ხულოში ექვსსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა

17 მარტს, ხულოში, სხალთის თემის სოფელ წაბლიანში დავითაძეების ექვსსულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაეწვა. სახლთან ერთად დაიწვა მიკროავტობუსიც, რომელიც ოჯახის საკუთრება იყო.

ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა.

ხულოს მერის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ხულოს მერია დაზარალებულ ოჯახს პირველ ეტაპზე საცხოვრებელ ფართს დაუქირავებს.

„სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მთლიანად დაიწვა ნახევრად კაპიტალური შენობა. დაიწვა ეზოში მდგარი მიკროავტობუსიც, ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, ოჯახმა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენაც კი ვერ შეძლო, ყველაფერი განადგურდა. ხანძრით დაზარალებულ ოჯახი ღამეს ნათესავთან გაატარებს, ხვალიდან ფართს დავუქირავებთ, შემდეგში ვიმსჯელებთ, თუ რა სახის დახმარება გაეწევათ“ – ამბობს მერის მოადგილე.

ლაშა ბოლქვაძის თქმით, სახანძრო ადგილზე გამოძახებიდან დაახლოებით 35-40 წუთში მივიდა:

„სოფელი წაბლიანი სხალთის ცენტრალური გზიდან დაახლოებით ნახევარი საათს სავალზეა, გზა ვიწრო და დახრილია, რთული იყო ავტომობილის დროულად მისვლა, ამიტომ სახანძროს გამოძახების ადგილზე მისვლას 35-40 წუთი დასჭირდა“ – აღნიშნა ლაშა ბოლქვაძემ.

___________

მთავარ ფოტოზე: ხანძარი ხულოში. ფოტო “ბათუმელების” არქივიდან.

 

სამშენებლო და უსაფრთხოების წესები მშენებლობის დროს და მას შემდეგ

მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურების პასუხიმგებლობა შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ წყდებოდა. ეს წესი იცვლება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით კონტროლის ახალი ვადები დაწესდა. გარდა ამისა, დადგენილება მშენებელს სამ და მეტსართულიან შენობაში მეორე ალტერნატიული კიბის მოწყობას ავალდებულებს, რომელიც დერეფანზე მიბმული არ იქნება. კონკრეტულ შემთხვევებში რეგულაცია კვამლაღმომჩენების დამონტაჟებასაც მოითხოვს.
სამშენებლო რეგულაციებზე საუბრისას ბოლო პერიოდში სპეციალისტები საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილებას, იგივე ტექნიკური უსაფრთხოების რეგლამენტს, ხშირად ახსნებენ.  კიდევ რას ითვალისწინებს ახალი დადგენილება?- ამ თემაზე „ბათუმელებს“ არქიტექტორი ბექა თოიძე ესაუბრა.

 ბექა, რას შეცვლის ეს დოკუმენტი უსაფრთხოების წესების დაცვის თვალსაზრისით?

ეს დოკუმენტი, შენობის უსაფრთხოების წესები, ჩვენ ასე ვეძახით მას, საკმაოდ ვრცელი დოკუმენტია, რაც მოიცავს არამარტო შენობის რაღაც ნაწილების უსაფრთხოების წესებთან შესაბამისობას, არამედ მთლიანად შენობის მოყვანას იმ სტანდარტებთან რაც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს დოკუმენტი იქედანაა გადმოტანილი.

პირდაპირი ასლია?

ძირითადი ნაწილი დაკოპირებულია, თუმცა არის რაღაც ცვლილებები. გასული წლის ნოემბერში მცირედი ცვლილება შევიდა და უფრო მორგებული გახდა ჩვენს რეალობაზე. პირველი ვარიანტი მკაცრად მოითხოვდა შენობის საცხოვრებლის უსაფრთხოების სტანდარტებს. ცვლილებამ უფრო გააიოლა მაგრამ, უსაფრთხოების მხრივ ცუდი შედეგი ნამდვილად არ გამოიწვია, პირიქით, დააბალანსა ქართულ რეალობასთან. დოკუმენტი, რაც ჩვენ მუშაობის დროს უნდა გამოვიყენოთ, ძირითადად  შენობის გასასვლელებს ეხება, თუ როგორ უნდა მოეწყოს შენობიდან გასასვლელი. ეს ეხება კიბეს, დერეფნებს, კარებს და ყველა ამ ნაწილში შემავალ სტრუქტურულ ელემენტს, იგივე ფანჯრებს, ლიფტებს და ლიფტის კარებს.

უფრო კონკრეტულად, რა არის ახალი, რაც მანამდე არ იყო?

ყველაზე მთავარი ისაა, რომ სავალდებულო მოთხოვნაა გასასვლელი ყოველი სართულისთვის. არის გამონაკლისები, მაგრამ ძირითადი პრინციპები არის ისეთი რომ, ორ სართულზე მაღალი შენობისთვის უნდა მოეწყოს ორი გასავლელი კიბე. მაგალითად, თუ აშენებთ  სამსართულიან კომერციულ შენობას, ან სასტუმროს, ან ნებისმიერი ტიპის შენობას, უნდა გქონდეს ალტერნატიული მეორე გასასვლელიც.

ორი გასავლელი აუცულებლად ორ კიბეს გულისხმობს?

კიბე რომ ჩაითვალოს სახანძრო უსაფრთხოებისათვის გასასვლელ საშუალებად, ეს კიბე უნდა იყოს დაცული. რა კრიტერიუმებით უნდა იყოს დაცული, ამას უკვე განსაზღვრავს შენობის ტიპი, გაბარიტები და ფუნქციები. საცხოვრებელს სხვა დატვირთვები აქვს, სასტუმროს,  სავაჭრო მოლს, კინოთეატრს ან სხვა ტიპის თავშეყრის ადგილს – სხვა.

ძველ კორპუსებში არის დერეფანი და კიბესთან დასაკავშირებლად სივრცე არაა გამოყოფილი, პირდაპირ დერეფნიდან ადიხარ კიბეებზე. უსაფრთხოების ახალი წესები კი გულისხმობს, რომ კიბე იყოს დახურული, დაცული სივრცე. რომელიმე სართულზე, ბინაში ან დერეფანში თუ მოხდება დაკვამლიანება, ეს არ უნდა გავრცელდეს ისეთ ნაწილზე, რომელიც არის საევაკუაციო გასავლელი. კიბე თუ დაკვამლიანდა, მესამე სართულზე გაჩენილი ხანძრის გამო მეთორმეტემდე დაკვამლიანდება და მეთერთმეტე სართულიდან ადამიანის ევაკუაცია უკვე შეუძლებელი გახდება, ამიტომ კიბე და ლიფტები უნდა იყოს დაცული.

შენობის ტიპის მიხედვით, დგება მონაცემები, რომლის მიხედვითაც მუშავდება პროექტი. არქიტექტურული ნაწილი ითვალისწინებს ასევე ანალიზსს, რომელიც არის დატანილი გეგმებზე და არის ტექსტური ნაწილი. ეს არის შაბლონები, რომელსაც ავსებენ არქიტექტორები, ამის საფუძველზე უკვე ხდება საექსპერტო შეფასება, რომელიც აუცილებელია. ისე არცერთი სახელმწიფო ორგანო, არ გასცემს ნებართვას. არც შეთანხმების ბრძანებას.

დადგენილებაში საევაკუაციო კიბეებზე შენობის გარედან, როგორებიც ჰქონდა შენობებს ძველ ბათუმში, არის საუბარი?

დიახ. საცხოვრებლის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გახსნილი გარე კიბე გავაკეთოთ რვა სართულის ჩათვლით. ზემოთ უკვე უსაფრთხო აღარ არის. ეს ძირითადად ამერიკიდან შემოვიდა. ეს არ შეიძლება უფრო მაღლივ შენობებზე მოეწყოს, რადგან ადამიანების დიდი ნაკადი რომ წამოვიდეს, ის თვითონ გახდება უკვე სახიფათო. ჩვენი რეგულაცია ამბობს, რომ რვა სართულამდე შეიძლება გაკეთდეს გარე კიბე, ხოლო რვა სართულის შემდეგ უნდა იყოს დახურული სივრცე აუცილებლად, აივნებიც მერვე სართულამდე ითვლება ერთერთ გასასვლელ კომპონენტად, იმის გამო რომ დასაშვებია სახანძრო ავტომანქანა მიადგეს.

მანამდე ასე არ იყო?

მანამდე არ იყო, თუმცა, ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება. რასაც კანონი არ ავალდებულებს კომპანიას ან კერძო დამკვეთს, კონკრეტული მერი ან განყოფილების უფროსი ამას ვერ მოითხოვს. 2017 წლის პირველ იანვრამდე, ყველა სახელმწიფო ორგანო მოქმედებდა არსებული რეგულაციებით. ცნობილი ფაქტია რაც მოხდა „ლეოგრანდში“, სამწუხარო ფაქტი გამოიწვია უსაფრთხოების სტანდარტების გაუმართაობამ. მსგავსი ტიპის დაწესებულებებისთვის კანონი 2017 წლამდეც ითხოვდა გარკვეულ სტანდარტებს. ისეთ ბრენდებს როგორიცაა „ჰილტონი“ ან „შერატონი“ აქვს თავისი საერთაშორისო სტანდარტები და ისინი, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ქვეყანაში შესაბამისი მოთხოვნა, მაინც უზრუნველყოფენ უსაფრთხოების წესების დაცვას.

მეორე კიბის გარდა რა ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებზეა საუბარი?

შენობა თავისი მახასიათებლებით იყოფა რამდენიმე კატეგორიად – 23 მეტრი, 37 და 130 მეტრი. ძირითადი სტრუქტურული ელემენტები რაც არის შენობის, კოლონები, გადახურვის ფილები უნდა მოეწყოს სამსაათიანი ხანძარმდეგი მასალებით, ეს ყველაფერი ლაბორატორიულად მოწმდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სამი საათის განმავლობაში არ ჩამოიშლება და არ მიიღებს დეფორმაციას. საშუალო სიმაღლის შემთხვევაში 37 მეტრიდან 130 მეტრამდე გათვალისწინებულია ორსაათიანი ხანძარმდეგი კონსტრუქციები. ახლა მიდის ტენდენცია იქითკენ, რომ შენობებში და საცხოვრებლებში, აირის გაჟონვის შემთხვევაში უნდა ჩაირთოს საგანგაშო სიგნალი, 41- ე დადგენილება არ ითვალისწინებს ამას, მაგრამ გარკვეული კატეგორიის შენობებში ითვალისწინებს კვამლაღმომჩენებს, მაგალითად, რვასართულიან საცხოვრებელ სახლს მოეთხოვება გარკვეული ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება.

მინდა გკითხოთ ასევე მოსაზღვრედ მშენებლობის პარამეტრებზე, დაშორებებზე და ღიობებზე.

ამასთან დაკავშირებით ადრეც არსებობდა საქართველოს მთავრობის 59-ე დადგენილება, რომელიც დღესაც მოქმედია. ეს გულისხმობს შენობის განთავსებას კონკრეტულ საკადასტრო ნაკვეთზე, დაშორებებს მეზობელი ნაკვეთისადმი, ან საზოგადოებრივი სივრცისადმი. 41-ე დადგენილებით გარკვეული გამკაცრება მოჰყვა ამას. სამეზობლო ნაკვეთის მხარეს 2017 წლამდე მეზობლის თანხმობით შესაძლებელი იყო დაახლოებით ერთ მეტრში გაგვეკეთებინა ღიობები, 41-ე დადგენილებით საერთოდ აკრძალულია, თანხმობითაც დაუშვებელია. დაშორებებიც დაყოფილია კატეგორიებად, რაც უფრო მოშორებულია ფასადის საორიენტაციო სიბრტყე მეზობელი ნაკვეთიდან, უფრო მეტი ღიობის გაკეთების საშუალებას გვაძლევს ფასადზე.

ბათუმი მზიან ამინდში [ფოტო]

მზიან ამინდში წყალი უფრო გამჭვირვალეა და სათევზაოდ წასვლაც უფრო სახალისოა
დღეს არც  ისე ბევრი თევზი წამოეგო ანკესს

სტუდენტები ამერიკული სამხედრო გემის „ოუკ ჰილის“ სანახავად მიდიან.

 

ესეც ამერიკული სამხედრო ხომალდი – ის დღეს ბათუმშია
ფოტო ზღვის ფონზე განსაკუთრებით ლამაზი გამოდის, პატარა გოგონა კი ხურდას ელოდება.
პატარა გემების გაქირავების სეზონი მალე მოვა, იახტკლუბიდან შერატონამდე გასეირნების ფასი 10 ლარია.

ტექნიკური პრობლემების გამოსწორების დრო დადგა
ველოსიპედით გასეირნების ამინდია

კარგი განწყობა

მათ მამა მეთვალყურეობს
ფოტო „ბათუმელებისთვის“ : „ საღამოს ტელეფონში ვნახოთ ბაბუ“
15 გრადუსი სითბოა, სარეცხიც მალე გაშრება

ბათუმში ჭადრაკში ევროპის მე-19 ჩემპიონატი დაიწყო

ბათუმში დღეს, 17 მარტს, სასტუმრო „შერატონში“ ვაჟთა შორის ჭადრაკში ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი გაიხსნა. ტურნირში მსოფლიოს 34 ქვეყნის 311 მოჭადრაკე მონაწილეობს.

ჩემპიონატზე მსოფლიო თასის საგზურისთვის საქართველოს სახელით 32 მოჭადრაკე იბრძოლებს. ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 ათასი ევროა.

ტურნირის გახსნის ღონისძიებას, აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ასევე  ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენი ზურაბ აზმაიფარაშვილი, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია „ფიდეს“ დირექტორთა საბჭოს წევრი ჯერსი ბორგი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ბათუმი მეორედ მასპინძლობს ჩემპიონატს, პირველად მსგავსი შეჯიბრი 2002 წელს გაიმართა.

ევროპის რიგით მე-19 ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის, 28 მარტამდე გაგრძელდება.

მთავარი ფოტო: ევროპის მე-19 ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის / ბათუმი / ფოტო: მთავრობის პრესსამსახური

,,ოუკ ჰილი“ ბათუმშია

ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის ხომალდი  USS Oak Hill (LSD 51] რეგულარული დისლოკაციის ფარგლებში ბათუმს საპორტო ვიზიტით ესტუმრა.  ეს ხომალდის პირველი ვიზიტია საქართველოში.  მისი შავ ზღვაში ყოფნის პერიოდში შედგება საპორტო ვიზიტები და ორმხრივი წვრთნები ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებსა და პარტნიორ ფლოტებთან.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით ხომალდის ოპერაციების მიზანია ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის საზღვაო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, მზადყოფნისა და საზღვაო ბრძოლისუნარიანობის გაძლიერება. ბათუმში საპორტო ვიზიტი ემსახურება კავშირების გამყარებას, რაც ადასტურებს საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულებას რეგიონში სტაბილურობის ხელშესაწყობად.

აშშ-ის საზღვაო ხომალდი ,,ოუკ ჰილი“ ბათუმშია

ადგილობრივი წარმომადგენლების ოფიციალურ მიღებასთან ერთად გაიმართება ტური ხომალდზე და საფეხბურთო-საკალათბურთო ამხანაგური მატჩები ამერიკის მეზღვაურებსა და ქართველ სანაპირო დაცვის თანამშრომლებს შორის. აგრეთვე ჩატარდება რამდენიმე ერთობლივი წვრთნა. „ოუკ ჰილის“ საპორტო ვიზიტი ამერიკელ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს მოინახულონ ისტორიული ადგილები და გააღრმავონ გრძელვადიანი პარტნიორობა ქართველ კოლეგებთან.

Oak Hill– ის შავ ზღვაში შემოსვლის მიზანია აჩვენოს ამერიკის მხირდან ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულება, რაც ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს. საზღვაო ოპერაცია Atlantic Resolve–ის ფარგლებში მიმდინარეობს და მხარს უჭერს ნატოს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ევროპაში.

აშშ-ს ფლოტი რეგულარულად მუშაობს შავი ზღვის სივრცეში, რაც თანხვედრაში მოდის მონტრეს კონვენციასა და საერთაშორისო სამართალთან. ამერიკის მე-6 ფლოტი, რომლის სამმართველოც ნეაპოლში, იტალიაში მდებარეობს, მოკავშირე და უწყებათაშორის პარტნიორებთან ახორციელებს ერთობლივი და საზღვაო ოპერაციების სრულ სპექტრს, რათა, ამერიკის ეროვნული ინტერესების გაძლიერებასთან ერთად, უზრუნველყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა ევროპასა და აფრიკაში. ამერიკის ხომალდის ,,ოუკ ჰილის“ მეთაურია ფილიპ ნაითი, რომლის ეკიპაჟშიც 22 ოფიცერი და 400 პერსონალი შედის.

აშშ-ს მე-6 ფლოტის ხომალდის კაპიტანი ფილიპ ნაითი და ხომალდის ხელმძღვანელი პირები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციას სტუმრობდნენ. სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ უმასპინძლეს. ზურაბ პატარაძე ამერიკელ სამხედროებს აჭარის მზარდ ტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებაზე ესაუბრა და რეგიონში მიმდინარე მსხვილი პროექტებისა და საერთაშორისო დონის ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ ხაზი გაუსვა ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. მისი თქმით, ნატოს ეგიდით სამხედრო ხომალდების რეგულარული საპორტო ვიზიტები არის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვა საქართველოს მიმართ.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი 73 ათას ლარად პიკაპს იყიდის

73 755 ლარი აქვს გათვალისწინებული ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ერთი ავტომობილის შესაძენად. სპეციალიზებული კლასის – პიკაპის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება [ე.წ „კანოპით“ – ბორტის სახურავი და საბარგულის ჩასაფენით] უნდა იყოს ახალი, არანაკლებ 2017 წლის გამოშვების და ექსპლუატაციაში არმყოფი. ფერი შეთანხმებით.

ბოტანიკური ბაღის მიერ ავტომობილის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია და ის 20 მარტს დასრულდება. ავტომობილის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 სამუშაო დღის ვადაში.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს კიდევ ერთი ტენდერი აქვს გამოცხადებული გოდერძის ალპურ ბაღში [ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე] შიდა გზებისა და ბილიკების მოწყობისთვის, რისთვისაც 322 ათასი ლარია გამოყოფილი. სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს. დღეების ათვლა დაიწყება 2018 წლის 20 მაისიდან და გაგრძელდება 17 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში.

 

 

ბათუმის მერი: „მაღალსართულიანი სახლების ყრუ კედლები კლდესავითაა წამოჭიმული“

ახალი სამშენებლო პროექტის დაგეგმვისას ბათუმში მშენებლები სიმაღლის ნიშნულს ამავე კვარტალში არსებული ახალი შენობიდან იღებენ. მაგალითად, თუ მომიჯნავე ნაკვეთზე თოთხმეტსართულიანი სახლია, ისინი მიიჩნევენ, რომ მის გვერდითაც თოთხმეტსართულიანი სახლი უნდა აშენდეს. ამ გადაწყვეტილებას ხშირად ე.წ ყრუ კედლებითაც ხსნიან.

„ჩემს წინაშე დგას კითხვა, როგორ შევცვალოთ ე.წ. ყრუ კედლები განაშენიანების ზონაში? – მაღალსართულიანი სახლების ყრუ კედლები, რომლებიც დღეს კლდესავით არის წამოჭიმული, ყოველგვარი დატვირთვის გარეშეა და საშინელებაა. ძალიან ხშირად მენაშეენეებს აქვს მიდგომა, ხომ ხედავ აქ ყრუ კედელია დამაყენებინე სახლი, ამას დავფარავ, იმას დავფარავო.  ყველა ვხვდებით, რომ ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ, ამაში არის გარკვეული ლოგიკური შემადგენელიც, ხომ არ შეიძლება იმ ყრუ კედლის რაღაც არქიტექტურული გადაწყვეტილებით შერბილება.“ – ამბობს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე. მან ე.წ. ყრუ კედლების გაცოცხლების იდეაზე, ჩართულობის ცენტრის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

იდეა დადებით შეაფასა ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა, მან განმარტა, რომ ყოველი ასეთი პროექტისთვის მერია ერთიან კონცეფციას ვერ შეიმუშავებს და ცელკეულ შემთხვევას ინდივიდუალური გადაწყვეტა სჭირდება:

„ … ეს შეიძლება იყოს მხატვრობაც , გამწვანებაც, ყველანაირი გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს, კონკრეტული შენობის კედელი უნდა გაკეთდეს არტისტების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ან გამწვანების სპეციალისტების მიერ, იმის მიხედვით კონკრეტულად იმ სივრცეს, რა მოერგება, რა მოუხდება და რისი საშუალება აქვს ფინანსურად ბათუმის მერიას.

ყველა ყრუ კედლის წინ აშენებულ სახლს, ასევე ყრუ კედელი მოჰყვება, ეს არი ჯაჭვი, ერთს რომ დაფარავ მეორე ჩნდება, მეორეს – მესამე. ეს არ არის გამოსავალი. ეს არის თვალის დახუჭვა არსებულ პრობლემაზე, რომელიც იმიტომ გაჩნდა, რომ ერთხელ დავუშვით, შემდეგ პირველს მოყვა მეორე და ასე შემდეგ და მივიღეთ ის, რომ საკმაოდ დიდი პროცენტი ძველი ბათუმისა დავკარგეთ აი ამ ყრუ კედლების პრობლემის გამოსწორებაში.“

ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრას, სადაც მერმა ყრუ კედლების გაცოცხლებასა და ბათუმში არსებულ სხვა ურბანულ პრობლემებზე ისაუბრა არქიტექტორები და  სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ქედაში ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

სოფელ აგარაში მცხოვრები 11 ეკომიგრანტი ოჯახისთვის ქედის მერია, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ პირველ მაისთან, 15-ბინიან საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს. ეს ოჯახები, გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, განსახლებას საჭიროებენ და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბაზაში არიან დარეგისტრირებულნი.

ქედის მერიამ კორპუსის ასაშენებლად პროექტი 13 400 ლარად გასულ წელს, ელექტრონული ტენდერით შეისყიდა. ქედის მერის მოადგილე როლანდ ბერიძე განმარტავს, რომ პროექტით, ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობას მილიონ ნახევრამდე ლარი სჭირდება, ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად საჭირო თანხის გამოსაყოფად კი ქედის მერიამ, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს წერილობით დაახლოებით ერთი კვირის წინ მიმართა.

„პროექტი მზადაა, ფინანსთა სამინისტროს ერთი კვირის წინ წერილობით მივმართეთ და მოვითხოვეთ თანხის გამოყოფა, თუმცა ეს იქნება გარდამავალი პროექტი და შესაბამისად, ამ წელში ასათვისებლად 800 000 ლარი გვაქვს მოთხოვნილი. მზაობა არის თანხის გამოყოფაზე, ვფიქრობთ, მაისის თვის ბოლომდე საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად ტენდერს გამოვაცხადებთ“ – ამბობს როლანდ ბერიძე.

სოფელ აგარაში მცხოვრებმა 11-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა, უარი განაცხადა სახელმწიფო პროგრამით 25 000 ლარი საცხოვრებელი სახლის შესაძენად მიეღოთ. რაც შეეხება ასაშენებელ 15-ბინიან სახლში დარჩენილ ოთხ ბინას, როლანდ ბერიძის თქმით, ამ ბინებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც საცხოვრებელი სახლის საჭიროების წინაშე იქნებიან.

მთავარი ფოტო: სოფელი აგარა. ფოტო: „ბათუმელები“, ეკა ბარამიძე

სამინისტრო ნახევარი მილიონი ლარის სათესლე ნიორს იყიდის

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროპროექტების მართვის ცენტრი 48 ტონა „ლუბაშა“-ს ჯიშის ნიორის სათესლე [სარგავი] მასალის შეძენას გეგმავს. ნივრის შესაძენად აჭარის ბიუჯეტში წელს 528 ათას 812 ლარია გათვალისწინებული.

ნივრის შესასყიდად გამოცხადებულ ტენდერში, წინადადებების მიღება 2018 წლის 23 მარტს დაიწყება და 26 მარტს დასრულდება. გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში კი სამინისტროს ნიორი, 2018 წლის პირველი სექტემბრიდან ამავე წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში უნდა მიაწოდონ.

ნივრის სათესლე მასალას ფერმერებს თანადაფინანსების წესით გადასცემენ. ფერმერი, ნივრის ფასს, სავარაუდოდ, ტენდერით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის ოდენობით გადაიხდის.

სამინისტროს „ნიორის პროგრამა“ გასულ წელს ჩაუვარდა. ნივრის შესასყიდი თანხა კი, როგორც სამინისტროში განაცხადეს, სხვა პროგრამებზე გადაანაწილეს.

პროგრამის ჩავარდნის მიზეზად „აგროპროექტების მართვის ცენტრმა“ არშემდგარი და შეწყვეტილი ტენდერები დაასახელა. 48 ტონა ნივრის სათესლე მასალის შესაძენად, შარშან 624 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.

ამავე თემაზე:

ხულოში, ართმელაძეების ოჯახის მიერ გამოყვანილი ნიორი, ევროპის ბაზარზეც გაიყიდა.

ბათუმის მერიას 670 მილიონი ლარის ქონების მხოლოდ 0,1% აქვს აღწერილი – აუდიტი

ბათუმის მერიას 670 მილიონი ლარის ღირებულების ქონების მხოლოდ 0,1% აქვს აღწერილი. სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, ქალაქის მერიას მის ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების სრული ინვენტარიზაცია, მოქმედი რეგულაციის შესაბამისად, ბოლო 12 წელია არ ჩაუტარებია. აქედან გამომდინარე, აუდიტი აცხადებს, რომ მას არ აქვს შესაძლებლობა დაადასტუროს ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების მნიშვნელოვანი ნაწილის ფიზიკური არსებობა, სისრულე და სიზუსტე.

„მიუხედავად იმისა, რომ დარღვევაზე მერიას 2015 წელშიც მიუთითეს, 2016 წელსაც, ბათუმის მერიაში მხოლოდ ადმინისტრაციული დანიშნულების მქონე მოძრავ ქონების და მცირეფასიანი აქტივების ინვენტარიზაცია ჩატარდა, ნარჩენი საბალანსო ღირებულებით 814 ათას 715 ლარი, რაც მერიის ბალანსზე რიცხული 670 მილიონ 451 ათას 855 ნარჩენი ღირებულების არაფინანსური აქტივების 0,12%-ს შეადგენს“ – აცხადებს აუდიტი.

ბათუმის მერიის განმარტებით, მერიის სტრუქტურაში აქტივების სრული ინვენტარიზაციის განმახორციელებელი დანაყოფი, ვისაც ფუნქციურად ევალება აქტივების სრული ინვენტარიზაციის განხორციელება, არ არსებობს. ასევე, ქალაქის ბიუჯეტში არ ყოფილა გათვალისწინებული შესაბამისი თანხა მსგავსი მომსახურების შესყიდვის მიზნით.

აუდიტი აცხადებს, რომ მერიის განმარტება დაუსაბუთებელია, რადგან საბიუჯეტო ორგანიზაცია კანონით ვალდებულია განსაზღვრული პერიოდულობით ჩაატაროს აქტივების, მოთხოვნების და ვალდებულებების ინვენტარიზაცია და შექმნას შესაბამისი საინვენტარიზაციო კომისია.

არაფინანსურ აქტივებში შედის ძირითადი აქტივები [შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები], მატერიალური აქტივები [სტრატეგიული მარაგები], ფასეულობები, არაწარმოებული აქტივები [მიწა, წიაღისეული, ბუნებრივი რესურსები, რადიო-ტელე სიხშირეები].

მერიის ფინანსურ ანგარიშგებაში, შენობა-ნაგებობების ანგარიშზე ნაშთი, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შეადგენს 154 186 647 ლარს. ბალანსზე ირიცხება 701 ერთეული საცხოვრებელი შენობა ნარჩენი საბალანსო ღირებულებით 5 247 298 ლარი. აუდიტის შერჩევითი გადამოწმებით დადასტურდა, რომ საცხოვრებელი შენობების უმრავლესობა იმყოფება კერძო საკუთრებაში/მფლობელობაში და არ წარმოადგენს მერიის საკუთრებას;

მერიის ბალანსზე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ანგარიშზე ირიცხება ნაშთი 31 658 110 ლარი. აუდიტის მიერ შერჩევითი გადამოწმებით კი დასტურდება, რომ ქონების ნაწილი პრივატიზებულია ან/და უზუფრუქტით გადაცემულია მესამე პირებზე. შესაბამისად, მათი მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე ყოფნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ეს შენობებია: ჭადრაკის სასახლე, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა და სხვა.

მერიის ბალანსზე ირიცხება ასევე ისეთი ძირითადი აქტივები, როგორიცაა: ქუჩები, განათება, ხიდები, გაყვანილობების სისტემები და სხვა ნაგებობები, ნარჩენი საბალანსო ღირებულებით 68 145 814 ლარი, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რა დაფინანსებაც მერიის მიერ გაწეულ იქნა უკანასკნელი წლების განმავლობაში. მერიის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ქონების დანარჩენი ნაწილი არ არის აღრიცხული საბუღალტრო მონაცემებში.

„იმ პირობებში, როდესაც არ ჩატარებულა ძირითადი აქტივების სრული ინვენტარიზაცია, აუდიტის ჯგუფი მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნული მონაცემის სიზუსტეზე“.

მერიის ბალანსში „დაუმთავრებელი ძირითადი აქტივების“ ნაშთი 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 418 764 729 ლარს. აუდიტის დასკვნით კი საბუღალტრო მონაცემებით, დაუმთავრებელ ძირითად აქტივად აღრიცხული ქონების ნაწილის მერიის ქონებად აღრიცხვის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. მაგალითად, ადლიის საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი შენობა-ნაგებობის, ანბანის კოშკის, საზაფხულო თეატრის სამშენებლო სამუშაოები. შესაბამისად, „დაუმთავრებელი ძირითადი აქტივების ანგარიში ექვემდებარება კორექტირებას“ – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსში „სხვა მატერიალური მარაგის“ ნაშთი, ასევე, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შეადგენს 64 604 992 ლარს და ჯამში, „მინიმუმ 34 613 729 ლარით უზუსტოდ [გაზრდილად] არის წარმოდგენილი“.

კერძოდ: მერიას ანგარიშზე „სხვა მატერიალური მარაგები“ აღრიცხული აქვს 32 604 729 ლარის ღირებულების ანბანის კოშკის სამშენებლო მასალები. მერიის განმარტებით, კოშკისთვის განკუთვნილი სამშენებლო მასალები მიმწოდებელი კომპანიის მიერ იგზავნებოდა ქალაქ ბათუმის მერიის სახელზე და მათ საბაჟო გაფორმებას უზრუნველყოფდა მერია.

აუდიტი აცხადებს, რომ მერიის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებაში არ იძებნება ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ანბანის კოშკი მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წელს უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადასცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას; შესაბამისად, აღნიშნული მასალები ექვემდებარებოდა მერიის ბალანსიდან მოხსნას.

2016 წლის ბოლოს, ანგარიშზე „სხვა მატერიალური მარაგები“ ნაშთად ირიცხება გარე განათების ბოძები, დეკორატიული ფილები და ბოძკინტები, საერთო ღირებულებით 13 879 778 ლარი, რომლებიც ძირითადად შეძენილია 2009-2014 წლებში. მერიის განმარტებით, საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებაში არ იძებნება აღნიშნული ნედლეულის და მასალების გაცემის, დამონტაჟების ან ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აქედან გამომდინარე აუდიტი აცხადებს, რომ

„სათანადო მაიდენტიფიცირებელი ნიშნების არარსებობის პირობებში, აუდიტის ჯგუფს არ აქვს შესაძლებლობა დაადასტუროს აღნიშნული მარაგების ფიზიკური არსებობა“.

მერიის ბალანსზე 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ირიცხება ასევე 89 321 ლარის სათადარიგო ნაწილები, რაც მერიის განმარტებით, შეძენილია 2008-2016 წლებში და სავარაუდოდ, წარმოდგენილი არ არის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

„აუდიტის მიერ, წერილობითი ფორმით, მოთხოვნილ იქნა მერიის წარმომადგენელთან ერთად სათადარიგო ნაწილების ფიზიკური დათვალიერება, თუმცა მერიის მხრიდან მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამასთანავე, მერიის ადმინისტრაციული დანიშნულების მქონე მოძრავი ქონების ინვენტარიზაციის მასალებში აღნიშნული სათადარიგო ნაწილები ნაშთად არ ფიქსირდება. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფს არ აქვს შესაძლებლობა იმსჯელოს აღნიშნული მარაგების ფიზიკურ არსებობასა და ბუღალტრული აღრიცხვის სისწორესთან დაკავშირებით“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ქალაქ ბათუმის მერიის ფინანსური აუდიტის ანგარიში მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებას 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

ამავე თემაზე:

დაკარგული 1,4 მილიონი – „იაფი სახლის“ პროექტში გარანტორ ბანკს შემოსავლები არ ჰქონდა 

ბათუმის მერიაში ტენდერები, ძირითადად, ერთი პირის მონაწილეობით ჩატარდა – აუდიტი

 

 

 

 

ლაშა კომახიძე „ქართულ მარშზე“: ეს ადამიანები არ იყვნენ მოსული პოლიტიკური განცხადებებით

„ეს იყო ადამიანთა ჯგუფი, რომელიც იყო მოსული კომუნიკაციის გარკვეული პრობლემის გამო, ძალიან ნორმალური და მშვენიერი მოთხოვნით, რომელიც ეხებოდა ქალაქ ბათუმში აღმაშენებლის ძეგლის დადგმის პერსპექტივას,“ – აცხადებს ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე.

ბათუმის მერი ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის ბრიფინგს გამოეხმაურა. მირდატ ქამადაძემ თქვა, რომ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და მერი უნდა გაემიჯნონ „ქართულ მარშს“ და დახურულ კარს მიღმა ამ მოძრაობის წევრებს არ უნდა შეხვდნენ.

დღეს, 16 მარტს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად ბათუმში ჩამოვიდნენ მოძრაობა „ქართული მარშის“ წევრები. ისინი საკრებულოს სხდომაზე არ დაუშვეს, დარბაზში ადგილების სიმცირის გამო. მათ ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

ლაშა კომახიძე: ჩვენ ვხედავდით, რომ ეს იყო აღელვებული ჯგუფი ადამიანების და იყო რისკი ესკალაციის. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ აუცილებლად უნდა შევხვედროდით. უნდა გაგვეცვალა მოსაზრებები. ვფიქრობ, რომ შეხვედრამ ნაყოფიერად და ნორმალურად ჩაიარა. აქ არ ყოფილა სხვა არავითარი საუბარი“.

ბათუმის მერის შეფასებით, შეხვედრა დახურული არ ყოფილა, რადგან „მედიას ჰქონდა საშუალება კომენტარები აეღო შეხვედრის დასრულების შემდეგ. უბრალოდ ეს იყო სამუშაო რეჟიმში გასაუბრება, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ზედმეტი კამერების თუ ზედმეტი ადამიანების ყოფნას არ გამოეწვია იქ ვნებათაღელვა.“

რაც შეხება გამიჯვნას „ქართული მარშის“ შეხედულებებთან – „ეს ადამიანები არ იყვნენ  მოსული პოლიტიკური განცხადებებით, ეს ადამიანები იყვნენ მოსული მხოლოდ დავით აღმაშენებლის ძეგლის განთავსებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მე ვერ ვხედავ ვერანაირ ბარიერს, ვერანაირ წინაპირობას იმისა, რომ არ შევხვედროდი და არ გავსაუბრებოდი ამ ადამიანებს,“ – აცხადებს ბათუმის მერი.

დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე განმარტება არ გაუკეთებია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს. „ის სრულად იზიარებს მერის პოზიციას,“ – გვითხრეს საკრებულოს პრესსამსახურში.

წამლობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ

უკვე სამი წელია დასავლეთ საქართველოში  აზიურ ფაროსანას ებრძვიან. ტემპერატურის მატებასთან ერთად, ზამთრის ძილის შემდეგ გამოღვიძებული მავნებელი საცხოვრებელი სახლებიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებში ინაცვლებს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა, მოსახლეობას დღემდე რჩება კითხვები, როგორ უნდა ებრძოლონ მავნებელს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ამ ეტაპზე საერთაშორისო – ამერიკისა და ევროპის გამოცდილებას ეყრდნობა, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელსაც სპეციალისტები გასცემენ, ეს არის საველე პირობებში ქიმიური წამლობა.

როდის უნდა ჩავატაროთ ქიმიური წამლობა?!

აზიური ფაროსანა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში პარაზიტირებას გაზაფხულიდან იწყებს. გამოღვიძებული მავნებელი აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში სხვადასხვა კულტურის ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით კვებას იწყებს და გვიან შემოდგომამდე აგრძელებს. ძლიერი ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს, წოვს და მასში წარმოქმნის კორ­პისებრ ლპობად ლაქებს. კვების პარალელურად ფოთლის ქვედა მხარეზე დებს კვეცხებს. უკვე 4-5 დღეში მოწითალო ფერის ნიმფები – მატლები  ჩნდებიან.

ბაღლინჯოს დაფრთიანებამდე,  აპრილის ბოლო-მაისის დასაწყისი,   ეს არის აზიური ფაროსანას სიცოცხლის ის ციკლი, რა დროსაც სპეციალისტები ქიმიური წამლობის ჩატარებას გვირჩევენ.  ამ დროს ყურადღება უნდა მიექცეს,  რომ მცენარეები ინსექტიციდებით დამუშავდეს მხოლოდ მავნებლით დასნებოვნებულ ადგილებში. 

მნიშველოვანია გავითვალისწინოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაცია. სეს-ი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ქიმიური პრეპარატი შეიძინონ მხოლოდ ლიცენზირებულ აგრომაღაზიებში და ის შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვით გამოიყენონ. 

რა პერიოდულობით უნდა ჩატარდეს წამლობა?

[checklist]

  • I წამლობა ტარდება ნიმფების მასიური გამოჩეკვის შემდეგ, კოლხეთის  დაბლობზე – ივნისის დასაწყისში, ხოლო მაღალი ზონის ადგილებში – შედარებით მოგვიანებით. ინსექტიციდებს ძირითადად თხილნარში იყენებენ, რადგან ამ პერიოდისათვის მავნებელი უპირატესად ამ კულტურაზეა დასახლებული. თუმცა იმავე პეროდში ქიმიური საშუალებით უნდა დამუშავდეს ხეხილი და ბოსტნეული.
  • II წამლობა ივნისის ბოლოს – ივლისის დასაწყისში.
  • III წამლობა  –   თხილის მოსავლის აღების შემდეგ
  • IV წამლობა სიმინდის და სხვა ნათესებში გავრცელებულ მავნებელზე ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში
  • V წამლობა –  სიმინდის ნათესებში, თუ დაკვირვების შემდეგ ამის საჭიროება გამოიკვეთება.

[/checklist]

რა ქიმიური პრეპარატებით შეიძლება აზიური ფაროსანას შეწამვლა

აზიურ ფაროსანსთან საბრძოლველად, რამდენიმე სახეობის ქიმიური საშუალება გამოიყენება. სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, მოსახლეობას შეუძლია გამოიყენოს საქართველოში რეგისტრირებული პირეტროიდების, ნეონიკოტინეოიდების, კარბამატების ჯგუფის პრეპარატები. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით,  ექსპერტები ამბობენ, რომ ყველაზე ეფექტური ბიფეტრინის შემცველი ქიმიური საშუალებებია.  ბიფენტრინის ჯგუფის  პრეპარატი მწერის ორგანიზმში მოხვედრისას მოქმედებს მავნებლის ნერვულ სისტემაზე, არღვევს ნერვული სისტემის გამტარიანობას, შედეგადაც მწერი პარალიზდება, ბოლოს კი კვდება. შესაბამისი ნორმების დაცვისას, ქიმიური საშუალება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მიმართ ფიტოტოქსიკურობას არ იწევს. რეკომენდაციები კი შემდეგია: 10 ლიტრ წყალში უნდა გაიხსნას  30 მლ. პრეპარატი. 1 ჰექტარ ფართობზე შეწამვლისას   დაახლოებით 300 – 600 მლ.-ია საჭირო.

უსაფრთხოების ნორმები წამლობისას

მავნებლის წინააღმდეგ კულტურების ქიმიური საშუალებებით დამუშავებისას აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. შეწამვლა უნდა განხორციელდეს სხვადასხვა შემასხურებელი მოწყობილობით, მათ შორის სპეციალური ზურგსაკიდი აგრეგატით. დამოკიდებულია შესაწამლ ფართობზე.

სურსათის ეროვნული სააგენტო უსაფრთხოების კონკრეტული ნორმების დაცვისკენ მოგვიწოდებს.

პესტიციდების გამოყენებისას აუცილებელია  სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, რესპირატორი, აირწინაღი, დამცავი სათვალე და ხელთათმანი! შესხურებისას აკრძალულია თამბაქოს მოწევა, საკვებისა მიღება. პესტიციდების გამოყენების წინ აუცილებელია  სასმელი წყლის ჭების დახურვა. ასევე არ შეიძლება ქიმიური პრეპარატების გამოყენება ღია წყალსაცავებისა და წყალსატევების ახლოს. ხოლო შეწამვლამდე მოსახლეობამ ფრინველები და ცხოველები იზოლირებულ გარემოში უნდა ამყოფოს, შეზღუდონ ფუტკრის ფრენა ან სკები შესაწამლი ტერიტორიიდან მოშორებით განათავსონ.

წამლობის ჩატარებამდე საჭიროა გავითვალისწინოთ ამინდის პროგნოზი. ღრუბლიან დღეს – შუადღის საათებში და  ქარიან ამინდში,  პრეპარატის შესხურება აკრძალულია. ამან შეიძლება პრეპატარის სხვა ტერიტორიაზე გავრცელება გამოიწვიოს. ხელსაყრელი ამინდი და დრო უქარო დღეს, დილის საათებია.

შეწამვლის შემდეგ აუცილებელია დავიცვათ ლოდინის პერიოდი მოსავლის აღებამდე: 30 დღე მრავალწლიან კულტურებზე, 20 დღე – მარცვლეულზე და 15  – დღე ბოსტნეულსა და პარკოსნებზე.

ბიოლოგიური პრეპარატები მავნებლის წინააღმდეგ

აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ქიმიურ საშუალებებთან ერთად ბიოლოგიურ პრეპარატებსაც გამოიყენებენ. 2017 წლიდან საქართველოში თურქული, ხოლო მიმდინარე წელს  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქართული წარმოების ბიოლოგიური პრეპარატი „ბიოინსექტ 2“  დაარეგისტრირა, რომელიც თურქული წარმოების მსგავსად სოკოს შტამზეა დამზადებული.  პრეპარატს დასავლეთ საქართველოში სიმინდისა და თხილის კულტურაზე გამოცდიან. სეს-ის უფროსის მოადგილე განმარტავს, რომ ბიოლოგიური პრეპარატი ქიმიურთან შედარებით ნაკლებად ეფექტურია და ის ძირითადად ბიოლოგიურ მეურნეობებში, ან მავნებლის მცირე რაოდენობის დროს გამოიყენება.

„თუ ადამიანი ბიოლოგიური პრეპარატით თავის საკარმიდამო ნაკვეთს რამდენჯერმე შეწამლავს, ალბათ სასურველ შედეგს მიაღწევს“, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ზურაბ  ლიპარტია.

შეწამვლის რეკომენდებულ პერიოდად ამ შემთხვევაშიც ბაღლინჯოს ნიმფას ფაზა სახელდება.

ქართველი მეცნიერების ბიოლოგიური პრეპარატი

მოსახლეობის დამოკიდებულება ქიმიურ საშუალებებთან დაკავშირებით განსხვავებულია. მათი ნაწილი მუდმივად მოითხოვდა ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი ბიოლოგიური შესაწამლი საშუალების გამოყენებას. პრეპარატი, რომელმაც საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებს ეკუთვნის. სასწავლებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეპარატი ახლა ფინალურ გამოცდას გადის, ტესტირების რეჟიმში კი აშშ-ს, უკრაინისა და ბელურუსიის სამეცნიერო ჯგუფების ჩართვაა გათვალისწინებული. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, ამ ეტაპზე, კომენტარისგან თავს იკავებენ. მათ  ნივთიერების რეგისტრაციისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის ამ დრომდე არ მიუმართავთ. პრეპარატის რეგისტრაციისთვის საჭიროა საველე გამოცდები და ექსპერტიზის დადებითი პასუხი.

რას გეგმავს სახელმწიფო 2018 წელს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის  2018 წელს სახელმწიფომ 50 მლნ გამოყო. მთავრობამ 360 ათასი ქიმიური პრეპარატი შეიძინა. საჭირო ქიმიური პრეპარატების შესყიდვაზე 15 მლნ ლარი დაიხარჯა და დაგეგმილია მილიონ ჰექტრამდე ფართობის შეწამვლა. გასულ წელს მოსახლეობამ სახელმწიფოსგან ბაღლინჯოს შესაწამლად საჭირო პრეპარატები უფასოდ   მიიღო. მსგავსი მოლოდინი არსებობდა წელსაც. თუმცა სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სახელმწიფო აღარ დაარიგებს პრეპარატს და შესყიდული შესაწამლი საშუალება განკუთვნილია ხეხილისა და ნათესი ფართობების, ასევე მიტოვებული და დასახლებული ნაკვეთების დამუშავებისთვის, მოსახლეობას კი საკარმიდამო ბაღების შეწამვლა საკუთარი სახსრებით მოუწევს.

___________________________________________________________________

სტატია  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ისმხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორმედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

გადავა თუ არა მოქალაქეთა სარგებლობაში არსებული მიწები სახელმწიფოს საკუთრებაში

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე სახელმწიფომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის საჭირო აზომვითი ნახაზების დაფინანსება შეწყვიტა.

2018 წლამდე, ორკომპონენტიანი პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დასარეგისტრირებლად  კერძო კომპანიების მიერ აზომვით ნახაზებს ქონების მართვის სააგენტო აფინანსებდა, 2018 წლის იანვრიდან კი, აზომვითი ნახაზების საფასური არ ფინანსდება. საკუთრების დასარეგისტრირებლად ნახაზების მომზადებაში თანხას მოქალაქეები იხდიან.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, პაპუნა უგრეხელიძე აცხადებს, რომ აზომვითი ნახაზების სუბსიდირების შეწყვეტის შემდეგ მოსახლეობის დაინტერესებამ [დაირეგისტრირონ სარგებლობაში არსებული ნაკვეთები] მცირედით იკლო, თუმცა არა დრამატულად.

„თუ მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმამდე დღეში 500 განაცხადი შემოდიოდა, რეფორმის ფარგლებში მომართვიანობა 3 000-მდე გაიზარდა. მას შემდეგ, რაც აზომვითი ნახაზების სუბსიდირება შეწყდა, დღეში  1500-2000 განაცხადი შემოდის, რაც ბევრად აღემატება პროგრამის დაწყებამდე არსებულ მაჩვენებელს,“ – აცხადებს პაპუნა უგრეხელიძე.

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა 2018 წლის პირველ ივლისს დასრულდება, შესაბამისად, სახელმწიფო ამ პერიოდის განმავლობაში მოქალაქეებს, მომართვიანობის საფუძველზე, საკუთრებას გამარტივებული წესით დაურეგისტრირებს – მოქალაქე არ არის ვალდებული რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები თვითონ მოიძიოს.

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო წინასწარ შერჩეულ 12 საპილოტე არეალში საკუთრებას სისტემურად არეგისტრირებს. ამაში შედის შუახევის მუნიციპალიტეტიც, სადაც სისტემური რეგისტრაცია, საჯარო რეესტრის თავმჯდომარის ინფორმაციით, ზაფხულში დაიწყება:

„შუახევი ერთ-ერთი ყველაზე რთული არეალია სისტემური რეგისტრაციისთვის იმ კუთხით, რომ აქ საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები ხარვეზიანია და შეიძლება ითქვას, აქ რეფორმა სრული სახით არ ჩატარებულა. ვემზადებით, რომ სწორად განვახორციელოთ რეგისტრაცია, სრულად დაიფარება და აღირიცხება როგორც კერძო საკუთრება, ასევე მუნიციპალური, ტყის ფონდი, დაცული ტერიტორიები, სრული არეალის აღწერა და დაფარვა მოხდება შუახევში“.

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა სპორადულ [როცა მოქალაქე მიმართავს] ნაწილში არ გაგრძელდება. თუმცა, გაგრძელდება თუ არა პროგრამა სისტემურ [როცა სახელმწიფო არეგისტრირებს ყველა ნაკვეთს] ნაწილში? – ეს დაზუსტებით ცნობილი არ არის.

რა ბედი ელის ქონებას, რომლის დარეგისტრებას მოსარგებლეები ვერ შეძლებენ და გადაეცემა თუ არა სახელმწიფოს საკუთრებაში ის მიწები, რომლებსაც მოსარგებლეები ჰყავს? – პაპუნა უგრეხელიძე პასუხობს:

„რა თქმა უნდა, არა. ეს არასდროს არც ყოფილა განზრახვაში. ის, რაც მოქალაქეებზე განაკერძოვა სახელმწიფომ 90-იან წლებში, იქნება მოქლაქეების და როდესაც ისინი მიმართავენ რეესტრს, მაშინ დაირეგისტრირებენ საკუთრებას, არ ექნება ხანდაზმულობის ვადა“.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის 75-80% სასოფლო-სამეურნეო საკუთრებაა დარეგისტრირებული.

საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით,  პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე სახელმწიფომ სპორადულად სულ 421 781 საკუთრება დაარეგისტრირა, აქედან აჭარის რეგიონში 10 235, აჭარის მასშტაბით ყველაზე მეტი საკუთრება 2 833 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული.

რაც შეეხება სისტემურ რეგისტრაციას, 15 მარტის მონაცემებით  სახელმწიფომ სისტემურად 3173 ნაკვეთი დაარეგისტრირა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სულ 212 890 აზომვითი ნახაზის სუბსიდირება განხორციელდა.

 

“გამორთე რუსული პროპაგანდა” – პოსტერების კონკურსის გამარჯვებული გამოვლენილია

პოსტერების კონკურსი, რომელიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ პროექტ  „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“ ფარგლებში გამოაცხადა, დასრულდა.

კონკურსში სულ 17 კონკურსანტი მონაწილეობდა. შემოსული ნამუშევრებიდან საუკეთესო პოსტერად ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია დასახელდა, სახელწოდებით “გამორთე რუსული პროპაგანდა”. ილუსტრაციის მიხედვით ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე კედელი მოიხატა.

ორი ნამუშევარი კი პოსტერის სახით ბათუმის ქუჩებში რამდენიმე ადგილას გამოიკრა.

კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სპეციალური სერტიფიკატით და გადაეცათ მაღაზია “წიგნები ბათუმშის”  წიგნების ვაუჩერი. კონკურსის გამარჯვებული კი ტექნიკის ვაუჩერს მიიღებს.

პოსტერების კონკურსი პროექტ  „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში” ფარგლებში ჩატარდა. პროექტს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWM) ACCESS-ის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

 

 

 

ენმ: მოვუწოდებთ ბათუმის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, გაემიჯნონ „ქართულ მარშს“

„სირცხვილია, როდესაც კოლექტიურ „კორკოტას“ დახურულ კარს მიღმა ხვდებიან ქალაქ ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ისე, რომ საზოგადოებამ არ იცის, რაზე გარიგდა ეს ორი მხარე ამ შეხვედრაზე,“ – აცხადებს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მირდატ ქამადაძე. ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებით მირდატ ქამადაძემ ლაშა კომახიძეს და სულიკო თებიძეს მოუწოდა, გაემიჯნონ „ქართულ მარშს,“ ასევე საზოგადოებას დეტალურად გააცნონ, თუ რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა.

„ამ შეხვედრის შემდეგ „ქართული მარშის“ წევრებმა ძველ ბათუმში მსვლელობა მოაწყვეს. მინდა, იცოდეს ბათუმის მერმაც და საკრებულოს თავმჯდომარემაც, ამ ქალაქში დაიდგმება დავით აღმაშენებლის, გენერალ მაზნიაშვილის, გიორგი ანწუხელიძის თუ სხვა ჩვენი ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანის ძეგლი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბათუმელების გადასაწყვეტი, საჯარო და გამჭვირვალე შეხვედრებისას და არა კოლექტიური „კორკოტასი“. მოვუწოდებ ქალაქ ბათუმის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი ღირსება, გაემიჯნონ ქართული მარშის აქციას ბათუმში და საზოგადოებას დეტალურად გააცნონ იმ გარიგების შინაარსი, რაზეც ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა,“ – აღნიშნავს მირდატ ქამადაძე.

დღეს, 16 მარტს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად ბათუმში ჩამოვიდნენ მოძრაობა „ქართული მარშის“ წევრები. ისინი საკრებულოს სხდომაზე არ დაუშვეს, დარბაზში ადგილების სიმცირის გამო. მათ ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. 

სქემა მარტივდება – რისი გაკეთება აღარ მოუწევთ პედაგოგებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, გიორგი მაჩაბლის ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილება შედის, რომელიც პედაგოგებს სქემაში მუშაობას გაუმარტივებს.

კონკრეტული ცვლილება, რომელიც 2018 წელს განხორციელდება, პროფესიული განვითარების სქემას მასწავლებლისთვის უფრო მოქნილს გახდის. „სამართავადაც უფრო ადვილი იქნება და აღსაქმელადაც პედაგოგებისთვის“, – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი მაჩაბელმა.

„თუ აქამდე პედაგოგებს ძალიან დიდი სამუშაოს შესრულება უწევდათ ტექნიკურად, ცვლილების შემდეგ ბიუროკრატიული შრომა მათ შეუმცირდებათ. მაგალითად, როცა პედაგოგი ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროფესიული განვითარების კურსს გაივლის, მას აღარ მოუწევს მტკიცებულების წარდგენა, რადგან ეს მტკიცებულებები, დოკუმენტები ავტომატურად აისახება ischool-ში“, – აცხადებს გიორგი მაჩაბელი.

მტკიცების ნაკლები ტვირთი ექნებათ პედაგოგებს აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაციების წარდგენის დროსაც. გიორგი მაჩაბლის თქმით, თუკი აქამდე 32 აქტივობისთვის  მასწავლებელს 68 დოკუმენტის წარდგენა სჭირდებოდა, ახლა ეს დოკუმენტები 40-მდე შემცირდა.

გიორგი მაჩაბლის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ უფროს და წამყვან მასწავლებლებს სტატუსის დაკარგვის საშიშროება აღარ ექნებათ – მათ მიღწეული სტატუსი შეუნარჩუნდებათ. თუმცა, როგორც მაჩაბელი ვარაუდობს, ეს კონკრეტული სტატუსის მქონე პედაგოგების მოტივაციას არ შეამცირებს.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადავიდო ფეხი-ფეხზე და არაფერი ვაკეთო. აუცილებელი აქტივობების შესრულება მათ მაინც მოუწევთ. უბრალოდ, მასწავლებელს აღარ ექნება იმის შიში, რომ სტატუსს დაკარგავს. ის უფრო თავისუფალი იქნება და შემოქმედებითი მუშაობის შესაძლებლობაც მიეცემა“, – ამბობს გიორგი მაჩაბელი.

ცვლილებები შეეხო კრედიტქულების დაგროვების ვადებსაც. თუკი აქამდე პრაქტიკოს მასწავლებელს სამი წლის ვადაში უნდა დაეგროვებინა საჭირო კრედიტქულები უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად, ამ შემთხვევაში მას ამ ვადების დაცვა აღარ მოეთხოვება.

„ეს შესაძლებლობას მისცემს მასწავლებელს, უფრო სწრაფად დააგროვოს კრედიტქულები და  გადავიდეს ახალ საფეხურზე“, – მიიჩნევს მაჩაბელი.

ცვლილებები იგეგმება მასწავლებელთა ტრენინგებთან დაკავშირებითაც. ამის შემდეგ ტრენინგები იქნება პედაგოგის კონკრეტულ საჭიროებაზე, საგაკვეთილო პროცესზე მორგებული და არა ზოგადი.

რა სჭირდება კონკრეტულად მასწავლებელს, როგორც გიორგი მაჩაბელი ამბობს, ამის შესახებ ცენტრი ინფორმაციას უშუალოდ პედაგოგებისგან იღებს. „საჭიროებებთან დაკავშირებით გვწერენ პედაგოგებიც, არის შემოსული ზარები, პერსონალური ურთიერთობები და ა.შ. თუმცა ცვლილება ხდება ინფორმაციის შეგროვების და ანალიზის საფუძველზე და არა იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაც არ მოსწონს“, – გვეუბნება სპეციალისტი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ცვლილებებთან დაკავშირებული წინადადება განათლების სამინისტროს უკვე წარუდგინა, შემდეგ კი ეს ცვლილება მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.

 

 

16-18 მარტს დაგეგმილი სპორტული ღონისძიებები ბათუმში [ანონსი]

16-18 მარტს ბათუმში (გოგოლის ქ.#5, ბონი)  გაიმართება საქართველოს 2018 წლის პირველობა ჰოკეიში, 2003 წელს დაბადებულ და მათზე უმცროსი ასაკის გოგონათა შორის. ორგანიზატორები არიან აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის და საქართველოს ჰოკეის ფედერაცია.

17-18 მარტს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში გაიმართება აჭარის პირადი პირველობა 2004-2005 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის ქართულ ჭიდაობაში. ორგანიზატორები არიან აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაცია.

18 მარტს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში გაიმართება საქართველოს ეროვნული პირველობა ხელბურთში. ორგანიზატორები არიან აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და ხელბურთის რეგიონალური ფედერაცია.

ტრანსფორმატორი ეზოში – 11-შვილიანი ოჯახი ენერგოკომპანიას უსაფრთხოების ზომების მიღებას სთხოვს 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტრანსფორმატორი არის ჩემს საკარმიდამო ბაღში, სადენები კი ძალიან დაბლაა. 11 ბავშვი მყავს, აქედან 8 არასრულწლოვანია. ერთი დაცვა მარტო ბავშვებს უნდათ, რომ არ მიუახლოვდნენ ტრანსფორმატორს,“ – ამბობს ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მცხოვრები ბაგრატ ივანაძე.

ოჯახი ეკომიგრანტია და საცხოვრებელი სახლი კვირიკეში 2 წლის წინ იყიდა. ახალ მეზობელს სოფელში უთხრეს, რომ მანდარინის ბაღში მდებარე ტრანსფორმატორმა ერთი ადამიანის სიცოცხლე უკვე იმსხვერპლა.

„ვიდრე ვიყიდდი ამ სახლს, აქ ბერძნები ცხოვრობდნენ, წასულები იყვნენ და სახლს არ იყენებდნენ. რამდენიმე წლის წინ, დიდთოვლობის დროს, მეზობლის 28 წლის ბიჭს ვერ შეუმჩნევია, რომ ტრანსფორმატორთან ახლოს გაიარა და დენმა დაარტყა თურმე. წელს, იანვარში, ჩემს სახლში ხანძარი გაჩნდა. ექსპერტიზამაც თქვა, რომ ხანძარი ამ ტრანსფორმატორმა გამოიწვია. ხანძრის შემდეგ მთავრობამ 10 ათასი ლარი მომცა და ორი ოთახი ძლივს მოვაწყვე ისე, რომ ცხოვრება შევძლო. ენერგოკომპანიას დაახლოებით ერთი თვის წინ მივმართე დასახმარებლად, მაგრამ არავინ გამოჩენილა,“ – გვიყვება ბაგრატ ივანაძე.

„ეს ტრანსფორმატორი საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ამ ოჯახს, არამედ სამეზობლოსაც, რადგან შესაძლოა ვინმე შემთხვევით შეეხოს მას. ელექტროგადამცემი ხაზები ძალიან დაბლაა. ტრანსფორმატორი საბჭოთა წლებშია მოწყობილი, მაგრამ ენერგოკომპანიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რადგან ტრანსფორმატორი მოქმედია და იგი საფრთხეს უქმნის ადამიანებს,“ – აცხადებს თამაზ ბაკურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი.

„ბათუმელები“ ენერგოკომპანიას დაუკავშირდა. „ტექნიკურ ჯგუფზე უკვე მიცემულია დავალება, მოვიკვლევთ საკითხს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას,“ – გვიპასუხეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურში.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განმარტეს, რომ შესწავლის შედეგად უნდა დადგინდეს, რამდენად უქმნის საფრთხეს ტრანსფორმატორი ადამიანების სიცოცხლეს.

 

ივანაძეების ოჯახი, სოფელი კვირიკე, ქობულეთი

უმაღლესი საბჭო საზმაუს ბორდის წევრად პარლამენტს ბესიკ ლილუაშვილს წარუდგენს

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად აჭარის კვოტით ბესიკ ლილუაშვილი დაასახელა.

უმაღლესმა საბჭომ ბესიკ ლილუაშვილი, პლენარულ სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, 13 ხმით აირჩია საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას, 2 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა.

აჭარის კვოტით საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრის პოზიციის დასაკავებლად კონკურსში კიდევ ერთი კანდიდატი – ნათია სირაბიძე მონაწილეობდა.

უმაღლესმა საბჭომ გუშინ, 15 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება ჩაატარა. გასაუბრებაზე 12 კანდიდატიდან მხოლოდ 6 იყო მისული, სამი კანდიდატი კი სკაიპის მეშვეობით ჩაერთო.

 

ბათუმის პორტში აშშ-ის საზღვაო ხომალდი ,,ოუკ ჰილი“ შემოვა

17 მარტს ბათუმის პორტში ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის ხომალდი USS Oak Hill (LSD 51) [ოუკ ჰილი] შემოვა.  საქართველოში ეს ხომალდის პირველი ვიზიტი იქნება და ბათუმს რეგულარული დისლოკაციის ფარგლებში ესტუმრება.

„ოუკ ჰილის“ შავ ზღვაში ყოფნის პერიოდში შედგება საპორტო ვიზიტები და ორმხრივი წვრთნები ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებსა და პარტნიორ ფლოტებთან. ხომალდის ოპერაციების მიზანია ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის საზღვაო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, მზადყოფნისა და საზღვაო ბრძოლისუნარიანობის გაძლიერება.

„ბათუმში საპორტო ვიზიტი ემსახურება კავშირების გამყარებას, რაც ადასტურებს საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულებას რეგიონში სტაბილურობის ხელშესაწყობად. ხომალდის სტუმრობა შავი ზღვის რეგიონში ამერიკასა და ნატოს პარტნიორებს შორის ინფორმაციის გაზიარების გაუმჯობესების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა,“ – ნათქვამია საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

Oak Hill-ის შავ ზღვაში შემოსვლის მიზანია აჩვენოს ამერიკის მხირდან ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულება, რაც ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს.

აღნიშნული საზღვაო ოპერაცია Atlantic Resolve-ს ფარგლებში მიმდინარეობს და მხარს უჭერს ნატოს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ევროპაში. აშშ-ის ფლოტი რეგულარულად მუშაობს შავი ზღვის სივრცეში, რაც თანხვედრაში მოდის მონტრეს კონვენციასა და საერთაშორისო სამართალთან. ამერიკის მე-6 ფლოტი, რომლის სამმართველოც ნეაპოლში, იტალიაში მდებარეობს, მოკავშირე და უწყებათაშორის პარტნიორებთან ახორციელებს ერთობლივი და საზღვაო ოპერაციების სრულ სპექტრს, რათა, ამერიკის ეროვნული ინტერესების გაძლიერებასთან ერთად, უზრუნველყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა ევროპასა და აფრიკაში. ამერიკის ხომალდის ,,ოუკ ჰილის“ მეთაურია ფილიპ ნაითი, რომლის ეკიპაჟშიც 22 ოფიცერი და 400 პერსონალი შედის.

ადგილობრივი წარმომადგენლების ოფიციალურ მიღებასთან ერთად გაიმართება ტური ხომალდზე და საფეხბურთო-საკალათბურთო ამხანაგური მატჩები ამერიკის მეზღვაურებსა და ქართველ სანაპირო დაცვის თანამშრომლებს შორის. აგრეთვე ჩატარდება რამდენიმე ერთობლივი წვრთნა. ,,ოუკ ჰილის“ საპორტო ვიზიტი ამერიკელ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს, მოინახულონ ისტორიული ადგილები და გააღრმავონ გრძელვადიანი პარტნიორობა ქართველ კოლეგებთან.

ერთი დღე ჭიათურულად: ჯორჯიან მანგანეზის სათავეებთან

ავტორი: ესმა გუმბერიძე

ჭიათურაში მანგანუმის მოიპოვებაზე ლიცენზია კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ 40 წლით აქვს. ლიცენზია მოპოვების ექსკლუზიურ უფლებას იძლევა ჭიათურის მიდამოებში. ეს ნიშნავს, რომ ვერც ერთი სხვა კომპანია თუ კერძო პირი, თუნდაც ჭიათურის რიგითი მცხოვრები, ვერ დაიწყებს იქ მანგანუმის მოპოვებას კომპანიის ნებართვის გარეშე, სულ რომ თავისი საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე აღმოაჩინოს „შავ ქვად“ წოდებული სასარგებლო წიაღისეული.

ჭიათურაში უფრო და უფრო მეტ ტერიტორიაზე მოიპოვებენ მანგანუმს ღია კარიერული წესით ანუ მიწის აფეთქებით – ადგილობრივებისგანაც ყიდულობენ ნაკვეთებს, სადაც მანგანუმი ეგულებათ. რომც უთხრა უარი, არ მიყიდო, აზრი არ აქვს: ვერაფერს ვეღარ მოიყვან იქ. თუ აიჩემეს შენი ნაკვეთი, მის ირგვლივ შეიძენენ ყველაფერს, დაიწყებენ მოპოვებას, ნაკვეთის გარშემო მიწას დაგიფეთქავენ, გამოგიცლიან ნოყიერ ნიადაგს და იძულებული იქნები, ან მიყიდო, ან მიატოვო. ასეთი პრაქტიკაც ყოფილა.

ფოტო: ირაკლი კუპრაძე

თავად კომპანია ხშირად აფუძნებს უფრო წვრილ საწარმოებს, აძლევს იქ წილს ორიოდე ადგილობრივ ბიზნესმენს, შემდეგ კი ვითომ კონტრაქტორებად აქცევს და ასე საქმიანობენ. ეს იმიტომ, რომ მცირე ფინანსური ბრუნვის მქონე ბიზნესებს მეტი შეღავათი აქვთ, როგორც გადასახადების, ისე სხვადასხვა ნორმის, სტანდარტისა და რეგულაციის მხრივ. საგადასახადო ან საჯარიმო დავალიანება რომ დაუგროვდებათ, „ჯორჯიან მანგანეზი“ მათ აკოტრებინებს და ლიკვიდაციას უკეთებს. იმ კომპანიებს იმდენად მცირე ბიუჯეტი აქვთ, რომ სახელმწიფოს, ამ შირმა კომპანიების გაკოტრება-ლიკვიდაციის შემდეგაც, მათ მიერ დაგროვილი დავალიანებების ამოღება არ შეუძლია.

„ჯორჯიან მანგანეზი“ დაფუძნებულია Georgian-American Aloyees -ის მიერ. ამ კორპორაციის ერთ-ერთი მეწილე, გავრცელებული ხმებით, არის კოლომოისკი – უკრაინაში დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, საყოველთაოდ ცნობილი კორუფციონერი და მოქმედი მილიარდერ-ოლიგარქი. თუმცა კომპანია ე.წ „ოფშორულ“ ზონაშია რეგისტრირებული და მისი მფლობელების დანამდვილებით დასახელება რთულია.

Georgian-American aloyees-ს საქართველოს სახელმწიფოს  500 მილიონი ლარის დავალიანება აქვს. ეს დავალიანება გარემოსდაცვითი და სანიტარული ნორმების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმები და საურავებია. თუმცა კომპანია არ ჩქარობს მათ გადახდას.

საქართველოში არჩევნები (საპარლამენტო, საპრეზიდენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის) ხშირად ტარდება, 2 წელიწადში ერთხელ მაინც. ყოველი არჩევნების წინ კომპანია აცხადებს, რომ საკმარისად აქვს მანგანუმის მარაგი დაგროვილი, ამიტომ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე უნდა გადავიდეს და მუშები ან საერთოდ დაითხოვო,ს რამდენიმე თვით უხელფასოდ ან ნახევარ განაკვეთზე და განახევრებულ ხელფასებზე ამუშავოს. ეს 3 ათასზე მეტი დასაქმებულისთვის შიმშილს და, ზოგ შემთხვევაში, გადაუხდელი ბანკის ვალის გამო სახლ-კარის დაკარგვას ნიშნავს.

ფოტო: ირაკლი კუპრაძე

დასაქმებულები ამომრჩევლები არიან, რომელთა ხმებიც მმართველ ელიტას სჭირდება. შესაბამისად, ისინი იწყებენ ვაჭრობას კომპანიასთან: ოღონდ ხალხი არ დაითხოვოთ და შეგიძლიათ, რამდენიმე წელი გადასახადები არ გადაიხადოთ; უსაფრთხოების ნორმების დარღვევებზე თვალს დავხუჭავთ; საჯარიმო დავალიანებას ჩამოგაწერთ. მუშებს კი მმართველი ელიტაც და დამსაქმებელიც ეუბნებიან: ხელისუფლებას უმადლოდეთ, რომ მუშაობთ. არჩევნებზე მოდით, ხმა მოგვეცით, თორემ სხვამ რომ გაიმარჯვოს, ამ სამუშაო ადგილებს დაკარგავთ. ვერ მოელაპარაკებიან ისინი კომპანიას და გაგიშვებთ ის შვებულებაში, ის მცირე, მაგრამ სტაბილური შემოსავალიც აღარ გექნებათ.

ასე არ იხდის ნახევარმილიარდიან დავალიანებას ბიუჯეტში, არც გარემოს უფრთხილდება და არც დასაქმებულების უსაფრთხოებაზე ზრუნავს. სამაგიეროდ ხელისუფლებაში მყოფ პარტიას ხან 7 მილიონით დაუფინანსებს საარჩევნო კამპანიას, ხან – თბილისში საახალწლო 3-მილიონიან განათებას (ამასაც დავუკვირდეთ, რომ იმ რეგიონს, რომელიც ყველაზე მეტად ზარალდება მათი საქმიანობით, ამხელა თანხებს არ წირავენ).

Georgian-American Aloyees-ი ამბობს, რომ ნახევარმილიარდიანი დავალიანების გასტუმრება არ შეუძლია. სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, თეორიულად შეუძლია მის წინააღმდეგ იძულებითი აღსრულების პროცესის დაწყება. თუ ამოსაღები თანხა არ აღმოაჩნდება, სახელმწიფოს შეუძლია განახორციელოს სეკვესტრი, ანუ დაუნიშნოს თავისი მმართველი, რომელმაც უნდა ამუშავოს კომპანია ისე, რომ შესაძლებელი იყოს ბიუჯეტში იმ დავალიანებული თანხების შეტანა.

სეკვესტრის მცდელობას მართლაც ჰქონდა ადგილი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, რომელიც ასევე Georgian-American Alloyees-ის ხელშია. თუმცა კომპანიას იმდენად ძლიერი ლობისტები აღმოაჩნდნენ აშშ-ის დედაქალაქში, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ სეკვესტრის დაწყებიდან მალევე თავის ანგარიშში აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარეობს ამერიკელი ბიზნესმენების დევნა, მათზე ზეწოლა და შევიწროება; რომ ეს საფრთხეს უქმნის ჯანსაღ ბიზნესგარემოს. არადა, აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პროექტის განხილვისას აშშ-ის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ საქართველოში შეიქმნას და დაცული იყოს შრომითი, გარემოსდაცვითი და სანიტარული სტანდარტები, გაძლიერდეს პროფკავშირები, აღიკვეთოს მათი დევნა-ზეწოლა და განვითარდეს დასაქმებულთა უფლებების დამცველი სხვა მექანიზმები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეშფოთება-აღშფოთება საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის შესაძლოა სერიოზული დარტყმა ყოფილიყო. ქართულ მმართველ ელიტას ამის შეეშინდა და უკან დაიხია.

ავტორის შესახებ:

ესმა გუმბერიძე არის 23 წლის აქტივისტი, პლატფორმა „ახალი შესაძლებლობებისთვის“ თანადამფუძნებელი და სახალხო დამცველთან არსებული გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს მოწვეული წევრი.

ესმა გუმბერიძემ დაამთავრა უსინათლოთა სკოლა, ფლექსის პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ განათლების მიღება გააგრძელა თავისუფალ უნივერსიტეტსა და თსუ-ში.

ესმა გუმბერიძე

 

ამავე თემაზე:

ერთი დღე ჭიათურულად: ხალხისა და ქალაქის შესახებ

 

ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრებში ცვლილება შევიდა

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, მორიგ სხდომაზე, ერთ-ერთ საკითხად „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ბათუმის  საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს N29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილა.

დადგენილების მიხედვით, ბაგრატიონის ადმინისტრაციული ერთეული იყოფა ორ ნაწილად და ყალიბდება ბაგრატიონის პირველი ადმინისტრაციული ერთეულისა და ბაგრატიონის მეორე ადმინისტაციული ერთეულის სახით, ხოლო ძველი ბათუმისა და რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრები იცვლება და ნაწილი ტერიტორია ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულისა გადადის რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში.

დადგენილების მიხედვით, ბაგრატიონის ადმინისტრაციული ერთეული იყოფა ორ ნაწილად და ყალიბდება ბაგრატიონის პირველი ადმინისტრაციული ერთეულისა და ბაგრატიონის მეორე ადმინისტაციული ერთეულის სახით
დადგენილების მიხედვით, ბაგრატიონის ადმინისტრაციული ერთეული იყოფა ორ ნაწილად და ყალიბდება ბაგრატიონის პირველი ადმინისტრაციული ერთეულისა და ბაგრატიონის მეორე ადმინისტაციული ერთეულის სახით.

დადგენილების თანახმად,  ბაგრატიონის პირველი ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მოექცევა – ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთიდან ბაქოსა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთამდე – ჭავჭავაძის ქუჩის კენტ მხარეს;  ბაქოსა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან ბაქოსა და შავშეთის ქუჩების კვეთამდე – ბაქოს ქუჩის ორივე მხარე (ზღვის სანაპირო ზოლის მხარე); ბაქოსა და შავშეთის ქუჩების კვეთიდან შავშეთის, სერგი მესხისა და მამია ვარშანიძის ქუჩების კვეთამდე – შავშეთის ქუჩის ლუწი მხარე;  შავშეთის, სერგი მესხისა და მამია ვარშანიძის ქუჩების კვეთიდან მამია ვარშანიძისა და სულაბერიძის ქუჩების კვეთამდე – მამია ვარშანიძის ქუჩის ლუწი მხარე;  მამია ვარშანიძისა და სულაბერიძის ქუჩების კვეთიდან სულაბერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთამდე – სულაბერიძის ქუჩის კენტი მხარე;  სულაბერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთიდან ბაგრატიონისა და 26 მაისის ქუჩების კვეთამდე – ბაგრატიონის ქუჩის ლუწი მხარე;  ბაგრატიონისა და 26 მაისის ქუჩების კვეთიდან ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთამდე – 26 მაისის ქუჩის კენტ მხარეს შორის არსებული ტერიტორია.

დადგენილება ძალაში 2018 წლის პირველი მაისიდან შევა
დადგენილება ძალაში 2018 წლის პირველი მაისიდან შევა.

ბაგრატიონის მეორე ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში შევა – ტბელ აბუსერიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთიდან  ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთამდე – ტბელ აბუსერიძის ქუჩის ლუწი და ჭავჭავაძის ქუჩის კენტი მხარე; ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთიდან 26 მაისისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთამდე – ლუწი მხარე; ბაგრატიონისა და 26 მაისის ქუჩების კვეთიდან ბაგრატიონისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთამდე – ლუწი მხარე; ბაგრატიონისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთიდან ტბელ აბუსერიძის და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთამდე – გენ. ასლან აბაშიძის ქუჩის ლუწ მხარეს შორის არსებული ტერიტორია.

ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მოექცევა – 26 მაისისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან ზუბალაშვილისა და 26 მაისის ქუჩების კვეთამდე – კენტი მხარე; ზუბალაშვილისა და 26 მაისის ქუჩების კვეთიდან ვაჟა-ფშაველასა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთამდე – კენტი მხარე; ზუბალაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთიდან ნინოშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთამდე – კენტი მხარე; ნინოშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთიდან, ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით, გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთამდე; გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთამდე – ჭავჭავაძის ქუჩის ლუწ მხარეს შორის არსებული ტერიტორია.

რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში შევა – ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთიდან შ. ხიმშიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე – ჯავახიშვილის ქუჩის კენტი მხარე;  შ. ხიმშიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთიდან, ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით, ვაჟა-ფშაველასა და ნინოშვილის ქუჩების კვეთამდე; ნინოშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთიდან ზუბალაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთამდე – ლუწი მხარე; ზუბალაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთიდან ზუბალაშვილისა და 26 მაისის ქუჩების კვეთამდე – ლუწი მხარე; 26 მაისისა და ზუბალაშვილის ქუჩის კვეთიდან ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთამდე – ლუწი მხარე; 26 მაისისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე – ჭავჭავაძის ქუჩის ლუწ მხარეს და ტბელ აბუსერიძის ქუჩის კენტ მხარეს შორის არსებული ტერიტორია.

საკრებულოს სხდომაზე დადგენილებით, ასევე, დამტკიცდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების სქემატური რუკა. დადგენილება ძალაში 2018 წლის პირველი მაისიდან შევა.

ბათუმის საკრებულომ რუსულ ოკუპაციაზე განცხადების გაკეთებას მხარი არ დაუჭირა

დღეს, 16 მარტს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარეს სთხოვეს, დღის წესრიგში შეეტანათ საკითხი, რომლითაც უნდა მიემართათ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისთვის, რომ რუსულ ოკუპაციასთან და არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები გაკეთებულიყო.

ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარის, მირდატ ქამადაძის თქმით, ბათუმის საკრებულო არის ამ ასოციაციის წევრი, ამიტომ  მათ უფლება აქვთ მიმართონ, რათა საერთაშორისო დონეზე  კიდევ ერთხელ გაიჟღეროს ოკუპაციის თემამ.

„დღეს ჩვენ გვაქვს ის პოლიტიკური მოცემულობა ქვეყანაში, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. ამიტომ, მოვითხოვთ, რომ საკრებულომ ეს საკითხი დღის წესრიგში შეიტანოს, მიმართვის ფორმაზე კი შემდეგ ვიმსჯელოთ“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

ენმ-ის ინიციატივასთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ, განაცხადა, რომ საკრებულოს არ აქვს პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება და ეს მათი კომპეტენცია არ არის.

„ჩვენ არ გვაქვს უფლება, საერთაშორისო ურთიერთობის პოლიტიკა განვსაზღვროთ. თუმცა საკითხს კენჭისყრაზე მაინც დავაყენებ,“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

საკრებულოს წევრებმა ენმ-ის ინიციატივის დღის წესრიგში შეტანას მხარი არ დაუჭირეს, რის გამოც საკრებულოს წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ სხდომა დატოვეს.

ბათუმის საკრებულოს სხდომა

 

რა უქმდება და რა იქმნება ბათუმის მერიაში

ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, ბათუმის საკრებულომ ორი ა(ა)იპ-ის ლიკვიდაციისა და ორი ახალი მუნიციპალური ორგანიზაციის დაფუძნებაზე თანხმობა მისცა. შესაბამისი  განკარგულების პროექტი დღეს, 16 მარტს, საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. გარდა ამისა, მერი გეგმავს მერიის აპარატის გაუქმებას, სამაგიეროდ კი, ქმნის ადმინისტრაციას. შესაბამისად, უქმდება აპარატის უფროსის თანამდებობა, მერიას ეყოლება ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომლის ხელფასიც 2900 ლარი იქნება.

მერი ა(ა)იპ-ების: „ბათუმის კორპუსისა“ და  „ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ ლიკვიდაციასა და ორი ახალი ა(ა)იპ-ის: „მუნიციპალური სერვისების სააგენტოსა“ და „საქალაქო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამმართველოს“ დაფუძნებას გეგმავს.

მერიის ინფორმაციით, ორი ა(ა)იპ-ის ლიკვიდაცია მილიონ 550 000 ლარს გამოათავისუფლებს. ამ თანხიდან ნაწილი ახალ ორგანიზაციებში დასაქმებულების შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად მიიმართება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, რესტრუქტურიზაციის შედეგად მერიაში შტატით და ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა 93- ით მცირდება, შესაბამისად შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული თანხა ბიუჯეტში 878 000 ლარით შემცირდება.

უსაფრთხოა თუ არა ბაღის შენობა, რომლის რეაბილიტაციაზე ნახევარ მილიონზე მეტი იხარჯება

მახუნცეთის ყოფილი  საბჭოს ორსართულიანი მრავალფუნქციური შენობის – სადაც ზუნდაგის საბავშვო ბაღი, სოფლის სამედიცინო პუნქტი და თემის ადმინისტრაციული შენობა ფუნქციონირებდა – რეაბილიტაცია ქედის მერიამ 2017 წელს დაგეგმა, 760 ათასი ლარი გამოყო და სამუშაოებიც დაიწყო.

რეაბილიტაციის ფარგლებში, შენობის გასაფართოებლად შენობის წინა და უკანა მხარეს ახალი საძირკველი ჩამოესხა, აშენდა ახალი კედლები, მშენებლობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში კი, მშენებელმა კომპანიამ ქედის მერიას წერილობით მიმართა და აცნობა, რომ არსებული შენობის მეორე სართულის შიგა კედლები, რომლებიც პროექტით დემონტაჟს არ ითვალისწინებდა, მყარი არ არის.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქედის მერიაში აცხადებენ, რომ წერილის შესვლისთანავე მერიის შესაბამისმა სამსახურებმა ვიზუალურად დაათვალიერეს შენობა, ვითარებას სწავლობენ და საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტებს მოიწვევენ. მერიაში არ გამორიცხავენ, რომ სავარაუდოდ, საფრთხის შემცველი კედლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, საექსპერტო დასკვნაც მომზადდეს.

კითხვაზე, რამდენად მყარი იყო საბჭოთა ეპოქაში აშენებული შენობის კედლები, რომლის რეაბილიტაციაზე 760 ათასი ლარი იხარჯება; ამასთან არსებობს თუ არა ექსპერტიზის დასკვნა, შენობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით? – ქედის მერის მოადგილე როლანდ ბერიძე განმარტავს, რომ  პრობლემა მაშინ გამოიკვეთა, როდესაც კედლებიდან ბათქაში ჩამოყარეს. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, მის არსებობას მერის მოადგილე არ ადასტურებს, თუმცა დასძენს, რომ ექსპერტიზის დასკვნას მშენებელი კომპანია „ინტერ პლიუსი“ შესრულებულ სამუშაოებზე პერიოდულად აწვდის.

„მუშა პროცესში გამოჩნდა პრობლემა, ბათქაში რომ ჩამოიყარა, აღმოჩნდა რა მდგომარეობაში იყო სამშენებლო ბლოკები, ცოტა ძველია კედლები, თუმცა მხოლოდ შიგა რამდენიმე ბოძზეა საუბარი.

უხერხულად ვგრძნობ თავს, როდესაც გეუბნებით ჩემს დროს არ იყო ეს პროექტი დამუშავებული, ამით არ ვიცილებ პასუხისმგებლობას, თუმცა თავიდან რომ გაეთვალისწინებიათ ეს დეტალები, კარგი იქნებოდა.

აღნიშნულ საკითხს ვსწავლობთ, სპეციალისტები გააკეთებენ შესაბამის მოხსენებას. თუ ჩვენი სამსახურები ვერ აიღებენ პასუხისმგებლობას და თუ საჭირო დარჩება, მოვიწვევთ სპეციალისტებს,“ – ამბობს როლანდ ბერიძე, ქედის მერის მოადგილე.

მისივე ინფორმაციით, შენობის მდგომარეობის შესწავლის აუცილებლობა მშენებელი კომპანიის წერილობითი განცხადების საფუძველზე დადგა.

„კომპანია გამოთქვამს შიშს, რომ ბოძებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება ჩამოცვივდეს ბათქაში, კითხვის ნიშნები არ დარჩება ამ მშენებლობასთან დაკავშირებით. როგორც აღვნიშნე, თუ საჭირო დარჩა, მოვიწვევთ სპეციალისტებს, ინჟინერს, კონსტრუქტორს ან ექსპერტს. როდესაც ბაღი გაიხსნება, აქ არ უნდა იყოს პრობლემები,“ -აცხადებს როლანდ ბერიძე.

იმ შემთხვევაში, თუ სპეციალისტები დაადასტურებენ, რომ ბოძები და კედლები არ არის მყარი, როლანდ ბერიძე ამბობს, რომ პროექტში ცვლილებები შევა, მოხდება რამდენიმე ბოძის დემონტაჟი, აშენდება ახალი, თუმცა ამისთვის დამატებით თანხა არ გამოიყოფა.

„კომპანიას არავინ არაფერს ავალდებულებს, თუ საჭიროება დარჩება, ცვლილების ფონზე მოხდება შეთანხმება, ხელშეკრულებაში არის გაწერილი გაუთვალისწინებელი ხარჯები, რომლის ათვისების უფლება მიეცემა კომპანიას,“ – ამბობს მერის მოადგილე.

ვიდრე ქედის მერია შენობის რეაბილიტაციაზე 2017 წელს თანხას გამოყოფდა, მანამდე ამ შენობას რეაბილიტაცია სამჯერ ჩაუტარდა. პირველად 2009 წელს, როდესაც ყოფილი საბჭოს შენობის პირველ სართულზე ბაღი იხსნებოდა. ბაღის გასახსნელად 38 680 ლარი დაიხარჯა.

მეორედ 2013 წელს, ამავე შენობის მეორე სართულზე სოფლის სამედიცინო პუნქტს კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა და 2 300 ლარი დაიხარჯა.

მოგვიანებით კი, 2015 წელს, შენობის მეორე სართულზე მახუნცეთის თემის ადმინისტრაციის ოფისისთვის ორი ოთახის მოსაწყობად არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“ პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, 5 405 ლარი და 90 თეთრი დაიხარჯა.

მრავალფუნქციური შენობის რეაბილიტაციის დასრულებასა და ზუნდაგის ბაღის გახსნას მერია შემოდგომაზე გეგმავს.

 

შსს: ამოღებულია 2 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი, დაკავებულია 19 პირი

შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში, გურიაში, აჭარასა და ქვემო ქართლში 2 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. კერძოდ: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი, „სუბოქსინი“, „პრეგაბალინი“, „ბუპრენორფინი“, ე.წ. „ექსტაზი“, „მდმა“ და სხვა. ამავე პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 19 პირი – აქედან – საქართველოს 14, სომხეთის – 1, აზერბაიჯანის – 1 და ირანის 3 მოქალაქე.

პოლიციის ინფორმაციით, თბილისში დაკავებული ირანის ორი მოქალაქის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ექსტაზი“. გარდა ამისა, ამოღებულია დაახლოებით 2 000 აბი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარის დაბლობში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„დღეს, ღამით, ზოგან დროგამოშვებით იწვიმებს, ხვალ კი, დღისით, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში დღისით 12-17 გრადუსი იქნება, ღამით – 5-10 გრადუსი.

მთიან რაიონებში დღისით მოსალოდნელია 7-12 გრადუსი სითბო, ღამით – 0-5 გრადუსი.

მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია უნალექო ამინდი,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.

 

„ქართულ მარშს“ ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დახურულ კარს მიღმა ხვდებიან

დღეს, 16 მარტს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად ბათუმში ჩამოვიდნენ მოძრაობა „ქართული მარშის“ წევრები. ისინი საკრებულოს სხდომაზე არ დაუშვეს, დარბაზში ადგილების სიმცირის გამო. ამას მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ხმაური მოჰყვა. თუმცა ამ წუთებში მათ ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე დახურულ კარს მიღმა ხვდებიან. შეხვედრაზე ჟურნალისტები არ დაუშვეს.

„ქართული მარშის“ წევრებმა გასულ კვირას დააანონსეს, რომ ბათუმის საკრებულომ მათ დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმაზე უარი უთხრა, ამიტომ ისინი ბათუმში მიდიან, საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად. იმავე დღეს ბათუმის საკრებულომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ თანხას დავით აღმაშენებლის ძეგლისთვის, რომელიც ბათუმში დაიდგმება.

დღეს ბათუმის მერიაში მისული „ქართული მარშის“ წევრები აცხადებდნენ, რომ ისინი ერთ წელს ვერ მოიცდიან. მათ ჟურნალისტებთან თქვეს, რომ „მერიამ გამოყოს ადგილი და მოსახლეობა საკუთარი ხარჯებით დადგამს ძეგლს“.

 

ენმ: მზად ვართ, გამოვისყიდოთ ხეები, რომლებსაც ივანიშვილი ყიდულობს

მთავრობის სხვადასხვა უწყებას ხეების გადატანაზე წინადადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობს. უმაღლესი საბჭოს წევრმა, გია აბულაძემ, სპეციალური ბრიფინგით მთავრობას მიმართა, რომ პარტია გამოისყიდის ხეებს, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიური პარკისთვის ყიდულობს. პარტიამ მთავრობას წერილიც გაუგზავნა.

„აჭარის რეგიონიდან ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანის გამო გაიჩეხა ათასობით ხე, ეროზირებულია მიწის ნაკვეთები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, რაზეც არც ერთი საჯარო დაწესებულება რეაგირებას არ ახდენს, პირიქით აჭარის მთავრობის ჩათვლით ყველა საჯარო დაწესებულება იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს… ჩვენ მზად ვართ, გამოვისყიდოთ ის ხეები, რომელთა შესყიდვასაც გეგმავს ბიძინა ივანიშვილი, მზად ვართ გადავიხადოთ იმაზე მეტი თანხა, ვიდრე გადაიხდის ბიძინა ივანიშვილი, რათა გადავარჩინოთ უნიკალური ბუნება და ტყე დავუბრუნოთ ხალხს. შესაბამის საჯარო დაწესებულებას ვთხოვთ, გვაცნობოს ნებისმიერი ხის მოსალოდნელი გასხვისება, რათა შევძლოთ მისი გამოსყიდვა“, – ნათქვამია წერილში, რომლითაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია აბულაძე ხელისუფლებას მიმართავს.

აჭარის მთავრობის მიერ პრივატიზებული/გაყიდული ხეებიდან ერთი შემთხვევა [ციხისძირი] არის ტიტას ხე და კიდევ 2 ჭაობის კიპარისი, რომელიც შპს „ზიმოს“ 6200 ლარად გადაეცა საკუთრებაში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის 2015 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით; ხოლო მეორე შემთხვევაში [ჩაქვი] აჭარის საკუთრებაში არსებული  მრავალწლოვანი ცრუ ქაფურის 6 ხე 19 500 ლარად კომპანია „ზიმოს“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მას შემდეგ მიჰყიდა, როცა ეს ხეები უკვე ამოღებული იყო.

აჭარაში ხეები ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მთავრობამაც მიჰყიდა. სახელმწიფოს მიერ 13 ათას ლარად აუქციონზე გატანილი სამი ძირი ხე 2017 წლის 6 მარტს გაიყიდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხეები შპს „ანაგმა“ 13 500 ლარად შეიძინა.

ბიძინა ივანიშვილი ხეებს მოსახლეობისგანაც ყიდულობს. ხშირ შემთხვევაში კი, მიწის ნაკვეთები აჭარის ზღვისპირა ზოლში, აჭარისა და საქართველოს მთავრობებმა გაასხვისეს კერძო კომპანიებზე, ამ მიწის ნაკვეთებიდან კი მრავალწლოვანი ხეები ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანად ამოთხარეს:

 

 

წითელა უკან იხევს – სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, არ მოადუნონ ყურადღება

ბოლო მონაცემებით, აჭარაში პირველი იანვრიდან 16 მარტამდე წითელას 237 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ორი შემთხვევა დადასტურდა გუშინ, 15 მარტს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ აღინიშნება წითელას შემთხვევების კლების ტენდენცია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობამ ყურადღება უნდა მოადუნოს, კვლავ მოქმედებს ბავშვებისა და 40 წლამდე ასაკის მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამა. 40 წლამდე მოსახლეობის აცრა, უბნის მიხედვით, პოლიკლინიკაში, უფასოა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2018 წლის პირველი იანვრიდან 14 მარტამდე წითელას 409 შემთხვევა დაფიქსირდა. ეპიდაფეთქების ეპიცენტრი აჭარა იყო. აჭარის მასშტაბით წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა ბათუმში დადასტურდა.

წითელა ჰაერ-წვეთოვანი გზით, დაინფიცირებული პირისგან ცემინებისა და ხველების დროს ვრცელდება. ვირუსი ორი საათის განმავლობაში ცოცხლობს ჰაერში და იწვევს გარშემომყოფი პირების დაინფიცირებას ჰაერის ან დაბინძურებულ საგნებთან შეხების საშუალებით.

დაინფიცირებული პირი სიმპტომების გამოვლენამდე ოთხი დღის და გამოვლენის შემდეგ კიდევ ოთხი დღის განმავლობაში შესაძლებელია იყოს ვირუსის გამავრცელებელი.

მედიკოსები მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაზე მიუთითებენ. წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება პოლიკლინიკებშია შესაძლებელი.

წაიკითხეთ ამ თემაზე: რატომ არ უნდა გეშინოდეთ აცრის

_______________________

მთავარ ფოტოზე: ბათუმი. ფოტოეფექტი. მანანა ქველიაშვილის ფოტო. 

მახინჯაურში მცხოვრები ოჯახის სამი წევრი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა

ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მცხოვრები ოჯახის სამი წევრი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა 15 მარტს, საღამოს, სამტრედიასთან მოხდა. გარდაცვლილებს შორის ორი ზრდასრულია, ერთი კი  – ბავშვი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. სამი მგზავრი ადგილზე დაიღუპა, სამი კი დაშავდა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

სხალთის ეკლესია გაქურდეს

ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთის თემში, ღვთისმშობლის ეკლესია გაქურდეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეკლესია წუხელ, 15 მარტს, გაქურდეს – წაღებულია ხატები.

სხალთის თემში მერიის წარმომადგენლის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი, გენადი ბილვანიძე ამბობს, რომ ქურდობის შესახებ დღეს დილით, სამსახურში მისულმა შეიტყო:

„დღეს დილით, როდესაც სამსახურში მივედი, მაშინ გავიგე ტაძრის ძარცვის შესახებ. შემთხვევის ადგილზე ახლა პოლიცია მუშაობს. იქ მე არავინ შემიშვებს, სოფელში კი მოსახლეობა ამბობს, რომ ძარცვა გუშინ საღამოს, დაბნელებამდე მოხდა, სავარაუდოდ მძარცველებმა მხოლოდ ხატები წაიღესო, დაწვრილებით ვერაფერს გეტყვით“, – თქვა სატელეფონო საუბარში გენადი ბილვანიძემ.

სხალთის თემის რწმუნებულმა, იზოლდა სურმანიძემ კი, თქვა, რომ ქურდობის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებისგან“ შეიტყო.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო – ქურდობა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

„არტ-გენი 2018“ წელს პირველად ქედაში ჩატარდება

ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი „არტ-გენი“ წელს პირველად ქედაში ჩატარდება. 22 ივნისს ფესტივალი  საზეიმოდ მახუნცეთში გაიხსნება და მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან.

ფესტივალი ქედიდან 24 ივნისს გურიაში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში გადაინაცვლებს,  27 ივნისს – იმერეთში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, 29 ივნისს- ლეჩხუმში, მწვანე ამფითეატრში, ხოლო დასკვნითი ღონისძიება თბილისში, 8-15 ივლისს გაიმართება.

მთავარ ფოტოზე: მახუნცეთი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან 

ქედაში საცხოვრებელი სახლისთვის სახურავს 240-მდე ოჯახი ითხოვს

საცხოვრებელი სახლის სახურავის მოთხოვნით ქედის მერიაში  240-მდე მოქალაქის განაცხადია შესული, შესაბამისად, აქ საცხოვრებელი სახლისთვის სახურავს ამდენივე ოჯახი ელოდება. სახურავის დახმარებით მერიას წელს 70-მა ოჯახმა მიმართა, დანაჩენმა კი წერილობითი მოთხოვნა მერიაში 2017 წელს შეიტანა.

ქედის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, დავით თედორაძის თქმით, მერია  შეჭირვებული ოჯახებისთვის სახურავებს შისყიდის. მერიაში შიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც იმ ოჯახების მდგომარეობას შეისწავლის, რომლებიც მერიას დახმარებას სთხოვენ და თუნუქის ფურცლებს პირველ ეტაპზე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის მქონე ოჯახებს გადასცემენ. თუმცა კონკრეტულად რამდენი ოჯახი მიიღებს თუნუქის სახურავს სახელმწიფოსგან უფასოდ, რა ოდენობით და რა კრიტერიუმით,  ჯერ ცნობილი არ არის.

„ვფიქრობ, პირველ ეტაპზე დახმარებას ისეთი შეჭირვებული ოჯახები მიიღებენ, რომელთა საცხოვრებელი სახლები აუცილებლად საჭიროებს სახურავის შეცვლას, გადაწყვეტილებას კომისია მიიღებს,“ – ამბობს დავით თედორაძე.

ქედის მერია წელს მოსახლეობისთვის თუნუქის ფურცლების შესყიდვაზე 30 000 ლარს დახარჯავს. 1885 ცალ თუნუქის ფურცლის შესყიდვაზე მერიამ ტენდერი გუშინ, 14 მარტს, გამოაცხადა.

პუტინის მხარდამჭერი მომღერალი დიმა ბილანი დღეს ბათუმში იმღერებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი მომღერალი, დიმა ბილანი დღეს, 15 მარტს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ დაგეგმილ კორპორატიულ საღამოზე იმღერებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კორპორატიულ საღამოს შპს “ჯონსონ ენდ ჯონსონის” წარმომადგენლობა მართავს.

“ჯონსონ ენდ ჯონსონი” საქართველოში დაფუძნებული აქვს რუსეთში დარეგისტრირებულ იგივე სახელწოდების კომპანიას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საღამოს ესწრებიან კომპანიის ოფისების წარმომადგენლები რუსეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან.

“ბათუმში მივფრინავ, სადაც მამაჩემი საზღვაო სასწავლებელში მსახურობდა”, – დაწერა დღეს დიმა ბილანმა თავის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე.

დიმა ბილანი ცნობილია, როგორც რუსეთის პრეზიდენტის მხარდამჭერი მომღერალი. ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერ კლიპში, რომელიც 7 მარტს გავრცელდა, ის სხვა რუს მომღერლებთან ერთად მონაწილეობდა. კლიპი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გავრცელდა [რუსეთში 18 მარტს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება]. ამავე კლიპში მღერის ქეთა თოფურიაც. გასულ წელს ბილანმა პუტინს დაბადების დღე საგანგებო ვიდეომიმართვით მიულოცა.

დღეს აჭარაში ენმ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორპორატიულ საღამოზე აჭარის მთავრობაც იყო მიწვეული. აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია.

„ასეთი ცილისწამება უკვე ყველანაირ ზღვარს სცდება – კერძო კორპორატიულ შეკრებაზე მომღერლის მოწვევა არანაირ კავშირში არ არის მთავრობასთან და არც რაიმე სახის მოსაწვევი მოსულა აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით,” – განაცხადეს აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.

სქრინი დიმა ბილანის ინსტაგრამიდან

საპატიო წოდებების მინიჭების წესი იცვლება

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის დღეს გამართულ სხდომაზე კომისიის წევრებმა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტზე იმსჯელეს.

პროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს საპატიო წოდებების მინიჭებასთან დაკავშირებით სრულყოფილი და ეფექტური სამართლებრივი ჩარჩო დოკუმენტის შედგენა.

დადგენილების პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებად განისაზღვრება „საპატიო ბათუმელის“, „ბათუმის საპატიო მოქალაქის“ და „დამსახურებული მოღვაწის“ წოდებები.

დადგენილების პროექტს ბათუმის საკრებულო ხვალ, 16 მარტის
საკრებულოს სხდომაზე განიხილავს

პროექტის თანახმად, „საპატიო ბათუმელის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ან/და ბათუმში დაბადებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც უკანასკნელი 10 წელი მაინც ცხოვრობდა ბათუმში და საზოგადოებრივი, პროფესიული ან/და სხვა საქმიანობით განსაკუთრებული დამსახურება აქვს ბათუმის მუნიციპალიტეტის და საქართველოს წინაშე.

„ბათუმის საპატიო მოქალაქის“ წოდება შესაძლებელია მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ ცხოვრობს ბათუმში, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქესა და განსაკუთრებულ შემთხვევებში, მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიული, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით და მოღვაწეობით განსაკუთრებული დამსახურება აქვს ბათუმის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე.

„დამსახურებული მოღვაწის“ წოდება შესაძლებელია მიენიჭოს პირს, რომელიც იმსახურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მადლობის გამოცხადებას შესაბამის პროფესიულ სფეროში.

პროექტის მიხედვით, „საპატიო ბათუმელის“  წოდება პირს მიენიჭება მხოლოდ „ბათუმობის“ დღესასწაულზე, „დამსახურებული მოღვაწის“ წოდება – პირის  საიუბილეო თარიღის აღსანიშნავ ან სხვა ოფიციალურ ღონისძიებებზე, ხოლო „ბათუმის საპატიო მოქალაქის“ წოდება – წლის ნებისმიერ დროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით.

საპატიო წოდება პირს მიენიჭება სიცოცხლეში ერთხელ. დაუშვებელია საპატიო წოდების მინიჭება პირის გარდაცვალების შემდეგ.

“ბათუმობა 2017“

პროექტის მიხედვით, განსაზღვრულია საპატიო წოდებაზე კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები, ასევე,  საპატიო წოდების მინიჭების საკითხთა საკონსულტაციო საბჭოს შექმნის, უფლებამოსილებისა და გადაწყვეტილების მიღების საკითხები.

კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, აღნიშნული დადგენილების პროექტს ბათუმის საკრებულო ხვალ, 16 მარტს, საკრებულოს სხდომაზე განიხილავს და მიღების შემთხვევაში ძალადაკარგულად გამოცხადდება აქამდე არსებული, „საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბათუმის საკრებულოს მიერ 2014  წლის 29 აგვისტოს მიღებული N31 დადგენილება.

 

 

Exit mobile version