მთავარი,სიახლეები

შსს: ყაჩაღობისა და უკანონო საზღვრის კვეთის ბრალდებით სარფსა და თბილისში ნათესავები დააკავეს

16.06.2018 • 2785
შსს: ყაჩაღობისა და უკანონო საზღვრის კვეთის ბრალდებით სარფსა და თბილისში ნათესავები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატების დაყაჩაღების ფაქტი გახსნეს. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და უკანონო საზღვრის კვეთის ბრალდებით ნათესაურ კავშირში მყოფი რ.ხ. და ლ.ზ. თბილისში და სარფში დააკავეს.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-იდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამინისტროს განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასატორზე რ.ხ.-ზე ვითომ ყაჩაღური თავდასხმა დაგეგმეს და ზაჰესში განახორციელეს; თავდასხმის იმიტაციით მათ პოლიციისთვის კვალის არევა და დიდი ოდენობით თანხის [149 828 ლარი, 220 დოლარი] მითვისება, ასევე ქვეყნის უკანონოდ დატოვება სცადეს.

„გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 2-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო. გამოძიების მსვლელობისას მოწმის სახით გამოკითხულმა ინკასატორმა რ.ხ.-მ სამართალდამცველებს თავდაპირველად განუცხადა, რომ ზაჰესში მას ორმა დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გააღებინეს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის კარები და წაართვეს ინკასაციის დროს ამოღებული 149 828 ლარი და 220 დოლარი. ამის შემდეგ შეუკრეს ხელები, წაართვეს ავტომანქანის გასაღები, მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ

როგორც გამოძიებით გაირკვა, წინასწარი შეთანხმებით სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასატორმა 1985 წელს დაბადებულმა რ.ხ.-მ, მისი ნათესავის 1990 წელს დაბადებულ ლ. ზ.-ის მონაწილეობით დაგეგმეს ყაჩაღობის ინსცენირება და წინასწარ შერჩეულ ადგილზე, სადაც არ არის დამონტაჟებული ვიდეო-სათვალათვალო კამერები გაითამაშეს დაყაჩაღების ფაქტი.

ჩადენილი დანაშაულისათვის, რ.ხ. სარფში სასაზღვრო-გამშვები პუნქტზე, ხოლო ლ.ზ. ქ.თბილისში იქნენ დაკავებული. სამართალდამცველებმა საგამოძიებო ექსპერიმენტისას ლ.ზ.-ს საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში მითვისებული თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალად ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ „დ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე 370-ე მუხლის მე–3 ნაწილით და 344 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა [წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება, ცრუ ჩვენება და საზღვრის უკანონო კვეთა.]“ – აცხადებს შსს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: