მთავარი,სიახლეები

რატომ ქმნის აჭარის მთავრობა კომერციულ უწყებას

21.09.2017 • 3230
რატომ ქმნის აჭარის მთავრობა კომერციულ უწყებას

ახალი სამთავრობო უწყების ხელმძღვანელობის შესარჩევად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსი რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. „ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური“ – ამ სახელწოდებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი აჭარის მთავრობამ ჩამოაყალიბა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე მირანდა ჩარკვიანის დანიშვნა იგეგმება, თუმცა მთავრობაში ამას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ახალი სამსახურის ხელმძღვანელი კონკურსის წესით უნდა აარჩიონ.

დებულების მიხედვით, ამ სამსახურმა სამთავრობო უწყებებში ერთიანი საკომუნიკაციო სისტემა უნდა შექმნას და უზრუნველყოს მისი განვითარება. ახალ სსიპ-ს საბიუჯეტო სახსრების მიღების გარდა, დამოუკიდებელი შემოსავლების მიღების უფლებაც ექნება. მაგალითად, სამსახურს შეეძლება ინტერნეტგვერდის დამზადება რომელიმე სამშენებლო კომპანიას შესთავაზოს, მასთან ხელშეკრულება გააფორმოს, გასამრჯელო აიღოს და შემდეგ პრემია-დანამატებში დახარჯოს.

„ეს არის კონკურენციაში ჩარევა, ეს არის პრობლემა,“ – მიიჩნევს სულხან სალაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. იგი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საჯარო უფლებამოსილების განხორცილებისთვის იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხოლო კომერციული საქმიანობით შემოსავლის მიღება საჯარო უფლებამოსილების განხორციელება არ არის.

საჯარო სამართლის იურიდიული პირია იუსტიციის სახლიც, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში ანაზღაურებას იღებს მოქალაქეებისგან – სულხან სალაძე განმარტავს, რომ ეს სულ სხვა შემთხვევაა, რადგან „იუსტიციის სახლი ანაზღაურებას იღებს იმ საქმიანობაში, რასაც სხვა არავინ აკეთებს ქვეყანაში. მაგალითად, სხვადასხვა კომპანიას პასპორტების დამზადების უფლება რომ ჰქონდეთ და იმავეს აკეთებდეს იუსტიციის სახლიც, ეს უკვე დარღვევა იქნება,“ – ამბობს სულხან სალაძე.

აჭარის მთავრობის მხრიდან კონკურენციის პირობის დარღვევის რისკზე საუბრობს კომპანია „შინდის“ დირექტორი – ვაკო აფხაზავაც. ეს კომპანია თავისუფალი ბაზრის პირობებში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სთავაზობს ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისებს. „შინდის“ კონკურენტი ამჯერად ახალი სამთავრობო უწყებაც გახდება.

ვაკო აფხაზავა: „მიმუშავია საჯარო უწყებაში და დამინახავს მსგავსი სამსახურის შექმნის აუცილებლობა. ვფიქრობ, ასე უფრო ეფექტურად შეიძლება ონლაინსივრცის მართვა, მაგრამ ეს არ უნდა შეეხოს კერძო სექტორს. სამთავრობო უწყება კონკურენციაში არ უნდა შემოვიდეს ჩემთან. არსებობდა, მაგალითად, ტურისტული მომსახურების სააგენტო, რომელსაც არ ჰქონდა უფლება განეხორციელებინა ის ტურები, რასაც ჩვეულებრივი ტურისტული კომპანიები ახორციელებდნენ“.

კომპანია „შინდის“ ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მთავრობის დაფინანსებაზე მყოფი სამსახური იოლად გაუწევს კონკურენციას დამოუკიდებელ კომპანიას. „ყველანაირად გავაპროტესტებ, თუკი ასე იქნება, მივმართავ სასამართლოსაც,“ – ამბობს ვაკო აფხაზავა.

„არ იქნება ეს კონკურენციაში ჩარევა,“ – ირწმუნება გელა ცინცაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ეს უწყება ახალი სამსახურის ზედამხედველი იქნება. გელა ცინცაძის თქმით, ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ძირითადი საქმიანობა ვერ იქნება სამეწარმეო საქმე.

„კანონი ითვალისწინებს იმას, რომ საჯარო სამსახურის იურიდიულ პირს ჰქონდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობის უფლება. ჩვენ ამ უფლებას ვერ შევზღუდავდით. ახალი სამსახური ვერ იქნება სამეწარმეო საქმიანობაზე ორიენტირებული. ეს უნდა გავაკონტროლოთ ჩვენ, ასევე აუდიტის სამსახურმა. თუ დადგინდება, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საქმიანობა კომერციული შემოსავლების მიღებაა, კანონი ითვალისწინებს მსგავს შემთხვევაში მის ლიკვიდაციას,“ – გვითხრა გელა ცინცაძემ.

ახალი სამსახურის ხელმძღვანელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. სამინისტრომ გადაწყვიტა კონკურსის წესით შეარჩიოს ხელმძღვანელისა და მოადგილის კანდიდატი. წელს, კანონში შესული ცვლილების შემდეგ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი მხოლოდ ე.წ. გამარტივებული კონკურსის წესით უნდა შეარჩიონ. ეს იმას გულისხმობს, რომ მხოლოდ მინისტრი მიიღებს ერთპიროვნულად გადაწყვეტილებას და არა კომისია.

„კომისია მაინც იმუშავებს. მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება, მაგრამ კომისიის აზრი მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის. კომისია სამინისტროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ.

კითხვაზე, რა კომპეტენცია აქვს მინისტრს შეარჩიოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი? – მინისტრი გვპასუხობს, რომ „საჭირო არაა რომელიმე კომპიუტერული პროგრამის ზედმიწევნით ცოდნა. მთავარია, მენეჯერული გამოცდილება…“

ახალი სამსახურის უფროსის შრომის ანაზღაურება 2100 ლარი იქნება. ამას ემატება პრემიები და დანამატები, რომელიც ახალ სამსახურში დამოუკიდებელი შემოსავლების ოდენობის შესაბამისად განისაზღვრება.

„პრემია და დანამატები გაიცემა მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების შესაბამისად,“ – ამბობს გელა ცინცაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსიტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის ცნობილი არ არის, რა დაუჯდება ახალი უწყების შენახვა ბიუჯეტს, ან რამდენი შტატი დასჭირდება ახალ სამსახურს. გელა ცინცაძის თქმით, საშტატო ერთეულების საჭიროება კონკურსის წესით შერჩეულმა დირექტორმა უნდა განსაზღვროს და საბოლოოდ მთავრობამ დაამტკიცოს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტს, სულხან სალაძეს კიდევ ერთი კითხვა აქვს – რატომ იყო საჭირო ახალი საჯარო სამსახურის იურიდიული პირის შექმნა, როცა იგივე მომსახურების შესყიდვა შეიძლებოდა ცალკეული კერძო პირებისგან?

„მიღებული ცოდნის გაზიარება“ და „ხარჯების დაზოგვა“ – ძირითადად ამ ორ ფაქტორს ასახელებს ახალი სამსახურის შექმნის საჭიროებად გელა ცინცაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი.

ამ დროისთვის უცნობია, რამდენმა ადამიანმა შეიტანა განაცხადი ახალი სამსახურის უფროსის პოზიციის დასაკავებლად. განცხადებების წარდგენის ბოლო ვადა 25 სექტემბერია, რომლის შემდეგაც გადარჩეულ კანდიდატებს მინისტრი გაესაუბრება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის პოზიციაზე მირანდა ჩარკვიანის დანიშვნას აპირებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – ზურაბ პატარაძე. ამჟამად მირანდა ჩარკვიანი ზურაბ პატარაძის მეუღლის – სოფიო ბაკურიძის მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს.

აჭარის მთავრობაში უარყოფენ იმას, რომ კონკურსი მხოლოდ ფორმალურად გამოცხადდა. „მე არ ვიცი მირანდა ჩარკვიანი მიიღებს თუ არა მონაწილეობს კონკურში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერსებულ პირს. როგორი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ჯერ არ ვიცი,“ – ამბობს რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი.

„არ ვიცი“ – ასე უპასუხა მირანდა ჩარკვიანმა ჩვენს შეკითხვას – განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსად. „ბათუმელებმა“ მას ასევ ჰკითხა, შეიტანა თუ არა უკვე საბუთები ახალი სამსახურის უფროსის პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში.

„ეს ჩემი კონფიდენციალური ინფორმაციაა, უფლება მაქვს არ გითხრათ,“ – გვიპასუხა მან. სატელეფონო საუბრის ბოლოს მირანდა ჩარკვიანმა იკითხა, მის კომპეტენციასთან დაკავშირებით „რამე შეკითხვა ხომ არ გვაქვს“.

ახალმა სამსახურმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

  • უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
  • სესხის აღება;
  • თავდებობა;
  • საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
  • თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
  • სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: