მთავარი,სიახლეები

„რეკან გრუპ ჯორჯია“ სამ მაღალსართულიან შენობას პლაჟთან ახლოს აშენებს [ფოტო]

04.02.2018 • 5460
„რეკან გრუპ ჯორჯია“ სამ მაღალსართულიან შენობას პლაჟთან ახლოს აშენებს [ფოტო]

„საზიზღრობა“, „რომანტიკაა, ზღვაა პარკინგის ქვეშ“, „პარკინგიდან ლიფტამდე, რომ მიცურავ“, „… გაქირავებისას კარგად დავასათაურებ – ბინა ზღვაში“, „ყველაზე დაშიარებადი ლაივები შტორმის დროს“, „სულ გაგიჟდა ეს ხალხი“, – ასე გამოეხაურენ სოციალურ ქსელში ბათუმში „რეკან გრუპ ჯორჯიას“ მშენებარე პროექტის ფოტოს. სამი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ბათუმის ახალ ბულვარში პლაჟთან ახლოს, პირდაპირ ველობილიკის გასწვრივ მიმდინარეობს.


მშენებლობაზე „რეკან გრუპ ჯორჯიას დაკვეთით“ კომპანია „ანაგი“ მუშაობს.

აჭარის მთავრობასთან 2015 წელს დადებული შეთანხმებით, შპს „რეკან გრუპ ჯორჯია“ ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. შეთანხმების თანახმად, კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის დასრულება და ექსპლუატაციაში შეყვანა, შენობა-ნაგებობის არანაკლებ 7700 კვ.მ ფართობში სასტუმრო კომპლექსის განთავსება, არანაკლებ 39 000 კვ.მ. ფართობში აპარტამენტების განთავსება, არანაკლებ 5000 კვ.მ-ში კომერციული ფართობის განთავსება და არანაკლებ 13400 კვ.მ-ზე  400 ავტომანქანაზე გათვლილი, დახურული ტიპის ავტოპარკინგის მოწყობა უნდა დაასრულოს.

პროექტი, თუ როგორი იქნება კომპლექსი სანაპიროზე

კომპანიამ მთავრობასთან დადებული ხელშეკრულება რამდენჯერმე დაარღვია, თუმცა ვადები გადაუვადეს ისე, რომ არ დაუჯარიმებიათ. ბოლოს ამ საკითხზე აჭარის მთავრობის სხდომაზე 2016 წლის აგვისტოში იმსჯელეს და კომპანიისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტში არანაკლებ 50 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

მშენებლობა

მიმდინარე მშენებლობა. ობიექტს კომპანია ანაგი აშენებს

სამშენებლო ობიექტი

პლაჟთან მსგავს სიახლოვეს მძიმე კონტრუქციის მშენებლობას არამხოლოდ ამ კონკრეტულ შემთვევაში, არამედ, ზოგადად, დაუშვებლად მიიჩნევენ გარემოს დამცველები.„ბათუმელებმა“ კომპანიის წარმომადგნლებთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანია საქართველოში 2014 წელს თურქეთის მოქალაქემ დააფუძნა. ამჟამად კი მას ერაყის სამი მოქალაქე ფლობს.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი