მთავარი,სიახლეები

ტრანსფორმატორი ეზოში – 11-შვილიანი ოჯახი ენერგოკომპანიას უსაფრთხოების ზომების მიღებას სთხოვს 

16.03.2018 • 2287
ტრანსფორმატორი ეზოში – 11-შვილიანი ოჯახი ენერგოკომპანიას უსაფრთხოების ზომების მიღებას სთხოვს 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტრანსფორმატორი არის ჩემს საკარმიდამო ბაღში, სადენები კი ძალიან დაბლაა. 11 ბავშვი მყავს, აქედან 8 არასრულწლოვანია. ერთი დაცვა მარტო ბავშვებს უნდათ, რომ არ მიუახლოვდნენ ტრანსფორმატორს,“ – ამბობს ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მცხოვრები ბაგრატ ივანაძე.

ოჯახი ეკომიგრანტია და საცხოვრებელი სახლი კვირიკეში 2 წლის წინ იყიდა. ახალ მეზობელს სოფელში უთხრეს, რომ მანდარინის ბაღში მდებარე ტრანსფორმატორმა ერთი ადამიანის სიცოცხლე უკვე იმსხვერპლა.

„ვიდრე ვიყიდდი ამ სახლს, აქ ბერძნები ცხოვრობდნენ, წასულები იყვნენ და სახლს არ იყენებდნენ. რამდენიმე წლის წინ, დიდთოვლობის დროს, მეზობლის 28 წლის ბიჭს ვერ შეუმჩნევია, რომ ტრანსფორმატორთან ახლოს გაიარა და დენმა დაარტყა თურმე. წელს, იანვარში, ჩემს სახლში ხანძარი გაჩნდა. ექსპერტიზამაც თქვა, რომ ხანძარი ამ ტრანსფორმატორმა გამოიწვია. ხანძრის შემდეგ მთავრობამ 10 ათასი ლარი მომცა და ორი ოთახი ძლივს მოვაწყვე ისე, რომ ცხოვრება შევძლო. ენერგოკომპანიას დაახლოებით ერთი თვის წინ მივმართე დასახმარებლად, მაგრამ არავინ გამოჩენილა,“ – გვიყვება ბაგრატ ივანაძე.

„ეს ტრანსფორმატორი საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ამ ოჯახს, არამედ სამეზობლოსაც, რადგან შესაძლოა ვინმე შემთხვევით შეეხოს მას. ელექტროგადამცემი ხაზები ძალიან დაბლაა. ტრანსფორმატორი საბჭოთა წლებშია მოწყობილი, მაგრამ ენერგოკომპანიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რადგან ტრანსფორმატორი მოქმედია და იგი საფრთხეს უქმნის ადამიანებს,“ – აცხადებს თამაზ ბაკურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი.

„ბათუმელები“ ენერგოკომპანიას დაუკავშირდა. „ტექნიკურ ჯგუფზე უკვე მიცემულია დავალება, მოვიკვლევთ საკითხს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას,“ – გვიპასუხეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურში.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განმარტეს, რომ შესწავლის შედეგად უნდა დადგინდეს, რამდენად უქმნის საფრთხეს ტრანსფორმატორი ადამიანების სიცოცხლეს.

 

ივანაძეების ოჯახი, სოფელი კვირიკე, ქობულეთი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: