მთავარი,სიახლეები

ყოფილი გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები დასაქმების მოლოდინში

06.02.2018
ყოფილი გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები დასაქმების მოლოდინში

საჯარო სამსახურებში ხელფასის დანამატით შევსებისა და დამატებით პრემიების გაცემის აუცილებლობაზე საუბრისას, მუნიციპალიტეტების ყოფილი ხელმძღვანელი პირები ამტკიცებდნენ, რომ მაღალი ანაზღაურების არქონის შემთხვევაში  პროფესიონალები, გამოცდილი კადრები საჯარო სამსახურებიდან წავიდოდნენ. მაშინ ისინი შიშობდნენ, რომ დაბალი ხელფასი გამოიწვევდა მათი თანამშრომლების კერძო სექტორში გადინებას, სადაც, როგორც მათ მიაჩნდათ, მაღალი ხელფასებია.

მიუხედავად ასეთი თვითშეფასებისა, ყოფილი მერები, გამგებლები და საკრებულოების თავმჯდომარეები, რომლებიც მუნიციპალიტეტების რამდენიმემილიონიანი ბიუჯეტის მართვასა და ეფექტური მენეჯმენტის განხორციელებაზე იყვნენ პასუხისმგებლები, თვითმმართველობის არჩევნებიდან ხუთი თვის შემდეგ დასაქმებას ისევ მმართველი პარტიის – „ქართული ოცნებისგან“ ელიან. აჭარის მუნიციპალიტეტების ყოფილ თანამდებობის პირთაგან კერძო სექტორში არც ერთი არ დასაქმებულა.

რატომ არ ინტერესდება კერძო სექტორი „გამოცდილი კადრებით“, როგორადაც საკუთარი თავი მიაჩნდათ ყოფილ თანამდებობის პირებს? – ამ კითხვაზე პასუხი მათ არ აქვთ.

ბათუმის ყოფილი მერი ჯერ არ დაუსაქმებიათ, „ოცნებიდან“ შეთავაზებას გიორგი ერმაკოვი ისევ ელოდება. „როგორც კი შეიცვლება რაიმე ამ კუთხით, გაიგებთ,“ – უპასუხა გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელებს“ კითხვაზე – ჰქონდა თუ არა შეთავაზება კერძო სექტორიდან.

ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ლაშა სირაბიძე კი ახლა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.

ჯერჯერობით არ დასაქმებულა სულხან ევგენიძე, ქობულეთის ყოფილი გამგებელი. თვითმმართველობის არჩევნებიდან ცოტა ხნის შემდეგ მას ეს თემა ხუმრობის ხასიათზე აყენებდა: „წყალქვეშა სახანძროში ვაპირებ მუშაობას“. მიუხედავად იმისა, რომ გამგებლად მუშაობის პერიოდში ხელფასების გაზრდის აუცილებლობას გამოცდილ კადრებზე მოთხოვნით ხსნიდა, თვითონ შეთავაზებას ისევ საჯარო სექტორიდან ელოდება.

შეთავაზებას მთავრობიდან ელოდება სულხან ოქროპირიძეც, ქობულეთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე.

გაუმართლა ხელვაჩაურის გამგებელს – ნადიმ ვარშანიძე „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე პროპორციული სიის პირველ ნომრად ჩაწერა და საკრებულოს თავმჯდომარედაც აირჩია. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ჯუმბერ ვარდმანიძე კი, ხელვაჩაურის მერი გახდა.

ჯერჯერობით შეთავაზება არ ჰქონია ხულოს ყოფილ გამგებელს ბესიკ ბაუჩაძეს, არც კერძო სექტორიდან: „ კერძო სექტორში მე არ მომიძებნია, ისე, მთავრობიდან ველოდები შეთავაზებას, ვნახოთ.“

უმუშევარია შუახევის ყოფილი გამგებელი, ტარიელ ებრალიძეც. ის გამგებლობის პარალელურად ლექციებს კითხულობდა ხიჭაურის უნივერსიტეტში, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ეს საკმარისი არ არის: „ ერთი დღე მაქვს მხოლოდ ლექციები, შაბათობით.“ ყოფილი გამგებელი ამბობს, რომ ჯერ არაფერი შეუთავაზებიათ, მაგრამ ელოდება: „ისევ საჯარო სამსახურში, არის რაღაც კონსულტაციები, ჯერ ვერ დაგისახელებთ, ველოდები, ჯერ გადაწყვეტილი არ არის“.

უკვე პრაქტიკაა ის, რომ პარტიული ნიშნით არჩეული პირების უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ მმართველი ძალა იღებს პასუხისმგებლობას იმ პირების დასაქმებაზე, რომლებიც საარჩევნო სიებში ვეღარ მოხვდნენ. მათთვის სამთავრობო სტრუქტურებში ისევ პოულობენ ადგილებს.

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას შეფასებით, ეს პრაქტიკა, პირველ რიგში, იმაზე მიუთითებს, რომ მტკიცება იმის შესახებ, რომ მათ იმდენად უნიკალური გამოცდილება აქვთ, რომ კერძო სექტორი ინადირებს მათზე, არ დასტურდება:

„მათ უჭირთ პოლიტიკის მიღმა საკუთარი ცხოვრების მოწყობა, გამომდინარე იქედან, რომ არც სხვა უნარ-ჩვევები და გამოცდილება აქვთ და არც სხვა ალტერნატივები, ისინი დამოკიდებულები არიან საკუთარ პარტიასა და იმ გავლენებზე, რომლებიც მათ ამ პოლიტიკური ძალის მეშვეობით გააჩნდათ, უფრო კლიენტურისტული დამოკიდებულება იკვეთება მმართველი ხელისუფლებისადმი. რაც ყველაზე მთავარია, ეს ადამიანები ვერ სთავაზობენ ახალ ალტერნატივას, თუნდაც საკუთარი პარტიის წევრებს. ყოველთვის გამგებელი ვერავინ იქნება, მაგრამ შეიძლება ჰქონდეთ ახალი იდეები, ხედვები, სხვადასხვა სფეროში, ან ერთ-ერთ სფეროში, სადაც შეძლებენ თვითრეალიზებას. როგორც ჩანს, ამის გაკეთება მათ უჭირთ და ელოდებიან იმას, თუ რა როლს შესთავაზებს მათ მმართველი პარტია. არადა, პირიქით უნდა იყოს – მათი გამოცდილებიდან გამომდინარე უნდა ჰქონდეთ შეთავაზება.“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: