არ გავათენებთ?! სავარაუდოდ, როცა წავალთ, ისევ განაახლებენ მუშაობას, ან ღამე ან ხვალ გამთენიისას. ადგილობრივ ხელისუფლებას არაფერი აინტერესებს იმის გარდა, რომ ემსახუროს ოლიგარქის ინტერესებს“,  – ამბობს ბონდო თედორაძე.

მისივე თქმით, გამწვანების სამსახურმა მათ ქობულეთის მერიის გაცემული ნებართვა წარმოუდგინა, რომლის თანახმადაც, გამწვანების სამსახურს უფლება აქვს 15 თებერვლამდე გასხლას ხეები იმ მიზეზით, რომ ზამთარში გზის სავალ ნაწილზე მოძრავ ავტომობილებს საფრთხე ექმნება.

„თუმცა მთავარი მიზეზი ხეების ტრანსპორტირებაა, ასე მოხდა შარშანაც. ტექნიკაზე მომუშავე პირმა საერთოდ ვერ წარმოგვიდგინა თავი ვინ იყო.  კეთილი ნება მაქვს და ვემსახურებიო. გეკითხებით, ვის შეუძლია დღეს უსასყიდლოდ ემსახუროს ხელისუფლებას? ესაა მარაზმი, რაშიც ადგილობრივი ხელისუფლება არის ჩართული“, – ამბობს ქობულეთის საკრებულოს წევრი.

მისი ინფორმაციით, ამ ადგილიდან ერთი ქაფურის და ორი ევკალიპტის ხის გატანა იგეგმება ბიძინა ივანიშვილის ბაღში, შეკვეთილში.

ნინო ბაციაშვილი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდებას მიიღებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების და ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ წევრმა, ნინო ბაციაშვილმა გიბრალტარში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე დიდოსტატის ნორმა მესამედ შეასრულა, მას ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ოფიციალურად „ფიდეს“ უახლოეს კონგრესზე მიენიჭება.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, გიბლარტარში ნინომ მერვე ტურში უნგრელი ვაჟი საერთაშორისო დიდოსტატი გაბორ პაპი დაამარცხა, მანამდე კი ორ ვაჟ დიდოსტატს სძლია: გრიგორი ოპარინს (რუსეთი) და სეტურამანს (ინდოეთი).

ნინო ბაციაშვილი მეხუთე ქალია საქართველოში, რომელიც ამ წოდებას მიიღებს. საქართველოში გროსმაისტერის წოდება აქვს ნონა გაფრინდაშვილს, მაია ჩიბურდანიძეს, ნანა ძაგნიძესა და ბელა ხოტენაშვილს.

წაიკითხეთ ამ თემაზე: ნინო ბაციაშვილის საჭადრაკო პარტია

ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის დიდოსტატის წოდება გასულ წელს უნდა მიეღო, როცა ინგლისში, მენში გამართულ ტურნირზე შეასრულა ნორმა, თუმცა, როგორც სააჭადრაკო კლუბ „ნონაში“ აღნიშნავენ, ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ეს ვერ მოხერხდა.

საჯარო სკოლებში 70-80 წლის 2 501 მასწავლებელი მუშაობს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის მონაცემებით, საჯარო სკოლებში 80 წლის 224 მასწავლებელი მუშაობს. 71-დან 80 წლამდე  კი 2 501 მასწავლებელია სკოლაში. დასაქმებულთა შორის ყველაზე ცოტა – ცხრა მასწავლებელი, 21 წლისაა. რატომ რჩებიან საპენსიო ასაკის პედაგოგები პროფესიაში და რატომ არ ცვლის ხელისუფლება სისტემას? მიზეზებზე „ბათუმელებთან“ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის დირექტორი შალვა ტაბატაძე საუბრობს.

ბატონო შალვა, ის, რომ დღეს სისტემაში რჩებიან პენსიონერი მასწავლებლები და მათ არ აქვთ სკოლის დატოვების მოტივაცია, არის ეს პრობლემა?  

როგორ არ არის პრობლემა. ადამიანის საპენსიო ასაკი იმიტომ არის დადგენილი, რომ ამ ასაკში ადამიანს არ შეუძლია გარკვეული უნარების გამოყენება. მეორე პრობლემაა ის, რომ სისტემაში არ უშვებენ ახალ კადრებს. 31 წლამდე მასწავლებელი მხოლოდ შვიდი პროცენტი გვყავს სკოლაში დღეს დასაქმებული.

მართალია, მსურველიც ცოტაა, მაგრამ ვინც მსურველია, ისიც ვერ შედის. სწორედ იმიტომ, რომ სისტემა არ ქმნის ამის შესაძლებლობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ საპენსიო ასაკის მასწავლებელს არანაირი სურვილი და მოტივაცია არ აქვს გავიდეს პენსიაზე. მიზეზი მარტივია – მუშაობის დროს ინარჩუნებს პენსიასაც, საჯარო მოხელეებისგან განსხვავებით. რატომ დატოვებს სამსახურს, როცა პენსიასთან ერთად, ხელფასსაც იღებს და საკმაო შემოსავალი გამოსდის. სწორედ ამიტომ ეჭიდება მასწავლებელი და უფრო მეტადაც მოეჭიდება.

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ 70-80 წლის მასწავლებელი არ ჩაეჭიდოს ადგილს?

მასწავლებლის საპენსიო უზრუნველყოფა უნდა იყოს ბევრად უფრო მდგრადი და პროგრესირებადი. თუ შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს (მე არ ვაკნინებ მათ საქმიანობას) და დეპუტატებს ვაძლევთ განსხვავებულ პენსიას, შესაძლებელია მასწავლებელიც განსხვავებული პენსიის უზრუნველყოფით გავუშვათ სამსახურიდან, წასვლის შემდეგ რომ არ გახდეს სოციალურად დაუცველი.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია – თუკი მასწავლებელი განსხვავებული პენსიით იქნება უზრუნველყოფილი, ესე იგი მისი პრესტიჟი აწეულია. სახელმწიფოს თუ უნდა კარგი კადრები მიიზიდოს, კარგი პენსიით უნდა უზრუნველყოს პედაგოგი.

ეს მოიზიდავს სისტემაში უფრო კვალიფიციურ კადრებს და მასწავლებლის ავტორიტეტიც გაიზრდება.

ეს რეალობა კიდევ რა პრობლემას ქმნის?

თუ გავაანალიზებთ, დღეს სისტემაში კონკურენცია არის ნული. დაახლოებით 780 ადგილია მასწავლებელთა განათლების პროფესიაში, განაცხადების რაოდენობა კი გაცილებით ნაკლებია, ანუ იმაზე მეტი ადგილი გვაქვს უნივერსიტეტებში, ვიდრე მსურველია. მაშინ, როცა ფინეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტში, რომელიც იღებს 120 სტუდენტს, 1600 განაცხადი შედის. არჩევს საუკეთესოზე საუკეთესოს. ჩვენთან საუკეთესოს შერჩევა კი არა, ადგილები რჩება.

ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პროფესიაში შედარებით დაბალი კვალიფიკაციის აბიტურიენტები მოდიან. ამას ემატება ისიც, რომ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლების ხარისხია დაბალი. ამით იმის თქმა მინდა, რომ არა მარტო სკოლებშია პრობლემა… ვინც შემოდის სისტემაში, მათი კვალიფიკაციაც პრობლემაა და შემდეგ მათი დასაქმებაც, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ეს არის სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი.

ხელისუფლებას ხომ შეუძლია სიტუაციის გამოსწორება, რატომ არ იდგმება არანაირი ნაბიჯი ამ მიმართულებით?

ამის გამოსწორებას სჭირდება სერიოზული რეფორმა. სახელმწიფომ, ყველა არჩევნების წინ, შექმნა კომფორტული სიტუაცია არაკვალიფიციური მასწავლებლებისთვის, უფრო მეტად რომ უზრუნველყოფილიყო მათი დარჩენა სისტემაში.

ანუ მასწავლებლად მუშაობა სიცოცხლის ბოლომდეა დღეს გარანტირებული?

წინა სქემა, რომელიც ითვალისწინებდა მასწავლის სერთიფიცირებას, როგორც პროფესიულს, ასევე საგნობრივს, დირექტორს ავალდებულებდა, უპირატესობა მიენიჭებინა კვალიფიციური პედაგოგისთვის, თუკი ის დასაქმების სურვილს გამოთქვამდა. დირექტორი იძულებული იქნებოდა დაბალკვალიფიციური მასწავლებელი გაეშვა სახლში. ექსპერიმენტიც კი ჩაატარა აუდიტის სამსახურმა, კვალიფიციური კადრების საბუთები გააგზავნა ერთ-ერთ ვაკანსიაზე და ეს ადამიანები გასაუბრებაზეც კი არ დაიბარეს.

მასწავლებლების სტატისტიკა

როგორ ფიქრობთ, რატომ?

იმიტომ, რომ დირექტორს ჰყავდა თავისი შერჩეული კადრი და მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა კომპეტენციას. სახელმწიფოს მხრიდან ამაზე მოთხოვნა არ არის. 45 ათასი მასწავლებელი, რომელიც ვერ აბარებდა გამოცდებს, დარჩა სისტემაში. გარდა ამისა, არ არსებობს სკოლების შეფასებითი სისტემა, ავტორიზაცია-აკრედიტაცია ეხება მხოლოდ კერძო სკოლებს, საჯაროში ეს პროცესი არ გვაქვს. ამიტომაც არ არსებობს ინტერესი, რომ უფრო კვალიფიციური მასწავლებელი ჰყავდეს სკოლას.

საპენსიო ასაკი გულისხმობს როტაციას. წარმოიდგინეთ ყველა 60 წელს გადაცილებული სამსახურში რომ დარჩეს… ახალ თაობას მოაქვს ახალი ღირებულებები, ახალი ცოდნა და დამოკიდებულებები, რაც საჭიროა თანამედროვე ცხოვრების განვითარებისთვის. ეს სიახლე დღეს სკოლას არ გააჩნია, რადგან განახლება არ ხდება და მათ შორის სერიოზული პრობლემებია ღირებულებების და დამოკიდებულებების მხრივ.

საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც მიდის პოლიტიკურ ნებამდე. რატომ ვერ გამოიჩინა ვერც ერთმა ხელისუფლებამ ეს ნება?

იმიტომ, რომ ეს არ არის მარტივად განსახორციელებელი და ყველასთვის მოსაწონი რეფორმა. ახალ მინისტრს სურვილიც რომ ჰქონდეს, რამის გამკეთებელი ვერ არის. ნებისმიერი ახალდანიშნული მინისტრის პირველი რიგის ამოცანაა, შეინარჩუნოს სტაბილურობა და სტატუსკვო, სისტემაში დასაქმებული ათასობით მასწავლებელი და 10 ათასი პროფესორ-მასწავლებელი უმაღლესში, ჰყავდეს სტაბილურად წყნარად და იყოს ხელისუფლების მხარდამჭერი.

როდისმე ხომ უნდა გადაილახოს ეს პრობლემა? რას სთავაზობს სახელმწიფო იმ ადამიანებს, რომელთა სწავლასაც უცხოეთში აფინანსებს, აძლევს დასავლურ განათლებას და მაღალ კვალიფიკაციას, თუკი არ აპირებს ცვლილებებს?

კახა ლომაიას დროს იყო  რეალური ცვლილებების მცდელობა, მაგრამ პროფესორების გარკვეულმა ჯგუფმა ხმაური ატეხა და დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ზიანი მიაყენეს მმართველ პარტიას.  რა თქმა უნდა, ამის სურვილი არავის არ აქვს. შესაბამისად, ეფერებიან და თანხას უხდიან ამ ადამიანებს, რომ იყვნენ წყნარად და არა იმიტომ, რომ ისინი კვლევებს აკეთებენ ან თანამედროვე მიღწევები აქვთ. ეს არის ხარკი ხელისუფლების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, რომლის გარეშეც ხელისუფლების კეთილდღეობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ამაზე წამსვლელი არც ეს ხელისუფლებაა.

ევროპაში განათლებამიღებული ადამიანები კი, არც უნივერსიტეტებში და არც სკოლაში არ მიდიან. უმაღლესი იყო ჩამყაყებული სისტემა და ასეა დღესაც. მაქსიმუმი, რაც შეიძლება ამ თაობამ უმაღლესში გააკეთოს, არის ის, რომ ლექციები წაიკითხოს. ეს არ ნიშნავს კვლევით, პედაგოგიურ საქმიანობას. ეს ადამიანები არ არიან აკადემიურ სფეროში დასაქმებულები, თუმცა ისინი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევიან და ეს არის მცირე პროცენტი იმასთან შედარებით, რაც გვაქვს და გვჭირდება.

 

 

გონიოში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

დაახლოებით ერთი საათის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გონიოს ხიდზე, სადაც მსუბუქი ავტომანქანა ბოძს შეეჯახა. შსს ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

გამოძიება სსკ-ის 276-ე ნაწილის მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი საშუალო ასაკისაა.

Exit mobile version