მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიას დავების საბჭოში უჩივიან – 438 ათასი ლარი ჭკვიანი კამერებისთვის

16.06.2018
ბათუმის მერიას დავების საბჭოში უჩივიან – 438 ათასი ლარი ჭკვიანი კამერებისთვის

ბათუმის მერიას, ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების მოვლა-პატრონობის მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში, კომპანია „იუჯითი“ დავების საბჭოში უჩივის. სატენდერო თანხა 438 233 ლარია, ტენდერში მონაწილე „დელტა კონსალტინგი“ კი მერიას შესაბამის მომსახურებას 399 129 ლარად სთავაზობს. მერიის სატენდერო კომისიამ ამ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

სწორედ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება გახდა საფუძველი „იუჯითისთვის“, ეჩივლა სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭოში.

„იუჯითის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ „დელტა კონსალტინგის“ მიერ სატენდერო წინადადებაში IP კამერების მიმართულებით წარმოდგენილი იქნა გიორგი მეტრეველის და დიმიტრი ფაროიანის სახელზე გაცემული სერტიფიკატები [რომელზედაც გამოსახულია კომპანია Dahua Technology საფირმო ნიშანი], თუმცა ისინი არ ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული პიროვნებები წარმოადგენენ სერტიფიცირებულ სპეციალისტებს IP კამერების სპეციალიზაციით:

„სერტიფიკატზე გამოსახული ტექსტის შინაარსი შემდეგია: „სერტიფიკატი – აღნიშნულით ვადასტურებთ, რომ დიმიტრი ფაროიანმა [მეორე შემთხვევაში გიორგი მეტრეველმა] დელტა-კონსალტინგიდან მონაწილეობა მიიღო Dahua-ს სემინარში, რომელიც ჩატარდა 2017 წლის 28 ნოემბერს“. ნათელია, რომ სემინარში მონაწილეობა ვერ გამოდგება კონკრეტული კვალიფიკაციის დასადასტურებლად, დოკუმენტის შინაარსიდან ირკვევა, რომ განხორციელდა მხოლოდ მონაწილეობის მიღება სემინარში და არ მომხდარა ამ პირების კვალიფიკაციის გადამოწმება და არ მინიჭებიათ მათ რაიმე სახის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სტატუსი [ინჟინრის ან/და სპეციალისტის]“.

„დელტა კონსალტინგის“ მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული სერტიფიკატები, არა თუ ადასტურებს კონკრეტული პირების კვალიფიკაციას/სტატუსს, არამედ დოკუმენტების ნაწილიდან ისიც კი არ ირკვევა რის შესახებ იყო შესაბამისი კურსი/სემინარი, რომელსაც დაესწრენ მითითებული პირები. ცალსახაა, რომ „დელტა კონსალტინგის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ვერ ადასტურებს კონკრეტული პირების კვალიფიკაციას/სპეციალიზაციას და მათ სერტიფიცირებას IP კამერების მიმართულებით, შესაბამისად ნათელია, ვერ იქნა დაკმაყოფილებული ტენდერის 2.4.1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, რაც თავისთავად წარმოადგენდა „დელტა კონსალტინგის“ დისკვალიფიკაციის საფუძველს“ – აღნიშნულია „იუჯითის“ საჩივარში.

მოსარჩელე მხარე მოითხოვს, რომ გაუქმდეს 2018 წლის 11 ივნისის ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი #77-3 შპს „დელტა კონსალტინგის“ გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ და „დელტა კონსალტინგი“ დისკვალიფიცირებული იქნეს აღნიშნული ტენდერიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში საჩივარი მიღებულია და მისი განხილვა 2018 წლის 18 ივნისსაა ჩანიშნული.

ბათუმის მერიამ კამერების [სისტემების] მოვლა-პატრონობისთვის ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოაცხადა, შესაბამისად სისტემაში არ ჩანს ტენდერში მონაწილე სხვა პრეტენდენტი. ვინ მიიღო ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდება, რაც გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.

ტენდერში გამარჯვებულს ბათუმის ტერიტორიაზე განთავსებული 215 ერთეული IP კამერის (Pelco IXE31), 195 ერთეული ჩართვის წერტილის უწყვეტი კვებით მომარაგების სისტემისა და სასერვეროს, როგორც ერთიანი ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მოვლა-პატრონობა ევალება.

ამასთან, მანვე უნდა უზრუნველყოს მერიის შენობაში [ლ. ასათიანის ქ. N25, ბათუმი] მონიტორინგის ოთახის აღჭურვა – შიდა კომპიუტერული ქსელის შექმნა და ქალაქში განთავსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ერთიან ქსელზე დაერთება.

მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/137449/

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: