აბრები ქართულად ქემალფაშასა და ხოფაში სავაჭრო ობიექტებზე

ყოველდღიურად  საქართველოს ათეულობით მოქალაქე კვეთს სარფში თურქეთ-საქართველოს საზღვარს და სავაჭროდ ან სამუშაოდ ქემალფაშაში გადადის. ქემალფაშა სარფიდან ზუსტად 5 წუთის სავალ გზაზეა. ეს არის დაბის ტიპის პატარა დასახლება, რომლის ყველა ქუჩაზე სავაჭრო მაღაზიაა გახსნილი. აქ შეგხვდებათ როგორც წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთების, ისე ბრენდული მაღაზიები.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ლირის გარდა სხვა ვალუტით ვაჭრობა ნებადართული არ არის, ქემალფაშა გამონაკლისია. აქ ძირითადი სავაჭრო ვალუტა ქართული ლარია. თუ ლირა გაქვთ, ნივთის ღირებულებას მაინც ლარში ანგარიშობენ ლირის მიმდინარე კურსით.

ქემალფაშა. წარწერა ერთ-ერთი მაღაზიის წინ

აბსოლუტურად ყველა მაღაზიაში მუშაობს ქართველი გამყიდველი, რომელიც კლიენტს ქართულ ენაზე ემსახურება.

 

როდესაც მაღაზიის მეპატრონეები პერსონალის შერჩევას იწყებენ, მთავარ მოთხოვნად თურქული და ქართული ენის ცოდნა აქვთ მითითებული

ქემალფაშაში ბაზრობა ყოველდღე იმართება, თუმცა განსაკუთრებით ბევრი ხალხი შაბათობითაა. ყოველ შაბათს დაბაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან მოვაჭრეები და ტანსაცმელს ყიდულობენ, საქართველოში გასაყიდად.

“100 ათასი ლარიც შეიძლება ივაჭროს ერთ დღეს აქ მოვაჭრემ. ქემალფაშაში საქონლის ყიდვა უფრო იაფი უჯდებათ, ტრანსპორტირებაც ადვილია და ხარისხიც გარანტირებულია,” – ამბობს იამზე, რომელიც ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობს.

ქემალფაშაში მოვაჭრეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან და ტანსაცმელს ბითუმად ყიდულობენ
მაღაზიათა უმრავლესობას აქვს ორენოვანი წარწერა – ქართულად და თურქულად
შეგხვდებათ ასეთი თარგმანიც
ან მხატვრული კალიგრაფიით შესრულებული სარეკლამო აბრა

საბავშვო ტანსაცმლის მაღაზიის  მეპატრონე ისმეთი ამბობს, რომ მისი მთავარი მომხმარებელი ქართულენოვანია, ამიტომ მნიშვნელოვანია მაღაზიას ქართული აბრა ჰქონდეს. სარეკლამო აბრებს ქემალფაშას მაღაზიის მეპატრონეები ქალაქ ხოფაში ან ართვინში ამზადებენ. ხოფაში სარეკლამო სააგენტოს, რომელიც ქართულენოვან აბრებს ამზადებს, ქართულის მცოდნე თარჯიმანი ჰყავს.

მაღაზიის აბრა ქალაქ ხოფაში

 

ქედაში მასწავლებელთა მეორე მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა

,,წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკა და ინოვაციური მიდგომების გამოყენება სწავლის პროცესში” – ამ სახელწოდების მასწავლებელთა კონფერენცია, ქედის რესურსცენტრის ორგანიზებით და მერიის ფინანსური მხარდაჭერით, 10 ივნისს, დაბა ქედის საჯარო სკოლაში გაიმართა.

ღონისძიებას ჯამში 120 მსმენელი ესწრებოდა.
ღონისძიებას ჯამში 120 მსმენელი ესწრებოდა.

პლენარული და სექციური მოხსენებები ,,მასწავლებელთა კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების სქემა”-ში ჩართულმა 32 -მა პედაგოგმა შემდეგი მიმართულებებით წარადგინა:

[checklist]

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხოური ენები (ინგლისური და რუსული)
  • საბუნებისმეტყველო/ტექნიკური (მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია,  ბუნებისმეტყველება)
  • სოციალურ მეცნიერებათა (ისტორია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, განათლების მართვა)

[/checklist]

კონფერენციის მსვლელობას ესწრებოდნენ ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე, აჭარის ა რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი თავბერიძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორი ტარიელ ებრალიძე, ქედის რესურსცენტრის დირექტორი დურმიშხან შავიშვილი და ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე და მოწვეული ტრენერები, რომლებმაც კონფერენცია წარმატებულად შეაფასეს და მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს საინტერესო თემებისთვის.

კონფერენცია, ქედის რესურსცენტრის ორგანიზებით და მერიის ფინანსური მხარდაჭერით, 10 ივნისს, დაბა ქედის საჯარო სკოლაში გაიმართა.

კონფერენციის მიზანი პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება, პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება და პედაგოგთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა იყო.

ღონისძიებას ჯამში 120 მსმენელი ესწრებოდა.

კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ: ბათუმის მასწავლებლის სახლი და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირი.

 

სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო მასწავლებელი აჭარიდან

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ყოველწლიურ ფორუმზე  სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინეს. გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდნენ.

აჭარიდან სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის ჯილდო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკას პედაგოგმა, იამზე მემარნემ მიიღო. იამზე მემარნე უფროსი მასწავლებელია და ის სკოლაში სამოქალაქო განათლების გარდა, „ჩვენი საქართველოს“ ასწავლის. ასევე არის სპეციალური მასწავლებელი.

„ბათუმელები“ გამარჯვებულ პედაგოგს ესაუბრა.

„ჩემი პროექტები, რომლებიც მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე, შეეხებოდა ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა: ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, ბულინგის პრობლემა სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ა.შ.

გვქონდა გამწვანების აქცია, სკოლის ეზოში დავრგეთ კაკლის ხეები, გარდა ამისა, დასუფთავების აქციაში მივიღეთ მონაწილეობა და მოსწავლეებთან ერთად სოფლის მიმდებარე ტერიტორიები დავასუფთავეთ,“ – გვეუბნება იამზე მემარნე.

პედაგოგის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შშმ პირებისთვის თანაბარი, ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას შეეხებოდა. „ყველა თანასწორია“- ეს პროექტი განვახორციელეთ, რადგან ვფიქრობთ, რომ გარემო ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.“

იამზე მემარნე ამბობს, რომ ყველა პროექტი მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ბავშვებისთვის, თუმცა გენდერულ საკითხებს მაინც გამოყოფს. „თანასწორობის თემა, ვფიქრობ, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის ფარგლებში ჩვენ სხვადასხვა თაობის  ადამიანები გამოვკითხეთ სოფელში, მოვამზადეთ ვიდეორგოლები, ინტერვიუები ავიღეთ სკოლის ყოფილი პედაგოგებისგანაც და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო თემა გამოვიდა.

ამის შემდეგ გავაკეთეთ საკონფერენციო თემა, სადაც ქართველი ქალი განვიხილეთ სამ ჭრილში – ქალი ისტორიულ ჭრილში, მხატვრულ ლიტერატურასა და თანამედროვე ცხოვრებაში.“- ამბობს იამზე მემარნე.

წლის წარმატებული პედაგოგის ჯილდო კი ინგა მოსიძეს გადაეცა, სასკოლო სამოქალაქო კლუბის საუკეთესო მეურვეს ჯილდოს მფლობელი მაკა ხინთიბიძე გახდა.

ფორუმზე საქართველოს მასშტაბით სულ 35 პედაგოგი დაჯილდოვდა. პედაგოგების ნაწილს სპეციალური სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

აღნიშნული პირების გარდა აჭარიდან სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ: ნატალია ქადაგიძეს და თამარ გორგილაძეს, პედაგოგის მიერ სამოქალაქო განათლების კუთხით გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

სამოქალაქო განათლების პედაგოგების ფორუმი

შეხვედრა ბათუმის ამერიკულ კუთხეში მიგრაციის საკითხებზე

ბათუმის ამერიკულ კუთხეში 15 ივნისს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება პოტენციურ მიგრანტებთან (მოსწავლეები, სტუდენტები, მშობლები, ნებისმიერი დაინტერესებული პირი). შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი თემები, როგორიცაა,  უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში, თავშესაფრის მოთხოვნა ევროკავშირის ქვეყნებში, ლეგალური მიგრაცია, სწავლა საზღვარგარეთ, არალეგალური მიგრაციის საფრთხეები/ტრეფიკინგი. შემოთავაზებული იქნება რამდენიმე როლური თამაში.

შეხვედრა 17:00 საათზე გაიმართება.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციას მიგრაციის სფეროში, რომელიც 1951 წელს დაარსდა და მსოფლიო მასშტაბით საქმიანობს. საქართველოში IOM 1993 წლიდან მუშაობს.

ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში IOM სახელმწიფო სააგენტოების და მიგრანტების მხარდასაჭერად მრავალ საქმიანობას ახორციელებს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ძირითადად მუშაობს საქართველოს საზღვრის დაცვის სფეროში შესაძლებლობების გაძლიერების, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის და უსაფრთხო მიგრაციის შესაძლებლობების ხელშესაწყობად პოტენციური მიგრანტების ინფორმირების მიმართულებით.

ინფორმირებული მიგრაციის ვებგვერდი მუშაობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)“ ფარგლებში.

პროექტის მიზანია: საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებლობების გაძლიერებითა და სპეციალური აღჭურვილობის შეძენით;
საქართველოში მიგრაციის მართვის პოტენციალის განვითარება ექსპერტიზის უზრუნველყოფით ისეთ თემებზე, როგორიცაა: უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, დაბრუნების მართვა, მიგრაცია და განვითარება, საქართველოს მოსახლეობის და პოტენციური მიგრანტების ინფორმირება ევროპაში მიგრაციის ირგვლივ აქტუალური საკითხების და უსაფრთხო მიგრაციის უპირატესობის შესახებ.

SBMMG პროექტი 2017 წლის ნოემბერში დაიწყო და 2020 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

 

ბათუმში „ეშმაკის ბორბალი“ ორი წლით 766 ათას ლარად გასხვისდა

დღეს, 11 ივნისს, ელქტრონულ აუქციონზე, ბულვარში, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ატრაქციონი – პანორამული [ეშმაკის] ბორბალი, მასთან დაკავშირებულ მოწყობილობებთან და 1419 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან ერთად ორწლიანი იჯარით გასხვისდა. ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მყიდველის ვინაობა შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ გახდება ცნობილი.

ატრაქციონის წლიური საიჯარო საწყისი ქირა, მერიის მიერ, 161 ათასი ლარი იყო განსაზღვრული, აუქციონზე კი მაქსიმალური ფასი 383 ათასი ლარი დაფიქსირდა. შესაბამისად, მომავალი მოიჯარე 2 წლის განმავლობაში საიჯარო ქირას, ჯამში, 766 ათას ლარს გადაიხდის.

აუქციონის პირობების მიხედვით მოიჯარე [აუქციონში გამარჯვებული] ვალდებულია:

[checklist]

  • შეინარჩუნოს პანორამული ბორბალი იმ მდგომარეობაში რომელშიც მიიღო იგი, სათანადო ცვეთა მხედველობაში არ მიიღება;
  • პანორამული ბორბლის მომსახურების (ბილეთის ფასი) ღირებულება შეინარჩუნოს არაუმეტეს ხუთი ლარის ოდენობით, სტუდენტებისთვის და არასრულწლოვნებისთვის მომსახურების ღირებულება შეინარჩუნოს არაუმეტეს სამი ლარის ოდენობით, ხოლო, მცირეწლოვნებს (7 წლამდე) მომსახურება გაუწიოს უფასოდ;
  • მოიპოვოს  ნებართვა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამისად;
  • გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური;
  • უზრუნველყოს პანორამული ბორბლის გამართული მდგომარეობა და უსაფრთხო ექსპლუატაცია სათანადო მომსახურების, ტექნიკური შემოწმების გზით და დაიცვას კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები. იმ შემთხვევაში თუ ატრაქციონი გამოვიდა მწყობრიდან, მოიჯარე ვალდებულია  შეადგინოს დეფექტური აქტი და დაუყოვნებლივ აცნობოს ბათუმის მერიას, ხოლო მწყობრიდან გამოსული ატრაქციონის აღდგენა უზრუნველყოს არაუმეტეს 10 დღის ვადაში;
  • იჯარის უფლებით გადაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ;
  • არ გამოიყენოს ატრაქციონის კონსტრუქცია მესამე პირის რეკლამისათვის, ხოლო ატრაქციონთან დაკავშირებულ ობიექტებზე მესამე პირის რეკლამა განახორციელოს მხოლოდ მერიასთან შეთანხმებით. მესამე პირების მიერ რეკლამის განთავსებაზე სურვილის გამოთქმის შემთხვევაში მერიას წარმოუდგინოს დამოუკიდებელი ლიცენზირებული აუდიტის დასკვნა, ხოლო რეკლამის განთავსების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია ხელშეკრულების (მომსახურების) ღირებულების 40%-ი ჩაურიცხოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს შესაბამის ანგარიშზე.

[/checklist]

აუქციონში გამარჯვებული ასევე ვალდებულია: სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოს ატრაქციონზე ახალი განათების სისტემის მონტაჟი, რომლის ტექნიკური მონაცემები და განათების რეჟიმები უნდა შეათანხმოს მერიასთან; უზრუნველყოს პანორამული ბორბლის კაპიტალური სამღებრო სამუშაოების ჩატარება 2019 წლის 1-ელ მაისამდე, ხოლო დიზაინი შეათანხმოს მეიჯარესთან; ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის განმავლობაში უზრუნველყოს შემოღობილი ტერიტორის მოპირკეთება დეკორატიული ფილებით მეიჯარესთან შეთანხმებით; განახორციელოს მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობა და დასუფთავება.

ამავე თემაზე:

ბათუმის მერია ეშმაკის ბორბალს აუქციონზე 160 000 ლარად გაიტანს

„იალჩინი“ და „გუდვილი“ ვადაგასული პროდუქციის გაყიდვის გამო დაჯარიმდნენ

სურსათის უვნებლობის სააგენტომ 2018 წლის პირველ კვარტალში სხვა ბიზნესოპერატორებთან ერთად ბათუმში მდებარე ისეთი დიდი სუპერმარკეტებიც დააჯარიმა, როგორიცაა „იალჩინი“ და „გუდვილი“.

ბათუმში, ჭავჭავაძის 3 ნომერში მდებარე „გუდვილი“ სააგენტომ 20 თებერვალს 500 ლარით დააჯარიმა ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების რეალიზაციისთვის.

2018 წლის პირველ კვარტალში ორჯერ დაჯარიმდა „იალჩინმარკეტი“ – 19 თებერვალს ბათუმში, ჰ.აბაშიძისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაში მდებარე მაღაზია, 17 თებერვალს კი – ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზია. ორივე შემთხვევაში მიზეზი ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების რეალიზაცია იყო.  ჯარიმამ თითოეულ შემთხვევაში 500 ლარი შეადგინა.

სურსათის უვნებლობის სააგენტომ აჭარაში იანვარ-მარტში 55 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა, მათგან 38 – ბათუმში, 7 – ხელვაჩაურში, 4- ხულოში და 6 – ქობულეთში.

მთავარი ფოტო: pexels.com

__________________________

ამავე თემაზე: 

სახაჭაპურეები, სკოლის ბუფეტები და სუპერმარკეტები – ბათუმში 38 მეწარმე დააჯარიმეს

დაგვის მოსახლეობა გზას და წყალს ითხოვს

ამ წუთებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციაში დაახლოებით 200-მდე სოფლის მცხოვრები მონაწილეობს, ისინი ხელისუფლებას გზასა და სასმელ წყალს სთხოვენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბადრი მუკუტაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ სოფელი უკვე რამდენიმე წელია წყლისა და გზის გარეშეა დარჩენილი.

„200 ოჯახი ვცხოვრობთ ამ სოფელში. იმისთანა გზაა, თუ გაწვიმდა, სახლში ვერ მიხვალ. არც წყალი გვაქვს, გაწვიმებას ველოდებით, რომ ჭურჭლები გავავსოთ და წვიმის წყალი გამოვიყენოთ. ექვსი წელია ვითხოვთ, მაგრამ ხელისუფლება ყურადღებას არ გვაქცევს,“- ამბობს ის.

სოფლის მცხოვრებლების თქმით, ქობულეთის მერიიდან დაპირებებს იღებენ, თუმცა არაფერი კეთდება: „20 აპრილს ვიყავით მერთან და 5 მაისს უნდა დაწყებულიყო გზის გაკეთება, მაგრამ ახლა ამბობენ, დაფინანსება არ არისო. ჩვენ ვიცით, რომ აჭარის ბიუჯეტიდან ქობულეთს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის თანხა  გამოეყო, ამიტომ ვითხოვთ, ამ თანხებიდან გაგვიკეთონ გზა და წყალი,“-ამბობენ დაგვის მცხოვრებლები.

საპროტესტო აქცია სოფელ დაგვაში.
მოსახლეობა წყალსა და გზას ითხოვს.
ფოტო: თამაზ ბაკურიძის

სახაჭაპურეები, სკოლის ბუფეტები და სუპერმარკეტები – ბათუმში 38 მეწარმე დააჯარიმეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის პირველ კვარტალში ბათუმში  38 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა – ინფორმაცია  არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ვებგვერდზეა – momxmarebeli.ge- გამოქვეყნებული. ორგანიზაციამ სურსათის ეროვნული სააგენტოდან კონტროლის შედეგები გამოითხოვა და გამოაქვეყნა.

მონაცემების თანახმად, სურსათის უვნებლობის სააგენტომ აჭარაში იანვარ-მარტში 55 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა, მათგან 38 ბათუმში, 7 – ხელვაჩაურში, 4- ხულოში და 6 – ქობულეთში.

ბათუმში დაჯარიმებულ ბიზნესოპერატორებს შორის არის სკოლის ბუფეტებიც. მაგალითად, სააგენტომ ვადაგასული სურსათის საკვების რეალიზაციისთვის 200 ლარით დააჯარიმა ხელვაჩაურში, სალიბაურის #2 საჯარო სკოლაში არსებული ბუფეტი. ვადაგასული საკვების გაყიდვისთვის დაჯარიმდა ბათუმის #28 სკოლის ბუფეტიც. სურსათის/ცხოველის საკვების, პირველადი წარმოების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა კერძო სკოლა „ნერგების“ ბუფეტი, ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის კი სკოლა „ნიკეს“ ბუფეტი.

ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების რეალიზაციის გამო 500 ლარით დააჯარიმეს  ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე  შპს „ველიქოი“, რომელიც, როგორც მონაცემებშია აღნიშნული, ხორცპროდუქტებით ვაჭრობს. ასევე, ვადაგასული სურსათის რეალიზაციისთვის დააჯარიმეს ბათუმში, ლეონიძის #27 მდებარე სასურსათო მაღაზია და დაბა ჩაქვში მდებარე სასადილო – შპს „ლამპარი 2008“.

ბიზნესოპერატორების დაჯარიმების მიზეზებში ყველაზე ხშირია ეტიკეტირების წესის დარღვევა, ასევე, დაჯარიმების მიზეზებს შორის გვხვდება საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, მაგალითად, ამ მიზეზით ხულოს საჯარო ბაგა-ბაღის ბუფეტი 500 ლარით დააჯარიმეს.

სურსათის/ცხოველის საკვების, პირველადი წარმოების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო ბათუმში 200 ლარით დააჯარიმეს რამდენიმე სახაჭაპურე და სუპერმარკეტი.

დაჯარიმებულებს შორის არის ბათუმში მდებარე აგრარული ბაზრებიც, სურსათის/ცხოველის საკვების, პირველადი წარმოების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო.

_____________

მთავარი ფოტო სურსათის ეროვნული სააგენტოს ფეისბუქგვერდიდან 

კონკურსი მწერლებისთვის – „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ქართველი  მწერლებისთვის აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს  –  „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“. ცენტრის ინფორმაციით, კონკურსის მიზანია მწერლებმა ხელი შეუწყონ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და ჯანსაღი, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებას სკოლაში.

„წელს, კონკურსის მრავალფეროვნებისთვის, საერთო სათაურის  ქვეშ, სკოლისა და მასწავლებლის ცხოვრებიდან ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი ღირებულებების თემა გამოვყავით. რაც იმას ნიშნავს, რომ მწერლებმა უნდა შექმნან ნაწარმოებები, რომლებიც ისეთი ღირებულებების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს,  როგორიცაა უსაფრთხო სასკოლო გარემო, ტოლერანტობა, ინტერკულტურული განათლება, სამართლიანობა, მეგობრობა და წარმოაჩენს მასწავლებლის როლს ამ პროცესში,“ – ნათქვამია პრესრელიზში.

კონკურსის ფარგლებში განიხილება  მხოლოდ ის მოთხრობა, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნება. კონკურსის სამ გამარჯვებულს (I, II, III ადგილი) გამოავლენს სპეციალური ჟიური. გამარჯვებულები ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის მიმდინარეობისას საზეიმო მიღებაზე დაჯილდოვდებიან. მათ საჩუქრად გადაეცემათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო ლიბერთი ბანკისაგან.

ადგილი – 1000 ლარი;

II ადგილი – 700 ლარი;

III ადგილი – 500 ლარი.

დაინტერესებული პირები კონკურსის პირობებს დეტალურად გაეცნობიან  როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე tpdc.ge-ზე, ასევე ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე.

 

 

 

სარფში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სარფში დღეს, 11 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათზე, ზღვაში 47 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც სამაშველო სამსახურის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, ძებნა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

„პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში შევიდა ზღვაში,“ – გვითხრეს სამაშველოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ჯერ არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია, გარდაცვლილი მამაკაცი ადგილობრივია თუ დამსვენებელი.

ქობულეთი სეზონის გახსნისთვის ემზადება – „ქობულეთობა 2018“ პირველ ივლისს ჩატარდება

ქობულეთი „ზაფხულის ფესტივალი ქობულეთობა 2018“-ის სამზადისშია. ფესტივალი წელს პირველ ივლისს უნდა ჩატარდეს, თუმცა უამინდობის შემთხვევაში შესაძლოა ეს თარიღი შეიცვალოს.

ღონისძიება ზღვის პირას, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება და მისი ორგანიზებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 20 ათასამდე ლარი დაიხარჯება.

მომსახურებას მუნიციპალიტეტი ტენდერით შეისყიდის. პირობების მიხედვით მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:

[checklist]

  • „ერთი წამყვანის დაქირავება. აუცილებელი მოთხოვნაა, ის იყოს ცნობადი სახე.
  • ტერიტორიის მოწყობა – პუფი სავარძლები, ჰამაკები, ნაჭრის შეზლონგები, ჩალის ქოლგები.
  • ანიმატორების მოწვევა – კოსტიუმირებული გმირები სხვადასხვა ცნობილი ფილმებიდან, მეკობრეები; რომლებიც მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფენ ვიზიტორების გართობას.
  • თანამედროვე, ცნობილი ჰიტების და ქავერების შემსრულებელი ბენდის მოწვევა, არანაკლებ 6-კაციანი [ცოცხალი შესრულებით]. კონცერტი გაიმართება საღამოს და გაგრძელდება 2 საათი.
  • ცნობილი დიზაინერის მოწვევა, 2018 წლის საზაფხულო კოსტიუმების, საზაფხულო აქსესუარების ჩვენება – მუსიკის თანხლებით, საღამოს საათებში, არანაკლებ 12 გოგოს მონაწილეობით.
  • ყვავილების ფესტივალის ორგანიზება – დამზადდება ყვავილების გვირგვინები თავზე გასაკეთებელი, სამაჯურები, საყურეები, მოეწყობა ყვავილების გაყიდვა მინიმალურ ფასად, რომელიც გაგრძელდება მთელი დღის განმავლობაში“.

[/checklist]

ფესტივალის პარალელურად, სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას [ფერების ფესტივალი, ეგზოტიკური ხილისა და კოქტეილების ფესტივალი და სხვა.], ქობულეთის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს:

„აქტივობებს განახორციელებს მუნიციპალიტეტის მიერ მოწვეული სხვადასხვა კომპანიები [პროდუქტი გაიყიდება მინიმალურ ფასად]. ასევე ზღვაზე სპეციალურად ამ დღისათვის იმოძრავებს სხვადასხვა სახეობის საზღვაო ტრანსპორტი. მთელი დღის განმავლობაში ნონ-სტოპის რეჟიმში სანაპიროზე იქნება მუსიკა დიჯეების მონაწილეობით“.

ღონისძიების დასასრულს იქნება გრანდიოზული ფოიერვერკი.

ტენდერის პირობებში წელს აღარ შედის ბანკეტი და „საზეიმო ვახშამი“.

ამ თემაზე:

4 გოჭი და 200 ტოლმა 110 პერსონაზე – ქობულეთი სეზონის გახსნისთვის ემზადება

ზღვის სეზონი „ოფიციალურად“ ახლოვდება, ქობულეთში კი ნაპირსამაგრი თუ პლაჟის კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ქობულეთში გასამაგრებელი სანაპირო ზოლის სიგრძე 1900 მეტრია. ბულვარის, სულ მცირე, 700- მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და დანარჩენი 1200-მეტრიანი მონაკვეთის დროებითი კეთილმოწყობა კი, 2018 წლის 15 ივნისამდე აუცილებლად უნდა დასრულდეს. ფონდის ადრინდელი გათვლებით, სანაპიროს სრული რეაბილიტაცია 2 ივნისამდე უნდა დასრულებულიყო, რისთვისაც 8 მილიონამდე ლარი იყო გათვალისწინებული.

გადათხრილი პლაჟი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ქობულეთის სანაპიროზე

მეთერთმეტეკლასელებისთვის საატესტატო გამოცდები ხვალ დაიწყება

ხვალ, 12 ივნისს, მეთერთმეტეკლასელებისთვის საატესტატო გამოცდები იწყება, დღეს კი, მოსწავცლეები პრეტესტს გაივლიან.

პირველ გამოცდას მეთერთმეტეკლასელები გეოგრაფიაში ჩააბარებენ, 13 ივნისს ბიოლოგიაში გამოცდა ჩატარდება, 14 ივნისს კი – ფიზიკაში.

საატესტატო გამოცდები 15 ივნისს ქიმიის გამოცდით დასრულდება.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან.

ხანძარი მანთაშევის ქარხანაში

1901 წლის ზამთარში „ნავთის ქალაქში“ კვამლის დიდი სვეტი ავარდა. ცეცხლი გაჩნდა რუსეთის იმპერიაში „ნავთის იმპერატორად“ ცნობილი მაგნატის, მანთაშევის, ქარხანაში. ბათუმში იმხანად უკვე არსებობდა სახანძრო რაზმი, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ბრანდმეისტერი, 12 მეხანძრე, 20 მებარჯე, ოთხი მეეტლე და ერთი მესიგნალე. სანამ პატარა სახანძრო რაზმი „ნავთის ქალაქში“ ცეცხლს ებრძოდა, ბარცხანა ფოტოგრაფების სამიზნე გახდა. „ხანძარი მანთაშევის ქარხანაში“ – ამ სახელწოდებით რამდენიმე ღია ბარათიც დაიბეჭდა, ფოტოები გამოჩნდა ქართულ პრესაშიც.

შავი ჯიპი ტროტუარზე [ფოტო]

მელიქიშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში, ტროტუარზე, გაჩერებული ეს ჯიპი 9 ივნისს მოხვდა „ბათუმელების“ ფოტოობიექტივში.

ფოტო: „ბათუმელები“

ჯიპის მეპატრონე წელს ერთხელ დაუჯარიმებიათ – სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ნიშანში დგომისთვის. მძღოლისთვის, ასევე, 2016 წელს გამოუწერიათ 10-ლარიანი ჯარიმა პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის.

სად ირჩევენ სწავლას ახალგაზრდები რუსული სკოლის დამთავრების შემდეგ

ბათუმში რუსულ ენაზე განათლების მიღება ორ საჯარო სკოლაშია შესაძლებელი. სკოლებში, სადაც წლების წინ მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი, ახლა ქართული და რუსული სექტორებია. რუსულ ენაზე განათლებას, ძირითადად, ბათუმში მცხოვრები იმ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები იღებენ, რომელთა ოჯახებშიც რუსულად საუბრობენ, ან კიდევ ეთნიკური ქართველები, რომლებიც აქამდე რუსეთში, უკრაინაში ან პოსტსაბჭოთა რომელიმე ქვეყანაში ცხოვრობდნენ და ახლა ჩამოვიდნენ საქართველოში.

რას ირჩევენ მოსწავლეები

ბათუმში ეთნიკურ უმცირესობებს შორის სომხური დიასპორა ყველაზე მრავალრიცხოვანია. ქალაქში დაახლოებით რვა ათასამდე ეთნიკური სომეხი ცხოვრობს, ზოგი მათგანი ქართულ ენაზე იღებს განათლებას, ზოგი – რუსულად. სომხური სკოლა ბათუმში რამდენიმე წელია აღარ არსებობს.

18 წლის მილენა ვარდანიანისთვის ეს თვე ძალიან მნიშვნელოვანია. მან ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის რუსული სექტორი ოქროს მედალზე დაამთავრა და ათასობით აბიტურიენტის მსგავსად ახლა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება.

მილენასთვის მშობლიური ენა რუსულია და არა ქართული, რომელიც ძირითადად, სკოლაში ისწავლა, თუმცა საქართველოდან სასწავლებლად წასვლას რომელიმე რუსულენოვან ქვეყანაში არ გეგმავს, უნდა, რომ საქართველოში ისწავლოს, აქ ვაპირებ ცხოვრებას და ქართული ენის ძალიან კარგი ცოდნა მჭირდებაო – ამბობს.

მილენა ქართულად საკმაოდ კარგად ლაპარაკობს, თუმცა კამერის წინ რუსულად არჩევს საუბარს, არ უნდა, რომ შეცდომა დაუშვას.

ბათუმის მეშვიდე სკოლის მე-12 კლასი, რუსული სექტორი, წელს 29 მოსწავლემ დაამთავრა. მოსწავლეების უმრავლესობა ქართულად საუბრობს, ზოგი ძალიან კარგად, ზოგს საუბარი ცოტა უჭირს, თუმცა ქართული იციან.

მეთორმეტეკლასელთა უმრავლესობა ამბობს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას და სწავლის გაგრძელებას საქართველოში აპირებს.

ბათუმში დაბადებული ვიქტორია კნიში უკრაინელია. მას ქართულად საუბარი უჭირს, თუმცა იმედი აქვს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულის გამოცდას დასძლევს.

„თბილისში მინდა სწავლა, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს ვანიჭებ პრიორიტეტს. არსად არ მიფიქრია სასწავლებლად წასვლა, საქართველოს გარდა. აქ გავიზარდე, მშვიდად ვარ აქ, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს გარეთ უკეთეს განათლებას მივიღებ. უკრაინაში არასდროს ვყოფილვარ,“  – ამბობს ვიქტორია.

იგი ფიქრობს, რომ დღეს საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა უკეთ იციან ქართული ენა, ვიდრე უფროსმა თაობამ და ამის მიზეზებზეც საუბრობს:

ბათუმში მეშვიდე საჯარო სკოლის გარდა რუსულ ენაზე საშუალო განათლების მიღება ბათუმის მესამე საჯარო სკოლაშიცაა შესაძლებელი. ამ სკოლის რუსული სექტორი წელს 19-მა მოსწავლემ დაამთავრა. მეშვიდესკოლელების მსგავსაც, აქაც, ძირითადად, საქართველოში გეგმავენ სწავლის გაგრძელებას, მხოლოდ რამდენიმე მათგანი ამბობს, რომ შესაძლოა რუსეთში მიიღოს განათლება.

ბათუმელი მიხეილ ოგანესოვი აპირებს მომავალი ზღვას დაუკავშიროს:

„ნავიგაციაზე მინდა ჩავაბარო, საზღვაო აკადემიაში. მთელი წელი დავდიოდი რეპეტიტორებთან და ვცდილობდი, კარგად მოვმზადებულიყავი. გრანტის მოხსნას შევეცდები, ვნახოთ, მაქვს იმედი.“

მიხეილ ოგანესოვი, „ბოლო ზარი“ ბათუმის მესამე საჯარო სკოლაში

გადაწყვეტილება, თუ რა უნდა ისწავლოს, მიღებული აქვს ანა აბგარიანსაც, თუმცა ჯერ არ იცის სად გააგრძელებს სწავლას, საქართველოში თუ რუსეთში.

„ეკონომიკა მინდა ვისწავლო, რუსეთში გავაგზავნე საბუთები, იქ ვაპირებ სწავლას, მაგრამ ეროვნულ გამოცდებსაც ვაბარებ, ნათესავები მყავს რუსეთში. ჩემთვის ყველაზე გადამწყვეტი იყო ის, რომ რუსულად ვისწავლი“ – გვეუბნება ანა.

კლასში ისინიც არიან, ვისაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. მაგალითად, ოქსანა სოკოლოვა ერთწლიანი პაუზის აღებას აპირებს. ამბობს, რომ მედიცინის ან ვეტერინარიის შესწავლა უნდა, ოღონდ სად ისწავლის, ჯერ არც მან არ იცის.

„ჯერ მოგზაურობა მინდა. ისრაელში ან გერმანიაში შეიძლება წავიდე. ისრაელში ჩემი ბებია და ძმები ცხოვრობენ, გერმანიაში – ნათესავები. ასევე შეიძლება რუსეთში წავიდე, იქაც მყავს ნათესავები,“ – ამბობს ოქსანა.

„ბოლო ზარი“. ბათუმის მესამე საჯარო სკოლის რუსული სექტორი წელს 19-მა მოსწავლემ დაამთავრა.

რუსულ სექტორზე სწავლობს ვერონიკა ფერდმანი. მას დიპლომატია და განათლების საკითხები აინტერესებს, ქართულად კარგად საუბრობს, თუმცა საქართველოში სწავლას არ აპირებს, უნდა უმაღლესი განათლება ევროპაში ან ამერიკაში მიიღოს. ვერონიკა ამბობს, რომ სწავლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება, რომ განათლების სისტემაში ცვლილებები შეიტანოს:

რუსულენოვან სექტორზე ის მოსწავლეებიც სწავლობენ, ვისაც ქართული გვარები აქვთ, მაგრამ ქართული ენა სკოლაში ისწავლეს. მათი ძირითადი ნაწილი რუსეთში ან სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ცხოვრობდა. მაგალითად, ქრისტინა კონცელიძე, რომელმაც წელს ბათუმის მესამე სკოლა დაამთავრა, რუსეთში დაიბადა, სკოლაშიც იქ დადიოდა, ოჯახი საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა. მან ქართულად წერა-კითხვა და ლაპარაკი სკოლაში ისწავლა. ქრისტინამ წელს ბათუმის საბალეტო სკოლა დაამთავრა და მოცეკვავის კარიერაზე ოცნებობს. სწავლის გაგრძელებას ქრისტინა საქართველოში გეგმავს.

გვანცა ბერიამ ქართული ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლაში ისწავლა. გვანცა უმაღლესი განათლების მიღებას ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში აპირებს, თუმცა ამბობს, რომ უცხოეთში სწავლის საშუალება რომ ჰქონდეს, სავარაუდოდ, რუსეთში ისწავლიდა, რადგან მისი ნათესავები იქ ცხოვრობენ და ენაც კარგად იცის.

გვანცა წუხს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენის კარგად ცოდნის გამო სასურველი ქულები შესაძლოა ვერ მიიღოს:

 

სკოლის დირექტორი: „მოსწავლეთა ძირითადი ნაწილი საქართველოში აგრძელებს განათლების მიღებას“

ოფიციალური სტატისტიკა, სკოლაში რუსული სექტორის დასრულების შემდეგ რამდენი მოსწავლე არჩევს სწავლას საქართველოში და რამდენი – რუსეთში ან სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, არ არსებობს. ამ საკითხში ყველაზე კომპეტენტურები რუსული სექტორის მასწავლებლები და დირექტორები არიან, რომელთა სკოლაშიც რუსულ ენაზე ხდება სწავლება.

რუსულის მასწავლებლის, ნინო ხელაძის ცხოვრება 38 წელია ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლას უკავშირდება. ბავშვობაში ნინო ამ სკოლაში დადიოდა, როგორც მოსწავლე, ინსტიტუტის დასრულების შემდეგ კი – როგორც მასწავლებელი. წელს ეს სკოლა ნინოს სადამრიგებლო კლასმა დაამთავრა, რომელთაც საშუალო განათლება რუსულ ენაზე მიიღეს.

ნინოს კარგად ახსოვს ის დრო, როცა სკოლაში მხოლოდ რუსულ ენაზე საუბრობდნენ. ბოლო წლებია სიტუაცია შეიცვალა – მოსწავლეების უმრავლესობა, რომლებიც რუსულენოვან სექტორზე სწავლობენ, თავისუფლად საუბრობს ქართულ ენაზე, გამონაკლისი მხოლოდ ის მოსწავლეები არიან, რომლებიც არც ისე დიდი ხანია არიან ჩამოსული საქართველოში, ძირითადად – უკრაინიდან ან რუსეთიდან.

„ჩემს სადამრიგებლო კლასში ძირითადად საქართველოში აპირებენ სწავლის გაგრძელებას მოსწავლეები. ბიჭებში ძალიან პოპულარულია საზღვაო პროფესიები. ბევრი სწავლობს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტშიც. წლიდან წლამდე სულ უფრო ნაკლები მოსწავლე ირჩევს სწავლას რუსეთში ან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში,“ – ამბობს ნინო.

იანა ჩადუნელი ბათუმის მესამე საჯარო სკოლის დირექტორის პოსტზე 2012 წლიდან მუშაობს. როცა ის სკოლაში მოვიდა, აქ მხოლოდ რუსული სექტორი იყო. ახლა სკოლაში 1500 მოსწავლე სწავლობს, მათგან 400 – რუსულ სექტორზე, 1100 კი – ქართულზე.

„რუსულენოვან სექტორზე თითქმის ყველა ბავშვი საუბრობს ქართულად, წინა წლებისგან გასხვავებით. ვერც მიხვდებით, რომ რუსულ ენაზე იღებენ განათლებას სკოლაში. ქართულ ენაზე ვერ ლაპარაკობენ მხოლოდ ჩამოსული ბავშვები. მაგალითად, ბევრი ჩამოდის უკრაინიდან და ოჯახები ბავშვებისთვის რუსულენოვან სკოლებს ირჩევენ,“ – ამბობს იანა ჩადუნელი.

იგივე პრაქტიკა აქვს ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორს, შორენა ქონიაძესაც. ამ სკოლაში ახლა 1100 მოსწავლე სწავლობს, მათაგან  600 – რუსულ სექტორზე, 500 კი – ქართულზე.

„2011 წელს რომ მოვედი სკოლაში, 695  მოსწავლე იყო, წამყვანი იყო რუსული სექტორი, ახლაც რუსული სექტორი დომინირებს, მაგრამ სიტუაცია უკვე იცვლება. შარშან, მაგალითად, ქართულ სექტორზე გაიზარდა მოსწავლეების რაოდენობა.

ჩვენი ინფორმაციით, მოსწავლეთა ძირითადი ნაწილი, 90 პროცენტი, საქართველოში აგრძელებს განათლების მიღებას.  ისე კი, თუ ჩვენი მოსწავლე  ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გარეთ რჩება, მას ძირითადად ქართული ტოვებს და არა სხვა საგანი,“  – ამბობს შორენა ქონიაძე.

ორივე სკოლის დირექტორი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო მეტ რუსულენოვან ოჯახს შეჰყავს ბავშვი ქართულ სექტორზე სასწავლებლად.

„აქაურებს, ბათუმელებს, ძირითადად, შვილი  ქართულ სექტორზე შეჰყავთ. მეც ასე ვურჩევ ხოლმე, რადგან ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენაზეა. ცხოვრობ საქართველოში და ენა უნდა იცოდე, მე ასე ვფიქრობ. არაერთი შემთხვევა გვქონია, რომ მშობლებს უკითხიათ, რა ვქნათ, ქართულ სექტორზე შევიყვანოთ თუ რუსულზე?! შიშობენ, რომ ქართულ სექტორზე თუ შეიყვანენ, სწავლაში ვერ დაეხმარებიან, მაგრამ რისთვის არის მასწავლებელი, სკოლა?! გვაქვს მაგალითები, როცა შეიძლება მშობლები ვერ ეხმარებიან სახლში, მაგრამ ბავშვმა დასძლია პროგრამა და შესანიშნავად სწავლობს ქართულ სექტორზე,“ – ამბობს იანა ჩადუნელი.

ბათუმის მეშვიდე სკოლის დირექტორი, შორენა ქონიაძე, კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი დაკვირვებით, ბოლო წლებში არის ერთეული შემთხვევები, როცა დამამთავრებელ კლასებში მოსწავლე გადმოჰყავთ საქართველოში სასწავლებლად ოჯახებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ. შორენა ქონიაძე ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი საქართველოს განათლების სისტემის ევროპულ განათლების სისტემასთან ინტეგრაციაა:

„მაგალითად, რუსული ატესტატით უჭირთ ევროპაში წასვლა სასწავლებლად,  საქართველო კი, ბოლონიის პროცესის ხელმომწერი ქვეყანაა და ჩვენს ატესტატს ევროპაში იგივე ძალა აქვს. ეს ძალიან კარგად იციან და ამიტომაც ქართველებს, რომლებსაც ცხოვრობენ რუსეთში, გადმოჰყავთ შვილები საქართველოში, ქართულ სკოლაში სასწავლებლად.“

მთავარ ფოტოზე: ვიქტორია კნიში 

______________________
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ეროვნული ინტეგრაციის პროგრამა].
არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

პირველი ივლისიდან პაციენტს ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების გაკონტროლება შეეძლება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ჭარბი მოხმარების, პოლიფარმაციის პრევენციის მექანიზმს ნერგავს – პირველი ივლისიდან პაციენტს ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების მიზნობრიობის გაკონტროლების საშუალება ექნება ონლაინ რეჟიმში.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტი სამუშაო ჯგუფთან, ონლაინ რეჟიმში გადაამოწმებს, ჭარბია თუ არა ექიმის მიერ მისთვის გამოწერილი მედიკამენტები. დანიშნულების კორექტირების საჭიროების შესახებ კი, პასუხს სამი დღის განმავლობაში მიიღებს, რის შემდეგაც ექიმს პაციენტისთვის დანიშნულების მართებულობის განმარტება მოუხდება.

„არადამაჯერებელი არგუმენტაციის შემთხვევაში, პაციენტი დანიშნულებას განმეორებით ატვირთავს, ხოლო კომისია უკვე მკურნალი ექიმისგან გამოითხოვს ინფორმაციას, რატომ არ დაკორექტირდა დანიშნულება. არასათანადოდ არგუმენტირების შემთევაში კი, ექიმი კომისიის წინაშე წარსდგება“ – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ხულოში მოქალაქეებს მიწას ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ – ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა

ხულოში, მერაბ აბულაძის, იური, ნათია და ნანა შერვაშიძეების, ასევე  შოთა თავართქილაძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებით, ექსპროპრიაციას დაექვემდებარა.

მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის, ხულო-ზარზმის მონაკვეთის, სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტს:

„ამ პროექტის ფარგლებში პირველ ლოტს წარმოადგენს საგზაო მონაკვეთი რომელიც იწყება საავტომობილო გზის მე-80 კილომეტრთან და მთავრდება ამავე გზის 110-ე კილომეტრზე, გოდერძის უღელტეხილისკენ მიმავალ აღმართზე. მოცემული მონაკვეთი, რომლის სრული სიგრძე დაახლოებით 30 კმ-ს შეადგენს, დაახლოებით 25-30 წლისაა და არასაკმარისი მოვლა-შენახვის შედეგად დაზიანებულია. მონაკვეთის უდიდესი ნაწილი არასათანადო მდგომარეობაშია, რაც ძალზედ ართულებს ავტოტრანსპორტის მოძრაობას“.

ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ „მესაკუთრეებთან მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება საექსპროპრიაციო ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე, რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის პროექტის ფარგლებში მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მესაკუთრეებს წერილობით შესთავაზა განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კომპენსაციის მიღება, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

ვინაიდან გზების დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება მოქალაქეებთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.“

მიწის ნაკვეთები, რომლებსაც მესაკუთრეებს ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ, მდებარეობს დაბა ხულოში – დ. მამულაძის ქუჩაზე, სოფლებში: დეკანაშვილებსა და განახლებაში. ექსპროპრიაციას ჯამში 1062 კვ/მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული უძრავი ქონება დაექვემდებარა.

მინისტრის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალურიეწესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. ბრძანება 2018 წლის 8 ივნისს გამოქვეყნდა.

8 ივნისს ხულოში, სოფელ ბოძაურში, მოსახლეობამ გზა გადაკეტა. პროტესტის მიზეზი ის კომპენსაციაა, რომელიც, მოსახლეობის თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა გადაეხადა მათთვის, თუმცა არ უხდიან.

ამ თემაზე:

მოსახლეობამ ხულოში საავტომობილო გზა გადაკეტა

გზა გოდერძიმდე – როდის შეკეთდება ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი [ფოტო, ვიდეო]

 

„რომეო და ჯულიეტა“ – შექსპირის ტრაგედიის თანამედროვე ვერსია თოჯინების თეატრის სცენაზე

დღეს, 10 ივნისს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში პრემიერაა. რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე შექსპირის ტრაგედიის განსხვავებულ, თანამედროვე ვერსიას წარმოადგენს.

მონაწილეობენ მსახიობები: გიორგი არველაძე, სოფო ცინცაძე, სალომე დოლიძე, ნინო დავითაშვილი, გელა გელაძე, ეკა გვარამია, თამაზ ჩახვაძე, ია გოგიბერიძე, თამაზ მაღლაკელიძე, ლევან მიდილიში, ალექსანდრე გაბაიძე, ანრი ჩაგუნავა, მინდია ჩოხარაძე, რევაზ ხოფერია, თედო ტუღუში, ირმა მგელაძე და მარიკა ბულეიშვილი.

სპექტაკლი 13 და 19 საათზე გაიმართება.

სპექტაკლი მოზარდებისთვისაა განკუთვნილი.

ბილეთის ფასი 4 ლარია.

 

 

სახალვაშოში საპიკნიკე და ფრინველებზე დაკვირვების ადგილები მოეწყობა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოში საპიკნიკე ადგილისა და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სადგურის სამშენებლო სამუშაოებზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 198 165 ლარია.

მშენებლობა 2018 წლის 20 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, თუმცა, სატენდერო პირობების მიხედვით მიმწოდებელმა სამშენებლო სამუშაოები ობიექტზე არ უნდა აწარმოოს 2018 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 15 ოქტომბრამდე, ვინაიდან „ამ პერიოდისთვის მოცემულ დერეფანში ფრინველების გადაფრენის აქტიური პერიოდია. ამავე პერიოდში დაგეგმილია გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის ჩატარება“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთში საპიკნიკე ადგილების მოსაწყობადაც აქვს ტენდერი გამოცხადებული. სატენდერო თანხა 531 ათას 400 ლარია.

საპიკნიკე ადგილები დანდალოს თაღოვან ხიდთან [საპარკინგე ზონის გარეშე] და ზამლეთში, ნენიის ხიდთან მოეწყობა.

ამავე თემაზე:

სამინისტრო შუახევის სოფელ ზამლეთში ტურისტებისთვის საპიკნიკე ადგილს მოაწყობს

ჭოროხის დელტაში ნადირობა აკრძალულია, რადგან ტერიტორია ბათუმს ეკუთვნის

 

გრაფიტი ქობულეთის ქუჩებში [ფოტო]

ქობულეთში მხატვარმა ნოდო ნახუცრიშვილმა ზებრა გადასასვლელები, მოსაცდელი და კედლები მოხატა. პროექტი ქობულეთის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ბიუჯეტი 2 000 ლარია. როგორც მერიაში გვითხრეს, პროექტის ფარგლებში მოიხატა ორი ზებრა გადასასვლელი, ერთი კედელი, ერთი მოსაცდელი და ნაგვის რამდენიმე კონტეინერი.

ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალურ მასწავლებელს მასწავლებლის სტატუსი ექნება

ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალურ მასწავლებლებს მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ – შესაბამისი ცვლილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კანონპროექტში – „ზოგადი განათლების შესახებ“ – არის გათვალისწინებული.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კანონის ამოქმედების შემდეგ სპეციალური მასწავლებლები იმავე პრივილეგიებით ისარგებლებენ, რითაც სისტემაში მომუშავე დანარჩენი კატეგორიის პედაგოგები სარგებლობენ.

სამინისტროს განმარტებით, ცვილილება საჭირო გახდა, რადგან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში სპეციალური მასწავლებლის ტერმინი პრაქტიკაში არსებულ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა და სწორედ ამიტომ ის ახლებური რედაქციით ჩამოყალიბდება.

სპეციალური მასწავლებელი იქნება პირი, რომელიც სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად, დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ასწავლის.

კანონში ასევე დაზუსტდება ისეთი ტერმინები, როგორიცაა: სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და ა.შ. ტერმინების დაზუსტებასთან ერთად კანონპროექტში დაზუსტდება ახალი ტერმინების განმარტებები – ალტერნატიული სასწავლო გეგმა, გაფართოებული სასწავლო გეგმა, ინტეგრირებული კლასი, სპეციალიზებული კლასი და სხვა.

ამავე თემაზე: 

ინკლუზიური განათლება კეთილსინდისიერი მასწავლებლის იმედად

„ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად“ წოდებულ შენობაში 1 კვ/მეტრი ბინა $2500-ად გაიყიდება

შენობას, რომლის აშენებაზეც ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარი დაიხარჯა, კერძო კომპანია ბინებად ყიდის.  ბულვარის შესასვლელთან მდებარე შენობა, სადაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა იგეგმებოდა, სახელმწიფომ სამი წლის წინ 25 მილიონ 4 ათას 626 დოლარად გაყიდა. მთავარი პირობა შენობის სასტუმროდ გადაკეთება იყო, თუმცა მყიდველმა სასტუმროსთვის იქვე ახალი შენობა ააშენა, არსებულში კი 1 კვ/მეტრს ახლა 2500 დოლარად ყიდის.

ბულვარის ტერიტორიაზე წამოწყებულ მშენებლობას თავის დროზე ბათუმში საპროტესტო აქციებით აპროტესტებდნენ. ამ ჯგუფებს მაშინ ხელისუფლებამ შავბნელი ძალები უწოდა. თითქოსდა ისინი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდნენ.

დღეს ამ შენობის მფლობელ კომპანია „რედკოში“ განმარტავენ, რომ „ბათუმი თაუერი“ [ახლა უკვე ასე ჰქვია – ავტ] იქნება მულტიფუნქციური საცხოვრებელ-დასასვენებელი კომპლექსი და ის, რომ მხოლოდ ბინები იყიდება, ასე არ არის“.

შენობაში, სადაც თავის დროზე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა იგეგმებოდა, კომპანია „რედკოს“ მარკეტინგის სამსახურის ინფორმაციით, სულ 79 საცხოვრებელი ბინა გაიყიდება. გვერდით აშენებულ შენობაში კი 110-ნომრიანი სასტუმრო განთავსდება.

ბულვარის შესასვლელში მდებარე ამ კომპლექსში არ არის ავტოპარკინგი. „ავტოპარკინგი აქ თავიდანვე არ იყო გათვალისწინებული, გარშემო არც შესაბამისი სივრცეა და არც შიგნით გაკეთებულა“, – გვითხრეს „რედკოში“. – „სასტუმროც იქნება, ელიტარული პრემიუმ კლასის ბინებიც, კაზინოც… შენობაში, სადაც პანორამული ბორბალია მაქ იქნება ღია კაფე, საზოგადოებრივი სივრცე  და ზემოთ ასვლა ყველას შეეძლება“.

ბათუმი თაუერი ბულვარის შესასვლელთან, რომელსაც არ აქვს პარკინგი

როდესაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტად წოდებული შენობა გაიყიდა, პირობებში ჩაიწერა, რომ შენობა მთლიანად სასტუმროდ გადაკეთდებოდა. თუმცა, დღეს „რედკოში“ აცხადებენ, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის არქიტექტორების რეკომენდაციით „მაქ იქნება ერთიანი ფლიგელი პირველიდან მეხუთე სართულამდე – სასტუმროს ფოიე, სპა ცენტრები,  საკონფერენციო დარბაზები, აუზები, კაზინო პირველ სართულზე და ა.შ.“

რაც შეეხება საცხოვრებელ ბინებს, მარკეტინგის სამსახურში ამბობენ, რომ „აქ იქნება ძალიან მაღალი დონის საცხოვრებელი. ეს არ იქნება ისე, რომ ჩვეულებრივმა ადამიანმა წავიდეს და იყიდოს ბინა, ასეთი სტანდარტული ბინები ბევრი შენდება ბათუმში, მაგრამ ჩვენ ამაზე არ გვაქვს საუბარი, აქ იქნება 5-ვარსკვლავიანი სასტუმროც და ასეთივე ბინებიც, ასე ვთქვათ. ხუთვარსკვლავიან ბინა ვისაც შეუძლია იყიდოს, ის იყიდის. ფასს რაც შეეხება, გააჩნია ბინას – სართული, ქალაქის ხედით, ზღვის ხედით და ა.შ. 1 კვ/მ-ის საშუალო ფასი 2500 აშშ დოლარი [ექვივალენტი ლარში] გამოდის“.

 

ბათუმი თაუერი – მაღალ შენობაში ბინები იყიდება, მეორე შენობაში კი სასტუმრო გაიხსნება

კომპლექსი 2019 წლის ზაფხულში უნდა გაიხსნას. „ასეა დაგეგმილი და მივდივართ გეგმით. კონკრეტული თვე ჯერ არ ვიცით“, – გვითხრეს კომპანიაში.

შენობა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე, 2015 წლის მარტში გაყიდა. შპს „ბათუმი თაუერმა“ ქონება 25 მილიონ 4 ათას 626 დოლარად  შეიძინა. ეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება 2014 წლის ნოემბერში დაარეგისტრირა დეველოპერულმა კომპანია „რედკომ“.

მყიდველს 36 თვის განმავლობაში, ანუ 2018 წლის მარტისთვის, სასტუმრო უნდა გაეხსნა და 15 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციაც უნდა ჩაედო.

მიმდინარე წლის დასაწყისში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო  „ბათუმი თაუერის“ მიერ შეჩერებულ მშენებლობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომპანიას პირგასამტეხლოს სახით ერთი მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. 

„კომპანიამ საპრივატიზებო ღირებულება – 25 004 626 აშშ დოლარი გადაიხადა სრულად, თუმცა ვადის დარღვევით, რის გამოც ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების თანახმად, „ბათუმი თაუერს“ დაეკისრა შესაბამისი პირგასამტეხლო 1 051 999.5 აშშ დოლარის ოდენობით და მის გადასახდელად განესაზღვრა 2018 წლის პირველი სექტემბერი“.

ბათუმი თაუერი

დოკუმენტების მიხედვით, შპს „ბათუმი თაუერის“ 100-პროცენტიანი წილის მფლობელი დღესაც „CELWOOD INVESTMENT LIMITED“-ია, რომელიც რეგისტრირებულია ბელიზში, ცენტრალურ ამერიკაში 2011 წელს.

დეველოპერული კომპანია „რედკო“ [RED-Co – Real Estate Development Company], რომელმაც „ბათუმი თაუერი“ დააფუძნა, 2012 წლის მაისშია რეგისტრირებული. კომპანიის 80-პროცენტიანი წილის მფლობელი უკრაინელი ნატალია კოზიუკი, ხოლო 20 პროცენტის მფლობელი – კომპანიის გენერალური დირექტორი, მირიან ქათამაძე იყო.

რეესტრის ბოლო დოკუმენტების მიხედვით, კომპანია „რედ-კოს“ დირექტორი მირიან ქათამაძეა, კომპანიის 100% წილის მესაკუთრე კი არის „ფირსთ ინვესთმენთ ქომპანი“, რომელიც ესტონეთშია რეგისტრირებული.

კომპლექსის მესაკუთრეები დღეს „ბათუმი თაუერი“ და „რედ-კო“ არიან.

ამავე თემაზე:

ვინ იყიდა “ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ შენობა ბათუმში

 

 

 

„არჩევანი, არადანი“ – გამოფენა ბათუმში გენდერულ თემაზე

დღეს, 9 ივნისს, 18:00 საათზე ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში Project ArtBeat-ის ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, სახელწოდებით „არჩევანი, არადანი“. გამოფენა გენდერული თანასწორობის თემას ეძღვნება. „არჩევანი, არადანი“ 14 თანამედროვე ქართველი მხატვრის გამოფენაა, რომლებიც განგებ ორ გუნდად არიან დაყოფილი.

გამოფენის კურატორი ნათია ბუკია წერს:

„ქალის და კაცის უთანასწორობის თემა, რაც თავი მახსოვს, ჩემთვის სულ ძალიან მნიშვნელოვანია. დაახლოებით 5 წელია, რაც შვილები გავაჩინე, ხშირად მიწევს მათი დაბადების დღეებზე ტარება. თბილისში ბავშვთა გასართობი ცენტრები ძირითადად ერთნაირია. პროგრამაში არის შეჯიბრებები. სიმარტივისთვის ხშირად ბავშვებს პირდაპირ გოგოების და ბიჭების გუნდებად ყოფენ, სადაც არც მონაწილეთა რაოდენობაა დაცული და არც ასაკობრივი ზღვარი. ჩემთვის ეს „შეჯიბრი“ სწორედ იმ აბსურდული დაპირისპირების მაგალითია, რასაც ნამდვილ ცხოვრებაში კაცის და ქალის „შეჯიბრი“ ჰქვია“.

შესაბამისად, ეს გამოფენა გამიზნულად არის მიმსგავსებული ბავშვთა გასართობი ცენტრების შეჯიბრს, სადაც გუნდებად დაყოფის დროს მონაწილეთა ასაკი, რაოდენობა და შესაძლებლობები გათვალისწინებული არ არის. თუმცა ეს ხდება სრულიად საპირისპირო მიზნით. იმისთვის, რომ ხაზი გაესვას მთავარ შეცდომას:

„გამოფენაში „არჩევანი, არადანი“ ყველას თანაბარი შესაძლებლობა და თავისუფლება მიეცა და აქ „გუნდების“ განსხვავებულობის ჩვენებასთან ერთად, მათი მსგავსებების ჩვენებაა მნიშვნელოვანი.“

გამოფენის კოორდინატორის ინფორმაციით, ნამუშევრების არჩევის დროს მთავარი ყურადღება მხატვრების ინდივიდუალიზმის და თანამედროვე ქართული ხელოვნების მრავალფეროვნების წარმოჩენას მიექცა. თუმცა, გამოფენის თემიდან გამომდინარე საინტერესო გახდა ისეთი ნამუშევრების ჩვენებაც, რომლებიც გენდერულ სტერეოტიპებს ან ძალიან ხაზს უსვამს ან და პირიქით, – ანგრევს:

„ეს გამოფენა არ არის ღრმა ანალიზი იმ პრობლემისა, რასაც ქალის და კაცის უთანასწორობა ჰქვია. ეს გამოფენა ხაზს უსვამს იმას, რომ არსებული შეჯიბრი უბრალოდ აბსურდულია, რადგან, როგორც ნამდვილ ცხოვრებაში, არც აქ მოგებული ჯილდოს არ იღებს.
ეს გამოფენა ეძღვნება ჩემს შვილებს, მაქსიმეს, ნინას და პეტრეს იმისთვის, რომ თავისუფლად შეძლონ იყვნენ განსხვავებულები, მაგრამ ამავდროულად – თანასწორები. რომ, როგორც ახლა, განაგრძონ ერთ გუნდში თამაში.“

გამოფენაში მონაწილეობენ: თეა გვეტაძე, ქეთი კაპანაძე, Tamara K.E., ლადო ლომიტაშვილი, ავთო მესხი, ემა ლალაევა-ედიბერიძე, მაია ნავერიანი, გიო სუმბაძე, ბესო უზნაძე, ნიკა ქუთათელაძე, მამუკა ჯაფარიძე, გვანცა ჯიშკარიანი, ანა ჩადუნელი, თამარ ჩადუნელი და სხვები.

 

 

 

 

ბანკი – ბიზნესის მტერი თუ მოყვარე

გენო გელაძე
იურისტი, განათლების დოქტორი
მართვის კომპანია GGM-ის მმართველი

საქართველოში მოქმედი ბიზნესის, ალბათ, არანაკლებ 95%-ი საბანკო სესხებით მუშაობს. ეს შეიძლება იყოს მცირებიუჯეტიანი ან მრავალმილიონიანი სესხი. გააჩნია ბიზნესის მასშტაბებს.

ბუნებრივია, სხვადასხვა ბიზნესს სხვადასხვანაირი პირობით აქვს სესხი. განსხვავდება პროცენტი, ბანკების მიდგომები, გადახდის ეტაპები, უზრუნველყოფის ღონისძიებები და ა.შ.

ბიზნესი სესხს აკეთებს ორ შემთხვევაში:

1) როცა ახალ პროექტს გეგმავს და არ ჰყოფნის საკუთარი რესურსები;

2) კრიზისშია და ახალი სესხით ცდილობს კრიზისის დაძლევას.

ნებისმიერ შემთხვევაში, ბიზნესი ცდილობს დაარწმუნოს ბანკი მისი პროექტის წარმატებულობაში და მიიღოს დაფინანსება. ბიზნესი, როგორც ბანკის კლიენტი, ყველაფერს აკეთებს სესხის მისაღებად. ხშირად ბიზნეს პროექტი შეიცავს მცდარ მონაცემებს, რაც ერთადერთი მიზნით კეთდება: საბანკო სესხის ნებისმიერი მეთოდით მიღება. ამ ეტაპზე ბიზნესის დიდი ნაწილი თვალს ხუჭავს ყველაფერზე, მათ შორის სესხის პირობებზე, პროცენტზე, დაფარვის განრიგზე… ოღონდაც მთავარ მიზანს მიაღწიოს, სესხი მიიღოს.

სამწუხაროდ, ხშირად ბიზნესი ვეღარ ახერხებს სესხის დაფარვას და ექმნება პრობლემები. ბიზნესი ვეღარ ვითარდება, ჩნდებიან მევალეები და ა.შ.

თუ ამ ყველაფერს შევხედავთ ბანკის პოზიციიდან, მივიღებთ უცნაურ სურათს: ბანკი თავადაა დაინტერესებული, რომ გასცეს რაც შეიძლება მეტი სესხი და ჰყავდეს ბევრი მომხმარებელი (კლიენტი). ბანკს სურს, მისი კლიენტები იყვნენ ძლიერი ბიზნეს კომპანიები – სწორედ მსგავს კომპანიებს ჰქონდეთ მათ ბანკში სესხი. თუ უფრო კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ბანკი უფრო მეტადაა დაინტერესებული სესხის გაცემით, ვიდრე სესხის მიმღები. უცნაურია, მაგრამ ასეა.

და თუ ეს ასეა, მაშინ რატომ გვაქვს მსგავსი მოცემულობა, რაც გვაქვს: ქვეყანაში ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა საბანკო სესხებით დაზარალებულების საკითხი, ხშირად ვნახავთ ბანკებზე განაწყენებულ ბიზნესებს.

ვფიქრობ, საქმე ისაა, რომ საქართველოში მოქმედი ბიზნესის ალბათ 90% ბანკს განიხილავს არა როგორც ბიზნეს პარტნიორს, რომელსაც აქვს თავისი ბიზნეს ინტერესები, არამედ ბანკი გვესმის, როგორც „ფულიანი ხალხის გაერთიანება’’, რომელსაც როგორმე უნდა გამოართვა სესხი და ამის შემდეგ შეგუებული ვართ იმ აზრს, რომ ყოველ შენატანზე ,,ბანკს ვამდიდრებთ’’.

ყველა, ვისაც სესხი აუღია ბანკიდან და ასეთი ალბათ ძალიან ბევრია, საკუთარი თავი გაახსენდება, როცა თანხის ,,დამტკიცებიდან მიღებამდე’’ პერიოდს ვერ ვიხსენებთ, იმდენად ვჩქარობთ თანხის აღებას. დაახლოებით ერთ თვეში კი, როცა პირველი შენატანის დრო დგება, ვიწყებთ ფიქრს და რაც მთავარია ბანკის ლანძღვას პროცენტზე, შენატანის ოდენობაზე, ვადაზე, ვალუტის კურსსა და ყველაფერზე ერთად, რაც გვაწუხებს.

აქ ისმის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: ვინ სცოდავს? ბანკი, თუ სესხის მიმღები, ამ შემთხვევაში ბიზნესი?

რადგანაც ბანკს, როგორც ბიზნესს, აქვს საკუთარი ბიზნეს ინტერესები, მუშაობს მოგების მისაღებად, ბუნებრივია, ყოველ გაცემულ სესხში ის ითვლის მოგებას და თუ სესხის მიმღები ვერ ახერხებს სესხის დაფარვას, ეს ამავდროულად ბანკის პრობლემაც ხდება. შესაბამისად, ამ პროცესში საბანკო სექტორის დადანაშაულება არასწორი მგონია.

ლოგიკურია კითხვა, ბიზნესი, რომელმაც სესხი აიღო და პრობლემა შეექმნა, ეს რომ სცოდნოდა, სესხს ხომ არ აიღებდა? შესაბამისად, საკუთარ თავს ხომ არ დაუშავებდა?!

საქმეც ისაა, რომ ქართულ რეალობაში ბიზნესში (არამხოლოდ), კრიზისის ფაქტის დადგომის შემდეგ ხდება გასულ პერიოდში დაშვებული შეცდომების ანალიზი, მათ შორის ისიც, თუ რამდენად იყო მზად კომპანია სესხის, როგორც დამატებითი ვალდებულების მისაღებად.

ბიზნესი, რომელიც ბანკს განიხილავს, როგორც პარტნიორს, აანალიზებს ბანკის ბიზნეს ინტერესებს, სესხის მისაღებად ბანკს აწვდის სწორ ინფორმაციას, ის არასდროს იქნება უკმაყოფილო სესხის მიღებით.

ბანკს, როგორც მოგებაზე მომუშავე ინსტიტუტს, ბუნებრივია, სურს ჰყავდეს ფინანსურად სტაბილური და ძლიერი მსესხებლები (კლიენტები). შესაბამისად, ბანკი თავადაც ცდილობს, რომ პარტნიორ ბიზნეს კომპანიას მისცეს დამატებითი რესურსები (სესხები) და ამით თავად მიიღოს მეტი სარგებელი.

შესაბამისად, თუ ბიზნესი ბანკს შეხედავს, როგორც პარტნიორს, რომელსაც ამ ბიზნესიდან მოგების ინტერესი აქვს და ამ ლოგიკით დამუშავდება პროექტი, ხოლო სესხის მიღების შემდეგაც ბანკთან, როგორც პარტნიორთან გაგრძელდება ურთიერთობა, ეს მაღალი ალბათობით, ორივე მხარეს მოუტანს დიდ სარგებელს.


 

მართვის კომპანია GGM

ვებგვერდი: https://ggm.ge/ka/

მისამართი: ი. ჭავჭავაძის ქ. №107, ბათუმი, საქართველო

ტელეფონი +995 599 03 01 01 / 0422 24 01 01

ელ.ფოსტა: info@ggm.ge

 

7-წლიანი სასჯელი 4 ლარის გამოძალვისთვის

30 წლის გიგი ნოზაძე ( სახელი და გვარი შეცვლილია) ყოფილი პატიმარი და „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ბენეფიციარია. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტის დახმარებით ბევრს ეცადნენ გიგის რეაბილიტაციისთვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის ახლა ევროპის ერთ-ერთ საავადმყოფოშია და ოპერაციის დანიშვნის დღეს ელოდება.

ყველაფერი კი ციხიდან დაიწყო, სადაც გიგიმ ხუთწელიწად-ნახევარი გაატარა.

„მთვრალი არ წაიყვანა ტაქსისტმა დანიშნულების ადგილამდე და იჩხუბა, 4 ლარი წაართვა. არ არის კარგი საქციელი, მაგრამ 4 ლარის გამო ყაჩაღობის მუხლით 7 წლის მისჯა? ეს როგორი კანონებია… დანაშაული ჩაიდინა, არავინ დავობს, მაგრამ  მილიონი გაიტაცა? ადამიანი მოკლა?“ – ამბობს ყოფილი პატიმრის დედა.

საპატიმროში გიგი 2-თვიანი ინტენსიური მკურნალობის კურსს გადიოდა. პანკრეასი გაუსკდა და როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, 7 საათის განმავლობაში არ უკეთებდნენ ოპერაციას, რეაგირება დაგვიანებული აღმოჩნდა და ოპერაციის შემდეგ გიგის კიდევ არაერთი ოპერაცია დასჭირდა ციხეშივე. გარკვეული პერიოდი მართვით სუნთქვაზე იყო. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო 6 თვით ადრე,  2016 წლის მარტში გაათავისუფლეს. ციხის ექიმები ამბობდნენ, რომ გიგის გადარჩენა რთული იქნებოდა, მაგრამ გადარჩა.

გიგის დედა იხსენებს, რომ მხოლოდ 16%-ით მუშაობდა პანკრეასი, ყველას, ვინც კი მისი შვილის „ფორმა 100“-ს დახედავდა, უკვირდა თუ როგორ გადარჩა. ოჯახს ჯანმრთელობაშერყეული ყოფილი პატიმრის წამლებისთვის ყოველდღიურად 70 ლარი სჭირდებოდა ორი წლის განმავლობაში. გაყიდეს თითქმის ყველაფერი, რაც კი გააჩნდათ, გარდა საცხოვრებელი სახლისა. ერთადერთი დახმარება, რაც სახელმწიფოსგან ყოფილი პატიმრის ოჯახმა მიიღო 200-ლარიანი ერთჯერადი შემწეობა იყო ოზურგეთის გამგეობისგან.

გიგი გათავისუფლების შემდეგ შედარებით გამოჯანმრთელდა, დაოჯახდა და ოზურგეთის პროფესიულ სასწავლებელშიც ჩააბარა, ბუღალტრის პროფესია შეისწავლა. გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა გიგის საბუღალტრო კურსები დააფინანსა ერთ-ერთ კერძო კომპანიაში.

“ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას” დემოკრატიის ინსტიტუტი ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს აჭარაში, გურიაში, სამეგრელო – ზემო სვანეთსა და იმერეთში. პროგრამის მიზანი ზემოთჩამოთვლილი ჯგუფების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, დასაქმების ხელშეწყობა და სამედიცინო მხარდაჭერაა.

ცოტა ხნის წინ გიგისთან ჯანმრთელობის პრობლემებმა ისევ იჩინა თავი და ყოფილი პატიმარი ახლა ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის საავადმყოფოში ელოდება ოპერაციის დანიშვნის დღეს. მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არასწორად გაკეთებული ოპერაციების შედეგია ის, რაც გიგის დაემართა. გზისა და უცხოეთში ცხოვრების ფულისთვის  გიგის და-ძმამ და დედამ სახლიდან ნივთები გაყიდეს, ბანკიდან კრედიტი გამოიტანეს. მართალია ოპერაცია, რომელიც მას სჭირდება ევროპაში უფასოდ კეთდება, თუმცა მაინც სოლიდური თანხა დასჭირდა წასასვლელად.

ბექას დედა იხსენებს იმასაც, როგორ უკრძალავდა შვილი ციხეში მომხდარ დაუდევრობებზე საუბარს და გაპროტესტებას. გიგი მტკიცედ იყო დარწმუნებული, ვერავისთან ვერაფერს გახდებოდნენ და პროტესტი ცდადაც არ ღირდა.

ყოფილი პატიმრის ოჯახის წევრები ყველაფერს ცდილობენ, რომ გიგი ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს. თუმცა, ამას ახლა მამის გარეშე აკეთებენ – ის სასამართლოზე, განაჩენის გამოტანის შემდეგ გარდაიცვალა.

„ვერ გავუძლებ როგორ აიგდეს ჩემი შვილი და 4 ლარის გამო უსჯიან 7 წელსო – ამბობდა გარდაცვალებამდე“, – იხსენებენ ოჯახის წევრები და ახალ ამბებს ელიან გიგისგან, რომელიც ჯერ ისევ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს, თუმცა 30 წლის ასაკში უკვე ბევრი სირთულე აქვს გადალახული.


ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი ერთ წელზე მეტია ხორციელდება და მიზნად ისახავს როგორც ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების დასაქმების ხელშეწყობას, ასევე სამედიცინო მხარდაჭერას და ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციასაც.

დემოკრატიის ინსტიტუტი „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“ ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. დაინტერესებულმა პირებმა რეგიონების მიხედვით უნდა მიმართონ შესაბამის ორგანიზაციებს:

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

რატომ იმატა განქორწინების მაჩვენებელმა – „წამყვანი მიზეზი ღალატია“

განქორწინების მაჩვენებელი ყოველწლიურად იმატებს. სტატისტიკის თანახმად, თუ ათი წლის წინ საქართველოში 3189 ადამიანი განქორწინდა, გასულ წელს განქორწინების 10 222 შემთხვევა დაფიქსირდა.

რატომ იმატებს განქორწინების მაჩვენებელი? – ადვოკატები, რომლებიც წლებია განქორწინების დავებში მხარეთა ინტერესებს იცავენ, განმარტავენ, რომ რამდენიმე ახალი ფაქტორი გამოიკვეთა. მათი თქმით, ბოლო დროს ძირითადად ცოლები ითხოვენ განქორწინებას და წამყვანი მიზეზი ღალატი გახდა.

ადვოკატი ზაზა პაპიძე განქორწინების საქმეებზე მეშვიდე წელია მუშაობს. მისი დაკვირვებით,  მამაკაცის მხრიდან ღალატი განქორწინების მთავარი მიზეზი გახდა.

„ზოგადად ღალატის თემა გააქტიურდა, მაგრამ ძირითადად ცოლებს სურთ განქორწინება ქმრის ღალატის გამო. ასევე გააქტიურდა პირად ურთიერთობებში ჩარევა. მაგალითად, ქალი ამბობს, რომ დედამთლი, ან მამათილი ოჯახის საქმეებში ერევა, რომ მშობლები ცდილობენ ჰქონდეთ გავლენა და ასე შემდეგ. შესამჩნევია ისიც, რომ გაცილებით უფრო ახალგაზრდა წყვილები ითხოვენ ახლა განქორწინებას, ვიდრე ეს აქამდე იყო. ასევე, რასაც ვაკვირდები, განქორწინების მოთხოვნას მაშინვე თანხმდება მეორე მხარე, დავა ძირითადად სხვა, ქონებრივ საკითხებზე მიდის,“ – გვითხრა ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.

„ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, დღეს განქორწინებას 90 პროცენტი ქალი ითხოვს,“ – ამბობს ადვოკატი კოტე გელაშვილი. ის ბოლო 20 წელია მუშაობს განქორწინების საქმეებზე.

კოტე გელაშვილის თქმით, სტატისტიკაში განქორწინების მაჩვენებლის მატება პირდაპირ კავშირშია ქალთა უფლებებთან. იგი თვლის, რომ „ქალები ბოლო წლებია უფრო მეტად იცავენ საკუთარ უფლებებს, ვიდრე მანამდე“.

ადვოკატმა კოტე გელაშვილმა ასევე გვითხრა, რომ სტატისტიკაში განქორწინების მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნებოდა, მაგრამ ქალების ნაწილი ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ  მაინც განქორწინებისგან თავს იკავებს.

„ხშირად მოდიან ქალები, იღებენ კონსულტაციებს და საბოლოოდ დავის დაწყებაზე უარს ამბობენ. აქამდე სასამართლო დავაზე ქალი ძირითადად მენტალიტეტის გამო ამბობდა უარს, ის ანგარიშს უწევდა საზოგადოებრივ აზრს. დღეს ძირითადად ისინი სვამენ შეკითხვებს: რა სარგებელს მიიღებს იგი განქორწინების შემდეგ, რა ქონება შეხვდება, რა ელის შვილს და ასე შემდეგ. დღეს უფრო აქტუალურია ეკონომიკური დამოუკიდებლობის საკითხი.

ღალატიც არის განქორწინების ხშირი მიზეზი, პირად ცხოვრებაში ჩარევა, ძალადობა… ვფიქრობ, მთავარი მაინც არის ის, რომ ოჯახები იქმნება გაუზრებლად და როცა რაღაც წინააღმდეგობა იქმნება, მისი გადალახვის რესურსს ვეღარ ხედავენ,“ – აღნიშნავს კოტე გელაშვილი.

სოციოლოგი ოჩი კოცელიძე მიიჩნევს, რომ განქორწინების მატება თავად განქორწინების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლამ განაპირობა. ის რამდენიმე ფაქტორს გამოყოფს, რის გამოც შესაძლოა, საქართველოში ბოლო წლებში განქორწინების მაჩვენებელმა იმატა:

„საზოგადოების მიერ განქორწინება ისე მწვავედ და მიუღებლად აღარ აღიქმება, როგორც ადრე აღიქმებოდა. უარყოფითი დამოკიდებულება, პირველ რიგში, განქორწინებული ქალების მიმართ შეიცვალა. დამოკიდებულების ცვლილებას ხელი შეუწყო ბოლო წლებში საჯარო სივრცეში და მასმედიაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ აქტიურმა დისკუსიებმა და კამპანიებმა, რამაც გაზარდა საზოგადოებაში ამ საკითხის მიმართ მგრძნობელობა და ინფორმირებულობის დონე (მაგ: ქალთა კვოტირების თემა, ადევნების შესახებ კანონის მიღება, ქალთა სექსუალური შევიწროვების შემთხვევებზე საზოგადოების რეაგირება და ა.შ.)

განქორწინების კიდევ ერთი ფაქტორი შესაძლოა იყოს დიდხნიანი შრომითი ემიგრაცია. ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის სიხშირის შემცირება და ერთმანეთის მიმართ გაუცხოება ხშირ შემთხვევაში განქორწინების საფუძველი ხდება.“

ფემინისტი ეთუნა ნოღაიდელისთვის ადვოკატების მიერ დასახელებული ტენდენცია – განქორწინების პროცესს ხშირად ქალი იწყებს – ლოგიკურია, რადგან მისი აზრით, ოჯახის ინსტიტუტი კულტურულად ბევრად უფრო ზღუდავს ქალს, ვიდრე მამაკაცს.

განქორწინების მაჩვენებლის ზრდა სტატისტიკაში ეთუნა ნოღაიდელს აჩვენებს, რომ ქალი თანდათან უფრო გრძნობს საკუთარ უფლებებს, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც ჩარჩოებში მოქცეული სექსუალობაა, რომელიც ქალსაც და მამაკაცსაც კარნახობს იმას, რომ მათი თვითრეალიზება, პირველ რიგში, კარგი ოჯახის შექმნაა.

„ადამიანები ახლა ბევრად მეტ ინფორმაციას იღებენ სექსუალობაზე, ჩვენ ვერ გავურბივართ გლობალურ ღირებულებებს, მაგრამ ჩვენი კულტურული მოთხოვნა იმდენად ძლიერია, რომ ქალი “ასეთი უნდა იყოს”, გვაქვს ჭიდილი ადგილობრივ ტრადიციებთან. გარეგნულად ქართველი ქალი გამოიყურება ისე, როგორც ყველაზე ემანსიპირებულ ქვეყანაში შეიძლება გამოიყურებოდეს, თუმცა ემანსიპაცია რეალურად დამდგარი არ არის სექსუალური თავისუფლების თვალსაზრისით. ქალი რაღაც ტიპის დინებას მიყვება და ხშირ შემთხვევაში ეს მთავრდება ქორწინებით. ქორწინება იშვიათად არის შედეგი იმისა, რომ რეალურიად ადამიანს თავის სექსუალობაზე კონტროლი აქვს. შეიძლება ადამიანს უნდოდეს, რომ უბრალოდ არ ჰყავდეს შვილი, მაგრამ ასეთი წყვილი ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ მოექცევა. შესაბამისად, გლობალური ცხოვრების წესმა უფრო მეტი თავისუფლებისკენ უბიძგა ადამიანებს, მაგრამ ეს მაინც ჰეტენორმატიული ქორწინების მოდელით სრულდება,“ – გვითხრა ეთუნა ნოღაიდელმა.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო ხუთი განმავლობაში განქორწინების მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

  • 2017 წელი – 10 222.
  • 2016 წელი – 9539
  • 2015 წელი – 9112
  • 2014 წელი – 9119
  • 2013 წელი –  8039

განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის შემდეგ იმერეთში ფიქსირდება. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2017 წელს თბილისში 3731 წყვილი განქორწინდა, იმერეთში – 1739.

იმერეთის შემდეგ, განქორწინების  სიხშირით ქვემო ქართლი გამოირჩევა – 1067 შემთხვევა, შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთი – 825, კახეთი – 783, აჭარა – 678, შიდა ქართლი – 651, გურია – 237, სამცხე-ჯავახეთი – 217.

განქორწინების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია. აქ გასულ წელს 72 წყვილი განქორწინდა.

ბათუმში ცხრა წლის გოგოს ავტომანქანა დაეჯახა

დღეს, 9 ივნისს, შუადღეზე, ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე ცხრა წლის გოგოს ავტომანქანა დაეჯახა, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე თავად მძღოლმა გადაიყვანა საავადმყოფოში.

კლინიკა “მედინაში”, სადაც პირველად ბავშვი მიიყვანეს, ამბობენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მდგომარეობა სტაბილურია.

ამ დროისთვის გოგონა  ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში გადაჰყავთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ფესტივალის ხუთი საუკეთესო წიგნი პაატა შამუგიასგან

თბილისის წიგნის ფესტივალი წელს მეოცედ გაიმართა, ოთხდღიან ფესტივალს ყოველწლიურად 50 000-ზე  მეტი ადამიანი სტუმრობს. ფესტივალი საუკეთესო დროა გამომცემლობებისთვის ლიტერატურული წლის შესაჯამებლად, მკითხველებისთვის კი ახალი ავტორებისა და ტექსტების აღმოსაჩენად.

ოთხდღიანი ლიტერატურული დღესასწაულიდან ყველას საკუთარი რჩეული აქვს. პაატა შამუგია თავის ხუთეულზე გვიამბობს, წიგნებზე, რომლებიც ფესტივალზე შეიძინა, წაკითხვა უკვე  მოასწრო და არ დაეზარა თითოეულ მათგანზე შთაბეჭდილებებიც გაეზიარებინა:

ზურა ჯიშკარიანი „საღეჭი განთიადები“

 

 

როგორც ჩემი მეგობარი კაფკა იტყოდა, თუ წიგნი, რომელსაც ვკითხულობთ, ცივი წყლის გადასხმასავით არ გაფხიზლებს, რა საჭიროა მისი გადაშლა?! ზურა ჯიშკარიანის „საღეჭი განთიადები“, ამ ლოგიკით, იდეალური წიგნია, რადგან ქართულ სივრცეში ახალი ენობრივი დღის წესრიგი შემოიტანა… უკაცრავად, გაჩითა. თუმცა, ვფიქრობ, ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე ცივი შხაპი, რადგან წიგნი, რომელმაც ბოლო დროის ყველაზე ხმაურიან და საინტერესო დისკუსიებს ჩაუყარა საფუძველი, პრემია „ლიტერას“ მოკლე სიაშიც კი არ მოხვდა.

„საღეჭი განთიადების“ ავტორი გველაპარაკება გეტოებიდან, გეტოს სტილით და გეტოს ვნებით, სუბალტერნის ენით მოყოლილი აპოკალიფსური შიშებით უახლოესი ქართული ისტორიის ყველაზე მოუხელთებელ და იდუმალ, არასატელევიზიო ნიუსებს გვაცნობს.  ჟანრის კანონის თანახმად, ავტორის ენა უნდა გამოიყოს, საავტორო რემარკა უნდა იყოს სალიტერატურო ენით შედგენილი. მაგრამ ჯიშკარიანი აქაც მოუხელთებელია, ის ამ აკადემიურ ნიუანსებს არ აქცევს ყურადღებას (იქნებ, ამიტომაც დაიწუნა ის აკადემიურმა ჟიურიმ?) და ქმნის სრულიად ახალ, საავტორო ჟარგონს, რომელშიც რელიგია, მისტიკა, ნარკოდილერების „ნამიოკები“ და გალაკტიონის „არტისტული ყვავილები“ ერთმანეთს ერევა.

უნდა დავეთანხმო იმ კრიტიკოსებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ წიგნით ახალი სივრცე გაიხსნა, ქართულ ლიტერატურას კი ახალი ჟანრი შეემატა კიბერპანკის სახით. მოკლედ, ბევრი მხრივ, საკვანძო და არგამოსატოვებელი წიგნია.

ნიკოს კაზანძაკისი „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“

ნობელი ჩემზე მეტად ეკუთვნოდა მას, რომლის სანდლის თასმის შეხსნის ღირსიც არა ვარო, – თქვა ალბერ კამიუმ 1957 წელს, როდესაც ნობელის პრემია მიანიჭეს. ასე სიტყვასიტყვით არ უთქვამს, მაგრამ სახარებისეული ალუზია დროულია, რადგან ნიკოს კაზანძაკისის „ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებას“ ვეხებით. ამ წიგნმა შეძლო და სათავე დაუდო სახარების და რელიგიური თემების არაკანონიკურ გააზრებას. ცხადია, აპოკრიფები იქამდეც იყო, მაგრამ მათი ესთეტიკური (და უფრო მეტად, ეთიკური) განაზრახი სხვაა და კაზანძაკისისა  – სხვა. კაზანძაკისი არ ცდილობს, ქრისტეს ჩამოაშოროს ადამიანური უხერხულობები, რაც მის ღვთაებრივ შარავანდედს ლაქებს დააჩნევდა, პირიქით – მთელი რომანი სწორედ ამ უხერხულობების, მოულოდნელობების, ადამიანურობების ზედაპირზე ამოწევას ემსახურება. კაზანძაკისის გავლენა ბევრ მწერალს ჰქონდა, მათ შორის, ჟოზე სარამაგუსაც, რომელიც, ცოდვა გამხელილი სჯობს, ნიკოსზე დიდი მწერალი მგონია, მაგრამ ქრონოლოგია მნიშვნელოვანია. ამ ლიტერატურულ-თეოლოგიური ხედვის კულტივირება სწორედ კაზანძაკისს უკავშირდება და არა ვინმე სხვას.

დანიილ ხარმსი „შენ ფანჯარაში დამინახავ“

ის ძალიან ჰგავს თავის ნაწარმოებებსო, რომ იტყვიან, პირველი ალბათ ხარმსი უნდა გაგვახსენდეს. რუსული აბსურდის ჟანრის ფუძემდებელი თვითონაც აბსურდულად ცხოვრობდა. აწყობდა ექსტრავაგანტურ პერფორმანსებს, ქუჩაში იწვა, ზოგჯერ – შიშველიც, ხანდახან კი შერლოკ ჰომსივით ჩაცმული მოევლინებოდა საბჭოთა სტერილურ ჩინოსნებს. ამიტომაც ჯერ გადაასახლეს, მერე კი სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა ფსიქიატრიულში. ეს დაწესებულება აპრობირებული იყო იმდროინდელი მოურჯულებელი ხელოვანებისთვის. სისტემიდან ოდნავ გადახვევა საკმარისი იყო, რომ ფსიქიატრიულში ამოგეყო თავი. ეს სახელოვანი ტრადიცია რუსეთს დღემდე შემორჩა. სულ რამდენიმე წლის წინ დიმიტრი პრიგოვიც ძალადობრივად დააწვინეს საავადმყოფოში „კეთილისმსურველმა“ ჩინოსნებმა.

დასავლური სამყარო შოკში იყო, როდესაც აღმოაჩინა დანიილ ხარმსი – არსით და ფორმით სრულიად ახალი, მოულოდნელი ხელწერის ავტორი ევროპის და ამერიკის აკადემიურ წრეებში დღემდე აქტიური კვლევის საგნად რჩება.

რაკი დედანშიც წამიკითხავს, შემიძლია ვთქვა, რომ ქართული თარგმანი კონგენიალურია.

სერგეი ჟადანი „ვორშილოვგრადი“

უკრაინულად მას სერჰი ჰქვია და მისი გვარის გაქართულების გადაწყვეტილებას ვერ მოვიწონებ, მაგრამ, სხვა მხრივ, „ვოროშილოვგრადის“ ქართული ვერსია შესანიშნავია. ამ 500-გვერდიან, ცოტა არ იყოს, სევდიან დისტოპიაში ამბის ძირითად ხაზთან ერთად, პოეზიის დიდ მარაგსაც აითვისებთ. ჟადანი ხომ, ბოლოს და ბოლოს, პოეტია, თანაც, უკრაინის ყველაზე ავტორიტეტული პოეტი. ლირიკული ჩანართები კი ფაბულას არათუ გვაშორებს, მას თუ ჩამოაშორებთ, შეიძლება ვერც გავიგოთ რაზეა ეს წიგნი.

„უკრაინელი პელევინი“ (როგორც მას უწოდებენ) იკვლევს საკუთარ თავს პოსტსაბჭოთა უტოპიის, ნარკოდილერებისა და მისტიკის გარემოცვაში. „ვოროშილოვგრადი“ გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა, თუმცა, იქამდე ჟადანმა მოახერხა, მისი ლექსების კრებულიც კი ბესტსელერებად ექცია და რეკორდული რაოდენობით გაეყიდა. „ვოროშილოვგრადი“ BBC-ის უკრაინული კონკურსის გამარჯვებულია.

აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“

აკა მორჩილაძე ალბათ ვეღარასოდეს დაწერს ცუდ რომანს. მართალია, რომანების კონვეიერივით ცხობის გამო მასზე ხშირად ამბობენ (და სამართლიანადაც), რომ უკვე საკუთარ თავს იპარავს, მაგრამ აკას ცუდი რომანი მე არ ვიცი. არც ეს იქნება ცუდი რომანი, უბრალოდ, ჯერ ბოლოში არ გავსულვარ. იქამდე ვარ მისული, მუსია რეტინგერი ქე რო ქმრის გამოსახსნელად თავის ბოვშობის ამხანაგ სტალინთან გადაწყვეტს წასვლას და რაცხა იმფერ შარებში გეეხვევა, მტერს! იმერული დიალექტით დაწერილი ეს წიგნი, ცხადია, უპირველესად, აკასავე „ობოლესთან“ დაგვლინკავს და, ლოგიკურიც იქნება. სტილი იგივეა. კი მიზიზინებს ცეკას მდივნის „ვოლგასავით“, მარა რაცხა ეჭვი მჭვალავს, რომე მთლად „ობოლესთანა“ წიგნი ვერ იქნება. თუმცა, ცუდი რომ ვერ იქნება, ეგეც გითხარით, ხომ ასეა?

 

აჭარის მთავრობამ საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

აჭარის მთავრობამ საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების წარდგენა 16 ივნისს უნდა დასრულდეს, თანამდებობრივი სარგო 2600 ლარია. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის დიპლომი, სასურველია სამართლის ან ეკონომიკის მიმართულებით და მუშაობის შვიდწლიანი გამოცდილება, სასურველია ჰქონდეს გუნდის მართვის გამოცდილებაც.

საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური როგორც ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი აჭარის მთავრობამ 2017 წლის მაისში შექმნა.

ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, მირანდა ჩარკვიანის დანიშვნა იგეგმებოდა, თუმცა მთავრობაში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.

დებულების მიხედვით, ამ სამსახურმა სამთავრობო უწყებებში ერთიანი საკომუნიკაციო სისტემა უნდა შექმნას და უზრუნველყოს მისი განვითარება. ახალ სსიპ-ს საბიუჯეტო სახსრების მიღების გარდა, დამოუკიდებელი შემოსავლების მიღების უფლებაც ექნება. მაგალითად, სამსახურს შეეძლება ინტერნეტგვერდის დამზადება რომელიმე სამშენებლო კომპანიას შესთავაზოს, მასთან ხელშეკრულება გააფორმოს, გასამრჯელო აიღოს და შემდეგ პრემია-დანამატებში დახარჯოს, რაც საჯარო სტრუქტურის მხრიდან კონკურენტულ გარემოში ჩარევად“ შეაფასეს იურისტებმა.

„ეს არის კონკურენციაში ჩარევა, ეს არის პრობლემა,“ – მიიჩნევს სულხან სალაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე. იგი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისთვის იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხოლო კომერციული საქმიანობით შემოსავლის მიღება საჯარო უფლებამოსილების განხორციელება არ არის.

საჯარო სამართლის იურიდიული პირია იუსტიციის სახლიც, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში ანაზღაურებას იღებს მოქალაქეებისგან – სულხან სალაძე განმარტავს, რომ ეს სულ სხვა შემთხვევაა, რადგან „იუსტიციის სახლი ანაზღაურებას იღებს იმ საქმიანობაში, რასაც სხვა არავინ აკეთებს ქვეყანაში. მაგალითად, სხვადასხვა კომპანიას პასპორტების დამზადების უფლება რომ ჰქონდეთ და იმავეს აკეთებდეს იუსტიციის სახლიც, ეს უკვე დარღვევა იქნება,“ – ამბობს სულხან სალაძე.

დებულების მიხედვით, სამსახურის უფროსს აჭარის მთავრობა ნიშნავს მთავრობის უფლებამოსილების ვადით, თუმცა „მთავრობას მიზანშეწონილობის მოტივით შეუძლია ნებისმიერ დროს მისი გათავისუფლება“, – აღნიშნულია ახალი სამსახურის დებულებაში. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის მოადგილეს კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დანიშნავს.

ახალმა სამსახურმა სამინისტროებისა და სამინისტროების საქვეუწყებო დაწესებულებებისთვის უნდა უზრუნველყოს „ეფექტურად ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის საჭირო კონსოლიდირებული და ინტეგრირებული ინფორმაციული-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი საიმედო და ეფექტური მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა“.

გარდა ამისა, ამ სამსახურმა სამთავრობო უწყებების ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს, ასევე ინფორმაციული სისტემების და ახალი სერვისების დანერგვა-განვითარებაზე. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურმა ახალი პროგრამული პროდუქტის ტესტირებაც უნდა მოახდინოს, დაწესებულების სპეციფიკის გათვალისწინებით.

სამსახურის დაკომპლექტების შემდეგ, სამთავრობო უწყებების არსებული ინტერნეტსაიტების განახლებულ ვერსიებსაც უნდა ველოდოთ. დებულებაში წერია, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურმა ვებსაიტების დიზაინის კორექტირებაზე უნდა იზრუნოს, ასევე საპრეზენტაციო მასალების რედაქტირებაზე, შესაბამისი თანამდებობის პირების მოწმობების და საშვების მომზადებაზე.

ახალ სამსახურში სამი განყოფილება იქნება:

  • ვებდიზაინისა და პროგრამული უზრუნვლეყოფის
  • ტექნიკური მხარდაჭერის
  • ონლაინმარკეტინგის და სოციალური მედიის

დებულებაში დაკონკრეტებული არ არის, ჯამში რამდენი ახალი საშტატო ერთეული დასჭირდება ახალ სამსახურს.

რაც შეეხება ანგარიშვალდებულებას – ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური წერილობით ანგარიშებს წელიწადში ორჯერ – 10 მაისამდე და 10 დეკემბრამდე ჩააბარეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მთავრობას – მოთხოვნისთანავე, მათ შორის ფინანსური სახსრების თაობაზე.

ახალი სამსახურის საქმიანობა ბიუჯეტიდან დაფინანსდება, თუმცა მისი შემოსავლების წყარო შეიძლება ასევე იყოს ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები.

სამსახურმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

  • უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
  • სესხის აღება;
  • თავდებობა;
  • საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
  • თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
  • სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

 

 

სად ჩაქრება შუქი ბათუმში – უახლოესი 3 დღის განრიგი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 9  ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს.

ბათუმში, 06:00-დან 10:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 4448  აბონენტს შემდეგ ქუჩებზე:

  • მაიაკოვსკი
  • ნონეშვილი
  • შავშეთი
  • ერისთავი
  • ჭიჭინაძის და მიმდებარე ქუჩებს

ასევე თამარის, ახალშენის და ფერიის დასახლებების ნაწილში.

ხულოში, 12:00-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 7 აბონენტს სოფელ ქვემო ვაშლოვანში.

10 ივნისს, ბათუმში, 05:00-დან 09:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1596 აბონენტს ნონეშვილის, გოგოლის, ბაქრაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე თამარის დასახლების ნაწილს.

10 ივნისს, ქობულეთში, 10:00-დან 17:00 საათამდე, მონაცვლეობით შეეზღუდებათ ელექტროენერგიის მიწოდება 3990 აბონენტს შემდეგ სოფლებში: ბობოყვათი, დაგვა, ციხისძირი, გვარა და მიმდებარე სოფლებს, ასევე ქალაქ ქობულეთში: დ.აღმაშენებლის, მემედ აბაშიძის, კოსტავას, თამარ მეფის, თავისუფლების, გურამიშვილის, ნინოშვილის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე მცხობრებ აბონენტებს.

11 ივნისს, 11:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქობულეთში მცხოვრებ 155 აბონენტს ჩოლოქის დასახლების ნაწილში.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

მღვდელმსახური: სასულიერო წოდების დამადასტურებელი მოწმობის დახევა მომთხოვეს

19 წლის ახალგაზრდა კაცს საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესიის ბიბლიური თავისუფლების 2018 წლის 11 მაისს გამართულ ეპისკოპოსთა კრების გადაწყვეტილებით, მიენიჭა მღვდელმსახურის წოდება და უფლებამოსილია იქადაგოს ეკლესიის სახელით.

გასულ კვირას, ბათუმის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში ამ ახალგაზრდას – „გირჩის“ მღვდელს უთხრეს, რომ გადაეგდო თავისი წოდების დამადასტურებელი მოწმობა. მას ჯარში გამოუძახეს.

„სავარაუდოდ ხელმძღვანელმა მითხრა, რომ თუ არ დავხევდი მოწმობას, მაშინ მომივიდოდა რაღაც წერილი. მის ტონში იგრძნობოდა მუქარა, ამიტომ ცოტა არ იყოს, დავიბენი. ამ მოთხოვნაში ყველა ადამიანი ჩაერთო, ვინც კი ოთახში იყო. იმედი მაქვს, ჩემი სტატუსის გამო სამართლებრივ პრობლემას არ შემიქმნიან“, – ამბობს ის.

იგივე პირი ყვება, რომ ის არის სტუდენტი, მაგრამ წელს აკადემიური აიღო. ახლა ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში მუშაობს და მის გეგმებში არ შედის ჯარში წასვლა. „არ ვაპირებ ჯარში წასვლას, მაგრამ თუ მაინც მაიძულებენ, სასამართლოს მივმართავ“, – აღნიშნავს ის.

„სამხედრო ვალდებულების შესახებ კანონი პირდაპირ ითვალისწინებს, რომ თუკი პირი არის მღვდელმსახური, მას აქვს უფლება გაწვევის გადავადების. თუ ამ ადამიანს მოუვიდა დასკვნა, რომ მიუხედავად თავისი სტატუსისა, მას იწვევენ, ეს იქნება უკანონო და დისკრიმინაციული. ამ ადამიანს აქვს სრული კანონიერი საფუძველი, რომ მისი გაწვევა გადავადდეს. შეიძლება დისკრიმინაციის მუხლითაც  კი ვიდაოთ სასამართლოში. თუ ჩაბარდა ამას უარი გადავადებაზე, მაშინ ამას გავასაჩივრებთ აუცილებლად“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვისათვის“ წარმომადგენელი კახა გურგენიძე.

„ბიბლიურ თავისუფლებაში“ სულ 6 ათასი მღვდელმსახურია. ეს რელიგიური ორგანიზაცია „გირჩს“ ეკუთვნის. მღვდელმსახურობის მსურველები ძირითადად ის ახალგაზრდები ხდებიან, ვისაც ჯარში წასვლა არ სურს.

„გირჩის“ პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ექვსი ათასივე მღვდელმსახურის ძირითადი მოტივაცია სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაა. ის, ვისაც მხოლოდ თავისუფლების ქადაგება სურს, მიტროპოლიტად აკურთხეს. ასეთი სულ 50 პირია. იერარქიის სათავეში ეპისკოპოსთა სამკაციანი საბჭოა.

მღვდელმსახურის წოდების მიღებამდე ხელშეკრულებას უნდა მოეწეროს ხელი. ხელშეკრულებაში წერია, რომ „ეკლესია დაარსდა 2017 წელს და მისი მიზანია იბრძოლოს ადამიანის პირადი თავისუფლებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ეს უკანასკნელი აერთიანებს ყველა ადამიანს, განურჩევლად სარწმუნოებისა, რადგან არ არსებობს სიკეთე და სიყვარული თავისუფლების გარეშე. ბიბლიური თავისუფლება ეწინააღმდეგება ახალგაზრდების უფასო ყარაულად დგომას სახელმწიფო შენობების პერიმეტრებზე და ციხის “ვიშკებზე”.

ხელშეკრულებაში ასევე განმარტებულია, რომ თუკი მღვდელმსახურს სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდება სურს, მან ხელშეკრულება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გამგეობის კანცელარიაში უნდა ჩააბაროს.

„გირჩის“ პრესცენტრში გვითხრეს, რომ ზეწოლა ამ კუთხით ხშირად ყოფილა, თუმცა ჩარევის შემდეგ მღვდელმსახური ჯარში აღარ წაუყვანიათ.

„ყოფილა სხვადასხვა სახის ზეწოლა, მაგალითად, დაცინვა. ყველა მღვდელმსახური გაფრთხილებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო გაწვევის სამსახრური ეტყვის, რომ ეს მოწმობა უკანონოა და არაფერს ნიშნავს, ან რაღაც მსგავსი, უნდა დაუკავშირდნენ ეპისკოპოს ლევან ჯგერენაიას. ბევრი ასეთი შემთხვევა ყოფილა. ხან სატელეფონო ზარით და ხან ადგილზე მისვლით მოუგვარებია ლევანს ეს პრობლემა. შესაბამისად, არავინ წაუყვანიათ ჯარში, ვისაც ბიბლიური თავისუფლების მოწმობა აქვს,“ – განმარტავენ „გირჩის“ პრესცენტრში.

„ბიბლიური თავისუფლება“ მღვდელმსახურის სტატუსის გაუქმებასაც ითვალისწინებს. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუკი მღვდელი ჰომოფობი, ქსენოფობი ან ფაშისტი აღმოჩნდა. „გირჩის“ პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ მიზეზით 30 მღვდელმსახურს გაუუქმეს კონტრაქტი. ისინი „ქართული მარშის“ აქციებში მონაწილეობდნენ, ზოგიერთმა მათგანმა კი მღვდელმსახურის სტატუსის გაუქმება თავად ითხოვა.

რატომ გაძვირდა პარკში ატრაქციონები

ბათუმის ცენტრალურ პარკში იმ ატრაქციონების ფასი, რომელთა ბილეთიც 50 თეთრი ღირდა – გაორმაგდა, რამაც მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია. საქმე ის არის, რომ სულ ახლახან, ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე მიწის ნაკვეთები და საბაშვო ატრაქციონები 10-წლიანი იჯარით გასცა კერძო პირზე. როგორც ატრაქციონების ახალი მოიჯარე ეკატერინე ნიკოლაიშვილი ამბობს, ფასის ზრდის მიზეზი ის გადასახადები და ვალდებულებები გახდა, რომლებიც აქამდე, ა(ა)იპი  “ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს” პრეროგატივა იყო. ეს ა(ა)იპი ამჟამად მერის გადაწყვეტილებით ლიკვიდირებულია.

“მოგეხსენებათ, აქამდე ეს ატრაქციონები იყო ქალაქის მართვაში. ქალაქი გადასახადებსა თუ ოპერატორების ხარჯებს შემოსავლიდან იხდიდა თავად. ჩვენ გამოცხადებული აუქციონის შედეგადაც ავიღეთ არენდით ფართობები, სადაც ეს ატრაქციონები დგას. შესაბამისად, ახლა ჩვენ აუქციონის გარდა გადასახდელი გვაქვს ქონების გადასახადი, მოგების გადასახადი, არენდის გადასახადი, ხელფასები, ვიხდი საშემოსავლოს… აქედან გამომდინარე, ეს ხარჯები კერძო პირისთვის იზრდება. სწორედ ამ გადასახადების გამო გადაწყდა გაგვეზარდა, ჩემი აზრით, მინიმალური თანხით იმ სამი ატრაქციონის ბილეთის ფასი, რაც აქამდე ღირდა 50 თეთრი”, – განმარტავს ეკატერინე ნიკოლაიშვილი.

იჯარით  გაიცა ატრაქციონები “რიო-ბრაო  მატარებელი”,  MX-961 (ძაღლუკა) და  “ფინჯნები” (თავისი  სამართავი  ჯიხურებით) მასზე  მიმაგრებული მიწის ნაკვეთით.

აუქციონის პირობების თანახმად, ატრაქციონების ახალი მოიჯარე ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში გაარემონტოს სამი ატრაქციონი: რიო-ბრაო მატარებლის,  MX-961-ის (ძაღლუკა) და  ფინჯნები. ასევე უზრუნველყოს მიმდებარე ტერიტორიის  კეთილმოწყობა   და  შეინარჩუნოს ატრაქციონები  იმ  მდგომარეობაში,  რომელშიც  მიიღო  იგი (ცვეთა მხედველობაში არ მიიღება). აუქციონის პირობების თანახმად, ეკატერინე ნიკოლაიშვილი ვალდებულია, ზემოთ ხსენებულ სამ ატრაქციონზე მომსახურების (ბილეთის  ფასი) ღირებულება არ გაზარდოს ერთ ლარზე მეტად.

ატრაქციონები: “ცისპლანერი” და “ძაღლუკა”

ეკატერინე ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ამ სამი ატრაქციონის გარდა გვერდით არსებული სხვა ატრაქციონებიდან ორი ამორტიზებული იყო, ამიტომაც ახალმა ხელმძღვანელმა ატრაქციონებს -„მეკობრეებსა“  და „ცისპლანერს” დემონტაჟი ჩაუტარა. აქ ახალი ატრაქციონები დაიდგმება.

ეკატერინე ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ მას ამ საქმეში გამოცდილება აქვს. ატრაქციონები პარკის ტერიტორიაზე მას აქამდეც ჰქონდა განთავსებული, იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთებზე. მისივე თქმით, ატრაქციონები სხვა ლოკაციებზეც აქვს განთავსებული.

ზემოთ ჩამოთვლილი სამი ატრაქციონის გარდა სხვა ატრაქციონების ბილეთის ფასის დადგენაში მოიჯარე თავისუფალია:

“საზღვარგარეთიდან ჩამოვიტანეთ ახალი ატრაქციონი, რაც, ცხადია, ხარჯებს უკავშირდება, ვიხდით მიწის იჯარის თანხას და ა.შ. ამიტომ დანარჩენ ატრაქციონებს იმავე თანხაში ვერ ვამუშავებთ, როგორც ძველებს, თუმცა გარკვეული შეღავათები გვაქვს. ჯერ ახალი ატრაქციონი გამართული არ არის, ამიტომ ბილეთის ღირებულებას ვერ გეტყვით. სხვა ატრაქციონებზე მაქსიმალური ფასი 3 ლარია (ორი ადამიანის სარგებლობისას ვრცელდება ფასდაკლება – 2,5 ლარია).

ერთ-ერთი ახალი ატრაქციონი უკვე შემოტანილია პარკის ტერიტორიაზე, თუმცა სრულად დამონტაჟებული არ არის. იგი წყლის თემატიკის ატრაქციონია და ეკატერინე ნიკოლაიშვილის თქმით, ტრიალის გარდა ბავშვის ინტერაქციასაც მოიცავს.

კიდევ ერთ ახალ ატრაქციონს დაახლოებით ერთ კვირაში ჩამოიტანენ.

ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, ეკატერინე ნიკოლაიშვილის გარდა კიდევ ორ კერძო პირს აქვს იჯარით აღებული ნაკვეთი საბავშვო ატრაქციონებისთვის [გასაბერი ატრაქციონი პარკის შესასვლელში და სათამაშო აუზი თევზაობისთვის].

აუქციონის პირობების თანახმად, საბავშვო ატრაქციონები, მათ შორის იჯარის  უფლების  მქონე პირის მიერ დამონტაჟებული ახალი ატრაქცინები, ბავშვთა  დაცვის  დღეს,  პირველ ივნისს, კვლავ უსასყიდლოდ მოემსახურება მსურველებს.

ქობულეთის გარდასახვა – მაღლივი კორპუსები სანაპიროზე ორსართულიანი სახლების ნაცვლად

ქობულეთში თამარის  სანაპიროს ქუჩა, რომელიც ზღვას მიუყვება, იერსახეს იცვლის. დაბალი, ორსართულიანი სახლები, რომლების ფანჯრებიდანაც ზღვა მოსჩანდა, ამ ქუჩიდან თანდათან ქრება, მათ ანგრევენ და მაღლივი კორპუსებით ანაცვლებენ. უკვე აშენებულმა სახლებმა გარემოპირობები შეუცვალა პარალელურ ქუჩებზე მდებარე სახლებს, რომელთა აივნებიდანაც ზღვა მოსჩანდა, ახლა კი მაღლივი შენობის კედელი მოსჩანს, „და არც ჰაერი მოდის ისე, როგორც ადრე“ – ამბობენ ქობულეთში ისინი, ვინც ჯერ კიდევ ორსართულიან სახლში ცხოვრობს და  წინადადება ინვესტორისგან ჯერ არ მიუღია.

თამარ მეფის სანაპიროს ქუჩაზე  რამდენიმე მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, რამდენიმე კი ახლა იწყება.

მაღლივი სახლები პირდაპირ მანქანის სავალ გზაზეა მიდგმული და როგორც ჩანს, ამ სახლებს არც ეზო ექნებათ და არც პარკინგის ადგილი.

მშენებლობებზე გამოკრული საინფორმაციო მონაცემების მიხედვით, ნებართვების უმეტესობა 2016 წელსაა გაცემული. ბევრ მშენებლობაზე არც ბანერია განთავსებული და არც მერიის ზედამხედველობის მიერ გამოკრული დადგენილება იმაზე, კანონიერად დაიწყო თუ არა მშენებლობა.

ამ მრავალბინიან სახლს ქობულეთის ცენტრალური პარკის მიმდებარედ შპს „ინვესტი“ აშენებს
მშენებლობა თამარ მეფის სანაპიროს ქუჩის #19 -ში, ქობულეთის ცენტრალური პარკის მიმდებარედ, სამი წლის წინ წამოუწყიათ და მას შემდეგ ასეა მიტოვებული. ადგილობრივებმა არ იციან, აქ ვინ და რას აშენებს, ან რამდენხანს დარჩება ტურისტულ ქალაქში მზეზე მოელვარე თუნუქით შემოღობილი სამშენებლო მოედანი.
აქ არც საინფორმაციო დაფაა გამოკრული და არც მერიის ზედამხედველობის სამსახურის დადგენილება დაჯარიმების თაობაზე, ამიტომაც გაურკვეველია, მშენებლობა წლების წინ ნებართვით დაიწყეს და მიატოვეს, თუ უნებართვოდ.
ამ სახლს თამარის სანაპიროს #66-ში შპს „ლუნა ბილდინგი“ აშენებს
ეს ესკიზი თამარის სანაპიროს ქუჩის #92/92 ა-შია გამოკრული. საინფორმაციო დაფაზე მითითებული ინფორმაციით, სამშენებლო ნებართვა 2018 წელსაა გაცემული, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ მიიღო. შენობაში სასტუმროს განთავსებას გეგმავენ.
ეს დაუსრულებელი შენობაც ქობულეთში სანაპიროს ქუჩაზეა. მასზე საინფორმაციო დაფა არ არის გამოკრული, ადგილზე არც მშენებლები იმყოფებოდნენ, ამიტომ ჩვენთვის გაურკვეველი დარჩა, ვინ ააშენა ის და რა მიზნით.
ამ კორპუსს კი თამარის სანაპიროს ქუჩის # 48-ში „ოლიმპი ჯგუფი“ აშენებს.

მოსახლეობამ ხულოში საავტომობილო გზა გადაკეტა

ხულოში, სოფელ ბოძაურში, მოსახლეობამ გზა გადაკეტა. პროტესტის მიზეზი კომპენსაციაა, რომელიც, მოსახლეობის თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა გადაეხადა მათთვის.

„აქ გადის ხულო-ადიგენის მაგისტრალი. 2016 წელს დაიწერა გასახლების გეგმა, სადაც წერია, ვის რამდენი უწევს კომპენსაცია. მე პირადად დაახლოებით 45 ათასი ლარი უნდა გადამიხადონ, მაგრამ არ მაძლევენ. გზების დეპარტამენტში მითხრეს, რომ ეს მიწები ტყის ფონდს ეკუთვნის, ტყის ფონდმა ხულოს მერიაში გადაგვამისამართა, მერიაში პასუხი ვერ გაგვცეს და ასე დავდივართ,“ – გვითხრა საპროტესტო აქციის მონაწილე ვარლამ ხოზრევანიძემ.

მოქალაქის თქმით, კომპენსაციის მიღების საკითხი სოფელ ბოძაურში მცხოვრებ 30-მდე ოჯახს ეხება.

„ძირითადად, ეს არის კოორდინაციის პრობლემა: სატყეო სააგენტო, ხულოს მერია და გზების დეპარტამენტი ვერ არკვევს საკითხს და მოქალაქეები ერთი უწყებიდან მეორეში გადადიან. თუ ხელისუფლება 10 დღეში ამ ადამიანებს ყურადღებას არ მიაქცევს, საპროტესტო აქცია ბათუმში, მთავრობის სახლთან გაიმართება,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე, ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი.

„უნდა დასტურდებოდეს, რომ ისინი სარგებლობდნენ ამ მიწის ნაკვეთებით და ნარგავებით. მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ მიხეილ უჯმაჯურიძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების სამმართველოს ხელმძღვანელმა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ასევე არ არის გამორიცხული, მიწის ის ნაკვეთები, რაზეც მოსახლეობა დავობს, დეპარტამენტს მაგისტრალის გასაყვანად საერთოდ აღარ დასჭირდეს.

„წინასაპროექტო გეგმით მაგისტრალისთვის საჭირო იყო, მაგრამ შესაძლებელია ამ გეგმის დაკორექტირება. ამ ეტაპზე ზუსტად ვერაფერს გეტყვით,“ – აღნიშნა მიხეილ უჯმაჯურიძემ.

მაშველებმა მდინარე ჭოროხში მეოთხე გარდაცვლილიც იპოვეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მაშველებმა მდინარე ჭოროხში, სადაც დღეს ნავის გადაბრუნების შედეგად ექვსი ადამიანი მდინარემ გაიტაცა, კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. იგი ადგილობრივი მცხოვრებია, რომელიც ტურისტებს ახლდა თან.

სოფლის მცხოვრების თქმით, ნავში ტურისტების ორი ოჯახი იმყოფებოდა. ექვსი ადამიანიდან ორი გადარჩა.

ამავე თემაზე: 

მარადიდში მდინარეზე სეირნობის დროს სამი ტურისტი დაიღუპა

„ქალბატონი ნარგიზა“ – ბოშათა მხარდამჭერი ქობულეთიდან

„ქალბატონო ნარგიზა“ – ასე პირველად მაშინ მიმართეს, როცა 10 წლის წინ ქობულეთში მცხოვრებმა ბოშებმა სკოლაში შვილების მიყვანა გადაწყვიტეს. ამ დროს იგრძნო, რომ ყინული გალღვა… 10 წლის წინ ქობულეთში და არც სხვაგან ბოშები სკოლებში თითქმის არ დადიოდნენ. დღეს ქობულეთის მეხუთე საჯარო სკოლაში 75 ბოშა მოსწავლეა. სკოლის დირექტორი ნარგიზ ჯინჭარაძე, ბოშებისთვის იგივე „ქალბატონი ნარგიზა“, ამ დასახლებაში 10 წლის წინ გამოჩნდა.

ნარგიზ ჯინჭარაძე

ამ სკოლის დირექტორობამდე ნარგიზ ჯინჭარაძეს იგივე დამოკიდებულება ჰქონდა ბოშებთან, რაც სხვებს – არ მოსწონდა და ეზიზღებოდა. „დასჯად“ მიიღო 2006 წელს აჭარის განათლების მინისტრის – ალექსი ჩიკვაიძის გადაწყვეტილება, მეხუთე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად გნიშნავთო, როცა უთხრა. ნარგიზმა იცოდა, რომ ეს ის სკოლა იყო, რომელიც დიდი პოპულარულობით ქალაქში ვერ სარგებლობდა და რაც მთავარია – ბოშათა დასახლებაში მდებარეობდა.

ბოშების მიმართ ინტერესი არც მაშინ გასჩენია, როცა სკოლაში მისულს სასკოლო ჟურნალში რამდენიმე ბოშური გვარი ამოუკითხავს და მასწავლებლებს უთქვამთ, აქ კი წერია, მაგრამ ესენი სკოლაში არ დადიანო. წუხილი მაშინ იგრძნო, როცა ბოშა ბავშვებმა ერთ დღეს ქუჩაში გააჩერეს და უთხრეს: „ჩვენც გვინდა სწავლა“.

„პირველი შეხება ბოშათა თემთან მქონდა 2008 წელს. მაშინ ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ აკეთებდა კვლევას ბოშათა თემის საჭიროებაზე, სტატისტიკის შეგროვებაზე. თბილისიდან ვინც იყვნენ, დაინტერესდნენ, რატომ არ დადიან ეს ბავშვები სკოლაშიო. არც ვიცოდი რა მეპასუხა… ბოშების ოჯახში მაშინ მივედი პირველად, მაგრამ ისინი არ გვიღებდნენ, თითქმის ყველა კითხვას თავს არიდებდნენ. რამდენიმე ბავშვს ვკითხე მშობლის თანდასწრებით, გინდათ იაროთ სკოლაში-მეთქი? არ მიპასუხეს. მერე იგივე ბავშვები ქუჩაში შემხვდნენ, მომდევდნენ და მეკითხებოდნენ, ნარგიზა დეიდა, ნარგიზა მასწავლებელო, მართლა შეიძლება ჩვენც ვისწავლოთო? მაშინ გავაცნობიერე, რომ ამ ბავშვებს უნდოდათ განათლების მიღება, თანატოლებთან ურთიერთობა… ვიგრძენი, რომ დამნაშავე ვიყავი. მივხვდი, რომ ძალიან ცუდად ვიქცეოდი, აქამდე ბოშების მიმართ ასეთი ზიზღნარევი დამოკიდებულება რომ მქონდა. სამწუხაროდ, მეც სტიგმის ქვეშ ვიყავი,“ – გვიყვება ნარგიზ ჯინჭარაძე.

ნარგიზმა მიზნად დაისახა ბოშა ბავშვების სკოლაში მიყვანა. ამბობს, რომ ამ პროცესში გულწრფელობამ უშველა, რასაც განსაკუთრებით აფასებენ ბოშები. „მოლაპარაკებები“ ბოშებთან სკოლაში წასვლის საკითხზე ბოშური ყავის მოხარშვით დასრულებულა. „ქალბატონ ნარგიზას“ უთხრეს, რომ ბოშური ყავის მირთმევა ნიშანი იყო – მეორე დღეს სკოლაში ბოშა ბავშვები გამოჩნდებოდნენ.

„მე უკვე მივედი მათთან ბავშვების გამო და არასამთავრობოს კვლევის საქმეზე. ისინი შიშით აღარ მიყურებდნენ, რაღაც საპასუხოს ელოდნენ. ვიგრძენი, რომ ჩემი სახით დაინახეს მფარველი. ვფიქრობ, რომ ამ ეთნოსს აქვს რაღაც განსაკუთრებული ნიჭი – კი არ ხვდებიან და აცნობიერებენ, არამედ გრძნობენ კეთილგანწყობას. თუ იგრძნეს ის, რომ რაღაცისთვის იყენებ, ან მისი შეშინება გინდა, ან ხელოვნურად აჩვენებ, რომ გიყვარს, მაშინვე ბარიერი იქმნება ურთიერთობაში. აქამდე ვფიქრობ, რომ არ ვიცი ზუსტად, რატომ აღმიქვეს ასე, რომ მე მათთვის რაღაც დახმარების გაწევა შემეძლო. ვფიქრობ, რომ გულწრფელობაა ამ კომუნიკაციის ყველაზე კარგი მიზეზი,“ – ასკვნის ნარგიზი.

სკოლაში ბოშა ბავშვების გამოჩენამდე შიში იყო გასაქრობი. ნარგიზ ჯინჭარაძე ფიქრობს, რომ შიში ორივე მხარეს იყო – ქართველებთან, ბოშებთან.

„მათ ჰქონდათ ძალიან დიდი შიში ნებისმიერი სოციუმის და მათ შორის, სასკოლო საზოგადოების მიმართ. პირველი პრობლემა იყო ასევე სამოქალაქო დოკუმენტების არარსებობა. ეს, მათი აზრით, გარკვეულ პასუხისმგებლობას გამოიწვევდა სახელმწიფოსთან, მაგალითად, სამხედრო სამსახურს, ან პოლიციის ადვილად შეეძლო მათი გაკონტროლება. წახალისება ჩვენის მხრიდან იყო ის, რომ ისინი მიიღებდნენ სოციალურ შემწეობას,“ – აღნიშნავს ნარგიზი.

დოკუმენტების მომზადების შემდეგ, ბოშებმა  სკოლაში საკვირაო გაკვეთილებზე დაიწყეს სიარული. ამ პროცესით კმაყოფილი ბოშა და ქართველი ბავშვები აღმოჩნდნენ. უფროსები – გაბრაზდნენ.

„რა ამბავია ამდენი ციგანი სკოლაში,“ „არ მინდა, ჩემი შვილი ციგანი ბავშვის გვერდით იჯდეს“, „როდის უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი?“ – ეს ის ფრაზებია, რასაც ნარგიზ ჯინჭარაძე ქართველი მშობლებისგან ისმენდა. ზოგჯერ მსგავს ფრაზებს ახლაც ისმენს, მაგრამ ახლა ამას მშვიდად ხვდება – უკვე ყველამ იცის, რომ ის ბოშა ბავშვებზე უარს არ იტყვის. მაშინ, როცა ბოშა ბავშვები სკოლაში გამოჩნდნენ, რამდენიმე ქართველი მშობლისთვის სკოლის დირექტორს უთქვამს, რომ თუკი კლასში ბოშა ბავშვი მისთვის მიუღებელია, შეუძლია ქართველი მოსწავლე სხვა სკოლაში გადაიყვანოს.

წუწუნებდნენ პედაგოგებიც: „ჩვენი დირექტორი რას აკეთებს?“ „შეგვჭამა თავისი ციგნებით“.

ვინ დაეხმარა სკოლის დირექტორს ამ პროცესში? – პასუხის გაცემამდე ნარგიზი სკოლის ეზოსკენ აპარებს თვალს, სადაც ბავშვები ხმაურობენ. მერე ვიდეოკამერას უბრუნდება და ღიმილით ამბობს: ბავშვები.

ბოშების სკოლაში გამოჩენას სიხარულით ქართველი პატარები დახვედრიან. ნარგიზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ მაშინდელი პირველ და მეორეკლასელების მხარდაჭერის გარეშე ძალიან გაუჭირდებოდა. „რომ არა ის ბავშვები, რომლებიც ახლა უკვე სკოლას ამთავრებენ, ვერაფერსაც ვერ გავაკეთებდით,“ – დასძენს ის.

რამდენიმე წელიწადში ზოგიერთმა ბოშამ სწავლის მიტოვება დაიწყო. ბარიერი ქართული ენის არ ცოდნა აღმოჩნდა, რაც აქ დღემდე პრობლემაა.

„ჩავაბარე სასერტიფიკაციო გამოცდა დაწყებითი კლასის ქართულში იმიტომ, რომ შევსულიყავი ბავშვებთან და ჩემი თვალით დამენახა სიძნელეები, რაც მათ აქვთ. როცა შემოდიან პირველ კლასში, ცალკე კლასი რომ გახსნა მათთვის, ასე არ შეიძლება, უმჯობესია, თანატოლ ქართველებთან ჰქონდეთ ურთიერთობა და ქართული ენა ისწავლონ. როცა, მაგალითად, კვირის დღეებს ასწავლი და ქართველმა მოსწავლემ ეს უკვე იცის, ბოშა ბავშვს უფრო მეტი დრო სჭირდება იმისთვის, რომ ქართულად კვირის დღეები ან წელიწადის დროები ისწავლოს. კლასში თუ არის 25 მოსწავლე და 5 ბოშა, მასწავლებელი თავისთავად იმ 20-ის მზაობას უფრო ითვალისწინებს, მას უნდა, რომ პროგრამას არ ჩამორჩეს,“ – გვიზიარებს ნარგიზი შთაბეჭდილებებს და იხსენებს, რომ პირველ კლასში ყველაზე მეტი აქტიურობით სწორედ ბოშა ბავშვები გამოირჩევიან, მათ სურთ, პირველებმა უპასუხონ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვას.

„მერე როცა ხედავენ, რომ ქართველ ბავშვებს ჩამორჩნენ, პასიურები ხდებიან. ბოშებს საერთოდ ღირსების გრძნობა აქვთ გამძაფრებული. შემდეგ, როცა თავიანთ ადგილს ვეღარ პოულობენ, იწყება გაცდენები. შემდეგ იწყება მიზეზების ძებნა, რომ გაწვიმდა და ფეხსაცმელი არ ჰქონდა…“ – ამბობს ის.

ნარგიზ ჯინჭარაძეს ახლა სპეციალური პროექტისგან აქვს მოლოდინი, რომელსაც განათლების სამინისტრო აფინანსებს და რაც ქართველი და ბოშა ბავშვების სოციალიზაციას ითვალისწინებს. თეატრის, ლიტერატურის ან მუსიკის კლუბებში მოზარდები იკრიბებიან და ერთად მუშაობენ. ნარგიზი ფიქრობს, რომ ეს მეთოდი ენის სასწავლად ყველაზე ეფექტურია.

საუბრის დროს ნარგიზი ახსენებს საბავშვო ბაღსაც, რომელიც ბოშათა დასახლებასთან ახლოს გაიხსნა. სჯერა, რომ აქაც მალე დაიძლევა უნდობლობის მომენტი და ბოშები ბავშვებს ბაღშიც მიიყვანენ. დღეს მხოლოდ რამდენიმე ბოშა ბავშვი დადის საბავშვო ბაღში. თუკი ბავშვები ბაღში ივლიან, ისინი სახელმწიფო ენას უკეთ შეისწავლიან. გარდა ამისა, მცირეწლოვანი ბავშვები აღარ გახდებიან მოზარდი გოგოებისთვის სწავლის შეწყვეტის მთავარი მიზეზი – ბოლო პერიოდში ბოშა გოგონები მე-5, მე-6 კლასიდან სკოლაში სიარულს თავს ძირითადად იმის გამო ანებებენ, რომ მცირეწლოვან და-ძმებს მოუარონ.

განსაკუთრებით პრობლემური ბოშა გოგონების თემაა, რომლებსაც სკოლის იძულებით მიტოვება უხდებათ. „ბათუმელები“ გასულ წელსაც წერდა ამ თემაზე. ბოშა მშობლებისგან განსხვავებით რამდენიმე გოგომ ამ დასახლებაში თქვა, რომ სკოლაში სიარული სურს, მაგრამ ამის შესაძლებლობას ოჯახი არ აძლევს.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში სულ 604 ბოშა ცხოვრობს. ეთნიკურობის და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის მონაცემებით, ეს ციფრი არ არის ზუსტი და ქვეყანაში დაახლოებით 4 ათასი ბოშა ცხოვრობს. ეს ორგანიზაცია ბოშათა თემზე მუშაობს.

ამ ორგანიზაციაში, ასევე განათლების სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქართველოს 5 რეგიონიდან, სადაც ბოშები კომპაქტურად ცხოვრობენ, ქობულეთში ყველაზე კარგი მაჩვენებელია სკოლაში სიარულის კუთხით. ქობულეთში სულ 220 ბოშა ცხოვრობს, 75 ბოშა – სკოლის მოსწავლეა.

ნარგიზ ჯინჭარაძეს მიაჩნია, რომ ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. 10 წლის წინ მიაჩნდა, რომ 10 წელი სრულიად საკმარისი იქნებოდა იმისთვის, ყველა ბოშას სკოლაში ევლო და წარმატებული ბოშა მოსწავლეები ჰყოლოდა. ახლა ნარგიზი განსაკუთრებით ჯუმბერ ალიმოვით ამაყობს, რომელიც მეთერთმეტე კლასს ასრულებს. ის პირველი ბოშაა, რომელიც უმაღლესში გამოცდების ჩასაბარებლად ემზადება. ჯუმბერი იურისტობას აპირებს.

ნარგიზ ჯინჭარაძე წარმატებულ ბოშა მოსწავლეებთან ერთად

ნარგიზ ჯინჭარაძე ახლა მშვიდად ვეღარ უვლის გვერდს სხვა ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში ხვდებიან და სკოლაში არ დადიან.

„ბათუმის ქუჩებში მხვდებიან ქურთი და მოლდოველი ბავშვები. ამ თემზე არავინ მუშაობს. ციგნებს ეძახის ყველა, მაგრამ არ არიან ისინი ბოშები. ამას წინათ მათთან გამოლაპარაკება ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა. ბევრი სამუშაოა,“- ასრულებს ის საუბარს.

Exit mobile version