შსს: ზარი მესამეკლასელი გოგონას მობილურზე „ლურჯ ვეშაპს“ არ უკავშირდება

ქობულეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მესამეკლასელი ბავშვის მობილურზე უცხო ზარი 21 მარტს განხორციელდა. არასრულწლოვნის მშობელმა უცხო ზართან დაკავშირებით გამოძიებას მიმართა, რადგან მშობლის თქმით, შესაძლოა ამ ზარს კავშირი ჰქონოდა საშიშ ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპთან“.

დღეს, 24 მაისს, შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ უცხო ზარი არასრულწლოვანი გოგონას მობილურზე შემთხვევით განხორციელდა და „ლურჯ ვეშაპს“ არ უკავშირდება.

„გამოძიების მსვლელობისას გამოიკითხა ზარის ავტორიც, არასრულწლოვანი ოჯახის წევრებიც და გამოძიებამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა შემთხვევითობას. რადგან არც გოგონამ და არც დედამ რუსული არ იციან, ჩათვალეს, რომ ეს იყო „ლურჯ ვეშაპთან“ დაკავშირებული ზარი“, – გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, საქმეს დანაშაულთან ბრძოლის სამმართველო იძიებდა.

„ზარი თბილისიდან განხორციელდა. ზარის ავტორი ამბობდა, რომ თავის შვილს ურეკავდა. ტელეფონის ნომერი, სადაც ზარის ავტორს უნდა დაერეკა, ერთი ციფრით განსხვავდებოდა მესამეკლასელი გოგონას მობილურის ნომრისგან. ამის მიუხედავად, გამოძიება დეტალებზე მუშაობას მაინც აგრძელებს“, – თქვეს შსს-ში.

 

ბუსსს „ანრი“-ში 26 მაისი სტუდენტური ღონისძიებით აღნიშნეს

სამშობლოს სიყვარული, პროფესიული ღირსება და 10%-იანი ფასდაკლება მეზღვაურთა სერთიფიკატებზე

ბუსსს ანრის სტუდენტურმა თვითმმართველობამ 26 მაისს ღონისძიება მიუძღვნა. საზღვაო სასწავლებელი ხშირად ატარებს საღამოებს, სადაც დამსახურებულ მეზღვაურებს მადლობას უხდიან საზღვაო საქმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. სტუდენტებმა ამჯერად ასლან ბოლქვაძის-ბათუმის პორტის უფროსის და შორეული ნაოსნობის კაპიტნის შაქრო ვარშანიძის ღვაწლს გაუსვეს ხაზი.

ანრის სტუდენტურმა თვითმმართველობამ 26 მაისს ღონისძიება მიუძღვნა
ანრის სტუდენტურმა თვითმმართველობამ 26 მაისს ღონისძიება მიუძღვნა

ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს „ანრის“ სტუდენტებმა.

„ეროვნული ღირებულებები, ქვეყნის დამოუკიდებლობის  მნიშვნელობა და თავისუფლების ფასი, სამშობლოს სიყვარულის გააზრება  პროფესიულ შრომაში თავდადებასაც გულისხმობს. ჩვენ იქ ვჭედავთ სამშობლოს ბედს, სადაც ვმუშაობთ და პირნათლად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს. მნიშვნელოვანია, მომავალმა თაობამ იცოდეს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც უანგაროდ ემსახურა ქვეყანას. ასეთი ღონისძიებებით ვასწავლით ხვალინდელ მეზღვაურებს, პატივისცემა ჰქონდეთ იმ მეზღვაურების, რომლებმაც შექმნეს საქართველოს ნაოსნობის ისტორია“-განაცხადა ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის ანრის რექტორმა ანზორ დიასამიძემ.

ბუსსს ანრიმ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 10%-იანი ფასდაკლება გამოაცხადა მეზღვაურთა სერტიფიცირებაზე.
ანზორ დიასამიძე

ბუსსს ანრიმ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 10%-იანი ფასდაკლება გამოაცხადა მეზღვაურთა სერტიფიცირებაზე.

 

მოქალაქე ფოტოატელიეს და „სიცილის ოთახს“ ბათუმის ბულვარში ათწლიანი იჯარით ითხოვს

ბათუმის ბულვარში, ბამბუკის ხეივნის მიმდებარედ არსებულ ერთსართულიან შენობას, სადაც ახლა ფოტოატელიე და ძველი, საბჭოთა პერიოდის დანატოვარი – სიცილის ოთახია განთავსებული, ფოტოგრაფი ვასილ ოსეფაიშვილი ათწლიანი იჯარით ითხოვს. სანაცვლოდ კი ქონების მესაკუთრეს, ბათუმის მერიას, ამ ტერიტორიაზე ტურისტული ობიექტის მოწყობასა და წელიწადში 7000 ლარის გადახდას ჰპირდება.

ბათუმის მერია თანახმაა 113 კვადრატული მეტრი  მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული 89,43 კვადრატული მეტრი შენობა ბულვარში ვასილ ოსეფაიშვილს აუქციონის გარეშე პირდაპირი განკარგვით, სარგებლობის უფლებით გადასცეს. მერიამ შესაბამისი შინაარსის განკარგულების პროექტი უკვე მოამზადა და საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნა.

ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის, გოგა ლომაძის ინფორმაციით, რომელმაც განკარგულების განმარტებითი ბარათი მოამზადა, ვასილ ოსეფაიშვილს ამ ადგილზე კომპლექსური გასართობი ცენტრის განვითარების კონცეფცია აქვს მერიაში წარდგენილი, რომლის მიხედვითაც შენობისა და მიმდებარე ტერიტორიების სარესტავრაციო სამუშაოებიც იგეგმება.

„ამის შემდეგ ეს ადგილი გახდება ერთ-ერთი მიმზიდველი და  საინტერესო ლოკაცია ბათუმის მასშტაბით დამსვენებლებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის“,  – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ამ ბარათის მიხედვით, პროექტის განხორციელების შემდეგ შენობის მიმდებარედ თანაბრად განაწილდება როგორც შენობა-ნაგებობა, ისე დეკორაციებითა და მცენარეებით მორთული ეზო.

საერთო ჯამში, გოგა ლომაძის ინფორმაცით, ბულვარში ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილზე, ყოფილი ფოტოატელიეს ნაცვლად იგეგმება მრავალფუნქციური ტურისტული ობიექტის განთავსება, სადაც მოეწყობა ფოტოატელიე, სივრცე ფოტოსესიისთვის, ქართული კუთხე ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე და მოსასვენებელი სივრცე.

ჩამონათვალშია ასევე:  „კაფე-ბარი ტყეში ქართულ-ევროპული სამზარეულოს სინთეზით.“ ოღონდ დაკონკრეტებული არ არის, რას გულისხმობს ეს ფორმულირება – „კაფე-ბარი ტყეში“ კაფეს სახელი იქნება, თუ ბამბუკის ხეივანში წარმოუდგენია მსურველს კაფეს მოწყობა.

ეს ყველაფერი 113 კვადრატულ მეტრზე უნდა განთავსდეს.

განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ დაგეგმილია ტერასას მოწყობა კულტურული ღონისძიებებისა და შემოქმედებითი საღამოებისთვის. ეს აჩენს კითხვას, ხომ არ იგეგმება ახალი მშენებლობა ძველის დემონტაჟის ხარჯზე – თუმცა ამაზე განმარტებით ბარათში არაფერია ნათქვამი.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტერიტორიაზე სამშენებლო პროექტით მერიის არქიტექტურის სამსახურისთვის არ მიუმართავთ, პროექტი არც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოშია გადაგზავნილი.

გაითვალისწინა თუ არა მერიის ქონების მართვისა და სერვისების სამსახურმა ამ წერილის მომზადებისას ის, რომ საუბარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე და იქ როგორც ეზოს განვითარება, მცენარეების დარგვა და ნებისმიერი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან უნდა შეთანხმდეს? – განმარტებით ბარათში არც ამაზე რაიმე ნათქვამი.

სამაგიეროდ, „ბათუმელებთან“ კონცეფციის რამდენიმე დეტალი თავად ვასილ ოსეფაიშვილმა დააზუსტა. მერიიდან საკრებულოში გადაგზავნილი ინფორმაციით, ვასილ ოსეფაიშვილი შენობის რეაბილიტაციას გეგმავს, თავად ვასილ ოსეფაიშვილის თქმით კი, არსებული შენობა იმდენად ძველია, რომ მასზე ტერასის დადგმა შეუძლებელია: „სამი მანქანა ნეშომპალაა მარტო მაგის სახურავზე.“

მან გვითხრა ასევე, რომ შესაბამის სამსახურებს იდეა წარადგინა იმის შესახებ, თუ რის გაკეთებას აპირებს ტერიტორიაზე: იდეის მოწონების შემთხვევაში ის მზად არის პროექტიც მოამზადოს. ოსეფაიშვილი ქართული კუთხის მოწყობაში ქართული სამოსის კუთხეს გულისხმობს: „სადაც შემოვლენ, მოირგებენ იმ სამოსს, რომელიც მოეწონებათ და ფოტოს გადაიღებენ“.

რაც შეეხება ბულვარში კაფეს მოწყობას, მისთვის უსიამოვნოა, როცა ბულვარში თევზის სუნი დგას, ამიტომ მის კაფეში საჭმელი არ იქნება: „მხოლოდ დესერტი იქნება ბავშვებისთვის, მაგალითად, ნაყინი, უფროსებისთვის კი – ყავა და წვენი. არ არის სასიამოვნო, გულით ავადმყოფი კაცი დასასვენებლად რომ ჩამოვა ბულვარში და იქ შემწვარი თევზის სუნი დახვდება.“

რაც შეეხება საიჯარო ფასს, ვასილ ოსეფაიშვილმა გვითხრა, რომ თანხა მას მერიაში განუსაზღვრეს.

ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ვასილ ოსეფაიშვილი

აჭარის განათლების სამინისტრომ 2016 წლის კონკურსის მონაწილე 148 პირი დაიბარა

აჭარის განათლების სამინისტროს სასამართლო დავა ყოფილმა თანამშრომელმა – ნანა შავაძემ მოუგო. საქმე 2016 წელს ჩატარებულ კონკურსს ეხება, რომელიც სასამართლოს შეფასებით, უკანონოდ ჩატარდა. უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, განათლების სამინისტროში საკონკურსო კომისია შეიკრიბა და 148 პირის გასაუბრებაზე ხელახლა დაბარება გადაწყვიტა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ორი წლის წინ სამინისტროს კონკურსში გასაუბრება გაიარეს. კონკურსის ყოფილ მონაწილეებს შეტყობინება უკვე გაუგზავნეს. რამდენიმე დღის წინ სასამართლომ განათლების სამინისტროს ეს გადაწყვეტილებაც შეაჩერა.

ნანა შავაძე აჭარის განათლების სამინისტროში 2011 წლიდან მუშაობდა პროექტის „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ კოორდინატორად. ეს პოზიცია 2016 წლის დასაწყისში განათლების მაშინდელმა მინისტრმა, გია თავამაიშვილმა გააუქმა და განათლების დეპარტამენტს დაუმატა ორი მთავარი სპეციალისტის შტატი. 2016 წლის მარტში ახალ თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის ჩატარებამდე ნანა შავაძე ამ პოზიციაზე მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს.

კონკურსის შემდეგ, მთავარი სპეციალისტების პოზიციებზე განათლების სამინისტრომ ნინო ნაკაშიძე და მაია დოლიძე აიყვანა. სამსახურიდან გათავისუფლებული ნანა შავაძე კი სასამართლოში წავიდა.

სარჩელში ნანა შავაძემ მიუთითა, რომ მას საკონკურსო კომისია დისკრიმინაციულად მოექცა, რადგან მისთვის კომისიის წევრებს არ დაუსვამთ კითხვები იმ საკითხებზე, რისი ცოდნაც საკონკურსო მოთხოვნებში იყო გაწერილი. „რას საქმიანობ და რა იდეები შეგიძლია შემოგვთავაზო?“ – მოსარჩელე განმარტავს, რომ მას გასაუბრების დროს მხოლოდ ეს კითხვები დაუსვეს და ამ ფორმით მისი კომპეტენცია ვერ შემოწმდებოდა, მაგალითად, როგორ ფლობს იგი კომპიუტერულ პროგრამებს, უცხო ენებს ან შესაბამის კანონმდებლობას.

სასამართლომდე ნანა შავაძემ დასაბუთება საკონკურსო კომისიასაც სთხოვა იმის გასაგებად, თუ რა მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა გასაუბრების დროს. საკონკურსო კომისიას იმ დროისთვის სულიკო თებიძე ხელმძღვანელობდა [ამჟამად ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე]. პასუხი კონკურსანტისთვის კომისიის წევრს – ლადო მგალობლიშვილს გაუცია [ამჟამად უმაღლესი საბჭოს დეპუტატი], კომპიუტერის ცოდნა კონკურსის პირველ ეტაპზე შემოწმდაო.

„ეს პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან კონკურსის პირველი ეტაპი მოიცავდა მხოლოდ დოკუმენტაციის გადარჩევას,“ – აღნიშნა გადაწყვეტილებაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკონკურსო კომისიამ „უსაფუძვლო უპირატესობა“ მიანიჭა გამარჯვებულ პირებს. სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ საკონკურსო კომისია გასაუბრების დროს სუბიექტურ შეხედულებებს კი არა, მომზადებულ კითხვარს და შეფასების წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებს უნდა ეყრდნობოდეს, რაც არ მომხდარა.

„ვინაიდან სასამართლო დავა შეეხება გასაუბრების ეტაპის ობიექტურობასა და გამჭვირვალობას, გასაუბრების შედეგად კანდიდატის შეფასება შესაძლებელია ჩაითვალოს საკმაოდ სუბიექტურად, რადგან ის ეფუძნება მხოლოდ შემფასებლების მოსაზრებას და შეხედულებას. იმისთვის, რომ გასაუბრების შედეგების სუბიექტურობა შემცირდეს და გაიზარდოს სანდოობა, იგი უნდა ჩატარდეს წინასწარ შემუშავებული და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. საკონკურსო კომისია უნდა იყენებდეს შემუშავებულ კითხვარს, რომელსაც თან უნდა ახლდეს შეფასების მეთოდი, რაც წარმოადგენს პროცესის გამჭვირვალობის, საჯაროობის,  ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. შეფასების კრიტერიუმების არარსებობის პირობებში კი, ჩნდება ისეთი დასკვნის საფუძველი, რომ კონკურსი ჩატარდა შემფასებელთა სუბიქტური შეხედულებების გათვალისწინებით უსაფუძვლო უპირატესობის მინიჭების გზით“, – აღნიშნულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც 2017 წლის 6 ივლისს არის მიღებული.

ამ სასამართლო გადაწყვეტილებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია – სასამართლოს განხილვის დროს სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გასაუბრების დროს ვიდეოკამერა ჩართული არ იყო, რადგან კონკურსანტს ამის სურვილი არ გამოუხატავს. მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა კი მიიჩნია, რომ საკონკურსო კომისიას სხვა მეთოდებით უნდა მოეხდინა გასაუბრების ფიქსაცია, „მაგალითად, სტენოგრამით, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ჩატარებული კონკურსის ერთ-ერთი ეტაპის წარმართვის კანონიერების შემოწმება“, – დასძენს მოსამართლე.

ამ გადაწყვეტილებამდე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ ნანა შავაძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში ძირითადად დისკრიმინაციის კუთხით მსჯელობს და აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციის დასადასტურებლად მოსარჩელეს კონკრეტული მტკიცებულებები უნდა წარედგინა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აჭარის განათლების სამინისტრომ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 2017 წლის 7 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ სარჩელის მიღებაზე უარი თქვა და უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

სასამართლოში საქმის წაგების შემდეგ, 2018 წლის 14 მაისს, აჭარის განათლების სამინისტროს საკონკურსო კომისია შეიკრიბა. კომისიამ 2016 წელს ჩატარებული კონკურსის გასაუბრების ეტაპის ხელახლა ჩატარება გადაწყვიტა და 148 პირს, ვინც იმ დროისთვის გასაუბრებაში მონაწილეობდა, შეტყობინება გაუგზავნა. შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ გასაუბრებას განათლების სამინისტრო კანდიდატებს პირველ ივნისს ჩაუტარებს.

კომისიის ამ სხდომიდან 4 დღეში – 18 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი შავაძემ აჭარის განათლების სამინისტროს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ბათილად ცნო. ბათუმის საქალაქო სასამართლომ განათლების სამინისტროს საკონკურსო სხდომის ოქმის მოქმედების შეჩერება დაადგინა „მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე,“ – წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

რეზო შავაძე, ნანა შავაძის ინტერესების დამცველი: „საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით განათლების სამინისტრო ეწინააღმდეგება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია კონკურსის შედეგი კონკრეტულად სამი პირის ნაწილში – ნანა შავაძის, რომელიც სამინისტროდან დაითხოვეს, ასევე მაია დოლიძის და ნინო ნაკაშიძის ნაწილში. ეს ორი პირი დასახელდა 2016 წელს კონკურსში გამარჯვებულად. განათლების სამინისტრო ახლა ჩიხშია, რადგან გასაუბრებაზე დაიბარა 150 კაცი, რომელსაც ვეღარ გაესაუბრება. სასამართლომ სამინისტროს ეს გადაწყვეტილებაც უკანონოდ მიიჩნია“.

„მართალია, გასაუბრებაზე 148 ადამიანი დავიბარეთ, მაგრამ მათ უკვე ვატყობინებთ, რომ გასაუბრებაზე აღარ უნდა მოვიდნენ,“ – გვითხრა ლიკა მკურნალიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ. მისი თქმით, სამინისტროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებია, თუმცა ამ გადაწყვეტილების შესახებ სამინისტროში იციან. „გავასაჩივრებთ თუ არა, ამაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის,“ – გვითხრა მან.

რატომ გადაწყვიტა საკონკურსო კომისიამ გასაუბრების ჩატარება 148 პირისთვის, როცა სასამართლომ კონკურსის შედეგი მხოლოდ სამი პირის მიმართ გააბათილა? – ლიკა მკურნალიძე განმარტავს, რომ განმარტება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსგან მოითხოვა, სადაც მიიჩნიეს, რომ განათლების სამინისტრომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. სამინისტროს სასამართლომ განმარტებაზე უარი უთხრა.

„კომისიამ მიიჩნია, რომ იმავეს გავიმეორებდით, თუკი სხვა პირებს არ მივცემდით გასაუბრებაში მონაწილეობის უფლებას. ამჯერად ვაპირებთ, მაგალითად, კომპიუტერულ პროგრამებში, ასევე უცხო ენებში შეფასდეს კონკურსანტი… გამოვიდოდა, რომ თანასწორობის პრინციპი დაირღვეოდა, თუკი ამ სამი კონკურსანტის გარდა სხვას არ ექნებოდა იმავეს შესაძლებლობა,“ – გვითხრა ლიკა მკურნალიძემ.

შეიმუშავა თუ არა სამინისტრომ სპეციალური კითხვარი გასაუბრებისთვის და შეფასების მეთოდი, რის აუცილებლობაზეც სასამართლო საუბრობს. აჭარის განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა ამ კითხვაზეც გვიპასუხა: „ვაპირებდით, მაგრამ შეჩერდა ჩვენი გადაწყვეტილება. ამაზე უნდა ემსჯელა კომისიას“.

 

 

 

ეკლესია კაზინოს გვერდით – ვინ რას და სად აპროტესტებს

ათი დღეა, რაც სარფში, მართლმადიდებელი ეკლესიის გვერდით, კაზინომ დაიწყო ფუნქციონირება. კაზინოს ამოქმედების პარალელურად გამოჩნდა ადამიანების ჯგუფი, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ეკლესიის გვერდით კაზინოს არსებობა  მიუღებელია.

ერთ-ერთი ასეთი მოწინააღმდეგე გონიოს მცხოვრები ედო ანთაძეა. „ბათუმელებთან“ საუბარში ის ამბობს, რომ, ზოგადად, კაზინოს წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ეკლესიის გვერდით არ უნდა მუშაობდეს.

„პირჯვარს რომ გადაიწერ, გაიხედავ გვერდზე და ეშმაკის სახლია. აქვე მეორე კაზინოცაა, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ეს კაზინო პირდაპირ ეკლესიის გვერდითაა“, – გვეუბნება ის.

ანთაძის აზრით, უკეთესი იქნებოდა, ეკლესიის გვერდით ინვესტორს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი გაეხსნა.

„გააკეთოს და ყველა ვივლით, სალოცავის გვერდით კაზინო არ მოგვწონს“, – ამბობს ის.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე რამდენჯერმე იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, რომელიც კაზინოს მოწინააღმდეგეებმა გამართეს.

სარფში მრევლის ერთი ჯგუფი ეკლესიის გვერდით კაზინოს გახსნას აპროტესტებს.
ფოტო: თამაზ ბაკურიძე.

ის ამბობს, რომ ეკლესიის გვერდით კაზინოს მოწინააღმდეგეთა რიგებში ძირითადად ამ ეკლესიის მრევლის წევრები არიან.

„მე მთხოვეს აქციის ორგანიზება და ვიყავი გასული. აქციაზე იყო რამდენიმე ადგილობრივი, დანარჩენები იყვნენ ბათუმიდან და ხელვაჩაურიდან. როგორც მითხრეს, იმ ეკლესიის მრევლია“, – გვითხრა თამაზ ბაკურიძემ.

მისი თქმით, აქციაზე საპირისპირო აზრის მქონე პირებიც მივიდნენ: „სამი ქალი მოვიდა – თქვენ ვინ გეკითხებათ, ბათუმელმა და ხელვაჩაურელმა რატომ უნდა გადაწყვიტოთ სარფში საკითხიო.

ერთი ადგილობრივი კაცი, რომელიც ასევე ამბობდა, რომ აქ უფრო ბიზნესკონკურენციის ამბავი იყო, ვიდრე რელიგიური. კაზინოს ახლოს სლოტკლუბიც ყოფილა და ის კაცი ამბობდა, რომ სწორედ სლოტკლუბის მფლობელმა მოიყვანა ეს ხალხი, რადგან კაზინოს მუშაობა მას არ აწყობსო“, – გვეუბნება თამაზ ბაკურიძე.

თამაზ ბაკურიძეს მიაჩნია, რომ „კაზინოებისა თუ სასტუმროების დახურვით ტურიზმი არ განვითარდება“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ არ აპროტესტებენ  კაზინოს არსებობას ბათუმში, ბარბარეს ეკლესიის გვერდით? თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ „იქ კაზინოსა და ეკლესიას შორის საკმაოდ დიდი მანძილია, აქ კი გვერდიგვერდაა“.

კაზინო ბარბარეს ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს. ბათუმი, რუსთაველის ქუჩა.

თამაზ ბაკურიძის თქმით, კაზინოს წინააღმდეგ აქციები კიდევ გაიმართება.

ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე, კაზინოს მოწინააღმდეგეების მისამართით ამბობს, რომ „თავისუფალი ქვეყანა გვაქვს და ყველა მოქალაქეს უფლება აქვს, მისი აზრი გამოთქვას თავისუფლად“.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კაზინოს მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის, ჯუმბერ ვარდმანიძე არ ადასტურებს:

„ნებართვა გაცემულია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტზე. კაზინოზე, სუპერმარკეტზე და ა.შ. არ ხდება ნებართვების გაცემა“.

 

 

 

რას სთავაზობს სახელმწიფო საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს

ნებისმიერ ემიგრანტს, რომელიც უცხო ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობს და საქართველოში დაბრუნებას თავისი ნებით გადაწყვეტს, დაადეპორტებენ ან რეადმისიის პროგრამაში მოხვდება, სახელმწიფო რეინტეგრაციაში დახმარებას სთავაზობს.

2017 წელს პროგრამის განხორციელებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 590 ათასი ლარი დაიხარჯა, 2018 წელს კი, 650 ათასი ლარია გათვალისწინებული.

რამდენად არის ინფორმაცია „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომი, რამდენი მიგრანტი მიმართავს სახელმწიფოს და რამდენი იღებს დაფინანსებას – ეს არის ის საკითხები, რომლებითაც „ბათუმელები“ დაინტერესდა.

იმისთვის, რომ ქვეყანაში დაბრუნებული მიგრანტი სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამაში ჩაერთოს, რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს – იყოს საქართველოს მოქალაქე, საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტი ხანი ჰქონდეს გატარებული არალეგალურად ან იყოს თავშესაფრის მაძიებელი. მისი საქართველოში დაბრუნებიდან არ უნდა იყოს ერთ წელზე მეტი გასული. პროგრამა არ ვრცელდება იმ ემიგრანტებზე, ვინც უცხოეთში ლეგალურად ცხოვრობს.

მიგრანტებს ოთხი მიმართულებით შეუძლიათ დახმარების მიღება. შეუძლიათ მოითხოვონ სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსება, პროფესიული გადამზადების პროგრამაში ჩართვა, დროებითი საცხოვრებლის (4 დღე) ქირა და სოციალური პროექტის დაფინანსება. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა, რაც შეიძლება ერთმა მიგრანტმა სახელმწიფოსგან მიიღოს, 4 ათასი ლარია. ამ თანხიდან მხოლოდ 1000 ლარი შეიძლება გამოიყენონ სამედიცინო პროცედურებისათვის. დანარჩენი თანხა სოციალური პროექტის განხორციელებას უნდა მოხმარდეს.

თბილისსა და რეგიონებში უკვე შერჩეულია ის ორგანიზაციები, რომლებიც სამინისტროსთან ერთად განახორციელებენ პროექტს. საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამაში ჩართვის მსურველებმა მათი ადგილმდებარეობის მიხედვით უნდა მიმართონ შემდეგ ორგანიზაციებს: თბილისში საზოგადოებრივ დამცველს, სამცხე-ჯავახეთში რეგიონალურ ასოციაცია ტოლერანტს, ზუგდიდსა და ქუთაისში ფონდ „აფხაზინტერკონტს“, აჭარა-გურიაში ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტს“, კახეთში კი კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდს.

2013-2016 წლებში პროექტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებდა ევროკავშირის დაფინანსებით. 2017 წლიდან სამინისტრომ სრულად გადაიბარა პროგრამა და მას რეგიონებში პარტნიორი არასამთავრობოების დახმარებით ახორციელებს.

როგორც „ბათუმელებს“ სამინისტროში უთხრეს, 2017 წელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილი 482-მა მიგრანტმა გამოთქვა. მათგან მხოლოდ 147-მა მიიღო დაფინანსება. ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეული მიგრანტი, რომელიც პროგრამაში იღებს მონაწილეობას, კონკურენციაშია სხვა მიგრანტთან.

„ეს საბიუჯეტო თანხაა და მისი გაფლანგვა მიზანშეწონილი არ არის. ჩვენ გვინდა ჩავდოთ ინვესტიცია, მწირი დაფინანსებაა, მაგრამ მაინც გამართლებული უნდა იყოს. უნდა შევარჩიოთ ისეთი პროექტები, რომელსაც აქვს პერსპექტივა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა.

2017 წლის მაისიდან 2018 წლის თებერვლამდე აჭარა-გურიის რეგიონში მცხოვრები 23 მიგრანტი დაფინანსდა. 2016 წელს კი 29 ბენეფიციარმა ისარგებლა პროგრამით. ბათუმში პროექტს კოორდინირებას GCRT წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრის ბათუმის ფილიალი უწევდა. ორგანიზაციის წარმომადგენელი ნანა გორგილაძე ამბობს, რომ დაფინანსებულ პროექტებს შორის იყო ისეთი პროექტები, როგორიცაა, მაგალითად, ფუტკრის ოჯახის შეძენა, მინიტრაქტორი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის, სილამაზის სალონში საჭირო ინვენტარი, ერთ ქალბატონს კი მანქანა შეუძინეს, ტაქსიზე სამუშაოდ.

„ყველაზე მეტი მიგრანტი, რომელმაც მოგვმართა, რუსეთიდან იყო. ესენი იყვნენ ხელოსნები, რომლებიც დაადეპორტეს. დაწერეს პროექტები და შევუძინეთ სამუშაო იარაღები, რითაც სახლებში სარემონტო სამუშაოებს ატარებენ,“ – ამბობს ნანა გორგილაძე.

აჭარა-გურიაში 2018 წლის მაისიდან „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამას სამინისტროსთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტი“ ახორციელებს. პროგრამის კოორდინატორი დავით არძენაძე ამბობს, რომ წელს მათ ორგანიზაციას 30-მა მიგრანტმა მიმართა. უმრავლესობა რუსეთიდან არის დეპორტირებული ან ნებაყოფლობით წამოსული. არძენაძე იმ ეტაპებს აღწერს, რაც მიგრანტმა უნდა გაიაროს, სანამ დაფინანსებას მიიღებს.

„პირველად ბაზაში ხდება პოტენციურ ბენეფიციართა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის მოგროვება. დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ ხდება ერთიან ბაზაში რეგისტრაცია.

შემდეგ დადგინდება რა მიმართულებით სჭირდება დახმარება. მაგალითად, თუ სჭირდება სამედიცინო დახმარება, აუცილებლად უნდა მოიტანოს ექიმიდან „ფორმა 100“. პარალელურად ხდება სხვა სახელმწიფო პროგრამების ანალიზი – ხომ არ აფინანსებს რომელიმე სტრუქტურა აღნიშნულ მომსახურებას.

ბიზნესმიმართულებას რაც შეეხება, რამდენიმე ეტაპს გადის მიგრანტი  – პირველი არის ბიზნესიდეები წარმოდგენა და გაცხრილვა. ამის შემდეგ ვუტარებთ ტრენინგებს დაგეგმარებასა და ბიზნეგეგმის შემუშავებაზე. როდესაც წარმოადგენენ ბიზნესგეგმას, იქმნება კომისია, რომელიც საბოლოოდ აფასებს მათ. შემდეგი ეტაპია ბენეფიციართა გასაუბრება და საბოლოოდ იღებენ გადაწყვეტილებას დაფინანსებაზე,“ – ამბობს დავით არძენაძე.

აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარს უშუალოდ არ აქვს თანხასთან შეხება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პარტნიორი ორგანიზაცია „ინტელექტი“ იძენს ყველა იმ ნივთს, რომლებიც მიგრანტს ბიზნესის დასაწყებად სჭირდება.

რამდენად ეფექტურად მუშაობს  პროგრამა – ვკითხეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილს.

შოთა რეხვიაშვილი: „ეს არის სოციალური პროექტი – საუბარია პატარა, მოკრძალებული პროექტების დაფინანსებაზე. სანამ დაბრუნებული მიგრანტი გაერკვევა, სად რა სახელმწიფო პროექტებია, ჩვენ უზრუნველვყოფთ მას პირველი ნაბიჯებისთვის. მდგრადობის თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 95 %-ზე მეტი ჩვენი დაფინანსებული პროექტები მუშაობს. ეს არის ძალიან კარგი შედეგი“.

2014-2016 წლების მონაცემებით, პროგრამაში ჩართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 3527 მიგრანტს სურდა. აქედან პროექტის ბენეფიციარი 1104 ადამიანი გახდა – 619 ქალი და 485 კაცი. მათგან 903 საქართველოში ნებაყოფლობით იყო დაბრუნებული, 21 რეადმისიით და 180 კი დეპორტით.

რეადმისიის ვალდებულება  2011 წლიდან მოქმედებს ევროკავშირთან. რაც გულისხმობს შემდეგს – თუ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თავის ტერიტორიაზე აღმოაჩენს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფ საქართველოს მოქალაქეს, საქართველო ვალდებულია, რომ უზრუნველყოს მისი უკან, საქართველოში დაბრუნება.

რეადმისიის ვალდებულების მნიშვნელობას განმარტავს ვანო ჩხიკვაძე, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი.

„რეადმისიის ხელშეკრულება არის საქართველოს ვალდებულება და ერთ-ერთი პირობა უვიზო მიმოსვლის. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმზე როდესაც არის საუბარი, იგულისხმება რამდენიმე კრიტერიუმი, რა შემთხვევაშიც შეიძლება თეორიულად ამოქმედდეს შეჩერების მექანიზმი. ერთ-ერთი კრიტეტიუმი არის რეადმისიის შეთანხმების შეუსრულებლობა. იმ შემთხვევაში თუ საქართველო არ ითანამშრომლებს ან შეაჩერებს რეადმისიით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ევროკავშირს გააჩნია უფლება, აამოქმედოს საქართველოსთან მიმართებაში შეჩერების მექანიზმი. აქედან გამომდინარე ეს არის ორმხრივი სამოძრაო ქუჩა. ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს გარკვეული უფლებები, რაც გამოიხატება საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ გადაადგილებაში, იგულისხმება ევროკავშირში და შენგენის ზონის ქვეყნებში და მეორეს მხრივ ჩვენ გვაქვს ვალდებულება, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ქვეყანაში აღმოჩნდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საქართველოს მოქალაქე, ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ის საქართველოში“.


 

მასალა მომზადებულია პროექტის – „მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში “ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.
პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

4 მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიოთ ბაგა-ბაღი აისი

ბათუმში 40-ზე მეტი კერძო საბავშვო ბაღია. განსხვავებულია მათი მომსახურების ხარისხი, პირობები და ფასი.

გთავაზობთ მიზეზებს, თუ რატომ უნდა აირჩიოთ თქვენი პატარებისთვის ბაგა-ბაღი „აისი“:

[highlight color=”red “]1.ბაღის აღსაზრდელებს მრავალფეროვანი დღის რეჟიმი აქვთ – ისინი ახერხებენ ისწავლონ, ითამაშონ, დაისვენონ და ჯანსაღად იკვებონ.[/highlight]

[highlight color=”red”]2. „აისის“ თითოეულ ჯგუფში მხოლოდ 10-10 ბავშვია. ეს აღმზრდელებს აძლევს საშუალებას, არც ერთი ბავშვი არ დარჩეს  ყურადღების გარეშე.[/highlight]

[highlight color=”red”]3.ბაგა-ბაღი მუშაობს სამუშაო დღეებში, დილის 8:30-დან საღამოს 19:00 საათამდე. მიიღებიან  ბავშვები 1 წლისა და ორი თვის ასაკიდან 6-წლამდე.[/highlight]

[highlight color=”red”]4.რაც შეეხება გადასახადს, ის ბათუმში არსებულ შეთავაზებებს შორის საუკეთესოა და თვეში 180 ლარია.[/highlight]

დღის რეჟიმი:
  • სამჯერადი კვება
  • შუადღის ძილი
  • ეზოში გასეირნება და თამაში
  • თანამდეროვე მეთოდების გამოყენებით სწავლება – ეს თამაშით და კეთებით სწავლებას გულისხმობს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 53 65 65 ან გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა N24

ლევან გორგაძემ სუმოს ცოცხალ ლეგენდად მიჩნეული სპორტსმენი დაამარცხა

ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ, მონღოლი სპორტსმენი, იოკოძუნა ჰაკუჰო დაამარცხა, რომელიც სუმოს ცოცხალ ლეგენდად მიიჩნევა.

ტოჩინოშინი და ჰაკუჰო აქამდე 25-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ყველა შეხვედრა მონღოლი სპორტსმენის გამარჯვებით სრულდებოდა, თუმცა ამჯერად ტოჩინოშინმა გამარჯვების მოპოვება შეძლო.

ლევან გორგაძე მე-12 დღეა გაზაფხულის ტურნირის ლიდერია, მან 12 შეხვედრიდან ყველა მოიგო.

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) წელს იანვრის ბაშოს (იმპერატორის თასის) გამარჯვებული გახდა. მან 15-დან 14 ორთაბრძოლა მოიგო და იმპერატორის თასი ჩაიბარა.
იმპერატორის თასის ფლობა სუმოში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა.

„სტადიონი“ სტადიონის ზედამხედველობისთვის სპეციალისტის კვალიფიკაციას ვერ ადგენს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“, რომელიც ბათუმში სტადიონის მშენებლობის პროექტს ახორციელებს, ამ დრომდე ვერ გამოავლინა მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი კომპანია, საფეხბურთო სტადიონი კი, მეხუთე თვეა შენდება.

„სტადიონი“ ამ ეტაპზე ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სპეციალისტის კვალიფიკაციას ადგენს, რაშიც თავის დროზე ეჭვიც არ შეუტანია. „სტადიონმა“ ჯერ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლას მიმართა, ამჯერად კი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.

„გთხოვთ, მაქსიმალურად შესაძლო მოკლე ვადაში გვაცნობოთ, შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ადასტურებს თუ არა იმას, რომ ჯავიდ ნაჯაფოვს გავლილი აქვს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა პროექტების მართვაში (Project Management) და შესაძლებელია, თუ არა, ჯავიდ ნაჯაფოვის იმ პირად აღიარება, რომელსაც უმაღლესი განათლების მეორე საფეხურისათვის – მაგისტრატურისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად მინიჭებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი (Master’s Degree)“ – აღნიშნულია „სტადიონის“ მიერ ეროვნულ ცენტრში გაგზავნილ წერილში.

წერილში ნათქვამია, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ კვალიფიკაციას ან სწავლის პერიოდში მიღებულ განათლებას აღიარებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მისი შესაბამისობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებულ შესაბამის კვალიფიკაციასთან“.

შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ თავიდან ჩათვალა, რომ ჯავიდ ნაჯაფოვს გააჩნდა შესაბამისი კვალიფიკაცია, თუმცა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან წერილის მიღების შემდეგ, „სტადიონმა“ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლას მიმართა – გადამოწმების მიზნით. კომისიის ოქმის მიხედვით, ბიზნეს სკოლიდან მიღებულ განმარტებაში აღნიშნულია, რომ „მათ მიერ გაცემული სერტიფიკატები არის პროფესიული განვითარების დიპლომები, არ ანიჭებს მაგისტრის ხარისხს და Strategy Execution-ს არ გააჩნია ხარისხის პროგრამები“. ტენდერის პირობების მიხედვით კი, მენეჯერს უნდა გააჩნდეს მაგისტრის ხარისხი.

სატენდერო კომისიამ, ტენდერი უკან, შერჩევა-შეფასების ეტაპზე იმ დროს დააბრუნა, როცა გამარჯვებულად გამოცხადებული „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“ უკვე ხელშეკრულების გასაფორმებლად ჰყავდა მიწვეული. მომსახურებისთვის ყველაზე დაბალი თანხა – 2 მილიონ 847 ათას ლარი, სწორედ „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ ჰქონდა შეთავაზებული.

ტენდერში მონაწილე [და ერთხელ უკვე ხელშეკრულების გასაფორმებლად მიწვეული] კომპანია აცხადებს, რომ ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს თავისი ინტერესების დასაცავად. აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო დეტალურად იხილეთ ბმულზე.

არსებულ დოკუმენტებში არის კომპანია „სოკარის“ წერილიც, რომლის მიხედვითაც ჯავიდ ნაჯაფოვი „სოკარს“ დასაქმებული ჰყავდა მთავარ ინჟინრად ბაქოს ოლიმპიური სტადიონის მშენებლობაზე: „ეს სტადიონი სერტიფიცირებული იქნა IAAS, FIFA-სა და UEFA-ს მიერ…  სტადიონი 68 000 მაყურებელზეა გათვლილი და იქ ჩატარდა „ბაქო 2015“-ის საზეიმო ევროპული თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიები და სპორტული შეჯიბრებები“.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის მშენებარე საფეხბურთო სტადიონი ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომ იქ საერთაშორისო მატჩების გახსნა-დახურვის ცერემონიები გაიმართოს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით: „ბათუმის საფეხბურთო სტადიონი ვერ უმასპინძლებს ჩემპიონთა ლიგის და უეფას ლიგის ფინალურ თამაშებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალის და გახსნა-დახურვის ცერემონიის ჩატარება ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე არ არის შესაძლებელი“.

სამინისტროს ინფორმაციითვე, ბათუმის საფეხბუთო სტადიონის მშენებლობის სამუშაოების ჯამური სავარაუდო ღირებულება 157 344 846 ლარია.

ამავე სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სტადიონის მშენებლობას, რომელიც 2018 წლის იანვრიდან შენდება, ორი ინჟინერ-კონსტრუქტორი ზედამხედველობს.

„ბათუმელებმა“ ვერ გაარკვია გააჩნიათ თუ არა ამ იჟინრებს მაგისტრის ხარისხი. სტადიონის მშენებლობასა თუ ტექნიკურ ზედამხედველობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის „დროებითი ზედამხეველების“ კავლიფიკაციის შესახებ, წერილობით გამოვითხოვეთ. ინფორმაცია არც „სტადიონმა“ მოგვაწოდა, არც სამინისტრომ და არც აჭარის მთავრობამ.

აჭარის მთავრობიდან მოგვწერეს, რომ ინფორმაციის მისაღებად შეგვიძლია სასამართლოს მივმართოთ.

შესაბამისად, კითხვას, რამდენად უსაფრთხო იქნება სტადიონი, მაშინ როცა ასაიდუმლოებენ როგორც მშენებლობის ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტებს, ასევე იმ პირების კვალიფიკაციას, რომლებიც ზედამხედველობენ მშენებლობას, მომავალი გასცემს პასუხს.

ამონარიდი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ბრძანებიდან [N88, 08.05.2018]
ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამავე თემაზე:

შპს „სტადიონის“ ოთხჯერ გასაჩივრებული ტენდერი

რომელი დაავადებებისთვისაა სასარგებლო ზღვაში ცურვა

როგორც ექიმები ამბობენ, ზღვაში ცურვას ხასიათის გაუმჯობესების გარდა დადებითი ზეგავლენა შეუძლია იქონიოს თქვენს ჯანმრთელობაზეც. სხვა დადებით თვისებებთან ერთად, ზღვის წყალში ცურვას შეუძლია გაამაგროს იმუნური სისტემა, გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა, დაატენიანოს კანი და ა.შ.

ექიმი-ნევროლოგი მიხეილ მჟავანაძე ამბობს, რომ ცურვა მკურნალობისა და პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ზურგისა და კისრის ოსტეოქონდროზის შემთხვევაში:

„ცურვის დროს მოძრაობაშია ყველა კუნთი და სახსარი, ამიტომაც იგი აქტიურად ეხმარება ოსტეოქონდროზის პრევენციას. განვითარებულ ოსტეოქონდროზის შემთხვევაში ტკივილის რისკს ამცირებს, უკვე განვითარებული ტკივილის სინდრომის დროს კი, ამ პრობლემის კუპირებას ახდენს.

მართალია, მიიჩნევა, რომ ზღვის წყალი უფრო მარგებელია, ვიდრე უბრალოდ აუზისა, მაგრამ მე მაინც ვიტყვი, რომ ზღვა ამ შემთხვევაში განსაკუთრებული თვისებებით არ გამოირჩევა, აქ მთავარი ცურვაა,” – ამბობს ექიმი.

მიხეილ მჟავანაძე ამბობს, რომ ოსტეოქონდროზის სხვადასხვა ფორმის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ცურვის მეთოდს: „როცა ამას აუზში აკეთებ, იქ მეთოდისტია, რომელიც ასწავლის, რომელი ცურვა რა დროს უნდა გამოიყენოს ადამიანმა, რომ ადვილად მოიხსნას ესა თუ ის ტკივილი და არ განვითარდეს ოსტეოქოდროზი”.

ექიმი ამბობს, რომ ცურვის უნივერსალურ მეთოდად მიიჩნევა ბრასი – ცურვა ხელის ზემოდან მოსმით, „ამ დროს ყველა კუნთი მუშაობს. ძალიან კარგი იქნება, ყველამ რომ იცუროს. ზღვისპირა ქალაქში ვცხოვრობთ და ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 30% ზღვაზე ერთხელაც კი არ გადის მთელი წლის განმავლობაში” – ამბობს ის.

ენდოკრინოლოგ მედეა ამაშუკელის თქმით, ზღვაზე დასვენება იმუნიტეტს აძლიერებსკერძოდ კი, მზეზე ყოფნისას ადამიანები იღებენ D ვიტამინს, რომლის დეფიციტიც, ექიმის თქმით, ხშირად აღენიშნებათ ადამიანებს:

„ზღვა რომ შეიცავდეს რაიმე განსაკუთრებული რაოდენობის იოდს, რომელიც ფარისებრ ჯირკვალზე რაიმე ზეგავლენას მოახდენს – ასეთი კავშირი არ არის, მაგრამ ზღვაზე ყოფნის პერიოდში ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით იღებს D ვიტამინს, ამ ფონზე ხდება იმუნიტეტის გაძლიერება, ფარისებრი  ჯირკვლის ნორმალური მუშაობა. ხდება ფარისებრი ჯირკვლისა და ზოგადად, იმუნური, ენდოკრინული დაავადებების პრევენცია.

აუცილებელია ზომიერების დაცვა. უმჯობესია D ვიტამინი მივიღოთ დილის და საღამოს პერიოდში, რადგანაც კანის დამწვრობა კანის კიბოს რისკთან არის დაკავშირებული”.

მედეა ამაშუკელი ამბობს, რომ უნდა მოვერიდოთ შუადღის მზეს, სასურველია ზღვაზე გასვლა 9-დან 11 საათამდე და საღამოს 7 საათის შემდეგ.

კიდევ ერთი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, რასაც ზღვა ეხმარება – ვენების დაავადება და სისხლის მიმოქცევაა.

მაგალითად, ვარიკოზის ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას ხდება ქვედა კიდურის ზედაპირული ვენების (რომელთაც სისხლი მიაქვთ გულისკენ) სარქვლოვანი აპარატის დარღვევა, რის გამოც ხდება სისხლის უკუდინება. ამ დროს თხელდება ვენის კედელი და ვენა ხდება ტომარისებური აღნაგობის, ალაგ-ალაგ შეიმჩნევა ვარიკოზული კვანძების გამობერვა. ვარიკოზი შესაძლოა წელიწადის ნებისმიერ დროს განვითარდეს, მაგრამ ზაფხულის სიცხის გამო იგი სწორედ ზაფხულში მწვავდება.

ანგიოლოგი სოსო მარგალიტაძე ამბობს, რომ ზღვაში ცურვა სწორედ ვენების სარქვლოვან აპარატს ამაგრებს, რაც ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ მოძრაობას ქვემო კიდურების ვენურ სისტემაში. ექიმი ხშირად ცურვას გვირჩევს: „ვინც ცურვა არ იცის, უბრალოდ გაიაროს წყალში“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარუჯვა და ზედმეტი სიცხე ვენების დაავადებების მქონე ადამიანისთვის საზიანოა.

„აჭარის ტელევიზიის“ კამერა ქორწილში – მხარეთა არგუმენტები სასამართლოში

„ეს ვიდეოკამერა ნათია კაპანაძეს ან ვინმეს კი არ ეკუთვნის, ვინც ტელევიზიაში მუშაობს, არამედ ეს არის ქართველი ხალხის საკუთრება. ამიტომაც უჭირს ქართველ ხალხს სახელმწიფოს აშენება, რომ არსებობს დამოკიდებულება: რა უჭირს, სახელმწიფო ქონებაა და გამოვიყენებ, გადავიღებ ქორწილს, რა მოხდა მერე…“ – აღნიშნა დღევანდელ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ნათია წკეპლაძემ, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერესებს იცავს.

ამ ტელევიზიის და კონკრეტულად, მისი დირექტორის წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომელი – ირაკლი ბარამიძე დავობს. ის აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მაუწყებლობას ხელმძღვანელობდა და მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეოკამერა ქორწილში აღმოჩნდა.

ეს შემთხვევა გასული წლის 25 თებერვალს მოხდა. არასამუშაო დღეს ირაკლი ბარამიძემ საინფორმაციო სამსახურის ოპერატორს – მინდია მალაყმაძეს, რომელიც იმ დღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ქორწილს იღებდა, ტელევიზიის ვიდეოკამერა გაატანა და ბოტანიკურ ბაღში  ე.წ. სატელევიზიო არტის გადაღება დაავალა.

„ირაკლი ბარამიძეს არ ჰქონდა უფლებამოსილება, საინფორმაციო სამსახურის ოპერატორისთვის მიეცა კამერის გატანის ნებართვა. თანაც, არტის გადაღება ირაკლი ბარამიძის სამსახურის საქმე არ იყო,“ – განაცხადა სასამართლო პროცესზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერესების დამცველმა, ნინო უტიაშვილმა. მან ასევე განმარტა, რომ ვიდეოარტის გადაღების საჭიროება ტელევიზიას იმ დროისთვის არც ჰქონია.

„მე ვერ ვხედავდი პრობლემას, რადგან ვქმნიდი პროდუქტს ამ ტელევიზიაში 24 წლის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში არც ერთი გადაცდომა არ მქონია… ნათია კაპანაძემ პირადი დაპირისპირების გამო გამათავისუფლა,“ – მიმართა მოსამართლეს ტელევიზიიდან გათავისუფლებულმა ირაკლი ბარამიძემ.

„ვერ ვხედავ პრობლემას – ეს ფრაზა უკვე მეტყველებს დამოკიდებულებაზე და კიდევ ბევრ რამეზე,“ – უთხრა ირაკლი ბარამიძეს ტელევიზიის ინტერესების დამცველმა ნათია წკეპლაძემ: – „მე რომ ახლა სასამართლოს მიკროფონი ავიღო და წავიღო აქედან, ხომ ატყდება ამბავი? უფლებამოსილება განსაზღვრულია ნორმატიულ დოკუმენტაციაში და ეს ყველაფერი გაწერილი აქვს ტელევიზიას. მე რომ ახლა ვთქვა, ბულვარში ავტომანქანები შემოვიდნენ, გაძლევთ უფლებას-მეთქი, მართლა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ამის უფლება მაქვს? ნათია კაპანაძეს აბარია ქართველი ხალხის ქონება და ის ვალდებული იყო, მიეღო ეს გადაწყვეტილება. ის ვერ იქნება ჯიგარი გოგო, როგორც ეს არის მიღებული. ამ სასამართლოში მოსამართლე ფიგურაა, მაგრამ რომელიმე მათგანს კი არ აქვს ამ შენობიდან თუნდაც მიკროფონის გატანის უფლება. ქონების გატანას შესაბამისი კომპეტენციის პირის ნებართვა სჭირდება.“

„ირაკლი ადრეც ამზადებდა ასეთ არტებს,“ – მიმართა მოსამართლეს სოსო სტურუამ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა. იგი სასამართლოში ირაკლი ბარამიძის ინტერესებს იცავს. სოსო სტურუა ამ თანამდებობაზე სწორედ ნათია კაპანაძემ შეცვალა.

„არტისთვის კადრები 25 თებერვალს არ გადაუღია ოპერატორს. ამის შესახებ ირაკლი ბარამიძეს არავისთვის უცნობებია,“ – აღნიშნა გია ქარცივაძემ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერესების დამცველმა.

ირაკლი ბარამიძის ინტერესების დამცველი, სულხან ფალავანდიშვილი ამბობს, რომ ვიდეოკამერის ტელევიზიიდან გატანის კონკრეტული წესი არ არსებობს და ირაკლი ბარამიძე „აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად მოქმედებდა.“ ადვოკატმა ასევე თქვა, რომ მტკიცებულებებით არ დასტურდება ის, რომ ტელევიზიიდან გატანილი კამერით გადაიღო ოპერატორმა მინდია მალაყმაძემ ქორწილი.

„ირაკლი ბარამიძემ იცოდა, რომ ტელევიზიის ოპერატორი მიდიოდა პირად საქმეზე და სთხოვა, თან წაეღო ტელევიზიის კამერა იმისთვის, რომ არტისთვის კადრები გადაეღო… კამერა დაბრუნდა ტელევიზიაში ყოველგვარი დაზიანების გარეშე,“ – აღნიშნა სულხან ფალავანდიშვილმა.

სულხან ფალავანდიშვილმა თავის გამოსვლაში ასევე გაუსვა ხაზი იმას, რომ შემთხვევის შემდეგ ტელევიზიის ოპერატორის დასჯის ნაცვლად, ირაკლი ბარამიძე დასაჯეს და იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„ეს არის ევროპული პრაქტიკა – მაღალი სანქცია მას, ვისაც მეტი პასუხისმგებლობა აქვს,“ – უპასუხა ადვოკატს ნათია წკეპლაძემ.

„აჭარის ტელევიზიის საქმეს“ მოსამართლე ირმა ტოგონიძე განიხილავს. შემდეგ სხდომაზე სასამართლო მოწმეებს მოუსმენს, რის შემდეგაც მხარეებს შორის პაექრობა შედგება.

ირაკლი ბარამიძე სამსახურში დაბრუნებას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. გარდა ამისა, ნათია კაპანაძის მიერ მედიისთვის ამ თემაზე გაკეთებული კომენტარებზე პატივის და ღირსების შელახვის ფაქტის დადგენას.

ნათია წკეპლაძე: „ჯერ არ გამიგია მართლმსაჯულების პრაქტიკაში ასეთი რამ. საჯარო სამსახურის ხელმძღვანელმა შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება და პრესამ დაუსვა შეკითხვები. საბჭოთა ჩინოვნიკივით უნდა დამალვოდა მედიას?“

 

„ბაბილონ თაუერი“, რომელიც არ აშენდა

რა ბედი ეწევა ბათუმის ბულვართან დაუსრულებელი „ბაბილონ თაურის“ მშენებლობას? – ამ კითხვაზე დაზუსტებული პასუხი ჯერ კიდევ არავის აქვს. ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით, რუსთაველის ქუჩის #30-ში, უკვე სამ წელზე მეტია დაუსრულებელი შენობის კარკასი ერთსა და იმავე მდგომარეობაში ხვდება ქალაქში ჩამოსულ დამსვენებელს. ამ დრომდე არც მისი შეფუთვა უცდიათ.

ინვესტორმა ახლახან კიდევ ერთხელ მიმართა მთავრობას თხოვნით, გაათავისუფლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს გადასახადისგან. კომპანია ასევე მშენებლობის ვადის 2021 წლამდე  გადავადებას ითხოვს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, გელა ცინცაძის ინფორმაციით, მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ინვესტორის მიერ შეთავაზებული ვადა არაგონივრულია. შესაბამისად, ჯერჯერობით, შეთანხმება არ შედგა.

რაც შეეხება პირგასამტეხლოს, ამ თანხამ ხუთი წლის განმავლობაში 8 მილიონ დოლარს და 100 000 ლარს მიაღწია.

გელა ცინცაძე ვარაუდობს, რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში შესაძლოა კომპანია პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხის გადახდისგან გაათავისუფლონ.

„სასამართლოში რომ წავიდეს, სასამართლო ყველა შემთხვევაში შეუმცირებს ამ თანხას, მაგრამ ამ შემთხვევაში სასამართლოს მექანიზმიც არ არსებობს, რადგან დავის გადაწყვეტის მექანიზმად თავის დროზე ლონდონის არბიტრაჟი იყო განსაზღვრული და, შესაბამისად, ამ მიმართულებითაც მოსაგვარებელია მხარეთა შორის ურთიერთობა. ამ გარემოების გათვალისწინებით და კიდევ იმ მოტივით, რომ მთავრობისთვის პრიორიტეტულია ქალაქის ცენტრში მშენებლობა დასრულდეს, შესაძლებელია ასეც მოხდეს“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ გელა ცინცაძემ.

მთავრობის ინფორმაციით, გასულ წელს კომპანიაში ფინანსური აუდიტი შევიდა, შემდეგ კი პარტნიორებმა წილების გასაყოფად სასმართლოს მიმართეს. სასამართლო დავა დასრულდა, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით, წილებში ცვლილებები არ ასახულა.

ბათუმში 47-სართულიანი „ბაბილონ თაუერის“ მშენებლობა, რომელსაც თურქული კომპანია „TAM GEO LLC“-ი აშენებს, 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. მიწის ნაკვეთი რუსთაველის ქუჩაზე, #30-ში, ინვესტორს აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ, პირდაპირი მიყიდვის წესით, 2012 წელს გადასცა. ამ ნაკვეთთან ერთად ინვესტორს გადასცეს ნინოშვილის ქუჩის N23-ში მდებარე 513,3 კვ.მ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობა და მასზე დამაგრებული 982 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიც.

 

უტაქტო შეკითხვების რეიტინგი – გამოკითხვის შედეგი

გამოკითხვა – „შეკითხვა, რომელსაც ვერ იტანთ“ – batumelebi.ge-ზე 12 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოკითხულთა უმრავლესობამ, 25 პროცენტზე მეტმა, 240-მა ადამიანმა სწორედ ხელფასზე დასმული კითხვა მიიჩნია ყველაზე ცუდ შეკითხვად.

გამოკითხვაში სულ 948 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.  უხერხული და უტაქტო შეკითხვების რეიტინგი ასე გადანაწილდა:

  1. რამდენი გაქვს ხელფასი? – 240 ხმა 
  2. როდის თხოვდები? – 136 ხმა
  3. ცოტა ხომ არ გასუქდი? – 101 ხმა 
  4. ბავშვის გაჩენას არ აპირებთ? – 100 ხმა
  5. რაღაც არ ჩანხარ, სად დაიკარგე? – 73 ხმა 
  6. გათხოვილი ხარ? [გინეკოლოგთან] – 68 ხმა 
  7. ცოლი რატომ არ მოგყავს? – 66 ხმა 
  8. რამდენი კილო ხარ? – 59 ხმა 
  9. რატომ დაშორდით? [ქმარს, ცოლს, შეყვარებულს] – 57 ხმა 
  10. დედა უფრო გიყვარს თუ მამა? [ბავშვებს] – 35 ხმა 
  11. რა ნიშნებზე სწავლობ? [მოსწავლეებს] – 13 ხმა 

ახლა, როცა უკვე გამოკითხვის შედეგები ცნობილია, თქვენი გადასაწყვეტია, დასვათ ეს შეკითხვები, თუ თავი შეიკავოთ.

 

139 000 დემონსტრანტი საფრანგეთის ქუჩებში – პროტესტი მაკრონის პოლიტიკის წინააღმდეგ

საფრანგეთის პროფესიულ კავშირში გაერთიანებულმა მოქალაქეებმა ქვეყნის 140 სხვადასხვა ქალაქში გამართეს საპროტესტო აქციები. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 139 000 დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩებში.

მხოლოდ პარიზში საპროტესტო აქციაზე 16 000-მდე უკმაყოფილო მოქალაქეა შეკრებილი: ექიმები, მასწავლებლები, სტუდენტები, ავიადისპეტჩერები და პენსიონერები აპროტესტებენ ქვეყანაში სამუშაო ადგილების შემცირებას, ხელფასების კლებას, მაკრონის ეკონომიკურ რეფორმებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის წესების ცვლილებებს.

აქციებს ულტრამემარცხენე „შავი ბლოკის“ წევრებიც შეუერთდნენ. რადიკალურად განწყობილმა ჯგუფმა მაღაზიის ვიტრინები და ავტობუსების გაჩერებები დააზიანა. პოლიციამ წყლის ჭავლის მანქანები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაკავებულია 20-ზე მეტი დემონსტრანტი.

პროფკავშირების საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დემონსტრაციაზე ემანუელ მაკრონის ფიტულიც დაწვეს.

პროფკავშირების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მაკრონის  პრეზიდენტობის ერთწლიან პერიოდში უკვე მესამედ იმართება.

როგორც ფრანგული გამოცემა le figaro იუწყება ელისეს სასახლეში უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კვირის დასასრულს პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი პროფკავშირების სხვადასხვა ჯგუფს შეხვდება მოსალაპარაკებლად.

________________________

წყარო:

euronews 

Le Figaro

კონკურსი დიზაინერებისთვის მოჭადრაკეთა ეროვნული გუნდების ჩაცმულობაზე

2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა საქართველოს მოჭადრაკე ქალთა და ვაჟთა ოლიმპიური ნაკრები გუნდების სამოსის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ, ასევე დამწყებ დიზაინერებს.

ესკიზები უნდა იყოს შექმნილი კონკრეტულად ამ კონკურსისთვის და კონკურსის დასრულებამდე არ უნდა განთავსდეს  ვებგვერდებსა თუ სოციალურ ქსელში; კონკურსანტმა უნდა წარადგინოს ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა უნიფორმის მინიმუმ ორი ესკიზი.

პირობების ჩამონათვალში მითითებულია, ასევე, რომ კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სამოსი იქმნება მოჭადრაკეებისთვის, რომლებიც რამდენიმე საათს ჭადრაკის დაფასთან მსხდომნი ატარებენ და სამოსი, შესაბამისად, უნდა იყოს მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ესკიზები უნდა წარადგინონ 2018 წლის 25 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე; uniform@batumichess.com 

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული კონკურსანტებს გადაეცემათ  თანხა და სამახსოვრო საჩუქრები.

ქალთა და ვაჟთა სამოსი განიხილება ცალ-ცალკე. საუკეთესო სამეულს აარჩევს სპეციალური ჟიური: დიზაინერები – იკა ბობოხიძე და თეონა თავართქილაძე,

საუკეთესო სამეულიდან [როგორც კაცების, ასევე ქალების] საუკეთესოს კი საქართველოს მოსახლეობა სოციალური ქსელის გამოკითხვის შედეგად აარჩევს ოლიმპიადის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე – batumi2018.

გამარჯვებული ესკიზების მიხედვით საქართველოს მოჭადრაკე ქალთა და ვაჟთა ნაკრები გუნდებისთვის სამოსის შეკერვას უზრუნველყოფს 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა „ბათუმი 2018“ ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში მსოფლიოს 189 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

 

ხიჭაურიდან გოდერძის უღელტეხილამდე გაზსადენის პროექტისთვის 3,5 მილიონი ლარი გამოიყოფა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხიჭაურის დასახლებიდან გოდერძის უღელტეხილამდე საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შესყიდვისთვის ბიუჯეტში 3 578 400 ლარი გამოიყოფა. პროექტის შესყიდვის შემდეგ კი დაიგეგმება გაზსადენის მშენებლობა, რაც მაღალმთიანი აჭარის გაზიფიკაციის პროგრამის მეორე ეტაპი იქნება.

გაზიფიკაციის პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში ბათუმიდან ხიჭაურამდე შენდება გაზსადენი, რომელიც ნაცვლად 2019 წლისა, მიმდინარე წლის აგვისტოში ან ნოემბერში უნდა დასრულდეს. ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში 862 600 ლარი დამატებით, პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულებისთვისაც არის გათვალისწინებული.

ამ ეტაპზე დასახლებული პუნქტების დაქსელვაზე აჭარის მთავრობას არც პროექტი აქვს და არც ფინანსები გამოყოფილი. მეტიც, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, ვინ დააფინანსებს შესაბამის სამუშაოებს – საქართველოს, აჭარის მთავრობა თუ მუნიციპალიტეტებსაც ჩართავენ.

„მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროგრამა, რაც აჭარის მთავრობას აქვს, გულისხმობს ცენტრალური მილსადენის გაყვანას. ეს შემდგომში სოფლების გაზიფიცირების შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა ათი დღის წინ „ბათუმელებთან“ ნუგზარ ძნელაძემ, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა.

ამავე თემაზე:

სად გაივლის ახალი გაზსადენი ბათუმიდან ხიჭაურამდე

 

ჯივილი – საბავშვო ფეხსაცმლის ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი ბათუმში

საბავშვო მაღაზია “ჯივილი” ბათუმში მომხმარებელს საბავშვო ფეხსაცმლის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. აქ  ყველა ასაკის ბავშვებისთვის წარმოდგენილია სხვადასხვა ცნობილი ბრენდის, მაღალი ხარისხის ფეხსაცმელი. მაგალითად: BabyForce-ს ორთოპედიული ფეხსაცმელი ჩვილებისთვის, JUMP-ი, DUNLOP-ი, BARBONE, CIVIL GLASS-ი, KIDS FLUBBER-ი, MISIVA, Nstep-ი, Сallion-ი, vicco და ა.შ.

გარდა ფეხსაცმელების მრავალფეროვანი არჩევანისა, “ჯივილი” ბათუმელ მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს მრავალფეროვან ფასდაკლების აქციებსა და სხვადასხვა პრომოაქტივობას საბავშვო ტანსაცმელზე, სათამაშოებსა და აქსესუარებზე.

გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N88

მერია გარემოვაჭრეებს ახალ ადგილზე ნებაყოფლობით გადასვლის შემთხვევაში 600 ლარს სთავაზობს

 ბათუმის მერია უკანონო გარევაჭრობის შესაჩერებლად გარემოვაჭრეებს გოგოლის ქუჩაზე, ალტერნატიულ ფართობში გადასვლის სანაცვლოდ განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

კერძოდ, ყველა იმ გარემოვაჭრეს, რომელიც ნებაყოფლობით, სათანადო აღრიცხვის საფუძველზე, გაათავისუფლებს უკანონოდ დაკავებულ ტერიტორიას, გადავა და საქმიანობას გააგრძელებს გოგოლის ქ. #1-ში მდებარე ალტერნატიულ ფართობში, ბათუმის მერია და სს „მეტრო ავრასია ჯორჯია“ კომპენსაციის სახით გადასცემენ 200 ლარს ყოველთვიურად, 3 თვის განმავლობაში.

გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, ბათუმის მერია და სს „მეტრო ავრასია ჯორჯია“ მომდევნო პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფენ სამგზავრო ავტობუსების გამოყოფას, რეგულარულად, ერთი საათის ინტერვალით, რომლებიც გარემოვაჭრეების მიერ შერჩეული ქალაქის ტერიტორიიდან მოემსახურება ნებისმიერ პირს, მათი უფასო ტრანსპორტირების მიზნით, გოგოლის #1-ში მდებარე სავაჭრო ცენტრში და პირიქით.

სავაჭრო ადგილები გარემოვაჭრეებს გამოეყოფათ უფასოდ, ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც იმოქმედებს არანაკლებ 24 თვის განმავლობაში.

მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ თუ უახლოესი დღეების განმავლობაში არ მოხდება უნებართვოდ დაკავებული ტერიტორიების ნებაყოფლობით გათავისუფლება და უკანონო გარევაჭრობის შეწყვეტა, მერია განახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლო ღონისძიებას, როგორც სამართალდამრღვევი პირების მიმართ შესაბამისი სანქციების ამოქმედების, ასევე, უნებართვოდ დაკავებული საზოგადოებრივი სივრცეების გათავისუფლების კუთხით.

რაში დახარჯავს აჭარის მთავრობა 20 მილიონს, რომელიც ბიუჯეტს დაემატა

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 20 521 500  ლარით გაიზარდა. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის უმაღლეს საბჭოში უთხრეს, ბიუჯეტი  საშემოსავლო გადასახადების ხარჯზე იზრდება და თანხის დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უნდა გადანაწილდეს. იგეგმება კურორტ „გოდერძიზე“ შიდა გზების გაყვანა.

ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი წელს ერთი მილიონი ლარით გაიზრდება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ აღნიშნული თანხა გულის ქირურგიის, ონკოლოგიის და ასევე ზრდასრული მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის პროგრამებს მოხმარდება.

დაახლოებით ერთი მილიონი ლარით იზრდება მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიც, რომელიც წყლის სისტემების რეაბილიტაციისთვის იქნება გათვალისწინებული.

ქობულეთის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით გაიზრდება, გაზრდილი ბიუჯეტი ჯებირის რეაბილიტაციას და ბულვარის განვითარებას უნდა მოხმარდეს.

უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, 4 მილიონ 441 ათასი ლარია გათვალისწინებული მაღალმთიანი აჭარის გაზიფიკაციაზე.

საბიუჯეტო ცვლილების საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ „გოდერძიზე“, ფიზიკურ პირთათვის მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ კომპენსაციების გაცემისთვის გათვალისწინებულია 1 674 500 ლარი.

შპს „სტადიონს“ კი  7 300 000 ლარით გაეზრდება ბიუჯეტი.

სარეზერვო ფონდი – 1,5 მილიონი ლარით უნდა გაიზარდოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ასიგნება კი – 200 ათასი ლარით.

დაფინანსება გაეზრდებათ ასევე: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს [278,7 ათასი ლარით], აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს [53,8 ათასი ლარით], ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს [5 მილიონ 502 ათასი ლარით], საარქივო სამმართველოს [91,8 ათასი ლარით].

საბიუჯეტო ცვლილების შედეგად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნება  3 მილიონ 618 ათას 700 ლარით იზრდება, საიდანაც თანხის ნაწილი მოხმარდება „სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობას“, ნაწილი კი ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატებისა და მოტობლოკი სათიბელათი შესყიდვას.

ნახევარი მილიონი ლარი დაემატება ასევე „ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ პროგრამას.

 

1,2 მილიონი ლარი „აჭარის მუზეუმის“ შენახვისთვის

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 2018 წელს 9 მილიონ 554 ათასი ლარით გაიზრდება.

აღნიშნული თანხიდან 5 მილიონ 286 ათას 200 ლარი საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის იქნება მიმართული; კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განვითარებაზე 628 ათას 300 ლარია გათვალისწინებული, სპორტის მიმართულებით ბიუჯეტი 800 ათასი ლარით გაიზრდება, რომელიც სპორტული ინვენტარის შეძენას უნდა მოხმარდეს.

ახალი ორგანიზაციის – „აჭარის მუზეუმის“ შენახვის ხარჯი კი წელს 1 მილიონ 224 ათას 500 ლარი იქნება. აღნიშნული ორგანიზაცია ოთხი სხვადასხვა მუზეუმის გაერთიანების შედეგად შეიქმნა.

ბათუმის საკრებულოს დარბაზში რუსულ კომპანიას თავისი პროდუქტის რეკლამირების უფლება მისცეს

ბათუმის საკრებულოს ლუკა ასათიანის სხდომათა დარბაზში რუსული პროდუქტის პრეზენტაციის შესახებ ინფორმაცია ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს წევრმა, თენგიზ აფხაზავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, აჭარის ექიმთა საზოგადოების თავმჯდომარის, რამაზ სურმანიძის ხელშეწყობით, ჩატარდა კონფერენცია თემაზე “ჯანმრთელი მომავალი”, რომელსაც უძღვებოდა ნატურალური ბიოპროდუქტების მწარმოებელი ბრენდი კორპორაცია “სიბირსკოე ზდოროვიეს” წარმომადგენელი ალლა პავლოვა და თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, კონსტანტინე სულამანიძე. განიხილეს მსოფლიო ტენდენციები ჯანსაღი ბიოპროდუქტების გამოყენებასთან მიმართებაში და წარმოადგინეს კორპორაციის უნიკალური პროდუქცია. მისი შეძენა შეგიძლიათ ბათუმის ოფისში, რომელიც დროებით განთავსდა მისამართზე ლერმონტოვის…“ – წერდა თენგიზ აფხაზავა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

წინა მოწვევის საკრებულოს წევრმა ეს სტატუსის მას შემდეგ წაშალა, რაც „ბათუმელები“ დაინტერესდა, რის საფუძველზე და ვისი გადაწყვეტილებით დაუთმეს საკრებულოს სხდომათა დარბაზი რუსულ კომპანიას.

მართალია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით დასტურდება, რომ საკრებულოში პროდუქტი ჰქონდათ მიტანილი, თუმცა არ ვიცით, გაყიდეს თუ არა ის ადგილზე.

იმის გასარკვევად, თუ ვინ გადაწყვეტა საკრებულოს დარბაზი დაეთმოთ რუსული კომპანიისთვის, თავისი პროდუქტის პრეზენტაცია რომ გაემართა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, თამაზ სალუქვაძეს დავუკავშირდით [საკრებულოს თავმჯდომარე მივლინებაში იმყოფება]. თავდაპირველად მან გვითხრა, რომ ასეთი ინფორმაცია არ აქვს: „გავარკვევ და დაგირეკავთ.“ მოგვიანებით კი განმარტა, რომ შეხვედრა საკრებულოს დარბაზში არასამუშაო საათებში შედგა, თვითონ კი იმ დროს თავის სამაჟორიტარო უბანში იმყოფებოდა და ამიტომაც ეს შემთხვევა კონტროლს მიღმა დარჩა.

თამაზ სალუქვაძე: „… როგორც მე გადმომცა ბატონმა აფხაზავამ, რომელიც იყო ამ შეხვედრის ორგანიზატორი, ეს არ იყო სარეკლამო შეხვედრა, ეს იყო, უბრალოდ, პრეზენტაცია. თავმჯდომარე რომ დაბრუნდება, გავარკვევთ დეტალებში რა იყო და როგორ იყო. როგორც თქვენ მეუბნებით, რომ პროდუქტი იყო იქ მიტანილი, ასეთივე ინფორმაციით, რასაც თქვენგან ვფლობ, ასეთივე მწირი და მშრალი ინფორმაცია გამაჩნია, რომ ეს ასე არ ყოფილა. ანუ ვის დავეყრდნო ახლა, უხერხულია ჩემთვის ამაზე საუბარი, ვინმეს დადანაშაულება ტყუილში ჩემთვის უხერხულია.“

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე [ამ ეტაპზე თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი] ასევე ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია საკრებულოს დარბაზის რუსული პროდუქტის რეკლამისთვის გამოყენება. მისი თქმით, მომავალში დარბაზის გამოყენების საკითხს უმკაცრესად გააკონტროლებენ: „რაზეც თქვენ მეუბნებით, ის ფორმა, რა თქმა უნდა, ჩემთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის მიუღებელია.“

მოგვიანებით „ბათუმელებს“ თავისი ინიციატივით დაუკავშირდა თენგიზ აფხაზავა. მან განმარტა, რომ სხდომათა დარბაზი შეხვედრისთვის საკრებულოს თავად სთხოვა, შეხვედრის მიზანი არ ყოფილა პროდუქტის რეკლამირება და ექიმები ჯანმრთელობის საკითხებზე სასაუბროდ დაპატიჟეს, ამიტომაც თავს უხერხულად გრძნობს.

ის ამტკიცებს, რომ პროდუქტი აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში. აქვე დასძენს, რომ ეს შეხვედრა საზოგადოებამ არ უნდა გაიგოს, როგორც რუსული პროდუქტის რეკლამისთვის დაგეგმილი შეხვერდა.

 

 სარფსა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული მედიკამენტები ამოიღეს

12 – 19 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, ,,გუგუთი“, ,,კარწახი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ტაილანდის, თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეების ავტომობილებისა და  ფიზიკური  დათვალიერების შედეგად, 37 აბი ნარკოტიკული  ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები და 1 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

მაქბულე კოჩაკი ქედის მუნიციპალიტეტს კონსულის რანგში პირველად ესტუმრა

დღეს ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ, თურქეთის გენერალურ კონსულს ქალაქ ბათუმში – მაქბულე ქოჩაკს ოფიციალურად უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა კონსულის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრას ქედის საკრებულოს თავმჯდომარე, შუქრი თურმანიძე ესწრებოდა.

მაქბულე ქოჩაკი ქედის მერიაში
მაქბულე ქოჩაკი ქედის მერიაში

ოფიციალური სტუმარი მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან ერთად ჯერ ახალგაზრდების მიერ ქედის ცენტრში ორგანიზებულ, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ფლეშმობს – სახელწოდებით ,,ხორუმს” დაესწრო, რომლის შემდგომ შეხვედრა მერის სამუშაო ოთახში გაგრძელდა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 ,,ხორუმი" - ფლეშმობი
,,ხორუმი” – ფლეშმობი

ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნების შემოტანის მცდელობა სარფსა და ვალეში

15-20 მაისს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სარფი“ და „ვალე“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების: ე.ჩ-სა და ტ.ი-ს კუთვნილი ავტომობილისა და ფიზიკური დათვალიერებისას, ჯამში, 75 ცალი, ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცა.

215 სათვალთვალო კამერა ბათუმში და 438 ათასი ლარი ბიუჯეტიდან მათი პატრონობისთვის

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ტერიტორიაზე 215 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერაა ჩართული. ქალაქის ბიუჯეტში კამერების [სისტემების] მოვლა-პატრონობისთვის 438 233 ლარია გათვალისწინებული. შესაბამის მომსახურებას ბათუმის მერია ტენდერით შეისყიდის.

„ყველა კამერა არის მუშა მდგომარეობაში, თუმცა იყო მუშაობასთან დაკავშირებით მცირე შეფერხებები. ამიტომ, ტენდერის პირობაში ჩადებულია 195 ვიდეო-სათვალთვალო კამერის უწყვეტი კვებით მომარაგება,“ – გვითხრეს ქალაქის მერიაში.

ტენდერში გამარჯვებულს ბათუმის ტერიტორიაზე განთავსებული 215 ერთეული IP კამერის (Pelco IXE31), 195 ერთეული ჩართვის წერტილის უწყვეტი კვებით მომარაგების სისტემისა და სასერვეროს, როგორც ერთიანი ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მოვლა-პატრონობა ევალება.

ამასთან, მანვე უნდა უზრუნველყოს მერიის შენობაში [ლ. ასათიანის ქ. N25, ბათუმი] მონიტორინგის ოთახის აღჭურვა – შიდა კომპიუტერული ქსელის შექმნა და ქალაქში განთავსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ერთიან ქსელზე დაერთება.

მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მერია მას, ვინც ტენდერში გაიმარჯვებს, 2018 წელს არაუმეტეს 184 500 ლარს გადაუხდის, თუმცა იტოვებს უფლებას, რომ მიმდინარე წელს აღნიშნულ თანხაზე მეტიც გადაიხადოს.

 

პროფესიულ სასწავლებლებში 2 700 სტუდენტი მიიღეს

2 700-ზე მეტი  აპლიკანტი პროფესიული სასწავლებლების სტუდენტი გახდა. შედეგები დღეს, 23 მაისს, გამოქვეყნდა.

როგორც პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ სამხარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების ათეულში პირველ ადგილს ისევ კულინარია ინარჩუნებს. შემდეგ მოდის ინფორმაციული ტექნოლოგიები, ბუღალტრული აღრიცხვა, მოთხოვნადი გახდა ელექტროობაც.

მოთხოვნადი პროფესიების ათეულშია ასევე რესტორნის მენეჯმენტი და სარესტორნო საქმის წარმოება, სტილისტის პროგრამა – კერვა-დიზაინის მიმართულებით.

პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების ჩარიცხვა წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე  მიმდინარეობს. წელს, საგაზაფხულო  მიღებაზე, განაცხადი 4 ათასამდე აპლიკანტმა გააკეთა. როგორც თამარ სამხარაძე ამბობს, აპლიკანტების რაოდენობა საშემოდგომო მიღებაზე ორმაგდება.

სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განათლებით  დასაქმების მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება.

2013  წლის კვლევის მიხედვით, 38 პროცენტი იყო დასაქმების ზრდა, 2017 წლის კვლევით კი 56  პროცენტით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა.

„კვლევის დროს იყო დასმული შეკითხვა იმაზე, თუ როდის დასაქმდა, სწავლის პერიოდში თუ შემდგომ, ეს 56 პროცენტი არის სწორედ ის, ვინც ამბობს, რომ სწავლის ან შემდგომ პერიოდში დასაქმდა.

დასაქმების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ტურიზმის სექტორში, იმიტომ, რომ სეზონური  დასაქმებებიც ძალიან ეხმარება ამას.

ამ პერიოდში სასტუმროს, რესტორნების მომსახურებაში გაზრდილია დასაქმების მაჩვენებელი, ვიდრე სხვა პროფესიებზე,“-ამბობს თამარ სამხარაძე.

მისი თქმით, წელს პროფესიულ განათლებას ახალი მიმართულებებიც დაემატა, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მხარდაჭერით დაემატა დუალური პროგრამები, საინჟინრო, სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო მიმართულებები.

„ბევრ ამ მიმართულებაში  ქართულის გარდა  გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატიც, რაც ასევე მიმზიდველს ხდის ამ პროგრამებს“.

საქართველოს პარლამენტში შესულია ახალი კანონპროექტი პროფესიული განათლების შესახებ, რისი მიღების შემდეგაც პროფესიული  სასწავლებლის სტუდენტს უფლება ექნება, მიიღოს საშუალო სკოლის ატესტატი, „რაც ასევე  გაზრდის პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობას,“-ამბობს სამხარაძე.

 

ქობულეთში ქარსაფარ ზოლში ხეებს ბელავენ

ქობულეთი-მუხაესტატეს საავტომობილო გზის გასწვრივ ქარსაფარ ზოლში ხეებს ბელავენ. სოციალურ ქსელში გამოითქვა მოსაზრება, რომ ქარსაფარ ზოლს ანადგურებენ, რადგან იგი ხელს უშლის ბიძინა ივანიშვილის ბაღისთვის მორიგი ხის გადატანას.

ქობულეთის მერიაში განმარტავენ, რომ მხოლოდ ქარსაფარი ზოლის ხეების გადაბელვა ხორციელდება.

„ეს არის გეგმიური სამუშაო, რასაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი აკეთებს. ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს,“ – გვითხრა ზაზა კაიკაციშვილმა, ქიბულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა.

მთავარი ფოტო: ქარსაფარ ზოლში ხეების გადაბელვა / ქობულეთი, მუხაესტატე / ფოტოები: Adjarian page

 

 

აქციის მონაწილე ჩაქვში: ივანიშვილის ხეს არ გავატარებთ, ვიდრე გზას არ გაგვიკეთებენ

ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ჩაქვიდან დენდროლოგიური პარკისთვის მორიგი ხის გადატანას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აქამდე ხეების გადატანის შედეგად საავტომობილო გზა დაზიანდა, მის აღდგენას კი არავინ აპირებს.

„ბოლო ორი ხე დარჩა გადასატანი. ჩვენ დაგვპირდნენ, რომ დაზიანებულ გზას გააკეთებდნენ, მაგრამ დღეს კომპანია გვეუბნება, რომ გზის აღდგენა მისი ვალდებულება არ არის. ამ ტერიტორიიდან ივანიშვილმა რამდენიმე ხე წაიღო. გზა ავარიულ მდგომარეობაშია, მანქანებს ამ გზაზე გავლა უკვე უჭირთ და ადამიანები კალოშებით დადიან, ისეთი მდგომარეობაა. ჩვენ არ ვაპირებთ დაშლას, ვიდრე ამ გზას არ მოაწესრიგებენ. მოვითხოვთ ხის გადატანის სამუშაოების შეჩერებას,“ – გვითხრა ჩაქვში მცხოვრებმა მერაბ ბეჟანიძემ.

აქციაზე იმყოფება უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონი. იგი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის მოთხოვნა სამართლიანია და კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს. ბაგრატიონის თქმით, ეს კომპანია ასრულებს ამ ტერიტორიიდან ხეების გადატანას.

„მოსახლეობა მოითხოვს იმ გზის შეკეთებას, რომელიც ხის გადატანისგან არ დაზიანებულა,“ – ამბობს ქობულეთის მერის წარმომადგენელი დაბა ჩქავში, გიორგი ქებულაძე. იგი განმარტავს, რომ გზას, რომელიც მძიმე ტექნიკამ დააზიანა, კომპანია „ზიმო“ გაარემონტებს, მაგრამ მოსახლეობა ითხოვს მიმდებარე გზების კეთილმოწყობასაც.

„ახლა ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები. ჩვენ ერთად ვმსჯელობთ, რა შეიძლება იყოს უკეთესი მოსახლეობისთვის. თავისთავად კომპანია არ გააკეთებს იმ გზის რეაბილიტაციას, სადაც მძიმე ტექნიკას არ გაუვლია,“ – გვითხრა გიორგი ქებულაძემ.

ფოტოები მოგვაწოდა უმაღლესი საბჭოს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა

 

დამნაშავეობა სოციალური რაკურსით

ავტორი: ესმა გუმბერიძე

ხშირად მეფიქრება გამდიდრების შესახებ ფილმებზე. მაგალითად, „უოლსტრიტის მგელი“ ან ფილმები კრიმინალურ სამყაროზე, სადაც ნაჩვენებია ლამაზი ცხოვრება, ფუფუნება, ძვირადღირებული მანქანები, ჩემოდნებით ფული, სეიფები. მთავარი გმირი ბოლოს კი გადარჩება და დიდ წარმატებას მიაღწევს, მაგრამ იმავე ფილმში რამდენი ადამიანი იღუპება, რამდენი კოტრდება, რამდენს არ გამოსდის ამ გზით სიმდიდრის მოხვეჭა და წარმატების მიღწევა.

ფილმში ესეც არის ნაჩვენებია, მაგრამ რადგან მთელი ყურადღება მთავარ პერსონაჟზეა გადატანილი, მაყურებელი ამას ვერ აღიქვამს. ერთ დღეში გამდიდრება ან ქუჩის მაწანწალადან მილიარდერ კრიმინალურ ავტორიტეტად გადაქცევა არის გამონაკლისი, უიშვიათესი რამ და არა – წესი.

ხშირად ფილმებში მთავარი გმირის იმედგაცრუებაც არის ნაჩვენები, მაგალითად, რომ წარმატების მიუხედავად მარტო რჩება. ზოგ მაყურებელს ეს გაუხარდება – აი, სიმდიდრეს და წარმატებას პიროვნული ბედნიერება არ მოაქვს, „უბრალო“ ადამიანები უფრო ბედნიერები ვართ ნაკლები ფულით. ვიღაცა კიდევ იფიქრებს, არ მაწუხებს მისი პირადი უბედურება, სიმდიდრეში ყველა პრობლემა უფრო მარტივად გადაიჭრება და ყველა პრობლემასთან ცხოვრება უფრო მარტივია, მზად ვარ, ეს ფასი გადავიხადოო.

საუბრებმა იმის შესახებ, თუ როგორ ამუშავებენ ქალებს ნარკოგამსაღებლებად, უფრო სწორად, ნარკოტიკის დამრიგებლებად, ოფიციანტებად, პასუხისმგებლობას როგორ კიდებენ ყველაფრისთვის, როგორ აშინებენ, ზემდგომები არ გათქვან და არწმუნებენ, რომ სანაცვლოდ არავინ ხელს არ ახლებს ან მერე ციხიდან „გამოაძვრენენ“… შემოსავლებს თვითონ იღებენ ისე, რომ იმ ქალების ხელში ნარკოტიკში გადახდილი ფული ვერ ხვდება, დამაფიქრა ბევრი სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მდგომარეობაზე. სად უნდა წავიდნენ და რა უნდა ქნან, მაგალითად, მინდობით აღზრდიდან ან მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებიდან? – მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, როგორც კი ისინი 18 წელს მიაღწევენ, პირდაპირ ქუჩაში უშვებენ. ზოგჯერ შეიძლება, მინდობით აღზრდილი ოჯახმა გარეთ არ გამოაგდოს, გააგრძელოს მასთან ურთიერთობა, მასზე ზრუნვა და მისი მხარდაჭერა, მაგრამ ბევრი ოჯახი ხომ მინდობით აღმზრდელი მხოლოდ ფულის გამო ხდება.

მართალია, სახელმწიფო მათ უფინანსებს პროფესიულ ან უმაღლეს სასწავლებელში სწავლას, მაგრამ სწავლის დროს სადღაც ხომ უნდა იცხოვრო? თავი ხომ უნდა ირჩინო? ქირის, კომუნალურების, საჭმლის, ტანსაცმლის, მკურნალობის ხარჯები… ხომ კარგად ვიცით, რომ თან სწავლა და თან ისეთ ადგილას მუშაობა, რომ დახმარების გარეშე თავი ირჩინო, შეუძლებელია – დღეში 12 სთ-იან სამსახურშიც კი, ხშირად, 400 ლარზე მეტს არ იხდიან და ეგრე თუ იმუშავებ, ვეღარ ისწავლი. სტიპენდია კი, სემესტრში არის 750 ლარი. თანაც ხუთიათასსტუდენტიან თსუ–ს იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგალითად, მას დაახლოებით 100-მდე ადამიანი თუ იღებს…

ასე ვერ იცხოვრებ, ვერ ირჩენ თავს. სრულ განაკვეთზე იმუშაო და თან ისწავლო ისე, რომ სტიპენდია მოიპოვო, ერთდროულად არ გამოდის. სტიპენდიას აკადემიური მიღწევებისთვის იღებ შემდეგ სემესტრში წინა სემესტრში შენი საქმიანობის შედეგად.

ნაცნობი მყავს. სოფელში ცხოვრობს, მშობლები დაეღუპა, მკურნალობისთვის საჭირო ფული არ ჰქონდა. ადრე დაოჯახდა, მათ შორის მომავალი ქმრის მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის იმედით. სკოლა ვერ დაამთავრა. არც უცხო ენა იცოდა, არც მაღალკვალიფიციურ სამსახურში მუშაობის გამოცდილება და უნარები… ქმარს დაშორდა. სოფლის სახლი თავზე ენგრევა: მარტოა, ვერც თვითონ გაწვდება მის გარემონტებას და ვერც ოჯახი დაეხმარება, თუნდაც ფიზიკური შრომით. ვერ მუშაობს, პირუტყვი რომ იყიდოს, მაგალითად, ამის ფული არ აქვს. უნდა თბილისში საცხოვრებელი იქირავოს, მაგრამ ამდენს ვერ შოულობს დაბალანაზღაურებად სამსახურში (ჯიხურის გამყიდველი). შორეულ ნათესავებთან რჩებოდა თბილისში, მაგრამ ისინიც ვიწროდ იყვნენ და ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა. მის ცხოვრებაში სასწაული თუ არ მოხდა, არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ. მოხუცებულობამდე მოუწევს თავის გამოსაკვებად მუშაობა, მერე კი მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დანიშნულ მინიმალურ პენსიაზე იცხოვრებს ნახევრადმშიერი.

ცხოვრებას რამე აზრი რომ ჰქონოდა, დაორსულდა, ბავშვის გაზრდაში მაინც ვრეალიზდე, ცხოვრება მრავალფეროვანი და ღირებული გავხადოო. ბავშვის აღზრდაც სიღარიბეში მოუწევს. სოციალურ შემწეობაზე როგორ უნდა იცხოვრო, რომ იმუშაო, პატარა სად უნდა დატოვო?

ხშირად ვუთითებთ ადამიანებზე, რომლებმაც ამ ყველაფრის მიუხედავად შეძლეს წარმატების მიღწევა. ვამბობთ, რომ თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოგივა. კი, ასეულობით ათასებიდან ერთეულები, რომლებმაც სასწაული მოახდინეს – გამოვიდნენ ჩაკეტილი წრიდან – არსებობდნენ, არსებობენ და იარსებებენ. მაგრამ, თუ მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ გაარღვიონ სიღატაკის წრე, ამას ქვეყნის „კარგად ცხოვრება“ არ ჰქვია.

მაშინ რაღა საჭიროა სახელმწიფოს არსებობა, რაღა უნდა აკეთოს მან, თუ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის არ იმუშავებს.


ავტორის შესახებ:

ესმა გუმბერიძე არის 23 წლის, აქტივისტი, პლატფორმა „ახალი შესაძლებლობებისთვის“ თანადამფუძნებელი და სახალხო დამცველთან არსებული გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს მოწვეული წევრი.

ესმა გუმბერიძემ დაამთავრა უსინათლოთა სკოლა, ფლექსის პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ განათლების მიღება გააგრძელა თავისუფალ უნივერსიტეტსა და თსუ-ში.

ჯინჭარაძეზე დანგრეული სახლის ასაშენებლად მერია ელექტრონულ აუქციონს განმეორებით აცხადებს

ბათუმის მერიამ განმეორებით ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა ახვლედიანის (ყოფილი ჯინჭარაძის) ქუჩის #12-ში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დანგრეული სახლის მესაკუთრე ცხრა ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლის უსასყიდლოდ ასაშენებლად. აუქციონი ამჯერად 20-პროცენტიანი ფასდაკლებით მიმდინარეობს, საწყისი ფასი 837 600 ლარია.

აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში სამსართულიანი სახლი უნდა ააშენოს, მანსარდითა და 10 საცხოვრებელი ბინით, ჯინჭარაძის 12 ნომერში. ბინები კეთილმოწყობილი უნდა იყოს, შეღებილი კედლებით, ლამინირებული იატაკით და ა.შ., ავეჯის გარეშე.

სანაცვლოდ კომპანიას საკუთრებაში გადაეცემა ბაგრატიონის ქ. N127-ში მდებარე 5429,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. შემსყიდველმა ამ ნაკვეთზე უნდა ააშენოს  მრავალფუნქციური დანიშნულების, თანამედროვე არქიტექტურული იერსახის მქონე შენობა-ნაგებობ(ებ)ი, არანაკლებ ექვსი სართულისა.

__________

მთავარი ფოტო: ხანძარი ჯინჭარაძის ქუჩაზე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან 

 

სარფში არადეკლარირებული ოქროს შემოტანისთვის რუსეთის მოქალაქე 6 ათასამდე ლარით დააჯარიმეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 22 მაისს „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა ქვეყანაში ოქროს ნაკეთობების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

„კერძოდ, რუსეთის მოქალაქეს, ზ.კ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად,  5 993.08 ლარის ღირებულების 101.32 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩნდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე  მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით,  ფულადი ჯარიმა, 5,993.08 ლარის ოდენობით შეეფარდა,“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ამერიკელი მწერალი ფილიპ როთი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკელი მწერალი, ფილიპ როთი 85 წლის ასაკში 22 მაისის ღამეს გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

როთი ლიტერატურულმა საზოგადოებამ 1959 წელს გამოცემული მოთხრობების კრებულით „მშვიდობით კოლუმბუს“ გაიცნო.

როგორც მწერლის ბიოგრაფი, ბლეიკ ბეილი ტვიტერში წერს, როთი მეგობრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

https://twitter.com/BlakeBaileyOn/status/999127578383409152

ყველაზე დიდი გამოხმაურება ფილიპ როთის „პორტნოის სინდრომს“ მოჰყვა. მწერალს ამ ტექტსმა ამერიკაში არნახული პოპულარობა მოუტანა.

„პორტნოის სინდრომში“, „ადამიანურ ლაქასა“ და „ამერიკულ პასტორალში“ როთი საკუთარ ამერიკულ-ებრაულ ფესვებს ხშირად უსვამს ხაზს და წარმოშობასთან დაკავშირებული თვითირონია, მისი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ამ ნიშნით წიგნებმა არაერთი კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა ზუსტად ეს იქცა ტექსტების წარმატების მიზეზადაც.

მოგვიანებით როთმა ისტორიული რომანების მთელი სერია, მათ შორის „ამერიკული პასტორალი“ გამოსცა 1997 წელს, რითაც პულიცერის პრემია დაიმსახურა.

ავტორს მთელი ცხოვრების განმავლობაში 30 წიგნი აქვს გამოცემული, ლიტერატურული კარიერა მან 2009 წელს დაასრულა.

ქართულ ენაზე ფილიპ როთის „ამერიკული პასტორალი“, „პორტნოის სინდრომი“ და „ადამიანური ლაქაა“ თარგმნილი.

 

ავარია ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ავტომანქანა ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა საავადმყოფოში არავინ გადაუყვანიათ.

ავარიის შედეგად დაზიანებულია როგორც ავტომანქანა, ისე ელექტროგადამცემი ბოძი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

 

ბათუმში 15 წლის გოგოს მოპედი დაეჯახა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, 15 წლის გოგოს მოპედი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, მას მნიშვნელოვანი დაზიანებები არ მიუღია, თუმცა მაინც გადაიყვანეს ბავშვთა საავადმყოფოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

„გვეშინია ბედნიერი ადამიანების“ – ერეკლე დეისაძე თავისი ახალი წიგნის შესახებ

24 მაისს  ერეკლე დეისაძის მოთხრობების ახალი კრებული „ოთარაანთ ქვიარი“ გამოვა. წიგნი აერთიანებს ავტორის მიერ ბოლო დროს დაწერილ ოთხ მოთხრობას: „მწვადამიანი“, „გემრიელად მიირთვით“, „სიზუსტე“ და „ოთარაანთ ქვიარი“.

როგორც ერეკლე ამბობს, ეს არის ოთხი სხვადასხვა ისტორია, რომელთაც ჩვენი ქვეყნის სოციალური ფონი და ამ ფონის შედეგად გამოწვეული საზოგადოების რეფლექსები აერთიანებს.

ერეკლე დეისაძე: „ეს არის მოთხრობები პრობლემებზე, ჭრილობებზე, რაც ყველაზე ძალიან სტკივა საზოგადოებას: უმცირესობები, მათი უფლებები, პოლიტიკა, თუ როგორ ჭამს და მარტო ტოვებს სისტემა ადამიანს, როგორ ეძებენ ისინი ამის მიზეზებს ერთმანეთში და ვერ ხედავენ საერთო პრობლემას – ტოტალიტარული სახელმწიფოს სახით. წიგნი ამ ყველაფრის კრიტიკაა.

ალბათ, ყოველთვის გავაღიზიანებ და გამოვიწვევ ორმაგი სტანდარტების მქონე ფარისევლებს, რადგან ლიტერატურის ერთ-ერთი ფუნქცია მხილებაა და ჩემი წიგნებით ერთ-ერთი მთავარი მამხილებელი ვარ მეც.

ორმაგი სტანდარტია, როცა, ერთი მხრივ, გვიყვარს ვაჟა-ფშაველა, მაგრამ ვერ ვიღებთ, უცხო, ჩვენგან განსხვავებულ ადამიანებს. ერს, რომელსაც მართლა უყვარს ვაჟა, შეუძლებელია ის დამოკიდებულება ჰქონდეს ნებისმიერი ნიშნით განსხვავებული ადამიანების მიმართ, რაც აქვს.

ქართველებს ძალიან გვიყვარს მკვდრები, სიცოცხლე გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას, მოძრაობას, ძიებას, ეს იმდენად გვეზარება, რომ მკვდრების გაფეტიშება გვირჩევნია.

გვეშინია ბედნიერი ადამიანების, გვირჩევნია გლოვა, ტრაგედია, ყოველთვის ვერთიანდებით ტრაგედიების ირგვლივ, მაგრამ არ შეგვიძლია სიხარულის ირგვლივ გაერთიანება, გაზიარება, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს: განათლების დაბალი დონე, სოციალური უთანასწორობა, სიდუხჭირე, პრივილეგირებული კლასები.

რეალურად ამ პატარა ერშიც კი პატარა, შიდაკლასობრივი ომებია. საქართველოში მცხოვრები არტისტისთვის ამ მოვლენებზე დაკვირვება დიდი ფუფუნებაა.

ბოლო წიგნისგან ველი ბევრ ავტოგრაფს, ბევრ სიყვარულს, ბევრ ქვას და ტალახსაც. ეს ყველაფერი ჩემთვის მისასალმებელია“.

როგორც წიგნის რედაქტორი, გვანცა ჯობავა აღნიშნავს, ერეკლე დეისაძის ახალი მოთხრობები ყველაზე აქტუალურ, მწვავე საკითხებს ეხება, მათ შორის ქალთა მიმართ ძალადობას, ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს და სახელმწიფოს დამოკიდებულებას მათ მიმართ, გენდერულ ამბებს, ომის თემებსა და ომის შემდგომ ცხოვრებას.

გვანცა ჯობავა. ფოტო: internationalpublishers.org

„ტექსტი დაცლილია ლირიკისგან და თხრობა მაქსიმალურად ლაკონურია, რაც მხატვრული თვალსაზრისით საკმაოდ რთულია. ერეკლემ ამ სირთულეს თავი კარგად გაართვა. ვფიქრობ, მკითხველი გულგრილი ვერ დარჩება.

ცხადია, ავტორი ისევ ეპატაჟურად თამაშობს, თუნდაც სათაურში და მსგავსი რამეების გემოვნებიანად კეთება ადვილი არ არის.

სოციალურ მედიაში უკვე მხვდება კომენტარები, წიგნის წაკითხვამდე გამოხატავენ უარყოფით დამოკიდებულებას. სადაც ხმა მიმიწვდება, ყოველთვის ვამბობ ასეთ შემთხვევებში, რომ წავიკითხოთ ტექსტები და ამის შემდეგ განვიხილოთ წიგნები და საერთოდ, ყველაფერი.

წიგნის გამოცემა პარლამენტში ინიცირებული, ცენზურასთან დაკავშირებული  ახალი კანონპროექტის გამოჩენას დაემთხვა. ეს არის ჩვენი, როგორც გამომცემლობის პასუხი კანონპროექტის იდეაზე“ – ამბობს გვანცა ჯობავა.

ერეკლე დეისაძის ახალი წიგნი „ინტელექტმა“ გამოსცა. „ოთარაანთ ქვიარი“ წიგნის მაღაზიებში 24 მაისიდან გამოჩნდება.

რა ელის ჭაჭის კოშკს, რომლის ასაშენებლად 800 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ჭაჭის კოშკი ისევ უფუნქციოდაა. ბათუმის მერიაში დღეს ვერ გვიპასუხეს კითხვაზე, რა გეგმები აქვს მერიას – მუშავდება თუ არა რაიმე იდეა ამ კოშკთან დაკავშირებით ან განახლდება თუ არა უფასო ჭაჭის მიწოდება პერიოდულად. პრესსამსახურში საკითხის გარკვევას დაგვპირდნენ, თუმცა დღის განმავლობაში ამ თემაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

ჭაჭის კოშკი ამჟამად ბათუმში იმ ობიექტთა ჩამონათვალშია, რომელთა ფუნქციაც გაურკვეველია.

25 მეტრი სიმაღლის ჭაჭის კოშკი ბათუმში 2012 წლის 17 ნოემბერს გაიხსნა. მისი მშენებლობა ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 810 055 ლარით დაფინანსდა. თავდაპირველი კონცეფციით, ჭაჭის კოშკის სენსორული აპარატიდან კვირაში ერთხელ ჭაჭა უნდა წამოსულიყო და ტურისტები მიეზიდა, თუმცა ამ ადგილმა გახსნიდან მალევე ტურისტებზე მეტად უფასო ჭაჭის მოყვარული ადგილობრივები მიიზიდა, რომლებიც ბოთლებით ელოდნენ, როდის წამოვიდოდა ჭაჭა სენსორული ონკანიდან.

გასულ წელს კოშკზე საათიც გაფუჭდა, რომლის შესაკეთებლად ბათუმის მერიამ 19 ათასი ლარი გამოყო. 

ამ ადგილთან დაკავშირებით 2016 წელს გეგმები ჰქონდა აჭარის მთავრობას. კერძოდ, ტერიტორიაზე ბუტიკების, სასტუმროების, გალერეებისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობას გეგმავდა საინვესტიციო ინტერესების გასაზრდელად. საკითხი ბათუმის საკრებულოს უნდა განეხილა, რადგან ამ ტერიტორიის ნაწილი მუნიციპალიტეტის ქონებაა.

მაშინ საკითხს კრიტიკულად მიუდგა საზოგადოება და მათ შორის პარტია „თავისუფალი დემოკრატები“, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ შესაძლოა ბათუმს კიდევ ერთი რეკრეაციული ზონა დაეკარგა და ქალაქის იმდროინდელ მერს, გიორგი ერმაკოვს, ამ საკითხის უკან გაწვევა სთხოვეს. საბოლოოდ, ბათუმის საკრებულოს „ჭაჭის კოშკის“ ტერიტორიასთან დაკავშირებული საკითხი არ განუხილავს.

წაიკითხეთ ამავე თემაზე: 

მოუვლელი „ჭაჭის თაუერი“ ბათუმში [ფოტო]

 

 

 

 

Exit mobile version