სიახლეები

2019 წელს აჭარაში ტურისტების მოსაზიდად 7 მილიონზე მეტი ლარის დახარჯვა იგეგმება

08.05.2018 • 2369
2019 წელს აჭარაში ტურისტების მოსაზიდად 7 მილიონზე მეტი ლარის დახარჯვა იგეგმება

ბათუმის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2019 წლის საშუალოვადიანი გეგმისა და პრიორიტეტების განხილვა გაიმართა.

დეპარტამენტის ცნობით, აჭარაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი შესაძლოა 413,000 (+4,2%) ლარით გაიზარდოს. 2019 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების განსახორციელებლად ჯამში 10, 177, 800 ლარის დახარჯვა იგეგმება.

მიმდინარე წელს დეპარტამენტის ბიუჯეტი 9, 764 800 ლარს შეადგენს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, 2019 წლისთვის, აჭარაში შიდა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიებში 7 270 000 ლარი დაიხარჯება. სარეკლამო ბიუჯეტის გაზრდა შემდეგი წლისთვის 550,000 ლარით (+8,2%) იგეგმება. აქედან, რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების 16 სამიზნე ქვეყანაში რეკლამირებისთვის 6, 770, 000 ლარი დაიხარჯება, ქვეყნის შიგნით რეკლამირებისთვის კი 500 000 ლარი. შემდეგი წლისთვის, სარეკლამო კამპანიებისას ძირითადი აქცენტი სატელევიზიო და ონლაინრეკლამის გაძლიერებაზე გაკეთდება.

დეპარტამენტი 2019 წელს რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით 323 000 ლარს დახარჯავს, გაგრძელდება პროექტები: „ტურიზმის განვითარების სკოლა“ და საუკეთესი სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების დაჯილდოება „მაგნოლია 2019“.  2019 წელს ისევ ამოქმედდება პროექტი „იდუმალი სტუმარი“, რომლის ფარგლებშიც დადგინდება რეგიონში მომსახურების ხარისხის დონე.

დეპარტამენტის ცნობით, 2019 წელს, ასევე გაგრძელდება კვლევები და სტატისტიკა დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის მიმართულებით, რაც უცხოელი ვიზიტორების კმაყოფილების დონისა და შიდა ტურისტების საჭიროებების კვლევას ითვალისწინებს. აღნიშნული კვლევებისთვის ბიუჯეტიდან 170, 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.

დეპარტამენტი 2019 წელს მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და მარშრუტების განვითარების მიზნით 577, 500 ლარს დახარჯავს. სააგენტო შემდეგ წელსაც ჩაატარებს ზაფხულის ფესტივალს, სოფლის ტურიზმისა და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალებს, ასევე ორგანიზებას გაუწევს სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას. სააგენტო შემდეგ წელსაც გააგრძელებს ეკო და სოფლად არსებული ტურისტული მარშრუტების განვითარებას, ასევე გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის საინფორმაციო ტურებს მთიან აჭარაში.

შეხვედრას ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ტურიზმის რეგიონულ მრჩეველთა საბჭოს წევრები, არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: