მთავარი,სიახლეები

საზმაუს ბორდის წევრი რეგიონულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეურაცხყოფს

05.02.2018
საზმაუს ბორდის წევრი რეგიონულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეურაცხყოფს

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ არის ერთი ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია (ასო), რომელსაც ყავს 311 წევრი-ხელმომწერი… არანაირი წონა და ავტორიტეტი სერიოზულ, ნორმალურ ჟურნალისტებს შორის არ გააჩნია. ამ 311 ხელმომწერიდან უმრავლესობა არის რეგიონიდან… ბოლომდე დაიკიდეთ ეს მესამე სექტორად წოდებული მეხუთე კოლონა… “

ამ ფრაზებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, გიორგი იაკობაშვილმა  სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეურაცხყო.

რატომ მიიჩნევს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, რომ რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს „წონა და ავტორიტეტი“ არ აქვთ? – „ბათუმელებმა“ ეს გიორგი იაკობაშვილს ჰკითხა.

„რასაც ვფიქრობდი, მე ის უკვე ვთქვი… ალბათ უპრიანი იქნება, იმ ჟურნალისტებს ჰკითხოთ, ვინც არ არიან ხელმომწერები, რატომ არ არიან და მერე დამისვათ კითხვები. ათჯერ და თხუთმეტჯერ მეტი მოქმედი ჟურნალისტია და რატომ არ აწერენ ისინი ხელს? მე ვფიქრობ, რომ ერთი ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ იგი არის ჭეშმარიტების საბოლოო ინსტანცია, როცა საქმე ეხება ჟურნალისტურ ეთიკას. უნდა გითხრათ, რომ ეს ასე არ არის“, – გვითხრა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა გიორგი იაკობაშვილმა.

რა იგულისხმება „წონასა და ავტორიტეტში“, რაზეც საზოგადობრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ფეისბუქსტატუსში საუბრობს – გიორგი იაკობაშვილმა ამის საპასუხოდ გაგვაფრთხილა, რომ ის კიდევ ერთ სტატუსს მიუძღვნის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას.

„ამ ქარტიის შექმნის ისტორია ვიცი, მოვიცლი და მაგაზეც დავწერ. მე სრულიად შემთხვევით გავიგე, როცა იქმნებოდა ეს ქარტია. ჟურნალისტებმა არ იცოდნენ თბილისში ამის შესახებ. ბოლოს ია ანთაძეს დავურეკე. მითხრა, რომ რეგიონებში დავდიოდითო. მე რა, რეგიონის ჟურნალისტებს მივაყენე შეურაცხყოფა? რეგიონიდან არის ზუსტად ქარტიაში უმრავლესი ჟურნალისტი და, სამწუხაროდ, რეგიონული პრესა არის ძალიან მიტოვებული და მიგდებული. ისინი სულს ღაფავენ და იძულებული არიან, გრანტებზე იყვნენ დამოკიდებული,“ – ამბობს ის.

რა ინფორმაციაზე დაყრდნობით წერთ, რომ რეგიონული მედია რუსული ფონდებიდან ფინანსდება? – გიორგი იაკობაშვილმა გვითხრა, რომ ვერ გვიპასუხებდა. „შეხვედრაზე შევდივარ“, – თქვა მან და ტელეფონი გამორთო.

ეთანხმება თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო მისი წევრის ამ შეფასებას?

გრიგოლ გოგელია, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: „არ გავცნობივარ ამ ფეისბუქსტატუსს, არ ვარ ფეისბუქის მომხმარებელი… ვინმეს განცხადებაზე მე ვერ გავაკეთებ კომენტარს. თუ შეურაცხყოფას აყენებს ვინმეს, რა უნდა გააკეთოს ბორდმა? კუთხეში უნდა დააყენოს, ჯარიმა უნდა გამოუწეროს თუ რა უნდა გააკეთოს სამართლებრივად?“

გიორგი იაკობაშვილი საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს აირჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად. ის სამთავრობო პარტიის – „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხარდაჭერით მოხვდა მაუწყებელში. მას პარლამენტმა 84 ხმით დაუჭირა მხარი. გიორგი იაკობაშვილს საზოგადოებრივ მაუწყებელში უფლებამოსილების ვადა 2020 წლამდე აქვს განსაზღვრული.

გიორგი იაკობაშვილი ყოველთვიურად 3 800 ლარს იღებს ხელფასის სახით.

გიორგი იაკობაშვილის პოსტი ფეისბუქში

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: