მთავარი,სიახლეები

მღვდელმსახური: სასულიერო წოდების დამადასტურებელი მოწმობის დახევა მომთხოვეს

08.06.2018 • 5102
მღვდელმსახური: სასულიერო წოდების დამადასტურებელი მოწმობის დახევა მომთხოვეს

19 წლის ახალგაზრდა კაცს საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესიის ბიბლიური თავისუფლების 2018 წლის 11 მაისს გამართულ ეპისკოპოსთა კრების გადაწყვეტილებით, მიენიჭა მღვდელმსახურის წოდება და უფლებამოსილია იქადაგოს ეკლესიის სახელით.

გასულ კვირას, ბათუმის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში ამ ახალგაზრდას – „გირჩის“ მღვდელს უთხრეს, რომ გადაეგდო თავისი წოდების დამადასტურებელი მოწმობა. მას ჯარში გამოუძახეს.

„სავარაუდოდ ხელმძღვანელმა მითხრა, რომ თუ არ დავხევდი მოწმობას, მაშინ მომივიდოდა რაღაც წერილი. მის ტონში იგრძნობოდა მუქარა, ამიტომ ცოტა არ იყოს, დავიბენი. ამ მოთხოვნაში ყველა ადამიანი ჩაერთო, ვინც კი ოთახში იყო. იმედი მაქვს, ჩემი სტატუსის გამო სამართლებრივ პრობლემას არ შემიქმნიან“, – ამბობს ის.

იგივე პირი ყვება, რომ ის არის სტუდენტი, მაგრამ წელს აკადემიური აიღო. ახლა ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში მუშაობს და მის გეგმებში არ შედის ჯარში წასვლა. „არ ვაპირებ ჯარში წასვლას, მაგრამ თუ მაინც მაიძულებენ, სასამართლოს მივმართავ“, – აღნიშნავს ის.

„სამხედრო ვალდებულების შესახებ კანონი პირდაპირ ითვალისწინებს, რომ თუკი პირი არის მღვდელმსახური, მას აქვს უფლება გაწვევის გადავადების. თუ ამ ადამიანს მოუვიდა დასკვნა, რომ მიუხედავად თავისი სტატუსისა, მას იწვევენ, ეს იქნება უკანონო და დისკრიმინაციული. ამ ადამიანს აქვს სრული კანონიერი საფუძველი, რომ მისი გაწვევა გადავადდეს. შეიძლება დისკრიმინაციის მუხლითაც  კი ვიდაოთ სასამართლოში. თუ ჩაბარდა ამას უარი გადავადებაზე, მაშინ ამას გავასაჩივრებთ აუცილებლად“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვისათვის“ წარმომადგენელი კახა გურგენიძე.

„ბიბლიურ თავისუფლებაში“ სულ 6 ათასი მღვდელმსახურია. ეს რელიგიური ორგანიზაცია „გირჩს“ ეკუთვნის. მღვდელმსახურობის მსურველები ძირითადად ის ახალგაზრდები ხდებიან, ვისაც ჯარში წასვლა არ სურს.

„გირჩის“ პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ექვსი ათასივე მღვდელმსახურის ძირითადი მოტივაცია სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაა. ის, ვისაც მხოლოდ თავისუფლების ქადაგება სურს, მიტროპოლიტად აკურთხეს. ასეთი სულ 50 პირია. იერარქიის სათავეში ეპისკოპოსთა სამკაციანი საბჭოა.

მღვდელმსახურის წოდების მიღებამდე ხელშეკრულებას უნდა მოეწეროს ხელი. ხელშეკრულებაში წერია, რომ „ეკლესია დაარსდა 2017 წელს და მისი მიზანია იბრძოლოს ადამიანის პირადი თავისუფლებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ეს უკანასკნელი აერთიანებს ყველა ადამიანს, განურჩევლად სარწმუნოებისა, რადგან არ არსებობს სიკეთე და სიყვარული თავისუფლების გარეშე. ბიბლიური თავისუფლება ეწინააღმდეგება ახალგაზრდების უფასო ყარაულად დგომას სახელმწიფო შენობების პერიმეტრებზე და ციხის “ვიშკებზე”.

ხელშეკრულებაში ასევე განმარტებულია, რომ თუკი მღვდელმსახურს სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდება სურს, მან ხელშეკრულება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გამგეობის კანცელარიაში უნდა ჩააბაროს.

„გირჩის“ პრესცენტრში გვითხრეს, რომ ზეწოლა ამ კუთხით ხშირად ყოფილა, თუმცა ჩარევის შემდეგ მღვდელმსახური ჯარში აღარ წაუყვანიათ.

„ყოფილა სხვადასხვა სახის ზეწოლა, მაგალითად, დაცინვა. ყველა მღვდელმსახური გაფრთხილებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო გაწვევის სამსახრური ეტყვის, რომ ეს მოწმობა უკანონოა და არაფერს ნიშნავს, ან რაღაც მსგავსი, უნდა დაუკავშირდნენ ეპისკოპოს ლევან ჯგერენაიას. ბევრი ასეთი შემთხვევა ყოფილა. ხან სატელეფონო ზარით და ხან ადგილზე მისვლით მოუგვარებია ლევანს ეს პრობლემა. შესაბამისად, არავინ წაუყვანიათ ჯარში, ვისაც ბიბლიური თავისუფლების მოწმობა აქვს,“ – განმარტავენ „გირჩის“ პრესცენტრში.

„ბიბლიური თავისუფლება“ მღვდელმსახურის სტატუსის გაუქმებასაც ითვალისწინებს. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუკი მღვდელი ჰომოფობი, ქსენოფობი ან ფაშისტი აღმოჩნდა. „გირჩის“ პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ მიზეზით 30 მღვდელმსახურს გაუუქმეს კონტრაქტი. ისინი „ქართული მარშის“ აქციებში მონაწილეობდნენ, ზოგიერთმა მათგანმა კი მღვდელმსახურის სტატუსის გაუქმება თავად ითხოვა.

გადაბეჭდვის წესი