მთავარი,სიახლეები

რეგიონული მედიის მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და საზმაუს სამეურვეო საბჭოს

05.02.2018 • 2436
რეგიონული მედიის მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და საზმაუს სამეურვეო საბჭოს

საქართველოს რეგიონებში მოქმედი დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები ვეხმაურებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გიორგი იაკობაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას.

იაკობაშვილი უხამსი სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, მის წევრებს და ამ კონტექსტში ხაზს უსვამს, რომ ქარტიის დამფუძნებელთა უმრავლესობა რეგიონებიდან არის. იგი უსაფუძვლო ბრალდებებით ცდილობს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების დისკრედიტაციას, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას.

გიორგი იაკობაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით 2-ის წინააღმდეგ, 2017 წლის ივნისში აირჩია. წევრობის უფლება მას 2020 წლამდე აქვს. გიორგი იაკობაშვილის ყოველთვიური ხელფასი 3800 ლარია და ის ამ ანაზღაურებას მაუწყებლის ბიუჯეტიდან იღებს.

გიორგი იაკობაშვილი ასევე შეურაცხყოფს და აკნინებს არასამთავრობო ორგანიზაციების იდეას და როლს, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ ნდობის შესუსტებას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელმძღვანელობს სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტებით. საბჭოს წევრები ირჩევენ მაუწყებლის გენერალურ დირექტორს. საბჭოში ამ მისწრაფებების პირის წევრობა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მისი მონაწილეობა, საეჭვოს ხდის საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან საზოგადოების პატივისცემაზე, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული მისიის შესრულებას.

ჩვენთვის, რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებისთვის, ეს კატეგორიულად მიუღებელი, უფრო მეტიც, შემაშფოთებელი გამოვლინებაა, რადგან გიორგი იაკობაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად საქართველოს პარლამენტის მმართველი პარტიის სრული მხარდაჭერით არის არჩეული.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებს, საჯაროდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია და გაემიჯნონ მათ მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არჩეული პირის განცხადებას, რომელიც შეურაცხყოფს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებს, ამცირებს მათ საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის, ასევე ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების საჯაროდ აღიარების და ერთგულების გამო.

მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს, გაემიჯნონ გიორგი იაკობაშვილის განცხადებას.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი;

„გაზეთი ბათუმელები“;

„სამხრეთის კარიბჭე“ (სამცხე-ჯავახეთი);

პანკისის სათემო რადიო;

მარნეულის სათემო რადიო;

ნინოწმინდის სათემო რადიო NOR;

„ახალი გაზეთი“ (იმერეთი);

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი;

სამაუწყებლო კომპანია TV25 (აჭარა);

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ (ქუთაისი);

„გურია ნიუსი“;

გაზეთი „კახეთის ხმა“;

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი;

ინტერნეტგამოცემა „ქუთაისი პოსტი“;

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB);

ლაივპრესი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: