მთავარი,სიახლეები

სამშენებლო და უსაფრთხოების წესები მშენებლობის დროს და მას შემდეგ

17.03.2018 •
სამშენებლო და უსაფრთხოების წესები მშენებლობის დროს და მას შემდეგ

მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურების პასუხიმგებლობა შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ წყდებოდა. ეს წესი იცვლება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით კონტროლის ახალი ვადები დაწესდა. გარდა ამისა, დადგენილება მშენებელს სამ და მეტსართულიან შენობაში მეორე ალტერნატიული კიბის მოწყობას ავალდებულებს, რომელიც დერეფანზე მიბმული არ იქნება. კონკრეტულ შემთხვევებში რეგულაცია კვამლაღმომჩენების დამონტაჟებასაც მოითხოვს.
სამშენებლო რეგულაციებზე საუბრისას ბოლო პერიოდში სპეციალისტები საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილებას, იგივე ტექნიკური უსაფრთხოების რეგლამენტს, ხშირად ახსნებენ.  კიდევ რას ითვალისწინებს ახალი დადგენილება?- ამ თემაზე „ბათუმელებს“ არქიტექტორი ბექა თოიძე ესაუბრა.

 ბექა, რას შეცვლის ეს დოკუმენტი უსაფრთხოების წესების დაცვის თვალსაზრისით?

ეს დოკუმენტი, შენობის უსაფრთხოების წესები, ჩვენ ასე ვეძახით მას, საკმაოდ ვრცელი დოკუმენტია, რაც მოიცავს არამარტო შენობის რაღაც ნაწილების უსაფრთხოების წესებთან შესაბამისობას, არამედ მთლიანად შენობის მოყვანას იმ სტანდარტებთან რაც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს დოკუმენტი იქედანაა გადმოტანილი.

პირდაპირი ასლია?

ძირითადი ნაწილი დაკოპირებულია, თუმცა არის რაღაც ცვლილებები. გასული წლის ნოემბერში მცირედი ცვლილება შევიდა და უფრო მორგებული გახდა ჩვენს რეალობაზე. პირველი ვარიანტი მკაცრად მოითხოვდა შენობის საცხოვრებლის უსაფრთხოების სტანდარტებს. ცვლილებამ უფრო გააიოლა მაგრამ, უსაფრთხოების მხრივ ცუდი შედეგი ნამდვილად არ გამოიწვია, პირიქით, დააბალანსა ქართულ რეალობასთან. დოკუმენტი, რაც ჩვენ მუშაობის დროს უნდა გამოვიყენოთ, ძირითადად  შენობის გასასვლელებს ეხება, თუ როგორ უნდა მოეწყოს შენობიდან გასასვლელი. ეს ეხება კიბეს, დერეფნებს, კარებს და ყველა ამ ნაწილში შემავალ სტრუქტურულ ელემენტს, იგივე ფანჯრებს, ლიფტებს და ლიფტის კარებს.

უფრო კონკრეტულად, რა არის ახალი, რაც მანამდე არ იყო?

ყველაზე მთავარი ისაა, რომ სავალდებულო მოთხოვნაა გასასვლელი ყოველი სართულისთვის. არის გამონაკლისები, მაგრამ ძირითადი პრინციპები არის ისეთი რომ, ორ სართულზე მაღალი შენობისთვის უნდა მოეწყოს ორი გასავლელი კიბე. მაგალითად, თუ აშენებთ  სამსართულიან კომერციულ შენობას, ან სასტუმროს, ან ნებისმიერი ტიპის შენობას, უნდა გქონდეს ალტერნატიული მეორე გასასვლელიც.

ორი გასავლელი აუცულებლად ორ კიბეს გულისხმობს?

კიბე რომ ჩაითვალოს სახანძრო უსაფრთხოებისათვის გასასვლელ საშუალებად, ეს კიბე უნდა იყოს დაცული. რა კრიტერიუმებით უნდა იყოს დაცული, ამას უკვე განსაზღვრავს შენობის ტიპი, გაბარიტები და ფუნქციები. საცხოვრებელს სხვა დატვირთვები აქვს, სასტუმროს,  სავაჭრო მოლს, კინოთეატრს ან სხვა ტიპის თავშეყრის ადგილს – სხვა.

ძველ კორპუსებში არის დერეფანი და კიბესთან დასაკავშირებლად სივრცე არაა გამოყოფილი, პირდაპირ დერეფნიდან ადიხარ კიბეებზე. უსაფრთხოების ახალი წესები კი გულისხმობს, რომ კიბე იყოს დახურული, დაცული სივრცე. რომელიმე სართულზე, ბინაში ან დერეფანში თუ მოხდება დაკვამლიანება, ეს არ უნდა გავრცელდეს ისეთ ნაწილზე, რომელიც არის საევაკუაციო გასავლელი. კიბე თუ დაკვამლიანდა, მესამე სართულზე გაჩენილი ხანძრის გამო მეთორმეტემდე დაკვამლიანდება და მეთერთმეტე სართულიდან ადამიანის ევაკუაცია უკვე შეუძლებელი გახდება, ამიტომ კიბე და ლიფტები უნდა იყოს დაცული.

შენობის ტიპის მიხედვით, დგება მონაცემები, რომლის მიხედვითაც მუშავდება პროექტი. არქიტექტურული ნაწილი ითვალისწინებს ასევე ანალიზსს, რომელიც არის დატანილი გეგმებზე და არის ტექსტური ნაწილი. ეს არის შაბლონები, რომელსაც ავსებენ არქიტექტორები, ამის საფუძველზე უკვე ხდება საექსპერტო შეფასება, რომელიც აუცილებელია. ისე არცერთი სახელმწიფო ორგანო, არ გასცემს ნებართვას. არც შეთანხმების ბრძანებას.

დადგენილებაში საევაკუაციო კიბეებზე შენობის გარედან, როგორებიც ჰქონდა შენობებს ძველ ბათუმში, არის საუბარი?

დიახ. საცხოვრებლის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გახსნილი გარე კიბე გავაკეთოთ რვა სართულის ჩათვლით. ზემოთ უკვე უსაფრთხო აღარ არის. ეს ძირითადად ამერიკიდან შემოვიდა. ეს არ შეიძლება უფრო მაღლივ შენობებზე მოეწყოს, რადგან ადამიანების დიდი ნაკადი რომ წამოვიდეს, ის თვითონ გახდება უკვე სახიფათო. ჩვენი რეგულაცია ამბობს, რომ რვა სართულამდე შეიძლება გაკეთდეს გარე კიბე, ხოლო რვა სართულის შემდეგ უნდა იყოს დახურული სივრცე აუცილებლად, აივნებიც მერვე სართულამდე ითვლება ერთერთ გასასვლელ კომპონენტად, იმის გამო რომ დასაშვებია სახანძრო ავტომანქანა მიადგეს.

მანამდე ასე არ იყო?

მანამდე არ იყო, თუმცა, ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება. რასაც კანონი არ ავალდებულებს კომპანიას ან კერძო დამკვეთს, კონკრეტული მერი ან განყოფილების უფროსი ამას ვერ მოითხოვს. 2017 წლის პირველ იანვრამდე, ყველა სახელმწიფო ორგანო მოქმედებდა არსებული რეგულაციებით. ცნობილი ფაქტია რაც მოხდა „ლეოგრანდში“, სამწუხარო ფაქტი გამოიწვია უსაფრთხოების სტანდარტების გაუმართაობამ. მსგავსი ტიპის დაწესებულებებისთვის კანონი 2017 წლამდეც ითხოვდა გარკვეულ სტანდარტებს. ისეთ ბრენდებს როგორიცაა „ჰილტონი“ ან „შერატონი“ აქვს თავისი საერთაშორისო სტანდარტები და ისინი, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ქვეყანაში შესაბამისი მოთხოვნა, მაინც უზრუნველყოფენ უსაფრთხოების წესების დაცვას.

მეორე კიბის გარდა რა ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებზეა საუბარი?

შენობა თავისი მახასიათებლებით იყოფა რამდენიმე კატეგორიად – 23 მეტრი, 37 და 130 მეტრი. ძირითადი სტრუქტურული ელემენტები რაც არის შენობის, კოლონები, გადახურვის ფილები უნდა მოეწყოს სამსაათიანი ხანძარმდეგი მასალებით, ეს ყველაფერი ლაბორატორიულად მოწმდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სამი საათის განმავლობაში არ ჩამოიშლება და არ მიიღებს დეფორმაციას. საშუალო სიმაღლის შემთხვევაში 37 მეტრიდან 130 მეტრამდე გათვალისწინებულია ორსაათიანი ხანძარმდეგი კონსტრუქციები. ახლა მიდის ტენდენცია იქითკენ, რომ შენობებში და საცხოვრებლებში, აირის გაჟონვის შემთხვევაში უნდა ჩაირთოს საგანგაშო სიგნალი, 41- ე დადგენილება არ ითვალისწინებს ამას, მაგრამ გარკვეული კატეგორიის შენობებში ითვალისწინებს კვამლაღმომჩენებს, მაგალითად, რვასართულიან საცხოვრებელ სახლს მოეთხოვება გარკვეული ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება.

მინდა გკითხოთ ასევე მოსაზღვრედ მშენებლობის პარამეტრებზე, დაშორებებზე და ღიობებზე.

ამასთან დაკავშირებით ადრეც არსებობდა საქართველოს მთავრობის 59-ე დადგენილება, რომელიც დღესაც მოქმედია. ეს გულისხმობს შენობის განთავსებას კონკრეტულ საკადასტრო ნაკვეთზე, დაშორებებს მეზობელი ნაკვეთისადმი, ან საზოგადოებრივი სივრცისადმი. 41-ე დადგენილებით გარკვეული გამკაცრება მოჰყვა ამას. სამეზობლო ნაკვეთის მხარეს 2017 წლამდე მეზობლის თანხმობით შესაძლებელი იყო დაახლოებით ერთ მეტრში გაგვეკეთებინა ღიობები, 41-ე დადგენილებით საერთოდ აკრძალულია, თანხმობითაც დაუშვებელია. დაშორებებიც დაყოფილია კატეგორიებად, რაც უფრო მოშორებულია ფასადის საორიენტაციო სიბრტყე მეზობელი ნაკვეთიდან, უფრო მეტი ღიობის გაკეთების საშუალებას გვაძლევს ფასადზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: