მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ბანკი – ბიზნესის მტერი თუ მოყვარე

09.06.2018 • 2571
ბანკი – ბიზნესის მტერი თუ მოყვარე
გენო გელაძე
იურისტი, განათლების დოქტორი
მართვის კომპანია GGM-ის მმართველი

საქართველოში მოქმედი ბიზნესის, ალბათ, არანაკლებ 95%-ი საბანკო სესხებით მუშაობს. ეს შეიძლება იყოს მცირებიუჯეტიანი ან მრავალმილიონიანი სესხი. გააჩნია ბიზნესის მასშტაბებს.

ბუნებრივია, სხვადასხვა ბიზნესს სხვადასხვანაირი პირობით აქვს სესხი. განსხვავდება პროცენტი, ბანკების მიდგომები, გადახდის ეტაპები, უზრუნველყოფის ღონისძიებები და ა.შ.

ბიზნესი სესხს აკეთებს ორ შემთხვევაში:

1) როცა ახალ პროექტს გეგმავს და არ ჰყოფნის საკუთარი რესურსები;

2) კრიზისშია და ახალი სესხით ცდილობს კრიზისის დაძლევას.

ნებისმიერ შემთხვევაში, ბიზნესი ცდილობს დაარწმუნოს ბანკი მისი პროექტის წარმატებულობაში და მიიღოს დაფინანსება. ბიზნესი, როგორც ბანკის კლიენტი, ყველაფერს აკეთებს სესხის მისაღებად. ხშირად ბიზნეს პროექტი შეიცავს მცდარ მონაცემებს, რაც ერთადერთი მიზნით კეთდება: საბანკო სესხის ნებისმიერი მეთოდით მიღება. ამ ეტაპზე ბიზნესის დიდი ნაწილი თვალს ხუჭავს ყველაფერზე, მათ შორის სესხის პირობებზე, პროცენტზე, დაფარვის განრიგზე… ოღონდაც მთავარ მიზანს მიაღწიოს, სესხი მიიღოს.

სამწუხაროდ, ხშირად ბიზნესი ვეღარ ახერხებს სესხის დაფარვას და ექმნება პრობლემები. ბიზნესი ვეღარ ვითარდება, ჩნდებიან მევალეები და ა.შ.

თუ ამ ყველაფერს შევხედავთ ბანკის პოზიციიდან, მივიღებთ უცნაურ სურათს: ბანკი თავადაა დაინტერესებული, რომ გასცეს რაც შეიძლება მეტი სესხი და ჰყავდეს ბევრი მომხმარებელი (კლიენტი). ბანკს სურს, მისი კლიენტები იყვნენ ძლიერი ბიზნეს კომპანიები – სწორედ მსგავს კომპანიებს ჰქონდეთ მათ ბანკში სესხი. თუ უფრო კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ბანკი უფრო მეტადაა დაინტერესებული სესხის გაცემით, ვიდრე სესხის მიმღები. უცნაურია, მაგრამ ასეა.

და თუ ეს ასეა, მაშინ რატომ გვაქვს მსგავსი მოცემულობა, რაც გვაქვს: ქვეყანაში ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა საბანკო სესხებით დაზარალებულების საკითხი, ხშირად ვნახავთ ბანკებზე განაწყენებულ ბიზნესებს.

ვფიქრობ, საქმე ისაა, რომ საქართველოში მოქმედი ბიზნესის ალბათ 90% ბანკს განიხილავს არა როგორც ბიზნეს პარტნიორს, რომელსაც აქვს თავისი ბიზნეს ინტერესები, არამედ ბანკი გვესმის, როგორც „ფულიანი ხალხის გაერთიანება’’, რომელსაც როგორმე უნდა გამოართვა სესხი და ამის შემდეგ შეგუებული ვართ იმ აზრს, რომ ყოველ შენატანზე ,,ბანკს ვამდიდრებთ’’.

ყველა, ვისაც სესხი აუღია ბანკიდან და ასეთი ალბათ ძალიან ბევრია, საკუთარი თავი გაახსენდება, როცა თანხის ,,დამტკიცებიდან მიღებამდე’’ პერიოდს ვერ ვიხსენებთ, იმდენად ვჩქარობთ თანხის აღებას. დაახლოებით ერთ თვეში კი, როცა პირველი შენატანის დრო დგება, ვიწყებთ ფიქრს და რაც მთავარია ბანკის ლანძღვას პროცენტზე, შენატანის ოდენობაზე, ვადაზე, ვალუტის კურსსა და ყველაფერზე ერთად, რაც გვაწუხებს.

აქ ისმის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: ვინ სცოდავს? ბანკი, თუ სესხის მიმღები, ამ შემთხვევაში ბიზნესი?

რადგანაც ბანკს, როგორც ბიზნესს, აქვს საკუთარი ბიზნეს ინტერესები, მუშაობს მოგების მისაღებად, ბუნებრივია, ყოველ გაცემულ სესხში ის ითვლის მოგებას და თუ სესხის მიმღები ვერ ახერხებს სესხის დაფარვას, ეს ამავდროულად ბანკის პრობლემაც ხდება. შესაბამისად, ამ პროცესში საბანკო სექტორის დადანაშაულება არასწორი მგონია.

ლოგიკურია კითხვა, ბიზნესი, რომელმაც სესხი აიღო და პრობლემა შეექმნა, ეს რომ სცოდნოდა, სესხს ხომ არ აიღებდა? შესაბამისად, საკუთარ თავს ხომ არ დაუშავებდა?!

საქმეც ისაა, რომ ქართულ რეალობაში ბიზნესში (არამხოლოდ), კრიზისის ფაქტის დადგომის შემდეგ ხდება გასულ პერიოდში დაშვებული შეცდომების ანალიზი, მათ შორის ისიც, თუ რამდენად იყო მზად კომპანია სესხის, როგორც დამატებითი ვალდებულების მისაღებად.

ბიზნესი, რომელიც ბანკს განიხილავს, როგორც პარტნიორს, აანალიზებს ბანკის ბიზნეს ინტერესებს, სესხის მისაღებად ბანკს აწვდის სწორ ინფორმაციას, ის არასდროს იქნება უკმაყოფილო სესხის მიღებით.

ბანკს, როგორც მოგებაზე მომუშავე ინსტიტუტს, ბუნებრივია, სურს ჰყავდეს ფინანსურად სტაბილური და ძლიერი მსესხებლები (კლიენტები). შესაბამისად, ბანკი თავადაც ცდილობს, რომ პარტნიორ ბიზნეს კომპანიას მისცეს დამატებითი რესურსები (სესხები) და ამით თავად მიიღოს მეტი სარგებელი.

შესაბამისად, თუ ბიზნესი ბანკს შეხედავს, როგორც პარტნიორს, რომელსაც ამ ბიზნესიდან მოგების ინტერესი აქვს და ამ ლოგიკით დამუშავდება პროექტი, ხოლო სესხის მიღების შემდეგაც ბანკთან, როგორც პარტნიორთან გაგრძელდება ურთიერთობა, ეს მაღალი ალბათობით, ორივე მხარეს მოუტანს დიდ სარგებელს.


 

მართვის კომპანია GGM

ვებგვერდი: https://ggm.ge/ka/

მისამართი: ი. ჭავჭავაძის ქ. №107, ბათუმი, საქართველო

ტელეფონი +995 599 03 01 01 / 0422 24 01 01

ელ.ფოსტა: info@ggm.ge

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: