მთავარი,სიახლეები

პუტინის მხარდამჭერი მომღერალი დიმა ბილანი დღეს ბათუმში იმღერებს

15.03.2018 • 6337
პუტინის მხარდამჭერი მომღერალი დიმა ბილანი დღეს ბათუმში იმღერებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი მომღერალი, დიმა ბილანი დღეს, 15 მარტს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ დაგეგმილ კორპორატიულ საღამოზე იმღერებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კორპორატიულ საღამოს შპს “ჯონსონ ენდ ჯონსონის” წარმომადგენლობა მართავს.

“ჯონსონ ენდ ჯონსონი” საქართველოში დაფუძნებული აქვს რუსეთში დარეგისტრირებულ იგივე სახელწოდების კომპანიას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საღამოს ესწრებიან კომპანიის ოფისების წარმომადგენლები რუსეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან.

“ბათუმში მივფრინავ, სადაც მამაჩემი საზღვაო სასწავლებელში მსახურობდა”, – დაწერა დღეს დიმა ბილანმა თავის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე.

დიმა ბილანი ცნობილია, როგორც რუსეთის პრეზიდენტის მხარდამჭერი მომღერალი. ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერ კლიპში, რომელიც 7 მარტს გავრცელდა, ის სხვა რუს მომღერლებთან ერთად მონაწილეობდა. კლიპი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გავრცელდა [რუსეთში 18 მარტს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება]. ამავე კლიპში მღერის ქეთა თოფურიაც. გასულ წელს ბილანმა პუტინს დაბადების დღე საგანგებო ვიდეომიმართვით მიულოცა.

დღეს აჭარაში ენმ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორპორატიულ საღამოზე აჭარის მთავრობაც იყო მიწვეული. აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია.

„ასეთი ცილისწამება უკვე ყველანაირ ზღვარს სცდება – კერძო კორპორატიულ შეკრებაზე მომღერლის მოწვევა არანაირ კავშირში არ არის მთავრობასთან და არც რაიმე სახის მოსაწვევი მოსულა აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით,” – განაცხადეს აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.

სქრინი დიმა ბილანის ინსტაგრამიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: