„ფარული მოსმენების საქმეზე“ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს, 10 მაისს, არსებითი განხილვა დაიწყო. სასამართლო დარბაზში სუს-ის და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენლები ელიან, როდის მოვა მათი დრო და რას ჰკითხავენ მოსამართლეები მათ.
ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ის ორგანოა, რომელიც ფარულად გვისმენს და მისი კონტროლის ბერკეტები სუს-ს აქვს.
“დღეს სუს-ის უფროსი წყვეტს მისთვის სასურველი სააგენტოს უფროსის ვინაობას. სუს-ის უფროსს პირდაპირი გავლენა აქვს ამ სააგენტოს არამხოლოდ უფროსთან, არამედ მის ნებისმიერ თანამშრომელთან,” – მიმართა მოსამართლეებს შესავალ სიტყვაში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.
ფარული მოსმენების კუთხით არსებულ საკანონმდებლო ნორმას სახალხო დამცველი და 326 ადამიანი ასაჩივრებს. დავის საგანია კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება, რომლითაც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ფარულ მეთვალყურეობას ახდენს.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოზე, რომელიც ფარულად გვისმენს, არ ხორციელდება ეფექტური გარე კონტროლი, „რის გამოც არსებობს მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების თვითნებურად განხორციელების რეალური საფრთხე. მოსარჩელეთა პოზიციით, ამგვარი მოწესრიგება იწვევს პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების დარღვევას,“ – აღნიშნულია კონსტიტუციურ სარჩელში.
მოსარჩელეების წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, რომელიც ფარულად გვისმენს, არ აქვს დამოუკიდებლობის მყარი და ეფექტური გარანტიები. სააგენტო დამოუკიდებელი იურიდიული სუბიექტია, თუმცა, მაგალითად, სააგენტოს უფროსი “საქმის არაჯეროვნად შესრულებისთვის” სუს-ის უფროსს შეუძლია გაათავისუფლოს სამსახურიდან.
მოსარჩელეების წარმომადგენლების შემდეგ შესავალ სიტყვას პარლამენტის წარმომადგენელი იტყვის. დღესვე სასამართლო პროცესზე ამ თემაზე მოწვეულ პირებს კითხვებს დაუსვამენ.
ქობულეთის საკრებულოს წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბონდო თედორაძისა და ბათუმის საკრებულოს წევრის ნოდარ დუმბაძის ცემის შეფასებას ითხოვენ.
დაპირისპირება 30 აპრილს ბიძინა ივანიშვილისთვის ციხისძირიდან ქაფურის ხეების გადატანის გაპროტესტებას მოჰყვა. ისინი ასევე ითხოვენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და დროული გამოძიება მოსთხოვოს.
ბონდო თედორაძე ამბობს, რომ მას ფიზიკურად შეეხო და ცხვირი გაუტეხა კოლეგამ „ოცნებიდან“ ვაჟა შავიშვილმა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი ამბობს, იმისთვის, რომ მას შსს-ზე მიემართა, საკრებულოს დაზარალებული წევრებისგან ოფიციალური მიმართვა სჭირდებოდა.
ვაჟა შავიშვილი დღეს სხდომას არ ესწრება. სხდომას ესწრება უმაღლესი საბჭოს წევრი ელგუჯა ბაგრატიონი, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ თუ რეაგირება არ მოხდება, ისინი ქუჩაში გაარკვევენ ამ საკითხს. ის ითხოვს საკრებულოს წევრს შეუჩერდეს უფლებამოსილება.
საკრებულოს თავჯდომარემ სიტყვა დაასრულა იმით, რომ საჭიროა შერიგება, “საქციელი გასაკიცხია, მოდი შევრიგდეთ, ჩვენ ქუჩური წესით არ უნდა გავაგრძელოთ, მე არ ვიცი იყო თუ არა ეს ვაჟა შავიშვილი,” – თქვა მან. საკრებულოს თავმჯდომარეს დარბაზიდან უპასუხეს, რომ არსებობს ამის ამსახველი ვიდეოკადრები.
სამეგრელოში, სოფელ ნოჯიხევში მცხოვრები გივი შურღაია 100 წლის ევკალიპტს 25 ათას ლარად ყიდის. განცხადება ხის გაყიდვის შესახებ გივი შურღაიამ ყიდვა-გაყიდვის ჯგუფში გამოაქვეყნა.
„ერთი კვირაა, რაც გადავწყვიტე ევკალიპტი გამეყიდა. არ ვიცი ვინ იყიდის, მაგრამ მინდა, რომ გავყიდო ეს ხე. ჯერ სერიოზულად არავინ გამომხმაურებია. ვვარაუდობ, რომ ასი წლის მაინც იქნება,” – უთხრა „ბათუმელებს“ გივი შურღაიამ.
საქართველოში ხეების ყიდვით ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია დაკავებული. აქამდე ბიძინა ივანიშვილი ხეებს ძირითადად მხოლოდ აჭარაში თხრიდა. 2018 წლის გაზაფხულიდან კი ხეების ყიდვა და შეკვეთილში, დენდროლოგიურ პარკში გადატანა სამეგრელოდანაც დაიწყო. აპრილში ივანიშვილის კომპანიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდინეძში ჭადრის ხე იყიდა. ხის ტრანსპორტირების დროს სამ სოფელში ელექტროენერგიის ბოძები დაზიანდა.
მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ხეების ამოთხრა და დენდროლოგიურ პარკში გადატანა დაიწყო, ხეების გაყიდვა შემოსავლიან ბიზნესად იქცა. ხეების გაყიდვაში დახმარების თხოვნით მოქალაქეები „ბათუმელებსაც“ უკავშირდებიან. „თქვენ ხშირად წერთ ხეებზე და იქნებ დაგვეხმაროთ გაყიდვაში“ – გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
112-ის ოპერატორს შესაძლებლობა ექნება, გადაუდებელი შემთხვევის დროს, სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა eSchool-ის საშუალებით, ოპერატიულად დაადგინოს დაზარალებული ბავშვის სახელით, გვარითა და სკოლის მონაცემით მისი საცხოვრებელი მისამართი და მშობლების საკონტაქტო ინფორმაცია. ამას შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-სა და განათლებისა სამინისტროს სსიპ-ს „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას“ (EMIS) შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი შემთხვევების დროს, როდესაც მოსწავლემ ზუსტად არ იცის საკუთარი მისამართი, მაგრამ იცის თავისი სკოლის სახელწოდება და ნომერი. მათივე ცნობით, ეს ხელს შეუწყობს, გადაუდებელი შემთხვევის დროს უფრო ოპერატიულად მოხდეს რეაგირება, როცა დაზარალებული ბავშვია და წამები გადამწყვეტია.
ინფორმაციის მიმოცვლა დახურული ქსელის საშუალებით განხორციელდება, რაც გულისხმობს იმას, რომ მონაცემები გარეშე პირებისგან დაცული იქნება და მათზე წვდომა ექნებათ მარტო 112-ის ოპერატორებს, მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე თავის ადგილსამყოფელს ვერ დაასახელებს.
გამოცხადდა „პროფესიული განათლების 2018 წლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი, სადაც გამოვლინდება ოთხი გამარჯვებული:
[checklist]
წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება;
წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი;
წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი;
წლის პროფესიული განათლების სტუდენტი.
[/checklist]
გამარჯვებულები პროფესიული განათლების გალა დაჯილდოებაზე გამოცხადდებიან, რომელიც 2018 წლის ნოემბერში გაიმართება.
„გამარჯვებულები გაემგზავრებიან გერმანიაში სასწავლო ტურზე, სადაც მათი მასპინძელი იქნება გერმანული კომპანია PEM Consult-ი. გამარჯვებულები გაეცნობიან გერმანულ გამოცდილებას თავიანთ დარგებში. ღონისძიებას საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა და წელს საქართველოში მეორედ ტარდება,“ – აცხადებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
კონკურსი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
„ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ ინფორმაციით, კონკურსით დაინტერესებულმა პირები განაცხადები უნდა წარადგინონ ელექტრონულად ვებგვერდზე – awardtvet.ge. ამავე გვერდზე კონკურსანტებს შეუძლიათ იხილონ ინფორმაცია კონკურსის კრიტერიუმების შესახებ.
ფონდის ინფორმაციით, ვებგვერდზე ატვირთულია სპეციალური ფორმა, სადაც თითოეული კრიტერიუმის ქვეშ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კონკურსანტი.
„სასწავლებლის კატეგორიაში მონაწილეობა შეუძლია ავტორიზებულ როგორც საჯარო, ასევე კერძო პროფესიულ სასწავლებლებლებს, ბიზნესპარტნიორის შემთხვევაში, ნებისმიერ ბიზნესს, ვინც მიიჩნევს, რომ ხელს უწყობს პროფესიული განათლების განვითარებას და თანამშრომლობს სასწავლებლებთან, ხოლო მასწავლებლისა და სტუდენტის შემთხვევაში, ნომინირება უნდა გააკეთოს სასწავლებელმა, სადაც აღნიშნული კანდიდატები მუშაობენ ან სწავლობენ“.
კანდიდატთა რაოდენობაზე შეზღუდვა არ არის, ერთ სასწავლებელს რამდენიმე კანდიდატის წარდგენა შეუძლია.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაისუბანში, შუამთაზე მდებარე ფრინველების გადაფრენის პლატფორმის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 15 700 ლარია გათვალისწინებული.
სამუშაოები ითვალისწინებს არსებული ხის მოსაცდელი ფარდულის შეკეთება-გამაგრებას და დადგმას ბეტონის საძირკველზე, ლითონის მოაჯირებისა და მეხამრიდის ღობის მოწყობას, შეღებვას და სხვა. მომსახურების გაწევა ანუ სარემონტო სამუშაოების დაწყება უნდა მოხდეს გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღის განმავლობაში. შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა კი არანაკლებ ერთი წელი უნდა იყოს.
ბათუმის ათკილომეტრიანი „სამიგრაციო ძაბრი“ მსოფლიოში მესამე ადგილზეა მექსიკისა და ისრაელის შემდეგ გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით. აჭარის ცას ყოველწლიურად ევრაზიიდან აფრიკისკენ გადამფრენი, მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გასული წლის სექტემბერში ფრინველებზე დაკვირვების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა.
მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის სათვალთვალო პლატფორმები კოლხეთის ეროვნულ პარკში, ჭოროხის დელტასა და სახალვაშო-ჩაისუბნის ტერიტორიებზეა მოწყობილი.
შარშან, სოფელ ჩაისუბნის სათვალთვალო პლატფორმაზე გაცნობითი ტური მოეწყო ფესტივალის მოწვეული სტუმრებისათვის. ღონისძიებას 25 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული გარემოსდამცველები, ორნითოლოგები, გიდები, ტურისტები და მოხალისეები ესწრებოდნენ.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2017 წელს 19 აგვისტოს დაიწყო და იგი მიმდინარე წლის პირველ მარტამდე გაგრძელდა. გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ამ პერიოდში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა სპეციალურ ნებართვას არ საჭიროებს, თუმცა ნადირობა აკრძალულია ეროვნულ პარკებში, ნაკრძალებსა და ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის მდინარე ჭოროხის დელტაში:
“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, სერგი მესხის ქუჩაზე წყალმომარაგების მილის ტესტირების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების გამო აბონენტებს ამ ქუჩაზე წყალმომარაგების მიწოდება შეეზღუდებათ. წყლის მიწოდება სამუშაოების დასრულების შემდეგ, 18:00 სთ-ზე აღდგება.
მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ ფინანსებზე ხელმისაწვდომის გაზრდის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ახალ რეფორმაზე მუშაობენ. სამინისტროში აცხადებენ, რომ შეიქმნება ერთგვარი ფონდი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული კრედიტების უკან დაბრუნების გარანტორი იქნება. ამ კუთხით მთავრობა აპირებს გაითვალისწინოს მეზობელი თურქეთის მაგალითი.
„ჩვენ კიდევ ერთ ახალ რეფორმას ვიწყებთ. საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი თავისი შინაარსით არის საგარანტიო ფონდი, რომელიც კომერციული ბანკებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული სესხების უკან დაბრუნების გარანტორად გამოდის. აღნიშნული რეფორმა კიდევ ერთ სტიმულს მისცემს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში და შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,“ – განაცხადა გუშინ, 9 მაისს, დიმიტრი ქუმსიშვილმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
9 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა თურქეთის დელეგაციასთან. სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის საკრედიტო საგარანტიო ფონდის მიერ შემოთავაზებული მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების საგარანტიო მექანიზმები თურქეთში წარმატებით ფუნქციონირებს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას და ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას, რაც შესაბამისად აისახა დასაქმებასა და ეკონომიკური ზრდაზე.
„საკრედიტო საგარანტიო ფონდების პოპულარობა, განსაკუთრებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაიზარდა, რადგან ამ გზით მნიშვნელოვნად მარტივდება ფინანსებზე წვდომა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, რაც ეკონომიკური ზრდას მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს“ – აცხადებენ სამინისტროში.
მიკა ინუ და კენტარუ ტაკაშიმა მოგზაური შეყვარებულები არიან. მიკას ფეისბუქგვერდზეც ასე უწერია პროფესიის გრაფაში – „მოგზაური“.
იაპონელი წყვილი ბათუმში სულ ოთხი დღით ჩამოვიდა. ორივენი სუმოს დიდი მოყვარულები არიან და ტოჩინოშინის, იგივე ლევან გორგაძეს გულშემატკივრობენ. საქართველოში მოგზაურობაც ტოშინოჩინის გამო გადაწყვიტეს, იციან, რომ იაპონიაში ცნობილი სუმოისტი საქართველოდანაა და აინტერესებდათ, როგორი ქვეყნიდან იყო მათი საყვარელი სპორტსმენი. მართალია, საქართველოში სუმოს დიდი გულშემატკივრები ვერ იპოვეს, თუმცა ამბობენ, რომ თუნდაც აქაური სამზარეულოს აღმოსაჩენად ღირდა ჩამოსვლა. მიკა ტოკიოდანაა, ტაკაშიმა – იოკოჰამადან.
მიკა ინუ და კენტარუ ტაკაშიმა
მიკა: „სუმოს გულშემატკივრები ვართ. ტოჩინოშინი (იგივე ლევან გორგაძე) ჩვენი ფავორიტი სუმოისტია. საქართველო მისი სამშობლოა და ამიტომ დავინტერესდით აქაურობით. გვეგონა აქ სუმოთი ბევრი ადამიანი იქნებოდა დაინტერესებული, თუმცა ასე არ აღმოჩნდა, არადა, იმპერატორის თასის მფლობელი ტოჩინოშინი საქართველოდანაა! სუმოში ეს ძალიან მნიშვნელოვან ჯილდოდ ითვლება“.
მიკამ და ტაკაშიმამ ერთმანეთი ტაილანდში გაიცნეს. მიკა ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა, კენტარუ ამავე სასტუმროში მეგობართან ერთად იყო ჩამოსული. სულ ორი კვირა იცნობდნენ ერთმანეთს. მერე მიკა კამბოჯაში წავიდა სამუშაოდ, ტაკაშიმამ სამი თვე იმოგზაურა ტაილანდში და მიკას კამბოჯაში ჩააკითხა, მას მერე ერთად მოგზაურობენ. ორი წელია ერთ ადგილზე ექვს თვეზე მეტხანს არ გაჩერებულან.
ყველაზე დიდხანს ინდოეთში დარჩნენ, თუმცა როგორც მიკა ამბობს, ენობრივი ბარიერის გამო იქ ყოფნა რთული იყო, მაგრამ ამავე დროს სასიამოვნოც.
მიკა ინუ: „ერთ ქართულ რესტორანში მენიუ მხოლოდ ქართულ ენაზე იყო და ვერაფერი გავიგეთ. ასე იყო ინდოეთშიც. ექვსი თვე გავატარეთ იქ. მხოლოდ ადგილობრივ დიალექტზე მეტყველებდნენ და ძირითადად ჟესტებით ვაგებინებდით ერთმანეთს. კამბოჯაშიც სამი თვე გავატარე და იშვიათად იპოვიდი ვინმეს ინგლისური რომ იცოდა, ენობრივი ბარიერი დიდი პრობლემაა მოგზაურობისას, მაგრამ დაძლევ“.
მიკა ინუ ახალ ზელანდიაში
ტაკაშიმა ამბობს, რომ ქვეყნებს შორის, სადაც იმოგზაურეს, ყველაზე ძალიან ტაილანდი მოეწონა, ორი მიზეზის გამო: კერძები აქვთ უგემრიელესი და იაპონურ ფასებთან შედარებით ძალიან იაფიც, თან აქ ბევრი ადგილია, სადაც ინსტრუმენტზე დაუკრავს. ტაკაშიმას დასარტყამ ინსტრუმენტს Gank Drum-ი ჰქვია. როგორც წყვილი გვეუბნება ეს ინსტრუმენტი ერთმა იაპონელმა გამოიგონა ორი წლის წინ და ძალიან ცოტამ იცის მის შესახებ. ტაკაშიმა მოგზაურობისას Gank Drum – ზე უკრავს შესაფერის ადგილებში და ასე უწევს ახალ ინსტრუმენტს პოპულარიზაციას.
Gank Drum – ს მედიტაციური დანიშნულება აქვს და ინსტრუმენტზე დასაკრავად წყვილი ყველგან მშვიდ ადგილს ეძებს, რაც არც ისე მარტივია. ბათუმში მათ შესაფერისი ადგილი ვერსად იპოვეს და ქალაქის დატოვებას მალევე აპირებენ. აქ სულ სამი დღით რჩებიან და მერე თბილისის დათვალიერებას გეგმავენ. ტაკაშიმა ფიქრობს, რომ ბათუმი ძალიან გადატვირთული ქალაქია დიდი მანქანებით და ეს ძალიან არაკომფორტულია პატარა ქალაქისთვის.
Gank Drum – ზე დასაკრავად, როგორც ვთქვით, მშვიდი ადგილი და პარალონის გასაშლელი სივრცეა საჭირო, რაც მალევე ვიპოვეთ „ბათუმელების“ ოფისში. სამზარეულოს იატაკზე მოკალათებულმა ტაკაშიმამ პირველად მოგვასმენინა Gank Drum-ის სასიამოვნო ხმა.
ტაკაშიმა: „ვწერ, ვმოგზაურობ და ვუკრავ. ვწერ ყველაფერზე, რაც მოგზაურობისას ახდენს ჩემზე შთაბეჭდილებას. ფულს დაკვრით გამოვიმუშავებ. რასაც ვწერ, ქინდლის ვებგვერდზე ვაქვეყნებ. სამკაულებსაც ვამზადებ და გზადაგზა ვყიდით“.
მიკა ინუ: „მოგზაურობა მაძლევს იმას, რასაც ცხოვრების ყველაზე დიდ ფასეულობად ვთვლი – ახალ, განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობების შესაძლებლობას. სულ რაღაც ოთხი დღით ვართ ბათუმში და აი, შევხვდით, ვსაუბრობთ. ეს მომწონს. როცა ქუჩაში ვუკრავთ, ბევრი ადამიანი მოდის, გვესაუბრება, ვცვლით ამბებს. ჩემთვის თავისუფლება ურთიერთობაა. როცა ყველანაირ ადამიანს შეგიძლია ეკონტაქტო, მთავარი სიამოვნება და მოგზაურობის მიზეზი ჩემთვის ეს არის“.
მიკა ინუ და კენტარუ ტაკაშიმა მეგობრებთან ერთად
მიკა ინუ და კენტარუ ტაკაშიმა მეგობრებთან ერთად
ტაკაშიმა: „ჩემთვის ყველაზე მთავარი რამ დროა, რაც იმისთვის მჭირდება, რომ გამოცდილება დავაგროვო და არა ფული რაღაცების საყიდლად. გამოცდილებაა, მაგალითად ის, რომ დამილევია ქართული, შავი ღვინო და გამისინჯავს ხინკალი, გამოცდილებაა ისიც, რომ რომელ ქვეყანაშიც არ უნდა გავიგონო სიტყვა „მადლობა“ და „გამარჯობა“, მივხვდები, რომ ეს ქართულია. გამოცდილებაა ის, რომ აქ შემთხვევით აღმოვჩნდი, ვუკრავ და შენ ეს მოგწონს.
იაპონიაში ადამიანების ძირითადი საფიქრალი ფულის გამომუშავებაა. უმრავლესობა გადაჩვეული ფიქრს. მართალია, იაპონური რობოტების აღზევების დასაწყისში ვცხოვრობთ, მაგრამ ვისურვებდი ადამიანები მეტად მგრძნობიარეები იყვნენ და ერთმანეთზეც იფიქრონ, მანქანებზე, სახლებზე და ყოველდღიურ საჭიროებებზე მეტად. თუმცა უნდა ითქვას, რომ იაპონური ტექნოლოგიები მსოფლიოში საუკეთესოა. იაპონურ რობოტებს შეუძლიათ კორპორაციების მუშები თავისუფლად ჩაანაცვლონ. ეს უკვე შესაძლებელია, თუმცა ამას მოჰყვება უამრავი ადამიანის უმუშევრობა, გონების გამოთავისუფლება რუტინული შრომისგან, რისიც მთელ მსოფლიოს ეშინია. რობოტებით მექანიკური სამუშაოების ჩანაცვლება ორ ურთიერთსაპირისპირო რამეს გამოიწვევს: პირველი რეაქცია იქნება პანიკა და შიში, უმოქმედობისა და უსარგებლობის შეგრძნება მსოფლიოში, თუმცა მეორე მხრივ, უაზრო შრომას შეცვლიან მანქანები და ადამიანის გონება განვითარების სხვა საფეხურზე გადავა“.
კენტარუ ტაკაშიმა
წყვილი საქართველოდან გერმანიაში აპირებს გამგზავრებას, შემდეგ ამსტერდამში, ტაილანდში და ბოლოს იაპონიაში, სადაც მხოლოდ სამ თვეს დარჩებიან, მერე კი მოგზაურობას გააგრძელებენ.
ტაკაშიმას და მიკას ტელეფონი მხოლოდ ინტერნეტისთვის აქვთ. არ აქვთ ნომერი, რომელზეც მათთან დაკავშირება იქნებოდა შესაძლებელი. თან მხოლოდ ფოტოაპარატს, საძილე ტომრებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებსა და კარავს ატარებენ. როცა ვეკითხები, რამდენ ხანს გეგმავენ მოგზაურობას, ეღიმებათ და მპასუხობენ, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ მოგზაურობისთვის ემეტებათ.
იაპონელი ტურისტები ბათუმში ხანგრძლივად იშვიათად ჩერდებიან. რა დარჩება ქალაქს მიკას და ტაკაშიმას რამდენიმედღიანი სტუმრობის შემდეგ? ალბათ ეს პატარა ფურცელი, რომელზეც იაპონურად წერია „ბათუმი”.
26 წლის ნათია ჩაგანავა ერთი თვეა კომაშია. ოჯახის ინფორმაციით, ნათია 11 აპრილს, საკეისრო კვეთის შემდეგ კომაში ჩავარდა და დღემდე მისი მდგომარეობა კრიტიკულია. უკვე რამდენიმე დღეა ოჯახი მის უცხოეთში წასაყვანად თანხას აგროვებს და დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.
ნათიას მეუღლე, ჯემალ ჩხაიძე ამბობს, რომ თანხის ნაწილის შეგროვება მოხერხდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის:
„ტვინის მოგრძო ღეროა გაჭედილი. მიზეზს, რა მოხდა, ვერავინ გვეუბნება. აქ გადარჩენის შანსს ვერ გვაძლევენ, ველაპარაკეთ თურქეთში კლინიკას, გვეუბნებიან, რომ არის შანსი. 54 200 დოლარი ღირს მკურნალობა, მათი რეანომობილით უნდა ჩამოვიდნენ და გადაიყვანონ.
ხვალ ჯანდაცვის სამინისტროსგან ველოდებით პასუხს თანხაზე. ახლა 24 000 ლარია შეგროვებული, ადამიანები დამეხმარნენ, ზოგმა ერთი ლარი ჩარიცხა, ზოგმა ორი, სამი, ათი… თუმცა არც ესაა საკმარისი. ეს ჩვენი პირველი ბავშვია“ – ამბობს ჯემალ ჩხაიძე.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროპროექტების მართვის ცენტრის მიერ 48 ტონა ნივრის სათესლე მასალის შემოტანაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანიამ ფასი- 525 600 ლარი დააფიქსირა, ხელშეკრულება კი მასთან 620 208 ლარზე გაფორმდა. სატენდერო თანხა 528 812 ლარი იყო.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სატენდერო კომისია წინასწარ შეთანხმდა, რომ „კარგი იქნებოდა ტენდერი გამოცხადებულიყო დღგ-ს გარეშე და თუ გამარჯვებული პრეტენდენტი ხელშეკრულების გაფორმების მომენტში დღგ-ს გადამხდელი იქნებოდა, მას დაემატებოდა დღგ-ს თანხა“.
ტენდერში მხოლოდ შპს „ქართული მოცვი“ მონაწილეობდა, რომელიც 2014 წელს ქობულეთშია დარეგისტრირებული და მისი დირექტორი და 100% წილის მფლობელი ავთანდილ აბაშიძეა.
ხელშეკრულების მიხედვით, „ქართული მოცვი“ ვალდებულია, „ლუბაშას“ ჯიშის ნივრის სათესლე [სარგავი] მასალა 2018 წლის პირველი სექტემბრიდან 2018 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში, აგროპროექტების მართვის ცენტრის მოთხოვნიდან არაუმეტეს 20 კალენდარულ დღეში შემოიტანოს. კომპანია ნიორს უკრაინიდან შემოიტანს.
ნივრის სათესლე მასალას ფერმერებს თანადაფინანსების წესით გადასცემენ. ფერმერი ნივრის ფასს, სავარაუდოდ, ტენდერით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის ოდენობით გადაიხდის.
სამინისტროს „ნივრის პროგრამა“ გასულ წელს ჩაუვარდა. ნივრის შესასყიდი თანხა კი, როგორც სამინისტროში განაცხადეს, სხვა პროგრამებზე გადაანაწილეს.
პროგრამის ჩავარდნის მიზეზად „აგროპროექტების მართვის ცენტრმა“ არშემდგარი და შეწყვეტილი ტენდერები დაასახელა. 48 ტონა ნივრის სათესლე მასალის შესაძენად შარშან 624 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.
„აქით ხომ არ მომედავება პროკურატურა, თუკი მას ფარულ ჩანაწერს მივაწოდებ?“ – კითხულობს მოქალაქე, რომელიც პროკურატურისთვის სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას აპირებს. მოქალაქე ამბობს, რომ მან ტელეფონის ხმის ჩამწერი პროგრამის გამოყენებით ჩაიწერა საუბარი, რაც სავარაუდო თაღლითობის შემთხვევას აღწერს.
ფარულად საუბრის ჩაწერა დანაშაულია. დანაშაულია ამ საუბრის გამოქვეყნებაც, თუმცა არსებობს გამონაკლისი – თუკი თქვენ დანაშაულის მხილებას ცდილობთ, ჩანაწერის გაკეთება დასაშვებია – განმარტავენ იურისტები.
იურისტი, საია-ს აჭარის ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი განმარტავს, რომ ფარული ჩანაწერის გაკეთება დასაშვებია, თუ ეს თავდაცვის ეფექტური საშუალებაა, ხოლო ჩანაწერის, როგორც მტკიცებულების კანონიერებაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს.
„თუ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ზიანი შეიძლება მიადგეს პირს და მისთვის თვითდაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება ფარული ჩანაწერის გაკეთებაა, მაშინ მას ამის უფლება აქვს. ამ გზით მოპოვებული მტკიცებულება აუცილებლად უნდა მიეწოდოს სამართალდამცავ ორგანოებს. რაც შეეხება მესამე პირთა მიერ ფარული ჩანაწერის განხორცილებას დანაშაულში მონაწილე პირთა მხილების მიზნით, თითოეული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად და ნებისმიერი ამ ფორმით მოპოვებული მტკიცებულების კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ შინაარსობრივად,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა.
ფარული ჩანაწერის გაკეთება ფარული საგამოძიებო მოქმედებაა და ამის უფლება კანონით მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებს აქვთ. თუკი საგამოძიებო ორგანო ვინმესთვის ფარულად მიყურადებას აპირებს, სასამართლოს ნებართვა უნდა მოიპოვოს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კი, პროკურორის დადგენილება უნდა გამოიცეს. ამ შემთხვევაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება სასამართლომ უნდა დაადასტუროს.
დღემდე კამპანია „ეს შენ გეხება“ ფარული მოსმენების კუთხით არსებულ კანონმდებლობას აპროტესტებს. კამპანიას მიაჩნია, რომ სუს-ს ნებისმიერ დროს შეუძლია ნებისმიერი მოქალაქისთვის მოსმენა და ამას არაფერი აფერხებს. ამ კუთხით არსებული სამართლებრივი ნორმების კონსტიტუციურობას საკონსტიტუციო სასამართლო უკვე განიხილავს.
გიორგი ხიმშიაშვილი, იურისტი: „საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება მინიჭებული აქვთ საგამოძიებო ორგანოებს. ამ უფლების კერძო პირების მიერ განხორცილებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების გაუმართლებელი ხელყოფა და მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრება, მაგრამ ცალსახა აკრძალვა იმაზე, რომ კერძო პირებმა დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არ ჩაიწერონ და არ მიაწოდონ საგამოძიებო ორგანოებს, ვერ იქნება მართებული. საზოგადოება ვალდებული და უფლებამოსილია, დანაშაულის შესახებ ინფორმაცია სამართალლდამცავ ორგანოებს მიაწოდოს“.
ბათუმის მერის მიერ დაანონსებული ინდუსტრიული/საწარმოო ბიზნესცენტრი იმ ოთხწლიანი პროგრამის ნაწილია, რისთვისაც ბათუმის ბიუჯეტიდან 6-მილიონამდე ლარი დაიხარჯება. პროგრამის დეტალებზე მერიაში არ ლაპარაკობენ. პროგრამაში აღნიშნულია, რომ ის ახალი ა[ა]იპ-ის – ბიზნესინკუბატორის შექმნას ითვალისწინებს. რითი ასაბუთებს ბიზნესინკუბატორის შექმნის აუცილებლობას ქალაქის მერი და რამდენად შეუწყობს ის ხელს ბიზნესის განვითარებას? – „ბათუმელები“ ამ კითხვებზე განმარტების მიღებას მას შემდეგ ცდილობს, რაც ლაშა კომახიძემ ამ პროექტის შესახებ საჯაროდ განაცხადა. პასუხი ქალაქის მერისგან ამ დრომდე ვერ მივიღეთ.
სპეციალისტები კი ამბობენ, რომ ასეთი პროგრამის განხორციელებას აუცილებლად უნდა უძღოდეს წინ შესაბამისი კვლევა, პროგრამის შეფასება კი ამ კვლევაზეა დამოკიდებული. მერიამ კვლევებით უნდა დაადასტუროს, რომ პროგრამა მომგებიანია.
შესაბამისი კვლევა ბათუმის მერიისგან ვერ მივიღეთ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი კვლევა მერიას არც აქვს, ვინაიდან ბათუმის მოქმედი მერი თავისი უფლებამოსილების განხორციელებას 2017 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში შეუდგა, პროგრამა კი საკრებულომ აქედან თვენახევარში დაამტკიცა. ამასთან, მერიაში გვითხრეს, რომ პროგრამის დეტალებზე ახლა მუშაობენ.
„ბიზნესინკუბატორის იდეის განხორციელებამდე მნიშვნელოვანია ჩატარებულიყო კვლევები. რეალურად ეს არის იჯარით გასაცემი ფართობები – მუნიციპალიტეტი უგვარებს კომუნიკაციებს, შეიძლება თანხა დაიხარჯოს ტრენინგ-კონსულტაციებისთვისაც და დანარჩენი უკვე ბიზნესზეა დამოკიდებული. კვლევამ უნდა აჩვენოს, ესაჭიროება თუ არა ბიზნესს ასეთი მიმართულებით განვითარება; რომელი კატეგორიის და რომელი ბიზნესი უნდა განთავსდეს იქ; რამდენად მისაღებია ინკუბატორის ადგილმდებარეობა ბიზნესისთვის და მისაღები იქნება თუ არა შეთავაზებული ფასები“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ეკონომისტი ტიტე აროშიძე.
პროგრამის მიხედვით, ბიზნეს ინკუბატორის შესაქმნელად წელს 75 ათასი ლარი დაიხარჯება. ამ კუთხით რაიმე კვლევა პროგრამაში არ არის ჩადებული, თუმცა ცალკე 40 ათასი ლარია გათვალისწინებული საერთაშორისო ბიზნეს ცენტრის [საერთაშორისო ბიზნეს ინკუბატორის] მოდელის შემუშავებისთვის. ასეთი ბიზნეს მოდელი, ანუ კვლევის დოკუმენტი მერიამ მიმდინარე წლის ივლისამდე უნდა შეიმუშაოს.
„კარგია, თუ ასეთი კვლევა პროგრამაში ჩადებულია. თუმცა, ამ კვლევამ შესაძლოა გვაჩვენოს, რომ ჩვენ არ უნდა წავიდეთ ბიზნეს ინკუბატორის აშენების კუთხით. ამიტომ უნდა იყოს წინასწარ კვლევა, ვიდრე ააშენებ“, – ამბობს ტიტე აროშიძე.
ბათუმის მერიამ ბიზნესცენტრის დაპროექტება კვლევის გარეშე უკვე დაიწყო მდინარე ჭოროხის პირას, ე.წ. სამრეწველო უბანში, რისთვისაც 50 ათასი ლარია გათვალისწინებული. სპეციალისტის თქმით, ადგილმდებარეობაც კვლევის შედეგად უნდა განსაზღვრულიყო.
ტიტე აროშიძის თქმით, შეგვიძლია დავუშვათ, რომ მერიას სხვა ადგილი არ აქვს გარდა შემოთავაზებულისა, მაგრამ იქ სპეციფიკური ბიზნესი თუ მივა: „ისმის კითხვა – აწყობს ქალაქში არსებულ ბიზნესს იქ გადასვლა? – იქ შეიძლება მცირე საწარმო, შემდუღებელი, საზეინკლო საამქროები და სასაწყობო მეურნეობები გადავიდეს, რასაც ქალაქში ვერ გააკეთებ. ამ მხრივ შესაძლოა კარგიც იყოს – იურიდიულ, ბუღალტრულ კონსულტაციებსაც თუ ითვალისწინებს, ვინაიდან არ იციან სახელმწიფოსთან ურთიერთობა და ხშირად ვარდება ბიზნესი. მაგრამ ეს კვლევის საფუძველზე უნდა გაკეთდეს, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას“.
რამდენად პრიორიტეტულია ბიზნესინკუბატორის შექმნა დღეს ბათუმის მერიისთვის, როცა ქალაქში არაერთი პრობლემაა თუნდაც გზების, ტროტუარების, იგივე შემოერთებული ტერიტორიებზე საკანალიზაციო თუ წყლის სისტემის არარსებობის გამო?
„ნამდვილად საჭიროა პრიორიტეტების დალაგება. თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემაა ისიც, რომ ვერ ვითარდება ქალაქში მცირე და საშუალო ბიზნესი. ფაქტია, ბიზნესები რეგისტრირდება, მაგრამ არ ვითარდება, შესაბამისად, მშპ მინიმალურადაა გაზრდილი. ეს მარტივი დაკვირვებით, თუმცა ეს კვლევამ უნდა გვაჩვენოს – რეალურად ვითარდება თუ არ ვითარდება. ფაქტია, რომ ხელშეწყობა სჭირდება, მაგრამ ერთი მუნიციპალიტეტი, ბათუმის მერია ამას ვერ უშველის. მერიამ შესაძლოა გარკვეულ კატეგორიას, გარკვეულ წილს ამ ბიზნესისას დაეხმაროს“, – აცხადებს ტიტე აროშიძე.
მისივე თქმით, მთავარი უარყოფითი მხარე ამ პროექტისა იქნება ის, რომ თუ ასეთი პროექტი გარკვეული ბიზნესისთვის განხორციელდება მხოლოდ ბათუმში, ის არ მისცემს საშუალებას ანალოგიურ ბიზნესს განვითარდეს, თუნდაც მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებში:
„კი ბატონო, ვაკეთებთ პროექტს ბიზნესის განვითარებისთვის, მაგრამ როცა ბათუმის მერია აკეთებს, ვისთვის აკეთებს – მხოლოდ ქალაქის მოსახლეობისთვის? რა თქმა უნდა, ქალაქის მოსახლეობისთვის. ამით ხელვაჩაურში, ქობულეთში აღარ განვითარდება ის ბიზნესი, რაც აქ იქნება, რადგან ყველა შეეცდება ბათუმში დაარეგისტრიროს თავისი ბიზნესი და ისარგებლოს შეღავათებით. ამას როგორ ვაკონტროლებთ? რა იქნება ინდიკატორი?… იმის განხორციელება, რის განხორციელებასაც ბათუმი აძლევს საკუთარ თავს, სხვამაც მინიმალურ დონეზე უნდა შეძლოს. ამიტომ, ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნებოდა თავის თავზე აეღო და ასეთი პროგრამა აჭარის მთავრობას, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და აჭარის მასშტაბით განეხორციელებინა“.
ბათუმში ერთი ბიზნესინკუბატორი 2009 წლიდან მოქმედებს. ბიზნესინკუბატორი, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირი, გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით დაფუძნდა და სამართავად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. ინკუბატორი აჭარაში შეიქმნა, როგორც საპილოტე პროექტი. მაშინ გაეროს განვითარების პროგრამის აჭარის პროექტების ხელმძღვანელი, ამჟამინდელი ბათუმის მერი ლაშა კომახიძე იყო.
ბიზნესინკუბატორის მოქმედმა ხელმძღვანელმა, კახა შავაძემ „ბათუმელებთან“ სამი თვის წინ განაცხადა, რომ კონკურენცია ინკუბატორში მოხვედრაზე არასდროს ყოფილა. ტიტე აროშიძე კი აცხადებდა, რომ „დღეს ინკუბატორი არის ზედმეტი ტვირთი ნებისმიერისთვის, ვინც ამას გააკეთებს.“
მერიის პროგრამასთან დაკავშირებით კი, ტიტე აროშიძე აცხადებს, რომ „ეს არის სასტარტო პროექტი, ასეთი მუნიციპალიტეტს არ ჰქონია. ხარვეზები იქნება, თუმცა მთავარია დაიწყოს, ისევე როგორც დაიწყო მერიამ, მაგალითად, „იაფი სახლი“ და შემდეგ გამოჩნდა ხარვეზები – რაღაცა უნდა შეიცვალოს, რაღაცა არ უნდა შეიცვალოს… ქალაქის ბიუჯეტში თანხის შედინება პირდაპირპროპორციულია ქალაქში ბიზნესის განვითარებაზე. ამიტომ, კვლევა, როცა კრიტერიუმები იქნება შემუშავებული – როგორ უნდა განვითარდეს ბიზნესი და რა მიმართულებით – ბევრ რამეს დაგვანახებს“.
როგორ დახარჯავს მერია პროგრამისთვის 6 მილიონამდე ლარს?
პროგრამისთვის სულ 5 920 000 ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 5 250 000 ლარი უშუალოდ ინდუსტრიული/საწარმოო ბიზნესცენტრის შექმნას უნდა მოხმარდეს.
პროგრამაში, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა, აღნიშნულია, რომ 2018 წელს განხორციელდება ცენტრის შექმნის საპროექტო სამუშაოები, კერძოდ: გამოყოფილი ტერიტორიის კეთილმოწყობა და საწარმოო შენობების – ბიზნესბოქსების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. ამ სამუშაოების შესყიდვაზე მერიას ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს.
„ქალაქის ეკონომიკური პროფილის გაძლიერება და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამა 2018-2021 წლებში უნდა განხორციელდეს და მოიცავს:
[checklist]
ინდუსტრიული/საწარმოო ბიზნეს ცენტრის შექმნას [სულ 5,25 მილიონი ლარი];
მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების სტიმულირებას [300 ათასი ლარი];
საერთაშორისო ბიზნესცენტრის შექმნის ხელშეწყობას [40 ათასი ლარი];
ფორუმების ორგანიზებას [330 ათასი ლარი].
[/checklist]
პროგრამის მიხედვით, ინდუსტრიული/საწარმოო ბიზნესცენტრი [ინკუბატორი] იქნება კომუნიკაციებით [გზა, წყალი, კანალიზაცია, ელექტროენერგია, გაზი…] უზრუნველყოფილი საწარმოო სივრცეების [ე.წ. საწარმოო შენობების – „ბოქსების“] ერთობლიობა, სადაც დამწყებ ან მოქმედ მცირე მეწარმეს შესაძლებლობა ექნება, განათავსოს წარმოების ხაზი და შეუდგეს მის ოპერირებას სპეციალური შეღავათიანი იჯარის პირობებში…
პროგრამაში აღნიშნულია, რომ „პროექტის ფარგლებში ბათუმის მერიის მხრიდან განხორციელდება ტერიტორიის შერჩევა და პირობიანი აუქციონის წესით გასხვისება საერთაშორისო ბიზნესინკუბატორის მშენებლობისა და ოპერირების უზრუნველსაყოფად. აუქციონის პირობებში გათვალისწინებული იქნება ისეთი სავალდებულო საკითხები, როგორიცაა უცხოელი ინვესტორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დაინტერესება და მოზიდვა, ადგილობრივი კადრების დასაქმება. საერთაშორისო ბიზნესინკუბატორით დაინტერესებულ საერთაშორისო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ შეღავათიანი პირობებით ისარგებლონ კომუნიკაციებით უზრუნველყოფილი საოფისე სივრცით“.
რამდენად კომფორტული და სასიამოვნო საცხოვრებელი გარემო გაქვს მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სახასიათო, ორიგინალური ინტერიერი გექნება სახლში.
ინტერიერის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დეტალი კი ავეჯია. რემონტის დროს ყველაზე დიდ დროს სწორედ ავეჯის მაღაზიებში, სასურველი მოდელის შესარჩევად ვატარებთ.
ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N88, ბათუმი მოლი, მე-3 სართული.
ავეჯის ბაზარი მრავალფეროვანი და კონკურენტულია. საქართველოში წარმოდგენილია როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი პოპულარული ბრენდები და მცირე საწარმოები, რომლებიც ცნობილი ბრენდების კატალოგების მიხედვით ამზადებებენ სასურველი დიზაინის ავეჯს.
ავეჯის სახლი „ბელჰაუსი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანია იმ მომხმარებელთა შორის, რომლებიც უპირეტასობას ანიჭებენ ხარისხს, ფასსა და მრავალფეროვნებას.
ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N88, ბათუმი მოლი, მე-3 სართული.
ავეჯის იმპორტიორი კომპანია „ბელჰაუსი“ უკვე 4 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე. საქართველოში ავეჯი შემოაქვს პოლონეთიდან, იტალიიდან, ბელორუსიდან და უკრაინიდან.
ავეჯის მრავალფეროვან და ხარისხიან არჩევანს სწორედ ამ ქვეყნების წარმომადგენელი 20 სხვადასხვა ცნობილი კომპანია განაპირობებს, რომლებიც სტაბილურად თანამშრომლობენ „ბელჰაუსის“ ქართულ ოფისთან.
ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N88, ბათუმი მოლი, მე-3 სართული.
ბრენდი თბილისში სამი ფილიალითაა წამოდგენილი და ასევე, აქვს ერთი ფილიალი ბათუმში. ყველა ფილიალში წარმოდგენილია ინტერიერისა და ექსტერიერის ავეჯის სრული ასორტიმენტი.
რატომ ბელჰაუსი?
[checklist]
შეგიძლიათ ერთ სივრცეში შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ტიპის როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის ავეჯი. გარდა წარმოდგენილი ვარიანტებისა, შესაძლებელია კატალოგში არსებული სასურველი დიზაინის, ფერისა და ზომის ავეჯის შერჩევა
მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა უმაღლესი ხარისხის ევროპული ავეჯი შეიძინოთ, იხდით ხარისხთან და კონკურენტ მაღაზიებთან შედარებით დაბალ ფასს
წლის ნებისმიერ დროს კოლექციების თითქმის სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება სხვადასხვა სააქციო ფასები – შეიძლება თქვენთვის სასურველი ნივთი იმაზე გაცილებით დაბალ ფასად შეიძინოთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ
სასურველი ავეჯის შერჩევა შეგიძლიათ როგორც ადგილზე, მაღაზიებში, ასევე კომპანიის ფეისბუქ და ვებგვერდებზე, სადაც კოლექციები სრულადაა წარმოდგენილი
შერჩეულ და შეძენილ ავეჯს საქართველოს ტერიტორიაზე სახლში მოგიტანენ უფასოდ, მიუხედავად იმისა, თუ საქართველოს რომელ რეგიონში ცხოვრობთ. შეძენილ ნივთზე მოქმედებს როგორც საბანკო 0%-იანი განვადება, ასევე საგარანტიო მომსახურება. მაღაზიებში ტარდება ნებისმიერი საკრედიტო ბარათი. ბრენდი, ასევე, „უნიქარდის“ პარტნიორია და, შესაბამისად, უნიქარდის მომხმარებელი აქ ავეჯის შეძენის დროს აგროვებენ ქულებს
ფაშიზმზე გამარჯვების დღედ მიჩნეული 9 მაისის აღნიშვნა ბათუმში ხმაურით დაიწყო. დილით ევროპის მოედანზე ე.წ. უკვდავი პოლკის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, გეორგიევსკის ლენტებით გულზე და საბჭოთა სიმბოლიკებით. მათ მსვლელობა ცენტრალური პარკისკენ მემედ აბაშიძის ქუჩის გავლით დაიწყეს. მსვლელობის დასაწყისშივე მარშის მონაწილეებს ენმ-ის წევრები დაუპირისპირდნენ და საბჭოთა სიმბოლიკის მოშორება მოითხოვეს.
ცენტრალური პარკიდან მარშის მონაწილეებმა გმირთა ხეივანში გადაინაცვლეს, სადაც მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანები იყვნენ შეკრებილნი. ხეივანში აჭარის მთავრობას და ბათუმის მერიას დაანონსებული ჰქონდა მისვლა და ვეტერანებისთვის ფაშიზმზე გამარჯვების მილოცვა. სამთავრობო დელეგაცია გმირთა ხეივანში დაგვიანებით, მაგრამ მაინც მივიდა.
მარშის მონაწილეები მთავრობის წევრების მისვლას გმირთა ხეივანში ელოდნენ. ომის ვეტერანებთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ბათუმის მერს და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ისინი გეორგიევსკის ლენტებითა და უკვდავი პოლკის მიერ დამზადებული პლაკატებით დახვდნენ. უკვდავი პოლკის ტრანსპარანტები ეწყო ჟიული შარტავას მემორიალზეც, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს.
ჟურნალისტებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გეორგიევსკის ლენტებთან დაკავშირებით სთხოვეს განმარტების გაკეთება.
“ჩვენ ვემიჯნებით. საქართველოში არსებობს შესაბამისი კანონი და შესაბამისი ორგანოები მიხედავენ. ჩვენ, პირველ რიგში, შევიკრიბეთ, რომ პატივი მივაგოთ ისტორიას, პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, ვინც თავი შესწირა ფაშიზმთან ბრძოლას. მოხუც ადამიანებს იმპერატიულად ვერაფერს ვუბრძანებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს. ჩვენ ვემიჯნებით,” – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ბათუმის მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავას მემორიალთან. მთავრობის წარმომადგენლებს უკვდავმა პოლკმა ომში დაღუპულთა ფოტოებით გაკეთებული ტრანსპარენტები დაახვედრა
რატომ არის მიუღებელი გეორგიევსკის ლენტი
გეორგიევსკის ორფერიანი ლენტის სიმბოლო რუსეთში ეკატერინე მეორიდან იღებს სათავეს. თავდაპირველად ამ ლენტს მეზღვაურები ატარებდნენ. 2005 წლიდან “რია ნოვოსტის” ინიციატივით, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული აქცია, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების დღეს გეორგიევსკის ლენტის გავრცელებას ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყანაში. ბოლო პერიოდში მსგავსი ლენტები საქართველოშიც გამოჩნდა, რასაც საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს და მას ოკუპაციის სიმბოლოსთან აიგივებს, რადგან მისი მხარდამჭერი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია.
რაც შეეხება აქციის ორგანიზატორებს. “უკვდავი პოლკის” აქცია პირველად 2012 წელს იყო ინიცირებული რუსი ჟურნალისტების მიერ. ოფიციალური ინფორმაციით, ეს არაკომერციული და არაპოლიტიკური მოძრაობაა. თუმცა, მასში ყოველ წელს მონაწილეობენ რუსი მაღალჩინოსნები, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
80 ოჯახი, რომლებიც თვითნებურად დაკავებულ მიწის ფართობს ან შენობას ფლობენ და ამ შენობაში ცხოვრობენ, ამავე ქონებას საკუთრებაში მიიღებენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, ეს ქონება პირდაპირი განკარგვის მიზნით, მოსარგებლეებზე გადასაცემად, მუნიციპალიტეტებს მოსთხოვა.
ეს საკითხი ბათუმის საზღვრებში არსებულ ნაკვეთებსა და ფართობებთან მიმართებაში ბათუმის საკრებულომ უკვე განიხილა და მხარი დაუჭირა.
ამჯერად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის საკრებულოს მერიას მიმართა. მერიამ შესაბამისი განკარგულების პროექტი საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინა. პროექტის დანართი მოიცავს იმ მოსარგებლეების სახელობით სიას, რომელთა საკითხიც თვითნებურად დაკავებული ფართობის დაკანონებასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობაში უკვე განიხილეს და ქონების გადაცემა მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
დანართი მოიცავს როგორც ბათუმის, ასევე ხელვაჩაურისა და ქობულეთის მონაცემებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ მთავრობა აქტიურად განიხილავს ახალი სამინისტროების შექმნის საკითხს. აჭარის ახალი კონსტიტუცია საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო. კონსტიტუციის ახალი რედაქცია კი, აჭარის რეგიონში ახალი სამთავრობო უწყებების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
რომელი სამინისტროების შექმნას აპირებს აჭარის მთავრობა – ამ თემაზე „ბათუმელებმა“ შეკითხვა ზურაბ პატარაძეს გმირთა ხეივანში დაუსვა, სადაც აჭარის მთავრობის მთავრობის თავმჯდომარემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა.
„არ გამოვრიცხავ, რომ გაიზარდოს სამინისტროების ოდენობა. წინასწარ ვერ გეტყვით ზუსტ ინფორმაციას, მაგრამ აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს… სადღაც შესაძლებელია ოპტიმიზაცია მოხდეს, სადღაც შესაძლებელია იყოს დაჯგუფება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ახალი სამინისტროების გაჩენა,“ – გვითხრა ზურაბ პატარაძემ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ახალი სამინისტროების შექმნას ტურიზმის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით აპირებს აჭარის მთავრობა. ზურაბ პატარაძემ არ დაგვიკონკრეტა, კონკრეტულად რომელი სამინისტროების შექმნა განიხილება.
ზურაბ პატრაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: „აქცენტები გაკეთდება იმ მიმართულებებზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქალაქისთვის, ქვეყნისათვის და ზუსტად ეს იქნება პრიორიტეტი. აქ არ იქნება სუბიექტური გადაწყვეტილება. ჩვენ ობიექტურად ვიმსჯელებთ, პირველ რიგში, რა არის აუცილებელი, სად გვჭირდება გაძლიერება, სად გვჭირდება დამატებითი ძალები და, შესაბამისად, აქედან გამომდინარე, იქნება გადაწყვეტილება მიღებული. გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მივიღებთ.“
აჭარის მთავრობას დღემდე ოთხი სამინისტრო აქვს. სამინისტროების რაოდენობის გაზრდის უფლება მას შემდეგ მიეცა აჭარის მთავრობას, რაც აჭარის კონსტიტუციაში ბოლო ცვლილები შევიდა.
მთავარ ფოტოზე: ზურაბ პატარაძე. მანანა ქველიაშვილის ფოტო.
„რასაკვირველია, ევროპაშია საქართველოს მომავალი,“ – ამბობს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი სერგო ტაბაღუა. მას ბათუმში, გმირთა მოედანზე ვესაუბრეთ, სადაც დღეს ომის ვეტერანებს 9 მაისი მიულოცეს. ომის ვეტერანებმა დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს მეორე მსოფლიო ომის წლები. მოედანზე იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გეორგიევსკის ლენტებიც ეკეთათ და რუსეთის მიმართ ნოსტალგიას ღიად გამოხატავდნენ. ომის ვეტერანს, სერგო ტაბაღუას, „ბათუმელები“ ესაუბრა არა წარსულზე, არამედ მომავალზე. მას ვკითხეთ, თუ სად ხედავს ის საქართველოს მომავალს.
„ევროპა იხსნის საქართველოს. მსოფლიოს მონაპოვარი არის ევროპა. ეს ასეა. მართალია, ცივილიზაცია იწყება აღმოსავლეთიდან, მაგრამ ევროპამ იმდენი რამე გააკეთა, რომ მსოფლიო იხსნა. ნატოში გაწევრიანებაც აუცილებლად უნდა მოხდეს, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ჩვენი მეზობელია, მასთან საერთო ენა უნდა გამოვნახოთ… რუსეთი წინააღმდეგია, რომ ჩვენ ნატოს წევრი გავხდეთ, მაგრამ მალე მოვა დრო და რუსეთიც იმავე გზას დაადგება, რასაც ჩვენ ვადგავართ ახლა. მსოფლიო აიძულებს ამას.
პირველ რიგში, ჩვენ საერთო ენა უნდა გამოვნახოთ დაკარგულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხთან. ისინი უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ცხოვრება შეგვიძლია, რომ ეკონომიკა გვაქვს და ეს არ უნდა დაუმორჩილოთ სხვის ბიუჯეტს,“ – გვითხრა ომის ვეტერანმა, სერგო ტაბაღუამ.
„მომავალი არის რუსეთში, რადგან ის ჩვენთან ახლოსაა, ევროპა – შორს,“ – ეს ომის სხვა ვეტერანებმა გვითხრეს. სერგო ტაბაღუა მიიჩნევს, რომ ასეთი ხედვა სწორი არ არის.
სერგო ტაბაღუა: „არ არის ეს სწორი. დღეს უკვე შორს და ახლოს ეს საკითხი მსოფლიოს აღარ ადარდებს, განვითარების იმ დონეზე ვართ ახლა. ჩემი შვილიშვილი, მაგალითად, ბულგარეთში მუშაობს, მენეჯერია იქ საუკეთესო სასტუმროში. მირეკავს იქედან ხშირად, ბაბუა, ნუ გეშინია, ყველაფერი რიგზე იქნება და ჩვენც ისე ვიქნებით, როგორც ახლა ევროპელები არიანო.
მე მჯერა, რომ ჩვენ გავხდებით ევროპის ნაწილი. მე ევროპაში, ბერლინში დავამთავრე ომი. რა იყო საქართველო მაშინ და რა არის დღეს. საქართველო დღეს არის წინ წასული. მე მიხარია, რომ ვიომე სევასტოპოლში, კიევში, პოტსდამში, პოლონეთში, ბერლინში და ამ ომებმა გამოიღო შედეგი. ესე იგი, უშედეგოდ არ მიბრძოლია. მე ვამაყობ, რომ საქართველო ამ სიმაღლეზე ავიდა. გილოცავთ 9 მაისს“.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში მეორე მსოფლიო ომის 24 ვეტერანიღა ცხოვრობს.
დღევანდელ საცხრამაისო ღონისძიებაზე „საქართველოს უკვდავი პოლკის“ გამოჩენამ ომის ვეტერანები ჩრდილში მოაქცია და აქცენტი საბჭოთა სიმბოლიკაზე გადავიდა.
მთავარ ფოტოზე: სერგო ტაბაღუა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი. მანანა ქველიაშვილის ფოტო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარასა და ქალაქ ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან – დროგამოშვებით ხანმოკლე, ძლიერი წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 20 – 25 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 15 – 20 გრადუსი
ღამით: 5 – 10 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე უკვე 16 გრადუსია.
11-12 მაისს აჭარაში მოსალოდნელია ძირითადად მოღრუბლული ამინდი, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა.
ბათუმში 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავი აქციის რამდენიმე მონაწილეს, რომელთაც ე.წ. გეორგიევსკის ლენტი ჰქონდათ გულზე მიმაგრებული, ლენტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მოახსნევინეს.
დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავის აღსანიშნავად “უკვდავი პოლკის” წარმომადგენლებმა მოაწყეს მსვლელობა ბათუმში. მსგავსი აქციის ჩატარება დაგეგმილია თბილისსა და გორშიც.
ფოტო: ჯაბა ანანიძეფოტო: ჯაბა ანანიძე
ჯგუფის წევრებისთვის „გეორგიევსკის ლენტის“ მოხსნა არ უთხოვია საპატრულო პოლიციას, რომელიც ჯგუფს მიაცილებდა. პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.
ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც. მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა გააპროტესტა მსვლელობა საბჭოთა სიმბოლიკით, ეს მცირე ჯგუფი სკანდირებდა „პუტინ ხუილო“.
დღეს, 9 მაისს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, დაახლოებით 100-კაციანი ჯგუფი მარშირებს. ზოგიერთ მათგანს გეორგიევსკის ლენტა აქვს მიმაგრებული მკერდზე. აქციის მონაწილე ერთ-ერთ მამაკაცს, ზურაბ შაინიძეს, სსრკ-ს წარწერიანი მაისური აცვია. მან განაცხადა, რომ მაისურს არ გაიხდის.
პოლიციელებმა უპასუხოდ დატოვეს შეკითხვა, რატომ არ მოსთხოვეს მოქალაქეს საბჭოთა სიმბოლიკიანი მაისურის გახდა. მათ განაცხადეს, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ცდილობენ.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი
ჯგუფს საპატრულო პოლიცია მიაცილებს.
ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც. მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა გააპროტესტა მსვლელობა საბჭოთა სამბოლიკით, ეს მცირე ჯგუფი სკანდირებდა „პუტინ ხუილო“.
აქციის მონაწილეები ახლა ცენტრალური პარკის შესასვლელთან არიან შეკრებილნი.
დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავის აღსანიშნავად “უკვდავი პოლკის” წარმომადგენლებმა მოაწყვეს მსვლელობა ბათუმში. მსგავსი აქციის ჩატარება დაგეგმილია თბილისსა და გორშიც.
თუ ხულოს მუნიციპალიტეტის ცენტრამდე ჩახვედით და ფიქრობთ საით გასწიოთ, აუცილებლად გეტყვიან ადგილობრივები, რომ, პირველ რიგში, სოფელი თაგო უნდა ნახოთ. თაგოს გამორჩეულობის მიზეზი მარტივია: სოფელი ცენტრისგან მოშორებულ მთაზე, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარეობს და დაბა ხულოს 1719-მეტრიანი საბაგირო გზით უკავშირდება.
გზა სულ რვაწუთიანია. თუ მარტო გსურთ საბაგიროთი გადაადგილება და 280 მეტრის სიმაღლიდან ხედებით ტკბობა, გადასვლა-გადმოსვლაში 5 ლარი უნდა გადაიხადოთ. შეგიძლიათ მგზავრების შეგროვებას დაელოდოთ, რომ 20 თეთრად იმგზავროთ. დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ. საბაგირო დღეში 10-15-ჯერ გადადის სოფლამდე.
სოფელი ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული გზით იწყება. გზადაგზა იელი ყვავის. დღისით შეიძლება მშვენიერი ამინდი დაგხვდეთ, მაგრამ მთის დაუწერელი კანონების მიხედვით, საწვიმარი და ბოტები აუცილებლად უნდა გქონდეთ ზურგჩანთაში. უღრუბლო, კრიალა ცა შეიძლება წამში მოიქუფროს და თავსხმაში აღმოჩნდეთ.
თაგოში დაახლოებით 64 ოჯახი ცხოვრობს და ადგილობრივების თქმით, საბაგირო გადასასვლელი რომ არა, აქ 20 კომლიც არ დარჩებოდა. ხულოდან თაგომდე დამაკავშირებელი საბაგირო გზა 1985 წელს გაიხსნა. ხულოს ცენტრიდან თაგომდე დაზიანებული სამანქანო გზაც მიდის, თუმცა ამ გზით მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანები მოძრაობენ. მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება აქ შეუძლებელია.
პირველი, რაც თაგოში თვალში გხვდებათ, ხის ძველი სახლები და ნაკლები ბეტონია. მიხვეულ-მოხვეული ვიწრო ორღობეებიც სულ ხისაა და გგონია, დრო უკან დაბრუნდა, ასი წლით უკან აღმოჩნდი.
„ბათუმს ვიყავ, რაღაცები უნდა მეყიდა, ჩამოველით შუა გზაში და ბაგირი გეითიშა, დავრჩით დილამდის. იანვარი იყო, ქარბუქი, შვიდ საათზე გეითიშა და დილამდის ვიყავით კაბინაში. ჩემი გოგო, მე გამცილებელი და ორიც მეზობელი ვიყავით. რომ შეგვცივდა, ჩავყარე ყველაფერი, რაც ბათუმში მქონდა ნაყიდი: კანფეტები, ტანსაცმელი და წოუკიდეთ ცეცხლი, გვციოდა, რა გვექნა. თლათ დავკვამლიანდით, ყველა დამურვილები ვიყავით. ტირილის სულზე ვიყავ. დილის შვიდამდე ვიყავით შით. არც ტელეფონი იყო, არაფერი. დრუჟოკი გადმეეტანათ საავადმყოფოდან, ჩართეს და გაგვიყვანეს. შიში დამრჩა, წასლა არსათ არ მინდა. ახლა ყველაი მიდის-მოდის, არაფრის ეშინიათ”, – იხსენებს თაგოს მცხოვრები, თინა ბოლქვაძე 90-იან წლებს, როცა შუქი ხშირად ითიშებოდა და საბაგიროც ხშირად ჩერდებოდა.
ახლა საბაგირო უსაფრთხოა და შუქის გათიშვას მგზავრი ვერ გრძნობს, ავტომატურად ირთვება ელექტროგენერატორი. თინა ბოლქვაძის შვილიშვილი თაგოდან ხულოს ცენტრში კვირაში ორჯერ სარგებლობს საბაგიროთი, ცეკვის გაკვეთილებზე დადის.
გაზაფხულზე, ისევე როგორც ყველა სოფელში, თაგოშიც მიწას ამუშავებენ, თუ არ წვიმს, ყველა გარეთაა გამოფენილი და ბოსტანს, ბაღჩა-ბაღებს ბარავს, კაცები და ქალები უზარმაზარი ჭილოფის ქუდებით მუშაობენ, ორღობეებში ქალების გადაძახილ-გადმოძახილი ისმის.
ზოგი სახლის წინ ზის და ფერად-ფერად თოკებს ამზადებს პომიდვრის ნერგების დასამაგრებლად, ზოგიც, უბრალოდ, საკუთარი აივნიდან გაჰყურებს სოფელს.
თაგოში ჩვენი მოგზაურობა იმ დროს დაემთხვა, როცა მთელი სოფლის ბავშვები ხულოში იყვნენ ცეკვის გაკვეთილზე. თუმცა ვიპოვეთ ისინი, ვისაც ცეკვის გაკვეთილს გართობა ურჩევნია. მაგალითად, ნინი სახლის კიბეზე იჯდა როცა გავიცანით, ლერი ძველ, გაუქმებულ მანქანაში იყო გამაგრებული და წარმოსახვით საჭეს მართავდა.
თაგოში ამ ზაფხულს საოჯახო სასტუმროც იქნება. თამაზ ბოლქვაძე 25 წლის მიტოვებულ მამისეულ სახლში დაბრუნდა, შეაკეთა და უკვე ორი წელია აქ საოჯახო კაფეს ამუშავებს.
„მცირემიწიანობის გამო ხობის რაიონში გადავედი საცხოვრებლად. ვაშლი, ატამი, მსხალი, ლეღვი, ვენახი გავაშენე და მინდა შვილებს და შვილიშვილებს რაღაც დავუტოვო. სახლი 25 წელი იყო დაკეტილი, ნადგურდებოდა. შევაკეთეთ, 7-8 წელია დავდივართ, მეურნეობას ვუვლით. მოვფუფულდით და დევიწყეთ საქმე, თავკაციც კი არ გვყავს თაგოში, ჩვენვე უნდა ვუპატრონოთ თავს, ცაში ვართ გამოკიდებული, ღმერთის ანაბარა.
საოჯახო სასტუმროს ვაკეთებთ ხის მასალით და წელსვე ავამუშავებთ. რა ეღირება, ჯერ არ ვიცით, მაგრამ ძვირი არ იქნება. საოჯახო კაფეს უკვე ორი წელია ვამუშავებთ. ტურისტები როცა მოდიან, ეზოში ხილს უფასოდ ვაგემოვნებინებთ, თავად კრეფენ ნაყოფს და ეხალისებათ”, – გვეუბნება თამაზ ბოლქვაძე. თაგოში ცოლთან და შვილთან ერთად ჩამოდის ხობიდან.
საღამოობით თაგოში სულ წვიმს. ბავშვები სოფელში ჯერ ისევ არ დაბრუნებულან ცეკვის გაკვეთილიდან. მათი დატოვებული ეს წითელი ბურთი უპატრონოდ გდია ორღობეში.
„ქობულეთობის“ გადადებისა და, შესაბამისად, უკვე დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების გრაფიკში ცვლილების შეტანის ინიციატივით ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს განათლების, კულტურის, სპორტისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის ხელმძღვანელმა მიმართა. ამის მიზეზად ნათია ნიჟარაძემ „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილი კონცერტი დაასახელა. გარდა ამისა, მან დღესასწაულის დასახელების შეცვლაც მოითხოვა.
„ქობულეთობა“ სეზონის გახსნა შეიცვალოს „ზაფხულის ფესტივალი ქობულეთობა 2018“-ით. ვინაიდან, აღნიშნული ღონისძიება დაგეგმილი იყო ივნისის თვის ბოლო შაბათ-კვირას, კერძოდ 30 ივნისს, ამავე დღეს ,,ბლექ სი არენა“-ზე დაგეგმილია მასშტაბური კონცერტი, რის გამოც, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ღონისძიება გადატანილი იქნას 1 ივლისს – ნაცვლად მეორე კვარტლისა მესამე კვარტალში“, – ნათქვამია სამსახურის უფროსის მოხსენებით ბარათში.
მან მოხსენებით ბარათთან ერთად მერს 2018 წლის კულტურული ღონისძიებების კორექტირების პროექტიც წარუდგინა. მერმა კი, თავის მხრივ, ის განსახილველად საკრებულოში გადააგზავნა.
რას გადაწყვეტს საკრებულო, ეს 10 მაისს სხდომაზე გამოჩნდება.
აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, სსიპ- აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2019-2022 წწ პროგრამის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე ძირითადად საუბარი სააგენტოს მიერ 2019 წლისათვის განსახორციელებელ პროგრამას შეეხო.
პროგრამა : ,,კულტურულიმემკვიდრეობისდაცვა, პოპულარიზაციადაგანვითარება‘’ითვალისწინებს აჭარაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაციას, მუზეუმ-ნაკრძალების ინფრასტრუქტურის მოწყობას, არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას აჭარაში და ძეგლების პოპულარიზაციას და მარკეტინგულ მხარდაჭერას.
პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ განხორციელდება:
[checklist]
ხიხანის აბუსერისძეთა საგვარეულო ციხის რეაბილიტაცია;
ხინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა;
ურბანული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა;
მოეწყობა პეტრას ციხისა და გონიო-აფსაროსის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტუქტურა;
მოეწყობა არქეოლოგიური ექსპედიციები და საინფორმაციო-მარკეტინგული ღონისძიებები;
შპს „ჰავანა“ ქობულეთის მერიისგან აღმაშენებლის გამზირის #279/285-ის მიმდებარედ 1500 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს მასზე მსუბუქი შენობა-ნაგებობის განთავსებისა და ტურისტულ გასართობი კომპლექსის მოწყობის მიზნით ითხოვს. როგორც ქობულეთის მერისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, კომპანია ამ ადგილზე კლუბის, კაფეს, რესტორნის, საბილიარდოს, ღია აუზის, სატრენაჟორო დარბაზისა და ბავშვთა გასართობი კუთხის მოწყობას გეგმავს.
კომპანია ამ ნაკვეთის გასწვრივ, იჯარის წესით, ითხოვს ასევე პლაჟის ნაწილს – შეზლონგების განთავსებისა და საშხაპეების მოსაწყობად.
შპს „ჰავანას“ წარმომადგენლები ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს სთხოვენ, შუამდგომლობა გაუწიოს კომპანიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზემოთ ჩამოთვლილი ქონება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ოცი წლის ვადით რომ გადასცეს იჯარით.
მირიან ქათამაძისთვის გაგზავნილი წერილის მიხედვით, კომპანიის წარმომადგენელი პირობას დებს, რომ ტერიტორიაზე ორი მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ასევე პროფილს ოცი წლის ვადით შეუნარჩუნებს და ადგილობრივებს დაასაქმებს.
მირიან ქათამაძის მიერ საკრებულოს თავმჯდომარისთვის გაგზავნილი წერილის მიხედვით კი, მერია საკრებულოს ქონების გადაცემას ორი წლის ვადით ითხოვს, იჯარის წესით გასასხვისებლად. მიმართვაში ასევე ნათქვამია დაინტერესებული პირის – შპს „ჰავანას“ შესახებ.
ამავე წერილის მიხედვით, მერია ქონების გასხვისებას არა პირდაპირი წესით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შუამდგომლობის საფუძველზე, არამედ ელექტრონულად, პირობიანი აუქციონით აპირებს. ასევე მიწის იჯარით გაცემას აპირებს არა ოცი, არამედ ორი წლის ვადით. ერთ-ერთი პირობა იქნება პლაჟზე მსუბუქი, ასაწყობი კონსტრუქციის განთავსება, სადაც კაფეს გახსნიან.
მერის ინფორმაციით, ნაკვეთის საპრივატიზებო ღირებულება აუდიტმა განსაზღვრა – კვადრატული მეტრი 110 ლარად. მერიამ მიწის ნაკვეთის საწყისი, საპრივატიზებო საფასური – 40 500 ლარი ამის მიხედვით გამოთვალა.
მერიამ საკრებულოს სთხოვა ასევე განსაზღვროს პლაჟის სახით რეგისტრირებული ნაკვეთის, ერთი კვადრატული მეტრის ფასი, რომ უახლეს მომავალში გამოთვალოს საწყისი საიჯარო ფასი და გამოაცხადოს აუქციონი, ზემოთ მითითებული ტერიტორიის გასწვრივ პლაჟის იჯარის წესით გასასხვისებლად.
მერის მიმართვას ქობულეთის საკრებულო 10 მაისის სხდომაზე განიხილავს.
შპს „ჰავანა“ 2012 წელს დაურეგისტრირებიათ საჯარო რეესტრში. კომპანიის ასივე პროცენტს პაატა რეხვიაშვილი ფლობს.
„თუკი სასამართლო დაუშვებლად არ ცნობს ამ სატელეფონო ჩანაწერს, ეს იქნება ფარული მიყურადების წახალისება. ფარული მიყურადება დანაშაულია,“ – ამ სიტყვებით მიმართა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ მოსამართლე ლევან გელოვანს. სატელეფონო ჩანაწერი მთავარი მტკიცებულებაა ბათუმში „ორი ბიჭის მკვლელობის საქმეში“. ამ საქმეზე დღეს, 8 მაისს, წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
საუბარია გასული წლის 5 აგვისტოს ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე. თბილისიდან დასასვენებლად ჩამოსული 19 წლის გიორგი ხაჭაპურიძისა და 25 წლის ზვიად სახლთხუციშვილის ცხედრები ნაქირავებ ბინაში 8 აგვისტოს იპოვეს. განზრახ მკვლელობას გამოძიება ორ პირს ედავება. გამოძიების ვერსიით, მკვლელობა „კისრის არეში ხელის მიჭერის გზით მოხდა“.
ბრალდებულები ნიკა ბახტაძე და რუსლან ბედიევი ბრალს არ აღიარებენ. ისინი თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები არიან.
მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში, გამოძიებას კონკრეტული პირი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მას ერთ-ერთ ბრალდებულთან ფარული სატელეფონო ჩანაწერი ჰქონდა. გამოძიებამ ჩანაწერი ამოიღო.
„ეს პირი, ზურაბ ბერიკაშვილი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია. ფარულ ჩანაწერს სჭირდება მოსამართლის განჩინება, ან პროკურორის დადგენილება. ამ შემთხვევაში არც ერთი იყო და არც მეორე,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე.
მტკიცებულების – ფარული ჩანაწერის სადავოობის საკითხზე პროკურორებმა თქვეს, რომ შემდეგ სხდომაზე დააფიქსირებენ პოზიციას. ამ მოტივით წინასასამართლო სხდომა გადაიდო.
შემდეგ სხდომაზე ფარულ ჩანაწერზე პოზიცია სასამართლომაც უნდა დააფიქსიროს. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ამ საქმეში ფარული სატელეფონო ჩანაწერი.
ადვოკატის თქმით, სატელეფონო ჩანაწერის ნამდვილობაც დასადგენია, თუმცა ჩანაწერში ისმის, რომ კონფლიქტი მამაკაცებს შორის სექსუალური კონტაქტის იძულებას უკავშირდებოდა.
სატელეფონო ჩანაწერის გამო ადვოკატმა დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ლევან გელოვანის აცილებაც მოითხოვა. ამ მოსამართლემ კანონიერად მიიჩნია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება, რაც კონკრეტული პირის მობილური ტელეფონიდან სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ამოღებას გულისხმობდა.
ადვოკატის ამ შუამდგომლობის დაყენების შემდეგ მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა. სასამართლო დარბაზში დაბრუნებულმა ლევან გელოვანმა თქვა, რომ ის შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს.
„კანონი არ კრძალავს იმ მოსამართლის მიერ წინასასამართლო სხდომის ჩატარებას, რომელმაც საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების საკითხი განიხილა,“ – განმარტა მოსამართლემ.
ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. საქმეზე პროკურატურა 117 მოწმის დაკითხვას აპირებს.
დღევანდელ პროცესს გარდაცვლილებისა და ბრალდებულების ახლობლები არ დასწრებიან.
რა იყო მკვლელობის სავარაუდო მოტივი – პროკურორი გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს არ დააკონკრეტა, რა გახდა შელაპარაკების საგანი.
რატომ განხორციელდა ბრალდებულისთვის ფარული სატელეფონო მოსმენა სასამართლოს ნებართვისa და პროკურორის დადგენილების გარეშე? – „ბათუმელების“ ამ შეკითხვას პროკურორმა მოკლედ ასე უპასუხა: „ამას შემდეგ სხდომაზე გაიგებთ“.
კლარა კახაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, უკიდურესად მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. კლარას მეუღლე, მერაბ კახაძე, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
2015 წელს ხულოს მაშინდელმა გამგეობამ კლარას ოჯახს, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, სოციალური პროგრამიდან ათი ათასი ლარი გამოუყო. ამ თანხით ოჯახს ახალი საცხოვრებელი უნდა შეეძინა. თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, საკრებულოს მაშინდელი წევრის, თამაზ ლომიძის დარწმუნებით, გადაწყდა, რომ ის კახაძეებისთვის სოფელში ბამბუკის სახლს ააშენებდა.
ახლა კლარა კახაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, რომ თამაზ ლომიძემ ამ თანხმობის მიცემა მათ აიძულა.
„საკრებულოს წევრი თამაზ ლომიძე მოვიდა ჩვენთან და იძულებით ხელი მოგვაწერინა ბამბუკის სახლის აშენებაზე. ჩემს მეუღლეს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მეურვეობას ამავე სოფლის მცხოვრები თამაზ ართმელაძე უწევდა. როცა გამგეობამ თანხა გამოყო, ეს ფული მეურვის ანგარიშზე დაირიცხა, შემდეგ კი თამაზ ლომიძემ წაიღო. მე დამატებით მივეცი ათასი დოლარი ჩემი დანაზოგი“, – გვეუბნება კლარა კახაძე.
„ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ თანხმობის წერილი, რითაც თამაზ ლომიძემ კახაძეებისთვის განკუთვნილი ათი ათასი ლარის განკარგვა შეძლო, თამაზ ართმელაძისგან ნოტარიულად მიიღო.
მასალა, რისგანაც კახაძეების სახლი უნდა აშენებულიყო
„მე მქონდა ანგარიშიდან თანხის გამოტანის უფლება“, – გვეუბნება თამაზ ლომიძე. ის არ უარყოფს, რომ ათი ათასი ლარის გარდა მან ოჯახისგან და სოფლისგანაც დამატებით მიიღო თანხა.
„ეს ფული არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ეს სახლი დასრულებულიყო“, – ამბობს თამაზ ლომიძე.
„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ დაინტერესდა კახაძეების სახლის მშენებლობით, თამაზ ლომიძე ამბობს, რომ ბამბუკის სახლის იდეა მას ეკუთვნის და ამით თავისი გამოგონების განხორციელებას აპირებდა. „ეს არის ევროპული დონის გამოგონება, ეს გამოგონება აღიარებულია“, -გვეუბნება თამაზ ლომიძე.
როგორც კლარა კახაძის მიერ მოწოდებულ ფოტოებზე ჩანს, სააცხოვრებელი სახლი ამ დროისთვის დაუსრულებელია. აგებულია მხოლოდ სახლის საძირკველი, ამოყვანილია ბამბუკის ოთხი კედელი და გადახურულია.
„თამაზ ლომიძემ მთლიანობაში 16 ათასი ლარი მიიღო, მაგრამ მაინც ამბობდა, რომ ეს ფული საკმარისი არ იყო. სახლი დაუსრულებულ მდგომარეობაში დატოვა და ბათუმში წავიდა. ის იქ ცხოვრობს“, -გვეუბნება მერაბ კახაძის ბიძა, ნოდარ კახაძე.
თამაზ ლომიძის მხრიდან გამგეობის მიერ გამოყოფილი თანხის მიღებას ადასტურებს სოფლის მცხოვრები გურამ კახაძეც, რომელიც იმ დროს სოფლის გამგებელი იყო.
„ჩვენ მოვთხოვეთ ლომიძეს ხარჯთაღრიცხვა, აქვს რაღაც თანხები ჩამოწერილი, მაგრამ ნამდვილად დაიხარჯა თუ არა ეს თანხები და შეესაბამება თუ არა ეს ხარჯი რეალობას, შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაადგინონ, რადგან ყველა შესყიდვას თავისი დოკუმენტი აქვს“, – ამბობს გურამ კახაძე.
ნოდარ კახაძე კი ირწმუნება, რომ თამაზ ლომიძეს ოთხი „ჯეშტისა და ბამბუკის მასალის გარდა, ფაქტობრივად, არაფერი მიუტანია“.
„სახურავი გამგეობამ მისცა ოჯახს, ხის მასალა რაც გამოვიყენეთ, კლარამ თავის სახელზე გამოიტანა ტყიდან ბილეთით. 14 ყუთი ლურსმანი აქვს მაღაზიიდან გამოტანილი და ისიც კლარას სახელზე ნისიად. არ ვიცით, სად დაიხარჯა 16 ათასი ლარი“, – გვეუბნება ნოდარ კახაძე.
სახლი, სადაც ამჟამად კლარა კახაძე და მისი ორი შვილი ცხოვრობენ
თანხის მიზნობრიობაში ეჭვი შეაქვს კლარა კახაძესაც. „ბამბუკის მასალა მოიტანა, რომელიც დატყდა, უვარგისია“, – გვეუბნება ის.
უთანხმოების გაჩენის შემდეგ, ხულოს გამგეობა თამაზ ლომიძეს წერილობით ავალდებულებს, რომ მიტოვებული მშენებლობა დაასრულოს და სახლში საცხოვრებელი პირობები შექმნას.
„დაევალოს თამაზ ლომიძეს სახლის დასრულება, მასში საცხოვრებელი პირობების შექმნა, კერძოდ, კედლების შიგა მხარე მოწყობილი უნდა იყოს სადარბაზოში ბამბუკისგან, საძინებლის შიდა მხარე თაბაშირ-მუყაოს ფილებისგან, ასევე შესაცვლელია იატაკის რამდენიმე ფიცარი, მოსაწყობია ჭერი, ფანჯრები ჩაისმება და მოპირკეთდება ბამბუკისგან, ასევე, კარების ერთი მხარე იქნება ხეში ჩასმული, მეორე მხარე ჩასმული იქნება ბამბუკებში“, – წერია საკრებულოს კომისიის გადაწყვეტილებაში.
განცხადებაში ასევე წერია, რომ პასუხისმგებელ პირს დაევალება „დაპირისპირებული მხარეები გაარიდოს სამშენებლო ობიექტს. მშენებლობის დასრულების ვადად კი განისაზღვროს 2016 წლის 15 ოქტომბერი“.
ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, თამაზ ლომიძეს კახაძეების სახლი მაინც არ დაუსრულებია.
„არ მომცეს ამის საშუალება, რადგან ოჯახი ამბობდა, რომ აღარ უნდოდა ბამბუკის სახლი. გარდა ამისა, მშენებლობაში ხელს მიშლიდნენ „ოცნების“ წარმომადგენლები – გურამ კახაძე, როინ პაქსაძე და ზვიად ძირკვაძე. მე სხვა პარტიიდან ვიყავი არჩევნებზე კანდიდატი და არ უნდოდათ, რომ ჩემი პროექტი დასრულებულიყო. ჩემი იმიჯის შელახვა უნდოდათ“, – ამბობს თამაზ ლომიძე.
მისი თქმით, სწორედ ამ ადამიანებმა დაარწმუნეს კახაძეები, რომ ბამბუკის სახლზე უარი ეთქვათ.
„ბათუმელების“ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას სახლის მშენებლობის პროექტი და კონკრეტული ხარჯთაღრიცხვა, თუ რა დაჯდებოდა სახლის მშენებლობა, თამაზ ლომიძე ამბობს, რომ – არა.
„სოფელში არც ერთ სახლს არ აქვს პროექტი. მე გამომგონებელი ვარ, ეს პროექტი ევროპული დონისაა და გადავწყვიტე, რომ ჩემი იდეა განმეხორციელებინა“, – გვეუბნება ის. თუ რატომ გადაწყვიტა მაინც და მაინც გამგეობის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით საკუთარი პროექტის განხორციელება, – თამაზ ლომიძე ამბობს, რომ ის საკრებულოს წევრი იყო და შესაძლებლობა მიეცა, თანასოფლელს დახმარებოდა.
თამაზ ლომიძე ვერც იმას ასახელებს, რა ჯდება ფინანსურად მისი გამოგონების განხორციელება.
თუკი არ იცოდით, რამდენი ლარი იყო საჭირო პროექტის დასრულებისთვის, რატომ აიღეთ მშენებლობაზე პასუხისმგებლობა? – ვეკითხებით მას.
თამაზ ლომიძე კონკრეტული პასუხის ნაცვლად საუბარს ბამბუკის სახლის ტექნოლოგიურ მნიშვნელობაზე აგრძელებს.
„ბათუმელებმა“ თამაზ ლომიძეს სხვა კითხვებიც დაუსვა. მაგალითად, ის, თუ როგორ მიიღო ფსიქიკური პრობლემების მქონე პირის თანხმობა სახლის მშენებლობაზე. რაზეც მან გვიპასუხა, რომ „ეს თანხმობა საკრებულოში იმიტომ გააკეთებინეს, რომ პირობები არ შეეცვალათ“.
როგორც თამაზ ლომიძე ამბობს, ამ შენობის ასაგებად 16 ათასი ლარი დაიხარჯა
კახაძეები აცხადებენ, რომ როცა მათ თამაზ ლომიძესთან სახლის დასრულებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, სოფელმა ახალი გადაწყვეტილება მიიღო.
„შევიკრიბეთ. ამ შეხვედრას ესწრებოდა სოფლის იმამიც და შევთანხმდით, რომ თამაზ ლომიძე უკან დააბრუნებს სოფლის მიერ გადახდილ ფულს, 4 ათას ლარს. ამას დავუმატებთ 6 ათას ლარს, რომელიც სოფელში შეიკრიბა და კლარას და მის ბავშვებს სხვა სახლს ვუყიდით. თამაზ ლომიძე კი თავის სანახევროდ აშენებულ სახლს წაიღებს“, – ამბობს ნოდარ კახაძე.
სოფლის კრების გადაწყვეტილება ცნობილია თამაზ ლომიძისთვისაც. ის ამბობს, რომ თანახმაა, უკან დააბრუნოს სოფლის მიერ შეკრებილი და მისთვის გადაცემული 4 ათასი ლარი, ხოლო სანახევროდ აშენებული ბამბუკის სახლი ბეღლეთიდან წამოიღოს.
„სად წავიღებ და სახლში, ბორბლებზე დგას“, – გვეუბნება ის.
„ბათუმელების“ კითხვაზე, – აქვს თუ არა უფლება ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულით აშენებული ნაგებობა წაიღოს, რომელიც მას არ ეკუთვნის? – თამაზ ლომიძე ამბობს: „ჩემი კი არ იქნება, როგორც უნიკალურ გამოგონებას, ისე დავდგამ. მე დავასრულებ ამ სახლს და ყველა ნახავს. თუ არ დავასრულებ, მაშინ უკან დავუბრუნებ ფულს გამგეობას.“
ბამბუკის სახლის დასრულება-არდასრულების დავაში სამი წელი გავიდა. მერაბ კახაძე გარდაიცვალა. მისი მცირეწლოვანი შვილები და მეუღლე კი ისევ ავარიულ, ძველ სახლში აგრძელებენ ცხოვრებას.
ხულოს საკრებულოში, „ავარიული სახლების მქონე, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ხელშეწყობის პროგრამის“ ხელმძღვანელი ნარგიზ დეკანაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ გამგეობისგან გამოყოფილი ათი ათასი ლარი პასუხისმგებელმა პირმა, (მერაბ კახაძის მეურვემ) თამაზ ართმელაძემ მიიღო. „რადგან კახაძე იყო შშმ პირი“, – გვეუბნება ის.
ნარგიზ დეკანაძე ასევე ადასტურებს ინფორმაციას, რომ კახაძეებმა სახლის სახურავი გამგეობის სხვა პროგრამიდან მიიღეს და ის არ შედიოდა ათი ათას ლარში.
ბათუმის პორტთან ესტაკადის მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში ესტაკადაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი. პარალელურად, გაგრძელდება სამუშაოები, რომლებიც სექტემბერში დასრულდება.
„ვმუშაობთ იმ კუთხით, რომ უკვე ივლისის დასაწყისში ესტაკადით იმოძრაოს როგორც ბათუმში შემომსვლელმა, ასევე ქალაქის ცენტრიდან გამსვლელმა ავტოტრანსპორტმა. ერთადერთ ხელშემშლელ პირობად, შესაძლოა უამინდობა განვიხილოთ, სხვა შემთხვევაში ესტაკადაზე აღნიშნული დროისთვის ორმხრივი მოძრაობა შესაძლებელი იქნება. მთლიანი სატრანსპორტო კვანძი კი, გეგმა-გრაფიკის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება,“ – გვითხრა ლევან ტრაპაიძემ, მშენებელი კომპანიის „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დირექტორმა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდის მალების, ე.წ. კოჭების ბურჯებზე დალაგება-მიერთებისა და სხვა სამუშაოები. პროექტის მიხედვით, ესტაკადის სიმაღლე – 8,5 მეტრი, ხოლო სიგრძე – 800 მეტრი იქნება. პროექტი ითვალისწინებს ესტაკადის, ასევე, ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი რამდენიმე დამხმარე გზის მშენებლობას.
ესტაკადის მშენებლობის გამო მოძრაობა ბაქოს ქუჩაზე ნებადართულია მხოლოდ ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის ბარცხანიდან გოგებაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო შავშეთის ქუჩის დასაწყისთან [კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ] ბაქოს ქუჩა ქალაქის ცენტრიდან გამსვლელი ტრანსპორტისთვის გადაკეტილია.
ტრანსპორტის მოძრაობის დროებითი სქემა ბათუმში 2018 წლის 17 თებერვლიდან მოქმედებს და ქალაქიდან გამსვლელი ტრანსპორტი ბონი-ბარცხანის გავლით მოძრაობს.
ესტაკადის მოწყობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტთან“ 14 მილიონ 370 ათას ლარზე აქვს გაფორმებული:
ესტაკადის მშენებლობა / ბაქოს ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს ცალმხრივია და ბარცხანიდან ქალაქის მიმართულებითაა დაშვებული / მანანა ქველიაშვილის ფოტოები
ონკოლოგიურ დაავადებათა გამოკვლევებისა და მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის ბათუმში, პუშკინის ქუჩის N141-ში, რამდენიმე თვეა სპეციალიზებული კლინიკა „ნიუ პლაზმა“ გაიხსნა.
კლინიკის დამფუძნებელი და სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელი ონკოქირურგი, მამოლოგი თეიმურაზ გოგიტიძეა.
რატომაა საჭირო ონკოლოგიური პაციენტებისთვის სპეციალური კლინიკის გახსნა? ამ შეკითხვას თეიმურაზ გოგიტიძე პასუხობს:
თეიმურაზ გოგიტიძე
„ის პაციენტები, რომლებიც ზოგადად შეიძლება მივიდნენ ონკოლოგთან, დიაგნოზის დასმამდე ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არიან. დავინახე საჭიროება, რომ სპეციალურად მათთვის უნდა შეგვექმნა განსაკუთრებით კომფორტული გარემო, სადაც მათ არ მოუწევდათ სხვა დაავადებების მქონე პაციენტებთან ერთად უსაშველო რიგში დგომა, რაც ასეთ დროს განსაკუთრებით დამთრგუნველია.
მეორე მხრივ, იმ პაციენტებისათვის, რომლებიც უკვე გადიან მკურნალობის კურსს, ეს იქნება ქიმიოთერაპია თუ სხვა, მეტი ყურადღება და კომფორტია საჭირო, რომ მკურნალობის კურსი წარიმართოს დამატებითი გართულებების გარეშე.“
კლინიკა „ნიუ პლაზმაში“ პაციენტის კონსულტაციაზე ჩაწერა წინასწარ, დარეკვით ხდება და ადგილზე მისული პაციენტი დაყოვნების გარეშე მისთვის განკუთვნილ სივრცეში ხვდება, ეს იქნება გამოკვლევა თუ ქიმიოთერაპია.
ქომიოთერაპიისთვის განკუთვნილი „ჭკვიანი“ სავარძელი და საჭირო თანამედროვე ტექნიკა
ერთი შეხედვით, კლინიკა უფრო კომფორტულ სასტუმროს ჰგავს, ვიდრე სამედიცინო დაწესებულებას. მყუდრო მისაღები, მზრუნველი და პაციენტზე ორიენტირებული პერსონალი, „ჭკვიანი“ სავარძლები, ტელევიზორში საყვარელი გადაცემები – ეს ყველაფერი თანამედროვე სამედიცინო ტექნიკასთან ერთად „ნიუ პლაზმას“ უმაღლესი დონის ონკოლოგიურ კლინიკად აქცევს.
„ნიუ პლაზმაში“ პაციენტს ადგილზე შეუძლია მიიღოს ის ყველა ონკოთერაპიული მომსახურება, რაც როგორც საქართველოში, ასევე ევროპაშია შესაძლებელი.
კლინიკა „ნიუ პლაზმაში“ მიიღებთ შემდეგ მომსახურებას:
[checklist]
მამოლოგია
სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტიკა
ულტრაბგერითი კვლევა
ყველა სახის ბიოფსიური ღონისძიებები
მცირე მანიპულაციები, რომელთა გაკეთებაც ადგილობრივი გაუტკივარებითაა შესაძლებელი
მინიოპერაციები
ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოსტიკა
ექოსკოპია
ბიოფსია
დერმატოონკოლოგია – კანის პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ონკოლოგიური პათოლოგიების ქიმიოთერაპიული მკურნალობა – ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია, სპეციალური პორტების გამოყენება და ა.შ.
[/checklist]
განსაკუთრებულ შემთხვევებში, კვირის განმავლობაში ორ-სამჯერ, კლინიკიდან თბილისისა და ევროპის წამყვანი კლინიკების ონკოლოგებთან ხდება დისტანციური ვიდეოკონსულტაცია და დამატებითი დეტალების დაზუსტება როგორც დიაგნოზის, ასევე დასანიშნი თერაპიული კურსის შესახებ.
„საბჭოთა გამოცდილებიდან გამომდინარე არსებობს დამკვიდრებული წარმოდგენა, რომ კიბოს მკურნალობა უნდა იყოს ძალიან რთული, აუცილებლად უნდა მოჰყვეს გართულებები, პაციენტი საკუთარ თავთან და მკურნალობის კურსთან დარჩეს მარტო.
კლინიკის ვიწრო პროფილი იძლევა საშუალებას, თითოეულ პაციენტზე საჭიროების შემთხვევაში სრული გუნდი ზრუნავდეს
თანამედროვე დროში ამ დაავადების მკურნალობა და პროცესის მართვა გაცილებით ადვილია, ვიდრე სხვა პათოლოგიებთან გამკლავება. თუ პაციენტს არ ჰქონდა გართულება, გულისრევა და ა.შ., მიიჩნევენ, რომ დაბალხარისხიანი მომსახურება მიიღეს. არადა, პირიქითაა, ზუსტად შერჩეული, მაღალი ხარისხის, შესაბამის დროში და დოზებით გახსნილი წამლით და საჭირო დამხმარე მედიკამენტებით მკურნალობის შემთხვევაში ხშირად ყოველგვარი გართულებების გარეშე მიმდინარეობს პროცესი. სპეციალიზებული კლინიკა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თითოეულ პაციენტზე მთელი გუნდი ვიყოთ ორიენტირებული კლინიკაში თუ მის გარეთ, მუდმივად გვქონდეს მასთან სატელეფონო თუ პირადი ურთიერთობა, რაც განაპირობებს მკურნალობისა და მომსახურების მაღალი ხარისხით წარმართვას,“-ამბობს თეიმურაზ გოგიტიძე.
ხარისხისა და პაციენტის დაცვისთვის კლინიკაში დამონტაჟებულია ვიდეოკამერით აღჭურვილი ქიმიოთერაპიის გამწოვი კარადა, რომლის საშუალებითაც პაციენტს შეუძლია აკონტროლოს მისთვის განკუთვნილი წამლის გახსნისა და გაზავების პროცესი, რაზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მკურნალობის წარმატებული კურსი. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია დაინტერესებულმა პაციენტმა განმეორებით გადაამოწმოს და დარწმუნდეს, რამდენად შესაბამისი და ხარისხიანი მომსახურება მიიღო.
ვიდეოკამერით აღჭურვილი ქიმიოთერაპიის გამწოვი კარადა, რომლის საშუალებითაც პაციენტს შეუძლია აკონტროლოს მისთვის განკუთვნილი წამლის გახსნისა და გაზავების პროცესი
დიაგნოსტიკისა და თერაპიული მომსახურების საწყის ეტაპზე ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები თითქმის სრულად აფინანსებს ყველა პროცედურას. „ნიუ პლაზმა“ ჩართულია ყველა სახელმწიფო პროგრამაში.
ქობულეთის მერია რუთაველის ქუჩაზე, #264-ის მიმდებარედ, ზღვასთან ახლოს, 1100 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს აუქციონზე გაიტანს, რომელსაც, სავარაუდოდ, გიორგი ბაჟუნაიშვილი იყიდის. ის ამ ნაკვეთზე საოჯახო სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.
მერიამ ნაკვეთის აუქციონზე გატანა სწორედ გიორგი ბაჟუნაიშვილის თხოვნით გადაწყვიტა: განკარგულების პროექტს, რომელიც მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა, თან ახლავს მისი განცხადება, სადაც გიორგი ბაჟუნაიშვილი მერიას ნაკვეთის აუქციონზე გატანას სთხოვს. განცხადებას თან ერთვის შენობის პროექტის ესკიზიც, რომელიც მიწის ნაკვეთის შესყიდვის მსურველს წინასწარ მოუმზადებია.
თუმცა, ეს აუქციონი ღიად ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია და ვინც მეტს გადაიხდის, მიწის ნაკვეთიც მას დარჩება.
კანონით მერიას უფლებას აქვს, დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე საინვესტიციო ქონება აუქციონზე გაიტანოს. თუმცა მერია ასევე ვალდებულია შექმნას კონკურენციის პირობები, რაც ქონების ადეკვატურ ფასად გასხვისებას და ბიუჯეტში მეტ შენატანს გულისხმობს.
ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, როგორც აჭარის მუნიციპალიტეტების, ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონებზე საპრივატიზებო საფასური, ძირითადად, ერთი ბიჯით იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ აუქციონში მხოლოდ ერთი პირი მონაწილეობს და კონკურენტული გარემო არ იქმნება.
ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის #264-ის მომიჯნავე ტერიტორიებიც ქობულეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.
გიორგი ბაჟუნაიშვილის შეთავაზებაზე ქობულეთის საკრებულოში 10 მაისს სხდომაზე იმსჯელებენ.
ხიხანის ციხის კოშკი N2-სა და კოშკი N3-ზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით კოშკების რეაბილიტაციისთვის 110 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო.
„სააგენტოში ამჟამად ვმუშაობთ, განვიხილავთ ყველა ნიუანსს, რაც სატენდერო პირობებს უკავშირდება, შევისწავლით დეტალურად და ტენდერს ხელახლა გამოვაცხადებთ,“ – გვითხრა სააგენტოს ხელმძღვანელმა, მირზა ცეცხლაძემ.
სააგენტოს ანალოგიური ტენდერი 2017 წელსაც ჩაუვარდა. სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლაშა ასლანიშვილმა, დაახლოებით ორი კვირის წინ „ბათუმელებთან“, ტენდერის ჩავარდნის მიზეზად ის დაასახელა, რომ „რთული სამუშაოს გამო კომპანიებმა არ მიიღეს მონაწილეობა“.
ბოლო ტენდერთან დაკავშირებით, რომელიც ასევე არ შედგა, ლაშა ასლანიშვილი ამბობდა, რომ ის სააგენტოს ხელმძღვანელად რომ დარჩენილიყო და ეს ტენდერიც ჩავარდნილიყო, პირობებს შეცვლიდა და პრეტენდენტის გამოცდილებიდან ამოიღებდა ძეგლებზე მუშაობას: „თუმცა, პირობებში გავწერდი, რომ კომპანიას აუცილებლად ჰყოლოდა შესაბამისი კომპეტენციის არქიტექტორ-რესტავრატორი და სხვა სპეციალისტები“.
“ჩვენ უდავოდ მივიჩნევთ ყველა მტკიცებულებას. მხოლოდ დაზარალებულის, ანუ ბრალდებულის ცოლის დაკითხვას ვითხოვთ,” – მიმართა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ადვოკატმა როინ სალუქვაძემ. ის ლევან ჩ.-ს ინტერესებს იცავს, რომელსაც ოჯახში ძალადობა ედება ბრალად.
გამოძიების ვერსიით, ლევან ჩ.-მ 12 აპრილის საღამოს სახეში რამდენჯერმე გაარტყა ქალს, ვისთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება. ცემას ქალის მცირეწლოვანი შვილებიც შეესწრნენ.
“თავს დამნაშავედ ვცნობ,” – თქვა ბრალდებულმა. მან მოსამართლეს უთხრა, რომ თბილისში ცხოვრობს და ბათუმში სამსახურის გამო იმყოფება – შემდუღებლად მუშაობს.
ბრალდებულის სურვილი, რომ მოსამართლემ მხოლოდ ნაცემი ქალის ჩვენება მოისმინოს, ვერ შესრულდება. პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ სადავოდ მიიჩნია მტკიცებულებები, რომლებიც თვითონ წარადგინა სასამართლოში. შესაბამისად, ყველა მოწმეს დაკითხავენ.
მოსამართლემ ბრალდებულს უთხრა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 200-დან 400 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ელის, ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე.
ხულოს მუნიციპალიტეტი, 2018 წლის 25 მაისიდან 2018 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, მგზავრების უფასოდ გადაყვანას უზრუნველყოფს კურორტ ბეშუმსა და მუნიციპალიტეტის იალაღებზე, რისთვისაც 25 380 ლარია ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული. შესაბამისად, დაინიშნება დამატებითი რეისები ხულო-ბეშუმის, სხალთა-თეთრობის, სხალთა-სარიჩარის, ვაშლოვანი-დიდაჭარის მთისა და ღორჯომი-ზორტიყელის მიმართულებით.
„ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი შეთანხმებულია მოსახლეობასთან და შედგენილია მათი ინტერესების გათვალისწინებით. თუ, დავუშვათ, რომელიმე მარშრუტზე უამინდობის ან სხვა რაიმე მიზეზით იქნება შეფერხება ტრანსპორტის გადაადგილებაში, გრაფიკი შესაძლოა მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე შეიცვალოს,“ – გვითხრეს ხულოს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიაში.
მგზავრთა გადაყვანის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია. წინადადებების მიღება დღეს, 8 მაისს, დაიწყო და 10 მაისს დასრულდება.
მიკროავტობუსები იმოძრავებენ შემდეგი მარშრუტით:
[checklist]
ხულო-ბეშუმი-ხულო,
ვაშლოვანი-ვაშლოვანის მთა- ვაშლოვანი,
დიდაჭარა-დიდაჭარის მთა-დიდაჭარა,
სხალთა-სარიჩარის მთა-სხალთა,
ხიხაძირი-სარიჩარის მთა-ხიხაძირი,
სხალთა-ხულო-თეთრობის მთა-სხალთა,
ღორჯომი-ზორტიყელი-ღორჯომი,
ღორჯომი-ლეკნარი-ღორჯომი.
[/checklist]
პირობების მიხედვით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საკუთრებაში ან ხელშეკრულებით მინიმუმ ხუთი ერთეული, არანაკლებ 14-ადგილიანი [დასაჯდომი ადგილი] სატრანსპორტო საშუალება.
ამასთან, სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში, მძღოლი უნდა იყოს მაღალკვალიფიციური და ფლობდეს „D“ კატეგორიის მართვის მოწმობას და შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის გამოცდილებას.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.
პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა. გემის კაპიტანს დაეკისრა საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით, რასაც დაემატა გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა.
გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ დატოვებს.
ბათუმის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2019 წლის საშუალოვადიანი გეგმისა და პრიორიტეტების განხილვა გაიმართა.
დეპარტამენტის ცნობით, აჭარაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი შესაძლოა 413,000 (+4,2%) ლარით გაიზარდოს. 2019 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების განსახორციელებლად ჯამში 10, 177, 800 ლარის დახარჯვა იგეგმება.
მიმდინარე წელს დეპარტამენტის ბიუჯეტი 9, 764 800 ლარს შეადგენს.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, 2019 წლისთვის, აჭარაში შიდა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიებში 7 270 000 ლარი დაიხარჯება. სარეკლამო ბიუჯეტის გაზრდა შემდეგი წლისთვის 550,000 ლარით (+8,2%) იგეგმება. აქედან, რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების 16 სამიზნე ქვეყანაში რეკლამირებისთვის 6, 770, 000 ლარი დაიხარჯება, ქვეყნის შიგნით რეკლამირებისთვის კი 500 000 ლარი. შემდეგი წლისთვის, სარეკლამო კამპანიებისას ძირითადი აქცენტი სატელევიზიო და ონლაინრეკლამის გაძლიერებაზე გაკეთდება.
დეპარტამენტი 2019 წელს რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით 323 000 ლარს დახარჯავს, გაგრძელდება პროექტები: „ტურიზმის განვითარების სკოლა“ და საუკეთესი სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების დაჯილდოება „მაგნოლია 2019“. 2019 წელს ისევ ამოქმედდება პროექტი „იდუმალი სტუმარი“, რომლის ფარგლებშიც დადგინდება რეგიონში მომსახურების ხარისხის დონე.
დეპარტამენტის ცნობით, 2019 წელს, ასევე გაგრძელდება კვლევები და სტატისტიკა დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის მიმართულებით, რაც უცხოელი ვიზიტორების კმაყოფილების დონისა და შიდა ტურისტების საჭიროებების კვლევას ითვალისწინებს. აღნიშნული კვლევებისთვის ბიუჯეტიდან 170, 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.
დეპარტამენტი 2019 წელს მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და მარშრუტების განვითარების მიზნით 577, 500 ლარს დახარჯავს. სააგენტო შემდეგ წელსაც ჩაატარებს ზაფხულის ფესტივალს, სოფლის ტურიზმისა და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალებს, ასევე ორგანიზებას გაუწევს სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას. სააგენტო შემდეგ წელსაც გააგრძელებს ეკო და სოფლად არსებული ტურისტული მარშრუტების განვითარებას, ასევე გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის საინფორმაციო ტურებს მთიან აჭარაში.
შეხვედრას ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ტურიზმის რეგიონულ მრჩეველთა საბჭოს წევრები, არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ.