მთავარი,სიახლეები

დღეს აპოლოში “არაჩვეულებრივი გამოფენა” იხსნება

17.06.2018
დღეს აპოლოში “არაჩვეულებრივი გამოფენა” იხსნება

დღეს, 17 ივნისს, საღამოს 20:00 საათზე, ბათუმის კინოთეატრ „აპოლოში“ იხსნება გამოფენა სახელწოდებით “ბათუმი, აპოლო – არაჩვეულებრივი გამოფენა“ . ეს იქნება ბათუმში გადაღებული ფილმების პერმანენტული ექსპოზიცია კინოთეატრის სივრცეში. “აპოლო” ერთადერთი კინოთეატრია ბათუმში, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ცნობილ მოვლენებს გადაურჩა და რესტავრაციის შემდეგ ფუნქციონირება განაგრძო.

“დღეს გაიხსნება ექსპოზიცია, რომელიც მოიცავს ბათუმში გადაღებული ფილმების შესახებ ფოტოგამოფენას.  იხსნება ასევე მედიათეკა, რომელიც მოიცავს მსოფლიო ლიტერატურას კინოს შესახებ. ყველა დაინტერესებულ სტუდენტს ექნება საშუალება მოვიდეს ჩვენთან  და ისარგებლოს ამ მედიათეკით.  ასევე დაგეგმილია ვიდეოთეკის გახსნაც, სადაც საქართველოში გადაღებული ფილმების არქივი იქნება დაცული,” – უთხრა “ბათუმელებს” პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ლევან ხუჯაძემ.

ბოლო 100 წლის განმავლობაში ბათუმში ასზე მეტი მხატვრული ფილმია გადაღებული. “წითელი ეშმაკუნები”, 1923, “ამოკი”, 1927, “კრაზანა” 1928… ბევრი მათგანის გარეშე წარმოუდგენელია ქართული კინოს ისტორია. არანაკლებ მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის და შემდგომი წლების ისტორიული კინოქრონიკები: “ბათუმის გადმოცემა საქართველოსთვის”, “1920 წლის 26 მაისი”, “მეორე ინტერნაციონალის სტუმრობა”,”ქართული ჯარის შესვლა ბათუმში”, “აჭარელ და თურქ ქალთა I ყრილობა. 1929”, ქალების მიერ თავსაფრების დემონსტრატიული დაწვის ისტორიული კადრებით, “ინგლისის ჯარები საქართველოში” და სხვ.

“ბათუმი, აპოლო – არაჩვეულებრივი გამოფენა“ – სამომავლოდ იქნება  სივრცე კინოს მოყვარულების, მკვლევარებისა და სტუდენტებისთვის. შეხვედრების, კინოჩვენებების ჩვენებების, ლექციების და მასტერ-კლასებისთვის ადგილი.   ასევე დაგეგმილია სუვენირების მაღაზიის გახსნა, სადაც ქართული კინოს თემატიკაზე დამზადებული სუვენირები გაიყიდება.

ექსპოზიციის გახსნამდე  თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 16:00 საათზე გაიმართება დისკუსია.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოუსმინონ მხატვარსა და მკვლევარს მარიამ ნატროშვილს, რომელიც ისაუბრებს  „ექსპერიმენტული და არაფორმალური მუზეუმების“ შესახებ. კინომცოდნე თეო ხატიაშვილი წაიკითხავს ლექციას  “ქართული კინოს დასაწყისი. კინოპროცესების კვალდაკვალ”, ხოლო ხელოვნებათმცოდნე ნანა ყიფიანი ისაუბრებს “ავანგარდის ბათუმური ეპიზოდების” შესახებ.

პროექტის განხორციელება ბათუმის მუნიციპალიტეტისა და Propaganda.network, თბილისის ფინანსური მხარდამჭერით გახდა შესაძლებელი.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: