პედაგოგების კომპეტენციის დამადასტურებელი ზაფხულის გამოცდები მიმდინარე წელს 11 ივლისს დაიწყება. პირველი გამოცდა იქნება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში პირველიდან მეოთხე კლასის პედაგოგებისთვის.
12 -13 ივლისს პედაგოგები პროფესიული უნარების გამოცდას ჩააბარებენ.
18 ივლისს გამოცდებს 7-8 კლასების მასწავლებლები ჩააბარებენ მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, სამოქალაქო განათლებასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
20 ივლისს გამოცდები შემდეგ საგნებში ჩატარდება:
ინგლისური ენა – წერითი ნაწილი,
რუსული ენა – წერითი ნაწილი;
გერმანული ენა – წერითი ნაწილი;
ფრანგული ენა – წერითი ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა – წერითი ნაწილი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – წერითი ნაწილი.
21 ივლისს გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:
ინგლისური ენა – პრაქტიკული ნაწილი;
რუსული ენა – პრაქტიკული ნაწილი;
გერმანული ენა – პრაქტიკული ნაწილი;
ფრანგული ენა – პრაქტიკული ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა – პრაქტიკული ნაწილი.
22 ივლისს მასწავლებლები ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პრაქტიკული ნაწილის გამოცდას ჩააბარებენ.
23 ივლისს გამოცდებს ჩააბარებენ ფიზიკის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, ქიმიისა და სპორტის მასწავლებლები.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. მსურველებს პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განაცხადის შევსება 30 ივნისამდე შეუძლიათ.
პროგრამა საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, ერთი წლით გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბელგიის სამეფოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, თურქეთის რესპუბლიკაში, პოლონეთის რესპუბლიკაში, შვედეთის სამეფოში, საფრანგეთის რესპუბლიკაში, ესპანეთის სამეფოში, იტალიის რესპუბლიკაში, უკრაინაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, საბერძნეთის რესპუბლიკაში, ისრაელის სახელმწიფოში, ნიდერლანდების სამეფოსა და ავსტრიის რესპუბლიკაში მცხოვრებ 18-დან 29-წლამდე საქართველოს მოქალაქეებს.
“ახალგაზრდა ელჩების“ მთავარი ამოცანა ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება იქნება საქართველოს ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ. ასევე საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის გაფართოება.
კონკურსის შედეგად შერჩეული „ახალგაზრდა ელჩების“ მონაწილეობით, საქართველოში ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც შერჩეული კანდიდატები წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებსა და ერთი წლის სამოქმედო გეგმას.
„აღშფოთება გამოვხატე, რას აკეთებთ, შვილებთან ერთად ვარ-მეთქი. სიტყვასიტყვით ვერ გავიმეორებ, მოვერიდები. რაც ვიდეოშია, ისაა რეალური,“ – ასე უპასუხა მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ ადვოკატის შეკითხვას მოქალაქის გინებაზე. ადვოკატმა სულხან კაპანაძემ მას გონიოს პლაჟზე გადაღებულ ვიდეოზე ჰკითხა, სადაც მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის და 13 წლის არასრულწლოვნის ფიზიკური დაპირისპირება ჩანს, ასევე ისმის მოსამართლის გინება.
გიორგი მიქაუტაძის, როგორც მოწმის ჩვენება დღეს, 21 ივნისს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა მოისმინა.
საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. მოგვიანებით გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზეც დაიწყო, თუმცა გამოძიება კონკრეტულ შედეგზე ამ დრომდე არ გასულა. ყოფილ მოსამართლეს და ამჟამად იუსტიციის საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.
მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარაში ბრალდებული თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე სასამართლოს გირაოს საფუძველზე ჰყავს გათავისუფლებული. ისინი დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან და სკაიპით ერთვებიან სასამართლო პროცესებს.
„დავაკონკრეტებ, ინცინდენტამდე თქვენ შეაგინეთ თამარ ხაჭაპურიძეს?“ – დააზუსტა შეკითხვა ადვოკატმა სულხან კაპანაძემ.
გიორგი მიქაუტაძე: „არ შემიგინებია. თუ ისმის, შეიძლება ასეც ყოფილიყო… მე მათი მოგერიება მიხდებოდა“.
გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, მას თამარ ხაჭაპურიძე მას შემდეგ დაუპირისპირდა, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი სამართალდარღვევის ფაქტი განიხილა. მოსამართლის თქმით, გონიოს პლაჟზე, 2016 წელს, იგი მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა, როცა თამარ ხაჭაპურიძემ თავდაპირველად სიტყვიერად შეურაცხყო, შემდეგ კი მისი მეუღლე და 13 წლის ბიჭი ფიზიკურად თავს დაესხნენ. მოსამართლემ ვერ თქვა, რომ მან ამ დაპირისპირების შემდეგ რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება მიიღო.
„თამარ ხაჭაპურიძე პლაჟზე ამბობდა, რომ თითქოს მე ჩემი გადაწყვეტილებით დავღუპე მისი ოჯახი, რომ ყველამ უნდა იცოდეს, ვინ ვარ, რა გადაწყვეტილება მივიღე…“ – აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ვერ დააკონკრეტა, სხეულის რა ნაწილზე დაარტყეს მას თამარ ხაჭაპურიძის მეუღლემ და შვილმა. „წიხლებს მირტყამდა ის ბიჭი,“ – თქვა მან.
„კახაბერ ხაჩიძემ ხელი დამარტყა. ისინი ცდილობდნენ ჩემს ანგარიშსწორებას. ბავშვმაც მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა,“ – დაამატა გიორგი მიქაუტაძემ.
„თქვენ მოსამართლე ხართ, პროკურორადაც მუშაობდით… თუკი ასეთ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რატომ არ გამოიძახეთ პოლიცია? თქვენ პლაჟი ისე დატოვეთ, რომ არ მიგიმართავთ პოლიციისთვის“, – იკითხა ადვოკატმა სულხან კაპანაძემ.
გიორგი მიქაუტაძე: „მე ვიძახდი, გამიშვით, გამანებეთ თავი-მეთქი. მინდოდა, როგორმე სასტუმროში მივსულიყავით… ბავშვები უყურებდნენ ამას. სასტუმროში მისვლის შემდეგ მივმართე პოლიციას“.
„თუ ასე თავს დაგესხათ ჩემი მეუღლე და შვილი, რატომ არ ჩანს ის იმ ვიდეო კადრებში, რომელიც თქვენმა მეუღლემ გადაიღო? თქვენ დაადასტურეთ, რომ ეს კადრები რეალურია,“ – მიმართა მოწმეს ბრალდებულმა თამარ ხაჭაპურიძემ.
„რაც იყო გადაღებული, წარმოდგენილია, მე როგორც ვიცი,“ – მოკლედ უპასუხა იუსტიციის საბჭოს მდივანმა მორიგ შეკითხვას.
გონიოს პლაჟის ამსახველი ინციდენტი მობილურით გიორგი მიქაუტაძის მეუღლემ – მაია კვირიკაშვილმა გადაიღო. იმ დროისთვის მაია კვირიკაშვილი პროკურატურის თანამშრომელი იყო. დაცვის მხარის მტკიცებით, ვიდეო კადრები ამოჭრილია და ფიზიკური დაპირისპირების მხოლოდ ნაწილი ჩანს. ვიდეო ჩანაწერში თამარ ხაჭაპურიძე მოსამართლეს ემუქრება.
დაცვის მხარის მტკიცებით, გონიოს პლაჟზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როცა თამარ ხაჭაპურიძემ გადაანერწყვა, რაც მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ პირად შეურაცხყოფად მიიღო და შეიგინა. გინების გამო მოსამართლესა და თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვან შვილს შორის სიტყვიერი შეკამათება მოხდა, რომლის შემდეგაც მოსამართლემ ბიჭს სახეში დაარტყა.
„ეს არის ექსპერტიზის დასკვნა, მგონი, კარგად ჩანს,“ – მიმართა ისევ მოწმეს ბრალდებულმა თამარ ხაჭაპურიძემ, – „აქ წერია, რომ ჩემს შვილს ჰქონდა ჭრილობა და ჭრილობიდან მოსდიოდა სისხლი. როცა მე ვიჯექი შეზლონგზე და ამის გამო გამოვხატავდი დედობრივ ემოციას. ამისთვის ახლა ბრალდებულის სკამზე უნდა ვიჯდე? შვილის ტუჩიდან რომ სისხლი დავინახე, ამაზე რეაქცია არ უნდა მქონოდა?“
მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ ამ შეკითხვას პასუხი არ გასცა. გიორგი მიქაუტაძეს ასევე არ მოუწია პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რატომ გაქრა საქმიდან ბავშვის ცემაზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა.
„მოწმე იკითხება მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ,“ – აღნიშნა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა მას შემდეგ, როცა პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა შეკითხვის განრიდების შუამდგომლობა დააყენა.
„დიახ, ზუსტად მისთვის ცნობილი გარემოებაა ეს… რატომ გაქრა საქმიდან დასკვნა, რომ ჩემი შვილი ნაცემი იყო? თქვენ მოახდინეთ თუ არა ზეწოლა პროკურორზე?“ – დაამატა თამარ ხაჭაპურიძემ.
„გთხვოთ, თავი შეიკავოთ შეურაცხმყოფელი განცხადებისგან,“ – მოუწოდა ბრალდებულს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა და გიორგი მიქაუტაძე ისევ დუმილის რეჟიმში დარჩა.
გიორგი მიქაუტაძეს ბრალდებულმა ასევე ჰკითხა, რაში გამოიხატებოდა მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა, „თუკი დაგიჯერებთ და მართლაც ამ ჩხუბს ჰქონდა ადგილი,“ – დასძინა თამარ ხაჭაპურიძემ.
დაკითხვის პროცესში მოსამართლემ წესრიგის დაცვისკენ არაერთხელ მოუწოდა ბრალდებულს. „წესრიგი“ მოსამართლის მიერ გამოყოფილი დრო აღმოჩნდა – ხვიჩა კიკილაშვილმა თითო ბრალდებულს დაკითხვისთვის 20-20 წუთი დაუთმო. ბრალდებულს კი, მისი შეფასებით, უფლება არ ჰქონდა ეს დრო შეფასებებში გამოეყენებია.
მოსამართლის ამ მიდგომას თამარ ხაჭაპურიძის მორიგი პროტესტი მოჰყვა, საპასუხოდ მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა სკაიპს ხმა გაუთიშა, შემდეგ კი თამარ ხაჭაპურიძეს ეკრანიდან გასვლა მოსთხოვა.
მალევე დასრულდა კახაბერ ხაჩიძის კითხვებიც, რადგან სკაიპ ჩართვაში თამარ ხაჭაპურიძის ხმა შემოვიდა. მოსამართლემ საბოლოოდ გამორთო სკაიპი.
დაარტყა თუ არა სახის არეში ხელი გიორგი მიქაუტაძემ არასრულწლოვანს? – ეს შეკითხვა პაატა დიასამიძემ დასვა, საია-ს იურისტმა.
გიორგი მიქაუტაძე: „იქ იყო ძალიან ბევრი ადამიანი… მე მისთვის ხელი არ დამირტყამს, არ გამოვრიცხავ, რომ იმ ვითარებაში ნებისმიერს მიეღო დაპირისპირება. მე მის მოგერიებას ვცდილობდი“.
პაატა დიასამიძემ გიორგი მიქაუტაძეს ასევე ჰკითხა, დედის მუქარა მოსამართლის მისამართით ხომ არ უკავშირდებოდა იმას, რომ შვილს ტუჩიდან სისხლი სდიოდა.
„არა, მუქარა ამ პროცესს მუდმივად გასდევდა,“ – მოკლედ უპასუხა იუსტიციის საბჭოს მდივანმა შეკითხვას პაუზის შემდეგ.
მოწმეს მხოლოდ ერთი შეკითხვა დაუსვა პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა. ის დაინტერესდა, რა სამართალდარღვევა განიხილა გიორგი მიქაუტაძემ, როგორც მოსამართლემ თამარ ხაჭაპურიძესთან დაკავშირებით.
„ეს უკავშირდებოდა მართვის მოწმობის ჩამორთმევაზე დადგენილებას. მან ალკოტესტირებაზე თქვა უარი,“ – დასძინა გიორგი მიქაუტაძემ.
„რატომ არ მოითხოვეთ აცილება, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, როცა ხვიჩა კიკილაშვილის უვადოდ გამწესების პროცესში მონაწილეობდით?“- ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ გიორგი მიქაუტაძეს დაკითხვის შემდეგ დაუსვა.
„მე ამ პროცესში მონაწილეობა არ მიმიღია. მე გავაკეთე თვითაცილება დაუყონებლივ მას შემდეგ, რაც გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ ბატონი ხვიჩა იხილავდა საქმეს, რომელშიც მე დაზარალებულად ვმონაწილეობდი, გვიპასუხა მან.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შევახსენეთ, რომ ხვიჩა კიკილაშვილი უვადოდ მიმდინარე წლის თებერვალში გამწესდა, ამ საქმის განხილვა კი მეორე წელია მიმდინარეობს.
გიორგი მიქაუტაძე ირწმუნება, რომ „ამ საქმესთან არანაირი შეხება არ მქონია. ერთხელ გამოკითხული ვარ პოლიციაში და მეორეჯერ ახლა მოვედი. ესაა სულ“.
გიორგი მიქაუტაძე სასამართლოშიგიორგი მიქაუტაძე სასამართლოში
გადაჭარბებული ხმაურისთვის ბათუმის მერია პირველი ივლისიდან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დააჯარიმებს. დღემდე ამის უფლება მხოლოდ საპატრულო პოლიციას ჰქონდა.
როგორ და ვის მიერ მოხდება გადაჭარბებული ხმაურის ინსპექტირება, ამის შესახებ „ბათუმელებს“ მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში უთხრეს, რომ დეტალები პირველი ივლისის შემდეგ ეცოდინებათ.
„თავად ეს სამსახურია ჯერ ჩამოყალიბების სტადიაზე და როცა პირველი ივლისის შემდეგ მერიას გადმოეცემა ხმაურზე ინსპექტირების უფლება, შემდეგ დავიწყებთ ამაზე მუშაობას,“ – გვითხრა სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ჩხარტიშვილმა.
„იქნება ცხელი ხაზიც, სადაც დარეკავენ მოქალაქეები, ცალკე სერვისცენტრები ამუშავდება ადმინისტრაციულ ერთეულებში და მოქალაქეებს უშუალო კავშირი ექნებათ ამ ცენტრებთან. აქ გამოიყოფიან კონკრეტული პირები, ვინც ზედაჭარბებულ ხმაურზე შეტყობინების შემთხვევაში რეაგირებას მოახდენენ,“-ამბობს დავით ჩხარტიშვილი.
გადაჭარბებული ხმაურისთვის დღეს მოქმედი რეგულაციის მიხედვით, ფიზიკური პირი 150 ლარით ჯარიმდება, იურიდიული პირი კი – 500 ლარით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ორმაგდება.
„ჯარიმების ოდენობა ალბათ იგივე დარჩება,“- ამბობს დავით ჩხარტიშვილი.
დღეს, 22 ივნისს, მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი აუქციონის წესით 5 წლით გასხვისდა.
დაცული ტერიტორიების სააგენტომ მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრის სასტუმროს ნომრები და საპიკნიკეები აუქციონზე 14 ივნისს გამოიტანა.
აუქციონზე საწყისი ფასი 9 ათასი ლარი იყო, საბოლოოდ კი ვიზიტორთა ცენტრი 22 ათას ლარად გასხვისდა. აუქციონში გამარჯვებულმა საიჯარო ქირა 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად უნდა გადაიხადოს.
პირობების მიხედვით, აუქციონში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ვიზიტორების მომსახურება სასტუმროს ნომრებით და კვებით. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია დააზღვიოს სარგებლობაში გადაცემული ქონება სარგებლობის მთლიანი პერიოდის განმავლობაში. ასევე ვალდებულია ვიზიტორთა ცენტრში უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის, დასუფთავების და სახანძრო უსაფრთხოების დაცვა.
ქართული დოკუმენტური ფილმი „ჯარა“ დოვილის საერთაშორისო ფესტივალის 2018 წლის ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა.
გამარჯვებულების დასახელების ცერემონიალი საფრანგეთში, ქალაქ დოვილში, 20 ივნისს გაიმართა, რომელსაც ფილმის რეჟისორი, კომპანია „ეკოფილმსის“ დირექტორი, ნიკა წიკლაური ესწრებოდა. საერთაშორისო ჟიურიმ ფინალისტები 415 ფილმიდან გამოავლინა. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა „ჯარას“ ჩვენება, პროფესიონალებისა და პრესის თანდასწრებით.
ფესტივალ Deauville Green Awards-ის მისია ეკოლოგიასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე გადაღებული ინფორმაციული და დოკუმენტური ფილმების მხარდაჭერაა. ყოველწლიურად ფესტივალში მონაწილეობას იღებს ხუთასამდე ფილმი მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან. ფინალისტებს ირჩევენ თოთხმეტ კატეგორიაში, ერთ-ერთი არის „მდგრადი სოფლის მეურნეობა“, სადაც ჯილდო ენიჭება ინტეგრირებულ ფერმერულ მენეჯმენტზე, მდგრად განვითარებად სოფლის მეურნეობაზე და მესაქონლეობაზე გადაღებულ ფილმებს. სწორედ ამ კატეგორიის გამარჯვებული გახდა „ჯარა“ თავისი განსაკუთრებული ზღაპრული ისტორიით – ტრადიციულ ჯარას მეფუტკრეობაზე, ველური ბუნებისა და ადამიანების თანაცხოვრებაზე აჭარის რეგიონში.
„ჯარას“ პრემიერა საქართველოში 2017 წლის მარტში გაიმართა. ფილმი გადაღებულია მერისში, დანდალოში, ჩირუხისა და დღვანის ხეობებში, დიდაჭარასა და ხულოში.
„ჯარას“ მთავარი მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსის (Mercy Corps) მიერ იმპლემენტირებული კავკასიის ალიანსების პროგრამა, სხვა მხარდამჭერებთან ერთად, როგორიცაა კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF). აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ „ჯარა“ 15 000 ლარით დააფინანსა.
ბათუმის მერიამ აჭარის უმაღლეს საბჭოს კანონმდებლობაში ცვლილებასთან დაკავშირებული პროექტების მომზადება სთხოვა და დასახელებულ საკითხებთან დაკავშირებით პრობლემის გადაჭრის საკუთარი ხედვა შესთავაზა. მერიაში მიიჩნევენ, რომ ცვლილებები ბათუმში რამდენიმე მწვავე პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს.
მერიის მიერ დასახელებული პრობლემების ჩამონათვალშია უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული მშენებლობები, კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ მერიის დადგენილების აღსრულება, რაც უნებართვოდ აშენებული ან მიშენებული ფართობების მოშლას გულისხმობს.
პრობლემის არსს მერია ასე აღწერს:
„როგორც სასამართლო გადაწყვეტილების, ასევე ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოტანილი დადგენილებების და მასზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება სააღსრულებო ბიუროს კომპეტენციაა. შესაბამისად, უკანონო მშენებლობის, პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის, უნებართვოდ ობიექტის დემონტაჟის აღმოჩენის შემთხვევაში, ზედამხედველობის სამსახური გამოსცემს დადგენილებას,რომლითაც სამართალდამრღვევს აჯარიმებენ და სთხოვენ, დაუყოვნებლივ შეაჩეროს უნებართვო მშენებლობა, ამ დადგენილებით ასევე განისაზღვრება უკვე განხორციელებული უკანონო მშენებლობის დემონტაჟი და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის ვალდებულება, რაზედაც გაიცემა სააღსრულებო ფურცელი.“
მერიის განმარტებით, იმის გამო, რომ ზედამხედველობის სამსახურს არ გააჩნია რაიმე სახის იძულების მექანიზმები [საპოლიციო თუ სხვა], გაცემული დადგენილება და სააღსრულებო ფურცელი იგზავნება სააღსრულებო ბიუროში, მისი აღსრულების მიზნით.
ბიურო, ისევე როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახური, კანონდამრღვევს აფრთხილებს შეაჩეროს უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობა და ამით ასრულებს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე მიმდინარე საქმისწარმოებას.
გაფრთხილების მიუხედვად სამართალდამრღვევები მაინც აგრძელებენ მშენებლობებს უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით. მერიის ინფორმაციით სააღსრულებო ბიურო ვერ ახერხებს კანონიერი მოთხოვნების შესასრულებლად გაფრთხილების გარდა სხვა იძულებითი ღონისძიებების განხორციელებას. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში სააღსრულებო ბიუროს უფლებამოსილი პირები მერიას განუმარტავენ, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის იძულებით აღსრულებას.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ მოქმედება არ შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, რადგან ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ კანონდამრღვევის ნებაზე, რომელიც არ ასრულებს მითითებას, ამ შემთხვევაში მას შეიძლება დაეკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. მიუხედავად ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, დანაშაულად მიიჩნევა და დასჯადია მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისათვის ხელშეშლა. რადგან ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემული დადგენილებებისა და სააღსრულებო ფურცლების შეუსრულებლობა არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, ფაქტობრივად ვერ ხორციელდება სამშენებლო სამართალდარღვევათა სფეროში სახელმწიფოს მხრიდან საჭირო და ეფექტური ღონისძიებები.
ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით მერია უმაღლეს საბჭოს სთხოვს, მოამზადოს შესაბამისი ცვლილების პროექტი კანონმდებლობაში და „მსგავსად სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებაროს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედახედველობის სამსახურის დადგენილებების საფუძველზე გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის შეუსრულებლობა ან შემოღებულ იქნას სხვა ქმედითი რეგულაციები აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით.“
მერიაში ასევე განმარტავენ, რომ სამშენებლო სამართალდარღვევების კუთხით პრობლემაა უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით განხორციელებული მშენებლობების საჯარო რეესტრში მხოლოდ აზომვითი ნახაზის საფუძველზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის საკითხი, რის გამოც ფაქტობრივად ლეგალიზებული ხდება უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობები.
საჯარო რეესტრში ასეთი ფართობების მხოლოდ აზომვითი ნახაზის საფუძველზე საკუთრებაში რეგისტრაციის შემდგომ, დამრღვევი პირები ასაჩივრებენ მერიის ზედახედველობის სამსახურის დადგენილებებს სასამართლოში და ითხოვენ მათ გაუქმებას იმ მოტივით, რომ ამ დადგენილებებით ხორციელდება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ფართობების დემონტაჟი.
მერიის ინფორმაციით, დღეს დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკით ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედახედველობის სამსახურის დადგენილებები დემონტაჟის ნაწილში უქმდება იმის გამო, რომ უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით განხორციელებული მშენებლობების შედეგად შექმნილი ფართობები საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულია მხოლოდ და მხოლოდ აზომვითი ნახაზის საფუძველზე.
„ამდენად, გვაქვს სიტუაცია, როდესაც ხორციელდება უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით განხორციელებული მშენებლობების ირიბი ლეგალიზაცია [საჯარო რეესტრში უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე, მხოლოდ აზომვითი ნახაზის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამო], ხოლო ამის გამო ზედახედველობის სამსახური მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უძლურია განახორციელოს ღონისძიებები ასეთი ობიექტების დემონტაჟის მიზნით“.
მერია ითხოვს, საჯარო რეესტრის საქმიანობის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში ამ კუთხით განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები და საჯარო რეესტრმა მხოლოდ აზომვითი ნახაზის საფუძველზე არ დაარეგისტრიროს ქონება და ამისათვის სავალდებულო გახდეს უფლების დამდგენი დოკუმენტების წარდგენა.
უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ნინო ჩხეტიას ინფორმაციით, უმაღლეს საბჭოში მერის რამდენიმე ინიციატივას განიხილავენ, მათ შორის, მერიის დადგენილების აღსრულებისა და საჯარო რეესტრში საკუთრების მხოლოდ ნახაზზე დაყრდნობით საკუთრების უფლების რეგისტრაციის საკითხს, თუმცა ამ კონკრეტულ ინიციატივას პროექტის სახე ჯერ არ აქვს. მერმა უმაღლეს საბჭოს ინიციატივით 2018 წლის თებერვალში მიმართა.
მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმში უკანონოდ აშენებული და დაურეგისტრირებელი 9000 კვადრატული მეტრია, ამ მონაცემებში არ შედის ის ფართობები, რომლებიც მშენებლებმა ბოლო წლებში უკანონოდ ააშენეს და მათი კანონის ჩარჩოში მოქცევა მშენებლობის დასრულების შემდეგ შეძლეს.
პროფესიული განათლების მქონე მეზღვაურებს, რომელთაც მესამე საფეხურის კვალიფიკაცია აქვთ, სერტიფიკატების მიღება გაუადვილდებათ. ცვლილება გემბანის და სამანქანე განყოფილების რიგითებს ეხებათ.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით 21 ივნისიდან მატროსის და მოტორისტის სერტიფიკატის მიღება გამარტივდა.
კერძოდ, გემბანის რიგითს, რომელსაც აქვს გემზე რიგითად მუშაობის 12 თვის ნაოსნობის სტაჟი, შეუძლია, აიღოს II/5 მატროსის სერტიფიკატი. სამანქანე განყოფილების რიგითს, რომლესაც აქვს გემზე რიგითად 6 თვის ნაოსნობის სტაჟი, შეუძლია, აიღოს III/5 მოტორისტის სერტიფიკატი.
იმისთვის რომ მეზღვაურებმა ამ ცვლილებით ისარგებლონ უნდა აკმაყოფილებდნენ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირების და ვახტის გაწევის შესახებ“ (STCW) კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნას აღიარებულ წვრთნასთან დაკავშირებით.
აქამდე მატროსის სერტიფიკატის მისაღებად 18 თვის სტაჟი იყო საჭირო, ხოლო მოტორისტის სერტიფიკატის მისაღებად 12 თვის სტაჟი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა ბათუმში მომხდარი ძარცვის, ქურდობის, ქურდობის მცდელობის, თაღლითობისა და ძალადობის ფაქტები გახსნეს.
შსს-ს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული მ. გ. და 1998 წელს დაბადებული ა.ღ. ძარცვის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 21 ივნისს, გამთენიისას, თანამზრახველთან – 1999 წელს დაბადებულ მ.შ.-სთან ერთად, უკანონოდ შეაღწიეს ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც სხვადასხვა დასახელების სიგარეტი და ფული გაიტაცეს.
შს სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პირები მხილებული არიან სხვა დანაშაულებშიც, კერძოდ: მ.გ.-მ მიმდინარე წლის 17 მაისს ბათუმში მდებარე სწრაფი კვების ობიექტიდან 190 ლარი მოიპარა; იმავე დღეს, ა.ღ. ბათუმში მოტყუებით დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ მობილური ტელეფონს; 18 ივნისს კი, ღამით, მ.გ.-მ ბათუმში მდებარე სასურსათო მაღაზიის გაქურდვა სცადა, რაც სიგნალიზაციის ჩართვის გამო ვერ განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა; იმავე დღეს, მ.გ.-მ, ა.ღ.-მ და მ.შ.-მ ბათუმში პურპროდუქტების საცხობიდან 1000 ლარი მოიპარეს და მიიმალნენ.
21 ივნისს მ.გ.-მ, ა.ღ.-მ და მ.შ.-მ, თანმხლებ პირთან – 1993 წელს დაბადებულ გ.შ.-სთან ერთად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სავაჭრო ცენტრ „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კერძო დაცვის სამსახურ „ვიქტორია სექურითის“ თანამშრომელს – მ.ო.-ს, რის შედეგადაც იგი გადაყვანილ იქნა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
მ.შ.-ს დაკავების მიზნით მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.
გამოძიება ძარცვის, ქურდობის, ქურდობის მცდელობის, თაღლითობისა და ძალადობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 177-ე, 19-177-ე, 180-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ავტორი: მარიამ ცინცაძე, სოფელ მარადიდის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე
სოფელ მარადიდში, სკოლის შენობასთან ახლოს, ერთი ძველი შენობა დგას. ამ შენობაში უკვე ათწლეულებია დღემდე მოქმედი სოფლის კლუბია.
85 წლის მარადიდელი ახმედ დიდმანიძე 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ კლუბს. იგი ყვება, რომ სოფელში ეს შენობა 1928 წელს გამოჩნდა და ის მარადიდელ ქალს, ვესილე დიდმანიძეს უკავშირდება. თავდაპირველად ამ შენობაში გახსნილ მაღაზიაში მარადიდელი ქალების მიერ მოქსოვილი წინდები იყიდებოდა, შემდეგ კი კინოჩვენებების ადგილად იქცა და აქ ძალიან ბევრი ხალხი იყრიდა თავსო – ამბობს ის.
ახმედ დიდმანიძე. ფოტო: მარიამ ცინცაძე
ახმედ დიდმანიძის თქმით, მარადიდის კლუბში პირველი ფილმი 1957 წელს უჩვენებიათ.
„ყველაზე პოპულარული ინდური ფილმები იყო, რა თქმა უნდა, ქართულ ფილმებსაც ითხოვდნენ. მაგალითად, „ღვინის ქურდები“, „უდიპლომო სასიძო“ და ასე შემდეგ. ბილეთის ფასი 20 თეთრი იყო, ხოლო ვისაც არ ჰქონდა საშუალება, მათთვის უფასო იყო.
ფილმების ჩვენება თითქმის ყოველდღე მიმდინარეობდა, სხვა სოფლებიდანაც მოდიოდა ხალხი ფილმების სანახავად, კირნათიდან, მაჭახლიდან, მირვეთიდან… წინასწარ ვაკრავდით აფიშებს, თუ რა ფილმის ჩვენება იქნებოდა,“ – იხსენებს ახმედ დიდმანიძე.
საინფორმაციო დაფა კლუბთან
კლუბთან ახლოს მდებარე რკინის საინფორმაცია დაფა, სადაც ადრე აფიშებს აკრავდნენ, ახლა დაჟანგულია. დიდი ხანია კლუბში ფილმი არ უჩვენებიათ, თუმცა კლუბი ისევ „ცოცხლობს“. კვირაში რამდენჯერმე ძველი კარი იღება და აქ მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებას ამზადებენ, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი უკვე მწყობრიდანაა გამოსული. ძველი კლუბის თავზე ცხოვრობენ კიდეც.
კლუბის კარი. ფოტო: მარიამ ცინცაძე
______________________
მომზადებულია „ბათუმელების“ მედიალაბორატორიის ფარგლებში.
ფერები ისეთი მკვეთრი და კაშკაშა აღარ გეჩვენებათ, როგორც ადრე?
სათვალე აღარ გშველით?
მზის შუქი ან სხვა ნებისმიერი სინათლე თვალს ძალიან გჭრით?
სინათლის წყაროს ირგვლივ ჩნდებიან შუქის რგოლები (არეოლები) და უჩივით მხედველობის დაქვეითებას განსაკუთრებით ღამით?
[/checklist]
თუკი ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთი ან რამდენიმე მათგანი აღგენიშნებათ, შესაძლოა ეს კატარაქტის ანუ ბროლის შემღვრევის ბრალი იყოს. უმეტეს შემთხვევაში, მხედველობის სიმახვილის დაქვეითების მიზეზი 55 წელს გადაცილებულ ადამიანებში სწორედ რომ კატარაქტა გახლავთ.
კატარაქტა თვალის ბროლის ნაწილობრივი ან მთლიანი ამღვრევაა, რასაც შედეგად მოსდევს მხედველობის დანისვლა (გაბუნდოვანება). მკურნალობის გარეშე კატარაქტას მოჰყვება თვალის ბროლის სრული ამღვრევა და სიბრმავე.
სამედიცინო ცენტრ „საგიტარიუსის“ დირექტორი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ოფთალმოლოგი ელიტა ხვედელიძე
ჩვეულებრივ, კატარაქტა ორივე თვალს აზიანებს, მაგრამ არა ერთდროულად. ერთ-ერთი თვალი შესაძლოა რამდენიმე თვით, რამდენიმე წლით ადრეც კი დაავადდეს.
სამედიცინო სტატისტიკის მიხედვით, კატარაქტა თვალის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ის მთელ მსოფლიოში 40 წელს გადაცილებულთა მესამედს აღენიშნება.
ერთმანეთისგან განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ კატარაქტას. თანდაყოლილი კატარაქტის დროს ბროლის შემღვრევა, წესისამებრ, შემოსაზღვრულია და არ პროგრესირებს, შეძენილ ფორმას კი, პროგრესირებადი ხასიათი აქვს.
თანდაყოლილი კატარაქტა ყოველი 10 000 ახალშობილიდან ერთს აღენიშნება. დაავადების მიზეზი შესაძლოა იყოს ორსულობის პერიოდში დედის მიერ გადატანილი ინფექციური დაავადება, მის მიერ სტეროიდული ჰორმონების მიღება, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება.
შეძენილ კატარაქტას, განვითარების მიზეზის კვალობაზე, რამდენიმე ჯგუფად ყოფენ:
[checklist]
ასაკობრივი (ხანდაზმულთა) კატარაქტა
ტრავმული კატარაქტა – ვითარდება როგორც დახურული ტრავმის, ისე თვალში შემავალი ჭრილობის შედეგად
გართულებული კატარაქტა – ვითარდება თვალის გარსის სისხლძარღვების ანთების (უვეიტი), მაღალი ხარისხის ახლომხედველობის, გლაუკომის, ბადურას პიგმენტური დეგენერაციისა და თვალის ზოგიერთი სხვა დაავადების ფონზე
სხივური კატარაქტა – ბროლის შემღვრევა გამოწვეულია სხივური ენერგიის – ინფრაწითელი სხივების (ჩვეულებრივ, პროფესიულია, მაგალითად, მინის მბერავების კატარაქტა), რენტგენისა და რადიაციის ზემოქმედებით
ტოქსიკური კატარაქტა – ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ წამლისმიერი კატარაქტების დიდ ნაწილს, რომლებიც აღმოცენდება ზოგიერთი წამლის (კორტიკოსტეროიდების, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების და სხვათა) ხანგრძლივი მიღების შედეგად
ორგანიზმის ზოგადი დაავადებებით (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები) გამოწვეული კატარაქტა
[/checklist]
კატარაქტაზე სულ მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი, აუცილებელია ოფთალმოლოგთან ვიზიტი. მხოლოდ მას შეუძლია სწორი დიაგნოზის დასმა. ექიმი სადიაგნოსტიკოდ ატარებს ბიომიკროსკოპიას – თვალის დათვალიერებას, ოფთალმოსკოპიას – თვალის ფსკერის დათვალიერებას – და ჩვენებიდან გამომდინარე, სხვა ოფთალმოლოგიურ კვლევებს.
ოპერაცია მთლიანობაში დაახლოებით 10-15 წუთიდან 20-30 წთ-მდე გრძელდება.
არსებობს კატარაქტის საწინააღმდეგო სპეციალური მედიკამენტებიც. ისინი უმთავრესად ბროლში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაზე ახდენენ გავლენას. წვეთებთან ერთად რეკომენდებულია თვალისთვის განკუთვნილი ვიტამინების მიღება.თუ მედიკამენტური მკურნალობა დაავადების საწყის ეტაპზევე დავიწყეთ და უწყვეტად განვაგრძეთ, შესაძლოა, პროცესი შევაფერხოთ, მაგრამ ამ გზით განკურნება შეუძლებელია.
კატარაქტისგან განკურნების ერთადერთ შესაძლებლობას წარმოადგენს მიკროქირურგიული ოპერაცია, რომელიც მდგომარეობს ამღვრეული ბროლის ამოღებასა და მისი ხელოვნური ბროლით შეცვლაში. ეს ოპერაცია ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ტარდება, პაციენტისთვის უმტკინვეულოდ. ქირურგი ოპერაციას იწყებს ძალიან მცირე ზომის განაკვეთით. ამ განაკვეთში იგი შეიყვანს წვრილ ნემსს, რისი საშუალებითაც შემღვრეული ბროლი უწვრილეს ნაწილაკებად დაქუცმაცდება და თვალიდან გამოიდევნება. იგივე განაკვეთიდან, ძველის ბროლის ადგილზე, გადაინერგება ახალი ინტრაოკულარული ლინზა (ხელოვნური ბროლი). ოპერაცია მთლიანობაში დაახლოებით 10-15 წუთიდან 20-30 წთ-მდე გრძელდება, ბროლის სიმკვრივისა და ზოგადად, ოპერაციის სირთულის მიხედვით.
პაციენტს მხედველობა სწრაფადვე უუმჯობესდება ოპერაციის შემდეგ. ზოგჯერ კი მხედველობის საბოლოო აღდგენამდე რამდენიმე დღე და კვირაა საჭირო.
კატარაქტის ოპერაციის შედეგები დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე: წინასაოპერაციო ინსტრუმენტალურ და ლაბორატორიულ კვლევებზე, თანმხლებ დაავადებებზე, საოპერაციო მასალასა და აპარატურაზე და რა თქმა უნდა, ქირურგის გამოცდილებაზე.
აგრეთვე ოპერაციის შედეგი დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა პაციენტს თვალის თანმხლები დაავადებები ბადურა გარსის და მხედველობის ნერვის, მაგალითად, გლაუკომა, მაკულოდისტროფია, რომლებიც არსებით გავლენას ახდენენ თვალის ფუნქციებზე და უწევენ წინააღმდეგობას მხედველობის სრულ აღდგენას კატარაქტის ქირურგიის შემდეგ.
სამედიცინო ცენტრ „საგიტარიუსის“ ოფთალმოქირურგიული განყოფილება 2007 წელს დაარსდა და წლების განმავლობაში აჭარის რეგიონის ოფთალმოლოგიური დარგის ლიდერის პოზიციებს იკავებს. აქ წარმოდგენილია მაღალტექნოლოგიური, მსოფლიოში წამყვანი კომპანიების აპარატურა. ოპერაციებს ატარებენ საქართველოს წამყვანი სპეციალისტები, რომლებსაც ვიწვევთ ბათუმში. გამოყენებულია კატარაქტის უნაკერო ქირურგიის პროგრესული, უმტკივნეულო მეთოდი, რომლის დროსაც ხელოვნური ბროლის იმპლანტირება ხდება ზემცირე გაკვეთის მეშვეობით, კატარაქტის ექსტრაქცია ტარდება ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაციის მეთოდით.
დღეს ხელოვნური ბროლის ფართო არჩევანი არსებობს მსოფლიოში და მათ შორის, ჩვენს ქვეყანაშიც. მრავალი სამედიცინო კომპანია სხვადასხვა მატერიალის ბროლს აწარმოებს. ეს ბროლები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ბევრი მახასიათებლით: შემადგენელი ნივთიერება, დიზაინი, ზომა და ა.შ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ ბროლი, რომელიც იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული: სპეციალურად კატარაქტის პროცედურისთვის შემუშავებული, საიმედო და გამოცდილი ნივთიერებისგან. ამ ტიპის ბროლები ოპერაციის შემდეგ იდეალურად ცვლის ბუნებრივ ბროლს, ადვილად და უსაფრთხოდ იმპლანტირდება თვალში და წლების შემდეგაც ყოველგვარი გართულების გარეშე ასრულებს მის ფუნქციას.
ჩვენს კლინიკაში გამოიყენება მსოფლიოში აღიარებული საუკეთესო მწარმოებლების მიერ გამოშვებული ბროლები. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმი პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით არჩევს ოპერაციის მეთოდს და ხელოვნური ბროლის მოდიფიკაციას. თუ ორივე თვალის ოპერაციაა საჭირო, ქირურგიული ჩარევა ჯერ უფრო ნაკლებად მხედველ თვალზე ხდება. ერთდროულად ორივე თვალის ოპერაცია არ ტარდება.
კატარაქტის პროფილაქტიკა ითვალისწინებს ამ დაავადების ადრეულ გამოვლენას, სათანადო მკურნალობას თანამედროვე მეთოდებით და ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით შესრულებას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ავტორი: სამედიცინო ცენტრ „საგიტარიუსის“ დირექტორი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ოფთალმოლოგი ელიტა ხვედელიძე
ამ წუთებში ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ჩვენებას გიორგი მიქაუტაძე აძლევს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. მოგვიანებით გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზეც დაიწყო, თუმცა გამოძიება კონკრეტულ შედეგზე ამ დრომდე არ გასულა. ყოფილ მოსამართლეს და ამჟამად იუსტიციის საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.
გიორგი მიქაუტაძის ჩვენების მიცემის დაწყებამდე, ბრალდებულმა თამარ ხაჭაპურიძემ მოსამართლის აცილების საკითხი დააყენა.
“ირღვევა მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპი. პროკურორს ნებისმიერ დროს აქვს უფლება თქვას ის, რაც მას უნდა, ჩვენ – არა,” – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა თამარ ხაჭაპურიძემ. იგი მეუღლესთან, კახაბერ ხაჩიძესთან ერთად გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული და დიდ ბრიტანეთში იმყოფება. ბრალდებულები სასამართლო პროცესს სკაიპით ერთვებიან.
მოსამართლემ ბრალდებულს შეახსენა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება, როგორც დაპატიმრების, ასევე გირაოთი გათავისუფლების შესახებ.
“ამიტომაცაა, რომ ახლა ინგლისიდან გვესაუბრებით. მაშინ რატომ არ გაგიჩნდათ მიკერძოებულობის განცდა, როცა გირაოთი გაგათავისუფლეთ?” – გაცხარდა მოსამართლე. მან თამარ ხაჭაპურიძის შეპასუხებას აღარ მოუსმინა და თქვა, რომ მისი აცილების შესახებ შუამდგომლობა წინა სხდომებზე უნდა დასმულიყო.
“ხმამაღლა იმიტომ ვსაუბრობ, რომ კარგად გაიგოთ,” – მიმართა მოსამართლემ ბრალდებულს და ჩაქუჩი ხმაურიანად ჩამოჰკრა.
დაკითხვა გრძელდება.
ამ საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალები:
გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმის პარალელურად გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზეც მიმდინარეობს, თუმცა, აქამდე არ დაუკითხიათ ამ საქმის მთავარი პირი – თამარ ხაჭაპურიძის და კახაბერ ხაჩიძის არასრულწლოვანი შვილი. პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა ერთ-ერთი პროცესის შემდეგ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მოზარდის ცემის საქმეზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი – გიორგი მიქაუტაძე დაკითხეს. ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა არაფერია ცნობილი.
მიქაუტაძის სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმიდან გაუჩინარდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ 13 წლის ბიჭი ნამდვილად ნაცემია. ირკვევა, რომ ეს დასკვნა საქმიდან პროკურორმა ამოიღო შემდეგი მოტივით: ექსპერტიზა მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის საქმეზე კი არა, არასრულწლოვნის ცემის საქმეზე ჩატარდა.
თუმცა, ახლახან, ერთ-ერთ სასამართლოს პროცესზე, მოწმის სახით დაბარებულმა პოლიციელმა განაცხადა, რომ არასრულწლოვანს ექსპერტიზა სწორედ გიორგი მიქაუტაძის საქმეზე ჩაუტარდა.
სასამართლოს წინა სხდომაზე პროკურორ დავით ხარძეიშვილს მოსამართლემ ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა დაავალა.
შუახევი [ხიჭაურის დასახლება] – გოდერძის უღელტეხილის [ზანკების დასახლება] მონაკვეთზე ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სამშენებლო დოკუმენტის პროექტს შეისყიდის. პროექტის შედგენაზე ტენდერი გამოცხადებულია, სატენდერო თანხა კი 300 ათასი ლარია.
შუახევისა და ხულოს დასახლებული პუნქტების გაზმომარაგების მიზნით, ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობისათვის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი უნდა შედგეს პოტენციურ აბონენტთა რაოდენობისა და ბუნებრივი აირის საპროგნოზო მოხმარების გათვალისწინებით, ასევე მისი სამხრეთ მიმართულების გაზსადენზე დაერთების პერსპექტივით.
ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაო სამ ეტაპად უნდა შეასრულოს:
[checklist]
პირველი ეტაპი – წინასაპროექტო კვლევა, რომელიც უნდა მოიცავდეს დასახლებათა გაზიფიცირების არეალისა და საორიენტაციო აბონენტების რაოდენობის განსაზღვრას
მეორე ეტაპი – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების პროექტი, რომელიც უნდა მოიცავდეს ტექსტურ და გრაფიკულ ნაწილებს, მუნიციპალიტეტების საზღვრების ჩვენებით/მიხედვით
მესამე ეტაპი – სამშენებლო დოკუმენტის პროექტის დამუშავება, რომელიც უნდა აკმაყოფლებდეს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებს და საპროექტო ტერიტორიაზე გამავალი საინჟინრო კომუნიკაციების ოპერატორებისაგან/მფლობელებისაგან [მაგ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, საპატრულო პოლიცია, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზობრივი ნაგებობის მფლობელი ოპერატორი, ელექტროგადამცემი ხაზების ოპერატორი კომპანიები და სხვა] გაცემულ პირობებს.
[/checklist]
ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 29 ივნისს დაიწყება და 2 ივლისს დასრულდება. პროექტი მზად უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2018 წლის 15 დეკემბრისა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სამომავლოდ იგეგმება ადიგენიდან გოდერძის უღელტეხილის გავლით გაზის მილსადენის მშენებლობა, რომელიც ხიჭაური-გოდერძის მილსადენს შეუერთდება. თავის მხრივ, გოდერძი-ხიჭაურის გაზსადენი დაერთდება ბათუმი-ხიჭაურის გაზსადენზე, რითაც აჭარას ბუნებრივი აირის მოწოდების ორი კერა ექნება – ქობულეთისა და გოდერძის მხრიდან.
აჭარის გაზიფიკაციის პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში ბათუმიდან ხიჭაურამდე უკვე შენდება გაზსადენი, რომელიც ნაცვლად 2019 წლისა, მიმდინარე წლის აგვისტოში ან ნოემბერში უნდა დასრულდეს.
ამ ეტაპზე დასახლებული პუნქტების [სოფლების] დაქსელვაზე კი აჭარის მთავრობას არც პროექტი აქვს და არც ფინანსები გამოყოფილი. მეტიც, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, ვინ დააფინანსებს შესაბამის სამუშაოებს – საქართველოს, აჭარის მთავრობა, თუ მუნიციპალიტეტებსაც ჩართავენ.
„მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროგრამა, რაც აჭარის მთავრობას აქვს, გულისხმობს ცენტრალური მილსადენის გაყვანას. ეს შემდგომში სოფლების გაზიფიცირების შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადეს დაახლოებით ერთი თვის წინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
მატარებლების მწარმოებელი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი, შვეიცარიული კომპანია „შტადლერი“ საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენებას გეგმავს, რისთვისაც საქართველოს რკინიგზამ, თბილისის მერიამ და შვეიცარულმა ,,შტადლერმა’’ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
კომპანია ,,შტადლერს’’ უკვე აქვს საქართველოში რეალიზებული პროექტი – Stadler KISS-ის ტიპის ორსართულიანი ოთხი ერთეული მატარებლის სახით, აღნიშნული მატარებლები თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე მოძრაობენ, ისინი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და სრულად პასუხობენ უსაფრთხოებისა და კომფორტის თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებს.
შვეიცარული კომპანიისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო და საქართველოს მთავრობის, საქართველოს რკინიგზისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გეგმავს რეგიონული საწარმოს პროექტის რეალიზებას.
ამგვარი მაღალტექნოლოგიური საწარმოს აშენება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისთვის. კომპანია ,,შტადლერი” აწარმოებს როგორც რკინიგზის სამგზავრო მატარებლებს, ასევე მეტროსა და ტრამვაის შემადგენლობებს და მას მსოფლიო მასშტაბით გააჩნია სხვადასხვა სიმძლავრის საწარმოები.
საქართველოში წარმოებული პროდუქცია განკუთვნილი იქნება როგორც ლოკალური, ასევე რეგიონული ბაზრისათვის.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22-23 ივნისს ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ელვა-ჭექა და ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
უკვე 1 თვეა ფინკა ბანკში სესხების კამპანია მიმდინარეობს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თავად აირჩიონ სესხის პირობები, ე.წ. „ინგრედიენტები“ და შექმნან სესხი, ისეთი, როგორიც სურთ და სჭირდებათ.
კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ სესხის ვადა, გადახდის გრაფიკი, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლონ საშეღავათო პერიოდით.
როგორც ფინკა ბანკში აცხადებენ, კამპანია საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს და მომხმარებლის მხრიდან დაინტერესება დიდია. კამპანიის მიზანია მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შეთავაზება.
„კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს ვთავაზობთ არჩევანს, თავად შეარჩიონ სესხის ე.წ ინგრედიენტები და თავად შექმნან სესხი. ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ მომხმარებლების საჭიროებებს და ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის სესხი ესადაგებოდეს მათ შესაძლებლობებს და საჭიროებებს. ჩვენი მომხმარებლების თითქმის 80% რეგიონებში ცხოვრობს და სოფლის მეურნეობით და ფერმერობით არის დაკავებული, სეზონურობიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის თუნდაც საშეღავათო პერიოდით სარგებლობა. სწორედ ამიტომაც წამოვიწყეთ ეს კამპანია და მომხმარებლებს ახალ შესაძლობლობას ვთავაზობთ“.- აღნიშნავს ჯამბულ ხოზრევანიძე, ფინკა ბანკის დასავლეთ რეგიონის რეგიონალური ოპერაციების მენეჯერი.
სესხების კამპანია ფინკა ბანკში წლის ბოლომდე გაგრძელდება. მომხმარებლებს შეუძლიათ სესხის განაცხადი შეავსონ ონლაინ ან სერვის ცენტრებში, ან დარეკონ ფინკა ბანკის ცხელ ხაზზე : *4949
საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის თავდადებულთა მონუმენტი „სამშობლოს სადარაჯოზე“, მახუნცეთში დღეს ოფიციალურად აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აკადემიკოსმა ვაჟა ბერიძემ გახსნეს.
პროექტის ავტორი მხატვარ დეკორატორი ალექსანდრე ლანევსკია, მხარდამჭერი საყოველთაოდ ცნობილი სკულპტორი ზურაბ წერეთელი, მოქანდაკეები დავით ბოლქვაძე და ავთანდილ ნავროზაშვილი, ხოლო არქიტექტორი დავით სვანიძეა. სკულპტურა საინიციატივო ჯგუფმა – ბერიძეების საგვარეულომ – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან ასი წლისთავს მიუძღვნეს.
„სამშობლოს სადარაჯოზე“ ზურაბ პატარაძემ და აკადემიკოსმა ვაჟა ბერიძემ გახსნეს.
სიტყვით მიესალმნენ და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, მწერლებმა, ისტორიკოსებმა და საზოგადოების წევრებმა.
პარალელურად Art-გენი 2018 გაიმართა, რომელმაც სტარტი ქედის მუნიციპალიტეტიდან პირველად აიღო. ფესტივალის წლევანდელი თემა ასევე სიმბოლურია – ,,მამული, ენა, სარწმუნოება”.
კონცერტი შავფაროსნებმა გახსნეს. მოწვეულნი იყვნენ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები, გამოფენილი იყო ხალხური რეწვის ნიმუშები. Art-გენის მე-15-ედ აღინიშნა და ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, როგორც ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის თავლსაზრისით, ისე ტურისტულად საინტერესო და მნიშვნელოვანი ადგილების გაცოცხლება და პოპულარიზაციაა.
სწორედ, ასეთი ადგილია მახუნცეთი, სადაც ტურისტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, დღეს ტურისტებმაც ისიამოვნეს არაჩვეულებრივი სანახაობებით.
სკულპტურა საინიციატივო ჯგუფმა – ბერიძეების საგვარეულომ – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან ასი წლისთავს მიუძღვნეს.პროექტის ავტორი მხატვარ დეკორატორი ალექსანდრე ლანევსკია, მხარდამჭერი საყოველთაოდ ცნობილი სკულპტორი ზურაბ წერეთელი, მოქანდაკეები დავით ბოლქვაძე და ავთანდილ ნავროზაშვილი, ხოლო არქიტექტორი დავით სვანიძეა.
აჭარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს – მიხეილ დილიმაშვილი. იგი მეორე დღეა ასრულებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას ადასტურებს. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მიხეილ დილიმაშვილი ბოლო წლებში თბილისის საპატრულო პოლიციაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
მიხეილ დილიმაშვილს ბოლო თანამდებობრივი დეკლარაცია 2013 წელს აქვს შევსებული. ამ დროისთვის იგი სოდ-ის, ანუ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მესამე მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.
აჭარის საპატრულო პოლიციას 2018 წლის თებერვლიდან მანუჩარ კაციტაძე ხელმძღვანელობდა. რამდენიმე დღის წინ იგი ქვეითი პატრულის სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს.
მთავარი ფოტოზე მიხეილ დილიმაშვილი / ფოტო მიხეილ დილიმაშვილის ფეისბუქგვერდიდან
„ბათუმელების“ მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, მედიაში პატიმრების გამოგზავნილი წერილების რაოდენობა 2017 წლის მეორე ნახევრიდან საგრძნობლად შემცირდა, 2018 წლიდან კი რედაქციაში არცერთი ასეთი წერილი აღარ მოსულა. 2016-17 წლებში საპატიმროდან რედაქციის მისამართზე ყოველკვირეულად დაახლოებით 4-5 კორესპონდენცია იგზავნებოდა.
ახლა პატიმრებს აჭარის არ უმაღლეს საბჭოში, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში ოფიციალური კორესპონდენციის გაგზავნისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევთ.
„დემოკრატიის ინსტიტუტში” რომელიც ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს ახორციელებს და „ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიაში” ადასტურებენ, რომ კორესპონდენციებზე დაწესებული გადასახადი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა.
ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან პატიმრების პირდაპირი კავშირი არასასურველ ფაქტად მიაჩნია.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე მიიჩნევს, რომ კორესპონდენციებზე ტარიფის დაწესებას თავისი სამართლებრივი საფუძვლები ჰქონდა. მისივე თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტრო ფოსტას დიდ თანხას უხდიდა, შესაბამისად, ფასიანი გახდა საპატიმროდან ზოგიერთი დაწესებულებისთვის მიწერა.
ცოტნე ანანიძე: „ადამიანის უფლებათა კომიტეტშიც შემცირდა კორესპონდენციების რაოდენობა. შეიძლება ბევრი არ არის 2.40 ლარი ერთი წერილის გამოსაგზავნად, თუმცა ხშირად პატიმრებს ამის გადახდაც უჭირთ.
მინისტრის მეასე ბრძანების მიხედვით განსაზღვრულია ნუსხა, სადაც კორესპონდენციების გაგზავნა შეუძლიათ პატიმრებს უფასოდ: საქართველოს მთავრობასთან, სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სახალხო დამცველთან და ა.შ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს პენიტენციურ სისტემაში შესვლის უფლება არ აქვთ. საშემოდგომო სესიაზე ვაპირებთ მოვითხოვოთ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან მოწერა გახდეს უფასო.
მართალია, სრულად არ აქვთ შეზღუდული პატიმრებს კორესპონდენციების გაგზავნის უფლება, თუმცა მედიასა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან რომ ჰქონდეთ უფასოდ მიწერის საშუალება, უმჯობესი იქნებოდა“.
ადამიანის უფლებათა კომიტეტთან ერთად, საშემოდგომო სესიაზე, ამავე საკითხის ინიცირებას აპირებს „დემოკრატიის ინსტიტუტიც“. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არჩილ ხახუტაიშვილის თქმით, არის თემები, რაზეც პატიმრებს აქვს პრეტენზიები: გარემო-პირობები, საბადრაგო სამსახურთან ურთიერთობის პირობები, მოპყრობის პირობები, სოციალური კუთხის პრობლემები, ჯანდაცვის პრობლემები, ციხისთვის დამახასიათებელი ტიპური პრობლემები – ამ ყველაფრის შესახებ დემოკრატიის ინსტიტუტიც იღებდა საპატიმროდან წერილების დიდ ოდენობით. და ეს შეწყდა.
დემოკრატიის ინსტიტუტი ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს ამ სეგმენტთან და ამიტომ პატიმართა უკმაყოფილება კორესპონდენციებზე ფასის დაწესების გამო ორგანიზაციამდე მაინც აღწევს.
არჩილ ხახუტაიშვილი: „ყოფილი პატიმრებს უთქვამთ ჩვენთვის, რომ სურდათ მიწერა აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის, თუმცა არ ჰქონდათ თანხა, რაც წერილის გასაგზავნად იყო საჭირო. რატომ არ უნდა შეეძლოს აჭარის რეგიონის მკვიდრ პატიმარს საკუთარ დეპუტატს მისწეროს წერილი უფასოდ მაშინ, როცა პარლამენტისთვის მიწერა უფასოა.
ერთადერთია სახალხო დამცველი, ვისაც ნებისმიერ დროს შეუძლია საპყრობილეში შესვლა. არასამთავრობოებს ამის უფლება არ გვაქვს. ფაქტია, რომ იკლო კორესპონდენციებმა და ჩვენ ამის მიზეზად კორესპონდენციებისთვის დაწესებულ გადასახადს მივიჩნევთ. მონიტორინგი არსებობს იმისთვის, რომ გამოვლინდეს პრობლემები. თუ რაღაცის დამალვა გინდა და არა იმის ჩვენება, რაც მართლა არის, მაშინ ზღუდავ ხედვის არეალს მესამე თვალისთვის“.
არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ პატიმართა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოებს საპატიმროებში შესვლის უფლება ისევ უნდა მიენიჭოთ, რადგან არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართულობა მონიტორინგის პროცესში პენიტენციური სისტემის პრობლემების სწრაფ გამოვლენასა და ხარვეზების პრევენციას შეუწყობს ხელს.
პარლამენტის საშემოდგომო სესიამდე კი პატიმრებს, ყოველ გაგზავნილი წერილზე, 2 ლარისა და 40 თეთრის გადახდა მოუწევთ. საშემოდგომო სესიაზე „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და უმაღლესი საბჭოს „ადამიანის უფლებათა კომიტეტი“ ტარიფის გასაუქმებლად კანონში ცვლილებების საკითხს დააყენებს.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ 2018 წლის პროგრამის ფარგლებში, 14 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართობები დაურეგისტრირდა.
საცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადაცემის პროცესს იუსტიციის სახლში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე დაესწრნენ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართობი საკუთრებაში უკვე გადაეცა 57 ეკომიგრანტ ოჯახს.
„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია 115-მდე სახლის ან ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი.
პროგრამის ფარგლებში, 2016-2017 წლებში უსაფრთხო საცხოვრისი 207-მა ოჯახმა შეიძინა.
ქედაში, მახუნცეთში, ფოლკლორული ფესტივალი არტგენის მიმდინარეობს. რიგით მე- 15 ფესტივალი დღეს, 21 ივნისს, 16 საათზე დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდება.
ფესტივალის პარალელურად საზეიმოდ გაიხსნა მონუმენტი ,,საქართველოს სადარაჯოზე”.
ფესტივალი ქედიდან 24 ივნისს გურიაში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში გადაინაცვლებს, 27 ივნისს – იმერეთში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, 29 ივნისს- ლეჩხუმში, მწვანე ამფითეატრში, ხოლო დასკვნითი ღონისძიება თბილისში, 8-15 ივლისს გაიმართება.
ბათუმის ნავსადგურის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გრანულებიანი გოგირდი, რომელიც ნავსადგურში, ღია სივრცეში იტვირთებოდა, საფრთხეს არ წარმოადგენს. შედეგები დღეს, 21 ივნისს, გახდა ცნობილი.
„გოგირდის ნაყარი ტვირთის გადატვირთვის პროცესში გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტების მიერ ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა, გაზომვები, რა დროსაც დარღვევა არ დაფიქსირებულა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გარემოს დაცვის დეპარტამენტის აჭარა-გურიის რეგიონალური სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსმა, ნატო დავითაძემ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური ბათუმის პორტში შესამოწმებლად მიმდინარე წლის 8 მაისს შევიდა. ნავსადგურის ტერიტორიაზე გრანულებიანი აზოტი ღია სივრცეში იტვირთებოდა. ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მძაფრი სუნი იგრძნობოდა.
ამავე პერიოდში ბათუმის ქუჩებში გამოჩნდა პლაკატები წარწერით: „ქიმიური შეტევა ბათუმზე“. პლაკატებზე ნათქვამი იყო, რომ ბათუმის პორტში საშიში ნივთიერებები იტვირთებოდა.
„ბათუმელებმა“ ნატო დავითაძეს ჰკითხა, გამოვლინდა თუ არა რაიმე დარღვევა ამ კუთხით.
„ბათუმის საზღვაო ნავსადგურს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში (გზშ) ასახული აქვს ტვირთთა ნაყარი სახით გრანულირება-დამუშავება. გოგირდის გრანულები გზშ-ში არ იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, არც გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესაბამის პუნქტში, სადაც განხილულია ატმოსფერულ ჰაერზე ზემოქმედების შეფასების საკითხი, ნაყარ ტვირთებს შორის ჩამონათვალში გოგირდ გრანული არ ყოფილა. თუმცა ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევის ნორმების პროექტში, რომელიც შეთანხმებული აქვს ბათუმის საზღვაო ნავსადგურს სამინისტროსთან, გოგირდის ნაყარი ტვირთი არის განხილული, როგორც ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევის წყარო. მათზე დადგენილია გაფრქვევის ნორმა“, – ამბობს ნატო დავითაძე.
„ბათუმელების“ კითხვაზე, იყო თუ არა გაფრქვევის ნორმა დარღვეული, გარემოს დაცვის დეპარტამენტის აჭარა-გურიის რეგიონალური სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსმა თქვა, რომ სპეციალისტების დასკვნით გაფრქვევის ნორმა დარღვეული არ ყოფილა.
ნავსადგურის არაგეგმიური შემოწმების დროს დადგინდა, რომ ბათუმის პორტი მთელ რიგ ვალდებულებებს არღვევდა. სწორედ ამიტომ ბათუმის ნავსადგური სავარაუდოდ 5 ათასი ლარით დაჯარიმდება.
„გამოვლინდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურზე გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის პირობების დარღვევის ფაქტები. კონკრეტული დარღვევები გამოიხატება გარკვეულ შემარბილებელ საკომპენსაციო ღონისძიებების არასრულყოფილად შესრულებაში,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნატო დავითაძემ.
კერძოდ, პორტის ტერიტორიაზე წესების დაცვით არ გროვდებოდა ნარჩენები და არ იყო მათი შესაგროვებელი კონტეინერები, ნავსადგურს მეოთხე და მეხუთე ნავმისადგომზე არ ჰქონდა საწარმოო სანიაღვრე წყლების არინების პროექტი შემუშავებული და განხორციელებული. ასევე, არ ჰქონდა შესრულებული გარკვეული ვალდებულებები, რომლებიც შეეხებოდა როგორც შავი ზღვის, ასევე ჩამდინარე წყლების წყლის ხარისხის მონიტორინგს.
ბათუმის ნავსადგური ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79-ე მეორეპრიმა მუხლის მიხედვით დაჯარიმდება, რაც გულისხმობს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. ოქმი სასამართლოს გადაეგზავნება, ჯარიმის ოდენობაზე სწორედ სასამართლო იმსჯელებს.
კომპანია „ამბასადორი ბათუმს“, რომელიც ბათუმის ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს, აჭარის მთავრობამ ბულვარში არსებული კიდევ ერთი შენობა გადასცა სარგებლობაში. ამ შენობაში ბოლოს ე.წ. საშინელებათა ოთახი მოაწყვეს, თუმცა პროექტმა არ გაამართლა და მალევე დაიხურა. ინვესტორმა სარგებლობაში გადაცემული შენობის ფასადი მოაპირკეთა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან [კმდს] შეთანხმების გარეშე. შეთანხმება სავალდებულო იყო, რადგან ნაგებობა ძეგლის ტერიტორიაზე მდებარეობს.
სარემონტო სამუშაოების შემდეგ
აუქციონით გათვალისწინებული საიჯარო პირობების მიხედვით, შენობა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობამ არაკომერციული მიზნებისთვის, საოფისედ გაასხვისა. იქვე მიუთითა, რომ იჯარით გაცემულ ტერიტორიაზე იკრძალება კვების ობიექტის მოწყობა, გარე პერიმეტრზე ან შენობის ფასადზე კი – მესამე პირის რეკლამის განთავსება. მოთხოვნებში იყო 300 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებაც.
როგორც ბულვარის ადმინისტრაციის იურიდიული ქონების მართვისა და მონიტორიგის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა დავით გამრეკელაშვილმა განმარტა, ეს თანხა მოსარგებლეს შენობის გასარემონტებლად უნდა დაეხარჯა, ინვესტორმა პირობა შეასრულა და შენობა გაარემონტა, თუმცა კანონის დარღვევით.
ის, რომ შენობა ძეგლის ნაწილია და მასზე სარემონტო სამუშაოების ჩატარებას სააგენტოსთან შეთანხმება სჭირდება, აუქციონის პირობებში მითითებული არ ყოფილა, იყო მხოლოდ ჩანაწერი, რომ მოსარგებლემ არ უნდა განახორციელოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები საიჯარო ქონების მიმართ.
ბულვარის ადმინისტრაციის სპეციალისტის განმარტებით, კომპანიამ მათ წარუდგინა ქონების მესაკუთრის – ბათუმის მერიის თანხმობა შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ამავე წერილში ეწერა, რომ კომპანიას სააგენტოსთან შეთანხმებაც დასჭირდებოდა, თუმცა ასეთი თანხმობა კომპანიას არ ჰქონია.
ინვესტორმა შენობის შიდა ინტერიერის რემონტი და ფასადის შებათქაშება ისე დაასრულა, რომ არც ბულვარის ადმინისტრაცია და არც სხვა რომელიმე სტრუქტურის წარმომადგენელი არ დაინტერესებულა, ჰქონდა თუ არა კომპანიას შესაბამისი ნებართვა და თუ არ ჰქონდა, რატომ?
შენობის იერსახის შეცვლის შესახებ რემონტის დასრულების შემდეგ გაიგო კმდს-მ. შესაბამისად, კომპანია სამუშაოების დასრულების შემდეგ გააფრთხილეს. „გავაფრთხილეთ, როცა გავიგეთ“, – გვითხრა სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მირზა ცეცხლაძემ.
რატომ ვერ შენიშნა ბულვარის ადმინისტრაციამ ძეგლზე მიმდინარე უკანონო სამუშაოები? – ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ეთერ მაჭუტაძე პასუხობს:
„ჩვენ შენიშვნა მივეცით კომპანიას, რაზეც გვიპასუხა, რომ პროექტს ამზადებდა სააგენტოში წარსადგენად… ეს იყო ძალიან უსახური შენობა და გველების ბუდე, მაგრამ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ ოფისად ისარგებლებდა. დიდ თანხას დავხარჯავ და კარგ ოფისად გადავაქცევო. რეაგირება შეიძლება დაგვიანდა, მაგრამ ჩვენ ველოდით დღე-დღეზე პროექტს. ხანდახან ხდება რომ გვიანდება. გეთანხმებით, ჩვენ დავინახეთ, მაგრამ ვიცდილეთ, რომ მას დაესრულებინა პროექტი, სააგენტომაც გაიგო ამის შესახებ, როგორ არ გაიგო… გარდა ამისა, უამრავი საქმეა და ხანდახან რაღაც გამოგრჩება. მე ამ შენიშვნას ვიღებ ჩემს თავზე“.
კომპანია „ამბასადორი ბათუმის“ მესაკუთრეებმა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, სინამდვილეში კარგად იციან, რომ ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ნებისმიერი სამუშაო, მსუბუქი კონსტრუქციის განთავსებაც კი, სააგენტოსთან უნდა შეთანხმდეს: მათ ერთ-ერთი სამშენებლო პროექტი, რაც ძველი პოლიკლინიკის შენობის დემონტაჟს და ახალი მშენებლობის დაწყებას ითვალისწინებდა, სააგენტოს შეათანხმეს და ნებართვაც ამ უწყებისგან მიიღეს.
ამის მიუხედავად, კომპანიის იურისტი, გოჩა კამკია ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ „ამბასადორ ბათუმს“ კანონი არ დაურღვევია. მისი არგუმენტია: „ბათუმის მერიიდან პირველადი თანხმობა მიღებული გვაქვს, არ შეგვიცვლია ნაგებობის მასშტაბი, პირიქით, ხდება მისი გაუმჯობესება. სააგენტოს ქონდა შენიშვნები და ორთვიანი ვადა განგვისაზღვრა, შევავსებთ ამ დოკუმენტებს და დავასრულებთ იმ სამუშაოებს, რაც დაგვრჩა. რატომ არ წარუდგინა მანამდე? – ალბათ რაღაც შეფერხება ჰქონდა კომპანიას.“
კომპანიამ ბულვარში მთავარი მშენებლობის ფარგლებს გარეთ კიდევ ერთი, დაახლოებით 200 კვადრატული მეტრი ტერიტორია შეღობა და მშენებლობა წამოიწყო, ამ შემთხვევაშიც უნებართვოდ. არავინ იცის, რას აშენებს ამ ადგილზე კომპანია. აქ არ არის გამოკრული საინფორმაციო ბანერი და პროექტის ე.წ. რენდერი. კმდს-მ ამ მშენებლობის გამოც გააფრთხილა „ამბასადორი ბათუმი“ და მისი შეჩერება მოითხოვა. შეჩერებულია თუ არა ეს მშენებლობა „ბათუმელებმა“ ვერ გაარკვია – მშენებლობას მაღალი ხობე აქვს გარს შემოვლებული.
უკვე ჩატარებულ სამუშაოებზე ნებართვის მიღების მიზნით ახლა კომპანიამ სააგენტოს შესაბამისი პროექტით უნდა მიმართოს. ამის შემდეგ, პროცედურულად, უკვე ჩატარებული სამუშაოების შესახებ წარდგენილ პროექტს სააგენტოს საბჭო განიხილავს და იმსჯელებს იმაზე, რა სახის ზიანი მიადგა ძეგლს:
„თუ ეს ძეგლის ინტერესებს შეესაბამება, დამატებით არაფერს აღარ მოვთხოვთ. თუ იქ ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე შესაცვლელია, მოვითხოვთ, რომ შეცვალოს“, – განმარტა მირზა ცეცხლაძემ.
ინვესტორი ბათუმის ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე, ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს. კომპანია 2017 წელსაა დაფუძნებული და მისი მესაკუთრეები რუსეთის მოქალაქეები არიან.
7 ივლისს ბათუმში “ბათუმის ლუდის ფესტივალი” გაიმართება.
წლევანდელი ლუდის ფესტივალი საქველმოქმედო იქნება. ფესტივალზე შემოსული თანხა ბათუმელი გვანცა დიასამიძის დასახმარებლად გადაირიცხება.
ლუდის ფესტივალი ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღის 12 საათიდან დაიწყება. ფესტივალზე მისვლა და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
გვანცა დიასამიძის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:
შპს „რივიერამ“, რომელსაც აჭარის მთავრობამ ბათუმის იახტკლუბი [მიმდებარე ტერიტორია] 1 ლარად 20 წლით გადასცა, ქონება განსაკარგავად სხვას – შპს „ბათუმის იახტ კლუბს“ მისცა. იახტკლუბის ტერიტორია „რივიერამ“ 19-წლიანი იჯარით გასცა. ეს კომპანია, ქონების იჯარით აღებამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირეს თბილისში.
შპს „ბათუმის იახტკლუბი“ მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში დააფუძნა შპს „იუ ჯი თი ჯგუფმა“ და კომპანიის დირექტორად შოთა ხეცურიანი დაინიშნა. „იუ ჯი თი ჯგუფს“ ოთხი პარტნიორი ჰყავს, რომელთაგან კომპანიის ყველაზე მეტ წილს – 85%-ს გრიგოლ ჭირაქაძე ფლობს [გრიგოლ ჭირაქაძე ა[ა]იპ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტიცაა]. 5-5%-ს ფლობენ ერმილე სულაძე, გიორგი მაისურაძე და გურამ ხოჯანაშვილი.
დოკუმენტების მიხედვით, პარტნიორთა კრებას, რომელზეც შპს „ბათუმის იახტ კლუბი“ დააფუძნეს, მხოლოდ ერმილე სულაძე ესწრებოდა. ის იყო ასევე გრიგოლ ჭირაქაძის რწმუნებული ამ კრებაზე. პარტნიორთა კრებაზე არ გამოცხადებულან გიორგი მაისურაძე და გურამ ხოჯანაშვილი.
ქვემეიჯარე „რივიერასა“ და ქვემოიჯარე „ბათუმის იახტ კლუბს“ შორის ქვეიჯარის ხელშეკრულება რეესტრში 2018 წლის 28 მაისს დარეგისტრირდა. საბოლოო ვადა 2037 წლის 30 ნოემბერია.
ბათუმის ნავსადგურსა და „ალი და ნინოს“ ქანდაკებას შორის არსებული ტერიტორია [იახტკლუბი], აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ბრძანების საფუძველზე, 20 წლით სარგებლობაში „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „რივიერას“ 1 ლარად 2017 წლის დეკემბერში გადასცეს.
ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიისა და უშუალოდ იახტკლუბის განვითარებას ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდი“ გეგმავს. ამის შესახებ ფონდმა თავად განაცხადა.
საიჯარო პირობით „რივიერა“ ვალდებულია 2018 წლის სექტემბრამდე უზრუნველყოს იახტკლუბის განვითარების პროექტის შემუშავება და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმება. ხელშეკრულების მიხედვით, პროექტი უნდა მოიცავდეს ნავსაყუდელს, იახტკლუბს რესტორნით, პლაჟს, მშრალ დოკს, სახელოსნოს, მცურავი საშუალებების ტიპებს [ნავი, იახტა და ა.შ.], მათ კლასსა და რაოდენობას.
„რივიერა“ ასევე ვალდებულია 2019 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე „მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის სანებართვო პირობით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპის – საძირკვლის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყება“.
ეს კი ის ტერიტორიაა, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფის“ [შპს „რივიერას“] საკუთრებაშია და სადაც კომპანიამ ჯერ „ტრამპ თაუერის“, მოგვიანებით კი „სილქ თაუერის“ აშენება დააანონსა.
„სილქ თაუერის“ მშენებლობას ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული „საპარტნიორო ფონდი“ დააფინანსებს. პროექტი მოიცავს „სილქ თაუერსა“ და „იახტკლუბის“ განვითარებას. ამ თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციაც საპარტნიორო ფონდმა თავად გაავრცელა.
ხვალიდან, ანუ 22 ივნისიდან, სისხლის სამართლის კონკრეტულ მუხლებზე სასჯელის კონკრეტული სახე – იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა ამოქმედდება. სასჯელის ეს სახე მხოლოდ დამატებითი სასჯელის სახით შეიძლება შეეფარდოს ადამიანს ერთიდან ხუთ წლამდე ვადით.
სასჯელის ეს სახე გულისხმობს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების ან გამოყენების შეზღუდვას და აკრძალვას.
22 ივნისიდან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა მოსამართლეებმა შესაძლოა გამოიყენონ შემდეგ დანაშაულებზე: განზრახ მკვლელობა, თვითმკვლელობა, ჯანმრთელობის დაზიანება, ძალადობა, ოჯახში ძალადობა, სქესობრივი ხასიათის დანაშაული, პროსტიტუციაში ჩაბმა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება, იძულება, ქორწინების იძულება, მუქარა, ადევნება, ბინის, ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გამოყენება, შემაკავებელი, ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა.
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის დამატებით სასჯელად დანიშვნისას აუცილებელი არ არის, იარაღი დანაშაულის იყოს ან დანაშაულის ჩასადენად იყოს გამიზნული. ამ უფლების შეზღუდვის შემთხვევაში, ჩამორთმეული იარაღი შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საია-ს იურისტის პაატა დიასამიძის განმარტებით, ცვლილებების მიღების საჭიროება განპირობებულია ოჯახში ძალადობის ფაქტებთან, ოჯახურ დანაშაულებთან ბრძოლის კიდევ მეტად დახვეწის აუცილებლობით, განსაკუთრებით კი, როცა საქმე ეხება ამგვარი დანაშაულის ჩადენას იარაღის გამოყენებით.
”ბოლო წლებში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მიმართვიანობის მაჩვენებელი, რაც ამ დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელზეც აისახა,” – ამბობს პაატა დიასამიძე.
კომპანია „რეკან გრუპ ჯორჯია“, რომელიც ახალი ბულვარის ბოლოში კომპლექს Batumi View-ს, ოთხ მრავალსართულიან კორპუსს აშენებს, შენობების მოცულობის გაზრდაზე ნებართვას ითხოვს. ეს კომპლექსი ზედ პლაჟზე, ველობილიკის გასწვრივ შენდება და მთლიანად კეტავს ზღვისპირა სივრცეს ახალი ბულვარიდან აეროპორტის მიმართულებით. თუ გავითვალისწინებთ ნაპირსამაგრ სამუშაოებს, გამორიცხული არ არის, ახალი ბულვარისა და მისი გაგრძელების დამაკავშირებელი ზღვის პირას აქ მხოლოდ ველობილიკი დარჩეს.
ვინ გასცა პლაჟთან მშენებლობის ნებართვა
აპარტოტელები და სასტუმრო, ბათუმში, ზღვის პირას, სარეკრეაციო ზონაში შენდება. ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის 2015 წლის აპრილის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ამ ზონაში „მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობა დასაშვებ სახეობად იქნეს მიჩნეული“.
გიორგი ერმაკოვმა მშენებლობაც „დასაშვებ სახეობად“ მიიჩნია და, 2016 წლის მარტში, პლაჟთან, 48,5 მეტრი სიმაღლის [15-სართულიანი] შენობების აშენების ნებართვაც გასცა.
ბათუმში, სარეკრეაციო ზონაში დასაშვებია მხოლოდ სასტუმროებისა და სარეკრეაციო-გასართობი ობიექტების მშენებლობა. ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით კი მერიაში გვითხრეს, რომ „კომპანია მაქ სასტუმროს და სასტუმროს ტიპის საცხოვრებელს აშენებს, რაც არ ნიშნავს საცხოვრებელ ბინებს“.
ყოფილი მერი კომპანიის მიერ წარდგენილ პროექტში ცვლილებების შეტანაზეც დათანხმდა 2017 წლის ივნისში, თუმცა, ახალი პროექტით შენობების მოცულება, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, მაშინ არ შეცვლილა.
კომპლექსი Batumi View / მშენებლობა ბათუმის პლაჟთან / ფოტო: თედო ჯორბენაძე/„ბათუმელები“კომპლექსი Batumi View / მაკეტი / წყარო: google map
ვინ გაყიდა მიწის ნაკვეთი პლაჟთან
პლაჟთან 15 000 კვ/მ ტერიტორია, კომპანია „რეკან გრუპ ჯორჯიას“ სასტუმროსა და აპარტოტელების აშენების პირობით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 3 მილიონ აშშ დოლარად 2014 წლის 25 დეკემბერს მიჰყიდა.
ობიექტი 2017 წლის ბოლოს უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში და ნასყიდობის თანხაც ამ დროისთვის კომპანიას სრულად უნდა გადაეხადა. დღეის, 2018 21 ივნისის მდგომარეობით, არც მშენებლობაა დასრულებული და არც თანხაა გადახდილი სრულად.
„რეკან გრუპ ჯორჯიამ“ აღნიშნულ ტერიტორიაზე 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცა უნდა განახორციელოს.
კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „კომპლექსის მშენებლობა 2020 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს [აჭარის] ფინანსთა სამინისტროსთან გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული, ვალდებულებებით და ეს არის მაქსიმალური ვადა, რომელშიც უნდა დასრულდეს მშენებლობა. სხვა შემთხვევაში, სამინისტროს გადავუხდით პირგასამტეხლოს“.
როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, კომპანიას პირგასამტეხლოს გადახდა აჭარის მთავრობამ უკვე აპატია.
2,3 მილიონი ლარი ჯარიმა, რომელიც კომპანიას მთავრობამ აპატია
„ბათუმელების“ მიერ მოძიებული დოკუმენტების მიხედვით, სამინისტრო კომპანიას დღემდე რამდენჯერმე გაურიგდა და ვალდებულებების შესრულების ვადა გაუხანგრძლივა. ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დარიცხული პირგასამტეხლოსაგან კი გაათავისუფლა. ჩვენ, გადავადებაზე, სამინისტროსა და კომპანიას შორის შეთანხმების შვიდი აქტი მოვიძიეთ.
აჭარის მთავრობის განკარგულებისა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანების საფუძველზე [მიმდინარე წლის მაისში] კი „რეკან გრუპ ჯორჯია“ დარიცხული პირგასამტეხლოსგან იმ პირობით გათავისუფლდა, „თუ შესრულებული იქნება ყველა ის ვალდებულება, რაც გათვალისწინებულია ნასყიდობის ხელშეკრულებით“.
ჯარიმის ოდენობა, რომელიც კომპანიას მთავრობამ აპატია და არ გადაახდევინა, 1 283 625 ლარი და 415 473 აშშ დოლარია.
„მიუხედავად რეგიონში არსებული რთული გეოპლიტიკური და ეკონომიკური ვითარებისა, მაქსიმალურად ვცდილობთ სამშენებლო სამუშაოების ციკლის დაცვას განსაზღვრულ ვადებში“, – აღნიშნულია კომპანიის დირექტორის 2017 წლის იანვრის წერილში, რომლის ადრესატი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძეა.
ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლებას კომპანია „რთული გეოპოლიტიკური ვითარების“ გამო ითხოვდა. ამასთან, ითხოვდა მზიდი და არამზიდი კონსტრუქციების დასრულების ვადის გადავადებას 2018 წლის 25 აგვისტომდე.
2017 წლის იანვრისთვის კომპანიას, ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტების მიხედვით, ნასყიდობის თანხიდან [3 მილიონი აშშ დოლარი] გადახდილი ჰქონდა მხოლოდ 1 327 230 ლარი.
რა უნდა აშენებულიყო და რა შენდება
ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, შენობა-ნაგებობის არანაკლებ 7 700 კვ/მ ფართობი დაკავებული უნდა ჰქონდეს სასტუმრო კომპლექსს, 39 000 კვ/მ – აპარტამენტებს, 5 000 კვ/მ – კომერციულ ფართობებს, არანაკლებ 13 400 კვ/მ ფართობი კი დაკავებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 400 ავტომანქანაზე გათვლილ დახურული ტიპის პარკინგს.
მერიის მიერ შეთანხმებული პროექტის მიხედვით, პლაჟთან შენდება ოთხი შენობა, საიდანაც ერთი სასტუმროა, სამი კი საცხოვრებელი. ამ შენობებში 7 435,2 კვ/მ ფართობი უკავია სასტუმროს ნომრებს, 31 403 კვ/მ – ბინებს, 3336,48 კვ/მ – კომერციულ და საზოგადოებრივ ფართობებს, 2 416,42 კვ/მ – აივნებს, 1 562,96 კვ/მ – კაფე-რესტორნებს.
პროექტით, შენობებში იქნება 806 ბინა, 240 სასტუმრო ნომერი, 308 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი მიწის ქვეშ და 92 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი ეზოში.
კომპანიის ვებგვერდზე კი აღნიშნულია, რომ ბათუმში, ზღვის სანაპიროდან 20 მეტრში და აეროპორტიდან 1 კილომეტრში, მრავალფუნქციური კომპლექსი Batumi View შენდება: „სამი საცხოვრებელი კორპუსი, სულ 810 აპარტამენტი. ბლოკ A და C -ში 11 სართული იქნება, ხოლო B ბლოკში სულ 13 სართული იქნება განლაგებული. ყველა ბინას აქვს აივანი.“ ვებ-გვერდის მონაცემებით, ბინები უკვე იყიდება და ამ დროისთვის გაყიდულია არაერთი ბინა.
რაც შეეხება სასტუმროს, ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ სასტუმრო შედგება 13 სართულისაგან, რომელშიც 280 ნომერი განთავსდება. შენობის სახურავზე კი თვითმფრინავის ასაფრენ-დასაჯდომი მოედანი იქნება.
ბინის ფასი
კომპანიის ვებგვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე „ბათუმელებმა“ მშენებარე კომპლექსში საცხოვრებელი ბინების ფასი მოიკითხა. კომპანიაში გვითხრეს, რომ 1კვ/მ ფართობის ფასი [შავი კარკასი] 1 000 აშშ დოლარიდან იწყება:
„გააჩნია სართულს და ხედს. ამ ეტაპზე 1 000 დოლარიანი ბინები მხოლოდ მეორე სართულზე გვაქვს. უკანა ხედით ღირს 1 კვ/მ 1 000 დოლარი, შიდა ხედით – 1 200-1 400 დოლარი და პირდაპირი ზღვის ხედით 1კვ/მ ღირს 1 900 აშშ დოლარი – ეს მეორე-მესამე სართულებზე. შემდეგ სართულებზე უკვე იზრდება ფასები. შავ კარკასში იგულისხმება, რომ შესასვლელი კარი დამონტაჟებულია, აივანი მოპირკეთებულია პროექტის შესაბამისად, კომუნიკაციები მიყვანილია საცხოვრებელ ფართობამდე. შიდა გადატიხვრები და ა.შ. თქვენ, ან შეგიძლიათ, ჩვენი კომპანიის საშუალებითაც გააკეთოთ.“
კომპანიაში გვითხრეს, რომ ერთ წელში დასრულდება ბინების მშენებლობა და თუ კომპლექსი დროულად [2020 წლის აგვისტო] არ დასრულდა, ბინის მყიდველსაც გადაუხდიან პირგასამტეხლოს.
კომპლექსი Batumi View / მშენებლობა ბათუმის პლაჟთან / ფოტო: თედო ჯორბენაძე/„ბათუმელები“კომპლექსი Batumi View / მაკეტი / წყარო: google map
ბათუმის მერის უარი პროექტში ცვლილებაზე
„რეკან გრუპ ჯორჯიამ“, რომელიც მშენებარე კორპუსებში ბინებს უკვე ყიდის, მიმდინარე წლის 2 აპრილს, ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართა განცხადებით, რათა მერიას შეეთანხმებინა „სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსის პროექტში ცვლილებები“.
კომპანიას ბათუმის მერმა ცვლილებების შეთანხმებაზე ამჯერად უარი უთხრა.
„განმცხადებლის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება, რადგანაც წარმოდგენილი სახით გეგმარებითი, მოცულობითი და ვიზუალური ცვლილების შეთანხმება ბათუმის მერიისთვის მიუღებელია“, – აღნიშნულია ლაშა კომახიძის 2018 წლის 13 აპრილის ბრძანებაში.
ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კომპანია ითხოვდა აივნების დამატებას და ერთ-ერთი კორპუსის მოცულობის შეცვლას, თუმცა არა სიმაღლეში გაზრდას, მაგრამ მიუღებელი იყო, ვინაიდან ფასადის ჩაკეტვა ხდებოდა და არ იყო შესაბამისობაში ნასყიდობის ხელშეკრულების პირობებთან: „მოკლედ რომ ვთქვათ, უფრო საცხოვრებელი სახლის ტიპის ფასადი უნდოდათ აივნებით და ასევე, კონდეციონერების სისტემის განთავსების საშუალება რომ ყოფილიყო. პროექტში კი ჩადებულია გათბობა-გაგრილების ცენტრალური სისტემები და ა.შ.“
„რეკან გრუპ ჯორჯია“
„რეკან გრუპ ჯორჯია“ 2014 წლის 22 დეკემბერს დაარეგისტრიტრეს. აქედან სამ დღეში კი ჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მასთან ნასყიდობის ხელშეკრულება [პლაჟთან მიწის ნაკვეთის გადაცემაზე] გააფორმა.
ეს კომპანია საქართველოში თურქეთის მოქალაქემ დააფუძნა. დღეს კი „რეკან გრუპ ჯორჯიას“ წილებს ერაყის სამი მოქალაქე იყოფს [25-25 და 50%], რომელთაგან ერთ-ერთი, 25% წილის მფლობელი, ამავე კომპანიის დირექტორიცაა.
„საინვესტიციო კომპანია „შ.პ.ს რეკან გრუპ ჯორჯიას” ისტორია საქართველოს ტერიტორიაზე 2014 წლიდან იწყება. კომპანია ბრენდირებული ქსელის Rekan Group-ის და Hawkary Group-ის მფლობელობაშია და მათ ძირითად საქმიანობას საცხოვრებელი კომპლექსების და სავაჭრო ობიექტების მშენებლობა წარმოადგენს“, – აღნიშნულია კომპანიის ვებგვერდზე.
ყოფილი ხელისუფლების დროს
ნაკვეთი პლაჟთან, სადაც დღეს „რეკან გრუპ ჯორჯია“ სასტუმროსა და აპარტოტელებს აშენებს, ჯერ კიდევ 2011 წლის 20 დეკემბერს, მიჰყიდეს [სხვა ორ ნაკვეთთან ერთად] შპს „სისთემ ინშაათ“-ს.
14 443 კვ/მ ფართობზე „სისთემ ინშაათს“ 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი უნდა აეშენებინა 150 ნომრით.
მოგვიანებით კომპანიას მიწის ნაკვეთები დაუმატეს და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და „სისთემ ინშაათი“ 2012 წლის მარტში შეთანხმდნენ, რომ აქ კომპანია უკვე 200 ნომრიან 5-ვარსკვლავიან სასტუმროს ააშენებდა.
ყოფილი მინისტრის, ვაჟა ბოლქვაძის 2012 წლის აგვისტოს ბრძანებაში კი აღნიშნულია:
„სამინისტროში წარდგენილი იქნა „სისთემ ინშაათ“-ის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ დაკვეთილი იქნა 5-ვარსკვლავიანი 200-ნომრიანი, 40-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის პროექტი, თუმცა მშენებლობის ნებართვის პროცესში გაირკვა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შეუძლებელი იყო მსგავსი პროექტის განხორციელება, ვინაიდან სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ წერილით ირკვევა, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს აეროპორტის ასაფრენი ბილიკის სიახლოვეს და აღნიშნულ ტერიტორიაზე შეუძლებელია 45 მეტრზე მეტი შენობის აშენება. შესაბამისად [ბათუმის] მერის 2012 წლის 12 ივლისის ბრძანებით უარი ეთქვათ პროექტის შეთანხმებაზე“.
კომპანიამ, შესაბამისად, უარი თქვა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
სამინისტრო და „სისთემ ინშაათი“ 2012 წლის 10 აგვისტოს შეთანხმდნენ, რომ კომპანია უკან დააბრუნებდა მასზე გადაცემულ მიწის ნაკვეთებს, სამინისტრო კი კომპანიას უკან დაუბრუნებდა მის მიერ გადახდილ ნასყიდობის თანხას – 2 741 401 ლარს.
კომპლექსი Batumi View / მშენებლობა ბათუმის პლაჟთან / ფოტო: თედო ჯორბენაძე/„ბათუმელები“კომპლექსი Batumi View / მაკეტი / წყარო: google map
გემოვნებიანი, მოსახერხებელი და ხარისხიანი ავეჯი თქვენი ბინის იერსახის განმსაზღვრელი მთავარი ატრიბუტია. თუ უკვე დაასრულეთ რემონტი და სრული კომფორტისთვის ავეჯის ყიდვაღა გაკლიათ, ან უბრალოდ ძველი ავეჯის ახლით ჩანაცვლება გსურთ, დიდხანს ფიქრი არ მოგიწევთ. ავეჯის შესაძენად ჩვენ „მანპას“ ფირმის პროდუქციას გირჩევთ.
ბათუმში „მანპას“ დიდი, საბითუმო ცენტრი ფუნქციონირებს.
„მანპა“ ავეჯის ქართული კომპანიაა, რომელსაც საკუთარი ქარხანა აქვს. შესაბამისად, დამზადებისას ისინი თავად აკონტროლებენ ხარისხს და ნებისმიერი ავეჯის შეძენისას მყიდველს ორწლიან გარანტიას სთავაზობენ, რაც მეორადი ავეჯის ყიდვის შემთხვევაში შეუძლებელია. „მანპაში“ მეორად ავეჯზე დაბალ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი ნივთი. დივნის ფასი აქ 320 ლარიდან იწყება, კუთხის დივნისა კი – 750 ლარიდან.
„მანპა“ უკვე 18 წელია არსებობს
სავარძლები, დივნები, ტელევიზორის დგამები, პუფები და დაწნული ავეჯი, საჟურნალე თუ ჩვეულებრივი მაგიდები, საწოლები და კარადები – აქ ყველაფერია, რაც საძინებლისა და მისაღები ოთახების კომფორტულ სივრცედ ქცევისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ.
თუ აქამდე ფიქრობდით, რომ მხოლოდ ვიზუალური ეფექტია საკმარისი ავეჯის შესარჩევად, ამ წარმოდგენას „მანპაში“ აუცილებლად გაგიფანტავენ. აქ აგიხსნიან გარდა დახვეწილი დიზაინისა, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება ავეჯის შერჩევისას: უმჯობესია, მაგალითად, თუ დეესპეს ნაცვლად რბილი ავეჯის შიგთავსი ფანერისა იქნება. ნებისმიერი ავეჯის შეძენისას ასევე აუცილებლად უნდა იკითხოთ, რამდენად სქელკედლიანია ავეჯის რკინის კონსტრუქციები.
შეგიძლიათ სასურველი სამზარეულოს დაკვეთაც
რბილი ავეჯის შერჩევისას დიდი მნიშვნელობა აქვს ზედაპირს. საუკეთესო მასალად დღესდღეობით ნუბუკი მიიჩნევა: ეს არის სამშრიანი, ხალიჩასავით გამძლე, ტყავისა და ხავერდის ნარევის მსგავსი მასალა, რომელიც ადვილად იწმინდება, მარტივად არ იწვის და სუნთქავს.
გარდა ნუბუკისა, „მანპაში“ შეგიძლიათ ხავერდის, ტილოსა და ე.წ. კრეკის ზედაპირიანი მაღალხარისხიანი რბილი ავეჯის შეძენა.
თუ სასურველი ფორმის ავეჯს მაინც ვერ იპოვით, ფოტოს ან ნახატის მიხედვით კომპანიის ქარხანაში ორ კვირაში დაამზადებენ შეკვეთას, ადგილზე მიტანით.
„მანპაში“ უამრავი სხვადასხვა სტილისა და გემოვნების რამ შეგიძლიათ შეიძინოთ. მრავალფეროვანი არჩევანის მიუხედავად, თუ სასურველი ფორმის ავეჯს მაინც ვერ იპოვით, ფოტოს ან ნახატის მიხედვით კომპანიის ქარხანაში ორ კვირაში დაამზადებენ შეკვეთას, ადგილზე მიტანით.
„მანპა“ უკვე 18 წელია არსებობს, კომპანიაში დაახლოებით 50 ადამიანია დასაქმებული. ავეჯის მწარმოებელი კომპანია რამდენიმე მაღაზიას ფლობს თბილისში, ბათუმში, ქობულეთში, ზუგდიდსა და ფოთში.
ბათუმში „მანპას“ დიდი, საბითუმო ცენტრი ფუნქციონირებს, საიდანაც დაბალი ფასების გამო საქართველოს ყველა რეგიონიდან მიაქვთ ავეჯი მაღაზიებს.
შემთხვევითი არ არის, რომ „მანპა“ უკვე რამდენიმე წელია პირველ ადგილს იკავებს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ეგიდით გამართულ ყოველწლიურ კონკურსში, რომელშიც ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანიები მონაწილეობენ.
„მანპას“ პროდუქციის შეძენა ხარისხის, გარანტიისა და კომფორტის გარდა, ეროვნული ბიზნესის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია.
ბათუმში, გორგილაძის ქუჩა N1-ში, ახლახან სრულიად ახლებური, ევროპული საცხობი გაიხსნა, სადაც ერთდროულად შეგიძლიათ დააგემოვნოთ პროფესიონალების მიერ დამზადებული, ნამდვილი კრუასანი, ფრანგული ხრაშუნა პური, სხვადასხვა სახის სალათები, აჭარული და ნებისმიერი სხვა სახის ხაჭაპური. უგემრიელესი, ჯანსაღი პროდუქტით მომზადებული სენდვიჩები და ქვის ღუმელში, წიფლის შეშაზე დამზადებული უამრავი სხვა პროდუქტი.
უგემრიელესი, ჯანსაღი პროდუქტით მომზადებული სენდვიჩები ქვის ღუმელში, წიფლის შეშაზეა დამზადებული.
რატომ „ლევილი“?
კაფეს მფლობელებმა გადაწყვიტეს, ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის თანაბრად საინტერესო ახალი სივრცის გახსნა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისთვის დაეკავშირებინათ. პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელთა მამული საფრანგეთში – ლევილი ამიტომაც იქცა კაფეს სახელწოდებად. ეს ადგილი ქართულ-ევროპული ურთიერთობების სიმბოლოა და ბათუმში, საქართველოს ყველაზე ევროპულ ქალაქში, ლოგიკურია არსებობდეს მყუდრო, გემრიელი, ხარისხიანი და დასამახსოვრებელი სივრცე, სახელად „ლევილი“.
უგემრიელესი, ჯანსაღი პროდუქტით მომზადებული სენდვიჩები ქვის ღუმელში, წიფლის შეშაზეა დამზადებული.
მიირთმევთ იმას, რასაც თქვენს თვალწინ ამზადებენ
საგანგებოდ განათებულ, უზარმაზარ ქვის ღუმელში წიფლის შეშით აცხობენ: აჭარულ ხაჭაპურს, ლობიანს, კუბდარს და პიცას. ეს ყველაფერი თქვენს თვალწინ მზადდება, ხედავთ როგორ ზელს, ფორმებს აძლევს და მერე ბუხრიდან გამოაქვს დაბრაწული ხაჭაპური თუ კუბდარი.
რა უხდება ყველაზე ძალიან აჭარულ ხაჭაპურს? რა თქმა უნდა, „ლაღიძის წყლები“. „ლევილი“ „ლაღიძის წყლების“ ერთადერთი პარტნიორია ბათუმში და ჩვენთანაც გაჩნდა ადგილი, სადაც ნამდვილი „ლაღიძის წყლებით“ ისიამოვნებთ.
რა უხდება ყველაზე ძალიან აჭარულ ხაჭაპურს?
თავად დაამზადეთ აჭარული ხაჭაპური და ისწავლეთ ღვინის ამოცნობა
Leuville რომ ჩვეულებრივი საცხობი არ არის, ამას ისიც მოწმობს, რომ აქ არამხოლოდ უგემრიელეს ცომეულს დააგემოვნებთ, არამედ თავადაც მიიღებთ ცხობის პროცესში მონაწილეობას. „ლევილის“ აჭარული ხაჭაპურის გაკვეთილები საშუალებას გაძლევთ, დახელოვნდეთ ხაჭაპურის ცხობაში და სახლშიც ისევე გემრიელად დაამზადოთ ეს საოცარი კერძი, როგორც „ლევილში“ ამზადებენ.
აქ მოსულ სტუმრებს შეუძლიათ „ლევილის“ ღვინის ტურზე ჩაეწერონ, სომელიები სტუმრებს მოუყვებიან უძველეს ქართულ ქვევრის ღვინოებზე. სხვადასხვა სინჯების საშუალებით შეძლებთ შეარჩიოთ თქვენი ფავორიტი ღვინო. ტურის მსვლელობისას დააგემოვნებთ 4 სხვადასხვა სახის ღვინოს და თქვენითვე გამოცდით რამდენად სწორად აღითქვამთ მათ.
„ლევილის“ გუნდი
სიმყუდროვე, ევროპული ხარისხი, უგემრიელესი, ადგილზე დამზადებული პროდუქცია, მეგობრებთან ერთად თავისუფალი დროის გასატარებელი საუკეთესო ადგილი – ეს არის ის მთავარი ღირსებები, რაც ლევილს ბათუმის სხვა საცხობებისგან გამოარჩევს.
აქ ფრანგული ვიტრაჟებით გაფერადებული გარემო, მუდმივად საუცხოო სურნელი და ოჯახური სიმყუდროვე დაგხვდებათ.
„ლევილი“ არის ადგილი, რომელიც ბათუმელებისა და ქალაქში ჩამოსული ტურისტებისთვის სულ მალე იქცევა ყველაზე საყვარელ ადგილად, სადაც ერთმანეთს ქართული და ევროპული კულტურა ერწყმის.
მიწის გამარტივებული რეგისტრაცია შესაძლოა მომავალი წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდეს. კანონში ცვლილების შეტანის ინიციატივით იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტს უკვე მიმართა.
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა 2016 წლის პირველ აგვისტოს ამოქმედდა, რაც მიწის გამარტივებული ფორმით რეგისტრაციას გულისხმობს. იმდროინდელი ცვლილებით, პროგრამა 2018 წლის პირველ ივლისს უნდა დასრულდეს.
მიწის რეგისტრაცის გამარტივებული ფორმის მიხედვით, საჯარო რეესტრი რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილეა და დოკუმენტების, მათ შორის, საარქივო დოკუმენტაციის, მოძიებაში მოქალაქეს საჯარო რეესტრი ეხმარება.
ამ პროგრამის ფარგლებში ასევე გაიზარდა იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალიც, რომლის საფუძველზეც მიწის რეგისტრაციაა შესაძლებელი. დღევანდელი მდგომარეობით, ქონების რეგისტრაციაზე უარის მიზეზი მხოლოდ დოკუმენტებში არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობაა. უმნიშვნელო ხარვეზი − მფლობელის სახელის, გვარის შეუსაბამობა, უზუსტობა ასოებში, არასწორი დაწერილობა და სხვა − აღარ არის მიწის რეგისტრაციის ხელშემშლელი, თუ პიროვნების სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მაგალითად, პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და ა. შ.) ერთმანეთს შეესაბამება. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებისათვის.
მიწის რეგისტრაციის არსებული მოდელის მიხედვით, სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაშიც ეხმარება. მედიატორების, მათ შორის, სანოტარო მედიაციის, მეშვეობით, სახელმწიფო მოქალაქეებს საკუთრებაზე წარმოქმნილი დავების მარტივად, სასამართლო დავის გარეშე, მოგვარებაში ეხმარება.
გარდა ამისა, შემუშავდა საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი.
14 ივნისს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სადახლო-საავტომობილო“ და ,,ბათუმის აეროპორტი“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა.
გარდა ამისა, 18 ივნისს საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, მექსიკის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველობის მედიკამენტი ოქსიკოდონი (OXYCODONE HCL 30 აბი) აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
„აქციები ისევ მიდის მთავრობის გადადგომის მოთხოვნამდე და არა კონკრეტული პრობლემის მოგვარებამდე,“ – ასე ახასიათებს ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების ტენდენციას პოლიტოლოგი ლევან კახიშვილი. პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსს ვკითხეთ, რა ჩანს ამ საპროტესტო აქციებიდან, რამდენად შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება და ხელისუფლების რეაგირება, რატომ ითხოვს საზოგადოება აქციის აპოლიტიკურობას.
ბატონო ლევან, ბოლო დროს ყველაზე ხალხმრავალი აქცია დავით სარალიძის მკვლელობას უკავშირდებოდა. რა აჩვენა თქვენთვის ამ აქციებმა პოლიტიკური, ასევე საზოგადოებრივი აქტიურობის კუთხით?
პირველ რიგში, აჩვენა ის, რომ საკმაოდ სწრაფად არის შესაძლებელი საზოგადოებრივი აზრის მობილიზება. ეს კარგია იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოებას შეუძლია საკუთარი პროტესტის გამოხატვა მობილიზებულად.
რაც შეეხება პოლიტიკურ აქტივობას, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია მომართულია იმისკენ, რომ საზოგადოებაში არსებული პროტესტი გამოიყენოს და პოლიტიკური თვალსაზრისით დაწინაურდეს. შესაბამისად, არ უნდა ველოდოთ, რომ პოლიტიკური პარტიები საზოგადოებრივი პროტესტისგან განზე გადგებიან და ამაში არ ჩაერთვებიან, ეს ცუდიც კი იქნებოდა პოლიტიკური აქტივობის თვალსაზრისით.
მეორე საკითხია, რამდენად არის ნდობა პოლიტიკური პარტიების მიმართ ზოგადად და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ისმოდა განცხადებები, რომ ამ პარტიას არ აქვს უფლება ასეთ პროტესტში მიიღოს მონაწილეობა, რადგან ესაა თემა, რის გამოც ენმ-მ ხელისუფლება დაკარგა. მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა ბოლომდე ლოგიკური არ არის. თუკი პოლიტიკურ პარტიას აქვს გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, ეს უნდა გამოიყენოს საზოგადოებამ. უნდობლობის დაძლევის კუთხით, პირველ რიგში, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იმუშაონ.
ამ საპროტესტო აქციას ბათუმში რამდენიმე ორგანიზატორიც კი გაემიჯნა იმ მოტივით, რომ ტრიბუნაზე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები გამოვიდნენ.
ეს აჩვენებს იმას, რომ არსებობს ნდობის პრობლემა, რაზეც აუცილებლად უნდა იმუშაონ პოლიტიკოსებმა. ჩვენ, საზოგადოებამ კი უნდა გავაცნობიეროთ, რომ აპოლიტიკური აქცია არ არსებობს. შესაძლოა, არსებობდეს პოლიტიკური პარტიებისგან დაცლილი აქცია, მაგრამ აქცია, რომლის მიზანიც არის კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენა, ვერ იქნება აპოლიტიკური.
თუკი აქციის მიზანი მხოლოდ მთავრობის გადადგომა იქნება, რა გამოვა, დაინიშნება არჩევნები და არ იქნება პოლიტიკური ძალა, ვისი მოსვლაც გვინდა ხელისუფლებაში. საზოგადოებამ არ უნდა მისცეს საკუთარი პროტესტის გამოყენების უფლება რომელიმე პოლიტიკურ ძალას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე აქცია უნდა იყოს აპოლიტიკური.
თქვენი დაკვირვებით რა შეიცვალა საპროტესტო აქციების კუთხით ბოლო წლებში?
პირველი, რა დასკვნის გაკეთებაც შემიძლია არის ის, რომ ქართული საზოგადოება ამ ეტაპზე მეტად მობილიზებულია კონკრეტულ საკითხებზე და გამოდის ქუჩაში, თუ ეს პროტესტი გააჩნია. მეორე არის ის, რომ, ფაქტობრივად, ყველა დემონსტრაცია გადაიზარდა მთავრობის გადადგომის მოთხოვნაში. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გამოვედით ამ მდგომარეობიდან და ყველა პრობლემის მოგვარებას ვხედავთ მთავრობის გადადგომაში. ეს ასე არ უნდა იყოს, რადგან მთავრობის გადადგომა არ არის მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა ის კი არ არის, ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას, პრობლემაა, როგორ ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება. თუკი პრობლემაა, მაგალითად, სასამართლოს დამოუკიდებლობა, აქციის აქტივმა უნდა იფიქროს სწორედ იმაზე, თუ როგორ გახდეს სასამართლო ხელისუფლება უფრო დამოუკიდებელი და არა ის, რომ პრემიერი გადადგეს.
აქციის მიზანი უნდა იყოს პრობლემის მოგვარება და არა კონკრეტული თანამდებობის პირის გადაყენება. თანამდებობიდან წასვლა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია და ეს ყოველთვის არის შესაძლებელი, როცა საზოგადოების მხრიდან ზეწოლა არსებობს.
აქციამ „ნუ მომკლავ“ ხომ არ აჩვენა, რომ საზოგადოება ყველაზე მგრძნობიარეა უსამართლობასთან, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე?
კი, ქართული საზოგადოება ნამდვილად ყველაზე მგრძნობიარეა უსამართლობის მიმართ, ასევე როცა საქმე პიროვნების თავისუფლების შეზღუდვას ეხება. იგივე ახალგაზრდების საპროტესტო აქციები კლუბ „ბასიანთან“ ამას ადასტურებს. უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ყველას, ან როცა სამართალდამცავი საკუთარ უფლებამოსილებას ამეტებს, ყოველთვის იწვევს ფართომასშტაბიან პროტესტს.
რატომ ვერ იმართება ხალხმრავალი აქციები სხვა კონკრეტული ჯგუფების მხარდასაჭერად, მაგალითად, მაღაროელების, ან მშენებლების, რომლებიც პერიოდულად ვარდებიან დაუცველი მშენებლობებიდან და კვდებიან.
პირველ რიგში, შეიცვალა დამოკიდებულება იმ კუთხით, რომ შესაძლოა აქცია ხალხმრავალი აღარ იყოს და გაიმართოს რომელიმე კონკრეტულ პრობლემაზე. ფაქტი ისაა, რომ ჯერ კიდევ გვაკლია სოლიდარობა და თანაგრძნობა, რადგან თუკი ჩემი ძმა მაღაროელი არ არის და ყოველდღე არ ვუყურებ უშუალოდ ამ პრობლემას, მაშინ საპროტესტო აქციაზე არ გავდივარ. ხალხმრავალი აქცია იმართება იმ შემთხვევაში, როცა ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ ეს პრობლემა მათაც შეიძლება შეეხოთ.
ნარკოდანაშაულის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული აქციებიც გამოირჩევა სიმრავლით.
ამას განაპირობებს ახალგაზრდების მობილიზება. ჩვენ მივიღეთ კიდეც ამ საკითხზე ორიენტირებული სოციალური მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ სახით. ზოგადად, ახალგაზრდები უფრო მარტივად ახერხებენ აქციის მობილიზებას, რადგან მათი 71 პროცენტი იყენებს ინტერნეტს ყოველდღიურად და, შესაბამისად, არის სოციალურ ქსელში. ამ გზით იოლია მასობრივი საპროტეტსო აქციის მობილიზება. რაც უფრო მაღალია ადამიანის ასაკი საქართველოში, მით უფრო დაბალია ინტერნეტის გამოყენების შემთხვევები. იგივე სარალიძის შემთხვევაში, პირველი საპროტესტო აქციები ახალგაზრდებმა დაგეგმეს – „ნუ მომკლავ“, რასაც მალევე მოჰყვა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან წასვლა.
საზოგადოებრივი პროტესტი ანგარიშგასაწევი რა შემთხვევაში ხდება?
ძირითადად, ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გვესმის პოლიტიკა, სამოქალაქო აქტივიზმი და რამდენად ინფორმირებული ვართ იმასთან დაკავშირებით, თუ რის შეცვლა გვინდა და როგორ მოვახდინოთ საკუთარი ინტერესების ადვოკატირება, როგორ უნდა მოვახდინოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენა. ჩვენთან აქციების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ცოდნის ნაკლებობა კონკრეტულად პრობლემის მოსაგვარებლად. ამას სჭირდება ანალიზი, კვლევა, რასაც უნდა აკეთებდნენ სამოქალაქო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები. ისინი უნდა სთავაზობდნენ საზოგადოებას კონკრეტულ ხედვას. სამწუხაროდ, ასე საათივით აწყობილი საზოგადოება ჯერ ჩვენ არ გვაქვს.
საპროტესტო აქციები რამდენად ტოვებს განცდას, რომ მოქალაქეები რეალურად ცვლიან პოლიტიკას?
ამ განცდას უნდა ტოვებდეს, პირველ რიგში, ხელისუფლების რეაქცია აქციებთან მიმართებაში, როგორ რეაგირებს იგი ამ ყველაფერზე. კლუბების აქციაზე გვქონდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბოდიში, თუმცა ვფიქრობ, მან კარგად ვერ დააფასა ახალგაზრდების ძალა და დაუშვა შეცდომა შემდგომ გადაწყვეტილებებში. მეორე მნიშვნელოვანი აქცია იყო სარალიძის შემთხვევა. აქ მთავარი პროკურორი გადადგა. ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოებას გაუჩნდა შეგრძნება, რომ აქცია მნიშვნელოვანია.
ეს არის ხელისუფლების ერთგვარი ტაქტიკა, ამიტომაც ვამბობ, რომ აქცია ორიენტირებული უნდა იყოს პრობლემის მოგვარებაზე და არა ვინმეს გადადგომაზე. თუკი, მაგალითად, ვითხოვთ სამართლიან გამოძიებას, ეს მოთხოვნა ისევ უნდა იყოს აქტუალური დღეს და ამისთვის არაა საჭირო მუდმივად ქუჩაში ვიდგეთ…
მოქალაქეებს დღეს აღარ აქვთ განცდა, რომ მათ დაარბევენ, დაშლიან, ამ მეთოდს აღარ იყენებს ხელისუფლება… დღეს სამოქალაქო ორგანიზაციების აქტიურობაზეა ბევრი რამ დამოკიდებული, ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებზე, ხელისუფლებაზეც, რომ რეალურად მოგვარდეს პრობლემები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად ვიტრიალებთ ჯადოსნურ წრეზე: პროტესტი – გადადგომა, პროტესტი – გადადგომა.
—————————————-
ლევან კახიშვილის შესახებ:
ლევან კახიშვილი არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი და მოწვეული ლექტორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. მას აქვს ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მაგისტრი რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების მიმართულებით.
ლევან კახიშვილის კვლევები ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა დემოკრატიზაცია საქართველოში, პარტიული პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ურთიერთობები რუსეთთან და ეთნიკური უმცირესობები საქართველოში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის დადგომასთან ერთად რეკომენდაციებს ავრცელებს, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ზაფხულის სიცხისგან.
ვინ იმყოფება ყველაზე მეტად რისკის ქვეშ?
მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენენ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან:
75 წლისა და ზემო ასაკის ხანდაზმულები
ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები
ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულისა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები
გადაადგილების პრობლემის (მაგ. პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები
ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის მქონე პირები
გარკვეულ პრეპარატებზე მყოფი პირები, მ.შ. პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის გამოყოფასა და ტემპერატურის კონტროლზე
ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები
ფიზიკურად აქტიური პირები (მაგ. მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში ჩართული პირები, სპორტსმენები)
როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს:
შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32 გრადუსს, ხოლო ღამით – 24 გრადუსს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელსგადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.
ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).
დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება.
მზის მხარეს ჩამოაფარეთ ფარდები, ჟალუზები, დარაბები.
ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.
თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია.
ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 35 გრადუსს.
მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.
მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა.
ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე.
იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან.
მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.
საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.
სახიფათო სიმპტომები
თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხეულის ტემპერატურა.
მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი.
თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება.
თუ ვინმემ თავი შეუძლოდ იგრძნო, მოსასვენებლად გადაიყვანეთ გრილ ადგილას, მიეცით დიდი რაოდენობით სითხე.
მიმართეთ ექიმს, თუ პიროვნებას აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა ან კრუნჩხვები.
თუ შეამჩნევთ, რომ ოჯახის რომელიმე წევრი, ან ნებისმიერი ადამიანი, რომ ცხელია, კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, კრუნჩხვები აქვს ან დაკარგა გონება, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 25-30 გრადუსი ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონება დაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე.
თუ გაქვთ ქრონიკული დაავადების დიაგნოზი ან იღებთ ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტს, მათი დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
როგორ დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხისაგან
ძლიერმა სიცხემ ბავშვებში შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები. რამდენადაც შესაძლებელია მაქსიმალურად დაიცავით თქვენი ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე დაუკავშირდით ექიმს. ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა.
დაუკავშირდით ბავშვის ექიმს მაშინვე, როცა რომელიმე ქვემოთ არსებულ სიმპტომს შენიშნავთ:
სისუსტე
ძლიერი დაღლილობა
თავის ტკივილი
ცხელება
ინტენსიური წყურვილი
შარდის შეკავება
გულის რევა
ღებინება
ჩვეულებრივზე სწრაფი და ღრმა სუნთქვა
დაბუჟება
კუნთების ტკივილი
კუნთების სპაზმი
ქცევის ცვლილებები (ძილიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა)
გაატარეთ რამდენიმე საათი თქვენს შვილთან ერთად გრილ ადგილზე. ეს შეიძლება იყოს ხის ჩრდილი, საცურაო აუზი, შადრევანი ან კონდიცირებადი ადგილები – სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები ან საჯარო ბიბლიოთეკა
აბანავეთ ბავშვი გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად (გამოცოცხლებულად). ყოველთვის ადევნეთ მას თვალყური აბაზანაში.
თუ იყენებთ ვენტილატორს, დადგით იგი უსაფრთხო მანძილზე ბავშვისგან და აკონტროლეთ ჰაერის ნაკადის მიმართულება
არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ. გრილი ტემპერატურის დროსაც კი მანქანაში შეიძლება ტემპერატურამ სწრაფად მოიმატოს. ღია ფანჯარის შემთხვევაშიც კი, 10 წუთში ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს 6 გრადუსით. მანქანაში დატოვებული ბავშვი/უფროსი არის როგორც სითბური დაავადებების განვითარების, ასევე სიკვდილის დადგომის რისკის ქვეშ.
თუ შეამჩნიეთ, რომელიმე სიმპტომი ძლიერი სიცხის დროს, სასწრაფოდ გადაიყვანეთ ბავშვი გრილ ადგილას და მიეცით მას დიდი რაოდენობით სითხე, ხოლო თუ თქვენ ძუძუთი კვებავთ მას, მაშინ რძე საკმარისად არის ჰიდრატირებული და დამატებითი სითხის მიცემა არ არის საჭირო. თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ თქვენც უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, რათა გქონდეთ საკმარისი რძე ბავშვის გამოსაკვებად.
ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულსისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.
არ დაგავიწყდეთ თქვენი ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობაც. სახლში ჩაკეტვით ბავშვები შეიძლება გახდნენ ნერვიულები და მოუსვენრები. ამიტომ წინასწარ დაგეგმეთ სახლში გასართობი აქტივობები და თამაშები, რაც შეზღუდავს მათ მიერ ტელევიზორთან გატარებულ დროს.
რა უნდა გავითვალისწინოთ კვებისას
ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევები. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დიარეული დაავადების შემთხვევათა 50%-ზე მეტი ზაფხულობით რეგისტრირდება, რაც დაკავშირებულია გარემოში მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან.
ქვეყანაში რეგისტრირებულ შემთხვევათა უდიდესი წილი (60-65%) მოდის ბავშვთა ასაკზე, რაც შეიძლება აიხსნას არა მარტო ამ ასაკში დაავადების მაღალი მიმღებლობით, არამედ მოზრდილი ასაკის ავადმყოფთა შორის ფართოდ გავრცელებული თვითმკურნალობის პრაქტიკით.
წყლითა და საკვებით გამცემი დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, გახსოვდეთ:
წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას, წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად;
არ გამოიყენოთ სასმელად წყალი ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში დარწმუნებული არ ხართ, ანადუღარი წყალი უსაფრთხოა მომდევნო 24 საათის განმავლობაში;
სასურველია წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრების გამოყენება, უსაფრთხოა ცენტრალიზებული წყალსადენის წყალი, რომელიც იფილტრება და დეზინფიცირდება;
გამოიყენეთ სუფთა სასმელი წყალი: ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად, საკვების მოსამზადებლად, სასმელების დასამზადებლად, ყინულის მოსამზადებლად, ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის გასარეცხად, ხელების დასაბანად.
მოხმარების წინ ცხოველური წარმოშობის საკვები, განსაკუთრებით ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი ძალიან კარგად უნდა დამუშავდეს თერმულად (შეიწვას ან მოიხარშოს);
მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს;
მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მაცივარში ცალკე უნდა შეინახოთ უმი და თერმულად დამუშავებული პროდუქტი. უმი პროდუქტი შეფუთული, ხოლო თერმულად დამუშავებული პროდუქტი – თავდახურულ ჭურჭელში;
უმი და მოხარშული პროდუქტის დასამუშავებლად იქონიეთ ცალ-ცალკე დაფები;
არ მიიღოთ უმი, ნახევრად მოხარშული ან შემწვარი კვერცხი, აგრეთვე გოგლიმოგლი ან სახლში დამზადებული ნაყინი;
საკვებად არ გამოიყენოთ ჭუჭყიანი ან გაბზარული კვერცხები;
არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები;
სალათები უნდა შეიკაზმოს მაიონეზით ან არაჟნით უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ;
მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე, სანდო ხარისხის წყლით, სასურველია ხილი მიიღოთ საღი, ახლად გაფცქვნილი;
სასურველია ზაფხულის პერიოდში უარი თქვათ მოხარშული და ათქვეფილი ნაღებით მომზადებული ტორტების და კრემიანი ნამცხვრების მოხმარებაზე, ან/და მათი მომზადებისას გამოიყენოთ მხოლოდ დაუზიანებელი, სუფთა ნაჭუჭიანი კვერცხი და ისეთი პროდუქტები, რომელთა შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადები დაცულია;
დაუშვებელია დიარეის (ფაღარათის) მქონე პირების მონაწილეობა საკვების მომზადებაში, ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფების, მოხუცებისა და ბავშვების მოვლაში;
დაავადებათა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე აუცილებელია მიმართოთ ექიმს;
ექიმის მოსვლამდე თავი შეიკავეთ საკვებისა და ანტიბაქტერიული წამლების მიღებისგან. აუცილებელია ავადმყოფს დაალევინოთ ე.წ. ორალური სარეჰიდრატაციო საშუალებები (რეჰიდრონი ან მისი ანალოგები) ან ანადუღარი წყალი ან სუსტი ჩაი, რადგან ღებინებისა და ფაღარათისგან ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს;
დაუშვებელია თვითმკურნალობა, არასწორად ჩატარებული მკურნალობა ხელს უწყობს ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბებას.