მთავარი,სიახლეები

ცოლზე ძალადობაში ბრალდებულის მამა: არავინ სვამს კითხვას, რატომ ჩაიდინა ეს

06.02.2018 • 4322
ცოლზე ძალადობაში ბრალდებულის მამა: არავინ სვამს კითხვას, რატომ ჩაიდინა ეს

„აგერაა ჩემი ცოლი, დარბაზში ზის. მას არავითარი პრეტენზია არ აქვს,“ – მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილს ბრალდებულმა რუსლან გ.-მ. მას ოჯახში ძალადობას ედავება გამოძიება. რუსლან გ. პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. იგი გასულ წელს ისევ ცოლის არაერთგზის ცემის გამო გაასამართლეს. გამოძიების ვერსიით, ამჯერად ბრალდებულმა საკუთარ ცოლს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ახალი წლის საღამოს სცემა.

„ძნელია, ჩაწვდე ადამიანის შინაგან სამყაროს…“ – ასე იწყება წერილი, რომელიც ბრალდებულმა ციხეში დაწერა და მოსამართლეს გადასცა. „კარგი კალიგრაფია გქონიათ,“ – ჩაურთო რეპლიკა მოსამართლემ. რუსლან გ.-მ მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ დანაშაული ჩაიდინა, რასაც ნანობს და ახლა გათავისუფლება უნდა. ბრალდებულმა რამდენჯერმე მიუთითა მოსამართლეს ცოლზე, რომელიც სასამართლოს დარბაზში მდუმარედ იჯდა.

„დაზარალებულმა ანუ ბრალდებულის მეუღლემ დაწერა წერილობით განცხადება, რომ მას რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია და შეურიგდა ბრალდებულს,“ – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა ნუგზარ მიქელაძემ. ეს წერილი მოსამართლემ არ ჩაიბარა, რადგან კანონის მიხედვით მხარეებმა ერთმანეთს მტკიცებულებები წინასასამართლო პროცესამდე 5 დღით ადრე უნდა ჩააბარონ. ადვოკატმა ბრალდებულის გათავისუფლებაც მოითხოვა, 2 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ.

„მან სამჯერ განახორციელა ძალადობა ცოლზე. თქვენი აზრით, რა არის დამაბრკოლებელი გარემოება, რაც შეიძლება იყოს შემაფერხებელი ბრალდებულისთვის, რომ მან ისევ არ იძალადოს?“ – იკითხა მოსამართლემ.

„გამოცდილება მიიღო. იცის უკვე, რაც არის დანაშაული,“ – აღნიშნა ადვოკატმა.

„ჩემთვის არაა ცნობილი, რომ დაზარალებულს აღარ აქვს პრეტენზია. მას სურს, რომ დაისაჯოს დამნაშავე,“ – თქვა პროკურორმა, შოთა ქემაშვილმა.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბრალდებულის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებაზე უარი თქვა. დაცვის მხარემ სადავოდ გახადა ყველა მტკიცებულება, რაც პროკურატურამ წარმოადგინა, მათ შორის, დაზარალებულის ჩვენება. დაზარალებულ ქალს გამოძიებისთვის მიცემული აქვს ჩვენება, სადაც წერია, რომ ქმრისგან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი რამდენჯერმე გახდა, საბოლოოდ კი, პოლიციას ახალი წლის საღამოს მიმართა. დაცვის მხარე მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნას არ ასაჩივრებს, სადაც დადასტურებულია ფიზიკური ძალადობის კვალი.

სხდომის ბოლოს მოსამართლემ ვრცელი განმარტება გააკეთა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მუშაობის საჭიროებაზე. „კაცმა ქალზე არ უნდა იბატონოს,“ – ამ სიტყვებით დაასრულა მოსამართლემ თავისი სიტყვა და დარბაზი დატოვა.

„არაფრის თქმა არ მინდა,“ – გვითხრა ბრალდებულის ცოლმა ნინო გ.-მ. „ბათუმელებთან“ გასაუბრების სურვილი იქვე მყოფმა ბრალდებულის მამამ გამოთქვა.

„მე ჩამწერეთ. მაგას დღეს დაბადების დღეს აქვს… ეგონა, რომ მეუღლეს სახლში წაიყვანდა, მაგრამ არ გამოვიდა,“ – დაიწყო შოთა გ.-მ. ბრალდებულის მამა ფიქრობს, რომ სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ოჯახის სოციალური მდგომარეობა და ასევე დასვას შეკითხვა: რატომ იძალადა ქმარმა ცოლზე?

„რუსლანი ავად არის, სოციალურად დაუცველები ვართ, ყველაზე მაღალი ქულა უბანში ჩვენ მივიღეთ. მამა უნდა იყოს შვილებთან. ის რომ სახლში არ იყოს, ესენი მშივრები დაიხოცებიან. პატარა ბავშვი სამი წლისაა, უფროსი – მესამე კლასში. ჩემი მეუღლე თურქეთშია, იქ მუშაობს. რუსლანი მუშაობდა მტვირთავად… მე სულ ვაჩერებდი, ხელით ნუ ეხები, არ გინდა, ბოლო-ბოლო ქალია-მეთქი, მაგრამ… ახლა ისეა, რომ ქალია ყველაფერში უპირატესი. უპირატესობა რა არის და ის, რომ პოლიციას ურეკავს. ქალს ეგონა, დაკითხავენ პოლიციაში და გამოუშვებენო. ჯერ ურეკავს პოლიციას, მერე ურიგდება, მაშინ აღარ უნდა შეურიგდეს. რატომ არ სვამს არავინ შეკითხვას, რატომ ჩაიდინა ეს?… ნასვამი როცა არის ჩემი შვილი, მაშინ ჩხუბობს, ეჭვიანობს. სულ ასე, დღესასწაულებზე ხდება. სხვა დღეებში რატომ არ ხდება?“ – კითხულობს ბრალდებულის მამა.

„ანუ როცა დალევს, უნდა იძალადოს?“ – ჩაერთო საუბარში ბრალდებულის ცოლი – ნინო გ. ის სასამართლოს ფოიეში ისმენდა საუბარს.

„არ უნდა იძალადოს, მაგრამ პატარა კონფლიქტს შეიძლება ამხელა ამბავი მოჰყვეს?“ – ჩაეკითხა რძალს მამამთილი.

„რა იცი, რომ პატარა კონფლიქტი იყო? საიდან იცი? მე მოფიქრების დრო მაქვს. შენ თუ მასე დაიწყებ საუბარს, მე ვიცი, რასაც ვიზამ,“ – თქვა დაზარალებულმა ქალმა ხმამაღლა.

„მე ჯერ არ შევრიგებულვარ,“ – თქვა ბოლოს სასამართლოს შენობა დატოვა.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: