თბილისის წიგნის ფესტივალი წელს მეოცედ გაიმართა, ოთხდღიან ფესტივალს ყოველწლიურად 50 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს. ფესტივალი საუკეთესო დროა გამომცემლობებისთვის ლიტერატურული წლის შესაჯამებლად, მკითხველებისთვის კი ახალი ავტორებისა და ტექსტების აღმოსაჩენად.
ოთხდღიანი ლიტერატურული დღესასწაულიდან ყველას საკუთარი რჩეული აქვს. პაატა შამუგია თავის ხუთეულზე გვიამბობს, წიგნებზე, რომლებიც ფესტივალზე შეიძინა, წაკითხვა უკვე მოასწრო და არ დაეზარა თითოეულ მათგანზე შთაბეჭდილებებიც გაეზიარებინა:
ზურა ჯიშკარიანი „საღეჭი განთიადები“
როგორც ჩემი მეგობარი კაფკა იტყოდა, თუ წიგნი, რომელსაც ვკითხულობთ, ცივი წყლის გადასხმასავით არ გაფხიზლებს, რა საჭიროა მისი გადაშლა?! ზურა ჯიშკარიანის „საღეჭი განთიადები“, ამ ლოგიკით, იდეალური წიგნია, რადგან ქართულ სივრცეში ახალი ენობრივი დღის წესრიგი შემოიტანა… უკაცრავად, გაჩითა. თუმცა, ვფიქრობ, ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე ცივი შხაპი, რადგან წიგნი, რომელმაც ბოლო დროის ყველაზე ხმაურიან და საინტერესო დისკუსიებს ჩაუყარა საფუძველი, პრემია „ლიტერას“ მოკლე სიაშიც კი არ მოხვდა.
„საღეჭი განთიადების“ ავტორი გველაპარაკება გეტოებიდან, გეტოს სტილით და გეტოს ვნებით, სუბალტერნის ენით მოყოლილი აპოკალიფსური შიშებით უახლოესი ქართული ისტორიის ყველაზე მოუხელთებელ და იდუმალ, არასატელევიზიო ნიუსებს გვაცნობს. ჟანრის კანონის თანახმად, ავტორის ენა უნდა გამოიყოს, საავტორო რემარკა უნდა იყოს სალიტერატურო ენით შედგენილი. მაგრამ ჯიშკარიანი აქაც მოუხელთებელია, ის ამ აკადემიურ ნიუანსებს არ აქცევს ყურადღებას (იქნებ, ამიტომაც დაიწუნა ის აკადემიურმა ჟიურიმ?) და ქმნის სრულიად ახალ, საავტორო ჟარგონს, რომელშიც რელიგია, მისტიკა, ნარკოდილერების „ნამიოკები“ და გალაკტიონის „არტისტული ყვავილები“ ერთმანეთს ერევა.
უნდა დავეთანხმო იმ კრიტიკოსებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ წიგნით ახალი სივრცე გაიხსნა, ქართულ ლიტერატურას კი ახალი ჟანრი შეემატა კიბერპანკის სახით. მოკლედ, ბევრი მხრივ, საკვანძო და არგამოსატოვებელი წიგნია.
ნიკოს კაზანძაკისი „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“
ნობელი ჩემზე მეტად ეკუთვნოდა მას, რომლის სანდლის თასმის შეხსნის ღირსიც არა ვარო, – თქვა ალბერ კამიუმ 1957 წელს, როდესაც ნობელის პრემია მიანიჭეს. ასე სიტყვასიტყვით არ უთქვამს, მაგრამ სახარებისეული ალუზია დროულია, რადგან ნიკოს კაზანძაკისის „ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებას“ ვეხებით. ამ წიგნმა შეძლო და სათავე დაუდო სახარების და რელიგიური თემების არაკანონიკურ გააზრებას. ცხადია, აპოკრიფები იქამდეც იყო, მაგრამ მათი ესთეტიკური (და უფრო მეტად, ეთიკური) განაზრახი სხვაა და კაზანძაკისისა – სხვა. კაზანძაკისი არ ცდილობს, ქრისტეს ჩამოაშოროს ადამიანური უხერხულობები, რაც მის ღვთაებრივ შარავანდედს ლაქებს დააჩნევდა, პირიქით – მთელი რომანი სწორედ ამ უხერხულობების, მოულოდნელობების, ადამიანურობების ზედაპირზე ამოწევას ემსახურება. კაზანძაკისის გავლენა ბევრ მწერალს ჰქონდა, მათ შორის, ჟოზე სარამაგუსაც, რომელიც, ცოდვა გამხელილი სჯობს, ნიკოსზე დიდი მწერალი მგონია, მაგრამ ქრონოლოგია მნიშვნელოვანია. ამ ლიტერატურულ-თეოლოგიური ხედვის კულტივირება სწორედ კაზანძაკისს უკავშირდება და არა ვინმე სხვას.
დანიილ ხარმსი „შენ ფანჯარაში დამინახავ“
ის ძალიან ჰგავს თავის ნაწარმოებებსო, რომ იტყვიან, პირველი ალბათ ხარმსი უნდა გაგვახსენდეს. რუსული აბსურდის ჟანრის ფუძემდებელი თვითონაც აბსურდულად ცხოვრობდა. აწყობდა ექსტრავაგანტურ პერფორმანსებს, ქუჩაში იწვა, ზოგჯერ – შიშველიც, ხანდახან კი შერლოკ ჰომსივით ჩაცმული მოევლინებოდა საბჭოთა სტერილურ ჩინოსნებს. ამიტომაც ჯერ გადაასახლეს, მერე კი სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა ფსიქიატრიულში. ეს დაწესებულება აპრობირებული იყო იმდროინდელი მოურჯულებელი ხელოვანებისთვის. სისტემიდან ოდნავ გადახვევა საკმარისი იყო, რომ ფსიქიატრიულში ამოგეყო თავი. ეს სახელოვანი ტრადიცია რუსეთს დღემდე შემორჩა. სულ რამდენიმე წლის წინ დიმიტრი პრიგოვიც ძალადობრივად დააწვინეს საავადმყოფოში „კეთილისმსურველმა“ ჩინოსნებმა.
დასავლური სამყარო შოკში იყო, როდესაც აღმოაჩინა დანიილ ხარმსი – არსით და ფორმით სრულიად ახალი, მოულოდნელი ხელწერის ავტორი ევროპის და ამერიკის აკადემიურ წრეებში დღემდე აქტიური კვლევის საგნად რჩება.
რაკი დედანშიც წამიკითხავს, შემიძლია ვთქვა, რომ ქართული თარგმანი კონგენიალურია.
სერგეი ჟადანი „ვორშილოვგრადი“
უკრაინულად მას სერჰი ჰქვია და მისი გვარის გაქართულების გადაწყვეტილებას ვერ მოვიწონებ, მაგრამ, სხვა მხრივ, „ვოროშილოვგრადის“ ქართული ვერსია შესანიშნავია. ამ 500-გვერდიან, ცოტა არ იყოს, სევდიან დისტოპიაში ამბის ძირითად ხაზთან ერთად, პოეზიის დიდ მარაგსაც აითვისებთ. ჟადანი ხომ, ბოლოს და ბოლოს, პოეტია, თანაც, უკრაინის ყველაზე ავტორიტეტული პოეტი. ლირიკული ჩანართები კი ფაბულას არათუ გვაშორებს, მას თუ ჩამოაშორებთ, შეიძლება ვერც გავიგოთ რაზეა ეს წიგნი.
„უკრაინელი პელევინი“ (როგორც მას უწოდებენ) იკვლევს საკუთარ თავს პოსტსაბჭოთა უტოპიის, ნარკოდილერებისა და მისტიკის გარემოცვაში. „ვოროშილოვგრადი“ გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა, თუმცა, იქამდე ჟადანმა მოახერხა, მისი ლექსების კრებულიც კი ბესტსელერებად ექცია და რეკორდული რაოდენობით გაეყიდა. „ვოროშილოვგრადი“ BBC-ის უკრაინული კონკურსის გამარჯვებულია.
აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“
აკა მორჩილაძე ალბათ ვეღარასოდეს დაწერს ცუდ რომანს. მართალია, რომანების კონვეიერივით ცხობის გამო მასზე ხშირად ამბობენ (და სამართლიანადაც), რომ უკვე საკუთარ თავს იპარავს, მაგრამ აკას ცუდი რომანი მე არ ვიცი. არც ეს იქნება ცუდი რომანი, უბრალოდ, ჯერ ბოლოში არ გავსულვარ. იქამდე ვარ მისული, მუსია რეტინგერი ქე რო ქმრის გამოსახსნელად თავის ბოვშობის ამხანაგ სტალინთან გადაწყვეტს წასვლას და რაცხა იმფერ შარებში გეეხვევა, მტერს! იმერული დიალექტით დაწერილი ეს წიგნი, ცხადია, უპირველესად, აკასავე „ობოლესთან“ დაგვლინკავს და, ლოგიკურიც იქნება. სტილი იგივეა. კი მიზიზინებს ცეკას მდივნის „ვოლგასავით“, მარა რაცხა ეჭვი მჭვალავს, რომე მთლად „ობოლესთანა“ წიგნი ვერ იქნება. თუმცა, ცუდი რომ ვერ იქნება, ეგეც გითხარით, ხომ ასეა?