განათლება,მთავარი,სიახლეები

სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო მასწავლებელი აჭარიდან

11.06.2018
სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო მასწავლებელი აჭარიდან

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ყოველწლიურ ფორუმზე  სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინეს. გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდნენ.

აჭარიდან სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის ჯილდო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკას პედაგოგმა, იამზე მემარნემ მიიღო. იამზე მემარნე უფროსი მასწავლებელია და ის სკოლაში სამოქალაქო განათლების გარდა, „ჩვენი საქართველოს“ ასწავლის. ასევე არის სპეციალური მასწავლებელი.

„ბათუმელები“ გამარჯვებულ პედაგოგს ესაუბრა.

„ჩემი პროექტები, რომლებიც მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე, შეეხებოდა ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა: ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, ბულინგის პრობლემა სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ა.შ.

გვქონდა გამწვანების აქცია, სკოლის ეზოში დავრგეთ კაკლის ხეები, გარდა ამისა, დასუფთავების აქციაში მივიღეთ მონაწილეობა და მოსწავლეებთან ერთად სოფლის მიმდებარე ტერიტორიები დავასუფთავეთ,“ – გვეუბნება იამზე მემარნე.

პედაგოგის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შშმ პირებისთვის თანაბარი, ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას შეეხებოდა. „ყველა თანასწორია“- ეს პროექტი განვახორციელეთ, რადგან ვფიქრობთ, რომ გარემო ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.“

იამზე მემარნე ამბობს, რომ ყველა პროექტი მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ბავშვებისთვის, თუმცა გენდერულ საკითხებს მაინც გამოყოფს. „თანასწორობის თემა, ვფიქრობ, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის ფარგლებში ჩვენ სხვადასხვა თაობის  ადამიანები გამოვკითხეთ სოფელში, მოვამზადეთ ვიდეორგოლები, ინტერვიუები ავიღეთ სკოლის ყოფილი პედაგოგებისგანაც და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო თემა გამოვიდა.

ამის შემდეგ გავაკეთეთ საკონფერენციო თემა, სადაც ქართველი ქალი განვიხილეთ სამ ჭრილში – ქალი ისტორიულ ჭრილში, მხატვრულ ლიტერატურასა და თანამედროვე ცხოვრებაში.“- ამბობს იამზე მემარნე.

წლის წარმატებული პედაგოგის ჯილდო კი ინგა მოსიძეს გადაეცა, სასკოლო სამოქალაქო კლუბის საუკეთესო მეურვეს ჯილდოს მფლობელი მაკა ხინთიბიძე გახდა.

ფორუმზე საქართველოს მასშტაბით სულ 35 პედაგოგი დაჯილდოვდა. პედაგოგების ნაწილს სპეციალური სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

აღნიშნული პირების გარდა აჭარიდან სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ: ნატალია ქადაგიძეს და თამარ გორგილაძეს, პედაგოგის მიერ სამოქალაქო განათლების კუთხით გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

სამოქალაქო განათლების პედაგოგების ფორუმი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: