კულტურა,მთავარი,სიახლეები

ერთ დღე-ღამეში შექმნილი პიესა და სპექტაკლი – ფესტივალის გამარჯვებული ბათუმიდან

18.06.2018 • 5503
ერთ დღე-ღამეში შექმნილი პიესა და სპექტაკლი – ფესტივალის გამარჯვებული ბათუმიდან

სპექტაკლი “იმოძრავე” სულ ახლახან რუსთაველის თეატრში გამართული 24- საათიანი “ექსპერიმენტული თეატრის ფესტივალის” გამარჯვებულია. 15-წუთიანი სპექტაკლის რეჟისორი, ბათუმელი არჩილ გოგუაძე. ფესტივალის ფარგლებში, ექვსმა რეჟისორმა წინა ღამით დაწერილი პიესების მიხედვით 6 სპექტაკლი დადგა.

ფესტივალზე მოწვეულმა დრამატურგებმა ლოტოტრონის პრინციპით აარჩიეს მსახიობები და მათთან შეხვედრის და საუბრის შემდეგ დაიწყეს პიესების წერა. საამისოდ მათ ერთი ღამე ჰქონდათ. დილით კი რეჟისორებმა და მსახიობებმა ახალდაწერილი პიესები პერფორმანსებად აქციეს.

არჩილ, როგორი იყო ფესტივალის ფორმატი?

ფესტივალის სახელის თანახმად, დრამატურგებს, რეჟისორებსა და მსახიობებს, 24 საათი  ჰქონდათ პიესის დასაწერად და სპექტაკლის დასადგმელად. საღამოს დრამატურგები შევიდნენ თეატრში და დილამდე მიეცათ ვადა პიესის შესაქმნელად. თემა იყო საქართველო 2008-დან 2018 წლამდე, ანუ ომიდან დღემდე. ბევრი რამ, რაც ამ ათ წელში გადავიტანეთ, დრამატურგებს უნდა ეჩვენებინათ ამ პიესებში. რეჟისორებმაც ლოტოტრონის პრინციპით ამოვიღეთ პიესების დასახელებები, არ ვიცოდით ვინ იყო ავტორი, მსახიობი…

11 საათზე შევიკრიბეთ რეჟისორები, ვისაც აღებული გვქონდა პიესები და მოგვეცა დაახლოებით 8 საათი იმისთვის, რომ გაგვერჩია პიესები და დაგვედგა სპექტაკლები.

“იმოძრავე” სპექტაკლზე მუშაობის პროცესი

თქვენს სპექტაკლში რა ხდება?

მე მომიწია თამარ შუკაკიძის პიესა “იმოძრავე”, რომელშიც 3 პერსონაჟია –  ორი გოგო და ერთი ბიჭი.

თემატიკა, რაც პიესის შექმნისას გაითვალისწინა ავტორმა, რამდენიმეა, იყო ომგამოვლილი ადამიანის ცხოვრება, მისი სტრესები… რა დაღი დაასვა ომმა ადამიანის ცხოვრებას, ასევე ლგბტ თემის, მათი “უჩინრობის” პრობლემები.

სპექტაკლში მოქმედება ხდება ერთ სივრცეში, სადაც ახალგაზრდა მღვდლის მიერ ორგანიზებულ ანონიმურ კლუბში იკრიბებიან ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ ისაუბრონ იმ თემებზე, რომლებიც მათ აწუხებთ, მაგრამ ვერ უმხელენ საზოგადოებას, ამიტომ არჩევენ, ერთმანეთს გაუზიარონ. მღვდლის პერსონაჟი, რომელიც ამ კლუბს კურირებს, ახალგაზრდა გეი მამაკაცია, რომელიც მშობლების ინიციატივით გაჰყვა ეკლესიის გზას და ახლა ანონიმური კლუბის მეშვეობით ცდილობს დაეხმაროს საკუთარ თავს და იმ ადამიანებს, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი სტრესის გადატანა უწევთ, რადგანაც  სხვადასხვა მიზეზის გამო შეზღუდული აქვთ გამოხატვის თავისუფლება და ვერ ან არ ბედავენ იმის თქმას, რაც გულში აქვთ.

სპექტაკლში ასევე გავაპროტესტე ბოლო პერიოდში კლუბებთან დაკავშირებული საკითხებიც…  პიესის სახელწოდება ამითაც მართლდება, რომ შევეცადეთ გვეჩვენებინა მოძრაობისა და პროგრესის აუცილებლობა.

ჩვენი პირდაპირი მესიჯი იყო, რომ აუცილებელია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, იქნება ეს ლგბტ თემის წარმომადგენელი, სხვადასხვა მძიმე პრობლემებით ტრავმირებული ადამიანი თუ სხვა.

როგორც ვიცი, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი პროექტის გაგრძელებას აპირებს, რა იგეგმება?

ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი, ხელოვნების თანამედროვე ტენდენციების დანერგვასთან ერთად, პერფორმატიულ ხელოვნებაში ახალი ადამიანების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციაა. ამიტომაც იგეგმება ერთგვარი ლაბორატორიის შექმნა, გამარჯვებული რეჟისორი, დრამატურგი და მსახიობები სწორედ ამ ლაბორატორიაში იმუშავებენ და მიეცემათ შესაძლებლობა, დადგან ერთი სრულყოფილი სპექტაკლი.

ფესტივალის ორგანიზატორი თანამედროვე ხელოვნების კვლევის ლაბორატორია (CARL a b y ) და შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრია. ფესტივალი წელს მეექვსედ ჩატარდა.

ფესტივალის მიზანია, უმოკლეს ვადებში, შემცირებული ვერსიით, შექმნას ახალი, თანამედროვე შინაარსის და ფორმის სასცენო ტექსტები, დადგმები, რაც “თანამედროვე ხელოვნების კვლევის ლაბორატორიის” პრაქტიკულ /თეორიული კვლევის საგანია.

ფესტივალის არსებობის ისტორიის მანძილზე დაიწერა ოცდაათზე მეტი ახალი ქართული პიესა და დაიდგა ამდენივე წარმოდგენა. პროექტში დაკავებული იყო 150-მდე მსახიობი. ფესტივალი 2012-2014 წლებში ბათუმისა და ფოთის აკადემიურ თეატრებშიც გაიმართა, სადაც პროცესში ადგილობრივი დასები ჩაერთნენ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: