ნეტგაზეთი • RU

ტრაპიზონის კლინიკის ბათუმელი ექიმი: კლინიკაში, სადაც მე ვმუშაობ, პაციენტების უმეტესობა ქართველია

ნანა ძაგნიძე ექიმი ფიზიოთერაპევტია და 12 წელია სამედიცინო საქმიანობას თურქეთში ეწევა. ამჟამად ტრაპიზონის „ილდიზი მედიქალ პარკში“ მუშაობს, გამაჯანსაღებელი ტურიზმის გამსაუბრებელი ექიმია. ბათუმში ოფისიც აქვს, რომელიც პაციენტებს თურქეთში კლინიკების მოძებნაში ეხმარება. ნანა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაზრდილია თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელთა რიცხვი. მარტო მისი ოფისიდან გასულ თვეში 140-მა ადამიანმა გადაწყვიტა სამკურნალოდ თურქეთში წასულიყო.

ქალბატონო ნანა, უმეტესად რა დიაგნოზით ჩამოდიან პაციენტები საქართველოდან და რამდენად ხელმისაწვდომია თურქეთში მკურნალობა მათთვის?

პაციენტები მოდიან სხვადასხვა დაავადებით, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ჩამოდიან სიმსივნური დაავადებების დიაგნოზით. პაციენტთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. კლინიკაში, სადაც მე ვმუშაობ, ამჟამად მყოფი პაციენტებიდან უმეტესობა ქართველია [ინტერვიუ ჩაწერილია 16 ივნისს]. ჩვენს კლინიკაში აწყობილია სისტემა, გვყავს თარჯიმანი და პაციენტს არ ექმნება ენის ბარიერი.

რაც შეეხება ფასებს. თუკი პაციენტს რაიმე გამოკვლევა აქვს გაკეთებული საქართველოში და გამოდგება, ამაში ფულს აქ არ იხდის. მაგალითად, თუკი ტომოგრაფია არის კარგად გაკეთებული, არის ისეთი კვლევა, რომელსაც ჩვენ შევხედავთ და ვნახავთ, რომ არის გარკვეულად გადაღებული ყველაფერი, მაშინ პაციენტს თანხას აღარ ვახდევინებთ. მხოლოდ კვლევის წაკითხვაში და თარგმნაში უწევს თანხის გადახდა.

მაგრამ თუ აქ იტარებს გამოკვლევას, მაშინ ყველა გამოკვლევა ჯამში 1500 ლირა ჯდება. თუკი აღმოჩნდება, რომ სჭირდება ქიმიოთერაპია, ქიმიოთერაპიის თანხები იცვლება წამლების მიხედვით. 1200 თურქული ლირა ჯდება ერთი ქიმიოთერაპია ყველაზე მცირე. მასში შედის ყოველი ვიზიტის დროს ჩამოსული პაციენტის სისხლის ანალიზები, ექიმის კონსულტაცია და პლუს გადასხმა, ანუ ქიმიოთერაპია.

ქიმიოთერაპიის ფასები განსხვავებულია.

არის, მაგალითად, სწრაფმოქმედი ქიმიოთერაპია, რომელიც ჯდება 6 ათასი ლირა და პაციენტს სჭირდება ოთხი პროცედურა. ახლა გვყავს ბათუმიდან ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა მკერდის სიმსივნე და იმდენად დაპატარავდა ქიმიოთერაპიის კურსით, რომ გაკეთდება მხოლოდ მიკროქირურგია.

კერძო და სახელმწიფო კლინიკებს შორის რა განსხვავებაა ფასების მხრივ?

სახელმწიფო კლინიკასა და კერძო კლინიკას შორის სერვისის კუთხით არანაირი განსხვავება არაა. რაც შეეხება ფასებს, დიდი განსხვავება არ არის, თუკი იქ მეორე და მესამე შუამავალი პირი არ ერევა. პირიქით, სახელმწიფო კლინიკაში შესულმა პიროვნებამ უნდა გადაიხადოს 5000 ლირა ავანსის სახით, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ გამოკვლევას. რამდენიც დაიხარჯება, დაიხარჯება, რამდენიც არა – დაუბრუნებენ უკან პაციენტს. მთავარი განსხვავება ისაა, რომ სახელმწიფო კლინიკებში ერთ თეთრსაც კი ვერ დაგიკლებენ, ხოლო კერძო კლინიკებში პირიქით, აუცილებლად ცდილობენ, რომ დაგიკლონ.

რაც შეეხება ქალაქებს შორის განსხვავებას. განსხვავება ტრაპიზონისა და სტამბოლის ფასებს შორის, რა თქმა უნდა, არის. მაგალითად, თუ ჩვენთან კუჭის ოპერაციის გაკეთება ჯდება 40 ათასი ლირა, ის სტამბოლში შეიძლება დაჯდეს 80 ან 100 ათასი.

ექიმების პროფესიონალიზმი არ არის აქ განმასხვავებელი. ტექნიკაში შეიძლება იყოს განსხვავება. მაგალითად, ანკარაში ახალი დიდი კლინიკაა და იქ რობოტული სისტემით აკეთებენ ყველანაირ ოპერაციას. რა თქმა უნდა, იქ  უფრო ძვირი ჯდება მკურნალობა.

ქართველი პაციენტები ხშირად საქართველოდან გეგმავენ წინასწარ ყველაფერს, ადგენენ მკურნალობის სავარაუდო ხარჯებს და უკვე თურქეთში ჩამოსულები აღმოაჩენენ, რომ მკურნალობა დაგეგმილზე ბევრად ძვირი ჯდება. რა არის ამის მიზეზი?

როდესაც ჩამოდის თურქეთში, უღებენ ანალიზებს და სწორედ ამ ანალიზების მიხედვით ხდება ნათელი რა ტიპის მკურნალობა უნდა დაენიშნოს პაციენტს. ამიტომ ვერც ერთი ექიმი თანხას ზუსტად ვერ ამბობს.

რაზე უნდა გაამახვილონ პაციენტებმა ყურადღება, სანამ თურქეთში წავლენ სამკურნალოდ?

პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ თარგმნილი და წამოღებული ფორმა 100. მიდის ამ ფორმა ასით არჩეულ კლინიკაში. ბევრ კლინიკაში უკვე არის საერთაშორისო მომსახურების განყოფილება. იქ დახვდება თარჯიმანი, მაგრამ მკურნალობის თანხა რა იქნება არც ჩვენ ვიცით და არც მათ არ იციან.

ბოლო დროს მომრავლებულმა შუამავლებმა გააფუჭეს საქმე, თორემ ძალიან კარგი საშუალებაა ოფისი. სწორ ოფისში მისულ ადამიანს სწორ გზას აუცილებლად აჩვენებენ.

რამდენად აძვირებს ოფისის მომსახურება მკურნალობის ხარჯებს? შუამავლების როლი როგორია?

ოფისის საშუალებით როდესაც მიდის პაციენტი, მომსახურება არ უძვირდება. ერთადერთი შეიძლება გადაიხადონ მხოლოდ გზის თანხა, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ტრანსპორტირებაც დაფინანსებულია. საშუამავლო ოფისი თანხას იღებს კლინიკისგან, რომელშიც პაციენტს აგზავნის და არა პაციენტისგან. პაციენტს თუ თანმხლები მიჰყვება, ისინი თვითონ იხდიან ტრანსპორტირების თანხას.

რაც შეეხება შუამავლებს. შუამავალი შეიძლება იყოს ადამიანი, ვინც იცის ენა და მიჰყვება პაციენტს თარჯიმნად. აქ ორი სახის პრობლემაა – ერთი ის, რომ თარგმანი ხშირად არაა კვალიფიციური და შეიძლება ენა კი იცოდეს ადამიანმა, მაგრამ კონკრეტული სამედიცინო ტერმინი ვერ გადათარგმნოს და მეორე – შეიძლება კონკრეტული გამოკვლევა ღირს 700 ლირა, მაგრამ ეს შუამავალი ამატებს თავის მომსახურების თანხას და გამოდის უფრო ძვირი.

რაც შეეხება შემთხვევებს, როდესაც პაციენტი დამოუკიდებლად, შუამავლის და ოფისის გარეშე ჩამოდის. ასეთი პაციენტი ტარდება ჩვეულებრივ უცხოელ პაციენტად, კლინიკის თარჯიმანი ემსახურება უფასოდ, თუმცა ვერ სარგებლობს იმ ფასდაკლებით, რითაც ისარგებლებდა ოფისის მეშვეობით რომ ჩამოსულიყო. უწევს რიგში დგომა და ლოდინი.

თარჯიმნის შესახებ მინდა გკითხოთ, რამდენად ახერხებს ერთი თარჯიმანი ყველა პაციენტს კვალიფიციურად მოემსახუროს?

სამ პაციენტზე მეტი არ შეუძლია თარჯიმანს მიიღოს, თუკი დამხმარე არ ჰყავს. ამიტომ თუ მეტი პაციენტი მოდის, მობილიზება ხდება საავადმყოფოში. ჩვენთან, მაგალითად, მასეთი შემთხვევა არასდროს არ ყოფილა – როდესაც ჩვენთან ჩამოდის, უკვე ყველაფერი დაგეგმილია, გაწერილია და იცის, სად, როდის, ვისთან უნდა მივიდეს. ჩვენთან სტანდარტი ასეა, 12 საათამდე ბარდება ყველა ანალიზი,  2 საათზე პაციენტს უკვე აქვს პასუხები და ესაუბრებიან ექიმს.

თუ ხდება ისე, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უფინანსებს რომელიმე პაციენტს მკურნალობის თანხებს?

არც ერთი დაფინანსებული პაციენტი საქართველოდან ჯერ ჩვენთან არ ჩამოსულა. მათ სცემენ ასეთ პასუხს – ის, რაც კეთდება ჩვენთან [საქართველოში], არ დაფინანსდება. თუმცა ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რაც არ კეთდება საქართველოში და ჩვენ გაგვიგზავნია იმ თანხის ინვოისი, მაგრამ არც ის დაფინანსებულა.

რატომ ირჩევენ თურქეთში იმ ოპერაციის გაკეთებას, რაც შეიძლება საქართველოშიც გაკეთდეს?

ძალიან მიმძიმს მაგ თემაზე საუბარი. ისეთი დიაგნოზები ჩამოდის ხანდახან  საქართველოდან, რომ ძალიან გული მტკივა. მე არ მაქვს უმრავლესობაზე საუბარი, მაგრამ ქართველი ექიმების ნაწილს, ცოტა გულგრილობა დასდევს. როდესაც საქართველოდან მოდის დიაგნოზი და აქაური ექიმები სხვა დიაგნოზს სვამენ, ცოტა გული მტკივა, რადგან მეც ქართველი ექიმის სტატუსით ვარ აქ. ძალიან მინდა, რომ ამაღლდეს პროფესიონალიზმის დონე ისე, როგორც იყო ძველად. როცა ჩვენი ექიმები იყვნენ მართლა მაღალ დონეზე.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი