მთავარი,სიახლეები

მსოფლიო ოლიმპიადა დანგრეული ქუჩებიდან 15 მეტრში – აქ ასფალტის დაგება არ იგეგმება

25.04.2018 • 1799
მსოფლიო ოლიმპიადა დანგრეული ქუჩებიდან 15 მეტრში – აქ ასფალტის დაგება არ იგეგმება

ბათუმში, ყინულის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები კარგა ხანია შეიცვალა, ქუჩები დღემდე მოუწესრიგებელია. ქალაქის მერია სექტემბრამდე ლადო ასათიანისა და ვახტანგ შამილაძის ქუჩების იმ ნაწილს სრულად მოაწესრიგებს, რომელიც ყინულის სასახლეს ესაზღვრება, ხოლო ამ ქუჩების დარჩენილი ნაწილზე სამუშაოები გაგრძელდება. ასათიანის ქუჩის მიმდებარე ჩიხების მოწესრიგებისთვის კი, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ თანხა არ აქვთ.

ყინულის სასახლისა და იქვე არსებული სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწესრიგებლად ბათუმის მერიამ თანხა მხოლოდ იმიტომ „მოიძია“, რომ აქ მიმდინარე წლის სექტემბერში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს.

მსოფლიო ოლიმპიადა კი ამ ტერიტორიაზე ტარდება იმიტომ, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ვერ ასწრებდა იმ ნაგებობის აშენებას ლეონიძის ქუჩაზე, სადაც ოლიმპიადის ჩატარება იყო დაგეგმილი.

რომ არა ასეთი „ფორსმაჟორი“, ბათუმის მერიას არც ყინულის სასახლის მიმდებარე ქუჩის მონაკვეთებისა თუ სხვა ადგილების მოწესრიგება ჰქონდა გეგმაში. ოლიმპიადის გამო კი, ამ დროისთვის ჯამში 6 779 937 ლარის სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.

„ამ ეტაპზე ლადო ასათიანის ქუჩის მიმდებარე ქუჩების კეთილმოწყობა არ იგეგმება. ამ ქუჩების მოწესრიგება შესაბამისი თანხის მოძიების შემდეგ დაიწყება“, – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

„ბათუმის წყალში“ კი აცხადებენ, რომ „აქ აბონენტების დაერთება კანალიზაციის ახალ ქსელზე ამ დრომდე გრძელდება და ზაფხულამდე დასრულდება“.

მოიძიებს თუ არა ბათუმის  მერია „ოლიმპიადის ადგილის“ მიმდებარე ქუჩების მოწესრიგებისთვის თანხას და გაკეთდება თუ არა ეს ქუჩები შემოდგომამდე მაინც? – მერიაში ამბობენ, რომ შესაბამისი სამუშაოებისთვის თანხა მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული და ქუჩები ამ უბანში ეტაპობრივად გაკეთდება.

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა რომ ბათუმში ჩატარდებოდა, ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში გადაწყდა.

ლადო ასათიანისა და მიმდებარე ქუჩები ბათუმში, ყინულის სასახლესთან, სადაც 4 თვეში საჭადრაკო ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს:

უბანი ბათუმში, სადაც 4 თვეში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდება / 22.04.2018

უბანი ბათუმში, სადაც 4 თვეში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდება / 22.04.2018

უბანი ბათუმში, სადაც 4 თვეში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდება / 22.04.2018

უბანი ბათუმში, სადაც 4 თვეში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდება / 22.04.2018

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: