ახალი რესტორანი სოფლისთვის დამახასიათებელი ინფრასტრუქტურით ბათუმის პლაჟზე

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, პლაჟზე, სადაც კლუბი „მანდარინი“ ფუნქციონირებდა, ახალი, კრამიტით გადახურული ვერანდები, თონე და გურული ოდა მოაწყვეს. რესტორანში ჯერ სარემონტო სამუშაოები არ დაუსრულებიათ, თუმცა მის ინფრასტრუქტურას სოციალურ ქსელში უკვე მოჰყვა კრიტიკა.

მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ ნაგებობა უფრო „მთის არქიტექტურას“ განეკუთვნება და ზღვის სანაპიროსთვის როგორც ვიზუალურად, ასევე თემატურადაც შეუსაბამოა. ყველაზე მწვავედ ზღვის სანაპიროზე „თონეს გამოჩენაზე“ წერდნენ.

კრიტიკოსი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ პლაჟის ინფრასტრუქტურა უნდა განსხვავდებოდეს ქალაქის ინფრასტრუქტურისგან. ტურიზმის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ზღვის სანაპიროზე თონის, ხინკლისa და მწვადების ადგილი არ არის:

„… შეიძლება ტურისტს აინტერესებდეს ტრადიციული სამზარეულო, ეთნოთემატიკა, მაგრამ ამისთვის არსებობს შესაბამისი ადგილები. ჯობია, ამისთვის ავთენტურ გარემოში მივიდეს, ვთქვათ, იგივე მთიან რეგიონში. ეს ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს და არა ის, რომ ეს ყველაფერი ჩამოვიტანოთ და დავახვედროთ ტურისტს ზღვაზე. ლოგიკურადაც, როცა ტურისტი ზღვაზე მოდის, მას ცურვა, პლაჟი აინტერესებს და პლაჟს რაც სჭირდება. სამწუხაროდ, ის ნაკლებად არის ბათუმში მოწესრიგებული. უფრო მეტად უნდა იყოს პლაჟი დასუფთავებული, საშხაპეებიც უფრო მეტი და კარგი ფორმატის უნდა გაკეთდეს. შეიძლება გაკეთდეს ყველაფერი ისე, როგორც კეთდება განვითარებულ ზღვისპირა ქალაქში“, – განმარტა ზვიად ელიზიანმა „ბათუმელებთან“

მოქალაქეების დამოკიდებულება პლაჟზე თონეს დამონტაჟებასთან დაკავშირებით გაუგებარი და მიუღებელია კომპანიის წარმომადგენლისთვის. თემურ დიასამიძე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ უკვირს, რატომ არ შეიძლება იყოს ავთენტური ბათუმის პლაჟისთვის ქოხი, თუ ავთენტურია ბუნგალო:

„ბუნგალოც არის ზღვისპირა ქოხი, გინდათ პოლონეზიაში და გინდათ კარიბის ზღვის სანაპიროზე, ანუ იქაური ქოხი ორგანულია და კოლხური ქოხი არაორგანულია? – მე ამ ლოგიკას ვერ ვიგებ. როგორ შეიძლება ისაუბრო იმაზე, რაც ჯერ არ იცი რა იქნება. ორმოც ქვეყანაში ვარ ნამყოფი, არამგონია საბერძნეთზე, ტუნისზე ან მაროკოზე ტურისტული ქვეყანა ვიყოთ. რატომ არის ქვევრის ადგილი მხოლოდ მთა. ვინ თქვა ეს? – ისტორიულად ასეა, ეს მეთევზეების დასახლება იყო, არც „შერატონი“ იდგა  და არც „რედისონი“, არაც არავისზე ნაკლები გვიმოგზაურია და არც არავისზე ნაკლები გვაქვს წაკითხული. ვერავის შევეჯიბრები, რომ მათზე მეტად მიყვარს, მაგრამ  მეც ნუ შემეჯიბრებიან, რომ ჩემზე მეტად უყვართ ბათუმი“.

რესტორნის გახსნას ყოფილი „მანდარინის“ ტერიტორიაზე შპს „გულები“ გეგმავს, კომპანია მუსიკოს გია დიასამიძეს ეკუთვნის. შპს „გულებმა“ ტერიტორიის მიღების სანაცვლოდ იმის შესრულების ვალდებულება აიღო, რაც „მანდარინის“ მეპატრონეებმა ვერ შეასრულეს. საიჯარო ხელშეკრულებას, თემურ დიასამიძის ინფორმაციით, კიდევ ექვსწლიანი ვადა აქვს.

შპს „გულების“ საიჯარო ტერიტორიაში შედის შენობის წინა ნაწილიც ზღვამდე. შპს „გულები“ მიმდებარედ, სანაპიროზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განთავსებასაც გეგმავს.

შპს „გულები“ მუსიკოსმა გია დიასამიძემ 2018 წლის იანვარში დააფუძნა, თავდაპირველად კომპანიას „სანაპირო“ დაარქვეს. ის არის ასევე კომპანია „მიფასი“-ს დამფუძნებელი. ამ კომპანიას საქართველოში მუსიკალური გახმოვანებისა და განათების აპარატურა შემოაქვს.

გია დიასამიძე კიდევ რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელია.

 

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის და გოდერძი-ბეშუმის გზის მიმდინარე სამუშაოები

ზურაბ პატარაძე ალპურ ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღს ეწვია და იქ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ტერიტორიაზე დაწყებულია სამარშრუტე გზებისა და ბილიკების მოწყობა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღს ეწვია და იქ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღს ეწვია და იქ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ზურაბ პატარაძე ადმინისტრაციის სამსართულიანი შენობისა და მეფუტკრის სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო და დასაქმებულებს გაესაუბრა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღს ეწვია და იქ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღს ეწვია და იქ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ბაღის განვითარების საქმეში ჩართულია გერმანელი სპეციალისტები, კერძოდ, მიუნჰენის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები, რომელთა დახმარებით გაგრძელდება ალპინარიუმის მოწყობა. „გოდერძის ბოტანიკური ბაღი აგვისტოს ბოლოს შეძლებს პირველი ვიზიტორების მიღებას. სულ მალე მაღალმთიან აჭარას ექნება სრულიად უნიკალური ტურისტული ღირშესანიშნაობა. რა თქმა უნდა, ბაღის მშენებლობა გაგრძელდება და აქ შეიქმნება ოთხივე სეზონის ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ცენტრი. ალპური ბოტანიკური ბაღი, გარდა საგანმანათლებლო მიმართულებისა, იქნება გასართობი და სათაგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის საინტერესო ადგილი, სადაც სხვადასხვა ატრაქცია, ზიპლაინი, საბავშვო სივრცეები მოეწყობა“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღს ეწვია და იქ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღს ეწვია და იქ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღში ხდება სხვადასხვა სახეობის მცენარეთა შემოტანა ალპინარიუმის და სანერგის მრავალფეროვნების შესაქმნელად. გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის და მწვანე ტბის განვითარება უდიდეს მნიშვნელობას იძენს კურორტ გოდერძზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტებთან ერთად, რაც საბოლოო ჯამში მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების ახალ შესაძლებლობებს იძლევა.

გოდერძიბეშუმის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

დღესვე, ზურაბ პატარაძე გოდერძის უღელტეხილის ბეშუმთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხულოს მერთან გოჩა მელაძესთან ერთად გაეცნო. სამუშაოები ერთი თვეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და 6, 2 კმ მონაკვეთს მოიცავს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღს ეწვია და იქ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
ზურაბ პატარაძე გოდერძის უღელტეხილის ბეშუმთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხულოს მერთან გოჩა მელაძესთან ერთად გაეცნო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის თქმით, ეს ინფრასტრუქტურული პროექტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ მაღალმთიან აჭარაში კურორტების განვითარება არის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი, რომელიც მთაში უფრო მეტ ტურისტს, უფრო მეტ დასაქმებას და მოსახლეობის კეთილდღეობას მოიტანს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღს ეწვია და იქ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
ზურაბ პატარაძე გოდერძის უღელტეხილის ბეშუმთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხულოს მერთან გოჩა მელაძესთან ერთად გაეცნო.

გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გაბიონების და სანიაღვრე არხების, ასევე 5 ახალი და 1 არსებული ხიდის რეაბილიტაცია-მოწყობა. ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების და მოხრეშვის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც შემსრულებელი კომპანიის შპს „არალის“ წარმომადგენლები აცხადებენ, პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო მიმდინარე ზაფხულს ბეშუმისკენ გადაადგილება უკვე ბევრად უფრო კომფორტული გზით იქნება შესაძლებელი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღს ეწვია და იქ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
ზურაბ პატარაძე გოდერძის უღელტეხილის ბეშუმთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხულოს მერთან გოჩა მელაძესთან ერთად გაეცნო.

 

ერთ დღე-ღამეში შექმნილი პიესა და სპექტაკლი – ფესტივალის გამარჯვებული ბათუმიდან

სპექტაკლი “იმოძრავე” სულ ახლახან რუსთაველის თეატრში გამართული 24- საათიანი “ექსპერიმენტული თეატრის ფესტივალის” გამარჯვებულია. 15-წუთიანი სპექტაკლის რეჟისორი, ბათუმელი არჩილ გოგუაძე. ფესტივალის ფარგლებში, ექვსმა რეჟისორმა წინა ღამით დაწერილი პიესების მიხედვით 6 სპექტაკლი დადგა.

ფესტივალზე მოწვეულმა დრამატურგებმა ლოტოტრონის პრინციპით აარჩიეს მსახიობები და მათთან შეხვედრის და საუბრის შემდეგ დაიწყეს პიესების წერა. საამისოდ მათ ერთი ღამე ჰქონდათ. დილით კი რეჟისორებმა და მსახიობებმა ახალდაწერილი პიესები პერფორმანსებად აქციეს.

არჩილ, როგორი იყო ფესტივალის ფორმატი?

ფესტივალის სახელის თანახმად, დრამატურგებს, რეჟისორებსა და მსახიობებს, 24 საათი  ჰქონდათ პიესის დასაწერად და სპექტაკლის დასადგმელად. საღამოს დრამატურგები შევიდნენ თეატრში და დილამდე მიეცათ ვადა პიესის შესაქმნელად. თემა იყო საქართველო 2008-დან 2018 წლამდე, ანუ ომიდან დღემდე. ბევრი რამ, რაც ამ ათ წელში გადავიტანეთ, დრამატურგებს უნდა ეჩვენებინათ ამ პიესებში. რეჟისორებმაც ლოტოტრონის პრინციპით ამოვიღეთ პიესების დასახელებები, არ ვიცოდით ვინ იყო ავტორი, მსახიობი…

11 საათზე შევიკრიბეთ რეჟისორები, ვისაც აღებული გვქონდა პიესები და მოგვეცა დაახლოებით 8 საათი იმისთვის, რომ გაგვერჩია პიესები და დაგვედგა სპექტაკლები.

“იმოძრავე” სპექტაკლზე მუშაობის პროცესი

თქვენს სპექტაკლში რა ხდება?

მე მომიწია თამარ შუკაკიძის პიესა “იმოძრავე”, რომელშიც 3 პერსონაჟია –  ორი გოგო და ერთი ბიჭი.

თემატიკა, რაც პიესის შექმნისას გაითვალისწინა ავტორმა, რამდენიმეა, იყო ომგამოვლილი ადამიანის ცხოვრება, მისი სტრესები… რა დაღი დაასვა ომმა ადამიანის ცხოვრებას, ასევე ლგბტ თემის, მათი “უჩინრობის” პრობლემები.

სპექტაკლში მოქმედება ხდება ერთ სივრცეში, სადაც ახალგაზრდა მღვდლის მიერ ორგანიზებულ ანონიმურ კლუბში იკრიბებიან ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ ისაუბრონ იმ თემებზე, რომლებიც მათ აწუხებთ, მაგრამ ვერ უმხელენ საზოგადოებას, ამიტომ არჩევენ, ერთმანეთს გაუზიარონ. მღვდლის პერსონაჟი, რომელიც ამ კლუბს კურირებს, ახალგაზრდა გეი მამაკაცია, რომელიც მშობლების ინიციატივით გაჰყვა ეკლესიის გზას და ახლა ანონიმური კლუბის მეშვეობით ცდილობს დაეხმაროს საკუთარ თავს და იმ ადამიანებს, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი სტრესის გადატანა უწევთ, რადგანაც  სხვადასხვა მიზეზის გამო შეზღუდული აქვთ გამოხატვის თავისუფლება და ვერ ან არ ბედავენ იმის თქმას, რაც გულში აქვთ.

სპექტაკლში ასევე გავაპროტესტე ბოლო პერიოდში კლუბებთან დაკავშირებული საკითხებიც…  პიესის სახელწოდება ამითაც მართლდება, რომ შევეცადეთ გვეჩვენებინა მოძრაობისა და პროგრესის აუცილებლობა.

ჩვენი პირდაპირი მესიჯი იყო, რომ აუცილებელია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, იქნება ეს ლგბტ თემის წარმომადგენელი, სხვადასხვა მძიმე პრობლემებით ტრავმირებული ადამიანი თუ სხვა.

როგორც ვიცი, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი პროექტის გაგრძელებას აპირებს, რა იგეგმება?

ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი, ხელოვნების თანამედროვე ტენდენციების დანერგვასთან ერთად, პერფორმატიულ ხელოვნებაში ახალი ადამიანების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციაა. ამიტომაც იგეგმება ერთგვარი ლაბორატორიის შექმნა, გამარჯვებული რეჟისორი, დრამატურგი და მსახიობები სწორედ ამ ლაბორატორიაში იმუშავებენ და მიეცემათ შესაძლებლობა, დადგან ერთი სრულყოფილი სპექტაკლი.

ფესტივალის ორგანიზატორი თანამედროვე ხელოვნების კვლევის ლაბორატორია (CARL a b y ) და შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრია. ფესტივალი წელს მეექვსედ ჩატარდა.

ფესტივალის მიზანია, უმოკლეს ვადებში, შემცირებული ვერსიით, შექმნას ახალი, თანამედროვე შინაარსის და ფორმის სასცენო ტექსტები, დადგმები, რაც “თანამედროვე ხელოვნების კვლევის ლაბორატორიის” პრაქტიკულ /თეორიული კვლევის საგანია.

ფესტივალის არსებობის ისტორიის მანძილზე დაიწერა ოცდაათზე მეტი ახალი ქართული პიესა და დაიდგა ამდენივე წარმოდგენა. პროექტში დაკავებული იყო 150-მდე მსახიობი. ფესტივალი 2012-2014 წლებში ბათუმისა და ფოთის აკადემიურ თეატრებშიც გაიმართა, სადაც პროცესში ადგილობრივი დასები ჩაერთნენ.

 

ბათუმში ყინულის არენა 10 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს – ვინ აშენებს და ვინ ზედამხედველობს

ახალი სპორტული კომპლექსი, რომელიც ბათუმში, ყინულის სასახლის გვერდით შენდება, საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს 2018 წლის 10 სექტემბრისთვის აუცილებლად უნდა გადაეცეს. კომპლექსი კომიტეტს განსაკარგავად დროებით გადაეცემა – 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩასატარებლად. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კი, აქ ყინულის არენა და საცურაო აუზი უნდა მოეწყოს.

მშენებლობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონი“ კურირებს, რომელმაც დახურული სპორტული კომპლექსის [ყინულის არენა და საცურაო აუზი] საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე კანადურ კომპანია „Westincor Limited“-თან ხელშეკრულება, ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით, 2018 წლის 27 თებერვალს გააფორმა 19 990 002 აშშ დოლარზე.

კანადურმა კომპანიამ თავისი ფილიალი – „ვესტინკორ ლიმითედ საქართველო“ 2018 წლის პირველ თებერვალს დააფუძნა თბილისში. კომპანიისთვის 4 მილიონი აშშ დოლარი უკვე გადარიცხულია აჭარის ბიუჯეტიდან.

სპორტული კომპლექსს კომპანია „ანაგი“ აშენებს. „სტადიონის“ დირექტორი ზურაბ ჭურკვეიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, „ვესტინკორ ლიმითედ საქართველოს“ რამდენიმე ქვეკონტრაქტორი ჰყავს, მათ შორის „ანაგი“.

„ანაგი“ პარალელურად საფეხბურთო სტადიონსაც აშენებს ბათუმში. ამ მშენებლობასაც „სტადიონი“ კურირებს.

არც სპორტული კომპლექსის და არც სტადიონის მშენებლობას, ტექნიკურ ზედამხედველობას არ უწევს სპეციალურად შერჩეული კომპანია. ორთავე მშენებლობას, როგორც ზურაბ ჭურკვეიძე ამბობს, „სტადიონის“ ორი თანამშრომელი [იჟინერ-კონსტრუქტორები] ზედამხედველობს.

სპორტული კომპლექსის შემთხვევაში ზედამხედველი კომპანიის შერჩევა თავიდანვე არ განიხილებოდა, სტადიონის შემთხვევაში კი ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდა, თუმცა ზედამხედველი კომპანია „სტადიონმა“ ამ დრომდე ვერ შეარჩია. სტადიონის მშენებლობა მეექვსე თვეა მიმდინარეობს.

„ვესტინკორ ლიმითედ საქართველოს“ წარმომადგენლის, მიშა ვაშაკიძის თქმით, კომპლექსის მშენებლობაში ჩართული არიან კანადური კომპანიის წარმომადგენლები, როგორც კანადიდან, ასევე ბელორუსიდან და რუსეთიდან: „ინჟინრები არიან ძირითადად. კანადელი არის მთავარი ინჟინერი, მშენებლობის ზედამხედველი არის რუსეთიდან, ხოლო სპეციალისტები, რომლებიც უშუალოდ ლითონის კონსტრუქციებს აშენებენ, არიან ჩვენი თანამშრომლები ბელორუსიიდან. ჩვენი კომპანიის ძირითადი ფუნქცია არის ზედამხედველობა, ტექნოლოგიური ნაწილი და სხვადასხვა ქვეკონტრაქტორიც გვყავს – პროექტზე ადგილობრივი კომპანია BWC მუშაობს, სამშენებლო სამუშაოებს კი ძირითადად „ანაგი“ ასრულებს“. 

ყინულის სასახლესთან, თავისუფალი ტერიტორიისა და გარე საინჟინრო-კომუნალური ქსელების მოწყობისთვის შპს „სტადიონი“ 1 738 471 ლარის სამუშაოებსაც პირდაპირი გზით, ტენდერის გარეშე შეისყიდის. როგორც „სტადიონში“ აცხადებენ, ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში სამუშაოების დასრულება ოლიმპიადის დაწყებამდე ვერ მოესწრება.

ვინ შეასრულებს აღნიშნულ სამუშაოებს, „სტადიონში“ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ.

„შესყიდვების სააგენტოდან თანხმობის მიღების შემდეგ შევარჩევთ კომპანიას, რომელიც მოშენებისგან თავისუფალი ტერიტორიის კეთილმოწყობაზე იმუშავებს“, – გვითხრეს „სტადიონში“.

ყინულის სასახლის მიმდებარე ქუჩებს ბათუმის მერია მოაწესრიგებს. როგორც ადრე „ბათუმელებს“ მერიაში უთხრეს, პირველ რიგში ლადო ასათიანისა და ვახტანგ შამილაძის ქუჩების ის მონაკვეთები მოწესრიგდება, რომლებიც უშუალოდ სპორტკომპლექსის მიმდებარედაა, ამ ქუჩების დანარჩენი მონაკვეთების მოწესრიგება კი ან ოლიმპიადის მიმდინარეობის პარალელურად, ან ოლიმპიადის დასრულების შემდეგ გაგრძელდება.

მერია, ახალი სპორტული კომპლექსის მიმდებარედ, ავტოსადგომის მოწყობასაც გეგმავს.

სპორტული კომპლექსის მშენებლობა ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე. კომპლექსის აშენებისთვის ბიუჯეტიდან 20 მილიონზე მეტი აშშ დოლარი დაიხარჯება.

სირია, ავღანეთი… და საქართველო – ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა პირველი ათეული

2018 წლის აპრილის თვის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით 49 716-მა აპლიკანტმა მიმართა. აპლიკანტთა 3% საქართველოს მოქალაქეა. სწორედ ამიტომ საქართველო თავშესაფრის მთხოვნელთა საერთო რეიტინგში მეათე ადგილს იკავებს.

სირია 13%, ერაყი 6%, ავღანეთი 6% – ასეთია ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების მსურველთა პირველი სამეული. შემდეგ მოდის ვენესუელა 5%, ნიგერია 4%, პაკისტანი 4%,  ერიტრეა 4%, ალბანეთი 3% და საქართველო 3%.

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის (EASO) მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ყოველი სამი აპლიკანტიდან, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღება სურდა, ერთი აუცილებლებლად იყო სირიიდან, ერაყიდან, ავღანეთიდან, ვენესუელადან ან ნიგერიიდან.

მიმდინარე წლის აპრილში აპლიკანტთა მხოლოდ 33%-მა მიიღო ლტოლვილის სტატუსი ან შენაცვლებითი (სუბსიდიალური) მფარველობა.

ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა მარტის თვესთან შედარებით ახლა 3%-ითაა გაზრდილი.

ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების მსურველთა სტატისტიკური მონაცემები  ფოტო: სალომე საძაგლიშვილი, საფრანგეთის მიგრაციის და ინტეგრაციის დეპარტამენტის OFI

ტრაპიზონის კლინიკის ბათუმელი ექიმი: კლინიკაში, სადაც მე ვმუშაობ, პაციენტების უმეტესობა ქართველია

ნანა ძაგნიძე ექიმი ფიზიოთერაპევტია და 12 წელია სამედიცინო საქმიანობას თურქეთში ეწევა. ამჟამად ტრაპიზონის „ილდიზი მედიქალ პარკში“ მუშაობს, გამაჯანსაღებელი ტურიზმის გამსაუბრებელი ექიმია. ბათუმში ოფისიც აქვს, რომელიც პაციენტებს თურქეთში კლინიკების მოძებნაში ეხმარება. ნანა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაზრდილია თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელთა რიცხვი. მარტო მისი ოფისიდან გასულ თვეში 140-მა ადამიანმა გადაწყვიტა სამკურნალოდ თურქეთში წასულიყო.

ქალბატონო ნანა, უმეტესად რა დიაგნოზით ჩამოდიან პაციენტები საქართველოდან და რამდენად ხელმისაწვდომია თურქეთში მკურნალობა მათთვის?

პაციენტები მოდიან სხვადასხვა დაავადებით, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ჩამოდიან სიმსივნური დაავადებების დიაგნოზით. პაციენტთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. კლინიკაში, სადაც მე ვმუშაობ, ამჟამად მყოფი პაციენტებიდან უმეტესობა ქართველია [ინტერვიუ ჩაწერილია 16 ივნისს]. ჩვენს კლინიკაში აწყობილია სისტემა, გვყავს თარჯიმანი და პაციენტს არ ექმნება ენის ბარიერი.

რაც შეეხება ფასებს. თუკი პაციენტს რაიმე გამოკვლევა აქვს გაკეთებული საქართველოში და გამოდგება, ამაში ფულს აქ არ იხდის. მაგალითად, თუკი ტომოგრაფია არის კარგად გაკეთებული, არის ისეთი კვლევა, რომელსაც ჩვენ შევხედავთ და ვნახავთ, რომ არის გარკვეულად გადაღებული ყველაფერი, მაშინ პაციენტს თანხას აღარ ვახდევინებთ. მხოლოდ კვლევის წაკითხვაში და თარგმნაში უწევს თანხის გადახდა.

მაგრამ თუ აქ იტარებს გამოკვლევას, მაშინ ყველა გამოკვლევა ჯამში 1500 ლირა ჯდება. თუკი აღმოჩნდება, რომ სჭირდება ქიმიოთერაპია, ქიმიოთერაპიის თანხები იცვლება წამლების მიხედვით. 1200 თურქული ლირა ჯდება ერთი ქიმიოთერაპია ყველაზე მცირე. მასში შედის ყოველი ვიზიტის დროს ჩამოსული პაციენტის სისხლის ანალიზები, ექიმის კონსულტაცია და პლუს გადასხმა, ანუ ქიმიოთერაპია.

ქიმიოთერაპიის ფასები განსხვავებულია.

არის, მაგალითად, სწრაფმოქმედი ქიმიოთერაპია, რომელიც ჯდება 6 ათასი ლირა და პაციენტს სჭირდება ოთხი პროცედურა. ახლა გვყავს ბათუმიდან ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა მკერდის სიმსივნე და იმდენად დაპატარავდა ქიმიოთერაპიის კურსით, რომ გაკეთდება მხოლოდ მიკროქირურგია.

კერძო და სახელმწიფო კლინიკებს შორის რა განსხვავებაა ფასების მხრივ?

სახელმწიფო კლინიკასა და კერძო კლინიკას შორის სერვისის კუთხით არანაირი განსხვავება არაა. რაც შეეხება ფასებს, დიდი განსხვავება არ არის, თუკი იქ მეორე და მესამე შუამავალი პირი არ ერევა. პირიქით, სახელმწიფო კლინიკაში შესულმა პიროვნებამ უნდა გადაიხადოს 5000 ლირა ავანსის სახით, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ გამოკვლევას. რამდენიც დაიხარჯება, დაიხარჯება, რამდენიც არა – დაუბრუნებენ უკან პაციენტს. მთავარი განსხვავება ისაა, რომ სახელმწიფო კლინიკებში ერთ თეთრსაც კი ვერ დაგიკლებენ, ხოლო კერძო კლინიკებში პირიქით, აუცილებლად ცდილობენ, რომ დაგიკლონ.

რაც შეეხება ქალაქებს შორის განსხვავებას. განსხვავება ტრაპიზონისა და სტამბოლის ფასებს შორის, რა თქმა უნდა, არის. მაგალითად, თუ ჩვენთან კუჭის ოპერაციის გაკეთება ჯდება 40 ათასი ლირა, ის სტამბოლში შეიძლება დაჯდეს 80 ან 100 ათასი.

ექიმების პროფესიონალიზმი არ არის აქ განმასხვავებელი. ტექნიკაში შეიძლება იყოს განსხვავება. მაგალითად, ანკარაში ახალი დიდი კლინიკაა და იქ რობოტული სისტემით აკეთებენ ყველანაირ ოპერაციას. რა თქმა უნდა, იქ  უფრო ძვირი ჯდება მკურნალობა.

ქართველი პაციენტები ხშირად საქართველოდან გეგმავენ წინასწარ ყველაფერს, ადგენენ მკურნალობის სავარაუდო ხარჯებს და უკვე თურქეთში ჩამოსულები აღმოაჩენენ, რომ მკურნალობა დაგეგმილზე ბევრად ძვირი ჯდება. რა არის ამის მიზეზი?

როდესაც ჩამოდის თურქეთში, უღებენ ანალიზებს და სწორედ ამ ანალიზების მიხედვით ხდება ნათელი რა ტიპის მკურნალობა უნდა დაენიშნოს პაციენტს. ამიტომ ვერც ერთი ექიმი თანხას ზუსტად ვერ ამბობს.

რაზე უნდა გაამახვილონ პაციენტებმა ყურადღება, სანამ თურქეთში წავლენ სამკურნალოდ?

პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ თარგმნილი და წამოღებული ფორმა 100. მიდის ამ ფორმა ასით არჩეულ კლინიკაში. ბევრ კლინიკაში უკვე არის საერთაშორისო მომსახურების განყოფილება. იქ დახვდება თარჯიმანი, მაგრამ მკურნალობის თანხა რა იქნება არც ჩვენ ვიცით და არც მათ არ იციან.

ბოლო დროს მომრავლებულმა შუამავლებმა გააფუჭეს საქმე, თორემ ძალიან კარგი საშუალებაა ოფისი. სწორ ოფისში მისულ ადამიანს სწორ გზას აუცილებლად აჩვენებენ.

რამდენად აძვირებს ოფისის მომსახურება მკურნალობის ხარჯებს? შუამავლების როლი როგორია?

ოფისის საშუალებით როდესაც მიდის პაციენტი, მომსახურება არ უძვირდება. ერთადერთი შეიძლება გადაიხადონ მხოლოდ გზის თანხა, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ტრანსპორტირებაც დაფინანსებულია. საშუამავლო ოფისი თანხას იღებს კლინიკისგან, რომელშიც პაციენტს აგზავნის და არა პაციენტისგან. პაციენტს თუ თანმხლები მიჰყვება, ისინი თვითონ იხდიან ტრანსპორტირების თანხას.

რაც შეეხება შუამავლებს. შუამავალი შეიძლება იყოს ადამიანი, ვინც იცის ენა და მიჰყვება პაციენტს თარჯიმნად. აქ ორი სახის პრობლემაა – ერთი ის, რომ თარგმანი ხშირად არაა კვალიფიციური და შეიძლება ენა კი იცოდეს ადამიანმა, მაგრამ კონკრეტული სამედიცინო ტერმინი ვერ გადათარგმნოს და მეორე – შეიძლება კონკრეტული გამოკვლევა ღირს 700 ლირა, მაგრამ ეს შუამავალი ამატებს თავის მომსახურების თანხას და გამოდის უფრო ძვირი.

რაც შეეხება შემთხვევებს, როდესაც პაციენტი დამოუკიდებლად, შუამავლის და ოფისის გარეშე ჩამოდის. ასეთი პაციენტი ტარდება ჩვეულებრივ უცხოელ პაციენტად, კლინიკის თარჯიმანი ემსახურება უფასოდ, თუმცა ვერ სარგებლობს იმ ფასდაკლებით, რითაც ისარგებლებდა ოფისის მეშვეობით რომ ჩამოსულიყო. უწევს რიგში დგომა და ლოდინი.

თარჯიმნის შესახებ მინდა გკითხოთ, რამდენად ახერხებს ერთი თარჯიმანი ყველა პაციენტს კვალიფიციურად მოემსახუროს?

სამ პაციენტზე მეტი არ შეუძლია თარჯიმანს მიიღოს, თუკი დამხმარე არ ჰყავს. ამიტომ თუ მეტი პაციენტი მოდის, მობილიზება ხდება საავადმყოფოში. ჩვენთან, მაგალითად, მასეთი შემთხვევა არასდროს არ ყოფილა – როდესაც ჩვენთან ჩამოდის, უკვე ყველაფერი დაგეგმილია, გაწერილია და იცის, სად, როდის, ვისთან უნდა მივიდეს. ჩვენთან სტანდარტი ასეა, 12 საათამდე ბარდება ყველა ანალიზი,  2 საათზე პაციენტს უკვე აქვს პასუხები და ესაუბრებიან ექიმს.

თუ ხდება ისე, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უფინანსებს რომელიმე პაციენტს მკურნალობის თანხებს?

არც ერთი დაფინანსებული პაციენტი საქართველოდან ჯერ ჩვენთან არ ჩამოსულა. მათ სცემენ ასეთ პასუხს – ის, რაც კეთდება ჩვენთან [საქართველოში], არ დაფინანსდება. თუმცა ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რაც არ კეთდება საქართველოში და ჩვენ გაგვიგზავნია იმ თანხის ინვოისი, მაგრამ არც ის დაფინანსებულა.

რატომ ირჩევენ თურქეთში იმ ოპერაციის გაკეთებას, რაც შეიძლება საქართველოშიც გაკეთდეს?

ძალიან მიმძიმს მაგ თემაზე საუბარი. ისეთი დიაგნოზები ჩამოდის ხანდახან  საქართველოდან, რომ ძალიან გული მტკივა. მე არ მაქვს უმრავლესობაზე საუბარი, მაგრამ ქართველი ექიმების ნაწილს, ცოტა გულგრილობა დასდევს. როდესაც საქართველოდან მოდის დიაგნოზი და აქაური ექიმები სხვა დიაგნოზს სვამენ, ცოტა გული მტკივა, რადგან მეც ქართველი ექიმის სტატუსით ვარ აქ. ძალიან მინდა, რომ ამაღლდეს პროფესიონალიზმის დონე ისე, როგორც იყო ძველად. როცა ჩვენი ექიმები იყვნენ მართლა მაღალ დონეზე.

 

 

სტაჟირება სტუდენტებისთვის აშშ-ის საელჩოში

აშშ-ის საელჩო აცხადებს სტაჟირებას სტუდენტებისთვის 2 ვაკანტურ ადგილზე. პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მიეცეთ ამერიკულ გარემოში საგარეო ურთიერთობების მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობაა.

დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ამ სტაჟირებით მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება აშშ-ის საელჩოში, საგარეო ურთიერთობების სფეროში, ამერიკულ გარემოში.

მოცემული სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, არ გულისხმობს რაიმე სახის სარგებელს ან სამომავლო დასაქმების ვალდებულებას. თუმცა „ჩვენი სტაჟირების პროგრამა გთავაზობთ მომავალი კარიერული განვითარებისათვის აუცილებელ სამუშაო გამოცდილებას,“-ნათქვამია განცხადებაში.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი სასწავლებლების  სტუნდეტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით.

კანდიდატებმა, რომლებსაც აქვთ სურვილი გაიარონ სტაჟირება გამოცხადებულ პოზიციებზე, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში უნდა გააგზავნონ შემდეგი საბუთები:

  • განაცხადის ფორმა(ინგლისურ ენაზე)
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის მიერ გაცემული წერილობითი ნებართვა სტაჟირებაზე (სასურველია ინგლისურად);
  • სარეკომენდაციო წერილი (სასურველია ინგლისურად);
  • აკადემიური სწავლებების (საგნების) ჩამონათვალი (სასურველია ინგლისურად);

ყველა დოკუმენტი უნდა იყოს PDF ფორმატში და უნდა გააგზავნოთ ელ.ფოსტაზე – HROTbilisi@State.gov. აღნიშნული დოკუმენტები სხვა ფორმატით არ მიიღება. ყველა განაცხადს ასევე უნდა ჰქონდეს მითითებული პოზიცია და სტაჟირების ვაკანსიის ნომერი.

საბუთების მიღება 18 ივნისს დაიწყება და 2 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

9 ათასი ლარის არადეკლარირებული ოქრო სარფში

16 ივნისს საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

სომხეთის მოქალაქეს, ი.მ-ს ხელბარგში  9 352 ლარის ღირებულების ოქროსა და ვერცხლის არადეკლარირებული საიუველირო ნაკეთობები ჰქონდა მოთავსებული. ნაკეთობათა ერთიანმა წონამ 6 869  გრამი შეადგინა.

სსკ-ს 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ი.მ-ს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა  9 352,8 ლარის ოდენობით.

 

მუნიციპალური ავტობუსები, სადაც ბილეთს ვერ შეიძენთ – უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 5 ლარია

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის ოთხ სამარშრუტო ხაზზე ავტობუსებში სამგზავრო ბილეთები აღარ იყიდება. N2, N2ა, N12 და N13 ხაზზე მოძრავ ავტობუსებში კონდუქტორები არ არიან. ამ ხაზებზე მოძრავ ავტობუსებში მგზავრი სამგზავრო ბილეთს ვერ შეიძენს, თუმცა თუ აქვს ბილეთი, მას შეუძლია ამ ბილეთით ისარგებლოს. თუ არც ბილეთი გაქვთ და არც პლასტიკური ბარათი, ბუნებრივია მგზავრობის საფასურს ვერ გადაიხდით, რისთვისაც შესაძლოა კონტროლიორმა დაგაჯარიმოთ. უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 5 ლარია.

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განაცხადეს, რომ აღნიშნულ ხაზებზე კონდუქტორების ვაკანსიები გაჩნდა და ახლები აღარ აუყვანიათ, ამიტომ გადაიყვანეს ეს ხაზები პლასტიკური ბარათით გადახდაზე.

კიდევ რომელ ხაზებზე იგეგმება ავტობუსებში სამგზავრო ბილეთების გაყიდვის გაუქმება უახლოეს პერიოდში? – „ავტოტრანსპორტში“ გვითხრეს, რომ ეს კონკრეტულად ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ აქვთ.

„მაქსიმალურად ვითვალისწინებთ იმ მოქალაქეებისა და ტურისტების მდგომარეობას, რომლებიც არ არიან ინფორმირებულნი, რომ ბილეთები აღნიშნულ ხაზებზე ავტობუსებში არ იყიდება და ამ ეტაპზე ვერიდებით მათ დაჯარიმებასაც,“ – გვითხრეს კომპანიაში.

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ახალ პროექტზეც მუშაობს, რომლის განხორციელების შემთხვევაში სამგზავრო პლასტიკური ბარათების აღება შესაძლებელი იქნება არა მარტო ბანკში, არამედ ქუჩაში განლაგებულ ფეიბოქსებშიც. კომპანიაში ამ კუთხით დეტალები ჯერ დაზუსტებული არ აქვთ.

დაჯარიმების 35 შემთხვევა ბოლო ერთ თვეში ბათუმის ბულვარში

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში ბულვარის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული დარღვევებისთვის 35 საჯარიმო აქტი დაიწერა. მათ შორის:

ველოსიპედის მოძრაობის წესების დარღვევისთვის 23 ჯარიმა დაიწერა,  ელექტრომობილების მართვის წესების დარღვევისთვის – 2, მოპედის დაჯარიმების ერთი შემთხვევა იყო.

არდაგანის ტბაში სამშენებლო ნარჩენების ჩაყრის გამო 500 ლარით დაჯარიმდა ერთი პირი, საზოგადოებრივი ადგილის ჩახერგვისთვის კი, შვიდი პირი დაჯარიმდა 500-500 ლარით, ძაღლის ალიკაპის გარეშე ყოლისთვის დაჯარიმდა ერთი პირი.

ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელს მოიჯარეებს შეზღუდვები დაუწესდათ ელექტრომობილებთან დაკავშირებით. თუ წინა წელს ელექტრომობილები 6 ადგილზე იყო განთავსებული, წელს ბულვარმა ამისთვის მხოლოდ ოთხი ადგილი გამოყო. ერთ ადგილზე მოიჯარეს მხოლოდ 6 ელექტრომობილის გაჩერების უფლება აქვს.

რაც შეეხება მოძრაობის წესებს, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, ელექტრომობილებს, ისევე როგორც სხვა ტრანსპორტს, მხოლოდ წითელ ბილიკზე მოძრაობის უფლება აქვთ.

მოიჯარეს უფლება არ აქვს ელექტრომობილი 16 წლამდე პირს მიაქირაოს. ელექტრომობილით მოსარგებლე ჩაფხუტს უნდა ატარებდეს.

 

პარლამენტის წევრი ზაზა გაბუნია ქედაში მცირე მეწარმეების საქმიანობას გაეცნო

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარ დეპუტატთან – ანზორ ბოლქვაძესთან, ქედის მერთან – ლევან გორგილაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან – შუქრი თურმანიძესთან ერთად ქედაში მცხოვრებ იმ ოჯახებს ესტუმრნენ, რომლებიც „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით სარგებლობენ, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ხელი შეეწყოთ მცირე მეწარმეობის განვითარებაში, რაც ერთგვარი სტიმული აღმოჩნდა დაბრუნებულიყვნენ ქალაქიდან სოფლად.

სტუმრები იმ ოჯახებში იყვნენ, რომლებიც „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით სარგებლობენ.
სტუმრები იმ ოჯახებში იყვნენ, რომლებიც „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით სარგებლობენ.

სტუმრებმა სოფელ გეგელიძეებში 35 წლის თამარ ბალაძის მეურნეობა მოინახულეს, რომელიც მიუხედავად კარიერული წარმატებებისა, ქალაქიდან დაბრუნდა და მცირე მეწარმეობას მიჰყო ხელი. გახსნა ყვავილების სასათბურე, აქვს ჟოლოს პლანტაცია და მეტიც, ბიზნესს იგი ყოველწლიურად აფართოებს. ამჟამად,  აწყობს ღვინის მარანს და სასტუმროს.

შაქრო ტეტემაძე ოჯახით სოფელ ვაიოში მთის შეღავათების ამოქმედების შემდგომ მეუღლესთან ერთად ქალაქიდან დაბრუნდა. 61 წლის ხელოსანმა სოფელში გააშენა 2 000 მეტრზე სხვადასხვა ჯიშის ხილი და 1 000 მეტრზე ახალი ვენახი. უახლოეს მომავალში გეგმავს სახელოსნოს გახსნასაც.

ხასან და ზექიე თურმანიძეების ოჯახში
ხასან და ზექიე თურმანიძეების ოჯახში

სოფელ გარეტყეში მანანა თურმანიძემ საოჯახო ტიპის სასტუმრო აწარმოე საქართველოს ფარგლებში გახსნა, სადაც არაერთ ქართველ და უცხოელ ტურისტს, მათ შორის ეთნომუსიკათმცოდნეებს მასპინძლობს.  ოჯახი – მეუღლე, ორი შვილი და მამათილი – უცხოელ ტურისტებს ასწავლის ძველ აჭარულ სიმღერებს. ისინი ხასან და ზექიე თურმანიძეების ოჯახის წევრები არიან, რომლებიც დასავლეთ ევროპის რეკორდსმენი წყვილი გახლავთა (რეკორდი 77-წლიანი თანაცხოვრებით დაამყარეს).

ზაზა გაბუნია თურმანიძეების ოჯახს მეუღლესთან ეწვია და სიმბოლურად, ანსამბლ ,,მოყვარესთან“ ერთად, რამდენიმე ფოლკლორული სიმღერა შეასრულა.
ზაზა გაბუნია თურმანიძეების ოჯახს მეუღლესთან ერთად ეწვია და სიმბოლურად, ანსამბლ ,,მოყვარესთან“ ერთად, რამდენიმე ფოლკლორული სიმღერა შეასრულა.

ზაზა გაბუნია თურმანიძეების ოჯახს მეუღლესთან ერთად ეწვია და სიმბოლურად, ანსამბლ ,,მოყვარესთან“ ერთად, რამდენიმე ფოლკლორული სიმღერა შეასრულა. ოჯახებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და მთის სოფლების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ოჯახებმა მთავარ სტიმულად მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მეწარმე სუბიექტების გადასახადებთან დაკავშირებული შეღავათები დაასახელეს.

100 დღე ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადამდე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ღონისძიებას – „100 დღე საჭადრაკო ოლიმპიადამდე“ დაესწრო.

ამ უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური ღონისძიების დაწყებამდე დარჩენილი 100 დღის ათვლა დაიწყო.
ამ უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური ღონისძიების დაწყებამდე დარჩენილი 100 დღის ათვლა დაიწყო.

„ჩვენი ქალაქი განსაკუთრებულად ემზადება ბათუმის 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ჩასატარებლად. ამ უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური ღონისძიების დაწყებამდე დარჩენილი 100 დღის ათვლა დაიწყო. გუშინ, პიაცაზე გამართულ სიმბოლურ ღონისძიებაში უამრავი ახალგაზრდა, ასევე ჩვენი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ტურისტებიც ჩაერთნენ. ეს ნიშნავს, რა თქმა უნდა, ჭადრაკის პოპულარიზაციას და მსოფლიო ოლიმპიადის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლებას“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას.

ბათუმის პიაცაზე 100 ჭადრაკის მაგიდა განთავსდა, სადაც სიმბოლურად, ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების მოთამაშეები იყვნენ წარმოდგენილნი.
ბათუმის პიაცაზე 100 ჭადრაკის მაგიდა განთავსდა, სადაც სიმბოლურად, ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების მოთამაშეები იყვნენ წარმოდგენილნი.

ბათუმისა და მისი სტუმრებისთვის ოლიმპიადის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა ღონისძიება ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილზე – ბათუმის პიაცაზე გამართა.

ღონისძიება "პიაცაზე" გაიმართა
ღონისძიება “პიაცაზე” გაიმართა

სპეციალურად ამ დღისთვის, ბათუმის პიაცაზე 100 ჭადრაკის მაგიდა განთავსდა, სადაც სიმბოლურად, ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების მოთამაშეები იყვნენ წარმოდგენილნი.

როგორც ცნობილია, ოლიმპიადა 189 ქვეყანას საქართველოში გააერთიანებს, შესაბამისად, ბათუმის პიაცაზე გამართულ ღონისძიებაში 189 ქვეყნის სიმბოლური წარმომადგენელი მონაწილეობდა. საჭადრაკო მაგიდებთან წარმოდგენილი იყო ასევე დიპლომატიური კორპუსი, რომლებთანაც თამაშში ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე ჩაერთნენ.
ღონისძიებაზე „100 დღე საჭადრაკო ოლიმპიადამდე“, 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების კიდევ ერთი ელჩი – მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი დასახელდა.

ღონისძიება "პიაცაზე" გაიმართა
ღონისძიება “პიაცაზე” გაიმართა

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩები არიან: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ვიშვანათან ანანდი, ანიტა რაჭველიშვილი და ლაშა ტალახაძე.

სიმულაციური ოლიმპიადა დასრულდა სპეციალურად საჭადრაკო თემატიკაზე შექმნილი ფლეშმობით.

 

ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნა ისევ გადაიდო

ქობულეთის შემოვლითი გზის ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან-სოფელ გვარამდე მონაკვეთის გახსნა ისევ გადაიდო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზა ორშაბათს, 2018 წლის 18 ივნისს, უნდა გახსნილიყო.

„რა მიზეზით გადაიდო გზის გახსნა, კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ 18 ივნისს ნამდვილად აღარ გაიხსნება. გზის გახსნა ძალიან დიდი ხნით არ გადადებულა, მაგრამ როდის გაიხსნება, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ ვიცით. გზის მშენებლობა დასრულებულია, ამჯერად იქ დასუფთავება და სხვა სამუშაოები მიმდინარეობს,“ – განაცხადეს დღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში.

გზის ის მონაკვეთი, რომლის გახსნაც ხვალ, 18 ივნისს იყო დაგეგმილი, ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა გზის გახსნის თარიღი რამდენჯერმე გადაწიეს.

გასულ კვირას დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გზის ოფიციალური გახსნა ორშაბათს, 18 ივნისს იყო დაგეგმილი, „თუ რაიმე ხელშემშლელი ფაქტორი არ იქნებოდა“.

ამ თემაზე:

ქობულეთის შემოვლითი გზა ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება

რატომ წყვეტენ სწავლას ბოშა გოგოები

ნინა მელემედოვა ერთ-ერთია ბოშა გოგოებს შორის, რომელიც სკოლაში აღარ დადის. მისი თანაკლასელები ახლა მეცხრე კლასს ასრულებენ. ნინა სკოლაში იშვიათად ჩნდება. ეს მაშინ ხდება, როცა უბანში ვინმე ჩამოივლის და იტყვის, სკოლის უკან, სტადიონზე, ფეხბურთის თამაში იქნებაო. ნინა მეორე წელია ფეხბურთს თამაშობს. ნინას სკოლაზე საუბარი უჭირს. სახლში მისულებს გვითხრა, სკოლაში მოვალ და იქ დავილაპარაკოთო.

ქვეყნის მასშტაბით ბოშები სკოლაში ყველაზე აქტიურად ქობულეთში დადიან. ქობულეთის მეხუთე საჯარო სკოლაში 75 ბოშა მოსწავლეა. ტენდენცია საერთოა – ბოშა გოგონები მე-6, მე-7 კლასიდან სკოლას თავს ანებებენ. ამ დრომდე არცერთ ბოშა გოგოს სკოლა არ დაუსრულებია. ოფიციალური მიზეზი სოციალური მდგომარეობაა, ან თავად მოსწავლეების განაცხადი, რომ მათ სწავლა აღარ სურთ.

ბოშათა თემის აქტიური მხარდამჭერი, ქობულეთის მე-5 სკოლის დირექტორი, ნარგიზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ რეალური მიზეზი სხვაა – მცირეწლოვანი და-ძმები, რომლებსაც სავაჭროდ წასული მშობლები მოზარდ გოგონებს უტოვებენ.

ნინა: სკოლაში ისევ ვივლი, ადვოკატი გავხდები

სკოლის უკან სტადიონი გაკეთდა. ერთხელ, ვიდექი და ვუყურებდი თამაშს. მასწავლებელმა მითხრა, გინდა, იარო ფეხბურთშიო? კი-მეთქი. ჰოდა, დავიწყე სიარული. გოგოების გუნდში ვარ. ლანჩხუთში გვქონდა ამას წინათ თამაში, მოვიგეთ. თასი გადმოგვცეს, სკოლაში ინახება ახლა ის თასი. იქ, დირექტორის კაბნინეტშია, – გვიყვება ნინა და დროდადრო საკლასო ოთახის ფანჯრიდან ფეხბურთის სტადიონისკენ იხედება. ნინას ვეკითხები, რატომ აღარ დადის სკოლაში. მცირე პაუზის შემდეგ მპასუხობს, თვალი ამტკივდა და მაგის გამო ვეღარ ვიარეო.

„დედა, მამა, სულ მეუბნებიან, მიდი, იარე სკოლაში, რატო გეზარება. აბა, რა გინდა, ჩვენსავით „სუნკაგადაკიდებულმა“ იაროო?… არიან სხვები, ვინც ამბობს, რომ გოგოს არ უნდა ამდენი სწავლა, რომ სკოლა უფრო ქართველებისაა, ბიჭებისთვისაა, ჩემი მშობლები ასე არ ფიქრობენ. ახლა უკვე კარგად ვარ, მაგრამ წლის ბოლოა და აღარ მოვედი. სწავლა მომწონს. კარგია ქართული, ინგლისური, ბუნება. ეს საგნები მიყვარს განსაკუთრებით. მომავალი წლიდან ისევ ვივლი, მე ადვოკატი გავხდები,“ – მოკლედ ასრულებს ნინა და მზერით მაგრძნობინებს, ამ თემაზე ლაპარაკი აღარ მინდაო.

ნინას სხვა გოგოებზე ვეკითხები, ვინც ასევე შეწყვიტა სწავლა. ნინა ამბობს, რომ სწავლის შეწყვეტის მიზეზი ყველგან ერთი და იგივეა – ისინი მომვლელები ხდებიან ოჯახში.

„საქმე აქვთ სახლში და იმიტომ ვეღარ დადიან, ბავშვებს უნდა მიხედონ, მისალაგებელია. მშობლები დილით მიდიან, საღამოს – მოდიან. სულ ასეა. ჩემი დაც ვეღარ დადის სკოლაში, ის ბებიასთან ცხოვრობს და ისიც ბავშვებს უვლის. ჩემმა დამ ქართულიც იცის, ინგლისურიც, აზერბაიჯანულიც, მაგრამ ამბობს, სკოლაში სიარული აღარ მინდა, წერა-კითხვა ვიციო, რას გაიგებ?“ – კითხულობს ნინა.

 

ნინა მელემედოვა

მე მხოლოდ პირველი კლასი დავასრულე“

სკოლის მიღმა არაერთი ბოშა გოგოა დარჩენილი. ქობულეთის ბოშათა დასახლებაში რთული არაა იპოვო გოგო, რომელიც გეტყვის, რომ მას სკოლაში სიარული უნდოდა…

ლილი ალიმოვი 15 წლისაა. მან მხოლოდ სკოლის პირველი კლასი დაასრულა. შემდეგ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და-ძმა ჩააბარეს მოსავლელად. ლილის ახლა თავისი ძმის – ჯუმბერის იმედი აქვს, რომელიც სკოლას წარმატებით ასრულებს. და-ძმა შეთანხმებულა – ზაფხულში ოჯახს ჯუმბერი მიხედავს, ლილი კი სკოლაში ივლის და წერა-კითხვას ისწავლის.

საუბარია სპეციალურ პროექტებზე, რომელიც ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლაში ბოშა ბავშვების სოციალიზაციისთვის ხორციელდება და ზაფხულშიც მოქმედებს. პროექტი მოიცავს თეატრის, ცეკვის, ლიტერატურის კლუბებში ქართველი და ბოშა მოზარდების  ჩართვას.

„ეჰ, კარგი იყო სწავლა, მე მხოლოდ ერთი წელი დავდიოდი იქ,“ – მიყვება ლილი, სახლის აივანზე დგას და სკოლისკენ მიმავალ გზას უყურებს. მერე რაღაცას ბოშურად ამბობს და ჯუმბერს ანიშნებს, უთარგმნეო.

ჯუმბერი: „ამბობს, რომ ეს მისთვის უბედნიერესი დღეები იყო“.

ლილი: „მერე დეიდას დასჭირდა დახმარება, თბილისში წამიყვანა და იქ ვიყავი. 4 წლის წინ ისევ ქობულეთში დავბრუნდი და სახლში ვარ. სწავლა მინდოდა, მაგრამ ბავშვები ვისთვის დამეტოვებია? დედაჩემი სულ ვაჭრობს. მე არ მინდა ასე ვიყო. მეც მინდა მარიშკასავით ტექნიკუმში ვისწავლო და სადმე ვიმუშაო“.

მარიშკა ასლანოვა ლილის მეზობელია. მან ცხრა კლასი დაასრულა და ახლა პროფესიულ სასწავლებელში სტილისტობის შესწავლას აპირებს.

„ჩემი სურვილით შევწყვიტე სწავლა. მინდა, რომ სილამაზის სალონში ვიმუშაო, ჩემი ფული მექნება,“ – ამბობს მარიშკა.

ბოშათა დასახლებაში მცხოვრები გოგოები არ ამბობენ, რომ მათ სწავლის შეწყვეტა ვინმემ აიძულა. ისინი გეტყვიან, რომ ეს მათი სურვილი იყო, ან „საქმეს სჭირდებოდა ასე“.

ჯუმბერი: საბავშვო ბაღის მიმართაც უნდა გაჩნდეს ნდობა, როგორც ეს სკოლაში მოხდა

„საბავშვო ბაღი გაიხსნა, მაგრამ არ ენდობიან. საბავშვო ბაღის მიმართაც უნდა გაჩნდეს ნდობა, როგორც ეს სკოლაში მოხდა,“ – გვიყვება ჯუმბერ ალიმოვი, როცა ის დასახლებიდან სკოლისკენ გამოგვყვა.

ჯუმბერი თვლის, რომ თუკი ბოშა მშობლები საბავშვო ბაღს მიენდობიან, ესეც შეცვლის პრობლემას, რადგან მოზარდებს აღარ დაუტოვებენ მცირეწლოვან ბავშვებს მოსავლელად.

„წლების წინ არც სკოლას ენდობოდნენ, ახლა ყველას მოსწონს სკოლა. ახლა საბავშვო ბაღი გაიხსნა, ჯერ იქ არ დადის ბევრი, მაგრამ იმედი მაქვს, ივლიან,“ – დაასრულა ჯუმბერმა, ვიდრე სკოლის დირექტორის კაბინეტში შევიდოდით.

ჯუმბერი სხვადასხვა მიზეზს ასახელებს, რის გამოც გოგოები სწავლას წყვეტენ. მისი აზრით, მთავარი გოგოების მოტივაციაა.

„თუკი გოგონები მოინდომებენ სწავლას, მათ ვერ გააჩერებენ სახლში. ადრე ბევრი ფიქრობდა, რომ გოგოს განათლება არ უნდა. ახლა ასე არ ფიქრობენ, იცვლება დამოკიდებულება. მთავარია, ბავშვებს სწავლის ინტერესი გაუჩნდეთ,“ – დარწმუნებულია ჯუმბერ ალიმოვი, რომელიც მალე უმაღლეს სასწავლებელში გამოცდების ჩასაბარებლად მომზადებას დაიწყებს. ის პირველი ბოშა იქნება ქობულეთის დასახლებიდან, ვინც უნივერსიტეტში ისწავლის.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ჯუმბერი ამახვილებს ყურადღებას, ესაა ქართული ენის არცოდნა. ჯუმბერის აზრით, ბოშა მოსწავლეებს ქართული ენის ათვისება უჭირთ და მათ სწავლის მოტივაცია რეალურად ეკარგებათ.

სკოლა: ბოშა გოგონების სწავლის მოტივაცია უნდა ამაღლდეს

ბოშებს ეთანხმება ქობულეთის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი, ნარგიზ ჯინჭარაძე. მისი აზრითაც, თუკი გოგონები სკოლაში სიარულს მოინდომებენ, მშობლების წინააღმდეგობა იარსებებს, მაგრამ ეს მოგვარებადია.

„როცა სწავლას წყვეტენ, მშობლები ხშირად გვეუბნებიან, რომ თვითონ აღარ უნდა გოგოს სკოლაში სიარული. გოგოც ხშირად იგივეს ამბობს. სწავლის შეწყვეტის მიზეზად სახელდება ასევე სოციალური მდგომარეობა, რომ ზამთარში ტანსაცმელი არ აქვთ და ასე შემდეგ, მაგრამ არ მგონია, რომ ესაა რეალური პრობლემა. მთავარი პრობლემა არის ის, რომ მოზარდ გოგონებს ოჯახის მოვლას აბარებენ. პრობლემაა სახელმწიფო ენის ცუდად ფლობა. ბოშებს გამძაფრებული აქვთ ღირსების შეგრძნება. თუ იგრძნეს, რომ ისინი თანატოლებს ჩამორჩებიან, ეს უკვე აღარ მოსწონთ და ნელ-ნელა იწყება გაცდენები, რომ წვიმდა… და შესაბამისი ტანსაცმელი არ ჰქონდა…“ – აღნიშნავს ნარგიზ ჯინჭარაძე.

სკოლის დირექტორს განათლების სამინსიტროს მიერ დაფინანსებული სპეციალური პროექტებისგან აქვს პოზიტიური მოლოდინი. მას მიაჩნია, რომ სოციალური აქტივობის გზით ბოშა ბავშვები უკეთ ისწავლიან ქართულ ენას და სწავლას აღარ შეწყვეტენ.

ნარგიზ ჯინჭარაძე საუბრობს საერთო ტენდენციაზეც. მისი დაკვირვებით, 10 წლის წინ, როცა ამ სკოლაში პირველი ბოშა მოსწავლე გამოჩნდა, ყველას ეგონა, რომ ბოშას საქმე მხოლოდ ვაჭრობა იყო.

„დღეს ეს დამოკიდებულება შეიცვალა. მათ იციან, რომ შეუძლიათ განათლების მიღება, დასაქმება. რამდენიმე ბოშა მშობელი ინგლისურშიც ამზადებს ბავშვს. ცუდია რეპეტიტორობის ინსტიტუტი, მაგრამ ამით ჩანს მშობლის დამოკიდებულება – სურს, რომ მისი შვილი ქართველ თანატოლებს არ ჩამორჩეს და წარმატებული გახდეს,“ – დასძენს ნარგიზი.

სკოლის დირექტორის აზრით, სახელმწიფოს სპეციალური მიდგომა და სოციალური მხარდაჭერის პროგრამები უნდა ჰქონდეს ბოშათა თემისთვის. ბოშების ოჯახების უმრავლესობა მძიმე მდგომარეობაშია და სოციალურ შემწეობას იღებს. ნარგიზ ჯინჭარაძეს არ ავიწყდება არც იმის თქმა, რომ ბოშა ბავშვების დიდ ნაწილს მეცადინეობისთვის სახლში ადგილი საერთოდ არ აქვს.

ქობულეთის მეხუთე სკოლაში  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სწავლების ჯგუფი მოქმედებს, სადაც დაწყებითი კლასში მყოფ ბოშა ბავშვებს ქართულსა და მათემატიკაში დამატებით ამეცადინებენ.

ჯგუფის კოორდინატორი, ქეთი ბერიძე ამბობს, რომ ენის ბარიერი არის მთავარი პრობლემა.

„ბოშა ბავშვები ძალიან ნიჭიერები არიან. უბრალოდ, მათ სჭირდებათ ზედმეტი ახსნა. ცოტა მეტი დრო უნდა დახარჯოს მათზე მასწავლებელმა, რომ კარგად გაიგონ. მათ გამარტივებული პროგრამა აქვთ სტატუსის შემთხვევაში. ვფიქრობ, ინდივიდუალური პროგრამა დაეხმარება მათ, რომ დაეწიონ ჯგუფს.

პრობლემაა ზოგჯერ მშობლის სურვილი. მშობლის სურვილი უნდა იყოს, რომ ამ ჯგუფში დავტოვოთ ბავშვი. ზოგიერთი მშობელი უარს ამბობს ამაზე,“ – გვითხრა ქეთი ბერიძემ.

ქეთი ბერიძე მიიჩნევს, რომ ამ პროცესში სოციალური მუშაკებიც უნდა ჩაერთონ და კოორდინირებული მუშაობით კარგ შედეგს მიიღებენ.

ლუდმილა: გოგოებს თუ სწავლის წყურვილი გაუჩნდათ, ვერ შეაჩერებენ

ასე ფიქრობს ლუდმილა ვლასოვა. ლუდმილა ქობულეთში მცხოვრები ბოშაა. მას შვილები არ ჰყავს. ღიმილით ამბობს, ამიტომაც მიწევს ყველა ბავშვზე ზრუნვაო.

„ძირითადი მიზეზი არის მენტალიტეტი, რომელიც ჯერ არაა ბოლომდე შეცვლილი. ბევრი რამაა დამოკიდებული მშობელზე. თუკი მშობელმა არ მისცა ბიძგი შვილს, დარჩება სიბნელეში. არის სოციალური პრობლემა, რასაც ვერ უმკლავდებიან. მთავარი პრობლემა მაინც წყურვილია, თუკი გოგოებს და ბიჭებს სწავლის წყურვილი გაუჩნდებათ, ვერ შეაჩერებენ. მე მგონია, რომ ადამიანს თუ უნდა, ყველაფერს მიაღწევს ცხოვრებაში. ამიტომ მე, პირველ რიგში, სულ ვეუბნები ბავშვებს, რომ ისწავლონ, იარონ სკოლაში. ვეუბნები, რომ უნდა იყვნენ დამოუკიდებლები და მშობლებს არ უნდა ელოდონ.

ესენი ახლა არ ამბობენ რეალურად, მე გეტყვით: ამ გოგოების უმრავლესობას მოსავლელი ჰყავს და ან ძმა, 5-6 პატარა ბავშვია თითო ოჯახში, მაგრამ დრო შეიცვალა. ახლა მშობლებიც აღარ ამბობენ, რომ გოგომ სკოლაში არ უნდა იაროს. მაგალითად, მარიშკა [ერთ-ერთი ბოშა გოგო, რომელიც კოლეჯში აპირებს სწავლის გაგრძელებას – ავტ.] კარგი გოგოა, მისი დედა, ან მამა არ ამბობს, რომ სკოლა არ უნდა. პირიქით, მის დედა მთელი დღე ვაჭრობს და როცა ვნახე, მითხრა, არ მინდა ჩემმა გოგომაც ჩემსავით „სუნკაგადაკიდებულმა“ იაროსო…“, – ასრულებს ის.

 

ლუდმილა ვლასოვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში სულ 604 ბოშა ცხოვრობს, თუმცა ორგანიზაციაში, რომელიც ამ თემზე მუშაობს, ამბობენ, რომ ეს ციფრი არაა ზუსტი და ქვეყანში 2500-მდე ბოშაა.

ეთნიკურობის და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის კოორდინატორი, ელენე პროშიკიანის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომაროებით, საქართველოში არცერთი ბოშა არ სწავლობს უმაღლეს სასწავლებელში.

„უმაღლესში კი არა, სკოლას მხოლოდ ქობულეთის სკოლაში ამთავრებენ ბოშა ბავშვები. საქართველოს სხვა ქალაქებში მეცხრე კლასელი ბოშაც კი არ არსებობს…. სკოლა დამთავრებით ქვემო ქართლში დაასრულეს, მაგრამ უმაღლესში არ გაუგრძელებიათ სწავლა,“ – განმარტავს ელენე პროშიკიანი.

საქართველოში მცხოვრებ ბოშებს შორის რამდენს აქვს უმაღლესი განათლება – 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებზე დაყრდნობით ელენე ამბობს, რომ ასეთი სულ ათია.

ბოშათა თემის განათლების პრობლემაზე „ბათუმელები“ გასულ წელსაც წერდა. მაშინ განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ პრიორიტეტი სოციალიზაციის ხელშემწყობი პროექტებია, რაც ახლა უკვე ხორციელდება. გარდა ამისა, სამინისტრო აპირებდა ბოშა მშობლებისთვის ტრენინგის ჩატარებას.

„ტრენინგები არ დაწყებულა. განათლების სამინისტრო ჯერ-ჯერობით არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ საუბრის დროს ელენე პროშიკიანმა.

„ტრენინგის საჭიროების შესახებ არ მოუმართავს ჩვენთვის სკოლას. თუ მოგვმართავს, ამის გაკეთება შესაძლებელია,“ – ამბობს ლელა ცქიტიშვილი, საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი.

ლელა ცქიტიშვილი ორი მიმართულებით ამახვილებს ყურადღებას, რითაც სამინისტრო ბოშა ბავშვების სწავლის შეწყვეტის პრობლემის მოგვარებას ცდილობს. ერთია სპეციალური პედაგოგი სკოლაში, სადაც ბოშა ბავშვები სწავლობენ. მეორეა არაფორმალური განათლების გაძლიერება. განათლების სამინისტროში მიაჩნიათ, რომ სწავლის შეწყვეტის მთავარი მიზეზია სახელმწიფო ენის ცოდნა და ბოშა ბავშვებმა სკოლაში შესვლამდე საბავშვო ბაღში აუცილებლად უნდა იარონ.

„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ბოშა ბავშვებს სწავლის ყველანაირი მოტივაცია ჰქონდეთ. სპეცპედაგოგები უკვე მუშაობენ ბოშა ბავშვებთან, რომ მათი გაძლიერება მოხდეს. ეს პედაგოგები შეიმუშავებენ ინდივიდუალურ გეგმას თითოეული ბავშვისთვის. რაც შეეხება არაფორმალურ განათლებას, სექტემბრიდან ქობულეთში დამატებით ამოქმედდება ხელგარჯილობის პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში ბოშა და ქართველი ბავშვები ერთად დაამზადებენ ბოშათა კულტურისთვის დამახასიათებელ ნივთებს. ეს შეუწყობს ხელს სოციალიზაციას და ენის ბარიერის დაძლევასაც,“ – გვითხრა ლელა ცქიტიშვილმა.

უმცროსი ბორჯღალოსნების ისტორიული გამარჯვება – შოტლანდია 31-39 საქართველო

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით მატჩი საქართველო შოტლანდიას შორის საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შოტლანდიის U20 39:31 დაამარცხეს.

U20 -ის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევაა, როდესაც  საქართველოს ნაკრების უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატზე სამი მატჩი მოიგეს.

6 ერის ორ ქვეყანას მოუგეს და ისტორიაში პირველად მე-9 ადგილი დაიკავეს. გარდა ამისა, საქართველომ კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა – უმცროსი ბორჯღალოსნები პირველი გუნდია, რომელიც ქვემო დივიზიონიდან ამოსვლის შემდეგ ზედიზედ სამჯერ დარჩა ელიტაში.

მთავარი ფოტო: ლევან ვერძეული/საქართველოს რაგბის კავშირი

ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები იაპონურად ითარგმნა

“ალუდა ქეთელაური”, “სტუმარ-მასპინძელი”,”გველისმჭამელი”, “შვლის ნუკრის ნაამბობი”, “ვერხვი”და “ჩხიკვთა ქორწილი” – ეს ის არის ნაწარმოებებია, რომელთა წაკითხვაც უკვე იაპონურ ენაზეა შესაძლებელი.

ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები იაპონურად საქართველოში იაპონიის კულტურის ატაშემ  იასუჰირო კოჯიმამ თარგმნა.

იასუჰირო კოჯიმა ტოკიოს უცხო ენათა უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ენებისა და კულტურის ინსტიტუტის ასოცირებული მეცნიერ-მკვლევარია. ვაჟა-ფშაველას გარდა  იასუჰირო კოჯიმას ნათარგმნი აქვს ნოდარ დუმბაძის და გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებები. მასვე ეკუთვნის იაპონურ ენაზე შედგენილი ქართული ენის სახელმძღვანელო, რომელიც იაპონური ენის მცოდნეს საშუალებას აძლევს ქართული ისწავლოს.

ასე გამოიყურება იაპონურად ნათარგმნი ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების კრებულის ყდა

პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული: ნასვამი ვიყავი, ვუსამძიმრებ ოჯახს

“ნასვამი ვიყავი… სამწუხარო ტრაგედია მოხდა, ვუსამძიმრებ ოჯახს. ავღელდი და დავარტყი, არ მინდოდა მისი მოკვლა, შეშინება მინდოდა,” – დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართა ბესო ტაკიძემ მოსამართლეს. მას ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის, ბუტა ანთაძის მკვლელობა ედება ბრალად.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ბესო ტაკიძეს წლების განმავლობაში უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა პოლიციის უფროსის – ბუტა ანთაძის მიმართ. 2014 და 2015 წლებში ბესო ტაკიძე მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს სამჯერ დაუკავებიათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო. სასამართლომ ბესო ტაკიძე ხულიგნობის ჩადენაში ორჯერ, ხოლო პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ერთხელ მიიჩნია სამართალდამრღვევად.

მკვლელობა ქობულეთი-მუხაესტატეს საავტომობილო გზაზე 15 ივნისს მოხდა, სადაც ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მორიგი ხე გადაჰქონდათ.

“ის ხელს უშლიდა არაგაბარიტული ხის გადატანას. პოლიციელმა მას რამდენჯერმე მოუწოდა მისივე უსაფრთხოებისათვის გადასულიყო გზიდან და ხელი არ შეეშალა ტვირთის გადატანისთვის,” – აღნიშნა პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ.

პროკურატურის ვერსიით, ბრალდებული ნასვამი იყო და მან სამზარეულოს დანა ზურგიდან ჩაარტყა პოლიციელს. ბუტა ანთაძე ქობულეთის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

“ის ცდილობდა შემთხვევის ადგილიდან მიმალვას. მას უნდა შეეფარდოს პატიმრობა,” – დასძინა პროკურორმა.

“დანაშაული არაა იმ ვითარებაში ჩადენილი, როგორც ეს პროკურორმა წარმოადგინა,” – თქვა ადვოკატმა დალი იმნაიშვილმა. მისი თქმით, ბესო ტაკიძეს პოლიციელის მოკვლის წინასწარი განზრახვა არ ჰქონია.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის თქმით, ბუტა ანთაძემ მას უთხრა, შენ ბიჭო, კიდე აქ ხარო, შეაფურთხა სახეში და შეაგინა… ამის გამო მოიქცა ის დაუფიქრებლად, აღელდა,” – აღნიშნა ადვოკატმა.

ადვოკატ დალი იმნაიშვილის თქმით, გაყალბებულია ბრალდებულის ჩვენება, გარდა ამისა, მას წინასწარი დაკავების იზოლატორში არაადამიანურად მოეპყრნენ.

“ის სცემეს, ხელბორკილები ისე მოუჭირეს, რომ სისხლი სდიოდა, ტუალეტში გასვლის უფლებაც არ მისცეს…” – თქვა ადვოკატმა.

სავარაუდო არაადამიანური მიპყრობის შემთხვევას უკვე სწავლობს სახალხო დამცველი.

ბრალდებულმაც უთხრა მოსამართლეს, რომ ის პოლიციელებმა სცემეს.

“თავზე დავინახე დაზიანებები… შეგიძლიათ ხელები აჩვენოთ პროკურორს?” – მიმართა მოსამართლემ ბრალდებულს. მან გისოსებიდან ორივე ხელი აჩვენა პროკურორს.

“დანიშნულია ექსპერტიზა ამ კუთხით და ის დაადგენს ყველაფერს,” – აღნიშნა პროკურორმა.

ბესო ტაკიძეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესს პოლიციელები, ასევე გარდაცვლილის ახლობლები არ დასწრებიან. ბრალდებულის ახლობლებიდან მხოლოდ ედუარდ როინიძემ გააკეთა კომენტარი:

“დაპირისპირება იყო. ეს არის წლების ამბავი… ეს ბიჭები არ  იყვნენ კრიმინალები, არ ვიცი, რა უნდოდა. ეს უკავშირდება მათ შორის რეზო ტაკიძეს, ვის გამოც საპროტესტო აქციები იმართებოდა ქობულეთში,” – გვითხრა მან.

რეზო ტაკიძე ბრალდებულ ბესო ტაკიძის ბიძაშვილია. მან 2015 წელს თქვა, რომ პოლიციელებმა, მათ შორის ბუტა ანთაძემ, პოლიციის განყოფილებაში ის ფიზიკურად შეურაცხყვეს.

 

სკაუტების საერთაშორისო ბანაკი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მოეწყობა

ბათუმის მერია ჩაქვში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, საერთაშორისო ბანაკის – სკაუტარიუმის ორგანიზებას გეგმავს. მერიის ინფორმაციით, „აჭარის სკაუტების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ბანაკი – სკაუტარიუმი“   14 -21 ივლისის  პერიოდში გაიმართება.

ბანაკის ორგანიზებისთვის ბათუმის მერია ქალაქის ბიუჯეტიდან 35 ათასამდე ლარს გადაიხდის, შესაბამის მომსახურებას კი ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. ტენდერში გამარჯვებულმა საერთაშორისო ბანაკში  ქართველი, თურქი, ინგლისელი და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სკაუტების მონაწილეობა უნდა უზრუნველყოს.

სატენდერო პირობების მიხედვით საბანაკე ტერიტორია ჩაქვში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მოეწყობა. ბანაკის მონაწილეების ასაკი განისაზღვრება 12 წლის და ზევით, რომლებიც იცხოვრებენ კარვებში შვიდი დღის მანძილზე.

ბანაკის მოსაწყობად დაგეგმილია, ჩაქვში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის მიმდებარე პლაჟზე საშხაპე ოთახების, საპირფარეშოების, ხელსაბანი ნიჟარების მოწყობა; ტერიტორიაზე (800კვ,მ) უნდა იყოს უწყვეტი ელექტროენერგია.

გამარჯვებულმა ასევე უნდა უზრუნველყოს: სამზარეულოს მოწყობა 30კვ.მ ტერიტორიაზე, ხის კონსტრუქციით, რომელიც შეკრული იქნება წყალგაუმტარი ტენტით; 100 კვ.მეტრზე კვების ადგილის მოწყობა 280 პერსონაზე ასევე ხის კონსტრუქციით, ხოლო  20კვ.მეტრზე პროდუქტის შესანახი საწყობის მოწყობა; საბანაკე ტერიტორიაზე მოეწყობა სცენა.

აუცილებელი პირობაა მონაწილეების ტრანსპორტირება [280 კაცი] ბათუმი-ჩაქვი-ბათუმი მარშრუტით. ასევე, მათი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა ღირსშესანიშნაობების მონახულების მიზნით გონიოს ციხის, გოდერძისა და ქალაქის ტერიტორიებზე და მაჭახელაში; მონაწილეების [280 კაცი 7 დღე] სამჯერადი კვება, აქედან ერთი დღე ვახშამი 100 პერსონაზე გოდერძის უღლტეხილზე; ერთი სადილი 280 პერსონაზე ქ. ბათუმში.

დამზადდება ბუკლეტები, სარეკლამო ბანერები, დიპლომები. ტენდერში გამარჯვებულმა ტექნიკური პირობების ყველა მოთხოვნა მერიასთან უნდა შეათანხმოს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 23 ივნისს დაიწყება და 26 ივნისს შეწყდება.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბანაკის განლაგების სავარაუდო რუკა / სატენდერო დოკუმენტებიდან

ბათუმში ზებრაზე გადასვლისას ქალს მოპედი დაეჯახა

ბათუმში, ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში, ქალს, რომელიც ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, მოპედი დაეჯახა.

“ასფალტზე იწვა დაშავებული ქალი და  მოძრაობა არ შეეძლო. სასწრაფო მალე მოვიდა, მერე პოლიციაც მოყვა. მოპედი, რომელიც დაეჯახა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,” – უთხრა ბათუმელებს ერთ-ერთმა  თვითმხილველმა.

დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 281-ე მუხლითაა დაწყებული. რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას. მოპედის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამჟამად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

დღეს აპოლოში “არაჩვეულებრივი გამოფენა” იხსნება

დღეს, 17 ივნისს, საღამოს 20:00 საათზე, ბათუმის კინოთეატრ „აპოლოში“ იხსნება გამოფენა სახელწოდებით “ბათუმი, აპოლო – არაჩვეულებრივი გამოფენა“ . ეს იქნება ბათუმში გადაღებული ფილმების პერმანენტული ექსპოზიცია კინოთეატრის სივრცეში. “აპოლო” ერთადერთი კინოთეატრია ბათუმში, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ცნობილ მოვლენებს გადაურჩა და რესტავრაციის შემდეგ ფუნქციონირება განაგრძო.

“დღეს გაიხსნება ექსპოზიცია, რომელიც მოიცავს ბათუმში გადაღებული ფილმების შესახებ ფოტოგამოფენას.  იხსნება ასევე მედიათეკა, რომელიც მოიცავს მსოფლიო ლიტერატურას კინოს შესახებ. ყველა დაინტერესებულ სტუდენტს ექნება საშუალება მოვიდეს ჩვენთან  და ისარგებლოს ამ მედიათეკით.  ასევე დაგეგმილია ვიდეოთეკის გახსნაც, სადაც საქართველოში გადაღებული ფილმების არქივი იქნება დაცული,” – უთხრა “ბათუმელებს” პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ლევან ხუჯაძემ.

ბოლო 100 წლის განმავლობაში ბათუმში ასზე მეტი მხატვრული ფილმია გადაღებული. “წითელი ეშმაკუნები”, 1923, “ამოკი”, 1927, “კრაზანა” 1928… ბევრი მათგანის გარეშე წარმოუდგენელია ქართული კინოს ისტორია. არანაკლებ მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის და შემდგომი წლების ისტორიული კინოქრონიკები: “ბათუმის გადმოცემა საქართველოსთვის”, “1920 წლის 26 მაისი”, “მეორე ინტერნაციონალის სტუმრობა”,”ქართული ჯარის შესვლა ბათუმში”, “აჭარელ და თურქ ქალთა I ყრილობა. 1929”, ქალების მიერ თავსაფრების დემონსტრატიული დაწვის ისტორიული კადრებით, “ინგლისის ჯარები საქართველოში” და სხვ.

“ბათუმი, აპოლო – არაჩვეულებრივი გამოფენა“ – სამომავლოდ იქნება  სივრცე კინოს მოყვარულების, მკვლევარებისა და სტუდენტებისთვის. შეხვედრების, კინოჩვენებების ჩვენებების, ლექციების და მასტერ-კლასებისთვის ადგილი.   ასევე დაგეგმილია სუვენირების მაღაზიის გახსნა, სადაც ქართული კინოს თემატიკაზე დამზადებული სუვენირები გაიყიდება.

ექსპოზიციის გახსნამდე  თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 16:00 საათზე გაიმართება დისკუსია.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოუსმინონ მხატვარსა და მკვლევარს მარიამ ნატროშვილს, რომელიც ისაუბრებს  „ექსპერიმენტული და არაფორმალური მუზეუმების“ შესახებ. კინომცოდნე თეო ხატიაშვილი წაიკითხავს ლექციას  “ქართული კინოს დასაწყისი. კინოპროცესების კვალდაკვალ”, ხოლო ხელოვნებათმცოდნე ნანა ყიფიანი ისაუბრებს “ავანგარდის ბათუმური ეპიზოდების” შესახებ.

პროექტის განხორციელება ბათუმის მუნიციპალიტეტისა და Propaganda.network, თბილისის ფინანსური მხარდამჭერით გახდა შესაძლებელი.

 

 

ღამის კლუბებში ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით შსს-მ ორი პირი დააკავა, სამი კი პასუხისგებაში მისცა

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

“ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე,  სამართალდამცველებმა 1983 წელს დაბადებული რ.ი. და 1985 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კლუბში, ძალადობის გამოყენების მუქარით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს არარსებული მენიუს საფასურის, 730 ლარის გადახდა მოსთხოვეს. ერთ-ერთ მოქალაქეს კი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებაც მიაყენეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გარდა ამისა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი იძულების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს სამი პირი –  თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1980 წელს დაბადებული ჰ.ი., 1986 წელს დაბადებული ჯ.თ. და უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ა.შ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჰ.მ., ჯ.თ. და ა.შ. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კლუბში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს 2 700 ლარის ოდენობით თანხის გადახდას აიძულებდნენ არარსებული მენიუსთვის.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფურად ჩადენილი იძულების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით აჭარის პოლიციის დეპარტამენტი  18 მაისიდან იძიებს  ბათუმში არსებულ დისკო კლუბებში მოქალაქეებისთვის გაწეული მომსახურეობასთან და პროდუქტის ღირებულებასთან შეუსაბამოდ მაღალი თანხის გამოძალვის ფაქტებს.  გამოძიების ფარგლებში, მტკიცებულებათა მოპოვების და დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, მათ შორის ფარული ვიდეო-აუდიო გადაღებები.

ჩაქვში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

დღეს, 16 ივნისს, ჩაქვში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მარკის ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ორივე მათგანი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული. რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე.

 

მთავარი ფოტო: მარიანა ადამია

დატოვა თუ არა ენმ აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ – ლევან ვარშალომიძის განმარტება 

ზოგიერთი ონლაინ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლევან ვარშალომიძემ პარტია დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჭორია და არ შეესაბამება სინამდვილეს“, – უთხრა “ბათუმელებს” ლევან ვარშალომიძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან გია აბულაძე “ბათუმელებთან” ამბობს, რომ ინფორმაცია ერთ-ერთი ლიდერის ენმ-იდან წასვლის შესახებ, ხელისუფლებამ გაავრცელა.

“ხელისუფლებას მეტი რომ არაფერი დარჩა ამ სისულელეებს ავრცელებს ახლა”, – თქვა გია აბულაძემ.

მთავარი ფოტო: ლევან ვარშალომიძის ფეისბუქ გვერდიდან

ენმ: მოძალადე საკრებულოს წევრები დაისაჯონ და შეუწყდეთ უფლებამოსილება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაცია ოზურგეთში გუშინ, 15 ივნისს მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

[checklist]

  • „დაუყოვნებლივ, პოლიციის მიერ დაკავებული იქნან და დაისაჯონ დანაშაულის ჩამდენი „ქართული ოცნების“ მოძალადე საკრებულოს წევრები და შეუწყდეთ საკრებულოს წევრის უფლებამოსილება;
  • პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ პოლიციაზე უკანონო დავალების გაცემასთან დაკავშირებით, რის გამოც პოლიცია არ ახდენს რეაგირებას.“ – აღნიშნულია ენმ-ს განცხადებაში.

[/checklist]

ოზურგეთის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბესო ქათამაძემ, ამავე საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ტარიელ აროშიძე თავდასხმასა და ცემაში დაადანაშაულა.

გუშინვე, საქართველის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე ბრალი წარედგინა დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ ტარიელ აროშიძეს.

შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 15 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც დასაქმებული არიან საჯარო სამსახურებში თავს ესხმიან საკრებულოს დეპუტატებს, რაზედაც ძალოვანი სტრუქტურები რეაგირებას არ ახდენენ“.

პარტიაში აცხადებენ ასევე, რომ 2018 წლის 30 აპრილს გამთენიისას, როცა ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის ციხისძირიდან ხე გადაჰქონდათ, „ასობით პოლიციელის თვალწინ ქობულეთის საკრებულოს წევრი ვაჟა შავიშვილი და მისი ძმა თენგიზ შავიშვილი თავს დაესხნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს – ბათუმის საკრებულოს წევრს ნოდარ დუმბაძესა და როინ ზოიძეს, ასევე ქობულეთის საკრებულოს წევრს, ბონდო თედორაძეს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ედუარდ თედორაძეს, რომლებსაც მიაყენეს ფიზიკური დაზიანება“.

„პოლიციელები უშუალოდ ესწრებოდნენ დანაშაულის ჩადენის პროცესს როცა შეიარაღებული შავიშვილები თავს ესხმოდნენ ადამიანებს, თუმცა რეაგირებას არ ახდენდნენ, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალიჩინოსნებისაგან მიღებული აქვთ დავალება, რომ რეაგირება არ მოახდინონ. როგორც ჩანს დაუსჯელობამ წაახალისა ოზურგეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრებიც და გუშინ თავს დაესხნენ ოზურგეთის საკრებულოს წევრსა და აგვისტოს ომის მონაწილეს ბესო ქათამაძეს“ – თვლიან ენმ-ში.

ამავე თემაზე:

ახალი ფაქტი – ივანიშვილისთვის ხეებს სახელმწიფო მიწიდან თხრიან, მთავრობამ კი არაფერი იცის

ენმ-ის თქმით, წუხელ მათ აბაშიძის დროინდელი თანამდებობის პირები დაესხნენ თავს – ივანიშვილის ხეები

მოდი, შევრიგდეთ – ქობულეთის საკრებულოს თვამჯდომარე ენმ-ის წევრების ცემაზე

ბათუმში მოსახლეობამ გენერალ აბაშიძის ქუჩა ავტომობილებისთვის თვითნებურად ჩაკეტა

ბათუმში გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის ერთი მონაკვეთი მოსახლეობამ თვითნებურად სამ ადგილას გადაკეტა. ქვები, ნაგვის ურნები და ელექტროენერგიის ბოძები – ამ დაბრკოლების გადალახვა მოგიწევთ, თუკი მანქანით გადაწყვეტთ გენერალ აბაშიძის ქუჩაზე გადაადგილებას. გზის გადაკეტვის მიზეზი მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა. აბაშიძის ქუჩის მცხოვრებნი ამბობენ, რომ თითოეული მანქანის გავლაზე ქუჩაზე მტვრის ბუღი დგება და სუნთქვა შეუძლებელია.

ხშირად ხდება კონფლიქტი ადგილობრივებსა და მძღოლებს შორის, რომლებიც ქუჩაზე გასავლელად ნაგვის ურნებს სავალი გზიდან გადაადგილებენ. გენერალ აბაშიძის ქუჩა აღმაშენებლის ადმინისტრაციულ ერთეულს ეკუთვნის.  ბათუმის მერიაში პრობლემის შესახებ იციან, თუმცა ამბობენ რომ ფული არ აქვთ, მის გადასაჭრელად.

„საქმის კურსში ვარ, ხალხი ასფალტს ითხოვს, მაგრამ წელს ბიუჯეტში არაა ეგ გზა ჩადებული. მომავალში იქნება. მერიამ, კეთილმოწყობამ იცის ეგ პრობლემა. რამენაირად შემოსულობების ხარჯზე თანხა თუ მოიძებნა, უფრო ადრე დააგებენ გზას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეულის მენეჯერმა იოსებ ტარიელაძემ.

გადაკეტილი გენერალ აბაშიძის ქუჩა ბათუმში
ქვების და ნაგვის ურნების გარდა გენერალ აბაშიძის ქუჩა ლამპიონების ბოძებითაცაა გადაკეტილი

 

ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქართულ აბრეშუმს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

„მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ქართული აბრეშუმი“.

დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა“ – აღნიშნულია ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებაში.

აბრეშუმს განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ძველად ქართველი ქალის კაბების, ასევე მამაკაცის სამოსელის [ჩოხა-ახალუხი, ყაბალახი] შეკერვისას.

აბრეშუმისგან ამზადებდნენ სხვადასხვა აქსესუარებსაც, მაგალითად, ლაზი ქალების კაბები ძირითადად ატლასის იყო, წელზე კი აბრეშუმის სარტყელი – ორტყაფუ ჰქონდათ შემოხვეული.

ამ თემაზე:

როგორ იცვამდნენ ძველად აჭარაში

ბათუმის მერიას დავების საბჭოში უჩივიან – 438 ათასი ლარი ჭკვიანი კამერებისთვის

ბათუმის მერიას, ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების მოვლა-პატრონობის მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში, კომპანია „იუჯითი“ დავების საბჭოში უჩივის. სატენდერო თანხა 438 233 ლარია, ტენდერში მონაწილე „დელტა კონსალტინგი“ კი მერიას შესაბამის მომსახურებას 399 129 ლარად სთავაზობს. მერიის სატენდერო კომისიამ ამ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

სწორედ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება გახდა საფუძველი „იუჯითისთვის“, ეჩივლა სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭოში.

„იუჯითის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ „დელტა კონსალტინგის“ მიერ სატენდერო წინადადებაში IP კამერების მიმართულებით წარმოდგენილი იქნა გიორგი მეტრეველის და დიმიტრი ფაროიანის სახელზე გაცემული სერტიფიკატები [რომელზედაც გამოსახულია კომპანია Dahua Technology საფირმო ნიშანი], თუმცა ისინი არ ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული პიროვნებები წარმოადგენენ სერტიფიცირებულ სპეციალისტებს IP კამერების სპეციალიზაციით:

„სერტიფიკატზე გამოსახული ტექსტის შინაარსი შემდეგია: „სერტიფიკატი – აღნიშნულით ვადასტურებთ, რომ დიმიტრი ფაროიანმა [მეორე შემთხვევაში გიორგი მეტრეველმა] დელტა-კონსალტინგიდან მონაწილეობა მიიღო Dahua-ს სემინარში, რომელიც ჩატარდა 2017 წლის 28 ნოემბერს“. ნათელია, რომ სემინარში მონაწილეობა ვერ გამოდგება კონკრეტული კვალიფიკაციის დასადასტურებლად, დოკუმენტის შინაარსიდან ირკვევა, რომ განხორციელდა მხოლოდ მონაწილეობის მიღება სემინარში და არ მომხდარა ამ პირების კვალიფიკაციის გადამოწმება და არ მინიჭებიათ მათ რაიმე სახის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სტატუსი [ინჟინრის ან/და სპეციალისტის]“.

„დელტა კონსალტინგის“ მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული სერტიფიკატები, არა თუ ადასტურებს კონკრეტული პირების კვალიფიკაციას/სტატუსს, არამედ დოკუმენტების ნაწილიდან ისიც კი არ ირკვევა რის შესახებ იყო შესაბამისი კურსი/სემინარი, რომელსაც დაესწრენ მითითებული პირები. ცალსახაა, რომ „დელტა კონსალტინგის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ვერ ადასტურებს კონკრეტული პირების კვალიფიკაციას/სპეციალიზაციას და მათ სერტიფიცირებას IP კამერების მიმართულებით, შესაბამისად ნათელია, ვერ იქნა დაკმაყოფილებული ტენდერის 2.4.1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, რაც თავისთავად წარმოადგენდა „დელტა კონსალტინგის“ დისკვალიფიკაციის საფუძველს“ – აღნიშნულია „იუჯითის“ საჩივარში.

მოსარჩელე მხარე მოითხოვს, რომ გაუქმდეს 2018 წლის 11 ივნისის ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი #77-3 შპს „დელტა კონსალტინგის“ გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ და „დელტა კონსალტინგი“ დისკვალიფიცირებული იქნეს აღნიშნული ტენდერიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში საჩივარი მიღებულია და მისი განხილვა 2018 წლის 18 ივნისსაა ჩანიშნული.

ბათუმის მერიამ კამერების [სისტემების] მოვლა-პატრონობისთვის ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოაცხადა, შესაბამისად სისტემაში არ ჩანს ტენდერში მონაწილე სხვა პრეტენდენტი. ვინ მიიღო ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდება, რაც გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.

ტენდერში გამარჯვებულს ბათუმის ტერიტორიაზე განთავსებული 215 ერთეული IP კამერის (Pelco IXE31), 195 ერთეული ჩართვის წერტილის უწყვეტი კვებით მომარაგების სისტემისა და სასერვეროს, როგორც ერთიანი ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მოვლა-პატრონობა ევალება.

ამასთან, მანვე უნდა უზრუნველყოს მერიის შენობაში [ლ. ასათიანის ქ. N25, ბათუმი] მონიტორინგის ოთახის აღჭურვა – შიდა კომპიუტერული ქსელის შექმნა და ქალაქში განთავსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ერთიან ქსელზე დაერთება.

მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ამ თემაზე:

215 სათვალთვალო კამერა ბათუმში და 438 ათასი ლარი ბიუჯეტიდან მათი პატრონობისთვის

 

 

შსს: ყაჩაღობისა და უკანონო საზღვრის კვეთის ბრალდებით სარფსა და თბილისში ნათესავები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატების დაყაჩაღების ფაქტი გახსნეს. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და უკანონო საზღვრის კვეთის ბრალდებით ნათესაურ კავშირში მყოფი რ.ხ. და ლ.ზ. თბილისში და სარფში დააკავეს.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-იდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამინისტროს განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასატორზე რ.ხ.-ზე ვითომ ყაჩაღური თავდასხმა დაგეგმეს და ზაჰესში განახორციელეს; თავდასხმის იმიტაციით მათ პოლიციისთვის კვალის არევა და დიდი ოდენობით თანხის [149 828 ლარი, 220 დოლარი] მითვისება, ასევე ქვეყნის უკანონოდ დატოვება სცადეს.

„გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 2-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო. გამოძიების მსვლელობისას მოწმის სახით გამოკითხულმა ინკასატორმა რ.ხ.-მ სამართალდამცველებს თავდაპირველად განუცხადა, რომ ზაჰესში მას ორმა დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გააღებინეს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის კარები და წაართვეს ინკასაციის დროს ამოღებული 149 828 ლარი და 220 დოლარი. ამის შემდეგ შეუკრეს ხელები, წაართვეს ავტომანქანის გასაღები, მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ

როგორც გამოძიებით გაირკვა, წინასწარი შეთანხმებით სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასატორმა 1985 წელს დაბადებულმა რ.ხ.-მ, მისი ნათესავის 1990 წელს დაბადებულ ლ. ზ.-ის მონაწილეობით დაგეგმეს ყაჩაღობის ინსცენირება და წინასწარ შერჩეულ ადგილზე, სადაც არ არის დამონტაჟებული ვიდეო-სათვალათვალო კამერები გაითამაშეს დაყაჩაღების ფაქტი.

ჩადენილი დანაშაულისათვის, რ.ხ. სარფში სასაზღვრო-გამშვები პუნქტზე, ხოლო ლ.ზ. ქ.თბილისში იქნენ დაკავებული. სამართალდამცველებმა საგამოძიებო ექსპერიმენტისას ლ.ზ.-ს საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში მითვისებული თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალად ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ „დ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე 370-ე მუხლის მე–3 ნაწილით და 344 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა [წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება, ცრუ ჩვენება და საზღვრის უკანონო კვეთა.]“ – აცხადებს შსს.

მორიგ ტიტას ხეს, რომელიც ენმ-ს არ მიჰყიდეს, ივანიშვილის პარკისთვის ამზადებენ [ფოტო, ვიდეო]

ქობულეთის სოფელ ციხისძირში, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალთან ახლოს, მრავალწლოვანი ტიტას ხე გადასატანად თითქმის გამზადებულია. ხე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ.

კომპანიაში, რომელიც ხეს გადასატანად ამზადებს, გვითხრეს, რომ ტვირთის წონა მთლიანობაში 1000-მდე ტონა იქნება.

ტიტას ხის გადატანა სამ-ოთხ დღეში დაიწყება და მას ჩაქვიდან შეკვეთილში ზღვით წაიღებენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციამ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 2018 წლის აპრილში სახელმწიფო უწყებებს წერილობით მიმართა, რომ ამ ტიტას ხეს თავად შეიძენდნენ.

ფრაქციაში ამბობენ, რომ ამ და სხვა ხეების შეძენასთან დაკავშირებით მთავრობას არაერთხელ მიმართეს.

„როგორც წერილობით გაცნობეთ, ჩვენ მზად ვართ შევისყიდოთ ხეები იმაზე მაღალ ფასში, ვიდრე სახელმწიფო ასხვისებს ბიძინა ივანიშვილზე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იგეგმება ივანიშვილზე არაერთი ხის გასხვისება, მათ შორის ციხისძირში.
გთხოვთ, გადმოგვცეთ საკუთრებაში ციხისძირში მდებარე ხე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ გადავიხდით იმაზე მეტ თანხას, ვიდრე ბიძინა ივანიშვილმა გადაიხადა. მზად ვართ, ადგილზე გაჩვენოთ ჩვენ მიერ შერჩეული ხე, რომლის შეძენაც გვსურს“, – აღნიშნულია ფრაქციის წერილში.

ფრაქციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან წერილობითვე უპასუხეს, სადაც აღნიშნულია, რომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში დეპუტატთა გაერთიანება – ფრაქცია, ვერ გახდება სახელმწიფო ქონების შემძენი“.

სააგენტოს პასუხი ფრაქციას

ტიტას ხე ისე გადააქვთ, რომ ის არც აუქციონის და არც სხვა რაიმე ფორმით არ გაყიდულა. ადრე „ბათუმელებს“ ქონების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რომ ტიტას ხე ციხისძირში კერძო კომპანიის საკუთრებაშია. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი ამტკიცებს, რომ ხე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზეა და ის ბიძინა ივანიშვილს უკანონოდ მიაქვს.

იმ ადგილის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ტიტას ხე ამოიღეს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ [ჯამში 18 136 კვ/მ მიწის ნაკვეთები], აუქციონზე ყოველგვარი პირობის გარეშე გაყიდეს. უძრავი ქონება სახელმწიფოსგან ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ – „ბიზნეს დეველოპმენტმა“ 1 მილიონ 99 ათას ლარად, საინვესტიციო ვალდებულების გარეშე შეიძინა.

ამ ნაკვეთებიდან რამდენიმე ხე ადრეც ამოიღეს და შეკვეთილში გადაიტანეს. ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა ამ დრომდე მუშაობს და ფერდობი თითქმის გადათხრილია.

ციხისძირი, ტიტას ხე [ცენტრში], რომელიც შეკვეთილში გადააქვთ / 14.06.2018
გადასატანი ტვირთი მთლიანობაში 1000-მდე ტონას იწონის / შეკვეთილში გადასატანი ტიტას ხე ციხისძირში / 14.06.2018
ბათუმი-თბილისის მაგისტრალი [მარჯვნივ] და ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთში შემავალი გზა [მარცხნივ], საიდანაც ხეები გაიტანეს / ტიტას ხე გადასატანად მზადაა / 14.06.2018
ტიტას ხეს ციხისძირიდან 3-4 დღეში გადაიტანენ / 14.06.2018
ამ ტერიტორიიდან, რომელიც მთავრობამ ბიძინა ივანიშვილს უპირობოდ მიჰყიდა, ხეები შეკვეთილში ადრეც გადაიტანეს / 14.06.2018

აჭარიდან მრავალწლოვანი ხეების ამოთხრისა და შეკვეთილში მათი გადატანის დამკვეთი შპს „ურეკი რეზიდენსია“. ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის ივლისში დააფუძნა. გასული წლის იანვარში კი, კომპანიის წილის 100% თავის შვილს, ბერა ივანიშვილს საკუთრებაში 4 მილიონ ლარად გადასცა. „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია დღეს ის ნაკვეთები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შეკვეთილში, სადაც მილიარდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ე.წ. დენდროლოგიურ პარკს აშენებს.

ამავე თემაზე:

ახალი ფაქტი – ივანიშვილისთვის ხეებს სახელმწიფო მიწიდან თხრიან, მთავრობამ კი არაფერი იცის

 

 

შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის ჩანასახის ეპოპეა: 7 მაისის შეხვედრა

ავტორი: ესმა გუმბერიძე

2018 წლის 7 მაისს იუსტიციის სამინისტროში შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის სამუშაო ვერსიის შედგენასთან დაკავშირებულ შეხვედრას შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე აქტივისტები და არასამთავრობოების წარმომადგენლებიც ვესწრებოდით. ეს მართლაც რომ „დასწრება“ იყო და არა – „მონაწილეობა“. ამ შეხვედრის შესახებ სფეროში მომუშავე აქტივისტებისგან შევიტყვე და არა იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური წყაროდან. ჩვენი პლატფორმის სახელით რეკომენდაციებიც დროულად გავუგზავნეთ სამინისტროს.

შეხვედრის პირველ ნაწილს იუსტიციის მინისტრი, ქალბატონი თეა წულუკიანი უძღვებოდა. თავიდანვე გამოგვიცხადეს, რომ ეს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით უკანასკნელი შეხვედრაა ამ კანონის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით. მინისტრის ოთახში ყოფნისას კანონთან დაკავშირებით რეკომენდაციებისა და მოსაზრებების გამოთქმის საშუალება ჰქონდათ მხოლოდ საჯარო სტრუქტურების (სამინისტროები, იურიდიული დახმარების სამსახური, ცესკო, სახალხო დამცველის აპარატი) წარმომადგენლებს. შეხვედრიდან გასვლამ მინისტრს იმის შესაძლებლობაც მისცა, რომ მასთან კითხვის დასმის საშუალება არავის ჰქონოდა. აბა მიმდინარე შეხვედრიდან ხომ ვერ გამოყვებოდა მას ვინმე დერეფანში, როცა მან სასწრაფოდ დატოვა შეხვედრა პოლიტსაბჭოს სხდომაზე მისვლის აუცილებლობის გამო.

შეხვედრის დაწყებისთანავე გვაცნობეს, რომ ამ კანონის ტექსტის შემუშავებაში ჩართული იყო  შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე 150 არასამთავრობო ორგანიზაცია. ერთ-ერთი ექსპერტ, რომლის ლექციასაც ვესწრებოდი, მოყვა, რომ ჩაატარა საქართველოში მოქმედ არასამთავრობოთა სწრაფი კვლევა. იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ მეწარმეთა და არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირთა რეესტრში დაფიქსირებულ ააიპთაგან მხოლოდ 150–ს აღმოაჩნდა მოქმედი საკონტაქტო ინფორმაცია: ანუ, მაგალითად, ტელეფონი, რომელსაც რეალურად პასუხობდნენ, ელ-ფოსტა, სოციალური ქსელი. მხოლოდ 40 ააიპს არ აქვს წყვეტა ფინანსურ ბრუნვაში. გამოდის, რომ საქართველოში თუკი რამე არასამთავრობოა, რომელიც კონტაქტზე გამოდის, სულერთია, რა მიმართულებით მუშაობს, ჩართული იყო ამ კანონის სამუშაო ვერსიის შემუშავებაში? არც ერთი არ გამოკლებია? ან 150-ვე მეტნაკლებად აქტიური ორგანიზაცია როგორ მუშაობს შშმ პირთა უფლებებზე? და თუ ასეთი ფართო ჩართულობა მართლა იყო, ამდენ ხალხთან ცალ-ცალკე დაკავშირებას, წერას, არ ერჩივნათ გამოეცხადებინათ საჯარო კონსულტაცია?

რა აკლია შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონს

ამ კანონის ტექსტი საკმაოდ ზოგადია, არ არის გაწერილი შშმ პირთა სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის თანაბარი და დაბალანსებული ჩართულობის პრინციპი. არც ჩართულობის დღეს არსებული მექანიზმები (მაგალითად, მუნიციპალიტეტებთან, სახალხო დამცველთან და საქართველოს მთავრობასთან არსებული შშმ პირთა უფლებების საკონსულტაციო საბჭოები) მათი დაკომპლექტების ძირითადი პრინციპები (მაგ. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება, გამჭვირვალობა, წევრთა მონაცვლეობა; ის, რომ საბჭოში უნდა შედიოდნენ როგორც შშმ პირთათვის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციები, ისე სახელმწიფო დაფინანსებისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციები და აქტივისტები; როგორც თბილისის, ისე საქართველოს რეგიონების წარმომადგენლები; სხვადასხვა კატეგორიის შშმ პირები: უსინათლოები, სმენის არმქონე პირები, ინტელექტუალური და ფსიქო–სოციალური საჭიროების მქონე პირები ან მათი წარმომადგენლები, მობილობის შეზღუდვის მქონე პირები, შშმ ბავშვთა მშობლები; შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციები, მათ შორის საერთაშორისო) თუ ამ საბჭოების ძირითადი მოვალეობებია მითითებული. საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებით ნათქვამია მხოლოდ, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს შშმ პირთათვის მათი საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე დახმარებით, თუმცა არაფერია ნათქვამი კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და ზოგადად პოლიტიკის დაგეგმვისას შშმ პირთა ჩართულობის აუცილებლობის შესახებ.

არც სხვა კანონებში შესატან ცვლილებათა პაკეტი ჩაგვვარდნია აქტივისტებს ხელში. არადა აუცილებელია, რომ ახლდეს ამ  კანონის მიღებას სხვა სამართლებრივ აქტებში ცვლილებები, მაგალითად, ტექსტის გაცნობისა და ხელის მოწერის ალტერნატიული საშუალებების აღიარება (კომპიუტერით მოსმენა, პირადობით ხელმოწერის დაფიქსირება ან თითის ანაბეჭდით). ეს, სხვათა შორის, მნიშვნელოვანია არამხოლოდ უსინათლოებისთვის, არამედ ზოგიერთი სხვა კატეგორიის შშმ პირთათვისაც.

დროა, კანონმდებლობა ტექნოლოგიებს დაეწიოს და დაინახოს ტექსტის გაცნობის სხვა  გზებიც – არამხოლოდ თვალით წაკითხვა. ძირითადად ჭარბობს ფრაზები „შესაძლოა, განიხილოს შშმ პირთა დასაქმების ხელშესაწყობად დროებითი ზომის სახით დასაქმების კვოტების დადგენის მიზანშეწონილობა… სახელმწიფო ხელს შეუწყობს უცხოური საუკეთესო პრაქტიკებისა და სტანდარტების გადმოტანას… ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის დაგეგმვისას მხედველობაში მიიღებს შშმ პირთა საჭიროებებს… განიხილავს.. შესაძლებლობას…“.

ამგვარი ფორმულირებები სინამდვილეში არავითარ ვალდებულებას  არ ნიშნავს. მაგალითად ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის დაგეგმვისას მხედველობაში უნდა მიიღოს შშმ პირები, არ ნიშნავს, რომ სამინისტრო მართლა ვალდებულია მათ საჭიროებებზე ფული გამოყოს. მან მხოლოდ მხედველობაში უნდა მიიღოს, დაფიქრდეს, თუმცა ამ ჩანაწერის წინააღმდეგაც გამოვიდნენ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. იგივე ეხება შშმ პირთა დასაქმების კვოტებს. ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ უნდა შეაფასოს კვოტების შემოღების შესაძლებლობის მიზანშეწონილობა, ნიშნავს, რომ ან შეაფასებს ან არა და რომც შეაფასოს, ან ჩათვლის მიზანშეწონილად ან – არა. ეკონომიკის სამინისტროს მაინც ჰქონდა ამის საწინააღმდეგო პოზიცია. იუსტიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსმა, ირინა წაქაძემ ეს ღია ტექსტით განუმარტა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის მიერ დასმული კითხვის პასუხად თეა წულუკიანი შეტევაზე გადავიდა, სახალხო დამცველმა ვინ უნდა აკრიტიკოს შშმ პირთა უფლებების არდაცვაზე, როცა მისი ოფისის შენობა მიუწვდომელიაო. ხო მაგრამ შენობებს ფლობს აღმასრულებელი ხელისუფლება, ფინანსების განაწილების კომპეტენცია კი პარლამენტს აქვს. სახალხო დამცველმა დამოუკიდებლად როგორ უნდა მოაგვაროს შენობის საკითხი, თუ მთავრობისგან ხელშეწყობა არ ექნა. სახალხო დამცველისთვის ოფისის მიუწვდომლობისა და საშიშ მდგომარეობაში ყოფნის დაბრალება ძალიან უსამართლო მომეჩვენა.

სახელმწიფო სტრუქტურებმა სთხოვეს გაეროს განვითარების პროგრამას, დაეთვალათ ამ კანონის მიღების ფინანსური ეფექტები – რამხელა იქნება კანონის მიღების შედეგად სახელმწიფო დანახარჯები შშმ პირებზე, რამდენით გაიზრდება ეს დანახარჯები? რამდენად დაიტვირთება კერძო სექტორი? რამდენად გაუმჯობესდება შშმ პირთა ფინანსური მდგომარეობა… ძნელია დათვალო, რამდენი ჯდება „დაფიქრება“, „მხედველობაში მიღება“.

ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ბიზნესის ყველა დაინტერესებული წარმომადგენლისთვის ამ საკანონმდებლო წინადადების გაცნობა ვერ შეძლეს. მე ვთხოვე მინისტრს გაასაჯაროვოს კანონის სამუშაო ვერსია და ყველა დაინტერესებული მხარე მარტივად შეძლებს მის გაცნობას. ამაზეც უარი მივიღე.


ავტორის შესახებ

ესმა გუმბერიძე არის 23 წლის, აქტივისტი, პლატფორმა „ახალი შესაძლებლობებისთვის“ თანადამფუძნებელი და სახალხო დამცველთან არსებული გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს მოწვეული წევრი.

ესმა გუმბერიძემ დაამთავრა უსინათლოთა სკოლა, ფლექსის პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ განათლების მიღება გააგრძელა თავისუფალ უნივერსიტეტსა და თსუ-ში.

ქობულეთის შემოვლითი გზა იხსნება – ბათუმსა და თბილისს შორის მგზავრობა 30 წუთით მცირდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზა [ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან-სოფელ გვარამდე მონაკვეთი] 2018 წლის 18 ივნისს გაიხსნება.

„გზის ოფიციალური გახსნა ორშაბათს, 18 ივნისსა დაგეგმილი, თუ რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება“ – გვითხრეს დეპარტამენტში.

ქობულეთის შემოვლითი გზა ოზურგეთის სოფელ შეკვეთილიდან ქობულეთის სოფელ გვარამდე მონაკვეთში გახსნილია [პირველი ლოტი]. გვარადან მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთი [მეორე ლოტი] კი ახლა გაიხსნება. მთლიანობაში, ეს გზა ბათუმსა და თბილისს შორის მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს.

ამ გზის სრულად გახსნის შემდგომ ავტომანქანით გადაადგილება მახინჯაურის გვირაბიდან ოზურგეთის სოფელ შეკვეთილამდე [და პირიქით] ისე იქნება შესაძლებელი, რომ მანქანა არ გაივლის ჩაქვს [უღელტეხილს], ქალაქ ქობულეთსა და ჩოლოქს [ფიჭვნარს].

ახალი გზა ორზოლიანია და დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 90 [თუ გზა თავისუფალია 105] კილომეტრია საათში.

ჩაქვი. გვირაბის მიმდებარე ტერიტორია. აქ იწყება ახალი გზა, რომლის გახსნის შემდეგ ავტომობილი შეკვეთილში ისე ჩავა, რომ არ გაივლის ჩაქვს და ქობულეთს / 14.06.2018

ამავე თემაზე:

ქობულეთის შემოვლითი გზა ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება


იხილე დიდ რუკაზე

სიახლეები აჭარულ ღვინის სახლში – შატოს ტიპის რესტორანი ბათუმთან ახლოს

აჭარაში ჩამოსული სტუმრისა თუ ადგილობრივებისათვის ერთ-ერთი საყვარელი და აუცილებლად მოსანახულებელი ადგილი აჭარული ღვინის სახლია. აქ, ულამაზესი ბუნების ფონზე, უგემრიელესი ქართულ-ევროპული სამზარეულოსა და ექსკლუზიური ღვინოს დაგემოვნება შეგიძლიათ.

შატოს ტიპის რესტორანი იდეალური კომპლექსია დასვენებისა და დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის. აქ ნახავთ საფეხმავლო ბილიკებს, ადგილობრივი ვაზის ჯიშის ვენახს, ღვინის ქარხანას, მარანს, ენოთეკას, ეთნოგრაფიული ელემენტებით გაწყობილ დარბაზებს, საუკუნისწინანდელ ქვის საწნახელს და გაეცნობით ისტორიებს, რომლებსაც სხვაგან ვერსად მოისმენთ.

აჭარულ ღვინის სახლში ჩვენს „ბინადრებსაც“ გაიცნობთ: ოქროს თევზებს, კურდღლებს, ჩვენს საუკეთესო მეგობარსა და დარაჯ ძაღლს. ამ ყველაფერს განსაკუთრებულ იერს მდინარე აჭარისწყლის დინება, ბუნების მწვანე საფარი და ცამდე აზიდული მთები მატებს.

წელს აჭარული ღვინის სახლი განახლებული სერვისებით შეხვდა ტურისტულ სეზონს და სტუმრებს შემდეგ მომსახურებებს სთავაზობს:

  • ექსკურსია და ღვინის დეგუსტაცია
  • ჩურჩხლის ამოვლება
  • თონის პურის გამოცხობა
  • მწვადის შეწვა
  • ხინკლის მოხვევა
  • ჭაჭის გამოხდა და სხვა მასტერკლასები

ასევე, აჭარული ღვინის სახლი გთავაზობთ ორგანიზებულ მარშრუტებსა და ქვევრის გახსნის რიტუალს, რომლის დროსაც გაეცნობით ღვინის დაყენების (დავარგების) ტექნოლოგიას, რომელიც იუნესკოს არამატერიალურ ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შეტანილი. ქვევრის გახსნის რიტუალში მონაწილეობა ამაღლებს განწყობას, ორშიმოთი დაგემოვნებულ ღვინოს კი სრულიად სხვა გემო აქვს, იგი ქმნის კულტურულ გარემოს შემეცნებითი დასვენებისთვის.

ღვინის სახლში ექსკურსიის დროს სტუმარს შეუძლია ადგილობრივი წარმოების ექსკლუზიური ღვინო დააგემოვნოს და მოისმინოს ისტორიები ღვინის წარმოების ტრადიციული ტექნოლოგიების შესახებ.  თუ სტუმარს ღვინის დეგუსტაციის სურვილი ნაკლებად აქვს, ტურის ღირებულებაში შედის ყავა/ჩაი ან გამაგრილებელი სასმელები.

აქ მოსული ყველა სტუმარი თავის ინტერესებსა და სურვილებზე მორგებულ სერვისს ირჩევს.

აჭარული ღვინის სახლი საუკეთესო ადგილია ქორწილების, კორპორატიული შეკრებებისა თუ დაბადების დღეების მოსაწყობად. ახალშეუღლებულ წყვილებს მომავალი თვიდან შეეძლებათ თავიანთი სახელობის ქვევრის გახსნა და ერთობლივი ცხოვრების უძველესი ქართული ტრადიციით დაწყება.

  • ჩვენთან ყველაფერი გემრიელია – აჭარული ღვინის სახლი გთავაზობთ აჭარულ და ქართულ სამზარეულოს ევროპული ელემენტებით, რომელიც მუდმივად ხიბლავს ქართველ და უცხოელ გურმანებს. თითოეული კერძი მზადდება ახალი და მთიან რეგიონში მოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან.
  • სიყვარულის კოშკი – ასე ჰქვია ადგილს, რომელიც თავისი განსაკუთრებული ვიზუალით იზიდავს სტუმრებს. დაგეგმე შენი რომანტიკული ვახშამი ჩვენთან, სადაც ყველაფერია იმისთვის, რომ შეიქმნათ დასამახსოვრებელი მომენტები. ამ ყველაფრის წინაპირობა ჩვენი ექსკლუზიური ღვინოა, რომელიც საუკეთესოა და მისი თითოეული წვეთი თავგადასავლების დასაწყისს გპირდებათ! იპოვე შენი არომატი აჭარულ ღვინის სახლში და შექმენი დაიუვიწყარი მოგონება. აქვე აღსანიშნავია, რომ სუფრასთან მორთმეული 1 ბოთლი ღვინის ფასი 8 ლარიდან იწყება.

ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის ტრასფერის შეთავაზებაა. იმ შემთხვევაში, თუ იქნება მოთხოვნა (არანაკლებ 20 ადამიანი) ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს გადაადგილებას ბათუმიდან აჭარული ღვინის სახლამდე და უკან.

აჭარული ღვინის სახლის გუნდი მუდმივად მუშაობს სიახლეებსა და სერვისის გაუმჯობესებაზე, სამომავლოდ ტურისტებს ვიდეო და აუდიოგიდებსაც შევთავაზებთ.

ესტუმრეთ ღვინის სახლს და გაიგეთ მეტი!

______________

აჭარა, ხელვაჩაური, სოფელი აჭარისწყალი

Tel: (+995) 557-21-40-02 

ვებგვერდი: awh.ge 

 

სად შეიზღუდება ელექტროენერგია აჭარაში – 16-18 ივნისის გრაფიკი

აჭარაში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება აჭარაში შეეზღუდებათ აბონენტებს აჭარის მუნიციპალიტეტებში.

ხვალ, 16 ივნისს, ხულოში 1529 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება 11-დან 11:30 -მდე შეეზღუდება შემდეგ სოფლებში:

  • თხილვანა
  • ბაკო
  • სკვანა და მიმდებარე სოფლები.

ქობულეთში ელექტროენერგია ღამის პირველიდან დილის 8 საათამდე შეეზღუდება 66 აბონენტს სოფლებში:

  • წყავროკა
  • მუხაესტატე

კვირას, 17 ივნისს, ხელვაჩაურში 1 172 აბონენტს დილის 11-დან 18 საათამდე შეეზღუდება ელექტროენერგია:

  • მეჯინისწყალში
  • კახაბერში
  • გონიოში
  • დაბა ხელვაჩაურის ნაწილში

ორშაბათს, 18 ივნისს, ელექტროენერგიის მიწოდება დილის 9-დან 18 საათამდე, მონაცვლეობით, კვლავ შეეზღუდება ქობულეთის მუნიციპალიტეტში 4024 აბონენტს შემდეგ სოფლებში:

  • კვირიკე
  • ბობოყვათი
  • ალამბარი
  • ხუცუბანი
  • ჭახათი
  • გვარა
  • კოხი და მიმდებარე სოფლები
  • ქობულეთი –  კლდიაშვილის, მემედ აბაშიძის, აღმაშენებლისა და მიმდებარე ქუჩები

ხულოში, 18 ივნისს, დილის 10-დან საღამოს შვიდ საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდება  3864 აბონენტს სოფლებში:

  • ქედლები
  • ვაშლოვანი
  • გორგაძეები
  • თხილვანა
  • ბაკო
  • ბოძაური
  • რიყეთი და მიმდებარე სოფლები
  • ასევე მთებს: დიდაჭარა, ვაშლოვანი, ყორანა, თეთრობი და მიმდებარე მთებს.

შუახევში, 18 ივნისს, დილის 10-დან საღამოს შვიდ საათამდე ელექტროენერგია მონაცვლეობით შეეზღუდება 2944 აბონენტს სოფლებში:

  • ფურტიო
  • ბუთურაული
  • ჯაბნიძეები
  • ტბეთი
  • ჭვანა
  • გომარდული
  • ჟანივრი და მიმდებარე სოფლები

18 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებს:

  • სიხალიძეები
  • გულები
  • ოქტომბერი
  • მეძიბნა და მიმდებარე სოფლები
  • დაბა ქედის ნაწილი

4 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული მოსამართლეს: სამუდამო პატიმრობას მომისჯით?

4 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ საირახონ მირბობოიევას მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობაში დარჩენა თავად ბრალდებულმაც ითხოვა.

პროკურატურის ვერსიით, ბრალდებული მიმდინარე წლის 11 მაისიდან ცხოვრობს ბათუმში. ის უზბეკეთიდანაა და აეროპორტის დასახლებაში უზბეკ ნათესავთან ერთად ცხოვრობდა. მოკლული ბავშვი სწორედ ამ ნათესავის შვილია.

ბავშვის დედა თურქეთში აპირებდა გადასვლას და რამდენიმე დღეში უკან დაბრუნებას. 4 წლის გოგოსთვის კი ბრალდებულს უნდა მოევლო.

თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ბავშვის დედას დეპორტი გაუკეთეს – ის უზბეკეთში იძულებით დააბრუნეს. საკითხის გარკვევამდე ბავშვზე ზრუნვის ვალდებულება ბრალდებულმა აიღო.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ბავშვი 13 ივნისს, საღამოს 10 საათიდან 12 საათამდე მოკლა ბრალდებულმა “სხეულზე მრავლობითი დაზიანების მიყენებით”.

იმავე ღამით ბრალდებულმა მოკლული ბავშვის ცხედარი პოლიციის მეშვიდე განყოფილებაში დატოვა.

“ბრალის დადასტურების შემთხვევაში, თქვენ გელით თავისუფლების აღკვეთა 13-დან 17 წლამდე ან უვადოდ,” – მიმართა ბრალდებულს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა, რომელმაც დღეს აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილა.

ბრალდებულმა მხოლოდ ერთი შეკითხვით მიმართა მოსამართლეს:

“მაინტერესებს, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მომისაჯოთ? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ვიცი, დამნაშავე ვარ,”- თქვა მან.

მოსამართლემ განმარტა, რომ დღეს ბრალეულობის საკითხი არ განიხილებოდა.

ბრალდებულს სახელმწიფო იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი, ლაშა რომანაძე იცავს. მან მოსამართლეს უთხრა, რომ ბრალდებული პატიმრობაში დარჩენას ითხოვს.

“გირაოთი გათავისუფლების შემთხვევაში, არსებობს ბავშვის დედის მხრიდან ბრალდებულთან დაპირისპირების საფრთხე,” – აღნიშნა ადვოკატმა.

ბრალდებულს აღიარებითი ჩვენება გამოძიებისთვის არ მიუცია. ადვოკატის თქმით, იგი ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს

 

გონიოს ხიდიდან მახოს ხიდამდე ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

„აჭარაში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც განტვირთავს სარფისკენ მიმავალ ცენტრალურ გზას და ხელს შეუწყობს მაღალმთიანი აჭარის ტურიზმის განვითარებას,“ – ასე აფასებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ჭოროხის შემოვლითი გზის მშენებლობას.

ზურაბ პატარაძე ჭოროხის შემოვლითი გზის მშენებლობა დაათვალიერა
ზურაბ პატარაძემ ჭოროხის შემოვლითი გზის მშენებლობა დაათვალიერა

ჭოროხის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-2 ეტაპის ფარგლებში უკვე დასრულდა გზის 3500 მეტრამდე მონაკვეთის მშენებლობა.  სამეტაპიანი პროექტი 5700 მეტრი სიგრძის მონაკვეთს მოიცავს და მისი  სრული ღირებულება 8 253 000  ლარს შეადგენს.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რეგიონში მზარდი ტურიზმისა და ეკონომიკის პირობებში, მნიშვნელოვანია ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, რასაც საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან ერთად აჭარის საგზაო დეპარტამენტი ეტაპობრივად ახორციელებს.

საავტომობილო გზის მე-2 -ე ეტაპის ფარგლებში უკვე დასრულდა გზის 3500 მეტრამდე მონაკვეთის მშენებლობა
საავტომობილო გზის მე-2 ეტაპის ფარგლებში უკვე დასრულდა გზის 3500 მეტრამდე მონაკვეთის მშენებლობა

„ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება. შესაბამისად, ამ მიმართულებით აჭარაში მართლაც ისტორიული და უმნიშვნელოვანესი პროექტები ხორციელდება. ჭოროხის საავტომობილო გზის გარდა, აქტიურ ფაზაშია ესტაკადის მშენებლობა, ივნისის ბოლომდე გაიხსნება ქობულეთის შემოვლითი გზა, სულ მალე კი დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაც” – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჭოროხის შემოვლითი გზის მეორე ეტაპის სამუშაოები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან და აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროს არჩილ ჩიქოვანთან ერთად დაათვალიერა.

სამეტაპიანი პროექტი 5700 მეტრი სიგრძის მონაკვეთს მოიცავს და მისი სრული ღირებულება 8 253 000 ლარს შეადგენს.
სამეტაპიანი პროექტი 5700 მეტრი სიგრძის მონაკვეთს მოიცავს და მისი სრული ღირებულება 8 253 000 ლარს შეადგენს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში აჭარიდან კონკურსანტები ვერ მოხვდნენ

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული დასახელდა, სადაც აჭარიდან მონაწილე ვერც ერთი კონკურსანტი ვერ მოხვდა. აჭარიდან კონკურსში ექვსი პედაგოგი მონაწილეობდა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრები არიან:

  1. ელისო აბრამიშვილი – საჩხერის მუნიციპალიტეტის, ქალაქ საჩხერის სსიპ ილია ჭავჭავაძის #2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი
  2.   ნინო გურეშიძე – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნება, ხელოვნება) მასწავლებელი
  3. ნადია დაბრუნდაშვილი – ხაშურის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ხაშურის №1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი
  4. მანანა კაპეტივაძე – ბაღდათის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ბაღდათის №2 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი;
  5. ლელა კოტორაშვილი – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  6. ჯაბა ლაბაძე – ხაშურის მუნიციპალიტეტის, დაბა სურამის №2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი
  7. დაჩი ნანობაშვილი – თბილისის ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის სკოლა „ჰამილტონის“ მათემატიკის მასწავლებელი;
  8. თემურ სუყაშვილი – მარნეულის მუნიციპალიტეტის, ქალაქ მარნეულის №2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიისა და ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი;
  9. ნაზი ჩოფიკაშვილი – ყაზბეგის მუცნიპალიტეტის, დაბა სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონის მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი;
  10. ნინო ჭიჭინაძე – მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ იელის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნება).

ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 104 მასწავლებელი მონაწილეობდა, მათგან საუკეთესო ათეული სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

შემდეგ ეტაპზე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეული შეირჩევა, ოქტომბერში კი, ერთი ფინალისტი გამოვლინდება.

2018 წელს კონკურსი მეორედ იმართება. გასულ წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა გახდა.

ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

Exit mobile version